ძებნის რეზულტატი:
თურქეთს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ხვალ, 31 აგვისტოს ეწვევა
თურქეთს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს ხვალ, 31 აგვისტოს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში ჩადის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლავროვი და ჰაკან ფიდანი განიხილავენ „რეგიონში არსებულ ვითარებას, განსაკუთრებით კი, უკრაინაში, სირიაში, ლიბიაში, ამიერკავკასიაში“ მიმდინარე მოვლენებს. ცნობისთვის, უახლოეს მომავალში ელიან ასევე თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას, რომლის გამართვის თარიღის შესახებ მედიაში განასხვავებული ცნობები ვრცელდება. შეგახსენებთ, 25 აგვისტოს, ფიდანი უკრაინაში იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას, რუსეთის მიერ მარცვლეულის დერეფნის ბლოკირება და უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელების საკითხები განიხილა. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინამ შავ ზღვაში ალტერნატიული „მარცვლეულის დერეფანი“ შექმნა, თუმცა მას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. მოგვიანებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რისკებს გათვალისწინებით, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივის“ ალტერნატივა სხვა ვარიანტი ვერ გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისთვის ძალისხმევას განაგრძობს. „ჩვენ ვიცით, რომ ამჟამად ეძებენ ალტერნატიულ გზებს მარცვლეულის ექსპორტისთვის. თუმცა ასევე ვხედავთ, რომ ეს გზები არ შეიძლება, ალტერნატივად განიხილებოდეს, რადგან ეს რისკებს შეიცავს,“ - განაცხადა ფიდანმა კიევში, უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მჯერა, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია ზელენსკი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა.
უკრაინის დაზვერვა ადასტურებს, რომ რუსეთის ფსკოვზე დრონების თავდასხმის შემდეგ, 4 Il-76 განადგურდა
რუსეთის ფსკოვზე უპილოტო საჰაერო ხომალდის თავდასხმის შემდეგ, ოთხი Il 76 სტრატეგიული და ტაქტიკური თვითმფრინავი განადგურდა. შესაბამისი განცხადება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრი იუსოვმა Ukrinform-ისთვის მიცემულ კომენტარში გააკეთა. „დიახ, ჩვენ ოფიციალურად ვადასტურებთ ამ ინფორმაციას. განადგურებულია ოთხი ილ-76 [ავიამზიდი] და მათი აღდგენა შეუძლებელია. დაზიანდა კიდევ რამდენიმე ერთეული [თვითმფრინავი]. ინფორმაციაზ ზუსტდება,“ - განაცხადა იუსოვმა. Meduza: დრონები თავს დაესხნენ რუსეთის ფსკოვის აეროპორტს, დაზიანდა 4 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76
გერმანიის შს მინისტრის თქმით, გერმანია საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან და მოლდოვასთან მიგრაციის სფეროში შეთანხმებებს გააფორმებს. მინისტრის განმარტებით, ეს გერმანიაში ჩასვლის მსურველებს ქვეყანაში განათლების მიღების, მუშაობის საშუალებას მისცემს და ასევე დაეხმარება ბერლინს კვალიფიციური კადრების მოზიდვაში, მაგრამ ასევე, საქართველო და მოლდოვა ვალდებულნი იქნებიან, უკან მიიღონ ეს მოქალაქეები, ვინც გერმანიაში ყოფნის უფლებას დაკარგავს." გერმანია აპირებს, საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადოს. „ორივე ქვეყანას ევროკავშირში შესვლა სურს. ორივე სახელმწიფოში მოქალაქეებს, ძირითადად, პოლიტიკური მიზეზებით დევნის საფრთხე არ ემუქრებათ. გარდა ამისა, გერმანიაში თავშესაფრის თითქმის ყოველი მე-10 მაძიებელი ამ ქვეყნებზე მოდის და უსაფრთხო ქვეყნებად აღიარება არალეგალური მიგრაციის საკმაოდ სწრაფ და ეფექტურ შემცირებას შეუწყობს ხელს,” - განაცხადა ფეზერმა. ცნობისთვის, გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, გერმანიიდან იანვარ-ივნისში დეპორტირებულთა შორის ყველაზე მეტი, საქართველოს მოქალაქეა. დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 - არასრულწლოვანი. გერმანიიდან დეპორტირებული იყვნენ საქართველოს (705), ჩრდილოეთ მაკედონიის (665) და ავღანეთის (659) მოქალაქეები.
მიმდინარე კვირას ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე კვირას, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +32, +37, მთაში +31, +36, მაღალმთაში +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 2 სექტემბერს ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 3 სექტემბრამდე შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე (+29, +34 გრადუსი) შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. „აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის შესახებ სისტემატურად ვრცელდება გარემოს ეროვნული სააგენტოს Facebook გვერდზე. ასევე, ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება ყველა შესაბამის უწყებას,“ - აღნიშნავენ სააგენტოში. სააგენტოს ცნობით, 29 აგვისტოს საღამოს საათებიდან თბილისსა და მის შემოგარენში დაფიქსირდა უხვი ნალექი. წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს, 6 საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას. ამავე დროს, 2015 წლისგან განსხვავებით, 29 აგვისტოს მოსულმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ვიზიტით საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, რადგან მას მთავრობის ნებართვა არ აქვს. მდინარაძე ამბობს, რომ ქვეყნის პრეზიდენტის საქართველოს პარლამენტში ბოლო გამოსვლა ეწინააღმდეგებოდა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს მიზეზი, რომ მთავრობა პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრებას არ ეთანხმება. „საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს საქართველოს მთავრობის თანხმობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას და მის კომპეტენციაშია საგარეო კურსის განსაზღვრა და ამ კურსის შესაბამისად მოქმედება. აქედან გამომდინარე, დიახ, საქართველოს პრეზიდენტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და მაინც მიდის, ეს კონსტიტუციის დარღვევაა და კონსტიტუციის უპატივცემულობაა და მეორე მხრივ, ამ დაუთანხმებლობას მთავრობის მხრიდან აქვს კონკრეტული მიზეზები, მაგალითად, მე შემიძლია გაგახსენოთ აქ, საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან საქართველოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა, რომელიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო გამოსვლა, ალბათ, ყველა დამეთანხმებით გულში მაინც,“ - განაცხადა მდინარაძემ. „ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი „საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან საწინააღმდეგოს საუბრობს, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ვოიაჟი, რომელსაც არ ეთანხმება მთავრობა, სწორედ ამის გამო იყოს ამ მიზეზიდან გამომდინარე.“
ელჩი ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდება
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდება. კითხვას, აქვს თუ არა საქართველოს შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის, ჰერჩინსკიმ უპასუხა, რომ ამისთვის თავის გუნდთან ერთად დაუღალავად მუშაობს. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება. სწორედ ამიტომ ვარ აქ და გუნდთან ერთად დაუღალავად ვმუშაობთ, რათა დავეხმაროთ მთავრობას რეფორმების განხორციელებაში, თუმცა ჩვენ ასევე ვსაუბრობთ მომავალ მთავრობაზე და, შესაძლოა, მის მომდევნოზეც. ასე რომ, ჩვენ, როგორც ევროკავშირი, აქ ვართ, რათა დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ, მხარი დავუჭიროთ რამდენადაც შეგვიძლია, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია თავად ქართველებზე. საჭიროა, ყველამ ერთად იმუშაოთ. ჩვენ გვჭირდება, ქვეყანა იყოს მზად, შესაბამისობაში, რომ მიიღოს მომავალი წევრობის ყველა სარგებელი. მეორე მხრივ, თქვენ გჭირდებათ, რომ 27 წევრი სახელმწიფო იყოს მზად, მიიღონ ახალი წევრები, რაც ასევე ძალიან რთულია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე სახელმწიფოზე „აღმოსავლეთ პარტნიორობიდან“, კერძოდ, უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე, ასევე, ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებზე დასავლეთ ბალკანეთიდან, რომლებმაც ეს პროცესი ბევრად ადრე, 20 წლის წინ დაიწყეს. ამგვარად, ჩვენ ვსაუბრობთ დიდ გაფართოებაზე, რაც ასევე გამოწვევაა თავად ევროკავშირისთვის. სწორედ ამიტომ შარლ მიშელის მიერ წარმოთქმული სიტყვა იყო ასეთი მნიშვნელოვანი. ის დასაწყისს აძლევს დისკუსიას არამხოლოდ კანდიდატი სახელმწიფოების მზადყოფნის შესახებ, არამედ, ასევე გაფართოებისთვის ამჟამინდელი წევრების მომზადების შესახებ. პირველად, ჩვენ გვაქვს თარიღის შეთავაზება – 2030 წელი, დღეიდან შვიდ წელიწადში. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება და მე მაქვს გადაჯვარედინებული თითები საქართველოსთვის,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ჰერჩინსკიმ განმარტა, რომ შარლ მიშელი გულისხმობდა, რომ 27 წევრ ქვეყანას სჭირდება მზადყოფნა გაფართოებისთვის. „ჩემი აზრით, ეს მართლაც მნიშვნელოვანი გამოსვლაა. ეს არის ხედვა და პირველად გვაქვს თარიღის შეთავაზება. 2030 წელი არის შვიდწლიანი დრო, რომელიც, წინა ევროპული სტანდარტებისგან განსხვავებით, უფრო სწრაფია. ეს არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წინადადება, რომ განხილვა დაიწყება. ვფიქრობ, ეს ძალიან ამბიციური მიზანია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ საქართველო გარკვეულ ცვლილებებს მიაღწევს, იქნება სრული თანხმობა ამჟამინდელი 27 წევრი სახელმწიფოს მხრიდანაც. ამ გამოსვლაში შარლ მიშელი გულისხმობდა იმას, რომ 27 წევრ ქვეყანას სჭირდება მზადყოფნა გაფართოებისთვის. ამიტომ ძალიან კარგია, რომ დისკუსია იწყება და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად უნდა ვიყოთ გადაწყვეტილების მისაღებად. ასე რომ, ეს არ არის დავალება მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის, ასევე, საქართველოსთვის, ეს არის ჩვენი შიდა დავალებაც ევროკავშირის წევრებისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ 2030 წელს, დაახლოებით ამ თარიღისთვის, ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს გაფართოების კიდევ ერთი ტალღა,“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად.
ეროვნული გამოცდები 2023 - NAEC-მა სტატისტიკა გამოაქვეყნა
გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) 2023 წლის ეროვნული გამოცდების სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს. ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 60 ქულა 300-მა მიიღო, 48 ქულა კი, მხოლოდ ერთმა. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 96.56 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.44 % -მა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15 -ზე. ინგლისურ ენაში მაქსიმალური (70) ქულა 350-მა აბიტურიენტმა, 65 - კი, ერთმა მიიღო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.57 % -მა. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 96.43 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 14 -ზე. მათემატიკის გამოცდაში მაქსიმალური, 51 ქულა 102-მა აბიტურიენტმა, 45 კი - ერთმა მიიღო. წელს მამთემატიკას 14 924 აბიტურიენტი აბარებდა. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 84.25 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 15.75 % -მა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 10.2 -ზე. 2023 წელს ისტორიას 20 714 აბიტურიენტი აბარებდა, მათგან 180-მა მაქსიმალური, 60 ქულა მიიღო, ერთმა კი - 41. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 5.53 % -მა. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 94.47 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15 -ზე. გეოგრაფიაში გამოცდას 1913 აბიტურიენტი აბარებდა, მათგან მაქსიმალური, 58 ქულა მხოლოდ ერთმა მიიღო. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 8.42 % -მა. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 91.58 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 14.75 -ზე. ბიოლოგიაში მაქსიმალური ქულა 2-მა აბიტურიენტმა მიიღო, გამოცდას 3 439 აბიტურიენტი აბარებდა. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 85.29 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 14.71 % -მა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 17.5 -ზე. ქიმიის გამოცდა 2 540-მა აბიტურიენტმა ჩააბარა, მათგან რვამ მაქსიმალური, 63 ქულა მიიღო. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 80.47 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 19.53 % -მა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15.75 -ზე. 601 აბიტურიენტიდან ფიზიკაში მაქსიმალური სამმა აბიტურიენტმა მიიღო. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 69.05 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 30.95 % -მა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 15.75 -ზე. ლიტერატურა წელს 1 144-მა აბიტურიენტმა ჩააბარა, მათგან მაქსიმალური, 67 ქულა მხოლოდ ერთმა მიიღო. კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 93.18 %. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 6.82 % -მა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ითვლება, თუ აბიტურიენტის გათანაბრებული ქულა მეტია 17.5 -ზე. ხელოვნება წელს ჩააბარა 269-მა აბიტურიენტმა, აქედან მაქსიმალური – 67 ქულა მიიღო ერთმა, კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 7.43 % -მა.
27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნულ დღედ დაწესდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვრის ინიციატივით, „პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა.“ უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება. „აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით. მოგეხსენებათ, ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, ახალგაზრდების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია დამსახურებულ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს აკისრიათ. შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა კუთხით მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნვას და მათთვის როგორც სოციალური, ასევე სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შეთავაზებას. მასწავლებლის ეროვნული დღისა და პრემიის დაწესებაც სწორედ საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმას და მათ დაფასებას ემსახურება. ინიციატივის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბება იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა, თუ თემის განვითარებაში. ამის შემდეგ სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროდან, გამოავლენს წლის საუკეთესო მასწავლებლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კულება საუბრობს, როგორ გაათავისუფლა 31-მა მებრძოლმა რობოტინო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საფრანგეთში ვიიტის დროს ისაუბრა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში უკრაინელი დამცველების კონტრშეტევის წარმატებაზე. კულებას თქმით, რობოტინო 31 ჯარისკაცისგან შემდგარმა კონსოლიდირებულმა ჯგუფმა გაათავისუფლა და მთელი ბატალიონის სამუშაო შეასრულა მაშინ, როცა ამ ტიპის ოპერაციებს ოთხასამდე სამხედრო სჭირდება. „ამჟამად, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ წინსვლას კონტრშეტევის პროცესში. ეს უკიდურესად რთულია. ნაღმური ველების რაოდენობა უპრეცედენტოა. რუსული დრონები, ვერტმფრენები და თვითმფრინავები დომინირებენ ჰაერში. თანდათან მივაღწევთ წარმატებას. რამდენიმე დღის წინ ფრონტის ერთ-ერთ ურთულეს მონაკვეთზე გავარღვიეთ რუსული თავდაცვა და გავათავისუფლეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოფელი რობოტინო,“ - განაცხადა კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რამდენიმე თვის განმავლობაში ერთმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა ჩაატარა უწყვეტი შეტევები ფრონტის ამ სექტორზე, გადაღლისა და დანაკარგების გამო, რაღაც მომენტში დაკარგა შეტევის გაგრძელების უნარი - შემდეგ კი, მიიღეს „რადიკალური გადაწყვეტილებები": შეიცვალა ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა. უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს - მალიარი
შვეიცარია უკრაინის ზარალის რეესტრს შეუერთდა
შვეიცარია შეუერთდა უკრაინისთვის ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ სპეციალურ რეესტრს, რომელმაც რუსული აგრესიის შედეგების კომპენსირება უნდა მოახდინოს. ამის შესახებ შვეიცარიის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება. შვეიცარიის წევრობას ევროპის საბჭო ს მალე ოფიციალურად დაამტკიცებს. „ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს შვეიცარიის მხარდაჭერას ომის მსხვერპლთა მიმართ და უკრაინის აღდგენის პოლიტიკურ პროცესს, რომელიც შვეიცარიამ უკრაინის მთავრობასთან ერთად, 2022 წელს წამოიწყო ლუგანოში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსირების მიზნით, საგანგებო რეესტრი მაისში შეიქმნა.
გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა
გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. Reuters-ის ცნობით, დღეს, 30 აგვისტოს ფედერალურმა მთავრობამ შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა. შედეგად, გერმანია გაცილებით სწრაფად შეძლებს დეპორტაციას საქართველოს და მოლდოვის იმ მოქალაქეების, რომლებიც გერმანიაში თავშესაფარს ვერ მიიღებენ. სააგენტო ინფორმაციით, გადაწყვეტილებას უფლებადამცველთა ჯგუფი Pro Asyl-ი აკრიტიკებს. მისი განცხადებით, გერმანიის მთავრობა არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს და მოლდოვის რეგიონები, რაც „საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას.“ ჯგუფის შეფასებით, საქართველოში პრობლემებია კანონის უზენაესობის და ლგბტ+ პირთა უფლებების დაცვის, ხოლო მოლდოვაში პრესის თავისუფლების მხრივ. გერმანია აპირებს, საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადოს - DW გერმანიის შს მინისტრის თქმით, გერმანია საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს
რუსეთმა „პრიგოჟინის თვითმფრინავის“ ჩამოვარდნის გამოძიებაში ბრაზილია არ დაუშვა
რუსეთმა ბრაზილიას შეატყობინა, რომ „მოცემულ მომენტში“ არ აპირებს, რომ საერთაშორისო წესების მიხედვით გამოიძიოს ბრაზილიური წარმოების Embraer-ის ჩამოვარდნის საქმე, რომლის დროსაც, „ვაგნერის„ დამფუძნებელი, ევგეი პრიგოჟინი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მანამდე საავიაციო ინციდენტების კვლევისა და პრევენციის ბრაზილიურმა ცენტრმა (CENIPA) სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტს, ბრაზილიური კომპანია Embraer-ის მიერ წარმოებული ლაინერის კატასტროფასთან დაკავშირებულ გამოძიებაში მონაწილეობის თხოვნით მიმართა, რათა მომავალში თავიდან ყოფილიყო აცილებული მსგავსი ინციდენტები. სახელმწიფოთაშორისმა საავიაციო კომიტეტმა მიუთითა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესებზე, რომელთა თანახმად, თუკი საგანგებო შემთხვევა მოხდა შიდა რეისზე, ასეთ დროს მასზე საერთაშორისო ნორმა არ ვრცელდება. Reuters წერს, რომ რუსეთი არ არის ვალდებული, დათანხმდეს გამოძიებაში ბრაზილიის მონაწილეობას, მაგრამ როგორც ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, მან ეს უნდა გააკეთოს, რათა გაფანტოს აშშ-სა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის ეჭვები იმის შესახებ, რომ „პრიგოჟინის თვითმფრინავის“, Embraer Legacy 600-ის ჩამოვარდნის უკან კრემლი დგას. ცნობილია, რომ ამ მოდელის თვითმფრინავს უსაფრთხოების კარგი მაჩვენებლები აქვს. რუსეთმა თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან მეხუთე დღეს, პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად, 27 აგვისტოს დაადასტურა. შეგახსენებთ, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, 24 აგვისტოს კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy 600, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ. „როსავიაციამ“ იმავე დღეს დაადასტურა, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავის ბორტზე ევგენი პრიგოჟინი იყო პრიგოჟინი ბოლოს 22 აგვისტოს გამოჩნდა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" ხელმძღვანელი, ჩაშლილი ამბოხის შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელებული პირველი ვიდეომიმართვისას ამტკიცებდა, რომ აფრიკაშია. ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი დაჯგუფების ხელმძღვანელი ამბობდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებს „ცხოვრებას კოშმარად უქცევდა.“ „ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს დაფუძნდა და ის ივნისის აჯანყებამდე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში. ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებულ სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ 23-24 ივნისს რუსეთში, მოსკოვისკენ „მარშირებით,“ აჯანყების ხანმოკლე მცდელობა ჰქონდა. ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და ბელორუსის ლიდერ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „შუამავლობით“, „ვაგნერმა“ ბელორუსში გადაინაცვლა. კრემლმა პრიგოჟინი-პუტინის შეხვედრაც დაადასტურა. ბოლო კომენტარებში პუტინი ამბობდა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს. მედია: სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ ბელორუსში „ვაგნერის“ ბანაკი იშლება
მთავრობამ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი
მთავრობა განმარტავს, რომელ ქვეყნებში ვიზიტებზე ეთქვა უარი საქართველოს პრეზიდენტს. ქვეყნებს შორისაა უკრაინაც. მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტის საკითხზე განცხადებას ავრცელებს. „გვსურს გამოვეხმაუროთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობას აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით წინადადებით 2023 წლის 12 ივლისს მიმართა, რაზეც საქართველოს მთავრობის განკარგულებით 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის თანახმად. ასევე, პრეზიდენტს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი 22-24 აგვისტოს უკრაინაში, 16 სექტემბერს შვეიცარიის კონფედერაციაში, 2-3 ოქტომბერს პოლონეთის რესპუბლიკაში, 4-6 ოქტომბერს ბელგიის სამეფოში, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით დანიის სამეფოში და 1-2 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტებზე. სალომე ზურაბიშვილს ასევე უარი ეთქვა 27-29 სექტემბერს ბულგარეთის რესპუბლიკაში, 10-12 დეკემბერს ჩეხეთის რესპუბლიკაში და 18-20 დეკემბერს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურ ვიზიტებზე. შევახსენებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, ვინაიდან კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გერმანიის პრეზიდენტთან მოლაპარაკებით იწყებს.
პოლონეთი F-16-ის ტიპის თვითმფრინავების კომპონენტების წარმოებას ზრდის
პოლონური კომპანია PZL Mielec F-16-ის ტიპის კომპონენტების წარმოების გაფართოებას გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონური პრესის სააგენტო (PAP) 30 აგვისტოს წერს. PZL Mielec სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთშია დაფუძნებული და ამერიკული თავდაცვის კომპანია Lockheed Martin-ს ეკუთვნის. PZL Mielec-ის პრეზიდენტმა იანუშ ზაკრეცკიმ PAP-ს განუცხადა, რომ კომპანია ამჟამად F-16-ის ფუზელაჟის სტრუქტურის დაახლოებით 50%-ს აწარმოებს. 2024 წლის ბოლოსთვის მიზანია Mielec-ში ფუზელაჟის 70%-დან 80%-მდე წარმოებს გაზრდა. ქარხნის ანგარი მოდერნიზებულია და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა ექვსთვიანი ტრენინგი Lockheed Martin-ის მთავარ ქარხანაში, სამხრეთ კაროლინაში გაიარა. PZL Mielec პოლონეთის თვითმფრინავების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი და Lockheed Martin-ის უდიდესი საწარმოო ადგილია აშშ-ის გარეთ. Mielec ქალაქ ჟეშოვიდან 50 კილომეტრში მდებარეობს - ეს არის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრი, სადაც NATO უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის ლოგისტიკისა და სარემონტო ცენტრის გახსნას გეგმავს. ჟეშოვის აეროპორტი გადამწყვეტი გზაა დასავლური სამხედრო დახმარებისთვის, რომელიც უკრაინაში მიედინება.
მედია: უკრაინის სანომრე ნიშნებიან მანქანებზე სვასტიკის გამოსახვაში მხილების შემდეგ, დეპუტატმა ბადენ-ბადენის საკრებულო დატოვა
გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენის საკრებულოს დეპუტატი, (AfD) მარტინ ქიუნე, რომელმაც უკრაინის სანომრე ნიშნებიან მანქანებზე სვასტიკები გამოსახა, დააჯარიმეს. ამ კვირის დასაწყისში, ბადენ-ბადენის პროკურატურამ არჩეულ თანამდებობის პირს ნაცისტური სიმბოლოების გამოყენების გამო ბრალი წაუყენა. უკრაინული მედიის ცნობით, ინციდენტები მიმდინარე წლის იანვარსა და მარტში მოხდა. „დეპუტატს „ანტიკონსტიტუციური ორგანიზაციების ატრიბუტების გამოყენებისა" და საჯარო შეურაცხყოფისთვის ჯარიმა (ზუსტი მონაცემები არ გამოქვეყნებულა) დაეკისრა,“ იტყობინება ბადენ-ბადენის პროკურატურა. განახლება: მარტინ ქიუნე მუნიციპალურ საკრებულოში პოლიტიკური გაერთიანება AfD-ის (ალტერნატივა გერმანიისთვის) ფრაქციის წევრი იყო. მან AfD დანაშაულში მხილების შემდეგ დატოვა. მარტინ ქიუნმა გადადგომის შესახებ განცხადება AfD-ს რაიონულ ასოციაციას წერილობით წარუდგინა. მისი მიმართვა AfD-ს საპარლამენტო ჯგუფის ლიდერმა, კურტ ჰერმანმა დაადასტურა. უფრო ადრე კი, მან საკრებულოს დატოვების თხოვნით მერსაც მიმართა და განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილებით სურდა, ქალაქ ბადენ-ბადენისთვის ზიანი თავიდან აეცილებინა. მერმა, დიტმარ შპეტმა დეპუტატის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
მონტენეგრომ FSB-ის ყოფილი პოლკოვნიკის რუსეთში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა - მედია
მედიის ცნობით, მონტენეგროს ხელისუფლებამ FSB-ის ყოფილი პოლკოვნიკის, დიმიტრი სენინის რუსეთში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ პოდგორიცაში სამხედრო სასამართლოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც სენინის საქმეს დაუსწრებლად განიხილავს. დიმიტრი სენინმა, რომელიც საერთაშორისო ორდერის საფუძველზე 2021 წლის ივნისში დააკავეს, პოლიტიკური თავშესაფარი მონტენეგროში მიიღო, რადგან მას რუსეთის ფედერაციაში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ. რუსეთში სენინს დეზერტირობაში ედება ბრალი, რაც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სენინმა რუსეთი 2017 წლის თებერვალში დატოვა ყალბი პასპორტი დატოვა. მოგვიანებით, 2021 წლის 28 ივნისს, მისი სახელი საერთაშორისო ძებნილთა სიას დაემატა, ხოლო 2022 წლის 4 სექტემბერს სენინი მონტენეგროში საერთაშორისო ორდერის საფუძველზე დააკავეს. რუსმა პროკურორებმა ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა წარადგინეს, რაზეც მონტენეგრომ უარი განაცხადა, რადგან FSB-ის ყოფილმა პოლკოვნიკმა უკვე ლტოლვილის სტატუსი მიიღო.
მიხეილ სარჯველაძე: მე არ ვარ დაინტერესებული ჩემი შვილებისთვის საგანმანათლებლო სერვისების რუსეთში ძიებით
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის ინიციატივას, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში უფასოდ სწავლას სთავაზობენ. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გაუჭირდება თქვას, კონკრეტულად რას ემსახურება მსგავსი ინიციატივა, თუმცა იმავდროულად, სიფრთხილეა საჭირო. „რუსეთი რას ცდილობს იმასთან შედარებით, რაც უკვე გააკეთა, ზღვაში წვეთია. რუსეთს უკვე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და ამაზე უფრო მეტად მძიმე, არ მიმაჩნია რაიმე არსებობდეს. რისთვის აკეთებენ, ამის თქმა გამიჭირდება, თუმცა, რასაკვირველია, ყველას მართებს სიფრთხილით ყოფნა. მე პირადად ნამდვილად არ ვარ დაინტერესებული, ჩემი შვილებისთვის საგანმანათლებლო სერვისების რუსეთში ძიებით, სხვა მიმართულებებია არაერთი, რომელზეც უფრო მეტი ინტერესი მექნებოდა, პირველ რიგში, ეს იქნება ქართული საგანმანათლებლო უნივერსიტეტები და სხვა საზღვარგარეთ, მაგრამ არა რუსეთში. სიფრთხილე მართებს საზოგადოებას, თუ როგორ დაგეგმოს შვილებისთვის განათლების მიწოდება, იმავდროულად, სიფრთხილეა საჭირო, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს რუსეთიდან ასეთი ინიციატივები,“ - განაცხადა სარჯველაძემ. მედიაში დღეს, 30 აგვისრტოს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლას სთავაზობს. შესაბამისი განცხადება საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციამ გაავრცელა.
ევროკომისია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება მზად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს
Europetime-თან ევროკომისია განმარტავს, როდის იქნება მზად, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს. ევროკომისიაში უპასუხეს შეკითხვას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან ევროკავშირის გაფართოების თარიღი პირველად ახსენა. „რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
უკრაინამ რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატის აქტივების ნაციონალიზაცია მოახდინა
უკრაინის უზენაესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყოფილი წევრის, სერგეი კალაშნიკოვის აქტივების ნაციონალიზაცია გადაწყვიტა. კალაშნიკოვი კომპანია Motordetal-Konotop-ს სუმის რეგიონში ფლობდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში (SBU) მიაჩნიათ, რომ ქარხანა რუსეთს პროდუქციას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს აწვდიდა. Motordetal-Konotop ავტომობილების, დიზელის და გემების ძრავებისთვის ცილინდრებს აწარმოებს. ეს არის ამ პროფილის ერთ-ერთი უდიდესი საწარმო ევროპაში. SBU-ს ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებამდეც კი, მისი კომპონენტები რუსეთში სამხედრო გემების ასაშენებლად გამოიყენებოდა. სერგეი კალაშნიკოვი ფედერაციის საბჭოს წევრი 2015-2020 წლებში კოსტრომის ოლქიდან იყო. 2018 წელს უკრაინის ხელისუფლებამ ის სანქციების სიაში შეიყვანა. SBU ასევე აგრძელებს კალაშნიკოვის მიმართ გამოძიებას კონსტიტუციური წესრიგის იძულებით შეცვლის ან ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ჩადენილი ქმედებების დაფინანსების საქმეზე. რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ომის მხარდამჭერთა ქონების და აქტივების კონფისკაციას იძლევა.
სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზში შუა ბრინჯაოს ხანის სამარხი აღმოაჩინეს. არქეოლოგი გოგი მინდიაშვილი, რომელიც გათხრებს ხელმძღვანელობს, აღმოჩენას უნიკალურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ შიდა ქართლში ასეთი დაცულობისა და ზომის შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი ჯერ შესწავლილი ყოფილა. ახალი აღმოჩენის შესახებ ცნობა და ვიდეო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა გამოაქვეყნა. „დიდი მადლობა, ცნობილ ქართველ არქეოლოგს, ბატონ გოგი მინდიაშვილს, რომლის შრომამ დიდი შედეგი მოიტანა. დიდი მადლობა არქეოლოგ ირაკლი სოზიაშვილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროექტშია ჩართული,“ - დაწერა Facebook-ზე სოსიაშვილმა. ქვემო ნიქოზში არქეოლოგიური გათხრები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, გორის მერიის დახმარებით მიმდინარეობს. მეცნიერმა, გოგი მინდიაშვილმა ახლად აღმოჩენილი სამარხის შესახებ დეტალურად ისაუბრა. „ორი ხარი არის ჩატანებული ოთხთვალა საზიდრიანად (დასაკრძალავი ეტლი), რომლის დანიშნულებაც არის საიქიოში მოგზაურობა ტომის წარჩინებული წევრისა. [აღმოჩენილია] როგორც ჩანს, საგზლის წასაღებად გამზადებული ჭურჭელი, რომელშიც მოთავსებული იყო ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობი პროდუქტები. გარდა ხარებისა, აქვე არის ცხვარი, მთლიანი ჩონჩხით, არის კიდევ სხვა მსხვილფეხა ცხოველის ჩონჩხი. აქვე არის ურმის ნაშთები... ერთ მეტრზე მეტი დიამეტრი სიგრძის მქონე თვლების. ვფიქრობთ, რომ ცენტრალურ ნაწილში უნდა იყოს დაკრძალული ის წარჩინებული პირი, რომელსაც ეს ყველაფერი მიაგეს,“ - განაცხადა გოგი მინდიაშვილმა რადიო თავისუფლების ცნობით. მისივე თქმით, „შიდა ქართლში ამის მსგავსი სამარხი ჯერ აღმოჩენილი არ არის.“ არქეოლოგის შეფასებით, როგორც წესი, ასეთ სამარხებს უნდა ჰქონდეთ ყორღანული ყრილი. „ამ შემთხვევაში ჩვენ ვერსად ვერ დავაფიქსირეთ ეს, შეიძლება, ეს ახალი ელემენტი არის შიდა ქართლისთვის დამახასიათებელი, რომელიც განსხვავებულია თრიალეთისა და მესხეთისგან," - აღნიშნა მინდშვილმა.