ძებნის რეზულტატი:

4 სექტემბრამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში წვიმიანი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  კერძოდ, 2 და 3 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 4 სექტემბრის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.  

Telegraph: დიდ ბრიტანეთში განთავსდება ამერიკული F-35-ები, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ

ბრიტანული The Telegraph-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების F-35-ის ტიპის ახალი მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლიათ, დიდ ბრიტანეთში განთავსდება. გამოცემის ინფორმაციით, F-35-ის თვითმფრინავების ორი ესკადრილია მალე საფოლკში, აშში-ს ბაზაზე განლაგდება. თვითმფრინავს ასევე შეუძლია საჰაერო მისიების შესრულება და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება. ბრიტანეული გამოცემა წერს, რომ 54 ერთეული F-35 ბრიტანეთში ამ წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში განთავსდება. მანამდე ამერიკული ბირთვული იარაღის ბრიტანეთის ტერიტორიაზე განთავსებისთვის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური თანხმობაა საჭირო. გარდა ამისა, ბირთვული იარაღის ნებისმიერი ასეთი განთავსება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ უნდა იყოს ავტორიზებული. The Telegraph-ი წერს, რომ თავდაცვის სამინისტრომ და პრემიერ-მინისტრის ოფისმა უარი თქვეს კომენტარის გაკეთებაზე.  

მთვარეზე წარმატებული მისიის შემდეგ, ინდოეთმა ხომალდი მზის შესასწავლად გაუშვა

Reuters-ის ცნობით, მთვარეზე წარმატებული მისიის შემდეგ, ინდეოთმა ხომალდი მზის შესასწავლად გაუშვა. ეს იდოეთის პირველი ასეთი მისიაა. კოსმოსურ ხომალდ Aditya-L1-ს გაშვებას ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციის YouTube არხზე 3,7 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს. მის მოგზაურობას დაახლოებით, ოთხი თვე დასჭირდება. აპარატის ამოცანაა მზის გარე ფენებზე დაკვირვება, ასევე კოსმოსურ ამინდზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა. ინდოეთი 23 აგვისტოს გახდა მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა.  

სამხრეთ კორეის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაუშვა

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ ყვითელ ზღვის მიმართულებით რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.  „დეტალებს სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები აანალიზებენ,“ - ნათქვამია სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის განცხადებაში. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონია შორი რადიუსის რაკეტების შემუშავების გამო, რეგიონში დაძაბულობის გამწვავებაში დაადანაშაულა. შეგახსენებთ, აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად სანქციები 31 აგვისტოს დააწესა რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ორი მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ფხენიანის მიერ მასობრივი განადგურების იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების უკანონო განვითარებაში. სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. დაახლოებით ერთი თვის წინ, მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, (USS Kentucky) სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია. საპასუხოდ, ჩრდილოეთ კროეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.  

დანილოვი: უკრაინულ რაკეტებს და უპილოტო საფრენ აპარატებს სამიზნის განადგურება 1 000-1 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინულ რაკეტებს და უპილოტო საფრენ აპარატებს სამიზნეს განადგურება 1 000-1 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ. შესაბამისი განცხადება მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. „იმ იარაღის წარმომავლობა, რომელიც გამოყენებულია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, უკრაინულია. არსებობს ორი მიმართულება, რომელზეც მუშაობა გარკვეული დროის განმავლობაში მიმდინარეობს. ეს არის სარაკეტო პროგრამა, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წელს დამტკიცდა და ითვალისწინებს უკრაინული რაკეტების შექმნას, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას, რომელიც ახლა მძლავრად ვითარდება ჩვენ ქვეყანაში და ამაში ჩართულია ბევრი კერძო კომპანია,“ – განაცხადა დანილოვმა. კიევი უკრაინული შორი რადიუსის იარაღის წარმატებით გამოყენების შესახებ იუწყება  

ჩინეთი და ტაილანდი სამხედრო წვრთნებს მართავენ

სახალხო განმათავისუფლებელი არმიის მებრძოლები, ბომბდამშენები, ადრეული გამაფრთხილებელი თვითმფრინავები და მიწა-ჰაერის კლასის სარაკეტო დანადგარები ტაილანდის ყურეში ყოველწლიურ წვრთნებში -  „Falcon Strike 2023“ - მონაწილეობენ. „ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო-საჰაერო წვრთნები ჩინეთსა და ტაილანდს შორის კვირას დაიწყო. მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება, რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა შენარჩუნდეს," - იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua. სამხედრო მანევრები 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად ჩინური გემები ტაილანდში ხუთშაბათს ჩავიდნენ.  

მწვავე პროტესტის შემდეგ, ნობელის ფონდმა რუსეთის, ბელორუსისა და ირანის ელჩებს მიწვევა გაუუქმა

ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე რუსეთის, ბელორუსისა და ირანის ელჩების მოწვევები გაუქმდა. გადაწყვეტილებას მწვავე პროტესტი უძღოდა წინ. ნობელის ფონდის ინფორმაციით, ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა ელჩის მოწვევის გადაწყვეტილებამ მწვავე რეაქცია გამოიწვია. „ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად და სწორად ვთვლით, რაც შეიძლება ფართოდ გავავრცელოთ ღირებულებები და მესიჯები, რომლებსაც ნობელის პრემია იცავს,“ - წერია განცხადებაში. მისივე თანახმად, სწორედ ამიტომ მიენიჭა წინა წელს ნობელის მშვიდობის პრემია უფლებადამცველებს უკრაინიდან, ბელორუსიდან და რუსეთიდან.  

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში თურქეთის მოქალაქეები ისხდნენ.  ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.  

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩინეთის „ერთი სარტყელი და ერთი გზის“ ინიციატივამ მოსალოდნელი შედეგი არ მოიტანა

იტალიასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა არ გაუმჯობესებულა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც ოთხი წლის წინ, რომი პეკინის ერთ სარტყელი და გზის ინიციატივას შეუერთდა. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. „ჩინეთის „ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივამ“ არ მოიტანარ მოიტანა ის შედეგები, რასაც ველოდით,“ - განაცხადა ანტონიო ტაიანიმ ეკონომიკურ ფორუმზე, ჩინეთში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე. მისივე თქმით, პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, განაახლებს თუ არა ინიციატივაში მონაწილეობას. თუმცა მედია დიდი ხანია, წერს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომმა განაახლოს ხელშეკრულება, როდესაც მისი ვადა 2024 წლის მარტში იწურება. ტაიანი სამდღიანი ვიზიტით პეკინში დღეს მიემგზავრება. იტალია ჩინეთის „ერთი - სარტყელი და გზის ინიციატივიდან (BRI), ჩინეთთან ურთიერთობების დაზიანების გარეშე უნდა გამოვიდეს. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ ივლისის ბოლოს განაცხადა. ინიციატივა მასშტაბური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტის განხორციელებას გულისხმობს, რომლითაც ჩინეთი და დასავლეთ ევროპის ქვეყნები ერთმანეთს დაუკავშირდებიან, თუმცა იდეის კრიტიკოსები მას ჩინეთის ხელისუფლების ინსტრუმენტად მიიჩნევენ, რომლითაც პეკინი საკუთარი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გავრცელებას ეცდება. ცნობისათვის, „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ, 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას. შეგახსენებთ, საქართველოში ამერიკის ელჩის თქმით, ბევრი ქვეყანა გამოვიდა ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივიდან მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ ის დიდად სარგებლის მომტანი არ იყო სხვა ქვეყნებისთვის. ამერიკის ელჩის განცხადებით, თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ეს ინიციატივა გამოიყენოს, ის იმედს ვიტოვებ, რომ საქართველო კარგ შედეგებამდე მივა.

რუსულმა ჯარმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნა ჩაატარა

რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში წვრთნა ჩაატარეს. მისივე ცნობით, წვრთნების დროს სამხედრო ობიექტებზე პირობითი მოწინააღმდეგის ტერორისტული თავდასხმის მოგერიება დაამუშავეს. „აფხაზეთში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზაზე ტერორიზმთან ბრძოლის ქვედანაყოფების სამხედრო წვრთნები ჩატარდა. საბრძოლო მდგომარეობასთან მიახლოებულ ვითარებაში იმიტაციის მრავალი საშუალება და ფუჭი საბრძოლო მასალა გამოიყენეს,“ - ნათქვამია განცხადებაში. წვრთნების დროს სასწავლო ბრძოლაც გაიმართა. ცნობისთვის, აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ჯარები ქვეყნის ტერიტორიიდან.  

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: ოპოზიციასთან ხვეწნას არ ვაპირებთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის მხრიდან პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციამ მკაფიოდ დააფიქსირა მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელიც „არღვევს კონსტიტუციას.“ „იმპიჩმენტის აღსრულების ნაწილში აზრს ვერ ვხედავთ. მიგვაჩნია, რომ დღესაც შეუძლებელია 100 ხმის მობილიზება. ეს ჩვენი ვარაუდი იყო, მაგრამ ახლა უკვე მტკიცებულებებით გამყარდა - ყველა ამბობს, მხარს არ დავუჭერთო. პრაქტიკულად არ დარჩენილა პოლიტიკური ძალა, გარდა ერთისა - „ევროპელი სოციალისტებისა“, რომელსაც 4-კაციანი შემადგენლობა ჰყავს და მასთან ერთად უმრავლესობას 88 ხმის მოგროვება შეუძლია. რასაც ვვარაუდობდით, ისე აღმოჩნდა - ყველა გადაეფარა კონსტიტუციის დარღვევაში. არ ვაპირებთ მათთან კონსულტაციას და ხვეწნას - „იქნებ იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მხარი დაგვიჭიროთ“. ხვეწნას არ ვაპირებთ, რადგან მათ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, როდესაც ის არღვევს კონსტიტუციას,“ - განაცხადა მდინარაძემ. გერმანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით ვაჭრობა დაიწყოს, მდინარაძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ამბობს, რომ არ ჰგონია, რეპუტაციულად ისედაც ძლიერ დაზიანებული ადამიანი იმაზე წავიდეს, რომ „საკუთარი პერსონის აბსოლუტური პოლიტიკური ლიკვიდაცია გააკეთოს“. „ეს აბსოლუტურად გააშიშვლებს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი დაექვემდებარა „ნაციონალური მოძრაობის“ შანტაჟს და რაღაც მოქმედება განახორციელა. არ მგონია, ამ გზით თვითდაზიანების რეჟიმზე იყოს პრეზიდენტი წამსვლელი, თუმცა გამორიცხული არაფერია, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ თუ არ ვცდები, დღეს გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ამით ევაჭრება პრეზიდენტს. თუ ეს მართალია და გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა, ე.ი. რაღაც წყაროზე დაყრდნობით იყო და როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია არსებობს. „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლება არ აწყობს, რომ ღიად უთხრას პრეზიდენტს, შეიწყალეთ, თორემ შეიძლება იმპიჩმენტს მხარს დავუჭიროთო, ამიტომ როგორც ჩანს, (თუ გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ასეთი ინფორმაცია გაავრცელა), ეს გვერდითა გზებიდან სცადეს. თუმცა არ მგონია, რომელიმე ადამიანი ასეთ ღია შანტაჟს დაექვემდებაროს, რადგან არ მგონია, რომ რეპუტაციულად ისედაც ასე ძლიერ დაზიანებული ადამიანი იმაზე წავიდეს, რომ აბსოლუტური პოლიტიკური ლიკვიდაცია გააკეთოს საკუთარი პერსონის. თუმცა გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავთ, როდესაც ვხედავთ, რომ ერთი „მესიჯბოქსი“ აქვთ პრეზიდენტს და „ნაცკლასტერს“. საერთო დავალების მიმცემები ჰყავთ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ მედიასთან. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

ზელენსკი: უკრაინული ძალები წინ მიიწევენ

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რაც არ უნდა თქვას ვინმემ, უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ და ეს ფაქტია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა. „ისინი წინ მიიწევენ. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი: ჩვენ წინ მივდივართ," - წერს უკრაინის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, თეთრმა სახლმა უკრაინის კონტრშეტევის „მნიშვნელოვანი პროგრესის“ შესახებ გამოაცხადა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის კონტრშეტევა ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ივნისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება. კიევი კი ალიანსში, წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე გაწევრიანდება. თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს. უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა. რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ. რნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. 24 აგვისტოს პენტაგონში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინელი პილოტების მომზადებას შემოდგომაზე დაიწყებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს სოფელი უროჟაინოე, რომელიც დონეცკის ოლქის სოფელ სტარომაიორსკესთან მდებარეობს. ხსენებული სოფელი რუსი ოკუპანტებისგან ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს. ამასთან, 22 აგვისტოს უკრაინელი სამხედროები რობოტინოში ბრძოლით შევიდნენ. CNN 25 აგვისტოს იტყობინება უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსული თავდაცვა სამხრეთის ფრონტის ხაზის გასწვრივ, ზაპოროჟიეს ოლქში გაარღვიეს. მოგვიანებით, 26 აგვისტოს, ამერიკელი გენერალ მარკ მილი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა გარკვეულ მონაკვეთზე რუსეთის თავდაცვის მთავარი ხაზის გარღვევა შეძლეს. 28 აგვისტოს გააავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რობოტინო მთლიანად გაათავისუფლეს. უკრიანელების წინსვლაზე წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტიც. ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე უკრაინის დროშა 29 აგვისტოს აღმართეს.

ირლანდია უკრაინას მარიუპოლის აღდგენაში დაეხმარება

ირლანდია მზადაა, მხარი დაუჭიროს მარიუპოლის მცხოვრებლებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ სახლები რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე. ირლანდიაა მზადაა, დაეხმაროს უკრაინას სტრატეგიული საპორტო ქალაქის რეკონსტრუქციაში. ეს საკითხი მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოსა და უკრაინაში ირლანდიის ელჩის, ტერეზა ჰილის შორის შეხვედრისას განიხილეს. ბოიჩენკომ განაცხადა, რომ ირლანდია მზადაა, მხარი დაუჭიროს მარიუპოლიდან დევნილებს და შეუერთდეს მარიუპოლის სკოლის მოსწავლეების მხარდაჭერის პროგრამებს. გარდა ამისა, ირლანდიამ უკრაინას მისი ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ, მარიუპოლის ეკონომიკის აღდგენაში დახმარება შესთავაზა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკის ტრანსფორმაციისა და ახალი ინდუსტრიული ფილიალების შექმნის გამოცდილება, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს მარიუპოლისთვის. ჰილიმ ასევე აღნიშნა, რომ ირლანდია გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში.  

კახეთში სეტყვამ და ქარიშხალმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა

კახეთში სეტყვამ და ქარიშხალმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი, მათ შორის, თელავი, ახმეტა, ყვარელი და გურჯაანი მნიშვნელოვნად დააზარალა.  ადგილობრივების თქმით, სეტყვა და ძლიერი ქარი დაახლოებით, 20 წუთს გრძელდებოდა. განადგურებულია ვენახების ნაწილი, საზამთროს და ნესვის ბაღები. ასევე, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა.  

მედია: არმიის „დისკრედიტაციისთვის“, რუსეთში ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარმა სამმართველომ რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“,  რუსეთის სახალხო არტისტის, ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას კრემლის მიერ კონტროლირებადი TASS-ი სამართალდამცავი ორგანოებიდან, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ის ღიად გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს. რუსეთში მისი მონაწილეობით ყველა სპექტაკლი ამოიღეს რეპერტუარიდან. ივლისის ბოლოს ახეჯაკოვამ გერმანიაში, ბრემენში ითამაშა სპექტაკლში - „ჩემი შვილიშვილი ბენიამინი". სპექტაკლის შემდეგ კი, სცენაზე უკრაინის დროშით ავიდა.  მას შემდეგ რუსეთის უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალურმა სამსახურმა რუსეთის გენპროკურატურას 85 წლის მსახიობის წინააღმდეგ რუსული არმიის „დისკრედიტაციისთვის“, ღალატის მუხლით, საქმის აღძვრა და მისთვის ყველა ჯილდოს ჩამორთმევა მოითხოვა.  

თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებული უკრაინელი ოლიგარქი, იგორ კოლომოისკი კიევის სასამართლოში მივიდა

თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებული უკრაინელი ოლიგარქი, იგორ კოლომოისკი, 2 სექტემბერს კიევის შევჩენკოვსკის რაიონულ სასამართლოში მივიდა. სასამართლო გადაწყვეტს, დააპატიმროს კოლომოისკი თუ გირაო დაუწესოს მას.  ბრალდებულის მოთხოვნით სხდომა დახურულია. მას ბრალი დღეს წარუდგინეს.  

ზელენსკი: მარცვლეულის დროებითი დერეფანი კიდევ ორმა გემმა წარმატებით გაიარა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „შავი ზღვის“ მარცვლეულის დერეფანი კიდევ ორმა გემმა წარმატებით გაიარა. „უკრაინა აღადგენს შავ ზღვაში ნაოსნობის ნამდვილ თავისუფლებას. თავისუფლება მოითხოვს გადამწყვეტად მოქმედებას. მადლობას ვუხდი ჩვენი პორტის ყველა თანამშრომელს და ყველას, ვინც უზრუნველყოფს დერეფნის უსაფრთხო ფუნქციონირებას. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, მხარი დაუჭირონ ჩვენს ძალისხმევას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებით. ჩვენ ერთად შეგვიძლია, დავიცვათ ნაოსნობის თავისუფლება შავ ზღვაში და მის ფარგლებს გარეთ,“- წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა. თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია. უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია. ასევე წაიკითხეთ: რა ალტერნატიული მარშრუტები არსებობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა. მედია: თურქეთი უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სრუტეების შეუფერხებლად გავლის გარანტიას მისცემს დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა. კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს. ხომალდის ბორტზე 30 ათას ტონაზე მეტი ტვირთია, სურსათის ჩათვლით. ჰონგ-კონგის დროშით მცურავი „იოზეფ შულტე“ ოდესის პორტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში - 2022 წლის 23 თებერვლიდან იდგა.

საფრანგეთის ელჩი ევროპული მომავლისკენ წინსვლაში პრეზიდენტის როლს მიესალმა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრას ეხმაურება. ელჩი პრეზიდენტს ევროპული მომავლისკენ წინსვლაში მისი როლისთვის აქებს. „ბრავო ქალბატონო პრეზიდენტო. ევროპული მომავლისკენ საქართველოს წინსვლაში თქვენი როლისთვის," წერს საფრანგეთის ელჩი და ზურაბიშვილისა და მიშელის შეხვედრისადმი მიძღვნილ პრესრელიზს აზიარებს, რომელიც ევროკავშირის ვებგვერდზე გუშინ, პირველ სექტემბერს განთავსდა. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, პირველ სექტემბერს გამართა.  

უკრაინის არმიამ სამხრეთში რუსეთის ძალების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვია - გენერალი ტარნავსკი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთში რუსული არმიის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს. ბრიგადის გენერალ, ალექსანდრე ტარნავსკის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გაგრძელდება შეტევა რუსული არმიის თავდაცვის მეორე ხაზზე, რომელიც პირველ ხაზზე გაცილებით სუსტია, რაც წარმატების წინაპირობას ქმნის. „თავდაცვის პირველი ხაზის აგებაზე რუსულმა არმიამ თავისი დროის და რესურსების 60% დახარჯა, ხოლო მეორეზე და მესამეზე - მხოლოდ 20%, რადგან არ ელოდებოდა, რომ ჩვენ მას გავარღვევდით“, - განაცხადა ტარნავსკიმ. მისივე განცხადებით, ახლა კონტრშეტევის შედეგად დაკავებულ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება და მოწინააღმდეგის იმ ქვედანაყოფების განადგურება მიმდინარეობს, რომლებიც რუსული ჯარის უკან დახევის დაცვას უზრუნველყოფდა.  

უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის კიევის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ასევე ალტერნატივად გირაოს სახით 14 მილიონი დოლარის გირაოს გადახდა დააკისრა. სასამართლომ ბიზნესმენს მისცა შესაძლებლობა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ 509 მილიონზე მეტი გრივნა გირაოს სახით გადაიხადოს. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ კოლომოისკი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და გირაოს გადახდას არ აპირებს. თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებული უკრაინელი ოლიგარქი, იგორ კოლომოისკი კიევის სასამართლოში მივიდა ბრალდებულის მოთხოვნით სხდომა დახურული იყო. კოლომოისკის ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ბრალი ოფიციალურად პირველ სექტემბერს წარუდგინეს. უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, იგორ კოლომოისკი დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი იყო. 2021 წლის მარტიდან ის და მისი ოჯახი აშშ-ის სანქციების ქვეშაა.