ძებნის რეზულტატი:

უკრაინამ ხორვატიის პორტების გავლით მარცვლეულის ექსპორტი დაიწყო

უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ უკრაინამ ხორვატიის პორტების გავლით მარცვლეულის ექსპორტი დაიწყო. განცხადება ბუქარესტში მიმდინარე „სამი ზღვის“ სამიტის ფარგლებში, ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ანდრეი პლენკოვიჩთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გაკეთდა. მინისტრის თქმით, ხორვატიის ხელისუფლების ძალისხმევის წყალობით, უკრაინა უკვე გავიდა მარცვლეულის ექსპორტზე. „მადლობას მოგახსენებთ ამ შესაძლებლობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს სავაჭრო გზა ნიშურ გზას განეკუთვნება, ეს უკვე სარგებლობს პოპულარობით. ჩვენ მზად ვართ, განვავითაროთ ეს სატრანსპორტო დერეფანი და გავაფართოოთ მისი შესაძლებლობები. ჩვენ ასევე მივიჩნევთ, რომ ეს ლოგისტიკური მარშრუტი ომის დასრულების შემდეგაც ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნების ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში,“ - განაცხადა სვირიდენკომ. ხორვატიამ უკრაინას მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის საკუთარ პორტები 19 ივლისს შესთავაზა.  

კახეთში ვენახები დაისეტყვა

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის: კაბალის, გურგენიანის და ბაისუბნის მოსახლეობა დააზარალა. დაისეტყვა მოუკრეფავი ვენახების ნაწილი, ხეხილის ბაღები და სხვა კულტურები. კაბალში ქარმა რამდენიმე სახლს სახურავიც გადახადა. ლაგოდეხი-ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოგლეჯილია ხეები და გაწყვეტილია ელექტროსადენები. ამ გზაზე 15 წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო მოძრაობა. საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა სოფელ ბაისუბანშიც. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. ადგილობრივების ინფორმაციით, უამინდობა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა. სტიქიის ზონაში მუშაობენ მაშველები. ისინი ცენტრალურ გზებს მოგლეჯილი ხეებისგან ასუფთავებენ. სოფელ კაბალში მერის წარმომადგენელმა მამად მამედოვმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სტიქიის შედეგებს შეისწავლიან და მონაცემები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. კახეთში სეტყვა 2 სექტემბერსაც მოვიდა. ახმეტის, თელავის და გურჯაანის სოფლებში ყურძნის მოსავლის ნაწილი განადგურდა.  

12 რეკომენდაცია, ჩინეთთან და რუსეთთან საქართველოს ურთიერთობები - ბორელის გზავნილები ვიზიტის წინ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოში პირველ ვიზიტამდე გამოცემა civil.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოდის რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ევროკავშირის ვალდებულება მხარი დაუჭიროს საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მისი ინტერვიუს კრიტიკული ნაწილი შეეხება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის თემას, ასევე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადებას. „ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს ევროინტეგრაციას. საქართველოს მოქალაქეები მტკიცედ ერთგულებენ ევროკავშირის ღირებულებებს, ეს მუდმივად ასე იყო წლების განმავლობაში“. - ამბობს ბორელი. შეკითხვის პასუხად, როგორი იქნება ევროკომისიის შეფასება, მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლება აცხადებს რომ 12-ვე რეკომენდაცია თითქმის შესრულებულია. ბორელი ამბობს, რომ შემოდგომაზე ევროკომისია გამოაქვეყნებს ყოვლისმომცველ ანგარიშს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი 10-ვე ქვეყნის შესახებ, მათ შორისა საქართველოც. ეს არის კომისიის მიერ შესრულებული ობიექტური შეფასება, რომელიც ნათელ სურათს აჩვენებს საქართველოსთან დაკავშირებით რეფორმების მიმართ და რეკომენდაციებს გააკეთებს მომავალი წლისთვის. „ანგარიში ინფორმირებული გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენს, რომელსაც ევროკავშირის 27 ლიდერი დეკემბერში მიიღებს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. საქართველოს მომავლისთვის ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე ცოტა დრო რჩება, ამიტომ ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. შედეგი მთლიანად საქართველოს დამსახურებაზეა დამოკიდებული“, -ამბობს ბორელი. მასთან ის იმეორებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სიტყვებს, რომ ევროკავირში გაწევრიანება აღარაა ოცნება, მაგრამ 12 პრიორიტეტის მიწოდება მხოლოდ პროცესის დასაწყისია. „გაფართოება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დამყარებული პროცესი. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გახდება წევრი მაშინ, როცა ის დააკმაყოფილებს აუცილებელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს.“ ბორელი პასუხობს 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თემაზე დასმულ შეკითხავაც და ამბობს, რომ იმედი აქვს იხილავს იმგავარ დემოკრატიურ არჩევნებს, როგორიც ევროკავშირში ტარდება ხოლმე. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს, რომლის მთავრობის თანხმობის გარეშე დაწყების არგუმენტით. მმართველი გუნდი იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს, ბორელი პასუხობს რომ, აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი და მის ევროპულ ხედვას საქართველოს მიმართ. „ერთიანობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. საქართველოს მიერ გაწეული სამუშაო შეიძლება იყოს მდგრადი მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ რეფორმების დღის წესრიგის უკან ყველა პოლიტიკური ძალა დგას,“ - აცხადებს ბორელი. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საუბრობს საქართველოსა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თანხვედრის მნიშველობაზეც რაც იკლებს. საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი გასულ წელს 44%-ზე ნაკლები იყო, მიმდინარე 43%-ია ამბობს ბორელი. „ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის, რადგან ჩვენი საგარეო პოლიტიკა იმართება კონსენსუსით. დაბალი თანხვედრის მაჩვენებლით, 43%-ით საქართველო აჩვენებს, რომ მას პოტენციურად შეუძლია ძირი გამოუთხაროს ასეთ კონსენსუსს. ეს არ არის ის რასაც წევრი სახელწიფოები მსუბუქად ეკიდებიან.“ ბორელი საუბრობს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღგენაზეც და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას და საერთაშორისო მცდელობებს მოაქციოს რუსეთი იზოლაციაში უკრაინაში მისი შეჭრისა და სისასტიკისთვის. „ჩვენ ძალიან ვწუხვართ მთავრობის გადაწყვეტილების გამო დაუშვას რუსეთთან ფრენების განახლება და სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა“, - ამბობს ბორელი. რაც შეეხება ცოტა ხნით წინ საქართველოსა და ჩინეთის ლიდერების განცხადებას ორ ქვეყანას შორის სტატეგიული პარტნიორობის შესახებ, ბორელის თქმით, ევროკავშირში ითვალისწინებენ საქართველოს ახლადჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან. „საგარეო პარტნიორებთან ღრმა ურთიერთობების დამყარება ქვეყნის პრეროგატივაა. ჩვენ ველით, რომ, როგორც ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყანა საქართველო უზრუნველყოფს მისი სტრატეგიული თანამშრომლობის ყველა ასპექტის შესაბამისობას ევროკავშირის წესებთან და პოლიტიკასთან და მის ვალდებულებებთან ევროკავშირის გზაზე. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნები ეტაპობრივად შეათანხმებენ თავის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ევროკავშირთან,“- ამბობს ბორელი. ბორელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა რეგიონის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან. ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა ქართული ვერსიის წყარო  

პრეზიდენტმა მიმართვა დააანონსა

საქართველოს პრეზიდენტის Facebook გვერდზე მისი მიმართვის ანონსი გამოქვეყნდა. მიმართვა დღეს 21:00 საათზეა დაგეგმილი. მმართველი გუნდია მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებისა და ევროპული ტურნედან დაბრუნების შემდეგ, ეს პრეზიდენტის პირველი მიმართვა იქნება. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

მოსკოვში სამეცნიერო-სამრეწველო საწარმოს შენობაში ხანძარია, გამოცხადდა ევაკუაცია

მოსკოვში სამეცნიერო-სამრეწველო საწარმო „სალუტის“ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას მოსკოვის საგანგებო სამსახურები ავრცელებენ. მედიის ცნობით, ქარხანა სამხედრო მოწყობილობას აწარმოებს. „ქარხნის შენობაში ხანძრის გაჩენის შემდეგ, თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. დაზარებულებზე ინფორმაცია არ შემოსულა“, - ნათქვამია განცხადებაში. ზოგიერთი რუსული წყაროს წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა ლაბორატორიას, სადაც აალებადი ნატრიუმი ინახებოდა.  

ბორელი თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოშია. ბორელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ. დღესვე, 19:30 საათზე ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ბრიფინგს გამართავს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ჯოზეფ ბორელის ვიზიტის დეტალები გაავრცელა. კერძოდ, ამჟამინდელი უფლებამოსილებით პირველი ოფიციალური ვიზიტი, ბორელს საშუალებას მისცემს, განიხილოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი, ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე. ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ასევე, ჯოზეფ ბორელი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ჯოზეფ ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი, ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფ, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. „უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის 15 წელს აღნიშნავს, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ორგანიზებულ მისიაში „ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ (საოკუპაციო ხაზი, რედ.),“ - წერია საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.  

დარჩიაშვილი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს საქართველოს ევროპულ მომავალთან კავშირი არ აქვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მედიის შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ ამ საკითხის საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირება, სწორი არ არის. „იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით თქვენი ფორმულირება არ არის სწორი. რაც შეეხება იმას, რას იტყვის საქართველოს პრეზიდენტი, ამასთან დაკავშირებით არაფრის თქმა შემიძლია. ამ საკითხის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან კავშირში არაა და მოგიწოდებთ, არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში. ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთდა ძალიან ცალსახა, გასაგები განცხადება როგორც საპარლამენტო მხრიდან, ისე საქართველოს პრემიერის მხრიდან, დავრჩეთ ამ გაკეთებულ განცხადებებში. რაც შეეხება იმას, მოდის თუ არა პრეზიდენტის ვიზიტები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, რა თქმა უნდა, ეს ხომ სამართლებრივად არაერთხელ იყო განმარტებული. შავით თეთრზე წერია კონსტიტუციაში - ყველა, თითოეული მოქალაქე, თითოეული პასუხისმგებელი პირი, ვალდებულია, პატივი სცეს საქართველოს უმთავრეს კანონს, კონსტიტუციას და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ პატივი ვცეთ და შევასრულოთ," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

უკრაინელ ოლიგარქ კოლომოისკის, „პრივატბანკიდან“ თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალი წარუდგინეს

უკრაინელ ოლიგარქ კოლომოისკის „პრივატბანკიდან“ $250 მილიონის გაფლანგვის საქმეზე ბრალი წარუდგინეს. გამოძიების თანახმად, ოლიგარქმა 2015 წლის იანვრიდან მარტამდე სქემა ჩამოაყალიბა, რათა „პრივატბანკიდან“ თანხები მის ოფშორულ კომპანიაში გადაერიცხა. ოლიგარქი იმ ექვს ეჭვმიტანილს შორისაა, რომლებიც სავარაუდოდ, სქემაში მონაწილეობდნენ. სიაში არიან PrivatBank-ის გამგეობის ყოფილი თავმჯდომარე და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები. 3 სექტემბერს კიევის შევჩენკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ასევე ალტერნატივად გირაოს სახით 14 მილიონი დოლარის გირაოს გადახდა დააკისრა. სასამართლომ ბიზნესმენს მისცა შესაძლებლობა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ 509 მილიონზე მეტი გრივნა გირაოს სახით გადაიხადოს. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ კოლომოისკი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და გირაოს გადახდას არ აპირებს. თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებული უკრაინელი ოლიგარქი, იგორ კოლომოისკი კიევის სასამართლოში მივიდა ბრალდებულის მოთხოვნით სხდომა დახურული იყო. კოლომოისკის ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში ბრალი ოფიციალურად პირველ სექტემბერს წარუდგინეს. უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, იგორ კოლომოისკი დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი იყო. 2021 წლის მარტიდან ის და მისი ოჯახი აშშ-ის სანქციების ქვეშაა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია ანაკლიის პორტისადმი ჩინეთის ინტერესზე

Europetime-თან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ ჩინეთის მიერ ანაკლიის პორტისადმი გამოხატულ ინტერესს. „შეერთებული შტატები პატივს სცემს ქვეყნების სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ჩართულობა ან ბიზნესის წარმოება. თუმცა, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ აქტივობების გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის შესაბამისად და სანდო კომპანიებთან (vendors) ერთად განხორცილების მნიშვნელობას. შეერთებული შტატები წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ძლიერი მხარდამჭერია, რადგან ის დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში,“ - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი, ელჩის კომენტარის დონეზე 6 სექტემბერს დააფიქსირა. გარკვეული კონტექსტი ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ანაკლიაზე, პეკინში ოფიციალურად არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს-ფორმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება. ამის პარალელურად, ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა. კრიტიკოსებს ეს აფიქრებინებს, რომ ანაკლიის პროექტი შესაძლოა, ჩინური ინვესტიციებით განხორციელდეს, რასაც რიგი აქტორები, მათ შორის ოპოზიციური სპექტრიდან, კრიტიკულად აფასებენ, თუნდაც რუსეთთან პეკინის კავშირების გამო.  რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უწყებაში აცხადებენ, რომ შემდგომ ნაბიჯებს ყურადღებით დააკვირდებიან. „საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების ან ჩართულობის მიმართ წინააღმდეგობის არაიანირი საფუძველი არ გვაქვს. „ჩვენი შეშფოთება ეხება იმას, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობასთან შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებითა და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რომ გამოირიცხოს ვინმეს მხრიდან პოლიტიკური დაინტერესება (political strings). საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ თავიანთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ბიზნესის წარმოება ან ინვესტირება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად გასცემს ბევრ დაპირებას დიპლომატიური აღიარების სანაცვლოდ, (რედ. დიპლომატიური აღიარება საერთაშორისო სამართალში არის სახელმწიფოს ცალმხრივი დეკლარაციული პოლიტიკური აქტი, რომელიც აღიარებს სხვა სახელმწიფოს ან მთავრობის აქტს ან სტატუსს, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს), რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომ ნაბიჯებზე მჭიდროდ დაკვირვებას,“ - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. შეგახსენებთ, ამერიკული მხარეს ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ამ საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ამავე თემაზე გაეცანით: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი

ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის - ბორელი

„ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ჩვენ გვსურს, რომ მხარი დაგიჭიროთ ამ გზაზე,“ - ეს არის პირველი განცხადება, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თბილისში ვიზიტისას გააკეთა. „საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს არის გადამწყვეტი დრო თქვენი მომავლისთვის, რადგან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი განიხილავს შემდგომ ნაბიჯებს ევროკავშირში საქართველოს წინსვლასთან დაკავშირებით და პირველად ისტორიაში, საქართველოზე ანგარიშს, როგორც გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყნის შესახებ წარადგენს. და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მინდა, ძალიან მკაფიო ვიყო - ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი ერთგულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე. კარი ღიაა და გვინდა, ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ. მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ასევე სერიოზული ვალდებულებაა. კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაზეც ქვეყნებს უფლება შეიძლება, ავტომატურად ჰქონდეთ. მას დამსახურება სჭირდება სერიოზული რეფორმებითა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო,” - განაცხადა ბორელმა.  

აქონდროპლაზიის მქონე ხუთი ბავშვი მედიკამენტს უახლოეს დღეებში მიიღებს

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი და აქტივისტი მაკა გოჩიაშვილი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ხუთი ბავშვი მიიღებს საჭირო მედიკამენტს - „ვოსორიდიტს". „ფაქტობრივად წამალი გვიჭირავს ხელში", - დაწერა Facebook-ის პირად გვერდზე გოჩიაშვილმა. მისი ინფორმაციით, 7 სექტემბერს მშობლებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც პასუხისმგებლობა აიღეს სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებულ მკურნალობაზე. „დღეს ხელი მოვაწერეთ თანხმობას, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენს შვილებს ჩაუტარდეთ უკვე სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა წამალ „ვოზორიდიტით" და ჩვენ, მშობლებმა უზრუნველვყოთ მათი ტარება კლინიკაში შეუფერხებლად, დავიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი. კიდევ ათასჯერ ვიტყვი, თქვენი გვერდში დგომის გარეშე, ასე არ დაჩქარდებოდა პროცესი და ყველა აქტივისტს და ყველა მოქალაქეს გიმახსოვრებთ! როგორ არ დაგვტოვეთ მარტო. პეტრე 2024 წლიდან, 5 ბავშვი კი უკვე დღე-დღეზე დაიწყებს წამლის მიღებას", - დაწერა გოჩიაშვილმა სოციალურ ქსელში. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფო, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დანერგვას იწყებს. მათივე ცნობით, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობის პროგრამას და მასში ჩასართავად საჭირო პროცედურებს გაეცნენ. მშობლებმა ხელი მოაწერეს ინფორმირებულ თანხმობას, რაც მკურნალობის პროგრამაში ჩასართავად, აუცილებელი წინაპირობაა. „სახელმწიფო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დანერგვას, ქვეყანაში, ეტაპობრივად, იწყებს. 2023 წელს, მკურნალობის პროგრამაში, საწყის ეტაპზე, 6 პაციენტი ჩაერთვება. მათ შორის არიან ბენეფიციარები, ვისაც ზრდის ზონები, ასაკის გამო, ყველაზე ადრე ეხურებათ. ასევე - მძიმე კლინიკური გამოვლინებების მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობას მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყებენ. მკურნალობის პროგრამა მრავალპროფილურ, პედიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში განხორციელდება. პროცესს კლინიცისტების მულტიდისციპლინური გუნდი წარმართავს,“ - აცხადებენ უწყებაში. 26 ივლისს იშვიათი დაავადებების საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტის, „ვოსორიდიტის" შემოტანას მხარი დაუჭირა. პროტოკოლის დასამტკიცებლად და მედიკამენტის შემოსატანად აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა არაერთი აქცია გამართეს, მათ შორის წვიმასა და ქარში ისინი ღამეს ათენებდნენ მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელშიც. VOXZOGO („ვოსორიდიტი“) 1997 წელს აშშ-ში დაფუძნებული გლობალური ფარმაცევტული კომპანიის, BioMarin-ის, მიერ შექმნილი პრეპარატია (ინიექცია). ეს არის აქონდროპლაზიის სამკურნალო პირველი მედიკამენტი, რომელიც 2021 წელს ორმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) და ევროპის წამლის სააგენტომ (EMA), დაჩქარებული წესით დაამტკიცა. იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამას აქონდროპლაზიის დიაგნოზი ოფიციალურად 24 მაისს დაემატა. დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობით უზრუნველყოს, რაც წამლის გარდა, გულისხმობს ყველა სხვა საჭირო პროცედურასა თუ თერაპიას.  

ერთიანობა ისეა მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს, საქართველომ მცირე დარჩენილი დრო უნდა გამოიყენოს, რომ საჭირო რეფორმებზე მუშაობა დაიწყოს - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თბილისში განაცხადა, რომ 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის მძიმე მუშაობა ბრიუსელში ხალხის გასაბედნიერებლად კი არა, არამედ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად არის საჭირო.  საბოლოო ჯამში, ეს ასევე საჭიროა ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ევროპული მოლოდინების დასაკმაყოფილებლად. „ბევრი ევროპულ დროშას ვხედავ ამ ქალაქის ქუჩებში და თქვენ იცით, რომ ქართველი ხალხის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას. მინდა, მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს. ევროკავშირში გაწევრიანება ეროვნული ამოცანაა, ყველა მოქმედი პირი ერთად უნდა მუშაობდეს, კონსტრუქციულად, ერთიანად. ერთიანობა ისეა მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს,” - განაცხადა ბორელმა. მისივე თქმით, საქართველომ მცირე დარჩენილი დრო უნდა გამოიყენოს, რათა საჭირო რეფორმებზე მუშაობა დაიწყოს. „ჩემი ვიზიტის განმავლობაში შევხვდები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ განვიხილავთ აქამდე მიღწეულ პროგრესს და სამუშაოს, რომელიც ჯერ კიდევ გასაკეთებელია, რაზეც თავიდან ვისაუბრე. საქართველომ მცირე დარჩენილი დრო უნდა გამოიყენოს, რათა საჭირო რეფორმებზე მუშაობა დაიწყოს,” - განაცხადა ბორელმა. ჯოზეფ ბორელის თქმით, ასევე, ვიზიტის ფარგლებში საქართველოში განიხილავს პუტინის აგრესიული ომის შედეგებს უკრაინაში. „ასევე, გეოპოლიტიკური კუთხით, ჩემს თანამოსაუბრეებთან უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიული ომის უარყოფით შედეგებს განვიხილავ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროპის ნათელ მხარდაჭერას გავიმეორებ”, - აღნიშნა ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ისაუბრა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერაზეც. „საქართველოსადმი ევროკავშირის ერთგულება ასევე ჩვენს ფინანსურ დახმარებაში გამოიხატება. ორმხრივი დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი ვართ, თითქმის 340 მილიონი ევროთი 2021-2024 წლების პერიოდში. ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით ინვესტიციების სახით ჩადებულია დაახლოებით 1.3 მილიარდი ევრო,” - განაცხადა ბორელმა. ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს, 7 სექტემბერს ეწვია. ის შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს.

აშშ-მ სანქციების სიაში კიბერდანაშაულში ეჭვმიტანილი 11 რუსი შეიყვანა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციების სიაში კიბერდანაშაულში ეჭვმიტანილი რუსეთის 11 მოქალაქე შეიყვანა. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ჯგუფის წევრებს გაყოფილი ჰქონდათ მოვალეობები: ანდრეი ჟუკოვი (ფსევდონიმი „მცველი“) იყო უფროსი ადმინისტრატორი, მაქსიმ გალოჩკინი („ბენტლი“) ხელმძღვანელობდა ტესტერების ჯგუფს, ხოლო მაქსიმ რუდენსკი ხელმძღვანელობდა პროგრამისტების გუნდს და ასე შემდეგ. 2023 წლის თებერვალში შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ ამ ჯგუფის შვიდი წევრი დაამატეს იმ პირთა რეესტრში, რომლებიც ამერიკული და ბრიტანული ხელისუფლების წინააღმდეგ კიბერდანაშაულში იყვნენ ეჭვმიტანილნი. ამერიკის ხელისუფლების თანახმად, Trickbot-ის მიერ შემუშავებულმა ვირუსებმა დააინფიცირეს, მილიონობით კომპიუტერი მთელს მსოფლიოში. კერძოდ, 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის პიკზე, Trickbot-ი თავს ესხმოდა დაესხა საავადმყოფოებსა და სამედიცინო ცენტრებს შეერთებული შტატების მასშტაბით. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ამჟამად Trickbot cybercrime group-ი ახორციელებს რუსული სპეცსამსახურების დავალებებს, კერძოდ, ორგანიზებას უკეთებს კიბერშეტევებს ამერიკულ და ბრიტანულ სამთავრობო ვებსაიტებზე, ასევე კომერციული კომპანიების ვებსაიტზე შეერთებული შტატებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.  

ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში ჩასვლას აანონსებს: საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება

„მე არსად მივდივარ, ჩემ გადადგომაზე ოცნება მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ინაუგურაციის დროს დადო ფიცი, რომ დაიცავდა საქართველოს კონსტიტუციას და ბოლომდე ამ ფიცის ერთგული იქნება. „დღეს მინდა მოგმართოთ თქვენ, საქართველოს საზოგადოებავ, რადგანაც მე მხოლოდ თქვენს წინაშე ვარ ანგარიშვალდებული. ანგარიშვალდებული ვარ, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და მე ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. მე ვიცი, რომ თქვენ ამირჩიეთ იმისთვის, რაც მე ვარ, რაც ვიყავი მთელი ცხოვრება, ანუ ევროპის მომხრე, საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი. ეს არის ის მონაცემები, რის გამოც თქვენ გააკეთეთ თქვენია რჩევანი და მე ამ არჩევანის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული. მე ვიცი, თქვენ როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ახალგაზრდებს. მე ვიცი, რომ ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე, ეს იქნება კორუფცია, ადამიანების გადინება ქვეყნიდან, რუსების სრულიად უკონტროლო შემოსვლა ამ ქვეყანაში, ეს ყველაფერი იქნება შეიძლება არა გადაჭრილი, მაგრამ იქნება მოგვარებული ნაბიჯ-ნაბიჯ, როცა ჩვენ შევუერთდებით ევროკავშირს. ეს არის ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა. ამიტომ მე არსად არ მივდივარ, ჩემ გადადგომაზე ოცნება მე მგონი ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, რამეთუ მე ეს ფიცი დავდე, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია, როგორ საქართველოს პრეზიდენტის და ვიქნები ბოლომდე ამ ფიცის ერთგული. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუცია, რომელიც გვიკარნახებს და რომელიც მეც მივიღე იმ დროს, როცა ცვლილებები შევიდა ამ კონსტიტუციაში, რომ ყველა საქართველოს ინსტიტუტი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რაც მის შესაძლებლობებშია იმისთვის, რომ ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს. მე ეს მიმაჩნია როგორც ჩემი უმაღლესი და უპირველესი ვალდებულება. ამიტომ დავდივარ, ახლა ვიყავი ბერლინში, ბრიუსელში, პარიზში. ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემი კონტაქტები, ვსარგებლობ იმით, რაც არის ჩემს მიმართ ნდობა, მაგრამ რომელიც არის პირველ რიგში თქვენს მიმართ ნდობა. თქვენ რომ არ გამოსულიყავით და არ გეჩვენებინათ მთელი ევროპისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს პერსპექტივა, მაშინ ალბათ მეც არ მექნებოდა ასეთი ნდობა. როცა სხვადასხვა ლიდერს ვხვდები, მათ იციან, რომ მე ვარ თქვენი არჩეული და რომ ეს პერსპექტივა, ეს მომავალი არის თქვენი არჩეული. ამისთვის არის, რომ მხარს გვიჭერენ, რომ ასე პატივისცემით მხვდებიან. ეს მე კი არ დავიმსახურე, თქვენ დაიმსახურეთ და მე ვარ ამაყი, რომ მე თქვენ წარმოგადგენთ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში. მე ვარ ამაყი, რომ ამას ვაკეთებ დღეს ჩემი სახსრებით, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს არ არის სწორი, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს თავის სახსრებით ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გავაგრძელებ. მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც უნდა ჩავიდე. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ამ ორთვე-ნახევარში თუ სამ თვეში, რომ მოვიარო მთავარი და შეიძლება, ყველა დედაქალაქი ევროპისა და მივიტანო თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა. ყველამ იცის, რომ საქართველოს ეს უნდა, რომ საქართველო არასდროს იქნება, არასდროს რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ჩვენ გავქვს ერთად დასაცავი. ერთად დავიცავით, თქვენ დაიცავით და მე მხარი დაგიჭირეთ 8 მარტს. ეს იქნება ერთიანი, მუდმივი სვლა, ვიდრე ჩვენ არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც არის საქართველოს ადგილი. ამაში მე ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვართ და თუ ხელისუფლება ამას გაიგებს და შეეგუება, ეს იქნება ძალიან კარგი. თუ არადა, ალბათ, მისი მომავალიც ამაზე არის დამოკიდებული. თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი იმედი გქონდეთ, ერთად წავალთ და გავალთ ბოლოს,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.  

მედია: რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დაფინანსების საქმეზე, აშშ-ის მოქალაქე დააკავეს

რუსეთის ქალაქ ორიოლის სასამართლომ ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის დაფინანსების შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე 36 წლის ილია სტარცევი დააკავეს. ამის შესახებ მედია მის ახლობლებზე დაყრდნობით წერს. რუსეთის გარდა, სტარცევს აშშ-ის მოქალაქეობა აქვს. 36 წლის სტარცევი ინგლისურის მასწავლებელია. ბავშვობაში მშობლებთან ერთად აშშ-ში ცხოვრობდა. ზრდასრულ ასაკში ის რუსეთში დაბრუნდა. რუსეთში ანტიკორუფციული ფონდი ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. ფონდის დონორები რამდენჯერმე მისცეს პასუხისგებაში ექსტრემისტული ორგანიზაციის დაფინანსების მუხლით. 6 სექტემბერს ფსბ-მ გაავრცელა ინფორმაცია ფონდის დაფინანსების შემთხვევაში რუსეთის სხვადასხვა ქალაქში სამი ადამიანის დაკავების შესახებ. სტარცევის გარდა, დააკავეს ანდრეი ნოვოკრეშჩენიხი კრასნოიარსკიდან და გლებ კალინიჩევი ნიჟნი ნოვგოროდიდან.  

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჯოზეფ ბორელის პატივსაცემად ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი თბილისს 7 სექტემბერს ეწვია.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბორელის შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ბორელი საქართველოს დღეს ეწვია.  

აშშ უკრაინას 190 ჯავშანმანქანას გაუგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას MRAP-ის კლასის გაძლიერებული ნაღმით აღჭურვილ 190 ჯავშანმანქანას გაუგზავნის. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა Twitter-ზე გაავრცელა. ელჩმა აღნიშნა, რომ ეს დახმარება უკრაინის მამაც სამართალდამცავ ოფიცრებს ეკუთვნით, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები დაიცვან. „ამაყი ვარ, ვიდგე სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ნულანდთან ჩემს კოლეგებთან ერთად იმისთვის, რომ უკრაინელ მესაზღვრეებსა და პოლიციას ჯავშანმანქანები გადავცეთ. ამან მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა უნდა უზრუნველყოს, განსაკუთრებით ფრონტის ხაზთან ახლოს,“ - წერს ელჩი. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინას 6 სექტემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვია და ერთი მილიარდის მოცულობის დახმარების შესახებ განაცხადა. ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ ქონებას პირველად გადასცემს.  

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთ 600 მილიონი დოლარის მოცულობის პაკეტს გადასცემს. პაკეტში შედის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა, დამატებითი საბრძოლო მასალა მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS) და 105 მმ-იანი საარტილერიო ტყვიების დაუზუსტებელი რაოდენობა. ვაშინგტონი ასევე მიაწვდის უკრაინას ელექტრონული ომისა და განაღმვის აღჭურვილობას, საბრძოლო მასალებს და ტექნიკურ დახმარებას. დახმარების პაკეტი უზრუნველყოფილია უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივით (USAI), რაც ნიშნავს, რომ აშშ ყიდულობს აღჭურვილობას ინდუსტრიისგან ან პარტნიორებისგან.  

სტიქიის გამო გურიაში 3 ადამიანს ეძებენ, 2 არასრულწლოვანია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. გურიასა და აჭარაში სტიქიასთან დაკავშირებით 112-ში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შესული „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული გურიის და აჭარის რეგიონებიდან. ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს.ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება. სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ჯოზეფ ბორელი თბილისში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ჯოზეფ ბორელის ვიზიტს პროცესებზე შესაბამისი გავლენა ექნება. მან ასევე ჯოზეფ ბორელის განცხადება შეაფასა, რომ „კანდიდატის სტატუსს დამსახურება სჭირდება და ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი“ და აღნიშნა, რომ ქვეყნის რეფორმირების პროცესი გაგრძელდება. ილია დარჩიაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბორელს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა. „ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც გვაქვს ჩვენ ორმხრივ ფორმატში ევროკავშირსა და საქართველოს შორის. კიდევ ერთხელ მინდა შევაფასო და ვთქვა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, ისე, დროის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ მას პროცესებზე შესაბამისი გავლენა ექნება, რადგან ჩვენ ძალიან დეტალურად ვესაუბრებით ბატონ ბორელს იმ გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის გაწია და იმისთვის, რომ ჩვენი - ყველას მთავარი მზიანი ასრულდეს და საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ვფიქრობ, რომ მისთვის ძალიან დატვირთული დღე იქნება, მაგრამ ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ მან ხელისუფლების ყველა შტოდან მოისმინოს ის ძირითადი გზავნილები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ემსახურება,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა. ჯოზეფ ბორელი პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება. ბორელი თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია.