ძებნის რეზულტატი:

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ფრანგ კოლეგასთან საუბარი ჰქონდა საქართველოს „ევროპულ კანდიდატურაზე“. სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის განცხადების ვიდეომასალა პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გავრცელდა. „მოგესალმებით პარიზიდან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს ევროპულ კანდიდატურაზე,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.  

აღმაშენებლის გამზირზე 50-მდე კაფეს უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა

აღმაშენებლის გამზირზე არსებული 50-მდე კაფეს უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, 14 კაფეს აქვს მოქმედი საიჯარო ხელშეკრულება, ხოლო შვიდ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსგან კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე თანხმობა აქვს მიღებული. „აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ღია კაფეების მეპატრონეებს დაკავებული ტერიტორიის გათავისუფლება და მოწესრიგება დავავალეთ, რისთვისაც გონივრული ვადაც მივეცით. როგორც გახსოვთ, მათ პანდემიის პერიოდში, გამომდინარე იქიდან, რომ დახურულ სივრცეში მეტი იყო ვირუსის გავრცელების რისკი, უფლება მივეცით, მაგიდები გარე ტერიტორიაზე განეთავსებინათ, თუმცა სარისკო პერიოდმა გადაიარა და დროა, ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილი ტერიტორია მოწესრიგდეს. გამზირზე არსებული ვითარება სახანძრო თუ სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილებაში უშლიდა ხელს, რაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა საზოგადოებას წარუდგინა ფოტომასალა, როგორ გამოიყურებოდა აღნიშნული სივრცე დემონტაჟამდე და ამჟამად რა მდგომარეობაა ტერიტორიაზე. „ამ ეტაპზე, გამზირზე არსებული იმ კაფეების მაგიდები და სკამები, რომლებიც სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ნორმებს იცავენ, შეზღუდულ არეალშია განთავსებული, რომელიც არ ზღუდავს როგორც ფეხით მოსიარულეების, ასევე, სახანძრო ან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. მუნიციპალიტეტისგან შესაბამის ნებართვას ყველა მოქმედი ობიექტი მიიღებს, თუ დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. კერძოდ, ღია საკვები ობიექტის დიზაინი უნდა იყოს სადა და ისტორიული თბილისის იერსახის შესაფერისი,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა კაფეების მეპატრონეებს თანამშრომლობისთვის, ხოლო მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა, აღნიშნული კაფეების მეპატრონეებს თანამშრომლობისა და ტერიტორიის მოწესრიგებისთვის მადლობა გადავუხადო. არანაირი ძალის გამოყენება არ გახდა საჭირო. მიხარია, როგორც დედაქალაქის მერს, რომ არსებობს ნდობა ჩვენს შორის. აქვე გიდასტურებთ მზაობას, დაგეხმარებით, რომ ყველაფერი სწორად და კანონიერად გავაკეთოთ, ასევე, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს ვუხდი მადლობას სამუშაოსთვის, რაც გასწიეს აღნიშნული სივრცის მოსაწესრიგებლად“, - განაცხადა თბილისის მერმა.  

მაკრონი ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ: მჯერა, რომ ქართველი ხალხის მომავალი ევროპულია, განვაგრძობ პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აუდიენციისას საქართველოსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე ისაუბრა. „დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმასპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე. ასევე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მამაცური ბრძოლისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის დასაცავად და ასევე ევროპული გზისთვის, რაც მჯერა, რომ ქართველი ხალხის მომავალია. ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ. მე განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე მომდევნო დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის,“ - განაცხადა ემანუელ მაკრონმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.

აშშ-ის კონგრესი პოლონეთისთვის Apache-ის ტიპის 96 ვერტმფრენის მიყიდვას დაეთანხმა

აშშ-ს კონგრესმა პოლონეთისთვის 96 AH-64E Apache-ის ტიპის შვეულმფრენის მიყიდვას თანხმობა მისცა, - წერს თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი X-ზე (ყოფილი Twitter). „ჩვენ გვაქვს აშშ-ს კონგრესის თანხმობა, რომ პოლონეთს 96 Apache ვერტმფრენი რადარებთან და იარაღთან ერთად მიჰყიდოს! ახლა ჩვენ ვიწყებთ ფასზე მოლაპარაკებებს. პროცედურების დასრულებამდე და შეძენილი ვერტმფრენების პოლონეთში ჩაბარებამდე, აშშ-ის არმია თავისი რეზერვიდან გადმოგვცემს Apache-ს ვერტმფრენებს,“ - წერს მინისტრი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის Apache-ს საბრძოლო ვერტმფრენების პოტენციურ მიყიდვას მხარი 22 აგვისტოს დაუჭირა.  

საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი დააფიქსირა

საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ოფიციალურად დაადასტურა. „ზოგადად რომ ვთქვათ, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის, „სარტყელისა და გზის“ და „შუა დერეფნის“ მიმართ ჩვენ, ჩინეთის კომპანიებსა და ჩინურ საწარმოებს გვაქვს ინტერესები. ჩვენ თუ გვაქვს კარგი პირობები, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა, ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ან სხვა პროექტებში,“ – განაცხადა ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. საქართველოში ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში იმართება კონფერენცია თემაზე, „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის ათი წლისთავი, ჩინეთის გზა მოდერნიზაციისკენ, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობები“. გარკვეული კონტექსტი ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ანაკლიაზე, პეკინში ოფიციალურად არაფერი თქმულა გარდა იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნეს-ფორმზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება. ამის პარალელურად, ანაკლიის პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევა გადავადდა. კრიტიკოსებს ეს აფიქრებინებს, რომ ანაკლიის პროექტი შესაძლოა, ჩინური ინვესტიციებით განხორციელდეს, რასაც რიგი აქტორები, მათ შორის ოპოზიციური სპექტრიდან, კრიტიკულად აფასებენ, თუნდაც რუსეთთან პეკინის კავშირების გამო.  რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უწყებაში აცხადებენ, რომ შემდგომ ნაბიჯებს ყურადღებით დააკვირდებიან. „საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან, მათ შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების ან ჩართულობის მიმართ წინააღმდეგობის არაიანირი საფუძველი არ გვაქვს. „ჩვენი შეშფოთება ეხება იმას, რომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობასთან შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებითა და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რომ გამოირიცხოს ვინმეს მხრიდან პოლიტიკური დაინტერესება (political strings). საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ თავიანთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის თაობაზე, თუ ვისთან სურთ ბიზნესის წარმოება ან ინვესტირება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად გასცემს ბევრ დაპირებას დიპლომატიური აღიარების სანაცვლოდ, (რედ. დიპლომატიური აღიარება საერთაშორისო სამართალში არის სახელმწიფოს ცალმხრივი დეკლარაციული პოლიტიკური აქტი, რომელიც აღიარებს სხვა სახელმწიფოს ან მთავრობის აქტს ან სტატუსს, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს), რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომ ნაბიჯებზე მჭიდროდ დაკვირვებას,“ - განუცხადეს Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. შეგახსენებთ, ამერიკული მხარეს ჩვენს გამოცემასთან არაერთხელ უსაუბრია ამ საკითხზე, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სენატორისა და ელჩის დონეზე. როგორც ცნობილია აშშ დიდი ხანია, მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურად მიიჩნევს. ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. ვაშინგტონის შეფასებით, პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ამავე თემაზე გაეცანით: ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ბენ ჰოჯესი: შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი

ჩინეთის ელჩი განმარტავს, რატომ არ არის ნახსენები ოკუპირებული რეგიონები საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტში

ჩინეთის ელჩი განმარტავს, რატომ არ არის ნახსენები ოკუპირებული რეგიონები საქართველო-ჩინეთს შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტში. ჭოუ ციენის თქმით, ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. „ვფიქრობ, ეს განზრახ არასწორი მიდგომაა დოკუმენტის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს გამეორებულია ორ მთავრობას შორის ბევრ დოკუმენტში მანამდე. ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი ჩინეთის პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ, საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას. ის, რომ დოკუმენტში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნახსენები არ არის, ეს დოკუმენტის მიმართ განზრახ არასწორი მიდგომაა,“ – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ 31 ივლისს განაცხადეს. საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ჩინეთმა ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი დღეს, 6 სექტემბერს, პირველად დააფიქსირა. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი

დანიის პრემიერ-მინისტრი ომის დროს უკრაინაში მესამედ ჩავიდა

დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი კიევში ვიზიტით ჩავიდა. დანიის პრემიერ-მინისტრი სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინაში მესამედ ჩავიდა. ის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა. ფრედერიკსენის ვიზიტი წინასწარ არ იყო გამოცხადებული. შეგახსენებთ, უკრაინაში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც.  

ენტონი ბლინკენმა განმარტა, რა მიზნით ეწვია უკრაინას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ უკრაინაში ჩავიდა. ენტონი ბლინკენმა კიევში ჩასვლის მიზნები განმარტა. „დღეს დავბრუნდი კიევში, რათა შევხვდე ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს და განვიხილოთ მათი მიმდინარე კონტრშეტევა, სამომავლო დახმარება, აღდგენის ძალისხმევა და, უპირველეს ყოვლისა, უკრაინისადმი აშშ-ის ურყევი ერთგულების გაძლიერება,“ - წერს ენტონი ბლინკენი X-ზე (ყოფილი Twitter-ი). ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. გასულ ღამით, რუსეთმა კიევზე სარაკეტო შეტევა მიიტანა. უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, საჰაერო განგაში კიევში ბლინკენის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე შეწყდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში 2022 წლის აპრილსა და სექტემბერშიც იმყოფებოდა. მედიაში მისი ვიზიტის შესახებ ცნობები 5 სექტემბერს გავრცელდა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 29 აგვისტომდე, აშშ-მა უკრაინას 43 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება გადასცა.  

სომხეთის პირველი ლედი კიევში ჩავა - მედია

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მეუღლე კიევში ჩავა და თავისი ქვეყნის სახელით უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ სომხური სამსახური ავრცელებს. წყაროს ცნობით, დღეს კიევში სამიტი ტარდება, რომელშიც სომხეთის რესპუბლიკის პირველი ლედი - ანა აკოფიანიც მონაწილეობს. სამიტში დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, თურქეთის, ესპანეთის, ჩეხეთის, დანიის, ისრაელის და სხვა ქვეყნების პირველი ლედები, ევროკავშირის მოხელეები, ჟურნალისტები და მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. წლევანდელი ღონისძიება მენტალურ ჯანმრთელობას ეძღვნება. შეგახსენებთ, 4 დღის წინ, ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.  

EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს, განსახილველ საკითხებს შორისაა ანაკლიის პორტის პროექტი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, იურგენ რიგტერინკი თბილისში შეხვედრებს მართავს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოში EBRD-ის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს შეეხო. პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღინიშნა, რომ EBRD სათანადოდ რეაგირებს დასახულ სტრატეგიულ მიმართულებებზე, რაც მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა. „შეხვეედრაზე აღინიშნა, რომ EBRD-ის პორტფელი საქართველოში შეადგენს დაახლოებით 5 მილიარდ ევროს 287 პროექტში. ამ ინვესტიციების 82% კერძო სექტორშია. პრემიერმა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები გააცნო. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურად მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. შეხვედრაზე განიხილეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები და მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა. კერძოდ, შუა სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალი, საქართველოს მთავრობის ხედვა შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტებზე. იმსჯელეს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე და აღნიშნულ სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალს და განახლებადი წყაროების სფეროში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას EBRD-ის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე, EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში ალკის ვრენიოს დრაკინოსი, EBRD-ის მოლდოვის ოფისის დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი და პირველი ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველი ქეით გელვინი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე,“ - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ლევან დავითაშვილთან შეხვდრაზე საუბარი წარიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობაზე საქართველოში. ხაზი გაესვა EBRD - ის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ბანკის ფინანსურმა კონტრიბუციამ საქართველოში დაახლოებით 5 მლრდ. ევრო შეადგინა, რომლის უდიდესი ნაწილი (82 პროცენტი) კერძო სექტორის მხარდაჭერას მოხმარდა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები და მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა, მათ შორის, განახლებადი ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. კერძოდ, შუა სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალი, საქართველოს მთავრობის ხედვა შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტებზე და სხვ. შეხვედრაზე EBRD-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს მზაობა, მონაწილეობა მიიღონ მსხვილ საინვესტიციო პროექტებში. დასასრულს, ვიცე-პრემიერმა EBRD - ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია, რომელიც 26 - 27 ოქტომბერს გაიმართება,“ აცხადებენ თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტროში. დღესვე, საზედამხედველო პრიორიტეტები საკრედიტო რისკებისა და უმოქმედო სესხებისთვის და მათი გავლენა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონზე - ამ სახელწოდების სემინარი გაიმართა ეროვნული ბანკის სათავო ოფისში. სებ-ის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი სემინარის მიზანია შეიქმნას ერთიანი პლატფორმა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, იურგენ რიგტერინკმა გახსნეს. სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, სომხეთის, უკრაინისა და მოლდოვას ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება

NATO-ს წევრი რუმინეთი ადასტურებს, რომ რუსული დრონის ნაწილები მათ მიწაზე დაეცა - CNN

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანგელ ტილვარმა დაადასტურა, რომ რუსული უპილოტო თვითმფრინავის ნაწილები რუმინეთის ტერიტორიაზე დაეცა მას შემდეგ, რაც მან უკრაინის პორტს, მდინარე დუნაიზე დაარტყა. დუნაი ორ ქვეყანას შორის საზღვრის გასწვრივ გადის. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს. რუმინულმა მხარემ თავდაპირველად უარყო ინფორმაცია, რომ რუსული თვითმფრინავის ნაწილები დუნაის რუმინულ მხარეს ჩამოვარდა. მოგვიანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კიევს ფაქტის დამადასტურებელ ფოტოებს ფლობდა. შეგახსენებთ, 6 სექტემბრის ღამეს რუსეთმა ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე, რომელიც მდინარე დუნაიზე მდებარეობს, დრონებით იერიში მიიტანა. რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო საწარმოს თანამშრომელი დაიღუპა.  

მმართველი გუნდი ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესს ისევ ცვლის

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის. ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებზე მედიასთან ისაუბრა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ. მან აღნიშნა, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების ასარჩევად 76 ხმის ნაცვლად, რომლითაც არსებული კანონის მიხედვით ისინი ხუთი წლის ვადით უნდა აირჩნენ, ხმების 3/5 – 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება. მიქანაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის მიხედვით, შესაბამისი კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ვერც 76 ხმა მოგროვდება, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. როგორც მიქანაძემ განაცხადა, პრეზიდენტს კონკურში მონაწილე ყველა კანდიდატის სია გადაეცემა და პრეზიდენტი ერთპიროვნულად გადაწყვეტს წარდგენილი სიიდან რომელი კანდიდატი დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარედ თუ ცესკოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე. „ზაფხულში, როცა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შუალედური შეფასება გამოქვეყნდა, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა გამოთქვა მოსაზრებები საარჩევნო კანონმდებლობაში გატარებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. უახლოესს პერიოდში ევროკომისიამ წინასწარი დასკვნა უნდა დადოს, არ გვინდა არც ერთი კითხვა არსებობდეს - საქართველომ კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად და სამართლიანად უნდა მიიღოს,“ - განმარტა მიქანაძემ სარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების აუცილებლობა. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით, სექტემბერში მიიღებს.  

ევროკავშირის სასამართლომ რუს ოლიგარქებს, გენადი ტიმჩენკოსა და დიმიტრი პუმპიანსკის სანქციები არ მოუხსნა

რუსმა მილიარდერებმა, გენადი ტიმჩენკომ და დიმიტრი პუმპიანსკიმ ევროკავშირის სანქციებისგან თავის დაღწევის მცდელობის პირველი რაუნდი, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სავარაუდო მჭიდრო კავშირების გამო წააგეს. ევროკავშირის სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა პუმპიანსკის მეუღლისა და შვილის საჩივრები. გადაწყვეტილებები შეიძლება, გასაჩივრდეს. ასევე არ დაკმაყოფილდა ტიმჩენკოს მეუღლის საჩივრები. რუსეთის ფოლადის მილების უმსხვილესი მწარმოებლის, TMK-ის დამფუძნებელი პუმპიანსკი ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში 2022 წლის მარტში მოხვდა. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიას ყოველ ექვს თვეში ერთხელ აახლებს. „ასობით სხვა სანქცირებული რუსი ბიზნესმენი ყურადღებით აკვირდება, რას მოიმოქმედებს ბრიუსელი,“ განუცხადა  მილიარდერისა და რუსული პოპულარული საძიებო სისტემის, Yandex-ის თანადამფუძნებლის არკადი ვოლოჟის წარმომადგენელმა Financial Times-ს რამდენიმე დღის წინ. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

რუსულმა არმიამ კონსტანტინოვკა დაბომბა, დაღუპულია 16 ადამიანი - უკრაინა

დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, ქალაქ კონსტანტინოვკაზე რუსეთის ძალების იერიშს სულ მცირე 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. „დაიბომბა ქალაქის ცენტრში მდებარე ადგილობრივი ბაზარი. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 16 ადამიანი, დაიჭრა - 5“, - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ჯარის მიერ ქალაქ კონსტანტნოვკაზე განხორციელებული დარტყმის ვიდეო გამოაქვეყნა და განაცცხადა, რომ საარტილერიო დარტყმა განხორციელდა. „როცა, ვინმე ჯერ კიდევ მსოფლიოში რაიმე რუსულთან ცდილობს საქმის დაჭერას, ეს რეალობაზე თვალების დახუჭვას ნიშნავს. ბოროტებაა, არამზადულია. სრულმასშტაბიანი არაადამიანობაა. რუსი ტერორისტების არტილერიამ ახლახან 16 ადამიანი მოკლა ქალაქ კონსტანტინოვკაში, დონეცკის ოლქში. ჩვეულებრივი ბაზარი, მაღაზიები, აფთიაქი, უდანაშაულო ხალხი - ბევრი დაიჭრა. სამწუხაროდ, დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი შეიძლება, გაიზარდოს. თანავუგრძნობ ყველას, ვინც ახლობელი და ნათესავი დაკარგა! ჩვენ რუსულ ბოროტებაზე, რაც შეიძლება მალე, უნდა ვიმარჯვოთ," - აღნიშნა ზელენსკიმ.  

ჩინეთის ელჩი: ჩინეთი და საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნებია, ჩვენ გვაქვს უფლება, თავად ავირჩიოთ პარტნიორები

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა განაცხადა, რომ ჩინეთი და საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნები არიან და მათ აქვთ უფლება, თავად აირჩიონ სტრატეგიული პარტნიორები. ელჩმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ აშშ-ის რეაქციას ეხებოდა. ელჩის განცხადებით, ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა ევროკავშირთანაც აკავშირებს. „ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, რომ ჩინეთის და ევროკავშირს საკმაოდ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. ჩემი აზრით, ჩინეთისა და ევროკავშირის გარეშე „დერეფანი“ წარმატებული ვერ იქნება. რატომ? - იმიტომ, რომ „შუა დერეფნისთვის“ ჩინეთისა და ევროკავშირის ლოგისტიკური კავშირი უმნიშვნელოვანესია - ჩინური პროდუქტები ამ გზით სამომხმარებლო ბაზრებზე ხვდება. შესაბამისად, ევროკავშირისა და ჩინეთის გარეშე „შუა დერეფანს“ წარმატება ვერ ექნება. ჩემი ინფორმაციით, ევროკავშირი „შუა დერეფნის“ მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი. ამრიგად, ეს ჩინეთისა და ევროკავშირის თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს,“ - განაცხადა ჭოუ ციენმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

მდინარაძე პრეზიდენტის პარიზში ვიზიტზე: მთავრობისგან თანხმობაც კი არ ჰქონდა მოთხოვნილი, დემონსტრაციულად, კიდევ უფრო უხეშად არღვევს კონსტიტუციას

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „იმდენად უხერხულ მდგომარეობას ქმნის და ისე დამაზიანებლად იქცევა, რომ “შეფუთვაც აღარ შველის და მარტივად იშიფრება.“ მან ზურაბიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. მდინარაძის თქმით, უდავო ფაქტია, რომ პრეზიდენტს საგარეო უფლებამოსილების განხორციელებაში მთავრობის მხრიდან დელეგირება არ ჰქონდა და მან კონსტიტუცია დაარღვია. „არსებობენ ქვეყნები, თუ სწორად მახსოვს, ისრაელში, კომპეტენციის მკაფიო გამიჯვნისა და გარკვეული გამოწვევების გამო, პრეზიდენტს ქვეყნიდან გასვლაც კი ეკრძალება, არათუ უცხოეთის ქვეყნებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება. წარმოიდგინეთ, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტი არა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განსახორციელებლად, არამედ პრიგოჟინის დაკრძალვაზე ჩასულიყო. ეს ხომ უკვე უკიდურესად დამაზიანებელი ჟესტია. შესაბამისად, ისრაელის მოქალაქეებმა და კანონმდებლებმა ამიტომ ჩაწერეს, რომ პრეზიდენტის გასვლაც კი საჭიროებს მთავრობის თანხმობას, რადგან შეიძლება, ისეთი გასვლა მოახდინოს, სალომე ზურაბიშვილი რომ აკეთებს, ასეთ დამაზიანებელ განცხადებებზე უარესი იყოს. ან დასასვენებლად წავიდეს, პირობითად, ჩრდილოეთ კორეაში. ეს ხომ ისეთი ჟესტია, რაც უკვე განაცხადია სახელმწიფოს მხრიდან, რომ მისი პრეზიდენტი ამა და ამ ქვეყანაში ისვენებს. ამასაც კი მნიშვნელობა აქვს, თუმცა არ გვიფიქრია თავის დროზე, როდესაც ახალი კონსტიტუცია იწერებოდა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, რომ გასვლასთან დაკავშირებული რისკებიც კი დადგებოდა. ამ შემთხვევაში, კიდევ კარგი, მკაფიოდ არის გამიჯნული სამართლებრივად, რომ არის ეს მთავრობის კომპეტენცია და მხოლოდ იმ შემთხვევაში ახორციელებს პრეზიდენტი, როდესაც მთავრობა მისცემს თანხმობას. ეს ადამიანი მთავრობას აკრიტიკებს, სად ხართ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ორიენტაციაშიც კი ეჭვი შეაქვს, სპეკულაციურად, სპეციალურად, ნაცნარატივის შესაბამისად. ამ დროს, თან ითხოვს, თქვენ მაგივრად ჩვენს ქვეყანას მე წარვადგენ უცხო ქვეყნებთან ურთიერთობაშიო. ასევე, მათ შორის, ოთხი დღე დაიკარგა, გაქრა და შემდეგ აღმოჩნდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ ლიდერთან, რომელზეც თანხმობაც კი არ ჰქონდა მოთხოვნილი. ანუ დემონსტრაციულად, კიდევ უფრო უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ფუთავს. ამ შეფუთვის იმედად, რომ მე ვითხოვ ქვეყნის ევროპულ მომავალს, კანდიდატის სტატუსს, სადაც მინდა, იქ ჩავალ და როგორც მინდა, ისე დავარღვევ კონსტიტუციას, „ნაცების“ და მთელი მათი კლასტერი მხარს უჭერს მას და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან ევროპელი ლიდერებიც. იმდენად დამაზიანებლად იქცევა, რომ შემდეგ შეფუთვაც აღარ შველის,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

უკრაინის დაზვერვა არ არის დარწმუნებული, რომ პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

უკრაინის დაზვერვა ბოლომდე დარწმუნებული არ არის, რომ „ვაგნერ“ ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, მაგრამ დაზვერვა ცნობებს პრიგოჟინის თანამოაზრის, დიმიტრი უტკინის სიკვდილს ადასტურებს. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა განაცხადა. „ამჟამად 100%-ით შეგვიძლია ვისაუბროთ უტკინის და კიდევ რამდენიმე მგზავრის დადასტურებულად სიკვდილზე. რაც შეეხება პრიგოჟინს, ჯერჯერობით ყველა კითხვა დახურული არ არის," - განაცხადა იუსოვმა. მან დამატებითი დეტალები არ დააკონკრეტა, მაგრამ განაცხადა: „მე უბრალოდ ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ უტკინის და პრიგოჟინის კიდევ რამდენიმე თანამოაზრის დაღუპვა. რაც შეეხება კერძო სამხედრო კომპანიის ლიდერს, ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ უფრო მეტს.“  რუსეთმა თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან მეხუთე დღეს, პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად დაადასტურა  

ფაშინიანის მეუღლე უკრაინაში: ომებში წამებული ბავშვები ყველა ჩვენგანის, უფროსების მარცხია

სომხეთის პრემიერის მეუღლე კიევში ჩავიდა. ანა აკოფიანი დაესწრო გამოფენას, სადაც ომში დაღუპულ ბავშვებს იხსენებდნენ. „როგორც ჩემს ერთ-ერთ გამოსვლაში, ბრიუსელში გამართულ სამიტზე აღვნიშნე, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში 500-მდე ბავშვი დაიღუპა. დღეს გავარკვიეთ, რომ ყველაზე პატარა 2 დღის იყო, უფროსი კი - 17 წლის. ომებში დაღუპული ბავშვები ყველა ჩვენგანის, უფროსების მარცხია. მიუტევებელი, გამოუსწორებელი, გამოუსწორებელი მარცხი,“ - წერს აკოფიანი Facebook-ზე. სომხეთის პირველი ლედი კიევში ჩავა - მედია  

რუმინეთის პრეზიდენტი: ჩვენს ტერიტორიაზე თუ ჩამოვარდა რუსული დრონის ნამსხვრევები, ეს სუვერენიტეტის დარღვევაა

რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის ნამსხვრევების აღმოჩენასთან დაკავშირებით “სასწრაფო და პროფესიონალური გამოძიება” უნდა ჩატარდეს. იოჰანისი ხაზს უსვამს, რომ გამოძიებამ ნამსხვრევების წარმომავლობა, ასევე, რუმინეთის ტერიტორიაზე მათი აღმოჩენის გარემოებები უნდა დაადგინოს. „თუ დადასტურდება, რომ ეს ნამსხვრევები რუსული დრონის ნაწილებია, ასეთი სიტუაცია სრულიად მიუღებელი იქნება და რუმინეთის, ნატო-ს მოკავშირე ქვეყნის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული დარღვევა იქნება,” - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა. მანვე აღნიშნა, რომ რუმინეთი NATO-ს ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებით კარგად დაცულია. ბუქარესტი NATO-ს მოკავშირეებთან მუდმივ კონტაქტზე რჩება. NATO-ს წევრი რუმინეთი ადასტურებს, რომ რუსული დრონის ნაწილები მათ მიწაზე დაეცა - CNN  

გერმანიამ იტალიასთან, ესპანეთთან და შვედეთთან, Leopard 2-ის ტიპის ახალი თაობის ტანკის შექმნის შესახებ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი - მედია

გერმანიამ იტალიასთან, ესპანეთთან და შვედეთთან Leopard 2-ის ტიპის ახალი თაობის ტანკის განვითარების შესახებ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი. იტყობინება გერმანული ბიზნეს გაზეთი Handelsblatt-ი. Rheinmetall-მა და KMW-მა, რომლებმაც კონტრაქტის შესრულებაზე უნდა იმუშაონ, კომენტარი არ გააკეთეს. გავრცელებულ ინფორმაციაზე გერმანიის თავდაცვის სამინისტროშიც არაფერს ამბობენ. პროექტში ასევე ჩაერთვება შვედური კომპანია Saab-ი და იტალიური კომპანია Leonardo. ვინ წარმოადგენს ესპანეთს, უცნობია.