ძებნის რეზულტატი:
რომის პაპი: არ უნდა ვითამაშოთ უკრაინელების მოწამეობით
რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინელ ხალხს წამებული ერი უწოდა და გამოთქვა მოსაზრება, რომ იარაღის მოვაჭრეები ომის გაგრძელებით არიან დაინტერესებულნი. „მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან, იარაღით ვაჭრობასთან,“ - განაცხადა რომის პაპმა. პაპმა იარაღისა და დახმარების შესხებ დაპირებები თამაშს შეადარა. „ჩვენ არ უნდა ვითამაშოთ ამ ხალხის მოწამეობით,“ - აღნიშნა რომის პაპმა. მან კონკრეტული ქვეყნები არ დაასახელა. „ახლა ვხედავ, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკან იხევს და არ სურს უკრაინისთვის იარაღის მიცემა. იწყება პროცესი, რომელშიც მოწამე, რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხი იქნება და ეს მახინჯი რამ არის," - ამბობს რომის პაპი.
მედია: რუსეთში, კურსკში, FSB-ს შენობას დრონი შეეჯახა
რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის განცხადებით, 24 სექტემბერს, დრონი რუსეთის ქალაქ კურსკში ადმინისტრაციულ შენობას დაეჯახა. „უკრაინსკა პრავდასა“და UNIAN-ისა და ცნობით, უპილოტო თვითმფრინავი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) შენობას შეეჯახა. „უკრაინსკა პრავდა“ სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ ეს უკრაინული ოპერაცია იყო. უკრაინის მთავრობას ოფიციალურად არ აუღია პასუხისმგებლობა თავდასხმაზე.
ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს
გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის" წევრების - ნიკა მელიას, ბაჩო დილიძისა და ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი 23 ოქტომბრის 12:00 საათისთვის გადაიდო. დაკავებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს. „თუკი ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ამ ხელისუფლებისგან რამე გამოვა... ჩვენ ამ ხელისუფლებას ვერ გადავაქცევთ დემოკრატიულ ხელისუფლებად. ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ეს ხელისუფლება გავხადოთ დემოკრატიული, უბრალოდ, ეს შეუსრულებელი და მიუღწეველი მისიაა. ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი, ხელისუფლება რომელიც დგას კრიმინალებზე. ჩვენ დავინახეთ პოლიციის ფორმაში გამოწყობილ ადამიანებსა და იმ მოძალადეებს შორის, ვინც თავს დაესხნენ ჩვენს მეგობარს, არანაირი განსხვავება არ არის. ისინი ფეხაწყობილებიმ სრულ კოორდინაციაში არიან წლების განმავლობაში,“ - განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს. პოლიციამ გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირი დააკავა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მნიშვნელოვანია, გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ,,რუსული გადაწყვეტილება“
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება „პრეზიდენტის მიმართ მორიგ ცილისმწამებლურ კამპანიას.“ გავრცელებულ განცხადებაში ადმინისტრაცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას განმარტავს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ამ ეტაპზე არშეწყვეტასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე“ „საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. რაც ეხება, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას, გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები. მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ,,რუსული გადაწყვეტილება“. საქართველოს შესაძლო ,,შავ ხვრელად“ ქცევა კი, მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას. P.S. რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა,“ - წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აკრიტიკებდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რადგან მან მოქალაქეობა არ ჩამოართვა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.
Reuters: კოსოვოში შეიარაღებული პირები სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრდნენ
კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, ეთნიკური სერბებით დასახლებული რეგიონის სოფელში, შეიარაღებული პირები ჯავშანტექნიკით შეიჭრნენ, პოლიციას დაუპირისპირდნენ და სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კოსოვოს პოლიციამ განაცხადა, რომ სოფელ ბანსკის გარშემო სროლის დროს ერთი ოფიცერი და 30 თავდამსხმელიდან სამი დაიღუპა. თავდამსხმელები ამჟამად მონასტერში არიან გამაგრებულები. ტერიტორია სამართალდამცველების ალყაშია. სერბული ეკლესიის ცნობით, ბერები და მომლოცველები მონასტრის ტაძარში არიან ჩაკეტილები. გაურკვეველია, ვინ დგას ძალადობის უკან, მაგრამ კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯელალ სვეცლამ "სერბეთის მიერ დაფინანსებული კრიმინალები" დაადანაშაულეს. „ისინი არიან პროფესიონალები, სამხედრო და პოლიციის გამოცდილებით,“ – განაცხადა კოსოვოს პრემიერმა ალბინ კურტიმ, რომელმაც მონასტერში შეჭრილ შეიარაღებულ პირებს ჩაბარებისკენ მოუწოდა. სერბეთის ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
უკრაინული ძალები მელიტოპოლის მახლობლად წინ მიიწევენ - უკრაინული მედია
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ მელიტოპოლის მიმართულებაზე უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ უკრაინული ძალები მელიტოპოლის მახლობლად წინ მიიწევენ. „ჩვენმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმები ზაპოროჟიეს ოლქში, რობოტინოს მახლობლად," - ნათქვამია მოხსენებაში. მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა ტელეგრამის საშუალებით განაცხადა, რომ მოსახლეობა ტოკმაკში ძლიერი აფეთქებების შესახებ იუწყება. მან ასევე ატვირთა კადრები, რომლითაც ტოკმაკის მახლობლად, რუსეთის სადამკვირვებლო პუნქტზე „პირდაპირი დარტყმას“ ადასტურებს. დღეს ქალაქ მელიტოპოლის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ გავათავისუფლებთ მელიტოპოლს.“ მელიტოპოლი რუსეთის ძალების მიერ 2022 წლის მარტიდან არის ოკუპირებული. ქალაქი ოკუპანტებმა რუსეთის სამხედრო ბაზად აქციეს. რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა.
ზელენსკიმ ამერიკის დახმარების ახალ პაკეტს „ისტორიული“ უწოდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის მიერ კიევისთვის გადაცემული თავდაცვის ახალი პაკეტი ისტორიულ დახმარებად შეფასა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახალი პაკეტი მოიცავს „არტილერიას, რაკეტებს HIMARS-ისთვის, რაკეტებს საჰაერო თავდაცვისთვის, დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ტაქტიკურ მანქანებს“ და სხვა. რას მოიცავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ახალი სამხედრო დახმარება „ეს არის ამერიკის ისტორიული გადაწყვეტილება, ერთობლივად აწარმოოს იარაღი და თავდაცვითი სისტემები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის. ეს არის რაღაც, რაც ბოლო დრომდე აბსოლუტური ფანტაზია იყო. მაგრამ ის რეალობად იქცევა. ჩვენ მას რეალობად ვაქცევთ." შეგახსენებთ, აშშ უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას გადასცემს. უსაფრთხოების ახალი პაკეტის ღირებულება $325 მილიონს შეადგენს. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება 21 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. ახალი დახმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იქნება ორიენტირებული. ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ და უკრაინას იარაღის ერთობლივად წარმოებას იწყებენ. ამასთან, NBC News-ი 22 სექტემბერს აშშ-ის სამი ოფიციალური პირისა და კონგრესის ოფიციალური პირის კომენტარებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა, რომ ვაშინგტონი უკრაინას მცირე რაოდენობით ATACMS-ის ტიპის ტაქტიკურ იარაღს გადასცემდა.
უკრაინა და პოლონეთი დიდ სამხედრო-სამედიცინო ცენტრს ქმნიან
კიევი და ვარშავა მუშაობენ დიდი სამხედრო-სამედიცინო ცენტრის შექმნაზე გამოცდილების გაცვლისა და პრაქტიკული დახმარების გაწევისთვის, რაც მნიშვნელოვანია ომის პირობებში. ამის შესახებ ვარშავის სამხედრო სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორმა, გენერალმა გჟეგორზ გილერაკმა განაცხადა. სამხედრო-სამედიცინო სფეროში ფართომასშტაბიანი ცენტრის შექმნის გადაწყვეტილება უკრაინელმა და პოლონელმა სამხედრო ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ორივე არმიის სამედიცინო დეპარტამენტების ხელმძღვანელების შეხვედრის დროს მიიღეს. ეს შეხვედრა კიევში, მაისში გაიმართა. მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განისაზღვრა ორმხრივი თანამშრომლობის გრაფიკი და გეგმა. თანამშრომლობა დაფუძნებული იქნება ინფორმაციის მოპოვებასა და ანალიზზე, რომელიც დაკავშირებულია სანიტარული დანაკარგების მასშტაბებთან, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, პოლონეთმა უკრაინას თითქმის 3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია. პოლონეთი იღებს დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს სამკურნალოდ და გასულ წელს ჟეშოვთან ახლოს, იასიონკის აეროპორტში განთავსდა სამედიცინო ცენტრი, რომლის მეშვეობითაც, დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები შემდგომი მკურნალობისთვის სხვა ქვეყნებში გადაიყვანეს.
უკრაინული ძალები 19 დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება
უკრაინის სამხედროების ცნობით, რუსულმა ძალებმა 25 სექტემბრის ღამით, ოდესის ოლქის წინააღმდეგ 19 Shahed-ის ტიპის თავდასხმის დრონი, ასევე, ორი ზებგერითი რაკეტა ონიქსი გაუშვეს. სულ მცირე 12 კალიბრის რაკეტა იყო გაშვებული უკრაინის სხვა რეგიონების წინააღმდეგ. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ძირითადად ოდესის ოლქის თავზე ჩამოაგდო სულ მცირე 19 უპილოტო თვითმფრინავი და გაანადგურა 11 კალიბრის ფრთოსანი რაკეტა. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, ოდესის საზღვაო პორტის შენობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა და ხანძარი გაჩნდა ახლომდებარე სასტუმროს შენობაში, რომელიც რამდენიმე წელია, არ ფუნქციონირებს. ონიქსის რაკეტებმა ასევე გაანადგურეს მარცვლეულის საწყობები. დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა. ოდესაში ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა ნამსხვრევებით, იტყობინება რეგიონის გუბერნატორი, ოლეგ კიპერი თავის ოფიციალურ Telegram არხზე. ქალი ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობს. დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ უკრაინაში გაშვებული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს კრივი რიჰშიც ჩამოაგდეს. ნამსხვრევების დაცემამ გამოიწვია ხანძარი სამრეწველო ობიექტში.
რუსეთი აცხადებს, რომ კურსკისა და ბრიანსკის ოლქებს დრონებმა შეუტიეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა 24 სექტემბერს საღამოს კურსკისა და ბრიანსკის ოლქების საზღვარზე ორი უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს. სამინისტროში განაცხადეს, რომ დაახლოებით 20:30 საათზე. ადგილობრივი დროით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ კურსკის ოლქის თავზე უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო. ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 22:20 საათზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიანსკის ოლქის თავზე კიდევ ერთი უპილოტო თვითმფრინავი დააკავეს. თავის მხრივ, უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი ე.წ. სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ რუსეთის ქალაქ კურსკთან უპილოტო საფრენი აპარატით წუხანდელი შეტევის სამიზნე ხალინოს სამხედრო აეროდრომი იყო. სავარაუდო ინციდენტების შედეგად ინფრასტრუქტურის დაზიანება ან მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. 19 სექტემბერს რუსეთმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ბელგოროდისა და ორიოლის ოლქების თავზე ორი უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა.
საფრანგეთს ნიგერიდან ჯარი გაჰყავს
საფრანგეთი პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნიგერიდან ჯარს გაიყვანს. მაკრონის თქმით, 1500 ჯარისკაცის გაყვანა წლის ბოლომდე იგეგმება და რომ საფრანგეთმა უარი განაცხადა „პუტჩისტების მძევლობაზე.“ საფრანგეთმა ნიგერიდან საკუთარი ელჩი უკვე გაიწვია. Reuters-ის თანახმად, საფრანგეთის გასვლა, სავარაუდოდ, გაამძაფრებს დასავლეთის შეშფოთებას აფრიკაში რუსეთის გავლენის გაფართოების გამო. დაქირავებულ მებრძოლთა ჯგუფი „ვაგნერი" უკვე იმყოფება ნიგერის მეზობელ მალიში. ივლისის ბოლოს, სამხედრო მეამბოხეების ჯგუფმა ნიგერში პრეზიდენტის მოჰამედ ბაზუმის გადაყენების შესახებ გამოაცხადა. შემდეგ მათ ჩამოაყალიბეს სამშობლოს დაცვის ეროვნული საბჭო (Conseil national pour la sauvegarde de la patrie, CNSP), რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალი აბდურაჰმანე ჭიანი, რომელიც მართავდა ქვეყანას. დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკურმა გაერთიანებამ (ECOWAS) შეაჩერა ნიგერის წევრობა ორგანიზაციაში და მკაცრი სანქციები დაუწესა ქვეყანას. გარდა ამისა, ECOWAS-ის ლიდერებმა აჯანყებულებისგან ბაზუმის გათავისუფლება მოითხოვეს. 25 აგვისტოს ნიგერის სამხედროებმა საფრანგეთის ელჩს და მის მეუღლეს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს, რაზეც უარი განაცხადეს და საელჩოს შენობაში დარჩნენ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამბოხებულებს არ აქვთ საფრანგეთის ელჩის გაძევების უფლება, რადგან „შეთანხმება გაცემულია ნიგერის ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ.“ 2 სექტემბერს, დედაქალაქ ნიამეის სასამართლომ საფრანგეთის ელჩის გაძევების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
სოფი ლორენი კლინიკაში გადაიყვანეს
სოფი ლორენს კვირას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას რამდენიმე მოტეხილობა, მათ შორის ბარძაყის ძვლის დაზიანება აღენიშნებოდა. მედიის ცნობით, მსახიობი შვეიცარიაში მდებარე სახლში დაეცა. იტალიელი მსახიობი 20 სექტემბერს 89 წლის გახდა. The Hollywood Reporter-ს მსახიობთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ ფრთხილი ოპტიმიზმი არსებობს ოპერაციის შედეგსა და ლორენის გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით, რაც ხანმოკლე პერიოდში გამოჯანმრთელებას და შემდეგ ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პროცედურებს მოიცავს.
ვაშინგტონმა და სეულმა იაპონიის ზღვაში წვრთნები დაიწყეს
სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა 25 სექტემბერს აღმოსავლეთის ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყეს. საზღვაო ძალების განცხადებით, სწავლების მიზანი ჩრდილოეთ კორეის მზარდი სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ მზადყოფნის გაძლიერებაა. სამდღიან წვრთნებში მონაწილეობს ცხრა ხომალდი და ორი საპატრულო თვითმფრინავი ორივე მხრიდან, მათ შორის ორი სამხრეთ კორეული წყალქვეშა ნავი. ასევე, გამანადგურებელი და კრეისერი. „ეს წვრთნები იქნება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების ეფექტიანი შეკავებისა და რეაგირების შესაძლებლობა და კომბინირებული თავდაცვის შემდგომი გაძლიერება“, - ციტირებს სამხრეთ კორეის წარმომადგენლის სიტყვებს სააგენტო Yonhap-ი.
ISW: პუტინმა სერგეი შოიგუს უკრაინის კონტრშეტევის შესაჩერებლად, ვადა ოქტომბრამდე მისცა
კრემლის წყარო ირწმუნება, რომ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისამდე მისცა ვადა, ფრონტზე არსებული ვითარება გააუმჯობესოს, შეაჩეროს უკრაინის კონტრშეტევა და რუსეთის ძალებს დაუბრუნოს ინიციატივა. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს. ანალიტიკოსების თქმით, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს შეიძლება, მიუთითებდეს, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობამ შესაძლოა, დაუნდობელი კონტრშეტევების ბრძანება გასცეს, თუნდაც ამით რუსეთის სამხედროებს მაღალი ფასის გადახდა მოუწიოთ. ISW-ის ანალიზში აღნიშნულია, რომ პუტინმა პირველად, უკრაინის კონტრშეტევის დაწყება 9 ივნისს აღიარა. „პუტინი და კრემლი რუსეთის თავდაცვით ოპერაციებს მთავარ ბრძოლის ველზე გამარჯვებად ასაღებენ და რუსეთის მუდმივი კონტრშეტევები საშუალებას აძლევს, კრემლს გამოაცხადოს ეს ოპერაციები, როგორც ინდივიდუალური გამარჯვებები, წინსვლის ზოგადი ნაკლებობის ფონზე,“ - ნათქვამია ანგარიშში.
საგარეო უსაფრთხოების ის სისტემები, რომლის ნაწილნიც ვართ, არაეფექტიანია - ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საგარეო უსაფრთხოების ის სისტემები, სადაც ერევანია წარმოდგენილი, არაეფექტიანია. ფაშინიანის თქმით, ბოლო წლებში მომხდარმა არაერთმა მოვლენამ სომხეთს დასკვნების გაკეთება აიძულა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, 19 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდასხმა მთიან ყარაბაღზე სერიოზულ კითხვებს აჩენს რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის მიზნებსა და მოტივებზე მთიან ყარაბაღში. ფაშინიანმა მოვლენების ამგვარ შესაძლო განვითარებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს და რუსულ სამშვიდობო ძალებს დააკისრა. მისივე თქმით, სომხეთი მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ თუ ამ ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო მთავრობა მიიღებს ყარაბაღიდან წამოსულ სომხებს. „ბოლო წლებში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ განხორციელებულმა თავდასხმებმა მიგვიყვანა აშკარა დასკვნამდე, რომ გარე უსაფრთხოების სისტემები, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, არ არის ეფექტური სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ეს ჩანდა 44-დღიანი ომში და 2021 წლის მაისსა და ნოემბერში განვითარებულ მოვლენების დროს, ასევე 2022 წლის სექტემბერში და სია გრძელდება," - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ყარაბაღში ეთნიკური სომხები ეთიკური წმენდის საფრთხის წინაშე დგანან და თუ არ შეიქმნა რეალური საცხოვრებელი პირობები და ეთნიკური წმენდისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმები, იზრდება ალბათობა, რომ მოსახლეობა გადარჩენის ერთადერთ გზად სომხეთში დაბრუნებას განიხილავს.
რუსი ოპოზიციონერი ვლადიმერ კარა-მურზა ციმბირის ციხეში გადაიყვანეს
რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი ვლადიმირ კარა-მურზა მოსკოვის იზოლატორიდან ციმბირში, იზოლირებულ საკანში გადაიყვანეს. კარა-მურზას ადვოკატის თქმით, კარა-მურზა ომსკის სასჯელაღსრულების კოლონიაში მოათავსეს, არსებული პირობები კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 42 წლის კარა-მურზას ადგილსამყოფელი რამდენიმე კვირის განმავლობაში უცნობი იყო. რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა. Amnesty International-მა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, ვოლკერ ტურკმა კრემლის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ გამოტანილ განაჩენი დაგმეს. „სამოქალაქო საზოგადოების სისტემატური რეპრესიების შემზარავი მაგალითი, რაც სტალინის ეპოქის რეპრესიებს მოგვაგონებს", - Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება რუსეთ-ბრიტანეთის მოქალაქის, ვლადიმერ კარა-მურზას მიმართ რუსეთის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გმობს. აშშ-ის ელჩმა რუსეთში, ლინ ტრეისიმ დაგმო კრემლის კრიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრება და განაცხადა, რომ რუსეთში კრიტიკის კრიმინალიზაცია „სისუსტის ნიშანია და არა სიძლიერის“. ლატვიამ სანქციები დაუწესა რუსეთის 10 მოქალაქეს, რომლებიც ვლადიმერ კარა-მურზასთვის განაჩენის გამოტანაში მონაწილეობდნენ. დიდმა ბრიტანეთმა კარა-მურზას საქმის მოსამართლეებსა და პროკურორებს სანქციები დაუწესა
ცნობილია, როდის განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას
საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა ზეპირი მოსმენით 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“). №1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით," - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.
ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
25-26 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიაში, კერძოდ, ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ასევე ევროკომისართან შინაგან საქმეთა საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში და ევროკომისართან ეკონომიკის საკითხებში. ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვდება ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორს. ასევე გაიმართება სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან. ევროკომისია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება მზად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს შეგახსენებთ, ილია დარჩიაშვილის გამგზავრებამდე, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი. ჯოზეფ ბორელი: 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
სალომე ზურაბიშვილი ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ჩადის
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ჩადის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. „დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ტალინში, პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება, 26 ოქტომბერს რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს და 27 სექტემბერს კი, ვილნიუსში ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას,“ - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა BTK-ის სერტიფიცირების შემდეგ დაიწყება
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ მგზავრთა გადაყვანის დაწყება, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზზე სამუშაოსა და მგზავრთა გადაყვანისთვის საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ იგეგმება. მინისტრის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ სარკინიგზო ხაზის 246 კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის სარემონტო სამუშაოსთან დაკავშირებით, ADY Container-მა ალტერნატიული მარშრუტი წარადგინა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი 16 მაისიდან გაურკვეველი ვადით დაიხურა. „საქართველოს რკინიგზაში“ მაშინ განაცხადეს, რომ ქართულმა მხარემ ცნობა მიიღო სარკინიგზო ხაზის "მარაბდა-კარწახის" მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან. „ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის „მარაბდა-კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის, "დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა. მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა,“ - აცხადებდნენ „საქართველოს რკინიგზაში“. გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის პირველ სამმხრივ სამიტზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დამატებით 100 მლნ დოლარით დაფინანსდება. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე). ასევე წაიკითხეთ: ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე