ძებნის რეზულტატი:
ყაზახეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ წვრთნებს ატარებენ
აზერბაიჯანში ერთობლივი ტაქტიკური წვრთნები - "Khazri-2023" იმართება. სწავლება აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საზღვაო ძალების სამხედრო გემებისა და სამხედრო მოსამსახურეების, ტარდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნებისას ტერორისტული ჯგუფების მიერ ოკუპირებული კუნძულის გათავისუფლების ამოცანები საზღვაო სპეცრაზმმა და საზღვაო ქვეითმა ქვედანაყოფებმა შეასრულეს. „აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საზღვაო ძალების სამხედრო მოსამსახურეები დაკისრებული ამოცანების შესრულებისას მაღალ პროფესიონალიზმს ავლენენ.“ აღსანიშნავია, რომ წვრთნებში, რომელიც 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება, ირანის საზღვაო ძალების დელეგაცია დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს.
სახალხო დამცველი 6 ოქტომბერს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება
6 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით გამოვა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ხსენებული დოკუმენტი წინა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ მომზადდა და პარლამენტს მიმდინარე წლის 31 მარტს წარედგინა. საანგარიშო პერიოდში - 2022 წელს, სახალხო დამცველის აპარატში 5 277 განცხადება შევიდა, რომელზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა. გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად ცხელ ხაზზე 12 104 ზარი დაფიქსირდა. სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებს 74 რეკომენდაციით მიმართა. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა მოამზადა: 24 სპეციალური ანგარიში და 3 ალტერნატიული ანგარიში, რომელიც საერთაშორისო ორგანოებს წარედგინა; 21 საკონსტიტუციო სარჩელი; 20 “სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება; 1 “სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, 5 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაიგზავნა. ანგარიშის თანახმად, გადაუჭრელ პრობლემად რჩება დიდი ზომის დახურული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. პრობლემურია პატიმრებისათვის სომატური და ფსიქიატრიული ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა. გადაუჭრელია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებული საკითხი. კვლავაც არსებობს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების კუთხით არსებული გამოწვევები. სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში მათი დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა. პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია. როგორც ლევან იოსელიანმა ანგარიშის საკომიტეტო განხილვისას აღნიშნა, ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. სიღარიბე კვლავ ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. ქვეყანაში არსებული ერთ-ერთ ყველაზე მთავარი პრობლემაა ბავშვთა სიღარიბე. გამოხატვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრობლემური იყო შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა.
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 6 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6783 ლარი, ევრო – 2.8170 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6806 ლარი ღირდა, ევრო – 2.8154 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 6 ოქტომბერს ამოქმედდება.
პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ სადავო კანონპროექტი დაამტკიცა
პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 74 დეპუტატმა, წინააღმდეგ 22 წავიდა. ცვლილებებზე მსჯელობა დაჩქარებული წესით ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაზე მიუთითებს. კანონპროექტს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება. რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი ომბუდსმენი: სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა
ზელენსკი: რუსეთმა მოლდოვა დააზარალა, ეცადა, გაეტეხა, დაეყო საქართველო, ახრჩობს ბელორუსს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა, რომ ომების დაწყებითა და ომების გაყინვით რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა მეზობელ ქვეყნებზე კონტროლის შენარჩუნებას. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველა ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი მოქმედებს და ყველა სახელმწიფო, რომელმაც რუსეთის ჩარევა ან შეჭრა განიცადა, განსაკუთრებულ ერთიანობაში უნდა იყოს. „ომების დაწყებითა და ომების გაყინვით რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა მეზობელ ქვეყნებზე კონტროლის შენარჩუნებას. რუსეთმა მოლდოვა დააზარალა, ეცადა, გაეტეხა და დაეყო საქართველო, დესტაბილიზაცია მოეხდინა კავკასიის სხვა ნაწილებში, ახრჩობს ბელორუსს და ცდილობს, უკრაინის სხეულიდან ნაწილები ამოგლიჯოს. ყველა ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი მოქმედებს ამა თუ იმ ფორმით, ყველა სახელმწიფო, რომელმაც რუსეთის ჩარევა ან შეჭრა განიცადა - ჩვენ ყველა განსაკუთრებულ ერთიანობაში უნდა დავრჩეთ, ერთად დავრჩეთ განსაკუთრებულ თანამშრომლობაში და განსაკუთრებულ ურთიერთობაში ყველა სხვასთან ევროკავშირში. ჩვენ ყველას გვჭირდება ფორმატი, მხარდაჭერის ფორმატი ქვეყნებისთვის, რომელთა სიცოცხლის განადგურებას რუსეთი უკვე შეეცადა, რათა რუსეთის მიერ გამოწვეული ნანგრევები არასდროს სხვაგან აღარ გავრცელდეს,” - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ირაკლი ღარიბაშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენმა გვითხრა, რომ პოზიტიურად აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია და მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ადეკვატურად დაფასდეს საქართველოს პროგრესი
ურსულა ფონ დერ ლაიენმა გვითხრა, რომ პოზიტიურად აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია და მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ადეკვატურად დაფასდეს საქართველოს პროგრესი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც პოლარიზაცია არის გაზრდილი, კანდიდატის სტატუსის საკითხია და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება ავტომატურად, დრამატულად შეამცირებს პოლარიზაციის ხარისხს. „მე მქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, რომელსაც მე მივაწოდე ინფორმაცია 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე. ქალბატონმა ურსულამ გვითხრა, რომ ისინი პოზიტიურად აფასებენ ზოგადად იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. ასევე, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან მოწოდება იყო, რომ რეფორმები გაგრძელდეს, უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. მე მას ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მთელი გუნდი, ხელისუფლება არის სრულად მობილიზებული, ჩვენ ვართ ვალდებულნი და სრული თანხვედრა გვაქვს, რომ ეს პროცესი მივა ბოლომდე. მე მას ვუთხარი, რომ ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი უკვე არის შესრულებული. დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაციის დაბოლოება, დასრულება, რომელთა ნაწილიც გადაიგზავნა ვენეციის კომისიაში, იცით თქვენ. ასევე ვუთხარი, რომ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც პოლარიზაცია არის გაზრდილი, არის კანდიდატის სტატუსის საკითხი. მე მას ვუთხარი, რომ სტატუსის მინიჭება ავტომატურად, დრამატულად შეამცირებს, დააგდებს ამ პოლარიზაციის ხარისხს, რაშიც ევროპელი ლიდერები გვეთანხმებიან. იცით, რომ სწორედ ჩვენი ხელმოცარული ოპოზიცია, რომელიც გადასულია საბოტაჟის რეჟიმში იმიტომ, რომ მათ არაფერი სათქმელი არა აქვთ მთავრობის საწინააღმდეგოდ არც ერთ თემაზე, არც ეკონომიკაზე, არც განვითარებაზე, არც დემოკრატიის ხარისხზე. ერთადერთი, რის გამოც ისინი მანიპულირებენ და სპეკულაციებს და დეზინფორმაციას ავრცელებენ მთელ მსოფლიოში და ევროპაში, მათ შორის, არის კანდიდატის სტატუსი, რაც თავიდან ბოლომდე ხელისუფლების გაკეთებულია. ყველა ეს რეფორმა ჩვენი შესრულებულია და ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ამ პროცესში, ისევე, როგორც არ გაუკეთებია არაფერი ქალბატონ პრეზიდენტს. მე მადლიერება მინდა გამოვხატო ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ, რომელმაც გვითხრა, რომ ის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ამ პროცესში ადეკვატურად დაფასდეს საქართველოს პროგრესი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აზერბაიჯანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს
ევროპარლამენტი აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის “ძალადობრივ დაპყრობას” გმობს და აზერბაიჯანის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი. რეზოლუციას 491-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 9 წინააღდეგ წავიდა, ხოლო 36-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, ინდივიდუალური სანქციები შემოიღოს ბაქოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა და ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის მთიან ყარაბაღში. ევროპარლამენტი მკაცრად გმობს მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ 19 სექტემბრის აზერბაიჯანის წინასწარ დაგეგმილ და გაუმართლებელ სამხედრო თავდასხმას. ევროპარლამენტის თანახმად, თავდასხმის შედეგად შექმნილი ვითარება, როდესაც 100 ათასზე მეტმა სომეხმა მთიანი ყარაბაღი დატოვა, ეთნიკურ წმენდას უტოლდება. ევროპარლამენტი ასევე გმობს, თურქეთის ჩართულობას აზერბაიჯანის შეიარაღებასა და 2020 და 2023 წლების ბაქოს შეტევების მხარდაჭერისთვის. ამავდროულად, ევროპარლამენტარები ანკარას მოუწოდებენ, მისი მოკავშირე შეაკავოს. რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირმა აზერბაიჯანთან ურთიერთობების “ყოველმხრივი მიმოხილვა” უნდა მოახდინოს. ევროპარლამენტარების თქმით, სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის მაგვარ ქვეყანასთან, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო ვალდებულებებს, და ადამიანის უფლებების მხრივ საგანგაშო ვითარება აქვს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნებს არ შეესაბამება. ევროპარლამენტის რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს აზერბაიჯანული გაზის იმპორტზე დამოკიდებულება შეამციროს, ხოლო სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ან მნიშვნელოვანი ჰიბრიდული თავდასხმების შემთხვევაში სრულად შეწყვიტოს აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის იმპორტი.
პრემიერი: რუსეთი აპირებს უკვე მე-3 სამხედრო ბაზის, საზღვაო ბაზის მშენებლობას ჩვენს ტერიტორიაზე, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება
მივიღე მნიშვნელოვან დისკუსიაში მონაწილეობა, ეს იყო მრგვალი მაგიდის ფორმატი და დისკუსია შეეხებოდა მულტილატერალიზმს, ასევე, გეოსტრატეგიულ საკითხებს და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენ უსაფრთხოების საკითხები მიმოვიხილეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბუნებრივია, საკითხი ეხებოდა უკრაინის ომს და მის გავლენებს რეგიონზე, მათ შორის, ჩვენს რეგიონში მიმდინარე სიტუაციას და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს. „ასევე, მათ მივაწოდე ინფორმაცია დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე. იცით, რომ გახდა ცნობილი, რუსეთი აპირებს უკვე მე-3 სამხედრო ბაზის, ამ შემთხვევაში, საზღვაო ბაზის მშენებლობას ჩვენს ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ნებართვის გარეშე. ეს არის ოკუპაციის შედეგი. ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, რა თქმა უნდა, ჩვენ ასე აღვიქვამთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას, ბუნებრივია. მათ ვუთხარი, რომ ეს კიდევ უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო არის და მე ამის თაობაზე მძაფრად აღვუწერე ჩვენი სიტუაცია, რომ ჩვენ ვიმყოფებით მეტად სპეციფიკურ სიტუაციაში, ვინაიდან ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ოკუპირებული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქვეყანა ახერხებს განვითარებას, წინსვლას, რეფორმებს ისე, რომ ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას, ამას მართლაც მოხერხება სჭირდება და ჩვენ მართლაც გვაქვს სათქმელი ამ მიმართულებით. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მქონდა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრებიც ევროპელ ლიდერებთან. მე მათ ანალოგიურად მივაწოდე ინფორმაცია ამ მიღწეულ პროგრესზე და მათგან, ყველა ევროპელი ლიდერისგან, მივიღე დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ასევე ვუთხარი, რომ თუ სტატუსს ქვეყანა არ მიიღებს, ეს იქნება აბსოლუტურად გაუგებარი, ეს იქნება შეურაცხყოფა ჩვენი ქართველი ხალხის, ეს იქნება დაუმსახურებელი, ასე ვთქვათ, მორიგი მცდელობა, რომ ქვეყანა დაჩაგრონ ან უსამართლოდ მოექცნენ და მოეპყრონ. ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და რაც მთავარია, ბოლო მესიჯი, რაც მე მათ ვუთხარი, რომ ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, თუნდაც იგივე რუსეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, ზოგადად, რეგიონისთვის ან იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რომ დაახლოვდნენ ევროკავშირთან. ამ საკითხებზე გვქონდა ჩვენ საუბარი და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა ამ ფორუმში", - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ.
ევროპარლამენტი ითხოვს, რომ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები წელსვე დაიწყოს
ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, წელსვე დაიწყონ მოლაპარაკებები მოლდოვის გაწევრიანებაზე ევროკავშირში. რეზოლუციის თანახმად, მოლდოვის ამჟამინდელმა პროდასავლურმა მთავრობამ „აჩვენა მონდომება და უნარი შეასრულოს ევროკომისიის მოთხოვნები გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.“ რეზოლუციის ავტორების განცხადებით, მოლდოვის გაწევრიანება ევროკავშირში, არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია გაერთიანებულ და ძლიერ ევროპაში. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს მოლდოვის მთავრობას, გააგრძელოს რეფორმები, რათა მიაღწიონ "ხელშესახებ შედეგს და გაუმჯობესდეს ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტები. მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში მიიღო.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა დასრულდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა 3 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავდა. თავად პრეზიდენტი პროცესებს არ დასწრებია. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავდნენ. წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიპიჩმენტო წარდგინების განხილვა დღეს, 5 ოქტომბერს დაასრულა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, სასამართლოს პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება. „ადვილი არ იყო სამი დღის განმავლობაში ამ პროცესის წარმართვა, მაგრამ როგორც იქნა, ყველა ეტაპი გავიარეთ და შესაბამისად, „17 97“ კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ამით დავასრულეთ. შესაბამისად, კონსტიტუციით დადგენილ ვადებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დასკვნა გაეგზავნება, წარედგინება საქართველოს პარლამენტს,“ - განაცხადა მერაბ ტურავამ. მან კობახიძის მიერ დასკვნითი სიტყვით წარდგენისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ჰკითხა: „თუკი თქვენ დარწმუნებული ხართ იმაში, რომ იმპიჩმენტი შედეგს ვერ მიაღწევს პარლამენტში, მარტო საკონსტიტუციო სასამართლომ რომ გადაწყვეტილება მიიღოს, ესეც შედეგის მომტანია თქვენთვის, თუ საბოლოო შედეგზე უნდა იყოთ ორიენტირებული?“ ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც პარლამენტის სხდომაზე გავა იმპიჩმენტის საკითხი, ლუსტრაცია მოხდება იმისა, ვინ დგას კონსტიტუციის სადარაჯოზე და ვინ - არა. „იმპიჩმენტი ერთი რამით განსხვავდება კომპეტენციური დავისგან, ეს ხომ პოლიტიკურ სამართლებრივი პროცედურაც არის. როდესაც იმპიჩმენტის პროცედურის აღიძვრება, ამით უკვე 80 დეპუტატი აფიქსირებს, რომ ის პრეზიდენტს არ მიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის გამო. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტიც იყო ჩვენი მხრიდან, რისგანაც თავს ვიკავებდით დიდი ხნის განმავლობაში. „ბუნებრივია, ჩვენი მზიანია დეპუტატების დარწმუნება იმაში, რომ მათაც ჩვენსავით პრინციპულად დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ლუსტრაცია მოხდება, როდესაც პარლამენტის სხდომაზე გავა ეს საკითხი. ვნახავთ, ვინ დგას კონსტიტუციის სადარაჯოზე და ვინ არ დგას. რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო, ეს არის კონსტიტუციური მიზანი, საქართველოს პრეზიდენტის გადაყენება. მე ხაზი გავუსვი იმას, რომ ეს პოლიტიკურად შეიძლება, არ იყოს რეალისტური ამოცანა, საბოლოოდ, გადაწყვეტილებას თავისუფალი მანდატის ფარგლებში 150 დეპუტატი იღებს გადაწყვეტილებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებთ, რომ არიან დეპუტატები ოპოზიციაში, რომლებსაც შეიძლება, მივიჩნევდეთ კეთილსინდისიერად ან საკმარისად კომპეტენტურად იმისთვის,რომ აქ მაინც არ გადალახონ მორალური ზღვარი. ვიტოვებთ იმედს, რომ ვიღაცას კეთილსინდისიერება გადასძალავს ან კომპეტენცია გადასძალავს, ეს არის ჩვენი სურვილი და იმედი. ვეცდებით ბუნებრივია პარლამენტის წევრების დარწმუნებას, რომლებიც თავისუფალი მანდატის ფარგლებში დამოუკიდებლად იღებენ საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან მოსამართლეებსაც მიმართა: „თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, საქართველოს დარჩება თუ არა კონსტიტუცია, საქართველო დარჩება საპარლამენტო რესპუბლიკად თუ გადაიქცევა გაურკვეველ ჰიბრიდულ სისტემად.“ დასკვნითი სიტყვით წარსდგნენ პრეზიდენტის წარმომადგენლებიც: „რას ვაკეთებთ აქ და სად ვართ?! ჩვენ ვაფასებთ და საქართველოს პარლამენტმა დაიწყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი იმის გამო, რომ იგი შეხვდა ევროპელ ლიდერებს და სთხოვა მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში და როდესაც ჩვენ გვინდა, ვიღაცას ვკითხოთ არის თუ არა ეს დამაზიანებელ, რა პროცესში ვართ, ირაკლი კობახიძეს კი არ უნდა ვკითხოთ, უნდა ვკითხოთ იმ ხალხს ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ვინ არის არბიტრი, და ვინც არის მსაჯი და ვინც უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი. და ეს საკითხი უნდა გადაწყვიტონ სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათი პრეზიდენტები ამბობენ, რომ პროცესის მონაწილეები არ არიან - დიახ, არა, ვამბობ, რომ ვისი აზრია მნიშვნელოვანი, ვის შეფასებას აქვს მნიშვნელობა. მხარის კი არა, რომელმაც პოლიტიკური ანგარიშსწორება დაიწყო პრეზიდენტის მიმართ, არამედ იმ ხალხს, ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება უნდა მიიღონ სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა, რომლებიც ერთადერთი რასაც ამბობენ, ამბობენ იმას, რომ მიესალმებიან იმ შეხვედრებს, რომლებიც გაიმართა საქართველოს პრეზიდენტთან და რიგ შემთხვევაში, მოუწოდებენ აღმასრულებელ ხელისუფლებას და ჩვენს პრემიერ-მინისტრს ასევე, ჩავიდეს და შეასრულოს თავისი როლი. ახლა რასაც უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება, ყველა პირი, ვისაც აქვს წარმომადგენლობითი უფლება, რომ წარმოადგინოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დადიოდეს დედაქალაქიდან დედაქალაქში, ელაპარაკებოდეს ყველას, ვისთანაც მიუწვდება ხელი და უნდა ცდილობდეს, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ სტატუსი და აქ კი არ უნდა ვისხდეთ და აქ კი არ უნდა ვასამართლებდეთ პრეზიდენტს იმისთვის, რომ მან თავისი ფუნქცია შეასრულა, დასანანია, ძალიან სამწუხაროა. გაესაუბრეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან საერთაშორისო ურთიერთობებში აქტიურად ჩართულები, რომლებიც არიან კვალიფიციურები, რომლებიც უშუალოდ არიან შემხებლობაში იმასთან, რა ხდება დღეს, ზუსტად იციან, არც მე მენდოთ და არც პარლამენტს ენდოთ, ენდეთ ობიექტურ დამკვირვებელს, რომელმაც ეს საქმე იცის, რომელსაც ეს საქმე ესმის და რომელიც კვალიფიციურად გეტყვით რა ხდება იქ, რას ნიშნავს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მაია კოპალეიშვილის შეფასებით, პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევას ედავებიან, რადგან კონკრეტულად არ მოსწონთ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არ მოეწონათ მისი განცხადება. მისივე შეფასებით, პიროვნული შეუთავსებლობის გამო სხვა გზა ვერ მონახეს პრეზიდენტის წინააღმდეგ და გამოიყენეს იმპიჩმენტის პროცედურა. მას იმედი აქვს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო არ მოექცევა პოლიტიკური პროცესში. საკონსტიტუციო სასამართლოში როდესაც გადმოვიდა ეს საკითხი, შეიძინა სამართლებრივი სივრცე, სადაც არსებობს მოლოდინი, რომ ჯეროვანი პროცედურის დაცვით გამოიკვლევს ამ ყველა სამივე ფაქტს, ფაქტობრივ გარემოებას, შეაფასებს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმებთან მიმართებით და ისე მიიღებს გადაწყევტილებას.“ „დღეს დავინახეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აქვთ წმინდა პოლიტიკური მოსაზრებები, არ ადარდებთ, კონსტიტუცია დაირღვა თუ არა. მათი დარდი არის წმინდად პოლიტიკური, გაბრაზებული და განაწყენებული არიან საქართველოს პრეზიდენტზე.“ „დიდი იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 49-ე მუხლის შინაარსობრივ დატვირთვას 52-ე მუხლთან კავშირში. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო არ დაუშვებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს უუნარო პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში და მძევალი იყოს მთავრობის ნებართვის. წარმოუდგენელია, სახელმწიფოს მეთაური ელოდებოდეს მთავრობის გადაწყვეტილებას. ჩვენ დღეს გერმანიის პრეზიდენტის მაგალითიც მოგვიყვანეს, რომლის მიხედვითაც, თურმე ქვეყნის შიგნითაც ვერ მიიღებს ვერავის მთავრობის თანხმობის გარეშე. თქვენ ახლა რომ დაადგინოთ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, თქვენი ეს დასკვნა ვერანაირად ვერ მოიპოვებს დასაბუთებას, ან ნდობას საზოგადოებაში. თქვენ შეიძლება ძალიან ასიამოვნოთ პოლიტიკურ უმრავლესობას ამ საკითხში, მაგრამ ნდობა თქვენ დასკვნას ვერ ექნება, რადგან ეს არ არის ის კონკრეტული დარღვევა, უხეში დარღვევა, რაც გინდათ ის დაარქვით, რომელმაც კონსტიტუციური წესრიგი არია,“ – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.
პრემიერი: ევროპელ კოლეგებს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხი ესმით, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ეს არ არის ლამაზი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა. „იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს მხარი დაეჭირა მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის, ღიად, დეკლარირებულად გამოეცხადა მხარდაჭერა იმ პროცესისთვის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ შარშან, პარლამენტმა რომ დაიწყო პარლამენტში, უნდა ეთქვა, რომ თუ რაიმეში დაგვჭირდებოდა მისი დახმარება, იგი მზად იქნებოდა. ეს უნდა ყოფილიყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის პოზიცია. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის დონეზე დასული პრეზიდენტი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას. პრემიერის თქმით, ზურაბიშვილმაც გაიმეორა ზუსტად ანალოგიური „მესიჯები“, ის ნარატივი, რომელიც ოპოზიციას ჩამოყალიბებული აქვს. „რომ ვთქვათ გულწრფელად, ეს პროცესი, რომელიც წამოიწყო სამწუხაროდ და ჩვენ გვაიძულა ქალბატონმა პრეზიდენტმა, რომ ჩვენ ეს ნაბიჯი გადაგვედგა, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. მითუმეტეს, ჩვენი ქვეყანა, ამდენი გამოწვევების წინაშეა. ბევრად მეტი პრობლემა აქვს ქვეყანას მოსაგვარებელი, ვიდრე ასეთი გაუმართლებელი სიტუაცია და ურთიერთობები პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის. მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვა ქალბატონმა სალომემ, რომელმაც დემონსტრაციულად, მიზანმიმართულად დაარღვია კონსტიტუცია. ეს იყო გამიზნული პროვოკაცია. მე ამას ვუწოდებ პროვოკაციას. მითუმეტეს, ასეთ ვითარებაში, როცა ქვეყანა ელოდება სტატუსს. რა დროს ასეთი ტიპის, მდარე ხარისხის პროვოკაციაზე წასვლა არის, მე ამ კითხვას ვუსვამ ქალბატონ სალომეს. დროული იყო ეს პროვოკაციები? როცა ადამიანი განგებ, მიზანმიმართულად არღვევს კანონს. ავიღოთ ნებისმიერი ადამიანი. როცა ადამიანი მიდის და არღვევს მოძრაობის წესებს ქუჩაში. იცი, რომ მის ამ დარღვევას მოჰყვება რეაგირება ბუნებრივია. როცა პრეზიდენტი განგებ, მიზანმიმართულად არღვევს კონსტიტუციას, მან ეს რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ხელისუფლებას მოუწევდა რეაგირება. ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ სამართლებრივი შეფასება მიგვეცა მისი ამ ქმედებისთვის, მისი ამ პირდაპირი დემონსტრაციული ქმედებისთვის. მე ეს ავუხსენი ჩვენს ევროპელ კოლეგებს. რა თქმა უნდა, მათ ეს ესმით, ეს სუფთა სამართლებრივი საკითხი ესმით, მაგრამ ასევე გვეუბნებიან, რომ ეს არ არის ლამაზი. რა თქმა უნდა, ეს ოპტიკას და აღქმებს აფუჭებს. მე ამიტომ ვთქვი, რომ იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს მხარი დაეჭირა მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის, ღიად, დეკლარირებულად გამოეცხადა მხარდაჭერა იმ პროცესისთვის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ შარშან, პარლამენტმა რომ დაიწყო პარლამენტში, უნდა ეთქვა, რომ თუ რაიმეში დაგვჭირდებოდა მისი დახმარება, იგი მზად იქნებოდა. ეს უნდა ყოფილიყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის პოზიცია. ჩვენ ნაცვლად ამისა ვნახეთ ოპოზიციის დონეზე დასული პრეზიდენტი. თან რომელი ოპოზიციის - რადიკალური დესტრუქციული ოპოზიციის დონეზე, იმიტომ, რომ მანაც გაიმეორა ზუსტად ანალოგიური მესიჯები, ის ნარატივი, რომელიც ოპოზიციას ჩამოყალიბებული აქვს, რომ თურმე ჩვენ არ ვასრულებთ რეკომენდაციებს, თურმე ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის გაუგებარი და თურმე ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსს. აი, ამაზეა საუბარი. მე ეს გულწრფელად ავუხსენი ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს. ყველას ესმის ეს აბსოლუტურად სამართლებრივი მდგომარეობა და ვუთხარი, რომ ეს არის ფორმალური, იურიდიული, თუმცა მნიშვნელოვანი პროცესი, რომ გამოჩნდეს კანონის უზენაესობა, კონსტიტუციის უზენაესობა, რომ ქვეყანაში არავინ არ დგას კანონზე მაღლა - არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი, არც პარლამენტი და არც არავინ. ეს არის ჩემი პასუხი. მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გააცნობიერებს იმას, რომ ქვეყანას გაცილებით მეტი მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი. თუკი იგი მხარს დაგვიჭერს ჩვენ და გახდება ჩვენი მხარდამჭერი ამ პროცესში, მე მხოლოდ მადლიერებით მივესალმები მის ამ ძალისხმევას, მაგრამ, ისე, როგორც ხდებოდა შარშან, მაგალითად, შარშან, მე შეგახსენებთ, რომ სტატუსის მინიჭებამდეც, როცა იყო მომართვები პრეზიდენტისგან, მე მას ვუშვებდი ყველგან, ჩვენ, მთავრობა ვუგზავნიდით თანხმობის წერილებს. რატომაც არა, თუ კიდევ ერთით მეტი ხმა იქნებოდა ევროპაში, რომელიც ჩვენს სათქმელს იტყოდა, რატომაც არა, ეს მისასალმებელია, მაგრამ მან სამწუხაროდ, რადიკალურად შეცვალა ეს ორიენტირები და მთელი მისი მესიჯბოქსი და ნდობა დაიკარგა. ჩვენ ბუნებრივია, ოპოზიციონერს, ჩვენი მანდატით და ჩვენი უფლებამოსილების ქვეშ ვერ გავუშვებდით ევროპაში. ზოგადად, როცა შიდა სიტუაციაზე მივაწოდე ინფორმაცია და ვუყვებოდი ვითარებაზე, ამ კონტექსტში მოვუყევი," - განაცხადა პრემიერმა. პრეზიდენტის იმპიჩმენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა დასრულდა
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ევროპელი ლიდერისგან მივიღე დასტური, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში გამართული შეხვედრების შესახებ იუსაუბრა. მან განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერებისგან პოზიტიური გზავნილები მოისმინა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. „მქონდა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრებიც ევროპელ ლიდერებთან. მე მათ ანალოგიურად მივაწოდე ინფორმაცია ამ მიღწეულ პროგრესზე და მათგან, ყველა ევროპელი ლიდერისგან, მივიღე დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.“ „ასევე ვუთხარი, რომ თუ სტატუსს ქვეყანა არ მიიღებს, ეს იქნება აბსოლუტურად გაუგებარი, ეს იქნება შეურაცხყოფა ჩვენი ქართველი ხალხის, ეს იქნება დაუმსახურებელი, ასე ვთქვათ, მორიგი მცდელობა, რომ ქვეყანა დაჩაგრონ ან უსამართლოდ მოქცნენ და მოეპყრან. ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და რაც მთავარია, ბოლო მესიჯი, რაც მე მათ ვუთხარი, რომ ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, თუნდაც იგივე რუსეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, ზოგადად, რეგიონისთვის ან იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რომ დაახლოვდნენ ევროკავშირთან. ამ საკითხებზე გვქონდა ჩვენ საუბარი და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა ამ ფორუმში,“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენმა გვითხრა, რომ პოზიტიურად აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია და მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ადეკვატურად დაფასდეს საქართველოს პროგრესი
სამოქალაქო აქტივისტებმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები, პარლამენტთან კარვების გაშლით გააპროტესტეს
სამოქალაქო აქტივისტები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ. მათ კანონპროექტის მიღების შემდეგ პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. სამოქალაქო აქტივისტის, დავით ჩხობაძის განცხადებით, დამორჩილებას არ აპირებენ, რადგან გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია და „რეჟიმის შიშის მაგალითია.“ პროტესტის მონაწილეები პარლამენტის წინ დარჩენას და ღამის გათენებას აპირებენ. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ სადავო კანონპროექტი დაამტკიცა ასევე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს, თუმცა შსს-ს ოფიციალურად ეს ცნობა ჯერ არ დაუდასტურებია.
მიშელი: ქართველ ხალხს ვეტყვი - განახორციელეთ რეფორმები
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მედიას განუცხადა, რომ დეკემბერში გაფართოების საკითხი ევროპული საბჭოს დღის წესრიგში დადგება და ლიდერების დონეზე განიხილება, მათ შორის იქნება საქართველოს საკითხიც. მიშელმა საქართველოს მიერ რეფორმების გატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ერთი სიტყვა საქართველოზე. იცით, რომ ნოემბერში ევროკომისია გაფართოებაზე ანგარიშს გამოაქვეყნებს და დღეს შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ დეკემბერში გაფართოების საკითხს ევროპული საბჭოს დღის წესრიგში დავაყენებთ და [წევრი სახელმწიფოების] ლიდერების დონეზე გაფართოებაზე ყველა საკითხს განვიხილავთ, მათ შორის საქართველოსთვისაც,” - განაცხადა მიშელმა IPN-ის ცნობით. რა გზავნილი ექნება ქართველი ხალხისადმი, მიშელმა ამ შეკითხვასაც უპასუხა. „ამ კითხვას უკვე ვუპასუხე, მაგრამ ქართველ ხალხს ვეტყვი - რეფორმები. განახორციელეთ რეფორმები და დარწმუნდით, რომ თქვენი რეფორმები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ეკონომიკური რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლის რეფორმები, სასამართლოს დამოუკიდებლობა - ეს არის პრიორიტეტი,” - განაცხადა მიშელმა.
მიშელის, მაკრონის, შოლცისა და ფაშინიანის განცხადება: მთიანი ყარაბაღიდან დევნილებს საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში სახლებში დაბრუნების საშუალება უნდა ჰქონდეთ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ერთობლივი განცხადებით, მთიანი ყარაბაღიდან დევნილებს საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში სახლებში დაბრუნების საშუალება უნდა ჰქონდეთ. ევროპელმა ლიდერებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს ომის ფარგლებში დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებისკენ, უგზოუკვლოდ დაკარგული პირების ბედის დასადგენად და განაღმვითი სამუშაოების ხელშეწყობისთვის თანამშრომლობისკენ მოუწოდეს. მიშელმა, მაკრონმა და შოლცმა ხაზი გაუსვევ სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობისადმი მათ ურყევ მხარდაჭერას. მხარდაჭერა გამოხატეს ყველა მიმართულებით ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების განვითარებისადმი, სომხეთის რესპუბლიკის საჭიროებებზე დაყრდნობით. ლიდერები სომხეთისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საჭიროებაზეც შეთანხმდნენ, ვინაიდან, ქვეყანა ყარაბაღელი სომხების მასობრივი გადმოსახლების შედეგების წინაშე დგას. „მათ აღნიშნეს, რომ ამ დევნილებს სახლებსა და საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება უნდა ჰქონდეთ, ყველანაირი პირობების გარეშე, საერთაშორისო მონიტორინგით, მათი ისტორიის, კულტურისა და ადამიანის უფლებებისადმი შესაბამისი პატივისცემით,” - წერია ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. განცხადების ავტორები დღეს, ესპანეთის ქალაქ გრანადაში შეხვდნენ. რატომ განაცხადა ალიევმა უარი გრანადაში ჩასვლასა და ფაშინიანთან შეხვედრაზე
ესპანეთი უკრაინას დამატებით, Hawk-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს
ესპანეთი უკრაინას კიდევ 6 Hawk-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს, რათა შავი ზღვის ახალი დერეფანი დაიცვას და სამოქალაქო ობიექტებზე დაბომბვებს წინ აღუდგეს. ამის შესახებ ესპანეთის მთავრობამ განაცხადა. ეს განცხადება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ესპანეთის პრემიერ-მინისტრ, პედრო სანჩესს შორის ორმხრივი შეხვედრას მოჰყვა. აუდიენცია ესპანეთში, ქალაქ გრანადაში ევროპული პოლიტიკური სამიტის ფარგლებში გაიმართა. მადრიდის ცნობით, შეხვედრის დროს სანჩესმა ზელენსკის შესთავაზა ახალი საზენიტო და საზენიტო სისტემები, უკრაინელი ჯარისკაცებისთვის შესაბამისი ტრენინგი და განაღმვის აღჭურვილობა. MIM-23 Hawk არის ამერიკული საშუალო დისტანციის მიწა-ჰაერის კლასის სარაკეტო სისტემა, რომელიც შემუშავებულია Raytheon-ის მიერ. ის 1960 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და დღემდე გამოიყენება ეგვიპტეში, საბერძნეთში, საუდის არაბეთში, ესპანეთში, შვედეთსა და სხვა ქვეყნებში. ესპანეთმა უკრაინას უკვე გადასცა რამდენიმე ასეთი საჰაერო თავდაცვის სისტემა.
გერმანია უკრაინას დამატებით, Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემას მიაწვდის
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ესპანეთში შეხვდა. გერმანია უკრაინას კიდევ ერთ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს. შოლცის თქმით, ახლა აუცილებელია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. „ეს არის ის, რაც ახლა ყველაზე მეტად არის საჭირო – საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა ამ მაღალეფექტიანი სისტემით,” - განაცხადა შოლცმა ევროკავშირის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის პირველი დღის შემდეგ ესპანეთში, გრანადაში. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამ ზამთარში კვლავ შეეცდება, დაემუქროს უკრაინის ინფრასტრუქტურასა და ქალაქებს სარაკეტო თავდასხმებით და სწორედ ეს აქცევს საჰაერო თავდაცვის სისტემას პრიორიტეტად. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერალურ კანცლერ, ოლაფ შოლცთან. გერმანია ზამთრირსთვის დამატებითი Patriot-ის ტიპის სისტემის მოწოდებაზე მუშაობს. მადლობელი ვარ გერმანიის მხარდაჭერისთვის ჩვენი თავისუფლებისა და ხალხის დაცვაში. ეს არის ევროპისა და ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვაც,“ - წერს თავის მხრივ, ზელენსკი სოციალურ ქსელში. ესპანეთი უკრაინას დამატებით, Hawk-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს
იუნ ფოსე ლიტერატურის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია
ნორვეგიელი მწერალი, იუნ ფოსე ლიტერატურის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. „მისი ნამუშევარი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ჟანრს, შედგება მრავალი პიესის, რომანის, პოეზიის კრებულის, ესეების, საბავშვო წიგნებისა და თარგმანებისგან," - ნათქვამია ნობელის კომიტეტის პრესრელიზში. ფოსი მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია, ძირითადად სკანდინავიის ქვეყნებში. იუნ ფოსი 1959 წელს დაიბადა. ცნობილია, როგორც პოეტი, პროზაიკოსი, მაგრამ, პირველ რიგში, როგორც დრამატურგი. მისი ნამუშევრების მიხედვით სპექტაკლები მსოფლიოს მრავალი ქვეყანის თეატრებში იდგმება. ფოსის სადებიუტო რომანი „წითელი, შავი" 1983 წელს გამოქვეყნდა.
პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა ახალი თაობის ბირთვული იარაღი გამოსცადა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა ახალი თაობის ბირთვული იარაღი გამოსცადა. „ჩატარდა “ბურევესტნიკის” ბოლო წარმატებული გამოცდა - გლობალური მანძილის ფრთოსანი რაკეტის ბირთვული სისტემით, ბირთვული ძრავის სისტემით,” - განაცხადა პუტინმა. ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი არ გმორიცხავს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში პირველი ბირთვული აფეთქების შემცველი ტესტის ჩატარებას. პუტინის თქმით, უახლოეს მომავალში “სარმატის” სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი საბრძოლო მზარდყოფნაში ჩადგება. “ფაქტობრივად დავასრულეთ “სარმატზე” - ზემძიმე რაკეტაზე - მუშაობა. კითხვა იმაშია, რომ წმინდად ადმინისტრაციულად-ბიუროკრატიულად გვჭირდება ზოგიერთი პროცედურის დამთავრება," - განაცადა პუტინმა.
გერმანიაში, რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის კუთვნილ ობიექტებზე ჩხრეკა ჩატარდა
ბავარიაში, რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის კუთვნილ ობიექტებზე პოლიციამ და მებაჟეებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. თავის მხრივ, Bild-ის ცნობით, ჩხრეკის დროს ამოიღეს ხუთი მანქანა, მათ შორის, დაახლოებით, 140,000 ევროს ღირებულების Mercedes Maybach S500-ი და დაახლოებით, 180,000 ევროს ღირებულების Mercedes Brabus-ი, ასევე, სხვა მატერიალური აქტივები. სააგენტო Reuters-თან კი, უსმანოვის სპიკერი ამბობს, რომ არ შეიძლება, რაიმე ეჭვი არსებობდეს ბიზნესმენის მიმართ, რადგან „აქტივები მან კანონიერად შეიძინა.“ 69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა. მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი. იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში გერმანიის პოლიცია ჩხრეკას ატარებს