ძებნის რეზულტატი:

პაპუაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ევროკავშირის ელჩის განცხადებას უადგილო უწოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ხელს არ უწყობს. პაპუაშვილის თქმით, ეს განცხადება უადგილოა, „იმიტომ, რომ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციას და კანონის უზენაესობას და როცა ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, აქ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უზენაესი კანონი ანუ კონსტიტუცია იგულისხმება.“ „თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ევროპული ღირებულებები, სწორედ ვგულისხმობთ იმას, რომ სწორედ კანონის უზენაესობა არის ჩვენთვის საერთო და აქ არ არსებობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ქვეყნები - ქვეყნები, სადაც კანონის უზენაესობას და კონსტიტუციას აქვს მნიშვნელობა და ქვეყნები, სადაც შეიძლება კონსტიტუცია იყოს მეორეხარისხოვანი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ზუსტად ის ევროპული მიდგომა, რომელსაც „ქართული ოცნება“ იჩენს, რომ ამ საკითხს ჩვენ არა პოლიტიკური კინკლაობით და დებატით ვწყვეტთ, არამედ სასამართლოს მივმართავთ. ამისთვის გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლო სხვა რამისთვის ხომ არა, რომ საკონსტიტუციო საკითხებზე თავისი კომპეტენტური აზრი წარმოადგინოს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. მისი შეფასებით, „ასეთი ტიპის განცხადებები ხელს უწყობს ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს, რომ ის გაჯიუტდეს კონსტიტუციის დარღვევაში და პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს.“ „ამიტომ განსაკუთრებით უცხოელ აქტორებს მოვუწოდებ, პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობას, ეს პროცესი, ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ცივილიზებულად, ევროპულად მიდის სასამართლოში. ეს არის ევროპა! ჩვენ ასე გვესმის ევროპა! თუ ევროპა არის სხვა რამე, მაშინ გვითხარით, რომ ევროპა გულისხმობს, რომ კონსტიტუციის დარღვევა უნდა ავიტანოთ, კანონის უზენაესობას პატივი არ უნდა ვცეთ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. პრეზიდენტის იმპიჩმენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა დასრულდა შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.

შვედეთი უკრაინას დამატებით, $200 მილიონი ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

შვედეთი უკრაინას 2,2 მილიარდი შვედური კრონის (199,8 მილიონი დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუგზავნის, განაცხადა შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ 6 ოქტომბერს. სამინისტრომ ასევე სთხოვა თავის შეიარაღებულ ძალებს, შეაფასონ, შეუძლია თუ არა შვედეთს Gripen-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნა უკრაინაში. უკრაინელმა პილოტებმა საცდელი ფრენები უკვე შეასრულეს. შვედეთმა უკრაინისთვის სულ 14 პაკეტი დაამტკიცა.  

ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი პატიმრობაში მყოფი ირანელი უფლებადამცველი გახდა

2023 წლის ნობელის მშვიდობის პრემია გადაეცა ირანელ უფლებადამცველ ნარგეს მოჰამადის, „ირანში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისა და, ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ხელშეწყობისთვის ბრძოლისთვის." უფლებადამცველი სხვადასხვა დროს 13-ჯერ დააკავეს, მას ჯამში 31 წელი აქვს მისჯილი და ახლაც ირანის ციხეში იმყოფება. მოჰამადი 351 ნომინანტიდან შეირჩა, მათ შორის 259 იყო კერძო პირი, ხოლო 92 - ორგანიზაცია. პრემიის წესების თანახმად, მათი სახელები მხოლოდ ორმოცდაათი წლის შემდეგ გამოქვეყნდება. მშვიდობის პრემიის კანდიდატები შეიძლება დასახელდნენ იმ პირების მიერ, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს. დაუშვებელია საკუთარი თავის წარდგენა. სხვა ნობელის პრემიებისგან განსხვავებით, მშვიდობის პრემია გაიცემა ნორვეგიაში და არა შვედეთში. დაჯილდოების ცერემონია ოსლოში 2023 წლის დეკემბერში გაიმართება.  

კობახიძე: პოლიციას ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის - არა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე განაცხადა, რომ პოლიციას ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის - არა. „მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია! რა თქმა უნდა, წესდება შესაბამისი რეგულაცია, მაგრამ აპრიორი არავითარი კარვების გაშლა არ იკრძალება. პოლიციას ეძლევა შესაძლებლობა, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის - არა. ამისთვის სათანადო სტანდარტებიც არის ჩამოყალიბებული შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ ორგანულ კანონში, მათ შორის, რა თქმა უნდა, თანაზომიერების პრინციპიც უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს კანონი სრულად თავსებადია, როგორც საერთაშორისო პრაქტიკასთან, ისე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან, საერთაშორისო სტანდარტებთან ამ სფეროში. ამ სტანდარტების მიხედვით შევიმუშავეთ ეს კანონპროექტი,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე მედიასთან. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ სადავო კანონპროექტი დაამტკიცა. სამოქალაქო აქტივისტებმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები, პარლამენტთან კარვების გაშლით გააპროტესტეს რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი ომბუდსმენი: სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა

შოლცი: გვსურს, საბოლოოდ მივიღოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში, ასეთი გეგმები გვაქვს მოლდოვასთან, უკრაინასთან დაკავშირებით და პერსპექტივაში - საქართველოსთანაც

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა, რომ „სურთ, საბოლოოდ მიიღონ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში, ასეთი გეგმები არსებობს მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით და პერსპექტივაში – საქართველოსთანაც.“ „პირველ ყოვლისა, ეს ეხება ევროკავშირის გაფართოებას. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მიზანია, საბოლოოდ მივიღოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში 20-წლიანი დაპირებების შემდეგ. ასეთი გეგმები გვაქვს ასევე მოლდოვასთან და უკრაინასთან და პერსპექტივაში – საქართველოსთანაც. რაც უფრო მეტია ევროკავშირის კომისარი, მით მეტი უნდა იფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება, ამან გონივრულად იმუშაოს. ბოლოსდაბოლოს, თქვენ არ შეგიძლიათ, გააგრძელოთ მთავრობის გაფართოება ახალი სამინისტროების გამოგონებით. ასე რომ, ჩვენ მოგვიწევს პრაგმატული გადაწყვეტის პოვნა. ჩვენთვის, გერმანიაში აშკარად როლს თამაშობს კითხვა, რამდენი ადგილი აქვს ჩვენს დიდ წევრ ქვეყანას ევროპარლამენტში,“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა. ბერბოკი: უკრაინა, მოლდოვა, ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო, ევროკავშირის წევრები გახდებიან  

ევროკავშირი შავი ზღვის კაბელის პროექტში სომხეთის ჩართვას მხარს დაუჭერს - ფაშინიანისა და ლაიენის ერთობლივი განცხადება

ესპანეთის ქალაქ გრანადაში გამართული შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა  ერთობლივი განცხადება მიიღეს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კომისია დაფინანსების მობილიზებას ახდენს, რათა თავისი წლიური პროგრამიდან, სომხეთისთვის საბიუჯეტო დახმარების სახით, 15 მილიონი ევრო გამოყოს. გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირი და სომხეთი მოწოდებულნი არიან, გააძლიერონ ეკონომიკური კავშირები. „ევროკავშირი და სომხეთი მუშაობენ ჩვენი ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების სრული პოტენციალის გამოსავლენად. კერძოდ, ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა (EIP) სომხეთისთვის ითვალისწინებს 2,6 მილიარდ ევროს გამოყენებას მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებში ინვესტიციებისთვის. კომისია და სომხეთი გააორმაგებენ ძალისხმევას მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. ევროკომისია მხარს დაუჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონულ პროექტებში, კერძოდ, შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტში აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, უნგრეთთან და რუმინეთთან ერთად.  და ბოლოს, კომისია გააძლიერებს ტექნიკურ დახმარებას სომხეთისთვის, განსაკუთრებით საჰაერო უსაფრთხოებისა და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში. პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის მხარდასაჭერად ევროკავშირი-აშშ ერთობლივი ღონისძიების მზადების შესახებ განაცხადა. უახლოეს დღეებში ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიებს იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.    

აშშ და ევროკავშირი სომხეთის მხარდასაჭერად ერთობლივ აქტივობას გეგმავენ

ესპანეთის ქალაქ გრანადაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი და აშშ სომხეთის მხარდასაჭერად ერთობლივ აქტივობას გეგმავენ. შესაბამისი შინაარსის ჩანაწერი გაჩნდა განცხადებაში, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა  ერთობლივი განცხადება მიიღეს. განცხადებაში ხაზგასმულია მთიანი ყარაბაღის მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილების აუცილებლობაზე. ამასთან, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კომისია დაფინანსების მობილიზებას ახდენს, რათა თავისი წლიური პროგრამიდან, სომხეთისთვის საბიუჯეტო დახმარების სახით, 15 მილიონი ევრო გამოყოს გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირი და სომხეთი მოწოდებულნი არიან, გააძლიერონ ეკონომიკური კავშირები. განცხადების ავტორები ადასტურებენ, რომ მზად არიან, კიდევ უფრო გააძლიერონ ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობები. განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის მხარდასაჭერად ევროკავშირი-აშშ ერთობლივი ღონისძიების მზადების შესახებ განაცხადა. „უახლოეს დღეებში ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიებს იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა,“ - აღნიშნულია განცხადებაში. „ევროკავშირი და სომხეთი მუშაობენ ჩვენი ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების სრული პოტენციალის გამოსავლენად. კერძოდ, ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა (EIP) სომხეთისთვის ითვალისწინებს 2,6 მილიარდ ევროს გამოყენებას მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებში ინვესტიციებისთვის. კომისია და სომხეთი გააორმაგებენ ძალისხმევას მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად. ევროკომისია მხარს დაუჭერს სომხეთის მონაწილეობას რეგიონულ პროექტებში, კერძოდ, შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტში აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, უნგრეთთან და რუმინეთთან ერთად.  და ბოლოს, კომისია გააძლიერებს ტექნიკურ დახმარებას სომხეთისთვის, განსაკუთრებით საჰაერო უსაფრთხოებისა და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში,“ - წერია განცხადებაში.  

რა ალტერნატიულ გზას განიხილავს ჯო ბაიდენი კონგრესის გვერდის ავლით უკრაინის დახმარების უზრუნველსაყოფად

რა ალტერნატიულ გზებს ეძებს თეთრი სახლი უკრაინის დახმარების უზრუნველსაყოფად, ამ თემას დასავლური მედია აქტიურად განიხილავს. მაგალითად, Politico წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განიხილა დაფინანსების ალტერნატიული მეთოდები, რომლებიც კონგრესის დამტკიცებას არ საჭიროებს. „სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტები არის რიგ ვარიანტებს შორის, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს კონგრესში არსებული ჩიხის გვერდის ავლით, დროებით მაინც,“ - განუცხადეს Politico-ს აშშ-ის მთავრობის წყაროებმა. უფრო კონკრეტულად კი, Reuters-ის სტატიიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება აშშ-ის სამხედრო გაყიდვების (FMS) პროგრამის გამოყენება. ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაა, რომელიც გასცემს გრანტებს ან სესხებს, რათა დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენაში ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალური თანხმობით, თუ ის თვლის, რომ ეს გააძლიერებს აშშ-ის უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს მსოფლიო მშვიდობას. აშშ-ის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი პოლ გობლი Europetime-თან ამბობს, რომ კონგრესში დავები სერიოზულად უნდა განვიხილოთ, თუმცა გობლი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი მათ გამო არ შეფერხდება. „კონფლიქტები აშშ-ის კონგრესში, სერიოზულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი მათ გამო არ შეფერხდება. არამხოლოდ თითქმის ყველა დემოკრატი, არამედ, რესპუბლიკელების უმეტესობა, გარდა MAGA-ს ექსტრემისტებისა, მხარს უჭერს უკრაინის მხარდაჭერას. MAGA (Make America Great Again) ამერიკული პოლიტიკური სლოგანი, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა დონალდ ტრამპის მიერ 2016 წლის წარმატებული საპრეზიდენტო კამპანიის დროს,“ - განუცხადა Europetime-სა შშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალურმა წარმომადგენელმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა. მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი." „აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, მოკავშირეებს უდასტურებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს. 4 ოქტომბერს რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტიდან გადააყენეს.  

სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნებში არ მონაწილეობს

ყირგიზეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) წვრთნები "ურღვევი ძმობა - 2023" იმართება. წვრთნები 6-დან 13 ოქტომბრამდე ყირგიზეთის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ მოედანზე, ქალაქ ბალიკჩიში ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ბელორუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის ფედერაციისა და ტაჯიკეთის ძალები. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გასულ თვეში სომხეთის და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო სწავლების წინ განაცხადა, რომ „უსაფრთხოების საკითხებში მოსკოვზე ერევნის სრული დამოკიდებულება შეცდომა იყო“. სექტემბერში მან ასევე განაცხადა, რომ ერევნის მონაწილეობა ორგანიზაციაში სომხეთის ინტერესებისთვის არაეფექტიანია. CSTO 1992 წელს შეიქმნა და სომხეთს, ბელორუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს აერთიანებს. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა  

ალექსანდრე დარახველიძემ აშშ-ის მხარდაჭერილი სასწავლო პროგრამის მონაწილე შსს-ს თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე ჩატარებული ერთწლიანი სასწავლო პროგრამის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელდა. შსს-ს ცნობით, დასკვნითი ღონისძიება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა და მას გენერალური პროკურორი - ირაკლი შოთაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება ელექტორნული/ციფრული მტკიცებულებების ეფექტური გამოძიების მიმართულებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაბამისი აღჭურვილობა გადაეცათ. ღონისძიების დასასრულს, ტრენინგის მონაწილეებს Windows-ის ციფრული მტკიცებულებების გამომძიებელი ანალიტიკოსის სერტიფიკატები გადაეცათ.  

საია: 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებული ჟურნალისტისთვის შსს-ს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

საია-ს განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ეკატერინე აბაშიძის სარჩელი. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 3 000 ლარის ოდენობით. „ეკატერინე აბაშიძე 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ანტისაოკუპაციო აქციას ჟურნალისტის სტატუსით ესწრებოდა. სწორედ ამ დროს, მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები მოხვდა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასრულებამდე დადგა, რომელიც მიმდინარეობს საპროტესტო შეკრებისას სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ძალადობისა და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საიას დახმარებით 15-მდე პირმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელეთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე, შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები. გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ არის შესული კანონიერ ძალაში. მოსარჩელე მხარე, მორალური ზიანის ოდენობის ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ განიხილავს,“ - წერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. დაზარალებულის ინტერესებს, როგორც სასამართლოში, ისე, საგამოძიებო ორგანოში, წარმოადგენს საია.  

სუბარი საპატრიარქოსთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვს: „გაორმაგებაც არაფერია”

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვისას საპატრიარქოს და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების დაფინანსებაზე ისაუბრა. „მინდა, გამოვეხმაურო საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსებას. 20 წელზე მეტია, ეს დაფინანსება 25 მილიონია, ამას ჩვენს პერიოდში დაემატა დაფინანსება, რომელსაც სხვა ტრადიციული რელიგიებიც იღებენ. თავის დროზე ეს შეიძლება, სერიოზული თანხა იყო, დღეს კი მართლა ცოტაა. მით უმეტეს, რომ მე კარგად ვიცი, რაში იხარჯება ეს თანხები საპატრიარქოს მიერ (მე თვითონ ვსწავლობდი სასულიერო აკადემიაში) – 100%-ით ეს თანხა მიემართება სწავლა-განათლებისკენ. კი არ გაორმაგდა, გაოთხმაგდა ამ ხნის განმავლობაში სასწავლებლების რაოდენობა; აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გაათმაგდა თანხა, რომელიც სოციალურ საკითხებს, დასუფთავებას და ა.შ. სჭირდება. ძალიან მაღალი დონის პროფესურაა და მართლა მინიმალური ანაზღაურება აქვთ. იგივე შეიძლება, ვთქვათ სხვა დომინაციებზეც და კარგი იქნება, ამ მხრივ გაზრდაზე თუ ვიფიქრებთ. მართლა გაორმაგებაც კი არაფერი არ არის აქ, იმდენად ცოტა თანხაა,“ - განაცხადა სუბარმა.  

მეორე დღეა, ლარი დოლართან მიმართებით მყარდება, ევროსთან უფასურდება

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6719 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6783 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0064 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8215 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8170 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0045 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა  

ჯოზეფ ბორელი: უკრაინა, რომელიც კანდიდატი ქვეყანაა, ხელს უწყობს დანარჩენ ქვეყნებს, ეს რიგი დაიწყებს მოძრაობას, მაგრამ ყველა მათგანს სჭირდება მორგებული მიდგომა

ესპანეთის ქალაქ გრანადაში შეკრებილი ევროპელი ლიდერები სტრატეგიულ საკითხებს განიხილავენ, ფოკუსშია ორი დიდი საკითხი – გაფართოება და მიგრაცია. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა, რომ არის 10 კანდიდატი ქვეყანა, ყველას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა. „გაფართოვებას რაც შეეხება, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მორგებული მიდგომით. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ მიდგომით, ნათელი გონებით, რომელიც მათ ბიძგს მისცემს, რომ უფრო სწრაფად გაწევრიანდნენ, ვიდრე ეს წარსულში ხდებოდა. უკრაინა, რომელიც კანდიდატი ქვეყანაა, ხელს უწყობს დანარჩენ ქვეყნებს, რომლებიც წინ იდგნენ, ეს რიგი დაიწყებს მოძრაობას, მაგრამ ყველა მათგანს სჭირდება მორგებული მიდგომა,“ – განაცხადა ბორელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

ეროვნულმა ბანკმა 44 900 000 აშშ დოლარი გაყიდა

6 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა გასაყიდად 50 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა. აუქციონზე 44 900 000 აშშ დოლარი გაიყიდა, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6716  შეადგინა. „სავალუტო აუქციონის მიზანშეწონილობა განპირობებული იყო მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციის გაცვლით კურსზე მკვეთრი ზეგავლენის მინიმიზირების მიზნით,“ - აცხადებს ეროვნული ბანკი. მეორე დღეა, ლარი დოლართან მიმართებით მყარდება, ევროსთან უფასურდება  

ევროკავშირი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის შექმნის გეგმაზე: უკანონოა, რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის

ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადება რუსეთის განზრახვის შესახებ, შექმნას საზღვაო ბაზა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას კიდევ ერთხელ შეახსენებს. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმის გამო, ევროკავშირი „ძლიერ შეშფოთებას“ გამოთქვამს. „ევროკავშირი გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით. რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ  რეგიონებში - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ. თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ - წერია სპიკერ პიტერ სტანოს სახელით გავრცელებულ განცხადებაში. ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე: მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება  

პრეზიდენტი: ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნა დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისთვის

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნა დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის." სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელია.  „რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება - სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია საფრთხეს უქმნის არამხოლოდ საქართველოს, არამედ, მთელ რეგიონს. ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს. მოვუწოდებ საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება,“ - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე: მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

ირაკლი კობახიძე: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში. ტელეკომპანია იმედის ცნობით, ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „გადავწყვიტეთ, შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები არ გავუგზავნოთ პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რადგან ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში,“ - განაცხადა კობახიძემ. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ სადავო კანონპროექტი დაამტკიცა. სამოქალაქო აქტივისტებმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები, პარლამენტთან კარვების გაშლით გააპროტესტეს რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი ომბუდსმენი: სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა  

უკრაინამ სამ რუს ოლიგარქს $450 მილიონზე მეტის ღირებულების ქონება ჩამოართვა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) მიხაილ ფრიდმანს, პეტრ ავენსა და ანდრეი კოსოგოვს 17 მილიარდი ჰრ (464 მილიონი დოლარი) ღირებულების აქტივები ჩამოართვა.   „სამი რუსი ოლიგარქი, სავარაუდოდ, პუტინის ახლო წრეს მიეკუთვნება და უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებაში აქტიურად არის ჩართული,“ აცხადებენ SBU-ში.   მთლიანობაში, ოლიგარქების მფლობელობაში არსებული 20 კომპანია დაყადაღებულია. სია მოიცავს ფინანსურ კომპანიებს, საკომუნიკაციო და IT კომპანიებს, სადაზღვევო კომპანიებს და მინერალური წყლის ქარხნებს. ფრიდმანმა და ავენმა რუსეთის უმსხვილესი კერძო ბანკი, ალფა ბანკი დააარსეს. ისინი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების სამიზნეები გახდნენ.    2023 წლის მარტში გაჩნდა ცნობები, რომ ოლიგარქები ცდილობდნენ ბანკში თავიანთი წილის მიყიდვას კოსოგოვისთვის, რომელსაც სანქციები არ დაეკისრა. 2023 წლის სექტემბერში SBU-მ გამოაცხადა, რომ ფრიდმანი ეჭვმიტანილი იყო კონსტიტუციური წესრიგის დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების დაფინანსებაში. ლვოვში დაბადებულ ფრიდმანს რუსეთის და ისრაელის მოქალაქეობა აქვს. 2015 წლიდან დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. თაღლითობასთან დაკავშირებულ დანაშაულებებში ეჭვმიტანილი ფრიდმანი 2022 წლის დეკემბერში, დიდ ბრიტანეთში დააკვეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მამუკა მდინარაძის თქმით, კობახიძემ „იხუმრა", როდესაც განაცხადა, რომ კანონი პრეზიდენტთან გადაგზავნის გარეშე შევა ძალაში

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში, ხუმრობა უწოდა. „რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა ოპოზიცია, პრეზიდენტი, მისი წარმომადგენლები სამი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო პროცესზე, ერთი ანალოგიური განცხადება, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული, და ჩამოიქცა სოციალური ქსელები და სერიოზული კომენტარები აკეთეს. ასეთი მარტივი მხილება, პირადად მე შეუძლებელი მეგონა. ერთი მარტივი ხუმრობით მათი განსწავლულობა, კვალიფიკაციაც, აღქმაც ყველაფერი ეჭვის ქვეშ დადგა დადგა და გარდა ამისა, სერიოზულად დაიწყეს მტკიცება, სანამ არ დარეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არ გაარკვიეს, რომ კანონპროექტი უკვე გადაგზავნილია. რომ ნახეს, რომ გადაგზავნილია, ამის შემდეგ მოეგნენ გონს და მიხვდნენ, რომ იმავეზე აღშფოთდნენ და გადაირვინენ, რასაც წინა პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდნენ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.