ძებნის რეზულტატი:

აშშ-ის სენატში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც რუსი ოლიგარქებისთვის აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს

ამერიკელმა სენატორებმა 28 ნოემბერს წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც რუსი ოლიგარქების აქტივების კონფისკაციას და მისი უკრაინის აღდგენისთვის გამოყენებას ისახავს მიზნად. კანონი შესაძლებელს ხდის, რუსი ოლიგარქებს ქონება უფრო სწრაფად ჩამოერთვას და უკრაინას გადაეცეს მათი პირადი თვითმფრინავები, იახტები და სხვა მაღალი ღირებულების აქტივები. „პუტინი და მისი ოლიგარქი თანამოაზრეები ათეთრებენ თავიანთ ბინძურ ფულს სუპერ იახტების, ფასდაუდებელი ნამუშევრების და სხვა მაღალი ღირებულების აქტივების შეძენით. ჩვენ უნდა დავხუროთ ოლიგარქების სიმდიდრის ეს წყაროები და დავსაჯოთ პუტინის მხარდამჭერები,“ - განაცხადა სენატორმა უაითჰაუსმა. მისი თქმით, ამ ორპარტიული კანონპროექტის დასრულება ბაიდენის ადმინისტრაციას მისცემს ინსტრუმენტებს, რომლებიც მას სჭირდება ოლიგარქების უკანონოდ შეძენილი აქტივების უფრო სწრაფად ჩამორთმევისა და უკრაინის მხარდასაჭერად მათი გადაცემისთვის. „ომის დამნაშავე პუტინის ოლიგარქებმა დიდი როლი ითამაშეს უკრაინელების მასობრივი მკვლელობის დაფინანსებაში. პუტინი და მისი ახლო წრე პასუხისმგებელნი იქნებიან იმ სიკვდილისა და ნგრევისთვის, რაც მათ გამოიწვიეს,“ - განაცხადა კონგრესმენმა უილსონმა. ამერიკელი კანონმდებლების შეფასებით, რუსმა ოლიგარქებმა დიდი როლი ითამაშეს რუსული აგრესიის დაფინანსებაში, ხოლო პუტინის რეჟიმთან ალიანსისგან პირადად სარგებლობდნენ. კანონმდებლობა უკრაინას ოლიგარქების უკანონოდ შეძენილი აქტივების ჩამორთმევისა და ასეთი შემოსავლების უკრაინაში გადაცემის გზით დაეხმარება.   

The New York Times: ისრაელმა „ჰამასის“ თავდასხმის გეგმის შესახებ ერთი წლის წინ იცოდა

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, ისრაელმა „ჰამასის“ თავდასხმის გეგმის შესახებ ერთ წელზე მეტი ხნის წინ იცოდა. The New York Times-ის მიერ მოპოვებულ გეგმაში აღწერილია თავდასხმის დეტალები, თუმცა ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს, რადგან მათთვის ეს გეგმა დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა. დოკუმენტში მითითებული არ არის თავდასხმის თარიღი, მაგრამ აღწერილია მეთოდური შეტევა, რომელიც მიზნად ისახავდა ღაზის სექტორის გარშემო სიმაგრეების განადგურებას, ისრაელის ქალაქების აღებას და მთავარ სამხედრო ბაზებზე შტურმს. თავდასხმა დასაწყისში ითვალისწინებდა სარაკეტო სროლას, სათვალთვალო კამერების გამორთვას და ისრაელში ბოევიკების მასიურ შეჭრას. გეგმა ასევე მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას ისრაელის სამხედრო ძალების ადგილმდებარეობისა და სიძლიერის, საკომუნიკაციო ცენტრებისა და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის შესახებ. დოკუმენტი ფართოდ გავრცელდა ისრაელის სამხედრო და დაზვერვის წარმომადგენლებს შორის, მაგრამ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ამ მასშტაბის და ამბიციების შეტევა „ჰამასის“ შესაძლებლობებს აღემატებოდა. დოკუმენტში არ იყო მითითებული, რომ ჰამასი ამ გეგმას მალე განახორციელებდა. ისრაელს The New York Times-ის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. გამოცემის თანახმად, ისრაელის ხელისუფლებას მოეპოვებოდა 40-გვერდიანი საბრძოლო გეგმა კოდური დასახელებით „იერიქონის კედელი“, რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი „ჰამასის“ ჰიპოთეზური თავდასხმა ისრაელის სამხრეთ ნაწილზე. როგორ მოიპოვა ისრაელმა ეს დოკუმენტი, უცნობია, მაგრამ New York Times-ის სტატიიდან ჩანს, რომ ის ებრაულად არის თარგმნილი, სავარაუდოდ - არაბულიდან. როგორც Associated Press-ი იუწყება, ტექსტი შესაძლოა, უშუალოდ „ჰამასისგან“ ჩაიგდეს ხელთ. ამერიკული გამოცემის თანახმად, საიდუმლო დოკუმენტი ისრაელის არმიისა და სპეცსამსახურების მრავალმა წარმომადგენელმა ნახა, თუმცა არ არის ცხადი, ცნობილი იყო თუ არა მის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ან ისრაელის ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის პირებისთვის. „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს, ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და პირობა დადო, რომ დასავლეთის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ჰამასის“ განადგურებამდე იბრძოლებს. როგორ დააგროვა „ჰამასმა“ იარაღი, რომელიც ისრაელზე თავდასხმისთვის სჭირდებოდა - CNN-ის ანალიზი  

ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს

ეროვულ ბანკში აცხადებენ, რომ საინვესტიციო ბაზრისა და აქტივების დივერსიფიცირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული საინვესტიციო ინსტრუმენტის - ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. სებ-ის განცხადებით, ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომატებული ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ოქროში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო საშუალებაა, რომელიც მაღალი ლიკვიდურობით ხასიათდება და მოთხოვნა მუდმივად არსებობს. „ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა, ვინაიდან მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება. ოქროს სერტიფიკატი ოქროთი უზრუნველყოფილი უპროცენტო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს. ის გამყარებულია სერტიფიკატის ნომინალის იდენტური წონის ოქროს ზოდებით, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება. უმაღლესი სინჯის ზოდები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. სერტიფიკატის მფლობელს რამდენიმე უპირატესობა აქვს - მას შეუძლია სერტიფიკატის როგორც მეორად ბაზარზე გაყიდვა, ასევე მისი განაღდება და ეროვნული ბანკის საცავიდან კუთვნილი ოქროს ზოდის მიღება. ოქროს სერტიფიკატების შეძენას მომხმარებლები კომერციულ ბანკებში შეძლებენ,“ - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. ოქროს სერტიფიკატებიც და ზოდებიც 20 გრამიანი და 1 კგ-იანი ნომინალის იქნება. 20 გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის შეძენა ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიიდანაც იქნება შესაძლებელი. საიტზე მომხმარებელი დეტალურად გაეცნობა ზოდების შესახებ ინფორმაციას და ფასს, რომლის დადგენაც ყოველდღიურად, ლონდონის ძვირფასი ლითონების ბაზრის ასოციაციის ვებგვერდზე (LBMA) დაფიქსირებული ფასით და ეროვნული ბანკის მიერ ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალური კურსის მიხედვით მოხდება. 1 კგ-იანი ნომინალის ოქროს ზოდის შეძენა კი საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრიდან იქნება შესაძლებელი (ორშაბათი-პარასკევი 10:00-13:00 სთ; 14:00-17:00 სთ).სებ-ი დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის, The Royal Mint-ის მიერ დამზადებულ, მაღალი სინჯის (AU 999,9) ოქროს ზოდებს გამოუშვებს გაყიდვაში. The Royal Mint მსოფლიოს წამყვანი და მრავალწლიანი ისტორიის მქონე ზარაფხანაა, რომელიც ყოველწლიურად 60 ქვეყნისთვის ამზადებს პროდუქციას.ოქროს სერტიფიკატებისა და ოქროს ზოდების გაყიდვა 4 დეკემბრიდან დაიწყო.მიმდინარე წელს საერთაშორისო ბაზრებზე ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა. ანალიტიკოსთა პროგნოზით, 2024 წელს უნცია ოქროს ფასი 2 000 დოლარის ნიშნულთან შენარჩუნდება, 2025 წლისთვის კი 2 500 დოლარამდე გაიზრდება.  

ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში, შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. „ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ უკვე განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების წარმატებით დაწყებულ პროცესს. ხელისუფლებას თითოეულ რეფორმაზე კონკრეტული ხედვა აქვს, გაწერილია შესაბამისი სამოქმედო გეგმა, შესრულების ვადები და ამ პროცესში ხელისუფლება ევროკავშირის წარმომადგენლებთან კოორდინაციაში მუშაობს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიამ დაადასტურა და ახლა ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს დადებით გადაწყვეტილებას ელის. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ორგანიზებული 28-ე კონფერენციის ფარგლებში  კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების თემატიკაზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა. მადლობელი ვარ შარლ მიშელის მხარდაჭერისთვის და მოუთმენლად,  თავდაჯერებით ველი დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებას!” - წერს თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი X-ზე.  

მიშელი: ევროკავშირი რეფორმების დღის წესრიგის წინსვლისთვის, საქართველოს განგრძობად ძალისხმევას მიესალმება

ევროკავშირი რეფორმების დღის წესრიგის წინსვლისთვის, საქართველოს განგრძობად ძალისხმევას მიესალმება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს. „კვლავ ძლიერია საქართველოს ერთგულება ევროკავშირის გზაზე და მეც კიდევ ერთხელ დავუდასტურე ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის ერთგულება საქართველოს მიმართ. ევროკავშირი მიესალმება საქართველოს განგრძობად ძალისხმევას რეფორმების დღის წესრიგისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში წინსვლის მისაღწევად, რათა ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი ნაბიჯები გადაიდგას,“ - წერს შარლ მიშელი. ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში, შარლ მიშელს შეხვდა  

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

ჭიათურაში ერთ-ერთ მაღაროში (დარკვეთის) დასაქმებულები გაიფიცნენ. მათი მოთხოვნაა, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" 12-საათიან გრაფიკზე გადაიყვანოს, რითაც შემცირდება მათი სამუშაო დღეები. ერთ-ერთი დასაქმებული, რომელიც ფეისბუქგვერდზე "მაღაროელი" პირდაპირ ეთერში საუბრობდა, აცხადებს, რომ ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადაყვანას დამსაქმებელი ჯერ კიდევ 5 თვის წინ დათანხმდა მათ, თუმცა პირობა შეუსრულებელი დარჩა: „ველოდებოდით 5 თვის განმავლობაში, რომ გადავიდოდით ამ გრაფიკზე... ამბობდნენ, რომ ხალხი დარჩებოდა უმუშევარი, [არაფერი იცვლება] ადამიანების რაოდენობა იგივე რჩება..." გაფიცული ამბობს, რომ შეცვლილი გრაფიკით მუშაობის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა მათთან რამდენიმე დღის წინაც, 28 ნოემბერსაც ისაუბრა. „შევთხნმდნენ, რომ გადაგიყვანთ 12-საათიან გრაფიკზეო. თუმცა, როცა დაითვალეს აღმოჩნდა ხელფასში 9 ლარი სხვაობა. 164 ლარია 12-საათიან გრაფიკზე, ჩვენ გვითხრეს 9 ლარით ნაკლები 155 ლარი". "ჯორჯიან მანგანეზს“ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.  

საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროში დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟილვინას ტომკუსმა მოაწერეს ხელი. საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, თანამშრომლობის გეგმა ორმხრივ ვიზიტებს, კონსულტაციებს, სამხედრო მოსამსახურეების საერთაშორისო სწავლებებსა და კურსებში ერთობლივ მონაწილეობასა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს. საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის უწყებები ასევე გააგრძელებენ თანამშრომლობას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის კონფერენციას დაესწრო და პანელზე მომხენებლად წარსდგა. ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში მათი ჩართულობის საკითხებს ეძღვნებოდა.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 1-4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +23+25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ასევე უნალექო ამინდია, ჰაერის ტემპერატურა +21+23 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +18+20 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +12+14 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22, ხოლო გორსა და ცხინვალში +16 +18 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მე-8 სართულიდან ძაღლის გადაგდების ბრალდებით კაცი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის და ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, თბილისში, ბრალდებულმა მამის კუთვნილი „როტვეილერის“ ჯიშის ძაღლზე იძალადა, ხოლო შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულის აივნიდან გადააგდო. ბრალდებულის ქმედების შედეგად ძაღლი გარდაიცვალა. პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 30 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

მიმდინარე წელს, საქართველოში შიდსით ინფიცირების 560 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შარშანდელთან შედარებით 2%-ით მეტია

პირველ დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება. სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველი დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში 1989 წლიდან დღემდე სულ 10 338 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათგან 7736 - მამაკაცი და 2602 - ქალია. რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, მათი რიცხვი 2185 პირს შეადგენს. მიმდინარე წელს აივ ინფექციის 560 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შარშან შესაბამის პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია. ანტირეტროსულ თერაპიას 6362 პაციენტი იტარებს, მათ შორის 41- ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია: * 32,2% - ნარკოტიკების ინექციური მოხმარება * 51,7% - ჰეტეროსექსუალური კონტაქტი; * 13,4 % - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ სხვა მამაკაცთან * 1,2 % - ვერტიკალური (დედიდან შვილზე) გადაცემა; * 0,4 % - სისხლის გადასხმა * 1,2 % - გადაცემის გზა დაუდგენელია. რაც შეეხება აივ/შიდსის რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიულ განაწილებას, შემთხვევის უმეტესობა თბილისში აღინიშნება (3889 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა); შემდეგ სამეგრელოში - 1315; იმერეთში - 1246; აჭარაში - 1236; აფხაზეთში - (559); კახეთში - (504); ქვემო ქართლში - 648; შიდა ქართლში (401); გურიაში (214); სამცხე-ჯავახეთში (148) და ა.შ.

უკრაინის ადგილი NATO-შია - ჯეიმს ო’ბრაიენი

გამორიცხავს თუ არა აშშ ვაშინგტონის სამიტზე უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მიწვევას, ამ შეკითხვას უპასუხა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა და აღნიშნა, რომ საკითხით სპეკულირება მის ინტერესში არ არის.  „მე არ ვაპირებ სპეკულირებას. ჩვენ ძალიან ვართ ორიენტირებულნი, დავეხმაროთ უკრაინას ალიანსთან წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტული რეფორმების შესრულებაში. ჩვენ ვთქვით, რომ გვჯერა, რომ უკრაინის ადგილი NATO-შია და ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც ის გახდება სრულუფლებიანი წევრი,“ - განაცხადა ბლინკენის თანაშემწემ. NATO-ს სამიტი მომავალ წელს ვაშინგტონში გაიმართება. ვილნიუსის სამიტზე უკრაინამ MAP-ის გარეშე გაწევრიანების პირობა მიიღო. კიევი იმედოვნებს, რომ მომავალ სამიტზე გაწევრიანების მიწვევას მიიღებს. ვოლკერი NATO-ში უკრაინის გაწევრიანების დაჩქარებას ითხოვს  

რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მოსკოვისთვის სტრატეგიულ მარცხად უნდა დარჩეს - ჯეიმს ო’ბრაიენი

რუსეთი ახლა ხარჯავს თავის სამხედრო რესურსს უკრაინის წინააღმდეგ ომში, როგორ აფასებთ რუსეთის უნარს, განახორციელოს აგრესიული პოლიტიკა სხვა მეზობელი ქვეყნების და  NATO-ს წინააღმდეგაც კი. როგორია თქვენი აღქმა ანალიზის შესახებ, რომლის თანახმად, ომის დასრულებიდან ექვს წელიწადში რუსეთი შეძლებს აღდგენას და ხელახლა დარტყმას, ამჯერად NATO-ს წევრების, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის მიმართ. ამ შეკითხვას უპასუხა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა და აღნიშნა, რუსეთის სტრატეგიული მარცხი მარცხად უნდა დარჩეს. „ვფიქრობ, ცხადია, პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა, რომ არ არის დაინტერესებული უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებით. სჯერა, თუ მოითმენს, მას ექნება უპირატესობა და შეძლებს, სცადოს უკრაინის კვლავ კონტროლქვეშ მოქცევა და ეს შექმნის პლატფორმას, საიდანაც ის შეძლებს, NATO-ს უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნას. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის შემდგომი შეჭრა უკრაინაში, რომელიც დაიწყო 2022 წლის თებერვალში, უნდა დარჩეს რუსეთის სტრატეგიულ მარცხად და არ შეიძლება, მივცეთ უფლება, შექმნას სხვა საფუძველი, საიდანაც რუსეთი განიმტკიცებს თავის იმპერიულ კონტროლს უკრაინაზე,“ - განაცხადა ბლინკენის თანაშემწემ.  

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის 90% დასრულებულია

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად არამხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, არამედ, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. პროექტის 90 პროცენტი, რომელსაც მთელი მსოფლიო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, დასრულებულია. ამ საკითხს სტატიას აზერბაიჯანული მედია უძღვნის. პროექტში ჩართული აქტორები იმედოვნებენ, რომ მისი დასრულება დიდ ცვლილებას მოახდენს რეგიონში ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარებაში, სადაც საწყის ეტაპზე მოსალოდნელია, რომ BTK რკინიგზის მაქსიმალური წლიური გამტარუნარიანობა დაახლოებით, 17 მილიონი ტონა ტვირთი იქნება. გარდა ამისა, როგორც რეგიონის, ისე აღმოსავლეთის ქვეყნების შეერთებით, საწყის ეტაპზე მილიონ მგზავრს მოემსახურება და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს გადაიტანს. ბევრი ექსპერტი ოპტიმისტურად არის განწყობილი აბრეშუმის გზის მიმართ. ამ საკითხთან დაკავშირებით AZERNEWS-ისთვის მიცემულ კომენტარში ეკონომისტმა ეიუბ კარიმლი ამბობს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა დადებითად აისახება რეგიონის ზოგად ეკონომიკაზე, გაფართოვდება საგარეო სავაჭრო ურთიერთობები ტურიზმთან დაკავშირებით და შეიქმნება პირობები დამატებითი შემოსავლების შესატანად ქვეყნის ბიუჯეტში. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაო აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი, ჯამში $775 მილიონი გამოუყო. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე) შეადგინა.  

შვედეთის ელჩის მოადგილე: კანონის უზენაესობის, ინსტიტუტების დამოუკიდებლობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უფლებების კუთხით, საქართველოს მეტი პროგრესი სჭირდება

„როდესაც საქმე კანონის უზენაესობას, ინსტიტუტების დამოუკიდებლობას და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უფლებებს ეხება, საქართველოს აქ მეტი პროგრესი სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩის მოადგილემ ერიკ ილესმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან კომენტარი გააკეთა ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. „შვედეთის გადმოსახედიდან, ჩვენ ამას [ევროკომისიის რეკომენდაციას] დადებითად ვუყურებთ. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. საქართველოში ევროკავშირთან დაახლოების ძლიერი მხარდაჭერა არსებობს. ამჟამად, როგორც იცით, 27 წევრი სახელმწიფოს ზოგიერთ პარლამენტში მიმდინარე დემოკრატიული პროცესია, რათა 14-15 [დეკემბრის] დასკვნამდე მივიდეთ. ოპტიმისტურად და პოზიტიურად გამოიყურება, მაგრამ არ შემიძლია, რომ შვედეთის პარლამენტში მიღებულ გადაწყვეტილებას გავუსწრო, მაგრამ ჩვენ ძალიან ველით ამ შეხვედრასა და გადაწყვეტილებას. იმედი გვაქვს, რომ საქართველო მალე კანდიდატი ქვეყანა იქნება და შეეძლება [ევროკომისიის] 9 ნაბიჯში ჩამოთვლილ თემებსა და პრობლემებზე მუშაობის დაწყება. ასე რომ, კანდიდატის სტატუსი იმ პირობით მოდის, რომ საქართველო ამ 9 ნაბიჯს განახორციელებს, რომლებიც მნიშვნელოვანია შემდეგ გადაწყვეტილებამდე მისასვლელად, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაა… გაფართოების შესახებ ანგარიშში ევროკომისიამ წინა 12 რეკომენდაციაზე პროგრესი შეაფასა. შეგვიძლია ვნახოთ, რომ 3 მათგანი მეტ-ნაკლებად განხორციელებულად შეფასდა. თუმცა სხვა პრობლემებიც იყო, როდესაც საქმე კანონის უზენაესობას, ინსტიტუტების დამოუკიდებლობას და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უფლებებს ეხება. ეს ის თემები იყო, სადაც საქართველოს მეტი პროგრესი სჭირდება,” - განაცხადა ილესმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“  

შვეიცარიამ $8,8 მილიარდის რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიამ 8,8 მლრდ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნო (SECO) აცხადებს, ეს მაჩვენებელი 2024 წლის მეორე კვარტლის ბოლოს სავარაუდოდ, კიდევ შეიცვლება და კიდევ უფრო დაზუსტდება სიაში სანქცირებული პირების დამატების, ან ამოღების შემთხვევაში. უფრო ზუსტი მაჩვენებლის გამოქვეყნება 2024 წლის მეორე კვარტლის ბოლოს არის მოსალოდნელი. Reuters-ი წერს, რომ ბერნმა ასევე დაბლოკა რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი 7,4 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის კუთვნილი უცხოური ვალუტის აქტივების გადარიცხვა. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა, რასაც დასავლეთის მძიმე სანქციები მოჰყვა. აშშ-ის სენატში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც რუსი ოლიგარქებისთვის აქტივების კონფისკაციას ითვალისწინებს  

მადრიდის მახლობლად ავტობანზე შვეულმფრენი ჩამოვარდა

ესპანეთში, მადრიდის მახლობლად, ავტობანზე შვეულმფრენი ჩამოვარდა. დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის არის მანქანის მძღოლი, რომელსაც საფრენი აპარატის ნაწილი დაეცა. ავარიის სავარაუდოდ მიზეზად ძლიერი ქარი სახელდება. შვეულმფრენში ორი ადამიანი იყო. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. ერთმა დამოუკიდებლად შეძლო გამოსვლა, მეორე კი, მეხანძრე-მაშველებმა ამოიყვანეს.  

ელჩი ფიშერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე: გერმანია საქართველოს გვერდით დგას

გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა განაცხადეს, რომ არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან წერილი მიიღეს, რომლითაც ისინი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში მხარდაჭერას სთხოვენ. გერმანიის ელჩის თქმით, გერმანია ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს წინსვლას მხარს უჭერს. „გერმანია საქართველოს გვერდით დგას. ევროკავშირი არის ჩვენი მშვიდობის, დემოკრატიის, თავისუფლებისა და სტაბილურობის საერთო პერსპექტივა,“აღნიშნა გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა.  საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ძლიერი და მთავარი აქტივი ევროკავშირისკენ გზაზე. „პატივია, მივიღო 75 არასამთავრობო ორგანიზაციის წერილი, რომელიც სთხოვს საფრანგეთს, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. სამოქალაქო საზოგადოება არის ძლიერი და მთავარი აქტივი ევროკავშირისკენ გზაზე. საფრანგეთი აფასებს მათ წვლილსა და ერთგულებას საქართველოს წარმატებისთვის,“ - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არასამთავრობოებმა მას ორგანიზაციების მიერ ხელმოწერილი წერილი გადასცეს. ელჩის თქმით, გერმანიის სურვილია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, ათობით ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აქტიური პროევროპული კამპანია წამოიწყო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრების დროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ელჩებს თავიანთ ერთობლივ წერილებს გადასცემენ. წერილების ადრესატი იმ ქვეყნის მთავრობაა, რომელთა ელჩებსაც ისინი ხვდებიან. 28 ნოებერს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში საბერძნეთის ელჩს შეხვდნენ და წერილი გადასცეს, რომლის ადრესატიც საბერძნეთის მთავრობაა. „ჩვენ ვთხოვთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მათი მთავრობის მეთაურებს, რომ კომისიის რეკომენდაცია დატოვონ ძალაში. ჩვენ, რა თქმა ვიცით, რამდენი გამოწვევა აქვს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ, ამავდროულად, ვთვლით, რომ ეს არის შანსი ჩვენი ქვეყნისთვის და აუცილებლად, ჩვენ ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს უნდა მოგვეცეს შანსი, რომ დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი,“ – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა. 29 ნოემბერს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ლიეტუვისა და ესტონეთის ელჩებთან, რომლის დროსაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ელჩებს ერთობლივი წერილი გადასცეს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან შეხვედრების გარდა, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 9 დეკემბერს სახალხო მარში დააანონსეს. მათი თქმით, მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება. ისინი ასევე აპირებენ გიგანტური ევროკავშირის დროშის ევროპის მოედანზე გადმოფენას. გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები საქართველოს პოლიტიკურ ძალებს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.

აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ

შეერთებული შტატების მთავრობამ გამოაცხადა, რომ სანქციებს აწესებს სამი კომპანიის წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე სამი გემის წინააღმდეგ, რომლებიც რუსული ნავთობის გაყიდვის სქემებში მონაწილეობენ. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის ოფიციალურ განცხადებაში. „გემებმა NS Champion,Viktor Bakaev და HS Atlantica გადაიტანეს რუსული ნედლი ნავთობი, რომლის ფასი ბარელზე 70 დოლარს აღემატება, ნედლი ნავთობის ფასის ლიმიტის ამოქმედების შემდეგ,“ - ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, სანქციები დაწესდა Sterling Shipping Incorporated-ისა და Streymoy Shipping Limited-ის მიმართ (მდებარეობს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში), ასევე, ლიბერიულ კომპანია HS Atlantica Limited-ის მიმართ. ისინი იმ სამი გემის რეგისტრირებული მფლობელები არიან, რომლებმაც რუსული ნავთობი გადაიტანეს. გასული თვის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა სანქციები ასევე დააწესა ხუთ ტანკერზე, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. დამოუკიდებელი კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთი ნავთობის უმეტეს ნაწილს დადგენილ ზღვარზე მაღალ ფასად ყიდის. რუსეთის ნავთობის საშუალო ფასი სექტემბერში, რუსეთის მთავრობის მონაცემებით, ბარელზე 83 დოლარზე მეტი იყო. სექტემბრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები მზად არიან, სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობის შესაზღუდად, წესები გაამკაცრონ. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ.  

ზელენსკი: რუსი ოკუპანტების მიერ ომის კანონებისა და წესების 100 000-ზე მეტი დაარღვევა დაფიქსირდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პროკურატურის თანამშრომლებისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ ომის კანონებისა და წესების 100 000-ზე მეტი დარღვევის ფაქტი გამოვლინდა. ზელენსკის თქმით, ახლა პროკურატურის თანამშრომლების საქმეა უკრაინის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების დაცულობის იურიდიული ფუნდამენტის შექმნა. „როგორც მშვიდობიან, ასევე ომი პირობებში აღნიშნული ფუნდამენტი მაქსიმალურად მყარი უნდა იყოს, რათა უკრაინამ ფაქტებზე დაყრდნობით შეძლოს სიმართლის მოყოლა რუსეთის აგრესიისა და ოკუპანტების მიერ ჩადენილი მრავალრიცხოვანი დანაშაულის შესახებ. უკრაინელი პროკურორების, გამომძიებლების, დეტექტივების, ექსპერტ-კრიმინალისტების მუშაობის ხარისხი საბოლოო ჯამში არის რუსეთის დასჯის შეუქცევადობის გარანტი იმ ყველაფრისთვის, რაც მათ ჩაიდინეს უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ. ყველა იმ სიმხეცის შესაბამისი მტკიცებულებითი ბაზის შექმნა, რომელსაც რუსები ჩვენს მიწაზე სჩადიან, ძალიან საპასუხისმგებლო და ისტორიულად წონადი სამუშაოა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის პროკურატურები ოპერატიულად მუშაობენ ყველა ტერორის აქტზე, თავდასხმასა და დამცირებაზე, რომელიც რუსეთმა განახორციელა და მომავალშიც განახორციელებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონში. უკრაინას შეუძლია, დაიცვას და დაიცავს კიდეც თავის დამოუკიდებლობას. ასევე, მე ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინას შეუძლია, პასუხისგებაში მისცეს ყველა მათგანი, ვინც მოიტანა ომი და ტერორი ჩვენს მიწაზე. ჩვენი სახელმწიფო აუცილებლად უზრუნველყოფს შესაბამის პროცესებს ყველა დონეზე,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

რესპუბლიკელი კონგრესმენი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატიდან გარიცხეს

ბრალდებული რესპუბლიკელი ჯორჯ სანტოსის ხანმოკლე კარიერა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში პარასკევს დასრულდა, როდესაც კოლეგა დეპუტატებმა მის გაძევებას კორუფციული ბრალდებებისა და საარჩევნო კამპანიის თანხების არასწორად ხარჯვის გამო მხარი დაუჭირეს. კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა თავის კოლეგა რესპუბლიკელებს განუცხადა, რომ სანტოსის გარიცხვის წინააღმდეგი იყო. სანტოსი რიგით მესამე კონგრესმენი და პირველი რესპუბლიკელი, რომელიც კანონმდებლებმა საკუთარი რიგებიდან გააძევეს. მან შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში 10 თვეზე ოდნავ მეტი იმსახურა. 35 წლის სანტოსმა საკუთარი ბიოგრაფიის დიდი ნაწილის გაყალბება აღიარა. ფედერალური პროკურორი მას კამპანიის სახსრების არამიზნობრივად ხარჯვასა და დონორების მოტყუებაში სდებს ბრალს. სანტოსი ბრალდებებს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ნოემბრის დასაწყისში, კონგრესიდან გაძევების მცდელობისას, მისმა თანაპარტიელებმა და 31-მა დემოკრატმა ჯორჯ სანტოსის გარიცხვას მხარი არ დაუჭირეს, რადგან სანტოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ჯერ დასრულებული არ იყო. გასულ თვეში კონგრესის ორპარტიულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მან საარჩევნო კამპანიის ფონდიდან თითქმის 4000 დოლარი გადაიხადა სპაში მიღებული მომსახურებისთვის, რაშიც ბოტოქსიც შედიოდა.