ძებნის რეზულტატი:

პოლონეთმა 24 მცირე ბირთვული რეაქტორის მშენებლობა დაამტკიცა

პოლონეთმა 24 ახალი მცირე მოდულური რეაქტორის (SMR) მშენებლობას მწვანე შუქი აუნთო. ვარშავა ცდილობს, შეამციროს მისი წიაღისეული საწვავის გამოყენება. მთავრობამ განაცხადა, რომ მიზნად ისახავს განახლებადი და ბირთვული ენერგიის ინფრასტრუქტურის აშენებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად და სტაბილური ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად.  

ნიკა მელია: მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში

ნიკა მელიამ, დღეს, 7 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიდის, "წინ მომავლისკენ", თუმცა მას არ დაუკონკრეტებია ოფიციალურად ტოვებს თუ არა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". მელიამ მადლობა გადაუხადა "ასიათასობით მხარდამჭერს" და აღნიშნა, რომ მათთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას. „მივდივარ თუ არა? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში. ბევრს სჯერა, რომ საქართველოს ისტორიას დაწერს ოლიგარქიული მმართველობა. მე კი მჯერა რომ საქართველოს ისტორიას დაწერს ქართველი ხალხი," - განაცხადა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე. დაპირისპირება "ნაციონალურ მოძრაობაში" მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ხაბეიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო ჩატარებულიყო პარტიის თავმჯდომარის არჩევნები. იმ დროისათვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია ამ წინადადებას დასთანხმდა და არჩევნებში დამარცხდა. „საჯაროდ ვამბობ, რომ ეს კონკრეტული ადამიანი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით,“- განაცხადა 26 ნოემბერს პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა მელიაზე საუბრისას. მისივე თქმით, მელიას ჰქონდა დრო, შეერთებოდა პარტიის 23 ნოემბრის მანიფესტს, თუმცა ეს არ გააკეთა და მელიამ „თავად გადაწყვიტა.“ პარალელურად, ნიკა მელია საუბრობდა არაფორმალურ მმართველობაზე "ნაციონალურ მოძრაობაში." „სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ თავის პოლიტიკურ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა, კულუარული გავლენები, პოლიტიკითა და პოლიტიკოსებით ვაჭრობა, განსხვავებული აზრის დევნა, დემოკრატიისათვის კარის დაკეტვა. ეს პარტიაც პოლიტიკაში გამდიდრებულმა ადამიანებმა გადააქციეს ვიწრო კლუბურ მოძრაობად,“ - განაცხადა მან ასევე 7 დეკემბრის ბფრიფინგზე. განახლება: ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიას აფუძნებს. „დაფუძნდება ძალიან მალე, გონივრულ ვადაში. ჩვენ ხვალიდან დავიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას, შესაბამის პერიოდში დაფუძნდება," - განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარ არხთან.“  

IMF: უკრაინას ფინანსური და საგარეო ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, 2024 წელს სულ მცირე $42 მილიარდი დასჭირდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაადასტურა, რომ უკრაინას ფინანსური და საგარეო ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად 2024 წელს მინიმუმ 42 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება საგარეო მხარდაჭერა. ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სავალუტო ფონდის კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ჯული კოზაკმა განაცხადა. 2024 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ქვეყანას დაახლოებით 42 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება. საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ევროკავშირის, შეერთებული შტატების და G7-ის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა იქნება საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანა დაბრუნდეს ფისკალური და საგარეო სტაბილურობის გზაზე. სექტემბერში პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა ასევე განაცხადა, რომ 2024 წელს უკრაინას პარტნიორებისგან დაახლოებით 42 მილიარდი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება.  

პოლონეთი უკრაინიდან ჩატანილ Leopard-ის ტიპის ტანკების მორიგ პარტიას შეაკეთებს

Leopard-ის ტიპის ტანკების კიდევ ერთი პარტია უკრაინიდან მიტანილი პოლონეთში, თავდაცვის კომპანიის Bumar-Łabędy-ის სარემონტო ცენტრთან გლივიცეში (სამხრეთ პოლონეთი) შესაკეთებლად ჩაიტანეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე პოლონური მხარე იტყობინება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტანკები პოლონეთში შესაკეთებლად ჩაიტანეს. კერძოდ, ოქტომბრის დასაწყისში Leopard 2-ის ტიპის ტანკების პირველი პარტია შეკეთდა და უკრაინაში გაიგზავნა. 23 ივლისს პოლონეთში ამ ტიპის ტანკების შეკეთების ცენტრი ამოქმედდა.  

ქემერონი აშშ-ში: გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა აშშ-ში ვიზიტის დროს განაცხადა, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს. მისი თქმით, საჭიროა არამხოლოდ რუსული აქტივების გაყინვა დასავლურ ქვეყნებში, არამედ, მათი უკრაინის აღდგენისთვის გამოყენება. “ეს იქნება, თუ გსურთ, ავანსური გადასახადი, რომელთა გადახდაც რუსეთს ოდესმე მოუწევს უკანონო შეჭრისთვის, რომელიც მან განახორციელა. ყველა არგუმენტი განვიხილე და ჯერ ვერ აღმოვაჩინე ვერაფერი, რაც დამარწმუნებდა იმაში, რომ ეს ცუდი იდეაა,” - განაცხადა ქემერონმა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ასევე, მოუწოდა აშშ-ის პოლიტიკოსებს მხრი დაუჭირონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა ის სენატში დაბლოკეს. „ეს ფული უკრაინელებს უნდა გადავცეთ. მხარი უნდა დავუჭიროთ მათ და დავრწმუნდეთ, რომ სწორედ პუტინი წააგებს, ვინაიდან, თუ ეს ფული დამტკიცებული არ იქნება, არსებობს მხოლოდ ორი ადამიანი, რომელიც გაიღიმებს: ერთ-ერთი მათგანი ვლადიმირ პუტინია რუსეთში, ხოლო მეორე სი ძინპინია პეკინში,” - განაცხადა ქემერონმა.  

უკრაინა 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების წარმოებას ორ ამერიკულ კომპანიასთან ერთად დაიწყებს

ვაშინგტონში DFNC1 თავდაცვის კონფერენციის შედეგების შემდეგ, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრე კამიშინმა განაცხადა, რომ უკრაინა 155 მმ-იან საბრძოლო მასალას ორ ამერიკულ კომპანიასთან ერთად დაამზადებს. კონფერენციის პრაქტიკულ შედეგებზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა „გადაწყვეტილებას, რომ დაიწყოს პირველ რიგში 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის წარმოება. „ჩვენ გვაქვს შეთანხმება ორ წამყვან ამერიკულ კომპანიასთან უკრაინაში 155 მმ-იანი კალიბრის საბრძოლო მასალის ერთობლივი წარმოებაზე,“ - განაცხადა კამიშინმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ კომპანიებზეა საუბარი. მან აღიარა, რომ „ამ პროექტების განხორციელებას წლები დასჭირდება.“ „ამ პროცესს სულ მცირე ორი წელი სჭირდება, მაქსიმუმ სამი წელი. და ამ წარმოების დასაწყებად, ჩვენ გვჭირდება ტექნოლოგიები, რაც ჩვენს პარტნიორებს აქვთ. უკრაინას არასოდეს უწარმოებია ამ კალიბრის მასალა," – განმარტა მინისტრმა. 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვებზე მოთხოვნა გაიზარდა. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა უკვე გაგზავნეს კიევში ორ მილიონზე მეტი ასეთი ჭურვი. ახლა დასავლეთის სახელმწიფოები ცდილობენ, გაზარდონ საარტილერიო ჭურვების წარმოება, რათა თავიანთი მარაგი შეავსონ. სენატში კანონპროექტის დაბლოკვის შემდეგ, თეთრი სახლი უკრაინის თავდაცვის გაძლიერების გეგმას აანონსებს  

საგარეო უწყება: ქართულმა დელეგაციამ ჟენევაში დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქართულმა დელეგაციამ დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა, "რაც რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგების მკაფიო გამოხატულებაა და ადასტურებს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საჭიროებას." სამინისტროს ცნობით, რუსეთმა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა "კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება" და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხის განხილვის დროს დატოვეს მოლაპარაკებები. „5-6 დეკემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენს. ქართულმა დელეგაციამ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით ჩადენილი დესტრუქციული ქმედებებით გამოწვეული უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი პრობლემები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა და დელეგაციის მიერ დაიგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა, რაც რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგების მკაფიო გამოხატულებაა და ადასტურებს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საჭიროებას. რუსეთმა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე ─ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე, დატოვეს მოლაპარაკებები,“ ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი 2024 წლის აპრილში გაიმართება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. აშშ-ის მისია ჟენევაში: ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას

შოლცი გერმანიის პირველი კანცლერია, რომელმაც ბერლინში ხანუქას დღესასწაულზე მენორა აანთო

ხუთშაბათს ოლაფ შოლცი გახდა გერმანიის პირველი კანცლერი, რომელმაც ბერლინში აანთო ცენტრალური მენორა ებრაელებისადმი სოლიდარობის ნიშნად. სიმბოლური ცერემონიის დროს, ბრანდენბურგის კარიბჭესთან, გერმანიის კანცლერმა, რომელსაც კიპა ეხურა, პირველი სანთელი რაბინ იეჰუდა ტეიხტალთან ერთად აანთო. „ეს სიმბოლოა იმედისა და ოპტიმიზმის, რაც ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის შემდეგ,“ - განაცხადა შოლცმა. თავის გამოსვლაში მან „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.  

ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემის გადაცემას დაეთანხმა

ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემის გადაცემას მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ვეტო დაადო უკრაინაში ჯავშანტექნიკის ადრე დამტკიცებულ მიწოდებას. ამის შესახებ რადიო თავისუფალი ბულგარული სამსახური პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. 22 ნოემბერს, ქვეყნის პარლამენტმა უკრაინისთვის 100 ბულგარული ჯავშანტრანსპორტიორის უფასო გადაზიდვის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტს ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აგვისტოში მოაწერეს ხელი. საპარლამენტო ფრაქციების უმრავლესობამ რატიფიცირებას მისცა ხმა, წინააღმდეგი მხოლოდ სოციალისტები და პრორუსული აღორძინება იყვნენ. რადევმა თავისი ვეტო იმით გაამართლა, რომ ჯავშანტექნიკის გამოყენება შესაძლებელია ბულგარეთში - მაგალითად, საზღვრის დაცვაში ან სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლაში. „მე ვხელმძღვანელობ იმ რწმენით, რომ ბულგარეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. პარლამენტს შეუძლია, პრეზიდენტის ვეტო გააუქმოს და შეთანხმების შესრულება მოითხოვოს. ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს კიდეც პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა. ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში. ზელენსკიმ ბულგარეთის პრეზიდენტს ნათქვამი შეუსწორა: ეს კონფლიქტი კი არა, ომია  

პუტინი მოსკოვში ირანის პრეზიდენტს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ირანის პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისს შეხვდა. ქვეყნებს შორის ვაჭრობის საკითხები განხილვის საგანს წარმოადგენდა. რუსული მედიის ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ გასულ წელს ქვეყნებს შორის ვაჭრობამ თითქმის 5 მილიარდ დოლარს მიაღწია. მხარეებმა, ასევე განიხილეს დეკემბრის ბოლოს ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და ირანის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ღაზის სექტორის საკითხსაც. ირანს და რუსეთს ისეთი მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, როგორც არასდროს - Foreign Policy ირანიც და რუსეთიც დასავლეთის სანქციების ქვეშ არიან. დასავლეთი დიდი ხანია, საუბრობს, რომ ირანი უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმისთვის, რუსეთს დრონებით ამარაგებს. NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი მჭიდრო კავშირებს ამყარებს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიცაა, ირანი და ჩრდილოეთ კორეა.   „ეს სხვადასხვა რეჟიმია, მაგრამ აქვთ საერთო  - ისინი ხელს უწყობენ ალტერნატიულ მსოფლიო წესრიგს. ისინი მხარს უჭერენ ღირებულებებს, რომლებიც არღვევს ჩვენს რწმენას თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.  2023 წლის აგვისტოში, ამერიკულმა გაზეთმა The Washington Post-მა დაწერა, რომ რუსეთის თათარსტანში, ალაბუგის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში ირანული დრონების წარმოების ქარხანა მუშაობს, რომელიც 2025 წლისთვის 6 000 უპილოტო საფრენი აპარატის, შაჰიდის წარმოებას გეგმავს. გასული წლის 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.  

მაკრონი ელისეის სასახლეში ორბანთან შეხვედრას მართავს

France24-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რათა გაარღვიოს ჩიხი ევროკავშირის სამიტის წინ მას შემდეგ, რაც უნგრეთის ლიდერი კრაინის შემდგომი მხარდაჭერის დაბლოკვით დაიმუქრა. მაკრონი ორბანს ელისეის სასახლეში სამუშაო ვახშამზე უმასპინძლებს.  Politico: მაკრონმა ორბანი პარიზში მიიწვია, რათა უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისის მიღწევა სცადოს  

ლაიენი: რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ეგზისტენციალური საფრთხეა, ვაკვირდებით ჩინეთის პოზიციონირებას

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ჩინეთის მონაწილეობა უკრაინის მიერ შემოთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ შეხვედრებში მნიშვნელოვანია. ევროკავშირის ლიდერებმა მოუწოდეს პეკინს, გამოიყენოს მთელი თავისი გავლენა რუსეთზე, რათა პუტინმა უკრაინაში ომის დაასრულოს. „ომის დასაწყისიდანვე ნათლად განვაცხადეთ - როგორ დაიკავებს ჩინეთი თავის პოზიციას უკრაინაში რუსულ აგრესიასთან მიმართებით, განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ვუყურებთ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, როგორც ეგზისტენციალურ საფრთხეს და ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩინეთის პოზიციონირებას. რუსეთის აგრესიული ომი არის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების აშკარა დარღვევა და ეს არის სერიოზული საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ჩინეთმა უნდა გამოიყენოს მთელი თავისი გავლენა რუსეთზე, რათა შეაჩეროს ეს აგრესიული ომი და ჩაერთოს უკრაინის სამშვიდობო ფორმულაში,“ – განაცხადა ლაიენმა ჩინეთი-ევროკავშირის 24-ე სამიტზე. ფონ დერ ლეიენმა ასევე განაცხადა, რომ ორივე მხარემ პასუხისმგებლობით უნდა მართოს უთანხმოება. ევროკავშირის ლიდერები სი ძინპინს: განსხვავებები უნდა გადაიჭრას თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა და ევროკავშირმა უნდა მოაგვარონ თავიანთი უთანხმოება დიალოგის გზით. „ჩვენ არ უნდა მივიჩნიოთ ერთმანეთი, როგორც კონკურენტებად მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი სისტემები განსხვავებულია, არ უნდა შევამციროთ თანამშრომლობა იმის გამო, რომ კონკურენცია არსებობს, ან დაპირისპირებაში ჩავერთოთ, რადგან არსებობს უთანხმოება,” - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.  

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტომ ფინეთში, რუსეთთან საზღვრის დასაცავად სამხედროები გაგზავნა

ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-მა ფინეთ-რუსეთის საზღვრის მონიტორინგისთვის თავისი 55 თანამშრომელი გაგზავნა. მანამდე ფინეთის ხელისუფლებამ მიგრანტების შემოდინების გამო ყველა სასაზღვრო პუნქტის დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. Frontex-ის პრესსპიკერმა პიოტრ სვიტალსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტოს 55 ოფიცერი ამჟამად განლაგებულია ფინეთში, მათ შორის უმეტესობა მესაზღვრეა, რომელიც საზღვარს აკონტროლებს. „რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ შევცვალოთ ეს (განლაგების პარამეტრები ) თუ სიტუაცია შეიცვლება. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უფრო ხანგრძლივად ან ხანმოკლე დროით, საჭიროებიდან გამომდინარე. ვიცით, რომ მიგრაციული ზეწოლა არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც კრემლი იყენებს. ასე რომ, შეიძლება ველოდოთ, რომ ეს გაგრძელდება,“ - განაცხადა პიოტრ სვიტალსკიმ. 30 ნოემბრიდან ფინეთმა რუსეთთან საზღვარი სულ მცირე ორი კვირით მთლიანად დაკეტა. გადაადგილება მხოლოდ სატვირთო მატარებლებისთვისაა დაშვებული. ქვეყანამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე რუსეთიდან ჩასული თავშესაფრის მაძიებელი მესამე ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მანამდე, რუსი მესაზღვრეები იმ მგზავრებს, რომლებსაც ფინეთში შესასვლელად საჭირო დოკუმენტები არ ჰქონდათ, გასვლის უფლებას არ აძლევდნენ.  

ოკუპირებულ ყირიმში გაზსადენი იწვის

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ქერჩის გაზსადენზე ხანძარია. რუსული სააგენტოების ინფორმაციით, ქერჩის ერთ-ერთ რაიონში იწვის გახეთქილი მილიდან ამოსული გაზი, რომელმაც ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა აქ ხშირია დრონებით შეტევები, რასაც რუსეთი „კიევის რეჟიმის მიერ ტერაქტების მცდელობას“ უწოდებს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტები, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს.  

მიცოტაკისმა და ერდოღანმა კეთილმეზობლობის დეკლარაცია გააფორმეს

საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები ოფიციალურად ახალ ფაზაში შევიდა, მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს წყალობით, რომელიც ათენში გაიმართა. მთავრობათაშორისი სამიტის დროს, ორი ქვეყნის დელეგაციებმა ხელი მოაწერეს 15 შეთანხმებას, რათა ხელი შეუწყონ თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორში. საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანი მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ისტორიული დეკლარაცია გააფორმეს. წლების განმავლობაში ცივი დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ, ძირითადად ეგეოსის ზღვაზე დავების გამო, რომლებიც დაკავშირებულია ექსკლუზიური ეკონომიკური ზონების დელიმიტაციასთან და ზოგიერთი პატარა კუნძულის სუვერენიტეტთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტეს, ურთიერთობების ნორმალიზებაზე ფოკუსირდნენ. ერდოღანი საბერძნეთში 2017 წლის შემდეგ არ ყოფილა. „დიდ კმაყოფილებას ვგრძნობ ათენში დაბრუნებით და მადლობელი ვარ თბილი დახვედრისთვის. მიცოტაკისთან ჩვენ შევთანხმდით, რომ საკომუნიკაციო არხები ღია იქნება და გვსურს, კიდევ უფრო განვავითაროთ ურთიერთობებში არსებული პოზიტიური იმპულსი,“ - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, მიცოტაკისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ათენი და ანკარა "უნდა ცხოვრობდნენ მშვიდობიანად დაძაბულობის გარეშე". „ჩვენმა ორმხრივმა ურთიერთობებმა გარკვეული რყევები განიცადა, ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ორმა ქვეყანამ უფრო მშვიდი გზა გაიაროს,“ - აღნიშნა მიცოტაკისმა.  

აშშ-მ და აზერბაიჯანმა ორმხრივი ვიზიტები განაახლეს

სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანულ მხარესთან გამართულ მოლაპარაკებებზე ინფორმაციას ავრცელებს. აზერბაიჯანის შემდეგ, აშშ-ც აცხადებს, რომ ორმხრივი ვიზიტები კვლავ შედგება. „მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენს 6 დეკემბერს ბაქოში ვიზიტის დროს პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. მხარეებმა განიხილეს ჩვენი ქვეყნების ღრმა ისტორიული კავშირები და ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა. მდივნის თანაშემწემ ო'ბრაიენმა პრეზიდენტ ალიევს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის გუბერნატორისა და ენერგეტიკის მინისტრის მომავალ ვიზიტებს ვაშინგტონში და რომ მდივანი ბლინკენი მოუთმენლად ელის ვაშინგტონში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს, სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ჯეიმს ო'ბრაიენის შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარება ისტორიულ შესაძლებლობებს გაუხსნის გზას. უთანხმოების შემდეგ, ჯეიმს ო'ბრაიენი ალიევს ბაქოში შეხვდა. ჯეიმს ო'ბრაიენი ბაქოში: აშშ შუა დერეფნის კონცენფიის განვითარებას მხარს უჭერს რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზებიაჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა, რასაც წინ ასევე უძღოდა ბლინკენის თანაშემწის განცხადებებით უკმაყოფილო ბაქოს პროტესტი. სატელეფონო საუბრისას ილჰამ ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ბოლო განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-აშშ-ის ურთიერთობებს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ ჯეიმს ო'ბრაიენის მიერ 2023 წლის 15 ნოემბერს აზერბაიჯანის შესახებ გამოთქმული შენიშვნები მიკერძოებული იყო და ვერ ასახავდა რეალობას.  ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა ვაშინგტონის საპასუხოდ, თავის მხრივ, გააუქმა აშშ-ის უმაღლესი დონის ყველა ვიზიტი. აზერბაიჯანის პრეიდენტი გულისხმობს ო'ბრაიანის მიერ 15 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ნორმალურად ვერ იქნება ვერაფერი აზერბაიჯანთან, 19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ვიდრე არ დაინახავენ პროგრესს სამშვიდობო გზაზე." „ჩვენ გავაუქმეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, დავგმეთ [ბაქოს] ქმედებები“, აღნიშნა ო'ბრაიანმა. შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“

უკრაინა იაპონიის ახალი დახმარებიდან $1.5 მილიარდს იანვარში მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიას 4.5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებისთვის მადლობას უხდის. „მინდა, მადლობა გადავუხადო იაპონიას უკრაინის მხარდაჭერის მიზნით ძალიან დროული და აუცილებელი გადაწყვეტილების გამო. 4.5 მილიარდი დოლარი არის მთლიანი თანხა და ჩვენ ველოდებით პირველ ნაწილს - 1.5 მილიარდს - იანვარში. ამ დახმარების პაკეტის უმეტეს ნაწილს კი გაზაფხულზე მივიღებთ,“ – განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, იაპონია თანმიმდევრულად და ფუნდამენტურად უჭერს მხარს უკრაინას და უკრაინელ ხალხს. 7 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ უკრაინა რეკონსტრუქციისთვის იაპონიისგან 4,5 მილიარდ დოლარს მიიღებს.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 10 დეკემბრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტო 10 დეკემბერამდე საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.თბილისში 10 დეკემბრამდე პერიოდულად წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): სითბოს ფონზე მცირე წვიმაა შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): სითბოს ფონზე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 10 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 10 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 10 დეკემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 10 დეკემბრამდე თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ბაიდენის შვილს ახალი ბრალი წაუყენეს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟს, 53 წლის ჰანტერ ბაიდენს ახალი ბრალი წაუყენა. გამოძიების ცნობით, ჰანტერ ბაიდენმა 1,4 მილიონი დოლარის გადასახადები არ გადაიხადა. საუბარია 2016-2019 წლების პერიოდზე. თეთრ სახლს ახალ ბრალდებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. პროკურორების მიერ მომზადებული საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ჰანთერ ბაიდენმა საზღვარგარეთ საქმიანი გარიგებების შედეგად 7 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი, მათ შორის, უკრაინის გაზის კომპანია Burisma-ს დირექტორთა საბჭოში მუშაობისთვის მიიღო. დოკუმენტში ჩამოთვლილია თანხები, რომლებსაც ჰანტერ ბაიდენი ხარჯავდა ძვირადღირებული სასტუმროების, ავტომანქანების, ტანსაცმლის, ფუფუნების სხვა საგნებისა და მეგობარი ქალებისთვის. 2023 წლის სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟს ბრალი წაუყენეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვისთვის, რასაც ჰანთერ ბაიდენი არ აღიარებს.  

მიშელი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობეში „მნიშვნელოვან გარღვევას“ მიესალმა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში „მნიშვნელოვან გარღვევას“ მიესალმება. მიშელი ქვეყნების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. „მივესალმები მნიშვნელოვან გარღვევას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში, როდესაც ისინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განსაკუთრებით მივესალმები დაკავებულთა გათავისუფლებას და უპრეცედენტო დიალოგის გახსნას. მხარეებს შორის ორმხრივი დიალოგის დამყარება და გაღრმავება იყო ბრიუსელის პროცესის მთავარი მიზანი: დღევანდელი პროგრესი საკვანძო ნაბიჯია. ახლა მე მოვუწოდებ ლიდერებს, დაასრულონ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება რაც შეიძლება მალე,“ - აღნიშნა მიშელმა. აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასა და არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ