ძებნის რეზულტატი:

სახალხო დამცველი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება

საქართველოს სახალხო დამცველი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება. 7 დეკემბერს ლევან იოსელიანი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილეს ოლექსანდრ კორნიიენკოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს. შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები და საერთო გამოწვევები განიხილეს. ომბუდსმენის ოფისის განმარტებით, ლევან იოსელიანმა კიევში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე - „თავისუფლება თუ შიში“. მათი ცნობით, კონფერენცია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 75 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა და მონაწილეებს ვიდეოს საშუალებით მისასალმებელი ტექსტით მიმართეს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა და ხორვატიის რესპუბლიკის ომბუდსმენმა ტენა შიმონოვიჩმა. „შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხები, ჰუმანიტარული პროექტები და ადამიანის უფლებათა დაცვის გავლენა დიქტატურების დაძლევის კონტექსტში. ისაუბრეს ომის პირობებში და გამარჯვების შემდეგ ქვეყნის აღდგენასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე; ისტორიული წარსულის საფუძველზე მომავლისთვის ბრძოლისა და დაბრუნებულ ტერიტორიებზე სამომავლო ინფრასტრუქტურული განვითარების პერსპექტივებზე; ასევე, სამართლიანობაზე, მათ შორის, დანაშაულის დოკუმენტირებასა და ანგარიშვალდებულებაზე, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების უზრუნველყოფის საჭიროებაზე. ღონისძიების გახსნისას უკრაინის საპარლამენტო ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა პირადად გადაუხადა მადლობა საქართველოს სახალხო დამცველს კონფერენციაში დასწრებისა და მონაწილეობისათვის. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებებით გამოვიდნენ უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენლები, მინისტრები და პრემიერ-მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და ევროპის ქვეყნების ომბუდსმენები,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა F-16-ებზე უკრაინელი პილოტების წვრთნას მხარი დაუჭირა

ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა F-16-ებზე უკრაინელი პილოტების წვრთნას მხარი დაუჭირა. თავდაცვის კომიტეტმა დაამტკიცა უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე, ბულგარეთის საჰაერო სივრცის გამოყენების ჩათვლით. ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო სისტემის გადაცემას დაეთანხმა სოფიამ ასევე უნდა მოამზადოს 4-მდე ქვეითი ან მექანიზებული ასეული, სულ 160 უკრაინელი ჯარისკაცისგან წელიწადში. ბულგარეთმა უკვე გაუწია უკრაინას სხვადასხვა სამხედრო დახმარება, ამჟამინდელმა მთავრობამ პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვის ხელმძღვანელობით, პრო-უკრაინული პოზიცია დაიკავა. დენკოვის კოალიციას უპირისპირდება ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი, რომელიც არაერთხელ აკრიტიკებდა კიევისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას. პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ვეტო დაადო უკრაინისთვის 100 ჯავშანტექნიკის მიწოდებას, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ პარლამენტი შეძლებს ვეტოს დაძლევას.  

გერმანია რამდენიმე ქვეყანასთან საზღვარზე კონტროლს ორი თვით ახანგრძლივებს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პოლონეთთან, ჩეხეთთან და შვეიცარიასთან სასაზღვრო კონტროლს მინიმუმ ორი თვით ახანგრძლივებს. მინისტრის შეფასებით, სასაზღვრო კონტროლი ეფექტურია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 16 ოქტომბრიდან ფედერალურმა პოლიციამ მხოლოდ ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და შვეიცარიის საზღვრებზე ქვეყანაში უკანონო შესვლის 9200-მდე შემთხვევა გამოავლინა. „პოლონეთთან, ჩეხეთთან და შვეიცარიასთან საზღვრებზე დროებით კონტროლს 15 დეკემბრის შემდეგ მინიმუმ ორი თვით გავახანგრძლივებ,“ - განაცხადა მინისტრმა. მანვე განმარტა, რომ ევროპული კანონმდებლობა მსგავს ღონისძიებას ითვალისწინებს.  

ქემერონი აშშ-ში: უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა საშობაო საჩუქარი იქნება პუტინისა და სი ძინპინისთვის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა მოუწოდა აშშ-ის კონგრესს, უკრაინის დახმარება დაამტკიცოს. „თუ ეს თანხები არ გამოიყოფა, მხოლოდ ორი ადამიანი დარჩება ბედნიერი. ერთი მათგანი არის ვლადიმერ პუტინი რუსეთში, მეორე არის სი ძინპინი პეკინში,“- განაცხადა ქემერონმა. „თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე არ მინდა, რომ ამ ორიდან რომელიმეს საშობაო საჩუქარი გავუკეთო,“ - აღნიშნა ქემერონმა Bloomberg-ის ცნობით. ქემერონი აშშ-ში ვიზიტით იმყოფება. ქემერონი აშშ-ში: გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს  

რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარების უზრუნველსაყოფად კომპრომისს ეძებს. თეთრ სახლში განიხილავენ ახალი შეზღუდვების შესაძლელობას თავშესაფრის მაძიებლების საკითხზე, ასევე საუბარია დეპორტაციის პროცესის გაფართოებაზე. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. თეთრი სახლისა და აშშ-ის კონგრესის დავის ფონზე საჭიროა კომპრომისი, რომლის საფუძველზეც, აშშ-მექსიკის საზღვარზე არალეგალური იმიგრაციის წახალისება აღარ უნდა მოხდეს. ეს უკანასკნელია სწორედ რესპუბლიკელების მოთხოვნა, ბაიდენი კი, მათ შანტაჟში ადანაშაულებს.  „თეთრი სახლი თავშესაფრის მაძიებელთა შემოწმების სტანდარტის გასაძლიერებლად მზად იქნება“ განუცხადა Reuters-ს წყარომ. ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე ითვალისწინებს „უსაფრთხო მესამე ქვეყნის“ დებულებას, რომელიც უარს ეტყვის თავშესაფრის მიცემაზე იმ მიგრანტებს, რომლებიც სხვა ქვეყნის გავლით ჩადიან აშშ-ში. შეთანხმების კიდევ ერთი პუნქტი შეიძლება, დაჩქარებული დეპორტაციის პროცესის გაფართოებაც იყოს. „სენატორების ორპარტიული ჯგუფი, რომელიც ცდილობს შეთანხმების მიღწევას, ასევე განიხილავს თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის შეზღუდვას,“ განაცხადა წყარომ. ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია ასეთ ვარიანტზე გაურკვეველი რჩება. ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მზადაა კომპრომისისთვის. „რესპუბლიკელების“ ხელმძღვანელობით წარმომადგენელთა პალატამ სამუშაო პერიოდი 14 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს, რაც შეზღუდულ დროს ტოვებს კანონების მისაღებად. ანალოგიური ვადები აქვს „დემოკრატების“ ხელმძღვანელობით სენატსაც. ამის გათვალისწინებით, Reuters-ი წერს, რომ მხარეების მიზანია ძირითადი შეთანხმების მიღწევა და საკანონმდებლო ტექსტის დეტალებზე მუშაობა შესაძლოა, არდადეგების პერიოდშიც გაგრძელდეს. უკრაინის დახმარების დაბლოკვის შემდეგ, ბაიდენი რესპუბლიკელებს შანტაჟში ადანაშაულებს: ფსონები ძალიან მაღალია

მე-3 კვარტალში პირდაპირი ინვესტიციები 61,5%-ით შემცირდა

საქსტატის ცნობითმ 2023 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 62,5 პროცენტით შემცირდა. საქსტატის თანახმად, კლების გამომწვევი უმთავრესი მიზეზი სავალო ვალდებულებებისა და რეინვესტიციის მოცულობის შემცირებაა. ივლისი-სექტემბრის პერიოდში საქართველოში 316 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა. მონაცემები აჩვენებს, რომ კლება ფიქსირდება არამხოლოდ გასული წლის იმავე პერიოდთან ($820,3 მლნ) შედარებით, არამედ, წინა კვარტალთანაც ($505,7 მლნ). პირდაპირი ინვესტიციების მხრივ პირველ ადგილზეა აშშ - 51,8 მლნ. აშშ დოლარით. მას მოყვება გაერთიანებული სამეფო (45,8 მლნ. აშშ დოლარი), ნიდერლანდი (45,3 მლნ. აშშ დოლარი). ათეულში შედიან საქართველოს მეზობელი ქვეყნები თურქეთი და აზერბაიჯანი, თუმცა არა სომხეთი და რუსეთი.  

კახეთის მაგისტრალის 4 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნა

კახეთის მაგისტრალის პირველი 4 კმ-იანი მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. 35 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, კახეთის მაგისტრალის დასრულებული და მშენებარე მონაკვეთების დათვალიერებისას განაცხადა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან ჩქაროსნულ მაგისტრალზე, პირველი 4 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთის (ვაზიანის შემოვლითი გზის) მშენებლობა დასრულდა და გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს. უწყების ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 64 მილიონ ლარამდეა. „თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის დარჩენილ 31 კმ-ის მშენებლობა ინტენსიურად გრძელდება. სამუშაოების 50% უკვე შესრულებულია და მშენებლობის დასრულება 2024 წელს იგეგმება. პროექტის ფარგლებში, შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მონაკვეთი, თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება, საერთო ჯამში, 527 მილიონ ლარს აღემატება. 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის პროექტზე ტენდერი გამოცხადებული იყო ისეთი ფორმით, რომ ქართულ კომპანიებს ჰქონოდათ დამოუკიდებლად მონაწილეობის შესაძლებლობა. შედეგად, ვაზიანის შემოვლითი 4 კმ-იანი გზა სწორედ ქართულმა კომპანიამ ააშენა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. უწყების ცნობით, თბილისი-საგარეჯოს გზა ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და სოფელ თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით სრულდება. მაგისტრალური გვერდს აუვლის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებს, როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც უზრუნველყოფს გადაადგილების უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს და შეამცირებს მგზავრობის დროს. „მაღალი პროგრესია საგარეჯოს შემოვლითის მონაკვეთზეც, სადაც გზის ნაწილი მოყვანილია ქვედა საფარში, სამუშაოები გრძელდება და მომდევნო წელს დასრულდება. ასევე, წელს დავიწყეთ მსოფლიო ბანკის სესხით დაფინანსებული პროექტის - საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობა. სამუშაოები გეგმის შესაბამისად ვითარდება და აღნიშნული მონაკვეთის დასრულება, ხელშეკრულების მიხედვით, 2025 წელს არის განსაზღვრული,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ. კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ასევე, გრძელდება ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა, გომბორის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია და ომალოს გზის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი.  

CNN-მა თბილისი შობის გასატარებლად ზღაპრული ქალაქების სიაში შეიყვანა

CNN-მა 12 ევროპული ქალაქი დაასახელა, რომელთა მონახულებას მოგზაურებს შობა-ახალ წელს ურჩევს - ავსტრიულ, გერმანულ, ფრანგულ, ბელგიურ, ჰოლანდიურ, ნორვეგიულ და პოლონურ ქალაქებს შორის საქართველოს დედაქალაქიც მოხვდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტატიის ავტორი ჯო მინიჰელი CNN-ის სამოგზაურო პორტალის მკითხველს თბილისის მონახულებას ურჩევს. „ვისაც შობა გიყვართ, საქართველოს და მის დედაქალაქს უნდა ეწვიოთ, აქ შობა-ახალი წელი ნომერ პირველი დღესასწაულია. საქართველოში უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამიტომ შობას 25 დეკემბრის ნაცვლად 7 იანვარს აღნიშნავენ. დღესასწაულების მთავარი დღე საქართველოში 31 დეკემბერია, ადგილობრივები ერთმანეთს საჩუქრებს უცვლიან, მთელ ქალაქში ცა ფეიერვერკითაა განათებული. პარლამენტის შენობასთან დიდი ნაძვის ხეა, აქვე ახლოს ეწყობა საშობაო სოფელი და საფესტივალო ბაზრები,“ - წერს CNN-ის ჟურნალისტი.  

ცნობილი უკრაინელი მსახიობი რუსეთთან ომში მიყენებული ჭრილობების შემდეგ გარდაიცვალა

ცნობილი უკრაინელი მსახიობი ვასილი კუხარსკი რუსეთთან ომში მიყენებული ჭრილობების შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაცია პოდოლის თეატრის გვერდზე გავრცელდა. ცნობილია, რომ რუსეთის სასტიკი შემოჭრის პირველივე დღიდან ვასილი კუხარსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებს შეუერთდა. 21 სექტემბერს კი, რეჟისორმა ოლეს სანინმა განაცხადა, რომ კუხარსკი ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა და კიევის საავადმყოფოში სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის იმყოფებოდა.  

შაჰ-დენიზის საბადოზე 2024 წელს გაზის წარმოების ზრდას პროგნოზირებენ

კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში მდებარე შაჰ-დენიზის გაზის კონდენსატის საბადო 2024 წელს 26,1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მოიპოვებს, რაც 0,8 მილიარდი კუბური მეტრით, 3,16%-ით მეტია 2023 წლის პროგნოზზე. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. მედია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის ფონდის ანგარიშებს ეყრდნობა. შაჰ-დენიზის ბუნებრივი აირის საბადო — აზერბაიჯანში ყველაზე დიდი ბუნებრივი აირის ველი. მდებარეობს კასპიის ზღვაში ბაქოდან 70 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით. შაჰ-დენიზის საბადოს ბუნებრივი აირის მარაგი დაახლოებით 1 ტრილიონი კუბური მეტრია. საბადოდან ბუნებრივი აირი მიეწოდება სანგაჩალის (აზერბაიჯანი) ტერმინალს, საიდანაც მისი შეშვება ხდება სამხრეთ კავკასიის გაზსადენში. სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან საქართველოს გაზმომარაგება ხდება 30 დუიმიანი განშტოებით, რომელიც მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში (სოფელი ჯანდარი). საბადოს 140 კვადრატული კილომეტრი უჭირავს.  

FT: ევროკავშირი წევრ ქვეყნებს რუსული გაზის იმპორტის დაბლოკვის უფლებას მიანიჭებს

ევროკავშირი ემზადება, რომ წევრ ქვეყნებს უფლებამოსილება მიანიჭოს, დაბლოკონ რუსული გაზის იმპორტი მოსკოვის ენერგეტიკული შემოსავლების შეზღუდვის მიზნით, იტყობინება Financial დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით.  როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი მიზნად ისახავს 2027 წლისთვის რუსული წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლებას, ევროკავშირის რამდენიმე წევრი კვლავ დიდად არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) იმპორტმა რუსეთიდან წელს რეკორდულ სიმაღლეებს მიაღწია. „ევროკავშირის მიერ მომზადებული სამართლებრივი ტექსტი საშუალებას მისცემს წევრ ქვეყნებს, აუკრძალონ რუსულ და ბელორუსულ კომპანიებს გაზსადენებსა და LNG ტერმინალებში სიმძლავრის შეძენა,“ წერს Financial Times. „ეს საშუალებას მისცემს ევროპულ ენერგეტიკულ ფირმებს გააუქმონ კონტრაქტები რუს მომწოდებლებთან გადასახადის გადახდის გარეშე,“ განუცხადა გამოცემას ევროკავშირის მაღალჩინოსანმა. პროექტს, სავარაუდოდ, წევრი ქვეყნების და ევროპარლამენტის წარმომადგენლები მოგვიანებით, 8 დეკემბერს დაამტკიცებენ. ეს ღონისძიება ბრიუსელის სტრატეგიის ნაწილია, რათა ბლოკის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება შეამციროს.  მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ მიაღწია ნაბიჯებს გაზის მიწოდების დივერსიფიკაციაში, ისეთი სახელმწიფოები, როგორიცაა უნგრეთი და ავსტრია,  დიდწილად კვლავ რუსულ იმპორტს ეყრდნობიან.  

ავსტრალიიდან უკრაინაში Bushmaster-ის ტიპის ჯავშანტექნიკა მიემართება

ავსტრალია Bushmaster-ის ტიპის ჯავშანტექნიკას უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის სამხედრო დახმარების ნაწილად მიიჩნევს. უკრაინაში ავსტრალიის ელჩის, ბრიუს ედვარდსის თქმით, კიდევ უფრო მეტი ჯავშანმანქანა უკვე გზაშია. ელჩმა განმარტა, რომ უკრაინისთვის ახალი ტექნიკა 25 დეკემბრამდე იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენ ერთეულზეა საუბარი. ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში ავსტრალიამ უკრაინას 20 Bushmaster-ი, საერთო ჯამში $38 მილიონის ღირებულების ტექნიკა გადასცა. გადაწყვეტილების დამტკიცებას და ტრანსფერის დაწყებას მხოლოდ ერთი დღე დასჭირდა. 2022 წლის ოქტომბრისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ავსტრალიამ დამატებით, 30 Bushmaster-ის ტიპის ჯავშანმანქანა გაგზავნა უკრაინაში.  

სარფში 50 მილიონამდე ღირებულების არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა - შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტ "სარფში" დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს. უწყების ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 49 870,6 ლარი შეადგინა. „სამართალდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქე, სანქციის სახით, 7509,9 ლარით დაჯარიმდა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ერაყში აშშ-ის საელჩოს დაცული ზონა სარაკეტო თავდასხმების სამიზნეა

პარასკევს, გამთენიისას, სულ მცირე სამი რაკეტის სამიზნე გახდა აშშ-ის საელჩოს ბაღდადის „მწვანე ზონა“. რაკეტები ჩამოვარდა ოლქის გარეუბანში, სადაც განთავსებულია სამთავრობო და დიპლომატიური შენობები. ამის შესახებ France24 უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს. გამოცემა წერს, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, ერაყსა და სირიაში, პროირანული ჯგუფების მიერ ამერიკის ან კოალიციის ძალების წინააღმდეგ ათობით სარაკეტო ან უპილოტო დარტყმა განხორციელდა. „ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით ოფიციალურ ანგარიშებს მსხვერპლისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ჩვენ ასევე ველოდებით ოფიციალურ ანგარიშს თავდასხმის ტიპის შესახებ,“ - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „გასულ კვირას ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰამასს“ შორის ომში პაუზის დასრულების შემდეგ, ამერიკულ და კოალიციურ ძალებზე, პროირანულმა ჯგუფებმა თავდასხმები განაახლეს. ისინი თავიანთ ქმედებებს, ისრაელის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერით ამართლებენ,“ წერს France24.  

რუსეთს ტყვეობაში 28 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ჰყავს

რუსეთის ფედერაციის ტყვეობაში ამჟამად 28 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა. ამის შესახებ უკრაინელმა ადამიანის უფლებათა კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციაზე - „თავისუფლება თუ შიში.“ ლუბინეცმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, დაეხმარონ უკრაინის სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების დაცვასა და სახლში დაბრუნებაში. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ვერ ამოწმებს მათ მდგომარეობას, ვერ ახერხებს რუსეთის ციხეებში შესვლას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას. „მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგობის ჩახშობის ახალი სისტემაა. ამჟამად დადასტურებულია, რომ უკრაინის 28 000 მოქალაქე რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. ჩვენ ვერ ვამოწმებთ მათ მდგომარეობას, ვერ შევდივართ რუსეთის ციხეებში, ვერ ვაწვდით მედიკამენტებს. კიდევ ერთხელ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას – დაგვეხმარეთ ჩვენი მოქალაქეების დაცვაში, დაგვეხმარეთ მათ დაბრუნებაში!" - განაცხადა ლუბინეცმა.  

როგორი ამინდი იქნება 12 დეკემბრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8-9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და შავი ზღვის სანაპირო რაიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 10 დეკემბერს გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს, ტემპერატურაც დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. თბილისში 10 დეკემბრამდე პერიოდულად წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 8-9 დეკემბერს თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, 10 დეკემბერს კი გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 8-9 დეკემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, 10 დეკემბერს კი გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 8-9 დეკემბერს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება. 10 დეკემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.  დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 8-9 დეკემბერს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება. 10 დეკემბერს კი ზოგან მოთოვს. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ორბანი: მაკრონთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა, უნგრეთის პოზიცია ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ მკაფიოა

ვიქტო ორბანი მაკრონთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მას შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.  მაკრონმა ელისეის სასახლეში ორბანს 7 დეკემბერს უმასპინძლა და ამ დრომდე მას კომენტარი ჰქონდა გაკეთებული. მან საფრანგეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების დეტალები არ დააკონკრეტა. „უნგრეთის პოზიცია ევროკავშირის ლიდერების დეკემბრის სამიტის წინ მკაფიოა," - წერს ორბანი. ელისეის სასახლეში ასევე არ საუბრობენ შეხვედრის შედეგებზე, რომელიც ხუთშაბათს 20:30 საათზე შედგა. მედიის ცნობით, შეხვედრის დაწყებამდე მაკრონი ოპტიმისტურად იყო განწყობილი ორბანის დარწმუნების თვალსაზრისით, რომელიც 14-15 დეკემბერს სამიტზე უკრაინის შესახებ ევროკავშირის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დაბლოკვას აპირებს. ხუთშაბათს ორბანმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა სატელეფონო საუბარი ესპანეთის და მოუწოდა მას, რომ სამიტზე უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი არ განიხილონ.  

ელჩი: რუსეთს მედიცინის 500-მდე უკრაინელი მუშაკი ტყვეობაში ჰყავს

რუსეთს მედიცინის თითქმის 500 მუშაკი ჰყავს დაკავებული. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო), ევგენი ციმბალუკმა განაცხადა. ელჩის შეფასებით, რუსეთი ჟენევის კონვენციებს არღვევს. რუსეთის ფედერაციის ტყვეობაში ამჟამად 28 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა. ამის შესახებ უკრაინელმა ადამიანის უფლებათა კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციაზე - „თავისუფლება თუ შიში.“ ლუბინეცმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, დაეხმარონ უკრაინის სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების დაცვასა და სახლში დაბრუნებაში. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ვერ ამოწმებს მათ მდგომარეობას, ვერ ახერხებს რუსეთის ციხეებში შესვლას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას. „მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგობის ჩახშობის ახალი სისტემაა. ამჟამად დადასტურებულია, რომ უკრაინის 28 000 მოქალაქე რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. ჩვენ ვერ ვამოწმებთ მათ მდგომარეობას, ვერ შევდივართ რუსეთის ციხეებში, ვერ ვაწვდით მედიკამენტებს. კიდევ ერთხელ მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას – დაგვეხმარეთ ჩვენი მოქალაქეების დაცვაში, დაგვეხმარეთ მათ დაბრუნებაში!" - განაცხადა ლუბინეცმა.  

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანისთვის საიმედო სატრანზიტო მარშრუტი საქართველოზე გადის

რა გავლენას მოახდენს საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობებზე და ევროკავშირის გაზრდილი ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში. ეს საკითხი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 დეკემბერს ფორუმზე სახელწოდებით „ყარაბაღი: სახლში დაბრუნება 30 წლის შემდეგ. მიღწევები და გამოწვევები“ განიხილა, როდესაც მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა. ალიევი: აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია ევროპაში საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე საუბრისას, ალიევმა ქვეყანას სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა და მას წარმატებები უსურვა. იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის პროცესი, რომელსაც, ზოგიერთი ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში ელოდა . ამ ქვეყნებს შორის მან თურქეთი და ბალკანეთის ქვეყნები დაასახელა. „დარწმუნებული ვარ, „როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ჩვენს ურთიერთობებსა და ენერგეტიკულ თანამშრომლობაში არაფერი შეიცვლება, რადგან მოგეხსენებათ, რომ ევროპა არის ჩვენი ენერგორესურსების მთავარი მიმართულება, იქნება ეს ნავთობი თუ გაზი. ევროპულმა ენერგეტიკულმა კომისიამ აზერბაიჯანს უკვე უწოდა გაზის პან-ევროპული მიმწოდებელი, რაც მართალია. ასე რომ, ბევრი ქვეყანა უკვე იღებს ჩვენს გაზს,“ - აღნიშნა ალიევმა. ალიევმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებას. მან აღნიშნა, რომ „ქართველმა მეგობრებმა იციან, რომ დღეს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება აბსოლუტურად უსაფრთხო მხარეზეა.“ „რაც არ უნდა მოხდეს დიდ მოთამაშეებს შორის, არ აქვს მნიშვნელობა როგორი ამინდია, რადგან ეს არის მიწოდების საიმედო წყარო. ჩვენ ვიცით, რომ აზერბაიჯანისთვის საიმედო სატრანზიტო მარშრუტი საქართველოზე გადის,“ - განაცხადა ალიევმა.  

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოება ერთ ან ორ თვეში დასრულდება - ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოება ერთ ან ორ თვეში დასრულდება. ალიევის თქმით, ეს არის 100%–იანი აზერბაიჯანული ინვესტიცია (100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი). ამასთან, დაგეგმილია ხსენებული სეგმენტის გამტარუნარიანობის გაზრდა ერთი მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში. მან ხაზი გაუსვა, რომ „ეს არის ახალი შესაძლებლობები ახალი ტვირთების მისაღებად.“ „ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ გაგვეგრძელებინა ეს გზა სომხეთის გავლით, მაგრამ სომხეთმა უარი თქვა. ასე რომ, ჩვენ შევთანხმდით ირანულ მხარესთან და უკვე ვაშენებთ სამანქანო ხიდს,  შემდეგ კი რკინიგზისთვის ავაშენებთ ხიდს სომხეთის გვერდის ავლით. ასევე ვმუშაობთ მდინარე არაზის სამხრეთ ნაპირზე დაახლოებით 50 კილომეტრიანი რკინიგზის აშენებისთვის. შემდეგ ის გაივლის ნახიჩევანს და იქნება კავშირი თურქეთის სარკინიგზო სისტემასთან. თურქული მხრიდან გვაცნობეს, რომ იგეგმება ყარსი-ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობაც. ასე რომ, ეს იქნება შუა დერეფნის კიდევ ერთი გაფართოება - ერთი გადის საქართველოდან ყარსის და ხმელთაშუა ზღვის პორტებისკენ, მეორე კი, ზანგილანის, ირანის, ნახიჩევანის და ისევ თურქეთის გავლით. ეს ზრდის ფიზიკურ შესაძლებლობებს, მაგრამ ამასობაში ეს გზა კომერციულად უფრო მიმზიდველი უნდა გავხადოთ. ამ მიზნით ჩვენ უკვე შევქმენით ძალიან ეფექტიანი თანამშრომლობის ფორმატი აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და თურქეთს შორის,“ - განაცხადა ალიევმა. BTK აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება - ეკონომიკის სამინისტრო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის 90% დასრულებულია აზერბაიჯანული მედია აგვისტოში წერდა, რომ სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზის“ CJSC (ADY) შვილობილმა კომპანია ADY Container-მა ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთზე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოსთან დაკავშირებით, ალტერნატიული მარშრუტი წარადგინა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი 16 მაისიდან გაურკვეველი ვადით დაიხურა. „საქართველოს რკინიგზაში“ მაშინ განაცხადეს, რომ ქართულმა მხარემ ცნობა მიიღო სარკინიგზო ხაზის "მარაბდა-კარწახის" მონაკვეთის მშენებელი კონტრაქტორისგან. „ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის „მარაბდა-კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის, "დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა. მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა,“ - აცხადებდნენ „საქართველოს რკინიგზაში“. გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის, თურქეთისა და თურქმენეთის პირველ სამმხრივ სამიტზე განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი დამატებით 100 მლნ დოლარით დაფინანსდება. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე  საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალის ქართულ ნაწილზე სამუშაო აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი, ჯამში $775 მილიონი გამოუყო. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე) შეადგინა. თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი: ჩვენ ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ტვირთბრუნვის გაზრდაზე რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე