ძებნის რეზულტატი:
ბოლო პერიოდში, რესპირაციული ინფექციების შემთხვევები გაიზარდა, მაგრამ საპანიკო არაფერია - თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, რესპირაციული ინფექციებით შემთხვევების ზრდა აღინიშნება, მომატებულია კლინიკების დატვირთვაც, მაგრამ ამის დრამატიზება აბსოლუტურად არ არის საჭირო, საპანიკო არაფერია. ცერცვაძის თქმით, ტყუილია, თითქოს, კლინიკებში ადგილები არ არის. „ბოლო პერიოდში, რესპირაციული ინფექციებით შემთხვევების ზრდა აღინიშნება, გაზრდილია კლინიკების დატვირთვაც. ეს სინამდვილეა, მაგრამ არ არის სწორი, როდესაც ცალკეული ექსპერტები, თუ მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში „დრამატული ვითარებაა“, „კლინიკებში ადგილები აღარ არის“, „მშობლები ბავშვებით კლინიკის რიგში დგანან“. ობიექტური შეფასებით, ქვეყანაში რესპირაციული ინფექციებით პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ აბსოლუტურად არ არის საჭირო ამის დრამატიზება, საპანიკო არაფერია. ეს ზრდა მოსალოდნელი იყო. გასული სამი წლის განმავლობაში იმიტომ იყო რესპირაციული ინფექციების ნაკლები რაოდენობა, რომ მაშინ COVID-19 დომინირებდა, სახელმწიფო და მთელი მსოფლიო ეფექტიან საპასუხო ზომებს იღებდა, ეს იყო პირბადის ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან თავის შეკავება, მასობრივი შეკრებების შეზღუდვა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რესპირაციული ინფექციების გავრცელების პრევენციას ახდენდა. შედეგად, ყველა ამ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი, ბოლო 3 წელი შემცირებული იყო. წელს, როდესაც COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, რესპირაციული ინფექციების გავრცელების მაჩვენებელმა მოიმატა იმ ფარგლებში, რაც COVID-19-მდე იყო. ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში, ყოველწლიურად მხოლოდ გრიპისგან საშუალოდ 290 000-650 000-მდე ადამიანი იღუპება. საქართველოში, გასულ წელს გრიპით გარდაცვალების დაახლოებით 20-მდე შემთხვევა გვქონდა, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. 2024 წელს გრიპით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევები არ გვაქვს. თითქოს, ბევრია რესპირაციული ინფექციების შემთხვევების რაოდენობა, ეს ხელოვნურ პანიკას იწვევს, მაგრამ ამ დროს, ლეტალური შემთხვევები არ გვაქვს,“ - აცხადებს ცერცვაძე. მისივე განმარტებით, „გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია.“ „ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა გაიზარდა, მაგრამ არავითარ გადატვირთვას არ აქვს ადგილი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ტყუილია, თითქოს, კლინიკებში ადგილები არ არის. შესაძლოა, რომელიღაც ბავშვთა საავადმყოფოში რამდენიმე დღით გადაიტვირთა კლინიკა, მაგრამ შეგახსენებთ, რომ უამრავი სხვა კლინიკა გვაქვს. ინფექციური პროფილის წამყვან კლინიკებში საწოლფონდი სანახევროდ არის დატვირთული. თუ რესპირაციული ინფექციებით ბავშვთა რაოდენობამ იმატა, რატომ არ მიჰყავთ ისინი მაგალითად, ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც თავისუფალი ადგილები საკმარისადაა, ისევე როგორც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ფუნქციონირებს ბავშვთა ინფექციების განყოფილება 40 საწოლზე? ასე რომ, ქვეყანაში საწოლფონდის არანაირი გადატვირთვა არ არის. ადგილები საკმარისზე მეტი გვაქვს,“ - აღნიშნავს ცერცვაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.
გერმანიაში ათასობით პირი, მათ შორის, შოლცი და ბერბოკი, მემარჯვენე რადიკალიზმის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდა
ბერლინსა და მის მეზობელ პოდსტამში ათასობით მოქალაქე - მათ შორის კანცლერი ოლაფ შოლცმა და საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი შეიკრიბნენ. ისინი მონაწილეობდნენ დემონსტრაციაში, რომელიც მემარჯვენე რადიკალიზმის წინააღმდეგ გაიმართა. მედიაში გავრცელებული მონაცემებით, პოდსტამში თავი მოიყარა 10 000-მდე მოქალაქემ, ბერლინში - 25 000-მდე პირმა. აქციას რამდენიმე დღით უძღოდა წინ საგამოძიებო ანგარიშის გავრცელება, რომლის თანახმადაც მემარჯვენე ექსტრემისტებმა და ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) წევრებმა შეხვედრაზე იმსჯელეს გერმანიიდან მილიონობით მიგრანტის დეპორტაციის გეგმებზე.
დიდი ბრიტანეთი NATO-ს წვრთნებისთვის ევროპაში 20 000 სამხედრო მოსამსახურეს განალაგებს
დიდი ბრიტანეთი 20 000 სამხედრო მოსამსახურეს გამოყოფს ევროპის მასშტაბით NATO-ს მთავარ წვრთნებში მონაწილეობისთვის, რომელიც წლის პირველ ნახევარში გაიმართება. გაერთიანებული სამეფრო ასევე უზურნველყოფს სამხედრო გემებსა და გამანადგურებლებს. შესაბამის ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. კერძოდ, 16,000 ბრიტანეთი ჯარისკაცი აღმოსავლეთ ევროპაში თებერვლიდან ივნისამდე დაფუძნდება. ასევე გამოიყოფა ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი, F35B Lightning-ის თავდასხმის თვითმფრინავები და სათვალთვალო თვითმფრინავები. NATO-ს წვრთნები Steadfast Defender 24 - დასავლური ალიანსის 75-ე წლისთავს აღნიშნავს. „დიდი ბრიტანეთი ევროპაში გაგზავნის დაახლოებით, 20 000 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარ პერსონალს, რათა მონაწილეობა მიიღოს NATO-ს ერთ-ერთ უდიდეს განლაგებაში ცივი ომის დასრულების შემდეგ,“ - განაცხადა თავდაცვის მდივანმა გრანტ შაპსმა. „კონკრეტული ძალები“ „კონკრეტული ტერიტორიების“ დასაცავად - რა გეგმა აქვს NATO-ს პირველად ცივი ომის შემდეგ
ამერიკელი მაღალჩინოსანი საქართველოს ვიზიტით ეწვევა
გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი რიჩარდ ნეფიუ 15-18 იანვარს სომხეთსა და საქართველოში გაემგზავრება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორივე ქვეყანაში ის განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს. ამასთან, შემდგომი თანამშრომლობის სფეროებს განსაზღვრავს. სომხეთში ამერიკელი კოორდინატორი შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, იუსტიციის სექტორისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. ის ასევე მონაწილეობას მიიღებს სამოქალაქო საზოგადოების მრგვალ მაგიდაში. საქართველოში ამერიკელი მაღალჩინოსანი შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
თენგიზ ცერცვაძე: ივ/შიდსი რჩება განუკურნებელ დაავადებად, მაგრამ სწორი მკურნალობით შესაძლებელია, ვირუსის კონცენტრაცია სისხლში განულდეს
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ აივ ინფიცირების მაჩვენებელზე ისაუბრა. მისი თქმით, აივ/შიდსი რჩება განუკურნებელ დაავადებად, მაგრამ სწორი მკურნალობით შესაძლებელია, ვირუსის კონცენტრაცია სისხლში განულდეს და დაავადების პროგრესირება შეჩერდეს. „ზოგადად, ყოველ წელს ფიქსირდება 500-დან 600-მდე, ან ცოტა მეტი ახლად გამოვლენილი შემთხვევა. 2022 წლის ბოლოს გვქონდა 617 შემთხვევა, ხოლო 2023 წლის დეკემბრის ბოლოს იყო 613 შემთხვევა. ზოგადად, აივ/შიდსის მხრივ, ითვლება რომ ვითარება სტაბილურია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შიდსთან ბრძოლის საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს. საქართველოში, სავარაუდოდ, ამჟამად არის 8500 აივ ინფიცირებული პირი. მათგან 83% გამოვლენილია, ხოლო 17% არის გამოუვლენელი. გამოვლენილებიდან 86% ჩართულია მკურნალობის პროცესში, მუდმივად იღებს აივ ინფექციის საწინააღმდეგო ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებს. მკურნალობაზე მყოფი პირების 92%-ში კი მიღწეულია სისხლში ვირუსის კონცენტრაციის სუპრესია (განულება). აივ/შიდსი რჩება განუკურნებელ დაავადებად, მაგრამ დღეს სწორი მკურნალობით უკვე შესაძლებელია ვირუსის კონცენტრაცია სისხლში გავანულოთ და შევაჩეროთ დაავადების პროგრესირება. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. ასეთ ავადმყოფები აღარ წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების წყაროს, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის, ისინი სრულად არიან ინტეგრირებულნი საზოგადოებაში ცხოვრების კარგი ხარისხით, სწავლობენ, მუშაობენ, ქორწინდებიან, ქმნიან ოჯახებს, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და ა.შ. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს ახასიათებს ერთი ძალიან ვერაგი თვისება, ორგანიზმში მოხვედრისას მისი გენეტიკური მასალა ჩაშენდება ადამიანის უჯრედის გენეტიკურ მასალაში, ადამიანი ხდება ვირუსის გენეტიკური მასალის მტარებელი. როდესაც ადამიანი მკურნალობს, მის სისხლში ვირუსი აღარ ცირკულირებს, მისი კონცენტრაცია განულებულია. მაგრამ ასეთმა პაციენტმა მთელი სიცოცხლე უწყვეტად უნდა იმკურნალოს. როგორც კი შეწყვეტს მკურნალობას, ვირუსის ის გენეტიკური მასალა, რომელიც მის უჯრედებშია, ახალი ვირუსების პროდუქციას იწყებს და სისხლში ისევ გაჩნდება ვირუსი. ამდენად ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე არ არის აივ/შიდსისგან განკურნება, დღეს ეს ჯერ კიდევ შეუძლებელია, ჩვენი ამოცანაა სისხლში ვირუსის კონცენტრაცია ნული იყოს და პაციენტმა იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით. დღეს საქართველოში აივ ინფექცია/შიდსი ყველაზე კარგად მოვლილი დაავადებაა. სადმე გსმენიათ, რომ აივ ინფიცირებულებს რაიმე პრობლემები ჰქონდეთ ან სხვას შეუქმნან პრობლემები? არა! და ეს ჩვენი დიდი მიღწევაა. 2025 წლისთვის საქართველოში დაგეგმილი გვაქვს შიდსის ეპიდემიის დაძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ აივ ინფექციის ახალი შემთხვევები მინიმუმამდე იქნება შემცირებული. მთელი მსოფლიოს ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი ამჟამად მობილიზებულია შიდსის განმკურნებელი მედიკამენტების შექმნაზე და იმედი გვაქვს, რომ არც თუ შორეულ მომავალში ასეთი მედიკამენტები შეიქმნება და აივ/შიდსისგან სრული განკურნება შესაძლებელი იქნება. ჩვენ 2017 წელს პირველებმა აღმოსავლეთ ევროპაში დავიწყეთ აივ ინფექციის ე.წ. პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა (PREP). ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრევენციული ზომა. ახლა, აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა გვაქვს მამაკაცებში, ვისაც მამაკაცებთან აქვთ სექსი. გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ამ კატეგორიაშია. იცით, რომ მათთან კომუნიკაცია ადრე ძალიან გაძნელებული იყო. თუმცა, ცივილიზებული სახელმწიფო ვართ, იქით მივდივართ, რომ ყველა იყოს თანასწორუფლებიანი და სრულფასოვნად ინტეგრირებული საზოგადოებაში. მივაღწიეთ იმას, რომ აივ/შიდსი აღარ იწვევს სტიგმას და დისკრიმინაციას. პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკით (PREP) კი ამ ეტაპზე 1600-მდე ადამიანი სარგებლობს. პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის (PREP) პროგრამით ხდება აივ ინფექციის პრევენცია ჯანმრთელ ადამიანებში. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს უკეთდებათ აივ ინფექციაზე ტესტი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ინფიცირებულები ჯერ არ არიან. თუ დადასტურდება, რომ ის ინფიცირებული არ არის, მას მედიკამენტები უფასოდ ეძლევა. დღეში მხოლოდ ერთი ტაბლეტი უნდა დალიოს. შედეგად პროგრამაში მონაწილეები არ ინფიცირდებიან სქესობრივი ან სხვა კონტაქტების დროს, მაშინაც კი თუ მათ პარტნიორი აივ ინფიცირებულია. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროგრამის გაფართოებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ვისაც სქესობრივი კონტაქტი აქვს, გამოიყენოს დამცავი საშუალება, ან ჩაერთონ ამ პროგრამაში. ის უფასოდ მიიღებს მედიკამენტს, რომელიც დაიცავს ინფიცირებისგან, მაშინაც კი, თუ სქესობრივი პარტნიორი შიდსით იქნება ინფიცირებული. ჩვენ ამ პროგრამაში 200-მდე მიგრანტიც გვყავს ჩართული,“ - აღნიშნა ცერცვაძემ.
რით განსხვავდება კორონავირუსის ახალი შტამი მისი წინამორბედისგან და რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ანტივირუსული პრეპარატი
რით განსხვავდება კორონავირუსის ახალი შტამი მისი წინამორბედისგან და რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ანტივირუსული პრეპარატი. ამ თემაზე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, კორონავირუსის ახალ შტამს, კერძოდ, JN.1-ს ყნოსვის და გემოს გაქრობა არ ახასიათებს. ამით განსხვავდება წინამორბედებისგან. მან კორონავირუსის ახალ შტამზე, კერძოდ, JN.1-ზე საუბრისას აღნიშნა, წინამორბედებისგან განსხვავებით მას დაავადების მეტად მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს. „რაც შეეხება JN.1 ვარიანტს. ეს არის „ომიკრონის“ ერთ-ერთი ქვევარიანტი. „ომიკრონის“ შტამის გამოჩენის შემდეგ, მისი არაერთი ვარიანტი გავრცელდა. თითოეული ეს ქვევარიანტი იწვევდა კითხვებს, ყველას აინტერესებდა მათი გავრცელება და სიმძიმე. JN.1 ვარიანტი რაიმე განსაკუთრებული თვისებების მატარებელი არ არის. ზოგადი კანონზომიერება არის ის, რომ „ომიკრონის“ ყოველი ახალი ქვევარიანტი გამოირჩევა წინამორბედთან შედარებით უფრო მეტი გადამდებლობით და შესაბამისად, უფრო სწრაფი გავრცელებით. საბედნიეროდ, ომიკრონის“ შტამის არცერთ ვარიანტს, მათ შორის JN.1-ს არ ახასიათებს დაავადების მეტი სიმძიმე. სიმპტომები მსგავსია. ეს არის თანდათანობითი დაწყება, კატარული მოვლენები: ყელის ტკივილი, სურდო, ცხვირში გაჭედვის შეგრძნება, ძლიერი საერთო სისუსტე, ხველა. კორონავირუსი, სხვა რესპირაციული ვირუსებისგან განსხვავებით, აზიანებს არამხოლოდ სასუნთქ, არამედ სხვა ორგანოთა სისტემებს, სისხლის შემდედებელ სისტემასაც კი. გახსოვთ, რომ ხშირი იყო თრომბოემბოლიური გართულებები, გულის გაჩერების შემთხვევებიც იყო, პნევმონია უფრო ხშირია, ვიდრე სხვა რესპირაციული ინფექციების დროს. შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების დაქვეითება, ყნოსვის და გემოს გაქრობა. JN.1-ს არ ახასიათებს ყნოსვის და გემოს გაქრობა. ამით განსხვავდება წინამორბედებისგან. დიახ, COVID-19 სადღეისოდ ჩვენს ქვეყანაში არის, ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ მისი სიხშირე ნაკლებია. ასევე არის გარდაცვალების ერთეული შემთხვევებიც, თუმცა ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ასე მაგალითად, მხოლოდ ა.წ. 4-11 იანვრის კვირაში აშშ-ში დაფიქსირდა COVID-19-ით გარდაცვალების 636 შემთხვევა, გერმანიაში - 536 შემთხვევა, დიდ ბრიტანეთში - 212 შემთხვევა და ა.შ. ჩვენთან აღნიშნულ კვირაში არავინ გარდაცვლილა. ჯანმო-ს გენერალური დირექტორის და მისი მოადგილის განცხადებით, მთელს მსოფლიოში მომატებულია, როგორც რესპირაციული ინფექციების, ისე COVID-19-ის შემთხვევები. საქართველოშიც იგივე სიტუაციაა, მაგრამ COVID-19-ის შემთხვევების მატება შედარებით ნაკლებია. ჯანმო ამბობს, რომ არსებული ვითარება პანდემიისგან შორს არის, მაგრამ საყურადღებოა,“ - აღნიშნა ცერცვაძემ. ინფექციონისტი ხაზს უსვამს, რომ ხშირად ხდება „ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება. თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდება, გარბის და მაშინვე ყიდულობს, ეს კი არ შეიძლება! არ არის სწორი. მისივე თქმით, „ტამიფლუ“ ეფექტიანი მედიკამენტია, მაგრამ გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ სათანადო ჩვენებების შემთხვევაში. „ხშირად ხდება „ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება. თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდება, გარბის და მაშინვე ყიდულობს. ეს არ შეიძლება, არ არის სწორი! „ტამიფლუ“ უნდა მიიღოს დამძიმების რისკის ჯგუფში მყოფმა პირებმა, კერძოდ მათ, ვინც არის 65 წლის ასაკის ზემოთ, ან 5 წლის ქვემოთ (განსაკუთრებით კი 2 წლის ქვემოთ), ასევე ორსულებმაც. გარდა ამისა „ტამიფლუ“ უნდა მიიღონ ნებისმიერი ასაკის პირებმა, რომლებსაც აქვთ სერიოზული თანმხლები ქრონიკული დაავადებები, რადგან ასეთ პაციენტებში უფრო მეტია გრიპის მძიმე მიმდინარეობის და გართულებების, მათ შორის ფატალური გართულებების რისკები. „ტამიფლუ“ ამსუბუქებს სიმპტომებს, აჩქარებს განკურნებას და საგრძნობლად ამცირებს გართულებების რისკს. „ტამიფლუს“ მიღების ჩვენებაა აგრეთვე გრიპის დამძიმება. დამძიმებაში არ იგულისხმება მაღალი ტემპერატურა, ინტოქსიკაცია, ეს თითქმის ყველა შემთხვევას ახასიათებს. აქ განსაკუთრებით საყურადღებოა სუნთქვის უკმარისობის გაჩენა, ან პროგრესირება, რაც გრიპის დამძიმებაზე და/ან შესაძლო პნევმონიის არსებობაზე მიუთითებს. ზემოთაღნიშნულ შემთხვევებში რეკომენდებულია „ტამიფლუს“ დანიშვნა და ჰოსპიტალიზაცია. ასევე, რესპირაციული ინფექციების დროს ხშირად ხმარობენ ანტიბიოტიკებს, რაც არ არის სწორი. რესპირაციული ინფექციების, მათ შორის გრიპის დროს, ანტიბიოტიკები მხოლოდ მაშინ უნდა დაინიშნოს, როდესაც ეჭვია ბაქტერიული ინფექციის განვითარებაზე. ცერცვაძე აღნიშნა, რომ გრიპის პრევენციის მთავარი ზომა მაინც არის ვაქცინაცია. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი 200 ათასი ვაქცინა ჯერ კიდევ არ გახარჯულა.
კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ახალი პარტია შემოვიდეს - ცერცვაძე
კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების - „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ ახალი პარტია შემოვიდეს, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტებზე საუბრისას განაცხადა. ცერცვაძემ აღნიშნა, რომ გარდაცვალების შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო იმ პაციენტებში, რომლებმაც დროზე მიმართეს ექიმს და საჭიროების შემთხვევაში მიიღეს აღნიშნული მედიკამენტები. „იცით, რომ COVID-19-ის მკურნალობის უახლესი თანამედროვე მეთოდების დანერგვის კუთხით ჩვენ მოწინავე ქვეყნების რიგში ვიყავით და ერთ-ერთმა პირველებმა დავიწყეთ „ტოცილიზუმაბის“, „რემდესივირის“ და „პაქსლოვიდის“ გამოყენება. საქართველო მეხუთე ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც „პაქსლოვიდი“ მიიღო. სწორედ COVID-19-ს მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დროულმა დანერგვამ განაპირობა ის, რომ ერთ-ერთმა პირველმა გადავაქციეთ COVID-19 ფატალური ინფექციიდან რიგით რესპირაციულ ინფექციად. გარდაცვალების შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო იმ პაციენტებში, რომლებმაც დროზე მიმართეს ექიმს და საჭიროების შემთხვევაში მიიღეს აღნიშნული მედიკამენტები. „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ ახალი პარტია შემოვიდეს. რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, იცით, რომ სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობის COVID-19 ვაქცინაციით მოცვა ძალიან დაბალი იყო. ეს განაპირობა მოსახლეობის სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ იმუნიზაციისადმი, ასევე ანტივაქსერების მიერ გაჩაღებულმა კამპანიამ, რომელში რამდენიმე ცნობილი ექიმიც კი იყო ჩართული, რაც ძალიან სამწუხაროა. პირველი თაობის ვაქცინები მორგებული იყო იმ პერიოდში გავრცელებულ შტამებზე და პრაქტიკულად ვერ იცავდა, ან ნაკლებად იცავდა „ომიკრონის“ შტამისგან. სადღეისოდ უკვე შემუშავებულია ახალი თაობის ვაქცინები, რომლებიც „ომიკრონის“ შტამზეა მორგებული. უფრო სწორად, ეს ვაქცინები ყველა არსებული შტამისგან იცავს პაციენტს, მათ შორის „ომიკრონის“ ქვევარიანტებისგან. ეს ვაქცინები საქართველოში ჯერ შემოტანილი არ არის. რამდენადაც ვიცი, მოლაპარაკება მიმდინარეობს და ახალი თაობის ვაქცინებს შემოიტანენ. მოსახლეობისადმი ჩემი რჩევა იქნება, რომ როგორც კი ახალი თაობის ვაქცინები შემოვა, პირველი თაობის ვაქცინებისადმი დამოკიდებულება, რომ იყო ისეთს ნუ გამოიჩენენ, მეტი მოტივაცია გამოვამჟღავნოთ და მეტი ადამიანი აიცრას,“ - აღნიშნა ცერცვაძემ.
ჩინური სტარტაპი აცხადებს, რომ სმარტფონისთვის შეიმუშავა ახალი ბატარეა, რომელიც 50 წლის განმავლობაში დამუხტვას არ საჭიროებს
ჩინურმა სტარტაპმა განაცხადა, რომ შეიმუშავა ახალი ბატარეა, რომელსაც სმარტფონების კვება 50 წლის განმავლობაში, დამუხტვის საჭიროების გარეშე შეუძლია. მას შემდეგი თაობის ბატარეა უწოდეს. პეკინში დაფუძნებულმა Betavolt-მა განმარტა, რომ მისი ბირთვული ბატარეა მსოფლიოში პირველია, როლის მოდულშიც მოთავსებულია 63 ბირთვული იზოტოპი. კომპანიამ განმარტა, რომ პროექტი უკვე საპილოტე ტესტირების ეტაპზეა და საბოლოოდ, მისი მასობრივად წარმოება იგეგმება.
საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. უწყების განცხადებით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,“ - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფულადი გზავნილები 42,4%-ით შემცირდა - ყველაზე დიდი კლებაა რუსეთიდან
2023 წლის დეკემბერში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა 42,4%-თ შემცირდა. განახლებული მონაცემების შესახებ ინფორმაცია ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, გასულ თვეში სხვა ქვეყნებიდან საქართველოში 308,3 მილიონი დოლარი (828,1 მლნ ლარი) გადაირიცხა. ფულად გზავნილებზე კლების ტენდენცია 2022 წლის დეკემბრიდან შეინიშნება, როცა 535,3 მილიონი აშშ დოლარი გადმოირიცხა საქართველოში. 2023 წელს ჯამში გადმოირიცხა 4094,7 მილიონი ლარი. პროცენტულად, ყველაზე დიდი 78%-იანი კლებაა რუსეთიდან ფულად გზავნილებზე. ამის მიუხედავად, საქართველოში ფულადი გზავნილების 23% მაინც რუსეთის ფედერაციაზე მოდის. ამ ქვყენის შემთხვევაშიც გადმორიცხვებზე კლების ტენდენცია 2022 წლის დეკემბრიდან შეინიშნება. 2022 წლის დეკემბერში საქართველოში მხოლოდ რუსეთიდან ($317,3 მილიონი) იმაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ვიდრე 2023 წლის დეკემბერში ყველა ქვეყნიდან ერთად. 2023 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 34 მლნ აშშ დოლარი (91,4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის დეკემბერის (33,8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0,6%-ით მეტია. ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: რუსეთის ფედერაცია - $70.58 მლნ; იტალია - $49.68 მლნ; აშშ - $46.19 მლნ; გერმანია - $21.57 მლნ; საბერძნეთი - $22.65 მლნ; ისრაელი - $20.92 მლნ; ყაზახეთი - $14.79 მლნ; თურქეთი - $8.01 მლნ; ესპანეთი - $5.9 მლნ; საფრანგეთი - $5.09 მლნ; ირლანდია - $4.95 მლნ; აზერბაიჯანი - $4.19 მლნ; გაერთიანებული სამეფო - $3.24 მლნ პოლონეთი - $2.83 მლნ; კანადა - $2.53 მლნ;
საქართველოში უახლოეს დღეებში უნალექო ამინდი იქნება - პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15-16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. 17 იანვარს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 17 იანვარს კი, იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 17 იანვარს კი, გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15-16 და 18 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ჩინეთიდან აზერბაიჯანში წელს შუა დერეფნის გავლით, პირველი საკონტეინერო მატარებელი ჩავიდა
საკონტეინერო მატარებელი Xi'an (PRC) - ბაქო (აზერბაიჯანი), რომელიც ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე მოძრაობს, (TITR, შუა დერეფანი) ყაზახეთის გავლით, დანიშნულების ადგილზე ჩავიდა. იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო Trend. მატარებელმა საწყისი წერტილიდან დანიშნულების ადგილამდე 11 დღე მოანდომა. მატარებელი 55 ორმოცფუტიანი კონტეინერისგან შედგება. ის დატვირთულია სხვადასხვა სამომხმარებლო საქონლით, ელექტრო მანქანებით, სამშენებლო მასალებით, სხვადასხვა დიამეტრის მილებითა და სხვა პროდუქტებით. ამჟამად სიანიდან ბაქოში კიდევ ერთი საკონტეინერო მატარებლის გაშვება იგეგმება. შუა დერეფანი ჩინეთისა და ევროკავშირის საკონტეინერო სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვის ქსელებს, ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გავლით აკავშირებს. მრავალმხრივი მრავალმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა აკავშირებს კასპიისა და შავი ზღვის საბორნე ტერმინალებს ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინის და პოლონეთის სარკინიგზო სისტემებთან. ამ დერეფნის გასწვრივ გამავალი მარშრუტი ტვირთებს ჩინეთიდან ევროპაში საშუალოდ, 20-25 დღეში აწვდის, რაც ამ სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
უნგრეთი, სერბეთი და სლოვენია ელექტროენერგიას გაცვლიან
უნგრეთის, სერბეთისა და სლოვენიის ელექტროენერგიის ერთობლივი სავაჭრო ბირჟა ცენტრალურ ევროპაში, შესაძლოა, 2024 წლის პირველ ნახევარში ამოქმედდეს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ენერგეტიკული უსაფრთხოება ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად იქცა. „კარგი ამბავია, რომ ცენტრალურ ევროპაში ელექტროენერგიის უდიდესი ინტეგრირებული ბირჟის შექმნასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს. ქვეყნებს შორის მჭიდრო ენერგეტიკული თანამშრომლობა ალბათ არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. ეს განსაკუთრებით ეხება ცენტრალურ ევროპას, სადაც ნავთობისა და გაზის დიდი საბადოები არ არის, ამიტომ, სახელმწიფოთა ურთიერთდამოკიდებულება აქ კიდევ უფრო დიდია. კორპორატიული და ტექნიკური გადაწყვეტილებები მიიღეს სლოვენიამ, სერბეთმა და უნგრეთმა. „მთავრობების მიერ ამ გადაწყვეტილებების დამტკიცების შემდეგ, სამი ქვეყნის ერთობლივი ენერგო ბირჟა შეიძლება, ამოქმედდეს მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მთელი რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ - აღნიშნა სიიარტომ.
გენერალმა ზალუჟნიმ რუსული მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდება დაადასტურა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ დაადასტურა, რომ უკრაინის საჰაერო ძალების სამხედროებმა რუსეთის არმიის თვითმფრინავი А-50 გაანადგურეს. გენერალ ვალერი ზალუჟნის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე დღეს, 15 იანვარს გამოქვეყნებული ცნობით, განადგურებულია რუსეთის Ил-22-ის მართვის საჰაერო პუნქტიც. უკრაინის არმიის მთავარსარდალი საჰაერო ძალებს მადლობას უხდის აზოვის ზღვის რაიონში შესანიშნავად დაგეგმილი და ჩატარებული ოპერაციისთვის. А-50 ტიპის თვითმფრინავებს რუსეთი შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე მეთვალყურეობისა და ავიაგამანადგურებლებისთვის შესაბამისი მონაცემების გადაცემისთვის იყენებს. უკრაინელებმა A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს და Il-22-დააზიანეს - უკრაინული მედია
ჩეხეთის პრეზიდენტი ისრაელში ვიზიტს იწყებს
ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი ისრაელში ჩავიდა. ქვეყანაში ვიზიტის დროს ის თავის ისრაელელ კოლეგას, ისააკ ჰერცოგს, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება. ის ასევე შეხვდება “ჰამასის“ მიერ ოქტომბრის დასაწყისში თავდასხმის დროს გატაცებული ადამიანების ოჯახების წევრებს. მოგზაურობა ადრე იყო გამოცხადებული, მაგრამ თარიღი უსაფრთხოების მიზეზების გამო არ იყო ცნობილი. პაველი მოგვიანებით ეწვევა კატარს, სადაც ასევე შეხვდება მაღალი რანგის ლიდერებს.
ივანე ჩხაიძე: გრიპით ინფიცირების შემთხვევები დეკემბრის ბოლო კვირაში 28% იყო, იანვრის პირველ კვირაში კი - 52%-ია
გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელისა და „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, დეკემბრის ბოლო კვირაში გავრცელების მაჩვენებელი 28% იყო, იანვრის პირველ კვირაში კი - 52%-ია. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, თუ შემთხვევების რაოდენობას გასული წლის ანალოგიურ პერიოდს (2023 წლის დასაწყისს) შევადარებთ, წლევანდელი წელი გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების რაოდენობით ნაკლებად გამოირჩევა. მან პრევენციულ რეკომენდაციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ გრიპის ვირუსის პრევენციისთვის საჭიროა პირბადის ტარება, ბევრი სითხის მიღება, საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს ხშირი განიავება და მაღალი ტემპერატურის დროს, ექიმისთვის დროულად მიმართვა. „თუ გადავხედავთ 2024 წლის პირველი კვირის მონაცემებს, ნათლად ჩანს, რომ გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში მკვეთრადაა გაზრდილი. თუ 2023 წლის 49-ე კვირას ეს მაჩვენებელი 16% იყო, 52-ე კვირას 28% გახდა, მიმდინარე წლის პირველ კვირას კი - 52%-ს შეადგენდა. შესაბამისად, ნათლად ჩანს, რომ გრიპის შემთხვევების რაოდენობა ახლა, გრიპის სეზონის დასაწყისიდან დღემდე, მაქსიმალური ინტენსივობით გამოირჩევა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მაჩვენებელში - 52%-ში 46% H1 ტიპის ვირუსია, 6% კი, H3. ასე რომ, დომინანტურია გრიპის ვირუსი, რაც შესაბამისად, მომართვიანობის გაზრდაზე აისახა. გრიპით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა, ყოველ შემთხვევაში, პედიატრიულ კლინიკებში, მკვეთრად არის გაზრდილი წინა კვირებთან შედარებით, თუმცა თუ შევადარებთ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს, პირიქით, წლევანდელი წელი ნაკლებად გამოირჩევა გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების რაოდენობით. როდესაც შემთხვევების რაოდენობაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს 100 ათას მოსახლეზე რამდენი შემთხვევა ფიქსირდება. თუ წინა წლებში ეს მაჩვენებელი 380-390 იყო, ახლა ეს ციფრი 180-190-ია. დეკემბერ-იანვარში სწორედ ახლა არის მატების შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა და სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე გრიპის მხრივ აქტიურობა, შენარჩუნდება. როდესაც პრევენციულ რეკომენდაციებზე ვსაუბრობთ, არის ორი განსხვავებული მიდგომა. ერთი ყველაზე ეფექტური არის ვაქცინაცია და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ყველაზე იდეალური პერიოდი ოქტომბერ-ნოემბერია, ნოემბრის პირველი ნახევარი. ეს არის ის დრო, როდესაც გაკეთებული გრიპის ვაქცინაცია გრიპის სეზონის განმავლობაში გვიცავს. ვისაც ახლა აქვთ გადაწყვეტილი ვაქცინის გაკეთება, შესაძლებელია, თუმცა ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მინიმუმ 10 დღე მაინც იყოთ იზოლირებული, გქონდეთ ნაკლები კონტაქტი, მხოლოდ ნიღბით უნდა გადაადგილდებოდეთ. დანარჩენი რეკომენდაციებია ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელების ჰიგიენა, საყოფაცხოვრებო პირობებში სახლის ხშირი განიავება. თუ სამუშაო პირობებზე ვსაუბრობთ, მისი განიავებაც მნიშვნელოვანია, სველი წესით დალაგება. დისტანცირებაზე ერთი განსხვავებაა და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ გრიპის შემთხვევაში ერთი მეტრი დისტანცია საკმარისია იმისათვის, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ. გრიპის შემთხვევაში რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და ასევე, სამედიცინო პერსონალი, სამართალდამცავები და ა.შ. ბავშვებში, როდესაც მაღალი ტემპერატურით მიმდინარე დაავადება გვაქვს, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ანტივირუსული პრეპარატის ჩართვის დროულობა. დანარჩენი მართვა ძირითადად ორ რეკომენდაციას ეფუძნება - მაღალი სიცხის შემთხვევაში, 38 ნახევარი და მეტი სიცხის დამწევის მიცემა და სითხეების დიდი რაოდენობით მიღება, ასევე მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ. მიაღწია თუ არა ვირუსმა გავრცელების პიკს, ჩხაიძე აღნიშნავს, რომ „ყველაზე მეტი მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეობაზე ინფიცირების მხრივ კალენდარული წლის 50-ე კვირას იყო.“ „შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ პიკი ჯერჯერობით რამდენიმე კვირის წინ იყო, თუმცა იანვარი წინ არის. შესაძლებელია, მონაცემებმა მოიმატოს,“ - განაცხადა ჩხაიძემ.
ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება
ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. კერძოდ, 15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ. ამასთან, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტის (ტიპი 2); პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული სიახლეები შეეხება: სოციალურად დაუცველ პირებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს), პენსიონერებს, ვეტერანებს, შშმ პირებსა (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“. ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება. ყველა სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ფინანსური დახმარება 20 ლარით იზრდება, მათ შორის მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირს სოციალური პაკეტი 175-დან 195 ლარამდე ეზრდება. ბიუჯეტი დაახლოებით 46 მლნ ლარს შეადგენს. გაზრდილი სოციალური პაკეტით 123 000-ამდე ბენეფიციარი ისარგებლებს.
თურქეთში ისრაელელი ფეხბურთელი ღაზის სექტორში მიმდინარე ომზე გზავნილის გამო, კლუბიდან გარიცხეს და დააკავეს
ისრაელელი ფეხბურთელი საგივ ჯეჰესკელი თურქეთის პოლიციამ დააკავა. საფეხბურთო კლუბმა ანტალიასპორმა ფეხბურთელი დაითხოვა კვირას მას შემდეგ, რაც მან თამაშის მიმდინარეობისას ღაზის სექტორში ომის შესახებ მიუთითა. ჯეჰეზკელმა მაჯაზე მიუთითა, რომელზეც წარწერა იყო - „100 დღე. 7/10“, რაც გულისხმობს „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმას ისრაელზე. იეჰეზკელი, ფორვარდი, რომელმაც ისრაელის ნაკრებში რვა მატჩი ჩაატარა, მოგვიანებით ანტალიის პოლიციამ დააკავა, იტყობინება თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu. თურქული საინფორმაციო მაუწყებლის NTV-ის ცნობით, ფეხბურთელი ორშაბათს დილით გაათავისუფლეს და ახლა სასამართლოს ელოდება. „მე არ ვარ ომის მომხრე ადამიანი,” - განაცხადა იეჰეზკელმა მედიისთვის მიცემულ განცხადებაში და დასძინა, რომ ის არ აპირებდა ”არავის პროვოცირებას” და ”სურდა ომის დასრულება.” X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ილმაზ თუნჩმა განაცხადა, რომ ანტალიის მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ისრაელის მოქალაქეზე „საზოგადოების სიძულვილისა და მტრობისკენ წაქეზების გამო მისი მახინჯი ჟესტის გამო, რომელიც მხარს უჭერდა ისრაელის ხოცვა-ჟლეტას ღაზის სექტორში.“ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ფეხბურთელის დაკავება იყო "ფარისევლობის გამოხატულება" და რომ თურქეთი მოქმედებს, როგორც "ჰამასის იარაღი." საფეხბურთო კლუბმა ანტალიასპორმა განაცხადა, რომ ჯეჰეზკელი გუნდიდან გარიცხეს „ქვეყნის ეროვნული ღირებულებების საწინააღმდეგოდ მოქმედების გამო.“ ცნობილია, რომ თურქეთის პრეზიდენტი ისრაელს მწვავედ აკრიტიკებს და მას ომის დანაშაულში სდებს ბრალს.
ბაქოში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
15 იანვარს ბაქოში ავეჯის მაღაზიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა, იუწყება აზერბაიჯანული მედია გენერალური პროკურატურის და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ერთობლივ ინფორმაციაზე დაყრდნობით. დაშავებულებიდან 6 პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ გაწერეს, დანარჩენების მკურნალობა კი საავადმყოფოში გრძელდება. გენერალური პროკურორის შესაბამისი გადაწყვეტილებით, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც მომხდარის მიზეზები უნდა დაადგინოს.
ბულგარეთი NATO-ს 5000 ჯარისკაცის განლაგებისთვის ინფრასტრუქტურას აშენებს
ბულგარეთში NATO-სა და სამოქალაქო მიზნებისთვის 6 მილიარდი ევროს ღირებულების ინფრასტრუქტურა აშენდება, - ამის შესახებ ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ ტაგარეევმა BTV-სთან განაცხადა. ინფრასტრუქტურა მოიცავს გზებს, რკინიგზას, ნავთობსადენებს, საწყობებს და სხვა შენობებს. NATO ბულგარეთში განათავსებს მრავალეროვნული ბრიგადის საბრძოლო გუნდებს, რომლებიც სულ 5000 ადამიანისგან შედგება. ისინი იქნებიან შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან და ხუთი სხვა ქვეყნიდან. ბულგარეთში NATO-ს ახალი სამხედრო ბაზა განთავსდება.