ძებნის რეზულტატი:

ტაივანში გამართული არჩევნების შემდეგ, საქართველო ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი მტკიცე მხარდაჭერას აფიქსირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის  მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც  გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე − თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს გასულ წელს, პეკინში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინ პინს შორის გამართულ შეხვედრას, მის მნიშვნელობას საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში. ისაუბრეს აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მხარეთა მიერ განსაზღვრული გეგმების რეალიზაციის საკითხებზე. „ელჩმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ტაივანში გამართული ე.წ. არჩევნების შესახებ, რაზეც პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. "ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში გაემგზავრა  

მედიის ცნობით, მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე ორ კონტრაქტორს ხელშეკრულება შეუწყვიტა

რადიო თავისფლების ცნობით, თბილისის მერია საკუთარი ლაბორატორიიდან მიღებულ დასკვნებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა. დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, წერია, რომ უცნობია, როდის დასრულდება მიმდინარე სამუშაო. „ობიექტზე პერიოდულად ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად ნათლად გამოჩნდა, რომ ზემოაღნიშნული სამუშაოები არ მიმდინარეობდა. დაფიქსირებული იქნა, ხელშეკრულების პირობების არაერთი დარღვევა, როგორც ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის (ინსპექტირება) განმახორციელებელი პირებისგან, ასევე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირებისგანაც. კერძოდ, ინსპექტირების აქტებით დადასტურებულია სამუშაოების არ წარმოების შემთხვევები, წარმოდგენილ გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში ჩამორჩენა," - წერია თბილისის მერის, კახა კალაძის გამოცემულ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც 2024 წლის 15 იანვრით არის დათარიღებული. მან ამ ბრძანებით შეწყვიტა ხელშეკრულება ორ კონტრაქტორ კომპანიასთან (შპს „ერ ტე დე“-ს (ს/ნ: 406102550), ასევე შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ“-თან (ს/ნ: 400118047), რომელსაც ჩაბარებული ჰქონდა წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაო. 2023 წლის 20 აპრილს თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი აცხდაცებდა, რომ ერთ-ერთი დატვირთული წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო.  

ომბუდსმენმა სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების შეფასების მიზნით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობა გააგრძელა

15 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, აპარატმა ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობა გააგრძელა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მისივე ცნობით, ჯგუფი, რომელიც 2021 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს, პერიოდულად ამოწმებს პაციენტის მდგომარეობას, ეცნობა სამედიცინო დოკუმენტაციას და აქვეყნებს დასკვნებს. ამ ეტაპზე ექიმთა კონსილიუმს 11 დასკვნა აქვს მომზადებული. „ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან: ნევროლოგი თენგიზ წულაძე, კარდიოლოგი გიორგი კაჭარავა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია, ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი და პალიატიური მედიცინის სპეციალისტი აიდა გოზალოვა, ენდოკრინოლოგი ნინო ზავრაშვილი, კარდიოლოგ-არითმიოლოგი გიორგი პაპიაშვილი და თერაპევტი, შინაგანი სნეულებებისა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტი გრიგოლი ხურციძე,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალებისთვის. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2022 წლის 12 მაისს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც დღემდე იმყოფება. სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მიმდინარე წლის 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მას უარი უთხრა დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.  

ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე.   „ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე არიან,“ - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად, საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტი დადასტურდა

ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად, საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს საგარეო საქმეთა სამინსტრო ადასტურებს. „დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან,“ - განუცხადეს Europetime-ს უწყებაში. 15 იანვარს ბაქოს, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა, შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთაგან ერთი, საქართველოს მოქალაქეა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაქოში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ზუსტდება  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ირანის უგუნური სარაკეტო დარტყმები ერაყის სტაბილურობას ძირს უთხრის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ ეწინააღმდეგება ირანის უგუნურ სარაკეტო დარტყმებს, რომლებიც ხელყოფს ერაყის სტაბილურობას. აშშ მხარს უჭერს ერაყის და ქურთისტანის რეგიონული მთავრობების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ერაყის ხალხის მისწრაფებების დაკმაყოფილებისკენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის შეტევა მკაცრად დაგმო. „ჩვენ ვეწინააღმდეგებით ირანის უგუნურ სარაკეტო დარტყმებს,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა. ირანის სახელმწიფო მედიით 15 იანვარს, ღამით გავრცელებული ცნობებით, გვარდიამ, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“, სარაკეტო დარტყმები განახორციელა ისრაელის დაზვერვის სამსახურის, „მოსადის ჯაშუშების შტაბ-ბინაზე“ ერაყის ქურთისტანის ავტონომიაში. რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ ეს „შტაბ-ბინა" ირანსა და რეგიონში „ჯაშუშური ოპერაციების და ტერაქტების დაგეგმვის" ცენტრი იყო. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აფეთქებები მოხდა ქურთისტანის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ ერბილიდან 40 კილომეტრში მდებარე რაიონში, სადაც აშშ-ის საკონსულოც მდებარეობს. ამერიკული წყაროების თანახმად, საკონსულო არ დაზიანებულა.  

თბილისის მერია: წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში

თბილისის მერიის განცხადებით, კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში. „თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი და ხდება კომპანიების გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების გაწყვეტა. ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას, თუმცა კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე ორ კონტრაქტორს ხელშეკრულება შეუწყვიტა.  

მასიმილიანო დ'ანტუონო საქართველოში იტალიის ახალი ელჩია

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დანტუონომ რწმუნებათა სიგელი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რწმუნებათა სიგელის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. მანამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მასიმილიანო დ'ანტუონოსთან, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. საგარეო უწყების ცნობით, მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც ეფუძნება საერთო ევროპულ ღირებულებებსა და ინტერესებს. „საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერებით აღნიშნა იტალიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ხაზი გაუსვა იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. ილია დარჩიაშვილმა იტალიელ დიპლომატს დეტალურად გააცნო, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და შემდგომი ნაბიჯები. იმედი გამოთქვა, რომ იტალია, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამასთან, განსაკუთრებულად აღინიშნა 2023 წლის აპრილში ჩამოყალიბებული მაღალი დონის დიალოგის მნიშვნელობა და ვიზიტების ურთიერთგაცვლა. ასევე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდ ტენდენციას და არსებული პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას. მასიმილიანო დ'ანტუონომ თავის მხრივ, დაადასტურა იტალიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული ინტეგრაციის მიმართ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ საქართველოსა და იტალიას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას,“- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო მისიას ასრულებს  

ლატვიის სეიმის სპიკერი უკრაინაში ჩავიდა

ლატვიის საეიმის სპიკერი დაიგა მიერინა უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას პრესსამსახურმა განაცხადა. მიერინას უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ოლენა კონდრატიუკი შეხვდა და მას უკრაინაში პირველი ოფიციალური ვიზიტი მიულოცა. „ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრულ ალიანსს ჩვენს ქვეყნებსა და პარლამენტებს შორის,“ - განაცხადა კონდრატიუკმა. ლატვია აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას რუსეთთან ომში, რომელიც მოსკოვმა 2022 წლის თებერვალში წამოიწყო.  

თბილისის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათზე მეტი ხნით შეუწყდება

ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების ნაწილს წყალმომარაგება 24 საათზე მეტი ხნით შეუწყდება GWP მიზეზად წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე აუცილებელ გადაერთებით სამუშოს ასახელებს. „აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 17 იანვარს, ღამის 01:00 საათიდან, 18 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ქუთათელაძის, კეკელიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ნაფარეულის, აბაშიძის, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელი-ციციშვილის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იყალთოს, კოსტავას, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ონიაშვილის, გელოვანის, ცინცაძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩებს, ჟვანიას მოედანს, ზემო ვეძისს, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, ბენდელიანის, ოთარ ჩხეიძის, ოთხი ათასი მესხის, ფარსადანის, მელიქ სურხავის, ბობ უოლშის, როსტევანის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებს, „ახალ თბილისს“, ოლიმპიური ქალაქს, აღმაშენებლის ხეივნის ნაწილს. მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: რუსთაველის გამზირს, ალ. ჭავჭავაძის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ქიაჩელის, ჭოველიძის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას 1-ელ და მე- 2 შესახვევებს, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩას, ოქროყანას, შანიძის, გრიბოედოვის, ინგოროყვას, ჭიჭინაძის, ჭონქაძის, გ.ტაბიძის, დადიანის, ხოშტარიას, თარხნიშვილის, პეტრიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს; თავისიფლების მოედანს, პუშკინის, აბესაძის, საიათნივას, გრ. ხანძთელის, იერუსალიმის, ონის, ლადო ასათიანის, სამღებროს, ორთაჭალის, ღვინის აღმართის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებს. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის. ბალანჩინის, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების ნაწილს. გარდა ამისა, 17 იანვარს, ღამის 01:00 საათიდან, 18 იანვრის 16:00 საათამდე ანუ 39 საათით წყალმომარაგება შეეზღუდება: ვაკის რაიონში: ქობულეთის ქუჩა N22-42 ლუწ ნომრებს, რაზმაძის ქუჩა N1-25, N2-20, შატბერაშვილის, მარაბდის, ნინო ჟვანიას, მცხეთის, შროშის, ტაბიძის, ცხვედაძის და მარუხის გმირების ქუჩებს. მთაწმინდის რაიონში: კეკელიძის ქუჩა N15-25 კენტ ნომრებს, N14, 16, 18-ს, გოგებაშვილის, გალის, რჩეულიშვილის, თერგის, კერესელიძის, ბელინსკის, მაყაშვილის, გუნიას, უმიკაშვილის, ლარსის (რეზო ჩხეიძის) და ჯაფარიძის ქუჩებს. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის," - აცხადებს GWP.  

შალვა პაპუაშვილი „ეკლესიაზე მტრულ შეტევებზე“ საუბრობს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ეკლესიაზე თავდასხმაზე“ საუბრობს. ის იხსენებს, რომ „შობის დღესასწაულზე, სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც ამჟამად თავს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტად წარმოაჩენს, გაავრცელა ვიდეოჩანაწერი საკათედრო ტაძრიდან, სადაც მან, მისივე თქმით, „სტალინის ხატი“ აღმოაჩინა.“ პარლამენტის თავმჯდომარე მიუთითებს, რომ ამ ფონზე, „რადიკალურმა ოპოზიციამ ახლახან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალი შეტევა წამოიწყო.“ „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შეურაცხყოფასთან ერთად, კვლავ მითიური „პრორუსულობა“ დაგვაბრალა. ეს „რუსული“ არგუმენტი ჩვენს უსიცოცხლო ოპოზიციას უკვე ისე შემოაცვდა ხელში, რომ მათთვის სრულიად გამოუსადეგარი გახდა. და მაინც, ბოლო დროს მომხდარი მოვლენების ფონზე, საჭიროა, რომ ნათელი მოვფინოთ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობების ზოგიერთ ასპექტს. ეკლესიაზე თავდასხმა არამხოლოდ უსაფუძვლოა, არამედ, კონტრპროდუქტიული და ქვეყნისთვის დამაზიანებელიც. პაპუაშვილის თქმით, „ის პოლიტიკოსები და „სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები“, რომლებიც ეკლესიას უტევენ, თუ გულწრფელად არიან დაინტერესებულნი, როგორც ქრისტიანები, ხატწერის თავისებურებებით თუ საეკლესიო დღესასწაულების თარიღებით, მაშინ ეს საკითხები ეკლესიასთან უნდა გაარკვიონ, როგორც მრევლის წევრებმა.“ „უფრო მეტიც, ისინი თავისუფალი არიან შეუერთდნენ ნებისმიერ სხვა კონფესიას, რომელიც შობას მათ სასურველ დღეს აღნიშნავს. მაგრამ სწორედ ის ფაქტი, რომ ისინი ეკლესიას თავიანთი მტრული რიტორიკით გარედან უტევენ, მოწმობს, რომ მათი ნამდვილი მიზანი ეკლესიის დაზიანებაა, რითაც რელიგიური და საერო სივრცის გამყოფ ხაზებს უგულებელყოფენ,“- განაცხადა პაპუაშვილმა ვრცელ წერილში. ცნობისთვის, 7 იანვარს გასაჯაროვდა ცნობა, რომ სამების საკათედრო ტაძარში, პრორუსული პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ტაძრისთვის შეწირულ მატრონა მოსკოველის ხატზე გამოსახული იყო საბჭოღა დიქტატორი იოსებ სტალინი, რასაც აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს განაცხადა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.  სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეომასალა განათავსა, რომლის თანახმად, „წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.“ გაირკვა, რომ საღებავი ნატა ფერაძემ გამოიყენა. სამების ტაძარში მომხდარ ამ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება 9 იანვარს დაიწყო. 10 იანვარს კი, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან პროტესტის მონაწილეები შეიკრიბნენ. 11 იანვარს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.“ განცხადებას გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ ხატი ეკლესიას მან შესწირა. ინაშვილმა აღნიშნა, რომ საპატრიარქომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ხელისუფლების რჩევით მიიღო.“ „თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!" ამბობდა ინაშვილი. ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა 12 იანვარს არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ შენდობას ითხოვს. „მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის,“ - წერდა არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი. 13 იანვარს, ჰომოფობიური და პრორუსული ორიენტაციის „ალტ ინფომ“ ნატა ფერაძის გასამართლების მოთხოვნით პარლამენტის წინ ისევ აქცია გამართა.

ბენ ჰოჯესი: ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ამ ომში ის გაიმარჯვებს

2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შესაბამისად, ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ამ ომში ის გაიმარჯვებს. „ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „გადამწყვეტ ტერიტორიას“ და ვინც ყირიმს გააკონტროლებს, ჩემი აზრით, ის მოიგებს ამ ომს. არ მგონია, უახლოეს მომავალში მოხდეს სახმელეთო შეტევითი ოპერაცია ნახევარკუნძულზე, მაგრამ, ასეა თუ ისე, ეს უკვე მოძველებული აზროვნების გზაა. ვგულისხმობ, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ყირიმი გამოუსადეგარი გახდეს რუსი ჯარისკაცებისთვის,“ - განაცხადა ჰოჯესმა. ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ უკრაინას სჭირდება მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რომელიც ყველგან შეიძლება მისწვდეს. ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მეორე კომპონენტს მან უწოდა ყირიმის იზოლაცია - ეს არის ორი მარშრუტის დახურვა, რომლითაც შეიძლება იქ მისვლა. „პირველი არის უკანონოდ აშენებული ქერჩის ხიდი და მეორე არის ეგრეთ წოდებული სახმელეთო დერეფანი, რომელიც გადის როსტოვიდან აზოვის სანაპიროს გასწვრივ მარიუპოლისა და ბერდიანსკის გავლით ყირიმამდე და ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ორივე მარშრუტის მოჭრა. შორ მანძილზე ზუსტი სროლით,“ - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ: ბენ ჰოჯესი: უკრაინა გაიმარჯვებს და ეს საქართველოს უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის  

„ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები“ - ზელენსკი სტოლტენბერგს შეხვდა

დავოსში სამუშაო დღე უკრაინის პრეზიდენტმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრით დაიწყო. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იენს სტოლტენბერთან შეხვედრაზე ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები განიხილა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გენერალურ მდივანს გააცნო რუსეთის მხრიდან მასობრივი ავიადარტყმების შედეგები და ხაზი გაუსვა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობას. საუბარი შეეხო უკრაინის საჰაერო თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას, ვაშინგტონის სამიტისთვის მზადებასა და პარტნიორებთან მუშაობას უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებებზე, რომლებიც გასულ ზაფხულს, G7-ის ფარგლებში გაფორმდა და ძალაში იქნება უკრაინის NATO-ში გაწევრიანებამდე. ზელენსკიმ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის. დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. უკრაინის პრეზიდენტი დავოსში 15 იანვარს ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა შვეიცარიის პრეზიდენტთან, რომელმაც დაადასტურა, რომ შვეიცარია მზად არის, ორგანიზება გაუწიოს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხზე. დღეს, 16 იანვარს ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა.  

უკრაინა რუსული სარაკეტო სისტემის განადგურების შესახებ იუწყება

სპეციალური ოპერაციების ძალების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთის მიმართულებით, რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემა ამერიკული HIMARS-ით გაანადგურეს. გავრცელებული ინფორმაციით, სადაზვერვო სამუშაოს დროს, სპეცრაზმის 73-ე საზღვაო ცენტრის ეკიპაჟმა, ცუდი ხილვადობის მიუხედავად, საზენიტო სარაკეტო სისტემა Osa აღმოაჩინა, რომელიც მტერმა უკრაინის ჯარების წინააღმდეგ გამოიყენა. სამშაბათს, 16 იანვარს, დილის მდგომარეობით, რუსეთის დანაკარგებმა უკრაინაში ომში 1100 ოკუპანტი შეადგინა, რითაც რუსული არმიის დანაკარგების საერთო რაოდენობა შეჭრის დაწყებიდან 372 090-მდე გაიზარდა. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 36 ჯავშანტრანსპორტიორი, 33 მტრის მანქანა, 30 საარტილერიო სისტემა და 24 ტანკი.  

მერის მოადგილე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე: ალტერნატიული კომპანიების მოძიება დაჩქარებულად მიმდინარეობს

თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ალტერნატიული კომპანიების მოძიება დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ბენდელიანის თქმით, იანვრის თვის ბოლოს წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება. „გუშინ მოხდა საგზაო მიმართულებით განმახორციელებელ კომპანიებთან ხელშეკრულებების შეწყვეტა. დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, ისეთი როგორიც არის ვადების გადაცილება, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, ასევე გარკვეულ ნაწილში იყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომლის გამოსწორებაც მოუწევს კომპანიებს. ახლა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება, ვინაიდან, იცით, რომ ჩვენ მოსახლეობის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ იანვრის თვის ბოლოს, წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად უნდა აღდგეს და საგზაო სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს. ამიტომ დაჩქარებული რეჟიმით მიმდინარეობს კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებები, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება, შეუფერხებლად გაგრძელდება სამუშაოები. ვადა არ გადაიწევს - იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება და მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი," - განაცხადა მერის მოადგილემ. მისივე თქმით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის ის თანხები დაიხარჯება, რაც თავიდანვე გამოყოფილი იყო და პროექტის განხორციელებისთვის არც ერთი ლარით მეტი არ დაიხარჯება. „ხარვეზების გამოსწორება მოუწევს იმ კომპანიებს, ვინც ობიექტზე სამუშოებს გააგრძელებენ, თუმცა იმ კომპანიებს, რომლებმაც ეს ხარვეზი დაუშვეს, ამ კომპანიების მიმართ, ამ სამუშაოების თანხა არ იქნება გადარიცხული. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არც ერთი ლარით მეტი არ დაიხარჯება ამ მიმართულებით. ის თანხა, რაც იყო გამოყოფილი, დარჩენილი თანხის ფარგლებში მოხდება ახალ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება,“ - აღნიშნა მერის მოადგილემ. თბილისის მერია: წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში  

კულება ამბობს, რომ მას მოლაპარაკებებზე ლავროვისთვის სახეში გარტყმის სურვილი ჰქონდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ამბობს, რომ 2022 წლის გაზაფხულზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების დროს თანამოსაუბრისთვის დარტყმა უნდოდა. უკრაინელ ჟურნალისტ რომან ბებეხისთან ინტერვიუში, კულებამ აღნიშნა, რომ ყველაზე რთულია ის მოლაპარაკებები, სადაც გინდა, ადგე და თანამოსაუბრეს სახეში გაარტყა, მაგრამ ამის უფლებას ვერ მისცემ საკუთარ თავს. „ასეთი შემთხვევები ორჯერ-სამჯერ მქონდა,“ - განაცხადა კულებამ. მან დააზუსტა, რომ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ლავროვთან შეხვედრაზე, თურქეთის ქალაქ ანტალიაში 2022 წლის მარტში მოხდა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ. ეს შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შუამავლობით მიმდინარეობდა. Reuters-ის თანახმად, მაშინ კულება იტყობინებოდა, რომ მოლაპარაკებები ეხებოდა ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დერეფნების შექმნის შესაძლებლობას. შეხვედრა რაიმე შეთანხმების გარეშე დასრულდა და აღარ განმეორებულა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.

სტოლტენბერგი: ბრძოლის ველზე არსებული სერიოზული ვითარების მიუხედავად, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, ბრძოლის ველზე არსებული სერიოზული ვითარების მიუხედავად, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. სტოლტენბერგი ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შესახებ საუბრობს. „შესანიშნავია, რომ დღე დავოსში პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრით დაიწყო. ბრძოლის ველზე არსებული სერიოზული ვითარების მიუხედავად, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს: უკრაინა ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, უკრაინელებმა უარყვეს რუსეთი და აირჩიეს დასავლეთი; უკრაინა უფრო ახლოს არის NATO-სთან, ვიდრე ოდესმე,“ - აღნიშნავს სტოლტენბერგი NATO-ს პრესსამსახურის ცნობით.  „ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვითი საჭიროებები“ - ზელენსკი სტოლტენბერგს შეხვდა  

სომხეთში რუსული შეიარაღების ნაწილის მიღებას ადასტურებენ

რუსული იარაღის პარტია უკვე სომხეთშია, ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს მმართველი პარტიის „სამოქალაქო ხელშეკრულების “ დეპუტატმა, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომისიის წევრმა გაგიკ მელქონიანმა განუცხადა. მისი თქმით, სამხედრო დანიშნულების პროდუქცია ცოტა ხნის წინ მიიღეს. ის სომხეთს მანამდე ხელმოწერილი კონტრაქტის საფუძვეზე გადაეცა. მელქონიანმა არ დააზუსტა რა ტიპის შეიარაღებაზეა საუბარი. მანამდე, სომხეთის პარლამეტის თავდაცვისა და უშიშროების კომისიის თავმჯდომარემ ანდრანიკ ქოჩარიანმა შეკითხვაზე, იღებს თუ არა სომხეთი რუსეთში შეკვეთილ შეიარაღებას უპასუხა „დიახ, გარკვეული მოცულობით.“ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სომხეთის ხელისფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მუდმივად აცხადებდნენ, რომ სტრატეგიული მოკავშირე რუსეთი სომხეთს შეიარაღებას არ აწვდის, მიუხედავად გადახდილი „ასობით მილიონი დოლარისა.“ 2023 წლის ნოემბერში ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთს შეეძლო სომხეთის ვალების ნაწილის ჩამოწერა იმ თანხების გამოყენებით, რომლებიც ერევანმა მოსკოვს იმ იარაღისთვის გადაუხადა, რომელიც არ მიუწოდებია. ფაშინიანი: სომხეთმა მილიონობით დოლარი გადაუხადა რუსეთს იარაღში, მაგრამ არც იარაღი მიუღია და არც ფული დაუბრუნებია  

ირანში შვედეთის მოქალაქე დააპატიმრეს

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანში შვედეთის მოქალაქე დააპატიმრეს. ეს შვედეთის მესამე მოქალაქეა, რომელიც ირანში პატიმრობაში იმყოფება. სამინისტრომ განაცხადა, რომ შვედი 20 წელს არის გადაცილებული და ის იანვრის პირველი რიცხვებიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სხვა დეტალები სამინისტროს არ დაუკონკრეტებია. 2022 წლის აპრილში ირანში ევროკავშირის შვედი თანამშრომელი იოჰან ფლოდერუსი დააპატიმრეს. მას ჯაშუშობაში ედება ბრალი. ევროკავშირი ამ ბრალდებებს უარყოფს. 2017 წელს სიკვდილით დასჯა მიესაჯა შვედეთის ირანული წარმოშობის მოქალაქეს, აჰმადრეზა ჯალალის. მასაც ჯაშუშობაში სდებენ ბრალს, რასაც სტოკჰოლმი უარყოფს.  

ესტონეთი რუსულენოვანი განათლების დაფინანსებას წყვეტს

ესტონეთის მთავრობა „ესტონურენოვანი განათლების ერთიან სისტემაზე გადადის“, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აღარ დააფინანსებს რუსულენოვან განათლებას. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა. კონსტიტუციაში წერია: ესტონეთის სახელმწიფო ენა ესტონურია და ყველას აქვს უფლება, ისწავლოს ესტონურ ენაზე,“ - აღნიშნა კალასმა და განმარტა, რომ ესტონეთს არ აქვს სახელმწიფოს შვილების „რუსიფიკაციის“ სურვილი. კალასმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს მეტი ხალხის წახალისებას, რათა მათ გამოიყენონ ესტონური ენა და უზრუნველყონ ის, რომ ყველა ესტონელი გახდეს „ერთიანი საინფორმაციო სივრცის“ ნაწილი. ესტონეთმა ერთიან ესტონურენოვან საგანმანათლებლო სისტემაზე 2022 წლის დეკემბერში ახალი კანონპროექტის განხორციელების შემდეგ დაიწყო გადასვლა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში სკოლების რაოდენობის შემცირებას, სადაც ძირითადად რუსულ ენაზე მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. კანონპროექტის თანახმად, სრული გარდამავალი პროცესი 2033 წლისთვის დასრულდება.