ძებნის რეზულტატი:

ესტონეთმა სამხედრო სტრატეგია შეიმუშავა, რათა უკრაინას ომის მოგებაში დაეხმაროს - მედია

ესტონეთმა დასავლეთის ქვეყნებისთვის სამხედრო სტრატეგიის გეგმა მოამზადა, რათა დაეხმაროს უკრაინას, რომ ქვეყანამ სამი წლის განმავლობაში ომი მოიგოს. ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ERR იტყობინება. სტრატეგიის მთავარი თეზისია, რომ დასავლეთს არ უნდა ეშინოდეს ომში უკრაინის დახმარების. ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული გეგმა რამშტეინის სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი ქვეყნისთვისაა გათვლილი. გეგმაში ნათქვამია, რომ, კერძოდ, სამუშაო ჯგუფის ყველა წევრი ქვეყნის მშპ 47 ტრილიონი ევროა, საიდანაც მხოლოდ 0,2 პროცენტი იყო მიმართული უკრაინის დასახმარებლად. ამავდროულად, რუსეთის მშპ 2 ტრილიონ ევროს შეადგენს. „დასავლეთის ეკონომიკის მოცულობა ათჯერ აღემატება რუსეთის ეკონომიკას. აქ განსხვავება უზარმაზარია. პრობლემა ის არის, რომ რუსეთი უკვე გადავიდა სამხედრო ეკონომიკის გზაზე, ანუ მათი ეკონომიკის ნახევარი უკვე მუშაობს უშუალოდ ამისთვის - ეს ასე არ არის დასავლეთში, ისინი ჯერ არ გამოფხიზლებულან,“ - განაცხადა გრიგორ-კალევ სტოიჩესკუმ, ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დასავლეთის ქვეყნებს თავდაცვისა და სამრეწველო სექტორის წარმოება სჭირდებათ. თუმცა, ესტონეთის მაგალითი აჩვენებს, რომ საბრძოლო მასალის წარმოების ქარხნის ამოქმედებას სულ მცირე ორი წელი სჭირდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ეს ვადები შეიძლება, მნიშვნელოვნად შემცირდეს. „დასავლეთის სამხედრო და სამრეწველო სექტორს ომის დაწყებიდანვე რომ მისცემოდა მკაფიო სიგნალი, რომ საჭირო იყო წარმოების მოცულობის საგრძნობლად გაზრდა, დღეს ისინი სულ სხვანაირად იქნებოდნენ. მთავარი პრობლემა არ არის წარმოების მოცულობები, არამედ, დასავლელი მოკავშირეების გაურკვევლობა და, სამწუხაროდ, შეერთებული შტატები თამაშობს აქ ყველაზე დიდ როლს. თუ ვაშინგტონი ახლა მკაფიო ნაბიჯებს გადადგამდა, მაშინ ევროპის ქვეყნები უფრო გადამწყვეტნი იქნებოდნენ,“ - განაცხადა ინდრეკ კანნიკმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა. ექსპერტები თვლიან, რომ ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც არსებული წინააღმდეგობები მოგვარდება. 2022 წლიდან ესტონეთმა უკრაინას თითქმის 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია და ამ მიზნით თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25%-ს დახარჯავს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.  

ნაურუმ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა

ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩინეთისთვის „საშიში სეპარატისტის“ გამარჯვების შემდეგ, მიკრონეზიაში მდებარე ქვეყანა ნაურუმ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ნაურუს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცდილობს, განაახლოს ურთიერთობები ჩინეთთან, რომელიც ტაივანს საკუთარ ნაწილად მიიჩნევს. „პოლიტიკის ამგვარი ცვლილება ნაურუს განვითარებაში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია,“ განაცხადა ქვეყნის ხელმძღვანელობამ. ჩინეთი ნაურუს გადაწყვეტილებას მიესალმა.  მსოფლიოში დარჩა 12 სახელმწიფო, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ ტაივანთან როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან. გაეცანით Europetime-ის სტატიას ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი  

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6582 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6741 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9067 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9308 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ისრაელში ტერორისტულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები

ისრაელის ქალაქ რაანანაში ტერორისტული აქტის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა ტერორისტული აქტის დროს ერთი ადამიანი დანით დაჭრა, სამი სხვადასხვა ავტომობილი გაიტაცა და ხალხს დაეჯახა. პოლიციის მეთაურმა, ავი ბიტონმა განაცხადა, რომ დაკავებულია ორი პალესტინელი, რომელიც ჰებრონის რაიონიდან არიან და ისრაელში ორივე მათგანი არალეგალურად იმყოფებოდა. „ეს ძალიან მძიმე ტერორისტული თავდასხმა იყო,“ - განაცხადა ბიტონმა. განახლება: მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. განცხადებაში ჰამასმა მიუთითა, რომ თავდასხმები იყო „ბუნებრივი პასუხი ისრაელის ხოცვა-ჟლეტაზე და მის მუდმივ აგრესიაზე პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ.“  

აშშ-ის განცხადებით, „ჰუსიტებმა“ ამერიკის საკუთრებაში არსებულ გემს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ჰუსიტების მიერ გაშვებულმა ბალისტიკურმა რაკეტამ აშშ-ის საკუთრებაში არსებულ და ექსპლუატაციაში მყოფ გემს დაარტყა. მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მყოფმა გემმა მცირე დაზიანება მიიღო და ის გზას აგრძელებს. ცენტრალურმა სარდლობამ ასევე განაცხადა, რომ მანამდე „ჰუსიტებმა“ სცადეს გემსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტის გაშვება, რომელიც ფრენისას ჩავარდა იემენში. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები სატვირთო გემებს ნოემბრიდან უტევეენ. ისინი ამბობენ, რომ ეს დაკავშირებულია ისრაელთან.  იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა.  

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ტრანზაქციებს უკრძალავს

ფინეთის ხელისუფლებამ ხელი შეუშალა უძრავი ქონების შეძენას მყიდველის მიერ, რომელიც რუსეთთან იყო დაკავშირებული. ფინეთი აჩერებს ტრანზაქციებს, რომლებსაც აქვს პოტენციალი, შეარყიოს ეროვნული უსაფრთხოება. ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მან დაბლოკა სამი ტრანზაქცია, რომელთაგან ერთ-ერთი ნაწილობრივ რუსეთის მფლობელობაში არსებულ კომპანიასთან არის შემხებლობაში და განაცხადა, რომ შესყიდვების დაშვებამ შეიძლება, შეაფერხოს ფინეთის ტერიტორიის დაცვა. ფინეთის თავდაცვის მინისტრი, ანტი ჰაკანენი აცხადებს, რომ ქვეყანამ, რუსული ფესვების მქონე უძრავი ქონების მფლობელებისთვის რეგულაციების გამკაცრება ზაფხულში დაიწყო. მოგვიანებით, ხელისუფლებამ უძრავი ქონების რუსი მფლობელებისთვის ქვეყანაში შესვლის შესახებ შეზღუდვები გაამკაცრა, სექტემბერში კი, რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.  

ინდოეთის პრემიერი პუტინს ესაუბრა

ინდოეთი პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და რეგიონული და გლობალური საკითხები, მათ შორის, BRICS-ის რუსეთის პრეზიდენტობა განიხილა. მოდის თქმით, ორი ქვეყნის ლიდერი სამომავლო ინიციატივების სამოქმედო გეგმას შედგენაზე შეთანხმდნენ. ინდური მხარისგან განსხვავებით, კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაკონკრეტებულია, რომ საუბრის თემას უკრაინაც წარმოადგენდა. „კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ჩვენი განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სხვადასხვა პოზიტიური მოვლენები განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ სამომავლო ინიციატივების სამოქმედო გეგმას შევადგენთ. ჩვენ ასევე გვქონდა აზრთა სასარგებლო გაცვლა სხვადასხვა რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის, BRICS-ის რუსეთის პრეზიდენტობაზე,“ - დაწერა მოდიმ სოციალურ პლატფორმ X-ზე. კრემლის ცნობით, პუტინმა და მოდიმ სატელეფონო საუბრისას უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს. „ორმა ლიდერმა ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების შესახებ გამოთქვა ინტერესი და უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილა,“ - ნათქვამია კრემლის განცხადებაში. ამასთან, პუტინმა და მოდიმ, ინდოეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ერთმანეთს წარმატებები უსურვეს.  

კულება: ევროკავშირის ფარგლებში უკრაინულ-პოლონურ ალიანსზე ფიქრი ახლავე უნდა დავიწყოთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ფარგლებში უკრაინულ-პოლონურ ალიანსზე ფიქრი ახლავე უნდა დავიწყოთ. „ვფიქრობ, რის შესახებაც უნდა ვისაუბროთ, რის შესახებაც უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი, არის ევროკავშირის ფარგლებში უკრაინულ-პოლონური ალიანსი. იმიტომ, რომ ჩვენ ორი ძალიან ძლიერი მოთამაშე ვიქნებით. ჩვენ პოლონეთს გავაძლიერებთ და პოლონეთი ჩვენ გაგვაძლიერებს,“ - განაცხადა დმიტრო კულებამ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინამ და პოლონეთმა იმაზეც უნდა დაიწყოს საუბარი, თუ როგორ მოაგვარებენ ისინი საერთო პრობლემებს და რას გააკეთებენ ევროკავშირში. „პირველად ისტორიაში, მთელი ევროპა, ლისაბონიდან კიევამდე, ერთ მთლიანობაში იცხოვრებს. უკრაინელები და პოლონელები ამ დიდი პროექტის ნაწილი იქნებიან და თავიანთ როლს შეასრულებენ. მე მჯერა, რომ ასეთი სტრატეგიული დისკუსიისკენ და პარტნიორობისკენ უნდა ვისწრაფოდეთ,“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

შვეიცარია უკრაინისთვის გრძელვადიანი დახმარების ახალ პროგრამას განიხილავს

შვეიცარია უზრუნველყოფს უკრაინისთვის არამხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას, არამედ, გრძელვადიან ფინანსურ, პოლიტიკურ დახმარებას და რუსულ სანქციებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ზელენსკი, რომელიც შვეიცარიაში იმყოფება, ამბობს, რომ გრძელვადიანი დახმარების ახალი პროგრამა განიხილეს. მისივე ინფორმაციით, ხვალ დაიწყება ერთობლივი მუშაობა შვეიცარიის ლიდერების დონეზე გლობალური სამშვიდობო სამიტის მომზადებისთვის. „ამ სამიტმა უნდა უზრუნველყოს იმპულსი იმისთვის, რასაც ჩვენ უკვე მივაღწიეთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომის შესახებ დასკვნა შეიძლება, მხოლოდ სამართლიანი იყოს და რომ საერთაშორისო სამართლის ძალის აღდგენა ნამდვილად უნდა იყოს ყოვლისმომცველი,“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი. დავოსი უკრაინის მშვიდობის ფორმულის შესახებ მეოთხე შეხვედრას უმასპინძლებს  

ბელორუსი ოპოზიციონერი ციხეში გარდაიცვალა

უფლებადამცველი ორგანიზაცია "ვიასნა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბელორუსის ციხეში ოპოზიციონერი ვადზიმ ხრასკო გარდაიცვალა, რომელიც იქ სამწლიან სასჯელს იხდიდა.  უფლებადამცველი ორგანიზაციის თქმით, ხელისუფლებამ ვერ შეძლო მისი სათანადო სამედიცინო დახმარება. განაჩენი ხრასკოს გასულ წელს, 2023 წლის აგვისტოში გამოუტანეს, ოპოზიციური პარტიების დაფინანსების პროგრამებში შემოწირულობის შეტანის გამო. "ვიასნას" ინფორმაციით, ის 50 წლის ასაკში, გასულ კვირას გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად პნევმონია სახელდება. "ვიასნას" ცნობით, 2020 წლის აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაპატიმრებულთა შორის, ხრასკო მეოთხე ადამიანია, რომელიც ბელარუსის ციხეში გარდაიცვალა. 2020 წლის, არჩევნებში ოფიციალურად ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. მას ევროკავშირი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ მიიჩნევს.  

შვეიცარია მშვიდობის გლობალური სამიტის მასპინძლობისთვის მზად არის

შვეიცარია მშვიდობის გლობალური სამიტის მასპინძლობისთვის მზად არის. შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამერდმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვეიცარია გრძელვადიან მშვიდობას ყოველთვის დაუჭერს მხარს. „ბატონმა ზელენსკიმ მკითხა, იყო თუ არა სამიტის ორგანიზებისთვის შვეიცარია მზად. მე დავადასტურე, რომ კონფერენციის ორგანიზებისთვის შვეიცარია მზად იქნება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ საკითხს სიღრმისეულად განვიხილავთ, რათა სამშვიდობო პროცესი წარმატებული იყოს. შვეიცარია გრძელვადიან მშვიდობას ყოველთვის დაუჭერს მხარს და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ შვეიცარიას ამაში წვლილის შეტანა შეუძლია,“ - აღნიშნა ამერდმა. 14 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში უკრაინული „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე შეხვედრა გაიმართა. შვეიცარია უკრაინისთვის გრძელვადიანი დახმარების ახალ პროგრამას განიხილავს  

რუსეთი ირანთან „დიდ ხელშეკრულებას“ აანონსებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორი ქვეყნის მინისტრების, სერგეი შოიგუსა და მოჰამად აშტიანის სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ მზად არის, ხელი მოაწეროს „დიდ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას“ თეირანთან. რუსული მხარის თანახმად, მინისტრებმა განიხილეს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. „მხარეებმა აღნიშნეს რუსეთ-ირანის ურთიერთობების ფუძემდებელი პრინციპებისადმი ერთგულება, მათ შორის - ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო პატივისცემა,“ ნათქვამია შეტყობინებაში. დასავლეთის ქვეყნები თეირანს ბრალად სდებენ, რომ ის რუსეთის არმიას აწვდის იარაღს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებისთვის გამოყენება. რუსეთი და ირანი ყველა ბრალდებას უარყოფენ. ეს ორივე ქვეყანა დასავლეთის სანქციების ქვეშაა. რუსეთი და ირანი სანქციების წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებენ  

შვეიცარია უკრაინას რეკონსტრუქციისთვის 2025-2028 წლებში $1,75 მილიარდს გამოუყოფს

შვეიცარია უკრაინის რეკონსტრუქციის 2025-2028 წლებში 1,5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (1,75 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინული მედია შვეიცარიის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. მიუხედავად იმისა, რომ მისი გრძელვადიანი ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გამო, შვეიცარიამ უარი განაცხადა სამხედრო დახმარებაზე, უკრაინა მაინც უზრუნველყო ეკონომიკური, ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერით. შვეიცარია მშვიდობის გლობალური სამიტის მასპინძლობისთვის მზად არის. ცნობისთვის, ვოლოდომირ ზელენსკი შვეიცარიაში დღეს ჩავიდა. ის დავოსის ფორუმზე სიტყვით გამოვა. შვეიცარია უკრაინისთვის გრძელვადიანი დახმარების ახალ პროგრამას განიხილავს  

აშშ-ს სურს, სომხეთთან შემდგომ თანამშრომლობას ახალი იმპულსი შესძინოს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ მიიღო. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აშშ-ის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას, მის უწყვეტობას კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკა და რეფორმების დღის წესრიგის ხელშეწყობა სომხეთის მთავრობის პრიორიტეტია და აღმასრულებელი ხელისუფლება თანმიმდევრულად მიიწევს წინ ანტიკორუფციული მექანიზმების განვითარებისა და ინსტიტუტების ეფექტურობის გაზრდისკენ. ამ კონტექსტში პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პარტნიორ სახელმწიფოებთან პროგრამების შემდგომ განხორციელებას, აქტიურ თანამშრომლობას, გამოცდილების გაცვლასა და შესაძლებლობების განვითარებას. თავის მხრივ, რიჩარდ ნეფიუმ აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია გააგრძელებს სომხეთის მთავრობის მხარდაჭერას დემოკრატიის განმტკიცებაში, მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების ეფექტიანად განხორციელებასა და კორუფციასთან ბრძოლაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორის თქმით, აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთის მთავრობის მიერ ზემოაღნიშნული მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. რიჩარდ ნეფეუმ აღნიშნა, რომ ერევანში ვიზიტის ფარგლებში ჰქონდა შედეგიანი დისკუსიები სომეხ პარტნიორებთან, რათა ახალი იმპულსი მისცეს შემდგომ თანამშრომლობას. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო დიგიტალიზაციის პროცესს, სხვადასხვა მიმართულებით ერთობლივი პროგრამების განხორციელებას. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი 15-18 იანვარს სომხეთსა და საქართველოში ვიზიტს მართავს. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან  

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, დაიღუპა 9 და დაშავდა 30 ადამიანი

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ავტობუსის ავარიის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქალაქ მერსინის აიდინჩიქის რაიონში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა. სამგზავრო ავტობუსი ანტალიიდან მერსინის მიმართულებით მიემართებოდა და გაურკვეველი მიზეზით, სარიერის გვირაბების გასასვლელთან ბარიერებს შეეჯახა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.  

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაქოში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ზუსტდება

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაქოში მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას აზუსტებენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა. „15 იანვარს ბაქოს, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე ავეჯის სახელოსნოში აფეთქება მოხდა, შემთხვევის დროს დაიღუპა 7 და დაშავდა 24 ადამიანი. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილთაგან ერთი არის საქართველოს მოქალაქე .. ვმუშაობთ აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტებაზე,“ - განუცხადეს Europetime-ს უწყებაში.  

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში აფეთქებების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში აფეთქებები იყო. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ სამხედროებმა დრონებით შეტევა მოიგერიეს. მანამდე, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვორონეჟზე უკრაინული დრონებით თავდასხმა მოიგერია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩამოგდებულია სამი დრონი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია გოგონა. ერთ-ერთ კორპუსში აივანს ცეცხლი გაუჩნდა, კიდევ ორ მაღალსართულიან კორპუსსა და რამდენიმე კერძო სახლში მინები ჩაიმსხვრა. „დაზიანებულ სახლებსა და მიმდებარე სახლებზე, ასევე ტერიტორიაზე, როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების ზიანის შემფასებელი კომისია იმუშავებს. გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებისთვის უკვე შემოღებულია ქალაქის საგანგებო რეჟიმი," - წერს მერი Telegram არხზე. უკრაინის ლუგანსკის ოლქთან მოსაზღვრე ვორონეჟის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი იერიში იყო 2023 წელსაც. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.  

კაია კალასი: ევროპას 3-5 წელი აქვს იმისთვის, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხისთვის მოემზადოს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი მიიჩნევს, რომ ევროპას აქვს 3-5 წელი აქვს იმისთვის, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო საფრთხისთვის მოემზადოს. კალასი ესტონეთის დაზვერვის შეფასებას იშველიებს, რომლის თანახმადაც, რუსეთს უკრაინასთან ჰიპოთეტური ზავის შემთხვევაში სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდება, რათა განაახლოს სამხედრო საფრთხე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. „ჩვენი დაზვერვის შეფასებით, ეს იქნება სამიდან ხუთ წლამდე და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვახერხებთ ჩვენს ერთიანობას და პოზიციის შენარჩუნებას უკრაინის მიმართ, იმიტომ, რომ რუსეთს სურს პაუზა და ეს პაუზა სჭირდება რესურსების და ძალების მოკრებისთვის. სისუსტე აგრესორების პროვოცირებას ახდენს, ამიტომ სისუსტე რუსეთის პროვოცირებას ახდენს,“ - განაცხადა მან The Times-თან ინტერვიუში. ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, დასავლეთმა უნდა გააძლიეროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რათა ძლიერი დარტყმა მიაყენოს და რუსეთს მრავალი წლით ჩამოართვას შესაძლებლობა, რომ ის მეზობელ ქვეყნებს დაემუქროს. კაია კალასის განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში NATO-მ უნდა მიიღოს რუსეთის „შეკავების“ სტრატეგია ცივი ომის მაგალითზე, რომელიც ითვალისწინებს თითოეული წევრი ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდას მშპ-ს მინიმუმ 2,5%-მდე. "რუსეთს არასოდეს წაუგია ბოლო დროს კოლონიური ომი. მე ბევრს ვკითხულობ და ვცდილობ გავიგო, როგორ შეგვიძლია დავარღვიოთ ეს ისტორიული ციკლი და ამის მთავარი ელემენტია ანგარიშვალდებულება. ისინი არასოდეს აგებდნენ პასუხს ჩადენილ დანაშაულებზე," - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.  

კულება: იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, უკრაინისთვის სასწორზე ერის არსებობა დევს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება კონგრესის დახმარებაზე საუბრობს. როგორც კულება აღნიშნავს აშშ-ის კონგრესს დრო ეწურება იმისთვის, რომ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარება დაამტკიცოს. ABC News-თან ინტერვიუში კულებამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მეტი დაფინანსების გამოყოფა პოტენციურად თავიდან აიცილებს NATO-სა და რუსეთს შორის პირდაპირ დაპირისპირებას, რომელშიც ამერიკელ ჯარებს ჩართვა მოუწევთ. „რაც არ უნდა იყოს ახლა უკრაინის მხარდაჭერის ფასი, მსოფლიოში არეულობის გამოსწორების ფასი, თუ უკრაინა წააგებს, გაცილებით მაღალი იქნება,“ - აღნიშნა კულებამ. მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში გამარჯვება სხვა მოწინააღმდეგეებს სახიფათო სიგნალს გაუგზავნის. „თუ დასავლეთს არ შეუძლია რუსეთის შეჩერება უკრაინაში, სხვას ვის შეუძლია, შეაჩეროს იგი მსოფლიოს სხვა ნაწილებში?“ - განაცხადა კულებამ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის წინაშე დათმობაზე არასდროს წავა. „იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, რადგან უკრაინისთვის სასწორზე ამ ერის არსებობა დევს,“ - განაცხადა უკრაინის საგარეო მინისტრმა.  

ირანი აცხადებს, რომ ერაყში, ისრაელის „ჯაშუშთა შტაბ-ბინაზე“ სარაკეტო იერიში მიიტანა

ირანმა განაცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტებით იერიშები მიიტანა ისრაელის „ჯაშუშებზე“ და ანტიირანელ „ტერორისტებზე“ ერაყსა და სირიაში. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აფეთქებები იყო ერაყის ქურთისტანის ადმინისტრაციული ცენტრიდან, ქალაქ ერბილიდან 40 კილომეტრში მდებარე რაიონში, სადაც აშშ-ის საკონსულოც მდებარეობს. ამერიკული წყაროების თანახმად, საკონსულო არ დაზიანებულა. ქურთისტანის ავტონომიის ხელისუფლების მონაცემებით, მოკლულია 4 და დაჭრილია 6 ადგილობრივი მცხოვრები. Reuters-ის წყაროს ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ქურთი ბიზნესმენი, მილიონერი ფეშრავ დიზაი და მისი ოჯახის წევრები. რაკეტები მოხვდა სპეცსამსახურების ცენტრს და დაზვერვის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სახლსაც. ABC News-ის ინფორმაციით, მუშაობა შეაჩერა ერბილის აეროპორტმა, სადაც დასავლეთის კოალიციური ძალების სამხედროებმა სამი დრონი ჩამოაგდეს. რაც შეეხება სირიას, ირანი აცხადებს, რომ იდლიბის პროვინციაში იერიში მიიტანა ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე. სწორედ ამ ორგანიზაციამ აიღო პასუხისმგებლობა იანვრის დასაწყისში, ირანში მომხდარ ორ აფეთქებაზე, რომელთა შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანის სახელმწიფო მედიით 15 იანვარს, ღამით გავრცელებული ცნობებით, გვარდიამ, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ სარაკეტო დარტყმები განახორციელა ისრაელის დაზვერვის სამსახურის, „მოსადის ჯაშუშების შტაბ-ბინაზე“ ერაყის ქურთისტანის ავტონომიაში. რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ ეს „შტაბ-ბინა" ირანსა და რეგიონში „ჯაშუშური ოპერაციების და ტერაქტების დაგეგმვის" ცენტრი იყო. ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასი“ 2023 წლის ოქტომბერში თავს დაესხა ისრაელს, რომელმაც საომარი მდგომარეობა გამოუცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო. ირანის მოკავშირეა ლიბანში მოქმედი რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლაც“, რომელიც პერიოდულად თავს ესხმის ისრაელის ტერიტორიას. ირანი მხარს უჭერს იემენში მოქმედ მეამბოხე ჰუთსიტებსაც, რომლებიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყების შემდეგ, წითელ ზღვაში თავს ესხმიან გემებს. საპასუხოდ, აშშ და მისი მოკავშირეები „ჰუსიტების“ სამიზნეებზე იერიშებს ახორციელებენ.