ძებნის რეზულტატი:
მოურინიო „რომას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს
პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო „რომას“ აღარ გაწვრთნის. ის „მილანთან“ მარცხის (1:3) შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა. „რომას“ მფლობელმა, რაიან ფრიდკინმა განაცხადა, რომ მოურინიომ ბევრი იშრომა, რომ გუნდისთვის წარმატება მოეტანა, თუმცა ამ მომენტში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება კონტრაქტის შეწყვეტა იყო. „მადლობას ვუხდით ჟოზე მოურინიოს გაწეული სამუშაოსთვის. მან ბევრი იშრომა, რომ გუნდისთვის წარმატება მოეტანა, თუმცა ამ მომენტში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება კონტრაქტის შეწყვეტა იყო. მას და მის სამწვრთნელო შტაბს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებთ,“ - განაცხად რაიანმა.
სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გააფართოონ ჩართულობა ტაივანთან
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ნაურუს მთავრობის ქმედება ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, სუვერენული გადაწყვეტილებაა, ის მაინც იმედგაცრუებას იწვევს. დეპარტამენტი ქვეყნებს მოუწოდებს, გააფართოონ ჩართულობა ტაივანთან. ბაიდენი: აშშ არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას „ტაივანი სანდო, თანამოაზრე და დემოკრატიული პარტნიორია. PRC (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) ხშირად იძლევა დაპირებებს დიპლომატიური ურთიერთობების სანაცვლოდ, რომლებიც საბოლოოდ, შეუსრულებელი რჩება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გააფართოონ ჩართულობა ტაივანთან და გააგრძელონ დემოკრატიის, კარგი მმართველობის, გამჭვირვალობისა და კანონის უზენაესობის დაცვა. შეერთებული შტატები გააგრძელებს ჩვენი ჩართულობის გაღრმავებას და გაფართოებას ტაივანთან ჩვენთვის მრავალი საერთო ინტერესებისა და ღირებულებების მიმართულებით; მხარს დაუჭერს ტაივანის მნიშვნელოვან მონაწილეობას საერთაშორისო საზოგადოებაში და გააღრმავებს ჩვენს ეკონომიკურ კავშირებს, რომელიც შეესაბამება ჩვენი დიდი ხნის ერთიანი ჩინეთის პოლიტიკას,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა. ნაურუმ ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა
ნორვეგია და მოკავშირეები ერთიანი პალესტინის მთავრობის კონცეფციაზე მუშაობენ
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ნორვეგია და მოკავშირეები ერთიანი პალესტინის მთავრობის კონცეფციაზე მუშაობენ. „ჩვენთან არაერთი ქვეყანა მუშაობს, ცდილობს ფართო ერთიანობის მთავრობა შექმნას,“ - განაცხადა ესპენ ბარტ ეიდემ. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტაზე მუშაობა აქტუალური ხდება, რადგან კონფლიქტი რეგიონში ვრცელდება. „ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ პალესტინის ერთიანობაზე ვიმუშაოთ და დაინტერესებულ ქვეყნებთან ერთად მოდელებზე ვიფიქროთ“, - აღნიშნა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. თავის მხრივ, კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის გარეშე მშვიდობის მიღწევა არ მოხდება. „არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა იმისთვის, რომ რეალური გადაწყვეტის გარეშე, ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის გარეშე, დავუბრუნდეთ იმას, რაც 7 ოქტომბრამდე იყო,“ - განაცხადა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ. კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პალესტინელების გენოციდისკენ მოწოდებებს ისრაელის ექსტრემისტული მთავრობა აკეთებს. „ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, თუ როგორ დავასრულოთ ომი რაც შეიძლება მალე, როგორ გავათავისუფლოთ მძევლები და პალესტინელი პატიმრები, რათა დასავლეთ ნაპირზე არსებული პრობლემა გადავჭრათ,“ - აღნიშნა კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, 1992-1993 წლებში ნორვეგია ისრაელსა და პალესტინის განმათავისუფლებელ ორგანიზაციას შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, რის შედეგადაც მხარეებმა 1993 წელს ოსლოს ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ზელენსკი ბლინკენს: იმედი გვაქვს აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერის, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს დავოსში შეხვდა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა „შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტ ბაიდენს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს ურყევი მხარდაჭერისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ლიდერობისათვის.“ „ჩვენ იმედი გვაქვს აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერის, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მე ვაცნობე მდივან ბლინკენს და ჯეიკ სალივანს, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, ბრძოლის ველზე არსებული ვითარების, უკრაინის თავდაცვის ძალების ამ წლის ძირითადი ამოცანებისა და მათ შესასრულებლად საჭირო საშუალებების შესახებ. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უკრაინასა და აშშ-ს შორის თავდაცვის შემდგომ თანამშრომლობაზე, განსაკუთრებული აქცენტით საჰაერო თავდაცვაზე და შორ მანძილზე მოქმედ შესაძლებლობებზე,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მან კონკრეტულად მიუთითა ამერიკული წარმოების Patriot-ის სისტემაზე, რომელიც დაეხმარა უკრაინას რუსული რაკეტების ჩამოგდებაში. „ეს ნამდვილად ეხმარება ხალხს გადარჩენაში რუსეთის ამ დიდი აგრესიის დროს,“ - განმარტა ზელენსკიმ. მან სხვა საკითხებიც გამოყო. „ჩვენ განვიხილეთ უკრაინაში საერთაშორისო ინვესტიციების გაზრდის გზები, განსაკუთრებით, - თავდაცვის წარმოებაში, და ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ უფრო დიდი თავდაცვითი თანამშრომლობა და ერთობლივი წარმოება გაზრდის უკრაინის თავდაჯერებულობას და შეამცირებს მის დამოკიდებულებას უცხოურ სამხედრო და ფინანსურ დახმარებაზე,“ აღნიშნა ზელენსკიმ. თავის მხრივ, ბლინკენი ზელენსკის ურყევ მხარდაჭერას დაჰპირდა. „ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ შევინარჩუნოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ კონგრესთან, რათა ვიმუშაოთ ამის მისაღწევად. ვიცი, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები იგივეს გააკეთებენ," - განუცხადა ბლინკენმა ზელენსკის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეხვედრისას. ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ასევე შეუერთდა შეხვედრას და განუცხადა ზელენსკის, რომ „შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მოწადინებულნი არიან, უზრუნველყონ რუსეთის მარცხი და უკრაინის გამარჯვება.“ შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით 44 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუგზავნა უკრაინას 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია. ვაშინგტონი განმარტავს, რატომ აღარ საჭიროებს უკრაინა 2022-2023 წლების დონის დახმარებას
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6573 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6582 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8917 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9067 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა. ცნობისთვის, ლარი გუშინ, 15 დეკემბრის კურსის შედეგადაც გამყარდა.
17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ძლიერი ქარბუქი და გზებზე ლიპყინულია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი ქარბუქი, გზებზე კი ლიპყინული. მათივე ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს. საქართველოში უახლოეს დღეებში უნალექო ამინდი იქნება - პროგნოზი
ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით, 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს გეგმავს
ყაზახეთი 2024 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ. მოსალოდნელია, რომ ექსპორტი 70,8 მლნ ტონას მიაღწევს, 56,7 მლნ ტონა კი, კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) გავლით ტრანსპორტირდება. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენზე ამოტუმბული ნავთობის მოცულობამ 27 მილიონ 635,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,9%-ით მეტია 2022 წლის 11 თვის მაჩვენებელზე, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით გადაზიდული ნავთობის მთლიანი მოცულობის 75,9% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაიზიდა. BTC-ის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძე 1768 კილომეტრია, აქედან 443 კილომეტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო მარშრუტის 1076 კილომეტრი თურქეთის ტერიტორიაზე გადის. მილსადენის მშენებლობა 2003 წლის აპრილში, ხოლო მისი ნავთობით შევსება 2005 წლის მაისში დაიწყო.
კატარი და რუსეთი წითელ ზღვაში ოპერირებას თავს არიდებენ - მედია
თხევადი ბუნებრივი აირის მომწოდებლები, მათ შორის, კატარი და რუსეთი, წითელ ზღვას „ჰუსიტი“ ბოევიკების თავდასხმების გაზრდილი რისკისა და დოჰადან ესკალაციის შესახებ გაფრთხილებების ფონზე თავს არიდებენ. როგორც Bloomberg-ი წერს, LNG ტანკერები უერთდებიან გემების ნაწილს, რომლებიც სუეცის არხის ნაცვლად, აფრიკის გარშემო გაცილებით გრძელ მარშრუტს გადიან, რადგან ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა გემების მარშრუტებს ცვლის და ინდუსტრიას ქაოსის წინაშე აყენებს. „შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების თავდასხმები იემენში, ჰუსიტების პოზიციებზე, შექმნის შემდგომი ესკალაციისა და შემდგომი გაფართოების მაღალ რისკს,“ განაცხადა კატარის პრემიერ მინისტრმა შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ ტანიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. იემენის ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა.
ყაზახეთი ბაქო-სუფსის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებაზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ყაზახეთი აზერბაიჯანთან ბაქო-სუფსის ნავთობსადენით წელიწადში 3 მილიონ ტონამდე ნავთობის ტრანსპორტირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. იუწყება ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო. „საკითხი განიხილება აზერბაიჯანულ მხარესთან, რათა განიხილონ ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობა წელიწადში 3 მილიონ ტონამდე,“ - ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციაში. გასულ წელს აზერბაიჯანმა ყაზახეთს ბაქო-სუფსის მილსადენით 5 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შესთავაზა. თუ შეთანხმებას მიაღწიეს, მოსალოდნელი იყო, რომ ეს იქნებოდა ნავთობი ქაშაგანის საბადოდან. ასევე, წყაროების მიხედვით, აზერბაიჯანი გამოვიდა მოწოდებით, რომ ნავთობი საქართველოს შავი ზღვის პორტებით ტრანსპორტირდეს. ბაქო-სუფსის მილსადენით (დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენი) ნავთობის ტრანზიტი კასპიის რეგიონიდან, ბაქოს მახლობლად მდებარე სანგაჩალის ტერმინალიდან შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე საქართველოს პორტ სუფსამდე ხორციელდება. ნავთობსადენი ოფიციალურად 1999 წლის 17 აპრილს გაიხსნა. ნავთობსადენის სიგრძე 837 კილომეტრია. მისი გამტარუნარიანობა აღემატება შვიდ მილიონ ტონა ნავთობს წელიწადში (145000 ბარელი დღეში). მილსადენის ოპერატორი BP-ია. ნავთობის ტრანსპორტირების საბოლოო პუნქტია შავი ზღვის პორტი სუფსა. შემდეგ ნავთობის ტრანსპორტირება ევროპაში ტანკერებით ხდება.
ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინის დახმარების საკითხი ევროკავშირსა და აშშ-ის კონგრესში უახლოეს კვირებში მოგვარდება
უკრაინის დახმარების საკითხი ევროკავშირსა და აშშ-ის კონგრესში უახლოეს კვირებში მოგვარდება. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მონაწილეთა კითხვებზე პასუხისას გააკეთა. მან ამის საფუძვლად დადებითი სიგნალები მოიყვანა. „ვფიქრობ, რომ ეს კვირების საკითხია. დადებითი სიგნალები მაქვს, რომ ევროპა მხარს გვიჭერს, სწორედ ევროკავშირის ქვეყნებში და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ დახმარების საკითხი მოგვარდება კონგრესში. ამის გარეშე ეს შეუძლებელია”, - განაცხადა ზელენსკიმ. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინამ ამ მხრივ ბევრი სხვადასხვა დისკუსია, დიალოგი და შეხვედრა გამართა. „ვფიქრობ, რომ ტყუილად არ ვკარგავთ დროს. ჩვენთვის ასე ძვირფას დროს. ვინაიდან მნიშვნელოვანია ჩასვლა, პარტნიორებთან საუბარი, შეხვედრები, მაგრამ ამის მიუხედავად, არის სამხედრო დროის პრიორიტეტები და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების ძალიან დადებითი რეაქცია იქნება,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროკავშირისა და მსოფლიო სავალუტო ფონდის წინადადებებსა და მათთვის მიცემულ დაპირებებს უფრო სწრაფად ასრულებს, ვიდრე ომამდე, “ვინაიდან უკრაინამ ომის დროს აჩვენა, რომ შეუძლია, ძლიერი იყოს და სახელმწიფოს რეფორმირება მოახდინოს.” ზელენსკი ბლინკენს: იმედი გვაქვს აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერის, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის
ესტონეთში ჯაშუშობის ბრალდებით რუსი პროფესორი დააპატიმრეს
ესტონეთის პოლიციამ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა რუსეთის მოქალაქე ვიჩესლავ მოროზოვი, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკური თეორიის პროფესორად ტარტუს უნივერსიტეტში მუშაობდა. ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მარგო პალოსონის განცხადებით, მოროზოვის საქმეს წინ უწრდებდა "ათობით მსგავსი საქმე, რაც მოწმობს რუსეთის სადაზვერვო სააგენტოების მიზანს, ინფლიტრაცია მოხდეს ესტონეთის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის - საუნივერსიტეტოში." მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოროზოვი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. NATO-ს შორეულ აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგებული ესტონეთი დიდი ხანია, რუსეთის მხრიდან არასათანადო გავლენების გამო შეშფოთებულია. ქვეყანა ასევე გამხდარა მასიური კიბერშეტევის სამიზნე, რაც რიგ ესტონელ აქტორებში განიხილებოდა, როგორც ერთგვარი გამოღვიძების ზარი რუსეთისგან მომდინარე საფრთხის მიმართ.
შსს: ყოფილი ძალოვნებისთვის პენსია პირველი მაისიდან გაიზრდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.უწყების ცნობით, პენსია მიმდინარე წლის პირველი მაისიდან გაიზრდება. შსს განმარტავს, რომ კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის (კომპენსაციის) მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტის ნაცვლად იქნება 1000 ლარი. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ. განვმარტავთ, რომ მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად - საკანონმდებლო განხილვების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ცვლილებები 2024 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. 2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის (კომპენსაციის) მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტის ნაცვლად იქნება 1000 ლარი. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, პოლიციის კანონით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას დაღუპულ პოლიციელთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით პოლიციელის ოჯახს ერთჯერადად გადაეცემა ფულადი დახმარება 100 ათასი ლარი. ხოლო, პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახისთვის, დადგენილი ყოველთვიური პენსიის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად იქნება 1200 ლარი. 2013 წლის შემდეგ, პირველად, იზრდება პენსიის (კომპენსაცია) გამოანგარიშების კანონით დადგენილი კოეფიციენტები შემდეგი პრინციპით: პენსიისთვის განსაზღვრულ არსებულ თანხას დაემატება ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირი (რიგითი-ზემდეგი) – 5 ლარი, ნაცვლად 2 ლარისა; ბ) საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირი (უმცროსი ლეიტენანტი - კაპიტანი) - 10 ლარი, ნაცვლად 5 ლარისა; გ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირი (მაიორი - პოლკოვნიკი) − 15 ლარი, ნაცვლად 10 ლარისა; დ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირი (გენერალ-მაიორი - გენერალ-პოლკოვნიკი) – 25 ლარი, ნაცვლად 15 ლარისა. ანალოგიურად იზრდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურის კომპენსაციის გაანგარიშების ოდენობა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია და აღნიშნული პენსია 1-ელი მაისიდან გაიზრდება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
პეტერბურგში საიდუმლო თანამშრომლობის ბრალდებით პენსიონერი დააპატიმრეს
სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ უცხო ქვეყანასთან საიდუმლო თანამშრომლობის საქმეზე 67 წლის დაღესტნელი კაცი დააპატიმრა. ინფორმაციას ქალაქის სასამართლოების პრესსამსახური ავრცელებს. გამოძიების ცნობით, „ბრალდებულმა, რომლის სახელს არ აკონკრეტებენ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოს მიმართა და შეატყობინა თავის გეგმაზე, უკრაინის მხარისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია და განეხორციელებინა კონკრეტული ქმედებები, რომლებმაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციის საომარ მარცხს." პრესსამსახურის თქმით, ეფესბეს მუშაკებმა "ყველაფერი მალე შეიტყვეს", თუმცა განცხადებაში დეტალები დაზუსტებული არ არის. დაკავების შემდეგ ბრალდებულმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. სასამართლომ ის 11 მარტამდე დააპატიმრა. 2023 წელს რუსეთში სულ მცირე 148 მოქალაქეს დასდეს ბრალი სახელმწიფო ღალატის, ჯაშუშობის და უცხოელებთან საიდუმლო თანამშრომლობის მუხლებით. უფლებადამცველები თვლიან, რომ რეალური მაჩვენებელი უფრო მაღალია და რომ ამ მუხლებით დევნა 2024 წელს გაძლიერდება. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს ომს.
ისრაელი უკრაინის სამშვიდობო ფორმულის შესახებ განხილვებში პირველად მონაწილეობს
ისრაელის წარმომადგენლებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა უკრაინის სამშვიდობო ფორმულის შესახებ განხილვაში. ამის შესახებ უკრაინაში ისრაელის ელჩმა მაიკლ ბროდსკიმ განაცხადა. უკრაინის სამშვიდობო ფორმულა მოიცავს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსული ჯარების სრულ გაყვანას უკრაინიდან და პასუხისმგებელ პირთა პასუხისმგებლობას ომის დანაშაულებებში. 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმამ ფართო მხარდაჭერა მიიღო უკრაინის დასავლელ მოკავშირეებში. ბროდსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღო ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ. შეხვედრა კი, როგორც ცნობილია, დავოსში, შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) წინ გაიმართა. ისრაელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მხარის დაკავებას დიდწილად ერიდება და უკრაინისთვის არც რაიმე სამხედრო დახმარება არ გაუწევია. ისრაელის ურთიერთობები რუსეთთან სულ უფრო გაუარესდა 2023 წლის ოქტომბერში, „ჰამასთან“ ისრაელის ომის დაწყების შემდეგ. ისრაელის ქმედებების მკაცრი კრიტიკისას, აგრესორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებდა, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორში, „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს. უკრაინასა და ისრაელს ასევე ჰყავთ საერთო მტერი, ირანი, რომელიც რუსეთს იარაღს აწვდის, „ჰამასს“ კი, როგორც დასავლეთში თვლიან, ფინანსური რესურსით მხარს უჭერს.
მედია: რუსეთიდან თურქეთში ფულადი გადარიცხვები შეფერხდა
თურქული გამოცემა Ekonomim-ის ცნობით, თურქი ექსპორტიორები პირველი იანვრიდან მათი რუსი კლიენტებისგან ფულად გადარიცხვებს ვეღარ იღებენ, რამაც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სერიოზული შეფერხება გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, თურქული საქონლის ექსპორტი რუსეთში, რომელსაც მოსკოვი სამხედრო წარმოებისთვის იყენებს, 2023 წელს გაიზარდა, რამაც სანქციების გვერდის ავლის თაობაზე შეშფოთება გააძლიერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის ბოლო ვიზიტის შემდეგ ანკარაში, თურქულმა კომპანიებმა გადარიცხვებით ვეღარ ისარგებლეს. „ზოგიერთი ბანკი უკან აგზავნის ფულს, ზოგი კი უარყოფს ადრე მიღებულ ტრანზაქციებს და ამბობს რომ ესა თუ ის საქონელი აკრძალული იყო,“ - განუცხადა გამოცემას წყარომ. ბლინკენი 6 იანვარს ეწვია ანკარას, სადაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაკან ფიდანს შეხვდა. ამერიკელმა დიპლომატმა შეხვედრაზე სხვა თემებთან ერთად განიხილა სანქციები და ექსპორტის კონტროლზე თავის არიდების საკითხები. აშშ და ევროკავშირი დიდი ხანია, ცდილობენ, შეზღუდონ რუსეთის შესაძლებლობა, მოახდინოს ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტი მესამე ქვეყნების მეშვეობით. კომპანიებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, ყაზახეთი, სერბეთი, თურქეთი და სხვები, ბრალი დასდეს რუსეთში სანქცირებული პროდუქციის რეექსპორტში, რაც უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსეთის ომის მანქანას ხელს უწყობს.
ბილ გეითსი განმარტავს, რომ ხელოვნური ინტელექტი 5 წელიწადში ყველას ცხოვრებაში გარდამტეხ როლს შეასრულებს
Microsoft-ის თანადამფუძნებელ, მილიარდერ ბილ გეითსის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ყველასთვის გარდამტეხ როლს შეასრულებს. CNN-თან ინტერვიუში, გეითსმა იწინასწარმეტყველა, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველას ცხოვრებას გაამარტივებს. ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ გამოიწვია შიში, რომ ტექნოლოგია მთელ მსოფლიოში მილიონობით სამუშაო ადგილს გააუქმებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ამ კვირაში გამოაცხადა, რომ მსოფლიოში სამუშაო ადგილების დაახლოებით, 40% შეიძლება, ხელოვნური ინტელექტის ზრდამ დააზარალოს. გეითსი ამ აზრს არ ეთანხმება. მას სჯერა - ისტორია აჩვენებს, რომ ყოველი ახალი ტექნოლოგია იწვევს შიშს და შემდეგ უკვე მას ახალი შესაძლებლობა მოაქვს. „ბევრი ახალი რამ, ბევრი ახალი სამუშაო კატეგორია შეიქმნა და ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე მაშინ, როცა ყველა ფერმაში მუშაობდა. ახლაც ასე იქნება,“ განაცხადა გეითსმა სოფლის მეურნეობის სფეროს მაგალითზე საუბრისას. გეითსი ხაზს უსვამს, რომ ხელოვნური ინტელექტი მედიცინის სფეროში დიდ წვლილს შეიტანს და ექიმების სამუშაოს ის ნაწილი, რომელიც მათ დიდად არ მოსწონთ (რუტინული სამუშაო, რომელიც მოიცავს წერილობით დოკუმენტებს - მოხსენებები, საბუთები) შეგვიძლია, უფრო ეფექტიანი გავხადოთ. იმის გამო, რომ არ არის საჭირო „ბევრი ახალი აპარატურა“, AI-ზე წვდომა ტელეფონით ან კომპიუტერის საშუალებით მოხდება. ცნობისთვის, მილიარდერი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიამ შეიძლება, ვერ შეცვალოს ადამიანი, მაგრამ მას შეუძლია, 3-დღიანი სამუშაო კვირა გახადოს შესაძლებელი. ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის დამფუძნებელს ჰკითხეს სამუშაოსთვის ხელოვნური ინტელექტის საფრთხის შესახებ, რასაც გეითსმა უპასუხა, რომ შეიძლება, დადგეს დრო, როდესაც ადამიანებს „აღარ მოუწევთ ამდენი შრომა.“ „თუ საბოლოოდ მიიღებთ საზოგადოებას, სადაც კვირაში მხოლოდ სამი დღე უნდა იმუშაოთ, ეს ალბათ კარგია,” - აღნიშნა გეითსმა. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურმა ინტელექტს გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლია, გეითსმა ხელოვნური ინტელექტის რისკებიც აღიარა, თუ ის არასწორად იქნება გამოყენებული. ივლისში მან ხელოვნური ინტელექტის პოტენციური გავლენის შესახებ 3000-სიტყვიანი ბლოგიც გამოაქვეყნა. „მე არ ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტის გავლენა ისეთივე დრამატული იქნება, როგორც ინდუსტრიული რევოლუცია, მაგრამ ის ნამდვილად იქნება ისეთივე დიდი, როგორც კომპიუტერის დანერგვა. ტექსტის დამუშავების აპლიკაციებმა ვერ გაანადგურეს საოფისე სამუშაო, მაგრამ ცვლილებები დანერგეს. დამსაქმებლებსა და თანამშრომლებს ადაპტაცია მოუწიათ და ეს გააკეთეს კიდეც,“ - აღნიშნავს გეითსი. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, გეითსის ქონება 140 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას მსოფლიოში მეოთხე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.
ბელორუსის ახალი სამხედრო დოქტრინა ბირთვული იარაღის გამოყენებას პირველად მოიცავს
ბელორუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა სამშაბათს განაცხადა, რომ ქვეყანა წარადგენს ახალ სამხედრო დოქტრინას, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენებას პირველად მოიცავს. დოქტრინა დასამტკიცებლად წარედგინება ბელორუსის სახალხო კრებას, წარმომადგენლობით ორგანოს, რომელიც ბელორუსში პარლამენტის პარალელურად მოქმედებს. რუსეთმა გასულ წელს გაგზავნა ტაქტიკური ბირთვული იარაღი ბელორუსში, თუმცა მის მასშტაბებზე დეტალები ცნობილი არ არის. „ჩვენს ტერიტორიაზე განლაგებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ბელორუსის შეხედულებებზე ჩვენ მკაფიოდ ვსაუბრობთ. გაჩნდა ახალი თავი, სადაც ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვრავთ მოკავშირეების ვალდებულებებს ჩვენი მოკავშირეების წინაშე,” განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა ბელორუსის უშიშროების საბჭოს სხდომაზე. რუსეთმა ბელორუსის ტერიტორია, როგორც პლაცდარმი გამოიყენა, რათა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში თავისი ჯარები გაეგზავნა. რუსეთმა იქ შეინარჩუნა თავისი სამხედრო ბაზები და იარაღი, თუმცა ბელორუსის ჯარებს ომში მონაწილეობა არ მიუღიათ. უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ვოლფოვიჩმა განაცხადა, რომ ბელორუსში რუსული ბირთვული იარაღის განლაგება NATO-ს წევრი პოლონეთის აგრესიის შეკავებას ისახავს მიზნად. „სამწუხაროდ, ჩვენი მეზობლების, კერძოდ, პოლონეთის განცხადებებმა... გვაიძულა, გაგვეძლიერებინა” სამხედრო დოქტრინა,“განაცხადა ალექსანდრე ვოლფოვიჩმა. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. პოლონეთმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და ბელორუსის საზღვართან ახალი სატანკო ბატალიონიც განათავსა. დასავლეთი ბელორუსს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნევს. ევროკავშირი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ თვლის. ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელორუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.
ჯეიკ სალივანი: უკრაინისთვის დახმარების ორპარტიული მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ
უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის საჭირო რესურსების მიწოდება უნდა მოხდეს.„უკრაინისთვის დახმარების ორპარტიული მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამაზეა კონცენტრირებული,“ - განმარტა სალივანმა. „უნდა შეგვეძლოს უკრაინისთვის საჭირო რესურსების მიწოდება იარაღისთვის, რომელიც მას სჭირდება, რათა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიაღწიოს შედეგებს, რომლებიც მას სჭირდება. ამისთვის საჭიროა ორპარტიული მხარდაჭერის მობილიზება, რომელიც გვაქვს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე - სენატში, რათა ის რეალურ ხმებად ვაქციოთ. პრეზიდენტი ბაიდენი სრულიადაა ამაზე კონცენტრირებული. ვცდილობთ, ეს უახლოეს კვირებში მივიღოთ. ვაგრძელებ რწმენას, რომ ამდენი პერიპეტიების შემდეგ, ჩვენ საბოლოო ჯამში მივაღწევთ ამას,” - განაცხადა სალივანმა. მანვე აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის ფონზე უკრაინამ ეკონომიკური რეფორმები გაატარა, საკუთარი სამხედრო-სამრეწველო ბაზა გააძლიერა და დასავლეთთან ინტეგრაცია დააჩქარა. „რა თქმა უნდა, ბრძოლა არ დასრულებულა. რუსეთმა მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ხშირი დანაღმული ველები მოაწყო, რაც უკრაინის მიერ დიდი ტერიტორიული დაბრუნების მიღწევას ართულებს. ჩინეთის დახმარებით პუტინი სამხედრო-სამრეწველო ბაზის მობილიზებას ახდენს და ეკონომიკა სამხედრო დროის რელსებზე გადაჰყავს. რუსეთი უფრო მეტ იარაღს ეძებს როგორც ჩრდილოეთ კორეისგან, ასევე ირანისგან, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალ რეზოლუციას არღვევს, რომელთა მიღებასაც თავად მოსკოვმა მისცა ხმა,” - განაცხადა ჯეიკ სალივანმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
გუდაური(ფოსტა)-კობის გზაზე შეზღუდვები დაწესდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს მართავს
გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი რიჩარდ ნეფიუ თბილისშია. ის საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა, სადაც ასევე ვიზიტით იმყოფებოდა. ნეფიუ უკვე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. დაგეგმილია შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ორივე ქვეყანაში ვიზიტისას ნეფიუ განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე ძალისხმევასა და გამოწვევებს. ამასთან, შემდგომი თანამშრომლობის სფეროებს განსაზღვრავს. სომხეთში ამერიკელი კოორდინატორი შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, იუსტიციის სექტორისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. ის ასევე მონაწილეობდა სამოქალაქო საზოგადოების მრგვალ მაგიდაში. საქართველოში ამერიკელი მაღალჩინოსანი შეხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.