ძებნის რეზულტატი:

პუტინმა აღიარა, რომ უკრაინაში „მიზანს ჯერ ვერ მიაღწია“

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებისთვის ჯერ არ მიუღწევია. კითხვას, თუ რას გულისხმობს დენაციფიკაციაში, პუტინმა უპასუხა: „უნდა მოვიშოროთ ის ადამიანები, რომლებმაც მიატოვეს ცხოვრება და ცდილობენ შეინარჩუნონ ნაციზმის თეორია და პრაქტიკა.“ „პუტინს თუ რაიმე აქვს სათქმელი, მან ეს ჰააგის სასამართლოს წინაშე უნდა თქვას“ - სანქციები ემუქრება Fox News-ის ყოფილ წამყვანს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუ ჩაწერა ის ამტკიცებს, რომ „უკრაინამ მიიღო დასავლეთის ქვეყნების მითითებები, ებრძოლონ რუსეთს საბოლოო გამარჯვებამდე.“ კითხვას, იქნება თუ არა მოლაპარაკებები უკრაინასთან და რატომ არ ყოფილა სამშვიდობო მოლაპარაკებები კონფლიქტის მოსაგვარებლად აქამდე, “პუტინმა უპასუხა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები 2022 წელს თითქმის დასრულდა, მაგრამ კიევიდან ჯარების გაყვანის შემდეგ უკრაინულმა მხარემ ყველა შეთანხმება უარყო.“ „ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ ჩვენს მიზნებს, რადგან ერთ-ერთი მიზანია დენაციფიკაცია. ეს გულისხმობს ყველა ნეონაცისტური მოძრაობის აკრძალვას. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც განვიხილეთ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც დასრულდა სტამბოლში გასული წლის დასაწყისში,“ – აღნიშნა პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარსლონსთან ინტერვიუსას. პუტინის თქმით, მოლაპარაკებები მათი ინიციატივით არ დასრულებულა. პუტინის თქმით, მას ევროპელმა ლიდერებმა უთხრეს, რომ დოკუმენტის საბოლოო ხელმოწერისთვის რუსეთს საჭირო პირობები უნდა შეექმნა. `ადრე თუ გვიან ჩვენ მაინც მივალთ შეთანხმებამდე. და იცით რა? შეიძლება უცნაურადაც კი ჟღერდეს დღევანდელ სიტუაციაში: ხალხებს შორის ურთიერთობა მაინც აღდგება. ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ აღდგება," - განაცხადა პუტინმა. ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა SITU Research-თან და Truth Hounds-თან ერთად, რუსეთის ჯარების მიერ 2022 წლის გაზაფხულზე აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ მარიუპოლის შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაცია ახალი დასკვნების საფუძველზე წერს, რომ 2022 წელს უკრაინის ქალაქ მარიუპოლზე რუსული თავდასხმის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, მათ შორის - ბევრი აშკარად უკანონო თავდასხმების შედეგად. რუსული ძალების მიერ მარიუპოლის განადგურება და უკრაინული კულტურის წაშლის მცდელობა, უკრაინაში მათი სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თავია. საერთაშორისო ორგანოებმა და მართლმსაჯულების ერთგულმა მთავრობებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ რუსი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიებაზე, რომლებიც შესაძლოა, მარიუპოლში სამხედრო დანაშაულებში იყვნენ ჩართულნი. ანგარიშში წერია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ისინი სათანადოდ უნდა დაისაჯონ რუსული ძალების მიერ იქ საბრძოლო მოქმედებების დროს ჩადენილი აშკარა სამხედრო დანაშაულების გამო. და რუსეთმა უნდა უზრუნველყოს რეპარაციები ომის კანონების დარღვევის მსხვერპლებისა და მათი ოჯახებისათვის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია. პირველ თებერვალს ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.  

რუსეთის ოლქები კვლავ დრონების სამიზნეა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ წუხელ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ, ქვეყნის 4 რეგიონში და შავი ზღვის თავზე, 19 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს კურსკის, ბრიანსკის, ორიოლის და კრასნოდარის ოლქების ტერიტორიასა და შავი ზღვის თავზე. ორიოლის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის განცხადებით, დრონები, საწვავის და ენერგეტიკულ კომპლექსებზე თავდასხმას ცდილობდნენ, თუმცა ეს მცდელობა აღიკვეთა. კლიჩკოვის ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა, თუმცა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამართალდამცველები აუცილებელ ზომებს იღებენ. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეტევების შესახებ ცნობები ხშირია.  

აშშ-მ რუსული ნავთობით მოვაჭრე ოთხ კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 8 თებერვალს, ოთხი კომპანიისა და ერთი სატვირთო გემის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. მიზეზი ფასის ლიმიტის დარღვევაა. აღნიშნული სამი კომპანია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში (UAE) დარეგისტრირებული, ერთ კი - ლიბერიაში. ბოლო კომპანია, რომელიც სანქცირებული იყო OFAC-ის მიერ 2024 წლის იანვარში, ასევე ფასის ლიმიტის დარღვევისთვის, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში იყო რეგისტრირებული. აშშ სანქციებს უწესებს კომპანიებს, რომლებიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდნენ. შეერთებულმა შტატებმა პირველი მსგავსი სანქცია გასული წლის ოქტომბერში აამოქმედა. ევროკავშირის სანქციების მე-12 პაკეტი ასევე მოიცავს ზომებს, რომლებიც მიმართულია ფასების ლიმიტზე კონტროლის გამკაცრებისთვის. რუსული ნავთობის ერთ ბარელზე 60 დოლარის ფასი ზედა ზღვარი დიდი შვიდეულის (G7) წევრმა ქვეყნებმა 2022 წლის დეკემბერში შემოიღეს, რათა უკრაინაში ომის წარმოების პირობებში კრემლის შემოსავლები შეეზღუდათ. ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ.  ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიას, რომელიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდა  

უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა გააძლიერებს აშშ-ის მტრებს მოსკოვში, პეკინსა და თეირანში - ჯონ ჰერბსტი

ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის, ჯონ ჰერბსტის შეფასებით, თუ შეერთებული შტატები ვერ გადადგამს ნაბიჯებს უკრაინის დასახმარებლად მომდევნო რამდენიმე თვეში, კატასტროფა მოხდება. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, NATO-სა და ევროკავშირის დასუსტებით აშშ-ის უსაფრთხოება და კეთილდღეობას შელახოს, რაც ძირს უთხრის აშშ-ის მოკავშირეებს ევროპაში და სხვაგან. „ეს პირდაპირ თესავს დაბნეულობას შეერთებულ შტატებში, არჩევნებში ჩარევისა და კიბერ ოპერაციების გზით,“ მიიჩნევს ანალიტიკოსი. „ისინი, ვინც ჩინეთს შეერთებული შტატების ყველაზე საშიშ გრძელვადიან მოწინააღმდეგედ ხედავენ, ვერ ხვდებიან, რომ რუსეთის აშკარა აგრესიის შეჩერება საუკეთესო გზაა მომავალში ჩინეთის აგრესიის შესაჩერებლად,“ ხაზს უსვამს ჰერბსტი. მას მიაჩნია, რომ თუ მოსკოვი დაიპყრობს უკრაინას, შეერთებული შტატები იძულებული იქნება, პირდაპირ დაიცვას NATO-ს მოკავშირეები ბალტიისპირეთის ქვეყნებში ან პოლონეთი. ექსპერტის აზრით, ეს ბევრად დიდი ფასი დაჯდება, ვიდრე წელიწადში 38 მილიარდი დოლარი, რომელსაც აშშ იღებდა უკრაინისთვის, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რაც აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის 5%-ზე ნაკლებია. „უკრაინისთვის დახმარების გაუქმება იქნება დიდი დარტყმა აშშ-ის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, გააძლიერებს აშშ-ის მტრებს მოსკოვში, პეკინსა და თეირანში; და საბოლოო ჯამში, ეს შეიძლება, შეერთებულ შტატებს სისხლადაც დაუჯდე,“ - მიიჩნევს ექსპერტი. აშშ-ის სენატმა "პროცედურული მხარდაჭერა" გამოუცხადა კანონპროექტს უკრაინის დახმარების შესახებ. სენატში დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატას, წარმომადგენელთა პალატას გადაეცემა, სადაც ამ პაკეტის ბედი რესპუბლიკელების სკეპტიციზმის გათვალისწინებით, გაურკვეველია. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია. პირველ თებერვალს ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.  

აშშ-მ რუსული ბრილიანტების იმპორტი აკრძალა

აშშ-ს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) 8 თებერვალს დააწესა აკრძალვა რუსეთში მოპოვებული არაინდუსტრიული ბრილიანტების შესახებ, აკრძალა მათი ექსპორტი, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ისინი დამუშავებული რუსეთში თუ არსებითად გარდაქმნილი მესამე ქვეყანაში. ახალი სანქციები შეესაბამება დიდი შვიდეული (G7) ქვეყნების ვალდებულებას, დააწესოს ეტაპობრივი შეზღუდვები რუსეთში მოპოვებული ბრილიანტების იმპორტზე. აკრძალვაში შედის რუსეთიდან ექსპორტირებული ბრილიანტის სამკაულების და დაუხარისხებელი ბრილიანტების იმპორტი. „ახალი სანქციები პირველი მარტიდან ამოქმედდება ბრილიანტების გარკვეული კატეგორიისთვის და აშშ კიდევ უფრო გააფართოებს სიას დამატებით კატეგორიებში 2024 წლის პირველი სექტემბრიდან, აღნიშნა OFAC-მა.  

შსს - რუსთავის ბაზრის ტერიტორიაზე მოკლულია ოთხი პირი, დაჭრილია - ერთი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში შევიდა შეტყობინება, ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის თაობაზე. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ. სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი. დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ.

უკრაინის დაფინანსების შესახებ შეშფოთების ფონზე, ბაიდენი შოლცს უმასპინძლებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს უმასპინძლებს. მოლაპარაკება იმართება იმ ფონზე, როცა აშშ-ის დახმარების საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შოლცი ვაშინგტონში ვიზიტისას ხაზს გაუსვამს, რომ უკრაინაში რუსეთის გამარჯვება დააზიანებს დასავლეთს და მის მოკავშირეებს. რეოგორც ცნობილია, გერმანია განაგრძობს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გამოყოფას, თავისი საბიუჯეტო შეზღუდვების მიუხედავად. თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი და ოლაფ შოლცი უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებენ თეთრ სახლში განმარტეს, რა მიზნით შეხვდება ჯო ბაიდენი ოლაფ შოლცს. თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი აცხადებს, რომ ლიდერები უკრაინის მხარდაჭერას დაადასტურებენ.  „9 თებერვალს პრეზიდენტი ბაიდენი თეთრ სახლში გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უმასპინძლებს. ორი ქვეყნის ლიდერები უკრაინის მიერ საკუთარი მიწისა და საკუთარი ერის რუსეთის აგრესიული ომისგან დაცვისადმი თავის მტკიცე მხარდაჭერას დაადასტურებენ,” - ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებაში. მანვე აღნიშნა, რომ გერმანიისა და აშშ-ის ლიდერები ასევე განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის აღსაკვეთად ღონისძიებებს, ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი მათ მყარ მხარდაჭერას და ასევე, ღაზის სექტორში სამოქალაქო პირების სიცოცხლეების გადასარჩენად და ზიანისგან დასაცავად დახმარების გაზრდის აუცილებლობას. ბაიდენი და შოლცი ასევე მოახდენენ თავიანთი ქმედებების კოორდინაციას NATO-ს ვაშინგტონის სამიტამდე, რომელიც ივლისშია დაგეგმილი. შოლცი უკრაინის დახმარების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ბაიდენს ვაშინგტონში შეხვდება - Bloomberg  

პუტინი რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელი ჟურნალისტის სანაცვლოდ, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გადაცემას ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელი ჟურნალისტის სანაცვლოდ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გადაცემას ითხოვს. პუტინმა ხანგოშვილზე, მის მკვლელსა და გერშკოვიჩზე ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ისაუბრა. ინტერვიუ 6 თებერვალს ჩაწერეს და 9 თებერვალს გამოქვეყნდა. გერშკოვიჩი The Wall Street Journal-ის რეპორტიორია, რომელიც „ჯაშუშობის“ ბრალდებით დააკავეს 2023 წლის მარტში. ხანგოშვილის მკვლელობისათვის კი, გერმანიაში გასამართლებულია ვადიმ კრასიკოვი (იგივე ვადიმ სოკოლოვი). ხანგოშვილი საქართველოს ეთნიკურად ჩეჩენი მოქალაქე იყო. იგი ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ზელიმხან ხანგოშვილი (იგივე თორნიკე ქავთარაშვილი), რომელზეც რუსეთში ძებნა იყო გამოცხადებული „ტერორიზმის" ბრალდებით, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს პირი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვია. 2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ დამნაშავე რუსეთის მთავრობის დაკვეთით მოქმედებდა და ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა იყო შურისძიება ჩეჩნეთის მეორე ომში მისი მონაწილეობის გამო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმავე წლის 17 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველო „გმობს და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო და მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს მომხდარს.“ ზელიმხან ხანგოშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა, ქვეყანა დატოვა მასზე 2015 წელს თბილისში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობის შემდეგ. ეს თავდასხმა დღემდე გამოუძიებელია.

კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული ირაკლი კაკაბაძე 2000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის ქუჩიდან ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს, 2000 ლარით დააჯარიმა. კაკაბაძე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას ეწინააღმდეგებოდა. ის დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს. სასამართლომ ირაკლი კაკაბაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სასამართლო პროცესიდან იუწყება, კაკაბაძის მიმართ 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლით დაწყებული სამართალწარმოება შეწყდა. კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებულები 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  

ბაიდენის შეფასებით, ღაზის სექტორში ისრაელის პასუხი გადაჭარბებულია

ისრაელმა პარასკევს ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზის სექტორის შორეულ სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰზე, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელის პასუხი ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმაზე გადაჭარბებულია. ბაიდენმა ასევე გამოთქვა ოპტიმიზმი, რომ მძევლების გათავისუფლებასა და ბრძოლის ხანგრძლივ პაუზასთან დაკავშირებულმა შეთანხმებამ, რომლის მიღწევაზეც ამჟამად შუამავლობა მიმდინარეობს, საბოლოოდ, შეიძლება, ომის უფრო მდგრადი ცვლილება გამოიწვიოს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ცდილობს, მიაღწიოს შეთანხმებას, რომ ღაზის სექტორმა ჰუმანიტარული დახმარება მიიღოს. „ძალიან ძლიერად ვცდილობ მივაღწიო, რომ ღაზის სექტორმა ჰუმანიტარული დახმარება მიიღოს. ბევრი უდანაშაულო ადამიანი შიმშილობს. ბევრი უდანაშაულო ადამიანი უბედურებაშია და კვდება და ეს უნდა შეჩერდეს,“ - აღნიშნა ბაიდენმა.  

აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსი საქართველოში იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსი იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ-მაიორ ტომას კარდენს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გენერალურ შტაბში უმასპინძლა. უწყების ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე ქართველმა და ამერიკელმა გენერლებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს. „შეხვედრის დასასრულს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. საქართველოში ვიზიტის განმავლობაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის უფროსი მუხროვანში საქართველოს სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზას ესტუმრა. მან ასევე მოინახულა საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სასწავლო ცენტრი „პალდო“, სადაც ტერიტორიული რეზერვის სწავლებას დაესწრო.“  

რუსთავის ბაზარში მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე ორი მუხლით აღძრა: სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში და სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. კლინიკა "რუსთავის" ექიმის, ხათუნა რევაზიშვილის ინფორმაციით, დაჭრილი 26 წლის კაცია. ის კლინიკაში შეიყვანეს ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის სხვადასხვა მიდამოში მიყენებული მრავლობითი, მცირე ზომის ჭრილობებით. „პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე. საფანტით მიყენებული ჭრილობებია. პაციენტს უტარდება ლაბორატორიული კვლევები, რჩება კლინიკაში," - განაცხადა ხათუნა რევაზიშვილმა. შსს-ს განცხადებით, რუსთავის ბაზრის ტერიტორიაზე მოკლულია ოთხი პირი.  

სააკაშვილი სასამართლოზე: ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს - მზად ვარ, არჩევნებში ვიყო ბრძოლის წინა ხაზზე

„მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ ბორდს, თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები,“ - შესაბამისი განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას, 7 ნოემბრის საქმეზე მისი და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესზე გააკეთა. ექსპრეზიდენტის თქმით, ის აპირებს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „წინა ფრონზე“ იბრძოლოს, რადგან მისი განცხადებით, სწორედ აქ წყდება საქართველოს მომავლის ბედი. „მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ, ბორდს, ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები. ამ ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, მაგრამ, ასევე, ბევრი საზოგადოებრივად აქტიური მოღვაწე. მე მზად ვარ, რომ ამ არჩევნებში ვიყო აბსოლუტურად წინა ხაზზე ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის, იმიტომ, რომ აქ წყდება საქართველოს ყოფნა - არ ყოფნის საკითხი, აქ წყდება საერთოდ გვექნება თუ არა მომავალი, თუ ეს მომავალი უიმედოდ დაიკარგა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

უკრაინა რუსეთის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით დარტყმას ადასტურებს - მედია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ მათი სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია ნავთობის პირველადი გადამუშავების დანადგარი, რომელსაც წელიწადში 3,6 მილიონი ტონა საწვავის გადამუშავება შეეძლო და მისი ღირებულება 50 მილიონი დოლარია. გამოცემის წყაროს თანახმად, დღეს დრონით დაარტყეს კრასნოდარის მხარის დაბა აფიპსკის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასაც, თუმცა, შედეგები ჯერ დაზუსტებული არ არის. კრასნოდარის მხარის ხელისუფლების განცხადებით, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი 8 თებერვალს, 02:00 საათისთვის გაჩნდა. დილით, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერდა, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია და მისი გამომწვევი მიზეზები დადგენის ეტაპზეა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით კი, მსგავსი ქარხნები კანონიერი სამიზნეა, რადგან ისინი საწვავით ამარაგებენ რუსულ არმიას.  

საქართველოს ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ეწვია

საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე იმყოფება. თავდაცვის უწყებაში გენერალ რობერტ ბრიგერს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან სამხედრო სფეროში პარტნიორობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „თავდაცვის ძალების მეთაურმა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა იმ რეფორმებისა და ღირებულებების ერთგულება, რასაც სამხედრო სფეროში საქართველოსა და ევროკავშირის კავშირები ეფუძნება. შეხვედრაზე ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე გაამახვილეს ყურადღება და ის მექანიზმები მიმოიხილეს, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გენერალი რობერტ ბრიგერი NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრა, სადაც ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს. სტუმარმა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი გმირთა მოედანზე მიაგო. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილია ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის დელეგაციის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, ასევე საოკუპაციო ხაზის მონახულება,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რუმინეთმა მის ტერიტორიაზე NATO-ს მაღალი მზადყოფნის ძალების განლაგება დაუშვა

რუმინეთმა სერიოზული საფრთხის შემთხვევაში, NATO-ს რუმინეთის ტერიტორიაზე მაღალი მზადყოფნის ძალების განლაგების უფლება მისცა. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა პარლამენტს წერილით განუცხადა, იუწყება Euractiv. „ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს შეუძლია, გადაწყვიტოს რუმინეთის ტერიტორიაზე ძალზე სწრაფი რეაგირების ერთობლივი ოპერატიული და ტაქტიკური ჯგუფების განლაგება უეცარი უსაფრთხოების სერიოზული კრიზისის შემთხვევაში, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს; მოახდინოს კრიზისზე რეაგირება და მისი ესკალაციის პრევენცია,“ - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში. „ამ ძალების სწრაფი განლაგების უზრუნველსაყოფად, 72 საათის განმავლობაში, საჭიროა წინასწარი თანხმობა მათი განლაგების ან ქვეყნის გავლით ტრანზიტის შესახებ,“ აღნიშნავს რუმინეთის პრეზიდენტი. რუმინეთის პარლამენტი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უახლოეს კვირებში, მომავალ სესიაზე განიხილავს. მანამდე რუმინეთის შტაბის უფროსმა ვლად გეორგიტამ განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს მოიგებს, კრემლის შემდეგი სამიზნე მოლდოვა იქნება. მისი აზრით, რუმინეთი მზად უნდა იყოს პოტენციური კონფლიქტისთვის. ამის შემდეგ რუმინეთის პრემიერ-მინისტრი სიმშვიდის შენარჩუნების მოწოდებით გამოვიდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუმინეთი არცერთ ომში არ ჩაერთვება.  

ზელენსკიმ ზალუჟნისა და ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს ვალერი ზალუჟნის და დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს კირილო ბუდანოვს. ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე ხდება ცნობილი. ზალუჟნის ეს ტიტული მიენიჭა უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში გამოჩენილი პირადი დამსახურებისთვის, უკრაინელი ხალხის თავგანწირული სამსახურისთვის. რაც შეეხება ბუდანოვს, მან უმაღლესი ჯილდო მიიღო „უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, უკრაინელი ხალხის თავდაუზოგავი სამსახურისათვის გამოვლენილი პირადი გამბედაობისა და გმირობისთვის.“  

სომხეთიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა

უკრაინის სომეხთა კავშირის და უკრაინაში სომხეთის საელჩოს წარმომადგენლებმა 9 თებერვალს უკრაინის ერთ-ერთ მთავარ სამხედრო ჰოსპიტალს 10 ტონა სამედიცინო აღჭურვილობა გადასცეს, განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ. „უკრაინისთვის ამ რთულ დროს, როდესაც სრულმასშტაბიანი ომი თითქმის ორი წელია, მიმდინარეობს, სომხეთი (უკრაინას) დახმარების ხელს უწვდის,“ - განაცხადა სომხეთის ელჩმა უკრაინაში ვლადიმერ კარაპეტიანმა. კარაპეტიანმა ასევე აღნიშნა, რომ 12000-მდე ეთნიკური სომეხი იბრძვის უკრაინის სამხედროებთან, მათ შორის, უკრაინის მოქალაქეობის მქონე სომხები. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად, სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა - მედია  

ბორელი: მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ ეტაპზე

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას ულოცავს. ბორელი სოციალურ ქსელში წერს რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ელის. „ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ, ევროკავშირის გზაზე წინსვლის ეტაპზე,“ - წერს ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი პრემიერის რანგში 20-21 თებერვალს ბრიუსელში შედგება.  

სირსკი უკრაინის ფრონტზე წარმატების მიღწევის ფურმულაზე საუბრობს

უკრაინა დღის წესრიგში ახალი გამოწვევების წინაშე დგას. უკრაინის შეიარაღებული ძალების (AFU) მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თქმით, მხოლოდ საბრძოლო მეთოდების უწყვეტი გაუმჯობესება მისცემს უკრაინას წარმატების მიღწევის საშუალებას. სირსკის თქმით, უკრაინა ამჟამად ახალი გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორის: ყველა სამხედრო სამეთაურო და კონტროლის ორგანოების, ასოციაციების, ფორმირებებისა და ქვედანაყოფების მოქმედებების მკაფიო და დეტალური დაგეგმვა, ჩვენი მოკავშირეებისგან მომდინარე უახლესი იარაღის ფრონტის ხაზის საჭიროებების გათვალისწინებით; საბრძოლო ოპერაციებისთვის საჭირო ყველაფრის უსწრაფესი და რაციონალური განაწილება რჩება სამხედრო ლოგისტიკის მთავარ ამოცანად; ფრონტის ხაზის ყველა საჭიროების ცოდნა და მის თითოეულ სფეროში არსებული სიტუაციის გაცნობიერება; „იდეებისა და გეგმების შემუშავებისა და წარმატებით განხორციელებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამხედრო სამეთაურო და კონტროლის ორგანოების პერსონალის კვალიფიკაციას,“ - განმარტავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. მისივე განმარტებით, ჯარისკაცების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჯარის მთავარი ფასეულობებია. ბალანსის დაცვა საბრძოლო მისიების შესრულებასა და ქვედანაყოფებისა და ქვედანაყოფების აღდგენას შორის პერსონალის ინტენსიური განათლებითა და მომზადებით რჩება ისეთივე აქტუალური, როგორც არასდროს; ახალი ტექნიკური გადაწყვეტილებების დანერგვა და წარმატებული გამოცდილების გაფართოება, როგორიცაა, უპილოტო სისტემების და თანამედროვე ელექტრონული ომის საშუალებების გამოყენება, გამარჯვების მშენებლობის ერთ-ერთი მომავალი ვექტორია. „მხოლოდ ცვლილებები და ომის საშუალებებისა და მეთოდების მუდმივი გაუმჯობესება მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ წარმატებას ამ გზაზე. და, რა თქმა უნდა, საიმედო უკანა მხარე, ომში საერთო წარმატების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია," - აღნიშნავს სირსკი. სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გუშინ, 8 თებერვალს დაინიშნა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნის, გუნდში დარჩენა შესთავაზა.