ძებნის რეზულტატი:

ილია დარჩიაშვილი ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა. საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს. ამასთან, მოსაზრებები გაცვალეს რეგიონული უსაფრთხოების, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. „ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკაზე და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლზე. ხაზი გაესვა აშშ-სა და საქართველოს შორის წარმატებულ სექტორულ  თანამშრომლობას, მათ შორის, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მხრივ და ამ კუთხით აღინიშნა ბატონი ო' ბრაიენის წარმატებული ვიზიტი გასულ წელს საქართველოში. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების გზებზე,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.     

უკრაინელებმა რუსული Su-34-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოაგდეს - საჰაერო ძალები

უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ დღეს დილით კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის ნიკოლაი ოლეშჩუკის თქმით, ამჯერად „სუ-34“ ტიპის ბომბდამშენი განადგურდა. „დილა მშვიდობისა, უკრაინა! მოსკოველებს „დანაკარგები ისევ არ აქვთ“, კიდევ ერთი „სუ-34“ "წარმატებით დაბრუნდა" ბაზაზე," - წერს ოლეშჩუკი. ცნობისთვის, ნიკოლაი ოლეშჩუკმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა ერთდროულად სამი რუსული თვითმფრინავი - ორი „სუ-34“ ტიპის მოიერიშე-ბომბდამშენი და ერთი „სუ- 35“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს.  

პოლონელი მინისტრი ზურაბიშვილს: თქვენ შეგიძლიათ, წვლილი შეიტანოთ სააკაშვილის გათავისუფლებაში

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთობლივ დისკუსიაში მონაწილეობის დროს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა. პოლონელი მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილს მოექცნენ სამართლიანად და რომ მის გათავისუფლებაში ზურაბიშვილს, როგორც პრეზიდენტს, საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია. „ჩვენ გვახსოვს, რომ ამ კონფერენციას ესწრებოდა ხოლმე თქვენი წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი. ბევრი ჩვენგანისთვის ის არის საქართველოს მოდერნიზების სიმბოლო. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კანონის უზენაესობას, მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ მის მიმართ მოპყრობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, მას მოექცნენ სამართლიანად და ალბათ, თქვენ შეგიძლიათ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. ამას მიესალმებიან ისინი, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდათ,“ - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ზურაბიშვილი დისკუსიაში სახელწოდებით - „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ მონაწილეობდა. პანელის მონაწილეთა შორისი ასევე იყვნენ უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მრჩეველთა საბჭოს წევრი რადოსლავ სიკორსკი და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი, დიპლომატიური მრჩეველი ემანუელ ბონი.  

უკრაინა პირველ F-16-ებს ივნისში მიიღებს - მედია

 გამოცემა Foreign Policy იუწყება, რომ პირველი ამერიკული წარმოების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინის ცაზე დაახლოებით 2024 წლის ივნისში გამოჩნდება. „ვფიქრობ, ივნისში ჩვენ ვიხილავთ მათ (F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს) უკრაინაში,“ - ციტირებს გამოცემა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს, არვიდას ანუსაუსკასს. Foreign Policy წერს, რომ იგივე დრო დაადასტურა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მონაწილე სხვა ევროპელმა ოფიციალურმა პირმაც. გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობა ელოდება, რომ ფისკალური წლის ბოლომდე შეერთებულ შტატებში 12 პილოტი გაივლის მომზადებას მოიერიშე თვითმფრინავების მართვაზე. F-16-ები უკრაინის ცაზე გამოჩნდებიან  

„გვჯერა აშშ-ის კონგრესის ბრძნული გადაწყვეტილების“ - ვოლოდიმირ ზელენსკი ბაიდენს ესაუბრა

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მანამდე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც, რომლის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაცია მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. „მოხარული ვარ, რომ ამერიკის პრეზიდენტის სრული მხარდაჭერის იმედი მაქვს. ჩვენ ასევე გვჯერა აშშ-ის კონგრესის ბრძნული გადაწყვეტილების. უკრაინის მხარდაჭერა დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერაა. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ეს ფასეულობები,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტში. ამასთან, მან ტელეკომპანია Inter-ს განუცხადა, რომ ჯო ბაიდენს უახლოეს მომავალში ონლაინ ფორმატში შეხვდება. „ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვიქნებით ბაიდენთან, ამაზე შევთანხმდით. დეტალებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში, უახლოეს მომავალში ონლაინ ფორმატში შევხვდებით," - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მუდმივ კონტაქტშია შეერთებულ შტატებთან სხვადასხვა დონეზე - კერძოდ, თეთრ სახლთან და კონგრესმენებთან. „დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დარჩება," - განაცხადა ზელენსკიმ.  

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთი ერთად უნდა შევაჩეროთ, ეს ევროკავშირის ინტერესშიცაა

რატომ არის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა ასე მნიშვნელოვანი, ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობდა. ზურაბიშვილის თქმით, ეს არის დღეს საქართველოს უმთავრესი საჭიროება, უსაფრთხოება და ერთადერთი პერსპექტივაც ქვეყნისთვის, რომელიც მუდამ იზიარებდა ევროპულ ღირებულებებს. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი - უსაფრთხოებაა, რასაც „ევროკავშირიც უნდა გრძნობდეს.“ „წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა ომი უკრაინაში დღეს, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის წევრები რომ არ იყვნენ? წინა გაფართოებამ ევროკავშირისთვის უსაფრთხოება უზრუნველყო და მომავალი გაფართოებაც, ჩვენი მონაწილეობით, იქნება დამატებით უსაფრთხოება ევროკავშირისთვის და ჩვენთვისაც. ეს არის სოლიდარობა და საერთო ღირებულებები,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველომ პრეზიდენტმა ასევე შენიშნა, რომ არის კიდევ ერთი საკითხი, შავი ზღვის უსაფრთხოების რაზეც „საკმარისად არ ვლაპარაკობთ“, რუსეთი კი, აგრძელებს იმ გეგმის შესრულებას, რაც მიზანდ დაისახა 2007 წელს, რომ დასავლეთს არ მისცემდა შავ ზღვასთან მიახლოების შესაძლებლობას. „რა მოხდა 2007 წლის შემდეგ ყველამ ვნახეთ, 2008 წელს - საქართველო, შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძული, შემდეგ ომი უკრაინაში. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს ორმხრივი ინტერესია, ერთად შევაჩეროთ რუსეთი, რომ ის შავ ზღვაზე ერთადერთ ძალად არ იქცეს. ეს მნიშვნელოვანია მომავლისთვის და კომუნიკაციებისთვის, რომელთა მნიშვნელობა მომდევნო წლებში გაიზრდება, ასევე ტრანსპორტის და ენერგოუსაფრთხოებისთვის. ასე რომ, ჩვენ ამის პრევენცია უნდა მოვახდინოთ,“ აღნიშნა ზურაბიშვილმა. მოგვიანებით, მან სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერს, რომ გაფართოება არ არის მხოლოდ პროცედურული საკითხი - „ეს ეგზისტენციალურია ჩვენთვის - საქართველოსთვის და თქვენთვის - ევროკავშირისთვის. საერთო საფრთხეების წინაშე ერთობა ჩვენი ყველაზე ძლიერი თავდაცვაა. ერთად, უნდა შევეწინააღმდეგოთ ავტოკრატიებს და დავიცვათ ჩვენი საერთო ღორებულებები.“  

ირაკლი კობახიძე პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საპატრიარქოში ესტუმრა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „პატრიარქმა და პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს. პატრიარქმა ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. პატრიარქი ირაკლი კობახიძეს: ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, წარმატებების მომტანი საქართველოსთვის  

აშშ უკრაინის დასახმარებლად, ჩამორთმეულ რუსულ აქტივებს ესტონეთს გადასცემს

შეერთებული შტატები უკრაინის დასახმარებლად, ესტონეთს ჩამორთმეულ რუსულ აქტივებს ($500,000) გადაურიცხავს. ამის შესახებ უკრაინული მედია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც როდესაც აშშ-მ უკრაინის დახმარების მიზნით, უცხოელ მოკავშირეს გაუგზავნა. „დღევანდელი განცხადება აჩვენებს შეერთებული შტატებისა და ჩვენი ესტონელი პარტნიორების ურყევ გადაწყვეტილებას, შეუჩერონ (რუსეთის) პრეზიდენტ პუტინს დასავლურ ტექნოლოგიებზე წვდომა, რომელსაც იგი ეყრდნობა უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომის საწარმოებლად,“ -აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილემ ლიზა მონაკომ, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფებოდა.  ესტონეთი ჩამორთმეულ თანხებს უკრაინის ელექტროგამანაწილებელი და გადამცემი სისტემების აღსადგენად გამოიყენებს. შეერთებულმა შტატებმა ჩამორთმეული რუსული სახსრები უკრაინას პირველდ 2023 წლის თებერვალში გადასცა. როგორც უკრაინული მედია წერს, რუს ოლიგარქ კონსტანტინე მალოფეევისთვის ჩამორთმეული 5,4 მილიონი დოლარის აქტივები, ომის ვეტერანების მხარდასაჭერად დაიხარჯა. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 24 იანვარს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ვაშინგტონს გზას გაუხსნის რუსული აქტივების კონფისკაციისკენ. თუ კანონმდებლობას კონგრესის ორივე პალატას მიიღებს და მას ხელს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს, ეს საშუალებას მისცემს ვაშინგტონს, პირველად ჩამოართვას ცენტრალური ბანკის აქტივები იმ ქვეყანას, რომელთანაც ის ომში არ არის.  

უკრაინა სანქციებს დაქვემდებარებული 600-ზე მეტი რუსული აქტივის გაყიდვას გეგმავს

უკრაინის ხელისუფლება აპირებს, გაყიდოს 691 რუსული აქტივი, რომლის წინააღმდეგაც ქვეყანამ სანქციები დააწესა, განაცხადა უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელმა ვიტალი კოვალმა ტოკიოში უკრაინის აღდგენის საკითხზე კონფერენციაზე. "ჩვენი გეგმები მოიცავს [რუსული] აქტივების გაყიდვას, რომელიც სანქციებს ექვემდებარება. „ამჟამად ჩვენ გვაქვს 691 ასეთი აქტივი," - განაცხადა კოვალმა. ოფიციალური პირი არ აკონკრეტებს, რა აქტივებზეა საუბარი და მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი გაყიდვიდან შემოსული თანხა ქვეყნის აღდგენას მოხმარდება.  

დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები უკრაინისთვის ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის მქონე დრონების მიწოდებას გეგმავენ - Bloomberg

გაერთიანებული სამეფო მუშაობს რიგ ქვეყნებთან, მათ შორის, შეერთებულ შტატებთან, რათა უკრაინას ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის მქონეათასობით ახალი თვითმფრინავი მიაწოდოს. ამ დრონებს შეუძლია, ერთდროულად გაუმკლავდეს რუსულ სამიზნეებს. Bloomberg-ი წერს, რომ დასავლელი სპეციალისტები, რომლებიც ამ ტექნოლოგიას ავითარებენ, აცხადებენ, რომ თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნა შესაძლებელია მომდევნო თვეების განმავლობაში, თუმცა ვადები შეიძლება, შეიცვალოს. პროგრამის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის მქონე თვითმფრინავები განლაგდებიან დიდ ფლოტებში, რომლებიც ერთმანეთს რუსულ პოზიციებზე დასამიზნებლად დაუკავშირდებიან, თითოეული მათგანის გაკონტროლებას ოპერატორი არ დასჭირდება. ადამიანები, რომლებიც ამ ტექნოლოგიას ავითარებენ, თვლიან, რომ დრონს შეუძლია, უკრაინას მისცეს შესაძლებლობა, რუსული პოზიციები ეკიპაჟის გარეშე ჩაახშოს. შეგახსენებთ, 15 თებერვალს, ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს, პარტნიორებმა უკრაინისთვის ერთი მილიონი დრონის მიწოდება დაგეგმეს.  

ზელენსკი: მიუნხენის კონფერენცია უკრაინისთვის ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მონაწილეობას წლევანდელ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში ძალიან ეფექტიანი უწოდა. ამის შესახებ მან 18 თებერვალს საღამოს გამოსვლაში განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კონფერენციის ფარგლებში მას დანიის, ნიდერლანდების და ჩეხეთის ლიდერებთან მოლაპარაკებები ჰქონდა. „ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილება დამატებითი მხარდაჭერის შესახებ“. ასევე, აზერბაიჯანის ლიდერთან, როგორც ყოველთვის, კარგი პროდუქტიული საუბარი გაიმართა, რასაც შეუძლი, გააძლიეროს როგორც ჩვენი ერი, ისე მთელი რეგიონი,“ აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა პრეზიდენტ ბაიდენთან სატელეფონო საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტები გამოყო, მათ შორის, ავდიივკის და უკრაინის მუდმივი პრინციპული და საკმარისი მხარდაჭერის აუცილებლობაზე. როგორც ცნობილია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წელს დაარსდა, როგორც პლატფორმა, სადაც დასავლური ბლოკის 60-მდე მონაწილე უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებს განიხილავდა ცივი ომის დასრულების შემდეგ. კონფერენციის იდეა იყო ახალი დიდი ომის თავიდან აცილება და რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში დახმარება. 1999 წლიდან ის გახდა ყველაზე დიდი ასეთი დამოუკიდებელი ფორუმი მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად 600-მდე მონაწილეს აერთიანებს.  

ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და NATO-ში. ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რის შემდეგაც, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს NATO-ს გენერალურ მდივანთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.  

საგარეო უწყება: მიუნხენის კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ კონფერენციის 2024 წლის ანგარიში ეყრდნობა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ინფორმაციას

მიუნხენის კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ კონფერენციის 2024 წლის ანგარიში ეყრდნობა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების ინფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ მომავალში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელების კუთხით. „როგორც კონფერენციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დაინტერესებულია საქართველოს მთავრობასთან შემდგომი თანამშრომლობით, მათ შორის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას,“ – აღნიშნავენ საგარეო უწყებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილისა და მიუნხენის კონფერენციის ვიცე-პრეზიდენტის, აღმასრულებელი დირექტორის, ბენედიქტ ფრანკეს შეხვედრა მიუნხენში, კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. შეგახსენებთ, ანგარიშში ბიძინა ივანიშვილი პრორუსულ ოლიგარქად იყო მოხსენიებული.  

რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია - პრეზიდენტი

შორეულ ქვეყნებშიც კი, გერმანიაში, ევროპაში, აღმოჩნდა საზოგადოებაში, კომუნიკაციაში, სოციალურ მედიაში რუსეთის ჩარევის მტკიცებულება. საქართველოში ეს რაში გამოიხატება? ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში. „ჩვენ უფრო ახლოს ვართ და რუსული სამსახურები ბევრად უკეთ გვიცნობენ. იცნობენ ხალხს, ჩვენს ხასიათს, ასე რომ, გარკვეულწილად, მათთვის უფრო ადვილია საქართველოში ჩარევა, რადგან ეს მათთვის ცნობილი ნიადაგია. ამავდროულად, ქართველი ხალხისათვის კარგად ნაცნობია საბჭოთა პროპაგანდა, რაც დიდად არ განსხვავდება დღევანდელი რუსული პროპაგანდისგან. ასე რომ, ჩვენთან შეიძლება გამძლეობა ცოტა უფრო მაღალია, მაგრამ ჩვენ ამის [რუსეთის ჩარევის] საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში  საპარლამენტო არჩევნებია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩარევას უნდა ველოდოთ, საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს,“ უპასუხა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა. „დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში ჩვენ, დახურულ წესრიგში, თითოეულ ქვეყანას ვაცნობეთ ჩვენი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ. ჩვენ ვიცავთ ამ ბრიფინგების კონფიდენციალურობას, თუმცა ვმოქმედებთ გამჭვირვალედ, როცა საზოგადოებას ვუზიარებთ ზოგად მოპოვებულ ინფორმაციას,“ - განუცხადეს Europetime-ს ამერიკის საელჩოში. ცნობისთვის, „დემოკრატიის სამიტი“ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით, 2023 წლის 29-30 მარტს გაიმართა და მასში ისევე როგორც 2022 წელს, საქართველოდან, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად მონაწილეობდა.  

ესტონეთის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა გამოუშვას ერთობლივი ობლიგაციები ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად

ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა უნდა იმუშაოს 100 მილიარდი ევროს (108 მილიარდი დოლარი) ევროობლიგაციების გამოშვების გეგმაზე, რათა  ევროპის თავდაცვის ინდუსტრია გაზარდოს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას კალასმა ასევე განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ უკრაინის რუსული აგრესიის წინააღმდეგ მხარდასაჭერად. „ჩვენ ვართ ისეთ ვითარებაში, როდესაც მეტი ინვესტიცია გვჭირდება და უნდა გამოვიკვლიოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად, რადგან ობლიგაციები, რომლებსაც ცალკეული ქვეყნები გამოსცემენ, ძალიან მცირეა მასშტაბის გასადიდებლად,“ - განაცხადა კალასმა. Bloomberg-ის ცნობით, თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად, ერთობლივი სესხის აღების იდეას უკვე დაუჭირეს მხარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, მაგრამ ნიდერლანდები და გერმანია, სავარაუდოდ, უფრო ყოყმანობენ. ობლიგაცია (ინგლისურად Bond) არის სავალო ფასიანი ქაღალდი. ობლიგაციებს იურიდიული პირები (მთავრობა, ბანკები, კომპანიები და ა.შ.) უშვებენ და ყიდიან, რომ მიიღონ სესხი. ობლიგაციის გამომშვებ პირებს ემიტენტებს უწოდებენ. ვინც ობლიგაციას ყიდულობს, ის ხდება ობლიგაციის გამომშვებისთვის ფულის მიმსესხებელი. ობლიგაციაში დადგენილია სესხის პროცენტი (სარგებლის განაკვეთი) და სესხის ძირის დაფარვის ზუსტი ვადა. ობლიგაციის სარგებლის განაკვეთი შეიძლება, იყოს როგორც ფიქსირებული, ასევე, ცვალებადი. ობლიგაციის მფლობელს ამ ობლიგაციის გადაყიდვაც შეუძლია. სწორედ ეს არის მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ჩვეულებრივი სესხისგან. ობლიგაცია ფასიანი ქაღალდია და, შესაბამისად, საფონდო ბირჟებზე მისი ყიდვა-გაყიდვა ხდება. კომპანია ობლიგაციებს უშვებს, როდესაც დამატებით თანხა ესაჭიროება და საკრედიტო რესურსების დივერსიფიკაცია უნდა, რომ მხოლოდ ბანკის სესხზე არ იყოს დამოკიდებული.

საბრძოლო მასალის უმსხვილესი მწარმოებელი Rheinmetall-ი უკრაინაში ახალ ქარხანას ააშენებს

საბრძოლო მასალის ევროპის უმსხვილესმა მწარმოებელმა Rheinmetall-მა, უკრაინაში ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა. ამის შესახებ გერმანულმა კომპანიამ X-ის (Twitter) საკუთარ გვერდზე დაწერა. მემორანდუმს ხელი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოეწერა. Rheinmetall აღნიშნავს, რომ ის ყოველწლიურად ექვსფიგურიან 155 მმ ჭურვებს, მათ შორის, საწვავის ჭურვებს აწარმოებს. ერთობლივი საწარმოს 51% Rheinmetall-ს ეკუთვნის, 49% - უკრაინულ პარტნიორ კომპანიას.  

უმუშევრობის დონე 0.7%-ით შემცირდა და 15.3% შეადგინა - საქსტატი

2023 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.3 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „საქსტატის“ ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. „2023 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 74.3 ათასი კაცით (8.4%) და 958.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 6.6 ათასით შემცირდა (1.6%) და 413.8 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 0.9 ათასით (0.4%) და 248.6 ათასი შეადგინა. 2023 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 1.8 პროცენტული პუნქტით და 46.0 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.7 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 47.5 პროცენტს და 43.9 პროცენტს შეადგენს. 2023 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.8 პროცენტი შეადგინა. 2023 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.6 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 13.5 პროცენტს და 16.8 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.3 პროცენტს, ხოლო კაცებში 65.9 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.9 პროცენტული პუნქტით. 2023 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია ქალებში 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.2 პროცენტული პუნქტით“, - აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

WP: ევროკავშირი ამზადებს სარეზერვო გეგმას, თუ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, ტრამპი უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე

ევროპელი ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებიან აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლას და ფიქრობენ სარეზერვო გეგმაზე იმ სცენარის გათვალისწინებით, თუ დონალდ ტრამპი, თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე. ამის შესახებ Washington Post-ი წერს. „როდესაც თავისუფალი სამყაროს ყოფილი და შესაძლოა, მომავალი ლიდერი ამბობს, რომ წაახალისებს რუსეთს NATO-ს მოკავშირეებზე თავდასხმისთვის, ჩვენ უნდა გადავხედოთ, როგორ შეიძლება, გამოიყურებოდეს აშშ-ის ვალდებულება ევროპისა და უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა. გამოცემის თანამოსაუბრემ დასძინა, რომ ყველაზე უარესი სცენარი გულისხმობს უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტას და პუტინისთვის ევროპის რეგიონის დესტაბილიზაციის საშუალების მიცემას. შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმერ ზელენსკიმ 17 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას კვლავ მოუწოდა დასავლეთის სახელმწიფოებს, გაზარდონ სამხედრო დახმარება უკრაინაში და რომ უკრაინული ძალების მოქმედებები შეზღუდულია, რასაც „ავდიივკაში არსებული ვითარება ადასტურებს“. მან ასევე განაცხადა, რომ არ განიხილავს აშშ-ის დახმარების ალტერნატივებს, რადგან ელის, რომ საკითხი მოგვარდება და ვაშინგტონი სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

ბაუერი: 2024 წელს ზედმეტად პესიმისტები არ უნდა ვიყოთ

ადმირალმა რობ ბაუერმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ აღიარა, რომ დასავლეთი "ზედმეტად ოპტიმისტურად იყო განწყობილი 2023 წლის ომის მიმართ.“ ადმირალის თქმით, დასავლეთს სჯეროდა, რომ „თუ უკრაინელებს მისცემდნენ საჭირო საბრძოლო მასალას და წვრთნებით უზრუნველყოფდნენ, ისინი გაიმარჯვებენ“. „ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ 2024 წელს ზედმეტად პესიმისტები არ ვიყოთ.” აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკრაინა ჯერ კიდევ სუვერენული სახელმწიფოა და რომ უკრაინელებმა უკან დაიბრუნეს 50 პროცენტი, რაც რუსებმა წაიღეს 2022 წელს,“ - აღნიშნა ბაუერმა. როგორც Financial Times-ი წერს, თორმეტი თვის წინ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დელეგატებმა ოპტიმიზმი გამოთქვეს უკრაინის პერსპექტივების შესახებ, რადგან დასავლეთმა პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერდა კიევს რუსეთთან ომში "რამდენი ხანიც უკრაინას დასჭირდებოდა." წელს, ეს ოპტიმიზმი ჩრდილქვეშ მოექცა. WP: ევროკავშირი ამზადებს სარეზერვო გეგმას, თუ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, ტრამპი უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე

საქსტატი: იანვარში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი - თურქეთი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს – 46.2 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა რუსეთი – 41.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 40.9 მლნ. აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, 2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 203.1 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 148.4 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 76.4 მლნ. აშშ დოლარით. ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 112.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 19.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 18.0 მლნ. აშშ დოლარით. საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 101.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.1 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 80.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 66.8 მლნ. აშშ დოლარით.