ძებნის რეზულტატი:

ტოივო კლაარი: აფხაზეთის მხარდასაჭერად ევროკავშირმა დაახლოებით 180 მილიონი ევრო დახარჯა

"ევროკავშირი 15 წელზე მეტია, აფინანსებს მნიშვნელოვან პროგრამებს აფხაზეთის მოსახლეობის მხარდასაჭერად," - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარმა გამოცემა JAM news-თან ინტერვიუში განაცხადა. კლაარმა კომენტარი გააკეთა კრიტიკაზე, რომელიც იანვარში გამოთქმულ მის მოსაზრებას მოჰყვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან. მაშინ მან განაცხადა, რომ ორჯერ განუცხადეს უარი აფხაზეთში სამუშაო ვიზიტებზე. JAM news-თან კომენტარში კლაარი ამბობს, რომ არ ელოდა, თუ მისი მოსაზრება „ამხელა ინტერესს გამოიწვევდა, განსაკუთრებით - აფხაზეთში.“ „მინდოდა, საჯაროდ მესაუბრა აფხაზეთში წვდომის სირთულეებზე, რომლებიც ახლახან შემექმნა (ეს არ იყო დაკავშირებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ვიზიტებთან)... მე მესმის სიტუაციის სირთულე, რომელიც დაკავშირებულია მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებთან. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო ურთიერთქმედების სივრცის შემცირება ან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი ადგილობრივი პარტნიორების საქმიანობის შეზღუდვა – და, შესაბამისად, აფხაზეთში შემოდინებული დახმარებაც – მხოლოდ გაამწვავებს პრობლემებს. ნამდვილად არ ველოდი, რომ ჩემი აზრი ამხელა ინტერესს გამოიწვევდა, განსაკუთრებით აფხაზეთში. ძალიან კარგი იყო იმის დანახვა, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები და ჩაერთონ საინტერესო დებატებში, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში.“ ოკუპირებულ აფხაზეთში პროექტების დაფინანსებაზე საუბრისას კლაარმა დასძინა, რომ „ეს ძირითადად ხდება აფხაზეთში მყოფი პარტნიორების მეშვეობით, როგორებიც არიან გაეროს სააგენტოები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება.“ „ეს პროგრამები მხარს უჭერს ჯანდაცვის, განათლების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს და სხვა. ეს არის ასევე პროექტები დაკარგული ადამიანების მოსაძებნად და ასაფეთქებელი მოწყობილობების გასანეიტრალებლად,“ ამბობს ტოივო კლაარი. მისი თქმით, 2008 წლიდან სულ დაახლოებით 80 მილიონი ევრო დაიხარჯა მხარდაჭერის პროგრამებზე, „ასევე ნდობის აღდგენის ღონისძიებებსა და დიალოგზე“. „ვფიქრობ, სამართლიანი იქნება ასევე აღვნიშნო დამატებითი თანხა – დაახლოებით 100 მილიონი ევრო, რომელიც ევროკავშირმა სესხებისა და გრანტების სახით გამოსცა ენგურჰესის შეკეთებასა და მოდერნიზაციაზე. ამის გარეშე დღეს აფხაზეთში სინათლე არ იქნებოდა. და სხვათა შორის, სესხებს იხდის ექსკლუზიურად საქართველოს მთავრობა, ანუ ის ასევე დიდად უჭერს მხარს აფხაზეთის ენერგომომარაგებას,“ აღნიშნავს კლაარი. სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მრავალი პროექტი და აქტივობა აფხაზეთში მიზნად ისახავს აფხაზური იდენტობის შენარჩუნებას და განვითარებას, განსაკუთრებით აფხაზურ ენას, ისტორიულ არქივებს, კოლხური ბზის და თუნდაც აფხაზური ღვინოების გადარჩენას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. გმობის რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას და მოუწოდებს სრული დეოკუპაციისკენ.  

აუდიტი: განათლების სამინისტროს შეფასებული არ აქვს სკოლების მდგომარეობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ ზოგადი განათლების მართვის მოდელის აუდიტის ანგარიშის თანახმად, განათლების სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული სკოლების არსებული მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა რელევანტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით მოახდენდა საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობის განსახილველად. დოკუმენტის მიხედვით, არ არის შემუშავებული რესურსცენტრების სამოქმედო გეგმის ერთიანი ფორმა, ხოლო წარმოდგენილი სამოქმედო გეგმები რიგ შემთხვევაში არაერთგვაროვანი და ფორმალურია, რაც მიუთითებს დაგეგმვის პროცესის არაეფექტიანობაზე. „ეფექტიანი მართვის სისტემის განვითარება სამინისტროს სტრატეგიული ამოცანაა, რაც ერთ-ერთ მიზნად მოიაზრებს სკოლის მართვის დიფერენცირებული მიდგომისა და ავტონომიურობის გაზრდის მხარდაჭერას. სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული სკოლების არსებული მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა რელევანტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით მოახდენდა საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობის განსახილველად. რესურსცენტრის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საჯარო სკოლების მონიტორინგი, თუმცა არ არის განსაზღვრული ჩასატარებელი მონიტორინგის ოპტიმალური რაოდენობა და სიხშირე, აღნიშნული კი, სასწავლო პროცესის და გარემოს გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შემუშავების მნიშვნელოვანი საფუძველია. არ არის შემუშავებული რესურსცენტრების სამოქმედო გეგმის ერთიანი ფორმა, ხოლო წარმოდგენილი სამოქმედო გეგმები რიგ შემთხვევაში არაერთგვაროვანი და ფორმალურია, რაც მიუთითებს დაგეგმვის პროცესის არაეფექტიანობაზე. რიგ შემთხვევებში რესურსცენტრების სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების რაოდენობა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა იდენტური რაოდენობის პირობებში იქმნება ფუნქციების არაეფექტიანად განხორციელების რისკი. სკოლის მართვის პროცესში სამეურვეო საბჭოს როლი არ არის საკმარისად ეფექტიანი. ძირითად შემთხვევაში საბჭოს წევრების როლი სკოლების მართვის პროცესში ფორმალურ ხასიათს ატარებს − წევრები ნაკლებად არიან ჩართულნი სკოლის მართვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას, მაშინ როცა სამეურვეო საბჭო დეცენტრალიზებული მართვის მოდელის განხორციელებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. არ არის განსაზღვრული საბჭოს ფუნქციონირების შედეგად მისაღწევი მიზანი, რომელთან მიმართებითაც შეფასდება საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობა. სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული საბჭოს საქმიანობა და არ განხორციელებულა საჭიროებების კვლევა, რომელზე დაყრდნობითაც მოხდებოდა შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება,” - ნათქვამია ანგარიშში.  

უკრაინა სამი რაკეტისა და 37 დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა წუხელ უკრაინას სამხრეთით და აღმოსავლეთით შეუტიეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. S-300-ის ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა, X-59 ტიპის ორი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 37 დრონი გაანადგურეს. რუსებმა დრონები დროებით ოკუპირებული ყირიმის ბალაკლავას რეგიონიდან გაუშვეს. უკრაინელებმა დრონები ჩამოაგდეს კიროვოგრადის, ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ხარკოვის ოლქებში.  

კანადა უკრაინის მხარდასაჭერად, „დრონების კოალიციას“ უერთდება

კანადა შეუერთდება საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც უკრაინის დასახმარებლად, უპილოტო საფრენი აპარატების კოალიციის შექმნას ითვალისწინებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კანადის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. „უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობების შემდგომი განვითარების მიზნით, მინისტრმა ბლერმა განაცხადა, რომ კანადა შეუერთდება კოალიციას, რომელსაც ერთობლივად ხელმძღვანელობენ ლატვია და გაერთიანებული სამეფო. კანადა გააგრძელებს უკრაინისთვის შესაძლებლობების გაზრდის გზების ძიებას,“ - ნათქვამია განცხადებაში.  

შიდა ქართლის გუბერნატორმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა

შიდა ქართლის გუბერნატორმა მიხეილ შაყულაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ შაყულაშვილი TV პირველთან აცხადებს. მისი თქმით, გათავისუფლება თავის უშუალო ხელმძღვანელს სთხოვა. მიხეილ შაყულაშვილმა განმარტა, რომ კერძო სექტორში გადასვლა სურს. მიხეილ შაყულაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად 2022 წელს დაინიშნა.  

საქართველო გამორჩეულია ძლიერი და შთამაგონებელი ქალების მდიდარი ისტორიით - ამერიკის საელჩო

აშშ-ს საელჩო 8 მარტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სიამაყით უჭერს მხარს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას. „გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას მთელ მსოფლიოში. მათ შორის საქართველოში, რომელიც გამორჩეულია ძლიერი და შთამაგონებელი ქალების მდიდარი ისტორიით,” – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დღეს, 8 მარტს ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.  

ალიევი საფრანგეთს ისლამოფობიაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში მიმდინარე კონფერენციაზე “მრავალფეროვნების დაცვა – ისლამოფობიასთან ბრძოლა 2024 წელს”, საფრანგეთი დაადანაშაულა, რომ ის „ღიად ახორციელებს მუსლიმებზე ზეწოლას.“ „საფრანგეთი ტრადიციულ ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკით, ღიად ახორციელებს მუსლიმებზე ზეწოლისა და მათ დისკრიმინაციის პოლიტიკას და აწყობს სხვადასხვა ისლამოფობიურ კამპანიას,” – განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას. ალიევმა აღნიშნაა, რომ საფრანგეთი „სეკულარიზმის საფარქვეშ” იღებს კანონმდებლობებს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მხოლოდ მუსლიმთა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას. „ამ ქვეყანაში მეჩეთები, მუსლიმური კულტურული ცენტრები და სასაფლაოები ექვემდებარება სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას და მუსლიმი მოქალაქეების შევიწროებას,” – განაცხადა ილჰამ ალიევმა.  

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთს მოუწოდა, ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეები გაიყვანოს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ერევნის აეროპორტში რუსი მესაზღვრეების ყოფნის საჭიროებას ვერ ხედავს. „სომხურმა მხარემ აცნობა (რუსულ მხარეს), რომ მას (აღარ სჭირდება) აეროპორტში რუსების სასაზღვრო სამსახური, რა თქმა უნდა, მადლობა რუსულ მხარეს,“ - განაცხადა მირზოიანმა 7 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე. მან განმარტა, რომ მოთხოვნა რუსული კონტინგენტის გასვლის შესახებ, მხოლოდ აეროპორტში დისლოცირებულ მესაზღვრეებს ეხება. ერევანმა მოსკოვს წერილობით აცნობა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი უნდა დატოვონ სომხეთის პარლამენტის სპიკერი: რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი უნდა დატოვონ  

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ქალბატონებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილების თაიგულები გადასცეს.„სამართალდამცველებმა მათ უსაფრთხო გადაადგილება და წარმატება უსურვეს,“ იუწყება შსს.  

„აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესში პროგრესი გადამწყვეტი იქნება რეგიონის კეთილდღეობისთვის“ - შეხვედრა ვაშინგტონში

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახელის მრჩეველს ჯეიკ სალივანს ვაშინგტონში შეხვდა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი, ისრაელ - „ჰამასის“ კონფლიქტი, სირია, ერაყი - ამ საკითხების გარდა, მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრეს. კერძოდ, თურქული მედიის ცნობით, განიხილეს აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ კუთხით პროგრესი გადამწყვეტი იქნება კავკასიის რეგიონის კეთილდღეობისთვის. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესის მნიშვნელოვან როლს კავკასიის რეგიონის კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. სომხური მედია კი, წერს, რომ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ფიდანმა და სალივანმა ისაუბრეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე და აღნიშნეს, რომ სამშვიდობო პროცესში წარმატება ხელს შეუწყობს კავკასიის საერთო კეთილდღეობასა და სტაბილურობას. შეგახსენებთ, თებერვლის ბოლოს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოლაპარაკებების მიზნით, ბერლინში შეხვდნენ. ცნობისთვის, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს  - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“

ISW: კრემლს სურს, გამოიყენოს დნესტრისპირეთი და გაგაუზია მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის

კრემლი იმედოვნებს, რომ დნესტრისპირეთსა და გაგაუზიას, მოლდოვაში ჰიბრიდული ოპერაციების ჩასატარებლად გამოიყენებს. მოსკოვის მიზანი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციაა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებისა და ქვეყანაში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამ დასკვნამდე ISW-ს ანალიტიკოსები მივიდნენ. როგორც ცნობილია, მოლდოვის ავტონომიური რეგიონის გაგაუზიის პრორუსი ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინს შეხვდა. „ვლადიმერ პუტინს მოლდოვის ხელისუფლების უკანონო ქმედებების შესახებ ვაცნობე, რომელიც ჩვენი სამოქალაქო პოზიციისა და ეროვნული ინტერესების ერთგულებისთვის ჩვენზე შურისძიებას ცდილობს,“ - წერს გუცული ტელეგრამ არხზე. ევგენია გუცულმა აღნიშნა, რომ გაგაუზიის უფლებების დასაცავად პუტინი მას მხარდაჭერას დაჰპირდა. „კიშინიოვი უფლებებს ეტაპობრივად გვართმევს, ჩვენს ბიუჯეტს ზღუდავს, ჩვენს კანონიერ უფლებებს არღვევს, გაგაუზიასა და მთელ ქვეყანაში არასტაბილურობასა და დესტაბილიზაციას იწვევს,“ - აღნიშნა გუცულმა. მანამდე, ოკუპირებული დნესტრისპირეთის “დეპუტატებმა” რუსეთს “მოლდოვის ზეწოლისგან დაცვა” სთხოვეს. ომის შემსწავლელი ამერიკლი ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრემლის მხრიდან გაზრდილი ფოკუსი გაგაუზიასთან ურთიერთობებზე, მოლდოვის კიდევ ერთი პრორუსული რეგიონის, დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მიმართ ბოლოდროინდელი რიტორიკის შემდეგ, კვლავ მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი იმედოვნებს ამ ორივე რეგიონის გამოყენებას ჰიბრიდული ოპერაციების გასამართლებლად, რადგან ის მიზნად ისახავს მოლდოვაში დესტაბილიზაციას და შემდგომ პოლარიზაციას. შეგახსენებთ, მოლდოვა რუსეთს დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში ხშირად ადანაშაულებს, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, მოლდოვა უკრაინის მეზობლებიდან ყველაზე დიდ ზიანს განიცდის. დნესტრისპირეთი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონია. მას კიშინიოვი 1992 წლის მერე ვეღარ აკონტროლებს. რუსეთს უკვე 20 წელია, ამ რეგიონში 1700 სამხედრო ჰყავს განთავსებული. რაც შეეხება გაგაუზიას, ეს არის ავტონომიური რეგიონი მოლდოვის სამხრეთით, სადაც 160 ათასი ადამიანი ცხოვრობს. გაგაუზიის ავტონომიური ოლქის მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომს, მაგრამ ამავე დროს აგრძელებენ მოსკოვის მხარდაჭერას. გაგაუზიაში 2023 წლის თებერვალში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეთა 93 პროცენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნების მომხრეა.  

საქართველოში ქალები აუნაზღაურებელი ზრუნვის საქმეს 5-ჯერ უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები - საელჩოები

„უფრო ძლიერი და სამართლიანი საზოგადოებების განვითარებისთვის აუცილებელია ქალთა უფლებების დაცვა და წარმოჩენა, რათა ქალებმა თანასწორი ადგილი დაიკავონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სრულფასოვნად შეძლონ მონაწილეობის მიღება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ეკონომიკის ყველა სექტორში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის, ქალებისა და გოგოების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრისთვის კი საჯარო და კერძო სექტორებიდან ინვესტირებაა საჭირო,” - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც აქვეყნებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია და ავსტრიის, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიისა და ჩეხეთის საელჩოები საქართველოში. „ქალთა საერთაშორისო დღეს ქალების მიღწევებსა და წვლილს მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც აღვნიშნავთ. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართ. ახლა, როდესაც მსოფლიო არაერთი კრიზისის წინაშე დგას, გენდერული თანასწორობის მიღწევა კიდევ უფრო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ბოლო ათწლეულების პროგრესის მიუხედავად, სრული თანასწორობის მიღწევა კვლავაც შორეული პერსპექტივაა. თუ პროგრესი ამჟამინდელი ტემპით გაგრძელდება, გლობალურ დონეზე სრული სამართლებრივი თანასწორობის მიღწევას შეიძლება, 300 წელი დასჭირდეს. საქართველოში ქალები აუნაზღაურებელი ზრუნვის საქმეს 5-ჯერ უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. ეს ნაკლებ დროს უტოვებს ქალებს პროფესიული წარმატების მიღწევისა და საჯარო თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვისთვის. ეკონომიკური აქტივობის მიხედვით, ქალთა მაჩვენებელი (41.5%) კაცებისას (64%) მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 25-34 წლის ქალების თითქმის ნახევარი არ მუშაობს, ათასობით ქალი ემიგრაციაში წავიდა, რათა ფულადი გზავნილებით ოჯახები არჩინონ, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დარღვევად რჩება და ქალების ხმა ხშირად არ ისმის პოლიტიკის შექმნის პროცესში თუ გადაწყვეტილების მიღების დროს. სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების დანერგვის მიუხედავად, ქალებმა საპარლამენტო მანდატების მხოლოდ ერთი მეხუთედისა და საკრებულოს მანდატების ერთი მეოთხედის მოპოვება შეძლეს. საქართველოში ქალი კანდიდატების 54 პროცენტს განუცდია ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობა თუ შევიწროება საკუთარი საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ან პოლიტიკური კარიერის განმავლობაში უფრო ძლიერი და სამართლიანი საზოგადოებების განვითარებისთვის აუცილებელია ქალთა უფლებების დაცვა და წარმოჩენა, რათა ქალებმა თანასწორი ადგილი დაიკავონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სრულფასოვნად შეძლონ მონაწილეობის მიღება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ეკონომიკის ყველა სექტორში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის, ქალებისა და გოგოების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრისთვის კი საჯარო და კერძო სექტორებიდან ინვესტირებაა საჭირო. ყველა ქალისთვის ღირსეული სამუშაოს უზრუნველყოფით, რაშიც დასაქმების დროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრაც მოიაზრება, ასევე, სამართლიანი ანაზღაურებითა და ქალების ჩრდილოვანი ეკონომიკიდან ფორმალურ დასაქმებაში გადმოყვანით, შესაძლებელი გახდებოდა როგორც საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა, ასევე ქალებისა და მათი ოჯახების სიღარიბიდან გამოყვანა. ამავდროულად, მეტი მხარდაჭერაა საჭირო იძულებით გადაადგილებული ქალების მიმართ, რომლებმაც დიდი გამძლეობა გამოიჩინეს და ლიდერების როლები შეითავსეს თავიანთ თემებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ვიმედოვნებთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მყარ და ეფექტიან ვალდებულებას აიღებს გენდერულითანასწორობისა და ქალთა პოლიტიკურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად. გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა პოლიტიკაში ჩართული ქალების მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, ასევე, ბრძოლის გააქტიურება ქალი პოლიტიკოსებისა და საარჩევნო პროცესებში მომუშავე ქალების მიმართ სექსისტური სიძულვილის ენის წინააღმდეგ. ჩვენ, ასევე, მხარი უნდა დავუჭიროთ ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც სტერეოტიპებს ებრძვიან და ძალისხმევას არ იშურებენ, რომ ქალებისა და გოგოების ხმა უფრო მეტად ისმოდეს. დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა და მოგიწოდებთ, ყველამ გავაერთიანოთ ძალები ისეთი ინკლუზიური საზოგადოების შესაქმნელად, რომელშიც თითოეული ქალი და გოგო, განსხვავებულობის მიუხედავად, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში სრულ მონაწილეობას შეძლებს,“ წერია გავრცელებულ განცხადებაში.  

ლატვიამ საიმიგრაციო კანონის დამრღვევი რუსები ქვეყნიდან გააძევა

ლატვიის მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა ოფისმა რუსეთის 6 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა. საუბარია მოქალაქეებზე, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ საიმიგრაციო კანონის მოთხოვნებს და არ ფლობდნენ რაიმე საბუთს ბინადრობის ნებართვის მისაღებად. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლატვიის ოფიციალურმა პირებმა აკრძალვის ბრძანებები ახალი წესების საფუძველზე გასცეს. როგორც დეპარტამენტში აღნიშნეს, ორმა რუსმა უკვე დატოვა ლატვია. საერთო ჯამში, რუსეთის 1017 მოქალაქემ არ შეასრულა კანონის მოთხოვნები და არ წარადგინა დოკუმენტები, თუმცა ინფორმაცია ყოველდღიურად იცვლება. აქედან 213-მა ლატვია ევროკავშირის სხვა ქვეყნების გავლით დატოვა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომლებმაც არ აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ქვეყანა 30 დღის ვადაში უნდა დატოვონ, თუ პირი ამ ვადაში არ დაიცავს, ლატვიის ტერიტორიას მას იძულებით დაატოვებინებენ.  

მთავრობის ადმინისტრაციის წინ ღობის დემონტაჟი დაიწყო

დღეს, 8 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სკვერის მოწყობის სამუშაოების დაწყებიდან 11 თვის შემდეგ, ღობის დემონტაჟის დაიწყეს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ღობის მოხსნის გადაწყვეტილება ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. დემონტაჟის ფარგლებში ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ტურნიკეტის აღებაც იგეგმება. 2023 წლის 7 აპრილს რეაბილიტაციის ფარგლებში სკვერის მოსაწყობად, მთავრობის ადმინისტრაციასთან სამუშაო დაიწყეს. როგორც რადიო თავისუფლება იუწყება, იმჟამად მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ვერ ასახელებდა სამუშაოების დასრულების თარიღს. მისივე თანახმად, ამ დრომდე უცნობია ამ სამუშაოების ხარჯი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წინამორბედის რამდენიმე გადაწყვეტილება შეცვალა, მათ შორის რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟთან დაკავშირებული.  

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო აღარ შეიძენს პროდუქტებს კომპანიებისგან, რომლებიც რუსეთში ბიზნესსაქმიანობას აგრძელებენ

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრძანება გასცა, შეწყვიტოს პროდუქციის ყიდვა იმ კომპანიებისგან, რომლებმაც არ შეაჩერეს ბიზნესი რუსეთთან. პროდუქტები იმ მწარმოებლების,  რომლებიც რუსეთში ოპერირებას აგრძელებენ და ამით ხელს უწყობენ რუსული სამხედრო მანქანების დაფინანსებას, ესტონეთის თავდაცვის ძალების, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ობიექტებიდან ამოიღებენ. „გადაწყვეტილება ეხება მწარმოებლებს, რომლებიც უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა. ამ სიის დახმარებით, უკრაინა ახორციელებს ზეწოლას რუსეთში მოქმედ უცხოურ კომპანიებზე, რათა შეწყვიტონ იქ ბიზნესი და არ დააფინანსონ რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ,“ ნათქვამია ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში. თავდაცვის დეპარტამენტში აღარ გაყიდიან ისეთი კომპანიების პროდუქტებს, როგორიცაა, PepsiCo, Mars, Nestle, Unilever და Mondelez International.  „ბევრმა დასავლურმა კომპანიამ შეწყვიტა საქმიანობა რუსეთში, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ეკონომიკას და, შესაბამისად, მის სამხედრო მანქანას,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა. ასევე შეჩერებულია თამბაქოს კომპანიების Philip Morris International-ისა და Japan Tobacco International-ის (JTI) პროდუქციის დისტრიბუცია. პევკური აღნიშნავს, რომ პროდუქციის უმეტესობისთვის არის ალტერნატივა ადგილობრივი მწარმოებლებისგანაც და რომ გამოსავლის იდეა უფრო ბევრია, ვიდრე სიტუაციით გამოწვეული უმნიშვნელო დისკომფორტი.  

ფრანგული თავდაცვის კომპანიები უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებენ

ფრანგულმა იარაღის მწარმოებელმა საჭირო სამხედრო აღჭურვილობა პირდაპირ უკრაინის მიწაზე უნდა აწარმოონ, რათა ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ომში დახმარება გაუწიოს. Reuters-ის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ არსებობს იდეა, რომლის თანახმად, პირველი საწარმოო ერთეულები ამ ზაფხულში გაიხსნას. „სამი ფრანგული კომპანია დაამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს უკრაინულ კომპანიებთან, კერძოდ, დრონებისა და სახმელეთო აღჭურვილობის სექტორში, რათა აწარმოონ სათადარიგო ნაწილები უკრაინის მიწაზე და, შესაძლოა, საბრძოლო მასალაც, მომავალში,“ - განაცხადა მინისტრმა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მიანიშნა, რომ ჩართულ კომპანიებს შორის იქნება ტანკების მწარმოებელი KNDS-ი - ჰოლდინგური სტრუქტურა, რომელიც ჩამოყალიბდა ფრანგული Nexter-ისა და გერმანული Krauss-Maffei-Wegmann-ის მიერ.  

ანგარიში: საქართველოში თამაშდამოკიდებულების საკითხზე მომუშავე სარეაბილიტაციო ცენტრებისა და შესაბამისი კვალიფიციური პერსონალის დეფიციტია

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ყოველ მესამე მოქალაქეს აზარტული თამაშების ანგარიში აქვს, - ასეთ დასკვნას მოზარდებისა და ახალგაზრდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საკითხზე პარლამენტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფი აქვეყნებს. ამავე დასკვნაში 2022 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებს ვკითხულობთ, რომლის თანახმად, მოზარდების 31%-ს აზარტულ თამაშებთან შეხების გამოცდილება აქვს. თემატური მოკვლევის ჯგუფი პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ფარგლებში გასული წლის 7 ივნისს ჩამოყალიბდა და პარლამენტს საკუთარი დასკვნა წარუდგინა, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. “საქართველოში თამაშდამოკიდებულების შესახებ მონაცემებისა და შესაბამისი ინფორმაციის სიმწირის მიუხედავად, ხელმისაწვდომი კვლევებიდან პრობლემის სავარაუდო მასშტაბი და სიმწვავე იკვეთება. 2008−2022 წლებში საქართველოში სათამაშო ბიზნესის ფინანსური ბრუნვა დინამიკურად იზრდებოდა. კერძოდ, იგი 2022 წელს 2008 წელთან შედარებით 743-ჯერ იყო გაზრდილი. ამ ინდუსტრიაში შემოსავლების მკვეთრი ზრდა სათამაშო ბიზნესის გაზრდილ პოპულარობაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში აზარტული თამაშების სხვადასხვა ონლაინპლატფორმაზე რეგისტრირებულია 1 მილიონზე მეტი ანგარიში, რომელთა მფლობელები საქართველოს მოქალაქეები არიან. მეტი თვალსაჩინოებისთვის შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ყოველ მესამე მოქალაქეს აზარტული თამაშების ანგარიში აქვს. ბუნებრივია, აზარტული თამაშების ანგარიშის ყველა მფლობელი თამაშდამოკიდებული პირი არ არის, თუმცა აღნიშნულ პლატფორმებზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა შესახებ მონაცემი საქართველოში გემბლინგის პოპულარობაზე მეტყველებს“, - ნათქვამია პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნაში. საანგარიშო შედეგები მოზარდების აზარტულ თამაშებთან შეხების საკითხსაც მოიცავს. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, “აზარტული თამაშების კვლევის და ლუდომანიის პრევენციის ცენტრისა“ (GRAPC GEORGIA) და თბილისის მერიის მიერ 2019 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, თბილისში მოზარდების (14−18 წლის ასაკობრივი ჯგუფი) 48%-ს აზარტულ თამაშებთან ურთიერთობის გამოცდილება ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშის გამოცდილების მქონე იყო ყოველი მეორე გამოკითხული მოზარდი. “კვლევაში მოყვანილი დასკვნის თანახმად, აღნიშნული მძიმე შედეგები განპირობებული იყო რამდენიმე ძირითადი ფაქტორით: აზარტული თამაშების ონლაინპლატფორმაზე უკონტროლო ვერიფიკაცია (იმ პერიოდში ონლაინსივრცეში არსებული ანგარიშები არ კონტროლდებოდა. ნებისმიერ პირს, განურჩევლად ასაკისა, ანგარიშის შექმნა და თამაში შეეძლო. ამ გზაზე ერთადერთი ბარიერი არსებობდა − შეტყობინება ონლაინსამორინეების ვებგვერდებზე, სადაც დარეგისტრირების მსურველს უნდა აღენიშნა, რომ სრულწლოვანი იყო. მას მოზარდები მარტივად უვლიდნენ გვერდს − ისინი უბრალოდ უთითებდნენ, რომ 18 წლის ზემოთ იყვნენ); სათამაშო ბიზნესის აგრესიული მარკეტინგული კამპანია (იმ პერიოდში სათამაშო ბიზნესის რეკლამა ყველა მარკეტინგული არხით გადაიცემოდა. ხშირად ამ რეკლამის ილუსტრირების ფორმა აჩენდა გონივრულ ეჭვს, რომ მისი სამიზნე აუდიტორია სწორედ მოწყვლადი ჯგუფი იყო, რომელიც მოზარდებისგან შედგებოდა); თამაშის ტრენდულობა (მოზარდებთან მუშაობის პროცესში გაირკვა, რომ თამაში და მასთან დაკავშირებული პერიპეტიები მოზარდებისთვის ერთ-ერთ პოპულარულ სასაუბრო თემად იქცა. შესაბამისად, თამაშთან შეხება მათ წრეებში მოდური და პოპულარული იყო და არის); სიღარიბე (ფინანსური პრობლემები ხშირად აზარტულ თამაშებთან შეხების მაპროვოცირებელი ფაქტორია, რადგან სიღარიბის დროს ადამიანები მუდმივად ფიქრობენ დამატებითი შემოსავლის წყაროს მოძიებაზე. აგრესიული მარკეტინგული კამპანიის პირობებში, როდესაც სათამაშო ბიზნესი ყველა მარკეტინგული არხიდან სთავაზობს მომხმარებელს, გახდეს “მილიონერი“, მისი გავლენის ქვეშ მოქცევა უფრო ადვილია); არასაკმარისი სამოქალაქო განათლება და ცნობიერების დაბალი დონე (კვლევამ ცხადყო, რომ განათლებისა და ცნობიერების პრობლემები ამ კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სკოლის პერსონალმა არ იცის, რა უნდა მოიმოქმედოს თამაშის ფაქტის გამოვლენისას. პროექტის მსვლელობისას დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მშობლები მოზარდებს თამაშში ხელს თავად უწყობდნენ. ზოგჯერ აღნიშნული ქმედება მართლდებოდა მოზარდებზე “ზრუნვით“ - კერძოდ, იმით, რომ ქუჩაში ყოფნას სჯობდა, ისინი სახლში, უსაფრთხო გარემოში ყოფილიყვნენ და, მაგალითად, პოკერი ეთამაშათ. იყო ისეთი ფაქტებიც, როდესაც მშობლები სახლში დაუფარავად, მოზარდების თანდასწრებით თამაშობდნენ. ზოგ შემთხვევაში კი მშობლები თავად ათამაშებდნენ მოზარდებს იმ მოტივით, რომ ისინი ახალბედები იყვნენ და „იღბლიანი“ ხელი ექნებოდათ),“ - ვკითხულობთ პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნაში. აზარტულ თამაშებში მოზარდების მონაწილეობის საკითხი შესწავლილ იქნა აგრეთვე “აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრისა“ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დაკვეთით კომპანია “ანოვას“ მიერ 2022 წელს ჩატარებულ კვლევაში. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში აზარტულ თამაშებთან შეხების მქონე მოზარდების შესახებ სტატისტიკური მონაცემები კვლავ საგანგაშოა, ხოლო მათი აზარტულ თამაშებში მონაწილეობის ძირითადი მიზეზებია: - არასახარბიელო სოციალური და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით სამოქალაქო განათლებისა და ცნობიერების დაბალი დონე, ბევრი თავისუფალი დროის ქონა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის ტრენდულად და პოპულარულ სასაუბრო თემად მიჩნევა, სათამაშო ბიზნესის მიერ აგრესიული მარკეტინგული კამპანიის წარმოება, სახელმწიფო პოლიტიკისა და კანონის აღსრულების ნაკლოვანებები. კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და საქართველოს ყველა დიდი მუნიციპალიტეტი მოიცვა. მასში მონაწილეობა 14-დან 18 წლამდე ასაკის 1 007-მა მოზარდმა მიიღო. “კვლევის თანახმად, მოზარდების 31%-ს აქვს აზარტულ თამაშებთან შეხების გამოცდილება. ამასთანავე, საყურადღებო და საგანგაშოა ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილების მქონე მოზარდთა წილის მაჩვენებელი − 22%. ეს ძალიან საფრთხილო საკითხია, ვინაიდან ე.წ. ხელზე თამაში, განსაკუთრებით − თანხების ამოღება, “ქუჩის ავტორიტეტების“ მონაწილეობით ხდება. აღნიშნული პრობლემა უფრო აქტუალურია რეგიონებში. “კვლევის შედეგების მიხედვით, არსებობს მოზარდთა მშობლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების (სკოლების) პერსონალის ცნობიერებისა და საზოგადოებრივი განათლების პრობლემა. კვლევამ აჩვენა, რომ მშობლების 10% თავად, მიზანმიმართულად უფინანსებს შვილებს აზარტულ თამაშებს. ცნობიერებისა და განათლების პრობლემა იკვეთება აგრეთვე შემდეგი მონაცემიდან: მოზარდებს ჰკითხეს, თუ ვის მიმართავდნენ თამაშდამოკიდებულების პრობლემის შემთხვევაში. მათგან მხოლოდ 19%-მა აღნიშნა, რომ სპეციალისტს ან/და სარეაბილიტაციო ცენტრს მიმართავდა. კვლევით მოზარდების მიერ აზარტული თამაშების თამაშის ძირითადი მიზეზები დადგინდა. 51% აცხადებს, რომ აზარტული თამაშები პირველად მეგობრების წრეში ითამაშეს, რაც იმას ადასტურებს, რომ მოზარდებისთვის თამაში საკმაოდ პოპულარული და ტრენდული ქმედებაა. ამასთანავე, მოზარდების 51%-ის განცხადებით, თავისუფალი დროის გასაყვანად თამაშობენ. კვლევის თანახმად, მოზარდების 80%-თან აზარტული თამაშების მავნე ზეგავლენაზე არავის უსაუბრია. შესაბამისად, თამაშის მთავარ მიზეზებად შეიძლება ინფორმაციის არქონა და საზოგადოებრივი განათლების პრობლემა დასახელდეს. კვლევის თანახმად, მოზარდების 40%-ისთვის აზარტული თამაშების თამაშის მოტივაცია ფულის მოგებაა. ამასთანავე, მოზარდების 38%-ს მათთვის მნიშვნელოვანი თანხა აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ მოზარდების 9% მოგებული თანხით მშობლებს ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დახმარებია. კვლევის მიხედვით, მოზარდების 71% იღებს ინფორმაციას აზარტული თამაშებისა და პროვაიდერი კომპანიების მიერ ონლაინსივრცეში დაანონსებული სხვადასხვა აქციის შესახებ. შესაბამისად, იკვეთება რეკლამის მნიშვნელობა და მოზარდებზე მისი გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია აზარტული თამაშების რეკლამა, სფეროში მომუშავე სპეციალისტების დაკვირვებითა და შეფასებით, ფიქსირდება კანონის დარღვევის არაერთი ფაქტი, რაც მოზარდებზე უარყოფით გავლენას ახდენს და აქეზებს მათ, ჩაერთონ აზარტულ თამაშებში,“ - ვკითხულობთ თემატურ ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში. 2022 წლიდან საქართველოში აზარტული თამაშების მარეგულირებელი ახალი ნორმები ამოქმედდა. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად აზარტულ თამაშებში მონაწილეობისთვის პირთა ასაკობრივი ცენზი 25 წლამდე გაიზარდა, გადასახადების სისტემა შეიცვალა და ის GGR-ის 10%-ის დაბეგვრის წესზე გადავიდა, ასევე აიკრძალა სათამაშო ბიზნესის რეკლამა (გამონაკლისია სპონსორობა) და ე.წ. შავი სია ამოქმედდა, რომელიც კრძალავს სიაში მყოფი პირებისთვის აზარტული თამაშების ხელმისაწვდომობას როგორც ონლაინ-სამორინეში, ისე არაონლაინ სამორინეში. პარლამენტის თემატური ჯგუფის შეფასებით, თამაშდამოკიდებულების მიმართულებით მძიმე შედეგები ქვეყანაში 2022 წლის პირველ იანვრამდე მოქმედმა, მკვეთრად ლიბერალურმა კანონმდებლობამ გამოიწვია. თემატური მოკვლევის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციით დადგინდა, რომ 2022 წელს განხორციელებული რეფორმა არსებული გამოწვევების საპასუხოდ აუცილებელი იყო და სხვადასხვა კუთხით დადებითი გავლენა მოახდინა. „2022 წელს განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა გააუმჯობესა ონლაინსამორინეებში მომხმარებელთა ანგარიშების ვერიფიკაციის პროცესი - კერძოდ, ის დაიხვეწა და უფრო მკაცრად კონტროლდება, რის შედეგადაც არავერიფიცირებული ანგარიშები აღარ გამოიყენება. მანამდე რეგისტრაციის სიმარტივე და ბარიერების გარეშე დარეგისტრირების შესაძლებლობა ხელს უწყობდა მოზარდებისა და ახალგაზრდების გემბლინგში ჩართვას. ამასთანავე, მარტივი რეგისტრაცია ხელსაყრელი იყო კრიმინალური ჯგუფებისთვის. დაფიქსირდა უკანონოდ მოპოვებული (მოპარული) პლასტიკური საბანკო ბარათიდან ფულის ონლაინსამორინეში, არავერიფიცირებულ ანგარიშზე გადარიცხვის არაერთი ფაქტი. ამ მხრივ, განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და აღსრულებამ დადებითი შედეგი გამოიღო. აღსანიშნავია, რომ ძალზე ეფექტიანი გამოდგა საკანონმდებლო ნორმა, რომლის თანახმად, სამორინეში ანგარიშის მფლობელს მხოლოდ საკუთარი პლასტიკური საბანკო ბარათის გამოყენების უფლება აქვს,“ - აღნიშნულია დასკვნაში. მისივე თანახმად, საქართველოში თამაშდამოკიდებულების საკითხზე მომუშავე სარეაბილიტაციო ცენტრებისა და შესაბამისი კვალიფიციური პერსონალის დეფიციტია - ამჟამად ქვეყანაში მხოლოდ 3 სარეაბილიტაციო ცენტრი ფუნქციონირებს და სამივე თბილისშია (შპს „დღე პირველი“, შპს „კამარა“ და შპს „გამოსავალი“). დოკუმენტის თანახმად, ეს გარემოება ცხადყოფს, რომ დაინტერესებულ პირებს აქვთ გამოჯანმრთელების სერვისების ხელმისაწვდომობის პრობლემა, განსაკუთრებით − რეგიონებში. გარდა ამისა, დასკვნაში ნათქვამია, რომ არსებითი გამოწვევაა ამ სერვისების მაღალი ღირებულებაც.  

რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებენ

აშშ-სა დ დიდი ბრიტანეთის გაფრთხილებას რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, ლატვიისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებიც შეუერთდნენ. ორივე ქვეყანამ გასცა რეკომენდაციები თავისი მოქალაქეებისთვის და მოუწოდა მათ, რომ თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობისგან და მოერიდონ უახლოეს 48 საათში დაგეგმილ საჯარო ღონისძიებებს. შეგახსენებთ, რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ.  

პრეზიდენტმა ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. დაჯილდოვდნენ: ორგანიზაცია „საფარის“ თანადამფუძნებელი ბაია პატარაია, უფლებადამცველი ანა არგანაშვილი, „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“ დამფუძნებლები: ელისო ამირეჯიბი და ნატო შავლაყაძე და ორგანიზაცია „ვეძებ“ დამფუძნებელი თამარ მუსერიძე. საქართველოს პრეზიდენტმა ადვოკატი, ორგანიზაცია „საფარის” თანადამფუძნებელი ბაია პატარაია დააჯილდოვა ქალთა უფლებების დაცვისა ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშნი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის. ანა არგანაშვილი დაჯილდოვდა ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის. „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” დამფუძნებლებს: ელისო ამირეჯიბს და ნატო შავლაყაძეს სახელმწიფო ჯილდო გადაეცათ გენდერის ნიშნით ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვის, მათ სოციალურ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სისტემური ცვლილებების ადვოკატირებისა და ადამიანური რესურსის განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისათვის. პრეზიდენტმა თამარ მუსერიძე დააჯილდოვა განსაკუთრებული სამოქალაქო ინიციატივისა და პასუხისმგებლობისათვის, პირადული გამბედაობისა და გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისათვის. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები უფლებადამცველებს პირადად გადასცა.  

თურქეთი სომალიში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოძიებას იწყებს

თურქეთმა სომალისთან ენერგეტიკული თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. შეთანხმება, მოიცავს სომალის სახმელეთო და საზღვაო ბლოკებში ნავთობის ძიებას, შეფასებას, განვითარებას და წარმოებას. „ამ შეთანხმებით ჩვენ განვახორციელებთ ერთობლივ აქტივობებს სომალელი ხალხისთვის სომალის რესურსების მიტანის მიზნით. ჩვენი მიზანია, ენერგეტიკის სფეროში ახალი თანამშრომლობით გავაძლიეროთ თურქეთის ყოფნა აფრიკის რქაში,“ - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა. „სომალის ოფშორულ საბადოებში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოძიება, რომელიც ახლა უფრო ნავთობს ჰგავს, ძალიან მალე დაიწყება იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ჩვენ გამოვავლინეთ. შესაძლოა, პირველ ეტაპზე ჩვენი სეისმური (საძიებო) ხომალდი იქ გავაგზავნოთ,“ - თქვა მინისტრმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე. გარიგება მოიცავს სახმელეთო და საზღვაო პროექტებიდან ნავთობისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებას, დისტრიბუციას, გადამუშავებას, გაყიდვასა და მომსახურებას. თურქეთი ლიბიასთან თანამშრომლობითაც არი დაინტერესებული. „ჩვენ გვაინტერესებს ოფშორული საბადო ლიბიაში, მაგრამ სომალის განსაკუთრებით განვიხილავთ," - აღნიშნა მინისტრმა. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის მთავრობა უახლოეს მომავალში სტამბოლში ბუნებრივი აირის სავაჭრო პლატფორმის გახსნას აპირებს. ეს ინიციატივა ენერგეტიკისა და კლიმატის ფორუმის დროს, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა გაასაჯაროვა. „გაზპრომთან თანამშრომლობით ჩვენ ვმუშაობთ სტამბოლის ფინანსური ცენტრისთვის გაზის სავაჭრო პლატფორმის შექმნაზე, რომელიც, ვფიქრობთ, მალე შეიძლება, დაიწყოს,“ - აღნიშნა ბაირაქტარმა.