ძებნის რეზულტატი:

უკრაინამ საკუთარ ოჯახებში კიდევ 10 ბავშვი დააბრუნა

კიდევ 10 უკრაინელი ბავშვი დაბრუნდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, განაცხადა საქველმოქმედო ორგანიზაცია Save Ukraine-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიკოლა კულებამ. „10 უკრაინელი ბავშვი 24 თებერვლის შემდეგ ოკუპაციაში აღმოჩნდა, ისინი Save Ukraine-ის გუნდმა გადაარჩინა და უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე დააბრუნა. „ხანგრძლივი განშორების შემდეგ ბავშვებმა საბოლოოდ შეძლეს ოჯახებთან შეხვედრა და ახლა ყველა ოჯახი უსაფრთხოა," - განაცხადა კულებამ. მთლიანობაში, ორგანიზაცია Save Ukraine-მ უკრაინაში რუსეთის ფედერაციიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან 261 ბავშვის დაბრუნება მოახერხა. უკრაინამ საკუთარ ოჯახებს კიდევ ხუთი ბავშვი 29 თებერვალს დაუბრუნა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, უკრაინიდან რუსეთში, იძულებით, სულ მცირე 19 546 ბავშვი გადაასახლეს. ეს ციფრი მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ასახავს, თუმცა, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებელი ბევრად მაღალია.  

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: განვიხილავთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას

ერევანი ევროკავშირში გაწევრიანების იდეას განიხილავს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა შესაბამისი შეკითვის საპასუხოდ განაცხადა. არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის მოსახლეობას ევროპული მისწრაფებები აქვს და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხიც განიხილება. სომხეთი მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს - პარლამენტის თავმჯდომარე მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მოსახლეობამ საზოგადოებრივი ცხოვრების მშენებლობის დემოკრატიული გზა აირჩია. „ამ გზაზე ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი და შეერთებული შტატები აქტიურად უჭერენ მხარს ჩვენს დემოკრატიულ რეფორმებს და ინსტიტუციურ ცვლილებებს. და, ზოგადად, მნიშვნელოვანია მაქსიმალური დივერსიფიკაცია და პარტნიორებისა და მოკავშირეების წრის გაფართოება. ამრიგად, ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ მივდივართ, მნიშვნელოვნად ვაღრმავებთ ურთიერთობებს ევროკავშირთან და აშშ-სთან, ამასთანავე ვინარჩუნებთ ტრადიციულ კავშირებს. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვაშენებთ თვისობრივად ახალ ურთიერთობებს ინდოეთთან და ა.შ. მე, რა თქმა უნდა, მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს პრიორიტეტს - ნორმალიზებას და, პირველ რიგში, მეზობლებთან ურთიერთობების განვითარებას. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის მოკლე აღწერა,“ - განაცხადა მირზოიანმა ინტერვიუში, რომლის ტექსტიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. კითხვას, ფიქრობს თუ არა სომხეთი ევროკავშირში ან NATO-ში გაწევრიანებაზე და შესაძლებელია თუ არა ეს უახლოეს მომავალში მოხდეს, არარატ მირზოიანმა უპასუხა: „ყველა გამოწვევის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში, სომხეთში ახალი შესაძლებლობები აქტიურად განიხილება. საიდუმლოს არ გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ ამ სერიაში ევროკავშირის წევრობის იდეაც არის. სომხეთის მოსახლეობას აქვს ევროპული მისწრაფებები და, როგორც აღვნიშნე, ჩვენ გავდივართ პროცესს და ვნახოთ, როგორი დასრულდება ეს პროცესი, რასაც ვერავინ იწინასწარმეტყველებს.“ მირზოიანის თქმით, სომხეთს საფრანგეთთან და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები აქვს, ვაშინგტონთან ჩამოყალიბდა სტრატეგიული დიალოგი, რომლის ფარგლებშიც განიხილება ახალი მიმართულებები. „იგივე შემიძლია, ვთქვა ევროკავშირზე. ჩვენ გვაქვს ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება ევროკავშირთან, მაგრამ ჩვენ ვიყურებით ამ შეთანხმების მიღმა. ჩვენ განვიხილავთ ვიზალიბერალიზაციას და რამდენიმე ახალ მექანიზმს, რომელიც შეიძლება, გამოვიყენოთ ჩვენს ურთიერთობებში. პირველად ისტორიაში ევროკავშირი ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში ჩაერთო. როგორც იცით, სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დგას, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარს აკონტროლებს. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისიის განთავსების შემდეგ, საზღვარზე დაძაბულობა შემცირდა და ვხედავთ, რომ მისიამ სიტუაციის დასტაბილურებას ხელი შეუწყო,“ - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა TRT World-თან ინტერვიუში.  

ირაკლი ღარიბაშვილი: დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაური ზის დაუცველ, ღობის გარეშე შენობაში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ ღობის დამონტაჟება თავის დროზე უსაფრთხოებით იყო ნაკარნახევი. ღარიბაშვილის თქმით, კობახიძის მხრიდან განსხვავებული შეხედულებების ქონა, აბსოლუტურად ნორმალურია. ის ამჟამინდელ პრემიერთან დაპირისპირებას უარყოფს. „ღობეზე რატომ უნდა ვილაპარაკო, უხერხულია, სირცხვილია, ამას განმარტავს თავად კობახიძე, მიმართეთ მას და განმარტავს. დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაური ზის დაუცველ ღობის გარეშე შენობაში. მთავარი მიზანი და მოტივაცია, როდესაც მე თავის დროზე ეს გადავწყვიტე, იყო უსაფრთხოებიდან გამომდინარე და რატომ? ეს დესტრუქციული ძალები, რომლებიც გახსოვთ, რომ პირდაპირ ჩვენს გმირ პოლიციელებს როგორ შეურაცხყოფდნენ კანცელარიის წინ, ხან ფქვილი დააყარეს, ხან საღებავი შეასხეს და ჩვენს თანამშრომლებს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს როგორ აწუხებდნენ, შიგნით შეცვივდებოდნენ ყოველგვარი საშვების გარეშე და დესტრუქციას აწყობდნენ და საშინელებებს სჩადიოდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის წინ ღობის დემონტაჟი დაიწყო არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. პრემიერ-მინისტრი წყვეტს საკადრო საკითხებს კონსტიტუციით, კანონით. ძალიან ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობს, აქ არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ ხდება, ირაკლი კობახიძე არ არის ვალდებული, რომ ჩემ მიერ დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს, მას თუ განსხვავებული ხედვა აქვს და გამოვლინდა კიდეც რესპუბლიკურ საავადმყოფოზე, რომ განსხვავებული ხედვა აქვს, ეს ნორმალურია. ჩვენ ვართ განსხვავებული ადამიანები, მე ვარ ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი არის კობახიძე. ნორმალურია, სხვა აზრი ჰქონდეს, არანორმალურია, რომ ყველაფერში ერთი და იგივე აზრი გვქონდეს," - განაცხადა ღარიბაშვილმა. კითხვას იყო თუ არა ის ახალი ჯანდაცვის მინისტრის პროცესში ჩართული, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ის პარტიის თავმჯდომარეა მთავრობის საკითხებში აღარ ერევა. „უნდა დაველოდოთ პრემიერ-მინისტრს, მან უნდა გადაწყვიტოს საკადრო საკითხები, მთავრობის საკითხებში მე აღარ ვერევი, მე ვარ პარტიის თავმჯდომარე. საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და ჩვენი პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, მე ვარ პასუხისმგებელი პარტიის მუშაობაზე და, რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი მისიაა მოვიარო რეგიონები და პარტია მოვამზადოთ არჩევნებისთვის," - განაცხადა ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი: როგორც ვიცი, თავად მინისტრს და ასევე, პრემიერს ჰქონდათ განსხვავებული შეხედულება, დაპირისპირება არ არის  

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა ჯარების გაგზავნას არ გვთხოვს, ახლა უკრაინა საბრძოლო მასალას ითხოვს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა, რომ უკრაინა საფრანგეთისგან ჯარების გაგავნას არ ითხოვს. მან გაიმეორა განაღმვის ოპერაციებში ჩართვის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ეს "შეიძლება, ნიშნავდეს გარკვეული პერსონალის ადგილზე ყოფნას, მაგრამ  - არა საბრძოლველად." „უკრაინა ჯარების გაგზავნას არ გვთხოვს. ახლა უკრაინა საბრძოლო მასალას ითხოვს. უახლოეს თვეებში ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ,“ - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სტეფან სეჟურნემ აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში ან წლებში დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინის დახმარების პროცესი რუსეთის კარნახით არ უნდა წარიმართოს. „ორგანიზება იმისა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ან წითელი ხაზები სად გავავლოთ, რუსეთის მიერ არ უნდა მოხდეს. ეს ჩვენ შორის უნდა გადავწყვიტოთ,“ - აღნიშნა სეჟურნემ. ცნობისთვის, 8 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლეთის სახელმწიფოების ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ რაღაცის არგამორიცხვა მის გაკეთებას არ ნიშნავს. საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ადრინდელი გაანცხადება ცოტა ხნის წინ განმარტა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “მოზომილი და გააზრებული” იყო. კერძოდ, მაკრონს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გაზომილი და გააზრებული,” - განაცხადა მაკრონმა. NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი. მაკრონი მზადაა, ჯარი გაგზავნოს უკრაინაში, თუ ფრონტის ხაზი ოდესაში ან კიევში გაივლის - მედია

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-20 შეხვედრა 19 მარტს გაიმართება

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-20 შეხვედრა გერმანიაში, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე 19 მარტს გაიმართება. შეხვედრა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის წინ გაიმართება, რომელიც მომდევნო დღეს არის დაგეგმილი. პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა მიიწვია თავდაცვის მინისტრები, ასევე სამხედრო მაღალჩინოსნები, რათა განიხილონ უკრაინაში მიმდინარე ომი, ასევე, უსაფრთხოების საკითები, რომლებსაც აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორები აწყდებიან. შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი უკრაინის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მიზნით მას შემდეგ შეიჭრა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ეს ჯგუფი 50-ზე მეტ მოკავშირესა და პარტნიორებს აერთიანებს. ბოლო შეხვედრა 14 თებერვალს ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაიმართა.  

სახალხო დამცველი ადიგენში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

საქართველოს სახალხო დამცველი ადიგენში მომხდართან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა. „საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს 8 მარტს, ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას და განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა. სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისის თანამშრომელს კომუნიკაცია ჰქონდა დაპირისპირებაში ჩართულ პირებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება,“ წერი გავრცელებულ განცხადებაში. რადიო თავისუფლების ცნობით, ინციდენტი 8 მარტს, დაბა ადიგენში მოხდა. კერძო პირის, მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები შეიკრიბნენ და მუსლიმებს იქ ლოცვის ჩატარება აუკრძალეს. მათი თქმით, ერთი დღით ადრე, ადიგენის მართლმადიდებლები და მუსლიმები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნის, "მეჩეთად არ გადააქცევდნენ" და მუსლიმური ტრადიციით, ყოველ პარასკევს იქ ლოცვას არ ჩაატარებდნენ. ადგილზე შეკრებილთა განცხადებით, ხუთშაბათს მათ სახლის მეპატრონისგან მიიღეს ეს პირობა, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა.  

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ქართული ლეგიონის კიდევ ორი მებრძოლი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, გარდაცვლილები არიან ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი. „ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესრულების დროს ქართული ლეგიონის მეომრები, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი დაიღუპნენ. “ქართული ლეგიონი“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. დიდება გმირებს!“ - აღნიშნულია „ქართული ლეგიონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ნოდარ ნასიროვს, რომელსაც უკრაინელი მეუღლე ჰყავდა, უკრაინაში დაკრძალავენ. გიორგი გოგიაშვილს კი, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ საქართველოში გადმოასვენებენ. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ბოლოს პირველ თებერვალს გავრცელდა ცნობა ორი ქართველი სამხედროს გარდაცვალების შესახებ - ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანიაც ქართული ლეგიონის წევრები იყვნენ.  

ორბანი ტრამპს სთხოვს, „დაბრუნდეს და მშვიდობა მოიტანოს"

უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სთხოვს, „დაბრუნდეს და მშვიდობა მოიტანოს." ორბანი ტრამპს ფლორიდაში შეხვდა. „ჩვენ გვჭირდება ლიდერები მსოფლიოში, რომლებსაც პატივს სცემენ და შეუძლიათ მშვიდობის მოტანა. ის ერთ-ერთი მათგანია! დაბრუნდით და მოგვიტანეთ მშვიდობა, ბატონო პრეზიდენტო!" - დაწერა ორბანმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. თავის მხრივ, ტრამპა განაცხადა, რომ ვიქტორ ორბანი არის დიდი ლიდერი, რომელსაც პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში. მანვე აღნიშნა, რომ ორბანის მასპინძლობა დიდი პატივი იყო. შეგახსენებთ, ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდოდ, „რესპუბლიკელების“ კანდიდატი იქნება. წინასწარი გამოკითხვებით, ის მოქმედ პრეზიდენტს და ასევე, სავარაუდოდ, „დემოკრატების“ მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს უსწრებს. CNN ტრამპისა და ორბანის შეხვედრის დეტალებზე წერს  

სიკორსკი: მაკრონის სიტყვების უკან კარგი ზრახვებია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მაკრონის სიტყვების უკან კარგი ზრახვებია. რადოსლავ სიკორსკის თქმით, უკრაინაში NATO-ს ძალების ყოფნა "არ არის წარმოუდგენელი" და, რომ ის აფასებს საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან ამ იდეის არგამორიცხვას. რადეკ შიკორსკი ამ განცხადებებით გამოვიდა დისკუსიაზე, რომლითაც პარასკევს პარლამენტში აღნიშნავდნენ პოლონეთის NATO-ში გაწევრიანების 25-ე წლისთავს. მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს განცხადება ინგლისურ ენაზე, სოციალური მედიით გაავრცელა. „სწორედ რუსეთის პრეზიდენტი უნდა ეკითხებოდეს საკუთარ თავს, როგორი იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, და არა ის, რომ დარწმუნებული იყოს, რომ კრეატიულს არაფერს გავაკეთებთ და ამიტომ შეძლოს შემდეგი სცენარების დაგეგმვა,” - განაცხადა სიკორსკიმ. სიკორსკი: უკრაინაში დასავლური ჯარების ყოფნა წარმოუდგენელი არ არის საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ადრინდელი გაანცხადება ცოტა ხნის წინ განმარტა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “მოზომილი და გააზრებული” იყო. კერძოდ, მაკრონს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გაზომილი და გააზრებული,” - განაცხადა მაკრონმა. NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი. მაკრონი მზადაა, ჯარი გაგზავნოს უკრაინაში, თუ ფრონტის ხაზი ოდესაში ან კიევში გაივლის - მედია  

ქემერონი: დიდ ბრიტანეთს გერმანიისგან Taurus-ის რაკეტების მიღებს სურს, რათა უკრაინას მეტი Storm Shadow-ს რაკეტა გადავცეთ

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, დიდ ბრიტანეთს გერმანიისგან Taurus რაკეტების მიღებს სურს, რათა უკრაინას მეტი Storm Shadow-ს რაკეტა გადაეცეს. ქემერონის იდეის თანახმად, გერმანიამ დიდ ბრიტანეთს Taurus-ის რაკეტები უნდა მიაწოდოს, ხოლო ბრიტანული მთავრობა, სანაცვლოდ, უკრაინას დამატებითი რაოდენობით Storm Shadow-ს რაკეტებს მიაწვდიდა. „მზად ვართ, ყველა ვარიანტი განვიხილოთ უკრაინისთვის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად,“ - განაცხადა ქემერონმა. „ბოლომდე მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან ამა და სხვა საკითხებზე, რათა დავეხმაროთ უკრაინას,” - აღნიშნა ქემერონმა. მან უარყო შიშები იმის შესახებ, რომ უკრაინისთვის ფრთოსანი რაკეტების გადაცემას ომის ესკალაცია შეუძლია. „სრულიად შესაძლებელია ამ იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების გაწესება, რათა გარანტირებული იყოს, რომ ის არანაირად არ შეუწყობს ხელს ესკალაციას,” - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.  

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადიგენზე: ვგმობთ რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისთვის

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადიგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სააგენტო განცხადებაში გმობს რელიგიისა და რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისათვის. სააგენტო ასევე მოუწოდებს მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას და საკუთარ მრევლში იმუშაონ, რათა მომხდარი ფაქტის გარშემო არსებული დაძაბულობა არ გადავიდეს მრევლში. „სააგენტოსთვის მიუღებელია ნებისმიერი მიზანმიმართული დესტრუქცია და გმობს რელიგიისა და რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისათვის. სააგენტო არ მიესალმება ძალადობას და იმედოვნებს, რომ საკითხი უსწრაფესად დარეგულირდება. რელიგიისა და რწმენის თავისუფლება დაცულია საქართველოში და ამის ხმამაღლა აღიარება არაერთხელ მომხდარა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების რელიგიის საკითხებზე მომუშავე მაღალი რანგის პირების მიერ. სააგენტო მხარეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და იმოქმედონ საქართველოს ინტერესების და კანონმდებლობის შესაბამისად. ამავდროულად, მოუწოდებს მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას და საკუთარ მრევლში იმუშაონ, რათა მომხდარი ფაქტის გარშემო არსებული დაძაბულობა არ გადავიდეს მრევლში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სისტემატური კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მისი რეგიონული კოორდინატორი აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ საკითხში. სააგენტო მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისაგან, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და იმოქმედონ სეკულარიზმის პრინციპების შესაბამისად. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დასაწყის ეტაპზევე აქტიურად იყო ჩართული ზემოხსენებული საკითხის დარეგულირებაში და მომავალშიც მზადაა იმოქმედოს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველა რელიგიური კონფესიის ინტერესების დასაცავად,“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. სახალხო დამცველი ადიგენში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა  

რომი პაპი უკრაინის ომზე: ყველაზე ძლიერია ის, ვისაც „თეთრი დროშის“ გამბედაობა აქვს

რომის პაპი უკრაინისა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბრობს. შვეიცარიის მაუწყებელ RSI-თან ინტერვიუში რომის პაპს ჰკითხეს, როგორია მისი პოზიცია მიმდინარე დებატებზე მათ შორის, ვინც ამტკიცებს, რომ უკრაინამ უნდა დათმოს, რადგან ვერ შეძლო რუსული ძალების მოგერიება, მეორე მხრივ, მათზე, ვინც ამტკიცებს, რომ უკრაინის ასეთი ქმედება რუსეთის ქმედებების ლეგიტიმაციას გამოიწვევს. ინტერვიუერმა კითხვაში გამოიყენა ტერმინი „თეთრი დროშა.“ „ეს ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა, მართალია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც უყურებს სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე, აქვს თეთრი დროშის გამბედაობა და აწარმოებს მოლაპარაკებებს. როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმეები კარგად არ მიდის, უნდა გქონდეს გამბედაობა მოლაპარაკებისთვის," - განაცხადა რომის პაპმა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს საერთაშორისო ძალების დახმარებით. მან ერთ-ერთ მომლაპარაკებელ ქვეყნად, რომელიც მსგავსი შეთავაზებით გამოვიდა, თურქეთი დაასახელა. Reuters-ი წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რომის პაპმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას გამოიყენა ტერმინები - "თეთრი დროშა" და "დამარცხებული", თუმცა მოლაპარაკებების აუცილებლობაზე მას ადრეც უსაუბრია. მოგვიანებით, მის ნათქვამზე კომენტარი გააკეთა ვატიკანის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მატეო ბრუნიმ. „პაპს არ უგულისხმია, რომ უკრაინამ კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს. მან მოლაპარაკებებისკენ მიუთითა ორივე მხარეს, რაც კაპიტულაციას არ ნიშნავს," აღნიშნა მატეო ბრუნიმ. მატეო ბრუნიმ ასევე განმარტა, რომ პაპმა გამოიყენა ინტერვიუერის მიერ წარმოთქმული ტერმინი - „თეთრი დროშა“ და გამოიყენა ის „საომარი მოქმედებების შეწყვეტის (და) მოლაპარაკებების გამბედაობით მიღწეული ზავის აღსანიშნავად. პაპის ინტერვიუს ფრაგმენტის გამოქვეყნებისას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სწორედ თურქეთში, პრეზიდენტ ერდოანთან მართავდა შეხვედრებს. ამ შეხვედრის დასასრულს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, მიიღოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები და, რომ ის „მტკიცედ შეუწყობს ხელს ომის შემდგომ უკრაინის აღმშენებლობის მცდელობებს.“ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შესაძლებლად მიიჩნევს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის სრულად გაათავისუფლებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს. თურქეთს რუსეთის მონაწილეობით სამშვიდობო სამიტის მასპინძლობა სურს, რასაც ზელენსკი შეუძლებლად მიიჩნევს  

კულება: შეხედეთ ბახმუტს, ავდიივკას, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები - ყველაზე იაფი და უსაფრთხო გზა უკრაინელების მხარდაჭერაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, თუ რუსეთი თავს დაესხმება NATO-ს წევრ ბალტიის ქვეყნებს, დამარცხდება, მაგრამ გათავისუფლებული ქალაქები ბახმუტს და ავდიივკას დაემსგავსება. ვფიქრობ, საბოლოოდ NATO გაიმარჯვებს. მაგრამ შეხედეთ ბახმუტს, შეხედეთ ავდიივკას - მათ დაემსგავსება ბალტიის ქვეყნები ინტენსიური ბრძოლების შემდეგ, მათ დაემსგავსება თქვენი ქალაქები. ვილნიუსი აღარ იქნება ლამაზი,“ - ციტირებს ლიეტუვური მედია დმიტრო კულებას. კულებას თქმით, ამ ყველაფრის თავიდან აცილების ყველაზე იაფი და უსაფრთხო გზა არის უკრაინელების მხარდაჭერა, რომლებიც რუსეთის აგრესიას ებრძვიან. კულებას მტკიცებით, ლიეტუვას ეს ესმის და ამიტომ მხარს უჭერს უკრაინას. „სხვები ისე წარმოაჩენენ, რომ ამის თავიდან აცილება შეუძლიათ,“ - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.  

თოყაევი: ყაზახეთი და აზერბაიჯანი თანამშრომლობის ახალ ეპოქაში შედიან

ყაზახეთ-აზერბაიჯანის თანამედროვე ურთიერთობები მზარდია, განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა აზერბაიჯანულ გაზეთთან ინტერვიუში. მისი თქმით, სისტემატური მუშაობა მიმდინარეობს პოლიტიკურ, სავაჭრო და ეკონომიკურ, სატრანზიტო და სატრანსპორტო, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში კონტაქტების დასამყარებლად. გარდა ტრადიციული ურთიერთქმედების მექანიზმებისა, ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ბიზნეს და ექსპერტთა საბჭოები. ბაქოში ჩემი ვიზიტის დროს ჩვენ შევქმნით უმაღლეს სახელმწიფოთაშორის საბჭოს და გავმართავთ მის პირველ სხდომას. მარეგულირებელი და სამართლებრივი ბაზა თანდათან ფართოვდება; მხოლოდ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 40-მდე მნიშვნელოვან ორმხრივ დოკუმენტს მოეწერა ხელი.   მოახლოებული ვიზიტის დროს ხელმოწერისთვის მზადდება დოკუმენტების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პაკეტი. ბუნებრივია, ეს ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობას. 2020 წლიდან ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 5-ჯერ გაიზარდა (109 მილიონი დოლარიდან 529 მილიონ დოლარამდე). ეს არის შთამბეჭდავი დინამიკა და ჩვენ ვგეგმავთ გავაგრძელოთ მოცულობის გაზრდა. ჩვენი პორტფოლიო მოიცავს ბევრ პროექტს, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე, მთლიანად რეგიონისთვის. ეს არის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) შესაძლებლობების გაფართოება, ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო ხაზის (FOCL) და ენერგეტიკული კაბელის გაყვანა კასპიის ზღვის ფსკერზე, ნავთობისა და ურანის ექსპორტი.   აზერბაიჯანის გავლით, ხოლო ხორბლის მიწოდება ყაზახეთიდან აზერბაიჯანის ბაზარზე. რამდენიმე ერთობლივი ინიციატივა მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის კულტურული კავშირების გაძლიერებას და ტურისტული ნაკადების გაზრდას. ჩვენი საერთო მიზანია, შევქმნათ მართლაც ძლიერი ურთიერთობები ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის,“ აღნიშნა თოყაევმა.    

ლატვიის პრეზიდენტი: ბოროტების წინაშე კაპიტულაცია არ შეიძლება, „თეთრი დროშა“ ბოროტებამ უნდა აღმართოს

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებას გამოეხმაურა. „ბოროტების წინაშე კაპიტულაცია არ შეიძლება. უნდა ვებრძოლოთ მას და დავამარცხოთ, რათა ბოროტებამ თეთრი დროშა აღმართოს და კაპიტულაცია მოახდინოს,“ - დაწერა ლატვიის პრეზიდენტმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.  

მედია: აშშ და იაპონია განიხილავენ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, რომლითაც შეიძლება, უკრაინას დაეხმარონ

იაპონია და აშშ უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალის მიწოდებისა და გაზრდის მიზნით, სამხედრო აღჭურვილობის საკითხზე თანამშრომლობას განიხილავენ. მოკავშირეები ცდილობენ, შეთანხმებას ვაშინგტონში, 10 აპრილს დაგეგმილი სამიტის დროს მიაღწიონ. როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდა და პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეხვედრას გამართავენ. წერს Bloomberg-ი გაზეთ Yomiuri-ზე დაყრდნობით. სამიტის მთავარი თემა იქნება იმ გზების მოძიება, რომლითაც იაპონიას შეუძლია, აშშ-ის შეიარაღების გაფართოებას დაეხმაროს.  Bloomberg-ის ცნობით, ტოკიო და ვაშინგტონი ასევე განიხილავენ შეთანხმების გაფართოებას, რომლის ფარგლებშიც იაპონური კომპანიები რეგულარულად განახორციელებენ აშშ-ის სამხედრო აღჭურვილობის მოვლა-პატრონობასა და შეკეთებას. NBC News: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და „რესპუბლიკელები“ უკრაინის დახმარების საკუთარ პაკეტს ამზადებენ დემოკრატები და რესპუბლიკელები დღემდე ვერ თანხმდებიან რამდენად მკაცრი და ზუსტად როგორი უნდა იყოს საზღვრის დაცვის პოლიტიკა და უკანონო იმიგრაციასთან გამკლავების გზები. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც არ თანხმდებიან რესპუბლიკელები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას. რესპუბლიკელების ნაწილს სურს, რომ საზღვრის კვეთისა და საიმიგრაციო საკითხები მათი პრიორიტეტების მიხედვით გადაწყდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დათანხმდებიან უკრაინისთვის დახმარების გადაცემას. ბაიდენმა 7 მარტს კონგრესისადმი მიმართვისას კიდევ ერთხელ ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია მის მიერ წარდგენილი პაკეტის დამტკიცება უკრაინის დასახმარებლად.  

მეუფე იაკობი: ქართული ეკლესია ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც ხალხს სჭირდება

ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებში ღმერთთან თვითონ აგონ პასუხი, ჩვენ ძველი დროიდან მოყოლებული ვიცით, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა მამაკაცად და დედაკაცად. მეუფე იაკობის თქმით, საქართველოში პოლიტიკოსებმა უნდა დააფიქსირონ თუ როგორ უყურებენ საკითხს. „არ უნდა ვილაპარაკოთ ისეთ თემებზე, რაც გონებას აბინძურებს. ვაჟი და გოგო რომ გეყოლება, გიხარია და შემდეგ, თურმე თვითონ ირჩევს ვინ არის, ბიჭი თუ გოგო. ამაზე ქართულ საზოგადოებაში დღესვე უნდა შედგეს საუბარი, უნდა დაიხუროს ეს თემა ქართველებისთვის, რადგან ეს დიდი სისულელეა. სხვა ქვეყნებში თუ უნდათ იყვნენ მასე, ღმერთთან თვითონ აგონ პასუხი, ჩვენ ძველი დროიდან მოყოლებული ვიცით, რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა მამაკაცად და დედაკაცად. ყველა ლამაზია, ადამიც და ევაც, შესაბამისად, მათი თაობაც, რადგან მსოფლიოში არეულია, ადრე თუ გვიან ჩვენც მოგვადგებიან და გვეტყვიან მასე გააკეთეთო. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ რა და როგორ გვინდა. მშობლები ხართ და გინდათ მასეთი თავისუფლება? ნორმალურია ის ადამიანი, კაცი რომ იტყვის, კაცი არ ვარო და ქალი რომ იტყვის, ქალი არ ვარო? სხვაგან არის ასეთი რამ: მამრობითი, მდედრობითი და საშუალო სქესი და ვხედავთ სადამდე მივედით, რომ ვეღარ ერკვევიან სქესებში და გენდერებში. ჩვენთან კი იფიქრებ, რომ ამ ენაზე შექმნა და დაარქვა ადამმა ყველას თავისი სახელი. ამიტომ, ჩვენთან პოლიტიკოსებმა, ეს იქნება დღევანდელი ხელისუფლება, თუ მომავალში მიშას უნდა მოსვლა, უნდა დააფიქსირონ თუ როგორ უყურებენ ამას. პირდაპირ გეტყვით, ვინც დღეს ამ თემაზე საუბარს ერიდება, ჩვეულებრივი გამყიდველია,“ - აღნიშნა მეუფე იაკობმა. მეუფე იაკობმა ამავე საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიტიკოსები უნდა გამოვიდნენ, პოლემიკაში შემოვიდნენ და აჩვენონ რა უნდათ და რა არა. „ქართული ეკლესია ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც ხალხს სჭირდება. ჯობია ეს პოლიტიკოსებიც გაერკვნენ რა უნდათ და რა არა. გამოვიდნენ და პოლემიკაში შემოვიდნენ და გვაჩვენონ რა უნდათ, რა არა. იმიტომ, რომ ქართველებმა უნდა გადავწყვიტოთ, როგორც ქალის და მამაკაცის ოჯახად დეფინიცია, ასევე გადასაწყვეტი გაგვიხდება, რომ მერე ვიღაც სულელებმა რაღაც ახალი არ მოგვიტანონ,“ - განაცხადა მეუფემ. „თუ იქნება მთავრობის ჩართულობა საჭირო, შეიძლება, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა“ - კობახიძე „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან“ დაცვის კანონპროექტზე  

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის დრონმა ნავთობის საწყობში ხანძარი გამოიწვია

რუსეთის სამხრეთ დასავლეთში მდებარე კურსკის რეგიონის გუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობის ადგილობრივ საწყობში. „უკრაინული დრონი ჩამოვარდა და ცეცხლში გაეხვა ნავთობის საწყობის ობიექტზე" - წერს გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი ტელეგრამით 10 მარტს და დასძენს, რომ ადგილზე მუშაობენ სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. ტელეგრამ არხმა SHOT გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონმა ნავთობის ტერმინალში დააზიანა 3000 ტონის მოცულობის ტანკერი, თუმცა დარტყმის მომენტში ტანკერი ცარიელი იყო. ცოტა ხნის შემდეგ ბელგოროდის გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ მისი რეგიონი უკრაინის ორი დრონის სამიზნე გახდა. ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, დარტყმების შედეგად მანქანას მოეკიდა ცეცხლი, თუმცა დაშავებულების შესახებ ცნობები არ არის. პარალელურად, უკრაინის საჰაერო ძალები 10 მარტს იუწყება, რომ მათმა ჰაერი-ხმალეთის თავდაცვის სისტემებმა გაანადგურა 35 დრონი, უკრაინისთვის ნასროლი 39 დრონიდან. დრონების უმრავლესობა განადგურებულია უკრაინის აღმოსავლეთის და სამხრეთის რეგიონებში. ვრცელდება ცნობები სარაკეტო თავდასხმებზეც, აღმოსავლეთის ხარკოვის და დონეცკის რეგიონებზე, რასაც ერთი ადამიანი შეეწირა, დაიჭრა ცხრა პირი.  

მეუფე შიო: სამსჯავროზე ყოველი ჩვენგანი უნდა წარსდგეს და პასუხი აგოს თავისი ცხოვრებისთვის

„წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, მოვიკრიბოთ ძალები მარხვის წინ, თავი დავაღწიოთ ამ ყოველდღიური საზრუნავების მორევს და დავფიქრდეთ მთავარზე: ჩვენს სულზე, მომავალ მარადიულ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ რას ვთესავთ ჩვენს ცხოვრებაში და რა უნდა მოვიმკათ…” ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებაშია ნათქვამი. „დღევანდელ კვირას დღეს, რომელსაც ეწოდება „ხორციელის კვირა“ და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღევანდელ დღეს არის ასევე საშინელი სამსჯავროს ხსენება, რადგან იკითხება სახარებიდან მაცხოვრის სწავლება საშინელ სამსჯავროზე. ჩვენი სარწმუნოების სიმბოლოში, რომელსაც ხშირად ვკითხულობთ, ვაღიარებთ, რომ გვწამს უფალი ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე, რომელმაც ხორცნი შეისხა სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა და რომელიც კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა. აი, ამ სამსჯავროზე ყოველი ჩვენგანი უნდა წარსდგეს და პასუხი აგოს თავისი ცხოვრებისთვის, თავისი საქმეებისთვის, სიტყვებისთვის და უფრო მეტიც, აზრებისთვისაც კი. ე.ი. უნდა მოიმკას ის, რაც დათესა. ჩვენი ცხოვრება უმეტესწილად გადის ამსოფლიურ, ყოველდღიურ საზრუნავებში და ვერ ვიცლით ხოლმე იმისთვის, რომ დავფიქრდეთ უმთავრესზე, მარადიულზე, თავს ვიმშვიდებთ ხოლმე იმით, რომ უფალი მოწყალეა, რადგან მან მიიღო უძღები შვილი, შეისმინა მეზვერის სინანული, აპატია გონიერ ავაზაკს და ვფიქრობთ, რომ ჩვენც მსგავსადვე შეგვიწყალებს და გვაპატიებს უფალი... მაგრამ გვავიწყდება, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ უძღებ შვილსაც, მეზვერესაც და გონიერ ავაზაკსაც ჰქონდათ ძლიერი რწმენა, უფლის სასოება და კიდევ რა ჰქონდათ, რა გამოავლინეს მათ? - დიდი სინანული. დავფიქრდეთ, გვაქვს ჩვენ ეს თვისებები? ანდა, დაგვრჩება დრო მათ მოსახვეჭად? დიახ, უფალი მოწყალეა, რა თქმა უნდა, და მრავალმოწყალეა, მაგრამ წმინდა წერილიდან და წმინდა მამათა სწავლებიდან ვიცით ასევე, რომ უფალი მართლმსაჯულიც არის. წმინდა დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „უყვარს წყალობა და მსჯავრი უფალსა“. ამიტომ იგი ასევე ამბობს: „წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო“. წმინდა ბასილი დიდი წერს, რომ ღმერთი დიდი სიბრძნით ავლენს თავის მოწყალებასაც და მსჯავრსაც, იმიტომ რომ არ სწყალობს განსჯის და მსჯავრის გარეშე და არც სჯის მოწყალების გარეშე. ამიტომ, ჩვენ ნახევრად არ უნდა ვიცნობდეთ ღმერთს და მისი სიყვარული არ ვაქციოთ ჩვენი სიზარმაცის საბაბადო, - ამბობს წმინდა ბასილი. ასევე წმინდა მოციქული პავლე გვაფრთხილებს, რომ არ უგულებელვყოთ ღმერთის სიკეთე და მოწყალება. უნდა შევიგნოთ, რომ უფალს ამ დიდი სიყვარულითა და მოწყალებით მივყავართ სინანულისკენ და ჩვენი უნანელობით, ჩვენი სიჯიუტით, თავად ვიმზადებთ რისხვას ღვთის სამართლიანი მსჯავრის გამოცხადების დღისთვის. აი, წმინდა პავლე მოციქულის სიტყვები. ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, დიდმარხვამდე ერთი კვირით ადრე წმინდა ეკლესია თითქოს განგაშის ზარებს შემოკრავს და გვაფრთხილებს, რომ „სიკვდილი ცოდვილთა ბოროტ არს“ და რომ საშინელი სამსჯავრო არ არის ჩვენს შესაშინებლად მოგონილი ამბავი, არამედ ეს არის რეალობა, რომელზეც თავად უფალი იესო ქრისტე გვასწავლის. თუ გასულ კვირას უძღები შვილის იგავით ეკლესიამ გაგვახსენა ღმერთის მოწყალება და სიყვარული, დღეს ჩვენ მოგვიწოდებს სულიერი სიფხიზლისკენ, რომ დავფიქრდეთ, რადგან არ ვიცით, როდის დადგება ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი ჟამი და გვექნება თუ არა დრო და საშუალება, რწმენითა და სინანულით მივმართოთ უფალს. ამიტომ წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, მოვიკრიბოთ ძალები მარხვის წინ, თავი დავაღწიოთ ამ ყოველდღიური საზრუნავების მორევს და დავფიქრდეთ მთავარზე: ჩვენს სულზე, მომავალ მარადიულ ცხოვრებაზე, იმაზე, თუ რას ვთესავთ ჩვენს ცხოვრებაში და რა უნდა მოვიმკათ. და აი, ამ იგავით წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, რომ მოვემზადოთ სინანულისა და ღმერთთან შეხვედრისთვის.“  

CNN: 2022 წლის მიწურულს აშშ ემზადებოდა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე პოტენციური ბირთვული დატყმისთვის

ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ექსკლუზიური მასალების მიხედვით, 2022 წლის ბოლოს აშშ-მ დაიწყო "აქტიური მზადება" რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ბირთვული იარაღით მიტანილი პოტენციური დარტყმისთვის, რაც იქნებოდა პირველი ატომური თავდასხმა ომის დროს მას შემდეგ, რაც თითქმის 80 წლის წინ აშშ-მ ატომური ბომბები ჩამოაგდო ჰიროსიმასა და ნაგასაკიში. ამის შესახებ CNN-ს ადმინისტრაციის ორმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა ინფორმაცია. წყაროების თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია განსაკუთრებით შეშფოთებული იყო რუსეთის მხრიდან ტაქტიკური ან საბრძოლო ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობით. ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ვარაუდამდე მივიდა არა ერთი ინდიკატორით, არამედ რამდენიმე პროცესით, ანალიზით და მნიშვნელოვანი სადაზვერვო მონაცემებით. ამასთან, ადმინისტრაციის შიში მხოლოდ ჰიპოთეზას არ ეფუძნებოდა და ის გარკვეული ინფორმაციით საზრდოობდა. 2022 წლის გვიანი ზაფხულიდან გვიანდელ შემოდგომამდე პერიოდში, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს რამდენიმე შეხვედრა გამართა შესაბამისი გეგმების შემუშავების მიზნით - ვკითხულობთ CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 2022 წლის ზაფხულის ბოლოს რუსეთის ძალების საქმე უკრაინაში ცუდად იყო - უკრაინელი მეომრები უტევდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონს, ქვეყნის სამხრეთში, უკრაინის სამხედროების წინსვლის ფონზე რუსეთის დანაყოფები ალყის შემორტყმის საფრთხეში იყვნენ. ადმინისტრაცია თვლიდა, რომ რუსეთის მიერ ხერსონის დაკარგვა - რომელიც, პუტინის აზრით, ახლა რუსეთის ტერიტორიის ნაწილი იყო - შეიძლებოდა გამხდარიყო პოტენციურ ნიშნულად ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის. ამასთან, დასავლეთის სადაზვერვო სამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის მიმდინარეობდა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული დარტყმის მიტანის შესაძლებლობის განხილვა. „თუმცა აშშ-ს არცერთხელ არ მოუპოვებია სადაზვერვო ცნობები, რომ რუსეთი ნაბიჯებს დგამდა თავისი ბირთვული ძალების მობილიზაციაში მოსაყვანად, ამგვარი შეტევის განხორციელების მიზნით,“ - წერს CNN.