ძებნის რეზულტატი:
კულება: ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია, ამით ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა რომის პაპის ინიციატივას უკრაინისა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობის შესახებ. დმიტრო კულება წერს, რომ უკრაინა არ აპირებს თეთრი დროშის აწევას. უკრაინელი დიპლომატი მოუწოდებს ყველას, წარსულის შეცდომებს თავი აარიდონ და მხარი დაუჭირონ უკრაინას და მის ხალხს. „ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც სიკეთესა და ბოროტებას შორის ომში სიკეთის მხარეს დგას, ვინც არ ცდილობს ამ ორი მხარის ერთ სიბრტყეზე დაყენებას "მოლაპარაკება" უწოდოს. ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია. ეს არის დროშა, რომლითაც ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ. ჩვენ არასოდეს ავწევთ სხვა დროშებს," - წერს უკრაინელი დიპლომატი და მადლობას უხდის რომის პაპს მშვიდობისთვის ლოცვების გამო. კულება ასევე იმედს გამოთქვამს, რომ პაპი ფრანცისკე იპოვის დროს და ესტუმრება უკრაინას იქ მცხოვრები კათოლიკების გასამხნევებლად.
საფრანგეთმა იპოვა მოკავშირეები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც უკრაინაში ჯარების პოტენციური გაგზავნისთვის მზად არიან - Politico
საფრანგეთი აყალიბებს ქვეყნების ალიანსს, რომლებიც მზად არიან უკრაინაში დასავლური ჯარების პოტენციური გაგზავნისთვის, რითაც ამ პროცესში უფრო ფრთხილ ბერლინთან დაპირისპირებას გააღრმავებს. შესაბამის სტატიას Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე ლიეტუვაში შეხვდა თავის კოლეგებს უკრაინიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რათა განეხილათ მათი ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის იდეა, მათ შორის, ტერიტორიების განაღმვაში დასახმარებლად. როგორც ცნობილია, მაკრონმა არ გამორიცხა უკრაინაში უცხოური ჯარები გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ბერლინი და მრავალი სხვა დედაქალაქი ამის წინააღმდეგია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინა ჯარების გაგზავნას არ გვთხოვს, ახლა უკრაინა საბრძოლო მასალას ითხოვს „რუსეთმა ვერ უნდა გვითხრას, როგორ უნდა დავეხმაროთ უკრაინას უახლოეს თვეებში ან წლებში,“ - აღნიშნა სეჟორნემ შეხვედრაზე, რომელსაც უძღვებოდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და რომელსაც ასევე ესწრებოდა მისი უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება. „ორგანიზება იმისა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ან წითელი ხაზები სად გავავლოთ, რუსეთს არ ევალება. ეს ჩვენ შორის უნდა გადავწყვიტოთ,“ - აღნიშნა სეჟურნემ. საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი ადრინდელი გაანცხადება კი, ცოტა ხნის წინ განმარტა და აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგების შესახებ განცხადებები “მოზომილი და გააზრებული” იყო. კერძოდ, მაკრონს კომენტარის გაკეთება სთხოვეს მის განცხადებაზე, რომელიც მან პარიზში მოკავშირეების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ “არ შეიძლება, გამოვრიცხოთ” უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების გაგზავნა. „ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვამბობ, არის გაზომილი და გააზრებული,” - განაცხადა მაკრონმა. NATO-ს ქვეყნების უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ, უკრაინაში მათი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა გამორიცხეს. უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა NATO-ს გენერალურმა მდივანმაც გამორიცხა. მაკრონის სიტყვები დადებითად შეაფასეს ბალტიისპირეთის კიდევ ერთ ქვეყანაში, ლიეტუვაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ მადლობელი იყო ამ ინიციატივისთვის და დაამატა, რომ "არცერთ შესაძლებლობაზე არ უნდა ითქვას უარი. 8 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლეთის სახელმწიფოების ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა და აღნიშნა, რომ რაღაცის არგამორიცხვა მის გაკეთებას არ ნიშნავს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მაკრონის სიტყვების უკან კარგი ზრახვებია. რადოსლავ სიკორსკის თქმით, უკრაინაში NATO-ს ძალების ყოფნა "არ არის წარმოუდგენელი" და, რომ ის აფასებს საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან ამ იდეის არგამორიცხვას. მაკრონი მზადაა, ჯარი გაგზავნოს უკრაინაში, თუ ფრონტის ხაზი ოდესაში ან კიევში გაივლის - მედია
შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 10 მილიონ ტონას მიაღწევს - ყაზახეთის პრეზიდენტი
შუა დერეფნის გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 10 მილიონ ტონას მიაღწევს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებში ქვეყნების როლი ტრანსკონტინენტური ვაჭრობის ხელშეწყობასა და განვითარებაში სწრაფად იზრდება. „რუკაზე სწრაფი გადახედვაც კი მიუთითებს ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობაზე. ამიტომ, ყაზახეთი, ისევე როგორც აზერბაიჯანი ახორციელებს აქტიურ პოლიტიკას ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალის გასაძლიერებლად. ეს ჩვენთვის სტრატეგიული ამოცანაა. 2030 წლისთვის ვაპირებთ 11 ათასი კილომეტრის შეკეთებას და 5 ათას კმ-ზე მეტი ახალი რკინიგზის აშენებას. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის სატრანსპორტო შესაძლებლობებს. დღეს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ანუ ე.წ. შუა დერეფნის როლი ტრანსკონტინენტური ვაჭრობის ხელშეწყობასა და განვითარებაში სწრაფად გაიზარდა. ამას მოწმობს ამ მარშრუტით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა, რომელიც გაორმაგდა 2022 წელს, ხოლო 2023 წელს კიდევ 65%-ით და 2,7 მლნ ტონა ტვირთამდე (2022 წელი – 1,7 მლნ ტონა) გაიზარდა. მომავალში, ჩვენ ველოდებით, რომ ეს დონე 10 მილიონ ტონას მიაღწევს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩვენი საზღვაო ნავსადგურების ფართომასშტაბიან მოდერნიზაციას კასპიის სანაპიროზე. გარდა ამისა, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სარკინიგზო ორგანიზაციების მიერ ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდის მიზნით, შეიქმნა ერთობლივი საწარმო, შპს Middle Corridor Multimodal, რომელიც მომსახურებას „ერთი ფანჯრის“ ფორმატში გაუწევს. მარშრუტის გასწვრივ გამოყენებული იქნება უახლესი ციფრული ტექნოლოგიები. ამისათვის ჩვენ ჩავრთეთ მრავალეროვნული სინგაპურის კომპანია PSA, რომელმაც შექმნა უწყვეტი ციფრული დერეფანი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ისეთ გლობალურ მოთამაშეებთან, როგორიცაა, Huawei, Wabtec და Alstom, რათა დავნერგოთ ინოვაციური გადაწყვეტილებები სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში,“ აღნიშნა თოყაევმა. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში
„20 დღე მარიუპოლში“ - უკრაინულმა დოკუმენტურმა ფილმმა „ოსკარი“ მიიღო
ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად უკრაინელი მსტისლავ ჩერნოვის „20 დღე მარიუპოლში“ აღიარა. ის ისტორიაში პირველი უკრაინული ფილმია, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ კინოპრემიად მიჩნეული „ოსკარი“ მიიღო. 10 მარტს ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოაკადემიის პრიზებით დაჯილდოების 96-ე ცერემონიაზე გამოსვლისას მსტისლავ ჩერნოვმა განაცხადა, რომ მისი სურვილი იქნებოდა, ეს ფილმი არასდროს გადაეღო და „ოსკარი“ გაეცვალა იმაში, რომ რუსეთი არასდროს შეჭრილიყო უკრაინაში. „მაგრამ, ერთად შეგვიძლია გავაკეთოთ ისე, რომ სიმართლემ გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!“ - მიმართა მან აუდიტორიას. მსტისლავ ჩერნოვი, როგორც სააგენტო Associated Press-ის ჟურნალისტი, ფოტოგრაფ ევგენი მალოლეტკასა და პროდიუსერ ვასილისა სტეპანენკოსთან ერთად ქალაქ მარიუპოლში 2022 წლის 23 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე ერთი დღით ადრე გაემგზავრა. მსოფლიომ დიდწილად მათი წყალობით შეიტყო, რა ხდებოდა მარიუპოლში 2022 წლის გაზაფხულზე, როცა რუსეთის ჯარებმა ქალაქი ალყაში მოაქციეს და დღითიდღე ანადგურებდნენ. უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი დღეს რუსეთის მიერაა ოკუპირებული. „20 დღე მარიუპოლში“ საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად აღიარეს დიდ ბრიტანეთშიც. 2024 წლის თებერვალში ფილმმა ბრიტანული კინოპრემია BAFTA მიიღო. „20 დღე მარიუპოლში“ რუსეთის ჯარების მიერ ალყაშემორტყმულ ქალაქზეა.
ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა
ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. „როგორც მოგეხსენებათ, გასული ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესარჩევად. ამ ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ასევე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან. კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ის, თუ რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი. ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი იყო ორად გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი აუცილებლად სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. მეორე ნაწილი ზუსტად ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა. კონსულტაციების საფუძველზე მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. საბოლოოდ, უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების, გამოცდილების მიმართ განსაკუთრებული ნდობა მაქვს. მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა ბატონი მიხეილ სარჯველაძე. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. 2012 წლამდე ბატონი მიხეილი ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, 20121 წლის შემდეგ მას საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. შეგახსენებთ, მიხეილ სარჯველაძე იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი. მოგვიანებით, ის იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 21012 წლიდან ის გახლავთ საპარლამენტო გუნდის წევრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. მინდა, წარმატებები ვუსურვო მიხეილ სარჯველაძეს, რომელიც დღეიდან რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას გაუძღვება. ეს არის ჯანდაცვა, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, დევნილების ინტერესების დაცვა, დასაქმება და შრომის საკითხები. გამოწვევა არის უამრავი. ყველა მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მისი პროფესიონალიზმი და გამორჩეული პიროვნული თვისებებით იქნება საუკეთესო მინისტრი და მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანს ამ დარგს“, - განაცხადა კობახიძემ. მიხეილ სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ჟორჟოლიანი იქნება. ლევან ჟორჟოლიანი თბილისის საკრებულოს დეპუტატია 2017 წლიდან. ის მე-6 და მე-7 მოწვევის საკრებულოებში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. ჟორჟოლიანი მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა. კანონმდებლობის მიხედვით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ მას საკრებულოში თანამდებობის დატოვება მოწევს. 2024 წლის პირველ მარტამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე იყო. მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 29 თებერვალს მოაწერა.
პრემიერ-მინისტრს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია იქნება, ხოლო ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. პრემიერის გადაწყვეტილებით, შეიცვალა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსიც. „მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა გიორგი ქაჯაია, ხოლო პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი განმარტებით, ზურაბ აბაშიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების თაობაზე. „მოგეხსენებათ, ის წლების განმავლობაში იყო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ემსახურებოდა ამ საქმეს. ძალიან დიდი წარმატებით, ძალიან სერიოზული მიღწევები გვქონდა ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მისი ძალისხმევით, მისი მონაწილეობით, ჩართულობით და მას მინდა მადლობა გადავუხადო მრავალწლიანი სამსახურისთვის სახელმწიფოს წინაშე და მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ თანამდებობაზე. ზურაბ აბაშიძე დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას. მადლობა მინდა ვუთხრა იმისთვის, რომ დათანხმდა ჩემს შემოთავაზებას ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა კობახიძემ. ზურაბ აბაშიძეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი 2012 წლის ბოლოდან ეკავა. ის "აბაშიძე- კარასინის" ფორმატში მოლაპარაკებებს მართავდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის ახალ ხელმძღვანელად მამუკა მერკვილაძე დაინიშნა.
პეტრ პაველი: 800 000 საარტილერიო ჭურვი უკრაინას უახლოეს კვირებში გადაეცემა
დაპირებული 800 000 საარტილერიო ჭურვი, რომელიც ჩეხეთმა ევროკავშირის გარეთ მოიძია, უახლოეს კვირებში გადაეცემა კიევს, - Bild-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა. ჩეხეთის ლიდერის თქმით, მიწოდების ამ ვადაში განხორციელება შესაძლებელია, თუ „ფუნდამენტური პრობლემები" არ იქნება. ამასთან, პეტრ პაველი არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყნებს შეუძლიათ ასეთი რაოდენობის საბრძოლო მასალის მიწოდება. ცნობისთვის, მანამდე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეხეთის მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა უკრაინისთვის მისაწოდებელი საბრძოლო მასალის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მოძიებას. შედეგად, შესაძლებელი გახდა 155 მმ კალიბრის დაახლოებით 500 ათასი ჭურვის და 122 მმ კალიბრის 300 ათასი ჭურვის მოძიება. მიწოდების წყაროები უცნობია, ანალიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნებს ასახელებენ, დაწყებული სამხრეთ კორეიდან დამთავრებული აფრიკის ქვეყნებამდე.
ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ მოხსნეს მთავრობის ადმინისტრაციის წინ რკინის ღობე
„მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი და ეს გახდა სწორედ ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი, ვიზუალურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება დღეს ის ეზო, რომელიც არის კანცელარიის წინ,“ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დამონტაჟებული ღობის მოხსნის შესახებ. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ღობე, რომელიც მოხსნეს, ერთ-ერთ საგანმანათლებლო ობიექტს გადაეცემა. „რაც შეეხება ღობის საკითხს, იყო მთელი რიგი სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები. ღობესაც აქვს თავისი პლუს-მინუსები და ღობის არარსებობასაც აქვს თავისი პლუს-მინუსები. ბუნებრივია, მე მქონდა კონსულტაციები, მათ შორის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. საბოლოო ჯამში, მე მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი და ეს გახდა სწორედ ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი, ვიზუალურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება დღეს, ის ეზო, რომელიც არის კანცელარიის წინ. აქედან გამომდინარე. მე ვფიქრობ,რომ უპირატესობა უნდა მიგვენიჭებინა სწორედ ამ გადაწყვეტილებისთვის. ასევე, იყო სპეკულაციები ხარჯებთან დაკავშირებით, თითქოს 200 000 ლარი გადაყარა სახელმწიფომ ამ ღობის მონტაჟში და მერე დემონტაჟში, რაც არის აბსოლუტურად არასწორი. ერთადერთი დამატებითი ხარჯი, რაც გვქონდა, ეს იყო ღობის მონტაჟისა და დემონტაჟის ხარჯი, რაც შეეხება თვითონ კონსტრუქციას ეს არ დაიკარგება, ერთ-ერთ საგანმანათლებლო ობიექტს გადაეცემა უახლოეს მომავალში. შესაბამისად, 200 000 ლარის გაფლანგვა არის აბსოლუტურად ყალბი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით,“ -განაცხადა კობახიძემ. ირაკლი ღარიბაშვილი: დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაური ზის დაუცველ, ღობის გარეშე შენობაში
მთავრობა: ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში არიან
საქართველოს მთავრობის განცხადებით, „გაუგებარია, რატომ იღებს უკრაინის ხელისუფლება იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორი მეგობარი ქვეყნისა და ხალხის ერთმანეთისგან ხელოვნურად დაშორებისკენ არის მიმართული.“ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. „ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის ფონზე, გვინდა გამოვთქვათ ღრმა წუხილი და შეშფოთება იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება უკრაინის მეგობარი ქვეყნის - საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ ავლენს. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა ომშია ჩართული და რუსეთის სამხედრო აგრესიისგან იცავს თავს, უკრაინის ხელისუფლების ამ დამოკიდებულების შესახებ პოზიციის დაფიქსირებისგან დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდით თავს. თუმცა, ბრიუსელსა და ბერლინში უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის შემდეგ, იძულებული ვართ, ჩვენი პოზიცია მკაფიოდ გამოვხატოთ. გასული 2 წლის განმავლობაში საქართველო ურყევად უცხადებდა სოლიდარობას უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელ ხალხს და გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას ჩვენ მეგობარ ქვეყანაში. საქართველო ოფიციალურად შეუერთდა საერთაშორისო პლატფორმებზე შემუშავებულ 600-ზე მეტ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას ითვალისწინებდა. გარდა ამისა, საქართველო დღემდე ფართო ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ამ ფონზე, დასანანი და ღრმად შემაშფოთებელია უკრაინის ხელისუფლების მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც უხეშად უპირისპირდება ტრადიციულ მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არის ჩამოყალიბებული: უკრაინის ხელისუფლებამ, სანქციების არდაწესებისა და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნის გაუგებარი საბაბით, 2022 წლის 1 მარტს საქართველოდან გაიწვია უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში; უკრაინის ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის მომაკვდავ მდგომარეობაში ყოფნის ყალბი საბაბით, 2023 წლის 3 ივლისს უკრაინა დაატოვებინა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უკრაინაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელჩი იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ უცხოელ დიპლომატთაგანი, რომელიც ომის დაწყების დღიდან კიევში დარჩა და უკრაინას ერთი დღითაც არ ტოვებდა; უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა არაერთი განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესახებ, რომელიც მისი პატიმრობის, თითქოსდა, პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებდა, მათ შორის, გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ „რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავდა მიხეილ სააკაშვილს“; უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ პირები, რომლებზეც გამოცხადებულია ძებნა ან რომლებსაც შეფარდებული აქვთ სასჯელი სხვადასხვა დანაშაულისთვის. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობაზე ზურაბ ადეიშვილისა და უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ლორთქიფანიძის ყოფნა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირები ხელმძღვანელობდნენ საქართველოს წინა ხელისუფლების ავტორიტარულ რეჟიმს, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა იმსხვერპლა. ზურაბ ადეიშვილი მსჯავრდებულია ღვინის ქარხნის უკანონო ჩამორთმევის, ტელეკომპანია „იბერიას“ ხელში ჩაგდების, კობა დავითაშვილის გატაცებისა და მასზე სასტიკი ძალადობის, პატიმრების წამების და „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეებზე, ხოლო ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისა და მიტაცების, 2007 წლის 7 ნოემბრის ძალადობის და ბუტა რობაქიძის მკვლელობის დანაშაულის დაფარვის საქმეებზე. გიორგი ლორთქიფანიძე ბრალდებულია 2011 წლის 26 მაისის ძალადობის და საზღვრის უკანონო კვეთაში მიხეილ სააკაშვილის დახმარების საქმეებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურამ უკრაინულ მხარეს არაერთგზის მიმართა ამ პირების გადაცემის შესახებ, უკრაინის ხელისუფლებამ არ გამოავლინა აუცილებელი პატივისცემა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ და საქართველოს დამნაშავეები არ გადასცა. საქართველოს მთავრობისთვის გაუგებარია, რატომ იღებს უკრაინის ხელისუფლება იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორი მეგობარი ქვეყნისა და ხალხის ერთმანეთისგან ხელოვნურად დაშორებისკენ არის მიმართული. გამოვთქვამთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას, ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის. უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ღრმად გვწამს, რომ როგორი გადაწყვეტილებებიც არ უნდა მიიღონ პოლიტიკოსებმა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულ მეგობრობას ვერაფერი შეარყევს,“ - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინაში სახლებისა და ეკლესიების ბევრი თეთრი კედელი ახლა დამწვარი და დანგრეულია, ეს მეტყველებს იმაზე, თუ ვინ უნდა გაჩერდეს ომის დასასრულებლად - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ რუსი მკვლელები და მწამებლები არ მიდიან ევროპაში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ აკავებენ უკრაინელები, რომლებიც იარაღით ხელში და ლურჯი და ყვითელი დროშის ქვეშ იბრძვიან. ზელენსკის თქმით, უკრაინაში სახლებისა და ეკლესიების თეთრი ბევრი კედელი იყო, რომელიც ახლა დამწვარი და დანგრეულია რუსული ჭურვებით და ეს ძალიან მჭევრმეტყველად საუბრობს იმაზე, თუ ვინ უნდა გაჩერდეს ომის დასასრულებლად. „ნებისმიერი, ვინც იცავს სიცოცხლეს და ადამიანებს, ასრულებს ყველაზე საპატიო შესაძლო მისიას ასეთი არაადამიანური შემოსევის ფონზე. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს დაცვას, უკრაინელ დამცველებს. როდესაც 24 თებერვალს რუსულმა ბოროტებამ ეს ომი დაიწყო, ყველა უკრაინელი ფეხზე დადგა თავდაცვისთვის - ქრისტიანები, მუსლიმები, ებრაელები - ყველა. მადლობას ვუხდი ყველა უკრაინელ კაპელანს, რომელიც ჯარშია, თავდაცვის ძალებშია. ისინი ფრონტზე არიან, იცავენ სიცოცხლეს და კაცობრიობას, მხარს უჭერენ ლოცვით, საუბრით და საქმით. აი, რა არის ეკლესია - ის ხალხთან ერთად დგას და არა სადღაც ორნახევარი ათასი კილომეტრის მოშორებით, სადღაც იქ ვირტუალურ შუამავლობაში ჩართული მათ შორის, ვისაც ცხოვრება სურს და ვისაც შენი განადგურება სურს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, მადლობას უხდის ყველას, ვინც ყველაფერს აკეთებს უკრაინაში ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ვინც ქვეყანას ეხმარება და ნამდვილად უკრაინელებთან დგას მოქმედებებითა და ლოცვებით. კულება: ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია, ამით ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ
შსს ნარკოდანაშაულში ბრალდებული 8 პირის დაკავების შესახებ იუწყება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და მათი უკანონო რეალიზაციის მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1975 წელს დაბადებული გ.ბ., 1995 წელს დაბადებული ქ.ჩ., 2001 წელს დაბადებული ჯ.კ., 2002 წელს დაბადებული ო.ს., 1999 წელს დაბადებული დ.გ., 1985 წელს დაბადებული ბელარუსის მოქალაქე მ.მ. , წარსულში ნასამართლევები: 1981 წელს დაბადებული ნ.ზ. და 2001 წელს დაბადებული გ.გ. „სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, დაკავებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ო.ს. - ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები “კოკაინი”, „მდმა“, „მარიხუანა“, „ექსტაზი” „ლსდ“, ,,პსილოციბინი” და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, გ.გ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს 12 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის - „ტელეგრამის“ გამოყენებით ახდენდა. ამავე სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული ჯ.კ. - ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 34 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი", რომლის განთავსებასაც ბრალდებული სხვადასხვა ლოკაციაზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით გეგმავდა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველო თანამშრომლებმა თბილისში, გ.ბ. - ს და ქ.ჩ. - ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად და მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები "ალფა პვპ" და "მეფედრონი", ასევე, ფსიქოტროპული საშუალება „კეტამინის“ შემცველი ნივთიერება. სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო პოლიციამ გ.ბ. - ს ავტომობილის ჩხრეკის შედეგადაც. ამასთან, ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორები. გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს დ.გ.-ც. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული 26 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. გარდა ამისა, პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, დაკავებულის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ განთავსებული კიდევ 9 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება. ამავე სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული ნ.ზ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი, ნივთმტკიცებად ამოღებულია 8 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მ.მ. - ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი". მ.მ. - ს საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 261-ე,18-261-ე მუხლებით, ასევე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,“ აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობა: ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია
საქართველოს მთავრობის განცხადებით, ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა გამოხატავს შეშფოთებას ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართული ვიზიტებისა და შეხვედრების გამო, რომლებშიც, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში, ქართული მართლმსაჯულების მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირი, ზურაბ ადეიშვილი მონაწილეობდა. „ზურაბ ადეიშვილი იყო იმ რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი, რომელიც წლების მანძილზე ფეხქვეშ თელავდა დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და სასამართლოს დამოუკიდებლობას საქართველოში. აღნიშნულმა რეჟიმმა მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიწირა. ზურაბ ადეიშვილი მსჯავრდებულია ღვინის ქარხნის უკანონო ჩამორთმევის, ტელეკომპანია „იბერიას“ ხელში ჩაგდების, კობა დავითაშვილის გატაცებისა და მასზე სასტიკი ძალადობის, პატიმრების წამების და „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეებზე, ხოლო ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისა და მიტაცების, 2007 წლის 7 ნოემბრის ძალადობის და ბუტა რობაქიძის მკვლელობის დანაშაულის დაფარვის საქმეებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია. შესაბამისად, აღნიშნული მოვლენა პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 პრიორიტეტიდან პირველივე პრიორიტეტის სულისკვეთებას, რომელიც საქართველოში ანტიევროპული განწყობის გაძლიერების პრევენციას ითვალისწინებს. ანალოგიურად, ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ხელს უწყობს ევროკავშირის ტერიტორიაზე სხვა დამნაშავეებისა და ძებნილების თავისუფალი მიმოსვლა, რომელთა ნაწილზე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი დღესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ უმძიმეს დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ჩართული. საქართველო არის ერთგული პარტნიორი და აქვს მოლოდინი, რომ მომავალში ევროპული სტრუქტურები და ბიუროკრატია გამოავლენენ მეტ გულისხმიერებას და ერთგულებას იმ ფასეულობების მიმართ, რომლებსაც ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაეფუძნა,“ - ნათქვამია განცხადებაში ევროკავშირის წარმომადგენლობა: უკრაინის გენერალურ პროკურორთან გერტ იან კოპმანის შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა
უკრაინა ევროპაში იარაღის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდა - SIPRI
ბოლო წლებში რუსეთის იარაღის ექსპორტი თითქმის განახევრდა და საფრანგეთმა მას გადაუსწრო იარაღის მიმწოდებლების რეიტინგში. ამავდროულად, უკრაინა ევროპაში იარაღის უმსხვილესი იმპორტიორი გახდა. ამას მოწმობს სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემები, რომლებსაც უკრაინული მედია ასაჯაროებს. თავის წლიურ ანგარიშში SIPRI 2019-2023 და 2014-2018 წლებს ადარებს და დრამატულ ცვლილებაზე მიუთითებს. კერძოდ, აშშ-ის იარაღის ექსპორტი 17%-ით გაიზარდა 2014-18 და 2019-23 წლებში, ხოლო მისი წილი შეიარაღების მთლიან გლობალურ ექსპორტში 34%-დან 42%-მდე გაიზარდა. 2019-დან 2023 წლამდე შეერთებულმა შტატებმა ძირითადი იარაღი 107 ქვეყანას მიაწოდა, მეტი ვიდრე ნებისმიერ წინა პერიოდში. 2019-2023 წლებში ევროპის ქვეყნების მიერ შემოტანილი იარაღის დაახლოებით 55% შეერთებულ შტატებზე მოდის, რაც 20%-ით მეტია 2014-2018 წლებთან შედარებით. ექსპორტიორებს შორის მეორე ადგილი საფრანგეთმა დაიკავა და რუსეთი ჩაანაცვლა. მისი იარაღის ექსპორტი გაიზარდა 47%-ით, ხოლო მისი წილი გლობალურ მიწოდებაში 11%-მდე გაიზარდა (7.2% 2014-2018 წლებში). ფრანგული იარაღის ექსპორტის ზრდა დიდწილად განპირობებული იყო ინდოეთში, ყატარსა და ეგვიპტეში საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებით. რუსეთმა იარაღის გლობალური მიმწოდებლების რეიტინგში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. 2019-2023 წლებში რუსეთიდან იარაღის ექსპორტი თითქმის (53%-ით) განახევრდა. რუსეთის წილი გლობალურ მარაგებში 10%-ით შემცირდა, რითაც საფრანგეთს გაუტოლდა. ანგარიშის მიხედვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსული სამხედრო ექსპორტის კლება სწრაფად მიმდინარეობდა. მაშინ, როცა 2019 წელს რუსეთი იარაღს 31 სახელმწიფოს აწვდიდა, 2023 წელს კი, ეს რიცხვი მხოლოდ 12-ს შეადგენდა. ამავდროულად, რუსეთის იარაღის ექსპორტის მხოლოდ ორი მესამედი სამ ქვეყანაში გადიოდა: ინდოეთი (34%), ჩინეთი (21%) და ეგვიპტე (7,5%). „უკრაინა 2019–23 წლებში იარაღის უმსხვილესი ევროპული იმპორტიორი და მსოფლიოში მეოთხე ასეთი ქვეყანა გახდა, მას შემდეგ, რაც სულ მცირე 30-მა სახელმწიფომ 2022 წლის თებერვლიდან უკრაინას სამხედრო დახმარების სახით ძირითადი იარაღი მიაწოდა,“ - ნათქვამია მოხსენებაში. უკრაინის წილი გლობალური იარაღის იმპორტში 4,9% იყო, 2014-2018 წლებში 0,1%-თან შედარებით. ამასთან, სამხედრო იმპორტის მთლიანმა ზრდამ ამ პერიოდში რეკორდულ 6633%-ს მიაღწია. SIPRI-ის მონაცემებით, კიევისთვის იარაღის მთავარი მომწოდებლები იყვნენ შეერთებული შტატები (39%), გერმანია და პოლონეთი (14% და 13%, შესაბამისად). მანამდე SIPRI-მ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, იარაღის შეკვეთების გაზრდის მიუხედავად, 2022 წელს იარაღის უმსხვილესი მწარმოებლების მთლიანი შემოსავალი წინა წელთან შედარებით შემცირდა.
შვეიცარიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური: რუსეთი ყველაზე დიდ ჯაშუშურ საფრთხეს წარმოადგენს
შვეიცარიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური (FIS) აცხადებს, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახური ყველაზე დიდ ჯაშუშურ საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ Swiss Info FIS-ის სპიკერის კომენტარზე დაყრდნობით წერს. ”შპიონაჟის ყველაზე დიდი საფრთხე მოდის რუსეთის სადაზვერვო სამსახურებზე,” - განუცხადა ფედერალური დაზვერვის სამსახურის (FIS) სპიკერმა სონია მარგელისტმა გაზეთ SonntagsZeitung-ს. მისი თქმით, ონლაინ ჯაშუშობის გარდა, შვეიცარიაში ინფორმაციის შეგროვების მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანური რესურსების გამოყენებაზე მოდის. „ამ საქმიანობებისთვის განსაკუთრებით, რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები გამოიყენება,“ - განაცხადა მარგელისტმა. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიაში აკრედიტებული რუსი დიპლომატების რაოდენობა (218) სტაბილური დარჩა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, FIS-ის ანგარიშის შეფასებით, ამ თანამშრომლების სულ მცირე მესამედი რუსეთის დაზვერვის სამსახურებში მუშაობს.
ორბანი: ტრამპი, გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინა-რუსეთის ომისთვის ერთ პენსაც კი არ გასცემს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი ერთ პენსაც არ გასცემს უკრაინა-რუსეთის ომისთვის, თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. გამოცემა M1-თან ინტერვიუში ორბანმა განაცხადა, რომ ტრამპი იყო დიდი ხნის განმავლობაში პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ომი არ დაუწყია. „ვიცით, რომ მშვიდობის ადამიანია და ახლაც არ მალავს თავის შეხედულებებს, ნათლად აჩვენა, რომ მისი მიზანია მშვიდობის მოტანა რუსეთსა და უკრაინას შორის ომში და ჩვენ არაფერი გვინდა მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის გარდა,“ - განაცხადა ორბანმა. ორბანის განცხადებით, ტრამპს აქვს საკმაოდ დეტალური გეგმები, როგორ დაასრულოს რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გეგმები შეესაბამება უნგრეთის ინტერესებს. „მას აქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რომელსაც ძნელია არ დაეთანხმო. ის ამბობს შემდეგს: ჯერ ერთი, რუსეთ-უკრაინის ომისთვის ერთ პენსაც არ გასცემს. ამიტომ ომი დასრულდება, რადგან აშკარაა, რომ უკრაინას დამოუკიდებლად ფეხზე დგომა არ შეუძლია. თუ ამერიკელები ევროპელებთან ერთად ფულს და იარაღს არ მისცემენ უკრაინას, ომი დასრულდება და თუ ფულს ამერიკელებიც არ მისცემენ უკრაინას, მაშინ ევროპელები მარტო ვერ დააფინანსებენ ამ ომს და ომი დასრულდება,“ - აღნიშნა ორბანმა. ორბანი ტრამპს სთხოვს, „დაბრუნდეს და მშვიდობა მოიტანოს"
საგარეო უწყება ადეიშვილზე: ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს ქართული მხარის შეშფოთება ოფიციალურად გადაეცათ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო. „როგორც ელჩებს განემარტათ ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი გახმაურებულ საქმეებზე და სამწუხარო ფაქტია, რომ პირი, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები მიმართული იყო დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო პრინციპების წინააღმდეგ ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალურ ფორმატებში იღებს მონაწილეობას, რაც ბუნებრივია, სამართლიან შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში და ხელს არ უწყობს ანტიდასავლური განწყობების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ეფექტიანობას. შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების მხრიდან მომავალში სათანადო რეაგირება მიეცემა მსგავს ფაქტებს. საგარეო უწყებაში ელჩებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა მჭიდროდ ითანამშრომლონ, როგორც ორმხრივი ურთიერთობის აქტიური დღის წესრიგის საკითხების ირგვლივ, ასევე საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პროცესში პროგრესისთვის,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მთავრობა: ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია ევროკავშირის წარმომადგენლობა: უკრაინის გენერალურ პროკურორთან გერტ იან კოპმანის შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა
„ალ-ქაიდას“ იემენის განშტოებამ ლიდერის დაიღუპვის შესახებ გამოაცხადა
დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ იემენის განშტოების ლიდერი ხალიდ ალ-ბატარფი დაიღუპა. ამის შესახებ ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაშია აღნიშნული. მის ადგილს საად ბინ ატეფ ალ-ავლაკი დაიკავებს. „ალ-ქაიდას“ იემენის განშტოება ხალიდ ალ-ბატარფის სიკვდილის მიზეზებზე არ საუბრობს. ცნობისთვის, შეერთებულ შტატებს ალ-ბატარფი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ, ჯილდოს სახით 5 მილიონი დოლარი, საად ბინ ატეფ ალ-ავლაკზე კი - 6 მილიონი დოლარი აქვს დაწესებული. აშშ-ში აცხადებენ, რომ ალ-ავლაკი შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებზე თავდასხმებისკენ საჯაროდ მოუწოდებს.
„უკრაინა დაჭრილია, მაგრამ არა - დაპყრობილი“ - უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი
უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი, კიევ-გალიციის მთავარეპისკოპოსი სვიატოსლავ შევჩუკი რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ უკრაინა დაჭრილია, თუმცა ის არ არის დაპყრობილი. „უკრაინა დაჭრილია, მაგრამ არა - დაპყრობილი! უკრაინა გამოფიტულია, მაგრამ ფეხზე დგას და კვლავ ასე დადგება!“ ამბობს შევჩუკი. კულება: ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია, ამით ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ უკრაინაში სახლებისა და ეკლესიების ბევრი თეთრი კედელი ახლა დამწვარი და დანგრეულია, ეს მეტყველებს იმაზე, თუ ვინ უნდა გაჩერდეს ომის დასასრულებლად - ზელენსკი
მაკრონი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა. ამის შესახებ AFP ელისეის სასახლეზე დაყრდნობით იტყობინება. მანამდე მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა. საუბრისას მაკრონმა ასევე დაადასტურა „მისი სურვილი, გააგრძელოს ძალისხმევა შორი დისტანციური იარაღის კოალიციის სწრაფად შესაქმნელად და ასევე მხარი დაუჭიროს უკრანისთვის ჩეხური საბრძოლო მასალის მიწოდების ინიციატივას.“ საფრანგეთის პრეზიდენტმა „ასევე დაადასტურა აშშ-სა და საფრანგეთის თავმჯდომარეობით შექმნილი კოალიციის „არტილერია უკრაინისთვის“ ფარგლებში მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა. საფრანგეთის პრეზიდენტმა თებერვალში გამოაცხადა უკრაინაში ვიზიტის გეგმები „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ შეთანხმების დასასრულებლად. ვიზიტის კონკრეტული თარიღი ამ დროისთვის უცნობია. მაგრამ შემდეგ ვიზიტი "უსაფრთხოების მიზეზების გამო" გადაიდო. 16 თებერვალს მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის პარიზში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ უკრაინაში ჩასვლის განზრახვას არ უტოვებდა და ამას უახლოეს მომავალში გააკეთებს. საფრანგეთმა იპოვა მოკავშირეები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც უკრაინაში ჯარების პოტენციური გაგზავნისთვის მზად არიან - Politico
ლიეტუვაში მფლობელებს, შესაძლოა, რუსული სანომრე ნიშნის მქონე 50-მდე ავტომობილი ჩამოართვან
11 მარტიდან ლიეტუვაში შესაძლოა, რუსული ნომრით მანქანების ჩამორთმევა დაიწყოს. მედიის ცნობით, ათობით ასეთი მანქანა კვლავაც რჩება ქვეყანაში. „საბაჟო სამსახურის მონაცემებით, რამდენიმე ათეული ავტომობილი რუსეთში რეგისტრირებული სანომრე ნიშნით, კვლავ მოძრაობს ლიეტვაში. უხეში შეფასებით, ასეთი დაახლოებით 50 ავტომობილია," განუცხადა საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირმინა ფროლოვა-მილასიენმა მედიას. სამართალდამრღვევებს ემუქრებათ ავტომობილის ჩამორთმევა და ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. პირველი დარღვევისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 200-დან 6000 ევრომდე, განმეორებით დარღვევისთვის - 2000-დან 6000 ათას ევრომდე. იურიდიული პირების ხელმძღვანელობა დაჯარიმდება, შესაბამისად, 600-დან 6000-მდე და 4000-დან 6000 ევრომდე. „ამავდროულად, გამონაკლისი იქნება რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებით მიემგზავრებიან კალინინგრადის რეგიონიდან ან ლიეტუვის გავლით, ტრანზიტით,“ განმარტავენ საბაჟო სამსახურში. რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებმა ლიეტუვა 11 მარტამდე უნდა დატოვონ 2023 წლის 12 სექტემბრიდან ლიეტუვასა და ლატვიაში რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვებს ესტონეთი ერთი დღის შემდეგ შეუერთდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეს შეზღუდვა ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 სექტემბერს გამოქვეყნებული დირექტივით ახსნეს, რაც რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ სანქციებს მოიცავს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო. ამ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის უფლება აღარ აქვთ.