ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირის ელჩი: დრო იწურება და საჭიროა პროგრესის მიღწევა - საგზაო რუკა ძალიან მკაფიოა: 9 ნაბიჯი

„ვიმედოვნებ, რომ საქართველო სრულად გამოიყენებს დარჩენილ დროს მომავალ ევროპულ საბჭომდე, რათა მოხდეს საკმარისი პროგრესის მიღწევა იმისთვის, რომ ქვეყანამ შემდგომ ეტაპზე - მოლაპარაკებების გახსნაზე გადაინაცვლოს,“ - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, "საქართველო, რომელიც უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით აბსოლუტურად ყველა პარამეტრით ლიდერია, არის დაჩაგრული, ევროკავშირის მხრიდან ეს უსამართლობა ძალიან სამწუხაროა". „ბრიუსელში გუშინ და დღეს მიმდინარეობს ევროპული საბჭოს სხდომა, ევროკავშირის 27 ლიდერის შეხვედრა. დღის წესრიგი ძალიან დატვირთულია. მათ განიხილეს ბევრი სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, გაფართოება. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი საშინაო დავალება ევროკავშირის შიგნით გრძელდება. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით გაფართოების საკითხს, სერიოზულად ვეკითხებით ახალი წევრების მიწვევას. ლიდერებმა დაავალეს ევროკომისიას, რომ მოამზადოს ნიადაგი დიდი გაფართოებისთვის, ასე რომ, მუშაობა გრძელდება. მეორე მხრივ, ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს, ევროკავშირს შეუერთდეს, რომ დააჩქაროს მზადება. ძალიან კარგი ამბავია უკრაინისა და მოლდოვისთვის, ბრწყინვალე ამბავია ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის, რადგან ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გახსნან გაწევრიანების მოლაპარაკებები. ლიდერებმა მოუწოდეს საქართველოს, გააძლიეროს რეფორმები, განახორციელოს 9 ნაბიჯი. ჯერ კიდევ არის დრო და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საკმარისი პროგრესის მიღწევა მოხდება იმისთვის, რომ საქართველომ ასევე გადაინაცვლოს შემდეგ ეტაპზე, რომელიც არის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, მაგრამ ეს მოითხოვს სერიოზულ მუშაობას. დრო იწურება და საჭიროა პროგრესის მიღწევა. საგზაო რუკა ძალიან მკაფიოა - 9 ნაბიჯი. ჩვენ უნდა დავსხდეთ ერთად და უზრუნველვყოთ, რომ არ გაიფლანგოს დრო და რომ მომავალ რამდენიმე თვეში გვქონდეს საკმარისი პროგრესი ისე, რომ შემდგომ ეტაპზე გადანაცვლება შევძლოთ,“ - აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, როგორც ევროკავშირის ელჩი, მოხარულია, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინამ მიაღწია საკმაო პროგრესს, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში ისე, რომ ლიდერებმა ქვეყანას პოზიტიური სიგნალი მისცეს. „ასევე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს შემთხვევაშიც, ჩვენ გვექნება პოზიტიური სიახლე, რომ მომავალ ევროპულ საბჭომდე დარჩენილ დროს, რომელიც გაფართოებაზე იქნება ორიენტირებული, საქართველოში ყველა სრულად გამოიყენებს, რათა მოხდეს საკმარისი პროგრესის მიღწევა იმისთვის, რომ საქართველოს შემთხვევაშიც გვქონდეს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა. თუკი თქვენ მეკითხებით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ გადავიდეს შემდგომ ეტაპზე - გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე - გთხოვთ, შეხედოთ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯს. აქ შავით თეთრზე წერია, რა უნდა გაკეთდეს და რას ველოდებით,“ - აღნიშნა ელჩმა. ამასთან, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ეუთოს წევრი ქვეყნები მაქსიმალურ რესურს წარმოადგენენ, რათა უზრუნველყოფილი იქნას ძლიერი სადამკვირვებლო პროცესი არჩევნებისთვის. „ჩვენ, ვიცით, რა თქვა ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ვენეციის კომისია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტია. პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩვენ დავეხმარებით და ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესი იმდენად თავისუფალი და სამართლიანი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია,“აღნიშნა ელჩმა. კითხვას, უნდა იყოს თუ არა საქართველოში კოალიციური მთავრობა, ელჩის თქმით, ეს მხოლოდ ამომრჩეველთა გადასაწყვეტია. „ქართველ ამომრჩევლებზეა დამოკიდებული ის, თუ როგორი ხელისუფლება სურთ მათ. მე მხოლოდ შემიძლია გიბიძგოთ, რომ საარჩევნო კამპანია იყოს თავისუფალი, სამართლიანი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ წარმოადგინონ თავისი პროგრამა, რომ ჩაატარონ კამპანია. მხოლოდ ამომრჩევლებზე იქნება დამოკიდებული, რომ ფარული ხმის მიცემის პროცესით გადაწყვიტონ, ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში მომავალში. ჩვენ ყველას გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუკავშირდა ოდირს არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ახლა ეუთოს ყველა წევრი სახელმწიფო წარმოადგენს საკმარის რესურსს, რომ გვქონდეს ძლიერი სადამკვირვებლო პროცესი არჩევნებზე. ჩვენ, ასევე, ვიცით, რა თქვა ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ვენეციის კომისია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტია. პარლამენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩვენ დავეხმარებით და ვიმუშავებთ ხელისუფლებასთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესი იმდენად თავისუფალი და სამართლიანი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით,“ - განაცხადა ჰერჩინსკიმ. ელჩი არჩევნებში ქართული დიასპორის მონაწილეობის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში ამისთვის ოქროს სტანდარტი არ არსებობს, თუმცა მოქალაქეებს მათი განსახლების არეალის მიუხედავად უფლება აქვთ, გამოხატონ თავისი პოზიცია თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით. „ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას აქვს განსხვავებული წესი და რეგულაცია, როდესაც საქმე ეხება არჩევნებში დიასპორის მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, არ არსებობს ოქროს სტანდარტი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს, მათი განსახლების ადგილის მიუხედავად, ჰქონდეს უფლება გამოხატოს თავისი პოზიცია თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით, ფარულობის დაცვით,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

სამხედრო თვალსაზრისით, რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ლეგიტიმური სამიზნეა - უკრაინა

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე ვაშინგტონის სავარაუდო მოწოდებების შესახებ, რომ უკრაინამ უნდა შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. სტეფანიშინას თქმით, უკრაინა NATO-ს სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს. მან ეს განაცხადა კიევის უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე Financial Times-ის სტატიის შესახებ კითხვის საპასუხოდ გააკეთა. ოლგა სტეფანიშინამ აღნიშნა, რომ უკვე იყო განცხადებები კიევის სხვა ოფიციალური პირებისგან, რომ სამხედრო თვალსაზრისით, რუსული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ლეგიტიმური სამიზნეა. „ფაქტობრივად, ჩვენ ვმოქმედებთ NATO-ს საუკეთესო სტანდარტებით,“ აღნიშნა სტეფანიშინამ.  

ლიეტუვამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გადასცა

ლიეტუვამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა. ლიეტვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჯერად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმძა დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობა მიიღეს. სამინისტრომ განმარტა, რომ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება ამჟამად მოიცავს სხვადასხვა იარაღს, საბრძოლო მასალას, უპილოტო თვითმფრინავებს, დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობას, ჯარისკაცების წვრთნას, მძიმე ტექნიკის შეკეთებას და ყველა სხვა მხარდაჭერას, რომელიც უკრაინის საჭიროებების შესაბამისად გაეწია. ლიტვამ უკვე შეიმუშავა უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის გეგ, რომელიც 2024-2026 წლებში 200 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას გულისხმობს.  

ვაშინგტონს კიევისთვის არ უთხოვია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვის შეწყვეტა - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას არ მიუღია აშშ-სგან მოწოდება, რომ შეწყვიტოს თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. მან კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე ვაშინგტონის სავარაუდო მოწოდებების შესახებ, რომ უკრაინამ უნდა შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. შესაბამისი სტატია Financial Times-მა წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. „ეს არის ფიქციური ინფორმაცია. ორწლიანი სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, უკრაინას ვერავინ უკარნახებს საომარ პირობებს. საერთაშორისო სამართლის ფარგლებში უკრაინას შეუძლია, გაანადგუროს რუსეთის ხელთ არსებული ომი ინსტრუმენტები. საწვავი ომის ძირითადი ინვენტარია. ამიტომ უკრაინა მომავალშიც გაანადგურებს საწვავის ინფრასტრუქტურას," - განაცხადა პოდოლიაკმა 22 მარტს ტელეკომპანია "დოჟდთან“ ინტერვიუში. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შედეგად რუსეთი დღეში 600 000 ბარელ გადამუშავებულ ნავთობს კარგავს. 13 მარტს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, ბრიტანული BBC-ს უკრაინულ სამსახურს და გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. ამ წყაროს თანახმად, უკრაინის ამოცანაა, რუსეთს წაართვას რესურსები და შეუმციროს ნავთობით მიღებული ფულის და საწვავის ნაკადები, რომლებსაც ომისა და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.  

საფრანგეთი და გერმანია უკრაინაში ტანკების მწარმოებელ KNDS-ის ფილიალის გახსნაზე შეთანხმდნენ

პარიზმა და ბერლინმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც საშუალებას აძლევს ფრანკო-გერმანულ კომპანიას KNDS-ს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ტანკებსაც აწარმოებს, ფილიალი გახსნას უკრაინაში, განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ გერმანელ კოლეგასთან ბორის პისტორიუსთან მოლაპარაკების შემდეგ. „ჩვენ ვაცხადებთ, რომ გერმანულ-ფრანგული კომპანია KNDS უკრაინაში ადგილობრივ ერთეულთან ერთად ფეხს მოიკიდებს,“ - განაცხადა ლეკორნუმ. მისივე თქმით, კომპანიის ფილიალი ჩართული იქნება სათადარიგო ნაწილების წარმოებასა და ადგილობრივი პერსონალის მომზადებაში. 2016 წელს დაუძნებული KMW+Nexter Defense Systems (KNDS) არის ორი ევროპული ჯავშანტექნიკის მწარმოებლის ერთობლივი საწარმო - გერმანული ფირმა Krauss-Maffei Wegmann და ფრანგული Nexter Systems. კომპანიის სათაო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს.  

რუსეთი ზაფხულის შეტევისთვის 100 000-კაციან სამხედრო დაჯგუფებას ქმნის - უკრაინელი გენერალი

რუსეთის არმია ქმნის 100 000-ჯარისკაციან ახალ ჯგუფს, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს უკრაინაზე ზაფხულის შეტევისთვის. ამის შესახებ 22 მარტს სატელევიზიო ტელემარათონში უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მეთაურმა ალექსანდრ პავლიუკმა განაცხადა. „სავარაუდოდ, ისინი (რუსეთის არმია - რედ. ) შეავსებენ თავიანთ იმ ქვედანაყოფებს, რომლებიც ბრძოლისუნარიანობას კარგავენ. მაგრამ იმის ალბათობაც არსებობს, რომ ზაფხულის დასაწყისისთვის მათ (რუსეთს) შეიძლება, ჰქონდეთ გარკვეული ძალები, რომლებიც ერთ-ერთი მიმართულებით შესაბამის შეტევით ოპერაციებს განახორციელებენ," - განაცხადა უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალმა. პავლიუკს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ მიმართულებაზე საუბრობდა, ამავე დროს, უკრაინელმა გენერალმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს შეტევისთვის რესურსის დაგროვება. „ჩვენ ვემზადებით სიტუაციის სხვადასხვა განვითარებისთვის," - განაცხადა პავლიუკმა. მანამდე რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერდა, რომ რუსეთი უკრაინასთან ბრძოლაში მყოფი დაჯგუფების გაძლიერებისა და ხარკოვის შესაძლო ოკუპაციის მიზნით, მობილიზაციის გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ „ვიორსტკას“ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა ოთხმა წყარომ განუცხადა. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო მობილიზაციას შესაძლოა, 300 ათასი ადამიანი დაექვემდებაროს. რადიო თავისუფლებამ ამ მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო. თებერვლის ბოლოს, Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინელი ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ რუსეთი ზაფხულის შეტევისთვის მნიშვნელოვანი იმპულსის მოპოვებას შეძლებს, თუ კიევის მოკავშირეები არ გაზრდიან უკრაინის მომარაგებას საბრძოლო მასალით. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა 2024 წელს არამხოლოდ აქტიურ თავდაცვაში მოქმედებას, არამედ, ახალი კონტრშეტევის მომზადებას გეგმავს. „რუსეთი მოამზადებს კონტრშეტევას ზაფხულის დასაწყისში ან, თუ შეძლებს, მაისის ბოლოს. ისინი ამისთვის მოემზადებიან. ჩვენ ბრძოლისთვის მოვემზადებით. მიმაჩნია, რომ მათ ბრძოლას (შეტევა - რედ.), რომელიც 8 ოქტომბერს დაიწყო, შედეგი არ აქვს. ჩვენი მხრივ, ჩვენ საკუთარ გეგმას მოვამზადებთ,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 თებერვალს, ომის დაწყების მეორე წლისთავზე.  

მედია: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რუსული კიბერ ჯაშუშური კამპანიის სამიზნე იყო

თავდაცვის სამინისტრო კიბერშეტევის ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ამ შეტევის შედეგად თავდამსხმელებს "რაიმე სახის საიდუმლო, კრიტიკული ინფორმაციის" გადინება არ მომხდარა. შესაბამის ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მომხმარებლების მიმართ განხორციელდა ნულოვანი დღის ე.წ. ZERO DAY ტიპის შეტევა. აღნიშნული ტიპის შეტევა მიეკუთვნება კომპლექსური შეტევის ტიპს, რა დროსაც უსაფრთხოების ტექნოლოგიურ საშუალებებს უჭირთ შეტევის დადგენა, არამარტო საქართველოში. მავნე აქტივობა, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა ჯგუფმა სხვადასხვა ღონისძიებების ერთობლიობით დროულად გამოავლინა და განახორციელა შესაბამისი ქმედებები საფრთხის გავრცელების მინიმიზების, აღმოფხვრისა და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული შეტევა დაფიქსირდა არამხოლოდ საქართველოს, არამედ, სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც. შეტევის სამიზნე ინფრასტრუქტურაში არ არსებობდა რაიმე სახის საიდუმლო, კრიტიკული ინფორმაცია და ასევე, ინციდენტებზე რეაგირების დროს არ დადასტურებულა ამ სისტემაში არსებული ინფორმაციის გადინება," - წერია სამინისტროს საპასუხო წერილში. აქვე ნათქვამია, რომ სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო აქტიურად თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, NATO-სთან და ევროკავშირთან კიბერმედეგობის გასაზრდელად. თავდაცვის სამინისტროს არ დაუზუსტებია, როდის დაფიქსირდა მათ სისტემაში ჯაშუშური თავდასხმის ფაქტი. TAG-70, ჯაშუშური კამპანია, რომლიც ახერხებდა სხვადასხვა სერვერზე არაავტორიზებულ შეღწევას და მონაცმების ასე მოპოვებას, აქტიური იყო სულ მცირე 2020 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით. რუსეთთან დაკავშირებულმა კიბერ ჯაშუშების ჯგუფმა 2023 წელს სხვა 80-მდე უწყებასთან ერთად მიზანში ამოიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შვედეთის საელჩო საქართველოში - ამტკიცებს გავლენიანი სადაზვერვო კომპანია Recorded Future. მკვლევრებისა და ანალიტიკოსებისგან შემდგარ ამ ორგანიზაციას, რომელიც სხვა საფრთხეებთან ერთად, ორგანიზებულ კიბერდანაშაულებსაც იკვლევს, დიდი გამოცდილება აქვს სამხედრო და სადაზვერვო სფეროს უსაფრთხოებაში. 2024 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ დოკუმენტში ორგანიზაცია წერს, რომ ჯაშუშურმა ქსელმა TAG-70-მა შეტევა მიიტანა ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამთავრობო და სამხედრო უწყებების სერვერებზე - ჯამში 80-მდე ორგანიზაციაზე. მიზანი შიდა ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება იყო. როგორც Recorded Future-ს მკვლევრები წერენ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემთხვევაში კიბერთაღლითებს შექმნილი ჰქონდათ სამინისტროს თანამშრომლების ავტორიზაციის გვერდის მსგავსი ყალბი გვერდი, რომლიც მომხმარებელების მონაცემებსა და პაროლებს აგროვებდა.  

დააკავეს კაცი, რომელიც ქალს ფოტოგრაფად გაეცნო, ფოტოები გადაუღო და აშანტაჟებდა - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ გამოძიების მიერ ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 19 წლის დაზარალებული გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე, დაკავებულია 43 წლის მამაკაცი გ.ქ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გ.ქ., ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის, სოციალური ქსელის Facebook სხვადასხვა ჯგუფებში, მის მიერვე შექმნილი ყალბი გვერდების გამოყენებით განცხადებებს ათავსებდა, რომლითაც ქალის თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესიისთვის შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ახალგაზრდა გოგოებს იწვევდა. ბრალდებული, განცხადებით დაინტერესებულ პირებს სააგენტოს ფოტოგრაფად ყალბი სახელით და გვარით „ნუკრი ჯიოშვილით“ ეცნობოდა და მის მფლობელობაში არსებულ ბინაში სატესტო ფოტოსესიებს უწყობდა, რა დროსაც ინტიმური შინაარსის ფოტოებს უღებდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალურ ქსელ „Facebook“-ზე, ქალის სახელით შექმნა ყალბი პროფილი „Qristi.n.K.Jioshvili”, რომლის საშუალებითაც 19 წლის დაზარალებულ გოგოს, დახურულ ჯგუფში ფოტოგრაფის თანაშემწედ გაეცნო. დაპირდა, რომ თეთრეულის სარეკლამო ფოტოსესია იქნებოდა კონფიდენციალური, რადგან ფოტოებში არ გამოჩნდებოდა დაზარალებულის სახე. გარკვეულ პირობებზე შეთანხმების შემდეგ, მან დაზარალებულს ფოტოგრაფისთვის გადასაცემად ტელეფონის ნომერი სთხოვა, მოგვიანებით კი თავადვე დაუკავშირდა, როგორც ფოტოგრაფი „ ნუკრი ჯიოშვილი“ და შემდგომი დასაქმების პირობით სატესტო ფოტოსესია დაუგეგმა. 2024 წლის მარტის თვეში, ბრალდებულმა 19 წლის გოგო გლდანში მდებარე თავის ბინაში მიიყვანა, სადაც მას როგორც ფოტოგრაფს, თითქოს სტუდია ქონდა მოწყობილი და ქალის ინტიმური შინაარსის ფოტოები უკანონოდ მოიპოვა. ფოტოსესიის შემდეგ, ბრალდებული ქალთან კომუნიკაციას ტელეფონით აგრძელებდა და მისი ინტიმური შინაარსის ფოტომასალის ნათესავებთან გავრცელებით ემუქრებოდა, თუ არ შეასრულებდა მის მოთხოვნებს - არ შეხვდებოდა, სქესობრივ კავშირს არ დაამყარებდა და ახალ ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალას არ გადაუგზავნიდა. მას შემდეგ რაც აღნიშნულზე დაზარალებულისგან უარი მიიღო, მის სარგებლობაში არსებულ კიდევ ერთ ყალბ პროფილზე საჯაროდ განათავსა ფოტოსესიის დროს დაზარალებულისთვის გადაღებული ინტიმური ხასიათის ერთ-ერთი ფოტო სურათი და განაგრძო მუქარა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, საქართველოს პროკურატურასთან თანამშრომლობით გადაუდებელი, ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო. მათ შორის, ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის, საცხოვრებელი ადგილის და ასევე, გლდანის რაიონში მდებარე იმ ბინის ჩხრეკა, სადაც ფოტოგადაღებებს ატარებდა. მტკიცებულების სახით ამოღებული იქნა ბრალდებულის მობილური ტელეფონები, კომპიუტერები, ფოტოაპარატი, ფოტოსესიის ჩასატარებლად შესაბამისი მოწყობილობები და ელექტრონული ინფორმაციის შესანახი სხვა ობიექტები. აღნიშნული მასალების შესწავლის შედეგად, გამოძიების მიერ ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის ფარულად გადაღებული ვიდეოკადრები, რომელსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა. გარდა ამისა, ბრალდებულის მობილური ტელეფონის შესწავლის შედეგად, ნანახი იქნა სხვა დაზარალებული ქალების მიმართ ინტიმური შინაარსის სურათების გავრცელების მუქარის და შანტაჟის შემცველი მესიჯები. გამომძიებლებმა უკვე მოახდინეს რამდენიმე დაზარალებული ქალის იდენტიფიცირება, რომელთა ინტერესებს და უფლებებსაც ასევე დაიცავს საგამოძიებო სამსახური. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი. დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება,” - ნათქვამია განცხადებაში.  

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7000 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7060 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9214 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9544 ლარს შეადგენდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.  

ევროკავშირი შეშფოთებულია ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ ქართველი საჯარო მოხელეების ბოლოდროინდელი კომენტარებით

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი შეშფოთებულია ქართველი საჯარო მოხელეების ბოლოდროინდელი კომენტარებით, რომელიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ. სტანოს თქმით, მნიშვნელოვანია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.  „სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოს 2023 წლის ანგარიშისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ევროკომისიის ერთ-ერთი ფუნდამენტური რეკომენდაციაა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა ასევე არის იმ ცხრა საფეხურის ნაწილი, რომელიც ევროკომისიის მიერ წარდგენილ ევროკავშირის გაფართოების კომუნიკეშია ჩამოთვლილი. ეს დადასტურებულია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ, რომლებმაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაუწიეს. სასამართლო სისტემაში არსებული სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად, პროცესში გადამწყვეტი როლის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, საქართველოს სჭირდება, ჩამოაყალიბოს ექსტრაორდინარული შემოწმების სისტემა კანდიდატებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც წამყვან თანამდებობებზე არიან. კერძოდ, კერძოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაეს სასამართლოსა და სასამართლოს თავმჯდომარეებისთვის. ამ კონტექსტში, ევროკავშირი შეშფოთებულია ქართველი საჯარო მოხელეების ბოლოდროინდელი კომენტარებით, რომელიც მიმართული იყო ცალკეული მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები სასამართლო სისტემის მთლიანობის შემოწმების პოტენციურ სისტემასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ევროკავშირი რჩება აქტიურ დიალოგში ხელისუფლებასთან და მზად არის, საქართველოს ხალხის საკეთილდღეოდ მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვანი რეფორმების გზაზე წინსვლას,“ – წერია განცხადებაში. 19 მარტს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ე.წ. ვეტინგის თემა დახურულია“, რომ ის შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან და სასამართლო დამოუკიდებლობის პრინციპებთან. ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ სხვა დათქმების შესრულებასთან ერთად, კეთილსინდისიერების შემოწმების დროებითი მექანიზმიც უნდა შექმნას. ცნობისთვის, სასამართლო სისტემაში „ვეტინგი“ არის მექანიზმი, რომელიც მოსამართლეების კეთილსინდისიერებას ამოწმებს. ეს არ არის სტანდარტული პროცესი და მას ქვეყნები გამოიყენებენ მაშინ, როცა სასამართლოს მიმართ ნდობა დაკარგულია, გამეფებულია კორუფცია და კლანური მმართველობა, მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებები, სისტემა კი თავისი თავის გაჯანსაღებას ვერ ახერხებს. „ვეტინგს“ საქართველოში ეწინააღმდეგებიან სახელისუფლებო პარტიაც და სასამართლო ხელისუფლების ძირითადი ნაწილიც.  

დღეს თუ არ ვიმოქმედებთ, ხვალ უკვე გვიანი იქნება - დანიის თავდაცვის მინისტრი

უკრაინას დღეს უნდა დავეხმაროთ, 2-3 წლის შემდეგ გვიანი იქნება. ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა კიევის უსაფრთხოების მე-16 ფორუმზე განაცხადა. „რატომ ვარ დღეს აქ? რათა უკრაინის ხალხს ვესაუბრო და განვაცხადო, რომ იმდენ ხანს ვიქნებით აქ, რამდენიც საჭირო იქნება,” - განაცხადა პოულსენმა. მან აღნიშნა, რომ NATO-ს ქვეყნები გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა მუშაობდნენ, ვინაიდან, რუსეთის აგრესია მხოლოდ უკრაინას არ ეხება. „რუსეთი არ გაჩერდება და სვლას გააგრძელებს. დღეს თუ არ ვიმოქმედებთ, ხვალ უკვე გვიანი იქნება. დღეს საკვანძო ფაქტორია დროის ფაქტორი. 2-3 წლის შემდეგ “გაღვიძება” უკვე გვიანი იქნება ყველა სხვა ქვეყნისთვის… რუსეთს უნდა ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ საკუთარი თავის დასაცავად,” - განაცხადა პოულსენმა. მან NATO-ს ზოგიერთი ქვეყნის მიერ თავდაცვაზე არასაკმარისი თანხების გამოყოფასა და ევროპული სამხედრო-თავდაცვითი კომპლექსის პრობლემებზე ისაუბრა, კერძოდ, საარტილერიო ჭურვების წარმოების პრობლემებზე და დასავლეთის ქვეყნებს თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდა.  

მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

მოსკოვთან ახლოს, კრასნოგორსკში, ფეშენებელურ „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაიჭრა. რუსეთის სააგენტოების, მათ შორის, ტელეგრამ არხ Baza-ს ცნობით, 38 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, ავტომატური იარაღიდან სროლა ატეხა კამუფლირებულ ფორმაში მყოფმა სამმა პირმა იმ დროს, როდესაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო. შემდეგ ისროლეს ხელყუმბარებიც. შემთხვევის ადგილზე გადაისროლეს პოლიციის სწრაფი რეაგირების ძალები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია საკონცერტო დარბაზის შენობიდან, რომლის თავზეც ცეცხლის კვამლი მოჩანს. რუსეთის ოფიციალურ მედიაში უკვე საუბრობენ ტერაქტის ვერსიაზე.  

ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იმოძრავებს.  

უელსის პრინცესას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაცია  და ვიდეო მან სოციალურ პლატფორმა X-ზე თავად გაავრცელა. უელსის პრინცესა ბოლო რამდენიმე თვეა, მედიასთან საჯაროდ არ გამოჩენილა. ქეით მიდლტონი ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის. NBC News-ის ცნობით, ბრიტანეთის მომავალი მეფის, პრინც უილიამის 42 წლის ცოლი თითქმის ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა საავადმყოფოში, ლონდონის კერძო კლინიკაში, მას შემდეგ, რაც იანვარში მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა. „ახლა ვარ ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპზე,“ აღნიშნა მან სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  ქეით მიდლტონმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, მაგრამ ასევე სთხოვა "დრო, სივრცე და კონფიდენციალურობა" მკურნალობის ეტაპზე.  

„40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა

„40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების სამსახური, მოსკოვის მახლობლად საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის შემდეგ აცხადებს. BBC-ს ცნობით, რომელიც გავრცელებულ ვიდეოს ეყრდნობა, Crocus City Hall-ში, კამუფლირებულ ფორმაში მყოფმა სულ მცირე ოთხმა ადამიანმა ცეცხლი გახსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა. როგორც მედია წერს, თავდამსხმელებმა ხელყუმბარა ან მსგავსი ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობაც აამოქმედეს, რის შედეგადაც, ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული რამდენიმე ათეული სახანძრო მანქანა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები. შენობა მთლიანად ალყაშია მოქცეულია. მიმდინარეობს დაჭრილებისა და შენობაში მყოფი რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია. რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ.  

მოსკოვის მახლობლად მომხდარი თავდასხმა "პუტინის რეჟიმის მიზანმიმართული პროვოკაციაა" - უკრაინის დაზვერვა

მოსკოვის მახლობლად „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი სროლა პუტინის რეჟიმის ის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომლის შესახებაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოითქვა გაფრთხილება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა. „ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაცია. სიბერეში შესულმა რუსმა დიქტატორმა პუტინმა (რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი-რედ.) თავისი თავის განმეორება დაიწყო. მან პოლიტიკური კარიერა ასეთი დანაშაულებით დაიწყო და ცდილობს, ამითვე დაასრულოს,“ - განაცხადა ანდრეი იუსოვმა ukrinform-თან კომენტარში. პირველი კომენტარი გაკეთდა აშშ-შიც. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინას მოსკოვში საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან რაიმე კავშირი აქვს.  „ამ ეტაპზე არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინა ან უკრაინელები ჩართული იყვნენ,“ - განაცხადა კირბიმ. ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვში თავდასხმის კადრები იყო შემზარავი. რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა  

აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდა

რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა  

სტანო: ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსაახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო მოსკოვის მახლობლად მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. „ევროკავშირი შოკირებული და შეძრწუნებულია მოსკოვის Crocus City Hall-ში მომხდარი ტერაქტის შესახებ ცნობებით. ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი ფიქრები რუსეთის ყველა დაზარალებულ მოქალაქესთანაა,“ წერს სტანო სოციალურ პლატფორმა X-ზე. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა  

საქართველოს მთავრობა: მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს ვგმობთ

საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს. „საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ,“ -  ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, გუშინ მოსკოვის „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც ხანძარი მოჰყვა. დაღუპულია 60 ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა კი 100-ს აჭარბებს. მათ შორის, 5 ბავშვია. რუსეთის საგარეო უწყებამ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე განხორციელებული თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.   გავრცელდა ცნობები, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, ISIS-მა აიღო. ამერიკული გამოცემები The New York Times-ი და CBS News-ი როგორც წყაროებზე დაყრდნობით წერენ, აშშ-ში მიაჩნიათ, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელია ISIS-ის ერთ-ერთი განშტოება - ე.წ. ხორასანის ვილაიეთი.   BBC წერს, რომ ამ ცნობას დამოუკიდებლად ვერ ამოწმებს და მიუთითებს, რომ ხშირად ISIS-ს მიერ პასუხისმგებლობის აღება სიყალბეა.  

თეთრი სახლი: ვაშინგტონმა შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას ამ თვის დასაწყისში გაუზიარა

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ მან გააფრთხილა რუსეთის ხელისუფლება „დიდი შეკრების“ ადგილებში შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა. „ამ თვის დასაწყისში აშშ-ის მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია მოსკოვში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ, რაც პოტენციურად სამიზნებად აქცევდა დიდ შეკრებებს, მათ შორის, კონცერტებს,“ - აღნიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ადრიენ უოტსონმა. ვაშინგტონმა "ეს ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას გაუზიარა," აღნიშნა უოტსონმა. BBC წერს, რომ კრემლმა ეს გაფრთხილებები უარყო, როგორც "პროპაგანდა" მაშინაც კი, როცა შეერთებულმა შტატებმა თავისი შეშფოთება გაასაჯაროა რუსეთში მყოფი ამერიკელებისთვის. ბოლო ცნობებით, რომელსაც BBC ავრცელებს Crocus City Hall-ში თავდასხმას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 100-ზე მეტი დაშავებულია. რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. შესაბამისი განცხადება 7 მარტს გავრცელდა. რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებდნენ. „40 დაღუპული და 100-ზე მეტი დაჭრილი“ - მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზში მომხდარს რუსეთის ხელისუფლებამ „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა