ძებნის რეზულტატი:
რაკეტა მოხვდა ტროლეიბუსს, რომელიც „დნეპროჰესის“ კაშხლის გასწვრივ მოძრაობდა - უკრაინა
რუსული რაკეტა მოხვდა ტროლეიბუსს, რომელსაც ხალხი გადაჰყავდა „დნეპროჰესის“ კაშხლის გასწვრივ. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ Telegram-ზე დაწერა. „ტროლეიბუსში ხალხი იყო. ჩვეულებრივი, მშვიდობიანი მოქალაქეები მიდიოდნენ სამსახურში,“ - წერს ანდრიუშჩენკო. სხვა დეტალებზე უკრიანული მედია არ წერს. როგორც ცნობილია, ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, 22 მარტს სარაკეტო თავდასხმის შედეგად რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა. ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა ერთი ელექტროგადამცემი ხაზი დაკარგა. “დნეპროჰესზე“, ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე მოძრაობა მთლიანად შეზღუდულია.
უგანდის პრეზიდენტმა თავისი ვაჟი თავდაცვის ძალების მეთაურად დანიშნა
უგანდის პრეზიდენტმა იოვერი მუსევენიმ თავისი ვაჟი გენერალი მუჰოზი კაინერუგაბა თავდაცვის ძალების ახალ მეთაურად დანიშნა. დაწინაურებამდე მუჰოზი მამის უფროსი მრჩეველი იყო. იოვერი მუსევენის მომავალში პრეზიდენტობა სურს. 2022 წელს მუსევენიმ გაათავისუფლა თავისი ვაჟი სახმელეთო ჯარების მეთაურის პოსტიდან მას შემდეგ, რაც ის სოციალურ მედია X-ზე გამოქვეყნებული პოსტების საშუალებით, მეზობელ კენიაში შეჭრის მუქარით გამოვიდა.
ზელენსკი: რუსებმა უკრაინას 90-მდე რაკეტითა და 60-ზე მეტი დრონით შეუტიეს - ადამიანების სიცოცხლე დაცული უნდა იყოს ამ მოსკოველი არაადამიანებისგან
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინას 90-მდე რაკეტითა და „შაჰედის“ 60-ზე მეტი დრონით შეუტიეს. „ღამის განმავლობაში იყო 60-ზე მეტი „შაჰედი“ და სხვადასხვა ტიპის თითქმის 90 რაკეტა. მსოფლიო მაქსიმალურად ნათლად ხედავს რუსი ტერორისტების სამიზნეებს: ელექტროსადგურები და ენერგომომარაგების ხაზები, ჰიდროელექტრო კაშხალი, ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები, ტროლეიბუსიც კი. რუსეთი ებრძვის ხალხის ჩვეულებრივ ცხოვრებას,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინის პარტნიორებს ესმოდეთ შეფერხებებისა და გადავადებული გადაწყვეტილებების ფასი. „Patriot-ის სისტემებმა უნდა დაიცვან ხარკოვი და ზაპოროჟიე; საჰაერო თავდაცვა საჭიროა ხალხის, ინფრასტრუქტურის, სახლებისა და კაშხლების დასაცავად. პარტნიორებმა ზუსტად იციან რა არის საჭირო. ნამდვილად შეუძლიათ მხარდაჭერა. ეს გადაწყვეტილებები საჭიროა. ადამიანების სიცოცხლე დაცული უნდა იყოს ამ მოსკოველი არაადამიანებისგან,“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი. ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ დღეს განაცხადა, რომ რუსებმა დღეს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი თავდასხმა განახორციელეს. მისი თქმით, მტრის მიზანია სახელმწიფოს ენერგოსისტემის მუშაობის მასშტაბური შეფერხების პროვოცირება. თავდასხმის გამო, უკრაინის რიგ ოლქებში მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება.
ბლინკენი ისრაელში ჩავიდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩავიდა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის ომის კაბინეტის წევრებს შეხვდება. როგორც CNN იუწყეა, ბლინკენის ვიზიტი ემთხვევა დოჰაში მოლაპარაკებების განახლებას, რომელიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას. ბლინკენის ისრაელში ჩასვლა, ასევე, ემთხვევა გაერო-ში აშშ-ის მიერ უშიშროების საბჭოსთვის წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრის დღეს, რომელიც ღაზის კონფლიქტში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. CNN-ი იუწყება, რომ ისრაელში ბლინკენის შეხვედრები, სავარაუდოდ, დაძაბული იქნება იმ ფონზე, როცა ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ რაფაჰში სამხედრო შეჭრას განახორციელებს. „ჩვენი პოზიცია, რომელიც ძალიან მკაფიოა, არის ის, რომ რაფაჰში დიდი სამხედრო ოპერაცია შეცდომა იქნება, რასაც ჩვენ მხარს არ ვუჭერთ,” - განაცხადა ბლინკენმა ხუთშაბათს. ამერიკელი დიპლომატის თქმით, აუცილებელია, რომ ღაზის სექტორში მცხოვრებ მოსახლეობას საჭირო რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდონ. „ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ გარკვეული გაუმჯობესება პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის”, - აღნიშნა ბლინკენმა. ენტონი ბლინკენი ოთხშაბათს ჯიდაში საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის აუცილებლობა განიხილა. 21 მარტს კი, ის ეგვიპტეში იმყოფებოდა. რეგიონში ეს ბლინკენის მეექვსე ვიზიტია მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს.
უკრაინის ენერგოსისტემაზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო - „უკრენერგო“
უკრაინაზე რუსეთის დღევანდელმა მასირებულმა შეტევამ უკრაინის ენერგოსისტემის პარალიზება გამოიწვია. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, გენერალ ოლეშჩუკის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 63 დრონი და სხვადასხვა ტიპის 88 რაკეტა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 55 დრონი და 37 რაკეტა გაანადგურეს. ენერგოობიექტებზე თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სუმის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ხარკოვის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს და ოდესის ოლქების დიდ ნაწილს. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგომ“ ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი აამოქმედა. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა „დნეპროჰესზე“ იერიში მიიტანა რაკეტა მოხვდა ტროლეიბუსს, რომელიც „დნეპროჰესის“ კაშხლის გასწვრივ მოძრაობდა - უკრაინა მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რაკეტებით და დრონებით უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ თავდასხმას. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხმელნიცკის ოლქში დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი და 8 დაიჭრა. სულ მცირე 1 დაღუპულის და 8 დაჭრილის შესახებ იუწყება ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი. დანგრეული და დაზიანებულია სახლები. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, რუსეთის მთავარი სამიზნე ენერგოობიექტები იყო. რუსეთის დღევანდელმა მასირებულმა შეტევამ უკრაინის 10-ზე მეტი ოლქი მოიცვა. ენერგოობიექტებზე თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სუმის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ხარკოვის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს და ოდესის ოლქების დიდ ნაწილს. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრენერგომ“ ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი აამოქმედა.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესახებ ერთი ქვეყნის გადაწყვეტილება, ყველაზე იმოქმედებს
NATO-ს ერთ-ერთი ქვეყნის პოტენციური გადაწყვეტილება უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის განლაგების თაობაზე, გავლენას ახდენს ყველა მოკავშირის ინტერესებზე, ამიტომ ასეთი გადაწყვეტილებები მოითხოვს მათ შორის კონსულტაციებს. ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა კიევში ვიზიტოს დროს, ArmyInform-თან ინტერვიუში განაცხადა. ბაუერს ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა ის შესაძლებლად ცალკეული ქვეყნების სამხედრო ძალების პოტენციურ განლაგებას უკრაინაში, რაც ბოლო კვირებში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებების შემდეგ განიხილება. მან უპირველეს ყოვლისა აღნიშნა, რომ უკრაინაში NATO-ს ჯარები არ არიან და ალიანსი არც გეგმავს მათ უკრაინაში განთავსებას. „მაგრამ თუ ცალკეული ქვეყანა გადაწყვეტს აქ თავისი ჯარების განთავსებას, მან უნდა გაიგოს, რომ მას ექნება კავშირი ალიანსის დანარჩენ წევრებთან. დავპირდით ერთმანეთს, რომ დავეხმარებით თუ ვინმე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ალიანსის ქვეყნებმა გაიარეს კონსულტაცია ერთმანეთთან, თუ მათ სურთ ასეთი გადაწყვეტა,“ - განაცხადა რობ ბაუერმა. შეგახსენებთ, რომ ბაუერის ვიზიტი კიევში პირველი იყო სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
ვინ ჩაანაცვლა მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში
„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრი გახდა, პარლამენტში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მომდევნო წევრმა, იმედა ნიკურაძემ ჩაანაცვლა. პარლამენტმა დღეს, 22 მარტს, 89 ხმით ცნო იმედა ნიკურაძის უფლებამოსილება. ის დღემდე „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. როგორც რადიო თავისუფლება წერს, იმედა ნიკურაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კომპანიის, „ელიტა ბურჯის“ ადვოკატი, შემდეგ კი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო („ელიტა ბურჯი“ 2020 წელს ფონდ „ქართუს“ საკუთრებაში გადავიდა). მოგვიანებით თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. მიხეილ სარჯველაძე, ვისი ადგილიც ნიკურაძემ დაიკავა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. იგი 2024 წლის 11 მარტს დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრად და ზურაბ აზარაშვილი ჩაანაცვლა. სარჯველაძე წლების განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ და ასევე ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
თურქეთში რუსული პასპორტის დაწვის გამო დაკავებული მოქალაქე თბილისში დაბრუნდა
„ჩემი ოცნებაა, უკრაინაში ომი დასრულდეს და ჩვენი სამშობლოც თავისუფალი იყოს. რაც ხდება, დიდი ბოროტებაა თავისუფლების წინააღმდეგ და პროტესტის ნიშნად დავწვი ჩემი პასპორტი,“ ამის შესახებ რუსული პასპორტის დაწვისთვის თურქეთში დაკავებულმა მარიამ ფესვიანიძემ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ განაცხადა. „სრულად წინააღმდეგი ვარ იმ მოვლენებისა, რაც ხდება ახლა რუსეთში და, რა თქმა უნდა, უკრაინაში – ომის წინააღმდეგი ვარ და ჩემი ოცნებაა, რომ დასრულდეს ეს ყველაფერი უკრაინაში და ჩვენი სამშობლოც იყოს თავისუფალი, არ იყოს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული. ჩემი ძალიან ბევრი მეგობარია დაკავებული რუსეთში და ისინი უნდა გათავისუფლდნენ. ეს ყველაფერი, რაც ხდება, ძალიან დიდი ბოროტებაა თავისუფლების წინააღმდეგ. ამიტომაც, პროტესტის ნიშნად დავწვი ჩემი რუსული პასპორტი, რომელიც სინამდვილეში ძველი იყო. მანამდე, შევამოწმე ყველა თურქული კანონი და ის არ დამირღვევია, თუმცა პოლიციაში მითხრეს, რომ მთავარ ქუჩაზე, რომელიც სტამბოლში მდებარეობს, პროტესტი არ შეიძლება, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ეს პროტესტი არ იყო, ეს იყო არტ პერფორმანსი,“ განუცხადა ტელეკომპანია „ფორმულას“ ფესვიანიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. შეგახსენებთ, საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე მარიამ ფესვიანიძე, რომელმაც რუსული პასპორტი საჯაროდ დაწვა, თურქეთში დააკავეს. როგორც მედია წერს, შემთხვევა 17 მარტს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, ანკარაში, რუსეთის საელჩოს წინ მოხდა. 21 მარტს გავრცელდ ინფორმაცია, რომ მარიამს დეპორტით საქართველოში დააბრუნებდნენ. მარიამ ფესვიანიძემ რუსული პასპორტი პროტესტის ნიშნად დაწვა. გარდა ამისა, მას ხელში ეჭირა ფურცელი, რომელზეც ეწერა, რომ პუტინი მკვლელია. მარიამის მამამ, ლევან ფესვიანიძემ, „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ მარიამმა, როგორც ხელოვანმა, ამგვარი პერფორმანსით გამოხატა საკუთარი პოზიცია რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მარიამი თურქმა სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. მისი თქმით, გაუგებარია როგორც მარიამის დაკავების, ისე დეპორტაციის სამართლებრივი საფუძვლები. ამიტომ, ფესვიანიძეს ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, მას პროტესტის გამოხატვის გამო სჯიან. „მეც და ჩვენს დიპლომატებსაც გვაქვს საკმაოდ მყარი ეჭვი, რომ ყველაფერი ეს იყო გამოწვეული იმით, რომ რუსულმა მხარემ გარკვეული ზეწოლა გააკეთა თუ სთხოვა თურქულ მხარეს, რომ მარიამი რაც შეიძლება, მკაცრად დაესაჯათ. მარიამს არც ერთი თურქული კანონი არ დაურღვევია. მეტიც, როდესაც დააკავეს, თავდაპირველად საუბარი იყო იმაზე, რომ უბრალოდ ოქმს შეადგენენ და გაუშვებდნენ. რამდენიმე წუთში დამირეკა, მაკავებენო, თითის ანაბეჭდები ამიღეს, საბუთები ჩამომართვეს და ტელეფონის ჩამორთმევამდე ერთი ზარის უფლება მომცესო. რაღაც მომენტში კარდინალურად შეიცვალა სიტუაცია. არის ეჭვი, რომ ეს იყო რუსული მხარის გავლენით,“ — განუცხადა ლევან ფესვიანიძემ „ნეტგაზეთს“. მარიამის მეგობრები, რომლებიც შემთხვევის დროს მასთან ერთად იყვნენ, ამბობენ, რომ დაკავებისას სამართალდამცველებმა მიზეზად დაუსახელეს სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფა. ლევან ფესვიანიძის თქმით, მის შვილს არც თურქეთის და არც რუსეთის სახელმწიფო სიმბოლიკა არ შეურაცხყვია. ლევან ფესვიანიძის თქმით, დაკავების შემდეგ მარიამი გადაიყვანეს, სავარაუდოდ, სადეპორტაციო ცენტრში, სადაც მძიმე სანიტარული პირობებია, მას არ ჰქონდა წვდომა ჰიგიენურ საშუალებებზე, ხარისხიან საკვებზე, სამედიცინო მომსახურებაზე და ა.შ. მარიამ ფესვიანიძე რუსეთში დაიბადა და წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდა. 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, მარიამი საქართველოში გადმოვიდა, საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო და მამის თქმით, სხვადასხვა პლატფორმაზე აქტიურად გამოხატავს საკუთარ პოზიციას რუსეთის პოლიტიკის მიმართ.
რუსეთის ბალტიის ფლოტის წვრთნების დროს, რუსულ ხომალდს რაკეტა მოხვდა და ჩაიძირა - მედია
რუსეთის ფედერაციის ბალტიის ფლოტის წვრთნებისას, რაკეტა რუსულ ხომალდ (ტრალერი) "კაპიტან ლობანოვს" რაკეტა მოხვდა - არის მსხვერპლი. ეკიპაჟის წევრების ახლობლებმა მედიას განუცხადეს, რომ ხომალდი რუსეთის ბალტიის ფლოტის წვრთნებისას რუსული რაკეტით დაზიანდა და ჩაიძირა. „დოჟდს“ ეკიპაჟის წევრის ახლობელმა დაუდასტურა, რომ გემს რუსეთის საზღვაო ძალების რაკეტა მოხვდა, იუწყება Censor.NET. ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, ბორტზე ხანძარი გაჩნდა და შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლება მხოლოდ ერთი ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებს. დაჭრილები პიონერსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. „დოჟდს“ წყაროს ცნობით, დაშავებულები FSB–ს ოფიცრებმა გააფრთხილეს, რომ ინციდენტზე არ ისაუბრონ.
ბაუერი კიევში: NATO მზადაა რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ალიანსი მზადაა რუსეთთან პოტენციური პირდაპირი კონფლიქტისთვის ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა კიევში ArmyInform-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მზად არის თუ არა ალიანსი მოვლენების ასეთი განვითარებისთვის. ადმირალმა ბაუერმა აღნიშნა, რომ NATO-ში უსაფრთხოების ვითარების შეცვლა ჯერ კიდევ 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ესმოდა. 2019 წლიდან ალიანსის ქვეყნებმა დაიწყეს კოლექტიური უსაფრთხოების დაბრუნება: მათ შეცვალეს თავდაცვის სტრატეგია, ოპერატიული დაგეგმვა და ყველა ამ ამოცანის შესასრულებლად საჭირო ძალები. „ახლა ჩვენ ყველას გვესმის, რომ კოლექტიური უსაფრთხოების დაბრუნების კონტექსტში, დრო არ არის ჩვენს მხარეს. იმიტომ, რომ მტერი წყვეტს, როდის და სად თავს დაესხმება თავს და რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი. სამწუხაროდ, უკრაინა დარწმუნდა ამაში. ეს (...) მზად ვართ? პასუხი: დიახ! ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა - ვიყოთ მზად.“ აღნიშნა ბაუერმა. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესახებ ერთი ქვეყნის გადაწყვეტილება, ყველაზე იმოქმედებს
ილია დარჩიაშვილი: საზღვარგარეთ, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა დაბალია
„დემოკრატიული, თავისუფალი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების უზრუნველყოფა გახლავთ ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი და ამოცანა, რომლის შესასრულებლადაც მიმდინარეობს აქტიური, მრავალმხრივი მუშაობა, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე არჩევნების ადმინისტრირების კუთხით, მათ შორის, საგარეო უწყების ჩართულობით,“ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საგარეო უწყება თანამშრომლობს ეუთო-ს შესაბამის ერთეულთან საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის მიზნით; აგრეთვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარეობს ყველა იმ საკითხის კოორდინირება, რომლებიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საარჩევნო უფლების სრულყოფილ რეალიზაციას. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2020 წლის 23 აპრილის N01-72 ბრძანებით დამტკიცებული ,,საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესის“ თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზანია საზღვარგარეთ მათი უფლებების, კანონიერი ინტერესების დაცვა და საკონსულო ფუნქციების ეფექტიანი განხორციელება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან მრავალი სამართლებრივი ხასიათის მომსახურებას. ილია დარჩიაშვილის თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქეთა დადგომა არ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო უფლების რეალიზაციას. „საკონსულო აღრიცხვის მონაცემები გამოიყენება გლობალური, რეგიონული ან ადგილობრივი კრიზისული სიტუაციების დროს საქართველოს მოქალაქეების ეფექტიანი საკონსულო დაცვის უზრუნველყოფისა და მათ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით. ჩვენ ამის მაგალითები არაერთხელ გვქონია, მათ შორის, გლობალური პანდემიის დროს,“ – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ნებაყოფლობითია და ამისათვის საგარეო უწყება მოქალაქეებს მრავალმხრივ შესაძლებლობებს სთავაზობს. კერძოდ, მოქალაქეს შეუძლია, საკონსულო აღრიცხვაზე დადგეს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, ისე ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში პირადი გამოცხადების გზით ან განაცხადის საფოსტო გზავნილით გაგზავნის საშუალებით. მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ხდება კონკრეტული საკონსულო ოლქის ფარგლებში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის არ არის დაწესებული საკონსულო მოსაკრებელი, შესაბამისად, მომსახურება უფასოა. „მოგეხსენებათ, რომ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები/საკონსულო დაწესებულებები მჭიდრო კომუნიკაციაში იმყოფებიან საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან. დიასპორის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რეგულარული ხასიათი აქვს თანამემამულეებთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში, რამაც ბოლო წლებში განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო. საკუთრივ ჩვენს საკონსულო დაწესებულებებს უწევთ ინტენსიური, თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია თანამემამულეებთან მათი საჭიროებების, უფლებებისა და სხვადასხვა საკონსულო სერვისის შესახებ. საკონსულო თანამდებობის პირები მუდმივად ცდილობენ მოქალაქეებს განუმარტონ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მნიშვნელობა და განსაკუთრებით გაუსვან ხაზი იმ გარემოებას, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და არჩევნებში მონაწილეობა არ უკავშირდება მოქალაქისათვის რაიმე არასასურველ სამართლებრივ შედეგს, ეს ემსახურება მათ საჭიროებებზე რეაგირებასა და უფლებების დაცვას. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა, სამწუხაროდ, კვლავ დაბალია,“ – აღნიშნა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ უშუალოდ საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის საჭიროებასთან დაკავშირებით, წინა არჩევნებზე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად გეგმავს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის აქტიურად აწარმოოს საინფორმაციო კამპანია როგორც უშუალოდ ამ საკითხზე, ისე არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 2023 წელს აწარმოვა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (პორტალი – geoconsul.gov.ge) შესახებ, რომელმაც ასიათასობით მოქალაქე მოიცვა (980,000 ადამიანი, მოქალაქეთა 39,30 %). აღნიშნული კამპანია მოიცავდა საინფორმაციო ხასიათის ვიდეორგოლებს და მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას როგორც პორტალის, ისე ზოგადად საკონსულო სერვისების, მათ შორის, საკონსულო აღრიცხვის თაობაზე. „განვლილ არაერთ არჩევნებზე დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სამინისტრო, მოქალაქეთა საარჩევნო უფლების უზრუნველყოფის მიზნით, მიმართავს მის ხელთ არსებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას, რათა უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მარტივად და რაიმე დაბრკოლებების გარეშე შეძლონ ხმის მიცემა. ასე მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ამოქმედდა სპეციალური საძიებო ველი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, გადაემოწმებინათ საკონსულო აღრიცხვაზე მათი ყოფნის ფაქტი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, სამინისტრო კვლავ გეგმავს მოქალაქეებისთვის ანალოგიური შესაძლებლობის მიცემას,“ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კახა კალაძე: „ქართულ ოცნებას“ რა სჭირს გადასარჩენი, ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს
„დასამალი არაა, რა სჭირს „ქართულ ოცნებას“ გადასარჩენი, ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე რიგ შეფასებებს, რომ “ოპოზიციის დაქუცმაცებით, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ გადარჩენის შანსი აქვს.“ „ქართული ოცნება“ ხალხის მხარდაჭერას ძალიან აფასებს და უფრთხილდება. რეალურად, ხალხი ხედავს კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები რასაც ამბობენ. ხომ არ დაავიწყდა ამ კონკრეტულ პიროვნებას, რა განცხადებები კეთდებოდა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას, მეორე ფრონტთან დაკავშირებით რომ ამბობდნენ, ისეთ განცხადებებს აკეთებს ხელისუფლების წარმომადგენლები, სჯობს ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ქვეყანაში მშვიდობას ინარჩუნებს, მხოლოდ სიტყვები არ არის, არამედ კონკრეტული საქმეები და გადადგმული ნაბიჯებია,“ - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 21 მარტს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დღევანდელი მონაცემებით, საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. ამ მოსაზრებას ოპოზიცია არ იზიარებს.
პუტინის პრესმდივანი: ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ
კრემლში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომს ყოველთვის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებდა, განაცხადეს, რომ უკვე ომში არიან. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტის“ დღეს, 22 მარტს განუცხადა, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ რუსეთისთვის „ომი გახდა“ მას შემდეგ, რაც უკრაინის მხარდასაჭერად მის მონაწილედ იქცა „კოლექტიური დასავლეთი.“ „ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ,“ - განცხადა პესკოვმა და დაამატა, რომ „ეს თითოეულს უნდა ესმოდეს თავისი შიდა მობილიზაციისთვის.“ სიტყვა ომი რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმაც ახსენა 2024 წლის თებერვალში, რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 1“-თან ინტერვიუში. „ჩვენ ომი კი არ დაგვიწყია, მხოლოდ მის შეწყვეტას ვცდილობთ,“- განაცხადა მაშინ პუტინმა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე აწარმოებს სრულმასშტანიან ომს. რუსეთმა დღეს უკრაინის ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა.
Bloomberg: გერმანია უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად $325 მილიონს გამოყოფს
ბერლინი უკრაინას 300 მილიონი ევროს (325 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას დაჰპირდა, რათა უკრაინას ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში ასობით ათასი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს. იტყობინება Bloomberg. ჩეხეთს უკრაინისთვის პირველი 300 000 ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება უკვე აქვს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა. ფიალას თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ, უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდონ, ამ დროისთვის 300 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება მოიპოვა, თუმცა პარტნიორების ძებნას გაარძელებენ. „ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ბევრად მეტი. ჩვენი მუშაობა და დახმარება უკრაინისთვის აქ არ მთავრდება. ვაგრძელებთ პარტნიორების ძებნას, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა რუსი აგრესორის წინააღმდეგ გაბედულ ბრძოლაში,“ – აღნიშნა ფიალამ. ჩეხეთის ინიციატივას სხვა ქვეყნებთან ერთად, ნორვეგია, გერმანია და საფრანგეთიც უერთდებიან.
FT: აშშ-მ მოუწოდა უკრაინას, შეწყვიტოს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ გააფრთხილა უკრაინა, შეწყვიტოს შეტევა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და გააფრთხილა კიევი, რომ ობიექტებზე თავდასხმამ შეიძლება, ნავთობის გლობალური ფასი და შემდგომი შურისძიების რისკები გაზარდოს, იტყობინება Financial Times (FT) 22 მარტს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა უპილოტო თვითმფრინავების დარტყმების სერია მოაწყვეს, რომლის მიზანიც რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის დაზიანება იყო. უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს რამდენიმე რეგიონში, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დაარტყა. როდესაც უცხოური სამხედრო დახმარება შემცირდა, განსაკუთრებით აშშ-სგან დაფინანსების მუდმივი ჩიხის გამო, უკრაინამ ყურადღება შიდა წარმოების თავდასხმის შესაძლებლობებზე გაამახვილა. როგორც წყაროებმა FT-ს განუცხადეს, აშშ შიშობს, რომ რუსეთს შეუძლია, პოტენციურად საპასუხო მოქმედება დასავლეთის მიერ გამოყენებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, რამაც შეიძლება, გლობალურად ენერგიის მაღალი ფასები გამოიწვიოს. ამავდროულად, რუსეთი ძალზედ არის დამოკიდებული ენერგიის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალზე, რათა დააფინანსოს თავისი საბრძოლო მანქანა და გადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებმა უკვე გამოიწვია მნიშვნელოვანი შეფერხებები. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეგულარულად იმეორებდა თავის მხარდაჭერას უკრაინისადმი და მზადყოფნას, აღკვეთოს რუსეთის გამარჯვება, მას ასევე ემუქრება ბრძოლა ხელახალი არჩევნებისთვის ამ წლის ბოლოს. ანალიტიკოსმა FT-ს განუცხადა, რომ აშშ-ის გაფრთხილებები, შეიძლება უპირველეს ყოვლისა დაკავშირებული იყოს საარჩევნო პოლიტიკასთან. „არაფერი აშინებს მოქმედ ამერიკელ პრეზიდენტს ისე, როგორც ფასების ზრდა საარჩევნო წლის განმავლობაში,“ - აღნიშნა ბობ მაკნალიმ, საკონსულტაციო ჯგუფ Rapidan Energy-ის პრეზიდენტმა და თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა ენერგეტიკის სფეროში. Financial Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაე ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა.
ჩეხეთმა უკრაინას Mi-24-ის ტიპის ვერტმფრენების ბოლო პარტია გაუგზავნა
ჩეხეთმა უკრაინას მიაწოდა თავისი ბოლო საბჭოთა Mi-24 თავდასხმის ვერტმფრენები, იტყობინება ჩეხური მედია Denik N ჩეხეთის თავდაცვის მინისტრ იანა ცერნოჩოვაზე დაყრდნობით. პრაღამ უკრაინას თავისი რამდენიმე Mi-24-ის ვერტმფრენი რაოდენობის დაზუსტების გარეშე, წინა წლებში გადასცა. 2023 წლის აგვისტოში გამოაცხადეს, რომ ჩეხეთმა შესაძლოა, უკრაინას Mi-24-ის ვერტმფრენები მიაწოდოს, რადგან ჩეხეთის არმია მათ ახალი ამერიკული მოდელებით ანაცვლებს. შეგახსენებთ, ჩეხეთს უკრაინისთვის პირველი 300 000 ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება უკვე აქვს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა. ფიალას თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ, უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდონ, ამ დროისთვის 300 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება მოიპოვა, თუმცა პარტნიორების ძებნას გაარძელებენ. „ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ბევრად მეტი. ჩვენი მუშაობა და დახმარება უკრაინისთვის აქ არ მთავრდება. ვაგრძელებთ პარტნიორების ძებნას, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა რუსი აგრესორის წინააღმდეგ გაბედულ ბრძოლაში,“ – აღნიშნა ფიალამ. ჩეხეთის ინიციატივას სხვა ქვეყნებთან ერთად, ნორვეგია, გერმანია და საფრანგეთიც უერთდებიან.
„პუტინის ძალებისგან უკრაინის ცის დასაცავად თავდაცვის პირველ ხაზს შექმნიან“ - ათმა უკრაინელმა მფრინავმა დიდ ბრიტანეთში წვრთნები დაასრულა
ათმა უკრაინელმა პილოტმა დიდ ბრიტანეთში საბაზისო საფრენოსნო, სახმელეთო სკოლა და ენის მომზადება გაიარა, იუწყება Report უცხოური მედიის საშუალებით. ეს ძალისხმევა არის დიდი ბრიტანეთის მთავარი წვლილი საჰაერო შესაძლებლობების კოალიციაში, რომელსაც ხელმძღვანელობენ შეერთებული შტატები, დანია და ნიდერლანდები, რომელიც ეხმარება შექმნას საჰაერო ძალები, რომელიც შედგება თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებისგან უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვაკუთხედის ჩამოყალიბებაში. კოჰორტა ახლა საფრანგეთის საჰაერო ძალების მიერ მოწოდებულ საფრენოსნო წვრთნებზე გადავა, ვიდრე F-16-ის გამანადგურებელ თვითმფრინავებზე ფრენას ისწავლიან. „ეს ძალისხმევა არის დიდი ბრიტანეთის მთავარი წვლილი საჰაერო შესაძლებლობების კოალიციაში, რომელსაც შეერთებული შტატები, დანია და ნიდერლანდებ ხელმძღვანელობენ, შესაძლებლობების კოალიციები გასულ წელს შეიქმნა, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის გრძელვადიანი ვალდებულება უზრუნველყონ,“ აცხადებენ დიდი ბრიტანეთის მთავრობაში. „მინდა, მივულოცო ამ მამაც პილოტებს პირველადი ტრენინგის დასრულება აქ, დიდ ბრიტანეთში. RAF-ის მსოფლიოში ცნობილი უნარების საშუალებით, ამ პილოტებმა გაიარეს რამდენიმე საუკეთესო ტრენინგი და ახლა კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ პუტინის უკანონო შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლას. გაერთიანებული სამეფო სრულად რჩება უკრაინის მხარდამჭერი - 2.5 მილიარდი ფუნტი უკვე გამოყოფილია შემდგომი სამხედრო მხარდაჭერისთვის 2024 წლისთვის, მათ შორის, ახლახან გამოცხადებული 325 მილიონი ფუნტის ორმხრივი მხარდაჭერა 10000-ზე მეტი მოწინავე თვითმფრინავის უზრუნველსაყოფად და 245 მილიონი ფუნტი, რათა გააგრძელოს საჭირო საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდება,“ განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა გრანტ შაპსმა.
ლანდსბერგისი: შევაფერხეთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ასეთი შეცდომები მთელი საუკუნის კურსს ადგენს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დღეს განხორციელებულ მასიურ საჰაერო თავდასხმებს ეხმაურება „ჩვენ შევაფერხეთ იარაღის მიწოდება, ვერ მოვახერხეთ საკმარისი საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა და ახლა ვთხოვთ უკრაინელებს ხელჩამოშვებული ისხდნენ, ვიდრე ფრთოსანი რაკეტები მათ ოჯახებს ეცემა. ასეთი შეცდომები მთელი საუკუნის კურსს ადგენს და ამ ყველაფერს არავითარი გამართლება არ აქვს,“- წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი X-ზე. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინას 90-მდე რაკეტითა და „შაჰედის“ 60-ზე მეტი დრონით შეუტიეს. „ღამის განმავლობაში იყო 60-ზე მეტი „შაჰედი“ და სხვადასხვა ტიპის თითქმის 90 რაკეტა. მსოფლიო მაქსიმალურად ნათლად ხედავს რუსი ტერორისტების სამიზნეებს: ელექტროსადგურები და ენერგომომარაგების ხაზები, ჰიდროელექტრო კაშხალი, ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები, ტროლეიბუსიც კი. რუსეთი ებრძვის ხალხის ჩვეულებრივ ცხოვრებას,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინის პარტნიორებს ესმოდეთ შეფერხებებისა და გადავადებული გადაწყვეტილებების ფასი. „Patriot-ის სისტემებმა უნდა დაიცვან ხარკოვი და ზაპოროჟიე; საჰაერო თავდაცვა საჭიროა ხალხის, ინფრასტრუქტურის, სახლებისა და კაშხლების დასაცავად. პარტნიორებმა ზუსტად იციან რა არის საჭირო. ნამდვილად შეუძლიათ მხარდაჭერა. ეს გადაწყვეტილებები საჭიროა. ადამიანების სიცოცხლე დაცული უნდა იყოს ამ მოსკოველი არაადამიანებისგან,“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი. ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ დღეს განაცხადა, რომ რუსებმა დღეს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი თავდასხმა განახორციელეს. მისი თქმით, მტრის მიზანია სახელმწიფოს ენერგოსისტემის მუშაობის მასშტაბური შეფერხების პროვოცირება. თავდასხმის გამო, უკრაინის რიგ ოლქებში მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება.
დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში: თუ ქვეყნიდან მოქალაქეები გარბიან, თბილისში რატომ არის ამხელა საცობი?
„ხალხის ძალის” დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოპოზიცია დეზინფორმაციას ავრცელებს, მათ შორის, ქვეყნიდან ხალხის გადინების საკითხზე. როგორც მან აღნიშნა, ტყუილია, თითქოს მოსახლეობა ქვეყნიდან მასობრივად გადის. „მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიანო, 800 ათასი მოქალაქე გაიქცაო. მეგობრებო, აბსოლუტური ტყუილი, უსინდისო, უწიგნური და არაფერს დაფუძნებული ტყუილია. 800 ათასი მოქალაქე დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ერთად აღებული ყველა ხელისუფლების დროს არ გასულა ქვეყნიდან ისე, რომ უკან არ დაბრუნებულიყო, მაგრამ სპეკულირებენ, ამდენი ადამიანი გავიდაო. სხვათა შორის, ქვეყნიდან გასვლა დანაშაული არ არის, მაშინ გამოვაცხადოთ საბჭოთა კავშირი და საზღვრები ჩაკეტოთ. ვიზალიბერალიზაცია რატომ მივიღეთ? იმიტომ,რომ გავაადვილოთ. როცა ქვეყნიდან გადიან ადამიანები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა გარბის,“ - განაცხადა ხუნდაძემ. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 5-ჯერ მეტი ადამიანი გადიოდა ქვეყნიდან. „ჩემი ოჯახის წევრიც არის წასული, ძალიან ბევრი ჩემი მეზობელი და მეგობარიც, მაგრამ მაშინ ამაზე არავინ საუბრობდა. დღეს ყველა ტელევიზიაში, ყველა საინფორმაციოში, მით უმეტეს, ოპოზიციურში ერთი და იმავე ინფორმაცია ტრიალებს, რომ მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. თუ გარბიან, მაშინ თბილისში რატომ არის ამხელა საცობი?!“ - განაცხადა ხუნდაძემ. 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 10,1%-ით გაიზარდა - საქსტატი
რუსეთის სასამართლომ უკრაინელ სამხედრო ტყვეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
რუსეთის საერთო იურისდიქციის სააპელაციო სასამართლომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის, დენის რაშპლეს წინააღმდეგ გამოტანილი სასჯელი გაამკაცრა და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის შესახებ სასამართლოს პრესსამსახური იტყობინება. უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა 36-ე ცალკეული ბრიგადის 25 წლის მძღოლი თავდაპირველად ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის “უზენაესმა სასამართლომ“ გაასამართლა და მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში 22 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ გაიზიარა საბრალდებო დასკვნა, რომლის თანახმად, რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში დენის რაშპლემ მეთაურების „უკანონო ბრძანება“ შეასრულა და 2002 წლის თებერვალ-აპრილში ავტომატით 25 სამოქალაქო პირი დახვრიტა. მათგან 16 დაიღუპა, ხოლო ცხრა გადარჩა. რუსეთის მხარე ამტკიცებს, რომ ტყვედ ჩავარდნის შემდეგ რაშპლემ ჩადენილი დანაშაული ნებაყოფლობით, წერილობით აღიარა. უკრაინა არ აღიარებს ანექსირებული დონეცკის რეგიონში რუსეთის სასამართლოების იურისდიქციას და დატყვევებული სამხედროების წინააღმდეგ სასამართლო პროცესებს პატიმრების მოპყრობის შესახებ ჟენევის მესამე კონვენციის დარღვევად მიიჩნევს. საერთო ჯამში, რუსეთის მიერ კონტროლირებადმა სასამართლოებმა გაუმჭვირვალე სასამართლო პროცესების პირობებში ათობით უკრაინელი ჯარისკაცი გაასამართლეს, ომის დროს უკრაინის რეგიონების მცხოვრებლების მკვლელობის ბრალდებით. მიმდინარე წლის თებერვალში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მამუკა გაწერელიას, რომელიც მარიუპოლში „აზოვსტალის" დასაცავად იბრძოდა და 2022 წლის 20 მაისს მას შემდეგ ჩავარდა ტყვედ, რაც მისი ქვედანაყოფი დაემორჩილა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებას „აზოვსტალის" დატოვების შესახებ. რუსეთის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, საქართველოს მოქალაქე მამუკა გაწერელიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული: სამი სამხედროს მკვლელობა და შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულად მონაწილეობა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და მის არმიას, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით, ასევე, უკრინის გენერალური პროკურატურის არაერთი მტკიცებულების საფუძველზე ომის დანაშაულებში სდებენ ბრალს. პუტინის წინააღმდეგ კი, ჰააგის სასამართლოს დაკავების ორდერი აქვს გაცემული.