ძებნის რეზულტატი:
ომი უკრაინაში: სტოლტენბერგი ორ სცენარზე საუბრობს
როგორია რეალურად ვითარება ბრძოლის ველზე და რას შეიძლება, ველოდოთ უახლოეს მომავალში და განიხილება თუ არა იდეა უკრაინის საზღვრებთან რაიმე სახის „უსაფრთხოების ხაზის“ შექმნის შესახებ, მოკავშირე ქვეყნების დასაცავად? მედიის ამ შეკითხვას უპასუხა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, 4 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ვითარება ბრძოლის ველზე რთულია და ეს არის არგუმენტი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის მობილიზება. „არსებობს ორი შესაძლო სცენარი. ერთი ის არის, რომ NATO-ს მოკავშირეებს შეუძლიათ მეტი მხარდაჭერის მობილიზება და რომ უკრაინას შეუძლია მეტი ტერიტორიის დაბრუნება. და მეორე სცენარი არის ის, რომ ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ. და მაშინ არის რეალური რისკი იმისა, რომ რუსეთი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას დაიკავებს და ჩვენ კიდევ უფრო საშიშ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. საქმე ისაა, რომ უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ერთადერთი გზა არის ძლიერი უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოლა, რადგან მხოლოდ ამ გზით დარწმუნდება პრეზიდენტი პუტინი, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე. ეს არის ერთადერთი გზა, რათა დარწმუნდეს ის, რომ უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან - რაიმე მისაღები გადაწყვეტის შესახებ, სადაც უკრაინა დომინირებს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა. მე მტკიცედ მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. იმიტომ, რომ უკრაინელებმა აჩვენეს, რომ უაღრესად ქმედუნარიანები არიან. მათ შეუძლიათ, გამოიყენონ მოკავშირეების მიერ მოწოდებული მასალა, აღჭურვილობა. გავიხსენოთ, საიდან დაიწყო ეს ომი. ეს დაიწყო იმით, რომ ექსპერტების უმეტესობას სჯეროდა, რომ რუსეთი უკრაინაზე კონტროლს რამდენიმე კვირაში დაამყარებდა, ხოლო კიევს რამდენიმე დღეში აიღებდა. ასე არ მოხდა. უკრაინელებმა გაათავისუფლეს ტერიტორიის 50%, რომელიც ომის დასაწყისში რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული. მათ შეძლეს წარმატებული ღრმა დარტყმების მიტანა რუსეთის ხაზების მიღმა სხვადასხვა სამხედრო სამიზნეებზე და შეძლეს შავ ზღვაში დერეფნის გახსნა - მრავალი რუსული გემის ჩაძირვით. ეს არის მნიშვნელოვანი სამხედრო მიღწევები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, NATO-ს მოკავშირეების მხარდაჭერით, აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალებით. ასე რომ, თუ NATO-ს მოკავშირეები მოგვაწვდიან იმას, რაც ჩვენ უნდა გვქონდეს, მაშინ მე ნამდვილად ვიქნები დარწმუნებული, რომ უკრაინელები შეძლებენ ახალი წარმატების მიღწევას,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგი: ბრძოლის ველზე რთული ვითარება უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების არგუმენტია
მილერი: ღრმად ვართ შეშფოთებულნი, რომ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას
აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. შესაბამისი პოსტი სოციალურ პლატფორმა X-ზე მეთიუ მილერმა განათავსა. „ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულნი, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს,“ - წერს მეთიუ მილერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
რუსეთში თავს დაესხნენ მურმანსკის ოლქის გუბერნატორს
რუსეთის მურმანსკის ოლქის გუბერნატორი ანდრეი ჩიბისი დანით დაჭრეს. რუსული სააგენტოების ცნობით, ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ჩიბისის მდგომარეობა მძიმეა. გუბერნატორი რეანიმაციაშია. კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასს“ ადგილობრივ პოლიციაში განუცხადეს, რომ დაკავებული პირი ქალაქ აპატიტის მცხოვრები, 1981 წელს დაბადაებული ალექსანდრ ბიდანოვია. ის რკინიგზის თანამშრომელია. გუბერნატორზე თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ანდრეი ჩიბისი მურმანსკის ოლქის გუბერნატორია 2019 წლიდან. როგორც მედია წერს, ანდრეი ჩიბისს 4 აპრილს, გვიან საღამოს დაესხნენ თავს ქალაქ აპატიტის კულტურის სახლთან, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად იმყოფებოდა. შენობიდან გამოსულ ჩიბისს კაცი მიუახლოვდა და მუცელში დანით დაჭრა. სახელმწიფო მედიასაშუალებები რუსეთის გვარდიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ასევე წერენ, რომ თავდამსხმელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და დააკავა გვარდიის თანამშრომელმა, რომელიც სხვა ოფიცრებთან ერთად უზრუნველყოფდა მოსახლეობასთან გუბერნატორის შეხვედრის უსაფრთხოებას.
რუსეთის ქალაქ ენგელსში აფეთქებები იყო, მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან
ძლიერი აფეთქებები იყო რუსეთის როსტოვის ოლქის მოროზოვსკის რაიონში, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს. რუსული ტელეგრამ-არხები, მათ შორის, პროპაგანდისტული რესურსები წერენ, რომ ღამის განმავლობაში მოროზოვსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით „მასირებული შეტევა“ იყო. ადგილობრივ მცხოვრებთა ინფორმაციით, აფეთქებები იყო აეროდრომის რაიონშიც. უკრაინის მოსაზღვრე როსტოვის ოლქის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 40-ზე მეტი „სამიზნე გაანადგურეს.“ გოლუბევი ასევე ადასტურებს ელექტროქვესადგურის დაზიანებას, თუმცა სამხედრო აეროდრომის შესახებ არ საუბრობს. რუსული წყაროების ცნობით, მოროზოვსკის აეროდრომზე დისლოცირებულია სუ-24 და სუ-34 ტიპის ბომბდამშენები. ასევე აფეთქებები იყო რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, აფეთქებები ქალაქის სხვადასხვა რაიონში მოხდა, სავარაუდოდ, დრონებით დარტყმის შედეგად. სარატოვის ოლქის გუბერნატორი რომან ბუსარგინი ადასტურებს, რომ ენგელსზე შეტევა იყო. თუმცა, მის მიერ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან გაურკვეველია, ერთ უპილოტო საფრენ აპარატს გულისხმობს თუ რამდენიმეს, რადგან დრონს შემოკლებული ფორმით(БПЛА) ახსენებს. ბუსარგინი წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, ხმელეთზე არავინ დაშავებულა და ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა. ენგელსში მდებარეობს რუსეთის სამხედრო-საავიაციო ბაზა, რომელზეც დრონებით არაერთი შეტევა იყო, მათ შორის, 2024 წლის 20 მარტსაც. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ადგილობრივ მედიას ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადა, რომ ენგელსის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით ეს შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო. რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა ხშირია. რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში." ამასთან, უკრაინის სამხედრო დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ანონიმურობის დაცვის პირობით, მედიასაშუალებებს უდასტურებენ, რომ რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევები უკრაინის სპეცოპერაციაა. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.
საბერძნეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს
საბერძნეთში, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი ორგანიზაციის 5 წევრი დააკავეს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან. ბერძნული მედიის ცნობით, 2 აპრილს ჩატარებული ოპერაციის დროს 33, 34, 38 და 44 წლის ოთხი კაცი და 33 წლის ქალი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები, სულ მცირე, 2021 წლის ნოემბრიდან ატიკას სხვადასხვა რაიონში სახლებს ძარცვავდნენ. ისინი სამიზნე სახლებს და მეპატრონეებს უთვალთვალებდნენ. ადგენდნენ სიგნალიზაციისა და კამერების არსებობას, აკვირდებოდნენ სამიზნეების გადაადგილებას, როდის გადიოდნენ სახლიდან, იჭრებოდნენ სახლებში და იპარავდნენ ძვირფასეულობასა და სხვა ნივთებს. იყენებდნენ საწმენდ საშუალებებს კვალის გასაქრობად და იდენტიფიცირების თავიდან ასაცილებლად კოდირებული სიტყვებით საუბრობდნენ. პოლიციელებმა დაკავებულების ჩხრეკისას ავტომობილი, მოტოციკლი, 3 ლეპტოპი, 370 ევრო, მობილური ტელეფონები და სიმ ბარათები, ელექტრომოწყობილობები, ქურდობის იარაღები, გასაღებები და დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა ამოიღეს. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გახსნილია ძარცვისა და ქურდობის 16 ფაქტი, ხოლო მათი უკანონო ეკონომიკური სარგებელი 690 000 ევროზე მეტს შეადგენს. პოლიცია გამოძიებას აგრძელებს.
უკრაინა ყველა რუსული დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება
რუსეთმა უკრაინას წუხელ ბალისტიკური რაკეტებით და Shahed-131/136 ტიპის დრონებით შეუტია, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მათ ყველა დრონი გაანადგურეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, ღამით მტერმა უკრაინას „ს-300/S-400“ ტიპის ორი მართვადი საზენიტო რაკეტით, ბალისტიკური „ისკანდერ-მ“-ის სამი რაკეტით და „შაჰედის“ ტიპის 13 დრონით შეუტია. „უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა ცამეტივე „შაჰედის“ დრონი ჩამოაგდეს ზაპოროჟიეს, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროპის ლიდერებმა უნდა იმუშაონ ჯონსონთან, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს - ქემერონი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ ქემერონის განცხადებით, ვროპის ლიდერებმა გავლენა უნდა მოახდინონ მაიკ ჯონსონზე, რათა აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე გამოიტანოს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტელეფონით ისაუბრონ ან, როგორც ჩემს შემთხვევაში, პირადად შეხვდნენ სპიკერ ჯონსონს წარმომადგენელთა პალატაში, რათა ამ კანონპროექტის მიღებას მივაღწიოთ,” - განაცხადა ქემერონმა. ის დარწმუნებულია, რომ ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამაში “რეალური როლი” უნდა შეასრულონ. კამერონმა ასევე მოუწოდა ევროპას თავისი ძალისხმევები გააორმაგოს, რათა თავდაცვაზე ხარჯების მშპ-ის 2%-იან საჭირო დონეს მიაღწიონ. „გვჭირდება, რომ მათ პრემიერ-მინისტრებსა და პრეზიდენტებს შევხვდეთ და ამ სახსრების გამოყოფისკენ ვუბიძგოთ, განსაკუთრებით მათ, ვინც ორ პროცენტს ვერ აღწევს,” - განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა.
ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ-ის პოლიტიკა დამოკიდებულია ახალ ნაბიჯებზე სამოქალაქო პირების დასაცავად
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ მუშაკებზე თავდასხმები და იქ არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა მიუღებელია. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისრაელმა უნდა გადადგას გარკვეული კონკრეტული ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, ჰუმანიტარული ტანჯვის აღმოსაფხვრელად და ჰუმანიტარული მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ-ის პოლიტიკა ღაზის სექტორთან მიმართებით, „განისაზღვრება (ჩვენი შეფასებით) ისრაელის დაუყოვნებლივი ქმედებებით ამ ნაბიჯებზე.“ მისი თქმით, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია ჰუმანიტარული სიტუაციის სტაბილიზაციისა და გაუმჯობესებისთვის და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა მოუწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, მიანიჭოს უფლებამოსილება მისცეს თავის მომლაპარაკებლებს, დაუყოვნებლად დადონ შეთანხმება მძევლების შინ დაბრუნების მიზნით. ორმა ლიდერმა ასევე განიხილა ირანის საჯარო მუქარა ისრაელისა და ისრაელელი ხალხის მიმართ. „პრეზიდენტმა ბაიდენმა ცხადყო, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელს ამ საფრთხეების ფონზე,“ - აღნიშნულია თეთრი ინფორმაციაში. ორგანიზაციამ "ექიმები უსაზღვრებოდ" (MSF) 4 აპრილს განაცხადა, რომ უარყოფს ისრაელის პოზიციას - თითქოს საჰაერო დარტყმა, რომელსაც ღაზაში შვიდი ჰუმანიტარული მუშაკი ემსხვერპლა, იყო "დასანანი ინციდენტი." "ჩვენ არ ვიღებთ დასანანი ინციდენტების ნარატივს," - აღნიშნა კრისტოფერ ლოკიარმა, MSF International-ის გენერალურმა მდივანმა ჟენევაში. ჰუმანიტარული ორგანიზაცია World Central Kitchen-ის (WCK) შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა დაბომბვას პირველ აპრილს. ლოკიარის თქმით, WCK-ის რაც შეემთხვა, წარმოადგენს "ნაწილს ჰუმანიტარულ მუშაკებზე, ჯანდაცვის მუშაკებზე, ჟურნალისტებზე, გაეროს თანამშრომლებზე, სკოლებსა და სახლებზე მიზანმიმართული თავდასხმების ერთი და იმავე ტენდენციისა". ისრაელმა ინციდენტს უწოდა საოპერაციო შეცდომა და მას იძიებს.
აშშ და მოკავშირეები აპირებენ, გააორმაგონ ძალისხმევა უკრაინისთვის საჭირო რესურსების გამოსანახად - ბლინკენი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა NATO-ს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მოკავშირეები აპირებენ, გააორმაგონ ძალისხმევა უკრაინისთვის საჭირო რესურსების გამოსანახად. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კონგრესმა უნდა დაამტკიცოს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მოთხოვნა დამატებითი ბიუჯეტის შესახებ. ბლინკენის თქმით, უკრაინის დაფინანსების კუთხით, ყველაზე მნიშვნელოვანი, უსწრაფესი, არის დამატებითი ბიუჯეტის დამტკიცება. ეს იქნება დამატებითი სახსრების დაუყოვნებელი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც უკრაინას სჭირდება, რათა დაეხმაროს მას რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში. ბლინკენის თქმით, ბოლო თვეებში უკრაინამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. მან უკან დახია რუსეთის ფლოტი შავი ზღვიდან, გახსნა გადაზიდვის გზები მსოფლიოში მარცვლეულის გასატანად და შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი 2022 წლის თებერვალში რუსეთის აგრესიამდე არსებულ მაჩვენებელს უტოლდება ან აღემატება. ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ მმართველობისა და უსაფრთხოების რეფორმების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. „მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით: უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება მეტი დახმარება. ჩვენ დღეს პირდაპირ მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრ კულებასგან, ყოველი დღე, დამატებითი დახმარების გარეშე, უკრაინის დამცველებსა და მის მშვიდობიან მოსახლეობას უფრო დიდ საფრთხეში აყენებს. ჩვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რიგი ქვეყნები ეხმარებიან რუსეთს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერებაში და განაგრძობენ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩინეთი აგრძელებს მასალების მიწოდებას რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მხარდასაჭერად. მას ასევე მხარს უჭერენ ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკა და ირანი და ეს ყველაფერი აძლიერებს პუტინის ომის მანქანას იმ ფონზე, როდესაც ის თავს ესხმის უკრაინელებს და ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას,“ - აღნიშნა ბლინკენმა.
თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 14 პირი, 7 ნარკორეალიზატორია - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარის, იმერეთის და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავეს, მათ შორის 7 ნარკორეალიზატორია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. „სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან კი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1986 წელს დაბადებული ს.მ., 2006 წელს დაბადებული გ.ხ., 1993 წელს დაბადებული თ.ხ., 1986 წელს დაბადებული ზ.შ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1999 წელს დაბადებული დ.ე., 1979 წელს დაბადებული მ.მ., 1967 წელს დაბადებული დ.ლ., 1982 წელს დაბადებული დ.ჟ., 1970 წელს დაბადებული პ.ჯ. ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ბ.შ., 2002 წელს დაბადებული დ.ხ. და 1985 წელს დაბადებული მ.ე., 1966 წელს დაბადებული ს.თ. და 2003 წელს დაბადებული კ.პ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე, ასევე, დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა - შენახვის და გასაღების ფაქტზე დაკავებულია დ.ე. ამოღებულია მის მიერ უკანონოდ გასაღებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ „მდმა“ და „ჰაშიში“. ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე დაკავებული ს.მ.-სგან და მ.მ.-სგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი სამართალდამცველების მიერ, ნივთმტკიცებად, „მარიხუანა“ და ელექტრო სასწორია ამოღებული. ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულები არიან დ.ჟ. და თ.ხ. გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ხ.-მ რეალიზაციის მიზნით შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. ხოლო, დ.ჟ.-ს პირადი და კუთვნილი ავტომობილის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე - ბ.შ., დ.ხ. და მ.ე. დააკავეს. ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინის და ავტომანქანის ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები - 62 შეკვრა „მარიხუანა”, 65 შეკვრა „ალფა პვპ“ და მცირე ზომის ელექტრო სასწორი ნივთმტკიცებად ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე კ.პ.-სთან განხორციელებული საკონტროლო შესყიდვების, ასევე პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს „მარიხუანა“. ხოლო, ამავე მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული გ.ხ.-ს მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ზ.შ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნარკორეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ზ.შ.-სგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა დროს, განახორციელეს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის ს.თ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პ.ჯ.-სთან განახორციელეს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“. გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულ დ.ლ.-ს ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ნარკოტიკული საშუალებები „მეტადონი“ „სუბოტექსი“ და „მარიხუანა" ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი, მჭიდი და 3 ვაზნა. ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა, 18-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახლა ინიცირება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს - შვედეთის საგარეო უწყება
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით, შვედეთის საგარეო საქმეთა აცხადებს, რომ მმართველი პარტიის განცხადება "სერიოზულ შეშფოთებას იწვევს." „ქართული ოცნების განცხადება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირი მოუწოდებს ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს, გაატარონ რეფორმები საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, რასაც მხარს უჭერს მისი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა," - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
არასამთავრობოები: მოსამართლეებმა სასამართლოს მეშვეობით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მათი ქონების შემოწმების პროცესი გააჩერეს
არასამთავრობო სექტორის ნაწილის ინფორმაციით, მოსამართლეებმა სასამართლოს მეშვეობით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მათი ქონების შემოწმების პროცესი გააჩერეს. მესამე სექტორის წარმომადგენლები ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდებენ, გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით. NGO-ების შეფასებით, ეს მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას. „4 აპრილს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა. ამ მოსამართლეთა შორისაა მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ “მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის” სანქცირებული ორი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე. 2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც უნდა შემოწმებულიყო 2024 წელს. კომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის კრიტერიუმების გამოყენებით. შერჩეულ პირთა სიაში მოხვდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე. ამ მოსამართლეებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა. მოსამართლეებმა, ლიელა ფოლადაშვილმა, ველერიანე ფილაშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის დეკლარაციების შემოწმება. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური და პროფესიული პოზიციების მქონე შერჩეული 300 თანამდებობის პირიდან, მხოლოდ მოსამართლეებმა მოითხოვეს მათი ქონების შემოწმების პროცესის შეჩერება. მოსამართლეები მართლმსაჯულებას ახორციელებენ საქართველოს სახელით, ხოლო მართლმსაჯულება კორუფციისადმი მოწყვლადი ერთ-ერთი სექტორია. ამასთანავე, მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის შემოსავლების განსაკუთრებული გულისხმიერებით შესწავლის საჭიროებაზე მიუთითებს საჯაროდ ხელმისაწვდომი არაერთი ინფორმაცია. (სანიმუშოდ იხ. სტუდია მონიტორის სიუჟეტი 2022 წლის 6 აგვისტოს ჟურნალისტური გამოძიება). კეთილსინდისიერ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა მის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შემოწმების მიმართ, ხოლო მოსამართლეების მიერ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების დაბრკოლება, სწორედაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, მათ მიერ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სანდოობაზე. მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI); „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო.“
ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა
საგამოძიებო სამსახურმა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი გამოავლინა, საიდანაც უკანონოდ ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, გამოვლინდა კანონდარღვევით მოქმედი აფთიაქი, საიდანაც რიგ შემთხვევაში, უნებართვოდ, ანდა შესაბამისი სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია ხდებოდა. „გამოძიებით დადგინდა, რომ აფთიაქის კანონდარღვევით საქმიანობის დაფარვის მიზნით, ობიექტი ფუნქციონირებდა სამი სხვადასხვა იურიდიული პირის სახელით, რომელთაც ფაქტობრივად ერთი და იგივე პირები მართავდნენ. გამოძიების პროცესში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სამი იურიდიული პირი, ხოლო, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ექვსი ფიზიკური პირის მიმართ, რომელთაგან ხუთი პირია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ აფთიაქის ხელმძღვანელებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, ჯამში დაახლოებით 1 მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი მიიღეს, რომელსაც შემდგომ, სხვადასხვა პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით, მისცეს კანონიერი სახე და მისი ლეგალიზაცია მოახდინეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, ასევე, ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ორი ძვირადღირებული ავტომანქანა. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქსტატი: თებერვალში, მშენებლობის ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 2.6%-ით გაიზარდა
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.6 პროცენტით გაიზარდა. საქსტატში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.7 პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.84 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. „წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 9.9 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 46.8 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 2.5 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 8.4 და 1.44 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 15.1 პროცენტით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
იაპონიის მთავრობამ პარასკევს გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდის შესახებ, რომელიც 17 აპრილს შევა ძალაში. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, 164 საქონლის ექსპორტი, მათ შორის, ავტომობილის ძრავის ზეთისა და ოპტიკური აღჭურვილობის რუსეთში შეტანა აკრძალოს. მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა იმ ჩამონათვალის ექსპორტის აკრძალვა, რომლებსაც შეუძლიათ, გააძლიერონ რუსეთის ინდუსტრიული ბაზა. იაპონიის ვაჭრობის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მან გადახედა მინისტრის ცნობას, რომელიც რუსული არაინდუსტრიული ბრილიანტების იმპორტს კრძალავს. ეს ზომა 10 მაისიდან ამოქმედდება.
ისრაელმა 28 საელჩოს მუშაობა შეაჩერა - მედია
ისრაელის ხელისუფლებამ ირანის მუქარების ფონზე, სხვადასხვა ქვეყანაში 28-მდე დიპლომატიური წარმომადგენლობა დახურა. Sky News Arabia. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაზარდეს მისი საჰაერო ძალების საბრძოლო მზადყოფნა და საჰაერო თავდაცვა, ასევე გააუქმეს სამხედრო შვებულება. მანამდე, ერთი დღით ადრე, რადიოკომპანია KAN-მა გაავრცელა ინფორმაცია ზოგიერთი ქვეყნის საელჩოებიდან ისრაელელი დიპლომატების ევაკუაციის შესახებ. დიპლომატიური წარმომადგენლები ასევე გააფრთხილეს, არ მიეღოთ მონაწილეობა საჯარო ღონისძიებებში. ისრაელის არმიის სპიკერმა განაცხადა, რომ ქვეყანა სერიოზულად ეკიდება ნებისმიერ საფრთხეს და მზად არის ნებისმიერი სცენარისთვის. ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი 4 აპრილს აცხადებდა, რომ დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე განხორციელებული თავდასხმის გამო, ისრაელს საკადრისი პასუხი გაეცემა. „ღაზის სექტორში, სიონისტური რეჟიმის დამარცხება გაგრძელდება და ეს რეჟიმი მიუახლოვდება დაცემას და დაშლას. სასოწარკვეთილი მცდელობები, როგორიც სირიაში განხორციელდა, მათ დამარცხებისგან ვერ გადაარჩენს. რა თქმა უნდა, ამ ქმედებისთვის მათაც სილას გააწნავენ,“ - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ. მიმდინარე კვირის დასაწყისში სირიის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის მიერ დამასკოზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად ირანის საკონსულოს შენობა განადგურდა. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაიღუპა 13 ადამიანი. ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის 7 წევრი, მათ შორის, ორი გენერალი, დაიღუპა.
ტაჯიკეთში, შენობებში მზის ენერგიის გამოყენება სავალდებულო გახდა
ტაჯიკეთის არქიტექტურისა და მშენებლობის კომიტეტმა, მშენებლობასა და რეკონსტრუქციაში მზის ელექტრო სისტემების სავალდებულო გამოყენება დაამტკიცა. როგორც Asia Plus-ი იუწყება, ამიერიდან, გარდა რეგულარული ელექტრო ქსელისა, შენობები აღჭურვილი უნდა იყოს მზის პანელებით, ღამის ენერგიის შესანახად. ეს ნაბიჯი მწვანე ეკონომიკის განვითარების სტრატეგიისა და სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების სტრატეგიის ნაწილია. „ბრძანება მოიცავს სხვადასხვა ტიპის შენობებს, მათ შორის, საგანმანათლებლო, სამედიცინო, კულტურულ, ტურისტულ, ადმინისტრაციულ, საზოგადოებრივ, სპორტულ კომპლექსებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საწარმოებს, სავაჭრო და სერვის ცენტრებს, კვების ობიექტებსა და გასართობ პარკებსაც კი, გზებსა და ქუჩებს,“ წერს გამოცემა. სამთავრობო უწყებები ამ კანონის შესრულებას, პროექტების განხილვისას, ასევე, შენობების მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღებისას მონიტორინგს გაუწევენ. ასევე მიიღება ზომები მზის ენერგიის სისტემების მასალებისა და აღჭურვილობის ფასების დასარეგულირებლად.
ამერიკის საელჩო: საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე
ამერიკის ელჩი რობინ დანიგანი სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, დემოკრატიისა და თანასწორობის ადვოკატირებაში მათი საქმიანობის შესახებ მოისმინა. შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. „საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე. შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყველა ქართველის ძალისხმევას ქვეყნის ევროკავშირისკენ მისწრაფებების წინ წასაწევად,“ ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მილერი: ღრმად ვართ შეშფოთებულნი, რომ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას
აზერბაიჯანი შუა დერეფანს განიხილავს, როგორც შესაძლებლობას, გააძლიეროს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამკუთხედი - ანალიტიკოსი
რომის საპიენცის უნივერსიტეტის წარმომადგენლის და გეოპოლიტიკოს ვალენტინა ჩაბერტის შეფასებით, აზერბაიჯანი შუა დერეფანს განიხილავს, როგორც შესაძლებლობას, გააძლიეროს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამკუთხედი, დააბალანსოს სომხეთ-რუსეთი-ირანის ღერძი. მისი თქმით, აზერბაიჯანი და ყაზახეთი იყვნენ მთავარი დაინტერესებული მხარეები, რომლებიც წინ უძღვებოდნენ ინვესტიციებს და ინსტიტუციონალურ თანამშრომლობას, რათა გამოეყენებინათ შუა დერეფნის პოტენციალი უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. „ბაქომ მილიონობით დოლარი გამოყო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის სატრანსპორტო გამტარუნარიანობის გასაუმჯობესებლად, მშენებლობის ფაზების დასრულების შემდეგ ალათის პორტში ტვირთის მზარდი მოცულობის უკეთ დამუშავების მიზნით. 2023 წლის ივნისში აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ერთობლივი ლოგისტიკური კომპანიის შექმნის შესახებ, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ტარიფების გაერთიანებას, ტრანზიტის პროცედურების გამარტივებასა და ტრანსკასპიის მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვას,“ აღნიშნა ვალენტინა ჩაბერტმა. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები
შუა დერეფნის საშუალებით, აზერბაიჯანი უზბეკეთისთვის სატრანზიტო ჰაბი ხდება - ელჩი
აზერბაიჯანი უზბეკეთის სატრანზიტო კერა ხდება ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - შუა დერეფნის საშუალებით. ამის შესახებ აშშ-ში უზბეკეთის ელჩმა ფურქათ სიდიკოვმა განაცხადა. ეს მოსაზრება მან ვაშინგტონში გამართულ კასპიის პოლიტიკის ცენტრის (CPC) ღონისძიებაზე გამოთქვა. ელჩის თქმით, ცენტრალური აზია შეიძლება, იყოს ევრაზიისა და სამხრეთ აზიის დამაკავშირებელი ხიდი, რაც შეიძლება, საინტერესოდ აღიქმებოდეს აშშ-სთვის. „ამჟამად განვიცდით მიწოდების მარშრუტებისა და ეკონომიკური სტრუქტურების მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდს. აშშ-ის ბიზნესს ახლა ესაჭიროება წვდომა ახალ ბაზრებზე და ცენტრალურ აზიას აქვს პოტენციალი, დააკმაყოფილოს ეს საჭიროება," - დასძინა სიდიკოვმა. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები