ძებნის რეზულტატი:
რა ვითარებაა მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც პროტესტის მონაწილეებმა გადაინაცვლეს
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან 3 პირი დააკავეს. შსს-ს ოფიციალური ცნობა ჯერ არ გაუვრცელებია. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან გადაინაცვლეს, აქციაზე ვითარება დაძაბულია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შესვლას და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს. მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება იყო. ელისაშვილმა რამდენჯერმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რისი საშუალებაც მას პოლიციამ არ მისცა. საბოლოოდ, ელისაშვილი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. როგორც სამართალდამცველებმა განმარტეს, ვინაიდან ელისაშვილი დეპუტატია, მას ვერ დააკავებენ, ამიტომ, მისი ტერიტორიიდან განრიდება მოხდა. „ამ ეტაპისათვის პოლიცია დგას. არანაირი განკარგულება არ აქვს, გარდა ერთისა, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად,“ - განუცხადა თავის მხრივ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმ, ვაჟა სირაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მყოფ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, რაიმე სახის სამართალდარღვევის შემთხვევაში, ძალადობა, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. „არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ როდესაც აქცია მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და არ სცდება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონით დადგენილ ნორმებს, პოლიცია არის სტანდარტულად მშვიდ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რაიმე სახის სამართალდარღვევა, ძალადობა კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ამ ეტაპისათვის პოლიცია დგას. არანაირი განკარგულება არ აქვს, გარდა ერთისა, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად. ამასთან, ყველა სამართალდარღვევაზე ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. წინასწარ რაიმე განცხადების გაკეთების საშუალება არ გვაქვს. ვიმყოფებით და ვმოქმედებთ არსებული რეალობიდან გამომდინარე," - განაცხადა ვაჟა სირაძემ. შსს: დაკავებულია 2 პირი, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, პროტესტის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ
პრეზიდენტი: პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
„პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!“ - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.პრეზიდენტის თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტი დღეს არ სრულდება.„პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა! ხალხმა სიმშვიდისა და შემართების მაგალითი ყველას მოგვცა! დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!" - განაცხადა პრეზიდენტმა. რა ვითარებაა მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც პროტესტის მონაწილეებმა გადაინაცვლეს
შსს: დაკავებულია 2 პირი, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები
შსს განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს აქციის მონაწილეებს “დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს.“ უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მესამე დღეა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, მობილიზებულნი არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მითითებებს. ასევე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში.კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,“ წერია შსს-ს განცხადებაში. უწყებამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი. სამართალდამცველემა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. თითოეულ არაკანონიერ ქმედებას, დაუყოვნებლივ მოყვება სამართლებრივი რეაგირება,“ წერს შსს. რა ვითარებაა მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც პროტესტის მონაწილეებმა გადაინაცვლეს
მიტროპოლიტი გრიგოლი ხელისუფლებას სადავო კანონპროექტის განხილვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით შეწყვიტოს საქართველოს პარლამენტში სადავო კანონპროექტის განხილვა და ამით უარი თქვას დაძაბულობის ესკალაციის რისკზე. ის საქართველოს მთავრობას შეახსენებს, რომ "უდიდესია ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობის ტვირთი ისტორიისა და საკუთარი ხალხის წინაშე." "ის დაძაბულობა და საზოგადოებრივი პროტესტი, რაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ვითარდება საქართველოს პარლამენტში და მის ირგვლივ, ის, რაც ამ დაძაბულობის ესკალაციას შეიძლება, მოჰყვეს ამ ქვეყნის ცხოვრებაში, საკმარისზე მეტ არგუმენტს იძლევა საიმისოდ, რომ შეწყდეს/შეჩერდეს სადავო კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების პროცედურები, რამაც შექმნა უკიდურესი დაძაბულობის საფუძვლები ქართულ საზოგადოებაში. მიმაჩნია, რომ ეს გაბედული და დიდსულოვანი ნაბიჯი გაუხსნის გზას სამოქალაქო მშვიდობას, ხოლო ჩვენს სამშობლოს ააცილებს იმ საფრთხეს, რასაც დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში უკიდურესად გაღიზიანებული მტერი რევანშისთვის გამოიყენებს და შექმნილ ვითარებაში გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას; მაშინ კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ვეღარ დაიხსნიან ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოს," - წერს მიტროპოლიტი წერილში, რომელსაც აქვეყნებს ფოთისა და ხობის ეპარქიის ოფიციალური გვერდი ავრცელებს Facebok-ზე. მეუფე გრიგოლის გარდა, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებიდან "აგენტების შესახებ" კანონზე აზრი გამოთქვა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამაც. „მე, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქე და როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი, მივიჩნევ, რომ ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერისა და ხალხის ისტორიული არჩევანი, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი და განუყოფელი ნაწილი, უნდა იყოს დაფასებული ყველას მხრიდან! ასეთი პოლარიზაციის პირობებში, როცა ჩვენი დაუძინებელი მტერი საზოგადოების ორად გაყოფას მცდელობას არ აკლებს, დაუშვებლად მიმაჩნია აჩქარებული წესით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, თანაც იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყნის ყველა პარტნიორი ქვეყნებისა და კავშირების ლიდერები მოგვიწოდებენ მეტი დაფიქრებისა და ანალიზისთვის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ახალი კანონპროექტის მიღებას," - აღნიშნა მან და ხელისუფლებას ამ კანონზე უარის თქმა ურჩია. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე დღეა, ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია ახლაც მიმდინარეობს. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის რუსულ სამხედრო აეროდრომზე დარტყმა დაადასტურა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ძალებს მადლობა გადაუხადა ანექსირებულ ყირიმის ქალაქ ჯანკოიში, რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო აეროდრომზე ზუსტი დარტყმისთვის. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჯანკოის აეროდრომზე აფეთქებები 17 აპრილს, გამთენიისას მოხდა. ღამით უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ მადლობას უხდის ყველას, ვინც ამზადებს რუსეთის არმიის ტექნიკის და საბრძოლო ინფრასტრუქტურის განადგურების უმნიშვნელოვანეს სპეცოპერაციებს, რადგან ოკუპანტის ყოველი დანაკარგი უკრაინის ძალაა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოპერაციის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკის. რუსული წყაროების თანახმად, ჯანკოის სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებულია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ვერტმფრენების 39-ე პოლკი და სამი საავიაციო ესკადრილია. ასევე - უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების ვერტმფრენები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ აეროდრომზე შეტევის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) ინფორმაციით, გეოლოკაციური კადრები ადასტურებს, რომ ჯანკოის აეროდრომზე აფეთქებები იყო. ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, საბრძოლო და სატრანსპორტო ვერტმფრენები რუსეთის არმიას აძლევს უპირატესობას როგორც შეტევის, ისე თავდაცვისთვის, განსაკუთრებით უკრაინის სამხრეთში. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ჯანკოიში მდებარე რუსულ სამხედრო ობიექტებზე დრონებით იერიში არაერთხელ მიიტანეს. ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომის რაიონში აფეთქებები იყო, გაჩნდა ხანძარი - მედია
ცნობილია, როდის უყრის კენჭს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა უკრაინის დახმარებას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა უკრაინის, ისრაელისა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის დახმარების პაკეტის გარშემო კენჭისყრას 20 აპრილს ჩაატარებს. განაცხადა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 17 აპრილს, ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ მას მერე, რაც დახმარება სენატმა დაამტკიცა. წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა გამოაქვეყნა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 60,80 მილიარდი დოლარის გამოყოფას უკრაინაში კონფლიქტთან გამკლავების და რუსეთის შეჭრის გამო რეგიონული პარტნიორების დახმარებისთვის. აქედან 23.2 მილიარდი დოლარი გამოყენებული იქნება აშშ-სგან იარაღის, მარაგებისა და აღჭურვილობის შესავსებად. კანონპროექტი ითვალისწინებს ისრაელისთვის მხარდაჭერისთვის 26.38 მილიარდი დოლარის გამოყოფას. ის უნდა მოხმარდეს ბოლოდროინდელი თავდასხმების საპასუხოდ აშშ-ის სამხედრო ოპერაციების ხარჯების დაფარვასაც. ხოლო ინდოეთ-წყნარი ოკეანის კანონპროექტი შეიცავს 8,12 მილიარდ დოლარს. რამდენიმეკვირიანი გაურკვევლობის შემდეგ იმასთან დაკავშირებით, მისცემენ თუ არა პალატის რესპუბლიკელი ლიდერები წევრებს დახმარებაზე კენჭისყრის საშუალებას, ჯონსონმა 15 აპრილს განაცხადა, რომ გადაწყვიტა სენატის 95 მილიარდიანი კანონპროექტის ცალკეულ ნაწილებად დაყოფა. ხოლო 17 აპრილს, ხარჯების გეგმის მოწინააღმდეგეთა მხრიდან ძლიერი ზეწოლის შემდეგ, ჯონსონმა დაიწყო კანონპროექტების ტექსტის გამოქვეყნება, საბოლოო მიღებაზე კენჭისყრა კი, მოეწყობა 20 აპრილს, საღამოს, რათა დრო იყოს დებატებისა და შესწორებების შეტანისთვის. სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, დახმარების შესახებ კანონპროექტი თებერვალში მიიღო, სოლიდური 70%-იანი ორპარტიული უმრავლესობით, ხოლო პაკეტის მომხრეებმა განაცხადეს, რომ ის ასეთივე პროპორციით გავიდოდა წარმომადგენელთა პალატაში, ჯონსონს კენჭისყრის ნება რომ დაერთო. ევროპის ლიდერებმა უნდა იმუშაონ ჯონსონთან, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს - ქემერონი კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
ქემერონის შემდეგ, ტრამპს პოლონეთის პრეზიდენტი შეხვდა
პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჯეი დუდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. დონალდ ტრამპმა პოლონეთის პრეზიდენტს ნიუ-იორკში, Trump Tower-ში უმასპინძლა. დონალდ ტრამპმა და ანჯეი დუდამ NATO-ს წევრების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის საკითხი და უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილეს, თუმცა დეტალები არ გასაჯაროებულა. „მან ფანტასტიკური სამუშაო გასწია და ის ჩემი მეგობარია. ჩვენ ერთად ოთხი შესანიშნავი წელი გავატარეთ. ჩვენ პოლონეთს მხარს ბოლომდე ვუჭერთ,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა ანჯეი დუდასთან შეხვედრისას. ტრამპის კამპანიამ მცირე ინფორმაცია გაავრცელა შეხვედრის შესახებ, მაგრამ განაცხადა, რომ მათ განიხილეს დუდას წინადადება NATO-ს ქვეყნებისთვის, გაეზარდათ თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტამდე - პოზიცია, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე გაასაჯაროვა გასულ თვეში Washington Post-ის სტატიაში. სტატიაში დუდა ამბობდა, რომ „რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები და აგრესიული რევიზიონიზმი უბიძგებს მოსკოვს NATO-სთან პირდაპირი დაპირისპირებისკენ“ და რომ NATO მზად უნდა იყოს საფრთხესთან გასამკლავებლად. ტრამპის კამპანიამ გაასაჯაროვა საკითხები, რომლებიც აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ქემერონთან შეხვედრაზე განიხილა
აკა მორჩილაძის წერილი: „ფეისბუკებში“ დაუწერიათ, ხმას რათ არ იღებსო, კი ვიღებ, მარა დამღლელი ჩანს ალბათ...
„პუბლიკა“ აკა მორჩილაძის წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. აკა მორჩილაძის წერილი პუბლიკის დირექტორს, ზურა ვარდიაშვილს: გამარჯობა ზურა. შენს გამოგზავნილ შეკითხვაზე შემიძლია გიპასუხო შემდეგი: დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ერთ დღეს კი არა, ნახევარ საათს არ ყოფილა არც თავისუფლება, არც დემოკრატია, არც ლიბერალობა. ყველაფერი ყოფილა ამ სამის გარდა, მაგრამ ეს სამი, – არასდროს. არც ერთად, არც ცალ-ცალკე. ამასთან დავა, სრული ტყუილია ნებისმიერი მხრიდან. ვშიშობ, ასეთსავე ქვეყანაში მოვკვდები, თუ კიდევ არ ავიკრიფე, მარა ასაკში ძნელია აკრეფა. თუმცა, ცხოვრება ისეთია, ვერ გაიგებ. ესესერი რო დაიშალა, ყველას გვიხაროდა. ეგ იყო ბედნიერი დღეები. მარა მერე გაირკვა, რომ საქათმეს რომ დაშლი, იმის ფიცრით, სასახლე ვერ აიგება. ახალი ფიცარი კი არ მოგვაქვს. არაფრით. საშიშია – ვაითუ მკვიდრი კედელი გამოგვივიდეს და გამოთბეს შიგ ეს ჩვენი ხალხი, კარგი ხემსი ნახოს, გულმა კარგი რამეები აუციმციმოს და სულ გასაჭირის და სამასი ლარის ძახილი არ იყოს. არ გამოდის ესა, მერამდენე ათწლეულია. ჩვენს სახელმწიფოს ეს არ შეუძლია ოცდაათი, თუ რამდენი წელიწადიც არის, რომ ხალხს უთხრას: აიღე ეს თავისუფლება და მე ისეთ კანონებს მოგცემ, მეც დიდად არ მეშინოდეს, რო მომივარდები და შენაც ბავშვს რამეს უყიდი, ეს ახალგაზრდები წავლენ, ქვეყანას ნახავენ, ჯალათებად ნუ დაბრუნდებიან, რაღაცა რვეულები ქონდეთ უბეში – უხაროდეთ საქმის წამოწყება და ასე. თორე, რა: მთელი აფრიკის დიქტატორებს სორბონა-ოქსფორდებში უსწავლიათ და მერე შინ კი გიჟდებოდნენ. ეგ იმას გავს, არჩევნების კანონი დემოკრატიულიაო, რო დავიწყებთ, მერამდენე ათწლეულია ეგეც – არჩევნებისთვის თავისუფალი გარემოა მთავარი, ბუტკა, კნოპკა და წითელი პასტა რას უშველის. როგორც არი. ეგეც ხო ყველამ იცის რამდენი ხანია. არ გამოდის. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ესესერის მემკვიდრეობით გაჯერებული ქვეყანა: სულსა და ხორცში გვაქვს, ძალის, ძალმომრეობის, დაშინების, დაწოლის, ზეწოლის, მუქარის, შანტაჟის სურვილები და არცერთი ქართული მმართველობა ამის საბოლოო მოსპობაზე არ წავიდა. ესეც ნამდვილია. ახლა რუსეთიო. ეგ ხო ცხადია, რუსეთი რაც არის. ახლა მთლად გამხეცებულია და იმის ვერაგი ზურგის ტვინი ხომ ესესერია. ეს რუსეთი რასაც მართებს მსოფლიოს და ჩვენც, კი ვხედავთ: მაგათი მათრახის ტყლაშუნში გვაქვს გატარებული ორასი წელიწადი. რაც უბედურებაა, ისაა, რომ ჩვენ კვლავაც ვართ 58-ე მუხლის ქვეყანა. შენ კი გწერ ამ წერილს, მაგრამ უფრო ახალგაზრდებს ვგულისხმობ; აბა ჩემნაირ გადაცვეთილ და ამ გაუთავებელი ესესერით ჩუმად გაწვალებულ მოფრთხილეს რად უნდა. ჩვენ რამენაირად მივალთ რაღაც წერტილამდე, ამ ახალგაზრდებს კი, კარგ წერტილამდე უნდათ მისვლა. მანდ მისვლა კი ძალიან დიდი ბრძოლაა: უამრავის უარყოფა, თავზე ხელის აღება, ხერხების ცოდნა და მერე კი, თან პატიოსანი უნდა დარჩე. ძნელია. ერთეულების იყო ყოველთვის და ახლა თუ შეიცვლება, მაგას რა ჯობია და გარშემო ეს 58-ე მუხლი. ეგ რომელი მუხლია გეცოდინება: სტალინიზმის სიმბოლოაო და 1961 წელს გააუქმეს. უსქელესი, თოთხმეტქვეპუქნტიანი მუხლია, რომელიც დასაწყისში სამშობლოს ღალატს გულისხმობს და მერე მოყვება ჯაშუშობა, კონტრრევულცია და მოკლედ, ყველაფერი, რითაც პატიოსან ხალხს ასამართლებდნენ. თანდათან იზრდებოდა და ლამის ყველაფერს მოიცავდა. წინა კვირას, ეს ამბავი რო იწყებოდა, ძველმა კოლეგამ მომწერა, ერთი წინადადება თქვი, მალე აგენტებს დააწერენ ჩვენს წიგნებსო. დააწერენ, მაშ. მასეთი კანონების ქვეყანა ვართ, მარა მიხეილ ჯავახიშვილი და ტიციან ტაბიძე თუ იყვნენ აგენტები და დახოცეს, წიგნზე წარწერა ორდენი თუ არა, ერთი პატარა მედალი კი გამოდის. ეგება იამაყო კიდეც, მეც გამაფუჭესო. გაფუჭებაც რა, ძველად მოკვლას ერქვა. მერე ციხის კულტურამ რომ იმძლავრა – კაცის გაუპატიურებასაც, ახლა აღარ ვიცი. სხვა რა მოლოდინი უნდა მქონდეს, როგორც ადამიანს,რომელიც ამაში გაიზარდა, არ ვიცი. უიმედობა ცუდია. მასებისთვის არასაჭირო. ბოდიში, მარა კაი ხანია, არ მჯერა, რომ იქედან, სადაც ძალაუფლებაა, რაიმე კარგს ველოდე. იმ ხრუშჩოვმა კი გააუქმა ის 58-ე მუხლი, მაგრამ არსი იგივე დარჩა – ჩვენ მაგ არსში ვცხოვრობთ. აი, ამ წამამდე და ყველაფერიც ვიცით, რა საშინელებაც ეგ რუსეთია, რა ჯანდაბაც ეგ კანონი და რაც ჩვენავე ვართ. მოკლედ, როგორც იოანე ბატონიშვილი იტყოდა ამ ორასი წლის წინათ, ქართლში სამართალი არცა ქმნულა და არც იქმნებისო. მეფის შვილი იყო, ვინმე უკუმთქმელი კი არა. ახალგაზრდებისთვისაა ოცნება, თორე ვინ ოხერი. ბრძოლაც მათთვისაა. ამ ბრძოლის სიმძიმე, კიდევ წინაა. შარშან რო მომწერე ამ კანონზე, ტელევიზორში ვუყურებდი და დღიურს ვწერდი. კი არ მიფიქრია გამოქვეყნება და ახლა აღარც ვიცი სად არის. მგონი, მარტი იყო და სანამ უარით გიპასუხე, კი ვნახე ტელვიზორში, დაჭერილიაო. რაღა უნდა მეპასუხა, დაჭერილზე უარი რაღაა და დარჩა ამბავი ეგრე უხერხულად. მგონი, შარშანაც ამას მოგწერდი. ეს წერილი, თუ გამოგადგება რამეში, გამოაქვეყნე, თუ არ გამოგადგება და კი დაიტოვე, ან წაშალე. მოკლედ, როგორც მოგინდეს. ოღონდ, თუ გამოაქვეყნებ, მაინც გთხოვდი, რომ შენდამი წერილს ფორმა ჰქონდეს, ანუ ზუსტად ასეთი იყოს, თორემ სტატიას და რაღაც ასეთს ვერ ვახერხებ და მგონი, არც არავის უნდა, თან ახლოსაც არ ვარ მანდედან და ინტერნეტიც ვერაა, რო უნდა იყოს, ისეთი. პ.ს. ფეისბუკებში დაუწერიათ, ხმას რათ არ იღებსო. კი ვიღებ, მარა დამღლელი ჩანს ალბათ, მოკლე წინადადებები კიდე მე ვერ შამიძლია, კამისრებმა იცოდნენ : ) და ზემდგომიდან მითითებასაც ჰგავს. ჩვენი ამბავი კი ახლაც, არის „სათქმელად ძნელი“- როგორც ერთი ძველი მწერალი იტყოდა. მადლობა და ბოდიში, პასუხი მართლა გრძელი გამომსვლია. : ) არ ღირდა. გიო
ვედანტ პატელი: ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას და გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ბრიფინგზე გაააკეთა, როდესაც უპასუხა შეკითხვას თბილისში მიმდინარე პროტესტზე. მისი თქმით, კანონპროქტი უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირისკენ გზაზე. დამაზუსტებელ კითხვას, განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, „მკვდარია თუ არა დიპლომატია“ საქართველოსთან ურთიერთობაში, სპიკერის მოადგილემ უპასუხა: „ჩვენ არასოდეს ვფიქრობთ, რომ დიპლომატია მკვდარია. ჩვენ გავაგრძელებთ მოწოდებას და გავუმეორებთ უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს მთავრობას ამ ტიპის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომ მოისმინოს გაფრთხილებები მსგავსი კანონმდებლობის შეუსაბამობაზე ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გაცხადებულ მიზანზე, გახდეს ევროკავშირის წევრი.“ პატელის კომენტარის ეს მონაკვეთი დღეს ამერიკის საელჩომაც გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ეს სახელმწიფო დეპარტამენტის უკვე მეექვსე კომენტარია ამ საკითხზე. პირველი განცხადება სამ აპრილს გაკეთდა, როდესაც კანონპროექტის ინიცირება მოხდა. ბოლო განცხადება კი სპიკერმა მეთიუ მილერმა გუშინ გააკეთა. რა გზავნილი აქვს აშშ-ს თბილისში პროტესტის მონაწილეთა მიმართ - მეთიუ მილერის პასუხი მეთიუ მილერი: რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი მომენტია, რომლის შედეგებიც განსაზღვრავს ქართული დემოკრატიის მომავალს - ქართველოლოგი სტივენ ჯონსი
ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი სტივენ ჯონსი „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ აკრიტიკებს. ის აცხადებს, რომ კანონის მიღება დაასრულებს საქართველოს ყველანაირ პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე. სტივენ ჯონსი - ისტორიკოსი, საქართველოს თანამედროვე ისტორიის, ქართული სოციალ-დემოკრატიისა და პირველი რესპუბლიკის სპეციალისტი - წერს, რომ დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით ადევნებს თვალს. „ეს საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი მომენტია, რომლის შედეგებიც განსაზღვრავს ქართული დემოკრატიის მომავალს,“ - წერს სტივენ ჯონსი 18 აპრილს გავრცელებული განცხადებით, პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მაგრამ „ეს არის აკადემიური პროგრამა, რომელიც ეფუძნება მეცნიერულ დამოუკიდებლობას, კვლევის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას.“ „ჩვენ ვერ გადავრჩებით ამ მახასიათებლების გარეშე - და ვერც ქართული დემოკრატია გადარჩება,“ - წერს ის. „კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, - რომელიც უკეთ ცნობილია, როგორც უცხოეთის აგენტების კანონპროექტი, - წარმოადგენს გამოწვევას იმ აკადემიური ფასეულობების მიმართ, რომლებსაც ჩვენი პროგრამა იცავს,“ - წერია განცხადებაში. პროფესორ ჯონსის შეფასებით, „ბუნდოვნად ფორმულირებული „უცხოეთის აგენტების“ კანონი, თუკი მიიღებენ, შექმნის დამოუკიდებელი მედიის, ქართული აკადემიური სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (მათ შორის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების) გამოხატვის თავისუფლების მეტად შეზღუდვის შესაძლებლობებს“. „ეს დაასრულებს ყველანაირ პროგრესს ევროკავშირისკენ... ევროკავშირის თანამდებობის პირთა და, ასევე, ევროპარლამენტში პარტიების წარმომადგენელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადასტურა ეს,“- წერს სტივენ ჯონსი. „მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაიწვიოს ეს კანონპროექტი, რომელიც დიდ ზიანს მიაყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასა და საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიაში ტოლერანტობისა და ნამდვილი დემოკრატიის მშენებელი ქვეყნის, რეპუტაციას,“ - აცხადებს პროფესორი ჯონსი. შეგახსენებთ, გუშინ, 17 აპრილს ხალხმრავალი პროტესტის მესამე ღამე იყო პარლამენტის შენობასთან. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
კონგრესში კენჭისყრის წინ, უკრაინა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის შესახებ გაფრთხილებით გამოდის
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა BBC-ს განუცხადა, რომ "მესამე მსოფლიოს" წინაშე აღმოვჩნდებით, თუ უკრაინა დამარცხდება რუსეთთან კონფლიქტში, რადგან მან მოუწოდა აშშ-ის კონგრესს მიიღოს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული საგარეო დახმარების კანონპროექტი. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა უკრაინის, ისრაელისა და ინდოეთ-წყნარი ოკეანის დახმარების პაკეტის გარშემო კენჭისყრას 20 აპრილს ჩაატარებს. განაცხადა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა 17 აპრილს, ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ მას მერე, რაც დახმარება სენატმა დაამტკიცა. სენატმა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, დახმარების შესახებ კანონპროექტი თებერვალში მიიღო, სოლიდური 70%-იანი ორპარტიული უმრავლესობით, ხოლო პაკეტის მომხრეებმა განაცხადეს, რომ ის ასეთივე პროპორციით გავიდოდა წარმომადგენელთა პალატაში, ჯონსონს კენჭისყრის ნება რომ დაერთო. „თუ ჩვენს ქვეყანას არ დავიცავთ, უკრაინა დაეცემა. მსოფლიოს უსაფრთხოების გლობალური სისტემა კი, განადგურდება და მთელ მსოფლიოს მოუწევს უსაფრთხოების ახალი სისტემის მოძებნა. ან იქნება ბევრი კონფლიქტი, ბევრი ასეთი ომი, რამაც შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს,“ – ამბობს შმიგალი. ევროპის ლიდერებმა უნდა იმუშაონ ჯონსონთან, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინისთვის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს - ქემერონი კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
გერმანიამ დააკავა ორი რუსი აგენტი, რომლებიც უკრაინის სამხედრო დახმარების ჩაშლას გეგმავდნენ - მედია
გერმანიაშ, ბავარიაში დააკავეს სავარაუდოდ, ორი აგენტი, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისთვის მუშაობდნენ და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებში დივერსიის მოწყობას აპირებდნენ, რათა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ჩაეშალათ. ამის შესახებ გერმანულმა გამოცემა Spiegel-ი წერს. მთავარი ბრალდებული არის 39 წლის რუსულ-გერმანული წარმოშობის ბავარიელი დიტერ ს. გამომძიებლები დარწმუნებულნი არიან, რომ დიტერ ს. 2023 წლის ოქტომბრიდან დაუკავშირდა რუსეთის სპეცსამსახურების საკონტაქტო პირებს გერმანიაში დივერსიული ოპერაციების შესახებ. ვარაუდობენ, რომ ის დათანხმდა სამხედრო ინფრასტრუქტურის, იარაღის ქარხნებისა და სამრეწველო ობიექტების ცეცხლის წაკიდებას და დაბომბვას. გამოძიება მიიჩნევს, რომ დიტერ ს-ის თანამზრახველი იყო 37 წლის ალექსანდრე ჯ., ასევე რუსულ-გერმანული წარმოშობის, რომელსაც ფედერალური პროკურატურა რუსეთის დაზვერვის სასარგებლოდ აგენტობაში ადანაშაულებს. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ადგილი, სადაც დაკავებულები ჯაშუშობდნენ, ბავარიის გრაფენვუერში მდებარეობს. სხვა საკითხებთან ერთად, ეს არის მნიშვნელოვანი სამხედრო სასწავლო მოედანი, სადაც აშშ-ის არმია უკრაინელ სამხედროებს, მაგალითად, აბრამსის მთავარ საბრძოლო ტანკებზე წვრთნის. დიტერ ს.-ს ასევე ბრალად ედება საზღვარგარეთ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა. იმის გამო, რომ ის ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღს, ფედერალურმა პროკურორებმა მის წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყეს საფრთხის შემცველი ძალადობრივი აქტის მომზადების ბრალდებით. გამოცემის ცნობით, დიტერ ს. და ალექსანდრე ჯ. ოთხშაბათს კარლსრუეში გადაიყვანეს და ფედერალური სასამართლოს მოსამართლეების წინაშე წარდგნენ. ორივე დააკავეს. ჩეხეთის რესპუბლიკამ ადრე განაცხადა, რომ რუსეთს ჰქონდა „ათასობით“ მცდელობა, ჩარეულიყო ევროპული სარკინიგზო ქსელების მუშაობაში და ეს იყო ევროკავშირის დესტაბილიზაციის კამპანიისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დივერსიის მცდელობის ნაწილი. ჩეხეთსა და პოლონეთში პრორუსული გავლენის ქსელების ბოლოდროინდელი გამოვლენის შემდეგ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ ფიალამ განაცხადა, რომ შემდგომი მსგავსი განცხადებები სხვა ქვეყნებშიც უნდა იყოს მოსალოდნელი.
სამხრეთ კორეა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის მოცულობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს
სამხრეთ კორეა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს. შესაბამის ინფორმაციას სამხრეთ კორეის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრის, ჩოი სანგ-მოკის ცნობით, 2,3 მილიარდი დოლარის ღირებულების უკრაინის დახმარების პაკეტიდან 200 მილიონი დოლარის გამოყოფა მიმდინარე წლის განმავლობაში მოხდება, ხოლო დარჩენილი 2,1 მილიარდი დოლარი 2025 წლიდან ეკონომიკური განვითარების თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხების სახით გაიცემა. სამხრეთ კორეა მსოფლიო ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს უკრაინის დახმარების პროექტებისთვის 50 მილიონ დოლარს გადასცემს. ცნობისთვის, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა 2023 წლის სექტემბერში პირობა დადო, რომ სეული უკრაინას რუსეთთან ომის შემდეგ მისი აღდგენისთვის 2,3 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევდა.
დიდი ბრიტანეთის ელჩი: ნებისმიერ რამ, რაც ზღუდავს, ხელს უშლის ან შეუძლებელს ხდის სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას, უკიდურესად შემაშფოთებელი იქნება
გაერთიანებული სამეფო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძალიან მტკიცე მხარდამჭერია. ნებისმიერი რამ, რაც ზღუდავს, ხელს უშლის ან შეუძლებელს ხდის სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას, უკიდურესად შემაშფოთებელი იქნება ჩვენთვის, - ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე კომენტირებისას განაცხადა. „ჩემმა ევროკავშირელმა კოლეგამ, პაველ ჰერჩინსკიმ, ასევე, შარლ მიშელმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ნათლად განაცხადეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ამ კანონის გავლენის შესახებ. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, ის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძალიან მტკიცე მხარდამჭერია, მას მტკიცედ სჯერა, რომ ენერგიული, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება უმთავრესი კომპონენტია ნებისმიერი თანამედროვე დემოკრატიისა. ასე რომ, ნებისმიერ რამ, რაც ზღუდავს, ხელს უშლის ან შეუძლებელს ხდის მის მუშაობას, უკიდურესად შემაშფოთებელი იქნება ჩვენთვის და ჩვენ ამის შესახებ უკვე გარკვევით განვაცხადეთ,“ - აღნიშნა ელჩმა. კლეიტონის თქმით, გაერთიანებული სამეფო, საქართველოს დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უდიდესი მხარდამჭერია. „სუვერენიტეტი ნიშნავს არჩევანის გაკეთებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქვეყანა ევროკავშირის წევრი აღარ არის, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას, ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება. ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკის მიზანია ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება და თქვენს კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ გსურს, ევროკავშირში გაწევრიანება. ასე რომ, ეს არის საქართველოს სუვერენული არჩევანი. საქართველოს გადასაწყვეტია, როგორ განმარტავს და რას გადაწყვეტს, გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს საქართველოს ამ გზაზე,“ - აღნიშნა ელჩმა.
ომბუდსმენის აპარატი პოლიციის მხრიდან ელისაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიებას ითხოვს
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 17 აპრილის აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე მოინახულა, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა. სახალხო დამცველის აპარატმა ასევე დაადგინა მეორე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქის ადგილსამყოფელი და უახლოეს საათებში მოინახულებს. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატი დღესვე მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით. სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე ღამე იყო გუშინ, რაც ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
გერმანიის ვიცე-კანცლერი დაუანონსებელი ვიზიტით კიევში ჩავიდა
გერმანიის ვიცე-კანცლერი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა კიევში ჩასვლისას აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი იმის ნიშანია, რომ გერმანია უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას აგრძელებს. „რუსეთის სასტიკი და უკანონო დაპყრობითი ომის მესამე წელსაც კი, გერმანია უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას,“ - განაცხადა რობერტ ჰაბეკმა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა, რობერტ ჰაბეკი მოლაპარაკებებს უკრაინის ეკონომიკის მინისტრთან, იულია სვირიდენკოსთან და ენერგეტიკის მინისტრთან, გერმან გალუშენკოსთან გამართავს.
„მშვიდობიანი საპროტესტო აქციების უფლება ფუნდამენტური უფლებაა“ - სამი ევროპარლამენტარი
ევროპარლამენტარებმა დევიდ მაკალისტერმა, სვენ მიქსერმა და მარინა კალიურანდმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირების საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. „ჩვენ საქართველოში მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან შემოტანით ღრმად შეშფოთებულები ვართ. ეს კანონი, რომელიც გუშინ პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმას წარმოადგენს. ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელია. იგი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს ეწინააღმდეგება და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის. ჩვენ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მოვუწოდებთ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს არ უღალატონ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად საერთაშორისო პარტნიორებთან ითანამშრომლონ. ჩვენ საკამათო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების დასაშლელად სპეცრაზმის მიერ ძალის გამოყენებით შეშფოთებულები ვართ. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ფუნდამენტური უფლებაა და მკაცრად უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის განურჩევლად გამოყენების გამართლება არ შეიძლება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, უზრუნველყოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და ძალადობის ესკალაცია თავიდან აიცილოს. ჩვენ ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მიმართ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები ჯერ კიდევ უნდა განხორციელდეს,“ - ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.
პრეზიდენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების კანონპროექტს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უქმდება ქალთა კვოტირების სავალდებულო წესი. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. „საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, იგი ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს ევროპულ გზასთან. გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან გენდერული კვოტების საკითხი ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტიანი გეგმის მე-9 პუნქტის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც ევროკომისიამ შესრულებულად ჩათვალა,“ - აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის გავრცელებულ განცხადებაში. მოქმედი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს, ვალდებულია ცესკო წარუდგინოს ისეთი სია, რომელშიც სულ მცირე ყოველი მეოთხე ადამიანი ქალი იქნება. ქალთა კვოტირების გაუქმებას 4 აპრილის პარლამენტის სხდომაზე მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 22 იყო. მმართველ პარტიას აქვს ხმების საკმარისი რაოდენობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად. ვეტოს დაძლევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, საპარლამენტო უმრავლესობაში კი, 83 დეპუტატია. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
პარლამენტი კიდევ ერთ სადავო კანონპროექტს განიხილავს
პარლამენტი მუხლობრივად „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს იხილავს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. პროექტი 82 ხმით, პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ჩამოიწერება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. "შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში: ა) ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი/სარგებელი, რომელიც ამ კოდექსის მიზნისთვის განიხილება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან; ბ) აქტივის/საქონლისსაქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან. ამ ქვეპუნქტის გამოყენების წესს და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი; გ) საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე. შენიშვნა: 1. ეს ნაწილი გამოიყენება: ა) თუ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი); ბ) მხოლოდ იმ აქტივის გადაცემის შემთხვევაში, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაშია ამ ნაწილის ამოქმედების დღისთვის," - ნათქვამია კანონპროექტში, რომლის ინიციატორებიც არიან საქართველოს პარლამენტის წევრები "ქართული ოცნებიდან." საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები არიან დეპუტატები პაატა კვიჟინაძე, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი კირცხალია, ბეჟან წაქაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი ზარქუა და გოგი მეშველიანი, პარლამენტში განსახილველად 10 აპრილს დარეგისტრირდა. მისი დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 15 აპრილს მიიღო, რომლის საჭიროებასაც "ქართული ოცნება" მეტი გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნის. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სადაც საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით, დაჩქარებულად იხილავენ, განაცხადა, რომ „რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს იღებენ რუსული ფულის კანონს.“ ეს კანონი, რომელიც დღეს თქვენ გამოგაქვთ, ისევე როგორც რუსული კანონი, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ, ეროვნულ ინტერესებს. ის ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ოფშორული ფულის საქართველოში დაუბეგრავად გადმორიცხვის ინტერესს, ისევე, როგორც რუსი სანქცირებული თუ სხვა ოლიგარქების ოფშორული ფულის გადმორიცხვას საქართველოში ისე, რომ არ დაიბეგროს. საქართველოს მოქალაქეები იბეგრებიან და შემდეგ ამ ბეგარიდან აღებულ ფულს თქვენ ჯიბეში იდებთ, იმის ნაცვლად, რომ მათ მოახმაროთ. ასე რომ „რუსული კანონის“ კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს,“ - განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, პარლანენტის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად წესდება საგადასახადო შეღავათები შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომელიც განხორციელდება 2028 წლის პირველ იანვრამდე. კერძოდ, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების, საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან, ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან, ხოლო საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით თავისუფლდება ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე.
პრეზიდენტი: საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას აშკარად პრორუსულ მთავრობას, კვლავ მის მთავრობად დარჩეს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნათელია ის, რომ საქართველოს მოსახლეობა არასდროს მისცემს საშუალებას მთავრობს, რომელიც აშკარად პრორუსულია, კვლავ მის მთავრობად დარჩეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება მის ძირითად ეგზისტენციალურ არჩევანს, რომელსაც საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ყოველთვის აკეთებს და რომელიც არ შეიცვლება. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანებას და ეს არჩევანი არასდროს შეცვლილა. „ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ძალიან ახლოს ვართ მოლაპარაკებების დაწყების პროცესთან, რომელიც უკრაინამ და მოლდოვამ უკვე დაიწყეს. ყველა ქართველი თავს ევროპელად გრძნობს, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი, გასული 30 წლის განმავლობაში მუდმივად, აცხადებს, რომ სურს ევროკავშირსა და ატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანება. ეს არის ის, რაც ვერაფერმა შეცვალა, ვერც ომმა, ვერც ტერიტორიის ოკუპაციამ - მოსახლეობის სიმტკიცე ურღვევია და არ შეიცვლება და სწორედ ეს სიმტკიცე მიგვიყვანს არჩევნებზე წელს ოქტომბერში და დარწმუნებული ვარ, რომ გასული წლის მსგავსად, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, წელს მივიღებთ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის რუსული კანონი, ეს არის პუტინის კანონის ზუსტი ასლი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მიიღეს სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განადგურების მიზნით. მისი თქმით, შარშან, ეს კანონი ვერ მიიღეს და ჩვენ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მოსახლეობის პროტესტის წყალობით. „ახლა ჩვენ ერთი ნაბიჯით მიახლოებული ვართ ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან წლის ბოლოს, შესაძლოა, მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული სტრატეგია და ცდილობს, შეგვაჩეროს ამ გზაზე და მათ აშკარად ეხმარება დღევანდელი ხელისუფლება,“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. კითხვას, რას მოიმოქმედებს ის, თუკი საქართველოს ხელისუფლება კანონპროექტს დაამტკიცებს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ შეუძლია, ვეტო დაადოს კანონპროექტს, მაგრამ ეს უფრო სიმბოლური ვეტო იქნება, რადგან მმართველ პარტიას ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა ექნება. „ასე რომ, ახლა მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ყურადღების მიქცევა, რადგან კანონი ჩვენი პარტნიორების, საქართველოში მოქმედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგაც არის მიმართული. ეს არის ნამდვილად გეოპოლიტიკური ომი, არა სამხედრო ომი, როგორსაც თქვენ ახლა უკრაინაში ხედავთ, არამედ, სხვა ტიპის, „რბილი“ ომი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.