ძებნის რეზულტატი:
22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ განაგრძობს თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შეკრების მონიტორინგს. აპარატის განცხადებით, 2024 წლის 16 აპრილს 22:00 საათისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ. „მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გამოყენებულია ე.წ. წიწაკის სპრეი. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ამავე დროს ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს - უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უსაფრთხო გარემოში და ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები,“ წერია გავრცელებულ განცხადებაში. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება, გაურკვეველი სითხე გამოიყენა. პოლიცია ცდილობს, შენობის შესასვლელი გაათავისუფლოს დემონსტრანტებისგან, რომლებსაც კორდონს მიღმა გადაადგილება სურდათ. როგორც რადიო თავისუფლება იუწყება, კადრებში ჩანს, დაშავებული ადამიანები, რომლებიც თვალებს ფიზიოლოგიური ხსნარით ირეცხავენ, ასევე ჩანს, რომ სპეცრაზმელების აღჭურვილობა ფერადი ნივთიერებით არის დასვრილი. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა. მანამდე, დეპუტატები საქართველოს პარლამენტის შენობას სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ გაკეთებული კორიდორის საშუალებით ტოვებდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, დეპუტატების გამოსვლამდე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან გზა გაათავისუფლა. უმრავლესობის დეპუტატებს აქციის მონაწილეები შეძახილებით და სტვენით შეხვდნენ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქციის მიმდინარეობისას უკვე დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. უწყება მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს, "თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პოლიციელებზე თავდასხმებისგან." „იმ შემთხვევაში თუ, აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება."
პრეზიდენტი ხელისუფლების ქმედებას „დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიად“ აფასებს
პრეზიდენტი "დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიას" უწოდებს ე.წ. „უცხოური აგენტების კანონის" მიღების მცდელობას პროტესტის ფონზე. „ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა,“ - ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შექმნილ ვითარებას. ის ხელისუფლების ქმედებას დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიად აფასებს. „თბილისში მასობრივი პროტესტის მეორე დღე რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა - დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია,“ - განაცხადა პრეზიდენტმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განთავსებული პოსტით. ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს სრულად ვერ მოესწრო
სახალხო დამცველი: მოვუწოდებ შსს-ს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა და ძალის გამოყენების შემთხვევაში, დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები, – ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ლევან იოსელიანის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შეკრების მონიტორინგს.
რა გზავნილი აქვს აშშ-ს თბილისში პროტესტის მონაწილეთა მიმართ - მეთიუ მილერის პასუხი
რა გზავნილი აქვს აშშ-ის პროტესტის მონაწილეთა მიმართ. ამ და წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებული შეკითხვებით მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს მეთიუ მილერს ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი „რაც შეეხება დემონსტრანტებს საქართველოში და ყველგან მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებებს," - აღნიშნა მილერმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შტატები შეშფოთებულია ინიცირებული კანონპროექტით და ხაზი გაუსვა, რომ ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია. მილერს კიდევ ერთხელ ჰკითხეს პოტენციურ სანქციებზე, თუმცა მან კვლავ განმარტა, რომ ამერიკა წინასწარ არ განიხილავს ამ საკითხს და რაიმე შესაძლო შედეგებზე ვერ ისაუბრებს. აღსანიშნავია, მილერმა გაიხსენა, რომ ადრეც გავხდით ამ კანონპროექტის წარდგენის მოწმენი და ის მაშინ კანონად არ ქცეულა. „როდესაც ეს კანონპროექტი წარდგენილი იყო, ვნახეთ, რომ მან საკმაოდ წინ წაიწია, მაგრამ საბოლოო ჯამში კანონად არ იქცა. ასე რომ, არ მგონია, რომ ამ მომენტში პროგნოზირება შეგვეძლოს იმის შესახებ, თუ რა მოხდება, მაგრამ გავიმეორებ, რომ ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით ამ კანონპროექტის გამო. რაც შეეხება [აშშ-ის] შესაძლო ნაბიჯებს, წინასწარ არაფერს განვიხილავ, მაგრამ იმას ვიტყვი, რომ ყოველთვის ასეა - ჩვენ წინასწარ არ ვაანონსებთ შესაძლო სანქციებს ან ზომებს, რომლებიც შეიძლება, შემოვიღოთ,” - განაცხადა მილერმა. აღსანიშნავია, რომ ეს სახელმწიფო დეპარტამენტის უკვე მეხუთე კომენტარია ამ საკითხზე. პირველი განცხადება სამ აპრილს გაკეთდა, როდესაც კანონპროექტის ინიცირება მოხდა. მეთიუ მილერი: რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე
პრეზიდეტმა მიშელს და მაკრონს სთხოვა, საქართველოში მიმდინარე პროცესები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართავს. ინფორმაციას რიგ ქართულ მედიასაშუალებებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უდასტურებს. კერძოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დღეს განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებასთან თანხვედრაში არ არის და საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს. დღესვე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედება „დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა.“
შსს აქციაზე „წიწაკის სპრეის“ გამოყენებას ადასტურებს, დაკავებულია 11 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იფორმაციით, პარლამენტტან აქციაზე სამართალდამცველების მიერ დაკავებულია 11 პირი. განცხადებაშია აღნიშნულია, რომ „ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი. „რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის დროს, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდებისა აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი. სამართალდამცველების მიერ კანონდარღვევისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და წევრებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება,“ - ნათქვამია განცხადებაში.
„ამ კანონის ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე“ - თბილისის მერიის თანამშრომელი
თბილისის მერიის თანამშრომელი გიგა სოფრომაძე, Facebook-ზე წერს: „როდესაც კითხვას სვამთ, ამ კანონში რას ხედავთ რუსულსო, პასუხად რა მოლოდინი გაქვთ? რუსული ასოებით ან სიტყვებით უნდა ეწეროს ტექსტი, ღიად უნდა გამორიცხავდეს რუსეთზე გავრცელებას თუ მაინცდამაინც რუსეთის დუმამ უნდა მიიღოს? ის, რომ: ეს კანონი იქნება სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების იმაზე მეტი კონტროლის შესაძლებლობა, ვიდრე ის მიღებულია დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებში, პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს უცხო ძალებად, ხოლო მათ მიერ მხარდაჭერილ საქმიანობას აგენტურულად და მტრულად რაცხავს, ამ კანონის მიღებით ვკარგავთ იმ ქვეყნების მხარდაჭერას, რომლებთანაც ურთიერთობა კონსტიტუციაში გვიწერია და რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა, სოციალურ – ეკონომიკური და ფიზიკური უსაფრთხოება, რა არის თუ არა მტრის – რუსეთის სასიკეთო საქმის კეთება? ჩემს მეგობრებს, რომლებიც ათეულობით წელია საქართველოში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით, იცავენ ადამიანის უფლებებს, ქმნიან ადაპტირებულ გარემოს და სხვადასხვა განმავითარებელ სერვისებს, ვინმე რატომ უნდა ეძახდეს აგენტს? ან ჩემი წარსული ნამუშევარი რატომ უნდა იყოს აგენტურულად მოხსენიებული? ამ კანონს მე- 2, მე- 6 და მე- 9 მუხლი კი არ აქვს რუსული, მისი ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე. მის მიღებას ერთი მხარდამჭერიც რომ არ ჰყავს, ეს ხომ ნიშნავს, რომ რაღაც ცუდი იდეაა? და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დაზიანებული, დაყოფილი და დასუსტებული საქართველო, ხომ რუსეთია? გამჭვირვალობას რაც შეეხება, მეც ვმუშაობდი არასამთავრობოში და ყველა გრანტი, რომელსაც ვიღებდი, მერიცხებოდა ეროვნული ბანკის გავლით. ყველა დაქირავებულ პირსა და შესყიდვაზე ყოველთვე დეტალურ დეკლარაციას ვუგზავნიდი შემოსავლების სამსახურს. წლის ბოლოს ვგზავნიდი წლიურ დეკლარაციას. ამას აკეთებს ყველა იურიდიული პირი, მნიშვნელობა არ აქვს, ის არასამთავრობოა თუ სურსათის მაღაზია. მისი მიზანი კი სწორედ შავი ფულის და დამალული გადასახადების გამოვლენაა და თუ ამაში ხარვეზი გვაქვს, არ ჯობია არსებული კანონი დავხვეწოთ, ვიდრე რაღაც არაფრის მომცემი, მაგრამ ყველაფრის წამრთმევი კანონი მივიღოთ?“ ცნობისთვის, თბილისის მერიის ვებგვერდის ცნობით, გიგა სოფრომაძე 2016 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობს და არის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორი, პარალელურად კი, მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი.
არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
საქართველოში მოქმედი ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, რომ შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ 2024 წლის 16 აპრილს გამართულ აქციაზე დაკავებულია 11 დემონსტრანტი. თუმცა ეს არ არის დაკავებულთა საბოლოო რაოდენობა, პოლიცია განაგრძობს მოქალაქეების შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, კვლავ აკავებს მშვიდობიან დემონსტრანტებს და გარკვეულ შემთხვევებში, ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, შსს ადვოკატებს არ აწვდის ინფორმაციას დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება და ასევე დროულად მიაწოდოს ადვოკატებს ინფორმაცია დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები,“ - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"; "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"; "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა"; "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"; "სოციალური სამართლიანობის ცენტრი"; "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი"; "ადამიანის უფლებათა ცენტრი"; "უფლებები საქართველო"; "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი"; ცნობისთვის, სატელევიზიო ეთერებით გავრცელებული ვიდეობის მიხედვით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა ონლაინ გამოცემების "პუბლიკის", "ტაბულას" და "აპრილის" ჟურნალისტებს სცემეს. ამასთანავე, სოციალურ ქსელებსა და მედიაში ვრცელდება კადრები, რომელშიც ასახულია, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქციის მიმდინარეობისას დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი. უწყება აქციაზე „წიწაკის სპრეის“ გამოყენებას ადასტურებს და ავრცელებს ცნობას, რომ დაკავებულია 11 პირი. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი რუსთაველის გამზირზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესო აქცია მიმდინარეობდა, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.,პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციის მონაწილეების ნაწილი კვლავ რჩება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია ორი დღეა, მიმდინარეობს.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი 17 აპრილს, 12:00 საათიდან, ისევ განახლდება. ამ დროისთვის გაგრძელდება ამ სადავო კანონპროექტის განხილვა. მას მკვეთრად აკრიტიკებენ საქართველოს პარტნიორები და ხელისუფლებას მისი გაწვევისკენ მოუწოდებენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა 16 აპრილის საღამოს განაცხადა, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს.
საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ელჩი, ანა ბოიონი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზია ბოლო თვეებში აზერბაიჯანის მხრიდან ცალმხრივი ქმედებების განხორციელება, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აზიანებს. ელჩი პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო. „პრეზიდენტმა მაკრონმა გამოხატა სინანული აზერბაიჯანის ქმედებებთან დაკავშირებით და იმედი აქვს, რომ აზერბაიჯანული მხარე განმარტავს თავის განზრახვებს", - აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, თუმცა უწყება არ აკონკრეტებს, რაზე არის საუბარი. ბაქო აქტიურად აკრიტიკებს პარიზს სომხეთის მხარდაჭერისთვის, ასევე აზერბაიჯანის მიმართ მის მკაცრ რიტორიკას მთიან ყარაბაღში ქმედებებთან დაკავშირებით. დეკემბრის ბოლოს ქვეყნებმა ერთმანეთის ორ-ორი დიპლომატი გააძევეს.
ოკუპირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომის რაიონში აფეთქებები იყო, გაჩნდა ხანძარი - მედია
რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, ძლიერი ხანძარი ჯანკოის სამხედრო აეროდრომის რაიონში გაჩნდა. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, ქალაქში საჰაერო განგაში მხოლოდ აფეთქებების შემდეგ გამოცხადდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ჯანკოიში მდებარე სამხედრო ობიექტებზე დრონებით არაერთი იერიში მიიტანეს. ჯანკოი ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში მდებარეობს. რუსული წყაროების თანახმად, ქალაქის სამხედრო აეროდრომზე დისლოცირებულია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ვერტმფრენების 39-ე პოლკი და სამი საავიაციო ესკადრილია. ასევე, უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების ვერტმფრენები. უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის მიერ ანექსირებულია 2014 წლიდან.
ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ, აშშ და ევროკავშირი თეირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებენ
ისრაელზე თეირანის თავდასხმის საპასუხოდ, ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ სანქციების გასაფართოებლად მოემზადება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა. ჯოზეფ ბორელის თქმით, ის მხარს უჭერს წინადადებას და დიპლომატები იმუშავებენ მასზე უახლოეს დღეებში, რათა მინისტრებმა კვლავ განიხილონ ის ორშაბათს ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ასევე დააყენა ირანის დომინანტური სამხედრო ძალის, რევოლუციის გვარდიის კორპუსის სანქციების დაწესების საკითხი, თუმცა ჯოზეფ ბორელმა კვლავ დააფიქსირა ევროკავშირის პოზიცია, რომ კორპუსი შეიძლება მხოლოდ ტერორისტულ ორგანიზაციად დასახელდეს, თუ ევროკავშირი აღმოაჩენს, რომ ჯგუფი ტერორისტულ საქმიანობაშია ჩართული. თავის მხრივ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, უახლოეს მომავალში, ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. „ისრაელის წინააღმდეგ ირანის უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტი ბაიდენი კოორდინაციაშია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის „დიდ შვიდეულთან“ და კონგრესის ლიდერებთან, ყოვლისმომცველი პასუხის გასაცემად. უახლოეს დღეებში, შეერთებული შტატები დააწესებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ, მისი სარაკეტო და უპილოტო პროგრამის ჩათვლით, ასევე ახალ სანქციებს ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის და ირანის თავდაცვის სამინისტროს მხარდამჭერი სუბიექტების წინააღმდეგ,“ - განაცხადა სალივანმა. მისი თქმით, შეერთებული შტატები მოელის, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციებს აშშ-ის მოკავშირეები და პარტნიორებიც უახლოეს მომავალში დააწესებენ. მანამდე, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა ასევე განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გამოიყენებს სანქციებს „ირანის რეჟიმის საზიანო და დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობის აღსაკვეთად.“
უზბეკეთში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე ტოივო კლაარის კანდიდატურა წარადგინეს
ჯოზეფ ბორელმა უზბეკეთში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. ტოივო კლაარის კანდიდატურას უზბეკეთის მთავრობის ოფიციალური თანხმობის შემდეგ დაამტკიცებენ. შეგახსენებთ, ესტონელი დიპლომატი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა.
რუმინეთი უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად, კიდევ სამ F-16-ს მიიღებს
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რუმინეთი ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალებისგან, უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის კიდევ სამ F-16 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს. რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრას გამართავს თავის ჰოლანდიელ კოლეგასთან, საავიაციო ბაზაზე გამართავს. გასული წლის ნოემბერში გახსნა F-16-ების ევროპული სასწავლო ცენტრი ფატესტის 86-ე საჰაერო ბაზაზე გახსნა. იმ დროს ითქვა, რომ ავიაბაზა გამოიყენებოდა რუმინელი და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მოსამზადებლად. რუმინეთსა და ნიდერლანდებს შორის თანამშრომლობის შეთანხმების თანახმად, რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ ბაზა უზრუნველყო საწვრთნელ მიზნებისთვის, ნიდერლანდებმა მიაწოდა მოიერიშე თვითმფრინავები, ხოლო Lockheed Martin-მა უზრუნველყო ინსტრუქტორები და ტექნიკური მომსახურება. ნიდერლანდები და დანია კოორდინაციას უწევენ ევროპულ ძალისხმევას უკრაინას F-16-ების მოპოვებაში დასახმარებლად. გასულ წელს უკრაინის მოკავშირეებმა საავიაციო კოალიციის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომელიც უკრაინას თანამედროვე F-16-ების საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწოდებდა. კოალიციას ნიდერლანდები და დანია ხელმძღვანელობდნენ.
Rheinmetall-ი ლიეტუვაში საბრძოლო მასალის წარმოების ქარხანას ააშენებს
ლიეტუვამ ხელი მოაწერა განზრახვის წერილს გერმანულ Rheinmetall-თან, რათა ბალტიისპირეთის ქვეყანაში საბრძოლო მასალის ქარხნის აშენება დაიწყოს, იუწყება Reuters. ლიეტუვის ეკონომიკის მინისტრმა ოსრინე არმონაიტემ განაცხადა, რომ ქარხანა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია ბალტიისპირეთის ქვეყანაში. დეტალური საინვესტიციო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები ახლა გაიმართება. „ჩვენ ვიზიდავთ ინვესტიციას, რომელიც გამოიმუშავებს შემოსავალს და დაგვეხმარება უზრუნველვყოთ, ავტონომია შეიარაღების შეძენისას,“ - ამბობს მინისტრი. მანამდე ლიეტუვის სეიმმა დაუჭირა მხარი კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რაც საშუალებას მისცემს მსხვილ თავდაცვის კომპანიებს, რომ ქვეყანაში უფრო სწრაფად დაიწყონ პროექტების განვითარება. ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრმა ოშრინ არმონაიტემ განაცხადა, რომ კანონში ცვლილებები ხელს შეუწყობს Rheinmetall-ის შესვლას ქვეყანაში და ლიეტვაა გახდება ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანა თავდაცვის ინდუსტრიისთვის. მანამდე Rheinmetall-მა გამოაცხადა, რომ ლიეტუვაში ქარხნის აშენებას 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებისთვის აპირებს.
დანია უკრაინას $313 მილიონის სამხედრო დახმარებას უგზავნის
დანიის თავდაცვის სამინისტრომ 16 აპრილს, უკრაინისთვის 313 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ეს დანიის მიერ სამხედრო დახმარების მე-17 მიწოდებაა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. კოპენჰაგენმა უკრაინას მარტში 336 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი მიაწოდა. უახლესი დახმარების პაკეტიდან თანხები დაიხარჯება უკრაინის საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაზე, ასევე თვითმფრინავებზე და რაკეტების ნაწილების წარმოებაზე ნიდერლანდებთან და ჩეხეთთან თანამშრომლობით. „თანხის ნაწილი, 200 მილიონი კრონა (28,4 მილიონი აშშ დოლარი), პირდაპირ მოხმარდება უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირებას იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად და გადაცემისთვის, ნათქვამია განცხადებაში. დანიამ, კიევის ერთ-ერთმა მთავარმა მხარდამჭერმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს, ახლახან გადაწყვიტა, გამოყოს 5,8 მილიონი დოლარის დახმარება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც გახდა რუსული ფართომასშტაბიანი თავდასხმების სამიზნე. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის (IfW Kiel) მონაცემებით, რომელიც აკონტროლებს უკრაინის საერთაშორისო დახმარებას, დანია არის მეოთხე უდიდესი სამხედრო დახმარების მიმწოდებელი კიევისთვის. დანია არის მეორე უდიდესი სამხედრო დახმარების მიმწოდებელი მშპ-ს პროცენტული (მშპ-ს 2,3%-ით) მაჩვენებლით.
ამერიკის სავაჭრო პალატა ე.წ. „უცხოეთის აგენტების" კანონის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს
ამერიკის სავაჭრო პალატა ე.წ. „უცხოეთის აგენტების" კანონის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვს. პალატის გამგეობა პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს. მასში ნათქვამია, რომ კანონის მიღებით უცხოური დახმარებით არსებული პროგრამები დაზარალდება, ასევე დაბრკოლდება ქვეყნის მისწრაფება გახდეს ევროკავშირის წევრი და დაზიანდება როგორც საქართველოს რეპუტაცია, ისე საინვესტიციო გარემოს. „პროექტები, რომლებსაც საქართველოს ისეთი პარტნიორები აფინანსებენ, როგორებიცაა ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის განვითარებას ეკონომიკურად, განათლების, ჯანდაცვის, საჯარო მმართველობისა და სხვა მხრივ. ეს პროექტები ემსახურება საქართველოს განვითარების საჭიროებებს და დაფინანსებულია საქართველოს მოკავშირეების მიერ. მათთვის „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ იარლიყის მიკუთვნება აკნინებს ამ პროექტების სანდოობას. ბევრი ორგანიზაცია უარს იტყვის ასეთ იარლიყზე და დაიხურება," - წერია მიმართვაში. კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში ასევე ნათქვამია, რომ თუ მთავრობას ამ ორგანიზაციების გამჭვირვალეობა მართლაც სურს, უფრო შესაფერი ზომა იქნებოდა, მაგალითად ფინანსური ანგარიშგების წესში შესულიყო ცვლილება. „კანონი ასევე არ არის თავსებადი გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებთან. თანამედროვე დემოკრატიებში, როგორიცაა აშშ და ევროკავშირი, უცხოელ ლობისტებს ხშირად მოეთხოვებათ რეგისტრაცია, მაგრამ ამ კანონების სამიზნე არ არის სამოქალაქო საზოგადოება და ეს კანონები არ ეხება ყველა ორგანიზაციას, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება. უდიდესი უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, რაც შეიძლება ჰქონდეს ამ კანონს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იგი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და საერთაშორისო, დემოკრატიულ, საუკეთესო პრაქტიკას, გთხოვთ გაიხმოთ იგი შეძლებისდაგვარად დაჩქარებულ ვადებში,“ - წერს ამერიკის სავაჭრო პალატის გამგეობა საქართველის პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში.
კახა კალაძე: ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება
თბილისის მერი და მმართველი პარტიის გენერლაური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ ხელისუფლებისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავილები ერთმანეთს ემთხვევა ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. მერი გამოეხმაურა ფეხბურთელების პოსტებს, რომლებიც ე.წ. აგენტების კანონპროექტის, პროტესტის ფონზე განხილვის პარალელურად ვრცელდება. „რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა. ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში. ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება - ჩვენი მომავალი არის ევროპა. სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. პირველ რიგში, ევროპა საქართველოში და აქ მინდა, ჩემი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ნურავის შერცხვება და შეეშინდება ამის თქმის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა,“ - აღნიშნა კახა კალაძემ. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები გამოქვეყნეს. პარალელურად, ე.წ. აგენტების კანონპროექეტის განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო
83 ხმით, 0-ის წინააღმდეგ - პარლამენტმა ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირბალობის“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მომხსენებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მანამდე, პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც დეპუტატები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით იხილავდნენ, დღეს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრების დაპირისპირების გამო დროებით შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილსა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. ასევე, სასესიო დარბაზიდან გააძევა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი. უმრავლესობის წევრების გამოსვლისას ოპოზიციონერი დეპუტატები სკანდირებდნენ „არა, რუსულ კანონს!“, „ყველა არის ქვეყნის მოღალატე“; „პასუხს აგებთ!“ ისინი ასევე, პროტესტს მაგიდაზე ხელისა და წიგნის ბრახუნით გამოხატავდნენ. ცნობისთვის, პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ ალტერნატიული ინიციატივებს კი, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ამ წუთებში პარლამენტის შენობის უკან მიმდინარეობს აქცია სახელწოდებით: „არა რუსულ კანონს.“ „აგენტების კანონს“ რამდენიმე დღეა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან აპროტესტებენ. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და განაგრძეთ ეს მხარდაჭერა
პრეზიდენტმა საქართველოში კრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები განიხილა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ისაუბრა. ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ გზაზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაცია და საზოგადოების დაყოფა, რასაც საქართველოში არ უნდა მიაღწიოს. „თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და განაგრძეთ ეს მხარდაჭერა,“ - მიმართა ელჩებს პრეზიდენტმა. პრეზიდენტმა თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ევროპელი ლიდერების მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურებამ რაც თავისთავად მხარდაჭერის გამოხატულებაა. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ასევე, რომ არჩევნებზე ხალხმა თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და გააკეთოს არჩევანი. ევროკავშირის ელჩის განცხცადებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ გზას.
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს. გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მისთვის ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია. „ბევრ დროს არ წაგართმევთ. კანონპროექტის, რომელსაც დასახასიათებლად რა გეოგრაფიული დეფინიციაც არ უნდა მოუნახო რუსეთიდან ზიმბაბვემდე, არსებობას და მით უმეტეს მიღებას, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური, არც მორალური და არც პრაგმატული გამართლება აქვს. ეს კანონპროექტი თუ კანონად გადაიქცევა, საბოლოოდ ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებლად იქნება გამოყენებული. დღეს რომ შეწყდეს ამ კანონპროექტის განხილვა, უდიდესი ზიანი ჩვენს ევროპულ პერსპექტივას უკვე მიადგა. ასეა: როდესაც საკუთარი ანატომიის არასწორი ნაწილით ფიქრობ, შედეგად იღებ სოციალურ დაძაბულობას, დაპირისპირებას მოქალაქესთან, მოკავშირეებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია. ვტოვებ პარლამენტს! ქართული საზოგადოების აზრს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვიტოვებ იმედს, რომ ხელისუფლება უარს იტყვის ამ კანონპროექტის მიღებაზე,” - აღნიშნულია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაში.