ძებნის რეზულტატი:
პრეზიდენტი: არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ, ქართული კოშმარი
ხელისუფლებაში მყოფ პარტიას, ,,ქართულ ოცნებას“ ძალიან ორაზროვანი კავშირი აქვს მოსკოვთან. ის ბრალს სდებს ევროპას, რომ თითქოს, მას სურს საქართველოს ომში ჩათრევა. თქვენთვის მომავალი საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება? ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France info-სთან ინტერვიუში. „გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი, რადგან საქართველოსთვის ყველაფერი, რაც არ არის მისი გზა ევროპისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისკენ კოშმარია. კითხვას: როგორც ეს 2008 წელს პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს იყო, შიშობთ, რომ ზაფხულში, პარიზის ოლიმპიადის დროს კიდევ იქნება რუსეთის თავდასხმა თქვენს ქვეყანაზე, პრეზიდენტი პასუხობს: „იცით, რუსეთთან დაკავშირებით არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. მაგრამ დღეს ნათელია, რომ რუსეთის სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირია, ეს ჰიბრიდული ომის სტრატეგიაა პროპაგანდისა და ხელისუფლებაზე ზეწოლის მეშვეობით, რათა მათ მიიღონ რუსული კანონები, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე რუსი მიგრანტების შემოდინების მეშვეობით. ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვართ, რომელსაც წინააღმდეგობას ვუწევთ, მაგრამ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს.“ როგორც ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, ხელისუფლებას რუსული სტრატეგია აქვს, რაც ევროპელ პარტნიორებთან „ჭადრაკის თამაშია“ საქართველოსთვის კურსის შესაცვლელად. „ჩვენ ევროპის კართან ვართ და ამ დროს ძლიერდება რუსეთის მხრიდან ზეწოლა, რაც გასაკვირი არ არის, ზეწოლა ძლიერდება კანონის მეშვეობით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და დაფინანსების წინააღმდეგ პუტინის კანონის ასლია. ეს რუსული სტრატეგიაა. ეს ჭადრაკის თამაშია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირთან იმისათვის, რომ საქართველოს კურსი შეაცვლევინონ. გუშინ მე პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოური ძალის აგენტი მიწოდა, რადგან მე გამოვაცხადე ჩემი სურვილი, დამედო ვეტო ამ კანონზე, მაგრამ მოსახლეობა მედგრად დგას. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს უკან დაახევინოს მთავრობას, რომელმაც ეს კანონი ერთ წელიწადში მეორედ შემოიტანა სავარაუდოდ, მოსკოვის მოთხოვნით, მაგრამ ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი: რუსეთს სურს, აქ დაწეროს ისტორია, რომელსაც ვერ წერს უკრაინაში
გასული წლის ნოემბერში თქვენმა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის ოფიციალური სტატუსი მოიპოვა. ეს უდავოდ გამარჯვებაა, პირველი ეტაპია, ვნახოთ, რა თქვა შარლ მიშელმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა: „ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა გასული წლის დეკემბერში. გასაგები რომ იყოს, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს, მის გაწევრიანების ტრაექტორიას და საქართველოს ევროკავშირისგან უფრო დააშორებს ვიდრე დაახლოებს“. ამის შიში გაქვთ თქვენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში თქვენი ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანებისთვის სახიფათოა? ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France info-სთან ინტერვიუში. „რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, ისევე როგორც სხვა კანონების მთელი სერია, რომელიც დიდი სისწრაფით მიიღება ახლა ხელისუფლების მიერ და რომლებიც ეწინააღმდეგება იმას, რასაც ევროკავშირი გვთხოვს, რათა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების დადასტურება მოხდეს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს რუსული სტრატეგიაა. ეს ჭადრაკის თამაშია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირთან იმისათვის, რომ საქართველოს კურსი შეაცვლევინონ. საქართველო კავკასიის შუაგულში მდებარეობს, კავკასია საქართველოთი განისაზღვრება და ეს განსაზღვრავს ასევე სომხეთის მომავალსაც, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთს სურს, აქ დაწეროს ისტორია, რომელსაც ვერ წერს უკრაინაში, ცხადია, სხვა საშუალებებით, მაგრამ ჩვენც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. აქ ნამდვილი პოლიტიკური გავლენების თამაშია, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა ძალიან მკაფიოდ ამბობს და ხედავთ კადრებში ახალგაზრდებს, ამ ქვეყნის ყველა ახალგაზრდა ამ კანონის წინააღმდეგაა,“ ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
დაკავებულია რუსი აგენტი, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურებს ზელენსკის მკვლელობის მცდელობა შესთავაზა - SBU
უსაფრთხოების სამსახურის, უკრაინის გენერალური პროკურატურის და პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად დააკავეს პოლონეთის მოქალაქე, რომელიც რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობდა. როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) იუწყება, გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილის გეგმა იყო, შეგროვებულიყო და აგრესორ ქვეყანას გადასცემოდა ინფორმაცია ჟეშოვ-იასიონკის აეროპორტის უსაფრთხოების შესახებ. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დახმარებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაში, პოლონეთში ყოფნის დროს. ხსენებული ქალაქი უკრაინის საზღვართან მდებარეობს. პოლონეთის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთთან თანამშრომლობაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმეზე მასალები და მტკიცებულებები უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ პოლონურ მხარეს გადასცა. პოლონეთის მოქალაქის დაკავების შესახებ შეტყობინება უკრაინის გენერალურმა პროკურატურამაც გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილი, საკუთარი ინიციატივით, დაუკავშირდა რუსეთის სამხედრო სარდლობის წარმომადგენლებს. ასევე ნახსენებია ზელენსკის პოლონეთში ყოფნის დროს მკვლელობის მცდელობის შესაძლო მომზადება. პოლონეთის მოქალაქეს პაველ კ-ს საგარეო დაზვერვისთის სასარგებლოდ და პოლონეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ მოქმედების მომზადებაში ბრალი წაუყენეს. გამოძიება გრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილს რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ზელენსკი პოლონეთს ბოლოს 2023 წლის აპრილში ეწვია. პოლონეთი უკრაინის დასავლეთ საზღვარზე მდებარეობს. რუსეთთან ბრძოლაში, პოლონეთი უკრაინის აქტიური მოკავშირეა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას ახალგაზრდული მოძრაობა მართავს
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის წინ შეკრებილებმა გზა გადაკეტეს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, 18 აპრილს საპროტესტო აქცია არ იყო დაგეგმილი. მანამდე, აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და "ქართული ოცნების" ოფისთან მსვლელბით გამოხატეს პროტესტი, ბოლოს კი, ისევ პარლამენტთან დაბრუნდნენ. დემონსტრანტებმა შეკრება საღამოს შვიდ საათზე, ახალგაზრდული მოძრაობა - „დაფიონის“ ორგანიზებით დაიწყეს. აქციის ბირთვს სტუდენტები წარმოადგენენ, რომელთა განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, როგორც თსუ-ს ლექტორმა უნივერსიტეტის სტუდენტების ხმა უნდა გაიგოს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
ზელენსკი: თავდაცვის შიდა წარმოებაში მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს
უკრაინამ Bohdan-ის ტიპის თვითმავალი საარტილერიო სისტემების წარმოების თვეში 10-მდე გაზრდა მოახერხა, ასევე იზრდება დრონებისა და ჭურვების წარმოება. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ეს კარგი შედეგია. „ზოგადად, იარაღის წარმოებაში არის დადებითი ასპექტები. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ყველაფერს, რაც დაკავშირებულია დრონებისა და ჭურვების წარმოებასთან. მე ყოველთვის მადლობელი ვარ ყველა კომპანიისა და ყველა მწარმოებლის, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს ყველაფრით, რაც მათ სჭირდებათ,“ აღნიშნა ზელენსკიმ. „უნდა გვახსოვდეს, რომ რუსულ პროპაგანდას უცვლელად მოსდევს, სულ მცირე, დესტაბილიზაცია და, უარეს შემთხვევაში, ოკუპაციის მცდელობა. ყველა დონეზე, ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა ერთად უნდა ვიმუშაოთ მის წინააღმდეგ. და მადლობას ვუხდი ყველას მსოფლიოში - ყველა ლიდერს, ყველა საზოგადო მოღვაწეს, ყველა პოლიტიკოსს, ვინც სერიოზულად ეკიდება ხალხის დაცვას დეზინფორმაციისგან და ყველა სხვა რუსული დესტაბილიზაციის გავლენისგან,“ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვისას.
რუსეთში ბომბდამშენი ჩამოვარდა
რუსეთში, სტავროპოლის ტერიტორიაზე, რუსეთის აეროკოსმოსური ძალების კუთვნილი Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. „სტავროპოლის მხარეში, საბრძოლო მისიის შესრულების შემდეგ, ბაზირების აეროდრომზე დაბრუნებისა რუსეთის აეროკოსმოსური ძალების Ту-22М3 თვითმფრინავი ჩამოვარდა,“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, სამძებრო ჯგუფმა ეკიპაჟის სამი წევრის ევაკუაცია განახორციელა, მეოთხეს ძებნა კი გრძელდება.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
CIA-ს დირექტორი: თუ ამერიკელი კანონმდებლები უკრაინის დახმარებას ახლავე არ დაამტკიცებენ, ქვეყანამ, შესაძლოა, 2024 წლის ბოლომდე ომი წააგოს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის უილიამ ბერნსის განცხადებით, თუ ამერიკელი კანონმდებლები უკრაინის დახმარებას ახლავე არ დაამტკიცებენ, ქვეყანამ, შესაძლოა, 2024 წლის ბოლომდე ომი წააგოს. Politico-ს ცნობით, ბერნსმა კანონმდებლებს მოუწოდა, მიიღონ დამატებითი კანონმდებლობა, რომელიც უკრაინისთვის მილიარდობით აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. „იმ სტიმულით, რომელიც მოჰყვება სამხედრო დახმარებას, როგორც პრაქტიკულად, ისე ფსიქოლოგიურად, უკრაინელები სრულიად შეძლებენ 2024 წლის განმავლობაში გაუძლონ და ჩამოშალონ პუტინის ამპარტავანი შეხედულება, რომ დრო მის მხარესაა,“ - აღნიშნა ბერნსმა, მაგრამ დასძინა, რომ თუ კონგრესი უკრაინისთვის დახმარებას არ დაამტკიცებს, არსებობს ძალიან რეალური რისკი, რომ უკრაინელები ბრძოლის ველზე 2024 წლის ბოლომდე დამარცხდნენ. „არსებობს ძალიან რეალური რისკი, რომ უკრაინელები ბრძოლის ველზე 2024 წლის ბოლომდე დამარცხდნენ, ან თუნდაც პუტინი აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, სადაც მას შეეძლო არსებითად უკარნახოს კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების პირობები,“ - აღნიშნა ბერნსმა. მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ახლა უფრო მეტია, ვიდრე რუსეთის წინააღმდეგ ომი. „ეს ასევე ეხება სი ძინპინს ჩინეთში, მის ამბიციებსა და ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. ეს ნამდვილად არის საკითხი იმის შესახებ, ესმით თუ არა ჩვენს მოწინააღმდეგეებს ჩვენი სანდოობა და სიმტკიცე და ესმით თუ არა ეს ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს,“ - აღნიშნა ბერნსმა.
NYT: ირანში, სამხედრო ავიაბაზაზე თავდასხმა იყო
ირანში, ისპაჰანის მახლობლად სამხედრო ავიაბაზაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, - ამის შესახებ The New York Times-ი ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება. ამასთან, გამოცემის წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, რომელმა ქვეყანამ განახორციელა თავდასხმა. The New York Times-ს ორმა ისრაელელმა სამხედრო ჩინოვნიკმა განუცხადა, რომ თავდასხმის უკან ისრაელი იდგა. მანამდე ABC News-მ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ირანული მედიის ცნობით, ქალაქებში: ისპაჰანში, შირაზსა და თეირანში ფრენები შეჩერებული იყო. ირანული მედიის ინფორმაციით, ირანში წუხელ განხორციელებულ თავდასხმას ზიანი არ გამოუწვევია და ხმაური, რომელიც ისპაჰანში ისმოდა, საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობას უკავშირდება. ამის შესახებ ქვეყნის არმიის ერთ-ერთმა მეთაურმა, გენერალმა სიავოშ მიჰანდოუსტმა განაცხადა. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემების სამიზნეს „საეჭვო ობიექტი“ წარმოადგენდა. ირანის ხელისუფლება უარყოფს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა იყო. ისლამური რესპუბლიკის კოსმოსური სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰოსეინ დალირიანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის ძალებმა „წარმატებით ჩამოაგდეს“ სამი უპილოტო საფრენი აპარატი. შეგახსენებთ, თეირანი აცხადებს, რომ ისრაელის მიერ პირველ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ამ ქმედებას უპასუხებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის და როგორ. ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, საპასუხო ზომები დეტალურად გაიაზრონ და გააფრთხილა, რომ აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანზე საპასუხო დარტყმაში.
რუსული ბომბდამშენი უკრაინელებმა ჩამოაგდეს - საჰაერო ძალები
უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა პირველად გაანადგურეს Tu-22მ3 ტიპის რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა მიკოლა ოლეშჩუკმა. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის ინფორმაციით, ფრთოსანი რაკეტებით Х-22-ით აღჭურვილი რუსული ბომბდამშენი თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან ურთიერთქმედებით გაანადგურეს. დღეს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთის სტავროპოლის მხარეში ჩამოვარდა ტუ-22მ3 ტიპის ბომბდამშენი, რომელიც „საბრძოლო დავალების“ შესრულების შემდეგ ბაზირების აეროდრომზე ბრუნდებოდა.
როთი: "უცხოური აგენტების კანონს“ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება
გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა განაცხადა, რომ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება "უცხოური აგენტების კანონს." მან მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, გაიწვიონ ხსენებული კანონპროექტი. „ძვირფასო, კობახიძე, გერმანიის ელჩმა ჩვენი კანცლერის სწორი ციტირება მოახდინა! მინდა, დაგამშვიდოთ, გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება "უცხოური აგენტების კანონს." გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი! სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ ევროკავშირის ღირებულებებისთვის," წერს როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
ყაზახეთმა საავიაციო საწვავის იმპორტი აკრძალა
ყაზახეთს შიდა ბაზარზე არსებული საწვავის ჭარბი რაოდენობის გამო, საავიაციო საწვავის იმპორტის აკრძალვა მოუწია. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაში წერია. სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში საავიაციო საწვავის დაგროვილმა და უწყვეტად შევსებულმა მარაგმა 105 000-120 000 ტონა შეადგინა. „იანვარ-მარტისთვის საავიაციო საწვავის მთლიანი იმპორტი დაახლოებით 70 000 ტონას შეადგენდა. შესაბამისად, ნავთობის საცავების საავიაციო საწვავით გადატვირთვის მიზეზი წარმოებული ყაზახური საწვავის გარდა საწვავის იმპორტია,“ - აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში. საავიაციო საწვავის იმპორტის კონვენციური აკრძალვა 2024 წლის 24 მარტიდან 24 აპრილამდე ამოქმედდა. ენერგეტიკის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, გაგრძელდება თუ არა ეს აკრძალვა.
სუს-ი: ხელისუფლების შესაცვლელად, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში სამოქალაქო არეულობის მოწყობა იგეგმებოდა
„საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო,“ - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2023 წელს ეხება და პარლამენტში უკვე შევიდა. სუს-ის განმარტებით, განიხილებოდა მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავდა სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა მძიმე პროვოკაციები. მსგავსი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასული წლის სექტემბერშიც გაავრცელა. უწყების ცნობით, ასევე იგეგმებოდა ე.წ. „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობების შეტანა და აფეთქება, რასაც უნდა გამოეწვია მსხვერპლი. „შავი ზღვის რეგიონში არსებული რთული ვითარების ფონზე და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის პირობებში, რასაც იგი აქტიურად იყენებს ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციული პოლიტიკის საწარმოებლად, 2023 წელს ადგილი ჰქონდა სხვადასხვა აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობებს. საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეული იყო პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნებულიყო ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მოლოდინი გათვლილი იყო იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნებოდა უარყოფითი, რაც საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად მიმაგრებული პრორუსულობის ლოზუნგით, საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს შექმნიდა. აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმებოდა უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით, რისთვისაც გამოყენებული იქნებოდა უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობდა პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. განიხილებოდა მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავდა სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა მძიმე პროვოკაციები, მათ შორის, იგეგმებოდა ე.წ. „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობების შეტანა და აფეთქება, რასაც უნდა გამოეწვია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში. აღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციით, ახორციელებდა ყველა საჭირო პრევენციულ ღონისძიებებს. საანგარიშო პერიოდში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები და პირთა ჯგუფები განაგრძობდნენ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას სტრატეგიულ პარტნიორებთან და დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობების დაზიანებას, საზოგადოების პოლარიზებისა და სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუარესების მცდელობებს“, - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე განმარტავს, რომ საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებული პირების მცდელობები საქართველოში მოქმედ მედიასაშუალებებს და ცალკეულ ჯგუფებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და მათი საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების მიმართულებით. „საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, აგრძელებდა აქტიურ მუშაობას უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების დესტრუქციული საქმიანობის განეიტრალების და ადრეულ ეტაპზე მათი პრევენციის მიმართულებით. ხორციელდებოდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დაინტერესების მიმართულებების, მათ ინტერესებში მოქმედი პირებისა და პირთა ჯგუფების გამოვლენა, მათი საქმიანობის მონიტორინგი, ამოცანების და მიზნების დადგენა. სამსახურის ოპერატიული, ოპერატიულ-საგამოძიებო და ანალიტიკური მუშაობის შედეგად, მათ შორის სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციის პირობებში, მოხერხდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ინსპირირებული ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების განეიტრალება, ეფექტიანად იქნა გამოყენებული დესტრუქციულ საქმიანობაში ჩართული სუბიექტების ქვეყანაში არშემოშვებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემზღუდავი მექანიზმები. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ საკუთარი საქმიანობის ფარგლებში გამოყენებული ახალი მეთოდების და საშუალებების პირობებში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა თანამშრომლობა პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან. შედეგად, რეგიონში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური კრიზისისა და გაზრდილი გამოწვევების ფონზე, საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა შეძლო ქვეყანაში უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება,“ - ნათქვამია სუს-ის ანგარიშში. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა - სუს-ის 2022 წლის ანგარიში
NATO-ს ქვეყნებს აქვთ ექვსი დამატებითი Patriot-ის სისტემა, რომელთა მიწოდებაც უკრაინისთვის შეიძლება - შოლცი
NATO-ს ქვეყნებში არის ექვსი დამატებითი Patriot-ის სისტემა, რომელთა მიწოდებაც უკრაინისთვის შეიძლება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 18 აპრილს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სპეციალური სამიტის შემდეგ განაცხადა. უკრაინა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების ზრდის ფონზე, საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტს განიცდის. აშშ-ის წარმოების ეს სისტემები კი, ძალზედ ეფექტიანია რუსეთის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების მოგერიების თვალსაზრისით. გერმანიამ 13 აპრილს გამოაცხადა, რომ კიევს დამატებით მიაწვდის Patriot-ის სისტემას. „გერმანიამ მიიღო მნიშვნელოვანი ზომები უკრაინის აღჭურვისთვის" და ახლა მოუწოდებს სხვებს, მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილებები," - აღნიშნა შოლცმა.
საგამოძებო სამსახური: „იმედისა“ და „პოსტივის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „იმედისა“ და „პოსტივის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით. სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის გაშუქებისას „იმედის“ ჟურნალისტებს „მონებს“ უწოდებდნენ და ცდილობდნენ, პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს კამერას შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციები დაეფიქსირებინა. კანონპროექტს, რომელსაც რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები რუსულ კანონად და ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელისშემშლელ გარემოებად მიიჩნევენ, „იმედი“ „გამჭვირვალობის კანონპროექტს“ უწოდებს. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
პარლამენტმა ოფშორიდან ბიზნესის გადმოტანის გამარტივებას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლითაც ოფშორიდან კომპანიების გადმოტანაზე გადასახადები უქმდება. დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი ცხრა იყო. კანონპროექტი დაჩქარებული წესით სამი მოსმენით განიხილეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიას კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით შეტანა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამო სურს. მმართველ პარტიაში უარყოფენ, რომ ეს საკითხი საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებსი გამო მიიღეს. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ჩამოიწერება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი. საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. „ე.წ. ოფშორებში საინტერესო აღარ არის ბიზნესის წარმოება - გაძლიერდა მონიტორინგი, გაძლიერდა გამჭვირვალობა, გადასახადებმა მოიმატა, ამიტომ ბევრი ამ ოფშორებიდან გადის და ჩვენთვის ძალიან პრინციპული არის, რომ [...] მაქსიმალურად მოვიზიდოთ, საქართველოში გადმოიტანონ თავიანთი ბიზნესი,“ - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ 17 აპრილს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. „ასეთი ტრანზაქციები ექცევა ფულის გათეთრების, ტერორიზმთან ბრძოლის, თუ სხვა საერთაშორისო (მაგ.: FATCA) რეგულაციებში, რომლითაც საქართველოს მთავრობას აქვს ნაკისრი მრავალი ვალდებულება. ამ ვალდებულებების დარღვევა კი საქართველოს სანქცირების საფუძველი შეიძლება გახდეს,” – ამბობს იურისტი ლევან ალაფიშვილი გამოცემა „პუბლიკასთან“ საუბარში. აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, ტრადიციულ ბრიფინგზე დაისვა შეკითხვა სახელმწიფო დეპარტამენტში. სპიკერის მთავარმა მოადგილემ ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ ინფორმაციას გაეცნობოდნენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" 2022 წლის აპრილში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2012-2019 წლებში ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას მაინც ფლობდა, რაც შვილობილი და დაკავშირებული კომპანიების კიდევ უფრო ფართო ქსელის ნაწილია. 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლისას ბიძინა ივანიშვილის დაპირება იყო, რომ გაასხვისებდა რუსეთში კუთვნილ ბიზნესს, რათა საზოგადოებას ზედმეტი კითხვები არ გასჩენოდა. საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია კანონპროექტს ვეტო დაადოს, თუმცა მმართველ პარტიას - „ქარულ ოცნებას“ მისი დაძლება არ გაუჭირდება. ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობაში კი 83 დეპუტატია. ამავე თემაზე: პარლამენტი კიდევ ერთ სადავო კანონპროექტს განიხილავს
ვახტანგ გომელაური: ისმოდა მოწოდებები, რომ შტურმით აეღოთ მთავრობის კანცელარიის შენობა
შს მინისტრის განცხადებით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას. ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აქციაზე მყოფი პირის დაკავების დროს, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. „რაც შეეხება აქციის მესამე დღეს, პოლიციის კორდონი აღარ იყო მობილიზებული პარლამენტის შენობის გარშემო, რადგან შენობაში სამუშაო პროცესი დასრულებული იყო და იქ არავინ იმყოფებოდა. ჩვენ სრულად დავტოვეთ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია და პოლიციელები უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადანაწილდნენ რუსთაველის გამზირზე. აქცია მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, თუმცა ამ შემთხვევაშიც, მთავარ მიზანს კონფლიქტის ხელოვნურად შექმნა წარმოადგენდა და სავარაუდოდ, სწორედ, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება კანცელარიის შენობისკენ გადაენაცვლათ. საზოგადოებამ კარგად ნახა, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, როგორ ცდილობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული პოლიციელების გამოწვევას, მათთან კონფლიქტში შესვლას. ისინი ასევე ცდილობდნენ ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრას, ისმოდა მოწოდებები, რომ შტურმით აეღოთ მთავრობის კანცელარიის შენობა, აწვებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, აღარ დავასახელებ აქ სახელებსა და გვარებს. ტელე-ეთერებშიც კარგად ისმოდა პოლიციისადმი მათი მიმართვები და ძალადობრივი მოწოდებები. საზოგადოებამ ნახა, მათ გვერდით მდგომი ცივი იარაღით - დანით შეიარაღებული აქციის მონაწილეც, რომელიც სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. მისი დაკავების პროცესში ამავე დანით ხელი დაუზიანდა ჩვენს თანამშრომელს,“ - განაცხადა ვახტანგ გომელურმა. მისი თქმით, „პოლიციელები მუდმივად მოუწოდებდნენ აქციის ორგანიზატორებს სიმშვიდისკენ, თუმცა გარკვეული ძალების მიზანი, ესკალაციის შექმნა იყო და ამისთვის ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ.“„მათ შორის, 16 აპრილს, გვიან ღამით მაშინაც, როცა უკვე სრულდებოდა აქცია, მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის თანამშრომლებს. აგინებდნენ, საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მათ, მათ ოჯახის წევრებს, შვილებს და აღარ გავაგრძელებ. ამის შემდეგ, მომხდარი დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არავისთვის და არც ჩემთვის იყო კარგი სანახავი დამერწმუნეთ. თუმცა შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია სამართალდამცველების მიმართ გაჟღერებულმა გაუგონარმა შეურაცხყოფებმა. პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. გომელაურის თქმით, “ყველა პოლიციელს აქვს თმენის ვალდებულება და ამას თითოეული მათგანი ძალიან კარგად აცნობიერებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს აქვს უფლება მათ სიტყვიერი, ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენოს.“ ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
სტოლტენბერგი: NATO მუშაობს უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველსაყოფად
NATO-ს წევრები განიხილავენ უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემის გაგზავნას, განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე დიდი შვიდეულის (G7) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, 18 აპრილს კაპრიში. ღონისძიება 19 აპრილს NATO-უკრაინის საბჭოს მოახლოებული სხდომის ფონზე გაიმართა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა შეკრება, რადგან რუსეთმა გააძლიერა საჰაერო თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე და საჰაერო თავდაცვის დეფიციტი ხელშესახები გახდა. სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO ამჟამად მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემების, მათ შორის Patriot, SAMP/T, NASAMS, AMRAAM, RST სისტემების უზრუნველყოფაზე. მოკავშირეებს, რომლებიც არ აწვდიან უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მოეთხოვებათ ფინანსური მხარდაჭერა. „NATO-ს მხარდაჭერის 99 პროცენტი მოკავშირეებისგან მოდის, მაგრამ მეტის გაკეთებაა საჭიროებაა,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ასევე საჭიროა "უფრო ინსტიტუციონალიზებული და სტაბილური" ჩარჩო უკრაინას დახმარებისთვის, რათა ის უფრო ორგანიზებული და კოორდინირებული გახდეს.
სუს-ი: ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა ანექსიის გამოხატულებაა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა.“ ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიშშია ნათქვამი. უწყების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა, ანექსიის გამოხატულებაა და პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებამ, რუსეთის ინტერესების დემონსტრირება მოახდინა. „ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა. მოსახლეობაში გაჩენილი უკმაყოფილების მინიმიზებისთვის საოკუპაციო ძალა მუდმივად ცდილობდა წარმოჩენას, თითქოს ე.წ. სახელმწიფო აგარაკის გასხვისების შესახებ ე.წ. შეთანხმებაზე უარის თქმა პირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ინტერესებს და რუსეთთან ოკუპირებული აფხაზეთის „ ურთიერთობას“ დააზიანებდა,“ - წერია ანგარიშში. ანგარიშში, ასევე, საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთში „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ კანონპროექტზეც, რომელიც აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს დასამტკიცებლად 2023 წელს წარედგინა. დოკუმენტის თანახმად, აფხაზეთში 30 ათასი აპარტამენტი უნდა აშენდეს. „კანონპროექტი“ ანექსიური პოლიტიკის ინსტრუმენტია, ვინაიდან ხსენებულით შესაძლებელი გახდება რუსეთის მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ რეგიონებში უძრავი ქონების შეძენა და მნიშვნელოვანი დემოგრაფიული დისბალანსის შექმნა. ამ კონტექსტში ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ გასული წლების განმავლობაში მოსკოვი მუდმივად სთხოვდა ოკუპირებული აფხაზეთს შეეცვალა „რეგულაცია“, რომელიც კრძალავდა „უცხო ქვეყნის მოქალაქის“ მიერ უძრავი ქონების შეძენას,“ - წერია ანგარიშში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანექსიისკენ კიდევ ერთ მიმართულ ნაბიჯად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გალისა და ახალგორის რაიონებში, რუსული უნივერსიტეტების მიერ საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას აფასებს. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ისტორიული საზოგადოების „განყოფილება“ გაიხსნა, რომლის თავმჯდომარე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორია. „რუსული ენის შემსწავლელი კურსებითა და ისტორიულ დოკუმენტებზე მუშოაბით, რუსეთის საოკუპაციო ძალა მიზნად ისახავს დეზინფორმაციის გავრცელებას, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთმანეთთან მაქსიმალურად გაუცხოების და ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონების მოსახლეობის ქართული სოციოლოგიურ-კულტურული სივრცისგან მოწყვეტას,“ - წერია ანგარიშში.
ე.წ. უცხოური აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ ჯამში 40 ადამიანი დააკავა
შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გამოვლისას განაცხადა, რომ ე,წ. უცხოური აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით, საერთო ჯამში, 40 პირი დააკავეს. „მონაწილეების გარკვეული ნაწილი გახდა აგრესიული სამართალდამცველების მიმართ, პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა საგნებს, მათ შორის, ქვებს, ბოთლებს, ასხამდნენ საღებავებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ემორჩილებოდნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნებს,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. „ამ ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა 5 პოლიციელი, აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაში გადავიყვანეთ მძიმე დაზიანებებით. ადმინისტრაციული წესით, საერთო ჯამში, დავაკავეთ 40 პირი,“ აღნიშნა გომელაურმა. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მეოთხე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
ვახტანგ გომელაური: ძალიან სამწუხაროა ალეკო ელისაშვილის შემთხვევა - რა მოხდა, საგამოძიებო სამსახური გაარკვევს
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, რომ „ძალიან სამწუხაროა ალეკო ელისაშვილის შემთხვევა - რა მოხდა, საგამოძიებო სამსახური გაარკვევს.“ ალეკო ელისაშვილზე განცხადების გაკეთებისას შინაგან საქმეთა მინისტრს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის გამოც, მინისტრმა საკითხის შეფასება შეწყვიტა და ინტერპელაციის კითხვებზე გადავიდა. „სამწუხაროა, აბა, რა უნდა ვთქვათ?! იქნებ მაცადოთ, კულტურა ან ზრდილობა იქონიოთ და მაცადოთ საუბარი. მე გისმენთ ხოლმე ყველას. გამოძიება დაიწყო, რა მოხდა გაარკვევს საგამოძიებო სამსახური. მე რომ ვთქვა, მერე იტყვით მიკერძოებული ხარო... რომ გამოხვალთ მერე ისაუბრეთ თქვენ, გადავალ პირდაპირ ინტერპელაციის კითხვებზე,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ელისაშვილთან დაკავშირებული “ინციდენტის შესწავლა“ დაიწყო. ალეკო ელისაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დღეს გამოიკითხება. „მოქალაქეების“ პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის ოპოზიციონერს წევრს აღენიშნება არაერთი ფიზიკური დაზიანება, მათ შორის, სახის, თავის, გულმკერდის და ზურგის არეში. მათივე ინფორმაციით, აქვს ნეკნის მოტეხილობა და ნაჭდევი ჭრილობები. „საუბარია 18 აპრილის გამთენიისას, სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე, საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრის, უკანონო დაკავების და მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, რა დროსაც საპატრულო პოლიციის დირექტორის ვაჟა სირაძის ბრძანებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის მეთვალყურეობით პოლიციელების მიერ გაკეთდა ე.წ. ძალადობის კორიდორი, რომელშიც ათობით პოლიციელი მონაწილეობდა და თავს ესხმოდა დეპუტატს და სასტიკად უსწორდებოდა. პარლამენტის ოპოზიციონერს წევრს აღენიშნება არაერთი ფიზიკური დაზიანება, მათ შორის სახის, თავის, გულმკერდის და ზურგის არეში. აქვს ნეკნის მოტეხილობა და ნაჭდევი ჭრილობები,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. მისივე თანახმად, ელისაშვილი პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, კონკრეტულ სამხილებს წარუდგენს და ჩვენებას მისცემს.