ძებნის რეზულტატი:
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
საქართველოში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 96 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,32 %-ს შეადგენს. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 127 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 103, ხოლო პისიარტესტით – 8 024. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 513 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 273 650-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,32 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.5 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 1.83%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 96 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 111-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 613 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 513 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარა - 30, იმერეთი - 88, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 44, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 900, საიდანაც: 1 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 663, აჭარაში – 145, იმერეთში – 257. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 266 პირი, მათ შორის, თბილისში – 111, აჭარაში – 23, იმერეთში – 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში – 44, აჭარაში- 3, იმერეთში – 9. 111 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 92 – თბილისში, 12 – აჭარაში. 1 447 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 243 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 148, ხოლო აჭარაში - 17. სულ 6 ოქტომბრიდან - 10 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია -23 581 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 262 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 384 პირი, აჭარაში - 470, იმერეთში - 679.
ჩინეთი და რუსეთი მთვარეზე კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავენ
ჩინეთი და რუსეთი მთვარეზე კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავენ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ორივე ქვეყანამ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას. დოკუმენტის მიხედვით, კოსმური სადგური მთვარის ზედაპირზე ან ორბიტაზე აშენდება. BBC-ის ინფორმაციითვე, ორივე ქვეყნის კოსმოსური სააგენტოებში ამბობენ, რომ ჩინეთი და რუსეთი გამოიყენებენ დაგროვილ გამოცდილებას კოსმოსურ მეცნიერებაში, რათა ერთობლივად შეიმუშაონ საგზაო რუქა მთვარის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი სადგურის მშენებლობისთვის. აღსანიშნავია, რომ სადგურის აშენების შემდეგ, ის ხელმისაწვდომი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც. როგორც ჩინეთის კოსმოსური პროგრამის სპეციალიზირებულმა ანალიტიკოსმა, ჩენ ლანმა განაცხადა, აღნიშნული პროექტი ,,დიდი გარიგებაა”. ,,ეს იქნება ყველაზე დიდი საერთაშორისო კოსმოსური თანამშრომლობის პროექტი ჩინეთისთვის, ამიტომ ის მნიშვნელოვანია”, - თქვა მან.
კახა კალაძე: 2021 წლის ბოლომდე დედაქალაქში არსებული მიკროავტობუსების პარკი სრულად განახლდება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2021 წლის ბოლომდე დედაქალაქში არსებული მიკროავტობუსების პარკი სრულად განახლდება. ამის შესახებ მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, დედაქალაქში მხოლოდ 1 000 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს, დანარჩენ მარშრუტებს კი 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება. „თბილისის მიკროავტობუსთან“ მოლაპარაკებები თითქმის დასრულდა. კომპანია კაპიტალის მოზიდვას უზრუნველყოფს და პირველ რიგში, ჩვენ მიერ ნაყიდ 300 ერთეულ მიკროავტობუსს გამოისყიდის. ასევე, დამატებით, 400 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდის. ეს ყველაფერი წლის ბოლომდე დასრულდება. უახლოებს დღეებში თბილისის მერია გამოაცხადებს ბაზრის კვლევას და დაიწყებს სატენდერო პროცედურას“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, დედაქალაქში ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროცესიც მიმდინარეობს. „სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი კომპონენტისგან შედგება. ყველაზე მთავარი არსებული პარკის განახლება და ძველი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებაა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ავტობუსები შესყიდულია და მის მოწოდებას ველოდებით. დამატებით, გვინდა შემოვიყვანოთ, დაახლოებით, 180 ერთეული 8- მეტრიანი და 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ლერი ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ლერი ბარნაბიშვილი კოორდინაციას გაუწევს რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას. ლერი ბარნაბიშვილმა ამ თანამდებობაზე კონსტანტინე ანანიაშვილი შეცვალა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დანიშვნამდე ლერი ბარნაბიშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობდა; სხვადასხვა პერიოდში იგი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი; საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; აქვს შემოსავლების სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ლერი ბარნაბიშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა. მას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ,,ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. როგორც მან პარტიაში უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაიწყო კონსულტაციები მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით. „დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მზადება დაიწყო თვითმმართველობის არჩევნებისთვის. დაიწყო კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით, მერების კანდიდატები, მაჟორიტარების კანდიდატები, თუ საარჩევნო სიები, ვინც იქნებიან თბილისშიც, რეგიონებშიც. როგორც იცით ახალი თვითმმართველობის კოდექსში, ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის და შესაბამისად, მომზადებას მეტი დრო სჭირდება“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.
მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი დაინიშნა
მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად ნინო გიორგობიანი დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ნინო გიორგობიანი მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი. მანამდე, ნინო გიორგობიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში საქმიანობამდე, ნინო გიორგობიანს აქტიურ ჟურნალისტიკაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში.
რაგბის კავშირში ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს
რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმაური და დაპირისპირებაა. მას მერე, რაც ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი სოსო ტყემალაძე გამოჩნდა და შენობაში შევიდა, სიტუაცია დაიძაბა. ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და დარბაზში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციელები საკმარისად არიან მობილიზებულები, ირაკლი აბუსერიძის მომხრეების ტერიტორიიდან გაყვანას და სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ. ცნობისთვის, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 24 თებერვალს ჩაიშალა. ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართულ საერთო კრებაზე (ყრილობაზე) ხმის უფლების მქონე დელეგატთა ორი მესამედი ვერ შეიკრიბა და, კავშირის წესდების თანახმად, მაქსიმუმ ოცდაათი დღით გადაიდო.
ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრა
თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მორიგი როტაციით ცენტრალურ აფრიკაში გაემგზავრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართველი მშვიდობისმყოფელები სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა „უკატექსზე“ შეასრულებენ. ,,საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მორიგი როტაციით გაემგზავრნენ. ქართველი მშვიდობისმყოფელები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა „უკატექსზე“ შეასრულებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება. ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ, მისმა მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკმა დანი პიტმა და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა გააცილეს. საქართველოს თავდაცვის ძალები ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში „ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ძალები“ (EUFOR RCA) პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შემდეგი მისია 2015 წლის 16 მარტს დაიწყო. ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეული სამხედრო-მრჩეველთა მისიაში EUMAM RCA 12 აპრილიდან ჩაერთო. ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ სამხედრო-საწვრთნელ მისიაში EUTM RCA 2017 წლის 31 იანვრიდან მონაწილეობს", - აღნიშნულია განცხადებაში.
,,ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს
„ქართული ოცნების“ ოფისთან, სადაც „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები აქციას მართავენ, სამართალდამცველებმა 6 ადამიანი დააკავეს. აქტივისტები „ტვ პირველის“ ეთერში გასული აუდიოჩანაწერის შინაარს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ გამოძიება ამ შინაარსთან დაკავშირებით უნდა დაწყებულიყო. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს უფროსის, გოგა მემანიშვილის ინფორმაციით,5 მოქალაქე სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ხოლო ერთი ხულიგნობისთვის დააკავეს. დაკავებული არიან: ნიკა ნარსია, კახა კვეკვესკვირი, ბექა პაპაშვილი და რამაზ აივაზაშვილი. აქტივისტები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის ავტომობილს საპროტესტო შინაარსის მქონე ბანერით წინ გადაუდგნენ. შეხლა-შემოხლა აქტივისტებსა და სამართალლდამცავებს შორის სწორედ ამ დროს მოხდა. გარდა ამისა, პროტესტის ნიშნად, აქტივისტები ცდილობდნენ გზის სავალ ნაწილზე დამსხდარიყვნენ, რისი უფლებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა. ამასთანავე, დღეს, პროკურატურამ საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 ნარკორეალიზატორი დააკავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და მარნეულში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. „დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული რ.ი., 2002 წელს დაბადებული ა. ა., 2003 წელს დაბადებული ა.მ., 2002 წელს დაბადებული ე.ი., 1974 წელს დაბადებული ს.კ. და 1982 წელს დაბადებული ხ.ა., 1990 წელს დაბადებული ე.შ., 1987 წელს დაბადებული ე.ა., 1979 წელს დაბადებული ფ.ა., 1975 წელს დაბადებული ა.ა. და 1988 წელს დაბადებული ნ.მ. დაკავებულებს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები – 45 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ და ფული ამოიღო. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს
რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს. ის რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ცნობისთვის, დღეს, „ექსპო ჯორჯიაში" რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი სოსო ტყემალაძე იყო. გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, თუმცა აბუსერიძე საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.
ავსტრიულ კომპანიასთან, რომელიც საქართველოში ნავთობს მოიპოვებს, ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ავსტრიულ კომპანიასთან, რომელიც საქართველოში ნავთობს მოიპოვებს, ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, ღარიბაშვილი და თურნავა ნავთობკომპანია OMV Petrom SA-ის ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომელიც საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებას განახორციელებს. ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, საქართველო იმ ქვეყნებს შეუერთდება, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5 282 კვ.კმ), 25 წლის ვადით, გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას და დამუშავებას ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად. მათივე ცნობით, ანალოგიური პროექტი რუმინეთში, სადაც ამავე ავსტრიულმა კომპანიამ „დომინოს“ საბადო აღმოაჩინა, 1,5 მლრდ აშშ დოლარი დაჯდა. "მთავრობის მეთაურის შეფასებით, მსხვილი კომპანიის შემოსვლა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში, გამჭვირვალე და მიმზიდველია მსოფლიო მნიშვნელობის ნავთობმოპოვების გიგანტებისთვის. შეხვედრაში OMV PETROM-ის მხრიდან მონაწილეობდნენ - კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი კრისტინა ვეჩერე, OMV PETROM-ის შეფასებისა და კვლევების დირექტორი ბერნარდ კრაინერი და OMV PETROM-ის ბიზნესის განვითარებისა და კომერციული დირექტორი ხოსე რაფაელ დუქ-რამირესი. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში, ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა, ხოლო OMV Petrom SA-ის მხრიდან - ხოსე რაფაელ დუქ-რამირესმა და ბერნარდ კრაინერმა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის 22 ივნისს ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია OMV PETROM SA. ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს ორ და სამგანზომილებიან სეისმო-საძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტის ღირებულება - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV-ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია. შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან, საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. ძებნა-ძიების შედეგად აღმოჩენილია ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში, კომერციულ აღმოჩენასთან ახლოსაა ბულგარეთი, სადაც კომპანია ოპერირებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჰააგის სასამართლოში გოჩა ლორთქიფანიძემ მოსამართლის ფიცი დადო
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, მოსამართლის ფიცი ოფიციალურად დადო. როგორც ცნობილია, ლორთქიფანიძის გარდა ჰააგაში მოსამართლის ფიცი კიდევ 5-მა ახაარჩეულმა მოსამართლემ დადო. აღსანიშნავია, რომ ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. ჰააგაში საქართველოს წარმომადგენელი დღემდე არასოდეს ჰყოლია. ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგაში მოსამართლედ გასულ წელს აირჩიეს. ლორთქიფანიძე 2012 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავდებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ სიის წევრად დასახელდა და გადადგა, ლორთქიფანიძემ მინისტრის სავარძელი დაიკავა. ჰააგის სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებამდე, გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტზე განაგრძობს მუშაობას.
8 ბიზნეს ასოციაცია საქართველოს მთავრობას ერთობლივი განცხადებით მიმართავს
საქართველოში მოქმედი 8 ბიზნეს ასოციაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ბიზნესი მთავრობისგან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას, კორონავირუსის ვაქცინის დროულად შემოტანას და ბიზნესთან კომუნიკაციით ეკონომიკის ეტაპობრივი აღდგენის სტრატეგიის შემუშავებას ითხოვს. განცხადების თანახმად, უკანასკნელ პერიოდში COVID - 19-ის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა, შედეგად უახლოესი წლები იქნება ურთულესი მცირე და საშუალო ბიზნესის შენარჩუნებისა და შემდგომში მისი განვითარებისთვის, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი არის დასაქმებული. მათივე ცნობით, ეკონომიკურ გამოწვევებს სამწუხაროდ თან დაერთო მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის განვითარებას. "ზემოხსენებულიდან გამომდინარე ქვემოთ ხელისმომწერი ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობას, უმოკლეს ვადებში მიიღოს გადაწყვეტილებები, რათა: • ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, გამოინახოს ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა საშუალება, მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის გაგრძელებისათვის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს - პროგოზირებად და სტაბილურ გარემოს შექმნას; • მომზადდეს პანდემიის პერიოდზე მორგებული (1 წლიანი) საგადასახადო რეფორმა/საშეღავათო პაკეტი განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერის კუთხით - ექსპერტებისა და ბიზნეს ასოციაციების ჩართულობით; • მოკლე ვადაში განხორციელდეს კოვიდ 19-ის საწინააღმეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანა და ასევე გამოცხადდეს მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაციის დაწყების პერიოდი, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემოს შექმნას. • იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შესაძლო მესამე ტალღა და შედეგად ბიზნესის დაკეტვა სრულად შეაჩერებს ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის პროცესს, უმნიშვნელოვანესია პრემიერ მინისტრმა და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა უახლოეს მომავალში დაიწყოს კონსულტაციები წამყვან ბიზნეს ასოციაციებთან და ექსპერტებთან, რათა განისაზღვროს შესაბამისი სტრატეგია და მაქსიმუმ 2 თვის ვადაში მომზადდეს რეგულაციების ახალი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტი საშუალებას მისცემს კომპანიებს წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია სექტორების მიხედვით შესაძლო შეზღუდვებთან დაკავშირებით და შესაბამისად დაგეგმონ ბიზნეს საქმიანობა," - ვკითხულობთ საქართველოში მოქმედი 8 ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ევროკავშირი საქართველოს ბიზნეს საბჭო საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია გადასახადის გადამხდელთა კავშირი საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია საქართველოს ტურიზმის ასოციაცია საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები Covid-19-ის ვაქცინის კიდევ 4 მილიონ დოზას მიიღებენ
ევროკომისიამ მიაღწია შეთანხმებას BioNTech-Pfizer– თან, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4 მილიონ დოზას მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, ვაქცინა დაეხმარება ბევრ სახელმწიფოს მის წინაშე დამდგარი გამოწვევები გადაჭრას. ,,ცხელ წერტილებში სიტუაციის გამოსასწორებლად აუცილებელია სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედება. მოხარული ვარ, დღეს გამოვაცხადო შეთანხმება BioNTech-Pfizer- თან, რომელიც შესთავაზებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ მარტის ბოლომდე ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინების 4 მილიონი დოზა. ეს დაეხმარება წევრ სახელმწიფოებს. ეს საკვანძოა ჯანდაცვის სისტემებისა და ერთიანი ბაზრის ფუნქციონირებისთვის", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს სადეზინფექციო ხსნარი შეასხა
ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა პრაიუთ ჩან-ოჩამ მედიის წარმომადგენლებს პრესკონფერენციაზე, მკაცრი კითხვები თავიდან ასაცილებლად, სადეზინფექციო ხსნარი შეასხა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ტაილანდის პრემიერი მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების შესახებ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა. გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში, მან ერთ-ერთ ჟურნალისტს ყური აუწია. აგრეთვე, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე საკუთარი თავის მუყაოს ფიგურა გამოიტანა, რომელსაც მედიის კითხვებზე უნდა ეპასუხა.
NATO-მ საქართველოს თავდაცვის ძალებს სატრანსპორტო საშუალებები გადასცა
NATO-ს მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს სატრანსპორტო საშუალებები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს 5 ერთეული „რენოს“ მარკის საშუალო გამავლობის ავტომანქანა გადაეცა. ,,NATO-ს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტომ (NSPA) NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) 5 ერთეული „რენოს“ მარკის საშუალო გამავლობის ავტომანქანა გადასცა. სატრანსპორტო საშუალებების გადაცემა ცენტრის შესაძლებობების განვითარებას, მობილურობის გაზრდასა და ლოჯისტიკური კომპონენტის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ აზარაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პირიტ პიკერი და ნატოს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ. NATO-ს მხარემ NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისათვის (JTEC) სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებები NATO-ს შესყიდვებისა და მომსახურების სააგენტოსა (NSPA) და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2017 წელს გაფორმებული გრანტის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა, რომლის საერთო ღირებულება 1,2 მლნ ევროს შეადგენს. JTEC-ს ჯამში 20 სატრანსპორტო საშუალება გადაეცა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა JTEC-ის უზრუნველყოფასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები. სატრანსპორტო საშუალებები თითოეულ ჯარისკაცს მოემსახურება და გაზრდის JTEC-ის ეფექტურობას და შესაძლებლობებს. პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული NATO-ს მრჩეველთა ჯგუფი JTEC-ში", - აღნიშნულია განცხადებაში
თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ელჩთან შეხვედრა გამართა
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში სამხედრო მედიცინის შესაძლებლობების განვითარებასა და ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი და გერმანელი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობაზე ისაუბრეს. ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. ,,საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ კნირშსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უკერვიცს უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ გერმანულ მხარეს გაწეული პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება და უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში, სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში, გერმანიის უდიდეს წვლილს, ასევე, საქართველოში სამხედრო მედიცინის შესაძლებლობების განვითარებას, როგორც განახლებული არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელსაც გერმანია ხელმძღვანელობს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი და გერმანელი სამხედროების ერთობლივ მონაწილეობასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც იმსჯელეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ბრიტანეთის ელჩი: პრემიერ-მინისტრს შევუქე ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგში ჩართვა და გამოვთქვი იმედი, რომ ეს დიალოგი ნაყოფიერ შედეგებს მოიტანს
"პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევუქე ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგში ჩართვა და გამოვთქვი იმედი, რომ ეს დიალოგი ნაყოფიერ შედეგებს მოიტანს", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ კლეიტონმა, საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ელჩმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა განიხილეს ორი ქვეყნის წარმატებული პარტნიორობის მნიშვნელობა სავაჭრო-ეკონომიკური და განათლების მიმართულებებით. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის. ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა და პოზიტიურად შეაფასა პრემიერ-მინისტრის ჩართულობა დიალოგის პროცესში. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო რეგიონში შექმნილ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. დიპლომატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ვისაუბრეთ გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობის სიღრმესა და სიძლიერეზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროიდან, იცის ჩვენი ურთიერთობის სიძლიერე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, თუმცა მის ახალ ამპლუაში დღევანდელი შეხვედრით მოგვეცა საუბრის საშუალება ჩვენი ურთიერთობების სიღრმეზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, განათლება, ინგლისური ენის სწავლება, სხვა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ამჟამინდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე და განვიხილეთ ყველა მხარის მზაობის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრს შევუქე ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგში ჩართვა და გამოვთქვი იმედი, რომ ეს დიალოგი ნაყოფიერ შედეგებს მოიტანს. მოკლედ შევეხეთ ევროკავშირის მოდერატორის ჩამოსვლას. მოუთმენლად ველით წინსვლის შემდგომ გაგრძელებას საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმირების სფეროში, რაც აბსოლუტურად მნიშვნელოვანია გადაწყვეტის პოვნისთვის“, - განაცხადა მარკ კლეიტონმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
საბერძნეთში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების დროს 3 პოლიციელი დაშავდა
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების დროს 3 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული პოლიციელებიდან ერთ-ერთის მდგომაროება მძიმეა. აქციაზე 5000 დემონსტრანტი გამოვიდა. მათი პროტესტი ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს მოჰყვა, სადაც პოლიციელი მოქალაქეს ფიზიკურად უსწორდება. ისინი პოლიციელთა მხრიდან ძალადობას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით - "ჩვენს უბანში პოლიციელებს ადგილი არ არის".