ძებნის რეზულტატი:

სალომე ზურაბიშვილმა ქორეოგრაფი გიორგი ალექსიძე, გარდაცვალების შემდეგ, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ქორეოგრაფი გიორგი ალექსიძე საქართველოში ნეოკლასიკური და თანამედროვე ბალეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქართული საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სახელმწიფო ჯილდო ქორეოგრაფის მეუღლეს, მარინა ალექსიძეს გადაეცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძის შემოქმედების განსაკუთრებულობასა და უნიკალურობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მის როლს ქართული ბალეტის განვითარებაში. „ქართული ბალეტი, ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი და ქართული შემოქმედებითი გენიისა და ნიჭის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ბალეტზე საუბრისას ერთად განვიხილავ კლასიკურ ბალეტს, თანამედროვე ბალეტსა და ქართულ, ეროვნულ ცეკვებს, რადგან სამივე სახეობა ერთი დიდი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლინებაა. რამ გაყო ვახტანგ ჭაბუკიანი ბალანჩინისგან, ბალანჩინი - სუხიშვილებისგან, ან სუხიშვილები - ალექსიძეებისგან. ჭაბუკიანმა ქართული კლასიკური ბალეტი მიუწვდომელ სიმაღლეზე აიყვანა. მასთან ერთად არ შეიძლება, აქ არ გავიხსენო ვერა წინდაძის სახელი და მისი არაჩვეულებრივი დუეტი, რომელიც ყველას მეხსიერებაში მუდმივად დარჩება. ბალანჩინმა, რომლის გაცნობის ბედნიერებაც მქონდა ამერიკაში, ამერიკული თანამედროვე ბალეტი შექმნა და მას არ დავიწყებია ქართული წარმომავლობა და ძირი. სუხიშვილებმა გააცოცხლეს, თუ არა შექმნეს და მსოფლიოში გაიტანეს ქართული ცეკვა და მაშასადამე, ქართული კულტურა. გიორგი ალექსიძემ კი, მსოფლიო საზოგადოებას ბალეტისა და ქორეოგრაფიის ახალი ხედვა გაუზიარა. ამ ყველა შემოქმედის საერთო ნიშანი და მახასიათებელი არის ის, რომ ისინი ერთდროულად იყვნენ კლასიკოსებიც და ნოვატორებიც, გამბედავებიც და ტრადიციების გამგრძელებლებიც. დღევანდელი დღის გმირი, გიორგი ალექსიძე, თავისი საქმიანობითა და შემოქმედებით გამორჩეული პიროვნება იყო და ქართული ბალეტის სამსახურში 30 წელი გაატარა. ის წლების განმავლობაში, ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი იყო. მისი მთლიანი შემოქმედებიდანაც ჩანს, რომ ის იყო თავისუფალი, როგორც ადამიანი და თავისუფალი, როგორც ხელოვანი. ხელოვნებაში ვერ იქნები, თუ არ ხარ სრულაიდ თავისუფალი. მან ბალეტსა და ქორეოგრაფიაში ახალი ენა და ახალი ხედვა შემოიტანა: ქორეოგრაფიული მინიატურები, კამერული ბალეტი, მისი ხელწერა, გაჯერებული იყო სისადავითა და დახვეწილობით. სამწუხაროდ, მე პირადად არ ვიცნობდი გიორგი ალექსიძეს, მაგრამ პირველად (და ეს ძალიან კარგად მახსოვს) დათო ჩუბინიშვილის სახლში მისი დოკუმენტური ფილმით გავიცანი. შემდგომში კი, კიდევ სხვაგვარად გავიცანი მისი ქალიშვილის ქორეოგრაფიიდან. ადამიანი, რომელიც ასეთ კვალს ტოვებს და რომლის მემკვიდრეობა გრძელდება და განახლებასაც განიცდის, არ კვდება. ამიტომ მე დღეს ცოცხალ ხელოვანს, ცოცხალ გიორგი ალექსიძეს ვაჯილდოვებ საქართველოს დიდ პატრიოტსა და დიდ ხელოვანს!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ გოგი ალექსიძის ოჯახის წევრები, მეგობრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ცნობისთვის, გიორგი ალექსიძე 2008 წელს გარდაიცვალა.

არჩილ თალაკვაძე: გოჩა ლორთქიფანიძემ ისტორია შექმნა - ის პირველი ქართველია, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლე გახდა

„გოჩა ლორთქიფანიძემ ისტორია შექმნა - ის პირველი ქართველია, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლე გახდა“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას. „ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ, 9 წლის ვადით არჩევით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ ისტორია შექმნა - ის პირველი ქართველია, რომელიც ჰააგის სასამართლოს მოსამართლე გახდა. განათლება, შრომისმოყვარეობა და სამართლიანობა მნიშვნელოვანია“,- წერს არჩილ თალაკვაძე. ცნობისთვის, ჰააგის სასამართლოში გოჩა ლორთქიფანიძემ მოსამართლის ფიცი დადო.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 395 ადამიანს დაუდასტურდა, 310 გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 594 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 065 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 529 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 274 045 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 267 421, გარდაიცვალა 3 622 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 10 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.50 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.83%. 395 ახალი შემთხვევიდან 194 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 21, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 28, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 17, კახეთი - 27, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 2 976, საიდანაც: 1 324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 676, აჭარაში - 148, იმერეთში - 245. მძიმე პაციენტი: 275. მათ შორის, თბილისში - 121, აჭარაში - 24, იმერეთში - 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 74, მათგან თბილისში - 48, აჭარაში- 3, იმერეთში - 9. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 25 - აჭარაში. 1 519 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 252 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 147, ხოლო აჭარაში - 17. სულ 6 ოქტომბრიდან - 10 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 589 პირი. ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 493 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 554 პირი, აჭარაში - 509, იმერეთში - 643.

კრისტიან დანიელსონის დანიშვნა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს - ირაკლი ღარიბაშვილი

„კრისტიან დანიელსონის დანიშვნა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ პირადი წარმომადგენლის დანიშვნას გამოეხმაურა. „მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი და ვიზიარებთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რეკომენდაციებს, საერთო ენა გამოვნახოთ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაეროში აშშ-ის ელჩმა ეუთოს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდა, რომ შეწყვიტოს  საქართველოს ოკუპაცია და 2008 წლის შეთანხმება შეასრულოს

"შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას", - ამის შესაქხებ გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა, გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელზეც ეუთოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა. გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ეუთოს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს, რომ ოკუპაცია შეწყვიტოს და 2008 წლის შეთანხმება შეასრულოს. დიპლომატის განცხადებით, რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას და მხარს უჭერს, ან სისტემატურად უგულებელყოფს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ან მის მახლობლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ბოროტად გამოყენებას. "უკრაინის მიმართ აგრესიის გარდა, რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტის ოკუპაციას. მხარს უჭერს ან სისტემატურად უგულებელყოფს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ან მის მახლობლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ბოროტად გამოყენებას. რუსეთს ჯერ არ აქვს სრულყოფილად შესრულებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეტანხმება, მათ შორის ვალდებულება, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ ორგანიზაციების მისცეს შეუზღუდავი შესვლის შესაძლებლობა. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ ეუთოს, მოსთხოვოს რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება", - განაცხადა ლინდა ტომას-გრინფილდმა.

შვეიცარიის ელჩი: ვიმედოვნებთ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია საქართველოში მოძებნის პოლიტიკურ გადაწყვეტას და კომპრომისს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცდეს

"ვიმედოვნებთ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია საქართველოში მოძებნის პოლიტიკურ გადაწყვეტას და კომპრომისს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცდეს", – ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის ელჩმა, პატრიკ ფრანცენმა ჟურნალისტებს განუცხადა. „უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურ მოთამაშეს შორის მნიშვნელოვანია ერთმანეთთან დაახლოება. მედიატორებსა და ფასილიტატორებს შეუძლიათ ამ პროცესის მხარდაჭერა, მაგრამ პროცესი საქართველოში უნდა ეფუძნებოდეს დიალოგს, ერთმანეთის პატივისცემას, სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშეების თანაცხოვრების პატივისცემას. ჩვენ რეალურად ვიმედოვნებთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია საქართველოში მოძებნის პოლიტიკურ გადაწყვეტას და კომპრომისს, რათა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცდეს. გადაწყვეტა უნდა იყოს ქვეყნის შიგნით. საქართველოს პოლიტიკურმა მოთამაშეებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორი გადაწყვეტა შეესაბამება ყველაზე უკეთესად საქართველოსა და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. შვეიცარია, როგორც პირდაპირი დემოკრატიის ქვეყანა, დაინტერესებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა ფოკუსირებული იყოს პოლიტიკურ გადაწყვეტაზე“, – განაცხადა პატრიკ ფრანცენმა.

კრისტიან დანიელსონი, რომელიც შარლ მიშელმა პირად წარმომადგენლად დანიშნა, თბილისშია

კრისტიან დანიელსონი, რომელიც შარლ მიშელმა პირად წარმომადგენლად დანიშნა, თბილისშია. საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი დედაქალქში გამთენიისას ჩამოფრინდა. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

ირაკლი ღარიბაშვილი: OMV Petrom-ის საქართველოში შემოსვლა იმის დადასტურებაა, რომ ქვეყანაში არის ძალიან კარგი ბიზნესგარემო

"მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ შეთანხმებას, რომელიც გააფორმა ეკონომიკის მინისტრმა ქალბატონმა ნათია თურნავამ, ერთ-ერთ უდიდეს ავსტრიულ კომპანია OMV Petrom-თან, რომელიც საქართველოში შემოვიდა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ავსტრიული კომპანიის ინტერესი, რომ საქართველოში დაიწყოს გაზის ძებნა-ძიების სამუშაოები, მიუთითებს რომ ქვეყანაში კარგი ბიზნესგარემოა. „მოგეხსენებათ, ჩვენ გუშინ გავაფორმეთ კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოების დაწყებას საქართველოში, შავი ზღვის აკვატორიაში. მინდა, კიდევ ერთხელ სიხარულით აღვნიშნო ეს ფაქტი. როდესაც ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიც არის OMV Petrom-ი, გამოხატავს სრულ მზაობას, ძალიან მალე დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება საქართველოში, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი ბიზნესგარემო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსნებთ, რომ ავსტრიულ კომპანიასთან, რომელიც საქართველოში ნავთობს მოიპოვებს, ხელშეკრულება გაფორმდა.

ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული 8 თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე დაკავებულ 36 წლის კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ზურაბ შავლიაშვილს სახელმწიფო ბრალდება ოჯახში ძალადობას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება. პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, თუმცა მას სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია. დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა, მოსამართლემ ამ შემთხვევაში პროკურორის არგუმენტები სარწმუნოდ მიიჩნია და ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა მიუსაჯა. ადვოკატის, მინარი მურღვაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს საგამოძიებო ორგანო ოჯახური ძალადობის გარდა, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასაც ედავება. შეგახსენებთ, რომ კახეთში, სავარაუდოდ, ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირებას 8 თვის ჩვილი ემსხვერპლა. შსს-მ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, რომელსაც ჩვილის გარდაცვალება მოჰყვა, კახეთში 1 პირი დააკავა. გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული რვა თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

დავით ზალკანიანი: ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. აუცილებელია ყველა პოლიტიკურ ძალას შორის შედგეს კონსესუსი

"ქვეყანა უსერიოზულესი გამოწვევების წინაშე დგას რეგიონში. აუცილებელია ყველა პოლიტიკურ ძალას შორის შედგეს კონსესუსი", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა პოზიციების დასაახლოვებლად, პროცესი დაწყებულია. ეს პროცესი შარლ მიშელის საქრთველოში ვიზიტის დროს დაიწყო, როდესაც ის გამოვიდა ინიციატივით, რომ პირველი რაუნდი გამართულიყო პოლიტიკურ პარტიებს შორის და პრემიერ-მინისტრი მყიდიერად დაეთანხმა ამ ინიციატივას. ამის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, დაენიშნა სპეციალური წარმომადგენელი. ის უკვე მოვლინებულია საქართველოში. პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების პროცესი უახლოეს პერიოდში გაიმართება. ესაა კომპლექსური პროცესი და არ უნდა ველოდოთ, რომ დაგროვილი თემატიკა სრულად დაიფარება და შედეგები პირველივე რაუნდის დროს მიიღწევა. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან, არის პოლიტიკური ნება ამ პროცესში ჩართვის. კიდევ ერთხელაა გაცხადებული, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია. ქვეყანას უსერიოზულესი გამოწვევები აქვს რეგიონში უსაფრთხოების, პანდემიის, ეკონომიკის კუთხით. ამიტომ, აუცილებელია, რომ შედგეს კონსენსუსი ყველა პოლიტიკურ ძალას შორის და პროცესები პარლამენტში გადავიდეს. ჩვენ ვიხილეთ მოწოდებები ამის შესახებ. სამწუხაროდ, ოპონენტებმა ამაში ამოიკითხეს ის, რაც მათ სურდათ და წარმოაჩინეს ისე, თითქოს ეს მოწოდება მხოლოდ ხელისუფლებისკენ იყო მიმართული. მოოწოდება ეხებოდა ყვველა იმ აქტორს, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, რომ შევიდეს დიალოგში", - განაცხადა ზალკანიანმა.

დავით ზალკანიანი: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგის ყველა ძირითადი მიმართულება იქნება განხილული

„16 მარტს ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. საქართველოს დელეგაციებს უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი. განხილული იქნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული დღის წესრიგის ყველა ძირითადი მიმართულება", - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. „16 მარტს ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. საქართველოს დელეგაციებს უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი. განხილული იქნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული დღის წესრიგის ყველა ძირითადი მიმართულება. საბჭო განიხილავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, ევროკავშირის ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. რა თქმა უნდა, შევეხებით უსაფრთხოების საკითხებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს, პანდემიასთან ბრძოლას, ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხებს. ბუნებრივია, განხილული იქნება პოლიტიკური პროცესები და ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენი პოლიტიკა ევროკავშირთან შევაჯეროთ, აღვნიშნოთ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკის, პოლიტიკისა და დემოკრატიზაციის რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით და განვიხილოთ სამომავლო პერსპექტივები და ის, თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. გარდა ამისა, იქნება სხვა მაღალი დონის შეხვედრები. პრემიერი ასევე შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ალიანსის მოკავშირე წევრ ქვეყნებს გააცნობს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ პროგრესს“, - განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკანიანი რუსეთის  მორიგ პროპაგანდისტულ განცხადებაზე: ეს არის პროვოკაციული განცხადება. ეს არის ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი

"ეს არის პროვოკაციული განცხადება. ეს არის ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ცდილობს რუსეთის ფედერაცია ასეთ მაღალ დონეზე შემოიტანოს ქართულ საზოგადოებაში დაბნეულობა", - ასე შეაფასა დავით ზალკალიანმა რუსეთის მორიგი პროპაგანდისტული განცხადება. ზალკანიანის თქმით, დღეს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით ძალიან მაღალ ნიშნულზეა. "ეს არის პროვოკაციული განცხადება. ეს არის ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ცდილობს რუსეთის ფედერაცია ასეთ მაღალ დონეზე შემოიტანოს ქართულ საზოგადოებაში დაბნეულობა, დათესოს ნიჰილიზმი და წარმოაჩინოს საკითხი ისე, რომ თითქოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არის აბსოლუტური შეუთანხმებლობა ყველა ძირითად საკითხზე. რა თქმა უნდა, ეს რომ ასე არ არის, ამაზე მეტყველებს კონკრეტული ფაქტები. როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით: თავდაცვის და უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობის, დემოკრატიის გაძლიერების. ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია სწორედ ამას მიანიშნებს და ამას მიანიშნებს ის განცხადებები, რომლებიც ვიხილეთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან“, - განაცხადა ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს შესახებ მორიგი პროპაგანდისტული განცხადება გაავრცელა. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, სერგეი ნარიშკინის განცხადებით, აშშ-ში "ქართული ოცნებით" უკმაყოფილოები არიან. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის დაზვერვის სამსახურის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. საგარეო უწყება რუსეთის მორიგ პროპაგანდისტულ განცხადებას ჰიბრიდული ომის გამოხატულებად აფასებს

საფრანგეთის ელჩი: თუ ყველა მხარე კარგად იმუშავებს, მათ შეუძლიათ საჭირო კომპრომისის ნახვა ყველა საკითხზე

„ვფიქრობ, თუ ყველა მხარე კარგად იმუშავებს, მათ შეუძლიათ საჭირო კომპრომისის ნახვა ყველა საკითხზე, რომელიც განხილვის პროცესშია“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ფრანკოფონიის ფორუმზე თემა არის ერთმანეთთან დაახლოება, ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთთან საუბარი და ჩვენი პოზიციების დაახლოება. სწორედ ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ეს შთააგონებს იმ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან მივესალმებით ბატონი შარლ მიშელის ვიზიტს და შეთავაზებას, რომ დაფუძნებულიყო მედიაცია ამ მოლაპარაკებების დასახმარებლად, მხარეების ერთმანეთთან დასაახლოებლად. ჩვენ მივესალმებით სპეციალური წარმომადგენლის ჩამოსვლას, რომლის ვიზიტი ძალიან მალე დაიწყება. ბევრი იდეაა განხილვის პროცესში. მოლაპარაკებების პარამეტრები ახლა უკვე ნათელია. ჩვენ ასევე გვაქვს სამოქალაქო საზოგადოებების პოზიციები, რომლებმაც თავისი ინიციატივები გამოთქვეს. ვფიქრობ, თუ ყველა მხარე კარგად იმუშავებს, მათ შეუძლიათ საჭირო კომპრომისის ნახვა ყველა საკითხზე, რომელიც განხილვის პროცესშია. ვიმედოვნებთ, ასეც იქნება“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

საქსტატი: 2020 წელს უცხოური ინვესტიციები, 2019 წელთან შედარებით, 52.9 პროცენტით შემცირდა

"წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე", - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ. დოლარით შეამცირა. სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, 95.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 49.9 პროცენტით, მეორეზე - ნიდერლანდი 27.9 პროცენტით, ხოლო მესამეზე - თურქეთი 17.5 პროცენტით.

ბრიტანეთის ელჩი: მნიშვნელოვანია ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება და საქართველოსთან ერთად ჩიხიდან გამოსვლაზე მუშაობა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ კლეიტონი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას Twitter-ზე ეხმიანება. "კარგი შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი თარიბაშვილთან. არსებული გამოწვევების პირობებში, მნიშვნელოვანია ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება და საქართველოსთან ერთად ჩიხიდან გამოსვლაზე მუშაობა და პოლიტიკური რეფორმების გაგრძელება”. - წერს ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი. ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

საქართველოში ვაქცინის ეტაპობრივი მოწოდება 13 მარტიდან დაიწყება

ეკატერინე ტიკაქრაძის თქმით, ვაქცინა დაჩქარებული ტემპით, დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე შემოვა. ვაქცინის მოწოდება შაბათიდან (13 მარტიდან) დაიწყება. „შაბათიდან საქართველოში ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება დაიწყება“ - აღნიშნა მინისტრმა. როგორც ცნობილია, პირველ ჯერზე Astrazeneca-ს ვაქვინა შემოვა. მოწოდებული იქნება დათქმული დოზა - 43 200, რომელიც გადანაწილდება შესაბამისი პროტოკოლით. „ამ ეტაპისთვის UNICEF-ის მხრიდან მიღწეული იქნა შეთანხმება AstraZeneca-ს ვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე. მოწოდებული იქნება დათქმული დოზა - 43 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება იმ პროტოკოლის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია COVID-ის ვაქცინაციის საბჭოს მხრიდან. შემდეგი არის Pfizer-ის ვაქცინა. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ Pfizer-ის ვაქცინის დაჩქარება მოხდეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

2021 წლის 10 მარტს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ან ლინდემ საქართველოზეც ისაუბრა. საქართველოს შესახებ ისაუბრეს გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ესტონეთის, ნორვეგიის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმაც. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. თავის გამოსვლაში შვედმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა საქართველოში მის ბოლო ვიზიტის, რომლის დროსაც გამართა შეხვედრები როგორც ქვეყნის პირველ პირებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ან ლინდემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ეუთო-ს მხარდაჭერა ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების მიმართ. ან ლინდემ აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მან თავად მოინახულა საოკუპაციო ხაზი, რამაც დაანახა ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონტაქტებისა და კომუნიკაციის გაზრდის აუცილებლობა. "გაერთიანებული სამეფო მიესალმა შვედეთის, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის ძალისხმევას საქართველოსა და მოლდოვის საკითხებთან დაკავშირებით. ირლანდიის წარმომადგენელმა კი დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა შვედეთის მცდელობის მიმართ, რომ კონფლიქტების მოგვარება და პრევენცია იყოს ეუთოს დღის წესრიგის მთავარი კომპონენტი. კონფლიქტის მოგვარებაში ეუთოს როლს ხაზი გაუსვა ასევე ნორვეგიის წარმომადგენელმა და შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების გამო. საფრანგეთმა კი გამოხატა მხარდაჭერა ჟენევის მოლაპარაკებების მიმართ, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ესტონეთის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განხორციელებულ სამხედრო ძალების გაფართოების და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეწყვიტოს პროვოკაციული მოქმედებები, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტის ესკალაცია. მან რუსეთის ფედერაციას შეახსენა 2021 წლის 21 იანვრის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და ხაზი გაუსვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ჰქონდეთ დაშვება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. აშშ-ის ელჩმა, საბჭოს პრეზიდენტის ქვეყნის რანგში, ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 % ოკუპაციას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ან სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების ჩაგვრის ფაქტების წახალისებასა ან სისტემურად უგულვებელყოფას. აღნიშნა, რომ რუსეთმა სრულად ჯერ კიდევ არ შეასრულა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მათ შორის მისი ვალდებულება კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციებისათვის შეუზღუდავი დაშვების შესახებ. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მოუწოდა ეუთოს მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე რათა მან დაასრულოს ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. გაეროში აშშ-ის ელჩმა ეუთოს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდა, რომ შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია და 2008 წლის შეთანხმება შეასრულოს.

23 მარტს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ისრაელის საელჩოში ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო

23 მარტს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ისრაელის საელჩოში ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ ისრაელის ელჩმა რან გიდორმა Twitter-ზე დაწერა. „დღეს, 23 მარტს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მსოფლიოს მასშტაბით განლაგებულ ისრაელის საელჩოებში ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. თბილისში, ისრაელის საელჩოს გუნდის წევრები სიამაყით ვაცხადებთ, რომ ვასრულებთ ჩვენს მოქალაქეობრივ მოვალეობას და ვიყენებთ ხმის დაფიქსირების დემოკრატიულ უფლებას“, - წერს რან გიდორი.

შოთა არველაძემ ავტობიოგრაფიული წიგნის განახლებული ვერსია გამოსცა

შოთა არველაძემ ავტობიოგრაფიული წიგნის "გუშინ" განახლებულ ვერსია გამოსცა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. "იცით, რომელია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაიკა? ბრედასთან, პირველი მატჩის შემდეგ, მე და აჩიმ რომ გავცვალეთ. დღემდე არ გამირეცხია, მინდა ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მომცა და მისი სუნი ასდიოდეს... ეს თამაში ორივესთვის ურთულესი აღმოჩნდა. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ მოგვიწევდა თამაში. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება ერთ გუნდში ვთამაშობდით და რაც გაგვაჩნია - გამარჯვებების ჩათვლით, ორივეს გვეკუთვნის. თბილისიდან მთელი ოჯახი დაირაზმა და ამ მატჩის საყურებლად ჩამოვიდა ამსტერდამში. ჩემი მშობლები დაბნეულები ჩანდნენ, არ იცოდნენ, ვისთვის ეგულშემატკივრათ. არც მედიას დაუტოვებია ეს ფაქტი ყურადღების გარეშე და საკმაოდ დიდი გადაცემა მოგვიძღვნეს. ბოლოს ჩვენებმა ბრედას გულშემატკივრობა გადაწყვიტეს. ამას იმით ხსნიდნენ, რომ აიაქსი ჩემპიონობას მაინც შეძლებდა, აჩის კი აიაქსთან გამარჯვება სჭირდებოდა. თამაში მაინც აიაქსის გამარჯვებით დასრულდა... ტყუპებმა თავი ვერაფრით გამოვიჩინეთ, ალბათ გაგვიჭირდა ამ ყველაფრის აღქმა... მინდორზეც რაღაც დაბნეულები დავრბოდით. ეს და სხვა ისტორიები, დეტალურად წაიკითხეთ ჩემს ავტობიოგრაფიულ წიგნში", - წერს შოთა არველაძე.

საქართველო მიგრაციის ევროპულ ქსელს შეუერთდა

2021 წლის მარტში საქართველო მიგრაციის ევროპულ ქსელს დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდა. მხარეებმა შესაბამის შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს. მიგრაციის ევროპულმა ქსელმა საკუთარი არსებობის ისტორიაში პირველად, თავის რიგებში მიიღო ევროპის ეკონომიკური სივრცის გარეთ მყოფი ქვეყნები – საქართველო და მოლდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამუშაო შეთანხმება წარმოადგენს მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის სფეროში ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. სამუშაო შეთანხმება აყალიბებს მიგრაციის ევროპული ქსელის ფარგლებში ევროკომისიასა და საქართველოს შორის ადმინისტრაციული თანამშრომლობის პირობებს, რაც განსაზღვრავს აღნიშნულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ მიმდინარე და სამომავლო საჭიროებებს. „მიგრაციის უკეთესი მართვისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავება სხვა ქვეყნებთან. ეს ხაზგასმით არის აღნიშნული მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის ახალ პაქტშიც. მიგრაციის ევროპულ ქსელში საქართველოს მიღება საშუალებას მოგვცემს, ახალ პარტნიორებს გავუზიაროთ მიგრაციის მართვის საუკეთესო ევროპული გამოცდილება და, ამასთან, უკეთ გავიაზროთ მიგრაცია კავკასიური პერსპექტივიდან , – განაცხადა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მონიკ პარიამ. როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, მიგრაციის ევროპულ ქსელში ჩართვა მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. „მიგრაციის მართვის სისტემის განვითარება განსაკუთრებული ნიშანსვეტია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ამიტომაც ჩვენი პოლიტიკა ეფუძნება მიგრაციისა და განვითარების პრინციპს, რომელიც გულისხმობს მიგრაციის თანამედროვე ტენდენციებისა და მათზე რეაგირების შესაძლო გზების კვლევას, ანალიზს და ექსპერტული ცოდნის გაზიარებას. და ეს სწორედ ის მიმართულებებია, რა მხრივაც მიგრაციის ევროპული ქსელი წარმატებულად მოღვაწეობს“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. ცნობისთვის, მიგრაციის ევროპული ქსელი (The European Migration Network - EMN) საქმიანობს ევროპის მასშტაბით. მასში წარმოდგენილი არიან ეროვნული საკონტაქტო პირები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და ნორვეგიიდან. ისინი ქსელს აწვდიან მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ქსელი შეიქმნა 2008 წელს ევროკომისიის მიერ (ევროპული საბჭოს დავალებით) და მის მიზნად განისაზღვრა, არსებული საჭიროების შესაბამისად, მიგრაციისა და საერთაშორისო დაცვის საკითხებზე სარწმუნო ინფორმაციის რეგულარული გაცვლა ევროპის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ მიგრაციის ევროპული ქსელის დაფუძნების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ითვალისწინებს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პერსპექტივას.