ძებნის რეზულტატი:

საქართველოში ვაქცინაცია Astrazeneca-ს ვაქცინით დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოსახლეობის ვაქცინაცია Astrazeneca-ს ვაქცინით დაიწყება და Pfizer-ის ვაქცინას არ დაელოდებიან. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "მას შემდეგ, რაც ტვირთი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ხვალ და ზეგ კიდევ მოგაწვდით, მოხდება მისი უსაფრთხო ტრანსპორტირება იმ შესაბამის დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია იგეგმება. ჩვენ უკვე დავიწყებთ ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციას Astrazeneca-ს ვაქცინით და რა თქმა უნდა, Pfizer-ის დალოდება არ მოხდება, რადგან ეს ორი პროცესი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა წარიმართოს " - განაცხადა ტიკარაძემ. საქართველოში ვაქცინის ეტაპობრივი მოწოდება 13 მარტიდან დაიწყება.

ეკატერინე ტიკარაძე: ვადასტურებ, რომ ჩვენ სხვადასხვა მომწოდებელთან გვაქვს მოლაპარაკებები

"ჩვენ გვაქვს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი, აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ სრული ინფორმაცია გავცეთ, თუმცა ვადასტურებთ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა მომწოდებელთან გვაქვს მოლაპარაკებები", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი, აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ სრული ინფორმაცია გავცეთ, თუმცა ვადასტურებთ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა მომწოდებელთან გვაქვს მოლაპარაკებები. ეს არის, როგორც Astra Zeneca-ს სხვადასხვა მწარმოებელი, როგორც ინდოეთის, ასევე კორეის, ასევე ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები Moderna-სთან, ასევე Johnson & Johnson-თან. Covax პლატფორმაზე, შემდეგი რაოდენობის მოწოდების თარიღის დადგენა მიმდინარეობს, როდის იქნება მოწოდებული. ასევე გვაქვს პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებები, კერძოდ, ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს ისრაელთან, 2 მიმართულებით, ერთი არის Pfizer-ის ვაქცინა, ხოლო მეორე არის Moderna-ს ვაქცინა, რომლის დამატებითი დოზების შეძენა და ასევე შესაძლებელია, რომ დონაცია მოხდეს ისრაელის მხრიდან. ასევე ინტენსიურად არის ჩართული გერმანიის მთავრობა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები უკვე მათ მიერ წარმოებულ ვაქცინებთან დაკავშირებით, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მოწოდებები შესაძლო შეიძლება გახდეს მხოლოდ მე-3 კვარტალში და არა უფრო ადრე. პარალელურად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველა პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებითი დოზების შეძენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე: განსაზღვრულია სამედიცინო დაწესებულებები. ჩატარებულია ტრენინგები და მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა

"განსაზღვრულია სამედიცინო დაწესებულებები. ჩატარებულია ტრენინგები და მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „ვაქცინაციის პირველ ეტაპზე აიცრებიან ექიმები, შემდეგ კი დანარჩენი რისკ-ჯგუფები", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „თქვენ იცით, რომ გაწერილი გვაქვს კონკრეტული გრაფიკი, რომელიც ვაქცინაციის საბჭომ შეიმუშავა. პირველ რიგში აიცრებიან ექიმები და შემდეგ - დანარჩენი რისკ-ჯგუფები. პირველ რიგში ვაქცინა გადანაწილდება დიდ ქალაქებში, რომელთა ჩამონათვალიც ასევე ცნობილია საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განსაზღვრული გვაქვს სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ჩატარებულია ტრენინგები და მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რომ ვაქცინაციისას თავიდან იყოს აცილებული ყველა შესაძლო და სავარაუდო გართულება. ჩვენ მივყვებით არსებულ გეგმას, რომელიც უკვე გასაჯაროებულია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჩინურ „სინოფარმთან“ ვაქცინის 100 ათასი დოზის შესაძენად წინასწარ მოლაპარაკებები დაწყებულია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინურ „სინოფარმთან“ ვაქცინის 100 ათასი დოზის შესაძენად წინასწარ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ამის შესახებ მინისტრმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზა განაცხადა. "როგორც ვიცით, ჩინური ვაქცინა უკვე არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას. ჩვენ, როგორც „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ შემთხვევაში, მოლაპარაკებები წინასწარ უკვე დაწყებული გვაქვს. როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე COVAX-პლატფორმასთან. ამასთან, ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც ჩვენ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მოლაპარაკებები ინტენსიურად გავაგრძელოთ. პირველი ეტაპისთვის, ჩვენ გვაქვს მცირე დოზები შეკვეთილი პირდაპირ მომწოდებელთან. ეს არის 100 ათასი დოზა ვაქცინა. COVAX-პლატფორმიდან ხელმისაწვდომობა გაგვიჩნდება დამატებით საჭირო ვაქცინებზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო მათ მიერ განხორციელებულ პროექტებში ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩართვას ცდილობენ

„თურქეთი, აზერბაიჯანი და საქართველო მათ მიერ განხორციელებულ პროექტებში ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩართვას ცდილობენ“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყირგიზეთში, დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ სწორედ ეს იყო მთავარი საკითხები, რომლებიც უზბეკეთში, თურქმენეთსა და ყირგიზეთში ვიზიტისას განიხილა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ჩავუშოღლუმ ასევე გაუსვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მთიანი ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის გამარჯვება“. მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთი მუშაობს კრიზისების მოსაგვარებლად, რომლებიც საფრთხეს უქმნის რეგიონს, მათ შორის კავკასიაში, სირიაში, ლიბიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.

მოსახლეობას ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა ექნება

მოსახლეობას ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა ექნება. თავად გადაწყვეტენ, რომელი ვაქცინა გაიკეთონ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით მუშაობა უკვე დაწყებულია. "რაც შეეხება იმ მოლოდინებს და არსებულ მდგომარეობას, თუ როგორი არის მოსახლეობის განწყობა (ვაქცინებისადმი), დეკემბერში, იანვართან შედარებით, ის მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. თუმცა, ეს არ არის საკმარისი და ამისთვის ჩვენ კიდევ გვაქვს დამატებითი სამუშაო. პირველ რიგში იქნება კამპანიები, ცნობიერების ამაღლების კუთხით. ვაქცინაცია საქართველოში არის ნებაყოფლობითი და ჩვენ ამას ვემხრობით. ასევე ნებაყოფლობითი იქნება ვაქცინის არჩევა და ჩვენს მოქალაქეებს მივცემთ იმის საშუალებას, რომ თავად აირჩიონ მათთვის სანდო ვაქცინა. რაც შეეხება ხარისხის კომპონენტს და განსხვავებებს ვაქცინებს შორის, აქ მთავარი არის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ვაქცინის აღიარება. და მაშინ, როდესაც ჩინურ ვაქცინასაც ექნება მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან აღიარება, ეს უკვე მის ხარისხს არ დააყენებს ეჭვის ქვეშ. მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს, რომ ჩინური ვაქცინა დამზადებულია ტრადიციულ მეთოდებზე. რაც შესაძლებელია რაც შეიძლება ბევრი მოქალაქისთვის უპირატესი იყოს",- განაცხადა ტიკარაძემ.

აშშ-ის სენატმა გენერალურ პროკურორად მერიკ გარლანდს მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მერიკ გარლანდის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. Reuters-ის ინფორმაციით, გარლანდის კანდიდატურას მხარი 70-მა სენატორმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. აღსანიშნავია, რომ მის მომხრეებს შორის ,,რესპუბლიკელი" ლინდსი გრეჰემი და ჩაკ გრესლიც იყვნენ. ცნობისთვის, გარლანდი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო.

ირაკლი ღარიბაშვილი: პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა

"ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა, ბოლო დღეებში ჩვენ ვაკვირდებით დინამიკას და გარკვეული შემთხვევების (ინფიცირების) მატება შეინიშნება. ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულებელყოფა. ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა. რაც კატეგორიულად დაუშვებელია.", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ "ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ. იმისთვის რომ ქვეყანაში არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება". „იცით, რომ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს (და მეც ინტენსიურად ვარ ჩართული) როგორც ვაქცინის მწარმოებლებთან, ისე პარტნიორ ქვეყნებთან. ძალიან მალე ველოდებით ვაქცინის პირველ პარტიას, როგორც მინისტრმა ამის თაობაზე უკვე ჩააბარა ანგარიში. სანამ დაიწყება ვაქცინაცია, ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით, რომ ხელი არ შეეწყოს ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს, კიდევ ერთხელ გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პროექტს ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“ ახალი მიზნობრიობა,  ენერგოეფექტური საწარმოების დაფინანსება დაემატა

პროექტს ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“ ახალი მიზნობრიობა, ენერგოეფექტური საწარმოების დაფინანსება დაემატა, რომელიც ენერგოეფექტური ღუმელების და ენერგოეფექტური ღუმელისთვის საწვავის მწარმოებელი საწარმოების დაფინანსებას მოიცავს. აღნიშნული ცვლილება დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. როგორც განცხადედბაშია ნათქვამი, ,,შეღავათიანი აგროკრედიტში“ ახალი მიზნობრიობის დამატება ხელს შეუწყობს ქვეყანაში მყარ საწვავზე/ბიომასაზე (ხე-ტყის ნარჩენი, მშრალი შეშა, ნამჯა და სხვა საწვავად გამოსაყენებელი სასოფლო სამეურნეო ნარჩენები) მომუშავე ენერგოეფექტური ღუმელების წარმოების განვითარებას და ალტერნატიული და განახლებადი მყარი საწვავი საშუალებების (პელეტი, ბრიკეტი, შეშა, ხე-ტყის ნარჩენი, ნამჯა და სასოფლო სამეურნეო სხვა ნარჩენები) მწარმოებელი საწარმოების შექმნას. „სასურსათო და ენერგო ეფექტური მრეწველობის დაფინანსების“ ქვეკომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდება როგორც სესხები, ასევე ლიზინგი. "ხე-ტყის დამამზადებელი ტექნიკის შესყიდვის მიზნით საწყის ეტაპზე, საფინასო ინსტიტუტების მიერ, სესხები გაიცემა 2021 წლის პირველი მაისიდან, იმ იურიდიულ პირებზე და ინდმეწარმეებზე, რომლებიც რეგისტრირებულები იქნებიან, ახმეტის, დედოფლისწყაროს, ყვარელის, თელავის, თიანეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილება ტყის სექტორის რეფორმას უკავშირდება. ტყის სექტორის რეფორმის პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო „ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის პროგრამას“ განახორციელებს", - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ Johnson & Johnson - ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კიდევ 100 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარ ადმინისტრაციას დაავალა, რომ Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდგო ვაქცინის კიდევ 100 მილიონი დოზა შეიძინონ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ Johnson & Johnson-ის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე შეთანხმდა, რომ პარტნიორობას გაუწევს კომპანიის მიერ ვაქცინების წარმოებას. მან ასევე განაცხადა, რომ შტატებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეტი დოზა სჭირდება, რადგან ყოველთვის არის შანსი, რომ ვირუსთან დაკავშირებული მოულოდნელობის წინაშე დადგნენ. ,,ჩვენ მაქსიმალური მოქნილობა გვჭირდება. ყოველთვის არის შანსი, რომ მოულოდნელი გამოწვევები შეგვხვდეს. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ბევრი რამ შეიცვალოს და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ”, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა. მან ასევე განაცხადა, რომ შტატები მზად არის, ვაქცინების ჭარბი რაოდენობა სხვა ქვეყნებს გაუზიაროს, მას შემდეგ, როდესაც ვაქცინით ყველა ამერიკელი აიცრება. „თუ ვაქცინების ჭარბი რაოდენობა გვექნება, დანარჩენ მსოფლიოს გავუზიარებთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

უკრაინის ოდესის პორტში NATO-ს 4 გემი შევიდა

უკრაინის ოდესის პორტში NATO-ს 4 გემი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ოდესის პორტში შევიდნენ თურქეთის ესპანეთისა და რუმინეთის სამხედრო გემები, რომლებიც NATO-ს მეორე მუდმივ ნაღმსაწინააღმდეგო ჯგუფში არიან გაერთიანებული. გემები უკრიანის სამხედრო-საზღვაო ძალების მონაწილეობით შავი ზღვის აკვატორიაში წვრთნას ჩაატარებენ. NATO-ს მეორე მუდმივი ნაღმსაწინააღმდეგო ჯგუფი - ეს არის ალიანსის სწრაფი რეაგირების ერთ-ერთი სეგმენტი, რომელიც შედგება სამეთაურო ხომალდისა და არა უმეტეს 7-8 გემისგან. ამ ჯგუფის მიზანს წარმოადგენს საზღვაო ნაღმები მოძებნა და განადგურება, ასევე ხომალდების თანხლება და გაცილება ნაღმებიანი დაბრკოლებების გავლით. დაინტერესებულ მოქალაქეებს, პანდემიის გამო, სამხედრო გემების მონახულება ეკრძალებათ.

მიანმარში საპროტესტო აქციის კიდევ 7 მონაწილე მოკლეს

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მიანმარში საპროტესტო აქციის კიდევ 7 მონაწილე მოკლეს. სააგენტოს ცნობით, მიანმარის უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო ტაქტიკას იყენებენ, ცეცხლის გაუხსნეს, რასაც ქალაქ მიანგში 6 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ მან Reuters- ს განუცხადა კაცმა, რომელიც დემონსტრაციაში მონაწილეობდა. მოწმეების თქმით, კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს ყველაზე დიდი ქალაქის ჩრდილოეთ რაიონში. ,,მშვიდობიანად გავაპროტესტეთ. არ მჯეროდა, რომ მათ ეს გააკეთეს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. ცნობისთვის, პირველ თებერვალს მიანმარის არმიამ სამხედრო გადატრიალება მოაწყო და პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის სახელმწიფო მრჩეველი, აუნ სან სუ ჩი დააპატიმრა. არსებული ინფორმაციით, პირველი თებერვლის შემდეგ მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციებზე 60-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, 2 000-ზე მეტი ადამიანი კი დაკავებულია. მომიტინგეების მიმართ ძალადობა გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო და ქვეყნის არმიას თავშეკავებისკენ მოუწოდა.

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელევიზია ავრცელებს. განჩინების მიხედვით, საგამოძიებო უწყება ითხოვს იმ კონვერტსა და მეხსიერების ბარათს, რაზეც საუბარი იყო „TV პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში. საქმე ეხება ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელიც ტელეკომპანიამ გაავრცელა. კერძოდ, ახლა გამოძიებას უფლება აქვს, ამოიღოს: ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ჩანაწერები და კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. "საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ განახორციელონ საგამოძიებო მოქმდებება: ამოღება. კერძოდ, ამოღებულ იქნეს: 2021 წლის 06 მარტს გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათის რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ "TV პირველისთვის" გადაცემული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრის ამსახველი ჩანაწერები. 2021 წლის 06 მარტს გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათის რეპორტაჟში კონფიდენციალური წყაროს მიერ "TV პირველისთვის" გადაცემული კონვერტი (ან სხვაგვარი შეფუთვა), რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა", - წერია განჩინებაში. განკარგულების მიხედვით, თუ "TV პირველი" არ მიაწოდებს ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს, მათ უფლება აქვთ წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა. "საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა", - წერია განკარგულებაში.

პროკურატურა: საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე

"ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას. აღნიშნულის დადასტურებას წარმოადგენს ისიც, რომ სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება", - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავარცელებს. "როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ,,ტელეკომპანია პირველის“ ეთერით გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, მიმდინარე წლის 9 მარტს გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.იმავე დღეს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც ეფუძნებოდა ,,ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შინაარსს, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული იქნა განჩინება ,,ტელეკომპანია პირველიდან“ იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე, რომელზეც დატანილი უნდა ყოფილიყო 6 მარტს ,,ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები. 10 მარტს, აღნიშნული განჩინების ტელეკომპანიისთვის ფოსტით საშუალებით მიწოდებამდე, საქართველოს პროკურატურის მხრიდან ,,ტელეკომპანია პირველის“ ერთ-ერთ თანამშრომელთან შედგა სატელეფონო კომუნიკაცია, რა დროსაც განემარტა, რომ სასამართლოს განჩინება შესასრულებლად გაეგზავნებოდათ ფოსტის საშუალებით და მათთვის მისაღები ფორმით, მათთვის მისაღებ დროს და ადგილას გამოძიებისთვის მოეწოდებინათ განჩინებით მოთხოვნილი მასალები. აღნიშნულზე მათ გამოთქვეს გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას. აღნიშნულის დადასტურებას წარმოადგენს ისიც, რომ სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება. მნიშვნელოვანია, რომ საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტებს უფლება აქვთ არ გადასცენ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი, თუმცა საქართველოს პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ,,ტელეკომპანია პირველი“ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, გადმოგვცემს მათივე ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით, ასევე ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ,,ტელეკომპანია პირველს“ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მათთვის მისაღებ დროს, პროკურატურაში წარმოადგინონ მათთვის ხელთ არსებული ფარული ჩანაწერები და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, მიუხედავად მათ მიერ გაჟღერებული პოზიციისა სასამართლოს განჩინების შინაარსთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ განმარტავთ, რომ გამოძიების მიზანია სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება/მიღება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით და ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია ტელეკომპანიის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა", - ნათქვამია განცხადებაში. სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა.

საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა

11-12 მარტს, საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პირველი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან. ვიზიტის ფარგლებში, პიტერ სიიარტო ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას.პიტერ სიიარტოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უნგრეთის ინოვაციისა და ტექნოლოგიის სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის შესახებ ურთიერთგაგების მემორნდუმს მოეწერება ხელი. ასევე, უნგრეთის კვლევების, განვითარების და ინოვაციების ეროვნულ ოფისსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმდება მემორანდუმი სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმებს უნგრული მხრიდან ხელს მოაწერს პიტერ სიიარტო,ხოლო ქართული მხრიდან განათლების, მეცნიერების,კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო და ევროკავშირი შესანიშნავი წყვილია

"საქართველო და ევროკავშირი შესანიშნავი წყვილია", - აღნიშნული განაცხადა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა Twitter-ზე დაწერა. „საქართველო და ევროკავშირი შესანიშნავი წყვილია. ამიტომაც დავნიშნეთ კრისტიან დანიელსონი კრიზისის მედიატორად. ევროპარლამენტი და მე მზად ვართ, დამატებითი კილომეტრები გავიაროთ. ახლა, ამ საჩუქრით სიარული გაცილებით სასიამოვნოა“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.

ჯანმოს მიერ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან 1 წელი გავიდა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებიდან 1 წელი გავიდა. შესაბამისი განცხადება ჯანმომ 2020 წლის 11 მარტს გააკეთა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიამ 2,6 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფიცირებულთა რიცხვი აღწევს 118 მილიონს. ითვლება, რომ ორივე ეს რიცხვი სინამდვილეში ბევრად მაღალია.

პრინცი უილიამი: რასისტული ოჯახი სულაც არ ვართ

პრინცი უილიამი მეგან მარკლისა და პრინც ჰარის სკანდალურ ინტერვიუს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამეფო ოჯახი რასისტულად განწყობილი არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მისივე თქმით, მას პრინც ჰარისთან აღნიშულ საკითხზე არ უსაუბრია, თუმცა უახლოეს მომავალში ისაუბრებენ. ,,რასისტული ოჯახი სულაც არ ვართ", - განაცხადა უილიამმა საკითხის მცირე კომენტირებისას. ცნობისთვის, 8 მარტს ტელეკომპანია CBS-მა მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ინტერვიუ გაავრცელა. ინტერვიუში მეგან მარკლი სამეფო ოჯახში რასისტულ განწყობებში ადანაშაულებს. ინტერვიუს რამდენიმე დღის წინ სამეფო ოჯახიც გამოეხმაურა.

კრისტიან დანიელსონი თბილის 12-14 მარტს ეწვევა

საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისს 12 – 14 მარტს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ პირველ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"TV პირველი" სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს

"TV პირველი" სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს. ამის შესახებ არხის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ ტელევიზიის დამფუძნებელთან, ვატო წერეთელთან და არხის წარმომადგენლებთან ერთად, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "დღეს დავიწყეთ აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის უკანონო და მე ვიტყოდი, არაკონსტიტუციური სასამართლოს განჩინება, რომელიც გუშინ საღამოს ჩაბარდა ტელეკომპანია პირველს, გასაჩივრდეს ქვეყნის შიგნით. სანამ არსებობს ეს განჩინება და არის ძალაში, მანამ აქვთ შესაძლებლობა ჩვენს სამართალდამცველ ორგანოებს, იძულების სახით, ნებისმიერ დროს ამოიღონ "TV პირველიდან" ის ნივთი, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს. რომც არსებობდეს, ტელევიზია მაინც არ აპირებს მის გადაცემას სააგამოძიებო ორგანოებისთვის. განჩინება კარგად წარმოადგენს გამოძიების სულისკვეთებას, რომელსაც არ აინტერესებს თავად ჩანაწერის შინაარსი. ამ განჩინებაში არ არის მოთხოვნილი აუდიო ფაილი, ისინი მიზანმიმართულად ითხოვენ სწორედ იმ მოწყობილობას, რომელზეც შესაძლებელია ყოფილიყო ჩაწერილი ფაილი. ალბათ აინტერესებთ ფაილის წარმომავლობა. ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჟურნალისტის პროფესიული საიდუმლოებით დაცული აბსოლუტური წყარო. ტელევიზია აცხადებს მზადყოფნას, თუ გამოძიება დაინტერესდება გადასცეს მას აუდიოფაილი, სადაც მოცემულია ჩანაწერი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ტელევიზიაში არ არსებობს დოკუმენტი, თუ მტკიცებულება, რის ამოღებასაც განჩინება ეძღვნება. ამ განჩინებას გავასაჩივრებთ უახლოეს პერიოდში. არსებობს გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზი. მიუხედავად ამ ხარვეზისა, ქვეყნის შიგნით მის გასაჩივრებას მაინც შევეცდებით. და თუ ეს არ იქნება საკმარისი განვიხილავთ შესაძლებლობას, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს", - განაცხადა არხის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ. ტელეკომპანია "პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ის არ აპირებს მიმართოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. მისი თქმით, დღეს ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან. ვატო წერეთელი მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს და აღნიშნულ საქმეზე სწრაფ რეაგირებას სთხოვს. "მე ვფიქრობ, დღეს ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან. დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება , რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს რაიმე არარსებული, მითიური ელექტრო ხელსაწყო. მე მინდა მივმართო ქვეყნის ხელისუფლებას, გამორიცხულია, თქვენ ტელეკომპანია "პირველი" ჩააქროთ და არ იმაუწყებლოს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. გამორიცხულია თქვენ შეძლოთ კრიტიკული მედია ჩაახშოთ და ჩვენი ხმა არ ისმოდეს. მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს. რადგან ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ და მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაქცია და სწრაფი რეაგირება", - განაცხადა არხის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა.