ძებნის რეზულტატი:

შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირადი წარმომადგენელი დანიშნა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით კრისტიან დანიელსონს საქართველოში ევროკავშირის მხარადჭერილ მედიაციის პროცესში მონაწილეობა შესთავაზა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია. დანიელსონი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა და საქართველოში პოლიტიკური დიალოგის პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარესთან შეხვედრას გამართავს. კრისტიან დანიელსონი შვედეთის მუდმივი წარმომადგენელი იყო, ვიდრე 2011 წელს დაინიშნებოდა ევროპული კომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ. 2013 წელს დანიელსონი გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი გახლდათ. 2015 წლიდან კი - სამეზობლო საკითხების და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი. ამჟამად დანიელსონი შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს. „დანიელსონი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგში შუამავალი იქნება და საქართველოში ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელთან მჭიდროდ ითანამშრომლებს, ამჟამად შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მისივე თანახმად, პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი მოუწოდებენ პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში, სრულად ჩაერთონ კოსტრუქციულ დიალოგში იმისთვის, რომ მიაღწიონ ყველა მხარისთვის მისაღებ შედეგებს, დემოკრატიული, სტაბილური და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესების შესაბამისად, რომ ქვეყანამ ევროპულ გზაზე წარმატებული წინსვლა შეძლოს.

ვინ არის კრისტიან დანიელსონი, რომელიც შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირად წარმომადგენლად დანიშნა

კრისტიან დანიელსონი, რომელიც საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელის წარმომადგენლის სტატუსით, უახლოეს მომავალში ეწვევა, ამჟამად, შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს. 2013 წელს დანიელსონი გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი გახლდათ. 2015 წლიდან კი - სამეზობლო საკითხების და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მხარადჭერილ მედიაციის პროცესში მონაწილეობა კრისტიან დანიელსონს შესთავაზა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია. დანიელსონი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა და საქართველოში პოლიტიკური დიალოგის პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარესთან შეხვედრას გამართავს.

სალომე ზურაბიშვილმა რეჟისორი ქეთი დოლიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქეთი დოლიძე ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.

ფარული ჩანაწერების გავრცელების უკან შესაძლოა, სამი ძირითადი მოთამაშე იდგეს - ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, ბესიკ ალადაშვილი საეჭვოდ მიიჩნევს ფარული ჩანაწერების გავრცელებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ. Europetime-თან საუბრისას, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერი, შარლ მიშელის მედიატორობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით გამოქვეყნებულიყო, რადგან მისი აზრით, შესაძლოა, რომელიმე ძალა ცდილობს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება არ შედგეს და ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გამწვავდეს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ქართულ პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებას ურჩევს, ვიდრე ასეთი ჩანაწერების გამო ემოციებს აჰყვებიან და ემოციურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, კარგად დაფიქრდნენ, ვის აწყობს მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელება, რა მიზნით და ხომ არ ეხმარებიან ისინი მათ, ამ მიზნის მიღწევაში. _თუ კარგად გავიხსენებთ, ყველა ფარული ჩანაწერის გამოქვეყნება, კონკრეტული პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებას მოჰყვება ხოლმე. ასეთი ჩანაწერები სააშკარაოზე გამოდის მაშინ, როდესაც პოლიტიკური სიტუაცია გარკვეულწილად დაძაბულია. ეს უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ აქ პოლიტიკური მოთამაშეები არიან ჩართულნი. კონკრეტული ჩანაწერის, კონკრეტულად, სიტუაციის ანალიზისგან თავს შევიკავებ, კონკრეტული გვარების დასახელება არ მინდა, რადგან პოლიტიკურ შეფასებას არ ვაკეთებ და ნეიტრალური დავრჩები. თუმცა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეს ჩანაწერი გამოქვეყნდა მაშინ, როცა ოთხთვიანი არასტაბილურობის გადაწყვეტის შესაძლებლობა გაჩნდა, როდესაც საქართველოში ფაქტობრივად ევროკავშირის პირველი პირი ჩამოვიდა. შარლ მიშელის რანგის პირები ხშირად არ ჩამოდიან და მნიშვნელოვანი მინიშნებაც იყო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა კონკრეტული მიზნებით და სერიოზული მონდომებით, რომ ამ პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში დაგვხმარებოდა. სწორედ ამ დროს შემოაგდეს ეს ჩანაწერი“, - აღნიშნავს ალადაშვილი. ექსპერტის განმარტებით, რეალურად, ფარული ჩანაწერების გავრცელების უკან შესაძლოა, სამი ძირითადი მოთამაშე იდგეს: პირველი - პოლიტიკური მოწინააღმდეგე ძალა ქვეყნის შიგნით, მეორე - ეს შეიძლება იყოს შიდა პარტიული საქმეების გარჩევა და მესამე - შესაძლოა, ეს არის მართვადი ქაოსის ერთ-ერთი სცენარი, რომელიც გარედან არის მართული. „ზოგადად, ფარული მოსმენების ტექნიკური შესაძლებლობა აქვთ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, თითქმის ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა აღჭურვილია რადიოელექტრონული დაზვერვის და მოსმენის შესაბამისი ტექნიკით. შეიძლება, ესენი იყვნენ ფინანსურად შეძლებული პოლიტიკური პარტიები იმიტომ, რომ არსებობს პორტატული მოსასმენი საშუალებებიც, რომლებიც რამდენიმე ათეული ათასი დოლარი და უფრო მეტიც ღირს. ასევე, შეიძლება იყოს იმავე ქვეყნის სპეცსამსახური და ხელისუფლების შიგნით შიდა დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი. რაც მთავარია, როგორც ხდება ხოლმე, ფარული ჩანაწერები ინახება იმ კონკრეტული შემთხვევისთვის, იმ კონკრეტული მომენტისთვის, როდესაც საჭირო იქნება მისი გარეთ გამოსვლა. კონკრეტულ შემთხვევაში, ძალიან ბევრი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება. ერთი ვარაუდი - ის რომ, თვითონ ამ პოლიტიკურ ძალებს შორის, შიგნით ხომ არ არის რომელიმე ძალა, რომელსაც არ სურს შეთანხმება. ან ეს ხომ არ არის ძალა გარედან, რომელიმე სახელმწიფოდან, რომელსაც მართვადი ქაოსის სცენარი სჭირდება, რომ არ მოხდეს შარლ მიშელის მედიატორობით დაწყებული შეთანხმება“, - აღნიშნავს Europetime-თან ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი. მისივე თქმით, ფარული ჩანაწერების თემა რეალურად, მთელი მსოფლიოს პრობლემად იქცა და ამოუწურავი თემაა. ექსპერტი დასძენს, რომ განსაკუთრებით, სატელეფონო მოსმენების თავდაცვის მექანიზმი არ არსებობს. Europetime-ს კითხვაზე საქართველოში ფარული ჩანაწერების გავრცელების მუდმივი პრობლემა ხომ არ გამომდინარეობს იქედან, რომ დღემდე არც ერთ ჩანაწერზე არავინ დასჯილა, უფრო მეტიც, არც ერთი მსგავსი საქმე ბოლომდე გახსნილი არ არის? ექსპერტი პასუხობს, რომ რეალურად მსგავსი საქმეების დადგენა ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე ძალიან რთულია. „რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ეს პრობლემა გამომდინარეობს იმ მთავარი ძირითადი მიზეზიდან, რომ ძალზედ რთულია იმის დადგენა, ვინ განახორციელა ჩაწერა ან ატვირთვა. ტექნიკა ისე განვითარდა, რომ ოფიციალურმა ფიჭურმა ოპერატორმა შესაძლოა, საერთოდ არ იცოდეს, რომ მის ქსელში ვინმეს უსმენენ. სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, რეალურად, მაქსიმალურად დაცული არავინ არის . არსებობს სპეციალური დაცვის ტექნიკური საშუალებები პრეზიდენტებისთვის და სახელმწიფოს მეთაურებისთვის, თუმცა ბოლომდე ვერავინ იტყვის, რომ სახელმწიფოს მეთაურების საუბრებიც გარანტირებულად დაცულია. მით უმეტეს, რიგითი მოქალაქეები, უფრო დაუცველები ვართ. ახლა, აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, თუ საქართველოში, ხელისუფლების უმაღლესი პირების ტელეფონების კონტროლი ხდება, ყველაზე ცუდი ეს არის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. რა თქმა უნდა, სპეცსამსახურებს ეხება, თავდაცვას და ეროვნულ უსაფრთხოებას, ვის შეიძლება ჰქონოდა წვდომა ქვეყნის პირველი პირების საუბრებზე “, - განუცხადა Europetime-ს ექსპერტმა. ალადაშვილი 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების დაწყების წინაპირობებთან ავლებს პარალელს და დასძენს, რომ ქართულ პოლიტიკაში პრაგმატიზმს ემოციები სჭარბობს, რასაც ქვეყანა ცუდ შედეგებამდე მიჰყავს. „ქვეყანაც იღლება. კოვიდისგან ეკონომიკა დანგრეულია და ბუნებრივია, რომ არც ერთი სერიოზული ინვესტორი არ შემოვა ქვეყანაში, ვიდრე ქუჩებში ეს ამბავია. ბუნებრივია, პროტესტის გამოხატვა ყველას უფლებაა, მაგრამ ეს გაფიცვები გზების გადაკეტვა, მოკლედ რომ ვთქვათ, პოლიტიკური არასტაბილურობა ქვეყანაზე ცუდად აისახება. სამწუხაროდ, კვლავ იმ 30-წლიან სპირალზე ვტრიალებთ. 90-იან წლები მახსენდება, 91-92 წლები, მაშინაც ასეთი სიტუაცია იყო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს, მრგვალი მაგიდა, შეხვედრები ოპოზიციასთან. საბოლოო ჯამში, ვითარება მაინც ისე გამწვავდა, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდა, რამაც ქვეყანა ათწლეულებით უკან დახია. სამწუხარო პარალელებია, ღმერთმა არ ქნას, რომ ასე განვითარდეს, მაგრამ ერთი უნდა დავასკვნათ - სამწუხაროდ, ჩვენივე შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ და ჩვენი მოწინააღმდეგე ამას იყენებს. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ალბათ ჩვენს მენტალიტეტშიც არის ეს რაღაც შეურიგებლობა, პირველობის სურვილი. პოლიტიკური სისტემა ვერ მოერგო ქართულ ხასიათს. პრაგმატიზმს ემოციები სჭარბობს. ზოგჯერ, პოლიტიკურია პარტია, ან პოლიტიკოსი გზას თვითონ იჭრის და შემდეგ ფიქრობს, როგორმე ამ ჩიხიდან გამოვიდეს. ზოგადად, პოლიტიკა, ეს არის პრაგმატიზმი პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება. როცა პოლიტიკაში ემოციები სჭარბობს და პრაგმატიზმი ნაკლებია, ამ დროს ძალიან მარტივია გარედან სიტუაციის მართვა. ჩვენ ცოტა უნდა ავმაღლდეთ ამ რაღაცებზე, გავაანალიზოთ და ვისწავლოთ. ზოგი ამბობს, რომ ჩვენთვის ვის სცალია, რუსეთს ხელისუფლებას თავისი პრობლემები აქვს, კოვიდი და სხვა პრობლემები. ყველა დიდ ქვეყანაში, როგორც წესი, თავის სტრატეგიულ ინტერესებზე ფიქრობენ, ნებისმიერ ვითარებაზე, საქართველოზეც ბევრი ფიქრობს და ისე მოქმედებენ, როგორც თავიანთ სტრატეგიულ ინტერესებში შედის“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი. შეგახსენებთ, რომ „ტელეკომპანია პირველმა“ 6 მარტს ფარული აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლშიც ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს ესაუბრება. TV პირველის მტკიცებით, ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ტელეკომპანიამ სხვა ფარული აუდიო ჩანაწერებიც გაავრცელა, რომელთა მიხედვითაც, ბერა ივანიშვილი ამ თემაზე ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც იმ კონკრეტულ სიტუაციაში მას მხარს უჭერს. „ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები, დაახლოებით 2017 წლით თარიღდება.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ვაქცინირებული ადამიანებისთვის ახალი წესები გამოაქვეყნა

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ვაქცინირებული ადამიანებისთვის ახალი წესები გამოაქვეყნა. რეკომენდაციების ახალ ჩამონათვალში ნათქვამია, რომ ადამიანი სრულად ვაქცინირებულად ითვლება იმ შემთხვევაში თუ მას Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინა ოჯერ აქვს გაკეთებული და ვაქცინის გაკეთებიდან გასულია 2 ან მეტი კვირა. რეკომენდაციების მიხედვით, ვაქცინირებულ ადამიანებს უფლება ეძლევათ: 1. სხვა, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებთან ერთად შეიკრიბონ დახურულ სივრცეში, ნიღბებისა და ფიზიკური დაშორების გარეშე. 2. ვაქცინირებულ ადამიანებს შეუძლიათ დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ეწვიონ იმ ოჯახებს, რომლებსაც ვაქცინა არ აქვთ გაკეთებული. 3. შეუძლიათ თავი შეიკავონ კარანტინისგან და ტესტiრებისგან, თუ ასიმპტომურები არიან. დახურულ სივრცეში პირბადის და სოციალური დისტანციის წესების დაცვის გარეშე შეკრება შეუძლიათ იმ ადამიანებსაც, რომლებმაც გაიკეთეს Johnson and Johnson-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა, ვაქცინის მიღებიდან კი გასულია ორი კვირა. მიუხედავად ამისა, რეკომენდაციების მიხედვით, ვაქცინირებულმა ადამიანეებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისევ უნდა ატარონ პირბადე. ამ შემთხვევაში აუცილებელია ვაქცინირებულმა ადამიანმა შეინარჩუნოს ყველა არსებული წესი და მოერიდოს მასობრივი თავშეყრის ადგილებს.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 139 ადამიანს დაუდასტურდა. 129 გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 351 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 464 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 887 PCR ტესტით. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 273 137 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 267 015, გარდაიცვალა 3 601 პაციენტი. დადებითობის მაჩვენებელი: 8 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.63%. 139 ახალი შემთხვევიდან 72 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 3, იმერეთი - 24, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 10, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 3, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 2 495, საიდანაც: 1 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 697, აჭარაში - 152, იმერეთში - 266. მძიმე პაციენტი: 278, მათ შორის, თბილისში - 115, აჭარაში - 27, იმერეთში - 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 77, მათგან თბილისში - 47, აჭარაში- 4, იმერეთში - 10. 114 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 91 - თბილისში, 12 - აჭარაში, 4 - იმერეთში. 998 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 252 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 145, ხოლო აჭარაში - 17. სულ 6 ოქტომბრიდან - 8 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 568 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 438 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 417 პირი, აჭარაში - 453, იმერეთში - 679.

სალომე ზურაბიშვილი: მოვუწოდებ ორივე მხარეს, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეწყდეს რიტორიკა, პროვოკაციები და დაიწყოს დიალოგი

"მოვუწოდებ ორივე მხარეს, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეწყდეს რიტორიკა, პროვოკაციები და დაიწყოს დიალოგი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის ეთერში ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავების საკითხსაც შეეხო. წამყვანის კითხვაზე, გმობს თუ ემხრობა პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პატიმრობას, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა , რომ ის მხარს უჭერს კომპრომისს, დეპოლარიზაციას და დეესკალაციას. მისი თქმით, მმართველი გუნდი მეტად არის პასუხისმგებელი, რომ გაანეიტრალოს ოპოზიცური პარტიების მხრიდან შესაძლო პროვოკაციები და ქვეყანაში დესტაბიზილიზაციის სცენარები. „ვიტყოდი, თუ რას ვუჭერ მხარს. ეს არის კომპრომისი, დეპოლარიზაცია და დეესკელაცია. ჩვენ საკმაოდ რთულ სამუშაოს ვატარებთ კომპრომისის მისაღწევად. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, შესაძლოა მეტად მივმართავ მმართველ გუნდს, რადგან ის მეტადაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ გაანეიტრალოს ოპოზიცური პარტიების მხრიდან შესაძლო პროვოკაციები და ქვეყანაში დესტაბიზილიზაციის სცენარები. ორივე მხარემ მეტი უნდა გააკეთოს ამისთვის, თუკი ორივეს სჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, მე კი ამის ნამდვილად მჯერა. არ მგონია, რომ კრიზისი ამას ხელს შეუშალოს. საქართველომ ბევრ პროგრესს მიაღწია. ამას მოწმობს არაერთი ღონისძიება, რომელიც ბოლო პერიოდში შედგა, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტია, რომელმაც ამ კრიზისის მოგვარების შუამავლობა იკისრა. ამ საკითზე მანამდე აქტიურად მუშაობდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები. ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში გაჟღერებული კრიტიკის მიუხედავად, საქათველო არის რეგიონში ყველაზე წარმატებული, მეტად დემოკრატიული, სტაბილური ქვეყანა და მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის წარმომადგენელმა მედიატორის როლი იკისრა ამ კრიზისის მოგვარებაში. გარწმუნებთ, რომ ამ კრიზისის მოგვარებას ჩვენ შევძლებთ. მოვუწოდებ ორივე მხარეს, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეწყდეს რიტორიკა, პროვოკაციები და დაიწყოს დიალოგი, რათა გახსნილი გონებით მივაღწიოთ კომპრომისს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

უცხოელი დიპლომატების ღია წერილი: ხელისუფლებამ, როგორც მმართველმა ძალამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ნიკა მელიას გათავისუფლებით

საქართველოს მეგობრები, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესახებ ღია წერილს აქვეყნებენ. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, იზრუნოს არსებული კრიზისიდან გამოსვლის კონსტრუქციული გზების შეთავაზებაზე. მათ შორის, გადადგას პირველი ნაბიჯი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებით. როგორც წერილშია აღნიშნული, ხელმომწერები დიდი ხნის განმავლობაში აღფრთოვანებულები იყვნენ ქართველი ხალხის გამძლეობით და აფასებდნენ საქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. ისინი ყოველთვის მხარს უჭერდნენ ქვეყნის სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით, ამასთან ისინი არ მოერიდებიან კონსტრუქციულ კრიტიკას, როცა ამის აუცილებლობა იქნება. მათი თქმით, ერთპარტიული პარლამენტი არ არის ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი. "ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იერიში მიეტანა წამყვანი ოპოზიციური პარტიის ოფისზე და დაეკაებინა მისი ლიდერი. მისი პატიმრბა შეუძლებელს გახდის გასული წლის არჩევნებზე მიმდინარე ჩიხის მოგვარებას, რამაც გამოიწვია პარლამენტის ბოიკოტი. ერთპარტიული პარლამენტი არ არის ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი. ეს მოვლენები არა მხლოდი ხელს უშლის და აფერხებს უსაფრთხოების, ეკონომიკის, გლობალური პანდემიის პირობებში ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებას, არამედ აზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და რეპუტაციას, როგორც სტაბილური პარტნიორი რეგიონში. ამ მოვლენებით მხოლოდ მოსკოვში არიან კმაყოფილნი ისინი, ვინ საქართველოსადმი არაკეთილგანწყობილია", - ნათქვამია განცხადებაში. როგორც ხელმომწერები აღნიშნავენ, მათ ესმით, რომ, საქართველოში მიმდინარეობს დემოკრატიის მშენებლობა, მაგრამ ეს პროცესი არ შეიძლება მოიცავდეს პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას. არჩეულმა მთავრობებმა უნდა შეასრულონ ამომრჩევთა მისწრაფებები. მათი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს უფლება აქვთ განიხილონ თავიანთი პრეტენზიები საარჩევნო დარღვევებზე. ისინი ოპიზიციას მოუწოდებენ გამოიყენონ ევროკავშირისა და სხვა პოტენციური შუამავლების მიერ მიწოდებული ყველა შესაძლებლობა საქართველოს მთავრობასთან, კეთილსინდისიერად მოსალაპარაკებლად, რაც მოემსახურება საქართველოს დემოკრატიის გაძლირებას. წინა წლებში საქარველომ გაუძლო დემოკრატიის ტესტეს, საქართველოს მეგობრები მოელიან, რომ ამჯერადაც საქართველოს ხელისუფლება გადადგემას შესაბამის ნაბიჯებს. „ხელისუფლებამ, როგორც მმართველმა ძალამ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის ძალისხმევას მიაღწიოს კომპრომისს. ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ბოლოდროინდელი მოვლენები სიტუაციას უფრო აქტუალურს ხდის. დადებითი ნაბიჯების გადაუდგმელობამ, შესაძლოა მათი პასუხისმგებლობის დაყენება გამოიწვისო ვინც ამ განგრძობად კრიზისზე აგებს პასუხს. დროს არსებითი მნიშვნელობა აქვს“- წერენ ხელმომწერეები. მათი განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი საერთაშორისო აქტივი იყო მისდამი კეთილგანწყობა. რაც რთულად მოიპოვა, მაგრამ გლობალური პანდემიით განპირობებული დესტრუქციული შედეგების პირობებში ამ კეთილგანწყობის დაკარგვის უკან დაბრუნება იქნება რთული. „ჩვენ მოვუწოდებთ როგორც საქართველოს მთავრობას, ისე ოპოზიციის ლიდერებს, არ გაფლანგონ ეს კეთილგანწყობა და გამოავლინონ თავიანთი ერთგულება დემოკრატიის, დიალოგისა და ადამიანის უფლებების პატივისცემისადმი“,- წერენ საქართველოს მეგობრები და გამოხატავენ მზადყოფნას სიტუაციის მოგვარებაში შეიტანონ თავიანთ წვლილი. წერილს ხელს აწერენ: იან ბონდი, ევროპული რეფორმების ცენტრი მეთიუ ბრაიზა, ყოფილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კერი კავანაუ, კენტუკის უნივერსიტეტი ლუკ კოფი, მემკვიდრეობის ფონდი სვანტე კორნელი, ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭო უილიამ კორტნი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში ლარი დაიმონდი, სტენფორდის უნივერსიტეტი პერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში ფრენსის ფუკუიამა, სტენფორდის უნივერსიტეტი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი საქართველოში გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი გლენ ჰოვარდი, ჯეიმსთაუნის ფონდი ტომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ჯონათან კაცი, გერმანიის მარშალის ფონდი აშშ იან კელი, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი; აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში დევიდ ჯ. კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში მაიკლ მაკფოლი, სტენფორდის უნივერსიტეტი თომას მელია, PEN America; USAID- ის ყოფილი ასისტენტის ასისტენტი ევროპასა და ევრაზიაში რიჩარდ მაილსი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში ლორა თორნტონი, დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი; ყოფილი დირექტორი, NDI Georgia რენდი შეუნემანი, ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმი კურტ ვოლკერი, ნატოში აშშ-ს ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში.

თამარ გაბუნია: ყველანაირი დიპლომატიური არხია გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ დროულად მოვახერხოთ ინდოეთიდან ვაქცინების იმპორტი

"საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უკვე თითქმის კვირაა იმყოფება ინდოეთში, რომელიც კორონავირისის ვაქცინების ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია, მათ შორის არის „ასტრაზენეკა“, რასაც სერუმის ინსტიტუტი აწარმოებს", - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, „ნოვავაქსის“ ვაქცინასაც სერუმის ინსტიტუტი გამოუშვებს. გაბუნიას თქმით, არის ასევე ინდური ვაქცინები, რომლებსაც ჯერჯერობით ჯანმოს ავტორიზაცია არ მიუღიათ, თუმცა მათი რეგისტრაცია და გამოყენება უკვე დაიწყო არაერთმა ქვეყანამ, მილიონობით დოზა შეიძინა ბრაზილიამ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველანაირ შესაძლებლობას იკვლევს. „ინდოეთი გარკვეულწილად მკაცრად არეგულირებს ქვეყნიდან ვაქცინების გამოტანას. სწორედ ამიტომ არის საჭირო მაღალი დონის ვიზიტი და ყველანაირი დიპლომატიური არხია გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ დროულად მოვახერხოთ ინდოეთიდან ვაქცინების იმპორტი ჩვენი მიზნებისთვის. თავდაპირველად საუბარია შედარებით მცირე რაოდენობაზე, თუმცა „ნოვავაქსის“ მიმართულებით ჩვენ მილიონ დოზაზე გამოვხატეთ ინტერესი და ნოვავაქსის“ მოლოდინი გვაქვს ასევე „კოვაქსის“ პლატფორმიდან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კახეთში, სავარაუდოდ, ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირებას 8 თვის ჩვილი ემსხვერპლა

კახეთში, ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირებას 8 თვის ჩვილი ემსხვერპლა. შემთხვევა გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენა, როცა ქალს ჩვილი ხელში ეჭირა. დაპირისპირების დროს ბავშვი, სავარაუდოდ, ასფიქსიით გარდაიცვალა. ცხედარს ამ ეტაპზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

პროკურატურამ საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

"პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება დაიწყო',- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში რეინფიცირების პირველი შემთხვევა პირველი ინფიცირებიდან 3 თვეში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პაციენტი ვირუსით დაახლოებით სამი თვის შემდეგ რეინფიცირდა. „ერთი შემთხვევაა დადასტურებული რეინფიცირების, სამთვიანი შუალედით. ერთიდაიგივე შტამის მუტანტია. რეინფიცირება მოხდა 2,5 – 3 თვის შემდეგ. ორივე შემთხვევაში არის მსუბუქი მიმდინარეობა. პაციენტი ხანდაზმული არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 273 137 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 267 015 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 601 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 252 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 114 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 1 383 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

თავდაცვის მინიტრმა აშშ-ის ელჩთან რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. "თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს სანიმუშო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საუბრისას ყურადღება გამახვილდა ქართველი და ამერიკელი სამხედროების ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ერთობლივ მონაწილეობაზე. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა, აშშ-ის მხარდამხარ კვლავ განაგრძოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრეს. 2021 წელს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებით მიმდინარეობაზე, განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების განხორციელებაზე, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაზე, სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებაზე, კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და საქართველოში დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე. აშშ-ის ელჩმა საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა", - ნათქვამია განცხადებასი.

ამირან გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე ჩამოვიდა, რის გამოც ინფიცირების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე ჩამოვიდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინზე განაცხადა, სწორედ პირბადის ტარების მაჩვენებლის შემცირებასთანაა გარკვეულწილად დაკავშირებული ინციდენტობის მაჩვენებელი, რომელიც ბოლო 4 დღის განმავლობაში გაიზარდა. „დადებითობის და ინციდენტობის მაჩვენებელი ორი თვის განმავლობაში თანდათანობით იკლებს, თუმცა საგულისხმოა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში დადებითობა მერყეობდა 1.5 – 1.8 ფარგლებში, ხოლო ინციდენტობა 8-ის და 10-ის ფარგლებში. ბოლო 4 დღის განმავლობაში ამ მაჩვენებლით გვაქვს ოდნავ ზესვლა. ეს ასევე უკავშირდება პირბადის ტარების მაჩვენებელს. ჩვენ ვიყავით თითქმის 75%-ზე, შემდეგ 66%-ზე ჩამოვედით, გუშინდელი მონაცემებით კი 43%-ია. პირბადე ერთ-ერთი მთავარი დაცვის საშუალებაა, როდესაც ქვეყანაში შემსუბუქების რამდენიმე ეტაპი მოვიტოვეთ. შესაძლებელია, ამ მასშტაბით ეპიდსიტუაცია შევინარჩოთ და იყოს კიდევ საუბარი გარკვეულ შემსუბუქებაზე. ეს დამცავი საშუალება ანუ პირბადის ტარების მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ და თუ ჩვენ ეს 95%-მდე ავიყვანეთ, ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება“,- განაცხადა გამყრელიძემ. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 273 137 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 267 015 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 601 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 252 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 114 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 1 383 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კორონავირუსის გამოვლენის გამო, თბილისის 25 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია

"კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის გამო, თბილისში მდებარე 25 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია", ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ავრცელებს. "თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გრძელდება. სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში მკაცრად ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვა და კონტროლი, რაც Covid-19-ზე პერსონალის ტესტირებას, ასევე, თერმო-სკრინინგსა და სანიტარიული დასუფთავების წესების შესრულებას მოიცავს. 9 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის საფუძველზე, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია 25 საბავშვო ბაღში, რომელთაგან რვა დაწესებულება პირველ მარტს, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ არ გახსნილა, 17 კი შემდგომში დადასტურებული შემთხვევების გამო დაიხურა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად, ინფიცირების ფაქტის გამოვლენისთანავე, ბაღის ადმინისტრაცია უკავშირდება აღსაზრდელების მშობლებს და მათ სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ აცნობებს. ამასთან, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ, ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს", - ნათქვამია განცხადებაში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, 25 თებერვლიდან დაიწყო და პირველ მარტამდე დაასრულა პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე, რომელთაგან 20%-ს PCR, ხოლო 80%-ს ანტიგენის ტესტი ჩაუტარდა. თანამშრომელთა ტესტირება ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება.

შსს-მ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, რომელსაც ჩვილის გარდაცვალება მოჰყვა, კახეთში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, რომელსაც ჩვილის გარდაცვალება მოჰყვა, კახეთში 1 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. კახეთში, სავარაუდოდ, ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირებას 8 თვის ჩვილი ემსხვერპლა.

პრეზიდენტმა კულტურის სფეროში მოღვაწე რვა ქალი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მოღვაწე რვა ქალი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. როგორც პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა, ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც 103 წლის წინ ქალებმა პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება მიიღეს და გვყავდა ხუთი ქალი დეპუტატი, მათ შორის, პირველი მუსლიმი ქალი. მისი თქმით, დამოუკიდებლობის აქტზე ქალები აწერენ ხელს და ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც იუნკერებთან ერთად იბრძოდა და დაიღუპა მარო მაყაშვილი. ორდენით დაჯილდოვდნენ: ხელოვნებათმცოდნე ელენე კავლელიშვილი (გარდაცვალების შემდეგ) - ქართული ეროვნული საგანძურის კვლევასა და მის დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის; საოპერო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი მედეა ამირანაშვილი - ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე - ქართველოლოგიის განვითარებაში, ძველი და ახალი ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის; მსახიობი ნათელა მაჭავარიანი - ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის; ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი - ქართული სამხატვრო ხელოვნების კვლევასა და საზღვარგარეთ პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის; რეჟისორი ქეთევან (ქეთი) დოლიძე - ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.; ICOMOS-ის საერთაშორისო სამდივნოს მრჩეველი მსოფლიო მემკვიდრეობის ნომინაციების შეფასების საკითხებში რუსუდან მირზიკაშვილი - ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, საზღვარგარეთ პოპულარიზაციასა და საუკეთესოდ წარმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის; ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი, ხელოვნებათმცოდნე რუსუდან წურწუმია - ქართული მრავალხმიანი მუსიკის კვლევაში, საზღვარგარეთ ქართული მრავალხმიანი მუსიკისა და საქართველოში მსოფლიო მრავალხმიანი მუსიკის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის. დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოს მფლობელებს მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისათვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალების განსაკუთრებულ როლს ქვეყნის განვითარების საქმეში. „ჩვენს ქვეყანაში ქალების როლი განსაკუთრებულია და ეს ისტორიიდან მოგვყვება, როგორც ამ ქვეყნის დამახასიათებელი ნიშანი. ის თანასწორობა, რომელზეც დღეს ბევრს საუბრობენ და რომელიც ბევრი ქვეყნისთვის მიზანს წარმოადგენს, ჩვენთან მოცემულობაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგადაა. კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, თუნდაც იმ საკითხებში, რომელიც ხელფასების გათანაბრების საკითხსა და პოლიტიკაში ქალების ჩართულობას ეხება. ბევრია გასაკეთებელი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისითაც. ქალთა მიმართ ძალადობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურაში ალბათ სიახლეა და უფრო მეტად დაკავშირებულია დღევანდელ სოციალურ ფონთან, ეს არის ის, რაც არ ეკადრება საქართველოს, ქართველებს და ქართულ კულტურას. სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი ქალია წასული ქვეყნიდან იმისთვის, რომ ეკონომიკურად დაეხმარონ თავიანთ ოჯახებს და იქიდან გამოგზავნონ აუცილებელი დახმარება. ეს ნიშნავს დაყოფილ ოჯახებს, ერთმანეთს დაშორებულ შვილებს და დედებს, რაც თავისთავად იმ ოჯახური განათლების სერიოზულ პრობლემას იწვევს, რომელიც სრული განათლების განუყოფელი ნაწილია. თუ არ არსებობს ოჯახი, რომელიც პირველად განათლებას აძლევს ბავშვს, შემდგომში საქმე გვაქვს ძალიან მძიმე სოციალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებთან. ანუ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის გამოწვევას წარმოადგენს, რომელსაც უთუოდ უნდა მივხედოთ. ეს უნდა იყოს ალბათ ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტი. ჩვენ დროს კი არ უნდა ვკარგავდეთ დაპირისპირებებსა და პოლარიზაციაში, ჩვენ უნდა მივხედოთ იმ მთავარ ამოცანებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. სწორედ ამით წავალთ წინ და შევძლებთ, რომ საქართველო მართლაც შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და თავისი მომავალი ამ სტაბილურ გარემოში მონახოს. გადავწყვიტეთ, კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებიდან 8 მარტისთვის რვა ქალი შეგვერჩია და ეს იქნებოდა სწორედ სიმბოლო იმისა - რა შეუძლიათ ქართველ ქალებს. სიმბოლურია ისიც, რომ ჩვენ თამარ მეფის ორდენს ვაძლევთ ამ ქალბატონებს, რაც იმ წარსულის გახსენებაა, რომ საქართველოში ძლიერი ქალები სიახლე არ არის და ეს ისტორიულადაა დადასტურებული“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.

ნათია თურნავა: თუ საქართველო ენერგოიმპორტზე დიდი დოზით გახდა დამოკიდებული, ეს ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის

"თუ საქართველო ენერგოიმპორტზე დიდი დოზით გახდა დამოკიდებული, ეს ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გააკეთა. "რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიქნებით ჩვენს პოლიტიკაზე დამოკიდებული, არამედ მეზობელი ქვეყნების ნება-სურვილზე. მაგალითად, იგივე ელექტროენერგიის ფასები მოსახლეობისთვის და ადგილობრივი მომხმარებლისთვის იქნება დამოკიდებული არა ჩვენს გადაწყვეტილებებზე, არამედ იმაზე თუ როგორი ეკონომიკური ვითარება იქნება მეზობელ ქვეყნებში და როგორი ენერგეტიკული პოლიტიკა ექნებათ", - განაცხადა თურნავამ. ამასთან მინისტრმა განმარტა, რომ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ავარიულად გამორთვის დროს, ჩვენ ვერ შევძლებთ მოსახლეობის 1 საათის უზრუნველყოფასაც კი. „ეს ელექტროენერგიის ფიზიკურად ხელმისაწვდომობას უქმნის საფრთხეს", - აღნიშნა თურნავამ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.

"მოქალაქეები" ფარული აუდიოჩანაწერების შინაარსის გამო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ

პარლამენტის წევრები, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები პარლამენტის საგამოძიებო დროებითი კომისიის შექმნას ითხოვენ და საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. „რამდენიმე დღის წინ თავზარდამცემი ჩანაწერები მოვისმინეთ და დღემდე მთავარ კითხვებზე არ არის პასუხი გაცემული. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა - არის თუ არა ეს ჩანაწერები ავთენტური, მეორე შეკითხვა - ამ ჩანაწერებში მოსაუბრე ადამიანები იკავებდნენ თუ არა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს ჩანაწერის გაკეთების დროს და შესაბამისად, იყენებდნენ თუ არა ისინი სახელისუფლებლო მექანიზმებს ადამიანებზე ზეწოლისთვის. შეიძლება პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტს აქვს ინსტრუმენტი, რომ ჩვენს მიერ და საზოგადოებაში დასმულ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე იყოს პასუხები. შესაბამისად, ჩვენი პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ და მოვუწოდებთ შეიქმნას საგამოძიებო დროებითი კომისია. ასევე მივმართავთ ოპოზიციას, რათა დაგვეხმარონ ამ ჩვენი ინიციატივის რეალიზებაში, ვინაიდან პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, 30 ხმა არის საჭირო საგამოძიებო კომისიის ინიცირებისთვის და კომისიის შექმნისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერა. ჩვენი მიმართვის პირველი და მთავარი ადრესატი „ქართული ოცნებაა“, რადგან მათ ინტერესშია არსებულ კითხვებს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გაეცეს პასუხი“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ სწორედ პარლამენტს აქვს რეალური ბერკეტი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაიბაროს და გამოკითხოს ყველა ის პირი, რომლებიც გავრცელებულ ჩანაწერებში ფიგურირებს. „ლოგიკური იქნებოდა პირველივე წუთიდან პროკურატურას დაეწყო გამოძიება. ეს რომ არ მოხდა, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ჩვენ ვითხოვთ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. პარლამენტს აქვს რეალური ბერკეტი დაიბაროს ყველა ის ადამიანი, ვინც ჩანაწერების მონაწილეა და დაიბაროს ასევე ის ადამიანები, ვისზეც სავარაუდოდ განხორციელდა ზეწოლა და უშუალოდ პირველწყაროსგან მოისმინოს როდის, რა და როგორ მოხდა“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ირაკლი ზარქუა: ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ ეს ქვეყანა, არაფერი აშენდება. გვეუბნებიან, ფაუნა-ფლორაში იცხოვრეთ

"ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ ეს ქვეყანა, არაფერი აშენდება. გვეუბნებიან, ფაუნა-ფლორაში იცხოვრეთ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც რიონის ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხს განიხილავენ. "სად არის ბატონი ზვიადი ტომარაძე. ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და მე მხარს ვუჭერ, რადგან თავის პროდუქციას მხარს უჭერს და გვერდში უდგას და ა.შ. ჩემო ზვიად, შენ რომ გიყვარს და მე რომ მიყვარს ეს ეროვნული პროდუქტი, უფრო მეტი უნდა გაიყიდოს და კონკურენტუნარიანი იყოს. აბა, წარმოიდგინე იმ ჰესის გამომუშავებული ენერგიით რომ არ იყოს ის გაკეთებული, დღეს გაცილებით სხვა ღირებულება ექნებოდა იმ ჯემს, პასტას, რომელსაც მე და შენ ვგულშემატკივრობთ. ისეთი კონკურენტუნარიან ფასში ვერ იქნებოდა. მე არ ვარ იმის მომხრე, აპრიორი უნდა აშენდეს, ან არ უნდა აშენდეს ჰესი. ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ ეს ქვეყანა, არაფერი აშენდება. გვეუბნებიან, ფაუნა-ფლორაში იცხოვრეთ. მეორეს მხრივ ეკონომიკა არ გვექნება", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.