ძებნის რეზულტატი:

თურქეთმა და რუსეთმა ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკის მშენებლობა დაიწყეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ატომური ელექტროსადგურის, „აკუიუს“ მესამე ენერგობლოკის მშენებლობა დაიწყეს. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadoly ავრცელებს. პუტინის განცხადებით, ატომური ელექტროსადგურის პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თურქეთის ენერგოუსაფრთხოებას და ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს. ერდორანმა კი განაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნულ ენერგო ინფრასტრუქტურაში ატომური ენერგიის დამატება ენერგო მომარაგების უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული ნაბიჯია.

სალომე ზურაბიშვილი: დანიელსონის მედიატორად დანიშვნა ნიშნავს, რომ ევროპა საქართველოს სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის მუშაობას განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში მედიატორად კრისტიან დანიელსონის დანიშვნას მიესალმება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განცხადება Twitter-ზე გამოაქვეყნა. ზურაბიშვილის თქმით, კრისტიან დანიელსონის მედიატორად დანიშვნა ნიშნავს, რომ ევროპა საქართველოს სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის მუშაობას განაგრძობს. „მივესალმები ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში კრისტიან დანიელსონის მედიატორად დანიშვნას. ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროპა საქართველოს სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის მუშაობას განაგრძობს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორივე მხარეს, ქვეყანა პირველ ადგილას დააყენონ და იმუშაონ დეპოლარიზაციის მისაღწევად“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირადი წარმომადგენელი დანიშნა. ვინ არის კრისტიან დანიელსონი, რომელიც შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირად წარმომადგენლად დანიშნა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იაპონიასა და სამხრეთ კორეას ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტი 15-18 მარტს იაპონიასა და სამხრეთ კორეას ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. 16-17 მარტს ტოკიოში, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინ აშშ-იაპონიის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომიტეტის შეხვედრას დაესწრებიან, რომელსაც იაპონიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები უმასპინძლებენ. მდივანი ბლინკენი საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას ორმხრივ და გლობალურ საკითხებს განიხილავს. აღსანიშნავია, რომ ის ასევე შეხვდება ბიზნესის წარმომადგენლებს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-იაპონიის ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობას. ასევე განიხილავენ COVID-19-ის ეკონომიკურ გავლენას. 17-18 მარტს მდივანი ბლინკენი და მინისტრი ოსტინი სეულში მინისტერიალს ("2 + 2") დაესწრებიან. ის ასევე ვირტუალურად შეხვდება კორეის ახალგაზრდულ ლიდერებს და ვირტუალურ მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს.

საგარეო უწყება რუსეთის მორიგ პროპაგანდისტულ განცხადებას ჰიბრიდული ომის გამოხატულებად აფასებს

"სახეზეა რუსეთის მცდელობები, ჰიბრიდული ომის ელემენტების აქტიური გამოყენებით, უხეშად ჩაერიოს საქართველოს სუვერენულ არჩევანში", - საქართველოს შესახებ რუსეთის მორიგ პროპაგანდისტულ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი გამოეხმაურა. როგორც ვახტანგ მახარობლიშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს, სერგეი ნარიშკინის განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის მორიგ გამოხატულებას და პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დესტაბილიზაციის პროვოცირებას. „საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის და ანექსიური პოლიტიკის ფონზე, მუდმივად სახეზეა რუსეთის ფედერაციის მცდელობები, ჰიბრიდული ომის ელემენტების აქტიური გამოყენებით და სხვა ხერხებით, უხეშად ჩაერიოს საქართველოს სუვერენულ არჩევანში, რაც უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებას“, - აღნიშნავს ვახტანგ მახარობლიშვილი. მახარობლიშვილის თქმით, მსგავსი ხერხებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვას, ქვეყანაში პოლარიზაციისა და დაპირისპირების პროვოცირებას, რაც, მისი თქმით, ხელს არ უწყობს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ზოგადად, რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. „ამჯერად რუსეთის ფედერაციის მცდელობები მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოების თვალში მოახდინოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ძალზედ მჭიდრო ურთიერთობების დისკრედიტაცია, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან აქტიურად, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით ვითარდება და ბოლო წლებში მართლაც უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ბუნებრივია, საქართველო გააგრძელებს სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და განუხრელ სვლას ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისკენ“, - ნათქვამია ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველოს შესახებ მორიგი პროპაგანდისტული განცხადება გაავრცელა. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, სერგეი ნარიშკინის განცხადებით, აშშ-ში "ქართული ოცნებით" უკმაყოფილოები არიან. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის დაზვერვის სამსახურის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.

ზუგდიდის საავადმყოფოდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გაიქცა

ზუგდიდის საავადმყოფოდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გაიქცა, რომელმაც საავადმყოფოს ინტოქსიკაციის ჩვილებით დღეს მიმართა. პაციენტი პოლიციამ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ დააკავა და სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადასცა. „შუახანს გადაცილებული ქალბატონი მოყვანილ იქნა კლინიკაში ალკოჰოლური სიმთვრალით, ტესტირებისას დაუდასტურდა COVID-ინფექცია, შეთავაზებულ იქნა კვლევები და ჰოსპიტალიზაცია, რაზეც განაცხადა კატეგორიული უარი და თვითნებურად დატოვა კლინიკა. ფაქტის შესახებ შეტყობინება მყისიერად გაკეთებულ იქნა პოლიციისთვის!“ - განაცხადა ჰოსპიტლის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ. გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული პაციენტი თერჯოლის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის კრისტიან დანიელსონის დანიშვნას ოპოზიცია ეხმაურება

საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის კრისტიან დანიელსონის დანიშვნას ოპოზიცია გამოეხმაურა. ოპოზიციის აზრით, დანიელსონის დანიშვნა საქართველოსადმი ევროკავშირის მხარდაჭერას ადასტურებს. ამავე დროს, თვლიან, რომ ამ ნაბიჯით ევროკავშირი ცდილობს განმუხტოს ქვეყანაში არსებული კრიზისი. „ის ფაქტი, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის არსებობის მიუხედავად, სპეციალურად გზავნიან ადამიანს ამ დიალოგში ჩასართავად, ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსადმი“, - აცხადებს „ლელოს“ წევრი კახა კოჟორიძე. „ესაა სერიოზული ინტერესი საქართველოს მეგობრებისთვის, თავისუფალი სამყაროსთვის, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ. „ბატონი დანიელსონის ჩამოსვლა სპეციალურ წარმომადგენლად, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი სრულად არის მოწოდებული, რომ მედიაციის პროცესმა გამოიღოს შედეგი, ჩვენ მივესალმებით ამ გამოცდილი დიპლომატის დანიშვნას“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი. შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირადი წარმომადგენელი დანიშნა. ვინ არის კრისტიან დანიელსონი, რომელიც შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირად წარმომადგენლად დანიშნა

შსს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე: სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ აღიკვეთება

"სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - რაგბის კავშირის პრეზიდენტის დღეს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „დღეს, 13:00 საათზე, თბილისში, რაგბის კავშირის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობა იმართება. შინაგან საქმეთა სამინისტრო რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე და დაინტერესებულ ყველა მხარეს მოუწოდებს, უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული რვა თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული რვა თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულს, ყვარლის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში, ბრალი წარუდგინეს. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის საკითხზე გურჯაანის სასამართლო 11 მარტს იმსჯელებს. შეგახსენებთ, რომ გურჯაანში, ოჯახურ კონფლიქტს 8 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1 პირი, 1985 წელს დაბადებული ზ.შ. სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

კორნელი კაკაჩია: საზოგადოებაში იმდენად ძლიერია პროდასავლური განწყობები, რომ საგარეო კურსს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეცვლის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტის შედეგად, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების დაწყებამ, პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პერსპექტივა გააჩინა. განხილვის თემად იქცა შეთანხმებისთვის საჭირო რამდენიმე კომპრომისული ვარიანტიც, მათ შორის პლებისციტის საკითხი, თუმცა ბოლოო დღეებში, ფარული ჩანაწერების გავრცელებამ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. გაჩნდა კითხვები, ვინ ცდილობს მოლაპარაკებების ჩაშლას და ამ ვითარებაში, რა შედეგს მიაღწევს კრისტიან დანიელსონი, რომელიც შარლ მიშელმა საქართველოში თავისი წარმომადგენლის სტატუსით დანიშნა. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიატორის რანგში, დანიელსონი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა. აღნიშნულ საკითხებზე Europetime პოლიტოლოგს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა. - თვითონ ხელისუფლებამაც აღიარა, რომ ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია. რომელსაც თან ერთვის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, დამატებით, პანდემიით გამოწვეული გართულებები. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ჯერჯერობით ვერ გამოდის ამ კრიზისიდან. ამ სიტუაციაში ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება კონსენსუსზე დამყარებული პარტიული პოლიტიკა, რომლის მიზანიც უნდა იყოს, ქვეყანა გამოიყვანოს ამ პოლიტიკური ჩიხიდან, ჩვენ კიდევ, ჯერჯერობით ჭრილობაზე მარილის მოყრა გამოგვდის. _ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ზოგადი რეკომენდაციები, რომ ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს და ეს ორივე მხარე შემდგომ ერთმანეთისკენ იშვერს ხელს, თქვენ, როგორც პოლიტოლოგს, თუ გაქვთ კონკრეტული მოსაზრება, რეკომენდაციები, კონკრეტულად რა უნდა დათმოს ოპოზიციამ და რა ხელისუფლებამ? თითოეულმა მათგანმა რა ნაბიჯები უნდა გადადგას და რა კომპრომისზე უნდა წავიდეს? ასე კონკრეტულად თქმა რთულია, ოქროს გასაღები არავის აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მხარეებმა უნდა გამონახონ გამოსავალი. თუმცა რამდენიმე ვარიანტის დასახელება შესაძლებელია. ერთი ვარიანტი ეს არის, რომ რაც უკვე გაცხადებულია ოპოზიციის მხრიდან - გონივრულ ვადებში დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ იქნება ორივე მხარისგან პოლიტიკური ნება და შემდეგ ამომრჩეველმა გადაწყვიტოს პოლიტიკური ძალაუფლების საკითხი. მეორე კომპრომისული ვარიანტია, ხელისუფლებამ პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს. ამას პლუს ხელისუფლება უნდა წავიდეს დათმობაზე და მოხდეს ხელისუფლების გადანაწილება ოპოზიციასთან. რამდენიმე მინისტრის პოსტი ოპოზიციას უნდა დაუთმოს, ასევე პარლამენტშიც. სხვანაირადაც შეიძლება ამას შევხედოთ. ასე ვთქვათ, შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ქვეყანას მომავალ არჩევნებამდე მიიყვანს. ეს უფრო იაფიც დაგვიჯდებოდა. გასათვალისწინებელია, რომ ახალი არჩევნების ჩატარებას მნიშვნელოვანი რესურსი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მოცემულობიდან ორივე ვარიანტი უტოპიურად ჟღერს, ეს ვარინტები ჯობს სხვა ცუდ სცენარებს, რომლებსაც კონფრონტაციისა და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მივყავართ. _თქვენ საუბრობთ იმ საკითხებზე, რომლებიც უნდა დათმოს ხელისუფლებამ. თქვენი აზრით, ოპოზიცია რა კომპრომისზე უნდა წავიდეს და ხელისუფლებისთვის წაყენებული მოთხოვნებიდან რომელი პუნქტები შეიძლება, რომ დათმოს და რომელი აირჩიოს? ბოლო დროს, თვითმმართველობის არჩევნებზე, ვადამდელი არჩევნების ჩატარების კითხვით, პლებისციტის თემა წამოიწია. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ პოლიტიკოსების ნაცვლად, რადგან აქ კიდევ სხვა გარემოებებია გასათვალისწინებელი, რომლებიც თვითონ პოლიტიკოსებმა უკეთ იციან, მაგრამ გარედან ყოველ შემთხვევაში ისე ჩანს, რომ სხვა ვარიანტებიც არის და თუ კიდევ იქნება შემოთავაზებული შუამავლების მეშვეობით, დარწმუნებული ვარ, კიდევ სხვა სამუშაო ვარიანტებიც გაჩნდება, მათ შორის პლებისციტის თემაც, რომელიც ასევე გამოსავალია. ორივე მხრიდან კეთილი ნების შემთხვევაში, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. მთავარია, რომ ორივე მხარე იყოს გულწრფელი და თანმიმდევრული ამ მიზნის მიღწევაში. თუმცა ჯერჯერობით ამ კუთხით სანუგეშოს ვერაფერს ვხედავთ. რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ ესაა - აგრესიული რიტორიკა, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მხრიდან. თუ ევროკავშირის აქტიურმა მედიაციამაც არ გამოიღო შედეგი, ფაქტობრივად, უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რადგან სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კლასი ჯერ იმ დონეზე არ არის, რომ თვითონ მოაგვაროს პრობლემები. ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს ინსტიტუტი, რომელსაც ექნება რამე ნდობა, რომელიც ამ დაპირისპირებული მხარეებისთვის მოლაპარაკების რამე ჩარჩოს შექმნის. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციაშიც არის განსხვავებები. არიან გარკვეული პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც თავისი ვიწრო პარტიული დღის წესრიგი აქვთ, არიან დანარჩენი პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც სხვა პოლიტიკური ინტერესები აქვთ. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი წინადადება იქნება შემოთავაზებული შუამავლების მხრიდან. ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს ევროკავშირის ჩართულობა. _შარლ მიშელის ვიზიტის შედეგებს როგორ შეაფასებთ, თუნდაც იმ გარემოებას, რომ საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, მან თავისი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, თანაც ევროკავშირში საკმაოდ მაღალი რანგის პირი. კრისტიან დანილესონი - 2013 წლამდე იყო ევროკავშირის გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი და 2015 წლიდან სამეზობლო საკითხების გაფართოებაზე მოლაპარაკებების საქმეთა წარმოების გენერალური დირექტორი. თუნდაც მისი ეს სტატუსი, ეს რანგი, რაზე მიანიშნებს? სამწუხაროდ, ეს იმაზე არ მიანიშნებს, რაც ჩვენ გვსურს, რომ ამოვიკითხოთ ამ ადამიანის გამოცდილებასა და თანამდებობრივ პოზიციებში, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. დანიშვნა უფრო მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანი მეტ-ნაკლებად იცნობს ჩვენს რეგიონს, ევროკავშირის სამეზობლოს და იცის, რას უნდა ელოდოს ამ მოლაპარაკებებიდან. კიდევ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, ეს მედიაცია ევროკავშირსაც სჭირდება. ბოლო პერიოდში, ევროკავშირის როლი საკმაოდ გაფერმკრთალდა რეგიონში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში და ეს კარგად გამოჩნდა ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე, სადაც ჩანდა, რომ დასავლეთი ფაქტობრივად გათიშული იყო ამ მოვლენებიდან. ამ ფაქტმა უამრავი შეკითხვა გააჩინა ევროკავშირის როლთან დაკავშირებით, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში. აქედან გამომდინარე, საქართველოს შიდა პოლიტიკურ კრიზისში წარმატებული მედიაცია სჭირდება, როგორც ევროკავშირს, ისე საქართველოს და მის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამიტომ, ეს მონდომება უნდა იყოს ორმხრივი. თუმცა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქართველმა პოლიტიკოსებმა. ვერც ევროკავშირი, ვერც სხვა საერთაშორისო შუამავალი, მათ ნაცვლად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. უბრალოდ, ისინი შექმნიან მოლაპარაკებების ხელშემწყობ პლატფორმას და ალტერნატიულ ვარიანტებს შესთავაზებენ მხარეებს. _შარლ მიშელის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა ფარული აუდიო ჩანაწერები. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ მათი გავრცელება დიალოგის დაწყებას საეჭვოდ დაემთხვა და კონკრეტულ ძალებს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა არ სურთ. თქვენ როგორ უყურებთ ამ მოვლენებს? ეს ვარაუდი რეალობას მოკლებული არ არის. ვიცით, რომ ორივე მხარეს არიან რადიკალური ფრთის წარმომადგენლები, დაკონკრეტებისგან შეგნებულად თავს შევიკავებ; რომლებიც დაინტერესებულნი არ არიან, ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. ესენი არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც სურთ კვლავ შეუზღუდავი ძალაუფლების მანდატით მოსვლა, ძალაუფლების ყოველგვარი განაწილების გარეშე. ამ ჯგუფების აზრი, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის მოლაპარაკებაში პოზიტიური დღის წესრიგის შექმნას. თუმცა ყველაფერს დრო გვიჩვენებს. _რევოლუციური სცენარის მომხრეებს გულისხმობთ? დიახ, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს თავისი ინტერესები და დღის წესრიგი. პატარა პარტიების ინტერესია, რომ შეინარჩუნონ მონაპოვარი და რაღაც სტაბილურობას მიაღწიონ, თავი დაიმკვიდრონ. დიდ პარტიებს სხვა ამბიციები აქვთ, აქედან გამომდინარე, მათი მადა უფრო დიდია. ასევე, ზოგიერთი პარტიის ლიდერებს აქვთ ეგოების თემა, რაც დაუკმაყოფილებელი აღმოჩნდა ამ საპარლამენტო არჩევნების დროს. რაც ზოგიერთ მათგანს აიძულებს, ყველა გზას მიმართოს, პოლიტიკური ბრძოლის დროს, მათ შორის რადიკალურსაც. ყველაზე საწყენი ისაა, რომ მეგონა ამ კომპრომატების თემა დამთავრდებოდა და როგორც ჩანს, ორივე მხარე ერთმანეთის წინააღმდეგ, ისევ წარმატებით იყენებს ძველ, ასე ვთქვათ აპრობირებულ, ბინძურ მეთოდებს. _თქვენ რა სცენარსაც განიხილავთ, გარე ძალების ფაქტორი ნაკლებად ჩანს? ბუნებრივია, არსებობენ გარე ძალები, რომელთა ინტერესია, რაც შეიძლება უფრო მეტი არასტაბილურობა იყოს საქართველოში. მე ვერ ვიტყვი, რომ სინქრონი არსებობს, მაგრამ გამორიცხული არ არის ასეთი ვარიანტიც, რომ ეს გარე ძალები ხელს უწყობდნენ ამ პოლარიზაციის გაღრმავებას, რომ კიდევ უფრო გართულდეს ეს მოლაპარაკებები. ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი, გარე ძალებს აწყობთ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამას ჩვენივე ხელით ვაკეთებთ და ხელს ვუწყობთ ფაქტობრივად, კონკრეტული გარე ძალების საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებას საქართველოში, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. _თქვენ ახსენეთ ოპოზიციაში განხეთქილება, რომ ყველა პარტიას თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვს, თუნდაც ამ სიტუაციაში. ოპოზიციურ სპექტრში ხედავთ ისეთ რესურსს, პარტიების ან პოლიტიკოსების სახით, რომლებიც რადიკალური ფრთის მცდელობის მიუხედავად, ევროკავშირის მედიაციით, ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევას და ამ კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლას შეძლებენ? ბოლო დღეებში განცხადებებს, თუ დავაკვირდებით, როგორც ჩანს, მცირე პარტიების წარმომადგენლების პოზიციები განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციისგან. ისინი მზად არიან, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების სანაცვლოდ შევიდნენ პარლამენტში. პრინციპში ქართველი ამომრჩეველიც ამას ითხოვს, რასაც NDI-ის ბოლო კვლევებიც ადასტურებს. დასავლეთიც ამ სცენარს უჭერს მხარს. თუმცა არის ფუნდამენტური თემები, რომლებიც აერთიანებს ოპოზიციას, მაგრამ არის ტაქტიკური საკითხები, სადაც მათ განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ეს უკვე ჩანს ბოლო დღეების რიტორიკიდან, თუ ხელისუფლება წამოვა გონივრულ კომპრომისებზე, ძალიან გაუჭირდებათ უარის თქმა პარლამენტში შესვლაზე, მით უმეტეს, თუ ეს კომპრომისი ევროკავშირის მხრიდან იქნება მოწონებული და საზოგადოებაც ნახავს, რომ ხელისუფლება ცდილობს, უარი თქვას ერთპარტიულ მმართველობასა და სხვა არადემოკრატიული მართვის ფორმებზე. _თქვენი შეფასებით, რამდენად რეაგირებს ხელისუფლება დასავლეთის რეაქციაზე. NDI-ს ბოლო კვლევებით, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ემხრობა. მხოლოდ ამ ფაქტორის გამო ცდილობს დასავლეთის კეთილგანწყობის შენარჩუნებას, თუ რეალურად მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის დასავლეთის დამოკიდებულება და პროდასავლური პოლიტიკის ერთგულება? ეს ხელისუფლება, მოსვლის დღიდან, საგარეო პოლიტიკური აქტიურობით დიდად არ გამოირჩევა. იმას არ ვამბობ, რომ არაფერს აკეთებენ, უბრალოდ, დინებას, უფრო მიჰყვებიან. მათ არ შეუტანიათ რამე ახალი შტრიხი, ახალი ხედვა საგარეო პოლიტიკაში. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაც ყველა ხელისუფლების დამსახურებაა, მათ ხელმოწერით უბრალოდ დაასრულეს ეს პროცესი. „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური ხედვა რაიმე სიახლის შემცველი არ არის. ძირითადად, ეს არის რეაგირებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა - რაღაც რომ მოხდება და ჩვენ მხოლოდ რეაგირება უნდა მოვახდინოთ, ზოგჯერ, ეს რეაგირებაც დაგვიანებულია. ჩვენ რაც გვჭირდება, ეს არის არა რაღაც რეაგირებაზე აგებული პოლიტიკა, არამედ, წინასწარ გაწერილი, ფასეულობებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც შეთანხმებულია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობთან, ანუ ერთიანი ახალი ხედვა, რომელიც თანამედროვე მსოფლიო რეალობას მოერგება. იმის გათვალისწინებით, თუ რა მოხდა ჩვენს რეგიონში გასულ წელს, ასევე საჭიროა ეროვნული უსაფრთხოების ფუძემდებლური დოკუმენტების განახლება. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც - ძალიან გამიჭირდება ისეთი პოლიტიკოსის, კონგრესმენის ან სენატორის პოვნა შეერთებულ შტატებში, ან ევროპაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოუპოვა საქართველოს, როგორც მხარდამჭერი. მიუხედავად იმისა, რომ ლობისტების დასაქირავებლად უზარმაზარ თანხებს ხარჯავს „ოცნება“, ისევე, როგორც ოპოზიცია. ოპოზიციამ, წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კარგად გამოიყენა ეს რესურსი და მათ ეს კონტაქტები და იდეოლოგიური კავშირები დღემდე აქვთ, როგორც ევროპელ პოლიტიკოსებთან, ისე ამერიკაში. ჯერჯერობით, არ მახსენდება არც ერთი კონგრესმენი ან სენატორი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. „ნაციონალების“ დროს, უამრავი სენატორი და კონგრესმენი გახდა საქართველოს მხარდამჭერი და დღემდე აგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას. ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია, რამდენად დიდი განსხვავებაა ყოფილ და ახალ ხელისუფლებას შორის საგარეო პოლიტიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით. კიდევ ვიმეორებ, ისე არ გამიგოთ, რომ საერთოდ არაფერს აკეთებენ, უბრალოდ, ისეთი ენერგია არ იგრძნობა, როგორიც ეს იყო ყოფილი ხელისუფლების დროს. _რამდენად რეალურად, ან საფუძველს მოკლებული მიგაჩნიათ ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლების პრორუსულობაზე? ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორების ცვლილების კუთხით კონკრეტული საფრთხე იკვეთება? -ეს ხელისუფლება მოსვლის დღიდან ამბობდა, რომ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომხრეა. გვახსოვს ივანიშვილის განცხადებები, დასავლეთს და რუსეთს გეოპოლიტიკური ჭიდილში არ უნდა ვიყოთ ჩათრეულიო. სწორედ ამ პოლიტიკის გატარებას ცდილობდნენ, რაშიც შედიოდა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პოლიტიკა, რომელზეც თვითონაც მიხვდნენ, რომ არ გაამართლა. ეგონათ, რომ თუ განსხვავებული პოლიტიკა ექნებოდათ რუსეთთან ურთიერთობაში, რუსეთი შეცვლიდა საგარეო პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით, რაც აღმოჩნდა აბსოლუტური ილუზია და ამას მგონი, თვითონაც კარგა ხანია, მიხვდნენ. _დღევანდელი მოცემულობით, „ქართულ ოცნებაში“ პროდასავლური პოლიტიკის მომხრე პოლიტიკოსების გავლენების თანაფარდობა როგორია სხვა იდეოლოგიის მქონე პოლიტიკოსების წონასთან და გავლენასთან? „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ძალიან დიდი ნაწილი არის სოციალურ-კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩეველი, რომელთა რაღაც ნაწილი მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას. ასე რომ, მოსახლეობის ამ სეგმენტის შეხედულება გათვალისწინებულია. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებას, ფაქტია, რომ რაც არ უნდა მოინდომოს კონკრეტულმა პოლიტიკურმა პერსონამ თუ პარტიამ, საქართველოში იმდენად ძლიერია პროდასავლური განწყობები, რომ ვერც ერთი პოლიტიკური პარტია, ან ლიდერი შეძლებს ამის შეცვლას. ამას თავის დროზე სწორად მიხვდა ედუარდ შევარდნაძეც, რომელიც პირდაპირ მოსკოვიდან ჩამოვიდა საქართველოში. ასევე ბუნებრივია, ამას მიხვდა „ქართული ოცნებაც“, აქედან გამომდინარე, რომც უნდოდეთ კიდეც ასეთი პოლიტიკის გატარება, ეს ფაქტობრივად შეუძლებელია, ამ თემაზე არსებობს ძალიან მყარი საზოგადოებრივი კონსენსუსი, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს პროდასავლურ კურსს და ის არ დაუშვებს საქართველოს პრორუსულ ორბიტაზე დაბრუნებას.

მაია ბითაძე: ფარულ მოსმენებზე ყველა საკითხს სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს

"ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ყველა საკითხს პასუხი უნდა გაეცეს სამართლებრივად", - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" დეპუტატი მაია ბითაძე "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერის საკითხს. "ძალიან სამწუხაროა, როდესაც დღეს ვიგებთ, რომ არასრულწლოვნის მოსმენაც მიმდინარეობდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ფარული მოსმენები, ფარული ჩაწერები არის დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი. ტირაჟირება ხდება არშემდგარი ძალადობის, მაშინ როდესაც ჩვენ წლების განმავლობაში მომსწრე ვიყავით რეალური, ფაქტობრივი მოცემულობების. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ყველა საკითხს პასუხი უნდა გაეცეს სამართლებრივად", - განაცხადა ბითაძემ. შეგახსენებთ, რომ TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ჩეხეთის პრეზიდენტმა, რუსული ვაქცინის გამო, ჯანდაცვის მინისტრის გათავისუფლება მოითხოვა

ჩეხეთის პრეზიდენტმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამო, ჯანდაცვის მინისტრის გათავისუფლება მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Ekhokavkaza ავრცელებს. ჯანდაცვის მინისტრის აზრით, ქვეყანა უნდა დაელოდოს რუსული ვაქცინის რეგისტრაციას ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოების მიერ. ზემანი კი მიიჩნევს, რომ ვაქცინა ბაზარზე უნდა დაიშვას ეროვნული ხელისუფლების მიერ. „Parlamentní listy“-ისთან ინტერვიუში ზემანმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ქვეყნის ბაზარზე რაც შეიძლება მალე უნდა დაუშვან რუსული და ჩინური წარმოების ვაქცინები. მისი თქმით, ბაზარზე ვაქცინების დაშვების შეყოვნებით, ბლატნის და მას დაქვემდებარებული წამლების კონტროლის სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორს, ირენა სტოროვას მოქალაქეების სიკვდილისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ბლატნი და სტოროვა თვლიან, რომ პრეპარატები უნდა დაამტკიცოს ევროკავშირმა. როგორც ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო წერს, თვითონ პრეზიდენტიც ასე ფიქრობდა, თუმცა, ზემანმა აზრი შეიცვალა და ამბობს, რომ უნგრეთის და სლოვაკეთის მსგავსად, შეიძლება ჩეხეთმა თვითონ გასცეს ვაქცინების გამოყენების ნებართვა. თებერვლის ბოლოს, ზემანმა CNN-თან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სთხოვა Sputnik V-ის მოწოდება. მან Parlamentní listy-ს უთხრა, რომ ჩეხეთმა მიიღო წინადადება გერმანიასთან ერთად ვაქცინის წარმოების შესახებ.

„ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის აუდიტს დამოუკიდებელი საერთაშორისო კომპანია Ramboll განახორციელებს

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ფარგლებში მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის აუდიტს დამოუკიდებელი კონსულტანტი, საერთაშორისო კომპანია „რამბოლი“ (Ramboll) განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი ავრცელებს. “რამბოლი“ მაღალი რეპუტაციის მქონე მულტინაციონალური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1945 წელს დანიაში დაარსდა. მას ჰიდროენერგეტიკის სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ჰიდროენერგეტიკის ყველა ასპექტს, მაშ შორის - ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთა მომზადებასა და აუდიტს. კომპანია „რამბოლი“ დამოუკიდებელი კონსულტანტის როლში განიხილავს პროექტის შესაბამისობას არსებულ ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებთან. იგი პირველი კლასის ევროპული ფინანსური ინსტიტუტის სახელით მოქმედებს. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს პროექტის ფინანსურ სტაბილურობას, ასევე იღებს ყველაზე მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გარანტიას, რომელიც როგორც სოციალურ და გარემოსდაცვით მდგრადობას, ასევე უსაფრთხოებასა და ტექნიკურ გამართულობას ეხება. ნამახვანის პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობის კუთხით დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კონსულტანტის ჩართულობა საერთაშორისო ნდობის კიდევ ერთი დასტური და გარანტიაა იმისა, რომ ინვესტორი კომპანიის გსზშ (გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასების) ანგარიში, ისევე, როგორც ნებართვები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, განსაკუთრებით - ეკვატორის პრინციპებს (Equator Principles)", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინამ, გერმანიამ და საფრანგეთმა დონბასის გეგმა შეიმუშავეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ "ნორმანდიის ფორმატის" ფარგლებში, უკრაინამ, გერმანიამ და საფრანგეთმა შეიმუშავეს დონბასში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ახლა ქვეყნები რუსეთის რეაგირებას ელოდებიან. უკრაინა მოელის, რომ მოსკოვი გამოცხადებს „მზადყოფნას ომის შეწყვეტის და ოკუპირებული ტერიტორიების უკრაინაში რეინტეგრაციის, ასევე დატყვევებული უკრაინელი მოქალაქეების განთავისუფლების შესახებ“. უკრაინის მთავრობა გამოდის წინადადებით, გაფართოვდეს ეუთოს მისიის შესაძლებლობები დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლის მხრივ. ერმაკის თანახმად, ამ ეტაპზე გეგმა წარმოადგენს სხვადასხვა ელემენტის ნაკრებს, რომლებიც შეთანხმების შემთხვევაში აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების მოწესრიგების გზამკვლევს დაედება საფუძვლად. უკრაინის მხარე იმედოვნებს, რომ შეძლებს დოკუმენტი განიხილოს ე.წ. "ნორმანდიის ფორმატის" ჩარჩოებში, ანუ გერმანიის, საფრანგეთისა და რუსეთის მონაწილეობით. ამ დროისთვის, შეთანხმების სხვა დეტალები უცნობია.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შშმ პირებს ანესთეზიით სტომატოლოგიური მომსახურება დაუფინანსდებათ

დღეიდან ყველა ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურება ანესთეზიით ხელმისაწვდომი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR" ავრცელებს. ორგანიზაცია, რომელმაც თავის დროზე თბილისის საქალაქო სასამართლოში შესაბამისი მოთხოვნა შეიტანა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს აქვეყნებს. "დაევალოს საქართველოს მთავრობას შექმნას ისეთი მექანიზმი (მიიღოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), რომელიც გამონაკლისის გარეშე, დაუყოვნებლივ, 30 დღიანი მოცდის ვადის გარეშე, დააფინანსებს ყველა შემთხვევას, როდესაც არსებობს ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ზოგადი ანესთეზიის ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის საჭიროება". მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსამართლე დავით წერეთელმა მიიღო.

თბილისის მერია ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის დახმარებისთვის 2 მლნ ლარს გამოყოფს

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სექტორი პანდემიისგან გამოწვეული ზიანისთვის დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, დახმარების პაკეტი, 2 მლნ ლარით განისაზღვრება. ამ დახმარების პაკეტით ისარგებლებს 500 შემოქმედი, მათ შორის, „დიჯეი“ და ამ დარგში მომუშავე სხვა პირები. „პანდემიამ ეკონომიკის ყველა დარგი, მათ შორის, კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება - ელექტრონული მუსიკა და საკლუბო კულტურის ეკოსისტემა დააზარალა. ეს იყო დარგი, რომელიც ყველაზე პირველი გაჩერდა პანდემიის პირობებში. მათ მოუწიათ დახურვა, ერთი წელია არ ფუნქციონირებენ. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ძალიან ბევრი დასაქმებულია, მათ უკან ოჯახები დგას. შესაბამისად, მათ დახმარება სჭირდებათ და თანადგომა. ეს არის სფერო, რომელმაც ჩვენს დედაქალაქს, ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით სახელი გაუთქვა, უამრავი ტურისტი მოიზიდა. აუცილებელია, ერთის მხრივ, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მათ ოჯახებს, არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება შევუმსუბუქოთ, ელექტრონული მუსიკის სივრცეებს და სხვა ორგანიზაციებს სიცოცხლისუნარიანობა შევუნარჩუნოთ, მეორეს მხრივ, სახელმწიფოს თანადგომით შევუნარჩუნოთ პოტენციალი და მოტივაცია პოსტპანდემიურ პერიოდში აქტიურად განაგრძონ საქმიანობა. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, სექტორში ჩართულ ადამიანებთან გვქონდა კომუნიკაცია, მივიღეთ გადაწყვეტილება, მათაც შევთავაზოთ დახმარების პაკეტი, რომელიც თანხობრივად 2 მლნ ლარი იქნება. ამ დახმარების პაკეტით სარგებელს მიიღებს ამ მიმართულებით დასაქმებული მინიმუმ 500 შემოქმედი. საუბარია „დიჯეიზე“ და ამ დარგში მომუშავე ადამიანებზე. 50-ზე მეტი ორგანიზაციაა. ფინანსური დახმარების პაკეტით, პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებს. ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხების სრულად და ნაწილობრივ მხარდაჭერა. სფეროში ჩართული იურიდიული პირებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, კომუნალურების მხარდაჭერა, ასევე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დაიწყება ზაფხულის პერიოდში უსაფრთხო აღდგენის სამუშაოების გაწევა“,- აცხადებს კახა კალაძე.

აშშ-ის საელჩო უკრაინაში: ყირიმთან დაკავშირებული სანქციები შენარჩუნდება, ვიდრე რუსეთი არ დააბრუნებს ნახევარკუნძულზე უკრაინის სრულ კონტროლს

"ყირიმთან დაკავშირებული სანქციები შენარჩუნდება, ვიდრე რუსეთი არ დააბრუნებს ნახევარკუნძულზე უკრაინის სრულ კონტროლს", - ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის საელჩომ განაცხადა. როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, ისინი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არასდროს აღიარებენ. "ჩვენი პოზიცია, აქ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რჩება უცვლელი: ჩვენ არც ახლა და არც არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიას. ყირიმთან დაკავშირებული სანქციები შენარჩუნდება, ვიდრე რუსეთი არ დააბრუნებს ნახევარკუნძულზე უკრაინის სრულ კონტროლს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ჯო ბაიდენი: აშშ მუშაობს იმაზე, რომ რუსეთმა ყირიმში განხორციელებული აგრესიისთვის პასუხი აგოს. ყირიმი უკრაინაა ჯო ბაიდენი: აშშ არასდროს აღიარებს ყირიმის ანექსიას

კონგრესმა ამერიკის ე.წ სამაშველო გეგმა დაამტკიცა

კონგრესმა ამერიკის ე.წ სამაშველო გეგმა დაამტკიცა. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ეს არის ისტორიული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეკონომიკას ნახტომისებურად წაწევს წინ, პანდემიას გაუმკლავდება და თითოეულ ამერიკელს დაეხმარება. ბაიდენის ადმინისტრაციამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ახალი გეგმა შეიმუშავა. $25 მილიარდი რესტორნებს, $170 მილიარდი სკოლებს - რას მოიცავს აშშ-ის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი აშშ-ის სენატმა კოვიდპანდემიის პირობებში ეკონომიკის დახმარების გეგმა დაამტკიცა

NATO: საქართველო ალიანსის მხარდაჭერით თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას განაგრძობს

"საქართველოსთვის 20 ერთეული ავტომობილის გადაცემა NATO-ს პარტნიორისადმი მხარდაჭერის გამოხატულებაა", - ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. "საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. 2014 წლიდან, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. ერთობლივი სწავლებისა და შეფასების ცენტრი წარმოადგენს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განხორციელებულ ერთ-ერთ ინიციატივას და მიზნად ისახავს, დაეხმაროს საქართველოს ტრენინგის, შეფასებისა და სერთიფიცირების შესაძლებლობებს, რამაც უნდა განამტკიცოს ოპერატიული მზადყოფნა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთქმედება. ეს საშუალებას აძლევს მათ, იმუშაონ NATO-სთან და პარტნიორ ძალებთან ერთად და შემოგვთავაზონ მრავალეროვნული სწავლება და წვრთნების შესაძლებლობები. საბოლოო ჯამში, არსებითი პაკეტი ასევე მიზნად ისახავს წევრობისთვის საქართველოს მომზადებას. საქართველო არის ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, პროგრამა - პარტნიორობა მშვიდობისათვის ნაწილი. ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს NATO-ს ოპერაციებში და თანამშრომლობს მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან მრავალი მიმართულებით. NSPA საქართველოს მრავალი წელია, უჭერს მხარს მისი უსაფრთხოების და თავდაცვის შესაძლებლობების განმტკიცებისა და მოდერნიზაციის მიზნით, ნდობის ფონდის რამდენიმე პროექტის საშუალებით", - ნათქვამია ინფორმაციაში. NATO-მ საქართველოს თავდაცვის ძალებს სატრანსპორტო საშუალებები გადასცა.

ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი: ალტერნატიული ძალის გარეშე ხელახალი არჩევნების ჩატარებაც ვერ აღმოფხვრიდა პოლარიზაციას

,,საქართველო ესკალაციის სპირალის ხაფანგში“, - ამ სათაურით ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის - სამხრეთ კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელის სტატია გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე საქართველომ მშვიდობის მოპოვება ვერ შეძლო. პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას გადადგომა და ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება კი, ამ ტენდენციის კიდევ ერთი ხაზი აღმოჩნდა. ნეოლიბერალური პოლიტიკური ელიტისთვის პანდემიისგან დაზარალებული საზოგადოების საჭიროებები უინტერესოა. მათი ეგოიზმი ემხრობა არაფორმალურ სტრუქტურებს, რაც ქვეყნის მცოცავი ,,რუსიფიკაციისკენ" მიდის. საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნების" მესამედ გამარჯვებას, რომელიც მთელი რიგი დარღვევებითა და მანიპულაციებით ჩატარდა, ოპოზიციურმა პარტიებში არჩევნების შედეგების უარყოფა მოჰყვა. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მეთაურობით, შვიდი სხვა პარტია, რომელთაც პრეტენზია ჰქონდათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. ისინი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და ,,ქართულ ოცნებას" არჩევნების ფართო მასშტაბით მანიპულირებით ჩატარებაში ადანაშაულებენ. მთავარი ოპონენტების - ,,ქართული ოცნების" და ,,ნაციონალური მოძრაობის" რადიკალიზაცია უკვე თვეებია, რაც გრძელდება. მოთამაშეებმა, რომლებიც მზად იყვნენ კომპრომისებისთვის, მაგალითად ,,ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და ქვეყნის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, დატოვეს თავიანთი პარტიები, ან სულაც გამოეთიშნენ პოლიტიკას. პოლარიზაცია, როგორც მობილიზაცია ,,ქართულ ოცნებას" და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ ერთმანეთი სჭირდებათ როგორც მეტოქეებს, რადგან ამგვარად, ისინი საკუთარი მხარდამჭერების მობილიზაციას ახერხებენ. ამ მხრივ, გასაკვირი არ იყო, რომ ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი პირველი ქმედება ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას პატიმრობა იქნებოდა. ამით ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩაგრულად და მმართველი პარტიის მსხვერპლად წარმოაჩინა. არც ერთ მხარეს არ აინტერესებს ქვეყნის მომავალი, ან თუნდაც რუსეთსა და დასავლეთს შორის არჩევანის გაკეთება. ისინი ზრუნავენ ძალაუფლებისკენ მიმავალ საკუთარ გზებზე. ორივე მათგანი, შესაბამისი ძალაუფლების ქონის შემთხვევაში არ მოერიდებოდა ადმინისტრაციული რესურსის, სასამართლოების და უშიშროების სტრუქტურების გამოყენებას თავიანთი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ისევე, როგორც ძალაუფლების შენარჩუნების და პირადი გამდიდრების მიზნით. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, 9 ფიზიკურმა და 15 იურიდიულმა პირმა, რომლებიც 2019/20 წლებში „ქართული ოცნების“ მსხვილ შემომწირველებს წარმოადგენდნენ, მოიპოვეს გამარჯვება გამარტივებული პროცედურებით ჩატარებულ სახელმწიფო ტენდერებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, კულუარებში ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ახდენს პოლარიზაციას და ხელს უშლის კომპრომისებს. ივანიშვილმა სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის თავს ანებებს პოლიტიკას. ამ ფონზე, კიდევ უფრო უცნაურად ჩანს ის ფაქტი, რომ არჩევნების შემდეგ ,,ქართულ ოცნებაში" და საქართველოს მთავრობაში საკვანძო პოზიციები ივანიშვილის ერთგულმა პირებმა დაიკავეს. ახალმა პრემიერმა ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 2013-2015 წლებში მთავრობის მეთაურად ყოფნის რანგში ორი ძირითადი მახასიათებელი გამოავლინა, ესენია აბსოლუტური ვასალური ერთგულება ივანიშვილის მიმართ და არანაირი ინტერესი ოპოზიციასთან კომპრომისისა. ის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, თუ ივანიშვილთან კოორდინაციას არ მოახდენს. ეგოიზმი, კორუფცია და არაფორმალობა ის ფაქტი, რომ ძირითადად, ტურიზმსა და მომსახურების სექტორზე დამოკიდებულ ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კრიზისი განიცადა ქართულმა საზოგადოებამ, ეს ფაქტი კონკურენტ მხარეებს არ აწუხებთ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ადამიანთა თითქმის 20% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მუშაობს არაფორმალურ სექტორში და პანდემიის პერიოდში არ მიუღია არანაირი სოციალური დახმარება. ,,ქართული ოცნებაც" და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" ელიტის ინტერესებს იცავენ, რომლებმაც ქვეყნის მიწის პრივატეზება მოახდინეს და „ღვეზელის საუკეთესო ნაჭრებს იღებენ“ ყველაზე მაღალი საფასურის გადამხდელები. პრემიერ-მინისტრი, გახარია გაზაფხულზე პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური შედეგების გამკლავებისთვის საზოგადოების მაღალ შეფასებასა და მოწონებას იმსახურებდა. როდესაც ოპოზიციის ლიდერის დაკავებას შეეხო საქმე, გახარია წინააღმდეგი იყო და გარკვეული დამოუკიდებლობა გამოავლინა, როგორც პარტიული ხაზისგან, ასე ივანიშვილისგან. ამის მიუხედავად, ,,ქართული ოცნების" და 1990-იან წლებში რუსეთში გამდიდრებული ბიძინა ივანიშვილის მიმართ პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ მათ საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნება სურთ, დაუსაბუთებელია. უდავოა, რომ ,,ქართული ოცნება" ცდილობდა, რუსეთთან უფრო კონსტრუქციული ურთიერთობები აეწყო, ვიდრე ამას მიხეილ სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში აკეთებდა და ამ მცდელობის შედეგად, მოსკოვთან არსებული დაძაბულობა გარკვეულწილად განიმუხტა კიდეც. ,,ოცნების" ხელისუფლებისას ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის მიზანზე ოფიციალურად უარი არასოდეს თქმულა, ფაქტობრივად, საქართველოში 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობის შესახებ განცხადება მზადდება. თუმცა, რასაც საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკვირდებით, არის მზარდი კორუფცია და არაფორმალური სტრუქტურების გაძლიერება. ამასთან, მმართველი პარტია სულ უფრო მეტად ახდენს უშიშროების ორგანოების და სასამართლოების ინსტრუმენტალიზაციას პირადი ინტერესების რეალიზების მიზნით და ოპოზიციის წინააღმდეგ. უშიშროების სტრუქტურების და სასამართლოების მსგავსი ინსტრუმენტალიზაცია სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადის დროსაც არსებობდა, თუმცა იმჟამინდელი მმართველი პარტიის, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებით მოქმედებდა. სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის მიწურულს საქართველო, 100.000 მოსახლეზე საპატიმროებში მყოფ პირთა რაოდენობის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების სიაში იყო. ,,მცოცავი რუსიფიკაცია” უფრო წარმატებული რეფორმების რღვევაა, ოფიციალური ინსტიტუტების შესუსტება არაფორმალური ინსტიტუტების სასარგებლოდ. შედეგად, იმ ფონზე, რომ ქვეყანას არ შეუცვლია თავისი გეოპოლიტიკური ორიენტირი, ,,ქართული ოცნების" და ქართული პოლიტიკური ელიტის დღევანდელი პოლიტიკა საქართველოს სულ უფრო მეტად აშორებს ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. პოლიტიკური ალტერნატივების არარსებობა რაც საქართველოს აკლია, არის მესამე ძალა, რომელსაც შეუძლია, წარმოადგინოს სხვა პოლიტიკა, გარდა ამჟამინდელი წამყვანი პარტიების ელიტარული ჯგუფების ეგოიზმისა. გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობას ეს სურს. NDI / CRRC– ს მიერ 2020 წლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა 30% არ უკავშირდება რომელიმე პარტიას. იმედი, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოყალიბებული პარტია „ლელო“ და მისი დამფუძნებლი, მამუკა ხაზარაძე შეიძლება ყოფილიყო მესამე ძალა, სწრაფად გაიფანტა. ხაზარაძემ, ბანკირმა და ბიზნესმენმა, თავდაპირველად შეძლო მრავალი ახალგაზრდა, პროგრესული და მემარცხენე მხარდამჭერების თავის პარტიაში აყვანა, თუმცა მალევე გახდა აშკარა, რომ ის ,,ქართული ოცნების" და ,,ნაციონალური მოძრაობის" ანალოგიურ პოლიტიკას გაატარებდა: ხაზარაძის მიერ განხორციელებული პოლიტიკა უფრო მეტად ორიენტირებული იყო მისი პირადი, ბიზნეს ინტერესების დაცვაზე, ამასთან, ყოფილი ბიზნესმენი შიდა პარტიულ დემოკრატიას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა. ვიდრე საქართველო ვერ შეძლებს, შექმნას ალტერნატიული პოლიტიკური მოძრაობები, ძირეული საფუძვლებით, ბიზნეს ელიტა განაგრძობს ქვეყნის ბედის განსაზღვრას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ამგვარი ვითარება ევროკავშირს ურთულებს მიმდინარე კონფლიქტში შუამავლის როლის შესრულებას და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების მიმართულებით მასშტაბური ტრანსფორმაციის მხარდაჭერას. ამგვარი რეფორმები, როგორც წარსულში, ისე დღესაც წინააღმდეგობაში მოდიან ელიტარული ჯგუფების დიდი ნაწილის ინტერესებთან. ბოლო 15 წლის განმავლობაში, ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვან დომინანტურ ნარატივს წარმოადგენდა ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. აშშ და ევროკავშირი ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდნენ საქართველოში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისშიც, ესენი არიან აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, რომლებიც ცდილობენ, იყვნენ შუამავლები დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ამასთან, აშშ და ევროკავშირი საქართველოში მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ყოველთვის მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ. დღესაც, არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ისევ და ისევ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ცდილობენ, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიაციას. ამასთან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პირველად გავხდით დასავლელი მოთამაშეების მიმართ მათი აქტივობების და ჩარევის გამო გამოთქმული კრიტიკის მოწმენი. ბიძინა ივანიშვილი, იმ დროს ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უკვე 2019 წლის ნოემბერში აკრიტიკებდა ამერიკულ ინსტიტუტებს, როგორებიცაა NDI და IRI, სდებდა რა მათ ბრალს მიკერძოებულობაში იმ მოტივით, რომ ისინი „ქართული ოცნების“ ინტერესების საზიანოდ გამოკითხვების მცდარი შედეგების ტირაჟირებას ახდენდნენ. დღევანდელი პოლიტიკური კრიზისის პირობებში ქართველი პოლიტიკოსები დასავლელ პარტნიორებს, ერთი მხრივ, მხარდაჭერის თხოვნით მიმართავენ, მეორე მხრივ კი, მიკერძოებულობაში სდებენ ბრალს, როგორც კი, ეს მხარდაჭერა შეუსაბამობაში მოდის მათ კერძო, ძალაუფლებრივ ინტერესებთან. შედეგად, ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლები ამასობაში თვითონაც გადაიქცნენ შიდა ესკალაციის სპირალის შემადგენელ ნაწილად ისე, რომ მათ არ შესწევთ აღნიშნული სპირალის გაწყვეტის უნარი. ალტერნატიული ძალის გარეშე ხელახალი არჩევნების ჩატარებაც ვერ შეძლებდა ხსენებული პოლარიზაციის აღმოფხვრას. უფრო მეტი ევროკავშირი ამავდროულად, ევროკავშირიც სულ უფრო მეტად კარგავს თავის ტრანსფორმაციულ ძალას. აღნიშნული გამოწვეულია, როგორც ევროკავშირის შიდა კრიზისით, ისე ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში წარმოქმნილი კრიზისით, რასაც ემატება ევროკავშირის მიერ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროს მოთამაშის როლზე უარის თქმა იმ რეგიონში, სადაც უსაფრთხოება საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს. მთიანი ყარაბაღის მეორე ომისგან ევროკავშირის და აშშ-ის დისტანცირება სამხრეთ კავკასიაში არსებულ გეოპოლიტიკურ კონსტელაციაზე უმნიშვნელოვანეს გავლენას იქონიებს. რეგიონის სამივე სახელმწიფომ დაინახა, რომ უსაფრთხოების პოლიტიკურ კრიზისში არ უნდა ჰქონდეთ არც ვაშინგტონის და არც ბრიუსელის იმედი. ეს ფაქტი განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა სომხეთის და აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოებებისთვის. „რუსი სამშვიდობო ჯარების“ განთავსება უკვე აზერბაიჯანშიც - სამხრეთ კავკასიის ერთადერთ სახელმწიფოში, რომლის ტერიტორიაზეც მანამდე რუსი სამხედროები არ იმყოფებოდნენ, ისევე, როგორც ხსენებულ ომში თურქეთის ჩარევა, ხელს შეუწყობს სამივე სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოს უფრო მეტ ფოკუსირებას რუსეთის ფედერაციასა და თურქეთზე. სამეზობლო პოლიტიკას ბოლოსდაბოლოს უნდა დაემატოს უსაფრთხოების პოლიტიკის უფრო მძლავრი შემადგენელი, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში უშიშროების სტრუქტურების რეფორმირებას და, ამავდროულად, რეგიონალური კონფლიქტების კონტექსტში შესაძლებელს გახდის ევროკავშირის უფრო აქტიურ პოლიტიკურ, მედიაციურ ჩართულობას. ამგვარი მიდგომის ნაწილს შეიძლება წარმოადგენდეს ევროკავშირის მზაობა, გააძლიეროს კონფლიქტებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მრავალმხრივი პლატფორმები, შექმნას სამშვიდობო მისიები და გადახედოს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის როლს. გარდა ამისა, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში რეალიზებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიაში უნდა მოხდეს ევროკავშირის პოლიტიკის ისეთი ელემენტების ინტეგრირება, როგორებიცაა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერების ხელშეწყობა და ეკონომიკური ინვესტიციები. ამავდროულად უნდა მოხდეს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის უფრო ქმედუნარიანი ინსტრუმენტებით შევსება. ამ ყველაფერთან ერთად ევროკავშირმა საქართველოს უნდა შესთავაზოს გაწევრიანების პერსპექტივა, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა სიტუაცია იქნება ამ თვალსაზრისით 10-15 წლის შემდეგ. საქართველოს სჭირდება კომპასი, რომლის მიცემაც ქვეყნისთვის გარედან ნაწილობრივ ევროკავშირს შეუძლია. თუმცა ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ცვლილებების და რეალური ალტერნატივების არსებობის გარეშე ესკალაციის სპირალი ერთი და იმავე ღერძის გარშემო ბრუნვას მომავალშიც განაგრძობს.

საქართველოში ჩამოსვლაზე მიღებულ უარს აფგან მუხთარლი სტრასბურგის სასამართლოში ასაჩივრებს

საქართველოში ჩამოსვლაზე მიღებული უარის გასაჩივრებისთვის, აფგან მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც აზარბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი წერს, მას ისევ არ ეძლევა საქართველოში ჩასვლის და ჩვენების მიცემის შესაძლებლობა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მას საქართველოში ჩასვლა სურს, რომ ჩვენება მისცეს პროკურატურის გამომძიებლებს და აჩვენოს მარშრუტი, რომლითაც საქართველოდან აზერბაიჯანში წაიყვანეს. მისი თქმით, მას როგორც დაზარალებულს, ამის უფლება აქვს. "ციხეში ყოფნისას, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ჰქონდათ საბაბი, რომ აზერბაიჯანმა არ მისცა მათ ჩემი დაკითხვის უფლება. დაახლოებით ერთი წელია თავისუფალი ვარ და საქართველოს ხელისუფლება საქართველოში ჩემს ვიზიტს ხელს უშლის. ბოლოს, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში ჩემი ვიზიტი საეჭვო იყო და პოლიტიკურ დაპირისპირებას დაუკავშირა. სისულელეა! არჩევნები დასრულდა. რა არის შემდეგი საბაბი? თუ საქართველოს ხელისუფლება არ არის თანამონაწილე ჩემი გატაცების საქმეში, მათ უნდა გამიშვან, რომ თბილისში ჩამოვიდე შესაბამისი გამოძიებისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩემს გატაცებაში საქართველოს მთავრობამ მონაწილეობა მიიღო", - წერს ჟურნალისტი.