ძებნის რეზულტატი:

ნათია თურნავა: ნამახვანჰესის კრიტიკა სამ ძირითად ასპექტს მოიცავს - „არა ჰესებს“, „ქსენოფობიური რიტორიკა“ და „პროექტის სტრუქტურა“

"ნამახვანჰესის კრიტიკა სამ ძირითად ასპექტს მოიცავს - „არა ჰესებს“, „ქსენოფობიური რიტორიკა“ და „პროექტის სტრუქტურა“ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრმა პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. თურნავას თქმით, ნამახვანჰესი გამოიმუშავებს 1.5 მლრდ კვ/სთ-ს, რაც ნიშნავს დღევანდელი იმპორტის ტოლფასს მოცულობას. ეს არის 833 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია საქართველოს პოსტკოვიდურ ეკონომიკაში და 2 000-მდე დასაქმებული ადამიანი. ამასთან, ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე საფუძვლიანად შესწავლილი პროექტი, მათ შორის, ცნობილი უცხოური კონსულტანტების მიერ. „საკუთარი ენერგეტიკული რესურსის განვითარება გადის რამდენიმე მსხვილ ჰესზე, რომელსაც ექნება საშუალება, წყალსაცავების მეშვეობით შეინახოს წყალი და ენერგოსისტემაში ე.წ. მარეგულირებელი როლი შეასრულოს ანუ მიაწოდოს მომხმარებელს სიმძლავრე არა სეზონიდან და კლიმატური ფაქტორებიდან გამომდინარე, არამედ მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად დასჭირდება ჩვენს სისტემას და დისპეტჩერს. ასეთებია - რიონის აუზში „ნამახვანი ჰესი“ და „ონი ჰესი“, - აღნიშნა თურნავამ. ეკონომიკის მინისტრი აქცენტს აკეთებს „ნამახვანი ჰესის“ პროექტის კრიტიკის სამ ძირითად ასპექტზე, ესენია: ზოგადად ჰესების წინააღმდეგ აგორებული კამპანია „არა ჰესებს,“ ქსენოფობიური, უცხოელი ინვესტორის წინააღმდეგ მიმართული რიტორიკა და უშუალოდ პროექტის სტრუქტურასთან დაკავშირებული კრიტიკა. „მე მაინტერესებს აქ შეკრებილი აუდიტორიისგან, იზიარებს თუ არა ვინმე ამ სამი სეგმენტიდან პირველ ორს, ანუ ემხრობა თუ არა ვინმე ზოგად ანტიჰესების კამპანიას და იზიარებს თუ არა ვინმე ეთნიკური შუღლისკენ მიმართულ რიტორიკას. თუ ამას ვინმე იზიარებს, მათთან სასაუბრო არაფერი გვაქვს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ხუთივე ბრალდებული მოსამართემ დამნაშავედ სცნო პატიმრობა მიესაჯათ არჩილ გაგნიძეს - 16 წელი; ნიკოლოზ რევაზიშვილი - 16 წელი; ვახტანგ ჩიქოვანი - 16 წელი; 2 არასრულწლოვნის სასჯელი განისაზღვრება მომდევნო სხდომაზე. განაჩენი მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ და მოსამართლემ ბიძინა სტურუამ გამოაცხადა. დაკავებულთაგან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდა.

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაა

აჭარის მთავრობის სახლთან სოფელ წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, ისინი სტიქიით დაზარალებულები არიან, მათ ხელისუფლებამ სოციალურ კორპუსში საცხოვრებლები გადასცა, თუმცა შენობაში ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და ცხოვრება შეუძლებელია. აქციის მონაწილეები აღნიშნული ფართების გარემონტებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მათ არ შეხვდება და ეს პრობლემა არ გადაიჭრება, სოფელ წაბლანაში მშენებარე ჰესის პიკეტირებას მოახდენენ.

თეა წულუკიანი: მე რომ ვიყო პროკურორი, გამოვიძიებ სწორედ იმას, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი

"მე რომ ვიყო პროკურორი, გამოვიძიებ სწორედ იმას, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, რა მიზნით ჩაიწერა, როგორ მოხვდა ეს ჩანაწერი იქ სადაც მოხვდა, ანუ რომელიღაც ერთ პარტიულ ტელევიზიაში, რა მიზნით დამონტაჟდა ასე უსინდისდოთ და რა მიზანს ისახავდა', - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. „ნაციონალურ მოძრაობას“, მის დამქაშებს, დაჯგუფებებსა და განყოფილებებს მივმართავ, რომელთაც დღეს პოლიტიკური პარტია ჰქვიათ და ზოგიერთი ჟურნალისტი ხართ მათი პარტიული ტელევიზიები. თქვენ ქართველმა ხალხმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს ხელისუფლებიდან სწორედ იმიტომ გაგიშვათ, რომ თქვენ ფარულად იწერდით ბავშვებს, ამ ბავშვებს შორის აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი იყო ბერა ივანიშვილი. რატომ აკეთებდით, ამას? იმიტომ, რომ ბავშვები და მოზარდები გამოგეყენებინათ მათი მშობლების წინააღმდეგ. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა იდგა ვანოზე. იმ ვანოზე, რომლისაც დღეს გრცხვენიათ, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნისას ხდება ამ უკანონო ჩანაწერების უსირცხვილო დამონტაჟება. ეს არის გაკეთებული ფაბრიკაცია უკანონო ჩანაწერების. ამიტომ პროკურორი რომ ვიყო, გამოვიძიებდი სწორედ იმას, ვინ ჩაიწერა არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, რა მიზნით, როგორ მოხდა ეს ჩანაწერი რომელიღაც პარტიულ ტელევიზიაში. რა მიზნით დამონტაჟდა ასე უსინდისოდ და რა მიზანს ისახავდა. თუ გამოძიება დაიწყო, თქვენგან მესმის, დაველოდოთ“, – განაცხადა წულუკიანმა. წულუკიანის აზრით, გავრცელებული ჩანაწერების მიზანია, "რომ ჩანაწერების რაღაც ფაბრიკაციით, უკანონოდ თქვან, რომ ღარიბაშვილთან სალაპარაკოდ არ დავჯდები". "ე.ი. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოდის ხელისუფლებაში სწორედ ამიტომ და მათ კარგად უნდა გაიგონ, რომ დღესაც დგანან ვანოსა და მეგის ქარდავას საქმიანობაზე, აქვთ რაღაც უკანონო ჩანაწერები, ჭრიან, კერავენ და ცდილობენ, მიაღწიონ მთავარ მიზანს, რომ ქვეყანაში შეიქმნას არეულობა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა. წულუკიანი საზოგადოებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. „მინდა, როგორც ერთმა დეპუტატმა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ალბათ, მათთვის საკმარისი აღარ არის პარტიებს შორის დაპირისპირება და ყველაფერს აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ქუჩაში მყოფი დამქაშები, რომ საზოგადოებაში სამოქალაქო დაპირისპირების რაღაც მიზეზები გააჩინონ. ყველანი უნდა ვიყოთ, მაქსიმალურად თავშეკავებულები, რადგან ეს არის აღვირახსნილი ძალა, რომელსაც გაუხარდება საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირება. თუ თქვენ ჩანაწერების ფაბრიკაციას მოუსმენთ, ნახავთ, რომ ამ საუბრიდან ნათელზე ნათელია, რომ ღარიბაშვილი არ არის თანამდებობის პირი. ორჯერ ორი ოთხია. კიდევ ვიმეორებ, მთავარია გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი და რა მიზნით. მე ჩემი ეჭვი მაქვს. როგორც ყველა ბავშვს, ვინც იყო ოპოზიციაში მყოფი მშობლის შვილი წერდნენ და შემდეგ ოჯახს ატერორებდნენ. ეს იყო მიზანი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მასშტაბის ადამიანი, ვისაც „ნაციონალები“ დაატერორებდნენ და ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ ჩვენ ეს ბოროტება დავამარცხეთ. ეს ბოროტება დღესაც გრძელდება და საბოლოო წერტილი რომ დაესვას, ეს საკითხებია გამოსაძიებელი", – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კელი დეგნანი: აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება და უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება

"აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება, კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება და უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება", - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ყოვლისმომცველი დღის წესრიგი გააჩნიათ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ინიციატივებზე მუშაობა გაგრძელდეს ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს, რათა საქართველო დაუბრუნდეს მის წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენას. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება, ახალი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა“, - განაცხადა კელი დეგნანმა. როგორც ცნობილია, მხარეებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი. "მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-ი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და ხელისუფლება აფასებს ოფიციალური ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერას არაერთ მიმართულებით, მათ შორის როგორც ქვეყანაში რეფორმების განხორციელების, ასევე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების დაძლევის პროცესში. ირაკლი ღარიბაშვილმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ის, როგორც ძლიერი სტრატეგიული პარტნიორის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას, რათა ქვეყანამ უახლოეს პერიოდში მიიღოს ვაქცინის საჭირო რაოდენობა და დაიწყოს მოსახლეობის ვაქცინაცია. პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის. შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას. ამერიკელმა დიპლომატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"გამოდი ღირსებისთვის" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაა

"გამოდი ღირსებისთვის" - თბილისში მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მოეწყო. "არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს", "მონა", "წადი"- მსგავსი ბანერებით აქციის მონაწილეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და სკანდალურ აუდიოჩანაწერებში მონაწილე პირების დასჯას და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ. მთავრობის ადმინისტარციასთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მერკელის თანაპარტიელი სამედიცინო ნიღბების წარმოებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო პარლამენტს დატოვებს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თანაპარტიელმა დეპუტატმა, ნიკოლას ლობელმა სამედიცინო ნიღბების წარმოებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ინფორმაციის Euronews-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, კომპანია, რომელსაც დეპუტატი ხელმძღვანელობდა, პანდემიის პირობებში ნიღბების მწარმოებელ კომპანიასა და გერმანიის ხელისუფლებას შორის შუამავალი იყო, სწორედ შესყიდვებში საშუამავლო მომსახურეობისთვის ლობელის კომპანიამ საკომისიო თანხად 250 000 ევრო მიიღო. დეპუტატმა აღიარა, რომ მან შეცდომა დაუშვა, საკითხის მიმართ უფრო სენსიტიური უნდა ყოფილიყო. ამასთან აღნიშნა, რომ პარლამენტში დეპუტატის მანდატს საბოლოოდ აგვისტოს ბოლოს დათმობს. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა ბრალდების გაჟღერების შემდეგ ლობელი მწვავედ გააკრიტიკეს. ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბუნდესტაგის კიდევ ერთი დეპუტატი პანდემიის პერიოდში ნიღბებთან დაკავშირებულ სკანდალში ამხილეს და კორუფციულ გარიგებებზე გამოძიებას ელის, თუმცა მას ლობელის მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია. ცნობისთვის, სექტებერში გერმანიაში უნდა ჩატარდეს ეროვნული საპარლამენტო არჩევნები, რათა დადგინდეს, ვინ შეცვლის კანცლერ მერკელს.

დაკავებულები უფრო მკაცრ სასჯელსაც იმსახურებდნენ, თუმცა კანონით გათვალისწინებული კონკრეტული მუხლი მეტს არ ითვალისწინებდა - მირიან ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი და ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ მოსამართლის მიერ საქმეზე დაკავებული პირებისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა სამართლიაი და ობიექტური გადაწყვეტილებაა. როგორც ნიკოლაძემ Europetime-ს განუცხადა, დაკავებულები უფრო მკაცრ სასჯელსაც იმსახურებდნენ, თუმცა კანონით გათვალისწინებული კონკრეტული მუხლი მეტს არ ითვალისწინებდა. ,,სასამართლომ ის გადაწყვეტილება გამოიტანა, რა მოლოდინიც ოჯახს გვქონდა, სხვა რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო?! ვინ გადარია ესენი, რომ ამ მტკიცებულებების ფონზე შეიძლებოდა, რომ გამამართლებელი განაჩენი დამდგარიყო, არ ვიცი. ჩვენ კატეგორიულად ვამბობდით, რომ დადასტურებული იყო ყველაფერი. რა თეატრალურ წარმოდგენებს მართავენ, ძირს ფორთხიალობენ, ვითომ არ იციან, რომ მკვლელები არიან და ვითომ სასამართლოს გადაწყვეტილება არაობიექტურია, კარგით რა, ვის სჯერა?! საზოგადოებრივი აზრის ფორმირება უნდათ, თორემ ყველამ ყველაფრი იცოდა და ყველა ყველაფრის მოლოდინში იყო, ახლა თურმე არაფრის მოლოდინში არ არიან. ზღაპარია ეს ყველაფერი. მოსამართლის გადაწყვეტილება სწორი იყო, ობიექტური, რა უნდა ექნა სხვა?! ძალიან კარგი, დასასჯელები არიან, ღირსები არიან. მეტი აღარ იყო კანონით დასასჯელი, თორემ უნდა მიესაჯათ, თუმცა მუხლით აღარ იყო მეტი", - განაცხადა ნიკოლაძემ. ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ხუთივე ბრალდებული მოსამართემ დამნაშავედ სცნო პატიმრობა მიესაჯათ არჩილ გაგნიძეს - 16 წელი; ნიკოლოზ რევაზიშვილი - 16 წელი; ვახტანგ ჩიქოვანი - 16 წელი; 2 არასრულწლოვნის სასჯელი განისაზღვრება მომდევნო სხდომაზე. განაჩენი მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ და მოსამართლემ ბიძინა სტურუამ გამოაცხადა. დაკავებულთაგან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდა.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატის ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ. "შემდეგი ნაბიჯი იქნება ყველა ის მექანიზმი რაც კანონით არის განსაზღვრული, ჩვენ ამოვწურავთ ამას. არ გვაქვს იმის ილუზია, რომ სააპელაციო სასამართლო ან უზენაესი სასამართლო რამეს შეცვლის, თუმცა შემდეგ ვგეგმავთ, რა თქმა უნდა, მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს. იქ უკვე ალბათ მივაღწევთ სიმართლეს", - განაცხადა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა. ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური. "არც კანონში ჯდება, არც ლოგიკაში ჯდება, არაფერში არ ჯდება ეს გადაწყვეტილება. ეს არის გარიგება, ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ ბიძინა სტურუა დაინიშნება უზენაეს სასამართლოში“, - უთხრა ჟურნალისტებს ბექა ნემსიწვერაძემ. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. პატიმრობა მიესაჯათ არჩილ გაგნიძეს - 16 წელი; ნიკოლოზ რევაზიშვილი - 16 წელი; ვახტანგ ჩიქოვანი - 16 წელი; 2 არასრულწლოვნის სასჯელი განისაზღვრება მომდევნო სხდომაზე.

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მას შემდეგ რაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა, სასამართლოს ეზოში მყოფ პირებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. პოლიციამ რამდენიმე პირი ადგილიდან გაიყვანა, თუმცა, ცნობილი არ არის, ისინი დააკავეს თუ სიტუაციას გაარიდეს. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. პატიმრობა მიესაჯათ არჩილ გაგნიძეს - 16 წელი; ნიკოლოზ რევაზიშვილი - 16 წელი; ვახტანგ ჩიქოვანი - 16 წელი; 2 არასრულწლოვნის სასჯელი განისაზღვრება მომდევნო სხდომაზე.

მეთიუ ბრაიზა: დიპლომატების წერილი ნამდვილად მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც ელჩი დანიელსონი მისცემს ბიძგს

„ჩვენი წერილი ნამდვილად მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც ელჩი დანიელსონი მისცემს ბიძგს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანამშემწემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს განუცხადა, რითაც უცხოელი დიპლომატების ღია წერილს გამოეხმაურა. ამ წერილს თავად ბრაიზაც აწერს ხელს. „ჩვენი წერილი ნამდვილად მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც ელჩი დანიელსონი მისცემს ბიძგს (წერილის წერისას ჩვენ არ ვიცოდით, რომ დანიელსონი ევროკავშირის მედიატორი იქნებოდა). ძალიან კარგია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მედიატორი დანიშნა. ჩვენი წერილი ნამდვილად მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც ელჩი კრისტიან დანიელსონი მისცემს ბიძგს. მე ვმუშაობდი კრისტიან დანიელსონთან ერთად 2007-2008 წლებში, როდესაც ის ხელმძღვანელობდა ევროკომისიის განყოფილებას, რომელიც კურირებდა ევროკავშირთან თურქეთის ურთიერთობების პროცესს. ის ძალიან ჭკვიანი, სტრატეგიულად მოაზროვნე, სამართლიანი. მასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა, ის შესანიშანვი მედიატორი იქნება“, - განუცხადა ბრაიზამ Europetime-ს. საქართველოს მეგობრები, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესახებ ღია წერილს აქვეყნებენ. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, იზრუნოს არსებული კრიზისიდან გამოსვლის კონსტრუქციული გზების შეთავაზებაზე. მათ შორის, გადადგას პირველი ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებით.

ანზორ ჩუბინიძე: ბუნებაში არ არსებობს ახალგზარდა, გნებავთ ძველგაზრდა ადამიანი, რომელზეც რაიმე ზემოქმედება მომიხდენია

"დღეს ანზორ ჩუბინიძეს ამაყად შეუძლია თქვას, რომ ბუნებაში არ არსებობს ახალგზარდა, გნებავთ ძველგაზრდა ადამიანი, რომელზეც მას რაიმე ზემოქმედება მოუხდენია", ასე გამოეხმაურა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელ ანზორ ჩუბიიძე "TV პირველის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს. ამის შესახებ მან "ქრონიკაში" ისაუბრა. ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ უკანონო ჩანაწერების გავრცელება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მისივე თქმით, აუდიო ჩანაწერი, რომელიც მაყურებელმა ერთ-ერთი ტელეარხის ეთერით, მოისმინა, მოდელირებულია და ეს იყო მცდელობა, რომ სიუჟეტი გადმოეტანათ 2010-2011 წლებიდან 2016-2017 წლებში და თვითონ და ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც უკვე მოქმედი ჩინოსანი და პრემიერ-მინისტრი აბსურდულ ბრალდებაში დაედანაშაულებინათ. „რეალობაში რა ხდება? ირაკლი ღარიბაშვილს, 2010-2011 წლებში, როდესაც ის „ქართუ ფონდის“ თავმჯდომარე იყო, ჩემს მიერ ხსენებულ შეხვედრებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. დღეს ანზორ ჩუბინიძეს ამაყად შეუძლია თქვას, რომ ბუნებაში არ არსებობს ახალგზარდა, გნებავთ ძველგაზრდა ადამიანი, რომელზეც მას რაიმე ზემოქმედება მოუხდენია“, - განაცხადა ანზორ ჩუბუნიძემ. როგორც ანზორ ჩუბინიძე იხსენებს, 2010-2011 წლებში, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადებდა, ხშირი იყო მუქარა მისი ოჯახის წევრების, უფრო კონკრეტულად კი ბერა ივანიშვილის მიმართ. მაშინ ჩუბინიძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და მისი უშუალო ვალდებულება იყო ჩართულიყო საქმეში და შეემოწმებინა, საფრთხე რამდენად რეალური იყო. ჩუბინიძე ადასტურებს, რომ ბერა ივანიშვილის ლანძღვის გამო რამდენიმე ახალგაზრდას შეხვდა და მათ მშობლებს ელაპარაკა. თუმცა, მისი მტკიცებით, ეს არა მუქარისშმეცველი, არამედ "პოზიტიური" საუბრები და "კეთილსაიმედო" გარემო იყო. „ეს იყო 2010 წლის ბოლო, 2011 წლის დასაწყისი. ეს არის პერიოდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ არ აქვს განცხადება გაკეთებული პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით. ამ დროს მე ვარ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი. ამ პერიოდში ბერას მიმართ გავრცელდა მუქარის შემცველი და სალანძღავი სიტყვებით დახუნძლული პროვოკაციული განცხადებები. რა თქმა უნდა, ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო და რა თქმა უნდა, მეც ჩავერთე. მოვახდინე იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი. მე შევეცადე და გავედი კონტაქტზე ერთ-ერთის მშობელთან. ჩემდა სასიხარულოდ, მშობელი აღმოჩნდა ადეკვატური, კარგად გაიგო ჩვენი შეშფოთების საფუძველი, ჩაერთო ძალიან პოზიტიურად და მედიატორის როლიც კი იკისრა ახალგაზრდებთან. იგივე მშობელი ჩვენ დაგვეხმარა და გავიყვანა კონტაქტზე თავისი შვილის მეგობართან, რომელიც ძირითადად ავრცელებდა ამ პოსტებს. ის ცხოვრობდა მეზობელ კორპუსში. მშობელთან ერთად როდესაც ჩვენ მასთან მივედით, აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდა მარტო იყო სახლში და მისი შობლები არ იყვნენ იმ დროს. ჩემი თხოვნით, საუბრის პროცესში ჩაერთნენ მეზობლები. ჩემი განზრახვა იმაში მდგომარეობდა, რომ ახალგაზრდა კაცისთვის შემექმნა კეთილსაიმედო გარემო და მისი ნდობა მომეპოვებინა. ამან გაამართლა, საუბრის დასაწყისშივე მეზობლებთან და ზემოთ აღნიშნულ მშობელთან ერთად ადვილად შემოვიყვანე კონტაქტში. ჩემს მიმართ კარგად განეწყო. მე მას ჩემთვის სასურველი კითხვები დავუსვი და მივიღე პასუხები. დავრწმუნდი იმაში, რომ მის მიერ მანამდე გავრცელებულ მუქარას არ ექნებოდა მომავალში რაიმე ტიპის ქმედება და ფაქტობრივად ამით დასრულდა საუბარი“ - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 3 ბრალდებულს 16 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ორი არასრულწლოვანის განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 3 ბრალდებულს 16 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ორი არასრულწლოვანის განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ე.წ. ,,საბურთალოელებმა“ სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს ვ.ჩ.-სა და მის თანმხლებ პირებს. ეს უკანასკნელი, თავს თვლიდა რა კონფლიქტში დაჩაგრულად, მოწინააღმდეგე მხარეზე შურისძიებისა და ანგარიშსწორებისათვის საჭირო დამატებითი ფიზიკური ძალის მობილიზების მიზნით, დაბრუნდა ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში და უზრუნველყო ხალხის შეკრება. 2020 წლის 19 ივნისის დაახლოებით 00:30 საათისათვის, ვ.ჩ. თანმხლებ პირებთან - ნ.რ-სთან, ა.გ.-სთან, ვ.მ.-სთან, ზ.ხ.-სთან და ა.ქ.-სთან ერთად, ,,ტოიოტა ქამრის“ მარკის ა/მანქანით გაემართა მცხეთის მიმართულებით. მცხეთაში ასევე ა/მანქანებით წავიდნენ ნაძალადევში შეკრებილი სხვა პირები. პარალელურად აღნიშნულისა, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთათვის ასოცირდებოდნენ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებთან, ფეხით გადაადგილდებოდნენ თბილისის მიმართულებით. დაახლოებით 00:45 საათზე, არაგვის ხიდთან არსებულ ავტო-სამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაძალადევის რაიონიდან წამოსული ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ პირებს - გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, კ.ღ.-სა და ი.ბ.-ს. თავდამსხმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კ.ღ.-ს, გ.ქ.-სა და ვ.ა.-ს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა და სხვა პირებმა გაქცევით დააღწიეს თავი ძალადობას. ანგარიშსწორება გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი. აღნიშნულის შემდგომ, გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. დაბრუნდნენ სამრეცხაოს ტერიტორიაზე და ცდილობდნენ ნაცემი გ.ქათამაძის დახმარებას, ასევე თბილისის მიმართულებით გადაადგილების გაგრძელებას, რა დროსაც მათ გზა გადაუჭრა ვ.ჩ.-ს კუთვნილმა ,,ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანამ. გაჩერებისთანავე, ავტომანქანიდან გინებით გადმოვიდნენ, ვ.მ., ნ.რ., ა.გ., ზ.ხ., ა.ქ., ვ.ჩ. და დაედევნენ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ პირებს, რომლებიც ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით, გაიქცნენ ავტობანზე არაგვის ხიდისკენ დასავლეთის მიმართულებით. მათ გადაირბინეს არაგვის ხიდი, გადაკვეთეს საავტომობილო გზა და სირბილი განაგრძეს დასავლეთის მიმართულებით. გიორგი შაქარაშვილის თანმხლები პირი გ.ქ., რომელიც იყო ნაცემი, თავდამსხმელებისგან თავის დაღწევის მიზნით, საავტომობილო გზაზე მოწყობილი ბეტონის გამყოფი ზოლის გადაკვეთის შემდეგ, დაიმალა გამყოფ ზოლში არსებულ ნარგავებში. ამავდროულად, საავტომობილო გზა გადაკვეთეს, მეორე მხარეს გადავიდნენ და გიორგი შაქარაშვილის და მასთან ერთად მყოფი პირების დევნა განაგრძეს თავდამსხმელებმა ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ და ზ.ხ.-მ. დასავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის ნაპირზე არსებული ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისას, გიორგი შაქარაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა ვ.ა.-მ სირბილი განაგრძეს გზის მარჯვენა მხარეს ხიდის ქვეშ გამავალ მეორეხარისხოვან გზაზე, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გ.ა. გაიქცა ზემოაღნიშნული შენობის მიმართულებით და დაიმალა მის უკან არსებულ ბუჩქებში. გიორგი შაქარაშვილს და ვ.ა.-ს იმავე მიმართულებით გაეკიდნენ ვ. ჩ., ა. ქ. და ზ.ხ., ხოლო ა. გ.-მ და ნ. რ.-მ, რომლებიც იმყოფებოდნენ აღმოსავლეთის მიმართულების საავტომობილო გზის მხარეს, განაგრძეს სირბილი გზის მარცხენა მხარეს არსებულ მეორეხარისხოვან გზაზე იმ მიზნით, რომ პირისპირ დახვედროდნენ იმავე გზაზე საპირისპირო მხრიდან გამოქცეულ პირებს და გზა გადაეღობათ მათთვის. ვ.ა. მეორეხარისხოვან გზაზე სირბილისას დაიმალა გზის პირას არსებულ ბუჩქებში, გიორგი შაქარაშვილმა კი განაგრძო გადაადგილება. როდესაც იგი მიუახლოვდა მეორეხარისხოვანი გზის იმ მონაკვეთს, რომელიც არაგვის ხიდის ბურჯებს შორის გადის, საპირისპირო მიმართულებიდან მას გზა გადაუღობეს ა. გ.-მ და ნ. რ.-მ. გიორგი შაქარაშვილი, ორივე მხრიდან მოექცა რა თავდამსხმელებს შორის, გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით, იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის - მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. აღნიშნული ქმედებისათვის, ა. გ.-ს, ნ. რ.-ს, ვ. ჩ.-ს, ა. ქ.-ს და ზ.ხ.-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ა.გ.-ს, ვ.ჩ.-სა და ნ.რ.-ს სასჯელის სახით 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდებულ - ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს სასჯელის ზომას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასამართლო 2021 წლის 16 მარტს გამოაცხადებს, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ჩინეთმა კოვიდპასპორტების დარიგება დაიწყო

ჩინეთმა კოვიდპასპორტების გაცემა დაიწყო. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, პასპორტებში ასახულია ინფორმაცია პირის ვაქცინაციისა და კორონავირუსის ტესტის პასუხის შესახებ. სერთიფიკატის აღება მოქალაქეებისთვის ჯერ ნებაყოფლობითია და ის მსოფლიოში პირველ „კოვიდპასპორტად“ მიიჩნევა. ცნობისთვის, მსგავსი ზომების მიღებას განიხილავენ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშიც. ევროკავშირი კი ვაქცინაციის „მწვანე პასპორტზე“ მუშაობს. ასევე, ისრაელის მთავრობაც მოსახლეობისთვის კოვიდპასპორტების დარიგებას გეგმავს.

30 მარტიდან საქართველოსა და უზბეკეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

30 მარტიდან საქართველოსა და უზბეკეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ავიაკომპანია Uzbekistan Airways-მა რეგულარული ფრენების განახლებული განრიგი გამოაქვეყნა. ფრენები შესრულდება სამშაბათს და პარასკევს. Სამშაბათი: ტაშკენტი-თბილისი (გამგზავრება 16:10 საათზე, ჩამოსვლა 18:30 საათზე) თბილისი-ტაშკენტი (გამგზავრება 19:30 საათზე, ჩასვლა 23:30 საათზე). Პარასკევი: ტაშკენტი-თბილისის (გამგზავრება 20:40 საათზე, ჩამოსვლა 23:00 საათზე); თბილისი-ტაშკენტის (გამგზავრება 00:30 საათზე, ჩასვლა 04:30 საათზე).

თავდაცვის მინისტრი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ Nato-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ როსარია პუგლისთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. მხარეებმა შეხვედრაზე, შეხვედრაზე NATO-საქართველოს ურთიერთობა, NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტით (SNGP Refresh) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებისა და ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს კონტრიბუციის საკითხები განიხილეს. ,,საქართველოს თავდაცვის მინისტრმა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ როსარია პუგლისის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ნატოს სამეკავშირეო ოფისთან ინტენსიური თანამშრომლობა გაგრძელდება. შეხვედრაზე NATO-საქართველოს ურთიერთობა, NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტით (SNGP Refresh) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებისა და NATO-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს კონტრიბუციის საკითხები განიხილეს. მინისტრმა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უწყებაში განხორციელებული რეფორმები, თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, NATO-სთან თავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები გააცნო", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს შიდა პოლიტიკურ კრიზისში წარმატებული მედიაციით, ევროკავშირს რეგიონში შესუსტებული როლის გაძლიერება შეუძლია - კორნელი კაკაჩია

პოლიტოლოგ, კორნელი კაკაჩიას შეფასებით, საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის წარმატებული მედიაცია, თვითონ ევროკავშირის ინტერესებში შედის, რადგან ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომ, ევროკავშირს რეგიონში თავისი შესუსტებული როლის გაძლიერება შეუძლია. როგორც Europetime-თან საუბარში პოლიტოლოგი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ევროკავშირის როლი საკმაოდ გაფერმკრთალდა რეგიონში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში და ეს კარგად გამოჩნდა ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე, როდესაც დასავლეთი ფაქტობრივად არ მონაწილეობდა მიმდინარე მოვლენებში. „როგორც ჩანს, ამ ფაქტორმა უამრავი შეკითხვა გააჩინა ევროკავშირის როლთან დაკავშირებით, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში. აქედან გამომდინარე, თავისი როლის წარმოსაჩენად, საქართველოს შიდა პოლიტიკურ კრიზისში წარმატებული მედიაცია სჭირდება ევროკავშირსაც. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს და მის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამიტომ, ეს მონდომება ორმხრივი უნდა იყოს. თუმცა, თვითონ გადაწყვეტილება ქართველმა პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიიღონ, მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერც ევროკავშირი და ვერც სხვა საერთაშორისო მედიატორი მიიღებს. უბრალოდ, ისინი მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელ პლატფორმას ქმნიან და ორივე მხარეს ალტერნატიულ ვარიანტებს შესთავაზებენ. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, მათ ნაცვლად ამას ვერავინ გადაწყვეტს“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია. პოლიტოლოგის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირად წარმომადგენლად კრისტიან დანიელსონი დანიშნა, სულაც არ ნიშნავს იმას, რისი დანახვაც ჩვენ გვსურს. მისი თქმით, ის ფაქტი რომ, 2013 წელს დანიელსონი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი გახლდათ. 2015 წლიდან კი - სამეზობლო საკითხების და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის გააქტიურებაზე ნამდვილად არ მიანიშნებს. „მაგრამ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანი მეტ-ნაკლებად იცნობს ჩვენს რეგიონს, ევროკავშირის სამეზობლოს და მან იცის, რას უნდა ელოდოს ამ მოლაპარაკებებიდან, მოლოდინი სწორედ ეს არის, რომ ადამიანი, რომელიც ჩახედულია ამ რეგიონის პოლიტიკაში, დაინიშნა მოლაპარაკებების შუამავლად. ეს გარემოება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში დაპირისპირებულ მხარეებს შორის წარმატებული მედიაცია ევროკავშირსაც სჭირდება. თვითონ ხელისუფლებამაც აღიარა, რომ ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, რომელსაც თან ერთვის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი და პანდემიით გამოწვეული გართულებები. ამ სიტუაციაში ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება კონსენსუსზე დამყარებული პარტიული პოლიტიკა, რომელიც ეცდება ქვეყანა გამოიყვანოს ამ შექმნილი მდგომარეობიდან, ჩვენ კიდევ, ჭრილობაზე მარილის მიმოყრასავით გამოგვდის“, - განუცხადა Europetime-ს კორნელი კაკაჩიამ. მისივე თქმით, თუ ორივე მხრიდან იქნება კეთილი ნება, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. მთავარია, რომ ორივე მხარე იყოს გულწრფელი. „ეს ჯერჯერობით არ ჩანს და ამიტომ ხდება ის, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ - აგრესიული რიტორიკა, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მხრიდან. თუ ევროკავშირის აქტიურმა მედიაციამაც არ გამოიღო შედეგი, ფაქტობრივად უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

რუსეთი საქართველოს შესახებ მორიგ პროპაგანდისტულ განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, სერგეი ნარიშკინის განცხადებით, აშშ-ში "ქართული ოცნებით" უკმაყოფილოები არიან. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის დაზვერვის სამსახურის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ "აშშ მიხეილ სააკაშვილის დროიდან მიეჩვია საქართველოში პოლიტიკური პროცესების მართვას და იმის კარნახს, როგორ უნდა იფუნქციონიროს მთავრობამ, რა ხაზი უნდა გაატაროს ოპოზიციასთან მიმართებაში. ბოლო დროს ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება მმართველი გუნდის, ქართული ოცნების მიმართ მიმართ, რომელიც ამერიკულ მოთხოვნებს არ ემორჩილება. თეთრ სახლში გაღიზიანებულები არიან იმის გამო, რომ "მეოცნებეები" სრულად არ ასრულებენ დირექტივას, დაიცვან ევროატლანტიკური კურსი". რუსული საგარეო დაზვერვის სამსახური ასევე აცხადებს, რომ აშშ გეგმავს, ქართულ ოპოზიციას სისტემური მხარდაჭერა გამოუცხადოს და ამავდროულად, შელახოს მმართველი პარტიის პოზიციები. ამასთანავე, ნარიშკინის განცხადებით, აშშ თავის პარტნიორებსაც მოუწოდებს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ. "ვაშინგტონში ღიად უცხადებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თეთრი სახლის თბილისთან ურთიერთობის შემდგომი ხაზი დამოკიდებული იქნება საქართველოს მთავრობის მზადყოფნაზე, ზუსტად შეასრულოს ამერიკული მითითებები". რუსეთის საგარეო დაზვერვის დასკვნით, საქართველოს მაგალითი მოწმობს, რომ სწრაფვა ცალკეული ნაციონალური ელიტების სურვილი, გამოიყენონ ვაშინგტონის პატრონაჟი თავიანთი ამჟამინდელი ამოცანების გადასაჭრელად სწრაფად იწვევს დე ფაქტო სუვერენიტეტის დაკარგვას და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას როგორც საგარეო ასპარეზზე და საკუთარ ქვეყანაში ”. ნარიშკინისვე განცხადებით, "საქართველოს მაგალითი მოწმობს იმაზე, რომ სწრაფვა ცალკეული ნაციონალური ელიტების სურვილი, გამოიყენონ ვაშინგტონის პატრონაჟი თავიანთი ამჟამინდელი ამოცანების გადასაჭრელად სწრაფად იწვევს დე ფაქტო სუვერენიტეტის დაკარგვას და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას როგორც საგარეო ასპარეზზე და საკუთარ ქვეყანაში ”.

სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები ეუთო/ოდირი-ის საბოლოო მოხსენებას, რომელმაც დაადასტურა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი ეუთო/ოდირის დასკვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიესალმება ორგანიზაციის საბოლოო მოხსნებას, რომელიც ადასტურებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყოს. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იგი ყურადღებით აკვირდება საარჩევნო რეფორმების საკითხს, რათა უახლესი რეკომენდაციები შეიტანოს. ,,მივესალმები ეუთო/ოდირი-ის საბოლოო მოხსენებას, რომელმაც დაადასტურა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. მე ყურადღებით ვაკვირდები საარჩევნო რეფორმას, რომ უახლესი რეკომენდაციები შევიტანო", - წერს ზურაბიშვილი Tweet-ში. ცნობისთვის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა. ეუთო/ოდირი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, გააუმჯობესოს საარჩევნო პროცესი და უპასუხოს რეკომენდაციებს, რომლებიც მოცემულია აღნიშნულ და წინა ანგარიშებში.

ნათია თურნავა: მოსახლეობასთან უთანხმოების გამო, 100-ზე მეტი ჰესის პროექტია გაჩერებული

"მოსახლეობასთან უთანხმოების გამო, 100-ზე მეტი ჰესის პროექტია გაჩერებული", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. „რატომ არ აშენებს ჰესებს სახელმწიფო?“, - ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რომელიც სხდომაზე რამდენიმე პირმა დასვა, მათ შორის იყო „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზოგადად, სხვადასხვა ქვეყანაში ჰესების მართვის სხვადასხვა მოდელი არსებობს; საქართველოს კი არჩეული აქვს მოდელი, როდესაც ჰესები კერძო საკუთრებაშია. „ერთადერთი გამონაკლისია ენგურჰესი. რაც შეეხება „ნამახვანჰესის“ პროექტს, ეს არის კერძო-საჯარო პარტნიორობის სტრუქტურირებული პროექტი, ისევე როგორც მსგავსი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც ხდება როგორც ფინანსური სახსრების, ისე რისკების გადანაწილება“ , - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, კერძო ინვესტორების გარეშე ჰიდროელექტროსადგურების აშენების რესურსი არათუ - საქართველოს, არამედ არც ერთ სახელმწიფოს გააჩნია, მაგრამ მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ჰესების მიმართ არსებული ნეგატიური განწყობების გათვალისწინებით, „უკეთესი სტრუქტურა ჩამოყალიბდეს“. "ვერ დაგეთანხმებით, რომ კერძო ინვესტორი არ გვინდა და მხოლოდ ჩვენ უნდა ვაკეთოთ ყველაფერი. ამის რესურსი ჩვენ კი არა, არც ერთ სახელმწიფოს გააჩნია. ამასთან, ვითვალისწინებთ რა, იმ დებატებს, რაც გვაქვს „ნამახვანჰესის“ ირგვლივ, არ გამოვრიცხავ, უკეთესი სტრუქტურა ჩამოყალიბდეს, როცა სახელმწიფო რაღაცა დოზით, თუნდაც კომპანიის სახით ან ენერგეტიკული განვითარების ფონდის სახით მონაწილეობს ასეთ მსხვილ პროექტში, ვინაიდან ეს პროექტს ნდობას მატებს. როდესაც ვსაუბრობთ, რომ უნდა სრულვყოთ რაღაცეები და მათ შორის კანონმდელობა, ეს ერთ-ერთი იქნება, რაც შეიძლება განვიხილოთ და დავხვეწოთ. პრობლემა არის სისტემური - არ არსებობს ინვესტორის მიმართ ნდობა, ასევე, ნდობა ადგილობრივებსა და სახელმწიფოს შორის. ამ ნდობის მოპოვებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა როგორც ჩანს, საჭიროა, საკანონმდებლო ბერკეტები, სამმხრივი ხელშეკრულებები, სოციალური პასუხისმგებლობის განსაზღვრა, სათემო ფონდების შექმნის ვალდებულება და ა.შ. ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი პრობლემაა და 100-ზე მეტი პროექტი არის გაჩერებული, ძირითადად მოსახლეობასთან გარკვეული უთანხმოების გამო, რაც აზარალებს სახელმწიფოს. ამიტომ დაგეთანხმებით, რომ გვაქვს უფრო მეტი ნაბიჯი გადასადგმელი, რათა მეტად სრულვყოთ კერძო საჯარო პარტნიორობა. სახელმწიფო უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული, თუნდაც როგორც ამ ჰესების თანამფლობელი, თუმცა ამას გარკვეული რესურსი სჭირდება", - განაცხადა ნათია თურნავამ.