ძებნის რეზულტატი:

ლიეტუვის საელჩოს განცხადება: ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს

საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიეტუვა დიდი ხნის განმავლობაში არის და კვლავაც რჩება ერთგული, ხელი შეუწყოს საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის არსებულ ხანგრძლივი მეგობრობისა და განსაკუთრებული ურთიერთობების უნიკალურ ხასიათს. ასევე ლიეტუვა ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „ლიეტუვამ და ლიეტუველმა ხალხმა პირველებმა გაუწოდეს საქართველოს მხარდაჭერის ხელი 2008 წლის აგვისტოში. ურყევი სოლიდარობის ნიშნად, პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი ჩამოვიდა თბილისში იმ დროს, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ შემოსულნი და წინ მიიწევდნენ. ამჟამად, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, იმ პირობით, რომ ევროკომისიის მიერ დადგენილი 9 ნაბიჯი გადაიდგმება, საქართველო უფრო ახლოს არის, ვიდრე ოდესმე გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან და შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანებასთან. ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილებას ლიეტუვამ მთელი გულით დაუჭირა მხარი. სხვა ნაბიჯებთან ერთად, საქართველოს მოუწოდეს ებრძოლოს დეზინფორმაციას, უცხოეთიდან ინფორმაციის მანიპულირებას და ჩარევებს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ, ისევე როგორც უზრუნველყოს, რომ მისმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს თავისუფლად ფუნქციონირება. აღნიშნულთან მიმართებით, ამჟამად წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან. მოვლენების ასეთი განვითარება მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს როგორც ლიეტუვაში, ასევე ევროკავშირში. ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს; შესაბამისად, ლიეტუვის საელჩოს არ შეუძლია, კომენტარი გააკეთოს მსგავს განცხადებებზე. ლიეტუვა და მისი საელჩო არანაირად არ ეთანხმებიან ძალადობას და გამოხატავენ ნდობას საქართველოს პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობებისადმი უზრუნველყონ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებასთან ეფექტური დიალოგის უზრუნველყოფის აუცილებლობის გათვალისწინებით. ლიეტუვა გულწრფელად იმედოვნებს, რომ საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობათა ისტორიულ ფანჯარას ევროკავშირის გაფართოების განახლებული ძალებით გააქტიურებული პროცესისთვის, განახორციელებს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას და შეძლებს სწრაფად დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები,“ წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებაზე, რომელმაც პოლიციის მაღალჩინოსნების დასანქცირება მოითხოვა, ლიეტუვის საელჩოსგან განმარტებას ითხოვდა. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა, ლიეტუვის ელჩი დაიბაროს აუსტრევიჩუსის განცხადების გამო.  

სუს-მა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ერთი კი, ამხილა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კერძო სამკურნალო დაწესებულება შპს „ქ. რუსთავის N1 პოლიკლინიკის“ დირექტორმა ი.ნ-მ და ამავე პოლიკლინიკის ექიმმა მ.წ-მ, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბინადრობის უფლების ვადის გასვლის გამო დეპორტაციას ექვემდებარებოდა, 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა, ფორმა N100, რომელშიც დააფიქსირეს სხვადასხვა არარსებული დაავადება, რაც ხელს შეუშლიდა შესაბამის სამსახურებს, პირი ქვეყნიდან გაეძევებინათ.“ „გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე,“ წერს სუს-ი.  

ISW: სომხეთი რუსეთისგან დისტანცირების მცდელობებს აგრძელებს

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, სომხეთი აგრძელებს რუსეთისგან დისტანცირების მცდელობებს. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა 23 აპრილს განაცხადა, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელთა საერთაშორისო შეხვედრაში, რომელიც სანქტ-პეტერბურგში, 24 და 25 აპრილს გაიმართება. ანალიტიკოსების აზრით, გრიგორიანის უარი რუსეთის ხელმძღვანელობით მრავალმხრივ შეხვედრაში მონაწილეობაზე, სავარაუდოდ, სომხეთის მცდელობის ნაწილია, დააშოროს სომხეთი რუსეთთან პოლიტიკურ და უსაფრთხოების ურთიერთობებს CSTO-ში მისი მონაწილეობის გაყინვით და მრავალმხრივ პოლიტიკურ და უსაფრთხოების ჩართულობებში მონაწილეობაზე უარის გზით. „კრემლი ცალსახად დაემუქრა სომხეთს, თუ ის არ განაახლებს აქტიურ ჩართულობას რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO) და არ განაახლებს კრემლთან თანხვედრას. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა 23 აპრილს განაცხადა, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას სანქტ-პეტერბურგში, 24 და 25 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაში. გრიგორიანის უარი რუსეთის ხელმძღვანელობით მრავალმხრივ შეხვედრაში მონაწილეობაზე, სავარაუდოდ, სომხეთის მცდელობის ნაწილია, დისტანცირება მოახდინოს რუსეთისგან, CSTO-ში პოლიტიკური და უსაფრთხოების ურთიერთობებისგან - მისი მონაწილეობის გაყინვით და მრავალმხრივ პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში მონაწილეობაზე უარის გზით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 23 აპრილს გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საბჭოს სხდომა, სადაც განიხილეს რუსეთის ინტერესების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში - მან განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს რუსეთის სტრატეგიულად დამარცხებას ”სხვა ნაწილების” დესტაბილიზაციის გზით - პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში. ლავროვმა დაადანაშაულა დასავლეთი რუსეთის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ურთიერთობების შელახვისა და განადგურების სავარაუდო მცდელობაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან. ლავროვი, სავარაუდოდ, ცდილობს, წარმოაჩინოს სომხეთის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავებისკენ, დასავლეთის მიზანმიმართულ მტრულ ძალისხმევად რუსეთის წინააღმდეგ, რათა შექმნას საინფორმაციო პირობები - გაამართლოს რუსეთის ნებისმიერი პოტენციური მცდელობა, აიძულოს სომხეთი, განაახლოს თავისი პრორუსული განწყობა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ცალსახად დაემუქრა სომხეთს იმით, რომ დასავლეთი ცდილობს, „ჩაითრიოს სამხრეთ კავკასია გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში“ რუსეთსა და დასავლეთს შორის და გამოვიდ გაფრთხილებით, რომ სომხეთი შეიძლება „არასწორ გზაზე წავიდეს“ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ ევროკავშირისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებთან გამართული შეხვედრის შემდეგ,“ წერს ISW.  

FT: გაერთიანებული სამეფოს არმიის მეთაური ამბობს, რომ უკრაინა რუსეთის შიგნით დარტყმებს გაზრდის

უკრაინის ჯარები რუსეთის შიგნით თავიანთი შორი დისტანციის თავდასხმების ეფექტიანობის გაზრდას შეძლებენ, რადგან დასავლური სამხედრო დახმარების შემოდინება მიზნად ისახავს, დაეხმაროს კიევს ომის ფორმირებაში "უფრო ძლიერი გზებით,“ - ეს განცხაება გაერთიანებული სამეფოს არმიის მეთაურმა ტონი რადაკინმა Financial Times-თან ინტერვიუში გააკეთა. ამასთანავე, რადაკინმა აღიარა, რომ უკრაინა რუსული ძალების წინსვლის წინააღმდეგ, რთულ ბრძოლას აწყდება. თუმცა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის ასეთი ბუნდოვანება უგულებელყოფს გრძელვადიან ტენდენციებს, რომლებიც კიევს ხელს უწყობს. ეს ტენდენციები მოიცავს აშშ-დან და ევროპიდან სამხედრო დახმარების ბოლო შემოდინებას, უკრაინის მზარდ ეფექტიან შორ მანძილზე შეტევებს და მოსკოვის „სრულ წარუმატებლობას“, შეაჩეროს კიევის ძირითადი მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის გავლით. „უკრაინა მოიპოვებს მეტ შესაძლებლობებს შორ მანძილზე ბრძოლისთვის… მისი უნარი, გააგრძელოს ღრმა ოპერაციები [უფრო მეტად] გახდება ომის მახასიათებელი,” განაცხადა რადაკინმა და დასძინა, რომ ”მათ ნამდვილად აქვთ ეფექტი.” პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მითითებით, უკრაინისთვის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების (ATACMS) მიწოდება შეერთებული შტატების უწყებებმა გაზაფხულზე დაიწყეს. ეს ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა 24 აპრილს, პრესკონფერენციაზე დაადასტურა. მას ჰკითეს Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ვაშინგტონმა კიევს ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ბოლო კვირებში ფარულად გაუგზავნა. პატელის თქმით, ბაიდენმა ფარულად უბრძანა თავის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, გაეგზავნათ ATACMS-ები უკრაინაში, უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე გამოსაყენებლად თებერვალში. „მათ დაიწყეს მოძრაობა სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ 12 მარტს," - აღნიშნა პატელმა. პატელის თქმით, უკრაინამ რაკეტები აპრილში მიიღო. მანამდე, Reuters-ი წერდა, რომ აშშ-მ გასულ კვირებში უკრაინას საიდუმლოდ გადასცა ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის რაკეტები, რომლებიც უკრაინელებმა უკვე ორჯერ გამოიყენეს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც Reuters-თან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, გადაცემული რაკეტების რაოდენობა არ დააზუსტა. წყაროს ინფორმაციით, რაკეტები შედიოდა 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 მარტს დაამტკიცა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ რაკეტების „მნიშვნელოვანი რაოდენობა“ გაიგზავნა უკრაინაში. მისი თქმით, უკრაინა ვალდებულია, გამოიყენოს იარაღი მხოლოდ უკრაინის შიგნით და არა რუსეთში. „ზოგიერთი რაკეტა შედიოდა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის შეიარაღების პაკეტში, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს დაამტკიცა,“ აღნიშნა სალივანმა. Reuters-თან საუბარში წყარომ ასევე დაადასტურა, რომ 17 აპრილს ოკუპირებულ ყირიმზე მდებარე ქალაქ ჯანკოის სამხედრო აეროდრომზე იერიში უკრაინელებმა სწორედ ATACMS-ებით მიიტანეს. ოფიციალური პირის თქმით, უკრაინამ მეორედ, იარაღი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსული ძალების წინააღმდეგ გამოიყენა. შეერთებულმა შტატებმა ATACMS-ის რაკეტები პირველად უკრაინას 2023 წლის ოქტომბერში მიაწოდა, თვეების განხილვის შემდეგ. პაკეტში შედიოდა მხოლოდ ძველი მოდელები, რომელთა მანძილი 165 კილომეტრია. ATACMS-ის უახლეს ვარიანტებს კი, მაქსიმალური დიაპაზონი დაახლოებით 300 კილომეტრი აქვთ. ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია. Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს,“ - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, 20 აპრილს. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. სემატმა ეს პაკეტი 23 აპრილს მიიღო, დღეს, 24 აპრილს კი, მას ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი.

ალიევი: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოტენციალი უკვე ცნობილია და ვიცით, რომელ სფეროებში შეგვიძლია ერთად მუშაობა

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ბუნებრივი აირის სფეროშუ თანამშრომლობას ორმხრივად მომგებიანი უწოდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ამ მოსაზრებას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოტენციალი უკვე ცნობილია და ჩვენ უკვე ვიცით, რომელ სფეროებში შეგვიძლია ერთად მუშაობა. თქვენ ახსენეთ ელექტროენერგიის სფერო და სწორად განსაზღვრეთ სამი ქვეყნის პოტენციალი. დიახ, მართალია. მაგრამ თუ აქვე დავამატებთ ბუნებრივი აირის სფეროში თანამშრომლობას, მაგალითად, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, დავინახავთ, რომ ეს ასევე ორმხრივად მომგებიანია,“ - აღნიშნა ალიევმა.  

ვინიკოვი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე: არ შეესაბამება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რისკენაც საქართველო ისწრაფვის

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში ალექსანდრე ვინიკოვმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რისკენაც საქართველო ისწრაფვის. „ის, რისი თქმაც შემიძლია, არის, რაც NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც საქართველოში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ ეწინააღმდეგებოდა ამ კანონის შემოღების მცდელობას, რადგან ის ნამდვილად ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ის, რისი გაკეთებისკენაც მან ჩვენს ქართველ მეგობრებს მოუწოდა. მიგვაჩნია, რომ ის არ შეესაბამება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რისკენაც საქართველო ისწრაფვის,“ - აღნიშნა ალექსანდრე ვინიკოვმა IPN-ის ცნობით. ვინიკოვის თქმით, მან ასევე მოისმინა ის განცხადებებიც, რაც ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნული კანონპროექტის შესახებ გააკეთეს. „რისი თქმაც შემიძლია NATO-ს მხრიდან, არის, რომ ის არ შეესაბამება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც ჩვენ გვსურს, რათა ქვეყანამ NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნები დააკმაყოფილოს,“ - აღნიშნა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით

კობახიძე უნგრეთში: კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად.“ ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ბოლო პერიოდში განვითარებული და მოსალოდნელი გლობალური პროცესები გვიჩვენებს, რომ კიდევ უფრო გასაძლიერებელია ძალისხმევა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად. მსოფლიო წესრიგი დღეს მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. საერთაშორისო გარემო იცვლება და ამ გამოწვევებთან გამკლავება კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვს. ერთად მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ მოვლენების დადებითი მიმართულებით განვითარებას. ამიტომ, მინდა ,მადლობა გადაგიხადოთ დღევანდელი კონფერენციის ორგანიზებისათვის, რომელიც გვთავაზობს ღირებულ პლატფორმას ჩვენი საერთო პერსპექტივების განსახილველად,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ე.წ. „ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ.“ „ე.წ. ლიბერალების პოზიციის მიხედვით, ადამიანს არ უნდა ჰქონდეს მყარი გენდერული იდენტობა და ის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე თავად უნდა ირჩევდეს საკუთარ სქესს, ბავშვსაც კი უნდა ჰქონდეს სქესის არჩევის უფლებაო. ე.წ. ლიბერალებისთვის მიუღებელია გენდერულად განსაზღვრული ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა, მაგალითად, ქალი და კაცი ან დედა და მამა,“ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, „ყველასთვის მისაბაძია უნგრეთის პრინციპულობა ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ეროვნული ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.“ „უნგრეთის ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მტკიცედ დგანან უნგრეთის ეროვნული და რელიგიური იდენტობისა და ტრადიციული ღირებულებების სადარაჯოზე. მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, თქვენ არ დაუშვით უნგრეთში მიგრანტების უკონტროლო შემოსვლა, რითაც ქვეყანას შეუნარჩუნეთ მყარი ეროვნული იდენტობა. თქვენ მტკიცედ დგახართ უნგრეთში ქრისტიანობისა და ქრისტიანული ფასეულობების სადარაჯოზე. თქვენ მტკიცედ უპირისპირდებით ე.წ. ლიბერალურ პროპაგანდას, რათა არ დაუშვათ ბავშვებზე და ახალგაზრდებზე მავნე ზემოქმედება და მათი მორალური ღირებულებების შერყევა. თქვენ მყარად იცავთ უნგრეთის სახელმწიფო სუვერენიტეტს, რაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და რეალიზების აუცილებელი პირობაა. უნგრეთი და მისი ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არიან მისაბაძი მაგალითი ყველასთვის, ვისთვისაც სიტყვა სამშობლოს და პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს. შესაბამისად, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ დღეს ვარ თქვენი სტუმარი და თქვენთან ერთად ჩვენს საერთო ღირებულებებზე მსჯელობის შესაძლებლობა მაქვს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ამავე გამოსვლაში მან განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია. „დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ჩვენ ერთად შევძლებთ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის გაძლიერებაში, მყარ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობაში,“  -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის გამოსვლის ტექსტი საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ჯონ პენელი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებით დაზარალდება საქართველო, რომელიც ევროკავშირის გზაზე მიდის

USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ჯონ პენელმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღება სამწუხარო იქნება. „როგორც აშშ-ის მთავრობამ, ასევე, ევროკავშირმა განაცხადეს, თუ ეს კანონი იქნება მიღებული, ამით დაზარალდება საქართველო, რომელიც მიდის ევროკავშირის გზაზე და შეფერხდება ამ გზაზე სიარული. შესაძლოა, (ქვეყანამ, რედ.) ევროკავშირის ტრაექტორიიდან გადაუხვიოს, რომლის გზასაც ახლა ადგას საქართველო. შესაბამისად, ამას ექნება გავლენა როგორც მედიაზე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებზე და სამწუხარო იქნება ამ კანონის მიღება. USAID-ი გააგრძელებს ისევ საქართველოს მხარდაჭერას, რა თქმა უნდა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობას, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, კერძო სექტორთან, დაინტერესებულ მხარეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მოქალაქეებთან და ყველანაირად გვერდში დავუდგებით ყოველთვის საქართველოს მომავალში,“ – განაცხადა პენელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

ევროპის ბიბლიოთეკებიდან წიგნების ძარცვის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ამ ეტაპზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი. უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს. ამისათვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებსა და გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს. პროკურატურის განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების და მათთან დაკავშირებული წიგნების სარეალიზაციო ადგილების ჩხრეკა განხორციელდა. ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ასეულობით წიგნი, მათ შორის, ერთ-ერთი დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული, მე-19 საუკუნეში გამოცემული, ფრანგულენოვანი წიგნი. „ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და 3 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა. მათივე ცნობით, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, შვეიცარიის, საფრანგეთის და ლიეტუვის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს. ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, ევროკავშირის ქვეყნების და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების და მათთან დაკავშირებული წიგნების სარეალიზაციო ადგილების ჩხრეკა განხორციელდა. ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ასეულობით წიგნი, მათ შორის, ერთ-ერთი დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული, მე-19 საუკუნეში გამოცემული, ფრანგულენოვანი წიგნი. ამ ეტაპზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს. ამისათვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებსა და გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს. წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ - ორიგინალი წიგნების მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ. ზემოხსენებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-23 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით გრძელდება ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების და გამოვლენის მიზნით. საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის მაღალპროფესიონალურად და წარმატებით ჩატარებული ღონისძიებისთვის საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. ასევე, აღნიშნული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის - ევროჯასტისა და ევროპოლის შესაბამის წარმომადგენლებს. ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და პროკურატურა კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ამ მიმართულებით სამომავლო საერთაშორისო ეფექტიანი თანამშრომლობისთვის,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ორბანი: ირაკლი კობახიძე ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას.“ „მინდა, მივესალმო ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა. ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში. ყველა გამოწვევის, ზეძალის მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება ქვეყანაში, ეს ნამდვილად არის მოჭადრაკის, გროსმაისტერის უნარი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან ერთად ხართ და წარმატებას გისურვებთ,“ – განაცხადა ვიქტორ ორბანმა საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 26 აპრილს საქართველოში შენარჩუნდება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. თბილისში შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 აპრილს შენარჩუნდება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსის ფარგლებში იქნება. დღისით მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის შკვალური გაძლიერება. 27-29 აპრილსაც ზოგან იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 26 აპრილს შენარჩუნდება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება. 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურაც შედარებით დაიკლებს. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +32 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი იქნება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): შენარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი იქნება.  

ერევანი მზადაა, ბაქოდან ბუნებრივი აირის შესყიდვის საკითხი განიხილოს

ერევანი მზადაა, აზერბაიჯანიდან გაზის შესყიდვის საკითხი განიხილოს. შესაბამისი განცხადება სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა გააკეთა. მის კომენტარს აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „დადებითად მიმაჩნია, თუ სომხეთი აზერბაიჯანიდან გაზს იყიდის, ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ საკითხზე. ახლაც, გაზის ნაწილი, რომელსაც რუსეთის ფედერაციიდან ვყიდულობთ, არის აზერბაიჯანული," - განაცხადა სიმონიანმა. სომხეთს შეუძლია, კვლავ შეიძინოს ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან, პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის შემდეგ. ამის შესახებ სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჰაკოპ ვარდანიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“, გასული წლის ოქტომბერში განაცხადა.  

უკრაინამ პირველად გამოიყენა აშშ-ის მიერ მიწოდებული ATACMS-ის შორი რადიუსის რაკეტები

უკრაინისთვის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების (ATACMS) მიწოდება შეერთებული შტატების უწყებებმა გაზაფხულზე, ფარულად დაიწყეს. ეს ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა 24 აპრილს, პრესკონფერენციაზე დაადასტურა. მას ჰკითეს Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ვაშინგტონმა კიევს ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ბოლო კვირებში ფარულად გაუგზავნა. გაურკვეველია, რამდენი ასეთი იარაღია უკვე გაგზავნილი უკრაინაში, მაგრამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განმარტა, რომ ვაშინგტონი კიდევ აპირებს მის გაგზავნას. როგორც BBC წერს, ATACMS-ის რაკეტები უკრაინელებმა უკვე ერთხელ მაინც გამოიყენეს ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ობიექტებზე დასარტყმელად. აშშ-ის შემდგომი დახმარება ახლა კიევისკენ მიემართება. „მოსალოდნელია, რომ მეტი ამერიკული იარაღი გაიგზავნება უკრაინაში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს ხელი მოაწერა უკრაინის ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის ახალ პაკეტს, რომლის ღირებულებაც 61 მილიარდი დოლარია (49 მილიონი ფუნტი),“ წერს BBC. პენტაგონმა კიევისთვის იარაღის მიწოდების დაწყების შესახებ გუშინვე განაცხადა. აშშ-მ უკრაინაში ATACMS-ის შორი რადიუსის რაკეტები საიდუმლოდ გაგზავნა რას შეცვლის ATACMS-ის რაკეტები უკრაინისთვის ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS. ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია. Europetime-თან ინტერვიუში, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი ამახვილებდა ყურადღებას უკრაინისთვის საჭირო იარაღის ტიპსა და მის უპირატესობაზე. „სიაში შედის უფრო შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ATACMS-ის ტიპის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა, თანამედროვე ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები. საგულისხმოა, რომ ATACMS-ებით უკრაინას ნამდვილად შეეძლო, ყირიმში მდებარე ინსტალაციის განადგურება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ირანული თვითმფრინავების გასაშვებად გამოიყენებოდა, რაც ასევე მკვეთრად შეამცირებდა მის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს,“ - აღნიშნავდა ჯონ ჰერბსტი Europetime-თან. შეგახსენებთ, მრავალთვიანი დისკუსიების შემდეგ, 20 აპრილს. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატამ - წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 60,8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს. კანონპროექტს მხარი წარმომადგენელთა პალატის 311 წევრმა დაუჭრა, 112 წინააღმდეგი იყო. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის „გამარჯვების შანსს“ ხედავს მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის. სემატმა ეს პაკეტი 23 აპრილს მიიღო, დღეს, 24 აპრილს კი, მას ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი.

რუსეთმა და უკრაინამ, ომის შედეგად დევნილი ბავშვების საკითხზე პირისპირ მოლაპარაკებები პირველად გამართეს

რუსეთმა და უკრაინამ პირველად გამართეს ომის შედეგად დევნილი ბავშვების საკითხზე პირისპირ მოლაპარაკებები. შეხვედრა დოჰაში, კატარის შუამავლობით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენელმა და ბავშვთა უფლებების ომბუდსმენმა, მარია ლვოვა-ბელოვამ კომისარმა განაცხადა. მან განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთიდან უკრაინაში 29 ბავშვს ჩაიყვანენ, უკრაინიდან რუსეთში კი - 19 ბავშვს. კიევშის შეფასებით, ოკუპანტებმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთსა თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე 19 ათასზე მეტი ბავშვი გადაიყვანეს, რასაც რუსული მხარე სიყალბეს უწოდებს. თუმცა 2023 წელს ICC-მ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილი არიან სწორედ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ბავშვების დეპორტაციაში. უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბენეცმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა 517 ბავშვი და 2,828 ზრდასრული. ცნობისთვის, კატარი უკრაინის სამშვიდობო გეგმის შესახებ შეხვედრას უმასპინძლებს.

ლიეტუვის ელჩი: ჯერ კიდევ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას გამოიყენებს

საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, რონდელის ფონდის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ახლა საქართველო ისე ახლოსაა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან, როგორც არასდროს. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს მიანიჭეს ევროკავშირის კადიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ შესრულდება და განორციელდება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი. ელჩის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წინააღმდეგობაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან და არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. „9 ნაბიჯს შორის არის მოწოდება საქართველოს მიმართ, რომ ებრძოლოს დეზინფორმაციას და უცხოურ ინფორმაციულ მანიპულაციას და ჩარევას ევროკავშირისა და სხვების წინააღმდეგ და ასევე ის, რომ სამოქალაქო საზოგადოებას თავისუფლად მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს. ამ კუთხით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წინააღმდეგობაშია ევროკავშირის რეკომენდაციებთან და არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. მოვლენების ეს განვითარება მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს ლიეტუვაში. ჯერ კიდევ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გამოიყენებს ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას გაფართოების პროცესთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ლიეტუვის საელჩოს განცხადება: ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს  

სებ-ი „ოფშორების კანონის“ გამო „ფულის გათეთრების რისკის ზრდას“ სპეკულაციას უწოდებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფშორულ ქვეყნებთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებას ეხმაურება და სიცრუეს უწოდებს, რომ ამით სანქციების დარღვევის რისკი გაიზრდება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ეროვნული ბანკისა და ფინანსური სისტემის მიმართ თითქოსდა ფულის გათეთრებასა და სანქციების რეჟიმისთვის თავის შესაძლო არიდების გაზრდილ რისკებთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ სპეკულაციებს, რომელიც "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანას უკავშირდება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანა, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება,“ წერია სებ-ის განცხადებაში. სებ-ის თანახმად, საქართველოს საბანკო სისტემის მხრიდან მსგავსი ტიპის ტრანზაქციები დღესაც მკაცრ შემოწმებას გადის და მომავალშიც ასე გაგრძელდება. "ამდენად, აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს პროცესების ცვლილებას საფინანსო სისტემაში, სახსრების წარმომავლობისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება იმავე მაღალი სტანდარტებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა," - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. პარლამენტმა ოფშორიდან ბიზნესის გადმოტანის გამარტივებას მხარი დაუჭირა  

სიკორსკი: რუსეთის მიერ NATO-ს ნებისმიერ წევრზე თავდასხმა მის მარცხს გამოიწვევს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ პოლონეთის სეიმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის მიერ NATO-ს ნებისმიერ წევრზე თავდასხმა მის მარცხს გამოიწვევს. „ალიანსს სამჯერ მეტი საავიაციო რესურსი აქვს, სამჯერ მეტი სამხედრო მოსამსახურე და ოთხჯერ მეტი გემი ჰყავს, ვიდრე რუსეთს. რუსეთს მობილიზაციის პირველი ტალღის შემდეგ, 1,3 მილიონზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა. NATO-ს სამხედრო პერსონალი, დამატებითი მობილიზაციის გარეშე, 3,5 მილიონზე მეტია, რაც თითქმის სამჯერ მეტია. რუსეთის მიერ NATO-ს ნებისმიერ წევრზე თავდასხმა მის მარცხს გამოიწვევს,“ - განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ. რადოსლავ სიკორსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსი პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები პოლონეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობენ და განცხადებებს ავრცელებენ, თითქოს პოლონეთს უკრაინის ტერიტორიების ანექსია სურს. „რუსეთი უკრაინის ნაწილის ანექსიასთან დაკავშირებით პოლონეთის გეგმების შესახებ ცრუობს. დონბასი უკრაინაა, ყირიმი უკრაინაა. ლვოვი, ვოლინი, ყოფილი აღმოსავლეთ გალიცია უკრაინაა. ამიტომ, ვიმეორებ, რათა კრემლმა გაიგოს: ლვოვი უკრაინაა,“ - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

„სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება“ - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუციის თანახმად, საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, ვიდრე „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ორივე შესწორებას, რომლითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შემდეგი შინაარსის შესწორებებს, - თუმცა ნაკლები ხმით: ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“; ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“. მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ - სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“. მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა.“ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმედგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და მისი შესრულება სავალდებულო არ არის. სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, ევროკომისიამ კი, უნდა გადაწყვიტოს, შეისწავლის თუ არა სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე კანონის გავლენას. რაც შეეხება რეზოლუციის ძირითად ტექსტს, მისი ძირითადი აქცენტები ასეთია: ევროპარლამენტი ძლიერად გმობს „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებას; ხაზს უსვამს, რომ ის შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ამბიციებს ევროკავშირში გაწევრებაზე, აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და საფრთხეში აგდებს მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას; სანამ ასეთი კანონი ძალაში იქნება, არ უნდა გაიხსნას გაწევრების მოლაპარაკებები; მოუწოდებს „ოცნებას“, ისევ გაიწვიოს კანონპროექტი და აღარ წარადგინოს არც ის და არც რაიმე სხვა ცვლილება, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება; ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს; ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მოქალაქეთა უფლებები და შეშფოთებას გამოხატავს საპოლიციო ძალის არაპროპორციულად გამოყენების გამო დემონსტრანტების დაშლისას; მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიძიოს ყველა ასეთი საქმე და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ; გმობს „ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება შთაგონებულია რუსეთის მსგავსი, ძალიან პრობლემური კანონმდებლობით, რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონით“ იხსენებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა იმ დათქმით, რომ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირებისათვის და ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად; ევროკომისიას მოუწოდებს, შეაფასოს საქართველოს პროგრესი ცხრა რეკომენდაციის შესრულების გზაზე - მოამზადოს შუალედური შეფასება; ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეაფასონ, რა გავლენა ექნება მათ, როგორც დონორის, როლზე კანონის მიღებას და ცხადად აუხსნან შედეგები საქართველოს ხელისუფლებას; მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას; კვლავ უცხადებს ურყევ მხარდაჭერას ქართველ ხალხს „ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მისაღწევად.“ ეუთო/ODIHR-ს მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოში გაგზავნოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით

ლიეტუვის სეიმმა რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

ლიეტუვის სეიმმა (პარლამენტმა) რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების შესვლისა და ყოფნის შეზღუდვები ერთი წლით გაახანგრძლივა. საკანონმდებლო კრების პლენარულ სხდომაზე შეზღუდვებს მხარი 109-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი ორი იყო, რვა პარლამენტარმა კი, თავი შეიკავა. სიახლეა რუსეთის ფედერაციიდან და ბელორუსიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და საკვების ლიეტუვაში იმპორტის აკრძალვა. მთავრობას კონკრეტული სიის წარდგენა დაევალა. სეიმმა რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების მიმართ ერთი წლით - 2025 წლის მაისამდე ინდივიდუალური შეზღუდვები გაახანგრძლივა. ეროვნული სანქციების შესახებ განახლებული კანონი ძალაში იქნება 2025 წლის 2 მაისამდე. კანონპროექტს ჯერ კიდევ უნდა მოაწეროს ხელი პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. მიგრაციის დეპარტამენტის მონაცემები აჩვენებს, რომ ბელორუსის 62,884 მოქალაქეს და რუსეთის 15,678 მოქალაქეს ამჟამად ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვა აქვს.  

პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მისი ფარატინა ქაღალდობა საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ დამტკიცდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს და წინა მსგავსი შინაარსის რეზოლუციები სამწუხარო ისტორიაა ევროპარლამენტის არქივებში. „ახლა განსაკუთრებით ხაზი გაესვა ამ რეზოლუციის არასერიოზულობას იმით, რომ მისი ინიციატორები იმაზეც კი არ დაფიქრდნენ, რომ აფხაზეთი ყირგიზეთთან ერთად ლამის სახელმწიფოდ მოიხსენიეს. ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, დღესაც ვსაუბრობთ ევროპარლამენტარების იმ ჯგუფზე, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ასეთ გადაწყვეტილებას იღებს. ეს არ არის პირველი ასეთი დეკლარაცია, უკვე მეოთხეა რიგში. როგორც წინა 3 დეკლარაციას არ ჰქონდა არანაირი ფასი არც ჩვენი ქვეყნისთვის და მათ შორის, არც ევროკავშირისთვის, ასე დარჩება ეს დეკლარაციაც. სამწუხარო ისტორიაა ევროპარლამენტის არქივებში,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. „ეს არის მიხეილ სააკაშვილის მფარველების გუნდი, რომელიც ავტომატურად არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები. ის, ვინც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. ეს არის ის ხალხი, რომელმაც თავის დროზე შეაგულიანეს მიხეილ სააკაშვილი, რომ საქართველოსი შემოპარულიყო. რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების სწრაფი მოქმედება, სააკაშვილის აღმოჩენა და დაკავება, რა იქნებოდა საქართველოს ბედი ამის შემდეგ და რა დატრიალდებოდა, ამ ევროპარლამენტარებს ნაკლები დარდი ექნებოდათ ამასთან დაკავშირებით, მშვიდად იქნებოდნენ თავიანთ დედაქალაქებში, ქართველებს რა ბედი გვეწეოდა, თავისი მიზნებისთვის რომ მიეღწია მიხეილ სააკაშვილს, როდესაც ის შემოიპარა, ეს ჩვენ უნდა გვეკითხა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. „სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება“ - ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო