ძებნის რეზულტატი:

შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ რუსეთმა პირველი სექტემბრიდან შეუჩერა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება, „აფხაზური მხარის მიერ გარკვეული ვალდებულებების შესრულებამდე.“ შამბას თქმით, მოსკოვში არაერთგზის განაცხადეს, რომ „ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები.“ „მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხებათ ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ნათელია, ეს პირველი ასეთი ნაბიჯებია, გარდა ამისა, დგას საკითხი, რომ ამიერიდან ელექტროენერგიის იმ ნაკადში, რომელსაც ყოველ ზამთარში ვიღებთ, კომერციული ფასი უნდა გადავიხადოთ,“ განაცხადა შამბამ ბრიფინგზე. მას კოზაკი-ბჟანის შეხვედრის პროტოკოლის ნამდვილობის შესახებ კომენტარიც სთხოვეს, შამბამ აღნიშნა, რომ ალსან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს 19 აგვისტოს შეხვდა, პროტოკოლი კი 26 აგვისტოს შედგა. „ჩვენი პრეზიდენტი არ ესწრებოდა დოკუმენტის წერის პროცესს, ამიტომ ისიც ვერ დაამოწმებს ამას, ერთადერთი რაც პრეზიდენტმა გააკეთა, მან თქვა, რომ საკითხი, რომ მან გასცა გარკვეული დაპირებები, ასეთი არ ყოფილა. ეს გამოქვეყნებულია პრეზიდენტის საიტზე, შეგიძლიათ გაეცნოთ,“ - აცხადებს შამბა. „ჩვენი არხებით, რა საკვირველია, ვცდილობდით ამ ვითარებაში გარკვევას.. ოფიციალურად არაფერი მიგვიღია, დოკუმენტი, რომელიც ოფიციალურად არ ჩამოსულა, მას ვერ განვსაზღვრავთ, ნამდვილ დოკუმენტად, თუმცა საკითხები, რომლებიც იქ დგას. არაერთხელ გაჟღერებულა სხვადასხვა შეხვედრაზე.“ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით მოსკოვი ოკუპირებული სოხუმისგან ითხოვს: ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება; რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა; რუს ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები).  

შვეიცარიამ 33 წლის შემდეგ, ერაყში საელჩო კვლავ გახსნა

შვეიცარიამ 33 წლის შემდეგ, ერაყში თავისი საელჩო გახსნა. წინა წარმომადგენლობა ქვეყანამ 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის გამო დახურა. საელჩოს ხელახალი გახსნით ფედერალური საბჭო მიზნად ისახავს დასახლებულ ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას და ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას. „რეგიონში თავისი ინტერესების დასაცავად, შვეიცარია ეყრდნობა კარგ ორმხრივ ურთიერთობებს. ბაღდადში საელჩოს ხელახალი გახსნით, შვეიცარია აძლიერებს თავის როლს მშვიდობის ხელშეწყობისა და ჰუმანიტარული დახმარების სფეროებში და როგორც პარტნიორი ეკონომიკურ საკითხებში MENA-ს რეგიონში. ერაყის გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ერაყში დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელახალი გახსნა იყო ფედერალური საბჭოს MENA სტრატეგიის 2021–24 წლების მიზანი,“ აცხადებს შვეიცარიის მთავრობა.  

უკრაინაში რამდენიმე მინისტრი გადადგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თანამდებობის დატოვების განცხადებით, უკრაინის პარლამენტს მიმართა. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტის დმიტრო კულებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებს. პარლამენტში შესულია კულებას განცხადება გადადგომის შესახებ. მან დოკუმენტის ფოტოც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საკითხს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. კულება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2020 წლიდან. გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებაზე მას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. 3 სექტემბერს უკრაინის ორი ვიცე-პრემიერი (ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლჰა სტეფანიშინა და ვიცე-პრემიერი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკი) გადადგა მას შემდეგ, რაც კიდევ სამმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. მათი გადადგომა მოჰყვა სტრატეგიული მრეწველობის მინისტრის ოლექსანდრ კამიშინის, ასევე იუსტიციის მინისტრის დენის მალიუსკასა და გარემოს დაცვის მინისტრის რუსლან სტრილეტსის გადაგომას. კამიშინმა, რომელიც მეთვალყურეობს იარაღის შიდა წარმოებას, განაცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას თავდაცვის სექტორში, მაგრამ სხვა ფუნქციით. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობაში მეტი ცვლილებები მოხდება. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა იყოს შეწყობილი ერთმანეთთან, რომ უკრაინამ შეძლოს საუკეთესო შედეგების მიღწევა.  

პრემიერი: ვიღებთ განსაკუთრებულ ზომებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „განსაკუთრებულ ზომებს იღებენ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით.“ კობახიძემ აღნიშნა, რომ როგორც „გლობალური ომის პარტიისთვის“, ისე ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის სასწორზე იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს, რომ „ამ ფონზე რისკები ერთი ათადაა მომატებული.“ „სამწუხაროდ, გვაქვს უარყოფითი მოლოდინი რადიკალური ოპოზიციის სამომავლო აქტივობებთან დაკავშირებით შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით. 1. დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60%-ს შეადგენს, რაც რადიკალურმა ოპოზიციამაც კარგად იცის. ასეთ ვითარებაში ისინი მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნებით, ბუნებრივია, ნაკლებად არიან დაინტერესებული; 2. ყველა წინა არჩევნების გამოცდილება შეგვახსენებს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამონაკლისის გარეშე ყოველთვის საარჩევნო გარემოს არევას ცდილობს ხოლმე, შესაბამისად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს არჩევნები ამ მხრივ გამონაკლისი იქნება; 3. 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება, შეძლებს „ომის პარტია“ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, თუ ქვეყანა მშვიდობას შეინარჩუნებს. როგორც გლობალური ომის პარტიისთვის, ისე ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის სასწორზე იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს, რომ ამ ფონზე რისკები ერთი ათადაა მომატებული. ყველა ვხედავთ, რა მოვლენები ვითარდება ევროპასა და ამერიკაში, სლოვაკეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმეტეს სასიკვდილოდ. ყველას გახსოვთ ღია მუქარაც, რომელიც ერთ-ერთი ევროკომისრის პირით შემოგვითვალეს. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარიმართება გამოძიება ბატონ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მომზადების საქმეზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს, პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია. სწორედ ამიტომ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით, საარჩევნო შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რაც რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულის წუხილის მიზეზია და ა.შ.,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ რუსლან აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. „მინდა, საზოგადოებას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობო. დღეს მე ვტოვებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას. 2019 წლიდან, დღემდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ჩემს გუნდთან ერთად, ჩვენი საზოგადოების ინტერესების დასაცავად ბევრ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხეთ. საფუძველი ჩავუყარეთ ბევრ ახალ ინიციატივას და გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის მთავრობის წევრებს, ერთობლივად განხორციელებული საქმიანობისთვის, სამშვიდობო პოლიტიკის, ინსტიტუციური გაძლიერების, დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ეკონომიკური საქმიანობისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროგრამებისა და პროექტებისთვის. განსაკუთრებული თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს. მადლობა საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ჩვენი საქმიანობის მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა ჩართულობით, ამ წლების განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ღონისძიება განხორციელდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის საზოგადოებას. ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო ვყოფილიყავი მათ სამსახურში და ერთად გვეკეთებინა საქმე, რომელიც კიდევ უფრო მიგვაახლოებდა მიზანთან, რომელსაც გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს. მჯერა რომ, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, მოხდება ჩვენი ერთობლივი მიზნის განხორციელება - ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობის უზრუნველყოფა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემი გუნდის წევრებს, უდიდესი მადლობა ჩემს ოჯახს,“ - წერს რუსლან აბაშიძე.  

ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშას განაგრძობენ. ცეცხლის ქრობის პროცესში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი ჩაერთო. „მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო სამუშაო მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150 მეხანძრე-მაშველი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები არიან ჩართულნი. საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სხვა ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერებიც შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით ჩაერთვებიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სპეციალური საველე შტაბი მოეწყო, საიდანაც ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია მიმდინარეობს. ხანძრის მონიტორინგი კი, დრონების საშუალებით ხორციელდება,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. განახლება: შსს-ს განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.  

თეირანი მოსკოვს: ირანი კავკასიაში „გეოპოლიტიკური ცვლილების“ წინააღმდეგია

ზანგეზურის დერეფნის შესახებ არსებული შეშფოთების ფონზე, ირანმა, კავკასიაში რეგიონული სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის თაობაზე თავისი პოზიცია დააფიქსირა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიის საქმეთა დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა მუხთაბა დემირჩილუმ, ირანში რუსეთის ელჩ ალექსეი დედოვთან შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილა. ირანის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი გამოიძახა. "ეროვნული სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ურთიერთპატივისცემა კავკასიის ქვეყნებს შორის გადამწყვეტია გრძელვადიანი მშვიდობისა და რეგიონული თანამშრომლობის მისაღწევად," -აღნიშნა დემირჩილუმ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამშაბათს ასევე განაცხადა, რომ დემირჩილუმ რუსეთის ელჩთან ალექსეი დედოვთან განიხილა „მისი შეხედულებები კავკასიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.“ სამინისტროს განცხადებაში მოყვანილია დემირჩილუს განცხადება, რომ „თეირანი რეგიონში ნებისმიერი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინააღმდეგია.“ „ირანელმა დიპლომატმა ასევე ხაზი გაუსვა რეგიონის ყველა ქვეყნის ლეგიტიმური შეშფოთებისა და ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობას,“ - ნათქვამია განცხადებაში. დემირჩილუ დედოვს შეხვდა ორი კვირის შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთის მთავრობა დაადანაშაულა რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების „საბოტაჟში.“ ბრალდებამ მოსკოვსა და ერევანს შორის ახალი სიტყვიერი ომი გამოიწვია, რამაც გააძლიერა დაძაბულობა ორ დაშორებულ მოკავშირეს შორის. ლავროვმა ეს განცხადება ორშაბათს გაიმეორა. ის და სხვა რუსი ოფიციალური პირები მიუთითებენ 2020 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მე-9 პუნქტზე, რომელმაც შეაჩერა ომი მთიან ყარაბაღში. მასში ნათქვამია, რომ ერევანი „გარანტიას იძლევა სატრანსპორტო კავშირების უსაფრთხოებას“ ნახიჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის და ასევე ითვალისწინებს, რომ რუსი „მესაზღვრეები“ „გააკონტროლებენ“ ხალხის, მანქანებისა და საქონლის გადაადგილებას სომხეთის სიუნიკის პროვინციის გავლით.“ ბაქოს სურს, რომ ხალხი და საქონელი, რომლებიც ნახიჩევანს შორის აზერბაიჯანის დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილდებიან, სომხეთის სასაზღვრო კონტროლისგან გათავისუფლდეს. სომხური მხარე თავის მხრივ ამტკიცებს, რომ სამხრეთ კავკასიის ორ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მხოლოდ ჩვეულებრივი სატრანსპორტო კავშირები, რაც მათ ტერიტორიებზე გამავალ ყველა სატრანზიტო მარშრუტზე სრული კონტროლის გარანტი იქნება. ლავროვი იანვარში ამბობდა, რომ ერევანს "არ სურს ნეიტრალური საზღვრის და საბაჟო კონტროლი" სიუნიქში, ერთადერთ სომხურ რეგიონში, რომელიც ესაზღვრება ირანს. ირანი ასევე ეწინააღმდეგება ბაქოს მიერ მოთხოვნილ ექსტრატერიტორიულ „ზანგეზურის დერეფანს.“ მისმა უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა თეირანის პოზიცია, როდესაც ის შეხვდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს 30 ივლისს. „ზანგეზურის დერეფანი "საზიანო იქნება სომხეთისთვის," აღნიშნა ხამენეიმ. „ჩვენ ვნახეთ ირანის ოფიციალური პირების განცხადებები, რომლებიც გამოხატავდნენ შეშფოთებას „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნის იდეის შესახებ და ხსნიდნენ ამ დამოკიდებულების მიზეზებს,“ - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გასულ კვირას. ზახაროვამ არ უთქვამს, არის თუ არა მნიშვნელოვანი განსხვავებები მოსკოვსა და თეირანს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით.  

შვეიცარია და საფრანგეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს მართავენ

შვეიცარია საფრანგეთთან ერთად სამხედრო წვრთნებს მართავს. შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ 2024 წლის 3 და 4 სექტემბერს დაგეგმილია რამდენიმე მოდული შვეიცარიისა და საფრანგეთის საჰაერო სივრცეში. მანევრებში შვეიცარიიდან ოთხი F/A-18 გამანადგურებელი მონაწილეობს. საფრანგეთიდან წვრთნებში ჩართულია F/A-18-ის ტიპის გამანადგურებელი. შვეიცარიამ NATO-სთან კავშირების გაძლიერების ვალდებულება, მათ შორის, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა და სამხედრო თავსებადობის გაუმჯობესება დაადასტურა, რაც მთავრობის მიერ 2024 წლის 31 იანვარს მიღებულ საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში გაიწერა.  

მეთიუ მილერი: ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა

"საქართველოს მთავრობა განაგრძობს ძალიან ღრმად შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას. იმ მიმართულებით, რაც ქვეყანას აშორებს იმ ევროატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც ვიცით, რომ ქართველ ხალხს ასე ძალიან სურს,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე "ამერიკის ხმის" მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ. მილერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკის მთავრობაში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონით გამოწვეულ შეშფოთებას. იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ რეესტრში ნებაყოფლობით რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა, რაც ნიშნავს, რომ 3 სექტემბრიდან იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტს უფლება აქვს, შეამოწმოს და დააჯარიმოს ყველა ის ორგანიზაცია, რომელმაც რეგისტრაციაზე უარი თქვა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" ნებაყოფლობით 476 ორგანიზაცია დარეგისტრირდა. „ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა, მათ შორის - კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი," - ამბობს მილერი და იმეორებს, რომ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მრავლისმომცველი გადახედვის პროცესშია და სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე მიიღო ზომები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. "ორმხრივი ურთიერთობების მრავალმხრივი გადახედვის ფარგლებში, როგორც იცით, ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მათ შორის - პარტია "ქართული ოცნების" წევრების, პარლამენტარების, სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლებისა და სხვა ინდივიდუალური პირებისთვის. ჩვენ შევაჩერეთ $95 მილიონის ოდენობის დახმარება, რომლითაც პირდაპირ სარგებლობდა საქართველოს მთავრობა," - განმარტავს მილერი. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება და ის დამატებით ნაბიჯებს "არ გამორიცხავს." შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.  

გეგმავს თუ არა NATO-ს წევრი თურქეთი BRICS-ში გაწევრიანებას

თურქეთს არ გადაუდგამს კონკრეტული ნაბიჯები განვითარებადი ეკონომიკების BRICS-ის ჯგუფში გაწევრიანების განცხადებული სურვილის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ "პროცესი მიმდინარეობს", განაცხადა სამშაბათს ქვეყნის მმართველი პარტიის სპიკერმა.   BRICS-ში, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, თავდაპირველად შედიოდნენ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. 2024 წლის იანვარში ორგანიზაციას შეუერთდნენ ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ეთიოპია. ივლისის ბოლოს ორგანიზაციაში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა მალაიზიამ. BRICS-ში გაწევრიანების სურვილი გამოხატა აზერბაიჯანის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და მოკავშირემ - თურქეთმა.   „ჩვენმა პრეზიდენტმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გვინდა, გავხდეთ BRICS-ის წევრი. პროცესი დაწყებულია. ჩვენი მოთხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია. ეს პროცესი ამ ფარგლებში მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტული განვითარება არ არის,“ - აღნიშნა სპიკერმა, როდესაც ჰკითხეს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. ივნისში ჩინეთში ვიზიტის დროს დასმულ კითხვას, შეიძლება თუ არა, თურქეთი შეუერთდეს BRICS-ის ჯგუფს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა დამატებითი დაზუსტების გარეშე უპასუხა: „ჩვენ გვსურს, რა თქმა უნდა, რატომაც არა?“   რუსეთი ფიდანის განცხადებას მიესალმა და განაცხადა, რომ ეს საკითხი იქნება BRICS-ის მომდევნო სამიტის დღის წესრიგში. მაგრამ თურქეთის ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმსეკმა მოგვიანებით ლონდონში განმარტა, რომ თურქეთს არ სურდა მისი "ძირითადი" დასავლელი პარტნიორებისგან განცალკევება, მაშინ, როცა მისმა თავდაცვის მინისტრმა გასულ თვეში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა რჩება ერთგული თავისი პასუხისმგებლობის, როგორც NATO-ს მოკავშირის.“   თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ივლისში განაცხადა, რომ NATO-ს წევრი თურქეთი BRICS-ს „სხვა სტრუქტურების ალტერნატივად“ არ განიხილავს.   „მოსკოვსა და პეკინს განსაკუთრებით სურთ ჯგუფის შემდგომი გაფართოება, რადგან ისინი ცდილობენ, დაუპირისპირდნენ დასავლის მიერ ეკონომიკურ დომინირებას და ეს იქნება დიდი დიპლომატიური გადატრიალება, თუ თურქეთი, NATO-ს მოკავშირე და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, BRICS-ს შეუერთდება,“ წერს Reuters-ი.   BRICS-ის შემდეგი სამიტი 22-24 ოქტომბერს ყაზანში გაიმართება.

პრემიერის თქმით, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან ოპოზიციის ლიდერებიც

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები. მანვე განმარტა, რომ თავდასხმის რისკის ქვეშ არიან განსაკუთრებით ის ლიდერები, რომლებზე თავდასხმაც საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება, იყოს გამოყენებული. „უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით, ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა" და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება, იყოს გამოყენებული. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურ განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება, მოჰყვეს. იგულისხმება იმგვარი მოვლენები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ამ შემთხვევაშიც ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება,“ - განაცხადა კობახიძემ. კითხვას საიდან აქვს მმართველ ძალას ამგვარი ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერი ლიდერები თავდასხმის რისკის ქვეშ არიან, კობახიძემ უპასუხა რომ როდესაც "ოპოზიცია დასუსტებულია, ინფორმაცია გარეთ საცერივით გამოდის." „ასეთ თემებზე არის მუდმივად საუბარი ოპოზიციური პარტიების შიგნით. ასევე, ჩვენ გვაქვს წარსული გამოცდილება, თქვენ გახსოვთ, რა მოხდა გივი თარგამაძესთან დაკავშირებით, როდესაც უშუალოდ არჩევნების წინ მოაწყვეს აფეთქება და ბედზე გადარჩა მაშინ გივი თარგამაძე, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი აქტი უარყოფითად აისახებოდა არჩევნების მიმდინარეობაზე. როდესაც ოპოზიცია არის დასუსტებული, იქ ძალიან მარტივად, საცერივით გამოდის გარეთ ინფორმაცია. შესაბამისად, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას ოპოზიციური პარტიებიდან და გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ასეთ თემებზე იქ მუდმივად მიდის საუბარი, სხვადასხვა პარტიაში თან, არამხოლოდ „ნაცმოძრაობაში“, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიაში გამუდმებით მიდის საუბარი შესაძლო პროვოკაციებსა და ასეთი ტიპის ინციდენტებზე. მიზეზი ძალიან მარტივია, მთელი კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ჯამური რეიტინგი დღეს არის, დაახლოებით, 25%. ასეთ პირობებში ისინი ეძებენ გზებს იმისთვის, რომ რამენაირად არიონ ვითარება. ასეთი ინციდენტების დაგეგმვაც არის ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი," - განაცხადა კობახიძემ.  

ირლანდიის პრემიერი კიევში ახალ ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებს

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი საიმონ ჰარისი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად გაემგზავრა. მოგზაურობის წინ, ჰარისმა განაცხადა, რომ ”რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორწელიწად-ნახევრის შემდეგ, უკრაინა აგრძელებს უზარმაზარი გამოწვევების წინაშეა. მანვე დაამატა, რომ ირლანდია "ცალსახად და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს.“ ტაოსმა მოინახულა დაბომბული და დაზიანებული შენობები ქალაქის ბოროდიანკასა და ჰოსტომელის რაიონებში. ჰარისი და ზელენსკი, სავარაუდოდ, ოთხშაბათს შეხვედრისას ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს ირლანდიის რესპუბლიკასა და უკრაინას შორის ახალ ორმხრივ შეთანხმებაზე. ორმა ლიდერმა ეს შეთანხმება ივლისში, ირლანდიაში ზელენსკის ვიზიტის დროს განიხილა.  

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პოლიციამ ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ირაკლი ეძგვერაძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებულები. უწყებაში ამბობენ, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.“ „ირაკლი ეძგვერაძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად,” - აცხადებენ შსს-ში. პარტია "ნაციონალური მოძრაობაში" ამბობენ, რომ დაკავებულია თბილისის საკრებულოს კიდევ ერთი წევრი ირაკლი ნადირაძეც. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით, არ ადასტურებენ.  

შოლცი: გერმანიამ უკრაინისთვის კიდევ 17 IRIS-T სისტემა შეუკვეთა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გერმანიამ უკრაინისთვის კიდევ 17 IRIS-T სისტემა შეუკვეთა. შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის 6 IRIS-T სისტემის შეძენას საკვანძო როლი ექნება საჰაერო თავდაცვის ევროპულ ინიციატივაში “ცის ფარი”, რომელშიც 21 ქვეყანა მონაწილეობს. მანვე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინისთვის კიდევ 16 IRIS-T სისტემას შეუკვეთავს. გერმანული სააგენტო DPA-ის ცნობით, საუბარია რვა საშუალო მანძილის სისტემაზე (SLM) და კიდევ ცხრა ახლო მანძილის სისტემაზე (SLS). ამ მომენტისთვის უკრაინაში ოთხი SLM და სამი SLS სისტემა იმყოფება. გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინაში გერმანულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკვე 250-ზე მეტი რუსული რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს, და მრავალი სიცოცხლე გადაარჩინეს. მისი თქმით, ოთხი IRIS-T სისტემა - ორი საშუალო მანძილისა და ორი ახლო მანძილის - უკრაინაში წლის ბოლომდე გაიგზავნება, დანარჩენები კი - მომავალ წელს. „ეს იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა არ წყდება,” - აღნიშნა შოლცმა.  

უკრაინამ და ირლადიამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს

დღეს კიევში, უკრაინასა და ირლადიას შორის უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება გაფორმდა. ირლანდიის პრემიერი უკრაინაში დღეს ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმება უზრუნველყოფს ჰუმანიტარული და ინფრასტრუქტურული საჭიროებების მუდმივ მხარდაჭერას, მხოლოდ ამ წლისთვის გამოყოფილია თითქმის 170 მილიონი ევრო. „ეს არის 10-წლიანი ვალდებულება. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ირლანდიას ჩვენი მიწის განაღმვის ერთობლივი ძალისხმევისთვის - ეს ნამდვილად გადაარჩენს უთვალავ სიცოცხლეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ერთად მუშაობას უკრაინის, ირლანდიისა და მთელი ევროპის გამძლეობის გასაძლიერებლად, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიცა, კიბერუსაფრთხოება,“ წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე. ირლანდიის პრემიერი კიევში ახალ ორმხრივ შეთანხმებას გააფორმებს  

აშშ, ბრიტანეთი და ევროკავშირი პირველად აწერენ ხელს ხელოვნური ინტელექტის მარეგულირებელ კონვენციას, ხელშეკრულებას საქართველოც შეუერთდა

ევროკავშირმა, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს პირველ გლობალურ ხელშეკრულებას ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელსაც ასევე შეუერთდა საქართველო. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია, ერთი მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა იუსტიციისა და სერვისების მიწოდების სფეროში და, მეორე მხრივ, სათანადო სამართლებრივი რეგულაციების შექმნა, რათა ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სრულ შესაბამისობაში იყოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან. ამ მიზნით უახლოეს მომავალში იუსტიციის სამინისტრო გახსნის ხელოვნური ინტელექტის სამართლის ცენტრს. 5 სექტემბერს, ევროპის საბჭომ ხელმოსაწერად გამოაქვეყნა პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც წინასწარ შეთანხმდა ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებთან, შეერთებულ შტატებთან და ბრიტანეთთან. ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე თავად ევროსაბჭომ გამოაქვეყნა. ევროპის საბჭოს განმარტებით, ეს არის პირველი საერთაშორისო იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენება სრულად შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩარჩო კონვენციას ხელი მოაწერეს ანდორამ, საქართველომ, ისლანდიამ, ნორვეგიამ, მოლდოვამ, სან მარინომ, დიდმა ბრიტანეთმა, ასევე ისრაელმა, აშშ-მ და ევროკავშირმა. გლობალურ კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყნები საკუთარ თავზე ლეგალურ ვალდებულებებს აიღებენ. ხელშეკრულება 57 სახელმწიფოს შორის მიმდინარე დისკუსიების საფუძველზე შეიქმნა და ის ხელოვნური ინტელექტის რისკებთან ერთად, ინოვაციების პასუხისმგებლიან ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. „ეს კონვენცია მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების უზრუნველყოფისას, არ მოხდება ჩვენი უძველესი ფასეულობების ეროზია, როგორიცაა - ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა,“ - განაცხადა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შაბანა მაჰმუდმა, ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობა აცხადებს, რომ ის იმუშავებს მარეგულირებლებთან და ადგილობრივ მთავრობებთან, რათა ახალი ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეგულაციები დაინერგოს. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა განაცხადა, ხელშეკრულება უზრუნველყოფს სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც მოიცავს ხელოვნური ინტელექტის სისტემების მთელ სასიცოცხლო ციკლს, ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის პროგრესს და ინოვაციებს, ხოლო აკონტროლებს რისკებს, რაც მან შეიძლება, გამოიწვიოს ადამიანის უფლებებისთვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის. „ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება ძირს კი არ გამოუთხრის ჩვენს სტანდარტებს, არამედ - დაიცავს მათ. ჩარჩო კონვენცია შექმნილია სწორედ ამის უზრუნველსაყოფად,“ აღნიშნა ბურიჩმა. ცნობისთვის, კონვენცია ყურადღებას ძირითადად ადამიანის უფლებათა დაცვაზე ამახვილებს, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის სისტემების დანერგვა ეხება. ის რამდენადმე განსხვავდება ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტის აქტისგან, რომელიც გასულ თვეში ამოქმედდა. ევროკავშირის აქტი ევროპის კავშირის სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, დანერგვას და მისი სისტემების გამოყენებას არეგულირებს. ევროპის საბჭო 1949 წელს დაფუძნებული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც ევროკავშირმა ადამიანის უფლებათა დაცვის მოვალეობა დააკისრა. მასში 47 სახელმწიფო შედის, რომელთა შორისაა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა.  

რა გზავნილებით ჩამოვიდნენ საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები, საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან. მათი ვიზიტიდან ცნობილი გახდა, რომ თუ საქართველოს მთავრობამ არსებული კურსი გააგრძელა, გერმანიის პარლამენტი მხარს არ დაუჭერს მოლაპარაკებების განხსნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერებმა დებორა დიურინგმა (Deborah Düring, კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტმა (Jürgen Hardt, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ ლეხტემ (Ulrich Lechte, თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP) და ნილს შმიდმა (Nils Schmid, სოციალ-დემოკრატიული პარტია/SPD) საქართველოში 4-6 სექტემბერს მათ ვიზიტთან დაკავშირებულ ერთობლივ განცხადებაში ხაზი გაუსვეს, რომ „საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.“ „საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ევროკავშირში გაწევრიანება სახელმწიფო მიზნადაც კი არის ჩაწერილი. ბოლოდროინდელი ავტორიტარული ტენდენციები და არადემოკრატიული ღონისძიებები ძირს უთხრის ამ დემოკრატიულ ნებას. ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. თუ ეს კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთგულება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმი სამაგალითოა რეგიონში. არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა აუცილებელია დემოკრატიული პროცესისთვის. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როგორიცაა ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას. ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტია დემოკრატიული განვითარებისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ზღუდავს უმცირესობების უფლებებს, პრესის თავისუფლებას და პოლიტიკურ ოპოზიციას. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ყველა დემოკრატიის საფუძველია. საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება საარჩევნო პროცესს. ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას და მოვუწოდებთ ყველას არაძალადობრივი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ. როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის გაძლიერება არამხოლოდ გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის, არამედ, ეს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა თავისუფალი საზოგადოების დასაყრდენს წარმოადგენს,“ აღნიშნულია გერმანელი დეპუტატების განცხადებაში, რომელიც გერმანიის საელჩომ გაავრცელა. ცნობისთვის, დელეგაციის წევრები პარლამენტში შეხვდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრს ნიკოლოზ სამხარაძეს. მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას - რატომ არ შედგა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან? სამხარაძემ განმარტა, რომ პაპუაშვილი იმერეთში იმყოფება და ამიტომ ვერ შეძლო შეხვედრაში მონაწილეობის მიღება. განახლება: განმარტება გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც. „მეც მთხოვეს, მაგრამ, მგონი, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის. მათ შორის იმ აქტის გათვალისწინებით, რაც ერთ-ერთმა მათმა კოლეგამ რამდენიმე თვის წინ განახორციელა. გახსოვთ, ბუნდესტაგის ერთ-ერთი წევრი იყო საქართველოში ჩამოსული, მას შეხვდა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი, პარლამენტარი და მის შემდეგ რამდენიმე საათში ის რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე აღმოჩნდა. პირდაპირ სცენაზე იყო ასული და ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში. ასეთი აქტები არის მიუღებელი და ასეთ ფონზე ჩვენთვის შეხვედრებიც მიუღებელია. ამ შემთხვევაში, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი შეხვდება ბუნდესტაგის დელეგაციას იმისთვის, რომ ჩვენი სათქმელი გაუზიაროს. თუმცა ეს ყველაფერი რამდენად შედეგიანი იქნება, გამოჩნდება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.  

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან მუხთარლისთვის 12 500 ევროს გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 5 სექტემბერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე – „მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ” – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. „სასამართლო ადგენს, რომ საქართველოს მიერ კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები დირღვა განმცხადებლის გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც 5 სექტემბერს გამოქვეყნდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებელი ჩიოდა, რომ იგი გაიტაცეს თბილისში 2017 წლის 29 მაისს, არასათანადოდ მოპყრობითა და იძულებით გადაიყვანეს აზერბაიჯანში საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით, ან ჩუმი თანხმობით და რომ ამ მოვლენების გამოძიება არაეფექტური იყო. ამასთან, მუხთარლი ამტკიცებდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებების კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის თანახმადაც არავინ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს და მე-5 მუხლი, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. სასამართლო ადგენს, რომ საქართველოს მიერ ადგილი ჰქონდა დარღვევას მუხთარლის გატაცების, არასათანადო მოპყრობისა და აზერბაიჯანში უკანონო გადაყვანის შესახებ ეფექტური გამოძიების ჩაუტარებლობასთან დაკავშირებით. თუმცა ამასთან, დოკუმენტის თანახმად, სასამართლო „ადგენს, რომ საქართველოს მიერ არ მომხდარა კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების არსებითი დარღვევა.“ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის მიერ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაკავებული თუ დაპატიმრებული პირი დუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასამართლო ხელისუფლების განსახორციელებლად კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და აქვს უფლება, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში ასევე კონვენციის მე-8 მუხლი, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა. „საქართველოს მთავრობამ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს 10 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ, 2 500 ევრო ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად, აზერბაიჯანის მთავრობამ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს 6 000 ევრო არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ და ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად,“ - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ცნობისთვის, აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აფგან მუხთარლი, თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty Inrernational-მა მაშინ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ იმყოფებოდა. მუხთარლის 2018 წლის იანვარში საზღვრის უკანონო კვეთისა და დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტის გადატანასთვის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი აზერბაიჯანის ციხიდან 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ ვერ ჩაატარა საქმეზე ეფექტური გამოძიება, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება 2017 წლის 30 მაისს, გატაცების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა). სასამართლომ საქართველო დამნაშავედ ცნო კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) მუხლების დარღვევაში, თუმცა ამ მუხლების არსებითი ნაწილების დარღვევა ვერ დაადგინა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა მე-5 მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა. სასამართლომ აზერბაიჯანს 6000 ევროს გადახდა დააკისრა არამატერიალური ზიანის, ხოლო 2500 ევროს გადახდა ხარჯების ასანაზღაურებლად. ერთობლივ მოსაზრებაში მოსამართლეები სრულად დაეთანხმნენ პალატის დასკვნებს, თუმცა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ საქართველოში გამოძიება არ იყო დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენის გამო. მათ პალატა იმის გამო გააკრიტიკეს, რომ არასაკმარისი ყურადღება დაეთმო ამ საკითხს, კერძოდ, მაღალი თანამდებობის პირების ზეგავლენას გამოძიებაზე და აზერბაიჯანში განმცხადებლის მიმართ ბრალდებების სანდოობას. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პოლიტიკურმა განცხადებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს გამოძიებასა და სასამართლო პროცესზე და დასძინეს, რომ პოლიციელები უფრო იმყოფებიან პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, ვიდრე მოსამართლეები, რამაც შესაძლოა, გამოძიების მიუკერძოებლობა შეარყიოს.  

„არ გვინდა რაიმეს გაკეთება, რაც ამ შეთქმულების თეორიას შეუწყობს ხელს“ - სენატორი შაჰინი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, არჩევნებსა და რუსეთზე

National Journal-თან ინტერვიუში, რომელიც 6 სექტემბერს გამოქვეყნდა, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის შეშფოთება საქართველოში განვითარებული მოვლენების, ე.წ. უცხოელი აგენტის კანონის, ოქტომბრის არჩევნების და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ დაპირების თაობაზე. აშშ-ის ორპარტიული დელეგაცია ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივაზე, არჩევნებსა და რუსეთზე - 11/08/2024 „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ, სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ აშშ-მ თავის შეშფოთება პირველად ერთი წლის წინ, კანონპროექტის პირველად ინიცირების შემდეგ გამოხატა, და რომ ვიზიტებმა საქართველოში, რა დროსაც ის და მისი კოლეგები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ხვდებოდნენ, ცხადყო, რომ ეს წუხილი იქაც აქტუალურია. „ის, რაც ამ ორგანიზაციებისგან გავიგეთ, არის მათი შეშფოთება, რომ ამ კანონის [ამოქმედების] შემდეგ ქვეყანაში მუშაობას ვეღარ შეძლებენ. ის რუსეთში მიღებული კანონის ანარეკლია, რასაც ქვეყნიდან დიდი რაოდენობით არასამთავრობო ორგანიზაციების გადინება მოყვა. და ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე ხდება საქართველოშიც,“ – აღნიშნა სენატორმა და დაამატა, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის წევრობის მოთხოვნებს და საგანგაშოა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების თვალსაზრისით. სენატორმა შაჰინმა ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას, კანონის მიღების საბაბად „გამჭვირვალობა“ დასახელდა. „მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ის, რაც ხდება. საუბარია სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებაზე. საუბარია ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობაზე,“ – განაცხადა სენატორმა. მანვე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს, სადაც საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობების „გაუარესებას“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში „სურვილის არარსებობას, მოეგვარებინა გამოთქმული წუხილები“, კობახიძემ თხოვნით მიმართა ამერიკულ მხარეს, რომ „შეწყვიტოს ყველა იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის დაფინანსება, რომლებიც შესაძლოა, კრიტიკულები იყვნენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.“ შაჰინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკული მხარის გზავნილი კობახიძის მიმართ ის იყო, რომ დემოკრატია „არ გულისხმობს განსხვავებული აზრისა და უთანხმოების ჩახშობას. ეს არის იმის აღიარება, რომ თქვენ საქმიანობას გააკრიტიკებენ, ეს დემოკრატიის ნაწილია.“ სენატორმა შაჰინმა აღნიშნა: „კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმის დანახვა, რომ ჩვენი ვიზიტის შემდეგ ხელისუფლება ყველა ოპოზიციური პარტიის დაშლაზე საუბრობს. ისინი ძირითადად ავტოკრატიად გადაქცევაზე საუბრობენ. მათ უნდათ დიქტატურა იყოს და არა დემოკრატია.“ სენატორს ასევე ჰკითხეს, რამდენად შეშფოთებულია აშშ ოქტომბრის მოახლოებული არჩევნების გამო, რაზეც მან უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს დემოკრატიულ უკუსვლას, რაც შეუსაბამოა იმასთან, რაც ქართველებს სურთ. სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ რთულია იმის დანახვა, თუ როგორ გააგრძელებს საქართველო დემოკრატიას, თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათი მიზანია, რომ ოქტომბრის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს, სენატორი აღნიშნავს, რომ „თითოეული განცხადება, რომელიც ხელისუფლებისგან მოდის, ამასთან შეუსაბამოა.“ სენატორმა შაჰინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მახლობლად მდებარე საოკუპაციო ხაზზე ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ადგილის მონახულებისას, იმ ადამიანებთან გასაუბრებისას, რომლებიც ოკუპაციის გამო სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში, ასევე გორში სტუდენტებთან საუბრისას, რომელთაც უთხრეს მას, რომ ოკუპაციის გამო მათი ოჯახები გაყოფილია, იგი გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ მიუიხედავად იმისა, რომ ქვეყნის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, საქართველოს მაინც გადმოაქვს რუსული კანონები. „მე მესმის, რომ საქართველო რთულ გეოგრაფიულ მდგომარეობაშია. მაგრამ ძნელი გასაგებია, რატომ ფიქრობენ ისინი, რომ მათი მომავალი რუსეთთან იქნება, როდესაც რუსეთს მათი ტერიტორია აქვს ოკუპირებული. და ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არის რეალური შეშფოთება რუსეთის მიერ კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის დაკავების პოტენციალთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა სენატორმა. რაც შეეხება 95 მილიონი აშშ დოლარის ამერიკული დახმარების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის, სენატორმა შაჰინმა აღნიშნა, რომ „ახლა საქართველოს მთავრობის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის შეფასება მიმდინარეობს. მან აღნიშნა, რომ განახლდება თუ არა დაფინანსება, ამ შეფასების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. გაუქმებული სამხედრო წვრთნების შესახებ საუბრისას, სენატორმა განაცხადა: „ჩვენთვის ძნელია, გავამართლოთ შეიარაღებული ძალების შემოყვანა და სამხედრო წვრთნების ჩატარება ხელისუფლებასთან, რომელიც აცხადებს, რომ შეერთებული შტატები თქვენი ხელისუფლების დამხობას ცდილობს.” „თქვენ გაქვთ შეთქმულების თეორია, რომ შეერთებული შტატები ხელისუფლების დამხობას ცდილობს. ჩვენ არ გვინდა რაიმეს გაკეთება, რაც ამ შეთქმულების თეორიას შეუწყობს ხელს,” - აღნიშნა სენატორმა შაჰინმა. ბოლოს სენატორმა შაჰინმა ქართველი ხალხის აქტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: „არის რამდენიმე დებულება კანონპროექტიდან, რომლებიც შესულია ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში; ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ძირითადი დებულებები, მათ შორის, სანქციები, მიღებული იქნება. ჩვენ ველოდებით, როდესაც საბანკო კომიტეტი ხელს მოაწერს დებულებებს სანქციების შესახებ.“ „ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ უცხოელი აგენტების შესახებ კანონით და სამოქალაქო საზოგადოების დამხობისკენ მიმართული სხვა მცდელობებით. ჩვენ შეშფოთებული ვართ იმით, იქნება თუ არა ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და შეშფოთებული ვართ იმით, რაც, როგორც ჩანს, არის ორკესტრირებული ძალისხმევა “ქართული ოცნების” მხრიდან, რათა დევნოს ოპონენტები, რომლებიც არ ეთანხმებიან ხელისუფლების პოლიტიკას,“ – განაცხადა სენატორმა და აღნიშნა: „ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც იმის გამო სცემეს, რომ მათ სურდათ ხელისუფლების წინააღმდეგ წასულიყვნენ. ჩვენ გვესმის სხვადასხვა ფრონტზე რეალური შეშფოთება იმის შესახებ, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს და რა რესპრესიებსაც ის მიმართავს თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ.“ შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.  

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგის დასაწყებად სომხეთს ეწვევა

9 სექტემბერს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგის დასაწყებად სომხეთს ეწვევა. მარგარიტის შინასი შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან. ევროკომისიამ, შინასის ვიზიტის დაანონსებისას განაცხადა, რომ დიალოგის დაწყება, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან ძლიერი სიგნალია სომხეთთან ძლიერი პარტნიორობის გაღრმავებისადმი ერთგულების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სომხეთში მისიის გაფართოებასა და ვიზალიბერალიზაციაზე დისკუსიის გააქტიურებას მხარი დაუჭირეს