ძებნის რეზულტატი:

ალენ დელონს შაბათს, საკუთარ მამულში დაკრძალავენ

ფრანგული ტელეარხების CNews-სა და BFMTV-ის ცნობით, ალენ დელონის დაკრძალვის ცერემონია შაბათს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე გაიმართება და მას დუში-მონკორბონში მდებარე საკუთარ მამულში დაკრძალავენ, სადაც მსახიობმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. საფრანგეთის ქალაქ გაპის ყოფილმა ეპისკოპოსმა, ჟან-მიშელ დი ფალკომ განაცხადა, რომ დაკრძალვის ცერემონიის ჩატარება მას მსახიობმა თავად სთხოვა. ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 18 აგვისტოს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

ბაქოში პუტინის ვიზიტის შემდეგ, აზერბაიჯანმა BRICS-ში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა

აზერბაიჯანმა "ბრიკსში" (BRICS) გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. იუწყება Report-ი იუწყება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივან აიხან ჰაჯიზადეზე დაყრდნობით. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილი ივლისის დასაწყისში გამოაცხადა, ასტანაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე. ცნობისთვის, აზერბაიჯანის მხრიდან განაცხადი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბაქოში ორდღიანი ვიზიტის მეორე დღეს გაკეთდა. BRICS-ში, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, თავდაპირველად შედიოდნენ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. 2024 წლის იანვარში ორგანიზაციას შეუერთდნენ ეგვიპტე, ირანი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ეთიოპია. ივლისის ბოლოს ორგანიზაციაში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა მალაიზიამ. BRICS-ში გაწევრიანების სურვილი გამოხატა აზერბაიჯანის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და მოკავშირემ - თურქეთმა.  

მედია: კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 500 მილიონი დოლარი შეაგროვა

NBC News-ის ცნობით, კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში 500 მილიონი დოლარი შეაგროვა. როგორც ამერიკული მედია წერს, „დემოკრატები“ იმედოვნებენ, რომ აგვისტოს ბოლოსთვის ეს რიცხვი 600 მილიონ დოლარს მიაღწევს. ცნობილია, რომ გასულ თვეში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გუნდმა 310 მილიონი დოლარი შეაგროვა.  

პრეზიდენტი უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღისადმი მილოცვისას, ოკუპაციისგან გათავისუფლება უსურვა. „ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა, მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე! მინდა, გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია - თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ესაა ჩემი სურვილი თქვენი ქვეყნისათვის, ესაა ჩემი სურვილი ჩემი ქვეყნისათვის და ესაა ჩემი სურვილი ორივე ქვეყნის ევროპული მომავლისათვის!“ - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი. უკრაინაში 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა უკრაინელი ხალხის გმირულ წინააღმდეგობას რუსეთის აგრესიის მიმართ. „დამოუკიდებლობა ყოველ ჩვენგანშია. და გაერთიანებული ძალებით, გამარჯვებას შევძლებთ... ჩვენ მტერს გავუძელით, შევბოჭეთ და ვაიძულეთ უკან დაეხია, და ახლა მისსავე ჭაობისკენ ვდევნით. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, რაოდენ რთულია მისი აღდგენა, რაოდენ რთულია მისი დაცვა. მაგრამ ასევე ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული," - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.  

ზელენსკი: უკრაინა და უკრაინელები თავად გადაწყვეტენ, რა არჩევანი გააკეთონ

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მისალოც გზავნილში განაცხადა, რომ უკრაინა და უკრაინელები თავად გადაწყვეტენ, როგორ იცხოვრონ, რა გზა გაიარონ და რა არჩევანი გააკეთონ, რადგან ასე მუშაობს დამოუკიდებლობა. ამის შესახებ მან ერისადმი მიმართვაში განაცხადა. ზელენსკის ვიდეომიმართვა სუმის რეგიონიდან, რუსეთთან საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში ჩაიწერა. „საზღვარი - დამოუკიდებელ ევროპულ სახელმწიფოსა და მსოფლიოში ნომერ პირველ ტერორისტულ ორგანიზაციას შორის. 913 დღის წინ, რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ დაიწყო ომი, მათ შორის, სუმის რეგიონის გავლით. მისი უსასრულო მიზანი იყო ერთი რამ: ჩვენი განადგურება. დღეს ჩვენ ვზეიმობთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, რაც მტერმა მოიტანა ჩვენს მიწაზე, ახლა დაბრუნდა საკუთარ სახლში. მათ, ვისაც ჩვენი მიწების ბუფერულ ზონად გადაქცევა სურდათ, უნდა იფიქრონ იმაზე, რომ მათი ქვეყანა ბუფერულ ფედერაციად არ იქცეს,“ განაცხადა ზელენსკიმ.  უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „მოხუცი წითელი მოედნიდან, რომელიც ყველას მუდმივად წითელი ღილაკით ემუქრება, ვერ გვიკარნახებს საკუთარ წითელ ხაზებს.“ „უკრაინელები ყოველთვის იხდიან ვალს. ვისაც სურდა უბედურება ჩვენს მიწაზე, იპოვის მას საკუთარ სახლში; ვინც ჩვენს მიწაზე ბოროტების დათესვას ცდილობს, მის ნაყოფს საკუთარ ტერიტორიაზე მოიმკის. ეს არ არის წინასწარმეტყველება, არ არის ბრმა შურისძიება, ეს არის მაგალითი, ბუმერანგი ბოროტებისთვის, და მისი გაშვება დაიწყო არც ისე შორს იმ ადგილიდან, სადაც მე ამ ვიდეოს ვწერ. სუმის რეგიონში. ჩვენი საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში. ეს არის საზღვარი უკრაინასა და ჩაგვრას შორის, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. საზღვარი დამოუკიდებელ ევროპულ სახელმწიფოსა და მსოფლიოში ნომერ პირველ ტერორისტულ ორგანიზაციას შორის,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან ყველა უკრაინელსა და უცხოელს, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობას იცავს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის რუსეთი პასუხს აგებს. „33 წლის წინ, უკრაინა მსოფლიოს რუკებზე ხელახლა დაიბადა და დღეს, უკრაინა მსოფლიოს გულებს იპყრობს. გამბედაობას შთააგონებს და მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა შეგეშინდეთ პუტინის. იგი მსოფლიოს საკუთარი უკრაინული მსოფლმხედველობის გარშემო აერთიანებს: 21-ე საუკუნეში ტერორისტებმა ჰააგაში უნდა განისვენონ და არა ვალდაიში. არავინ იტყვის მსოფლიოში: „სად არის უკრაინა?“ რადგან ახლა ყველა კონტინენტზე ამბობენ: „უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს“. ეს ჩვენს დამოუკიდებლობას ძალას მატებს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, უკრაინაში 24 აგვისტოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.  

კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შემთხვევაში, ლოგიკური იქნება მანდატების შეჩერება პარტიის იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც პარლამენტში შევლენ

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ “ქართული ოცნება” ყველა იმ ოპოზიციური ძალის აკრძალვას გეგმავს, რომელიც მომავალ არჩევნებში მას უპირისპირდება. ჟურნალისტების კითხვას, თუ რომელი პარტიების აკრძალვას აპირებს „ქართული ოცნება“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კობახიძემ უპასუხა, რომ ესაა კოალიცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გარშემო და ასევე “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც “განეკუთვნება – “ახალი”, “გირჩი”, “დროა“, „ლელო“, „გახარია - საქართველოსთვის“. მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში 5%-იან ბარიერს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება გადალახავენ. მან პარტიაში გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადდეს. პრემიერმა აღნიშნა, რომ პარტიის არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადების შემდეგ ლოგიკური იქნება, გაუქმდეს ამ პარტიის სახელით მიღებული საპარლამენტო მანდატები. „მოლდოვის პარლამენტი არის, პრაქტიკულად, ერთპარტიული, მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს. იგივე მოხდება საქართველოშიც. ერთი და იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ყველა კანდიდატ ქვეყანაში, როგორც მოლდოვაში, ისე საქართველოში, ისე უკრაინაში. ეს არის და ეს. მე მგონია, რომ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს შეუფერხებლად წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით,“ - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, მიდგომა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ყველა ოპოზიციური პარტია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობაა“ და უნდა აიკრძალონ, მოიტანს თუ არა იმას, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს პარლამენტი იქნება ერთპარტიული. პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა კითხვას: იმ ფონზე, როცა მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებაზე საუბრობს, გაუუქმდებათ თუ არა მანდატები „ნაციონალური მოძრაობის“ იმ დეპუტატებსაც, რომლებიც პარლამენტში შევლენ. „ჩვენი მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, მანდატების განულება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია. მე ვფიქრობ, რომ პარტიის აკრძალვას ლოგიკური გაგრძელება ექნება, ბუნებრივია, მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება, დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი. აქედან გამომდინარე, ეს იქნებოდა ლოგიკური გაგრძელება. პარლამენტი დარჩება დემოკრატიულად არჩეული, სადაც „ქართულ ოცნებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა კობახიძემ. მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, პარლამენტის სავარაუდოდ ერთპარტიულად დარჩენის შემთხვევაში, დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელ კრიტიკაზე, როგორც ეს იყო 2020 წელს და ასეთ ვითარებაში, ეს პროცესი შეუშლის თუ არა ხელს ევროინტეგრაციას. „მაშინ სხვა დრო იყო. თქვენ გახსოვთ, პირდაპირ რევოლუციის მცდელობა ჰქონდათ კონკრეტულ ძალებს, ეს ვერ განმეორდება საქართველოში. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, მერწმუნეთ, რომ ასეთი მცდელობა საქართველოში ვეღარავის ვეღარ ექნება, ხელოვნურად მოაწყოს ამ ქვეყანაში რევოლუცია. მაშინ კონკრეტული ძალები პირდაპირ ცდილობდნენ რევოლუციის მოწყობას ამ ქვეყანაში. დღეს, სხვა სიტუაციაა, ასეთი რამ ვერ განმეორდება ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ... მოლდოვის პარლამენტი დღეს, პრაქტიკულად, ერთპარტიულია, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს. არაფერი ხდება ასეთ დროს. მოლდოვის პარლამენტი არის პრაქტიკულად ერთპარტიული, მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს. იგივე მოხდება საქართველოშიც. ერთი და იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ყველა კანდიდატ ქვეყანაში, როგორც მოლდოვაში, ისე საქართველოში,ისე უკრაინაში. ეს არის და ეს. მე მგონია,რომ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს შეუფერხებლად წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით. ხელოვნურ დაბრკოლებას თუ ვინმე უქმნიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს იყო სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობა.“ პირდაპირ აგიტაციას აწარმოებდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. თქვენ გახსოვთ, რომ ერთხელ ვერ ვათქმევინეთ ვერცერთ ოპოზიციურ ძალას, მათ შორის მარიონეტს სალომე ზურაბიშვილს, რომ ქვეყანა იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. როგორც კი აიკრძალება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მაშინვე მოეხსნება დაბრკოლებები ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე,“ - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, 20 აგვისტოს "ქართულმა ოცნებამ" დაასახელა ოთხი მიზეზი, რომელთა გამოც სურს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში. ოთხიდან პირველი მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება იყო. ცნობისთვის, 2023 წლის 19 ივნისს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა პრორუსული პარტია „შორი“. მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ პარტია მოქმედებდა კანონის უზენაესობის პრინციპების საწინააღმდეგოდ და საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, პარტიის მოქმედ დეპუტატებს მანდატები არ გაუუქმეს, ისინი მუშაობას აგრძელებენ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები. მმართველი პარტიის („მოქმედება და სოლიდარობა“) გარდა, მოლდოვის პარლამენტში წარმოდგენილი არიან კომუნისტებისა და სოციალისტების ოპოზიციური ბლოკი და დამოუკიდებელი დეპუტატები. რაც შეეხება უკრაინას, 2022 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ შეაჩერა 11 პრორუსული პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, ვიდრე საომარი მდგომარეობა მოქმედებს. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამ პარტიების წარმომადგენლები უშუალოდ მონაწილეობდნენ რუსეთის მიერ უკრაინაში მიტაცებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის დამყარებასა და ფსევდო-რეფერენდუმების ორგანიზებაში. 2022 წლის მაისში უკრაინის რადამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ანტიუკრაინულ საქმიანობაში მონაწილეობენ. უკრაინაში აკრძალული პარტიებიდან ყველაზე დიდია პრორუსული პარტიაა „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“, რომელსაც უკრაინის პარლამენტში 450 ადგილიდან 44 მანდატი ჰქონდა. მისი ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკია, პრორუსი ოლიგარქი, რომელსაც უკრაინაში ბრალი ედება სახელმწიფო ღალატსა და ეროვნული რესურსების ძარცვის მცდელობაში, ასევე, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში დახმარებაში. მედვედჩუკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირეა. ის რუსეთმა უკრაინას 200 “აზოველ” ტყვეში გაუცვალა. უკრაინაში აკრძალული კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია „ჩვენის“ ლიდერი ევგენ მურაევია. 2022 წლის იანვარში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მოსკოვი სამხედრო აგრესიის შემდეგ კიევში ლიდერად მურაევის დასმას განიხილავდა.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 49 წლის ვიქტორ კიპრიტიდი დაიღუპა. როგორც მისი შვილი ამბობს რადიო თავისუფლებასთან, მამის გარდაცვალების შესახებ ცნობა ოჯახმა 23 აგვისტოს მიიღო. გიორგი კიპრიტიდის თქმით, რამდენიმე ხნის წინ მამა ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს, დაბომბვისას დაიჭრა, გასულ პარასკევს კი, კლინიკაში გარდაიცვალა. „ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, კონკრეტულად სად დაიჭრა მამა და რამდენი ხნის წინ. მხოლოდ ის ვიცით, რომ დაჭრის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და ის კლინიკაში მკურნალობდა.“ ვიქტორ კიპრიტიდი სოხუმიდან დევნილია. მისი მეუღლე და ორი შვილი თბილისში ცხოვრობენ. ის პროფესიონალი სამხედრო იყო. 90-იან წლებში იბრძოდა აფხაზეთში. 2008 წელს - აგვისტოს ომში. ვიქტორ კიპრიტიდი უკრაინაში იბრძოდა 2014 წლიდან - ევრომაიდნის მოვლენების, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად ყირიმის ანექსიისა და სეპარატისტების მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადების შემდეგ. თავდაპირველად ის უკრაინაში დაფუძნებული „ქართული ლეგიონის“ წევრი იყო. თუმცა თანამებრძოლებისა და მეგობრების ცნობით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა. გავრცელებული ცნობით, ქართველ მებრძოლს საქართველოში 30 აგვისტოს ჩამოასვენებენ. ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 70-მდე ქართველი სამხედრო დაიღუპა.  

ბორელი: სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირს შორდება

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად შეშფოთებულები არიან “საქართველოს ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირს შორდება.“ ბორელის თქმით, სამიტზე საქართველოში არსებული ვითარებაც განიხილეს. „ჩვენ ასევე მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება. სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ ამ ქვეყნის ტრაექტორიით, რომელიც ევროკავშირს შორდება,“ - განაცხადა ბორელმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.  

NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინელებს წვრთნიან

უკრაინელი ახალწვეულები „ინტერფლექსის“ ფარგლებში წვრთნებს გადიან. შესაბამის ინფორმაციას NATO მისივე ვებგვერდზე ავრცელებს. „რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, მოკავშირეებმა უპრეცედენტო წვლილი შეიტანეს უკრაინის თავდაცვაში. ივლისში, NATO-ს სამიტზე, მრავალმა მოკავშირემ გამოაცხადა, რომ უკრაინას გაუგზავნის დამატებით სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს - მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ისინი მომავალ წელს, ერთად უზრუნველყოფენ სულ მცირე 40 მილიარდ ევროს უსაფრთხოების დახმარებას. მოკავშირეები ასევე შეთანხმდნენ, რომ კოორდინაცია გაუწიონ უსაფრთხოების დახმარებას და წვრთნას უკრაინისთვის, NATO-ს ახალი სარდლობა ამ ამოცანებს ახორციელებს, რომელიც სექტემბერში ამოქმედდება,“ განაცხადა თავის მხრივ, ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-უკრაინის საბჭოს შეხვედრაზე.  

საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური დანიშნულების საზღვაო ჯგუფებმა შავ ზღვაში ერთობლივი სამხედრო სწავლება ჩაატარეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დასავლეთის ბატალიონის სპეციალური დანიშნულების საზღვაო ჯგუფმა, რუმინეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების საზღვაო ჯგუფთან ერთად, შავ ზღვაში სამხედრო სწავლება ჩაატარა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთობლივი წვრთნები იმიტირებული სცენარის მიხედვით წარიმართა. „ქართველმა და რუმინელმა სამხედროებმა აბორდაჟის ოპერაცია განახორციელეს. სწავლების მონაწილეებმა ზღვაში ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის, უსაფრთხო ადგილზე გადატანისა და გაუვნებელყოფის კომპონენტებიც შეასრულეს. სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა. სამხედრო წვრთნები საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობებს შორის თავსებადობის გაძლიერებასა და პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას ისახავდა მიზნად,“ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ივანიშვილი: კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება

„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა კიდევ ერთ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაანონსდა. ივანიშვილის განცხადებით, მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და იმ შემთხვევაში, თუკი საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, „საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება.“ „როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ისტორიულად ამაყობს, ერთი მხრივ, რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით და მეორე მხრივ, მართლმადიდებლობით, რომელიც, მამულთან და ენასთან ერთად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლიდან მოქმედი კონსტიტუციური ჩანაწერი რელიგიისა და ეკლესიის შესახებ სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს. იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში. რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს.მადლობა გვინდა გადავუხადოთ ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, მღვდელმთავრებს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ისევე, როგორც, საზოგადოდ, იმ წვლილისთვის, რომელიც მათ საქართველოს თვითმყოფადობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეაქვთ,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ მტკიცედ სჯერა, დამაჯერებელი გამარჯვების და ქვეყნის უკეთესი მომავლის.„ძვირფასო გურულებო, თქვენი შემხედვარე მტკიცედ მჯერა, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და ერთად შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს! ჩემო გურულებო, მოგიწოდებთ, თქვენი, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის საკეთილდღეოდ, ის მრავალი ხმა, ის პოლიფონია, თქვენს გასაოცარ კრიმანჭულში რომ ისმის, გავაერთიანოთ და 26 ოქტომბერს, ქართველი ხალხის, საქართველოს და ქართული ოცნების გამარჯვების სიმღერად ვაქციოთ!“ - განაცხადა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას. 25 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას გაიმეორა სამი დაპირება, რასაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში შეასრულებს და განაცხადა, რომ არსებობს მეოთხეც, „ჩვენი ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.  

სტოლტენბერგი კურსკზე: უკრაინის თავდაცვის უფლება საზღვარზე არ ჩერდება

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კურსთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია. სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ რუსეთი 900 დღეზე მეტია, აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და კრემლმა კურსკის რეგიონიდან არაერთი თავდასხმა განახორციელა, სწორედ ამიტომ -  რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ კურსკის ოპერაცია მიზნად ისახავს ბუფერული ზონის შექმნას, რათა რუსეთი შემდგომი თავდასხმებისგან შეაჩეროს. ამასთან, სტოლტენბერგმა უარყო კრემლის ბრალდება, რომ დასავლეთი წინასწარ იყო ინფორმირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის გეგმების შესახებ და აღნიშნა, რომ NATO ამაში არანაირ როლს არ თამაშობდა. მისივე თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ უკრაინის გადასაწყვეტია ის, თუ როგორ დაიცავს თავს და აღნიშნა, რომ ოპერაცია უკრაინის თავდაცვის უფლებას შეესაბამება. „რუსი ჯარისკაცები, ტანკები და ბაზები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ლეგიტიმური სამიზნეებია და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეს უფლება საზღვარზე არ მთავრდება,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 2024 წლის 6 აგვისტოს უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში შეიჭრა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კურსკის ოპერაცია უკრაინის გამარჯვების გეგმის ერთ-ერთი პუნქტია.  

ფაშინიანი: აზერბაიჯანს იტალიიდან იარაღის შეძენა შეუძლია, სომხეთმა ვერ უნდა შეიძინოს იარაღი საფრანგეთიდან?

„აზერბაიჯანი ცდილობს, დაადანაშაულოს სომხეთი შეიარაღებაში, რათა დაფაროს საკუთარი შეიარაღების საკითხი,“ - „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. „გვაკრიტიკებენ იმისთვის, რომ, მაგალითად, გვაქვს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა საფრანგეთთან და ინდოეთთან. აზერბაიჯანში არის ტენდენცია, რომ ისაუბრებიან იმაზე, თითქოს, არარეგიონული ქვეყნები აღჭურავენ სომხეთს, მაგალითად, საფრანგეთი. მაგრამ ცხადია და საჯაროა, რომ აზერბაიჯანი იარაღს ყიდულობს, მაგალითად, იტალიიდან. საფრანგეთის მეზობელი ქვეყანაა, რატომ შეუძლია აზერბაიჯანს, იარაღი იტალიიდან შეიძინოს და სომხეთმა ვერ შეძლოს იარაღის შეძენა საფრანგეთიდან? აზერბაიჯანი იარაღს ყიდულობს, მაგალითად, პაკისტანიდან. რატომ შეუძლია აზერბაიჯანს, იარაღი პაკისტანიდან შეიძინოს და სომხეთმა ვერ შეძლოს იარაღის შეძენა ინდოეთიდან? ამბობენ, რომ ევროკავშირი და დასავლეთი აჭურავენ სომხეთს, ხოლო აზერბაიჯანი იარაღს ყიდულობს სლოვაკეთიდან, სერბეთიდან, ბულგარეთიდან. ევროკავშირის სულ მცირე სამი წევრი ქვეყანა სამხედრო-ტექნიკურ საკითხში თანამშრომლობს აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანი უზარმაზარ რაოდენობით იარაღს ყიდულობს ისრაელიდან,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. ფაშინიანმა განმარტა, რომ სომხეთმა კარგად იცის ეს პროცესები დაზვერვის მონაცემების შეგროვების გზით და ამის შესახებ საჯაროდ ყოველთვის არ საუბრობს.  

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარ „სარკინიგზო შემთხვევას“ მსხვერპლი მოჰყვა

„საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის დროს დაღუპულები „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები არიან, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ. მათივე ცნობით, ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. „დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გაჩერებულია ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომლის მგზავრები არ დაშავებულან. მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით. „საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და გარდაცვლილთა ოჯახებს,“ - ნათქვამია განცახადებაში.  

სომხეთი და საქართველო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებს შეისწავლიან

ერევანი, 2 სექტემბერი, არმენპრესი․ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა, საქართველოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „შეხვედრისას ხაზი გავუსვით სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებისა და გაფართოების მნიშვნელობას, ასევე ორივე მხარემ ხაზი გაუსვა რეგიონში გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ სხვადასხვა ჯგუფების ორმხრივი ვიზიტების გზით ასევე შევისწავლით ორმხრივი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების და ახალი მიმართულებების ჩართვის შესაძლებლობებს. ასევე განვიხილეთ სომხურ-ქართული თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში და რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები,“ - დაწერა პაპიკიანმა.  ქართული მხარის ცნობით, მინისტრებმა მეზობელ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. „გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებებს შორის 2024 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს. აღნიშნული დოკუმენტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წელს გაფორმდა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები - გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ასევე, სომხეთისა და საქართველოს ელჩები დაესწრნენ,“ წერს თავდაცვის უწყება.  

აზერბაიჯანი ხორვატიაში ბუნებრივი აირის ექსპორტს იწყებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) ხორვატიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 2024 წლის პირველ სექტემბერს დაიწყო. იუწყება Trend „სოკარზე“ დაყრდნობით. კომპანიაში აცხადებენ, რომ „ეს მნიშვნელოვანი ეტაპი აზერბაიჯანისა და ხორვატიის მთავრობებს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.“ „ზამთრის სეზონის წინ, ხორვატიისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდება კიდევ უფრო ამყარებს აზერბაიჯანის, როგორც ევროპისთვის სანდო პარტნიორისა და გაზის მიმწოდებლის პოზიციას,“ - აცხადებენ კომპანიაში. აზერბაიჯანმა სლოვენიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო  

მწვანე ენერგეტიკული დერეფანი: აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ერთობლივი საწარმო დააფუძნეს

აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შესახებ ერთობლივი საწარმო დააარსეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი პარვიზ შაჰბაზოვი აცხადებს. „აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შექმნის თაობაზე ბუქარესტის შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა -  მივედით ერთობლივი საწარმოს შექმნამდე. შევთანხმდით, რომ ენერგეტიკული კომპანიის JV-Green Energy Corridor-ის ხელმძღვანელობა, როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება, დაფუძნებული უნდა იყოს როტაციაზე - ასევე შევთანხმდით სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რათა დაჩქარდეს პროცესები მომდევნო შეხვედრამდე,“ – განაცხადა მინისტრმა.  შაჰბაზოვმა აღნიშნა, რომ მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მოიცავდეს ოპტიკურ-ბოჭკოვან საკაბელო ხაზთან დაკავშირებულ ამოცანებს და ბულგარეთის ინტეგრაციის საკითხებს. თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტერიალი საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის მონაწილეობით უკვე მერვედ გაიმართა და მის ფარგლებში პროექტის მონაწილე მხარეთა მიერ ხელი მოეწერა შეთახმებას ენერგეტიკულ კომპანიებს შორის ერთობლივი საწარმოს დაფუძნების თაობაზე. „ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტს ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ოთხი ქვეყანა გაერთიანდა იმისთვის, რომ ეს ამბიციური პროექტი განვახორციელოთ - ის ხელს შეუწყობს ევროპის, და არამარტო ევროპის, არამედ, სამხრეთ კავკასიის და მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებას,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბუქარესტში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში გამართული მინისტერიალის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე. მიმდინარე მინისტერიალზე ასევე იტალიურმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მა პრეზენტაცია გამართა მწვანე ენერგიის დერეფნის ფარგლებში ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შესახებ. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი მდგრადი და უსაფრთხო ენერგეტიკული მომავლისკენ. „ევროკავშირის მიზნების ფარგლებში ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ მომავალში განახლებად ენერგიაზე გადასვლისკენ, მწვანე ენერგიაზე გადასვლა არამხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაა დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხი, არამედ, საქართველოსთვისაც, ვინაიდან ჩვენ კანდიდატი ქვეყანა ვართ და ამ პროექტში მონაწილეობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. ვფიქრობ, შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო, ერთობლივი საწარმო დააჩქარებს უკვე არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ასევე სიმბოლურია, რომ საწარმო დაფუძნდება ბუქარესტში, რადგან რუმინეთი უმნიშვნელოვანესს როლს ასრულებს ამ პროექტის ფარგლებში,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროექტს ნამდვილად შეუძლია, ხელი შეუწყოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. ამასთან, მისი თქმით, თავისუფალი ბაზრებისთვის, მათ შორის ევროკავშირისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროს განვითარება, რაშიც შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. „განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პროექტს იმიტომ ენიჭება, რომ ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან და მხოლოდ შავი ზღვა გვაკავშირებს. სამხრეთ კავკასიიდან ხელმისაწვდომ ფასად, საიმედო და უსაფრთხო ენერგიაზე წვდომა უაღრესად მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანში შთამბეჭდავი მუშაობა მიდის განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით. ჩვენ ვახორციელებთ ახალ პროექტებს - ჰიდროელექტროსადგურების, ასევე მზისა და ქარის სადგურების მიმართულებით. ერთად ჩვენ შევძლებთ, ვიყოთ ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის საიმედო მიმწოდებლები და დარწმუნებულო ვარ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ამ კუთხით თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ცნობით. 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი.  

ზელენსკის თქმით, პოლტავაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთმა პოლტავას ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, რის შედეგადაც 41 ადამიანი დაიღუპა და 180-ზე მეტი დაიჭრა. „ამჟამინდელი ინფორმაციით, იყო ორი ბალისტიკური რაკეტა. დარტყმა განცორციელდა საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მეზობელი საავადმყოფოს ტერიტორიაზე. ნაწილობრივ დანგრეულია კომუნიკაციების ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა. ხალხი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. ბევრი გადარჩა. დაშავდა 180-ზე მეტი ადამიანი. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის ცნობილია 41 ადამიანის დაღუპვის შესახებ.“ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიხსენა, რომ რუსული ტერორის შესაჩერებლად უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და შორ მანძილზე დარტყმები. „დაყოვნების ყოველ დღეს, სამწუხაროდ, ადამიანების სიკვდილამდე მივყავართ.“  

რატომ არ აღასრულა მონღოლეთმა პუტინის დაკავების ორდერი

უკრაინა შეახსენებს მონღოლეთს, რომ „საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უნარი, ცივილიზებული სამყაროს ნაწილად ყოფნის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.“  მონღოლეთში პუტინის ჩასვლასთან დაკავშირებით, უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრი კოსტინი აღნიშნავს, რომ „დღეს პუტინმა დაამცირა მონღოლეთი, ცინიკურად გამოიყენა იგი, როგორც ვაჭრობის საშუალება თავის გეოპოლიტიკურ თამაშში.“ „დამნაშავისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა ძირს უთხრის გლობალური სამართლებრივი სისტემის მიზანს და სერიოზულად არღვევს დემოკრატიული ქვეყნების ღირებულებებს. პუტინის დაპატიმრებაზე უარის თქმით მონღოლეთმა შეგნებულად საფრთხე შეუქმნა მის საერთაშორისო ვალდებულებებს.“ კოსტინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ კარგად იცის დამოუკიდებლობის ფასი. „საერთაშორისო სამართლის ნორმები ისე შეიქმნა, რომ მსოფლიოს ხალხებმა სისხლით არ გადაიხადონ თავიანთი თავისუფლება, როგორც ამას ახლა უკრაინელები აკეთებენ.“ კოსტინმა განაცხადა, რომ „უკრაინის გენერალური პროკურატურა გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დაისაჯოს ომის დამნაშავეები და აღადგინონ სამართლიანობა ყველასთვის, ვინც დაზარალდა რუსული აგრესიით.“ მონღოლეთის მთავრობის წარმომადგენელმა Politico-ს განუცხადა, რომ ქვეყანა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთზე მისი ენერგეტიკული დამოკიდებულების გამო. „მონღოლეთს ნავთობპროდუქტების 95%-ს და ელექტროენერგიის 20%-ზე მეტი ჩვენი უშუალო სამეზობლოდან შემოაქვს, რომელიც ადრე ტექნიკური მიზეზების გამო შეფერხდა. ეს მიწოდება გადამწყვეტია ჩვენი და ჩვენი ხალხის არსებობის უზრუნველსაყოფად," - აღნიშნა სპიკერმა. "მონღოლეთი ყოველთვის ნეიტრალიტეტის პოლიტიკის მომხრე იყო თავის ყველა დიპლომატიურ ურთიერთობებში, რაზეც მეტყველებს ჩვენი ოფიციალური განცხადებები დღევანდელ დღეს," - დაამატა სპიკერმა. მანამდე, კრემლმა განაცხადა, რომ პუტინს დაპატიმრება არ ემუქრებოდა. ICC-მ და ევროკომისიამ ბოლო დღეებში ხაზი გაუსვეს მონღოლეთის სამართლებრივ ვალდებულებებს ICC-ის დაპატიმრების ორდერის აღსრულებასთან დაკავშირებით. როგორც AXIOS წერს, ქვეყანას შეიძლება, მისი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სამართლებრივი შედეგები დაემუქროს. იურიდიულის სფეროს ექსპერტმა ადრე განუცხადა POLITICO-ს, რომ მონღოლეთს სავარაუდოდ, დევნა დაემუქრება მისი უმოქმედობის გამო. ევროკავშირმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ „მონღოლეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტების მონაწილემ არ შეასრულა თავისი მოვალეობა, შეესრულებინა დაკავების ორდერი,“- ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.  მონღოლეთში პუტინის ჩასვლა მისი პირველი ვიზიტია რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყანაში. 2023 წლის მარტის შემდეგ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული უკრაინაში შეჭრისა და ომის სავარაუდო დანაშაულებში მისი ბრალეულობის გამო. მონღოლეთში პუტინის ვიზიტს უკრაინას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გეორგი ტიხი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ პუტინის ქვეყანაში შეშვების გადაწყვეტილებით, მონღოლეთმა გაიზიარა მის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობა. უკრაინამ მონღოლეთს გასულ კვირაში მოუწოდა პუტინი დააპატიმროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე. რუსეთის პრეზიდენტს ბრალად სდებენ ასობით უკრაინელი ბავშვის უკანონოდ გაყვანაში ტერიტორიებზე, რომლებსაც კიევი არ აკონტროლებს. ულან-ბატორს პუტინის დაპატიმრებისკენ მოუწოდა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მაც. დაპატიმრების ორდერი სასამართლოს 124 წევრ ქვეყანას - მათ შორის, მონღოლეთს ავალდებულებს პუტინის დაპატიმრებას და მის გადაცემას ჰააგისთვის, თუკი ის მათ ტერიტორიაზე შევა. ვაშინგტონის პოზიცია ვაშინგტონს ესმის სიტუაცია, რომელშიც მონღოლეთი იმყოფება და მოუწოდებს ულან-ბატორს, პუტინთან მოლაპარაკებებისას ხაზი გაუსვას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები დაჟინებით მოითხოვს ამ პრინციპების დაცვას მთელ მსოფლიოში. ამავე დროს, მილერმა გამოხატა თავისი გაგება იმ სიტუაციის შესახებ, რომელშიც თავად მონღოლეთი აღმოჩნდა - "ბევრად პატარა ქვეყანა ორ მეზობელს შორის", რუსეთსა და ჩინეთს შორის. ამ კონტექსტში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მონღოლეთის მხარდაჭერას. თუმცა, მილერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანამ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.  

Chevron, Shell და NewMed კვიპროსზე $4 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებენ

კვიპროსის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში (EEZ) აფროდიტეს გაზის საბადოს განვითარება გახდა მთავარი პროექტი, რომელიც როგორც ადგილობრივ ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიების ყურადღებას იპყრობს. ეს საბადო არამხოლოდ კვიპროსისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ, მთელი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონისთვის, სადაც ენერგორესურსების სფეროში მზარდი კონკურენციაა. კვიპროსისთვის, აფროდიტეს პროექტი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გაზრდის შემოსავლებს და გააძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ გავლენას რეგიონის ენერგეტიკულ ლანდშაფტში. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ, ნავთობისა და გაზის წამყვანი კომპანიების კონსორციუმმა ახალი განვითარების გეგმები წამოაყენა, რაც დაახლოებით, 4 მილიარდი დოლარის ღირებულების ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელების მიმართულებით მათ დიდ ამბიციებს ასახავს. კვიპროსის EEZ-ის მე-12 ბლოკის მმართველმა კონსორციუმმა კვიპროსის მთავრობას საბადოს განახლებული განვითარების გეგმა წარუდგინა. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ეს შეფასება ყველა საჭირო ტექნიკური და ეკონომიკური კვლევის დასრულებას უსწრებს წინ. კონსორციუმმა, რომელიც მოიცავს Chevron-ს აშშ-დან, Shell-ს დიდი ბრიტანეთიდან და NewMed Energy-ს ისრაელიდან (ყოფილი Delek Drilling), კვიპროსის ხელისუფლებას მათი განზრახვის შესახებ აცნობა - მათ სურთ, ააშენონ დამოუკიდებელი მცურავი საწარმოო ობიექტი EEZ-ში. ამ ობიექტს დღეში 22 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირის მოპოვება შეუძლია. შემდეგ გაზი ექსპორტზე გავა ეგვიპტის გაზის ქსელში, რაც მას გლობალურ ბაზრებზე მიღწევის საშუალებას მისცემს. ოფშორული პლატფორმის გამოყენება და ეგვიპტის გაზის სისტემასთან მისი ინტეგრაცია ხელს უწყობს ლოგისტიკის ოპტიმიზაციას და ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებას, რაც პროექტს უფრო მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის და გლობალური ენერგეტიკული ბაზრის მოთამაშეებისთვის. საბადოს ინფრასტრუქტურა მოიცავს ფიქსირებულ პლატფორმას, ოთხ ჭას და ორ მილსადენს გაზის ტრანსპორტირებისთვის. ბუნებრივი აირი აფროდიტეს საბადოდან მიეწოდება ისრაელს, იორდანიასა და ეგვიპტეს. პროექტის მომავალი წარმატება დამოკიდებულია კონსორციუმის უნარზე, დააკმაყოფილოს კვიპროსის მთავრობის მოთხოვნები და დროულად დაასრულოს განვითარების ყველა ეტაპი. თუ პროექტი წარმატებით განხორციელდება, შესაძლოა, მან გადამწყვეტი როლი შეასრულოს რეგიონისთვის ენერგეტიკის უზრუნველყოფაში და მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი კვიპროსის ეკონომიკურ ზრდას. საერთო ჯამში, კონსორციუმის ახალი გეგმა სთავაზობს დიდ პოტენციალს რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მაგრამ ის ასევე წარმოადგენს გამოწვევებს კონტრაქტის ვალდებულებების შესრულებასთან და საჭირო სამუშაოს დროულად შესრულებასთან. კვიპროსისთვის ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური მოგება; ეს არის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ენერგეტიკული ბაზრის მთავარი მოთამაშის პოზიციის გამყარების შანსი.