ძებნის რეზულტატი:
„ასეთ რამეს არ აანონსებენ“ - ზელენსკი დასავლური რაკეტებით რუსეთის სიღრმეში დარტყმების შესაძლებლობაზე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლური რაკეტებით რუსეთზე მოსალოდნელ დარტყმებთან დაკავშირებით განაცხადა, ასეთი რამ წინასწარ არ შეიძლება, გამოცხადდეს. ზელენსკის თქმით, უკრაინის გამარჯვების გეგმა, რომელიც დასავლელ პარტნიორებს რამდენიმე ხნის წინ წარუდგინეს, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავს პუნქტს უკრაინის არმიის შორ მანძილზე მოქმედების შესახებ. „დღეს მედიაში ბევრს საუბრობენ, რომ მივიღეთ შესაბამისი ქმედებების ნებართვა. ასეთ რაღაცებს არ აანონსებენ. დარტყმები სიტყვებით არ ხორციელდება. რაკეტები თავად ილაპარაკებენ. აუცილებლად,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ნებართვა მისცა, ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენოს. ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს ცნობით კი, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას ნება დართეს, შორ მანძილზე მოქმედი SCALP/Storm Shadow-ს რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს. პარიზმა მოგვიანებით განმარტა, რომ ეს საკითხი კვლავ განხილვადია.
რა გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთან დაკავშირებით
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება. მისი ინფორმაციით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შესაძლოა, უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხი განიხილეს. საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ გაემგზავრება. სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეიძლება უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. სიტუაციის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ პირებს ოდირი აცნობებს,“ - წერს რიკარდ იოზვიაკი. მანამდე გავრცელდა განცხადება, რომ ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ნათქვამია საბჭოს განცხადებაში, რომლის თანახმად, საქართველოს საკითხი საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში იყო შესული. „ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. საბჭომ დღეს იმსჯელა საქართველოს საკითხზე. მის შედეგებზე დეტალები ჯოზეფ ბორელის ბრიფინგის შემდეგ გახდება ცნობილი. ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა ბორელის თქმით, 100 მილიონ ევროზე მეტი უნდა გაიყინოს და მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო ორგანიზაციებს მიეწოდოს
პრეზიდენტმა საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანა დააანონსა და „კრიზისიდან გამოსვლის გეგმა“ წარადგინა
საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების შედეგების შეჯამებისას განაცხადა, რომ ხმის მიცემის ფარულობის უფლება დარღვეულია და ემიგრანტების საარჩევნო უფლებები უგულვებელყოფილია. სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დაირღვა ასევე არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლება - რომ საარჩევნო საჩივრები დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იყოს განხილული. მან ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტი, საზოგადოების დიდი ნაწილი, არასამთავრობოები და ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. „მოვისმინეთ არჩევნების შემაჯამებელი ოქმები, მაგრამ ახლა მინდა, წარმოგიდგინოთ არჩევნების შედეგების ჩემივე შეჯამება, როგორც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და როგორც დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რაზეც ალბათ, ცესკოს ვერ ექნება ვერანაირი პრეტენზია. ჩემი შემაჯამებელი შეფასება ამ შედეგების არის შემდეგი - პირველ რიგში, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ყველა სამართლის პრინციპებითა და სტანდარტებით, რაც არა ერთ კონვენციაში არის ასახული, გარანტირებული მთავარი უფლებები. ერთი არის ხმის მიცემის ფარულობა და მეორე - ხმის მიცემის საყოველთაობა, რომლითაც ემიგრანტების ხმის მიცემის უფლებები იყო უგულებელყოფილი. ამასთან ერთად, ყველამ ვიცით და ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ და სისტემურ გაყალბების სქემებს, რომლებიც მოიცავდნენ წინასაარჩევნო, არჩევნების დღის პერიოდს. დაირღვა ასევე არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლება - საარჩევნო საჩივრები დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს მიერ იყოს განხილული. ამავე დროს, არჩევნებს არ აღიარებს თავად პრეზიდენტი, არც ერთი ოპოზიციური პარტია და, მაშასადამე, არცერთი არ ცნობს ამგვარად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას, არ აღიარებს ამ არჩევნებს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და აგრძელებს თავის სამართლიან პროტესტს. არ აღიარებს ამ არჩევნებს სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციები, შიგნით და გარეთ თავს იკავებენ, რომ ამ არჩევნებს სამართლიანი და თავისუფალი უწოდონ და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სამი კვირა გავიდა და არცერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს ეს არჩევნები აღიარებული, პირიქით, ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განხილავენ. ამდენად, განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა,“ აღნიშნა ზურაბიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას ემუქრება დესტაბილიზაცია. პრეზიდენტის თქმით, პოლარიზაციის გაღრმავებას ხელს უწყობს ხელისუფლების პროპაგანდა. პრეზიდენტის თქმით, დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების მაგივრად იზოლაციას ირჩევს, რაც დღევანდელ ხელისუფლებას ახასიათებს. „ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანა ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში იმყოფება და მეტსაც ვიტყვი, ქვეყანას სერიოზული საფრთხეები ემუქრება, ერთი ასეთი საფრთხე დესტაბილიზაციაა, რომელიც შეიძლება, ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას მოჰყვეს, რასაც ყოველდღიურად როგორც ვხედავთ, ხელს უწყობს უაღრესად აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების ორგანიზებული პროპაგანდა. პოლიტიკურ არასტაბილურობას შესაძლოა, ასევე მოჰყვეს გარე დესტაბილიზაცია გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. ამგვარი დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების ნაცვლად, იზოლაციას ირჩევს, რაც დღევანდელ ხელისუფლებას ახასიათებს, ამავე დროს, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც ყველა პარამეტრების მიხედვით, კარზე გვიდგას. როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება ეს დავუშვა და ამას ვერ და არ დავუშვებ. ამიტომ, ამ თითქოს და გარდაუვალ, ღრმა და საშიში კრიზისიდან გამოსავლის გზა უნდა ერთად მოვძებნოთ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ, პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს პარტნიორებს შევთავაზე და მე მგონი, ეს უნდა მოისმინოს თუნდაც, არსებულმა ხელისუფლებამ, როგორც ერთადერთი, სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავალი ამ არსებული მდგომარეობიდან,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი „ღრმა კრიზისიდან გამოსავლად ახალ არჩევნებს“ მიიჩნევს. პრეზიდენტი მთავრობას, საერთაშორისო თანამეგობრობას, საზოგადოებას კრიზიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს. პრეზიდენტის თქმით, ახალი არჩევნების ვადა დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე: 1) საერთაშორისო გამოძიება; 2) 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება, რაც გულისხმობს იმას, რომ ვერ შედგება ახალი პარლამენტი. „ამ თითქოს და გარდაუვალ, ღრმა და საშიში კრიზისისგან გამოსავლის გზა ერთად უნდა მოძებნოთ. უნდა შევთავაზო საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს პარტნიორებს და მე მგონი, ეს უნდა მოისმინოს არსებულმა ხელისუფლებამაც, როგორც ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავალი. გეგმა როგორია, რას ვთავაზობ?! პირველი - ცხადია, ახალი არჩევნები. არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, რომ განმეორდეს ეს არჩევნები უმოკლეს ვადაში, მაგრამ ეს ვადა თავისთავად დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას. ერთი არის საერთაშორისო გამოძიება. არა იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა გვითხრან ის, რაც ყველამ კარგად იცის, რომ არ შედგა არჩევნები და გაყალბდა. ეს საჭიროა იმისათვის, რომ გამოარკვიოს და დაამტკიცოს ის სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა ამ არჩევნების დროს და რაც გამოსასწორებელია, თუ გინდა, მივიღოთ ახალი, სამართლიანი, თავისუფალი და არაგაყალბებული არჩევნები. საერთაშორისო მხარდაჭერით უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება იმ მიმართულებით და გზავნილებით, რაც იყო თავის დროზე ეუთო/ოდირის მოთხოვნები. დამატებით უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით. ასევე საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნა. ყველა ახალ ინსტანციებში არ არის გამორიცხული და სასურველია, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ უშალოდ ჩართულმი. მეორე პუნქტი, 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება. რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება, შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები. ჩვენ ვაგრძელებთ იმ არსებული პარლამენტით, მთავრობით და თუნდაც პრეზიდენტით იმისათვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი, ახალ არჩევნებამდე იყოს მაქსიმალურად სტაბილური, ამიტომ, არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ. არავის აქვს დევნის მომენტი. არ არსებობს სტაბილური ქვეყანა, სადაც მისი მოსახლეობის, საზოგადოების ნება არ არის ასახული არჩევნებში და იმ პოლიტიკურ წყობაში, რომელიც მოჰყვება არჩევნებს. ამ გეგმაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის აუცილებელი და მე ამაზე უკვე ვმუშაობ. დარწმუნებული ვარ, ეს არის მათთვის ყველაზე მიმზიდველი, რამდენადაც ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც არის სტაბილური და მშვიდობიანი იმისათვის, რომ ჩვენ ამ კრიზისიდან რყევების გარეშე გამოვიდეთ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ ურჩია, „კარგად დაფიქრდნენ.“ „ეს რაღაც თამაში, რომ მე გავხსნი ახალ პარლამენტს და დავნიშნავ მთავრობასო - ეს ყველაფერი არასერიოზულია, როცა არ მოგყვება არც შენი ქვეყანა და არც შენი მთავარი პარტნიორები. იყოს გასული პარლამენტი - 2020 წლის პარლამენტი და იყოს ბატონი კობახიძის ან სხვისი მთავრობა, რომ ჩვენ მშვიდობიანად მივიდეთ ახალ არჩევნებამდე. მე მგონი, უნდა დაფიქრდნენ და მე მინდა, ეს დავუტოვო საფიქრალად,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილს ხვალ, 19 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. პრეზიდენტის თქმით, საქმე ეხება კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას - ფარულობა და საყოველთაობა. „ეს იმიტომ არ ხდება, რომ მე მჯერა საკონსტიტუციო სასამართლოსი, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარ არის დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება უკვე მივიღეთ არა ერთხელ, მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ ქვეყანაში არც ერთი სამართლებრივი დავა მაინც არ უნდა დარჩეს ისე, რომ არაფერი ვცადოთ და არ გამოვცადოთ. ესეც არის ჩემი სარჩელის მიზანი. ბოლომდე გამოვცადოთ იმ მოსამართლეების სინდისი, რომელიც დადგებიან თავიანთ თავთან იმ არჩევანის წინაშე. როგორი ქვეყანა მინდა და ვისთან ერთად მინდა და საითკენ უნდა წავიდეს. ამაზე მათი პასუხი იქნება არანაკლებ მნიშვნელოვანი. მინდა, ვუსურვო მათ და ვუსურვო ჩვენ თავს, რომ ამ საკონსტიტუციო სასამართლოში აღმოჩნდეს რამდენიმე მოსამართლე მაინც, როგორც ერთმა მოსამართლემ გვაჩვენა, რომ შეძლებენ ისინიც, რომ გვაჩვენონ, რომ ღირსეული მოსამართლეები მაინც გვყავს ამ ქვეყანაში,” - განაცხადა პრეზიდენტმა. ის მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ ცხადია, მისი შეუგუებლობა და მისი პროტესტი უნდა გააგრძელოს. „მინდა, მივესალმო ამ საღამოს ადამიანებს, რომლებიც იქ არიან და ალბათ, ღამეც იქნებიან ქუჩაში. სტუდენტებს მინდა პირველ რიგში მივესალმო, რადგან ისინი ნებისმიერ ქვეყანაში არიან პროგრესის ძალა, რომელსაც ქვეყანა მომავლისკენ მიჰყავს. მინდა, გითხართ, რომ თქვენი პროტესტის გარეშე, ჩემი ძალისხმევა არაფერი იქნება, რადგან ეს არის ამ გეგმის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. რაც შეიძლება ყველაზე მშვიდობიანი და პოლიტიკურად ძალიან მყიფე პროტესტი არის აუცილებელი. პოლიტიკურ პარტიებს შევხვდი და კიდევ ვაგრძელებ მათთან კონსულტაციებს, რომ გავაგებინო ამ გეგმაში მათი მონაწილეობა აუცილებელია, მე მგონი, ეს კარგად ესმით, რომ სხვა ვარიანტები არც არსებობს, ამაში უნდა ვიყოთ ყველანი ერთიანი თუ არა, ყოველ შემთხვევაში, შემჭიდროებულები. საერთაშორისო პარტნიორებთან, ლიდერებთან პრაქტიკულად ყოველდღიური საუბარი მაქვს ამ თემებზე, მათი მხრიდან ძალიან დიდი მოლოდინია იმის, რომ მხოლოდ ის კი არ ვუთხართ, რომ არჩევნები გაყალბდა, რაც საკმაოდ კარგად ესმით, არამედ, როცა არჩევნები გაყალბდა, საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნა ყოველთვის არის, რომ რაღაც გზა მოიძიოს, რომლითაც ქვეყანაში კრიზისი გადაწყდება. არავის აქვს სურვილი, რომ ახალი კრიზისი დაიწყოს, ამდენად, ასეთი გეგმა მათთვისაც მისაღებია,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა ბორელის თქმით, 100 მილიონ ევროზე მეტი უნდა გაიყინოს და მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო ორგანიზაციებს მიეწოდოს
ბორელი: საქართველოში გავგზავნით მისიას, განვიხილავთ დარღვევებს და არჩევნები გამოძიებული უნდა იყოს
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში წინა თვეს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა არსებული მთავრობის პირობებში. ევროკავშირი საქართველოში არჩევნების შესწავლის მიზნით, მისიას გზავნის. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქვეყანა ჩამოაშორეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებების და ქვეყნის მიზანს, იყოს ევროკავშირის გზაზე - საწინააღმდეგო ქმედებებით. ჩვენ, ყველას ერთი რამ გვინდა საქართველოსთვის, რომ დაუბრუნდეს ევროპულ გზას. ეს ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენ საქართველოში გავგზავნით მისიას. ჩვენ განვიხილავთ დარღვევებს და არჩევნები გამოძიებული უნდა იყოს. მთავრობამ გადამწყვეტი ცვლილებები კონკრეტული ქმედებებით უნდა განახორციელოს. საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობაში წინსვლას ვერ შეძლებს და ევროპულ გზაზე წინ ვერ წავა კონკრეტული ცვლილებების გარეშე. ჩვენ მოვიწვევთ საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა მან წევრ სახელმწიფოებს წარუდგინოს თავისი შეფასება საარჩევნო დარღვევების შესახებ. ჩვენ მოვიწვევთ პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის საბჭოს სხდომას, რათა წევრმა სახელმწიფოებმა იცოდნენ, რაზე ვსაუბრობთ, როდესაც ამ არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებს ვახსენებთ. საქართველოს მოსახლეობისთვის მინდა, გავიმეორო, რაც გასულ წელს, საქართველოში ვიზიტის დროს ვთქვი: ევროკავშირის კარი ღია დარჩება საქართველოსთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობის [მოქმედების] კურსი კანონის უზენაესობის პატივისცემისა და ძირითადი პრინციპების დაცვის თვალსაზრისით, მათ შორის, იმისა, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას აშორებს,“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა ბორელის თქმით, 100 მილიონ ევროზე მეტი უნდა გაიყინოს და მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო ორგანიზაციებს მიეწოდოს რა გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთან დაკავშირებით
შსს-ს განცხადებით, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე 16 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროში ცნობით, 19 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებისას 16 პირი დააკავეს. მათგან სამი - ორი დემონსტრანტი და „მთავარი არხის“ ოპერატორი - ხელწერილების საფუძველზე გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცავები დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (მუხლი 173) და წვრილმან ხულიგნობას (მუხლი 166) ედავებიან. ამ მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით. დღეს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. შსს-ს განცხადებით, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის, კომუნალური სერვისების ნორმალურად ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, ტერიტორია კონსტრუქციებისგან გაათავისუფლონ. ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს. პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ. საპროტესტო აქცია ამ ტერიტორიაზე გრძელდება.
სახალხო დამცველი: როცა შსს-მ მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ იმყოფებოდა ის აქციის დაშლის დროს მელიქიშვილის გამზირზე. „სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ ესწრებიან უშუალოდ ღონისძიებას. იმისთვის, რომ ადეკვატურად შევაფასოთ აქციაზე არსებული ვითარება, ამას სჭირდება სრული სურათი. აქციაზე ყოფნა ამ სრულ სურათს ვერ უზრუნველყოს. იქ მხოლოდ ხედავ ერთ კონკრეტულ სივრცეს. ჩვენი თანამშრომლები ამას უყურებენ სოციალურ ქსელის საშუალებით, ტელევიზიით. არაერთხელ გინახავთ, რომ თუ ჩვენი რესურსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა დროულად მოინახულონ, მე მივდივარ და ვხვდები დაკავებულებს. არ არის ახლა დაკავებულების ის რაოდენობა, რომ ჩემი მისვლა იყოს საჭირო,“ - აღნიშნა იოსელიანმა. მისივე თქმით, მათი განცხადებები, ვინც სახალხო დამცველს მიმართავს ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იგზავნება. „რაც შეეხება აქციას და აქციაზე დაკავებულ პირებს. ჩვენ ამის შესახებ განცხადება გავავრცელეთ. მას შემდეგ, რაც დაიწყო აქციაზე ადამიანების დაკავება და ამის შესახებ ცნობილი გახდა, მაშინვე დაიწყეს ჩვენმა წარმომადგენლებმა ამ ადამიანების მოძიება, გაემართნენ დაკავების იზოლატორებში და ყველა დაკავების შემთხვევაზე გვაქვს შესაბამისი საოქმო ჩანაწერი, რეაგირება. არამარტო დღეს, არამედ 2 დღის წინ დაკავებულებიც მოვინახულეთ. ვინც აცხადებს ძალადობის შესახებ და გვაწვდის ინფორმაციას, მათი განცხადებები გადაეგზავნება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, შესაბამის უწყებებს. რაც შეეხება მედიის მიმართ არსებულ საკითხს. არაერთგზის გამიკეთებია განცხადება, რომ ყველას უნდა მიეცეს თავისუფალ გარემოში საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა. დაუშვებელია მედიის მიმართ რაიმე ტიპის ძალადობა და ხელისშეშლა. მედიის წარმომადგენლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. ჩვენ ვნახეთ მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელის შეშლის სავარაუდო ფაქტები, რომლის შესახებაც ჩვენ შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ. რა დოკუმენტაციაც შევკრიბეთ, გადაეგზავნება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, სახელმწიფოს გამოხატულ ძალადობას უნდა მოჰყვეს შესაბამისი მკაცრი და დროული რეაგირება, რომ სისტემური ხასიათი არ მიიღოს, რაც შეეხება ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ ძალადობას, სახელმწიფოს ადეკვატური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. არ უნდა დავუშვათ რომ მედიას ფიზიკური პირი იქნება, თუ სახელმწიფოს წარმომადგენელი ისეთი ძალადობა მიაყენოს, რომ ხელი შეუშალოს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში,“ - აღნიშნა იოსელიანმა. სახალხო დამცველის თქმით, იმ დროისთვის, როცა შს სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში. „სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (08:18, 19.11.2024), როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მელიქიშვილის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში. ამ დროს მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს. ასევე გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტი სერგი ბარამიძე, რომელიც როგორც ცნობილია დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა. (https://shorturl.at/3BLvg) სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს საქმიანობის განხორციელებაში, ხოლო, დაკავების ღონისძიებებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას იხელმძღვანელონ აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს ჟურნალისტთა/აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ თითოეული შესაძლო დანაშაულის ნიშნების მქონე შემთხვევა და მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება. ამასთან, დამატებით საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა 2024 წლის 16 ნოემბერს ასევე მოინახულა ცესკოს შენობის წინ დაკავებული სამი მოქალაქე. დაკავებული მოქალაქეებიდან ერთ-ერთმა მიუთითა რომ იყო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი პოლიციის მხრიდან, ასევე, სამივე მათგანმა მიუთითა არაეთიკურ მოპყრობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. სახალხო დამცველის აპარატმა სამივე შემთხვევაზე განახორციელა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. სახალხო დამცველის აპარატი შეახსენებს საზოგადოებას, რომ აპარატის ცხელი ხაზია - 1481, რომელიც მუშაობს 24 საათიან რეჟიმში და უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნებისმიერ დროს“, - აღნიშნული იყო მანამდე გავრცელებულ განცხადებაში.
NATO-ს გენერალური მდივანი: საქართველოს მოვუწოდებთ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზას დაუბრუნდეს
„საქართველოს მოვუწოდებთ ევროატლანტიკურ სივრცეში მეტი ინტეგრაციისკენ გზას დაუბრუნდეს,“ - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოს მოვუწოდებთ ევროატლანტიკურ სივრცეში მეტი ინტეგრაციისკენ თავის გზას დაუბრუნდეს, მათ შორის, ევროკავშირთან დაახლოებაზე მათი ამბიციების ჩათვლით,“ - განაცხადა მარკ რუტემ.
ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის „თანამდებობა“ დატოვა
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „თანამდებობიდან“ წასვლას დასთანხმდა. მისი ე.წ. პრესსამსახურის მიერ დღეს, 19 ნოემბერს, გავრცელებული განცხადების თანახმად, ბჟანიამ „გადადგომა გადაწყვიტა“ „ქვეყანაში სტაბილურობის და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით.“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პარლამენტი" ბჟანიას განცხადებას დღეს განიხილავს. მის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დე ფაქტო ხელისუფლების და ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენელთა მოლაპარაკება, რომელიც 18 ნოემბერს, საღამოს დაიწყო და რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ასლან ბჟანია თანახმაა, „გადადგეს,“ 19 ნოემბერს კი, ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსი უნდა დატოვონ ამ ტერიტორიაზე 15 ნოემბრიდან მყოფმა მოქალაქეებმა. თუ ეს პირობა არ შესრულდება, ბჟანია უკან გაიწვევს განცხადებას. დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთი დატოვა, თუმცა ამ ცნობას ჯერჯერობით არ ადასტურებენ. ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს რომ მზადაა, „გადადგეს“, თუმცა ამისთვის პირობას აყენებს
უკრაინამ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში პირველად გამოიყენა ამერიკული ATACMS - მედია
სააგენტო „ბლუმბერგი“ და „რბკ-უკრაინა“ ინფორმირებულ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველად გამოიყენეს ამერიკული ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში და წარმატებით გაანადგურეს სამიზნე. წყაროს ცნობით, შორი რადიუსის მოქმედების რაკეტა ბრაიანსკის რეგიონში, ქალაქ კარაჩოვთან ახლოს მდებარე სამხედრო ობიექტს მოხვდა. „მართლაც პირველად გამოიყენეს ATACMS-ი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის. სარაკეტო იერიში განხორციელდა ბრიანსკის რეგიონში მდებარე სამხედრო ობიექტზე, რომელიც წარმატებით განადგურდა," - აღნიშნა წყარომ. კარაჩოვი ბრიანსკის მახლობლად და უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 130 კმ-ში მდებარეობს. შეგახსენებთ, დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ნებართვა მისცა, ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენოს. ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს ცნობით კი, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას ნება დართეს, შორ მანძილზე მოქმედი SCALP/Storm Shadow-ს რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს. პარიზმა მოგვიანებით განმარტა, რომ ეს საკითხი კვლავ განხილვადია. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა იმ სისხლიან ომზე, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1000 დღის წინ გააჩაღა, კოლექტიურად ეკისრება რუსებს. „პუტინმა ომის დაწყების ბრძანება გასცა, მისი გარემოცვა ომის ორგანიზებას ახორციელებს, მაგრამ რუსული აგრესია ეყრდნობა მრავალი რუსის ქმედებებს და თანხმობას, პუტინმა შექმნა პირობები მკვლელობისთვის, მაგრამ რაკეტებს და დრონებს უშვებენ, უკრაინულ პოზიციებზე შტურმს ახორციელებენ, ჩვენს ტყვეებს აწამებენ და ომის მანქანას უზრუნველყოფენ რუსები და არა მხოლოდ ერთი შეშლილი კრემლში,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ ომზე პასუხისმგებლობა კოლექტიური უნდა იყოს, რადგან „რასაც ისინი აკეთებენ არ შეიძლება მიეწეროს მხოლოდ სახელმწიფო რეპრესიების ან პროპაგანდის ძალას. „ომი რუსული კულტურის ნაწილია. და ამიტომ, ყველა რუსეთიდან, ვინც აცხადებს, რომ ამ ყველაფერს პუტინის ნორმის მიხედვით არ აღიქვამს, არაორაზროვნად უნდა მიუდგეს უკრაინის, ყირიმის, დონბასის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინთან დაკავშირებით გაცემულ ორდერსა და ომისთვის რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის საკითხებს. ყველაფერი, რაც რუსეთმა გააკეთა ამ 1000 დღის განმავლობაში, ვერ დაიფარება ერთი ფრაზით: „არა ომს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტი: უკრაინელო მეგობრებო, 1000 დღეა, იბრძვით ყველას სახელით, ვისაც რუსული იმპერიალიზმისგან თავის დაცვა სურს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ომიდან 1000 დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს. „1000 დღეა, რაც თქვენ, უკრაინელო მეგობრებო, იბრძვით თქვენი ქვეყნის დასაცავად, თქვენი დამოუკიდებლობის დასაცავად, თავისუფლების დასაცავად. თქვენ იბრძვით ჩვენი სახელით, ევროპელის სახელით, ყველას სახელით, ვისაც სურს საკუთარი თავისუფლება დაიცვას რუსული იმპერიალიზმისგან, რუსეთის დამორჩილების, ანექსიისა და სხვა მეზობლების ტერიტორიების გაკონტროლებისაგან. თქვენი ეს ბრძოლა, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, არასოდეს იქნება დავიწყებული. და შეიძლება, დამთხვევაა (მაგრამ, რა თქმა უნდა არა) ის, რომ დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მორიგ მცდელობებს ეწინააღმდეგებიან. არც ეს იქნება წარმატებული, და ყველგან, სადაც ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ყველგან გაიმარჯვებს,“ ამბობს ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში.
მილერი საქართველოზე: უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. “[ურთიერთობების] ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ როგორც იცით, ამ გადახედვის შედეგად, ჩვენ უკვე შევაჩერეთ დახმარება. ისე არ არის, რომ [ურთიერთობების] გადახედვა მიმდინარეობს და არაფერი მომხდარა. ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები ამ გადახედვის შედეგად და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ,” - განაცხადა მეთიუ მილერმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ ცნობისთვის, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. ხელისუფლების კრიტიკოსები აქციებს მართვენ. პროტესტია რიგ უნივერსიტეტებშიც. საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწერილი საჩივრების უდიდესი ნაწილი არ დააკმაყოფილეს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა. 17 ნოემბერს თსუ-ს პირველ კორპუსთან საპროტესტო აქციის ფარგლებში პირველი კარვები გაიშალა. 18 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი საქართველოში არჩევნების შესწავლის მიზნით მისიას გზავნის. 19 ნოემბერს საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. 19 ნოემბერს პრეზიდენტმა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამასთან, 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით პარლამენტის 30-მა წევრმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გაგზავნა. 19 ნოემბრის საღამოს, თსუ-ს პირველ კორპუსთან აქცია ისევ განახლდა. 20 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების გაუქმებაზე პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა. 20 ნოემბერს, დილის 6 საათისთვის პოლიციამ უნივერსიტეტთან დაბრუნებული აქციის მონაწილეები ისევ იძულებით გადაიყვანა ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილის გამზირზე. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, დროებით დაიშალონ და ახალი გეგმა შეიმუშაონ. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს, რომ იმ ახალგაზრდების გვერდით დგას, რომლებიც საქართველოში ქვეყნის ევროპული ღირებულებების დასაცავად იბრძვიან. ამის შესახებ „მსოფლიო ბავშვთა დღის“ შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „საქართველოში, ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან. ჩვენ მათ გვერდით მტკიცედ ვდგავართ და ხაზს ვუსვამთ მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობას. ჩვენ ვაგრძელებთ ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვას ძალადობისგან და ვუსმენთ მათ ხმას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, შექმნას უსაფრთხო გარემო თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისთვის,“ - წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა ბორელის თქმით, 100 მილიონ ევროზე მეტი უნდა გაიყინოს და მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო ორგანიზაციებს მიეწოდოს რა გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთან დაკავშირებით ბორელი: ყველას გვსურს, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს, საქართველოში მისიას გავგზავნით
ჰააგის სასამართლომ ნეთანიაჰუს, გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის დაპატიმრების ორდერები გასცა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერები გასცა. ორდერი გაიცა მოჰამედ დეიფზე, თუმცა ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ის ივლისში, ღაზის სექტორში საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. მაისში, ICC-ის პროკურორმა კარიმ ხანმა მოითხოვა ორდერი ნეთანიაჰუს, გალანტის, დეიფის და „ჰამასის“ ორი სხვა ლიდერისთვის - ისმაილ ჰანიესა და იაჰია სინვარისთვის, რომლებიც გავრცელებული ცნობით, ასევე ისრაელის სამხედრო დარტყმების შედეგად დაიღუპნენ. გავრცელებული ცნობით, „მათ წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერები ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასცეს.“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ ის ითხოვდა დაპატიმრების ორდერებს სავარაუდო დანაშაულებისთვის, რომლებიც დაკავშირებული იყო 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასა და ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო პასუხთან. ისრაელი ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს და უარყოფს ომის დანაშაულების ჩადენას. შეერთებული შტატები ასევე ეწინააღმდეგება ICC-ის იურისდიქციას ნეთანიაჰუსა და გალანტის მიმართ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღმაშფოთებელი უწოდა ICC-ის ჩარევას ისრაელთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, აშშ-ს და ევროკავშირს „ჰამასი“ ტერორისტულ ჯგუფად ჰყავთ აღიარებული.
ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ძლიერ და საიმედო პარტნიორად რჩება - ბორელი
„საქართველოში „უცხოური გავლენის“ კანონით სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზება მოხდა, მაგრამ ამან ვერ შეაკავა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, მხარი დაეჭირათ დემოკრატიული ღირებულებებისთვის და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლისთვის,” - აცხადებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი. „დღეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის სამიტზე, ვაღიარებთ სამოქალაქო საზოგადოების არსებით როლს რეგიონში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საკითხში. ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ძლიერი და საიმედო პარტნიორია და ასეთად დარჩება,“ ამბობს ბორელი.
მეთიუ მილერი: რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც შეიჭრა საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის სამხედრო მოქმედებების გამო, გაჩნდა რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხე არამხოლოდ აშშ-ის, არამედ ზოგადად, NATO-ს წინააღმდეგ და სერიოზულად აღიქვამს თუ არა და განიხილავს თუ არა ამას შეერთებული შტატები NATO-ს მოკავშირეებთან. ეს შეკითხვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს. „ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას NATO-ს მოკავშირეებთან მთელ რიგ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს თავისი აგრესიით არამხოლოდ უკრაინაში, არამედ, ევროპის უსაფრთხოებისთვის. გახსოვდეთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ასევე შეიჭრა კიდევ ერთ-ერთ თავის მეზობელ ქვეყანაში, საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას ისევე, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას. ჩვენ ვაგრძელებთ NATO-ელ მოკავშირეებთან იმ ასიმეტრიული საფრთხეების განხილვას, რომელსაც რუსეთი ევროპის გარშემო ქმნის. და ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, არის მუშაობა ამ საფრთხეებთან დასაპირისპირებლად და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. თქვენ ნახეთ, რომ რუსეთს პასუხისმგებლობას ვაკისრეთ როგორც უკრაინას აღჭურვილობით, იმ მასალის მიწოდებით, რომლებიც მას ბრძოლის ველზე სჭირდება, ასევე, ჩვენი უპრეცედენტო სანქციებით, რომლებიც ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მთელ მსოფლიოში დავაწესეთ,“ აღნიშნა მილერმა. შეგახსენებთ, 19 ნოემბერს გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინამ ამერიკული წარმოების ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის ტერიტორია პირველად დაბომბა. 20 ნოემბერს კი, Bloomberg-მა დაწერა, რიმ უკრაინამ პირველად დაბომბა რუსული ტერიტორია ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტებით. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი, დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა, რომ ისინი კონფლიქტის ესკალაციას იწვევენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს და ამ დრომდე განაგრძობს ომს.
პრემიერობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძეა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კი, ისევ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურაა წარდგენილი
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარედ კი, ფრაქცია ისევ შალვა პაპუაშვილს წარადგენს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად გავიარეთ სხვადასხვა საკითხი წლის ბოლომდე. ეს შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, შეეხება საბიუჯეტო დაგეგმარების საკითხს საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ასევე, მთავრობის დამტკიცებას და მათ შორის, ასევე პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება, წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება, ალბათ, განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარმოადგინა და ბუნებრივია, პოლიტსაბჭომ მას სრულად დაუჭირა მხარი. ასევე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილს წარადგენს. ასევე, ჩვენ გავიარეთ საბიუჯეტო საკითხები და მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები.ასევე, მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩაინიშნოს პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ. ამის კონკრეტული ვადა განსაზღვრული. ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როცა საქართველოს პარლამენტში პირველი სხდომა ჩაინიშნება,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამერიკამ "გაზპრომბანკს" სანქციები დაუწესა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ „გაზპრომბანკს“ სანქციები დაუწესა. „გაზპრომბანკის“ წინააღმდეგ სანქციებმა შეიძლება, მისი SWIFT-დან გათიშვა გამოიწვიოს. ვაშინგტონმა სანქციების სიას კიდევ 10-მდე ბანკი დაამატა. „გაზპრომბანკისთვის“ არსებობს გენერალური ლიცენზია, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთის დიპლომატიურ ინსტიტუტებს, ბანკის მონაწილეობით საზღვარგარეთ განახორციელონ ოპერაციები. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლება ბანკს იყენებს სამხედრო ტექნიკის შესაძენად უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად და რუსი სამხედროებისთვის ხელფასების გადასარიცხად. „გაზპრომბანკი“ და საფინანსო ბანკ „დომ.რფ“, რომელსაც ასევე დაუწესდა სანქციები, ათ საუკეთესო რუსულ საკრედიტო ბანკებში შედიან. „გაზპრომბანკი“ აშშ-სა და ევროკავშირის სექტორული შეზღუდვების ქვეშაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკი გრძელვადიან დაფინანსებას ვერ იღებს.