ძებნის რეზულტატი:

ევროსასამართლომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. "აგენტების კანონის" წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა. ორგანიზაციის ცნობით, "აგენტების კანონი" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გაასაჩივრეს. მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე დავობენ. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი Georgian Young Lawyers’ Association and Others v. Georgia დაარეგისტრირა, ხსენებული ფაქტი, კიდევ ერთხელ ააშკარავებს და ამხელს სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ," - წერია საიას განცხადებაში. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.  

აშშ-მ და სეულმა დაადასტურეს, რომ ჩრდილოკორეელი სამხედროები კურსკში, უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში ჩაერთნენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა კურსკის რეგიონში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა დაიწყეს. ბრძოლის ველზე მათი ეფექტიანობა კი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგად არიან ისინი ინტეგრირებულნი რუსულ არმიასთან. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, რუსული ჯარები ავარჯიშებენ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს არტილერიისა და უპილოტო საფრენი აპარატების სამართავად და ძირითადი ამოცანების შესასრულებლად, რაც ფრონტის ხაზის ოპერაციებისთვის გადამწყვეტი უნარებია. პატელის თქმით, რუსეთში გაგზავნილი ათი ათასზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის უმეტესობა კონცენტრირებულია კურსკის რეგიონის დასავლეთ ნაწილში, მათ "რუსულ ძალებთან ერთად დაიწყეს მონაწილეობა საომარ მოქმედებებში." სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები "უკიდურესად შეშფოთებულია" რუსეთის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ კორეისთვის მიემართა უკრაინაში ომის საწარმოებლად დახმარებისთვის. ვაშინგტონი აგრძელებს კონსულტაციებს მოკავშირეებთან, რათა გააანალიზოს რუსეთის ამ გადაწყვეტილების შედეგები. სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცები უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში რუს მოკავშირეებთან ერთად ჩაერთნენ. „ეროვნული დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთში გაგზავნილი ჩრდილოეთ კორეის ჯარები კურსკის რეგიონში გადავიდნენ ბოლო ორი კვირის განმავლობაში,“ - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. ამერიკულ გამოცემა New York Times-ში კვირას გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რუსეთმა კურსკის ტერიტორიის გათავისუფლების მიზნით, კურსკის ოლქის გარშემო თავი მოუყარა 50 000-იან დაჯგუფებას, რომელიც რუსეთის სხვადასხვა სამხედრო ოლქიდან გადმოსროლილი ნაწილების გარდა, ჩრდილოკორეულ ქვედანაყოფსაც აერთიანებს. უკრაინის სარდლობა და ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ უახლოეს დღეებში მოელიან რუსეთის მასშტაბურ შეტევას კურსკის ოლქის იმ ტერიტორიების გათავისუფლების მიზნით, რომლებიც 6 აგვისტოს ბლიცკრიგით ხელთ იგდო უკრაინის არმიამ და ამ დრომდე ინარჩუნებს მათზე კონტროლს.  

„მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“ - მარკ რუტემ ბლინკენი მიიღო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარების საკითხზე, რუტესთან პროდუქტიული დისკუსია ჰქონდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაარწმუნა NATO, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებს დონალდ ტრამპის დაბრუნებამდე და შეეცდება, გააძლიეროს ალიანსი. მარკ რუტესთან შეხვედრაზე ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების განლაგება რუსეთის დასახმარებლად უკრაინის ომში, „ითხოვს მტკიცე პასუხს და ეს პასუხი იქნება გაცემული.“ ბლინკენი პირობას დებს, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებს. „ამერიკის ლიდერობის წყალობით, რუსეთმა უკრაინაში ვერ გაიმარჯვა. ცხადია, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა დარჩება ბრძოლაში და შეძლებს რაც შეიძლება მეტად უკან დახიოს რუსული შეტევა და თავიდან ავიცილოთ პუტინის წარმატება უკრაინაში. კერძოდ, ეს არის ის, რაზეც ჩვენ ასევე ვისაუბრეთ დღეს დილით, რადგან ახლა [რუსები] ჩრდილოეთ კორეელებთან ერთად აქტიურობენ უკრაინის წინააღმდეგ [ომში]. ამას ფასი აქვს. რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები დამატებით საფრთხეს უქმნიან უკრაინას. ეს არ არის მხოლოდ ჩრდილოეთ კორეა. ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდების გზით, ომის ძალისხმევას ეხმარება. რა თქმა უნდა, ირანი ამას აკეთებს რუსეთისთვის თვითმფრინავების და სხვა ტექნოლოგიის მიწოდებით. რუსეთი იხდის ფულს და ეს ეხმარება ირანს, გააგრძელოს ძალისხმევა დესტაბილიზაციისთვის ახლო აღმოსავლეთში და ახლო აღმოსავლეთის მიღმაც კი. და ის, რაც უკრაინაში ხდება, ახლა ამას გლობალურად აქვს გავლენა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კურსი, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვის წარმოება აშშ-ის მხრიდან აქ, ევროპაში. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ დანახარჯების კუთხით და რომ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს,“ აღნიშნა თავის მხრივ, რუტემ.  

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: ნებისმიერი სამომავლო თანამშრომლობის განახლება საქართველოს ხელმძღვანელობასთან, მოითხოვს ცხად და მკაცრ პირობებს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის სხიინასმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროდ, არჩევნები გამოირჩეოდა სერიოზული დარღვევებით. ის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის სახელით წარდგა. „26 ოქტომბერს 2 მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მისცა ხმა ახალი პარლამენტის ასარჩევად. სამწუხაროდ, ამ არჩევნებზე აღინიშნა სერიოზული დარღვევები, რომელთა შესახებ ცნობები გავრცელდა როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღესაც. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და, პირველ ყოვლისა, გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება ევროპარლამენტისადმი და შვიდი ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაციისადმი, რომელიც წარმოადგენდა ხუთ სხვადასხვა ქვეყანას და ხუთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომლებიც არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიაში მონაწილეობდნენ. თქვენ წარმოადგინეთ კრიტიკული ინფორმაცია დაშინების და ზეწოლით აღსავსე გარემოს შესახებ, რომელიც არჩევნების პროცესში აღინიშნა. მინდა, ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადო, რომ ეს არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტებს, რომელიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისგან. მმართველმა პარტიამ უთანასწორო საასპარეზო პირობებით ისარგებლა. გამოიყენა ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსები, მოახდინა ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია და საკუთარ თავს ერთადერთ პოლიტიკურ ძალად წარმოაჩენდა, რომელსაც მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია. რეჟიმმა ასევე გაავრცელა დეზინფორმაცია, როდესაც ამბობდა, თითქოს, საქართველო წინ მიიწევდა მის ევროკავშირის გზაზე და განსხვავებული მოსაზრებები ჩაახშო. აღნიშნული ტაქტიკა წარმატებული აღმოჩნდა ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც შედარებით დანაწევრებული იყო და მსგავსი რესურსები არ გააჩნდა. არჩევნების შემდეგ საქართველოს რამდენიმე ათასმა მოქალაქემ მშვიდობიანი დემონსტრაციები გამართა და უკმაყოფილება გამოხატა არჩევნების შედეგებთან და ჩატარებასთან დაკავშირებით. ბევრი მათგანი ევროკავშირის დროშებს აფრიალებდა. როდესაც ვხედავთ ევროპულ დროშებს პროტესტის მონაწილეთა ხელში, ვიცით, რომ ეს არამარტო მათ, არამედ ჩვენც გვეხება,“ აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა. მან „ამ გადამწყვეტი არჩევნების შემდეგ ევროკომისიის სახელით, სამ მნიშვნელოვან საკითხს ავუსვა ხაზი.“ პირველი – ივლისიდან მოყოლებული ევროკავშირმა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას მკაფიო პასუხი გასცა. წევრ სახელმწიფოებთან კოორდინაციით დავაქვეითეთ პოლიტიკური კონტაქტების დონე და შევაჩერეთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება– 30 მილიონი ევროს ოდენობით ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში და 121 მილიონი ევროს ოდენობით მთავრობისთვის განკუთვნილი პირდაპირი დახმარება. შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც ფაქტობრივად შეჩერდა. ეს ზომები ძალაში დარჩება, ვიდრე ხელისუფლება მოქმედების კურსს არ შეცვლის. ამავდროულად, გავაგრძელებთ ურყევ მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისადმი და დამოუკიდებელი მედიისადმი, რომელიც, ისევე როგორც ჩვენთან, დემოკრატიის ფუნდამენტურ დასაყრდენს წარმოადგენს. მეორე – არჩევნების შემდეგ ევროკავშირმა მკაფიოდ გამოხატა პოზიცია საჯარო განცხადებებით, რომელშიც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რეაგირება მოეხდინა დაფიქსირებულ სერიოზულ დარღვევებზე. ჩემმა კოლეგამ, ჯოზეფ ბორელმა, უკვე დაამატა საქართველოში ჩატარებული არჩევნების საკითხი 18 ნოემბერს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დღის წესრიგს. ეს მოგვცემს საშუალებას, განვიხილოთ შემდგომი ნაბიჯები და პოტენციურ დამატებით ზომებზე შევთანხმდეთ. და ბოლოს, მესამე – ნებისმიერი სამომავლო თანამშრომლობის განახლება საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოხდება მკაფიო და მკაცრი პირობების საფუძველზე, რომლებიც ასევე ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშშია გაწერილი. მთავრობამ ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება რეფორმების დღის წესრიგისადმი, მათ შორის, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯი შეასრულოს. მან ასევე უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ევროკავშირის საწინააღმდეგო სიძულვილის რიტორიკა. ეს კონკრეტული ზომები არ გადაიხედება – „უცხოური გავლენის კანონი“ და ე.წ. „ოჯახური ღირებულებების კანონი“ უნდა გაუქმდეს. ამ კანონების გაუქმებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარეშე საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საქართველოს ევროკავშირის გზას ალტერნატივა არ აქვს. პირობები ცნობილია და ცხადია - დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას თბილისში, მით უკეთესი,“ - აღნიშნა სხინასმა. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობა თვეების განმავლობაში ავლენს თავის ღრმა ერთგულებას დემოკრატიის, დემოკრატიული ღირებულებებისადმი და სწრაფვას ქვეყნის ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიმართ. ეს მონდომება და მედეგობა ჩვენს ურყევ მხარდაჭერას იმსახურებს. არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობის კომპასი ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებები იყო. იგივე ღირებულებები, რომელთა გამოხატვაც ადრე მაიდანზე, ვარშავაში, კიშინიოვში, ბუქარესტში ვნახეთ. შესაძლოა, პუტინის მეგობრებს ეს არ მოსწონთ, მაგრამ ყოველი ევროპული დროშა თბილისის ქუჩებში, პროტესტის თითოეული მონაწილეს მიერ ამოღებული ხმა ასახავს ჩვენი საზოგადოების მოდელებს; ჩვენს ევროპულ დემოკრატიას; ჩვენს ევროპულ საფუძვლებს; ჩვენს ევროპულ ცხოვრების წესს; ევროპულ კანონის უზენაესობას - იმედის შუქს ჩაგვრის წინააღმდეგ. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო: მაშინ როდესაც ევროკავშირის მიერ მიღებული ზომები ეხება მთავრობის არადემოკრატიულ ქმედებებს, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებებისადმი გაგრძელდება. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები უდავოა. როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება დემოკრატიისადმი, რაც საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით იწყება. გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელიც კომისიამ ახლახან მიიღო, აჩვენებს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისთვის, მაგრამ ის ცხადად საქართველოს ხელმძღვანელობისგან ჭეშმარიტ პოლიტიკურ ნებას მოითხოვს. ევროკავშირის კარი ღიაა და ჩვენ ვალდებულებების შესრულების ერთგულების მკაფიო ნიშნებს ველოდებით, როგორც სიტყვით, ასევე ქმედებით,“ აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა. 13 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა. ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, რომ ქართველებს არ სურთ იყვნენ „პუტინის ორბიტაში“, შესაბამისად, არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა უნდა იყოს დაუყოვნებლივ გამოძიებული და პასუხგაცემული. ევროპარლამენტარების ნაწილი, რომელთაგანაც არც ერთი წარმოადგენს ევროპარლამენტის ძირითად ფრაქციებს, აღიარებს "ქართული ოცნების" გამარჯვებას 26 ოქტომბრის არჩევნებში და ევროკავშირის ქმედებებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ ევროკომისიას მოუწოდა, „საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის სრული იზოლაცია მოახდინოს დაფინანსებების გაყინვით, სავიზო რეჟიმის შემოღებით და საერთაშორისო დონეზე ამ რეჟიმის წარმომადგენლების გარშემო “სანიტარული ზონის” შექმნით.“ “საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” - ამ სახელწოდებით დებატების ინიციატორი ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზოა. ის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა ექვს კოლეგასთან ერთად. იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე დებატები 13-14 ნოემბრის პლენარული სესიის დღის წესრიგში შესულიყო ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ. დღევანდელ სესიაზე ნატალი ლუაზომ წინადადება დააყენა, რომ “საქართველოში უარესობისკენ მიმავალი დემოკრატიული კრიზის შესახებ” დებატებს მომდევნო სესიაზე რეზოლუციის კენჭისყრაზე გატანა მოჰყვეს. მის ამ წინადადებას მხარი დაუჭირა 309 ევროპარლამენტარმა, 191 წინააღმდეგი იყო, 34-მა კი, თავი შეიკავა.

ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე მარკო რუბიო წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატიდან რესპუბლიკელი სენატორი, მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა. „რუბიო "იქნება ჩვენი ქვეყნის ძლიერი დამცველი, ჩვენი მოკავშირეების ნამდვილი მეგობარი და უშიშარი მებრძოლი, რომელიც არასდროს დაიხევს უკან ჩვენს მეტოქეებთან", - ამბობს ტრამპი 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. მარკო რუბიო სენატის სადაზვერვო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე და სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრია. მარკო რუბიო ჩინეთისა და ირანისადმი მკაცრი პოზიციით გამოირჩევა. რუბიო პლატფორმაზე X წერს, რომ მისთვის პატივია პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან გამოცხადებული ნდობა და აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად იმუშავებს ტრამპის საგარეო პოლიტიკის პროგრამის განსახორციელებლად. „ტრამპის ლიდერობის პირობებში "ჩვენ მოვიტანთ მშვიდობას სიძლიერით და ამერიკელების და ამერიკის ინტერესებს ყოველთვის ყველაფერზე წინ დავაყენებთ," - წერს მარკო რუბიო. რუბიოს კანდიდატურის დამტკიცებას სენატის თანხმობა დასჭირდება. ახალ კონგრესში რესპუბლიკელებს უმრავლესობა ექნებათ. რუბიოს ბოლო პერიოდის ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის დასრულების გზად მიიჩნევს მოლაპარაკებას, რომლისთვისაც კიევს უნდა ჰქონდეს ზემოქმედების რაც შეიძლება მეტი ბერკეტი. 2024 წლის თებერვალში მარკო რუბიო იყო იმ რესპუბლიკელ სენატორებს შორის, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას. „ვფიქრობ, უკრაინელები წარმოუდგენლად მამაცები და ძლიერები იყვნენ, რათა წინ აღდგომოდნენ რუსეთს,“ - განაცხადა რუბიომ 6 ნოემბერს. „მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, რასაც ჩვენ აქ ვაფინანსებთ, არის ჩიხში მყოფი ომი და ის უნდა დასრულდეს, თორემ ქვეყანა 100 წლით უკან დაბრუნდება,“ აღნიშნა რუბიომ. „მე კომფორტულად ვიგრძნობდი თავს იმ შეთანხმებით, რომელიც დაასრულებს ამ საომარ მოქმედებებს და რომელიც, ვფიქრობ, ხელსაყრელია უკრაინისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ საკუთარი სუვერენიტეტი, რომ არ გახდნენ სატელიტური სახელმწიფო ან მარიონეტული სახელმწიფო, რომელიც მუდმივად მძევლად არის აყვანილი რუსების მიერ. მე არ ვაპირებ რაიმე შეთანხმების წინასწარ განხილვას,“ ციტირებს მის კომენტარს უკრაინული მედია.  

ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა

ცესკომ დღეს, 16 ნოემბერს, არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კომისიის წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შავი სითხე შეასხა, მანამდე კი, მას "შავი ლაქა" უწოდა. სხდომა მცირე ხნით შეწყდა. „სამწუხაროდ, იმ გამოწვევას ვერ უპასუხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, თქვენი ხელმძღვანელობით, რომელსაც ასე დამსახურებულად ევროპისკენ უნდა წავეყვანეთ და დღეს, თქვენი ხელმძღვანელობით, თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი უსამართლო გადაწყვეტილებებით, ქვეყანა რუსეთისკენ მიექანება,” - მიმართა დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს. გიორგი კალანდარიშვილი სხდომაზე თვალახვეული დაბრუნდა. „ჩვენ ვნახეთ მორიგი პროვოკაცია, რომელიც, ფაქტობრივად, არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ სხვადასხვა ჩართულ მხარეს არჩევნებთან დაკავშირებით არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არჩევნებში რაიმე ტიპის მანიპულაცია იყო,“ - განაცხადა კალანდარიშვილმა. შსს-მ დავით კირთაძის წინააღმდეგ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ფაქტთან დაკავშირებით, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ „ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი "უკვე ფიზიკურადაც ატარებს იმ შავ ლაქას, რომელსაც ის ვერასოდეს მოიშორებს არჩევნების გაყალბებისთვის.” დღეს, ცესკოს სხდომის პარალელურად, შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. საპროტესტო მსვლელობისას, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობიდან გაიმართა, ჯამში სამი პირია დაკავებული. შსს-ს ცნობით, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მანამდე, საპატრულო პოლიციიდან ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის მცდელობა და საპოლიციო მოქმედებებისთვის ხელის შეშლა დაფიქსირდა. საბოლოოდ, ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა და პარლამენტში 89 მანდატი მიიღო. 4 ოპოზიციური სუბიექტიდან ყველაზე მეტი - 19 მანდატი გვარამია-მელიას კოალიციამ მიიღო, "ნაციონალურ მოძრაობას"  - 16, "ძლიერ საქართველოს" - 14, გიორგი გახარიას პარტიას კი - 12 მანდატი აქვს. 26 ოქტომბრის არჩევნებზე 2 111 834 ამომრჩეველი მივიდა, 34 974 ბიულეტენი კი  - გაბათილდა. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. ხელისუფლების კრიტიკოსები პერიოდულად აქციებს მართვენ. პროტესტია რიგ უნივერსიტეტებშიც. საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწერილი საჩივრების უდიდესი ნაწილი არ დააკმაყოფილეს.

ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს რომ მზადაა, „გადადგეს“, თუმცა ამისთვის პირობას აყენებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს რომ მზადაა, გადადგეს, თუმცა ამისთვის ის პირობას აყენებს. მშობლიურ სოფელ ტამიშში მყოფი ბჟანია „ძალაუფლების დათმობის“ შესახებ თავის მომხრეებს ესაუბრა. „აფხაზეთის კანონიერი პრეზიდენტი აფხაზეთის ტერიტორიაზეა. 2014 წლის სცენარი არ განმეორდება... მათ ვინც დაიკავა [სამთავრობო შენობები], მათ ვინც სცადა სახელმწიფო გადატრიალება, უნდა გაათავისუფლონ შენობების კომპლექსი, რის შემდეგაც მე მზად ვარ, დავნიშნო არჩვნები, გადავდგე და მივიღო მონაწილეობა არჩვნებში. ქვეყანას [ამის შემდეგ] ვიცე-პრეზიდენტი მართავს,“ - განუცხადა მან მომხრეებს. ე.წ. ოპოზიციის პროტესტის საპასუხოდ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტები ორჯერ „გადამდგარან“ ვადამდე ადრე. ეს მოხდა 2014 წელის პირველ ივნისს. მაშინ „თანამდებობა“ დატოვა ალექსანდ ანქვაბმა, როცა კონფლიქტი მოჰყვა ქართველი ეროვნებისთვის მოქალქეებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგებას. 2020 წლის 2 იანვარს „გადადგა“ რაულ ხაჯიმბა მას შემდეგ, რაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა 2019 წლის საპრეზიდენტო არჩვების შედეგები. მაშინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩვნებში მონაწილეობა ვერ მიიღო ასლან ბჟანიამ. ის და მისი მომხრეები ამტკიცებდნენ რომ ბჟანია ოპონენტებმა მოწამლეს, რომ ე.წ. საპრეზიდენტო ბრძოლაში არ მიეღო მონაწილეობა. ბჟანიამ ე.წ. „არჩევნებში 2020 წელს, ხმების 56.5 % „მიიღო.“ 15 ნოემბერს, ე.წ. პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოც, რომელიც ასახავს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ჩასვლას თავის მშობლიურ სოფელ ტამიშში. ე.წ. პრესსამსახურმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ, თითქოს, ბჟანიამ რუსეთის სამხედრო ბაზას შეაფარა თავი. მანამდე, ბჟანიამ ღამით მხარდამჭერებს მიმართა, რომ „გადადგომას“ არ გეგმავს და ყველას საკადრის პასუხს გასცემს.“ 15 ნოემბერს, ასლან ბჟანიას გადადგომას ათასობით მომიტინგე მოითხოვდა, რომლებიც ე.წ. პარლამენტისა და ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციის შენობებში შეიჭრნენ. გვიან საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს „ხელისუფლების“ წარმომადგენლები ოპოზიციონერებთან ასლან ბჟანიას გადადგომის გეგმებს ათანხმებდნენ, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა. ე.წ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ბჟანია მოსკოვს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის, თითქოს, მომიტინგეები რუსეთის წინააღმდეგ გამოდიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზურ ოპოზიციას სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლასა და ესკალაციის პროვოცირებაში დასდო ბრალი. ე.წ. ოპოზიცია მოელის, რომ „გაქცეული“ ბჟანია დღეს ისევ შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას, თუმცა ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ ის პოსტზე აღარ უნდა დარჩეს. დაძაბულობამ ოკუპირებულ აფხაზეთში 15 ნოემბერს მიაღწია პიკს მას შემდეგ, რაც ადგილობრივები, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების ძალებთან რამდენიმესაათიანი შეხლა-შემოხლის შემდეგ, ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები კანონმდებლების მიერ იმ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან, რომელიც რუსი ინვესტორებისთვის შეღავათიანი პირობების მინიჭებას ითვალისწინებს. აფხაზეთის დე-ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს ე.წ. დეპუტატები კანონპროექტის რატიფიცირებას 15 ნოემბრის სხდომაზე გეგმავდნენ, თუმცა აქციის მონაწილეებსა და ე.წ.  უშიშროების ძალებს შორის შუადღისას მომხდარი შეტაკებების ფონზე, სხდომა მომდევნო კვირამდე გადაიდო. სადავო კანონპროექტი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ინვესტიციებისა და მიწის საკუთრების ლეგალიზებას ისახავს მიზნად. როგორ განვითარდა მოვლენები 15 ნოემბერს? მიუხედავად იმისა, რომ სხდომა გადაიდო, აქციის მონაწილეები არ დაიშალნენ, რადგან მათ და ე.წ. უშიშროების ძალებს შორის შეტაკება დაიწყო, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებმა მათ კვერცხები და პლასტმასის ბოთლები დაუშინეს. ე.წ. უშიშროების ძალებმა სახანძრო მანქანით სცადეს საკანონმდებლო ორგანოსთან მისასვლელი გზის გადაკეტვა, თუმცა აქციის მონაწილეებმა შენობის ჭიშკარი და ფანჯრები ჩაამსხვრიეს და მანქანა დააზიანეს. გავრცელდა კადრები, რომელშიც ე.წ. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს კვამლის ბომბებს ესვრინ, ხოლო აქციის მონაწილეები მათ უკან ისვრიან. 15:30 საათისთვის ვითარება შედარებით მშვიდი იყო, თუმცა ე.წ. პარლამენტის შენობიდან მანამდე გამოსულმა დეპუტატებმა შენობაში დაბრუნება დაიწყეს. ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „მომიტინგეების ქმედებები არ არის მიმართული რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების წინააღმდეგ.“ მათ ოკუოპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერი ასლან ბჟანია რუსეთთან ურთიერთობების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ე.წ. პარლამენტთან „არა იმიტომ, რომ ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ გამოსულიყვნენ, არამედ, იმისთვის, რომ დაიცვან აფხაზეთის ეროვნული ინტერესები, მისი ბუნებრივი რესურსები და სიმდიდრე, რომლის ხელში ჩაგდებასაც ბჟანია პირადი სარგებლისთვის ცდილობდა.“ მოგვიანებით, ვითარება კვლავ დაიძაბა, რადგან აქციის მონაწილეებმა ე.წ. პარლამენტის ფანჯრის გისოსები ჩამოხსნეს და მინები ჩაამსხვრიეს, რის შემდეგაც შენობაში შეიჭრნენ. ოფიციალურ თბილისს ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე რაიმე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ჟურნალისტის კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „ეს არის შედეგი, უპირველეს ყოვლისა, რომ არის საოკუპაციო მმართველობა.“ აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, ე.წ. პრეზიდენტის „გადადგომის“ მოთხოვნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ხალხს ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდებს. „ასლან ბჟანია მიმართავს სასოწარკვეთილ მცდელობებს, შეინარჩუნოს ხელისუფლების სურათი და ეჭიდება ფორმალობებს. მისი მმართველობის დრო უკვე დასრულდა. აფხაზეთში დღეს მიმდინარე მოვლენები საზოგადოების კანონზომიერი პასუხია ასლან ბჟანიას მიერ გატარებულ ანტისახალხო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია მხოლოდ მისი ნათესავებისა და მასთან დაახლოებული ვიწრო წრის გამდიდრებისკენ. ჩვენი ამოცანაა ბჟანიას გადადგომა და ქვეყანაში ვითარების სტაბილიზება,“ - წერია საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი ტელეგრამ-არხები ავრცელებენ. მიტინგი 14:00 საათისთვის დაიგეგმა.

დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მდივნის პოსტზე რობერტ კენედი შეარჩია

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს, 15 ნოემბერს, განაცხადა, რომ რობერტ კენედის ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების მდივნობის კანდიდატად ასახელებს. მისი წარდგენისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდი ხანია, რაც ამერიკელებს აზარალებენ მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიები, ინდუსტრიები, რომლებიც საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ მცდარ ინფორმაციას ავრცელებდნენ და რომ კენედის ლიდერობით ჯანდაცვის დეპარტამენტი შეძლებს დაამარცხოს "ქრონიკული დაავადებების პანდემია" და ამერიკა კვლავ "დიდებული და ჯანმრთელი" გახადოს. არჩეული პრეზიდენტის თქმით, კენედის პრიორიტეტებს შორის იქნება მედიკამენტები, საკვებზე დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერებების პრობლემა და საკვებ პროდუქტში ქიმიური ელემენტების შემცველობა. ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტი ზედამხედველობს არაერთ მიმართულებას, მათ შორის, პრეპარატების, ვაქცინების, სურსათის უსაფრთხოების და სამედიცინო კვლევების საკითხებს, ასევე ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზოგიერთ სპეციალისტს აშფოთებს კენედის კრიტიკული დამოკიდებულება ვაქცინების მიმართ, რომელსაც ის კოვიდ-პანდემიის დროს გამოხატავდა. რობერტ კენედი ამერიკის ყოფილი გენერალური პროკურორის ვაჟი და პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის ძმისშვილია. გასულ წელს ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უწევდა კონკურენციას და საპრეზიდენტო კამპანიას დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში აწარმოებდა. შემდეგ კი, მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა და კანდიდატურა მოხსნა. დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს კიდევ ერთი კანდიდატი დაასახელა - დაგ კოლინსი, ჯორჯიის ყოფილი კონგრესმენი ვეტერანთა საკითხების მდივნობის კანდიდატია. კოლინსი ამერიკის საჰაერო სარეზერვო ძალების კაპელანია და კონგრესის წევრი იყო 2013-2021 წლებში. ის დონალდ ტრამპს პირველი საიმპიჩმენტო პროცესისას აქტიურად იცავდა.  

ზელენსკი შოლცისა და პუტინის სატელეფონო საუბარზე: „მინსკი-3“ არ იქნება, ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მშვიდობა

„შოლცმა მითხრა, რომ პუტინთან დარეკვას აპირებდა, მისი ზარი „პანდორას ყუთია“, „მინსკი-3“ არ იქნება - რეალური მშვიდობა გვჭირდება,“ - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გააკეთა. „ერთ-ერთ დღევანდელ ამბავზე. კანცლერი შოლცი მეუბნებოდა, რომ პუტინისთვის დარეკვას აპირებდა. ოლაფის ზარი, ჩემი აზრით, „პანდორას ყუთია“. ახლა შეიძლება, სხვა საუბრები იყოს, სხვა ზარები. უბრალოდ, ბევრი სიტყვა. ეს სწორედ ისაა, რაც პუტინს დიდი ხანია, სურს: მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია იზოლაციის, რუსეთის იზოლაციის შემცირება და ჩვეულებრივი მოლაპარაკებების წარმოება, რომლებიც არაფრით დასრულდება. ისე, როგორც ის ათწლეულების განმავლობაში აკეთებდა. ეს საშუალებას აძლევდა რუსეთს არაფერი შეეცვალა თავის პოლიტიკაში, არსებითად არაფერი გაკეთებინა და სწორედ ამან მიგვიყვანა ამ ომამდე. ახლა გვესმის ეს ყველა გამოწვევა. ვიცით, როგორც ვიმოქმედოთ და გვსურს, გავაფრთხილოთ: „მინსკი-3“ არ იქნება - რეალური მშვიდობა გვჭირდება,” - განაცხადა ზელენსკიმ. კრემლის ცნობით, პუტინმა შოლცთან საუბრისას განაცხადა, რომ „უკრაინასთან შესაძლო შეთანხმებები უნდა ითვალისწინებდეს რუსეთის ინტერესებს და ეფუძნებოდეს ახალ ტერიტორიულ რეალობას.“ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარასკევს, 15 ნოემბერს, ერთი საათის განმავლობაში ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობა იუწყება. სააგენტო Reuters-ის ცნობით, შოლცმა პუტინს უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა მოსთხოვა და ხაზი გაუსვა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობას. გერმანიის მთავრობის განცხადებით, შოლცმა პუტინთან საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინას დაეხმარება იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც კიევს დასჭირდება. გარდა ამისა, შოლცი მალე მოლაპარაკებას გამართავს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ბერლინის ცნობით, შოლცსა და პუტინს შორის ბოლო პირდაპირი საუბარი 2022 წლის დეკემბერში გაიმართა.  

რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დაინიშნა. რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მომავლისთვის გარდამტეხ მომენტში მზადაა, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ითანამშრომლოს. „ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებში მუდმივ მომხსენებლად დანიშვნა ჩემთვის დიდი პატივია. ეს საქართველოს მომავლისთვის გარდამტეხი მომენტია. მზად ვარ, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვითანამშრომლო, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს,“ - წერს რასა იუკნევიჩიენე.  

თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობას კეროლაინ ლივიტი დაიკავებს

დონალდ ტრამპი თეთრი სახლის პრესსპიკერის თანამდებობაზე კეროლაინ ლივიტს დანიშნავს. „კეროლაინი ჭკვიანია, ძლიერია და დაამტკიცა, რომ ძალიან ეფექტიანი კომუნიკატორია,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 27 წლის კეროლაინ ლივიტი, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის პრესმდივანი იყო, აშშ-ის ისტორიაში თეთრი სახლის ყველაზე ახალგაზრდა პრესსპიკერი იქნება. ამ დრომდე ყველაზე ახალგაზრდა პრესმდივანი იყო რონ ზიგლერი, რომელმაც თანამდებობა 29 წლის ასაკში, რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობის დროს დაიკავა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობას სტივენ ჩუნი დაიკავებს, რომელიც დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის პრესსპიკერი იყო.  

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომი მომავალ წელს, დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს“ - ზელენსკი

„უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ომი დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს,“ განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Suspilne-თან ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 16 ნოემბერს გადაიცა. ზელენსკის არ სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს. „ვფიქრობ, პუტინს საერთოდ არ სურს მშვიდობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას არ სურს [მოლაპარაკების მაგიდასთან] დაჯდეს ზოგიერთ ლიდერთან ერთად. რადგან მისთვის პოლიტიკური იზოლაცია ნიშნავს ნგრევას. მისთვის საკმაოდ მომგებიანია დაჯდეს, ილაპარაკოს, და არ დათანხმდეს," აღნიშნა ზელენსკიმ. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ ვერ დაიკავებს ნეიტრალურ პოზიციას. „ამერიკამ უნდა შეინარჩუნოს პოზიცია, რომ რუსეთი აგრესორია, რომ მან დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართალი,“ ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. „უკრაინაში ომი "უფრო სწრაფად დასრულდება" ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში,“ თვლის ზელენსკი. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა "მადლიერია" მიღებული დახმარებისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ არ მიუღია აშშ-ის მიერ გამოყოფილი იარაღის ნახევარი. მისი თქმით, საკუთარი შიდა წარმოების იარაღს შორის, ქვეყანა ამჟამად ოთხი ტიპის რაკეტის ტესტირებას ატარებს. ფრონტზე არსებული რთული სიტუაციის შესახებ კითხვის საპასუხოდ, ზელენსკიმ აღიარა რუსებს "ნელი, მაგრამ მაინც წინსვლა აქვთ." მან ისაუბრა მებრძოლთა დაღლილობაზე, ბრიგადების შევსების და აღჭურვის ნელ ტემპზე, ასევე საზღვარგარეთიდან იარაღის მიწოდების შეფერხებაზე. რაც შეეხება მობილიზაციას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზოგადად, რაღაცები კორექტირებას საჭიროებს, მაგრამ რაღაცები ისე მიდის, როგორც დაგეგმილია, თუმცა ჯერ კიდევ არის საჭირო მეტი მობილიზება, რადგან არსებული მაჩვენებლები საკმარისი არ არის. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა ელოდება კომბინირებულ დარტყმებს მთელი ზამთრის განმავლობაში, მაგრამ მიიჩნევს, რომ უკრაინა "ძალიან კარგ პოზიციაშია" საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით.  

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოში, რუმინეთსა და შვეიცარიაში ენერგომომარაგების ტრადიციული წყაროებიდან მზის ენერგიაზე გადავდივართ

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR), China Energy-სთან თანამშრომლობით, ოფშორული ობიექტების დეკარბონიზაციის დაწყებას გეგმავს, განაცხადა SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტმა აფგან ისაევმა COP29-ის ფარგლებში გამართული SOCAR-ის დეკარბონიზაციის პროგრესის შესახებ სესიაზე. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, „სოკარ გრინმა“ და შპს „China Energy Overseas Investment Co“-მ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ფუზულის რაიონში 160 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის აშენებაზე. განახლებადი ენერგიის განვითარების შესახებ მემორანდუმები ასევე გაფორმდა China Energy-სა და China Datang Co. Ltd-სთან. ისაევის თქმით, SOCAR-მა ცოტა ხნის წინ დაიწყო 240 მეგავატი სიმძლავრის შაფაგის მზის ელექტროსადგურის მშენებლობა ჯაბრაილის რაიონში BP-სთან ერთად. ეს პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კასპიის რეგიონში ნავთობისა და გაზის უდიდესი ტერმინალის - სანგაჩალის ტერმინალის დეკარბონიზაციისთვის. „ეს არის ჩვენი ძალისხმევის პირველი ეტაპი ნახშირბადის ანაბეჭდის შესამცირებლად. მეორე ეტაპი ფოკუსირებული იქნება ოფშორული ობიექტების დეკარბონიზაციაზე," - აღნიშნა ისაევმა. SOCAR-მა ამ მიმართულებით თანამშრომლობა ასევე დაიწყო აბუ დაბის ნავთობის ეროვნულ კომპანიასთან (ADNOC), რომელიც ნავთობისა და გაზის დეკარბონიზაციის ქარტიის ერთ-ერთი ლიდერია. მისი თქმით, „სოკარი“ განახლებადი ენერგიის პროექტებს აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთაც ახორციელებს. „2017 წელს SOCAR Türkiye-მ ექსპლუატაციაში შევიდა 55 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური. „საქართველოში, რუმინეთსა და შვეიცარიაში კომპანია ენერგომომარაგების ტრადიციული წყაროებიდან მზის ენერგიაზე გადადის. შვეიცარიაშიც კი, ჩვენ დავიწყეთ ჩვენი პირველი, თუმცა მცირე, წყალბადის პროექტი. ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას და განვითარებას, რათა მზად ვიყოთ ახალი პარტნიორობისთვის,“ - აღნიშნა ისაევმა.  

„მოლდოვას შეუძლია, შეუერთდეს შავი ზღვის ენერგეტიკულ პროექტს“ - რუმინელი მინისტრი

აზერბაიჯანი-საქართველო-ევროპის მწვანე ენერგეტიკული დერეფანი (Black Sea Energy) არის ენერგეტიკული ხიდი, რომელიც უზრუნველყოფს ევროპას უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიით და მოლდოვასაც შეუძლია, შეუერთდეს ამ პროექტს, განაცხადა რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრმა სებასტიან ბურდუჯამ ბაქოში, COP29-ის მინისტერიალზე. ბურდუჯამ აღნიშნა, რომ გლობალური ინვესტიციები მწვანე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ტრილიონ დოლარად არის შეფასებული. „ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მობილიზებულნი, ვიდრე ოდესმე, მაგრამ დრო ცოტაა. ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ მზად მოქმედებისთვის, რომ ეს ლამაზი დაპირებები გადავაქციოთ პროექტებად და ახალ მეგავატებად ხალხისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა. მან აღიარა ამ პროცესის სირთულე, მაგრამ აღნიშნა, რომ რუმინეთი მზად არის, უპასუხოს ამ გამოწვევას აზერბაიჯანთან, საქართველოს, უნგრეთთან, ბულგარეთთან და მოლდოვასთან ერთად. „ჩვენ შევქმნით ამ მწვანე დერეფანს, რომელიც დააკავშირებს ცენტრალურ აზიას ევროპასთან და იქნება ენერგეტიკული ხიდი. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება მაგალითი სხვა კონტინენტებისა და ქვეყნებისთვის, რათა უფრო მეტად დაუკავშირდნენ ერთმანეთს იმიტომ, რომ ის ნამდვილად უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო, უფრო ხელმისაწვდომ და მწვანე ენერგომომარაგებას,“ - აღნიშნა ბურდუჯამ. მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის $35 მილიონის ინვესტიცია დაამტკიცა  

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია

საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია. ანდრია ფუტკარაძემ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მეოთხე გამარჯვება მოუტანა. ამ შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენია. საქართველომ 12 ქულა მიიღო იტალიისგან, ესტონეთისგან, ალბანეთისგან, სომხეთისგან, კვიპროსისგან, ესპანეთისგან, ნიდერლანდებისგან, სან მარინოსგან, უკრაინისგან, პორტუგალიისგან, ისლანდიისგან, მალტისგან. ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა, რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო; კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის. საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა.  

პატრიარქი: დადასტურდა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას

„დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას,“ - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს. „დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას. მართალია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და წინააღმდეგობის გაგრძელებას გეგმავს, მაგრამ გამოვთქვამთ იმედს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ყველაფერი ამქვეყნად ღვთის ნებითაა. მთავარია ჩვენსა და უფალს შორის სინერგია შედგეს. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს საქართველო მშვიდობით, ამინ!“ - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში. ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა  

ბაიდენმა უკრაინას აშშ-ის იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების შეზღუდვა მოუხსნა - Reuters

დასავლური მედიის თანახმად, რუსეთის შეჭრით დაწყებული ომის შემდეგ, აშშ-ის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა უკრაინაში. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვა, რომელიც უკრაინას უკრძალავდა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებას რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე. შესაბამის ცნობას სააგენტო Reuters-ი სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.  წყაროების ცნობით, უკრაინა გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენებას მომდევნო დღეებში გეგმავს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე. სააგენტო იუწყება, რომ თეთრმა სახლმა კომენტარზე უარი თქვა. თავის მხრივ, New York Times-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გრძელი რადიუსის იარაღი, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება რუსეთის და ჩრდილოეთი კორეის სამხედროების წინააღმდეგ, კურსკის ოლქში უკრაინის ძალების დაცვის მიზნით. აღსანიშნავია, რომ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანამდებობას 20 იანვარს დაიკავებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვეების განმავლობაში ითხოვდა, უკრაინისთვის მიეცათ უფლება აშშ-ის იარაღის გამოყენებაზე რუსეთის საბრძოლო ობიექტებზე, რომლებიც საზღვრიდან მოშორებით მდებარეობს. ტრამპი აკრიტიკებდა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული ფინანსური და სამხედრო დახმარების მოცულობას და აცხადებდა, რომ ამ ომს სწრაფად დაასრულებს, თუმცა როგორ - ეს ტრამპს არ დაუკონკრეტებია.  

თსუ-ს პირველ კორპუსთან, 24-საათიანი აქციის ფარგლებში კარვები გაშალეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან, 24-საათიანი უწყვეტი აქციის ფარგლებში, ოპოზიციამ კარვების გაშლა დაიწყო. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა 20:00 საათზე გამოაცხადეს, რომ შემდეგი 24 საათის განმავლობაში გადაიკეტებოდა ჭავჭავაძის, მელიქიშვილის გამზირები, ვარაზისხევი, რითაც იწყება მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობა. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახლა ჩატარებაა. დემონსტრანტები ჭავჭავაძეზე დარჩენას ორშაბათ საღამომდე აპირებენ. აქციის მონაწილეებს საათში ერთხელ პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ. „მორჩა სეირნობა, სიარული. ჟივილ-ხივილი. ვიბრუნებთ სამშობლოს! ვკეტავთ ყველაფერს. დრო აღარ გვაქვს. პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე, ის ხალხი, ვინც მივიღეთ ყველაზე მეტი ხმა საქართველოს მოსახლეობისგან, ვინც თქვა, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში. და დიახ, ჩვენ მივდივართ ევროპაში! ძალიან დიდი ბოდიში ყველას შეწუხებისთვის, მაგრამ ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებით. ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. „ვიქნებით აქ და შევქმნით წინააღმდეგობის პირველ წერტილს. 24 საათი ვჩერდებით აქ და ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე," მიმართა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილ მოქალაქეებს. მანამდე, პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ. ადგილზე ამ დროისთვის, სამი კარავია გაშლილი ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა  

ბორელის თქმით, 100 მილიონ ევროზე მეტი უნდა გაიყინოს და მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო ორგანიზაციებს მიეწოდოს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება შესაძლოა, სახელმწიფო უწყებების ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოებამ მიიღოს. ევროკავშირს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ აქვს, თუმცა ცნობილია, რომ დღეს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს შესახებ მსჯელობას აპირებს და ეს შეთავაზება შესაძლოა, დღესვე განიხილონ. „ცხადია, საქართველოს საკითხი არის ის, რასაც დღეს ყველა განიხილავს. კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული. ჩემი შეთავაზებაა, რომ შეჩერდეს პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა, რომელიც ხელისუფლებისკენ მიედინება. ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ანუ ჩვენ ავიღებთ ამ ფულს, 100 მილიონზე მეტს და მივცემთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მათი მხარდაჭერის მიზნით სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში. ევროკავშირი გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. მიერთების პროცესი შეჩერებულია იქამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ დაუბრუნდება პირვანდელ გზას და პირვანდელ გზასთან დაბრუნებისას ბევრი რამ უნდა შეიცვალოს და ამ დროის განმავლობაში ჩვენ გამოვიყენებთ თანხას, რომელიც ამ დრომდე მიემართებოდა ხელისუფლებისკენ, ადამიანებისთვის, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ბედისთვის,“ - განაცხადა ბორელმა მედიასთან. რაც შეეხება არჩევნებს, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ცალსახად უნდა იყოს გამოძიება და ცალსახად უნდა იყოს ანგარიშვალდებულება. „ცხადია, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს გამოძიება. ის რაც მოხდა, სრულად უნდა იქნას შეფასებული. არ შეიძლება თქვა, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ გამოიძიო ის. ჩვენ საწყისიდანვე ვთხოვდით საქართველოს ხელისუფლებას, გაერკვია ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო საჩივრებთან. ცალსახად უნდა იყოს გამოძიება და ცალსახად უნდა იყოს ანგარიშვალდებულება,“ - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. შეგახსენებთ, 2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა, ხოლო 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღო იმ პირობით, რომ ქვეყანა 2023 წელს ევროკომისიის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს შეასრულებდა. 2023 წლის ევროკავშირის გაფართოების პაკეტში გაწერილი 9 ნაბიჯი მოიცავს დეზინფორმაციასთან და უცხოური ინფორმაციით მანიპულირებასთან ბრძოლას, ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის გაუმჯობესებას, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტას, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას, პარლამენტის ზედამხედველობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას, ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის უზრუნველყოფას, ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტიანობის ზრდას, დეოლიგარქიზაციასთან მიმართებით სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას. 2023 წლის დეკემბერში, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი „დე ფაქტო შეჩერებულია.“ საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების შესახებ 2024 წლის ანგარიშში (ამონარიდი საქართველოს შესახებ), რომელიც 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან საკმარისი პოლიტიკური ნება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყანაში აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად. ევროკომისია საქართველოს ურჩევს, პირველ რიგში, ცხრა რეკომენდაციის შესრულებას დაუბრუნდეს (ამონარიდი საქართველოს შესახებ). იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ შეიცვლის იმ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირში მის ინტეგრაციას და არ მიიღებს რეალურ ზომებს არსებული პრობლემების გადასაჭრელად და მნიშვნელოვანი რეფორმების განსახორციელებლად, ევროკომისია ვერ შეძლებს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის საკითხის განხილვას. ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა  

ირაკლი კობახიძე: პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 25 ნოემბერს წარედგინება

„მომავალ ორშაბათს საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად, აქედან გამომდინარე, მინდა, ვთხოვო ყველა სამინისტროს, დავიწყოთ მუშაობა სამთავრობო პროგრამის საბოლოოდ დაზუსტებაზე,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტს წარედგინება როგორც სამთავრობო, ასევე 4-წლიანი პროგრამა. „როგორც მოგეხსენებათ, ორშაბათს, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, ჩვენ უნდა წარვუდგინოთ საქართველოს პარლამენტს სამთავრობო პროგრამაც, 4-წლიანი პროგრამაც და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი იყოს დაზუსტებული. ეს არის ჩემი თხოვნა თითოეული სამინისტროს და მინისტრის მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომელიც ასახულია სამთავრობო პროგრამაში. 4 წლის თავზე ჩვენ განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, ამას უზრუნველყოფს ჩვენი სამთავრობო პროგრამა. ახლა მთავარია ყოველდღიური მუშაობა იმისათვის, რომ ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, „რადიკალური ოპოზიციის დასუსტება მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ქვეყანა სწორი გზით განვითარდეს.“ პრემიერის განცხადებით, არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვება ძალიან დამაჯერებელი იყო.“  ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა ბორელის თქმით, 100 მილიონ ევროზე მეტი უნდა გაიყინოს და მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო ორგანიზაციებს მიეწოდოს