ძებნის რეზულტატი:
პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ შალვა პაპუაშვილია
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც პარტიებიდან მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ, პარლამენტის ვიცე-სპიკერები დაამტკიცეს. სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია. პარლამენტის სპიკერატში მმართველი უმრავლესობა პირველი ვიცე-სპიკერითა და უმრავლესობის კვოტით, სამიდან მხოლოდ ორი ვიცე სპიკერით იქნება წარმოდგენილი. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გია ვოლსკი წარადგინა, რომელიც 88 ხმით ერთხმად დაამტკიცეს. უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერებად, ასევე, არჩეული არიან თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი. სპიკერატში უმრავლესობის ერთი კვოტა ვაკანტურია. XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტებს უმრავლესობის შემდეგი წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ: აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გელა სამხარაული ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - რატი იონათამიშვილი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - გივი მიქანაძე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - მაია ბითაძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - შოთა ბერეკაშვილი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - ირაკლი ზარქუა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - ლევან მახაშვილი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - ალექსანდრე ტაბატაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - გიორგი კახიანი კულტურის კომიტეტი - გიორგი გაბუნია რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი - ირაკლი ქადაგიშვილი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - ნიკოლოზ სამხარაძე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - დავით მათიკაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი - პაატა კვიჟინაძე სპორტის კომიტეტი - ვიქტორ სანიკიძე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი - ზაზა ლომინაძე უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გიორგი კახიანი მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ორი კვირის შემდეგ კი, ამ პოსტს არჩილ გორდულაძე დაიკავებს, რომელიც პარლამენტში შემოვა, ხოლო გიორგი კახიანი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე იქნება არჩეული. მე-11 მოწვევის პარლამენტმა, რომლის პირველი სხდომა 25 ნოემბერს 12:00 საათზე გაიხსნა, პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელისა და პროტესტის ფონზე, რომლითაც არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. ცნობისთვის, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა მოთხოვნილი.
მდინარაძის თქმით, ივანიშვილი და ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს დატოვებენ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს მალე დატოვებენ. მამუკა მდინარაძის თქმით, ისინი სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია თუმცა პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. „ეს ადამიანები, როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს არ არის, მე მგონი, დასამალი - ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან ჩვენი პარტიის ხელმძღვანელები - საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, თავმჯდომარე და ისინი საპარლამენტო სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია, ფორმალურად, რეალურად და ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს. მიმართავენ ძალიან მალე,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნებაში“ საკუთარი სურვილით არ შევიდნენ. მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ გამორიცხულია, საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იყოს. შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს - მნიშვნელოვანია, ინაუგურაცია მიმდინარე წელს ჩატარდეს პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს, სხდომა არ დანიშნა. ცნობისთვის, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა.
სომხეთი რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ОДКБ-ს სამიტს არ დაესწრება
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ასტანაში CSTO-ს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას) საწესდებო ორგანოების მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ანი ბადალიანმა ArmInfo-სთან ინტერვიუში განაცხადა. 28 ნოემბერს ასტანაში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, თავდაცვის მინისტრთა საბჭოს და უშიშროების საბჭოს მდივნების კომიტეტის ერთობლივი სხდომა, რასაც მოჰყვება CSTO კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. მონაწილე ქვეყნები განიხილავენ რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს. შეხვედრის შემდეგ რამდენიმე დოკუმენტი მიიღება. „სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი არ მიიღებს მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს, თავდაცვის მინისტრთა საბჭოსა და უშიშროების საბჭოების მდივნების კომიტეტის ერთობლივ სხდომაში, ასევე, CSTO-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სესიაში,“ აღნიშნა ბადალიანმა. ფაშინიანმა რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ОДКБ-ს სომხეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხე უწოდა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 გემს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ გასულ წელს მილიარდობით ფუნტის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა. „რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 30 ხომალდს, რომლებიც მხოლოდ გასული წლის განმავლობაში მილიარდობით ფუნტის ღირებულების ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე იყვნენ პასუხისმგებლები, დღეს დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციები დაუწესდათ,“ - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ლემის განცხადებით, დღეს დიდმა ბრიტანეთმა აღნიშნული ტიპის „ყველაზე დიდი სანქციების პაკეტი“ გამოაცხადა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ცნობით, დასანქცირებული რუსული ნავთობტანკერების საერთო რაოდენობამ უკვე 73-ს მიაღწია. ნავთობის შემოსავლები უკრაინაში კრემლის უკანონო ომის დაფინანსებისთვის გადამწყვეტი წყაროა. „ჩრდილოვანი ფლოტი“ ასევე მნიშვნელოვან რისკებს უქმნის გლობალურ ვაჭრობას. აშშ-მ სანქციები დაუწესა კომპანიას, რომელიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდა
საქართველო აზერბაიჯანიდან ნავთობის იმპორტს ზრდის
საქართველომ აზერბაიჯანიდან ნავთობის იმპორტი გაზარდა. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ აზერბაიჯანიდან 75,6 მილიონი დოლარის ღირებულების 95 730 ტონა ნავთობისა და ნავთობის ზეთების იმპორტი განახორციელა, იუწყება აზერბაიჯანული მედია საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით.
ყაზახეთი ბაქო-სუფსის მარშრუტით ნავთობის მიწოდების შესაძლებლობას კვლავ განიხილავს
ყაზახეთი ბაქო-სუფსის მარშრუტით ნავთობის შესაძლო მიწოდების განხილვას აგრძელებს. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა მთავრობის სხდომაზე გააცხადა. „გამტარუნარიანობა არის 5 მილიონი ტონა წელიწადში, შესაძლო მიწოდების მოცულობა წელიწადში 3 მილიონ ტონამდე. ამ მარშრუტის გამოყენება ამჟამად დამუშავებისა და განხილვის პროცესშია,“ - განაცხადა სატკალიევმა. მან ასევე დაამატა, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმი (CPC) რჩება ყველაზე საიმედო მარშრუტად ყაზახური ნავთობის ექსპორტისთვის. „დღეს CPC არის ყველაზე საიმედო და ეფექტიანი მარშრუტი ყაზახური ნავთობის ექსპორტისთვის. ამჟამად არსებობს ტექნიკური შესაძლებლობა, გაზარდოს სატუმბი მოცულობები 67-დან 81,5 მილიონ ტონამდე/წელიწადში, ყაზახური მონაკვეთის ჩათვლით - 53,7-დან 72,5 მილიონ ტონამდე/წელიწადში," აღნიშნა სატკალიევმა. მინისტრმა განმარტა, რომ 2024 წელს ყაზახეთიდან ნავთობის მთლიანი ექსპორტი 68,8 მილიონი ტონა ნავთობია დაგეგმილი. გასულ წელს ყაზახეთმა გარე ბაზრებს 70,5 მილიონი ტონა ნავთობი მიაწოდა 90 მილიონი ტონა მოპოვებით. მინისტრის თქმით, ნავთობის ექსპორტი შემდეგი ძირითადი მარშრუტებით განხორციელდება: კასპიის მილსადენის კონსორციუმი - 55,4 მლნ ტონა ნავთობი, ატირაუ-სამარა - 8,6 მლნ ტონა, ჩინეთი - 1,1 მლნ ტონა, აქტაუს პორტი - 3,6 მლნ ტონა, სარკინიგზო ტრანსპორტით. - 0,05 მილიონი ტონა.
ყაზახეთი ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს
ყაზახეთი ახალი, მეოთხე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას 2032 წელს გეგმავს, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალმასადამ სატკალიევმა მაჟილისში, სამთავრობო საათზე მოხსენების წარდგენისას. „2036 წელს მსუბუქი ნავთობპროდუქტების მოსალოდნელი დეფიციტის გამო, აუცილებელია, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტირება არაუგვიანეს 2030 წლისა, მშენებლობა კი, 2032 წელს დაიწყოს - რომლის სიმძლავრე იქნება 10 მილიონი ტონა/წელიწადში,“ - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ახალი გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა დააკმაყოფილებს ქვეყნის საწვავსა და საპოხი მასალების საჭიროებებს 2040 წლიდან 2050 წლამდე და საშუალებას მისცემს ექსპორტს ცენტრალური, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აზიის სწრაფად განვითარებად ბაზრებზე. ამჟამად ყაზახეთში მუშაობს სამი ძირითადი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა - Atyrau (ANPZ), Shymkent და Pavlodar Petrochemical Factor (PNHZ).
სალომე ზურაბიშვილი: „შავი ორშაბათი“ საქართველოში, დასცინიან ჩვენს პარლამენტს
„შავი ორშაბათი“ საქართველოში,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მე-11 მოწვევის მოწვევის პარლამენტის სხდომასთან დაკავშირებით, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „შავი ორშაბათი“ საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარს, რომლის მიღმაც „ქართული ოცნების“ მონები კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს,“ - წერს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი სხდომა არაკონსტიტუციურია.
დიდი ბრიტანეთის საელჩო: თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას, კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით
დიდი ბრიტანეთის საელჩო „კვლავ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იყო გამოძიებული.“ საელჩო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. „დღეს თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას. კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იქნა გამოძიებული. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ვიზიარებთ ODIHR-ის მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, მშვიდობიანი პროტესტის ხელშეწყობისა და დიალოგში ჩართვის შესახებ,“ წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბარიელგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტიც. პარლამენტის დღევანდელი სხდომაზე მიწვეულები არ იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლიმატიური მისიების წარმომადგენლები. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა მოთხოვნილი. 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება საპროტესტო აქციის ფონზე ცნო. მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე არ მიუწვევიათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
პრეზიდენტი: საჭიროა, ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ, რადგან ძალიან მალე დადგება ახალი არჩევნების დრო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და მმართველი გუნდი კონსტიტუციის უარყოფაში დაადანაშაულა. სალომე ზურაბიშვილი, ამავე მიმართვაში ახალგაზრდებს მიმართავს, რომ სწორედ მათ უნდა აიღონ ხელში ქვეყნის სადავეები და მოემზადონ მომდევნო არჩევნებისთვის. „მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და ყველას უნდა გვტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია. ძალიან მეცოდებიან, პირველ რიგში, მეცოდება კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს, რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია. მეცოდება ყველა ის პარლამენტარი, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთი იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი. რამეთუ იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით თუ რამდენიმე კვირით ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც არც ერთს არანაირი უფლება არ გააჩნიათ. მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც ჩვენ დღეს ვნახეთ კადრები, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო კადრი, ერთმანეთის მისალმების თუ დაჩოქების. სამაგიეროდ, არ მეცოდებით თქვენ, არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს. არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია და უნდა მოემზადონ იმისთვის, რომ არამხოლოდ მომავალი იყოს მათი, არამედ, ძალიან მალე ხელში აიღონ სადავეები ამ ქვეყნის. თუ რამეს ვხედავთ ჩვენ, ეს არის, რომ თქვენი დრო მოვიდა. ის ძველი დრო, რომელიც ასახულია დღევანდელ პარლამენტში, ნამდვილად დამთავრდა. საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში, რადგან ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად და ეს დრო ნამდვილად მოდის,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ახლა მთავარი მოვალეობაა, ყველა ერთად იდგეს. „ჩვენი მთავარი მოვალეობა დღეს ის კი არ არის, რომ ყოველდღე ვიდგეთ სადმე, მთავარი მოვალეობაა მომზადება. თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, ჩვენი პარტნიორების, რომლებიც ნამდვილად მზად არ არიან, რომ მიატოვონ საქართველო და იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი ყველასი ერთად. მე როცა გადავწყვეტ, წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, წინასწარ გეტყვით რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი: „შავი ორშაბათი“ საქართველოში, დასცინიან ჩვენს პარლამენტს
Le Monde: ევროპის ზოგიერთი ქვეყანა უკრაინაში თავისი ჯარის გაგზავნას განიხილავს
ფრანგული გაზეთი Le Monde-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ კვლავ დაიწყო უკრაინაში, ომში, თავისი ჯარების ან კერძო სამხედრო კომპანიების გაგზავნის შესაძლებლობის განხილვა. მსჯელობა განახლდა აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის ფონზე, რომელმაც, როგორც მოელიან, შეიძლება, შეუჩეროს სამხედრო დახმარება კიევს. „პარიზი და ლონდონი არ გამორიცხავენ უკრაინაში კოალიციის ლიდერობას, მოდალების მიხედვით, რომლებიც ჯერ კიდევ დაზუსტდება,“ წერს ფრანგული გამოცემა. გამოცემის ცნობით, განხილვა მიმდინარეობს, კერძოდ, საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის, რაც განახლდა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის პარიზში ვიზიტის დროს. გამოცემის წყარო იტყობინება, რომ საუბარია "ევროპაში მოკავშირეთა დამრტყმელი ძალების შექმნაზე, რომელიც ორიენტირებულია უკრაინისა და ზოგადად, ევროპის უსაფრთხოებაზე." „უკრაინის მხარდაჭერის საკითხში წითელი ხაზები არ უნდა არსებობდეს“ - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება. დადგენილების პროექტს პარლამენტმა დღეს, 26 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი. პროექტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. დადგენილებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღედ 29 დეკემბერი განისაზღვრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ მეორე ტურის გამართვა გახდება საჭირო, ის ჩატარდება იმავე დღეს, 14 დეკემბერს. „საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, როდესაც ემთხვევა საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტის არჩევნებს, ამ შემთხვევაში მაქსიმუმ 45 დღეში უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები. ამასთან, იმისთვის, რომ პრეზიდენტი არჩეული იქნას 5 წლის ვადით, მნიშვნელოვანია, რომ წელსვე როგორც არჩევნები, ისე ინაუგურაცია ჩატარდეს. სხვა შემთხვევაში არ შესრულდებოდა კონსტიტუციის განაწესი 5-წლიან ვადასთან დაკავშირებით და ფაქტობრივად გვეყოლება 6 წლით არჩეული პრეზიდენტი,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. სალომე ზურაბიშვილი საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ბოლო პრეზიდენტია. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. პრეზიდენტის ასარჩევად აუცილებელია 200 ხმა. მაგრამ თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, ჩატარდება მეორე ტური, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. გაიმარჯვებს ის, ვისაც მეტ ხმას მისცემენ.
სახალხო დამცველის შეფასებით, მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა. მან ჟურნალისტებს კითხვის პასუხად უთხრა, რომ პარლამენტის შეკრების თარიღი კონსტიტუციით არის განსაზღვრული. „არ მესმის თქვენი კითხვის შინაარსი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, სადაც ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების შემდეგ 10 დღეში პარლამენტი იკრიბება. ყველა სხვა მუხლი, სხვა დათქმა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც ცალსახად წერია, რომ არაუგვიანეს 10 დღეში პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, რაც ასეც მოხდა და რაც, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო. საკონსტიტუციო სასამართლო ალბათ ამ საკითხზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ეს შეკრების ლეგიტიმაციასთან არავითარ კავშირში არ არის,“ - აღნიშნა ლევან იოსელიანმა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე „პროცედურული დარღვევები“ იყო, თუმცა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, გაყალბებულს არ უწოდებს. „მე, როგორც სახალხო დამცველი, არ ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გვერდით. მე არ ვდგავარ მათთან, ხშირ შემთხვევაში არ ვიმეორებ აბსურდულ განცხადებებს, რომელიც ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს. მაგალითად, 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“... არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა ისე, რომ ერთი ადამიანი არ გამოჩნდა,“ - აღნიშნა მან 2024 წლის პირველ ნოემბერს. როგორც დღეს იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ომბუდსმენი არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შეფასებებს ეყრდნობა. „ჩვენ ვეყრდნობით ეუთო/ოდირის დასკვნას. შესაბამისად, ეუთო/ოდირის დასკვნა არის ის დოკუმენტი, რომელიც შეგვიძლია გავიზიაროთ. სხვა ნებისმიერი შეფასება ჩემი მხრიდან, როგორ ჩატარდა არჩევნები, არასწორი იქნება, ვინაიდან ჩვენ არ მოგვიხდენია არჩევნების დაკვირვება და შესაბამისად, სახალხო დამცველი არ არის სადამკვირვებლო ორგანიზაცია,“ - განაცხადა იოსელიანმა, რომელიც 25 ნოემბერს პარლამენტის პირველ სხდომას ესწრებოდა. საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს.
საქართველოს ახალი მთავრობა 28 ნოემბერს დამტკიცდება
პარლამენტი 28 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე ახალ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადებს. მთავრობა ნდობის მისაღებად პარლამენტს უკვე წარედგინა. პრემიერის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი. განახლებულ მთავრობაში სამი მინისტრი შეიცვალა - იუსტიციის მინისტრის პოსტს ანრი ოხანაშვილი დაიკავებს. ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დასახელებულია დავით სონღულაშვილის კანდიდატურა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი გააცნო. საკომიტეტო განხილვები 26-27 ნოემბერს გაიმართება. 28 ნოემბერს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ჯერ ფრაქცია “ქართული ოცნება“ მოისმენს, ხოლო შემდეგ მთავრობა დასამტკიცებლად სესიაზე გავა.
ბაიდენის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა უკრაინას რუსეთზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის ნება დართო
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის განხორციელების ნებართვა მიიღო. კირბის სიტყვები გახდა პირველი ოფიციალური დადასტურება, რომ უკრაინამ ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის ნებართვა მიიღო. კირბის თქმით, შეერთებულმა შტატებმა „ფაქტობრივად შეცვალა მითითებები“ ATACMS-ის რაკეტების გამოყენების შესახებ და ახლა უკრაინელებს „შეუძლიათ მათი გამოყენება კონკრეტული ტიპის სამიზნეების დასარტყმელად“. „მათ ახლა შეუძლიათ, გამოიყენონ ATACMS, რათა დაიცვან თავი დაუყოვნებლივ საჭიროების შემთხვევაში. ახლა კი ცხადია, რომ ეს ხდება კურსკის ოლქში,“ - აღნიშნა კირბიმ. უკრაინამ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში პირველად გამოიყენა ამერიკული ATACMS - მედია
Bloomberg: დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას Storm Shadows-ს ათობით რაკეტა ფარულად მიაწოდა
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უკრაინას კიდევ ათობით Storm Shadow-ს ფრთოსანი რაკეტა გაუგზავნა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ეს იყო უკრაინისთვის Storm Shadow-ს რაკეტების პირველი მიწოდება მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გახდა, რომელიც უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში შემდგომ მხარდაჭერას დაჰპირდა. „ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ოპერაციულ დეტალებზე, ამის გაკეთება მხოლოდ ვლადიმერ პუტინს მოუტანს სარგებელს,“ - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ და განმარტა, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი „რკინისებური“ რჩება. Bloomberg-ის წყაროებმა რაკეტების უკრაინაში ჩასვლის ზუსტი დრო და მათი რაოდენობა არ დააკონკრეტეს, თუმცა განაცხადეს, რომ რაკეტები იქამდე გაიგზავნა, ვიდრე შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება მიიღეს. ბაიდენის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა უკრაინას რუსეთზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის ნება დართო
სასამართლომ ტრამპის წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევის ბრალდებით აღძრული საქმე დახურა
აშშ-ის სასამართლომ დახურა არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით. მოსამართლე ტანია ჩუტკანმა სასწრაფოდ დააკმაყოფილა სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის შუამდგომლობა საქმის განხილვის შეწყვეტის შესახებ. სმიტმა ანალოგიურად მოითხოვა ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებების მოხსნა ფლორიდაში, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულია 2021 წელს საიდუმლო დოკუმენტების არასათანადო გამოყენებაში. სპეციალურმა პროკურორმა გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ მართალია, ბრალდების პოზიცია არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა გარემოებები და იუსტიციის სამინისტროს პოზიციაა, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, საქმე უნდა დაიხუროს, სანამ ტრამპი ოფიციალურად დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, საქმეების დახურვის შესახებ მოსამართლის დადგენილებაში ხაზგასმულია, რომ იმუნიტეტი დროებითია და ამოიწურება პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ. სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი ხელმძღვანელობდა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის ორი საქმის გამოძიებას. ერთი ეხებოდა ტრამპის მიერ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობას, ხოლო მეორე - საიდუმლო დოკუმენტებთან მოპყრობის წესის დარღვევას. დონალდ ტრამპი, რომელიც სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში აცხადებდა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ სპეცპროკურორ ჯეკ სმიტს თანამდებობიდან გაათავისუფლებს. ამერიკული მედიის ცნობით, სმიტი გადადგომას თავად აპირებს. 78 წლის რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
რა მიზნით ჩავიდნენ ბაქოში NATO-ს წარმომადგენლები
აზერბაიჯანს NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის ბურჩუ სანის ხელმძღვანელობით დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზანია, დელეგაციამ მონაწილეობა მიიღოს NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამაში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ აკადემიურ კონფერენციაში. დელეგაციას საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ელჩინ აბდულაევი შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამით (ITPP) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით არსებული ვითარება, რომელიც მიჩნეულია NATO-სთან თანამშრომლობის მთავარ სამართლებრივ საფუძვლად. ასევე ისაუბრეს აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობაზე საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში. ამასთან, დისკუსია გაიმართა აზერბაიჯანის არმიის მიერ NATO-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის (OCC) გაერთიანებულ ძალებში გამოცხადებული სხვადასხვა ტიპის ჯარების წვრთნისა და ალიანსის სხვადასხვა შტაბსა და სტრუქტურებში მომსახურე სამხედრო მოსამსახურეების წვლილის შესახებ. პარტნიორობის პერსონალის პოსტის კონცეფცია. შეხვედრაზე, რომელსაც NATO-ში აზერბაიჯანის მისიის ხელმძღვანელი ჯაფარ ჰუსეინზადა ესწრებოდა, ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი NATO-ს საიმედო პარტნიორია და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე აზრები დეტალურად გაცვალეს. NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს. სამეკავშირეო ოფისი განთავსებულია თბილისში და მას ალექსანდრე ვინიკოვი ხელმძღვანელობს. სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი და ასევე NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა ერევანსა და ბაქოს ოფიციალური ვიზიტებით ჩვეულებრივ სტუმრობენ, მათ შორის, ასეთ ტურნეს ფარგლებში ყოფილა საქართველოში ხავიერ კოლომინა. სომხეთსა და აზერბაიჯანთან თანამშრომლობის საკითხზებზე NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს Europetime-თან ინტერვიუშიც უსაუბრია. ალიევი: NATO-აზერბაიჯანის პარტნიორობას დიდი ხნის ისტორია აქვს
დუდა სომხეთში: რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ, გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიაზეც
„განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, არასტაბილური სიტუაცია ჩვენს რეგიონში, კერძოდ, რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ, რაც იწვევს ლტოლვილების ნაკადს პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში,“ ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ სამშაბათს ერევანში სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, უკრაინის ომი გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიაზეც. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს სურს, თავისი დომინანტური ქმედებები განახორციელოს სამხრეთ კავკასიაშიც. დუდას თქმით, პოლონეთს სურს, რომ ყველა კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულდეს. „მე ვკითხე სომხეთის პრეზიდენტს, სურს თუ არა სომხეთს, იხილოს პოლონეთის უფრო ფართო ჩართულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ამის შესახებ ასევე ვილაპარაკე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან, COP29 [კლიმატის კონფერენციის] ფარგლებში. ჩვენ [პოლონეთს] გვინდა, რომ სომხებმა მშვიდობიანად იცხოვრონ კავკასიაში, რათა მათ ჰქონდეთ საკუთარი სუვერენული სახელმწიფო, მკაფიოდ განსაზღვრული საზღვრებით,“ აღნიშნავს პოლონეთის პრეზიდენტი. დუდამ ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ევროპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ მზად ვართ ამ საკითხში დახმარების უზრუნველყოფისთვის,“ - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. დუდას თქმით, პოლონეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სომხეთი კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს.
საფრანგეთის ელჩი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა
21 ნოემბერს, საფრანგეთის ელჩი ქალბატონი შერაზ გასრი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდის თანხლებით, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ელჩი საბერიოში ე.წ. გადასასვლელ პუნქტთან და ენგურის ხიდზე იმყოფებოდა, რომლითაც ყოველდღიურად 2000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს. საფრაგეთის საელჩოს განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების დაცვის უზრუნველსაყოფად და ადგილზე ვითარების ნორმალიზების ხელშესაწყობად. იმავე დღეს, ელჩმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდთან ერთად მოინახულა ენგურჰესი - „1978 წლის ჰიდროელექტროსადგურის კონსტრუქცია, რომელზეც საფრანგეთი საქართველოსთან თანამშრომლობით აქტიურად მუშაობდა 2000-იანი წლების დასაწყისში.“ „ეს არის მსოფლიოში მეორე უმაღლესი თაღოვანი კაშხალი 270 მეტრზე მეტი სიმაღლის თავბრუდამხვევი კედლით, რომელიც დიდებულად დომინირებს ენგურის ხეობაზე. მისი წლიური წარმოება 4,3 მილიარდ კვტ/სთ-ს აჭარბებს და წარმოადგენს სუფთა და განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესანიშნავ მაგალითს, საერთო კეთილდღეობისთვის,“ წერს საფრანგეთის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.