ძებნის რეზულტატი:

განათლების სამინისტრო: თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს, რომ სკოლებში აღარ ისწავლება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. მათივე თქმით, თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება. მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. აქვე მოგახსენებთ, რომ მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რომელზეც მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი. რევიზიის პროცესში მოხდება სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის გადახედვა და განახლება. ჩვენი სურვილია, აღნიშნულ ჯგუფს შევთავაზოთ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი ლიტერატურა, ასევე ყველა ის ნაწარმოები, რომლებიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ აღნიშნული ნაწარმოებები სავალდებულო ლიტერატურის სტატუსით მოხვდება საგამოცდო პროგრამაში,“ - ნათქვამია განცხადებაში. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალში ცვლილები შევიდა. კერძოდ, შემცირებულია ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში შესული მასალის მოცულობა და რიგ შემთხვევაში, აბიტურიენტებს გარკვეული მწერლების შემოქმედების ჩაბარების ვალდებულებაც აღარ აქვთ. ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულია: სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედების ნაწილი. აბიტურიენტებს მხოლოდ „სიბრძნე სიცრუისა“ და „ლეონის თავგადასავლის“ სწავლა მოუწევთ. იგავ-არაკები კი საერთოდ ამოღებულია; საგამოცდო პროგრამების ნუსხაში დავით გურამიშვილის შემოქმედების გასულ წელს არსებული ვრცელი სიიდან მხოლოდ ორი ნაწარმოებია დარჩენილი; ამოღებულია ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „გოგჩა“; შემცირებულია გრიგოლ ორბელიანის შემოქმედების ჩამონათვალიც და მხოლოდ „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ არის დარჩენილი; შემცირებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ნაწილი. ილია ჭავჭავაძის ლექსებიდან „ბედნიერი ერი“; პასუხის პასუხი“; „ჩემო კალამო“; პოემა „განდეგილი“, „აჩრდილი“ და მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივი“ საგამოცდო პროგრამიდან სრულად ამოღებულია; საერთოდ ამოღებულია ალექსანდრე ყაზბეგის, პაოლო იაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედება, ხოლო ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან ნაწილი, მათ შორის: „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმიც“ ამოღებულია; უცვლელადაა დატოვებული დავით კლდიაშვილის, გურამ დოჩანაშვილის, ჯემალ ქარჩხაძის, გურამ რჩეულიშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის, ტიციან ტაბიძის, კონსტანტინე გამსახურდიასა და მიხეილ ჯავახიშვილის ის ნაწარმოებები, რომლებიც 2024 წლის საგამოცდო პროგრამაში იყო; გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან მხოლოდ „მშობლიური ეფემერაა“ ამოღებული; გიორგი ლეონიძის ნაწარმოებებიდან ამოღებულია „ნინოწმინდის ღამე“; რაც შეეხება ანა კალანდაძის შემოქმედებას, აქამდე არსებული ლექსი „მკვდართა მზე ვარ“ ჩანაცვლებულია ლექსით „ვაჟო, დილის მზის სხივო...“ ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბრძანება პროგრამების ცვლილებების შესახებ 11 ნოემბერს გამოსცა, თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საგამოცდო პროგრამების ჩამონათვალი და მასში შესული მასალის სია დღეს გამოაქვეყნა.

სახალხო დამცელის აპარატის თანამშრომელთა ნაწილი: სამწუხაროა სახალხო დამცველის მონაწილეობა ისეთ პროცესებში, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს

25 ნოემბერს, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესების უგულვებელყოფით მოხდა საქართველოს პარლამენტის იმ წევრთა უფლებამოსილების ცნობა, რომელთა არჩევის კანონიერებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია სასამართლოს - ჩვენთვის სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას,- ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ავრცელებენ. განცხადებას ხელს ომბუდსმენის აპარატის 37 თანამშრომელი აწერს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი მოვლენები ნეგატიურ გავლენას ახდენს ინსტიტუტის რეპუტაციაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ომბუდსმენის აპარატში დასაქმებული მოხელეები ქმნიდნენ და არა მხოლოდ გარკვეული ვადით არჩეული სახალხო დამცველები. „ჩვენ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით ხალხის, სახელმწიფოს ინტერესებისა და კონსტიტუციური ორგანოს ფუნდამენტური პრინციპების და მიზნების ერთგულნი. როგორც საჯარო მოხელეები, სამოხელეო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, ფიცის დადების მომენტიდან, ვხელმძღვანელობთ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ჩვენი ერთადერთი მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვაზე დროული, სრულყოფილი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საჯაროდ გამოვხატოთ პოზიცია პარლამენტის სხდომაზე სახალხო დამცველის დასწრების და პარლამენტის მიერ უფლებამოსილების ცნობის კონსტიტუციურობის საკითხზე. საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი დაუშვებლად მიიჩნევს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობას, თუ პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის მიერ (რომლებიც სახალხო დამცველთან ერთად, წარმოადგენენ სპეციალურ სუბიექტებს არჩევნების შედეგების გასაჩივრების მიზნებისთვის), საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია პარლამენტის 150-ვე წევრის არჩევის კანონიერების საკითხი, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლომ შემჭიდროვებულ ვადებში (30 დღე) უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. 25 ნოემბერს, საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესების უგულვებელყოფით მოხდა საქართველოს პარლამენტის იმ წევრთა უფლებამოსილების ცნობა, რომელთა არჩევის კანონიერებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია სასამართლოს. ჩვენთვის სამწუხაროა სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს სახალხო დამცველის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას. აღსანიშნავია, რომ აპარატის თანამშრომლები მუდმივად ვცდილობთ აღნიშნულ და სხვა პრობლემებზე სასაუბროდ და მოსაგვარებლად შიდა რესურსების გამოყენებას. ვინაიდან, საკითხები საჯარო ინტერესის მქონე თემებს ეხება, კრიტიკულად მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, ჩვენი პოზიციის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, რომელთა წინაშეც ვართ ანგარიშვალდებულები, როგორც საჯარო მოსამსახურეები. ვაცნობიერებთ, რომ მსგავსი მოვლენები ნეგატიურ გავლენას ახდენს ინსტიტუტის რეპუტაციაზე, რომელსაც წლების მანძილზე აქ დასაქმებული მოხელეები ვქმნიდით და არა მხოლოდ გარკვეული ვადით არჩეული სახალხო დამცველები. მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ აქ დასაქმებული პროფესიონალების პოზიცია არის პრინციპული არამხოლოდ ამ საკითხის, არამედ სხვა საკითხების მიმართაც და საქმიანობის პრიორიტეტები, ხედვა თუ რწმენა ადამიანის უფლებებისადმი არ შეცვლილა,“ - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: ანი სალდაძე; ეკა მამრიკიშვილი;ელენე ჩავლეშვილი; ევა ფაჯიშვილი; გიორგი კვირიკაშვილი;გიორგი ტყებუჩავა; გიორგი მელიქიძე; გიორგი ქაჯაია; გიორგი ჩარკვიანი; გიორგი ძაძუა; გვანცა ხარატიშვილი;ლარა ჯამარაული; ლიკა ბაციკაძე; ლიკა ღვინჯილია; ლევან პაპავა; მაკო არაბული; მარიამ თავდგირიძე; მარიამ მახარაძე; მარიამ მოსეშვილი; მერაბ დობორჯგინიძე; ნათია გორგილაძე; ნათია ფიცხელაური; ნათია საღრიშვილი; ნინო ათაბეგაშვილი; ნინო ბერიშვილი; ნინო ლეჟავა; ნინო შალამბერიძე; ნინო სულამანიძე; ნინო ვალიკოვი; სოფო რუსეცკი; თამარ გუგუტიშვილი; თამარ ოგანოვა; თამარ ხოხობაშვილი; თამთა პაპუაშვილი; თამუნა აბაზაძე; თინათინ თინიკაშვილი; ქეთი ხვედელიანი. სახალხო დამცველის შეფასებით, მე-11 მოწვევის პარლამენტი ლეგიტიმურად შეიკრიბა  

აზერბაიჯანი შუა დერეფნის სატრანზიტო საკონტეინერო ბლოკ-მატარებლების რაოდენობის გაზრდას აანონსებს

აზერბაიჯანი 2025 წელს შუა დერეფნის გავლით, სატრანზიტო საკონტეინერო ბლოკ-მატარებლების რაოდენობის 600-მდე გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა განაცხადა. „ბოლო წლებში აზერბაიჯანმა აჩვენა მთლიანი სატრანზიტო მოცულობის სტაბილური ზრდა, რომელმაც 2023 წელს მიაღწია 13,4 მილიონ ტონას, საიდანაც 4,3 მილიონი ტონა შუა დერეფნით გადაიზიდა. 2024 წლის დასაწყისიდან ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩინეთიდან ბლოკ-მატარებლების მოძრაობას შუა დერეფნის გავლით. მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენს ტერიტორიაზე 300-ზე მეტი ბლოკ0მატარებელი გაივლის, აზერბაიჯანის პორტებში ტრანზიტის საშუალო დრო შეადგენს 10 დღეს და საქართველოს პორტებში 12 დღეს. მომავალ წელს ვგეგმავთ, რომ ბლოკ-მატარებლების რაოდენობა 600-მდე გავზარდოთ, სამომავლოდ კი, ჩვენი მიზანია, 1000 ბლოკ-მატარებლამდე ავიდეთ“, - დასძინა მინისტრმა.  

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. „მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარმოგიდგენთ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას. მიხეილ ყაველაშვილს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. წლების განმავლობაში ის, როგორც წარმატებული სპორტსმენი იცავდა საქართველოს ღირსებას. მიშა იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი, ის არის რამდენიმე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი. მისი საფეხბურთო კარიერა უკავშირდება თბილისის "დინამოს", "ვლადიკავკაზის ალანიას", "მანჩესტერ სიტის", წამყვან შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბებს. პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც, მიხეილ ყაველაშვილის ყოველთვის უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე. უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი ეწეოდა წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას, ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებაში,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ დღეს დილით, ჯერ პოლიტსაბჭოს სხდომის, შემდეგ კი, უმრავლესობის სხდომის ფორმატში იმსჯელა. „პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. ის არის შესანიშნავი მეუღლე და ოთხი შვილის მამა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გუნდმა მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას. 29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკები, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა. ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ, ქართველი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სამსახურში და საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში. მიხეილ ყაველაშვილს მინდა, ვუსურვო წარმატებული საქმიანობა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მიხეილ ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სამშობლოს სიყვარულს დიპლომი არ სჭირდება. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია 2016 წლიდან. მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტში ის „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. მიხეილ ყაველაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, 2022 წლის აგვისტოში დააფუძნა მოძრაობა „ხალხის ძალა“, რომელიც ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩეოდა. 25 ნოემბერს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნებაში“ საკუთარი სურვილით არ შევიდნენ.“ ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერსაა ჩანიშნული, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს. პრეზიდენტს წელს პირველად არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. მდინარაძე: შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ბოლო პრეზიდენტია.  

მიხეილ ყაველაშვილი: გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ „ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი.“  მისივე თქმით, საზოგადოებაში არსებობს რადიკალიზაცია და პოლარიზაცია, რომლის „უფრო მეტად გამძაფრებაშიც ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“ ეხმარებიან.“ „მადლობა ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ნდობის გამოცხადებისთვის - გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია შეურაცხყო და უგულებელყო. უპირველესად, დავიწყებ მადლობით. განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მე ამაყი და ბედნიერი ვარ, ასეთ რთულ ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა ამ ადამიანთან ერთად რომ მიწევს. დიდი მადლობა, რომ ეს ნდობა მომანიჭა. ასევე, მადლობა ჩემს თანამებრძოლებს, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ნდობის გამოცხადებისთვის. რა თქმა უნდა, გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას. ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული. რადიკალიზაცია, პოლარიზაცია გაღვივებულია, მით უმეტეს, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“, ასევე ეხმარებიან, რომ ეს პროცესი უფრო მეტად გამძაფრდეს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ჩვენ ძალიან გამართული კონსტიტუცია და ძალიან საპასუხისმგებლო პრეზიდენტის ინსტიტუტი გვაქვს. მთავარი მოცემულობაა, რომ სწორედ, ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი,“ - განაცხადა ყაველაშვილმა. „საქართველოში ქართველებს არ გვესწავლება, რომ სიძულვილი ნამდვილად ყოფს და აპირისპირებს ადამიანებს. ამის საპირისპიროდ არის სიყვარული გამაერთიანებელი. გულწრფელად მინდა, გითხრათ, მკაფიოდ და დაგპირდეთ, ნამდვილად უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ქვეყანა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების გაერთიანებისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი ღირებულებები, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ საზოგადოება გავაერთიანოთ. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მხარს დაგვიჭერს და უფრო მეტად ძლიერს გავხდით ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ფარავდეს უფალი ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა ყაველაშვილმა. „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა  

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა თანამდებობა დატოვა. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ის კერძო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას. „მინდა გაგაცნოთ გარკვეული საკადრო ცვლილებები დედაქალაქის მერიაში, რამაც ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ყველაფერი დაფუძნებული იყო ტყუილზე, ძალიან ბევრი არასწორი და ტყუილით გაჯერებული განცხადება მოვისმინე. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა ვიქტორ წილოსანი, რომელმაც ორივე მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დედაქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებაში. მისი მართვის პერიოდში მოხერხდა ტრანსპორტის და ურბანული პოლიტიკის მიმართულებით ბევრი სიახლის დანერგვა, ჩვენ ერთად დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება, მოგვიწია საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება ერთად, თუმცა კარგად გვესმოდა და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყო ევროპული, ყველანაირად მოწესრიგებული და გამართული. ვიკას როლი ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მის საქმიანობა ნაყოფიერი, სასარგებლო იყო თბილისისთვის, რისთვისაც მინდა მას მადლობა გადავუხადო. ის კერძო სექტორში აპირებს გადასვლას“, - განაცხადა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, სურვილის შემთხვევაში, ვიქტორ წილოსანს ექნება შესაძლებლობა, დედაქალაქის მერიაში ნებისმიერ დროს დაბრუნდეს.  

საბერძნეთი NATO-სთან ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავების ინიციატივით გამოდის

საბერძნეთს NATO-სთან ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავება სურს. NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აუცილებელია, ევროკავშირმა გააძლიეროს თავდაცვა და შეიარაღების ინდუსტრია. შეხვედრის შემდეგ, NATO-სგენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ალიანსის იმ მექანიზმს, რომელიც წევრი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შეეხება. „ჩვენ შევთანხმდით საერთო თავდაცვის გაძლიერების აუცილებლობაზე. ეს მოითხოვს ძლიერ თავდაცვის ინდუსტრიას, ინვესტიციებს და უფრო ეფექტიან თანამშრომლობას, ევროკავშირსა და NATO-ს შორის,“ - აღნშნა კირიაკოს მიცოტაკისმა. მასსა და რუტეს შორის გამართულ შეხვედრაზე, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები იყო. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ შეკავება და თავდაცვა. მათ შორის, თავდაცვის სფეროში ინვესტიციებისა და წარმოების გაზრდის გზით,“ - განაცხადა რუტემ შეხვედრის შემდეგ. საბერძნეთმა ევროკავშირში წარადგინა საინიციატივო პაკეტი, რომელიც წევრი ქვეყნებისთვის, თავდაცვით პროექტებში ინვესტირებისთვის, უფრო მეტ სივრცეს შექმნის. მწვავე ეკონომიკური კრიზისის დაძლევის შემდეგ, საბერძნეთის მთავრობა ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს, მათ შორის, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელთან, რათა ქვეყანამ შეძლოს ანტისარაკეტო გუმბათის შექმნა. საბერძნეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა. ის ყოველწლიურად, თავდაცვაში მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3 პროცენტს ხარჯავს. 2024 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ხარჯი თავდაცვის მიმართულებით, მთლიანი შიდა პროდუქტის 1.9%-ია, 326 მილიარდი ევრო.  

FT: ჩინეთის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო

Financial Times-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ჩინეთის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ჩინეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. Financial Times-ის ცნობით, ფართო ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში ჩინეთის მოქმედი თავდაცვის მინისტრი, დონგ იუნი ამ თანამდებობაზე მყოფი ზედიზედ მესამე მინისტრია, ვის წინააღმდეგაც ბოლო პერიოდში კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ჩინეთის საზღვაო ძალების ყოფილი მეთაური, დონგ იუნი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2023 წლის დეკემბერში დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ლი შანგფუ ჩაანაცვლა, რომელიც კორუფციის ბრალდებით გაათავისუფლეს.  

ლაიენის თქმით, ევროპას თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიმართულებით, დასაკარგი დრო არ აქვს

ევროპამ უნდა იბრძოლოს თავისი თავისუფლებისთვის, რათა ჩამოაყალიბოს თავისი მომავალი არასტაბილურ სამყაროში, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში (EP) სიტყვით გამოსვლისას, მისი გუნდის დამტკიცებაზე კენჭისყრის წინ. ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპას „არ აქვს დრო დასაკარგი“ თავდაცვისა და კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, რადგან მის საზღვრებზე ომი მძვინვარებს. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მისი გუნდი მზად არის, დაუყონებლივ იმუშაოს ბლოკის მზარდი გამოწვევების დასაძლევად. „ჩვენი თავისუფლება და სუვერენიტეტი უფრო მეტად არის დამოკიდებული ჩვენს ეკონომიკურ სიძლიერეზე. ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია კონკურენციის, ინოვაციებისა და წარმოების უნარზე," - განუცხადა ფონ დერ ლაიენმა კანონმდებლებს. „ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ჩვენს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაში. იყავით ერთიანი და ჩვენი ღირებულებების ერთგულნი. მე და ჩემი გუნდი ამისთვის ყოველდღიურად ვიბრძვით. ჩვენი პირველი მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნება კონკურენტუნარიანობის კომპასი. ინოვაცია, დეკარბონიზაცია, უსაფრთხოება. გუნდში ყველა წვლილს შეიტანს ამაში. მწვანე, ციფრული და სოციალური გადასვლისთვის საჭირო დაფინანსების განბლოკვის დაწყებით,“ - აღნიშნა ფონ დერ ლეიენმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ”რაღაც არასწორია”, როდესაც რუსეთი მშპ-ს ცხრა პროცენტს ხარჯავს თავდაცვისთვის, ევროკავშირის 1,9 პროცენტთან შედარებით.  

ტრამპმა გადამდგარი გენერალი კით კელოგი უკრაინის საკითხებში წარმომადგენლად დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კით კელოგი უკრაინის საკითხებში წარმომადგენლად დაასახელა. მანამდე კელოგმა ტრამპს წარუდგინა უკრაინაში ომის დასრულების გეგმა. კელოგი ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2017-2021 წლებში თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი და ამავდროულად, მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მრჩეველი იყო უშიშროების საკითხებში. „კითს აქვს გამორჩეული სამხედრო და ბიზნეს კარიერა, მას, მათ შორის, უმსახურია ეროვნული უშიშროების ძალიან საფრთხილო პოზიციებზე, ჩემს პირველ ადმინისტრაციაში," - წერს ტრამპი. სააგენტო Reuters-ი ივნისში იუწყებოდა, რომ კელოგის მიერ შემუშავებული გეგმა ითვალისწინებს უკრაინის ფრონტის ხაზების გაყინვას და ზეწოლას კიევსა და მოსკოვზე, მოლაპარაკების მაგიდასთან დასასხდომად. ამასთან, სააგენტო წერს, რომ კელოგი გამოდიოდა იდეით უკრაინელებისთვის ეთქვათ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან არდასხდომის შემთხვევაში მათ შეუწყდებოდათ აშშ-ის დახმარება, ხოლო პუტინისთვის ეთქვათ, რომ მოლაპარაკებაზე უარის შემთხვევაში აშშ უკრაინას მისცემდა "ყველაფერს, რათ მათ სჭირდებათ თქვენს გასანადგურებლად ბრძოლის ველზე." „უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან ხანგრძლივი ვადით მოიხსნებოდა. უკრაინას შესთავაზებდნენ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც მოიცავს მის "კბილებამდე შეიარაღებას," - წერდა Reuters-ი. გეგმა მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც დაეფუძნება სამშვიდობო მოლაპარაკების პერიოდში არსებულ ფრონტის ხაზებს, რასაც, სავარაუდოდ, თავიდანვე წინაღობა შეექმნება, რადგან ეს სიტუაცია არცერთ მხარეს არ დააკმაყოფილებს. ბაიდენის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა უკრაინას რუსეთზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის ნება დართო

პრეზიდენტი ლაიენს: რთული პერიოდის წინაშე, ქართველებს გვჯერა, რომ ახალი ევროკომისია ქვეყნის ევროპულ გზაზე აღდგენაში დაგვეხმარება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროპარლამენტის მიერ ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას და ახალ მანდატს ულოცავს. პრეზიდენტი ზურაბიშვილი X-ზე განთავსებული პოსტის მიხედვით, გამოთქვამს რწმენას, რომ მისი ლიდერობით ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მისცემს, რათა დაეხმაროს ქვეყანას მის ევროპულ გზაზე. „გილოცავთ, პრეზიდენტო ურსულა ფონ დერ ლაიენ, თქვენს ახალ მანდატს. მჯერა, რომ როგორც აქამდე, იგივე ერთგულებით გააგრძელებთ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში თავისუფლებისა და დემოკრატიის და უფრო დიდი და ძლიერი ევროპის პრინციპის დაცვას. დღეს, რთული პერიოდის წინაშე, ჩვენ, ქართველებს გვჯერა, რომ თქვენი ლიდერობით, ახალი ევროკომისია ძლიერ მიმართულებას მოგვცემს, რათა დაგვეხმაროს ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე აღდგენაში,” - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. 27 ნოემბერს ევროპარლამენტმა ევროკავშირის მთავარი აღმასრულებელი ორგანოს, ევროპის კომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებას მხარი 370-მა დეპუტატმა დაუჭირა, ძირითადად მემარჯვენე-ცენტრისტებმა, მემარცხენე-ცენტრისტებმა და ლიბერალებმა. წინააღმდეგი იყო 282 დეპუტატი, ძირითადად იმ ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ამ მოწვევის ევროპარლამენტში ოპოზიციას წარმოადგენენ (მემარჯვენე პოპულისტები და ნაციონალისტები, ნაციონალ-კონსერვატორები, მემარცხენეები). 36-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. კომისიას კვლავ უხელმძღვანელებს გერმანიის წარმომადგენელი ურსულა ფონ დერ ლაიენი.  

ირაკლი კობახიძე: მიხეილ ყაველაშვილი ზეპარტიულად შეძლებს, განახორციელოს საკუთარი მისია

„ცალკეულად არცერთ ადამიანს არ შეუძლია, ერთი ხელის მოსმით გადაჭრას მნიშვნელოვანი პრობლემა - ე.წ. პოლარიზაცია, მაგრამ ზეპარტიულ პრეზიდენტს შეუძლია, ხელი შეუწყოს პროცესების სწორი მიმართულებით წარმართვას,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ოპოზიციის აგრესიული რეაქციიდან ყველაზე კარგად გამოჩნდა ის, რომ სწორი არჩევანი გაკეთდა ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, როდესაც მხარი დავუჭირეთ მიხეილ ყაველაშვილს. მათი აგრესიული რეაქცია არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ სწორედ საუკეთესო კანდიდატი შეირჩა ამ თანამდებობაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურის და მისი წარმატების გარანტის მთავარი ფაქტორი არის მისი პიროვნული თვისებები. „ის არის გამორჩეულად ღირსეული ადამიანი, რაც მან დაამტკიცა თავისი მრავალწლიანი საქმიანობით სხვადასხვა სფეროში. ბოლო 8 წელიწადის განმავლობაში ის აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ყოველ ჯერზე ამტკიცებდა, რომ უყვარს ქვეყანა, აქვს ღირსება და ღირსებით აკეთებს ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო პოლიტიკურ საქმიანობასთან. მას თითოეული ნაბიჯი აქვს გადადგმული განსაკუთრებული და გამორჩეული ღირსებით. ის არის პატრიოტი ადამიანი და ეს არის მთავარი თვისებები, ბუნებრივია, რაც უნდა ჰქონდეს იმ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოზე უნდა ზრუნავდეს, ასეთია გამორჩეულად საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა. ერთი საინტერესო დეტალი არის ის, რომ ზეპარტიული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და აქ შეიძლება, კითხვა დაისვას, რომ მიხეილ ყაველაშვილი მთელი ამ წლების განმავლობაში განეკუთვნებოდა კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდს და როგორ შეიძლება, მან ახლა წარმართოს ზეპარტიულად თავისი საქმიანობა. მთავარი გასაღები სწორედ ზეპარტიულობაშია. თუ პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ხელი შეუწყოს ე.წ დეპოლარიზაციას, რადიკალიზმის შემცირებას და ეს იყო მთავარი დაპირება, რაც გასცა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი ზეპარტიულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შევუშალოთ გარედან ხელოვნურად თავსმოხვეულ პოლარიზაციის ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ის სწორედ რომ ზეპარტიულად შეძლებს, განახორციელოს საკუთარი მისია საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე და ამის გარანტიაც არის მისი პიროვნული თვისებები. მისთვის ამოსავალი წერტილი იქნება ღირსება, ქვეყნის კონსტიტუცია, რაც ასე გვაკლდა მთელი ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში. შეიძლება, პრეზიდენტი იყოს კარგი ან ცუდი, ამაზე არ მინდა ახლა საუბარი, მაგრამ ცოტა უხეშადაც ვიტყვი, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში უბრალოდ ჯანმრთელი პრეზიდენტი არ ჰყოლია ჩვენს ქვეყანას და არ ჰყოლია უბრალოდ პატრიოტი პრეზიდენტი. ამ კუთხით რადიკალურად შეიცვლება ვითარება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის თანამდებობას 29 დეკემბრიდან უკვე ოფიციალურად დაიკავებს მიხეილ ყაველაშვილი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მთავარი ფაქტორი არის მისი პიროვნული თვისებები და ის გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს მასთან ურთიერთობაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

ყაზახეთში, თოყაევმა და პუტინმა ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს. დოკუმენტი ასტანაში პუტინის ვიზიტის ფარგლებში მიიღეს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ ყაზახეთისა და რუსეთის მთავრობებს შორის რეგიონთაშორისი და სასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამაზე, რომელიც 2024-2028 წლებს მოიცავს. ორმა ქვეყანამ ასევე მოაწერა ხელი ამ პროგრამის განხორციელების სამოქმედო გეგმას, რომელშიც მოცემულია კონკრეტული ღონისძიებები და ინიციატივები მომავალი წლებისთვის. ყაზახეთისა და რუსეთის მთავრობები ასევე შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე სარკინიგზო ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, მაგისტრალებისა და სასაზღვრო გამშვები პუნქტების განვითარების მიმართულებით. გარდა ამისა, მედიის ცნობით, „მთავრობები შეთანხმდნენ ჩელიაბინსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსტანის ფილიალის შექმნაზე, რაც გააძლიერებს საგანმანათლებლო და კულტურულ კავშირებს ორ ერს შორის.“  

კვიპროსის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქ დერიპასკას და სხვა მილიარდერებს მოქალაქეობა ჩამოართვა - მედია

კვიპროსის ხელისუფლებამ მოქალაქეობა გაუუქმა 100-ზე მეტ ადამიანს, რომლებმაც ეკონომიკური საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში პასპორტები მიიღეს. მათ შორის არიან რუსი მილიარდერები ოლეგ დერიპასკა (რუსალის დამფუძნებელი) მიხაილ გუცერიევი (Safmar ჯგუფის დამფუძნებელი) და ალექსეი კუზმიჩევი (ალფა ჯგუფის თანადამფუძნებელი). ასევე, ვადიმ მოშკოვიჩი, ასევე Пробизнесбанк-ის ყოფილი მფლობელი ალექსანდრ ჟელეზნიაკი. სიაში სულ შვიდი რუსი ბიზნესმენია, რომლებიც Forbes-ის მილიარდერების 2024 წლის რეიტინგში მოხვდნენ. კვიპროსული გამოცემა Politis-ის ცნობით, პასპორტს დაკარგავენ არამხოლოდ თავად ინვესტორები, არამედ, მათი ოჯახის წევრებიც. სიაშია უკრაინელი მილიარდერი იგორ კოლომოისკი, რომელიც კიევის თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით არის დაპატიმრებული.  

ამერიკამ სანქციები დაუწესა კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს რუსეთიდან, ჩინეთიდან და ჩრდილოეთ კორეიდან

მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ კანონის ფარგლებში, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციების სიაში მოხვდნენ რუსეთის საკისრების მიმწოდებელი კომპანია Bearings on Lipetsk LLC და რუსეთის მოქალაქე იგორ მიჩურინი. Bearings on Lipetsk LLC საკისრების საბითუმო და საცალო მაღაზიაა მოსკოვში. ბიზნესმენ იგორ მიჩურინს უკვე აქვს დაწესებული ამერიკული სანქციები. 2017 წელს შეზღუდვები შემოიღო აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, რომლის თანახმადაც, მიჩურინი დაკავშირებულია ჩრდილოეთ კორეის კომპანია Korea Tangun Trading Corporation-თან. Bearings on Lipetsk-ისა და მიჩურინის გარდა ამავე საქმესთან დაკავშირებით სანქციების სიაში შეყვანილია ჩინური კომპანია Dandong Mason-Age Trade Co Ltd და ჩრდილოეთ კორეის ორი მოქალაქე. სანქციები დაწესებულია ორი წლის ვადით, შემდეგ კი, შეზღუდვა შეიძლება, გადახედვას დაექვემდებაროს.  

ირაკლი კობახიძე: მოსწავლეების მოთხოვნა იყო, საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა თემები, რაც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ სასწავლო პროგრამა სკოლებში უნდა „დაეფუძნოს იმ ღირებულებებს, რასაც ჰქვია: პატრიოტიზმი, იდენტობის პატივისცემა, ეროვნული და პიროვნული იდენტობის პატივისცემა.“ „პირველი დოკუმენტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ, ეს იყო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება სწორედ ამ ღირებულებებს - პატრიოტიზმი, ეროვნული იდენტობის პატივისცემა, ადამიანის პიროვნული იდენტობის პატივისცემა და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას დაეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმა, სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოები, აქ გვჭირდება ფუნდამენტური რეფორმა, რაზეც მუშაობა უკვე არის დაწყებული - იქნება წინააღმდეგობა, ესეც შემიძლია, წინასწარ გითხრათ, იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული ძალები იყვნენ ჩართული იმ არასწორი ტენდენციების ჩამოყალიბებაში, რომელიც აშკარა იყო ჩვენ ქვეყანაში მთელი ამ წლების განმავლობაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „როდესაც ვსაუბრობთ სკოლებზე აუცილებლად უნდა შევეხო აქტუალურ თემას, რომელიც უკავშირდება სასწავლო პროგრამებს, სახელმძღვანელოებს. გამოვლინდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც უკავშირდება სახელმძღვანელოებიდან და სასწავლო პროგრამიდან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების ამოღებას, კონკრეტულად, ქართულ ლიტერატურას და საქართველოს ისტორიას ეხებოდა ეს ყველაფერი, რაც მიანიშნებს ზოგადად იმ მანკიერებას, რომელიც ამ სისტემაში იყო დანერგილი. ეს ყველაფერი არის იმ ე.წ ლიბერალური ტენდენციების გამოვლინება, რომელიც საქართველოში ღრმად იდგამდა ფესვებს 2004 წლიდან მოყოლებული. განსაკუთრებით, ეს ტენდენცია საგრძნობი იყო განათლების სფეროში და ამ ყველაფრის შედეგი იყო ის, რომ ეროვნული სასწავლო პროგრამის შედგენისას კონკრეტული ძალები მაქსიმალურად ცდილობდნენ დაეკნინებინათ ბავშვების აღქმაში პატრიოტიზმის მნიშვნელობა, ეროვნული იდენტობის აღქმის მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ეს მანკიერება არის მთლიანად აღმოსაფხვრელი ზოგადი განათლების სისტემაში. ამაზე ზრუნვა არის უკვე დაწყებული,“ აღნიშნა კობახიძემ. რაც შეეხება 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალიდან ზოგიერთი ნაწარმოების ამოღებას, ირაკლი კობახიძემ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ „მოსწავლეების მოთხოვნა იყო, საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა თემები, რაც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, რაც ჯანსაღია, თუ სკოლაში რაღაცის სწავლა არ გევალებოდა, გამოცდაზე მისი ჩაბარება არ უნდა მოგთხოვონ.“ ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობისას ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო ღრმად ჩახედვა მოსწავლეების სასწავლო პროგრამაში. „არის გარკვეული ჩამონათვალი ლიტერატურის და ისტორიის მონაკვეთებიც, რომლებიც აქამდეც არ შედიოდა სავალდებულო პროგრამაში. რატომ არ შედიოდა, ამას, შეგვიძლია, ცალკე დავუბრუნდეთ, რაც სერიოზული პრობლემაა. იყო მოთხოვნა მოსწავლეების მხრიდან, რომ საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა ისეთი თემები, რაც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, რაც არის ჯანსაღი მოთხოვნა. შენ თუ არ გევალებოდა სკოლაში რაღაცის სწავლა, შესაბამისად, გამოცდაზე მისი ჩაბარება არ უნდა მოგთხოვონ. შესაბამისად, გავითვალისწინეთ, მხედველობაში მივიღეთ მოსწავლეების ეს მოთხოვნა და არასავალდებულო საკითხები აღარ იქნა შეტანილი საგამოცდო პროგრამაში. მათ შორის აღმოჩნდა ეს კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებები და კონკრეტული პასაჟები ისტორიის სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც არ იყო სავალდებულო პროგრამის ნაწილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ გამაოგნებელია იმ ლიტერატურის ჩამონათვალი, რომელიც სავალდებულო პროგრამაში არ შედის. „უბრალოდ არ შეიძლება, ის ნაწარმოებები, საუბარია ქართულ პროზაზე და ქართულ პოეზიაზე, არ შედიოდეს სავალდებულო პროგრამაში. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაც არის, რადგან რაღაც პრობლემა იყო მოსავლელი ამ 12 წლის განმავლობაში, თუმცა ჩანს, რომ სათანადოდ მოვლილი არ არის, რასაც უნდა მივხედოთ და ამაზე ზრუნვა დაწყებული გვაქვს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.  

გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის დივერსიულმა აქტებმა შეიძლება, NATO-ს მე-5 მუხლის ამოქმედება გამოიწვიოს

გერმანიის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, რუსეთი დასავლეთის სახელმწიფოებთან რეალური სამხედრო კონფრონტაციისთვის მზადებას განაგრძობს. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ხელმძღვანელმა ბრუნო კალმა 27 ნოემბერს, საგარეო პოლიტიკის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. კალის თქმით, პირველ ეტაპზე რუსეთი შეეცდება განხეთქილების შეტანას NATO-ს წევრ სახელმწიფოებს შორის და კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების შერყევას. კერძოდ, რუსეთი განიხილავს ვარიანტს, როცა NATO-ს წევრი რომელიმე ქვეყნისთვის შექმნის ისეთ „საგანგებო სიტუაციას“, რომელზეც ალიანსის დანარჩენ წევრებს სათანადო რეაქცია არ ექნებათ. კალმა მაგალითად მოიყვანა შესაძლო ხანმოკლე თავდასხმა ნორვეგიის არქიპელაგ შპიცბერგენზე, სადაც საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე გარკვეული ეკონომიკური საქმიანობის უფლება აქვს რუსეთსაც. გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა კიდევ ერთ მაგალითად მოიყვანა რუსულენოვანი უმცირესობის დაცვის საბაბით რუსეთის შესაძლო კონფლიქტი ბალტიის ქვეყნებთან. დასავლეთის სამიზნეების წინააღმდეგ რუსეთის დივერსიულმა აქტებმა შესაძლოა, საბოლოოდ აიძულოს NATO, განიხილოს ალიანსის მე-5 მუხლის ორმხრივი თავდაცვის პუნქტის გამოყენება. კალმა ხაზი გაუსვა, რომ ის მოელის, მოსკოვი კიდევ უფრო გააძლიერებს თავის ჰიბრიდულ ომს. „რუსეთის მიერ ჰიბრიდული ზომების ფართო გამოყენება ზრდის რისკს, რომ NATO საბოლოოდ განიხილავს მე-5 მუხლის ურთიერთდაცვითი პუნქტის გამოყენებას,“ - აღნიშნა კალმა. ბრუნო კალის განცხადებით, თუ მსგავს შემთხვევებში არ ამოქმედდება კოლექტიური თავდაცვის შესახებ NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, როგორც თავდაცვით გაერთიანებას, კრახი ემუქრება და სწორედ ეს არის რუსეთის მიზანი. გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთს 2030 წლისთვის ექნება საკმარისი რესურსები დასავლეთის სახელმწიფოებთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციისთვის.  

სომხეთი უნგრეთში საელჩოს გახსნის

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც უნგრეთში საელჩოს გახსნას ითვალისწინებს, მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა. სომხეთი და უნგრეთი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე 2022 წელს შეთანხმდნენ. ორი ქვეყანა საელჩოების გახსნაზე 2024 წლის დასაწყისში შეთანხმდა.  

ფინეთი უკრაინისა და NATO-სთვის დრონების მწარმოებელ ქარხანას გახსნის

ფინეთი უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ ქარხანას გახსნის.  ამის შესახებ ფინური თავდაცვის კომპანია Summa Defense იტყობინება. უპილოტო საფრენი აპარატის მასობრივი წარმოება, სავარაუდოდ, 2025 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. ️ ევროკავშირისა და NATO-ს ქვეყნების არმიებისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდება იგეგმება. მანამდე ფინეთმა NATO-ს შესთავაზა ბაზის შექმნა სადაზვერვო თვითმფრინავებისთვის.  

პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

XI მოწვევის პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განახლებულმა მინისტრთა კაბინეტმა პარლამენტის ნდობა 84 ხმით, ერთხმად მიიღო. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი ირაკლი კობახიძე გამოვიდა, რომელმაც “ქართული ოცნების“ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნო. ამის შემდეგ სიტყვით უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა. პლენარულ სხდომაზე კითხვები კობახიძის მისამართით არ დასმულა. მდინარაძის გამოსვლის შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა და პარლამენტის სხდომა დასრულდა. სესიამდე მინისტრობის კანდიდატებს “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კომიტეტებისა და ფრაქციის ფორმატში მოუსმინეს. როგორც ცნობილია, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღირებს. ოპოზიციურმა გაერთიანება „ძლიერმა საქართველომ“ („ლელო“, „ხალხისთვის“, „თავისუფლების მოედანი“, „მოქალაქეები“) პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. მანამდე პარტიამ ცესკოსაც მიმართა ე.წ. სათადარიგო სიების გასაუქმებლად. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მსგავსი მოთხოვნა ჯამში სამ პარტიას („ძლიერ საქართველოს“, „კოალიციას ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“) დაუკმაყოფილა. ცესკოსთვის არ მიუმართავს პარტიას „გახარია - საქართველოსთვის“, რომელიც განმარტავს, რომ ამ ბერკეტს, როცა საჭიროდ ჩათვლის მაშინ გამოიყენებს. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტიც. პარლამენტის დღევანდელი სხდომაზე მიწვეულები არ იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლიმატიური მისიების წარმომადგენლები. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა მოთხოვნილი. 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება საპროტესტო აქციის ფონზე ცნო. მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე არ მიუწვევიათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.