ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირი სომხეთს €200 მილიონზე მეტს გამოუყოფს

ევროკავშირი (EU) სომხეთის ეკონომიკური განვითარებისთვის 200 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა დღეს ერევანში სომხეთის ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, პროგრამა სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობის სფეროებში რეფორმების მხარდაჭერას ემსახურება. „ჩვენ ვიწყებთ სომხეთისთვის მდგრადობისა და განვითარების პროგრამის მეორე ფაზას. ეს ნიშნავს, რომ 200 მილიონ ევროზე მეტი მიმართული იქნება სომხეთში კავშირების, მდგრადობისა და ბიზნესის განვითარებაში ინვესტიციების მხარდასაჭერად,“ - განაცხადა მარტა კოსმა. კოსმა ასევე განაცხადა, რომ ასევე მიღწეულია შეთანხმება მასშტაბური პროგრამების განსახორციელებლად, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის დაწყების შესახებ. მისი თქმით, „პოლიტიკური დიალოგი,ევროპის საინვესტიციო სტრატეგიის „გლობალური კარიბჭის“ (Global Gateway), ფარგლებში, ერთობლივი მუშაობისთვის პლატფორმა გახდება. ევროკავშირის პრესსამსახურის ცნობით, გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი 19-20 სექტემბერს, აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ, სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანთან. ევროკავშირი „იმედოვნებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესით, ახლა შესაძლებლობა გაჩნდება, გაძლიერდეს ევროკავშირის თანამშრომლობა რეგიონში და წინ წაიწიოს ევროკავშირის სტრატეგია უფრო სტაბილური და უსაფრთხო შავი ზღვის რეგიონისთვის.“ კოსი მონაწილეობას მიიღებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ორი პროექტის ხელმოწერაში, ეწვევა EU4Sevan-ის ბიომრავალფეროვნების პროექტის ადგილს და დაათვალიერებს კრეატიული ტექნოლოგიების TUMO ცენტრს. ერევანში კომისარი ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ქალ ლიდერებს და ახალგაზრდა ევროპელ ელჩებს. მანამდე, მან აზერბაიჯანში ვიზიტისას, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრას ღია და პროდუქტიული უწოდა. „დღეს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან პროდუქტიული და ღია საუბარი შედგა. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ურთიერთობები, განსაკუთრებული აქცენტით კავშირებზე. ასევე მივულოცე პრეზიდენტს ვაშინგტონში სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერა. ევროკავშირი მხარს უჭერს რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას და მზადაა ჩართულობისთვის,“ - წერს კოსი სოციალურ ქსელში. მარტა კოსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შესახებაც დაწერა და განაცხადა, რომ ევროკავშირი-აზერბაიჯანის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება იგეგმება.  

ტრამპი H-1B ტიპის სამუშაო ვიზებისთვის წლიურ, $100 000-იან გადასახადს აწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც H-1B სამუშაო ვიზებისთვის წლიურად, 100 000 დოლარის ოდენობის გადასახადს აწესებს. ამ დრომდე, H-1B ვიზებს სხვადასხვა ადმინისტრაციული საფასური მოჰყვებოდა, რაც ჯამში, დაახლოებით, 1500 აშშ დოლარს შეადგენდა. აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა, რომ აშშ-ში კომპანიებს H-1B სამუშაო ვიზებისთვის წლიურად, 100 000 დოლარის გადახდა მოუწევთ და ამის შესახებ მათ ინფორმაცია უკვე მიიღეს. „წელიწადში 100 000 დოლარი H-1B ვიზებისთვის და ყველა დიდი კომპანია ამას მხარს უჭერს. ჩვენ მათ უკვე ვესაუბრეთ,“ - განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა. ლუტნიკმა ამერიკულ კომპანიებს მოუწოდა, რომ „აშშ-ში სხვა ქვეყნებიდან დასაქმების მიზნით ხალხის ჩაყვანა შეწყვიტონ.“ „თუ სამუშაოსთვის ვინმეს მომზადებას აპირებთ, მაშინ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მოამზადეთ. ამერიკელები მოამზადეთ. შეწყვიტეთ უცხოელების ჩამოყვანა, რომლებიც ჩვენს სამუშაო ადგილებს იკავებენ,“ - აღნიშნა ლუტნიკმა. უცხოური მედია წერს, რომ ხსენებული გადაწყვეტილების შედეგად, ყველაზე მეტად აშშ-ის ტექნოლოგიური ინდუსტრია დაზიანდება, რომელიც ჩინეთიდან და ინდოეთიდან აშშ-ში ჩასულ მაღალკვალიფიციურ მუშახელზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.  ცნობისთვის, H-1B სამუშაო ვიზა საშუალებას აძლევს ამერიკულ კომპანიებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეები სპეციალურ, მაღალკვალიფიციურ სამუშაოზე დროებით დასაქმონ.  აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) მონაცემები აჩვენებს, რომ მომდევნო ფისკალური წლისთვის, H-1B ვიზებზე განაცხადების რაოდენობა დაახლოებით 359 000-მდე შემცირდა. სამთავრობო სტატისტიკის თანახმად, წინა ფისკალურ წელს პროგრამის ყველაზე დიდი ბენეფიციარი Amazon-ი იყო, შემდეგ მოდიოდნენ ტექნოლოგიური გიგანტები Tata, Microsoft, Meta, Apple და Google.  

შუა დერეფანი სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება კრიტიკული მინერალებით მომარაგებისთვის - ატლანტიკური საბჭო

შუა დერეფანი, სავარაუდოდ, სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რადგან იშვიათ მიწათა ელემენტებისთვის კონკურენცია იზრდება - ცენტრალური აზია კრიტიკული მინერალების უზარმაზარ მარაგს ფლობს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი The Atlantic Council-ი წერს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ცენტრალურ აზიასთან სამხრეთ კავკასიის კავშირის გაფართოება სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, შუა დერეფანი გადაკვეთონ და რუსეთის გვერდის ავლით გაიარონ. „ამან შეიძლება, ხელი შეუწყოს ძირითადი მიწოდების ჯაჭვების უზრუნველყოფას და იშვიათ მიწათა ელემენტებისა და სტრატეგიული მინერალების მარაგების გამოყენებას, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის, როგორიცაა, სმარტფონები, ელექტრომობილები და ნახევარგამტარები,“ - ნათქვამია The Atlantic Council-ის უახლეს ანალიზში. ცნობისთვის, შუა დერეფანი წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც გადის რეგიონის რიგ ქვეყნებში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.  

გაეროში აშშ-ის ელჩი: აშშ და მოკავშირეები NATO-ს ყოველ სანტიმეტრს დაიცავენ - რუსეთმა სახიფათო ქმედებები სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს

გაეროში აშშ-ის ელჩმა მაიკ უოლცმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ NATO-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დაიცავს. სხდომა ესტონეთმა რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო მოიწვია. „სულ რაღაც ცხრა დღის წინ, ეს საბჭო შეიკრიბა და რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა განიხილა. საბჭომ რუსეთს მოუწოდა, რომ უკრაინაში ომი დაესრულებინა და შეეწყვიტა ისეთი ქმედებები, რომელიც კონფლიქტის გაფართოების საფრთხეს შექმნიდა. მიუხედავად ამისა, რუსეთმა NATO-ს საჰერო სივრცე კიდევ დაარღვია,“ - განაცხადა მაიკ უოლცმა. უოლცმა რუსეთს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდა. „აშშ და ჩვენი მოკავშირეები NATO-ს ყოველ სანტიმეტრს დაიცავენ. რუსეთმა მსგავსი სახიფათო ქმედებები სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს. ეს ინციდენტი, რომელიც რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრას მოჰყვა, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთს ესკალაცია და უკრაინასთან კონფლიქტში მეტი ქვეყნის ჩართვა სურს, ან ის სრულად ვერ აკონტროლებს მათ, ვინც გამანადგურებლებსა და დრონებს მართავს,“ - აღნიშნა გაეროში აშშ-ის ელჩმა. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს თავდაცვაში დაეხმარება, თუ რუსეთი ესკალაციას გააგრძელებს. 10 სექტემბერს, პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს, რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე დაარღვიეს, რის პასუხადაც, პოლონეთმა რუსული დრონების ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი უყოყმანოდ ჩამოაგდებს ნებისმიერ ობიექტს, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეს დაარღვევს. 19 სექტემბერს სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც წელს, რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მეოთხე შემთხვევა იყო.  

ევროკავშირი და 50 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გმობენ

რუსული საბრძოლო თვითმფრინავების ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრასთან დაკავშირებით, ევროკავშირისა და 50 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ერთობლივი განცხადება გაკეთდა. კერძოდ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,მარგუს ცაჰკნამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე წაიკითხა განცხადება, რომელიც გმობს რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას. განცხადების თანახმად, რუსეთის წინდაუხედავი ქმედებები არამხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევას, არამედ, დესტაბილიზაციის გამომწვევ ესკალაციასაც წარმოადგენს, რომელიც მთელ რეგიონს კონფლიქტთან უფრო აახლოებს. „2025 წლის 19 სექტემბერს, სამმა შეიარაღებულმა რუსულმა გამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ისინი NATO-ს საჰაერო სივრცეში 12 წუთის განმავლობაში დარჩნენ. ეს საშიში ესკალაციაა. ეს მიმდინარე წელს რუსეთის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის მეოთხე დარღვევა იყო,“ - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ. მან „რუსეთს მეზობლების წინააღმდეგ პროვოკაციების დასრულებისკენ“ მოუწოდა. „დღეს აქ იმიტომ ვართ, რომ ეს ინციდენტი არა მხოლოდ ესტონეთს, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას ეხება. ესტონეთის ტერიტორიული მთლიანობის ამ შემაშფოთებელ დარღვევას წინ უძღოდა რუსული დრონების მიერ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა. ეს რუსეთის მიერ მისი მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაციების ნაწილია, მაშინ, როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი უკრაინაში მის სრულმასშტაბიან შეჭრას აგრძელებს,“ - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. განცხადების ავტორები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი და შეასრულოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები. „მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ყველა პროვოკაცია და მუქარა მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ უნდა მოითხოვოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დავების საკითხის მშვიდობიანი მოგვარების პრინციპების დაცვა. ჩვენ ყოველთვის უნდა დავგმოთ გაეროს ნებისმიერი წევრის და მით უმეტეს, ასეთი აღმაშფოთებელი ქმედებები უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის მხრიდან, რომელსაც ევალება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა,“ - ნათქვამია განცხადების ტექსტში, რომელსაც ხელს აწერენ ალბანეთის, ანდორის, ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ფინეთის, ფიჯის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ლატვიის, ლიხტენშტეინის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, მალტის, მოლდოვის რესპუბლიკის, მონაკოს, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სან-მარინოს, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, ესტონეთის, შვედეთის, შვეიცარიის, თურქეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობები და ევროკავშირი.  

სანდუმ მოქალაქეებს მიმართა: რუსეთს მოლდოვაში თანამზრახველები ჰყავს

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოქალაქეებს მიმართა. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის მომავალი საფრთხეშია. მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კრემლი ასობით მილიონ ევროს ხარჯავს, რომ იყიდოს ასიათასობით ხმა დნესტრის ორივე ნაპირზე და საზღვარგარეთ. ამასთანავე, მოლდოვის პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, „არ ჩააბარონ ქვეყანა უცხო ქვეყნის ინტერესებს.“ „რუსეთი თუ კონტროლს დაამყარებს მოლდოვაზე, ამას ექნება მყისიერი და საშიში შედეგები ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის. თითოეული მოლდოველი დაზარალდება, მიუხედავად იმისა, თუ ვის მისცა ხმა,“ - განაცხადა მაია სანდუმ. ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება. პუტინის საიდუმლო გეგმაზე დაწერა დღეს, 22 სექტემბერს Bloomberg-მა, რომელმაც შესაბამისი დოკუმენტები მოიპოვა. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობს გეგმით, რომლის მიზანია ქვეყანამ არ შეინარჩუნოს ევროკავშირში გაწევრების კურსი. ამ დოკუმენტების თანახმად, კრემლის ტაქტიკაა საზღვარგარეთ მცხოვრები მოლდოველი ამომრჩევლების მოსყიდვა, დესტრუქციული საპროტესტო გამოსვლების ორგანიზება და სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის ფართომასშტაბიანი კამპანია. Bloomberg-ის ინფორმაციით, კრემლში დამტკიცებული მრავალდონიანი სტრატეგიის მიზანია ძირი გამოუთხაროს პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიის, „მოქმედების და სოლიდარობის“ გამარჯვების შანსს და ის ხელისუფლებას ჩამოაშოროს. რუსეთისგან მომდინარე საფრთხეზე სანდუმ 9 სექტემბერსაც ისაუბრა ევროპარლამენტში გამოსვლისას. მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს ასევე ადანაშაულებდა შარშანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაშიც. 2024 წლის ნოემბერში, არჩევნების მეორე ტურში პროევროპელმა მაია სანდუმ ხმების თითქმის 55%-ით დაამარცხა პრორუსულად განწყობილი სოციალისტების კანდიდატი, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო (45%). საპარლამენტო არჩევნებისთვის პრორუსული ძალები მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, სოციალისტ იგორ დოდონის გარშემო შექმნილ „პატრიოტულ ბლოკში" არიან გაერთიანებულები.  მოლდოვის ხელისუფლებამ 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო მოქმედება პრორუსულად მიჩნეული ძალების მხრიდან შესაძლო დესტაბილიზაციის ხელშემწყობთა და უკანონო დაფინანსების ფაქტების გამოსავლენად. მხოლოდ სექტემბრის დასაწყისიდან 300-ზე მეტი ჩხრეკა ჩატარდა და 20-მდე პირი დააკავეს. შეგახსენებთ, 2023 წლის ოქტომბერში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია ამერიკის დაზვერვის არასაჯარო ცნობებზე დაყრდნობით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობების შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით (100-ზე მეტს) ქვეყანას გაუზიარა. მეორე დღეს, საქართველოში ამერკის საელჩომ Europetime-ს ოფიციალურად დაუდასტურა, რომ აშშ-ის მთავრობამ "გამოავლინა რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში." იგივე დაუდასტურა ოფიციალურად Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა.  სანდუ: რუსეთი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება  

ზელენსკი: საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები და ძლიერი პოლიტიკური ზეწოლა, რომ ომი რუტინად არ იქცეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის ბოლო დაბომბვაზე საუბრისას განაცხადა, რომ საჭიროა ზომების მიღება, რათა მკვლელობები და ომი რუტინად არ იქცეს. მან ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ყოველწლიური დიპლომატიური ღონისძიების პარალელურად, რუსეთი მკვლელობებს სჩადის.  „მართვადი საჰაერო დაბომბვები სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ჩვეულებრივ სახლებს დაუმიზნეს, დაზიანებულია თხუთმეტი საცხოვრებელი კორპუსი და ათი კერძო სახლი. ამ დროისთვის დადასტურებულია სამი ადამიანის დაღუპვა,“ - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დრონებით თავდასხმები განხორციელდა დონეცკის, დნეპრის, სუმის, კიევის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებშიც. რუსებმა, საერთო ჯამში, 140-ზე მეტი დრონი გაუშვეს, მათ შორის, Shahed-ები. „გაეროს გენერალური ასამბლეა მუშაობას იწყებს, ლიდერები ნიუ-იორკში იკრიბებიან და ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ყოველწლიური დიპლომატიური ღონისძიების პარალელურად, რუსეთი მკვლელობებს სჩადის. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ეს დიპლომატიური კვირა პროდუქტიული იყოს. უნდა იქნას მიღებული ზომები იმისთვის, რომ მკვლელობები და ომი რუტინად არ იქცეს. საჭიროა რეალური, ძლიერი ზეწოლა რუსეთზე; ახალი ერთობლივი ნაბიჯები მსოფლიოში ყველასგან, ვინც თვლის, რომ საერთაშორისო სამართალმა კვლავ უნდა იმოქმედოს - ევროპისგან, შეერთებული შტატებისგან, „დიდი შვიდეულისა“ და „დიდი ოცეულის“ ქვეყნებისგან - ყველასგან, ვისაც რეალური გავლენა აქვს რუსეთზე. მკაცრი სანქციები, ძლიერი პოლიტიკური ზეწოლა და რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის პასუხისმგებლობა - ეს ყველაფერი საჭიროა. ეს ყველაფერი მოხდება,“ - აცხადებს ზელენსკი.  

ესტონელი მინისტრი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე: გვახსოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია

„ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა სრულიად ნათელია და რუსეთი კვლავ იტყუება - ჩვენ გვახსოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმში შეჭრა და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია,“ - შესაბამისი განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთს რუსული გამანადგურებლების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის „მყარი ფაქტები და მტკიცებულებები აქვს“ და მან საბჭოს ესტონეთის საჰაერო რადარიდან ამონაბეჭდი ფოტოსურათები წარუდგინა. მან ხაზი გაუსვამ რომ „ეს რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაციების უფრო ფართო მაგალითის ნაწილია.“  „რუსული თვითმფრინავები რაკეტებით იყვნენ აღჭურვილნი და საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. დარღვევა სრულიად ნათელია და რუსეთი კვლავ იტყუება, ისე როგორც ადრე არაერთხელ მოიტყუა. ჩვენ გვახსოვს 2008 წელს საქართველოს ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმში შეჭრა და 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. ამიტომ, გთხოვთ, ისევ აღარ მოიტყუოთ. მყარი მტკიცებულებები გვაქვს,“ - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ. მანამდე, გაეროში რუსეთის წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ „ესტონეთი ტყუილების გავრცელებაში“ დაადანაშაულა. ევროკავშირი და 50 ქვეყანა, მათ შორის, საქართველო რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გმობენ  

უკრაინა თავდასხმის ჯარებს ქმნის

უკრაინის მიერ თავდასხმის ჯარების შექმნის გადაწყვეტილება თანამედროვე ომის მოთხოვნებზე რეაგირებაა, რომელიც მიზნად ისახავს თავდაცვითი მდგრადობის გაზრდას და კონტრშეტევითი ოპერაციების ეფექტიანობას. ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის პრესსპიკერმა, მაიორმა ანდრეი კოვალოვმა განაცხადა. თავდასხმის ჯარები სწრაფი რეაგირების დანაყოფებია, რომლებიც მოქმედებენ ყველგან, სადაც უეცარი საფრთხეები ან პრობლემები წარმოიქმნება, როგორიცაა, თავდაცვის დარღვევა, პოზიციების ან დასახლებების დაკარგვა. მათი მთავარი ამოცანაა სწრაფად განლაგება, მტერთან ბრძოლა და დაკარგული პოზიციების აღდგენა. მათ არ აქვთ გამოყოფილი თავდაცვითი სექტორები და ორიენტირებულნი არიან შეტევით, თავდასხმით და რეიდის ოპერაციებზე. კოვალოვმა განმარტა, რომ თავდასხმის ჯარები მაღალმობილური და ავტონომიურია, ხშირად მოქმედებენ თავდასხმის ასეულებში ან ბატალიონებში, დამოუკიდებლად, სხვა დანაკარგების მქონე ბრიგადების სექტორებში. შეტევით ოპერაციებში მათ შეუძლიათ, იმოქმედონ თავდასხმის ბატალიონების ან პოლკების შემადგენლობაში, რათა მტრის თავდაცვითი ხაზი გაარღვიონ ან დასახლებების რიგი ტერიტორია დაიკავონ. „რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წელს, საბრძოლო მოქმედებების ხასიათი მნიშვნელოვნად შეიცვალა. საპასუხოდ, გადაწყდა, რომ თავდასხმის ჯარები უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკე შტოდ ჩამოყალიბებულიყვნენ. ეს თანამედროვე ომის პირობებში ჩვენი შეიარაღებული ძალების ევოლუციის ლოგიკური ნაბიჯია. ეს აძლიერებს ჩვენს სამხედრო შესაძლებლობებს, აძლიერებს თავდაცვით აქტივობასა და მდგრადობას და ზრდის კონტრშეტევითი მოქმედებების ეფექტიანობას,“ - განაცხადა კოვალოვმა. 20 სექტემბერს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმის ჯარების შექმნის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.  

„ზანგეზურის დერეფნის გახსნა შუა დერეფნის გააქტიურებას შეუწყობს ხელს“ - თურქეთის ვაჭრობის მინისტრი

თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანში ზანგეზურის დერეფნის გახსნა გააერთიანებს თურქული სამყაროს მომსახურებას და გამოაცოცხლებს შუა დერეფანს, რომელიც შორეული აღმოსავლეთიდან ევროპამდეა გადაჭიმული - ეს გააძლიერებს სატრანზიტო ვაჭრობას. ანკარაში აზერბაიჯან-თურქეთის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ხიდის პროგრამაზე გამოსვლისას, ომერ ბოლატმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი თურქეთისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული სატრანზიტო პუნქტია, რადგან ის ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთში იხსნება. ბოლატმა აღნიშნა, რომ მისი მოღვაწეობის პერიოდში თურქეთ-აზერბაიჯანის ვაჭრობა ყოველწლიურად ვითარდებოდა. „წელს პირველი რვა თვის მონაცემებით, ჩვენი სავაჭრო მოცულობა იზრდებოდა. ინვესტიციები, განსაკუთრებით, ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა ბოლატმა. მინისტრის თქმით, თურქეთის ყველაზე დიდი ინვესტიცია მსოფლიოში, ბიზნესმენებისა და კომპანიების რაოდენობის მიხედვით, აზერბაიჯანშია. „ჩვენი ყველაზე დიდი ინვესტიცია, 17 მილიარდი დოლარის ოდენობით, ასევე, აზერბაიჯანშია. აზერბაიჯანს ასევე დაახლოებით 3000 კომპანია ჰყავს თურქეთში,“ - განაცხადა თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა. თურქეთი შუა დერეფნის პოტენციალის ეფექტიანად გამოსაყენებლად, ახალ შესაძლებლობებს იკვლევს  

რას ცვლის პალესტინის სახელმწიფოებრიობის უფრო ფართო აღიარება

ავსტრალიამ, პორტუგალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და კანადამ უკვე აღიარეს პალესტინის სახელმწიფოებრიობა და მოსალოდნელია, რომ სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან მათ მაგალითს.  2024 წელს პალესტინის აღიარების შესახებ ნორვეგიამ, ირლანდიამ და ესპანეთმა გამოაცხადეს. რას ნიშნავს ეს პალესტინელებისა და ისრაელისთვის? როგორია პალესტინის სახელმწიფოებრიობის ამჟამინდელი სტატუსი? ამ საკითხზე Reuters-მა სტატია მოამზადა. მისი მიხედვით: პალესტინის განმათავისუფლებელმა ორგანიზაციამ (PLO) პალესტინის სახელმწიფოებრიობა 1988 წელს გამოაცხადა და გლობალური სამხრეთის ქვეყნების უმეტესობამ ის სწრაფად აღიარა. დღეისათვის, ანალოგიური ნაბიჯი, გაეროს 193 წევრი სახელმწიფოდან დაახლოებით, 150-მა გადადგა. ისრაელის მთავარი მოკავშირე, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ხანია, მხარს უჭერს პალესტინის სახელმწიფოს იდეას, რომელიც ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებას ეთანხმება და რომელიც დაფუძნებულია ახლო აღმოსავლეთში ორი სახელმწიფოს - ებრაული სახელმწიფოს და არაბული პალესტინის სახელმწიფოს - შექმნის გეგმაზე. წამყვანი ევროპული ძალები იგივე პოზიციას, ბოლო დრომდე ინარჩუნებდნენ. ამ საკითხზე მოლაპარაკებები 2014 წლიდან არ გამართულა. უფრო მეტიც, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ცოტა ხნის წინ, პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობა კატეგორიულად უარყო. პალესტინის სახელმწიფოს დელეგაციას დამკვირვებლის სტატუსი აქვს გაეროში, მაგრამ - ხმის მიცემის უფლების გარეშე. მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ქვეყანა აღიარებს პალესტინის დამოუკიდებლობას, გაეროს სრულუფლებიანი წევრობისთვის უშიშროების საბჭოს თანხმობაა საჭირო, სადაც ვაშინგტონს ვეტოს უფლება აქვს. პალესტინის დიპლომატიურ მისიებს მთელ მსოფლიოში აკონტროლებს პალესტინის ხელისუფლება, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც პალესტინელი ხალხის წარმომადგენელი. პალესტინის ხელისუფლება, რომელსაც მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს, ისრაელთან შეთანხმების საფუძველზე, დასავლეთ სანაპიროს ზოგიერთ რაიონში, შეზღუდული თვითმმართველობით სარგებლობს. ის პალესტინის პასპორტებს გასცემს და პალესტინის ჯანდაცვისა და განათლების სისტემებს მართავს. ღაზის სექტორს „ჰამასი“ 2007 წლიდან მართავდა, როდესაც მან ხანმოკლე, მაგრამ სისხლიანი სამოქალაქო ომის შედეგად, მაჰმუდ აბასის მოძრაობა „ფათაჰი“ დაამხო. უმსხვილესი სახელმწიფოების უმეტესობა, თავის მთავარ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს თელ-ავივში ათავსებს, რადგან ისინი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად არ აღიარებენ. ამერიკის შეერთებული შტატები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ, საელჩოს იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილების შემდეგ, ამ მხრივ გამონაკლისია, თუმცა დაახლოებით, 40 ქვეყანას საკონსულო ოფისები რამალაში აქვს, დასავლეთ სანაპიროზე, ან აღმოსავლეთ იერუსალიმში - ტერიტორიაზე, რომლის ანექსიაც ისრაელის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული არ არის და რომლის დედაქალაქად გამოცხადებაც პალესტინელებს სურთ. ქვეყნებმა, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავენ, არ განაცხადეს, სად განლაგდებიან თავიანთი დიპლომატიური მისიები.  რა არის პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მიზანი? გაერთიანებული სამეფოს შეფასებით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება აუცილებელია ისრაელის მთავრობაზე ზეწოლისთვის, რათა დაასრულოს სამხედრო შეჭრა ღაზაში, შეზღუდოს ახალი ებრაული დასახლებების მშენებლობა „ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე“ და განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები პალესტინელებთან. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯს თან უნდა ახლდეს პალესტინის ხელისუფლების ვალდებულება, განახორციელოს რეფორმები, რაც მას უფრო საიმედო პარტნიორად აქცევს ღაზის ომის შემდგომ მმართველობაში. პრაქტიკაში რას ნიშნავს პალესტინის სახელმწიფოს აღიარება?  ისინი, ვინც აღიარებას უბრალო ჟესტად მიიჩნევენ, მიუთითებენ კონფლიქტში ისეთი ქვეყნების შეზღუდულ გავლენაზე, როგორიცაა, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და მრავალი არაბული სახელმწიფო, რომლებმაც ათწლეულების პალესტინის დამოუკიდებლობა წინ აღიარეს. გაეროში, სრული ადგილის ან საკუთარი საზღვრების კონტროლის გარეშე, პალესტინის ხელისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობების შენარჩუნების ძალიან შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. ისრაელი საქონლის, ინვესტიციების, საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლის წვდომას ზღუდავს. პალესტინას არ აქვს აეროპორტები. ზღვაზე გასასვლელის არმქონე დასავლეთ სანაპიროზე წვდომა მხოლოდ ისრაელის ან იორდანიასთან ისრაელის მიერ კონტროლირებადი საზღვრის გავლით არის შესაძლებელი, ხოლო ღაზის სექტორზე წვდომა, რომელიც ასევე ესაზღვრება ეგვიპტეს, სრულად კონტროლდება ისრაელის მიერ. თუმცა ქვეყნები, რომლებიც აღიარებას გეგმავენ და თავად პალესტინის ხელისუფლება, მიიჩნევენ, რომ ეს უბრალო ჟესტზე მეტია. დიდ ბრიტანეთში პალესტინის მისიის ხელმძღვანელმა ჰუსამ ზომლოტმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ პალესტინის აღიარებამ, შეიძლება, გამოიწვიოს პარტნიორობა თანასწორი პირობებით. იერუსალიმში ყოფილი ბრიტანელი დიპლომატის ვინსენტ ფინის თქმით, ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება, აიძულოს ქვეყნები, ისრაელთან ურთიერთობის გარკვეულ ასპექტებს გადახედონ. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში, შედეგი შეიძლება, პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელის დასახლებებიდან იმპორტის აკრძალვა იყოს, თუმცა ისრაელის ეკონომიკაზე პრაქტიკული გავლენა მინიმალური იქნება. ისრაელის და აშშ-ის პასუხი ისრაელი ღაზის სექტორში ომის გამო, საერთაშორისო კრიტიკის ქარცეცხლში იმყოფება. ისრაელის მთავრობა მიიჩნევს, რომ პალესტინის აღიარება „ჰამასისთვი“, 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმისთვის განკუთვნილი ჯილდოა. „პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება იორდანეს დასავლეთით,“ - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. აშშ ევროპელი მოკავშირეების მიერ პალესტინის სუვერენული დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მიმართულ ნაბიჯებს ეწინააღმდეგება. ვაშინგტონმა პალესტინელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციები დააწესა, მათ შორის, აბასისა და პალესტინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისთვის, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ვიზების გაცემაზე უარი თქვა.  

ყაზახეთი ამერიკულ Wabtec-თან შეთანხმების გაფორმებით, შუა დერეფნის გასწვრივ, ტრანსპორტირების გაფართოებას გეგმავს

ყაზახეთი ამერიკულ Wabtec-თან ახალი გარიგების გაფორმებით, შუა დერეფნის გასწვრივ, ტრანსპორტირების გაფართოებას გეგმავს. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ყაზახეთში 300 სატვირთო ლოკომოტივის მიწოდება იგეგმება. ქვეყნის პრეზიდენტის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის დროს, ვაჭრობის მდივან ჰოვარდ ლუტნიკის თანდასწრებით, ამერიკულ კომპანია Wabtec-თან დაახლოებით, 4.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, იტყობინება Kazinform-ი. დოკუმენტები ითვალისწინებს ყაზახეთისთვის, გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე 300 სატვირთო ლოკომოტივის მიწოდებას და მათ მოვლა-პატრონობას. ტექნოლოგიების სფეროში აღიარებული გლობალური ლიდერი, Wabtec Kazakhstan-ი, ყაზახეთის რკინიგზის ინდუსტრიის მოდერნიზაციის საკითხში მთავარი პარტნიორია.   აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა განაცხადა, რომ აღნიშნული ლოკომოტივები, ევროპასა და აზიას შორის კავშირს გააძლიერებენ. „ყაზახეთი ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის გაფართოებას ცდილობს, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი) მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გვთავაზობს,“ განაცხადა თავის მხეივ, პრეზიდენტმა თოყაევმა ნიუ-იორკში ამერიკული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.  „ჩვენ დიდად ვაფასებთ Wabtec-ის მნიშვნელოვან როლს ჩვენი საინჟინრო და სარკინიგზო ტრანსპორტის სექტორების განვითარებაში,“ - განაცხადა თოყაევმა. „ამ კომპანიასთან პარტნიორობით, ყაზახეთი აშენებს არამხოლოდ ფიზიკურ ქსელებს, არამედ, ინტელექტუალურ, მონაცემებზე დაფუძნებულ ინტეგრირებულ სატრანსპორტო დერეფნებსაც. დღეს ჩვენ ვიხილეთ Wabtec-თან 4 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ახალი ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას შეერთებულ შტატებთან,“ - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის ავიაციის სექტორს და აღნიშნა, რომ ფლაგმანური ავიაკომპანიები Air Astana და SCAT მართავენ Boeing-ის თვითმფრინავებს, რომლებიც ყაზახეთის სამოქალაქო ავიაციის ფლოტის ხერხემალს წარმოადგენენ. „ჩვენ ვაფართოებთ თანამშრომლობას Boeing-თან და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წლებში დამატებით თვითმფრინავებს შევიძენთ,“ - დასძინა აღნიშნა თოყაევმა. Wabtec Kazakhstan-ის ლოკომოტივების ასაწყობი ქარხანა ასტანაში 2009 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს. ამ პერიოდში კომპანიამ 230 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო. მისი გაშვების დღიდან ქარხანამ ყაზახეთის ეროვნული სარკინიგზო კომპანია „ტემირ ჟოლისთვის“ და ექსპორტისთვის 600-ზე მეტი ლოკომოტივი გამოუშვა. წარმოების ლოკალიზაციის მაჩვენებელმა 45%-ს მიაღწია.  შეგახსენებთ, რომ ყასიმ-ჟომართ თოყაევი ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მან არაერთი შეხვედრა გამართა რიგ კომპანიებთან. ყაზახური მედიის ცნობით, ნიუ-იორკში ვიზიტის დროს, ყაზახეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ ინფორმაცია ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა 22 სექტემბერს გაავრცელა.   

ევროკავშირმა ინდონეზიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა

ევროკავშირმა და ინდონეზიამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს. ევროკავშირის ვაჭრობის სფეროს კომისარმა მაროშ სეფკოვიჩმა და ინდონეზიის ეკონომიკური საკითხების მინისტრმა აირლანგა ჰარტარტომ ბალიზე, ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებას და ინვესტიციების დაცვის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება აუქმებს ევროკავშირის ექსპორტზე დაწესებულ უმეტეს ტარიფებს, მათ შორის, ავტომობილების ნაწილებზე, სოფლის მეურნეობისა და ფარმაცევტულ პროდუქტებზე, ამავდროულად, გახსნის ინვესტიციებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა, ელექტრომობილები. ინდონეზიის ეკონომიკის მინისტრმა შეთანხმებას მნიშვნელოვანი მოვლენ უწოდა. მისი თქმით, ის „შეამცირებს გლობალური სატარიფო ომის გავლენის რისკებს.“ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ზრდას, ამავდროულად, უზრუნველყოფს ევროპის სუფთა ტექნოლოგიების ინდუსტრიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ნედლეულს. საერთაშორისო მედია წერს, რომ ხსენებული პროცესი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფართომასშტაბიანმა სატარიფო პოლიტიკამ დააჩქარა. აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება ცხრა წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.  

ტრამპი: უდიდესი პროგრესია, რომ რუსეთის ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია, იშლება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართა. ტრამპმა გაიმეორა, რომ ეს არის ომი, რომელიც სამ-ოთხ დღეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცების დამსახურებით გრძელდება, რაც რუსეთისთვის კარგი არ არის. ტრამპის თქმით, როგორც ჩანს, ეს დიდხანს არ დასრულდება. „უდიდესი პროგრესი იმაშია, რომ რუსეთის ეკონომიკა ახლა საშინელ მდგომარეობაშია, როგორც იცით. ის ეცემა. და, სიმართლე გითხრათ, უკრაინა ძალიან კარგად უმკლავდება ამ ძალიან დიდი [რუსული] არმიის შეჩერებას. ეს საკმაოდ საოცარია. ეს ომია, რომელიც სამ-ოთხ დღეში უნდა დასრულებულიყო და ხალხი ამბობდა, რომ ის ძალიან სწრაფი იქნებოდა, და უნდა აღიარო უკრაინელი ჯარისკაცებისა და ყველას დამსახურება, ვინც ჩართულია. ეს ჯერ გრძელდება. ეს კარგი რამე არაა რუსეთისთვის. ეს სწრაფი უნდა ყოფილიყო და რუსეთი ძალიან გამორჩეულად არ გამოიყურება სამ წელიდან-ნახევრიანი ბრძოლის ფონზე. და, როგორც ჩანს, ეს დიდხანს არ დასრულდება,” განაცხადა ტრამპმა. „უკრაინა-რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ ვითარებასთან სრულად გაცნობისა და შესწავლის შემდეგ და იმის დანახვის შემდეგ, თუ რა ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს ეს რუსეთში, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის მხარდაჭერით, იმყოფება პოზიციაში, რომ იბრძოლოს და უკან დაიბრუნოს მთელი უკრაინა თავდაპირველი სახით,“ დაწერა ტრამპმა მოგვიანებით, სოციალურ ქსელში. “მას შემდეგ რაც გავიცანი და სრულად გავიგე უკრაინა/რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობა და მას შემდეგ, რაც დავინახე ეკონომიკური პრობლემები, რომლების წინაშეც რუსეთია, ვფიქრობ, რომ უკრაინა, ევროკავშირის დახმარებით, ისეთ პოზიციაშია, რომ იბრძოლოს და დაიბრუნოს თავდაპირველ ფორმაში მთელი უკრაინა - დროის, მოთმინებით და ევროპის და კონკრეტულად NATO-ს მხარდაჭერით, თავდაპირველი საზღვრები, საიდანაც ეს ომი დაიწყო, რეალური ვარიანტია. რატომაც არა? რუსეთი სამ წელიწან-ნახევარი უაზროდ იბრძვის ომში, რომლის მოსაგებადაც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთი კვირა დასჭირდებოდა. ეს რუსეთის არ გამოარჩევს. რეალურად ეს მათ “ქაღალდის ვეფხვად” წარმოაჩენს. როდესაც მოსკოვში და მთელი რუსეთის მასშტაბით დიდ ქალაქებსა და რაონებში მცხოვრები ხალხი დაინახავს რეალურად რა ხდება ამ ომში, ფაქტი, რომ მათთვის თითქმის შეუძლებელია დიდ რიგებში ბენზინის ყიდვა, და ყველაფერ დანარჩენს, რაც ხდება მათ ომის ეკონომიკაში, სადაც ფულის უდიდესი ნაწილი იხარჯება უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელსაც დიდი სულისკვეთება აქვს და ის მხოლოდ უმჯობესდება, უკრაინა შეძლებს თავისი ქვეყნის თავდაპირველ ფორმაში დაბრუნებას და, ვინ იცის, შეიძლება, უფრო შორსაც წავიდნენ! პუტინი და რუსეთი დიდ ეკონომიკურ პრობლებაში არიან, და ეს უკრაინისთვის მოქმედების დროა. როგორც არ უნდა იყოს, ორივე ქვეყანას კარგს ვუსურვებ. გავაგრძელებთ NATO-სთვის იარაღის მიწოდებას, რათა მერე NATO-მ რაც უნდა, ის გააკეთოს ამ იარაღით,” - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე. მანამდე, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი თუ ომის დასრულების მხრივ მზად არ იქნება, აშშ "ძალიან ძლიერი ტარიფების" დასაწესებლად არის მზად. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ანალოგიური ნაბიჯის გადასადგმელად ევროპული ქვეყნებიც უნდა იყვნენ მზად.   

ფაშინიანი: შესაძლოა, ევროკავშირის წევრი ვერ გავხდეთ, თუმცა ჩვენი მიზანია მისი სტანდარტების მიღწევა ყველა სფეროში

სომხეთი ყველა სფეროში ევროკავშირის სტანდარტების მიღწევას ისახავს მიზნად. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „ხშირად ისმის კითხვა, თუ რამდენად რეალისტური ან არარეალური იქნება სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანება. მაგრამ მთავრობა და პოლიტიკური უმრავლესობა რას ამბობენ? ჩვენი მიზანია ევროკავშირის სტანდარტების მიღწევა ყველა სფეროში. ჩვენ გვესმის, რომ ამ სტანდარტების მიღწევის შემდეგაც კი, შესაძლოა, ევროკავშირის წევრი ვერ გავხდეთ. თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაა. როგორც კი ამ ეტაპს მივაღწევთ - თუ მიგვიღებენ, ეს შესანიშნავია. თუ არა, ჩვენ მაინც მივაღწევთ ჩვენს მიზანს. სტანდარტებთან დაკავშირებულ საკითხს მოვაგვარებთ,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. მას შემდეგ, რაც სომხეთის პარლამენტმა მიიღო ევროკავშირის შესახებ კანონპროექტი, რუსმა ოფიციალურმა პირებმა გააფრთხილეს ერევანი, რომ სომხეთი ერთდროულად ვერ იქნებოდა ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის წევრი და რომ ქვეყანას მოუწევდა არჩევანის გაკეთება. სომხეთის პრემიერი განმარტავს, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის საკითხი „საყოველთაო რეფერენდუმის გზით“ უნდა გადაწყდეს. მიმდინარე წლის 4 აპრილს სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ. ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას წელსვე ისურვებდა ევროკავშირი და სომხეთი ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგს იწყებენ ფაშინიანი: სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლა შესაძლებელია  

იტალიელი მსახიობი კლაუდია კარდინალე გარდაიცვალა

იტალიელი მსახიობი კლაუდია კარდინალე 87 წლის ასაკში, პარიზის მახლობლად, ქალაქ ნემურში გარდაიცვალა, სადაც ის ბოლო წლებში ცხოვრობდა. ფრანგული გაზეთი შემდეგი სათაურებით გამოდის: „იტალიური კინოს მუზა 87 წლის ასაკში გარდაიცვალა“. „კლაუდია კარდინალეს გარდაცვალება, ერთხელ იტალიაში.“ კლაუდია კარდინალემ პოპულარობა 1960-იანი წლებიდან მოიპოვა. 1963 წელს მონაწილეობაა მიიღო „ოსკარის” მფლობელ ფილმში „8½“. მან ალენ დელონთან ერთად, მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ლეოპარდი“, რომელიც კანის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. კარდინალე მონაწილეობდა ისეთი დიდი რეჟისორების ფილმებში, როგორებიც არიან ფედერიკო ფელინი და ლუკინო ვისკონტი. კარდინალე 100-ზე მეტ ფილმში გადაიღეს.  

ზელენსკი: ჩინეთის გარეშე პუტინის რუსეთი არაფერია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ჩინეთი ძლიერი ქვეყანაა, რომელზეც თანამედროვე რუსეთის ფედერაცია სრულად არის დამოკიდებული. ზელენსკის თქმით, პეკინს აქვს ძალა, აიძულოს მოსკოვი, უკრაინის წინააღმდეგ ომი შეწყვიტოს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც პუტინი საზღვარგარეთ ჩადის - პეკინში თუ სხვაგან - ეს მხოლოდ მკვლელობებისთვის მეტი დროის მოსაგებად ხდება, თავის მოჩვენებით, თითქოს, დიპლომატია სურს. „ჩინეთს რომ ნამდვილად სურდეს ამ ომის დასრულება, მას შეუძლია, მოსკოვი აიძულოს, ეს შემოჭრა შეაჩეროს. ჩინეთის გარეშე პუტინის რუსეთი არაფერია, მაგრამ ჩინეთი დუმს და გულგრილად მოქმედებს მშვიდობისთვის მოქმედების ნაცვლად,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, პუტინს ეშინია უკრაინასთან და მსოფლიოსთან წინაშე დგომის. ის მნიშვნელოვან ღონისძიებებზე აგზავნის დელეგაციებს, რომლებსაც არ შეუძლიათ და არ სურთ სისხლისღვრის შეჩერება. „აქ რუსეთის წარმომადგენელია წარმოდგენილი, თუმცა, რა თქმა უნდა, ის არ არის ის, ვინც რეალურ გადაწყვეტილებებს იღებს. ამ კაცს ეშინია უკრაინასთან და მსოფლიოსთან პირისპირ დაჯდომა და ღიად აღიარება, რომ მას მხოლოდ ომი სურს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.  

სუს-მა სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამი პირი დააკავა, ერთზე ძებნა გამოაცხადა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობაში დახმარების საქმეზე ხუთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას და თაღლითობაში დახმარებას. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საქართველოს პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია შპს ,,B.P. TRANS“ - ის დირექტორი ვ.კ. ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი, ხოლო შპს „B.P. TRANS“ -ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბ.პ.-ს დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას და თაღლითობაში დახმარებას. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული, ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდებით მოწყობის სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100%-ანი წილის მფლობელი ბ.პ, ამავე კომპანიის დირექტორ ვ.კ-ს, კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ-ს და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გ.კ-ს, რ.ფ-ს და ი.გ-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გარდა ამისა, აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩვენ ვაწარმოებთ ინტენსიურ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს დანაშაულში თანამონაწილე სხვა შესაძლო პირთა მხილების და შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციის განსაზღვრა/დაზუსტების მიზნით. საზოგადოებას გვინდა ვუთხრათ, რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის ადამიანების დაკავება, ჩვენი მიზანია მოვახდინოთ კორუფციული ფაქტების გარანტირებული პრევენცია. შესაბამისად, აქვე შეგვიძლია მივმართოთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული კორუფციულ გარიგებებში - გამოძიებასთან თანამშრომლობა კანონის ფარგლებში მოქცეული სერიოზული შეღავათი იქნება თითოეული მათგანისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან და საზოგადოების ინფორმირებას ამ მიმართულებით,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ინფორმაციისთვის, ბიჭიკო პაიკიძე ვანის საკრებულოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი იყო.  

გერმანიის ელჩის შემდეგ, საგარეო უწყებაში ბრიტანელი დიპლომატი დაიბარეს

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩის გარეთ უორდისა და საგარეო უწყების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, შეხვედრის დეტალებზე დიპლომატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით, განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ბრიტანეთის ელჩი უკვე მეორე დიპლომატია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. 24 სექტემბერს, უწყებაში ასევე იმყოფებოდა გერმანელი დიპლომატი. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კატეგორიულად „დაგმო საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ „აგრესიული რიტორიკა“ და „უსაფუძვლო დაბარება“. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით. “ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ და მის დღევანდელ უსაფუძვლო დაბარებას. ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ავრცელებს. თავის მხრივ, ხსენებულ საკითხზე სოციალურ ქსელში წერს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და ხაზს უსვამს, რომ ეს “საქართველოში გერმანიის ელჩის პირველი “დაბარებაა.” „გერმანიისთვის, დეტალურად უარვყავი ჩემ წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმები და გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ახალ დაბალ წერტილზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობასა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს დავაკისრე, რომლებიც ქმედებებითა და რიტორიკით გამოიწვიეს ეს და ბლოკავენ ევროკავშირისკენ გზას. არ მომისმინეს. რადიკალი არ ვარ. გერმანია მეგობრად რჩება,” - წერს ფიშერი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.“ უწყების განცხადებაშია აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე აღინიშნა ის, რომ „ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები.“ ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა. „24 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პეტერ ფიშერთან. შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას. ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა. ქართული მხარე დაინტერესდა გერმანიის საელჩოს მიერ გამოხატული შეშფოთების საფუძვლებით, სიძულვილის ენას გაღვივებისა და დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საელჩოს ოფიციალურად ეთხოვა, წარმოედგინა აღნიშნული შეშფოთების კონკრეტული დასაბუთება, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა და შესაბამისად, ქართული მხარე მსგავს ბრალდებებს მიიჩნევს ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო თავდასხმის მორიგ მცდელობად. საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად მის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული კამპანიებისა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და უფრთხილდება ურთიერთობებს და მიაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები აზიანებს ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ დიპლომატიური წარმომადგენლების საქმიანობა მომავალში ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის პრინციპებს დაეფუძნება,” - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1992 წელს საელჩო გახსნა თბილისში.  

ზელენსკი: ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, ევროპა მოლდოვის დაკარგვას ვერ დაუშვებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველო ახსენა. „რუსეთი ცდილობს, მოლდოვასაც იგივე გაუკეთოს, რაც ირანმა ერთხელ ლიბანს, და ისევ, გლობალური რეაგირება საკმარისი არ არის. მოლდოვა რუსეთის ჩარევისგან თავს იცავს. ჩვენ მას უნდა დავეხმაროთ. ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ. იქ ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება. საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული. ევროპა მოლდოვის დაკარგვას ვერ დაუშვებს,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „მსოფლიომ რუსეთის მიერ თავდასხმის შემდეგ საქართველოს დახმარების აუცილებლობა ერთხელ უკვე უგულებელყო“. „ბელორუსის შემთხვევაში მსოფლიომ ეს მომენტი ხელიდან გაუშვა. მოლდოვის დაკარგვა არ შეიძლება,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.