ძებნის რეზულტატი:
უკრაინამ ნიკარაგუასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ნიკარაგუასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს, მის მიერ ყირიმის და ოთხი ნაწილობრივ ოკუპირებული უკრაინის რეგიონის რუსეთის ნაწილად აღიარების გამო. „ასეთი არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ, უკრაინა აცხადებს ნიკარაგუის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ,“ - აცხადებენ უწყებაში. ნიკარაგუამ ბოლო წლებში კრემლთან კავშირები გაამყარა. 2020 წელს მან საპატიო საკონსულო გახსნა ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში, რის შემდეგაც უკრაინის პარლამენტმა ცენტრალური ამერიკის ამ ქვეყანას სანქციები დაუწესა. ნიკარაგუა ასევე იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რეგულარულად უჭერენ მხარს რუსეთს გაეროში. ის ასევე შეუერთდა ბელორუსს და ჩრდილოეთ კორეას კრემლის კრიტიკული რეზოლუციების წინააღმდეგ ხმის მიცემაში. უკრაინული მედიის ცნობით, პირველი ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 19%-ს იკავებს, ხოლო მისი ტერიტორიული მიღწევები ბოლო თვეში მკვეთრად შემცირდა.
ისტორიაში პირველად, ანგლიკანური ეკლესიის ხელმძღვანელი ქალი გახდა
NHS-ის [დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემა] ყოფილი მთავარი მედდა, 63 წლის სარა მალალი კენტერბერის ახალ მთავარეპისკოპოსად დაინიშნა - ისტორიაში პირველად, ანგლიკანური ეკლესიის ხელმძღვანელი ქალი გახდა. შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მალალი ლონდონის ეპისკოპოსად მსახურობდა, ეკლესიაში სასულიერო პირთა შორის მესამე ყველაზე მაღალი რანგის წევრი იყო და პირველი ქალი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა. ინგლისის ეკლესიაში ქალებს მღვდლად კურთხევის უფლება მხოლოდ 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან მიეცათ. მან პარასკევს, 3 ოქტომბერს, თავისი პირველი საჯარო განცხადება გაააკეთა და დაგმო ხუთშაბათს, მანჩესტერში, სინაგოგაზე მომხდარი „სასიკვდილო თავდასხმა.“ ეკლესია თითქმის ერთი წელია, უმაღლესი თანამდებობის პირის გარეშეა. კენტერბერის წინა ეპისკოპოსმა ჯასტინ უელბიმ თანამდებობა დატოვა. ცნობისთვის, ინგლისის ეკლესიის უზენაესი მმართველი მონარქია. ეს წესი XVI საუკუნეში შემოიღეს. კენტერბერის მთავარეპისკოპოსი მთელ მსოფლიოში ანგლიკანური ეკლესიის სულიერ ლიდერად ითვლება. მათ ასევე მნიშვნელოვანი როლი უკავიათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში – ისინი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატაში იკავებენ ადგილს.
ფაშინიანი: ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შემდეგი სამიტი სომხეთში გაიმართება
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მე-8 სამიტი სომხეთში 2026 წლის 4 მაისს გაიმართება. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერთა მასპინძლობა დიდი პატივი იქნება. „ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შემდეგი, მერვე სამიტი 2026 წელს, 4 მაისს, სომხეთში გაიმართება. ოფიციალურად მოვიწვიე ჩემი კოლეგები, მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელები ერევანში. დიდი პატივია თითოეული მათგანის მასპინძლობა,“ – წერს ნიკოლ ფაშინიანი. ცნობისთვის, საფრანგეთს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული ფორმატით, ევროპის ქვეყნების 50-მდე ლიდერი 2022 წლიდან იკრიბება. ფაშინიანი: შესაძლოა, ევროკავშირის წევრი ვერ გავხდეთ, თუმცა ჩვენი მიზანია მისი სტანდარტების მიღწევა ყველა სფეროში
პოლონეთში, უკრაინისა და NATO-ს ჯარების ახალი სამხედრო საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ პოლონეთში უკრაინისა და NATO-ს ჯარების ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი - Jomsborg გაიხსნა. ბანაკი, რომელიც ერთდროულად, 1200 სამხედრო მოსამსახურის განთავსებას შეძლებს, უკრაინელი ჯარისკაცებისთვის უდიდესი სასწავლო ცენტრია. ცენტრი „გააძლიერებს საბრძოლო გამოცდილების გაცვლას უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და NATO-ს შორის,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ევგენ მოისიუკმა. „აქ ჩვენ შევძლებთ პარტნიორებთან გავუზიაროთ ინფორმაცია, მათ შორის, დრონების გამოყენებისა და წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“. მოისიუკის თქმით, ცენტრი ევროპელი პარტნიორების, კერძოდ, ნორვეგიის მხარდაჭერით შეიქმნა. ეს NATO-ს მიერ უკრაინის თავდაცვისადმი საერთო მხარდაჭერის ნაწილია. ბანაკი პოლონეთის სამხედრო საწვრთნელ პოლიგონზე მდებარეობს. ადგილზე უკვე 250 ნორვეგიელი ინსტრუქტორია განლაგებული, ხოლო მალე ესტონეთისა და ალიანსის სხვა ქვეყნების სამხედრო პერსონალიც ჩავა.
17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 33,5%-ია
4 ოქტომბრის 17:00 საათისთვის ხმა მისცა 1 175 817-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 33,5%-ია. წინა, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში 17:00 საათისთვის აქტივობა 41,35% იყო. 4 ოქტომბერს საქართველოს მუნიციპალიტეტებში მერებისა და საკრებულოების არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში 12 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ 64 საკრებულოს სულ 2058 წევრს და თვითმმართველი ქალაქებისა და თვითმმართველი თემების 64 მერს. კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. კენჭისყრას ოპოზიციური პარტიების ნაწილმა [„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“] ბოიკოტი გამოუცხადა. გამონაკლისია ძლიერი საქართველო-ლელომ, „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩი.“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 სექტემბერს განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად მიიწვია. ეუთო ODIHR-მა ივნისში განაცხადა, რომ ის, როგორც წესი, კენჭისყრაზე სადამკვირვებლოდ, თხოვნებს არჩევნებამდე 4-6 თვით ადრე იღებს. ეუთო/ოდირი საქართველოში არჩევნებს უკვე წლებია, აკვირდება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ორგანიზაცია სადამკვირვებლო ფუნქციას 2006 წლიდან ასრულებს – გამონაკლისი 2014 წელი იყო, როცა ეუთო/ოდირმა მისია ვერ გამოგზავნა „ფინანსური მიზეზების“ გამო. 30-წლიანი არსებობის განმავლობაში, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) არ დააკვირდება არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით. მათ მსგავსად, პროცესს გამოეთიშნენ 31-წლიანი გამოცდილების მქონე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და 25-წლიანი გამოცდილების მქონე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.“ ეს ორგანიზაციები მიზეზად ასახელებენ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ჩარჩოს. ISFED-სა და TI-სთვის კი, დამატებითი მიზეზი არის საბანკო ანგარიშების დაყადაღება. მათ წინააღმდეგ პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული ე.წ. „საბოტაჟის“ საქმეზე. 2012 წლის შემდეგ პირველად, წინასაარჩევნოდ მედიაკონტენტის მონიტორინგს არ განახორციელებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ცესკოს თანახმად, 4 ოქტომბრის კენჭისყრას დააკვირდება 29 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. მათ შორის არიან დამკვირვებლები იორდანიიდან, ტუნისიდან, მალდივებიდან, ეთიოპიიდან, ყირგიზეთიდან, ფიჯიდან, ფილიპინებიდან, მალაიზიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ესტონეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდანაც. ადგილობრივი ორგანიზაციების რიცხვი კი, 23-ია. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენს 3 513 818-ს. არჩევნების წინასწარი შედეგები კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით ორი საათში გახდება ცნობილი.
შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში, თურქეთი საერთაშორისო დონორებისგან $10 მილიარდამდე ინვესტიციას მოიზიდავს
თურქეთის ორი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის - აღმოსავლეთ თურქეთის შუა დერეფნის რკინიგზის განვითარების პროექტის (ETMIC) და სტამბოლის ჩრდილოეთ რკინიგზის გადასასვლელის პროექტის (INRAIL) განსახორციელებლად, მთავრობა მსოფლიო ბანკიდან (WB) და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან დაახლოებით 9.7 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს. მედია მსოფლიო ბანკზე დაყრდნობით წერს, რომ ETMIC პროექტის სავარაუდო ღირებულება 1.615 მილიარდ დოლარს შეადგენს, დღგ-ს ჩათვლით, ხოლო INRAIL პროექტის ღირებულება 8.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, დღგ-ს, გაუთვალისწინებელი ხარჯების, მშენებლობის ზედამხედველობისა და პროექტის მართვის ჩათვლით. ETMIC პროექტი გულისხმობს დივრიგი-ყარსი-საქართველოს სასაზღვრო რკინიგზის ხაზის რეაბილიტაციას და ელექტრიფიკაციას, რომელიც შუა დერეფნის (ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, TITR) ნაწილია. პროგრამა 587 კმ სიგრძის რკინიგზის ინფრასტრუქტურისა და ზედნაშენის რეაბილიტაციას მოიცავს, დივრიგიდან საქართველოს საზღვრამდე 667 კმ სიგრძის ხაზის ელექტრიფიკაციას, ხიდების, გვირაბების, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლებისა და სადგურების გაფართოების მშენებლობას, რეგულირებადი რკინიგზის გადასასვლელების დანერგვას და სოციალური ობიექტების განვითარებას უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად. თანამედროვე მოძრაობის მართვის სისტემა მოიცავს 154 კვ ძაბვის ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს, სიგნალიზაციისა და ტელეკომუნიკაციის აღჭურვილობას, ცენტრალიზებულ მოძრაობის კონტროლს (CTC) და 320 კმ სიგრძის განაწილებულ აკუსტიკურ მონიტორინგის სისტემას (DAS). მსოფლიო ბანკის მონაცემებით, განახლებული აღმოსავლეთის დერეფანი თურქეთის ფარგლებში შუა დერეფნის სტრატეგიულ ნაწილად იქცევა, რაც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ქვეყანასა და საქართველოს, კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიას შორის. ელექტრიფიცირებული სატვირთო ხაზი გაზრდის ტრანსპორტირების სიჩქარეს, საიმედოობას და გარემოსდაცვით კეთილგანწყობას, ასევე, გააძლიერებს თურქეთის, როგორც ევრაზიის ლოგისტიკაში მთავარი ცენტრის როლს. პარალელურად, თურქეთი ემზადება INRAIL პროექტის განსახორციელებლად - დაახლოებით 125 კმ სიგრძის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობისთვის, რომელიც ქვეყნის აზიურ და ევროპულ ნაწილებს სტამბოლის მეტროპოლიტენის გვერდის ავლით დააკავშირებს. ხაზი ჩაიროვას სადგურთან (აზიური მხარე) დაიწყება და დასრულდება ჩათალჯას სადგურთან (ევროპული მხარე), გაივლის იავუზ სულთან სელიმის ხიდს. ახალი ხაზი ელექტრიფიცირებული იქნება და სრულად აღიჭურვება სიგნალიზაციით, რომელიც განკუთვნილია როგორც მგზავრების, ასევე, ტვირთების გადაზიდვისთვის. პროექტის თანახმად, სამგზავრო მატარებლებს შეეძლებათ 160 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, ხოლო სატვირთო მატარებლებს - 80-120 კმ/სთ. ხაზი უზრუნველყოფს სტამბოლის აეროპორტსა და საბიჰა გიოქჩენის აეროპორტს შორის პირდაპირ კავშირს, ინტეგრირებას მოახდენს მათ ეროვნულ სარკინიგზო ქსელში და გააძლიერებს მულტიმოდალურ ლოგისტიკას. როგორც მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, INRAIL უზრუნველყოფს შიდა და საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირს საჰაერო და სარკინიგზო კვანძებს შორის, ამავდროულად, გააუმჯობესებს ურბანულ მობილობას მეტროპოლიაში. შემოვლით ხაზს მხოლოდ ორი სადგური ექნება - ორივე აეროპორტი, რაც ეფექტურად მოემსახურება მგზავრთა ნაკადებს და განავითარებს მულტიმოდალურ ტვირთების გადაზიდვას. შეგახსენებთ, რომ 2024 წელს TITR-ის მეშვეობით ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 62%-ით გაიზარდა და მან 4.5 მილიონ ტონას მიაღწია. 2025 წელს პროგნოზირებულია შემდგომი ზრდა 5.2 მილიონ ტონამდე, საიდანაც 4.2 მილიონი ტონა მონაწილე ქვეყნების მარშრუტებით გაივლის. ამ მოცულობიდან 2.5 მილიონი ტონა მშრალი ტვირთი იქნება (დაახლოებით 96,000 TEU), ხოლო 1.7 მილიონი ტონა - ნავთობი. 2027 წლისთვის მარშრუტის გამტარუნარიანობა შეიძლება, წელიწადში 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.
ყაზახეთმა ჩინეთიდან რუსეთში მიმავალი სატვირთო მანქანების შემოწმება დაიწყო
ყაზახეთის საბაჟო უწყებებმა ჩინეთიდან რუსეთში საქონლის გადამზიდავი იმ სატვირთო მანქანების 99%-ის შემოწმება დაიწყეს, რომლებიც შესაძლოა სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ. შედეგად, სექტემბრის შუა რიცხვებიდან ყაზახეთ-რუსეთის საზღვარზე მრავალკილომეტრიანი რიგი წარმოიქმნა. სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესებულნი არიან ელექტრონიკის, დრონებისა და მათი კომპონენტების, დასავლური წარმოების საქონლისა და მსგავსი სანქცირებული პროდუქტების გადამზიდავი სატვირთო მანქანებით. ასეთი სატვირთო მანქანები შემთხვევათა 99%-ში საბაჟო შემოწმებას გადის. „ყაზახეთის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სირთულეები სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე კონტროლის გაძლიერებით არის გამოწვეული - საბაჟო ოფიცრები არაკეთილსინდისიერ გადამზიდავებს ავლენენ,“ აცხადებს იაროსლავ ბელოუსოვი, FM Logistic-ის საერთაშორისო სატრანსპორტო ოპერაციების დირექტორი რუსეთში. „კომერსანტის“ ცნობით, 2 ოქტომბრისთვის, ყაზახეთ-რუსეთის საზღვარზე დაახლოებით 7,500 სატვირთო მანქანა იყო გაჩერებული.
პატრიარქმა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. შესაბამის ინფორმაციას და ფოტოებს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეებმა შეკრება 16:00 საათიდან, რუსთაველის გამზირზე დაიწყეს. სტუდენტებმა თსუ-ის პირველი კორპუსიდან მარში გამართეს. შეკრების ორგანიზატორმა პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბრის “ეროვნული კრების“ დეკლარაცია წაიკითხა. „კენჭისყრაზე ვაყენებთ სამ საკითხს: ეროვნული კრება აცხადებს, რომ ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს; რომ ე.წ. ხელისუფლებას კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ, მისი ძალაუფლება შეწყვეტილია; მშვიდობიან გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან დიალოგის აღდგენას და ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვას,“ განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. მისი თქმით, „ამ წუთიდან შსს უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს.“ ამავე შეკრების დროს, მურთაზ ზოდელევამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოფისისკენ მიემართებიან, რათა „სასახლის გასაღები ჩაიბარონ.“ აქციის მონაწილეთა ნაწილმა პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლა. ადგილზე სპეცრაზმის გარკვეული რაოდენობა იყო მობილიზებული. სპეცრაზმის თანამშრომლებმა ადგილზე სპეციალური სითხე [ჯერჯერობით უცნობი, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი] გამოიყენეს. განახლება: შსს-ს განცხადებით, მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და [ისინი] შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს.“
შვეიცარია სამხედრო ინფრასტრუქტურის დასაცავად, დრონების საწინააღმდეგო სისტემებს აძლიერებს
შვეიცარია აძლიერებს დრონების საწინააღმდეგო სისტემებს სამხედრო ინფრასტრუქტურის დასაცავად, ევროპაში დრონების ინციდენტების ზრდის ფონზე ციურიხის აეროპორტი დრონებთან დაკავშირებული პოტენციური პროვოკაციებისთვის ემზადება, ხოლო შვეიცარიის არმია ევროპაში საჰაერო სივრცეში ინციდენტების ზრდის შემდეგ თავის თავდაცვის სისტემას აძლიერებს, იტყობინება SRF. შვეიცარიის სამხედრო სარდლობამ თავდაცვის შესყიდვების ფედერალურ ოფისს (Armasuisse) დაავალა უპილოტო საფრენი აპარატებისგან დაცვის ახალი სისტემების შეძენა. როგორც თავდაცვის ჯგუფმა პარასკევს, 3 ოქტომბერს, აღნიშნა, ახალი ტექნოლოგიები გამოყენებული იქნება სამხედრო დანაყოფების, ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის დასაცავად. თავდაცვის სისტემებთან ერთად, შვეიცარია მნიშვნელოვან თანხებს დებს საკუთარი დრონების ტექნოლოგიების განვითარებაში. Armasuisse-მა უკვე გააფორმა ჩარჩო ხელშეკრულებები სამ მომწოდებელთან მინი-დრონების შესაძენად, რომელთა საერთო ღირებულება 108 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს.
ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში მილიარდერ ბაბიშის პარტიამ გაიმარჯვა
ჩეხეთში 4 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, მილიარდერ ანდრეი ბაბიშის პოპულისტური ორიენტაციის პარტია ANO-მ გამიარჯვა. საარჩევნო უბნების 99.5%-ის დათვლის შედეგების მიხედვით, ბაბიშის ANO (დიახ) მოძრაობამ ხმების 34.7% მიიღო, მოიპოვებს 80 მანდატს, რითაც პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას კონსერვატიულ კოალიციას -„ერთად“ [23.2%] მოუგო. ბაბიშმა არჩევნების შედეგებს „ისტორიული“ უწოდა. ჩეხეთის პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება მთლიანი 200–დან 101 მანდატით არის შესაძლებელი. „ჩვენ გვსურს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა გახდეს საუკეთესო ადგილი ევროკავშირში ცხოვრებისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მოხდეს,“ - განუცხადა მან თავის მხარდამჭერებს და მედიას. „ბაბიში შეუერთდება უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს რიგებს, რომელთა ქვეყნებმაც უარი თქვეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე, გააგრძელებენ რუსული ნავთობის იმპორტს და ეწინააღმდეგებიან ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს,“ - წერს AP. 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩეხეთი უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია. ქვეყანამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იარაღი, მათ შორის, მძიმე შეიარაღება გადასცა და მხარს უჭერს ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის საჭირო საარტილერიო ჭურვებს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიდან იღებს. ბაბიშის ხელმძღვანელობით, ოპოზიციამ ფიალა დაადანაშაულა ბოლო წლების ყველა პრობლემაში, ენერგეტიკული კრიზისიდან დაწყებული ინფლაციის ზრდით დამთავრებული. მან პირობა დადო, რომ მის საპენსიო რეფორმას და უკრაინისთვის დახმარებას გააუქმებდა. ოპონენტები ანდრეი ბაბიშს საბჭოთა უშიშროების (КГБ) აგენტს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ის ჩეხოსლოვაკიის უშიშროების კომიტეტის StB-ის ინფორმატორი და თანამშრომელი იყო. მის ბიზნეს-წარმატებებს კი, 1980-იან წლებში შეძენილ კავშირებს და მოგვიანებით შეძენილ ნაცნობებს უკავშირებენ. ცნობისთვის, უცხოური მედია ბაბიშს „ჩეხ ტრამპს“ უწოდებს, პოლიტიკაში ბიზნესიდან წასვლის გამო. მან 2011 წელს დააფუძნა პოპულისტური მოძრაობა ANO (ჩეხურად ნიშნავს - დიახ) აბრევიატურის განმარტება კი ასეთია: „უკმაყოფილო მოქალაქეთა მოძრაობა." ჩეხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი და თაღლითობაში ბრალდებული ყოფილი პრემიერი სასამართლომ გაამართლა
ცესკოს მონაცემებით, კალაძე 71%-ით იმარჯვებს
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე („ქართული ოცნება“) - 71.588%-ით ლიდერობს. თბილისის 584 უბნიდან მონაცემები დათვლილია 581 უბანზე - 99.486%. ხმები ასე განაწილდა: კახა კალაძე 214 575 ხმა (71,588%); ირაკლი კუპრაძე - 37 257 ხმა (12,43%); იაგო ხვიჩია 22 535 ხმა (7,518%); ზურაბ მახარაძე - 12 356 ხმა (4,122%). დანარჩენმა კანდიდატებმა ხმების 2 პროცენტზე ნაკლები მიიღეს. საქართველოს მასშტაბით ამ დროისათვის 3061 უბნიდან 2233 უბნის მონაცემებია დათვლილი, რაც ბიულეტენების 72.95%-ს შეადგენს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოების არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს: „ქართული ოცნება“ - 913320 (80.768 %) „ძლიერი საქართველო-ლელო“ - 76690 (6.782 %) „გახარია საქართველოსთვის“ - 43647 (3.86 %) ცესკოს ცნობით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 1 438 116 მოქალაქე მივიდა, რაც ამომრჩეველთა 40.93%-ს შეადგენს. თბილისში, არჩევნებზე აქტივობამ 31.08% შეადგინა და საარჩევნო უბნებზე 324 281 მოქალაქე გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე თბილისში მოქალაქეთა აქტივობამ 49.1% შეადგინა.
წყალბურთის გუნდმა „აპოლომ“ ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა
წყალბურთში საქართველოს ჩემპიონმა „აპოლომ“ ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჯგუფის მესამე მატჩი გერმანული „შპანდაუ“ ანგარიშით 16:11 დაამარცხა. საქართველოს ჩემპიონმა გერმანელებს ოთხიდან სამი მეოთხედი მოუგო. საკვალიფიკაციო ეტაპზე 16 გუნდი მონაწილეობს. ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფიდან გათამაშების ძირითად ეტაპის საგზურს 7 გუნდი მოიპოვებს. ძირითადი ეტაპის მატჩები 2025 წლის 16 ოქტომბერდ დაიწყება და 2026 წლის 12 თებერვლამდე გაგრძელდება.
სამხრეთ კავკასიას შეუძლია, ენერგეტიკული დერეფანი გახდეს - მსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკის შეფასებით, სამხრეთ კავკასიას შეუძლია, ენერგეტიკული დერეფანი გახდეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პოტენციალი. ანგარიშის მიხედვით, განახლებად ენერგიაზე აზერბაიჯანის გადასვლამ შესაძლოა, ევროპისა და ცენტრალური აზიის (ECA) რეგიონში ეკონომიკური ზრდა და დასაქმების სტიმულირება გამოიწვიოს. „ხელმისაწვდომი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის საფუძველია. ხელმისაწვდომი და საიმედო ენერგია აუცილებელია ევროპისა და ცენტრალური აფრიკის რეგიონში პროდუქტიული დასაქმების შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. ევროპისა და ცენტრალური აზიის გარდამავალი პერიოდი სხვა რეგიონების მსგავსი არ არის, რადგან რეგიონის ქვეყნები განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგანან. დემოგრაფიული განსხვავება, გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნებრივი რესურსები, პოლიტიკური სიტუაცია და საწყისი პირობები - ყველაფერი ეს მოითხოვს ქვეყნისთვის სპეციფიკურ მიდგომებს. „სამხრეთ კავკასიას შეუძლია, ენერგეტიკული დერეფანი გახდეს, სადაც საქართველოში, ჰიდროენერგია, აზერბაიჯანის განახლებად ენერგიაზე გადასვლა და სომხეთში, მზის ენერგიის პოტენციალი რეგიონული ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის მამოძრავებელი ძალაა. ზოგიერთ ქვეყანაში ბირთვულ ენერგიას შეუძლია სხვა წყაროების შევსება,“ - ნათქვამია ანგარიშში.
ახალი ერა ლოგოსტიკაში - რა მისიას შეასრულებს კოსმოსური-სატრანსპორტო ხომალდი Arc
კალიფორნიაში დაფუძნებულმა კომპანია Inversion-მა წარმოადგინა ინოვაციური კოსმოსური ხომალდი Arc, რომელიც ორბიტიდან დედამიწის ნებისმიერ წერტილში ტვირთის ერთ საათზე ნაკლებ დროში გადასატანად შეიქმნა. Arc-ის კოსმოსური ხომალდი წინასწარ განთავსდება დედამიწის დაბალ ორბიტაზე, რითაც მომხმარებლის საჭიროებებს მოერგება. დროთა განმავლობაში, ორბიტაზე ათასობით Arc იმუშავებს, რითაც გლობალური ლოგისტიკური ქსელის შექმნა იგეგმება. კომპანიის განცხადებით, ახალი ტექნოლოგია კრიტიკული მისიის ფარგლებში, რთული ინფრასტრუქტურის ან მიუწვდომელ გარემოში სწრაფ მიწოდებას უზრუნველყოლფს. „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული უსაფრთხოება დღეს ყველაზე აქტუალურია, Inversion-ის გრძელვადიანი ხედვა მოიცავს გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე თავდაცვას. კომპანია კოსმოსს ახალი გლობალური ლოგისტიკური ქსელის ხერხემალად მიიჩნევს - ისეთის, რომელიც დედამიწას უფრო ხელმისაწვდომს გახდის,“ - განმარტავენ კომპანიაში. Inversion-ის აღმასრულებელი დირექტორისა და თანადამფუძნებლის ჯასტინ ფიაშეტის თქმით, ეს აპარატი გლობალური ლოგისტიკური ქსელის ნაწილი გახდება, რომელიც შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის „ტრანსფორმაციულ ხელმისაწვდომობას, მდგრადობასა და შეკავებას“ უზრუნველყოფს. კომპანიამ განაცხადა, რომ კოსმოსურ ხომალდს აშშ-ის სამხედროებისთვის 225 კგ-ს მარაგის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თითქმის მყისიერად მიწოდება შეეძლება. Arc არის მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდის სიგრძე 2.4, სიგანე კი, 1.2 მეტრია - მას შეუძლია ზუსტი დაშვება პარაშუტის სისტემის გამოყენებით. შექმნილია კრიტიკული აღჭურვილობის ორბიტაზე შესანახად და დედამიწაზე მის მყისიერად დასაბრუნებლად. Arc გამოირჩევა შეუდარებელი სიჩქარითა და პოტენციური სამხედრო გამოყენების შესაძლებლობით, რაც არის უნიკალური გადაწყვეტა სტრატეგიული მისიებისა და სწრაფი რეაგირების ლოგისტიკისთვის. კოსმოსური ხომალდის მიზანია, რომ აშშ-ის სამხედროებს საჭირო მარაგების სწრაფად მიწოდებაში დაეხმაროს. Inversion-ის განცხადებით, Arc გამოირჩევა განსაკუთრებული მახასიათებლებით, მათ შორის, მაღალი მანევრირებით ფრენის ყველა ფაზაში და ატმოსფეროში ხელახალი შესვლისას დიდი მანძილების დაფარვის უნარით. Inversion-ს უკვე აქვს გამოცდილება ორბიტალურ მისიებში. 2025 წლის იანვარში, მისი პროტოტიპი კოსმოსური ხომალდი Ray, SpaceX-ის Transporter-12 მისიის ფარგლებში ორბიტაზე გაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ Ray-მ დედამიწაზე დაბრუნება ძრავის პრობლემის გამო ვერ შეძლო, მან წარმატებით გამოსცადა ძირითადი ტექნოლოგიები ორბიტაზე, რაც კომპანიაში, Arc-ის განვითარებისკენ გადამწყვეტ ნაბიჯად შეაფასეს. Inversion-ის თანადამფუძნებლისა და ტექნოლოგიების მთავარი დირექტორის ოსტინ ბრიგსის თქმით, პირველი Arc მისია 2026 წლისთვისაა დაგეგმილი.
„ოკუპაცია უნდა დასრულდეს, რუსეთმა უნდა გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიებიდან“ - სტივენ დაუთი
გაერთიანებული სამეფო გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. გაერთიანებულმა სამეფომ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ. გაერთიანებული სამეფო კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 60/16 რეზოლუციას „საქართველოსთან თანამშრომლობა'' შესახებ. რეზოლუცია ხაზს უსვამს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორების ოკუპაციის შედეგად არსებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და ჰუმანიტარულ პრობლემებს. ბრიტანეთის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუთიმ აღნიშნა, რომ 17 წლის განმავლობაში რუსეთი უკანონო სამხედრო კონტროლს ახორციელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ეთნიკურ ქართველებს ართმევს მათ ფუნდამენტურ უფლებებს. „ეს ოკუპაცია უნდა დასრულდეს. რუსეთმა უნდა გაიყვანოს მისი სამხედრო ძალები, გააუქმოს დამოუკიდებელი რეგიონების აღიარება და გახსნას გზა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებისთვის. ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს — მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად — უნდა ჰქონდეს უფლება, უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდობიანად დაბრუნდეს საკუთარ სახლში,“ - განაცხადა დაუთიმ ბრიტანეთის საელჩოს ცნობით. ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეზოლუცია, რომელსაც საქართველო 2017 წლიდან წარადგენს და რომლის მთავარ თემას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა წარმოადგენს, პირველად გავიდა კონსენსუსით. „რეზოლუციის კონსენსუსით მიღებით, ადამიანის უფლებათა საბჭომ გამოხატა უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოსადმი," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
თურქი არქეოლოგების მოსაზრებით, არტანუჯის ციხე-სიმაგრეში აღმოჩენილია სავარაუდოდ, ქართველი მეფის, აშოტ კურაპალატის სამარხი
Van Yüzüncü Yıl უნივერსიტეტისა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ არტანუჯის ციხე-ქალაქში პეტრესა და პავლეს ეკლესიის ნანგრევების ქვეშ აღმოაჩინა სამარხი, რომელიც, მათი თქმით, სავარაუდოდ დიდ ქართველ მეფეს-აშოტ I (კურაპალატს) ეკუთვნის. „იმის გათვალისწინებით, რომ სამარხში არ იყო ნეშტი და არც რაიმე სახის წარწერა, ქართველ მკვლევართა აზრით, სამარხის აშოტ კურაპალატისადმი კუთვნილების დასადასტურებლად, აღმოჩენას დამატებითი კვლევა და ანალიზი სჭირდება. სააგენტო მიესალმება თურქი კოლეგების ძალისხმევას, მეცნიერულად შეისწავლონ არტანუჯის ციხე, რომელიც წარსულში ტაო-კლარჯეთის პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა,“ - ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში, რომლის თანახმად, სააგენტოს სპეციალისტები პროფესორ ვახტანგ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდნენ არქეოლოგიური გათხრების ადგილზე, სადაც თურქმა კოლეგებმა გააცნეს მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაო და ახალი მნიშვნელოვანი აღმოჩენები, მათ შორის, გამოვლენილი სამარხიც.
2008 წლის ომში ჰოლანდიელი ჟურნალისტის დაღუპვის საქმეზე, ევროსასამართლომ რუსეთს კომპენსაციის გადახდა დააკისრა
7 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სტორიმანს-ფერჰულსტი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ დაადგინა, რომ სტან სტორიმანსის წინააღმდეგ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილი. სასამართლომ მომჩივნების სასარგებლოდ, მორალური ზიანისთვის ანაზღაურებისთვის რუსეთის ფედერაციას 10 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ჟურნალისტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გაშუქებისას მოკლეს. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ „არ გადადგა არანაირი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინციდენტის გარემოებების გასარკვევად და მათი რეაგირება შემოიფარგლა ზოგადი უარყოფებითა და დამატებითი მტკიცებულებების მოთხოვნით.“ ოპერატორი სტენ სტორიმანსი, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გორში მოკლეს, კასეტური ბომბის მსხვერპლი გახდა. ეს ბომბი იმ ტიპის რაკეტიდან იყო გამოსროლილი, რომელიც ”მხოლოდ რუსეთის სამხედრო არსენალში მოიპოვება.” ჟურნალისტი ადგილზე დაიღუპა, მისი კოლეგები კი, ჰოლანდიელი ჟურნალისტი იერონ აკერმანსი და ისრაელელი რეპორტიორი ცადოკ იეჩესკელი მძიმედ დაიჭრნენ. „ამ ბრალდებების სიმძიმისა და ნიდერლანდების გამოძიების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებამ არ გადადგა არანაირი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინციდენტის გარემოებების გასარკვევად და მათი რეაგირება ზოგადი უარყოფითა და დამატებითი მტკიცებულებების მოთხოვნით შემოიფარგლა,“ – განაცხადა სასამართლომ 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში. სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილი, რაც გულისხმობს საქმის ეფექტიანი გამოძიების ვალდებულების დარღვევას, და რუსეთს სტორიმანსის ქვრივისა და შვილებისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ევროს გადახდა დააკისრა. იგივე თანხა უნდა გადაუხადოს რუსეთმა სტორიმანსის ორ კოლეგას, თითოეულს, არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ევროპის საბჭოდან 2022 წელს გარიცხეს, ის იურიდიულად ვალდებულია, გადაიხადოს კომპენსაცია მანამდე მომხდარი დარღვევებისთვის. ცნობისთვის, მომჩივნის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია Stichting Justice Initiative-თან ერთად იცავდა.
გერმანიის მთავრობამ პოლიციას დრონების ჩამოგდების უფლება მისცა
გერმანიის მთავრობის მიერ შეთანხმებული კანონის მიხედვით, პოლიცია ქვეყნის საჰაერო სივრცეში გამოჩენილი დრონების ჩამოგდებას შეძლებს. ახალი კანონი, რომელზეც მინისტრთა კაბინეტი შეთანხმდა, ახლა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ბოლო დროს დრონებით გამოწვეული შემთხვევები გერმანიის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. „ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ვაძლიერებთ ფედერალური პოლიციის უფლებამოსილებებს, რათა მომავალში დრონების დაფიქსირება და განეიტრალება უფრო სწრაფად მოხდეს. ეს დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გადავწყვიტეთ,“ - დაწერა ფრიდრიხ მერცმა X-ზე. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრ დობრინდტის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დრონების საწინააღმდეგო დანაყოფები შეიქმნება.
რა საკითხები განიხილეს ზელენსკიმ და ანდრეი ბაბიშმა
ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერს ანდრეი ბაბიშს ესაუბრა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს. „ბაბიშმა შეაქო უკრაინელი ხალხის გამბედაობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე მას ვაცნობე ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სამართლიანი მშვიდობის მიღწევას შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, ასევე, დიპლომატიური ვითარების შესახებ. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სულ უფრო პროდუქტიული გავხადოთ. ჩვენ ჩეხეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვაფასებთ და უკრაინისა და უკრაინელების მხარდაჭერისთვის მადლიერები ვართ. ანდრეი ბაბიშს არჩევნებში გამარჯვება მივულოცე და მას წარმატებები ვუსურვე. შევთანხმდით, რომ შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს უახლოეს მომავალში შეხვედრისას განვიხილავთ,“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ანდრეი ბაბიშმა შეაქო ვოლოდიმირ ზელენსკის ლიდერობა და უკრაინელი ხალხის სიმამაცე რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან ხაზი გაუსვა სამართლიანი მშვიდობის რაც შეიძლება მალე მიღწევის მნიშვნელობას. თავის მხრივ, ბაბიშმა, რომელმაც არჩევნებამდე უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების პროგრამის დასრულების პირობა დადო, განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან „არსებულ ვითარებაზე“ ისაუბრა. „მე ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატე და სურვილი, რომ ომი რაც შეიძლება, მალე დასრულდეს. ასევე, შევთანხმდით, რომ მომავალ წელს უკრაინას ვეწვევი,“ - აღნიშნა ბაბიშმა. ბაბიშის თქმით, ისინი აქამდე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ბოლოს კიევში - 2019 წელს. უკრაინის მხარდაჭერის გამოხატვისას, ბაბიშმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ ANO შემდეგ მთავრობას შეუერთდება, ის იარაღისთვის პირდაპირ ბიუჯეტის დაფინანსებას არ გამოყოფს და რომ ჩეხეთის დახმარება ევროკავშირისა და კერძო იარაღის ექსპორტის მეშვეობით გაგრძელდება. შეგახსენებთ, ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-მ გაიმარჯვა. ანდრეი ბაბიშის პარტიამ არჩევნებში ხმების 34.5% მიიღო და დეპუტატთა პალატაში 200 ადგილიდან 80 ადგილი მოიპოვა. ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში მილიარდერ ბაბიშის პარტიამ გაიმარჯვა