ძებნის რეზულტატი:
ლიპავსკი: არ მჯერა რუსეთის „შეცდომების“
14 სექტემბერს, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა იონატ მოშტენანუმ განაცხადა, რომ F-16 ტიპის გამანადგურებლები, რომლებიც რუსული დრონის გამო ჰაერში აუშვეს, მის ჩამოგდებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, რუსული დრონების თავდასხმები რუმინეთის ტერიტორიის სიახლოვეს სულ უფრო გახშირდა. რუმინეთის ხელისუფლებამ გაავრცელა RO-Alert შეტყობინება ტულჩეანის ოლქის ჩრდილოეთ რაიონისთვის, რომლითაც მოქალაქეებს საჰაერო ზონიდან ობიექტების ჩამოვარდნის რისკის არსებობის შესახებ აცნობა. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი X-ზე წერს, რომ რუსეთმა NATO-ს წინააღმდეგ პროვოკაციებისთვის ფასი უნდა გადაიხადოს. "რუსეთი პროვოკაციებს აგრძელებს. ღამით, ეს რუმინეთი იყო. მე არ მჯერა რუსეთის „შეცდომების“. როგორც NATO-ს მოკავშირეები, ჩვენ ფხიზლად ვრჩებით. რუსეთმა NATO-ს წინააღმდეგ პროვოკაციებისთვის კონკრეტული ფასი უნდა გადაიხადოს. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ჩეხეთი შემდგომ სანქციებს," - წერს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის გუშაგს" იწყებს
პოლონეთმა გაანეიტრალა დრონი, რომელიც სამთავრობო შენობების თავზე დაფრინავდა - ტუსკი
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პოლონეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურმა ვარშავის თავზე მფრინავი დრონი გაანეიტრალა. დონალდ ტუსკის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ბელარუსის ორი მოქალაქე დააკავა. „ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა გაანეიტრალა დრონი, რომელიც სამთავრობო შენობებისა და ბელვედერის თავზე მოქმედებდა. დაკავებულია ბელორუსის ორი მოქალაქე. პოლიცია ინციდენტთან დაკავშირებულ გარემოებებს იძიებს,“ - წერს ტუსკი X-ზე. NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის გუშაგს" იწყებს
რობერტ რედფორდი გარდაიცვალა
ამერიკული კინოაკადემიის ოსკარის ჯილდოსა და სამი ოქროს გლობუსის მფლობელი, ჰოლივუდის ლეგენდა, მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. რობერტ რედფორდმა 1978 წელს დააარსა სანდენსის კინოფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად, აშშ-ში, იუტას შტატში იმართება. რედფორდი ცნობილია ფილმებით „ბაჩ კესიდი და სანდენს ქიდი“ და „პრეზიდენტის მთელი გარემოცვა.“ რედფორდი ეკრანებზე პირველად 1960-იან წლებში გამოჩნდა, 70-იან წლებში კი, ჰოლივუდის ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავად იქცა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ღაზა ცეცხლშია გახვეული - უკან არ დავიხევთ, ვიდრე მისია არ შესრულდება
ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ ღაზაში მასშტაბური სახმელეთო შეტევა დაიწყო. მანამდე, Axios და CNN წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ ისრაელმა ქალაქ ღაზაზე კონტროლის დასამყარებლად, სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ „ისრაელის თავდაცვის ძალები ტერორისტულ ინფრასტრუქტურას ურტყამს. „ჰამასისგან“ მხოლოდ ორი რამ გვჭირდება: ყველა მძევლის გათავისუფლება და განიარაღება. ამ თავდასხმის დიდი ძალა პირდაპირ ამარცხებს „ჰამასს“ და ასევე ქმნის უფრო დიდ ბერკეტს მძევლების გასათავისუფლებლად. ჩვენ გვსურს ქალაქზე კონტროლი ავიღოთ, რადგან დღეს ეს არის „ჰამასის“ მმართველობის მთავარი სიმბოლო. დღეს თუ ღაზა დაეცემა... ისინი დაეცემიან,“ - ამბობს კაცი 162-ე დივიზიის შტაბ-ბინაში ვიზიტის დროს, რომლის ჯარისკაცებიც ამჟამად ქალაქ ღაზაში მოქმედებენ. მანვე აღნიშნა, რომ „ჰამასი“ უნდა განიარაღდეს და გაათავისუფლოს მძევლები, წინააღმდეგ შემთხვევაში ღაზა განადგურდება. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ქალაქ ღაზიდან 350 000-ზე მეტი პალესტინელის ევაკუაცია განხორციელდა. „ისრაელის თავდაცვის ძალები ტერორისტულ ინფრასტრუქტურას ურტყამს. ჩვენ უკან არ დავიხევთ, სანამ მისია არ შესრულდება,“ - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი. ცნობისთვის, ეს მოვლენები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და ნეთანიაჰუს მოლაპარაკებებიდან რამდენიმე საათის შემდეგ განვითარდა. რუბიო ისრაელიდან კატარში მიემგზავრება. კატარი „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მოლაპარაკებებში შუამავლობს. რუბიოს თქმით, შეთანხმების მისაღწევად, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე კვირა იყოს დარჩენილი. „ვფიქრობთ, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებისთვის ძალიან მოკლე ვადა გვაქვს. თვეები აღარ გვაქვს და ალბათ დღეები და, შესაძლოა, რამდენიმე კვირაც დაგვრჩა,“ - აღნიშნა რუბიომ. გაეროს საგამოძიებო კომისიის დასკვნის თანახმად, ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა, ხოლო ისრაელის ქმედებებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიჰუმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა ხელი შეუწყვეს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს საგამოძიებო კომისიის დასკვნა უარყო და აღნიშნა, რომ ის „ჰამასის“ ტყუილებზეა დაფუძნებული.
უზბეკეთში გაზის დიდი საბადო აღმოაჩინეს - პრეზიდენტი
უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკათ მირზიიოევმა უსტიურტის რეგიონში გაზის „ძალიან დიდი რეზერვის“ აღმოჩენის შესახებ განაცხადა. კერძოდ, უზბეკეთის მრეწველობის ისტორიაში პირველად, უსტიურტის რეგიონში 6500 მეტრის სიღრმეზე ჩატარებული სამუშაოს შედეგად გაზის დიდი მარაგი აღმოაჩინეს. გაზის სავარაუდო მარაგების მოცულობა უცნობია. შავკატ მირზიიოევის თქმით, ადრე ნავთობისა და გაზის სექტორში გეოლოგიური საძიებო სამუშაო მხოლოდ 2500-3000 მეტრის სიღრმეზე ტარდებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ უზბეკეთს ტექნოლოგიური მინერალების სხვა დიდი მარაგი აქვს. ქვეყნის ენერგეტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, უზბეკეთში დადასტურებული გაზის მარაგი 2024 წლის ბოლოსთვის, 1.97 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა. ამავდროულად, წარმოება ბოლო წლებში იკლებს.
პროკურატურა: უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ
საქართველოში დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დაკავებულს ბრალად ედება 2022-2024 წლებში 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე დამატებით შეკითხვებს არ უპასუხეს. დაკავებულის ვინაობა არ გასაჯაროებულა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სისტემატიურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას - ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას. პროკურატურის ცნობით, დაკავებულმა ამ გზით შეგროვებული თანხა სხვადასხვა ბანკში მიიტანა, „ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები“: „ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაი.“ დაკავებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Reuters: ამერიკამ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების პაკეტები დაამტკიცა
აშშ-მა მოკავშირეების სახსრებით უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების პაკეტები დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე, ელდრიჯ კოლბიმ ახალი PURL (უკრაინის საჭიროებათა პრიორიტიზირებული სია) მექანიზმით უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების პირველი ორი პარტია დაამტკიცა, რომელთა ღირებულება 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. „ეს ახალი მექანიზმის პირველი გამოყენებაა, რომელიც აშშ-მა და მოკავშირეებმა შეიმუშავეს უკრაინისთვის ნატო-ს ქვეყნების სახსრებით ამერიკული მარაგებიდან იარაღის გადასაცემად,” - ნათქვამია Reuters-ის ინფორმაციაში. ცნობისთვის, ამერიკელებისა და მოკავშირეების მიერ PURL მექანიზმი აგვისტოში ამოქმედდა და NATO-ს ევროპელი წევრები მისთვის დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავენ. აშშ-მ და NATO-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი აამოქმედეს
აზერბაიჯანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ორი კონტეინერმზიდი გემის აშენებაზე შეთანხმდნენ
ბაქოს გემთმშენებელმა ქარხანამ და აბუ დაბის პორტების კომპანიამ ორი კონტეინერმზიდი გემის მშენებლობისა და გაყიდვის შესახებ კონტრაქტი გააფორმეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დოკუმენტების გაცვლა დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის მონაწილეობით შედგა. დღესვე, აზერბაიჯანმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი მოაწერეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. ამასთან, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტრომ და პრეზინდეტმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2025-2028 წლების ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის განხორციელებაში თანამშრომლობის შესახებ.
ტრამპი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. მეფე ჩარლზ III აშშ-ის პრეზიდენტს და პირველ ლედის მელანია ტრამპს ვინძორის ციხესიმაგრეში ორდღიან ღონისძიებებზე უმასპინძლებს. ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც დიდ ბრიტანეთში მეორე სახელმწიფო ვიზიტით მიიწვიეს - მისი პირველი ვიზიტი 2019 წელს შედგა. ტრამპს დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ოფიციალური პირი შეუერთდება. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უკვე ლონდონშია. BBC-ის ცნობით, ტრამპი დიდ ბრიტანეთში Boeing 747-200B-ის ტიპის თვითმფრინავით ჩავიდა, რომელიც ცნობილია როგორც Air Force One.
რუბიო: ამერიკის ვიზები უქმდება მათთვის, ვინც კირკის მკვლელობა იზეიმა
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებით, ვიზების გაუქმება „მიმდინარეობს“ იმ მოქალაქეებისთვის, ვინც კონსერვატორი პოდკასტერის ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ. მას Fox News-ის ეთერში ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ვიზების შეზღუდვას ან გაუქმებას მათთვის, ვინც კირკის მკვლელობას აღნიშნავდა. „ამერიკა არ უმასპინძლებს იმ უცხოელებს, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეების გარდაცვალებას ზეიმობენ. მიმდინარეობს ვიზების გაუქმება. თუ აქ ვიზით ხართ და პოლიტიკური ფიგურის საჯარო მკვლელობას გულშემატკივრობთ, დეპორტაციისთვის მოემზადეთ. თქვენი ადგილი ამ ქვეყანაში არ არის,“ - დაწერა მოგვიანებით რუბიომ X-ზე გავრცელებულ პოსტში. Fox News-თან ინტერვიუში რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზებს არ მისცემს მათ, ვინც კირკის მკვლელობა იზეიმა. ცნობისთვის, 10 სექტემბერს, Utah Valley-ს უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას, ჩარლი კირკი ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, 22 წლის ტაილერ რობინსონი დააკავეს. იუტას შტატის პროკურორები ტაილერ რობინსონის სიკვიდილით დასჯას მოითხოვენ.
ევროპარლამენტი კიევში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის
კიევში ევროპარლამენტის მუდმივი წარმომადგენლობა გაიხსნება. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მეცოლას თქმით, ევროპას, ისევე როგორც უკრაინას, ყოველთვის სურდა მშვიდობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ნამდვილი მშვიდობა. „ამიტომ, ჩვენ კვლავაც ვითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს,“ - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა. მისი განცხადებით, ევროპა რუსეთზე ზეწოლას აგრძელებს და მის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის მიღებას გეგმავს. „ვაგრძელებთ რუსული გაზისა და რუსული ნავთობისგან თავის დაღწევას. ასევე, უფრო სწრაფად განვიხილავთ „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებულ საკითხებს,“ - ამბობს ევროპარლამენტის პრეზიდენტი. მეცოლა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება თავისთავად უსაფრთხოების გარანტიას წარმოადგენს. „ვხსნით ევროპარლამენტის მუდმივ წარმომადგენლობას აქ, კიევში, რათა ვიყოთ უკრაინაში და ვიმუშაოთ თქვენთან ერთად ყოველდღიურად,“ - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა კიევში იმყოფებოდა 2024 წლის მაისშიც. მას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფო ჯილდო გადასცა.
სომხეთი და საფრანგეთი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე მუშაობენ
16 სექტემბერს, პარიზში, სომხეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა პოლიტიკური კონსულტაციები გამართეს. კონსულტაციებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი და საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბრის როკფეილი თავმჯდომარეობდნენ. სომხეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, კონსულტაციებზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის პროგრამები თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში, ასევე, მათი განვითარებისა და გაფართოების პერსპექტივები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთმხარდაჭერის და დამატებითი ძალისხმევის მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და მგრძნობიარე საკითხებზე მიდგომების ჰარმონიზაციის მიზნით. განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის დღის წესრიგის საკითხები. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საფრანგეთის დადებით როლს აღნიშნული დღის წესრიგის გაფართოებასა და წინსვლაში. ასევე, სიღრმისეული დისკუსიები გაიმართა ორივე მხარის მიერ სომხეთსა და საფრანგეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის დღის წესრიგის საკითხები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საფრანგეთის დადებით როლს აღნიშნული დღის წესრიგის გაფართოებასა და წინსვლაში. ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივლისში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა,რპ, სომხეთი და საფრანგეთი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადებიან. ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ ევროპელ კოლეგებს დაუდასტურა, რომ სომხეთს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
ფაშინიანმა არ გამორიცხა „ტრამპის მარშრუტით“ შეიარაღების ტრანსპორტირების შესაძლებლობა აზერბაიჯანთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს არც უარყო და არც დაადასტურა, რომ სიუნიქის გზის [რომელსაც „ტრამპის გზა“ ეწოდება] ამოქმედების შემდეგ, აზერბაიჯანი იარაღისა და ჯარების ნახიჩევანში გადაადგილებას შეძლებს. ნიკოლ ფაშინიანმა ამავდროულად ხაზი გაუსვა, რომ ზოგადად, გზების ფუნქციონირების დეტალები ჯერ არ არის შეთანხმებული, თუმცა მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტა ორმხრივი ურთიერთშეთანხმების პრინციპს დაეფუძნება. „თუ სომხეთზე რაიმე პირობა ვრცელდება, ეს პირობა აზერბაიჯანზეც ვრცელდება. „ჩვენ თვითონ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: გვინდა თუ არა, რომ ჩვენმა იარაღმა და ჯარმა ნახიჩევანის გავლით გაიაროს? გვინდა თუ არა ეს? რადგან ჩვენს რეალობაში პრობლემაა: ჩვენ გამუდმებით სხვებზე ვსაუბრობთ, მაგრამ საკუთარ თავზე არ ვსაუბრობთ. თუ გადავწყვეტთ, რომ გვსურს იარაღის გადატანა ნახიჩევანის ტერიტორიის გავლით მეღრში და უკან, ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებებს ამ საკითხებზე. თუ გადავწყვეტთ, რომ არ გვინდა იარაღის ნახიჩევანის ტერიტორიიდან სიუნიუქის მიმართულებით რკინიგზით და უკან გადატანა, მაშინ შესაბამის პოზიციას დავიკავებთ,“ – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. ფაშინიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვასთან და „ტრამპის მარშრუტის“ პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უნდა განიხილებოდეს ხუთი პრინციპის - სუვერენიტეტის, იურისდიქციის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობისა და ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში. რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია
პუტინის ადმინისტრაცია დატოვა ომის მოწინააღმდეგედ მიჩნეულმა მაღალჩინოსანმა - მედია
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ ოთხშაბათს, 17 სექტემბერს, RBC-მ ორ წყაროზე დაყრდნობით დაწერა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, კოზაკი „განიხილავს სხვადასხვა შეთავაზებას ბიზნესში გადასვლის შესახებ.“ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა 18 სექტემბერს დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოზაკმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა დატოვა. პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ კოზაკი თანამდებობიდან თავისი სურვილით გადადგა. პუტინის პრესმდივნის ინფორმაციით, თანამდებობიდან კოზაკის გათავისუფლების ოფიციალური ბრძანება ჯერ არ გამოქვეყნებულა. დიმიტრი კოზაკი პუტინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხნის თანამშრომელია. ისინი ერთად მუშაობდნენ სანქტ-პეტერბურგის მერის ადმინისტრაციაში - 1990-იან წლებში. პუტინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, 2000 წელს, კოზაკი ჯერ ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი, ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე გახდა. 2004 წელს ის მთავრობაში გადავიდა, ხოლო 2020 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაბრუნდა. აგვისტოში, The New York Times-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიმიტრი კოზაკმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისგან პუტინის გადარწმუნება სცადა, ხოლო 2025 წელს შესთავაზა მას უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დასრულება და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. Reuters-ის ცნობით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას, კოზაკმა მოამზადა წინასწარი შეთანხმება უკრაინასთან, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა NATO-ში არ გაწევრიანდებოდა, მაგრამ ვლადიმერ პუტინმა უარყო შეთანხმება. დმიტრი კოზაკი იმ რუს მაღალჩინოსნებს შორისაა, რომლებიც ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების სანქციების ქვეშ არიან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების გამო. ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, კოზაკსა და პუტინს შორის უთანხმოების შესახებ არაერთხელ გავრცელებული ინფორმაცია იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ კოზაკი თანამდებობას ჩამოაშორა პირადად ვლადიმერ პუტინმა, ან კრემლში ისეთმა გავლენიანმა პირმა, როგორიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკოა, ან მას საკუთარი სურვილით გადადგომისკენ უბიძგეს.
ლაიენის თქმით, ევროკავშირს აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან შეთანხმებები სჭირდება
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა დამოკიდებულების შესამცირებლად, ინდოეთის მსგავს ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმებების დადება უნდა განიხილოს, რადგან აშშ-ის მიერ იმპორტზე დაწესებული მაღალი ტარიფები ბლოკს თავისი კავშირების დივერსიფიკაციისკენ უბიძგებს. ლაიენის განცხადებით, წელს ინდოეთთან შეთანხმების გაფორმება სურთ. „ასევე, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკასთან, მალაიზიასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სხვა ქვეყნებთან,“ - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მანვე აღნიშნა, რომ შეთანხმების გაფორმების მიმართ ერთგულება ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ 17 სექტემბერს გამართული სატელეფონო საუბრის დროს დაადასტურა.
ტრამპი დიდ ბრიტანეთში: პუტინმა იმედი გამიცრუა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი იღუპება, ვიდრე უკრაინელი. მან იმედი გამოთქვა, რომ მალე კარგი ამბები ექნება. “მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა. ბევრ ადამიანს კლავს და ის უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე კლავს. სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი კვდება, ვიდრე უკრაინელი. კი, მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა, არ მომწონს ეს. იმედია, მალე კარგი ამბები გვექნება თქვენთვის,” - აღნიშნა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის მზად არის რუსეთის მიმართ რაღაცები გააკეთოს, მაგრამ არა იმ შემთხვევაში, როდესაც ევროპელები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ. ტრამპის თქმით, ნავთობის ფასი თუ დავარდება, პუტინს გარიგებაზე წასვლა მოუწევს. „ძალიან მარტივად რომ გითხრათ, ნავთობის ფასი თუ დავარდება, პუტინს გასვლა მოუწევს, არჩევანი არ ექნება, ამ ომიდან გასვლა მოუწევს. და როდესაც აღმოვაჩინე, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ… მზად ვარ, სხვა რაღაცებიც გავაკეთო, მაგრამ მაშინ არა, როდესაც ხალხი, რომლისთვისაც ვიბრძვი, რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს. ნავთობის ფასი თუ დავარდება, ძალიან მარტივად, რუსეთს გარიგება მოუწევს,” - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
რატომ არის მესინის ხიდის მშენებლობა კრიტიკული მნიშვნელობის პროექტი იტალიისა და ევროპისთვის
სამხრეთ იტალიაში, სიცილიას და კალაბრიას შორის, მესინის ხიდის მშენებლობა სავარაუდოდ, ოქტომბერში დაიწყება. იტალიის ხელისუფლება მას ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევს. პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ პროექტი ეროვნული ერთიანობის სიმბოლოდ შეაფასა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, ისტორიაში პირველად, მატერიკული იტალია და სიცილია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურით დაუკავშირდებიან ერთმანეთს. მსოფლიოში ყველაზე დიდი - 3.3 კილომეტრის სიგრძის, ერთმალიანი ხიდი, რეგიონში სატრანსპორტო რევოლუციის პერსპექტივას ხსნის. პროექტი კალაბრიაში 40-კილომეტრიანი საგზაო და სარკინიგზო კავშირების, სამი ახალი რკინიგზის სადგურისა და ბიზნეს ცენტრის მშენებლობას მოიცავს. პროექტი გულისხმობს 3,666 მეტრიანი, გემბანის მქონე ხიდის მშენებლობას. სიცილიაში 10.4-კილომეტრიანი გზა და 17.5 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი აშენდება, რომელიც მესინა-კატანიასა და მესინა-პალერმოს შორის არსებულ რეგიონულ ქსელს დაუკავშირდება. მესინაში სამი რკინიგზის სადგური (პაპარდო, ანუნციატა, ევროპა) უნდა აშენდეს, რაც რეგიონების მობილობას რადიკალურად შეცვლის. დაახლოებით, 60 მეტრის სიგანის გემბანს თითოეულ მიმართულებაზე, სამი სატრანსპორტო ზოლი, ორი სარკინიგზო ხაზი და ორი მომსახურების ზოლი ექნება, რაც უზრუნველყოფს სწრაფ, სტაბილურ და ეფექტიან კავშირს კონტინენტსა და სიცილიას შორის, რომლის მოსახლეობაც ხუთ მილიონს შეადგენს. მას დღეში 200-მდე მატარებლის გატარება შეეძლება. ასევე, უზრუნველყოფს საათში 6,000 მანქანის გადაყვანას — ყოველდღიურად, მთელი წლის განმავლობაში. კომპანია Stretto di Messina-მ და ევროკავშირის კლიმატისა და ინფრასტრუქტურის აღმასრულებელმა სააგენტომ (CINEA) ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ბრიუსელი ხიდის სარკინიგზო ხაზთან დაკავშირებული სამუშაოს თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. პროექტი ნაწილია ევროპის ერთიანი სატრანსპორტო ქსელის (TEN-T), რომლის მიზანიც რეგიონების მჭიდრო ინტეგრაცია, გამტარობის გაზრდა და მდგრადი სატრანსპორტო კავშირების განვითარებაა. ევროკავშირის ინვესტიცია კონკრეტულად, სარკინიგზო ხაზების მშენებლობასა და მოდერნიზაციას მოხმამრდება, რაც ეროვნული და ევროპული ეკონომიკის ძირითად ჰაბებთან სამხრეთ იტალიის კავშირს გააუმჯობესებს. ხიდი სიცილიასა და კალაბრიას, ევროპული რკინიგზისა და გზების ქსელთან გააერთიანებს, რაც სამხრეთ რეგიონებიდან ჩრდილოეთ ევროპამდე, გადაზიდვების დროს არამხოლოდ შეამცირებს, არამედ, სამხრეთ იტალიაში, პორტების, ტერმინალებისა და ლოგისტიკური ჰაბების ფუნქციონირებას გააძლიერებს. ხსენებული პროექტი, რომელიც რომელიც ევროპასა და ხმელთაშუა ზღვაში სამხრეთ იტალიის შემდგომი ლოგისტიკური, ეკონომიკური და სოციალური დონის ინტეგრაციისთვის და მისი სტრატეგიული როლის გასაძლიერებლად არის შექმნილი, ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელისა (TEN-T) და სკანდინავია-ხმელთაშუა ზღვის დერეფნის ნაწილი იქნება. მესინის ხიდის მშენებლობის პროექტი იქნება ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო მარშრუტის — Palermo–Helsinki დერეფნის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ, ინფრასტრუქტურას ჩრდილოეთიდან სამხრეთ ევროპამდე აკავშირებს. „მესინის სრუტის ხიდი „დასავლეთში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება,“ - აცხადებს ტრანსპორტის მინისტრი მატეო სალვინი. მან კვლევებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ პროექტის მიხედვით, წელიწადში 120 000 სამუშაო ადგილს შექმნის და სამხრეთ იტალიაში ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს, რადგან მილიარდობით ინვესტიცია იდება გზებსა და ხიდის თანმხლებ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მინისტრის თქმით, პროექტი ასევე დიდ ინტერესს იწვევს ევროკომისიისა და სხვა ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც ხიდს ხმელთაშუა ზღვასა და სკანდინავიას შორის „ფუნდამენტური ევროპული დერეფნის“ რგოლად მიიჩნევენ. „ეს არის პროექტი, რომლის პრეცედენტიც მსოფლიოში არ არსებობს,“ - განაცხადა თავის მხრივ, იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ რომში გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი სულ უფრო აქტიურად ცდილობს თავისი გავლენის გავრცელებას ხმელთაშუა ზღვის რეგიონში,“ — განაცხადა მელონიმ ჟურნალისტებთან, NATO-ს სამიტის კულუარებში, ივნისში, იმ დროს, როცა იტალიელი სტრატეგები მზარდ შეშფოთებას გამოთქვამდნენ მოსკოვისა და ლიბიის მჭიდრო ურთიერთობებზე. „არსებობს მრავალი ჰიბრიდული საფრთხე და არაერთი მტრული აქტორია, ვინც NATO-ს ალიანსის სამხრეთ ფლანგზე მოქმედებს,“ — აღნიშნა მელონიმ. „მესინის სრუტის ხიდი სამხედრო მობილურობის თვალსაზრისით, სამხრეთ იტალიაში NATO-ს მნიშვნელოვანი ბაზების არსებობის გათვალისწინებით, ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს,“ - წერდა იტალიის ხელისუფლება ანგარიშში, რომლის თანახმად, პროექტი „საზოგადოებრივი ინტერესის“ უპირატესი საგანია. ანგარიშში ნათქვამია, რომ გზა და სარკინიგზო ხიდი „მთავარ როლს შეასრულებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონტექსტში — ხელს შეუწყობს იტალიისა და NATO-ს მოკავშირეების შეიარაღებული ძალების გადაადგილებას.“ ანგარიშში ხაზგასმულია „ხმელთაშუა ზღვის, როგორც გეოპოლიტიკურად მგრძნობიარე არეალის მზარდი როლი.“ აღსანიშნავია, რომ მშენებლობის ღირებულება ორი ათწლეულის წინ, პირველი ტენდერის გამოცხადებისას, მოსალოდნელი 4.4 მილიარდი ევროდან, ამჟამად, 13 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.
დიდმა ბრიტანეთმა ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დაასანქცირა
დიდი ბრიტანეთის მთავრიბის განცხადებით, „დღეს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოსთან დაკავშირებულ აქტორებს, რომლებიც ეკონომიურად და იდეოლოგიურად მხარს უჭერენ კრემლს. სანქციების პაკეტის მიზანია მათი საქმიანობის გამოაშკარავება და სხვა მსგავსი აქტორების შეკავება.“ . სანქციების სიაში შესულია ორი ნავთობ-გადამზიდი, რომლებმაც რუსული ნავთობი შეიტანეს ქალაქ ბათუმის პორტში, “ჩრდილოვანი ფლოტის” ფარგლებში. “ჩრდილოვანი ფლოტი”– მოძველებული და სახიფათო ხომალდებია, რომლებსაც კრემლი იყენებს რათა შეინარჩუნოს ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავალი, რაც არის რუსეთის მთავარი წყარო უკრაინაში უკანონო ომის დასაფინანსებლად. სანქციების ამ პაკეტში შესულ 2 გემს აეკრძალებათ დიდი ბრიტანეთის პორტებში შესვლა და არ მიეცემათ წვდომა გაერთიანებული სამეფოს გემების სარეგისტრაციო სისტემაზე. ქართველი პოლიტიკოსი და მედია მფლობელი ლევან ვასაძე დასანქცირდა საკუთარი პლატფორმებზე პრო-რუსული დეზინფომაციის გავრცელებისთვის. ასევე სანქციების სიაში მოხვდა ბიზნესმენი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთთან და „ქართული ოცნების“ მმართველ შტოსთან. ეს მოქმედებები მოყვა 2024 წელს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესებას, რაც გამოწვეული იქნა მმართველი პოლიტიკური პარტიის, ქართული ოცნების, მოქმედებების შედეგად, კერძოდ კი, კრემლის მიერ მიღებული კანონების მსგავსი საკანონმდებლო ცვლილელების შემოღებით, სამოქალაქო საზოგადოების დევნითა და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ლაიენი: ჩვენ ვკრძალავთ რუსული თხევადი აირის იმპორტს ევროპულ ბაზრებზე - დროა, ონკანი დავკეტოთ
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი წარადგინისას განაცხადა, რომ რუსეთის საომარი ეკონომიკა წიაღისეული საწვავიდან მიღებული შემოსავლებით იკვებება, რის გამოც ევროკავშირი ევროპულ ბაზრებზე რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს კრძალავს. სანქციები ასევე ითვალისწინებს საექსპორტო შეზღუდვებს იმ ნივთებისა და ტექნოლოგიებისთვის, რომლებსაც ბრძოლის ველზე გამოიყენებენ. ლაიენმა წევრ სახელმწიფოებს სანქციების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდა. „იზრდება საფრთხეები ჩვენი კავშირისთვისაც. ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსულმა Shahed-ის დრონებმა ევროკავშირის საჰაერო სივრცე დაარღვიეს როგორც პოლონეთში, ასევე რუმინეთში. ჩვენი კავშირისთვის საფრთხეებიც იზრდება. ეს არ არის ისეთი ადამიანის ქმედებები, ვისაც მშვიდობა სურს. პრეზიდენტი პუტინი ისევ და ისევ ესკალაციას ახდენს. საპასუხოდ კი ევროპა აძლიერებს ზეწოლას. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ დღეს სანქციების მე-19 პაკეტს,“ - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. „ჩვენ გვსურს ამ შემოსავლების შემცირება. ამიტომ, ჩვენ ვკრძალავთ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს ევროპულ ბაზრებზე. დროა, ონკანი დავკეტოთ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. აღსრულების გასაძლიერებლად, ჩვენ ამჟამად სანქციებს ვუწესებთ ჩრდილოვანი ფლოტის დამატებით 118 გემს. სულ, ევროკავშირის სანქციების ქვეშ 560-ზე მეტი გემია. ენერგეტიკული ვაჭრობის მსხვილ კომპანიებს, „როსნეფტს“ და „გაზპრომნეფტს“, ახლა სრული ტრანზაქციები ეკრძალებათ. სხვა კომპანიებსაც აქტივები გაეყინებათ. ახლა მათ წინააღმდეგ მივდივართ, ვინც რუსეთის ომს სანქციების დარღვევით ნავთობის შეძენით აძლიერებს. ჩვენი სამიზნეებია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ნავთობმოვაჭრეები, ნავთობქიმიური კომპანიები მესამე ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთში,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ლაიენის თქმით, სანქციების პაკეტის სამიზნე ასევე ფინანსური ხვრელებია, რომლებსაც რუსეთი სანქციებისგან თავის არიდების მიზნით იყენებს. „ვაწესებთ ტრანზაქციების აკრძალვას დამატებით ბანკებზე რუსეთში და მესამე ქვეყნების ბანკებზე. ვაძლიერებთ ზომებს გვერდის ავლის წინააღმდეგ. რადგან თავის არიდების ტაქტიკა უფრო დახვეწილი ხდება, ჩვენი სანქციები ადაპტირდება, რათა წინ წავიდეთ. ამიტომ, პირველად, ჩვენი შემზღუდავი ზომები კრიპტო პლატფორმებს შეეხება და კრიპტოვალუტით ტრანზაქციებს აკრძალავს. ჩვენ სიაში შევიტანთ უცხოურ ბანკებს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ალტერნატიულ გადახდის სერვის სისტემებთან. ასევე, ვზღუდავთ ტრანზაქციებს სპეციალურ ეკონომიკურ ზონებში მყოფ სუბიექტებთან“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დღეს მიიღო. სანქციების პაკეტი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს და მის მიღებას ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება.
ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა
„ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ჟორჟოლიანი. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და მაქვს პატივი, გიმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მისასალმებელია, რომ კიდევ უფრო მყარი ხდება საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური კავშირი, რაც მომავალში სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისათვის. ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ, კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს. მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის მიმართ გულთბილი და მეგობრული დამოკიდებულებისთვის. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და პარტნიორული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილმა. „როგორც იცით, ჩვენ ვახორციელებთ 6 მილიარდიან ინვესტიციას საქართველოში, რომელიც სტარტს უახლოეს დღეებში აიღებს. ასევე გამოვხატავ მზადყოფნას, დავაფინანსო ქართველი სტუდენტების სწავლება გაერთიანებულ საამიროებში და დავეხმარო თქვენს ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვანი და სარგებლიანია ორივე მხარისათვის, ამიტომ გამოვხატავ მზაობას, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ საქართველოში, რაც უაღრესად საინტერესოა პირადად ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის,“ - განაცხადა თავის მხრივ, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დასრულებულია. საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში უმასპინძლა. მხარეებმა 14 დოკუმენტს, მათ შორის, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.