ძებნის რეზულტატი:
ზელენსკი: რუსეთი თუ კიევს ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრება, ელექტროენერგია მოსკოვშიც გაითიშება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთი კიევს ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრება, კრემლმა უნდა იცოდეს, რომ მოსკოვშიც იგივე მოხდება. ზელენსკიმ აღნიშნა, რიმ მან ეს მოსაზრება გაუზიარა მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ბოლო შეხვედრის დროს. უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, თუ რუსეთი დაიმუქრება, „ცივილიზებული ქვეყნები“ მას იმავეთი უნდა დაემუქრონ, მათ შორის - რიტორიკის დონეზე. მედიის ინფორმაციაზე, რომ ზელენსკიმ ტრამპთან შეხვედრის დროს Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების შეძენა ითხოვა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკელმა ლიდერმა მიიღო მოთხოვნა „დეტალებითა და ილუსტრაციებით“ ყველაფრის შესახებ, რაც „უკრაინას სურს.“ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს შორი მოქმედების იარაღს მოიცავდა, თუმცა მას კონკრეტულად, Tomahawk-ები არ უხსენებია. ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის დელეგაცია მალე ეწვევა შეერთებულ შტატებს, მათ შორის, იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებებისთვის - ახალი შეთანხმების თანახმად, შეერთებული შტატები იარაღს მიჰყიდის NATO-ს სხვა ქვეყნებს, რომლებიც შემდეგ მას კიევს გადასცემენ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 10 სექტემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა პოლონეთის მიმართულებით მიმავალი 90-ზე მეტი რუსული დრონი ჩამოაგდეს, რომელთაგან მხოლოდ 19 შევიდა პოლონეთის საჰაერო სივრცეში. პოლონეთს ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ვარშავამ ადრე განაცხადა, რომ დრონები ქვეყნის თავზე ძირითადად ბელარუსიდან შეფრინდნენ. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, მეტი დრონის გამანადგურებელი აწარმოოს, მაგრამ ეს დამატებით დაფინანსებას მოითხოვს.
თურქეთი, სირია და იორდანია ჰიჯაზის რკინიგზას აღადგენენ
თურქეთი, სირია და იორდანია ისტორიული ჰიჯაზის რკინიგზის ხაზის აღდგენაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ თურქული მედია მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება და წერს, რომ ეს მოვლენა რეგიონული კავშირის აღდგენისა და საერთო მემკვიდრეობის შენარჩუნებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „ისტორიული ჰიჯაზის რკინიგზა აღდგება,“ - განაცხადა ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ. მინისტრის ინფორმაციით, შეთანხმებას ამ თვის დასაწყისში, ამანში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე მიაღწიეს. კერძოდ, ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტზე, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სფეროში ყოვლისმომცველ თანამშრომლობას განსაზღვრავს. ინიციატივის ფარგლებში, თურქეთი რკინიგზის სირიის სეგმენტზე 30 კილომეტრიანი (18.6 მილი) დაკარგული სტრუქტურის დასრულებაში დაეხმარება. ამასობაში, იორდანია სირიაში ლოკომოტივების მოვლა-პატრონობის, შეკეთებისა და ექსპლუატაციის მხარდასაჭერად, თავის ტექნიკურ შესაძლებლობებს შეაფასებს. სამი ქვეყანა ასევე გეგმავს ერთობლივი ტექნიკური კვლევების ჩატარებას, რომლებიც მიზნად ისახავს წითელ ზღვაზე თურქეთის წვდომის გაუმჯობესებას, იორდანიის აკაბის პორტის მეშვეობით. გარდა ამისა, სირიის გავლით, თურქეთსა და იორდანიას შორის საავტომობილო ტრანსპორტის აღდგენა იგეგმება. თავდაპირველად 1900-1908 წლებში, ჰიჯაზის სარკინიგზო ხაზი დაახლოებით, 1750 კილომეტრზე იყო გადაჭიმული და სტამბოლს მექასა და მედინასთან, ასევე, დამასკოსთან და იემენის ნაწილებთან აკავშირებდა. „რკინიგზა, რომელმაც ხელი შეუწყო რეგიონის განვითარებას, აშენდა რელიგიური, სამხედრო და პოლიტიკური მიზნებისთვის,“ წერს თურქული მედია.
ფაშინიანის თქმით, „ტრამპის მარშრუტს“ რეგიონული და გლობალური გავლენა ექნება
„TRIPP-ის მარშრუტის („ზანგეზურის დერეფანი“) ინფრასტრუქტურის პროექტი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმოქმედებს ორმხრივი აშშ-სომხეთის ფორმატში შეთანხმებული ბიზნეს მოდელით, რომელიც ათობით კილომეტრის სიგრძის სხვადასხვა ინფრასტრუქტურისგან შედგება,“ - ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მანვე განაცხადა, რომ TRIPP-ის მარშრუტს ექნება როგორც რეგიონული, ასევე გლობალური მნიშვნელობა და გავლენა. „ამრიგად, ვაშინგტონში 8 აგვისტოს გამოცხადებული დეკლარაციის შესაბამისად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი, ორმხრივი და საერთაშორისო ტრანსპორტირებისთვის კომუნიკაციები გაიხსნება სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პატივისცემის საფუძველზე. ეს მოიცავს აზერბაიჯანის მატერიკულ ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის შეუფერხებელ კავშირს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით, რაც ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება როგორც საერთაშორისო, ასევე, ქვეყნის შიგნით კავშირების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. აშშ „ტრამპის მარშრუტისთვის“ პირველი დაფინანსების გამოყოფას გეგმავს
ბიზნესმენი და მეცენატი დიმიტრი აბდუშელიშვილი ,,European Aquatics-ის“ პრეზიდენტმა ანტონიო დე სილვამ დააჯილდოვა
დღეს ოფიციალურად გაიხსნა ევროპის საწყლოსნო ფედერაციის საანგარიშო ყრილობა — „კონგრესი 2025“, რომელსაც თბილისი პირველად მასპინძლობს. კონგრესს მრავალი ქვეყნიდან ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები და ვეტერანი წყალბურთელები. ბოლო პერიოდში, საქართველოს მიღწევები საწყლოსნო სპორტში განსაკუთრებით აღსანიშნავია. ამ მიმართულებით, ჯანსაღი კონკურენციაც გაჩნდა და სწორედ ამ დღეებში პრეზენტაცია შედგა ახალი გუნდის ,,აპოლოსი“, რომელიც უკვე საქართველოს ჩემპიონია და ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სათამაშოდ ემზადება. სწორედ ამიტომაც, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა, ანტონიო სილვამ, ბიზნესმენ და მეცენატ და თავად ვეტერან წყალბურთელს, ,,აპოლოს'' სულისჩამდგმელ და დამფუძნებელ, დიმიტრი აბდუშელიშვილს, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის სახელით გადასცა საპატიო ჯილდო, მის მიერ შეტანილი წვლილისთვის წყალბურთის განვითარების საქმეში. კონგრესი საქართველოს სასწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ორგანიზებით, 2 დღის განმავლობაში, 26-27 სექტემბერს მიმდინარეობდა. საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის ეგიდითა და საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებულ ღონის კონგრესს 42 ქვეყნის 140-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა. კონგრესის ფარგლებში შეჯამდა 2025 წლის მიღწევები საწყლოსნო სპორტში. წყალბურთის კლუბი “აპოლო” ევროლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ემზადება
ფაშინიანის თქმით, ტერმინი „ზანგეზურის დერეფანი“ „კონფლიქტის ნარატივთან ასოცირდება“
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაეროს ტრიბუნიდან გააკრიტიკა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი „ტერმინ ზანგეზურის დერეფნის გამოყენების“ გამო. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, რომელთანაც ვაშინგტონის დეკლარაცია შეთანხმდა, არაერთხელ ახსენა ე.წ. „ზანგეზურის დერეფანი“, მათ შორის, გაეროს ტრიბუნიდან. ეს გამონათქვამი კი, როგორც სომხეთის პრემიერი მიუთითებს, არცერთ დოკუმენტში არ გვხვდება, მათ შორის, არც ვაშინგტონში შეთანხმებულ დოკუმენტებში. „ჩემმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ უნდა დააზუსტოს, რას გულისხმობს ამ ფრაზაში, რადგან სომხურ რეალობაში ეს აღიქმება, როგორც სომხეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზია და ასოცირდება კონფლიქტის ნარატივთან. 8 აგვისტოს დოკუმენტებში ჩვენ შევთანხმდით მკაფიო შინაარსსა და ნარატივზე და შეუძლებელია ამ შეთანხმებებისადმი ერთგულებაში ეჭვის შეტანა რაიმე ფორმით - ჩემ მიერ ნახსენები ნარატივებით და/ან ამ ტრიბუნიდან გამოთქმული სხვა ნარატივებით. ასეთი ნარატივები არ ზრდის ხალხის რწმენას მშვიდობის მიმართ; ისინი არც მშვიდობის ატმოსფეროდან და უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებებიდან მომდინარეობს. სხვადასხვა ტრიბუნიდან, აზერბაიჯანის პრეზიდენტი საუბრობს სომხეთის სავარაუდო კაპიტულაციაზე. გულწრფელად რომ ვთქვა, არ მესმის, ასეთი უზარმაზარი დადებითი შინაარსის არსებობისას, რაც ერთობლივი ძალისხმევით მიიღწა, რატომ უნდა შემოვიტანოთ აგრესიული ქვეტექსტები, რომლებიც ობიექტურ რეალობასთან არ არის დაკავშირებული. ნუთუ მშვიდობა საკმარისი სიხარული არ მოაქვს? მაგალითად, ჩემთვის მოაქვს. ასევე მახარებს ის ფაქტი, რომ სომხეთის რესპუბლიკა არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც შთამბეჭდავი ტემპით ვითარდება - ის არის დამოუკიდებელი, სუვერენული და დღეს საკუთარ მომავალს აშენებს. ეს არის სახელმწიფო, რომელიც არ ავრცელებს სიძულვილს მეზობლების ან ვინმეს მიმართ. მინდა, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ე.წ. „ზანგეზურის დერეფანი“ და მსგავსი ნარატივები არ გამომდინარეობს მიღწეული შეთანხმებებიდან,“ - აღნიშნა ფაშინიანმა და ხაზი გაუსვა, რომ ხსენებული ტერმინის გამოყენება გამაღიზიანებელია, იწვევს უარყოფით გავლენას და ის აღიქმება, როგორც ტერიტორიული პრეტენზია სუვერენული ქვეყნის მიმართ, მიღწეული და გამოცხადებული შეთანხმებების მიუხედავად. „მაგრამ ეს ნამდვილად ვერ გადაგვახვევინებს შეთანხმებების შესრულების პრაქტიკიდან, ერთი მილიმეტრითაც კი. ამრიგად, 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამოცხადებული TRIPP-ის [„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის] “მარშრუტის პროექტის ფარგლებში, სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის რკინიგზა, ავტომაგისტრალი, მილსადენები და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები, რომლებიც აღმოსავლეთს დასავლეთთან დააკავშირებს. ამ შეთანხმების შედეგად, ჩრდილოეთი ასევე დაუკავშირდება სამხრეთს. მხოლოდ გეოგრაფიული ჩამოთვლაც საკმარისია იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ეს არის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტის ზუსტი ასახვა, რომლის წარდგენის შესაძლებლობაც ამ ტრიბუნიდან მქონდა. TRIPP-ის მარშრუტის ინფრასტრუქტურის პროექტი წარმოიქმნება „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროგრამიდან, რომლის შესაძლებლობების განვითარების შესახებაც პრეზიდენტ ტრამპთან ორმხრივ მემორანდუმს ხელი 8 აგვისტოს, ვაშინგტონში მოვაწერეთ. საჭიროდ მიმაჩნია აღვნიშნო, რომ ვაშინგტონის დეკლარაციის შესაბამისად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციების გახსნა სახელმწიფოთაშორისი, ორმხრივი და საერთაშორისო ტრანსპორტირებისთვის მოხდება სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის პატივისცემის საფუძველზე. ეს შეთანხმებები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს სომხეთის რესპუბლიკისთვის, დანერგოს სასაზღვრო, საბაჟო და სხვა კონტროლის უახლესი ტექნოლოგიები, არამხოლოდ TRIPP-ის მარშრუტზე, არამედ, სხვა სასაზღვრო გადასასვლელებზეც, რომლებიც ყველაზე თანამედროვე სტანდარტს შეესაბამება. ფაშინიანის თქმით, „ტრამპის მარშრუტს“ რეგიონული და გლობალური გავლენა ექნება სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნა მნიშვნელოვანია TRIPP-ის მარშრუტის ინფრასტრუქტურული პროექტისთვის: ეს ნიშნავს არსებული რკინიგზის, მაგისტრალების გახსნას, მილსადენების, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების და კაბელების განვითარების პერსპექტივას. მოხარული ვარ, აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში სომხეთსა და თურქეთს შორის უპრეცედენტო პოზიტიური დიალოგი დამყარდა. პრეზიდენტ ერდოღანთან ჩემი შეხვედრები რეგულარულია, ნდობის მუდმივად მზარდი დონის ფონზე. ეს არის მიღწევა, რომელსაც ძალიან ვაფასებ და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, ეს დადებით შედეგებს, კერძოდ, სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას და სახელმწიფოთაშორისი საზღვრის სრულად გახსნას მოიტანს,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია
NATO ბალტიისპირეთში ყოფნას აძლიერებს
NATO-მ განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში თავის მისიას საჰაერო თავდაცვის ფრეგატითა და სხვა აქტივებით აძლიერებს. ალიანსის განცხადებით, ახალი ზომები მოიცავს სადაზვერვოს სისტემებს და ფრეგატს, რაც ბალტიის ზღვის ინფრასტრუქტურის დასაცავად დაწყებულ მისიას აფართოებს. NATO დამატებით სადაზვერვო საშუალებებს განლაგებს რუსეთის გამანადგურებლების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევისა და დანიის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრის სერიის საპასუხოდ. სკანდინავიის რეგიონის ყველაზე დატვირთული, კოპენჰაგენის აეროპორტი, ორშაბათს გვიან ღამით რამდენიმე საათით დაიხურა, რადგან მის საჰაერო სივრცეში რამდენიმე დიდი დრონი შენიშნეს. მომდევნო დღეებში, ასევე დროებით დაიხურა დანიის ხუთი პატარა აეროპორტი, როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო. Reuters-ის ცნობით, NATO-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი არ მიუთითებენ დეტალებს იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნები ახორციელებენ დამატებით აქტივობებს. ახალი ძალები მხარდაჭერას უზრუნველყოფენ NATO-ს მისიის, „ბალტიის გუშაგისთვის“, რომელიც იანვარში ამოქმედდა ინციდენტების სერიის შემდეგ, როცა დაზიანდა წყალქვეშა ელექტრო და სატელეკომუნიკაციო კაბელები და გაზსადენები ბალტიის ზღვაში. ალიანსის ქვეყნებმა უკვე განალაგეს ფრეგატები, საპატრულო თვითმფრინავები და საზღვაო დრონები კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. 19 სექტემბერს სამმა რუსულმა MiG-31 გამანადგურებელმა 12 წუთის განმავლობაში დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, რის შემდეგაც, ისინი ჩაჭრეს იტალიის გამანადგურებლებმა, რომლებიც NATO-ს ეგიდით პატრულირებდნენ ბალტიის ზღვაში. დასავლური მედიის ინფორმაციით, NATO-ს წარმომადგენლებმა რუს დიპლომატებს მკაფიოდ აუხსნეს, რომ რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ ალიანსის საჰაერო სივრცის ნებისმიერმა შემდგომმა დარღვევამ შეიძლება მათი ჩამოგდება გამოიწვიოს. NATO ოპერაცია "აღმოსავლეთის გუშაგს" იწყებს
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ სანდუს პარტიამ გაიმარჯვა
მოლდოვაში 28 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულმა „მოქმედების და სოლიდარობის პარტიამ“ უმრავლესობა შეინარჩუნა. მოლდოვის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების თითქმის 100%-ის დათვლის შედეგად, მოლდოვის მმართველმა პროევროპულმა "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ" (PAS) 50.20%, ხოლო პრორუსულმა „პატრიოტულმა ბლოკმა“ - 24,18% მიიღო. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა 1 608 518 ადამიანმა, ამომრჩეველთა 52.21%-მა ა მიიღო. მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს მიერ დაარსებული მმართველი პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის “ (PAS) კონკურენტი, პრორუსული ოპოზიციური პარტიების ჯგუფი, „პატრიოტული ბლოკია“, რომლის ყველაზე დიდი პარტიის - „სოციალისტების“ - ლიდერი, იგორ დოდონი სანდუმ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა. დასავლური მედია წერს, რომ მოლდოვის „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ მიერ კონტროლირებადი პარლამენტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას. პრორუსული უმრავლესობის მქონე კოალიცია ან პარლამენტი კი, ამ ძალისხმევას გაჭიანურებულ პოლიტიკურ ბრძოლად გადააქცევს. 28 სექტემბერს, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, მოლდოვის პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა. მათ ბრალად ედებათ „მასობრივი დესტაბილიზაციისა და არეულობის მომზადება ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთანავე და დედაქალაქში 29 სექტემბრის აქციასთან დაკავშირებით.“ მოლდოვის ხელისუფლების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან დნესტრისპირეთის დე ფაქტო ხელისუფლებაში დასაქმებულები. „დაკავებისა და ჩხრეკის დროს „ამოღებულ იქნა“ რამდენიმე ნივთი, მათ შორის პიროტექნიკა და აალებადი ნივთიერებები, რომლებიც საზოგადოებაში პანიკის გამოსაწვევად და ქაოსის შესაქმნელად იყო გამიზნული,“ - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მოქალაქეებს მიმართა. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის მომავალი საფრთხეშია. მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კრემლი ასობით მილიონ ევროს ხარჯავს, რომ იყიდოს ასიათასობით ხმა დნესტრის ორივე ნაპირზე და საზღვარგარეთ. ამასთანავე, მოლდოვის პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, „არ ჩააბარონ ქვეყანა უცხო ქვეყნის ინტერესებს.“ სანდუმ მოქალაქეებს მიმართა: რუსეთს მოლდოვაში თანამზრახველები ჰყავს
ლაიენი: მოლდოვა, შენ ნათლად გამოხატე შენი არჩევანი, ჩვენი კარი ღიაა
ევროკავშირის ლიდერები მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პროევროპული პოლიტიკური გაერთიანების, „მოქმედების და სოლიდარობის პარტიის“ გამარჯვებას მიესალმნენ. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ ევროკავშირის კარი მოლდოვისთვის ღიაა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მოლდოვის გადაწყვეტილება შიშისა და უთანხმოების დათესვის ვერცერთმა მცდელობამ ვერ შეარყია. „მოლდოვა, შენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთე. შენს გადაწყვეტილებას შიშის ან განხეთქილების დათესვის ვერავითარი მცდელობა ვერ შეარყევს. შენ ნათლად გამოხატე შენი არჩევანი: ევროპა. დემოკრატია. თავისუფლება. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ შენ გვერდით დავდგებით ყოველ ნაბიჯზე. მომავალი შენია,“ - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი. თავის მხრივ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა წერს, რომ რუსეთის მხრიდან ზეწოლისა და ჩარევის მიუხედავად, მოლდოველებმა დემოკრატია, რეფორმები და ევროპული მომავალი აირჩიეს. მისი თქმით, „მოლდოველმა ხალხმა საკუთარი აზრი გამოთქვა და მათი გზავნილი ხმამაღალი და ნათელია.“ „ევროკავშირი მოლდოვის გვერდით დგას, გზის ყოველ ნაბიჯზე,“ - წერს კოშტა. მოლდოვაში 28 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპულმა „მოქმედების და სოლიდარობის პარტიამ“ უმრავლესობა შეინარჩუნა. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა 1 608 518 ადამიანმა, ამომრჩეველთა 52.21%-მა ა მიიღო. კომისიის ინფორმაციით, ხმების თითქმის 100%-ის დათვლის შედეგად, მოლდოვის მმართველმა პროევროპულმა "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ" (PAS) 50.20%, ხოლო პრორუსულმა „პატრიოტულმა ბლოკმა“ - 24,18% მიიღო. სანდუს პარტიამ პარლამენტში 55 მანდატი მოიპოვა.
კელოგის თქმით, უკრაინას აქვს უფლება, განახორციელოს დარტყმები რუსეთის სიღრმეში
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში კით კელოგმა, 28 სექტემბერს Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონმა დაუშვა, რომ კონკრეტულ შემთხვევებში, უკრაინას შეუძლია, განახორციელოს შორი დისტანციის დარტყმები რუსეთის სიღრმეში. კითხვას, არის თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია, რომ უკრაინას უნდა შეეძლოს, რუსეთში შორი დისტანციის დარტყმების განხორციელება, კით კელოგმა უპასუხა: ვფიქრობ, ტრამპის ნათქვამის, ვიცე-პრეზიდენტის ნათქვამის და მდივან რუბიოს ნათქვამის წაკითხვის გათვალისწინებით, პასუხი არის, „დიახ.“ კელოგმა განმარტა, რომ ამ მხრივ ხელშეუხები ადგილები არ არსებობს. აშშ „განიხილავს“ კიევისთვის Tomahawk-ის რაკეტების მიწოდების საკითხს იმ ფონზე, რომ მოსკოვი კვლავ უარს ამბობს ტრამპის შუამავლობით წარმოებულ ორმხრივ და სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, შესაბამისი კომენტარი კი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა 28 სექტემბერს გააკეთა. „საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეუძლია თუ არა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი დარტყმების განხორციელება, ტრამპმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს,“ - აღნიშნა კელოგმა. „პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრეზიდენტ ტრამპს სთხოვა Tomahawk-ის რაკეტების გადაცემა,“ - განაცხადა კელოგმა და განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მისივე თქმით, უკრაინელებს არ სურთ ამერიკული ჯარები ადგილზე. „ის რაც მათ სურთ, არის შეიარაღება და მისი გამოყენების უფლება და თუ ისინი ამას იზამენ, ვფიქრობ, მშვენიერი იქნება,“ - აღნიშნა კელოგმა. Tomahawk-ის მოქმედების რადიუსი 2500 კმ-ია (1550 მილი). უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უახლესი შეფასების თანახმად, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის [2022 წლის 2 თებერვლის შემდეგ] დაწყებიდან, დაახლოებით 1,109,590 ჯარისკაცი დაკარგა.
აშშ-ის მთავრობა მუშაობას დროებით აჩერებს
დღეიდან, პირველი ოქტომბრიდან, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მუშაობას დროებით აჩერებს. ე.წ. „შათდაუნი“ ოფიციალურად დაიწყო. „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ დაფინანსების კანონპროექტზე შეთანხმების მიუღწევლობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. მთავრობის მუშაობის შეჩერება რამდენიმე საათში დაიწყო მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელების“ მიერ კონტროლირებადმა სენატმა ვერ შეძლო სამთავრობო ხარჯების შესახებ კანონპროექტის მიღება. „შათდაუნმა“ შესაძლოა, დროებით შეაჩეროს აშშ-ის მთავრობის ზოგიერთი - მაგრამ არა ყველა - სერვისი. როგორც წესი, სიცოცხლისა და ქონების დასაცავად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები აუცილებლად ითვლება და ღია რჩება. უწყებები ოთხშაბათს დილით დაიწყებენ დახურვის პროცედურებს, რათა ასობით ათასი თანამშრომელი სამსახურებში დატოვონ, ან შვებულებაში გაუშვან. თითქმის არცერთი ფედერალური თანამშრომელი, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ის შვებულებაში, არ მიიღებს ანაზღაურებას, ვიდრე კონგრესი შეთანხმებას არ მიაღწევს. ანაზღაურებას ყველა თანამშრომელი მოგვიანებით მიიღებს მას შემდეგ, რაც „შათდაუნი“ დასრულდება. ეს არის აშშ-ის მთავრობის პირველი „შათდაუნი“ 2018 წლის შემდეგ. აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეჩერება ბოლოს 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 34 დღის განმავლობაში გაგრძელდა. აშშ-ის ფედერალური მთავრობის დახურვა (შათდაუნი) ნიშნავს, რომ მთავრობის ყველა არა არსებითი ფუნქცია შეჩერდება. ფედერალური უწყებები დამოკიდებულები არიან კონგრესის მიერ დამტკიცებულ დაფინანსებაზე, რათა პრეზიდენტს საშუალება მიეცეს, ხელი მოაწეროს მომავალი ფისკალური წლის ბიუჯეტის კანონს. თუ კონგრესმენები დაფინანსებას ვერ დაამტკიცებენ, მაშინ ეს უწყებები იძულებულები ხდებიან, დაიხურონ. „სიგნებების შეჩერების გამო, ფუნქციონირების სრულ აღდგენამდე, ეს გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გამონაკლისია ინფორმაცია გადაუდებელი უსაფრთხოების შესახებ.ამ პერიოდში, დაგეგმილი საპასპორტო და სავიზო მომსახურება შეერთებულ შტატებსა და საზღვარგარეთ აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებში გაგრძელდება შესაძლებლობის ფარგლებში,“ - წერს თავის მხრივ, საქართველოში აშშ-ის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
ევროკავშირი „დრონების კედლის“ მშენებლობას განიხილავს
ევროკავშირის ლიდერები „დრონების კედლის“ შექმნას განიხილავენ. ბევრმა ლიდერმა რუსეთი ევროპის საჰაერო სივრცის თავხედურ დარღვევაში დაადანაშაულა, რაც გამოიხატა პოლონეთის თავზე დრონების და ესტონეთის თავზე გამანადგურებლების ბოლოდროინდელ შეჭრაში. ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს - ევროკომისიას ჯერ არ შეუმუშავებია დრონების კედლის დეტალური გეგმა, რაც ხარჯებთან დაკავშირებულ კითხვებს ჯერჯერობით ღიად ტოვებს. ცნობილია, რომ ფინეთი დანიას თავდაცვაში დაეხმარება. ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ფინეთი დანიაში დრონების საწინააღმდეგო კონტინგენტს გაგზავნის და ფინეთის სასაზღვრო დაცვა მხარდაჭერას გაუწევს ქვეყანას. „ფინეთი სრულად უჭერს მხარს დანიას საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და იმ ჰიბრიდული ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობებში, რომელიც ბოლო დღეებსა და კვირებში ვიხილეთ. ამ მხარდაჭერის კონკრეტული მიზნით, ფინეთმა დღეს გადაწყვიტა, დანიაში უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო კონტინგენტი გაგზავნოს. ფინეთის სასაზღვრო დაცვაც საკუთარი შესაძლებლობებით დახმარებას გაუწევს,“ - აღნიშნა სტუბმა. ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ეს არის სკანდინავიური თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითი. „გავაგრძელებთ ჩვენი მიდგომების დაახლოებას ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლისა და ევროპაში შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით,“ - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა. 22 სექტემბერს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის აეროპორტის რაიონში დრონების დაფიქსირების გამო ასამდე რეისი გაუქმდა, გადაიდო ან სხვა აეროპორტებისკენ გაიგზავნა. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ ეს იყო ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე ყველაზე სერიოზული თავდასხმა. დანიის მთავრობა ინციდენტთან რუსეთის კავშირს არ გამორიცხავს. კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა. 24 სექტემბერს დანიის ხელისუფლება იძულებული გახდა, დროებით დაეხურა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ოლბორგის აეროპორტიც მას შემდეგ, რაც საჰაერო სივრცეში დრონები დააფიქსირეს. ამ აეროპორტს დანიის სამხედრო-საჰაერო ძალებიც იყენებენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დანიის თავზე დრონების გამოჩენა „აჩვენებს, რომ საჭიროა წინასწარი განგაშის სისტემები და თანამშრომლობა.“ დანია მის საჰაერო სივრცეში დრონების გამოჩენას ჰიბრიდულ თავდასხმად აფასებს
აშშ ქვანახშირის ინდუსტრიის გაფართოებაში $625 მილიონს ჩადებს
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა ქვეყნის ქვანახშირის ინდუსტრიის „გაფართოებასა და განახლებაში“ 625 მილიონი დოლარის ინვესტირების შესახებ გამოაცხადა. „სუფთა ქვანახშირი აუცილებელი იქნება ამერიკის რეინდუსტრიალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის რბოლაში გამარჯვებისთვის,“ - განაცხადა აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა კრის რაიტმა. მანვე აღნიშნა, რომ დაფინანსება გადამწყვეტ როლს შეასრულებს ქვეყნის ქვანახშირის ელექტროსადგურების მუშაობის შენარჩუნებაში, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის სტაბილური ფასების და შეუფერხებელი ენერგომომარაგების უზრუნველყოფას. მისივე შეფასებით, „ქვანახშირმა შექმნა უდიდესი ინდუსტრიული ძრავა, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს.“ პაკეტი მოიცავს 350 მილიონ დოლარს ელექტროსადგურების განახლებისთვის, 175 მილიონ დოლარს სოფლის ენერგეტიკული პროექტებისთვის და სხვა.
სომხეთი მცირე მოდულური რეაქტორის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს ხუთ ქვეყანასთან აწარმოებს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ მისი შემდეგი ბირთვული რეაქტორი მცირე მოდულური იყოს და რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები ხუთ ქვეყანასთან მიმდინარეობს. „ჩვენ გვქონდა მრავალმხრივი დისკუსია და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი შემდეგი ბირთვული რეაქტორი იქნება მცირე მოდულური,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. კითხვას, თუ რომელ ქვეყანასთან ითანამშრომლებს სომხეთი, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ინარჩუნებს გამჭვირვალე მიდგომას. ფაშინიანმა განმარტა, რომ როდესაც ის მოსკოვს სტუმრობს, ხალხი ფიქრობს, რომ სომხეთმა უკვე აირჩია რუსეთი. „ძალიან გამჭვირვალედ განვაცხადეთ, რომ ამჟამად გვსურს წინადადებების მიღება,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. „დღეს ჩვენ ასეთ დისკუსიებს ვაწარმოებთ აშშ-სთან, რუსეთთან, ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან და საფრანგეთთან. უფრო მეტიც, ჩვენ ამაში პოლიტიკურ კომპონენტს არ ვდებთ,“ განმარტა ფაშინიანმა. „კომერციული და ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ უნდა შევაფასოთ, რომელი წინადადებაა ყველაზე მომგებიანი და ამის მიხედვით გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა. მისი თქმით, ექსპერტთა ჯგუფები უკვე სტუმრობენ ან გეგმავენ სხვადასხვა ადგილის მონახულებას დეტალების შესასწავლად. „ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას მომდევნო ერთი-ორი წლის განმავლობაში. ამ გადაწყვეტილებას არ ექნება გეოპოლიტიკური ან საგარეო პოლიტიკური კონტექსტი. ჩვენ გვინდა მცირე ბირთვული რეაქტორი საუკეთესო ფასით, ყველაზე უსაფრთხო ტექნოლოგიით და შესაძლო ანაზღაურების უმოკლესი პერიოდით,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. სომხეთის მოქმედი ატომური ელექტროსადგურის ექსპლუატაცია 2026 წელს იწურება. მთავრობა, რუსეთის „როსატომთან“ ერთად, მმისი ექსპლუატაციის კიდევ ათი წლით გახანგრძლივებაზე მუშაობს. სომხეთი ახალი ბირთვული რეაქტორის ექსპლუატაციაში გაშვებას 2036 წლისთვის გეგმავს. აშშ მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების შესაძლო მშენებლობაზე: მივესალმებით ჩართულობას ქვეყნებთან, რომლებიც ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან აშშ სომხეთსა და ზოგიერთ სხვა ევრაზიულ ქვეყანაში, მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების მშენებლობის შესაძლებლობას განიხილავს - მედია
აზერბაიჯანი, ყაზახეთი და საქართველო შუა დერეფნის გასწვრივ ერთიან ტარიფებზე შეთანხმდნენ
ყაზახეთის ქალაქ ალმატიში, „ახალი აბრეშუმის გზის“ ფორუმზე, შუა დერეფანში შეფერხებების აღმოფხვრის სამოქმედო გეგმას ხელი მოეწერა. ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო იუწყება. დოკუმენტი ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციებს შორის სინერგიული ოპერაციების ჩარჩოს განსაზღვრავს. გარდა ამისა, ხელი მოეწერა შეხვედრის ოქმის ფორმალიზებას, რომელშიც მონაწილეობდნენ შუა დერეფნის ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელები, ასევე, ფინანსურ შეთანხმებას, რომელიც პორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ეხება. შეხვედრას ესწრებოდნენ ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი ნურლან საურანბაევი, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულკადირ ურალოღლუ, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე რაჰმან ჰუმმატოვი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს შუა დერეფნის, როგორც ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო მარშრუტის სტრატეგიულ მნიშვნელობას. მათ ასევე განიხილეს სატრანსპორტო კავშირის განვითარების, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების და საერთაშორისო ასპარეზზე დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის პერსპექტივები. შეთანხმებები მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველყოფას და შუა დერეფნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას, რომელიც მდგრადი რეგიონული განვითარებისა და გლობალური ლოგისტიკური ჯაჭვების მნიშვნელოვანი ელემენტი ხდება. აზერბაიჯანის, ყაზახეთის და საქართველოს სარკინიგზო ოპერატორები შუა დერეფნის გასწვრივ ერთიანი გრძელვადიანი ტარიფის დაწესებაზეც შეთანხმდნენ. ეს გადაწყვეტილებაც შუა დერეფანში შეფერხებების აღმოფხვრის სამოქმედო გეგმის ნაწილია. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ყაზახეთის რკინიგზამ, აზერბაიჯანის რკინიგზამ (ADY) და საქართველოს რკინიგზამ. გეგმის მიზანია ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას დამაკავშირებელი ევრაზიის დერეფანში ტრანსპორტირების ეფექტურობის გაზრდა. ის ასევე მიზნად ისახავს ლოგისტიკური პროცესების ინტეგრაციას და სამივე რკინიგზის ადმინისტრაციას შორის მარშრუტის ინფრასტრუქტურის განვითარებას. გეგმის ძირითადი ელემენტებია შუა დერეფნის მარშრუტზე ერთიანი გრძელვადიანი ტარიფის დადგენა, სატრანზიტო გამტარუნარიანობის გაზრდა, პორტის/რკინიგზის/ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, შეფერხებების აღმოფხვრა და პროცედურების დიგიტალიზაცია. ყაზახეთის რკინიგზამ განაცხადა, რომ შეთანხმება შუა დერეფნის, როგორც ევრაზიული ვაჭრობისთვის, მდგრადი, კონკურენტუნარიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მარშრუტის განვითარების ახალ ეტაპს აღნიშნავს. ცნობისთვის, შუა დერეფანი წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც გადის რეგიონის რიგ ქვეყნებში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.
ყაზახეთის პრეზიდენტმა „ისტორიული პროექტი“ გახსნა
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა დოსტიკი-მოინთის რკინიგზის მეორე ხაზი ოფიციალურად გახსნა და მას ყაზახეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორისთვის ისტორიული პროექტი უწოდა. რკინიგზის სიგრძე 836.1 კილომეტრია. ეს პროექტი აშენდა „ახალი აბრეშუმის გზის“ ინიციატივის ფარგლებში და ითვლება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ნაბიჯად. ახლად ინტეგრირებული სეგმენტი, სატვირთო გადაზიდვების გამტარუნარიანობას, სავარაუდოდ, ხუთჯერ გაზრდის და ოპტიმიზაციას გაუწევს საექსპორტო ტვირთების მიწოდების ვადებს. გააძლიერებს ყაზახეთის სტრატეგიულ სატრანზიტო შესაძლებლობებს. თოყაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინიციატივა დოსტიკ-ალაშანკოუს დერეფნის ისტორიულ ჩარჩოს ამკვიდრებს, რომელმაც თავდაპირველად, სამნახევარი ათწლეულის წინ დაამყარა კავშირი ყაზახეთსა და ჩინეთს შორის. „ყაზახეთი ისტორიულად, აზიის ეკონომიკურ ძალასა და ევროპულ ბაზარს შორის კავშირის ხელშეწყობის მნიშვნელოვან კავშირს წარმოადგენდა,“ - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. მანვე აღნიშნა, რომ ახალი ხაზი ასტანისა და პეკინის საერთო ხედვას [„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში] ასახავს. ყაზახეთის, როგორც ევრაზიულ სივრცეში მთავარ სატრანზიტო ცენტრზე ხაზგასმით, თოყაევმა აღნიშნა, რომ ქვეყანას უკვე კვეთს ხუთი საერთაშორისო სარკინიგზო დერეფანი, რომლებიც მას მსოფლიოს უდიდეს სავაჭრო ბაზრებთან აკავშირებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით 35 მილიარდი დოლარი ჩაიდო. სამომავლო გეგმები მოიცავს 5000 კილომეტრიანი ახალი რკინიგზის მშენებლობას და 11000 კილომეტრიანი რკინიგზის შეკეთებას, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა, მოინტი-ყიზილჟარის რკინიგზა და კიზილჟარის სადგურის აქტაუს პორტთან დამაკავშირებელი მარშრუტების მოდერნიზაცია. „ეს ძალისხმევა გააძლიერებს ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს [შუა დერეფანი] და ხელს შეუწყობს მას,“ - აღნიშნა თოყაევმა. ცნობისთვის, დოსტიქი — ყაზახეთის სასაზღვრო პუნქტია ჩინეთთან (სინძიანის რეგიონთან). მოინთი — მდებარეობს ყაზახეთის შიგნით, ცენტრალურ რეგიონში. შეგახსენებთ, შუა დერეფანი წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც გადის რეგიონის რიგ ქვეყნებში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.
ბაქო-თბილისი-ყარსით ტვირთების გადაზიდვაზე მემორანდუმი გაფორმდა
აზერბაიჯანმა, თურქეთმა და საქართველომ „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების შესახებ, ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის (AR) ხელმძღვანელმა როვშან რუსტამოვმა Facebook-ზე დაწერა. „ყაზახეთში გამართულ მე-7 საერთაშორისო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ბიზნეს ფორუმზე, თურქეთისა და საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან ერთად, ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზით ტვირთების გადაზიდვის ორგანიზების შესახებ,“ - წერს რუსტამოვი. მისი თქმით, დოკუმენტში გამოკვეთილია ერთობლივი ნაბიჯები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მარშრუტის, როგორც უფრო სწრაფი, მდგრადი და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო კავშირის განვითარებისთვის. „ჩვენი მთავარი მიზნებია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სტაბილური და პროგნოზირებადი ოპერაციული რეჟიმის შექმნა, ტვირთის მფლობელებისთვის პირობების გაუმჯობესება და ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდა,“ - განაცხადა აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელმა
მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც $500 მილიარდს გადააჭარბა
ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც 500 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 2023 წელს, როდესაც მასკმა ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი დაიბრუნა, მისი ქონება $187.1 მილიარდს შეადგენდა. პირველ ოქტომბერს, Tesla-ს აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა, რამაც მასკის ქონება $9.3 მილიარდით გაზარდა. კომპანიის ღირებულება ამჟამად $191 მილიარდს შეადგენს. მასკი ასევე ფლობს SpaceX-ის 42%-ს, რაც 168 მილიარდს შეადგენს და 113 მილიარდის ღირებულების X-ის (ყოფილი Twitter-ი) 53%-ს. ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი პირველად, 2021 წლის იანვარში გახდა. მასკი Forbes-ის რეიტინგში $150 მილიარდით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ლარი ელისონს. Oracle-ის დამფუძნებელი $350.7 მილიარდის ქონებას ფლობს. მესამე ადგილზეა Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, რომლის ქონებაც $245.8 მილიარდს შეადგენს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. შესაბამის ინფორმაციას გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს. „დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა. ჩვენ მკაფიო გზავნილი გადავეცით: საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს,“ - წერს გერმანიის საგარეო უწყება X-ზე. გერმანიის ელჩის შემდეგ, საგარეო უწყებაში ბრიტანელი დიპლომატი დაიბარეს
საქართველოს პორტებიდან ბაქოს მიმართულებით ბლოკ-მატარებელი იმოძრავებს - GR
საქართველოს პორტებიდან ბაქოს მიმართულებით ბლოკ-მატარებელი იმოძრავებს. შესაბამისი შეთანხმება აზერბაიჯანის რკინიგზასთან (AR), ალმატიში გამართული სატრანსპორტო კვირეულის ფარგლებში გაფორმდა. საქართველოს რკინიგზის (GR) ინფორმაციით, ახალი ბლოკ-მატარებელი ბათუმი-ფოთი-თბილისი-აპშერონი-სუმგაიტი-ალიატის მიმართულებით იმოძრავებს. აღნიშნული ბლოკ-მატარებელი შავი ზღვის პორტებს აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილ ტერმინალებთან წინასწარ დადგენილი გრაფიკით დააკავშირებს. ახალი ხაზი, სავარაუდოდ, ტვირთის მფლობელებისთვის ლოგისტიკას გაამარტივებს, მიწოდების დროს შეამცირებს და ტერმინალებში ტვირთისა და ცარიელი კონტეინერების შენახვის ხარჯებს შეამცირებს. ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება რამდენ ხანში ჩავა მათი კონტეინერი ბაქოში და რამდენ ხანში დაბრუნდება ცარიელი კონტეინერი უკან. საქართველოს რკინიგზას ხაზის ამოქმედების კონკრეტული თარიღი ჯერ არ გამოუცხადებია.
ოქროს ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
ოქროს ფასი 1.4%-ით გაიზარდა და ახალი რეკორდული მაჩვენებელი – $3,812.05 – დაფიქსირდა. ეს ნიშნული წინა სამშაბათს მიღწეულ პიკსაც კი აჭარბებს. ოქრო ფასი უკვე ზედიზედ მეექვსე კვირაა, რაც იმატებს. ასევე გაძვირდა ვერცხლი (2.4%-ით), პლატინა და პალადიუმი. ფასების ზრდა გამოწვეულია როგორც მიწოდების დეფიციტით, ასევე იმით, რომ ინვესტორები აქტიურად აბანდებენ თანხას ბირჟაზე, სავაჭრო ფონდებში (ETF-ებში), რომლებიც მიბმულია ძვირფას მეტალებზე. ვერცხლის ფასმა 22 სექტემბერს, 2011 წლის შემდეგ მაქსიმუმზე აიწია, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას უნციაზე 45 დოლარს გადააჭარბა, რაც ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. ამ დროისთვის ვერცხლი 1.5%-ით იყო გაძვირებული და 46.7595 დოლარად ივაჭრებოდა ერთ უნციაზე. 1 უნციის ფასი უკვე $46.76-ს აღწევს. პლატინის ფასიც გაიზარდა 2.6%-ით და პირველად 2013 წლის შემდეგ, $1,600-ს გადააჭარბა. პალადიუმი კი, 2.4%-ით გაძვირდა და ივლისის შემდეგ, ყველაზე მაღალ ფასს მიაღწია.