ძებნის რეზულტატი:
მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის დამაკავშირებელი მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტებზე - მინისტრი
მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის დამაკავშირებელი მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტებზე, ასევე აზერბაიჯანიდან სომხეთის მონაწილეობით პოტენციურ პირდაპირ მარშრუტებზე, რომლებიც სამხრეთ კავკასიას თურქეთთან, ევროპასთან და ცენტრალურ აზიასთან დააკავშირებს. შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა აზერბაიჯანის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის (AIIF 2025) გახსნის ცერემონიაზე გააკეთა. შაჰბაზოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი 2030 წლისთვის, განახლებადი ენერგიის წილის 38%-მდე გაზრდას გეგმავს. „მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩვენ დავასრულებთ 10 მზის და ქარის ელექტროსადგურის ინტეგრაციას ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაში, რომელთა საერთო სიმძლავრე დაახლოებით 2000 მეგავატია და ინვესტიციის ღირებულება 2.7 მილიარდი დოლარია. 2030 წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ განახლებადი ენერგიის წილს დადგმულ სიმძლავრეში 38%-მდე გავზრდით,“ - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ეს ზომები მიზნად ისახავს აზერბაიჯანის, როგორც მწვანე ენერგიის მთავარი მიმწოდებლისა და სატრანზიტო ცენტრის, პოზიციის სტრატეგიულად გაძლიერებას. „ამჟამად, კასპიის ზღვაში მიმდინარეობს გაზომვისა და მონიტორინგის სამუშაო ოფშორული ელექტროსადგურების მშენებლობის ზონების დასადგენად და მიმდინარეობს თანამშრომლობა არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან,“ - განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა.
აშშ „ტრამპის მარშრუტისთვის“ პირველი დაფინანსების გამოყოფას გეგმავს
აშშ სომხეთს „ზანგეზურის დერეფნისთვის“ 145 მილიონ დოლარს გამოუყოფს აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების განსახორციელებლად, რომელიც აზერბაიჯანისთვის სომხეთის გავლით სატრანზიტო მარშრუტის გახსნას ითვალისწინებს, შტატები 145 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა 11 სექტემბერს, ერევანში ვიზიტის დროს განაცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელმა ბრენდან ჰანრაჰანმა საკითხი ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანთან განიხილა. „აქ, ერევანში, სიხარულით ვაცხადებ, რომ კონგრესთან თანამშრომლობით, ჩვენ ვგეგმავთ სომხეთისთვის 145 მილიონი დოლარის დახმარების გაწევას, რაც TRIPP-ის რეალობად ქცევისკენ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს,“ - განაცხადა ჰანრაჰანმა მოლაპარაკებების შემდეგ, X-ზე განთავსებულ პოსტში. მან ხაზი გაუსვა, რომ პროდუქტიული დისკუსიები გაიმართა რეგიონული კავშირისა და ეკონომიკური ინვესტიციების გაფართოების საერთო მიზნებზე. სომხური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მოყვანილია აშშ-ის ოფიციალური პირის სიტყვები, რომლის თანახმად, დაგეგმილი დაფინანსება მოხმარდება „ინვესტიციებს ვაჭრობაში, ინფრასტრუქტურაში, კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვებსა და საზღვრისპირა უსაფრთხოებას. ინფორმაციაში სხვა დეტალები მითითებული არ არის. რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია
სახელმწიფო დეპარტამენტი: სამხრეთ კავკასია აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი პრიორიტეტია
სამხრეთ კავკასია აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი პრიორიტეტია. Report-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის უფროსმა მრჩეველმა კალებ ორმა სოციალურ მედიაში დაწერა. „კასპიის ზღვის უფრო ფართო რეგიონი, მათ შორის, სამხრეთ კავკასია და ცენტრალური აზია, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი პრიორიტეტია. ამ რეგიონში ინვესტირება და მისი მრავალი წლის განმავლობაში განვითარება ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებშია,“ - აღნიშნა ორმა.
უკრაინამ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს
უკრაინამ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიზანია მხარი დაუჭიროს სირიელ ხალხს სტაბილურობისკენ მიმავალ გზაზე. „მოლაპარაკებების დროს, სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ და მე დეტალურად განვიხილეთ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტიული სფეროები, საფრთხეები, რომელიც ორივე ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება და მათთან ბრძოლის მნიშვნელობა. შევთანხმდით, რომ ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს ავაშენებთ,“ - წერს ზელენსკი, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში შეხვდა სირიის ამჟამინდელ პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას. წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა გეგმავდა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სირიასთან, სადაც 2024 წლის დეკემბერში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობა დაემხო. უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები 2022 წლის ივნისში გაწყვიტა მას შემდეგ, რაც ბაშარ ასადის ხელისუფლებამ აღიარა რუსეთის მიერ კონტროლირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა."
საბერძნეთიდან მოლდოვაში, ოლიგარქ ვლადიმერ პლახოტნიუკის ექსტრადიცია განხორციელდა
ათენიდან კიშინიოვში მოლდოველი ოლიგარქის ვლადიმირ პლახოტნიუკის ექსტრადიცია განხორციელდა. საბერძნეთში ის დუბაიდან ჩავიდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, პლახოტნიუკი დაცვის ქვეშ, ათენიდან კიშინიოვში პირდაპირი რეისით დღეს ჩაიყვანეს. ესტრადირებისას, კიშინიოვის აეროპორტთან პლახოტნიუკის ათამდე მხარდამჭერი შეიკრიბა, მათ ხელისუფლების საწინააღმდეგო და პლახოტნიუკის მხარდამჭწერი პლაკატები ეჭირათ. სანდუმ მოქალაქეებს მიმართა: რუსეთს მოლდოვაში თანამზრახველები ჰყავს მოლდოვის იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ პლახოტნიუკს კიშინიოვის №13 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსებენ. ვლადიმირ პლახოტნიუკი მოლდოვიდან 2019 წელს გაიქცა. ოლიგარქი 22 ივლისს ათენის აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის დუბაიში მიემგზავრებოდა. „ინტერპოლმა“ პლახოტნიუკი საერთაშორისო ძებნაში 2025 წლის 7 თებერვალს გამოაცხადა. მოლდოველ ოლიგარქს ბრალად ე.წ. „საუკუნის ძარცვა“ ედება, კერძოდ, 2013 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან 1 მილიარდი დოლარის გაქრობა, რაც იმ დროისთვის მოლდოვის მშპ-ს 12% იყო. საბერძნეთში დაკავებული მოლდოველი ოლიგარქის ექსტრადირებას მოსკოვიც ითხოვს
„რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, ჩინეთის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა“ - რა საკითხებზე ისაუბრეს ტრანსატლანტიკურ ვახშამზე
„სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა,“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც 24 სექტემბერს გავრცელდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მარკო რუბიომ „მშვიდობის შენარჩუნებისა და კეთილდღეობის მიღწევის მიზნით, ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. „მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური ჩართულობის გაგრძელებას; ჩინეთის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას; ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობას, მათ შორის, იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს შექმნას, არ მოიპოვოს; ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხანგრძლივი მშვიდობის გზაზე დაყენების საქმეში პრეზიდენტის მიღწევას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ლაიენი: რუსული ენერგორესურებისგან სრულად უნდა გავთავისუფლდეთ
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების შესყიდვას სრულად შეწყვეტს. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ეს გლობალურ წესრიგს ემუქრება. „ტრამპი მართალია. რუსული ენერგორესურსები „შავი ხვრელიდან“ ბრუნდება, რაც მიუღებელია. ამიტომ ჩვენ სანქციებს ვაწესებთ რუსეთიდან ევროპაში შემომავალ თხევად ბუნებრივ აირზე,“ – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი. მანვე აღნიშნა, რომ ევროპაში რუსული ენერგორესურსების არსებობა 80%-ით შეამცირეს. „ახლა, ჩვენ თითქმის გავთავისუფლდით რუსული ენერგორესურებისგან. და ეს სიმართლეა – ჩვენ ეს სამუშაო ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და მათგან გავთავისუფლდეთ, რადგან ის მხოლოდ რუსეთის ბიუჯეტს ავსებს“ – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა CNN-თან ინტერვიუში. ლაიენის თქმით, არის რამდენიმე წევრი ქვეყანა, რომლებიც რუსულ რესურსს ყიდულობენ. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, იმ ქვეყნებმა, რომლებიც რუსული თხევადი ბუნებრივი აირისა და ნავთობის შეძენას ჯერ კიდევ განაგრძობენ, ევროკავშირის ახალი, მე-19 პაკეტის გამო, ალტერნატიული გზები უნდა მოძებნონ. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთიდან ენერგიის შეძენით, „საკუთარი თავის წინააღმდეგ ომს აფინანსებს.“ 4 სექტემბერს, საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკმაყოფილო იყო უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ რუსული ნავთობის შეძენით. ლაიენი: ჩვენ ვკრძალავთ რუსული თხევადი აირის იმპორტს ევროპულ ბაზრებზე - დროა, ონკანი დავკეტოთ ტრამპი: არ მინდა, რომ ევროპა რუსულ ნავთობს ყიდულობდეს, ჩვენ არ ვყიდულობთ
ბულგარეთი რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას აანონსებს
ბულგარეთი რუსული გაზის ტრანზიტის კონტრაქტებს 2026 წელს, ხოლო ტრანზიტს 2028 წელს სრულად შეწყვეტს. ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა როსენ ჟელიაზკოვმა განაცხადა. ევროკავშირმა მკვეთრად შეამცირა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დაწყების შემდეგ. თუმცა კრემლის ევროპელი მოკავშირეები, უნგრეთი და სლოვაკეთი, რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის მიღებას თურქეთის გავლით მილსადენებით აგრძელებენ და მათ შეჩერების გეგმა არ აქვთ. „რაც შეეხება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გაკეთებულ მოწოდებას, ჩვენ [ბულგარეთი], როგორც ევროკავშირის ნაწილი, მოკლევადიან პერსპექტივაში, 2026 წელს შევუერთდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებებს რუსული ბუნებრივი აირის გამოყენების ან ტრანზიტის თაობაზე კონტრაქტების შეწყვეტის შესახებ,“ - განაცხადა ჯელიაზკოვმა. „2026 წლისთვის რუსული ბუნებრივი აირის გამოყენების ან ტრანზიტის კონტრაქტები უნდა შეწყდეს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში - 2028 წლისთვის, ის მთლიანად უნდა გამოირიცხოს ბულგარეთის ენერგეტიკული ბაზრიდან,“ განმარტა ჟელიაზკოვმა. „ბულგარეთმა ნაწილობრივ ჩაანაცვლა იმპორტი, აზერბაიჯანის ხარჯზე, მაგრამ რუსული ბუნებრივი აირის მიღებას ირიბად აგრძელებს,“ განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა თებერვალში. ცნობისთვის, ბულგარეთის დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის დროს, ბულგარულმა ენერგეტიკულმა ჰოლდინგმა, იშვიათ მიწათა ლითონების კვლევის შესახებ, ჩრდილოეთ დაკოტის უნივერსიტეტთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. ბულგარეთის ტერიტორიაზე მდებარეობს ბოლო პუნქტი, რომლის მეშვეობითაც, ევროკავშირის ქვეყნები რუსულ გაზს იღებენ მილსადენით - „თურქეთის ნაკადი“. გაზსადენი, რომელიც თურქეთმა და რუსეთმა 2020 წლის იანვარში გახსნეს, რუსეთის კრასნოდარის მხრიდან შავი ზღვის ფსკერზე გადის თურქეთის ევროპულ ნაწილამდე და მოიცავს ორ განშტოებას. ერთი რუსული გაზით ამარაგებს თურქეთს, ხოლო მეორე - სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. მას შემდეგ, რაც უკრაინამ უარი თქვა ევროკავშირის ქვეყნებისკენ რუსული გაზის ტრანზიტზე, „თურქეთის ნაკადი“ ერთადერთი მოქმედი მილსადენია, რომლითაც ევროპა რუსეთისგან ბუნებრივ აირს იღებს. 2025 წლის ივნისში ბრიუსელმა წარმოადგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივად აკრძალვას და ამ პროცესის დასრულებას 2027 წლის ბოლოსთვის. უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებიც ბუნებრივი აირის დაახლოებით 70%-ს რუსეთიდან იღებენ, იმპორტის შეწყვეტას იმ მიზეზით ეწინააღმდეგებიან, რომ ეს შიდა ბაზარზე ფასების ზრდას გამოიწვევს. უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა რუსულ გაზზე უარი თქვა. ლაიენი: რუსული ენერგორესურებისგან სრულად უნდა გავთავისუფლდეთ მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-ბულგარეთის დამაკავშირებელი მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტებზე - მინისტრი
დანია მის საჰაერო სივრცეში დრონების გამოჩენას ჰიბრიდულ თავდასხმად აფასებს
დანიის საჰაერო სივრცეში დრონების გამოჩენას კოპენჰაგენი ჰიბრიდულ თავდასხმად აფასებს. დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ, დანიის საჰაერო სივრცეში დრონების გამოჩენა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. „ეჭვგარეშეა, რომ როდესაც სისტემატურ ოპერაციებზე ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი პროფესიონალ აქტორზე მიანიშნებს. მე ამას ჰიბრიდულ თავდასხმას ვუწოდებ, რომლის დროსაც, სხვადასხვა ტიპის დრონების გამოყენება ხდება. ნათელია, რომ კიდევ უფრო მეტ ჰიბრიდულ ინციდენტს ვიხილავთ,“ - აღნიშნა დანიის თავდაცვის მინისტრმა. დანიის იუსტიციის მინისტრ პიტერ ჰუმელგაარდის ცნობით, დრონების საფრთხის განეიტრალების მიზნით დანია ჩამჭრელ დრონებს შეიძენს. დღეს დანიის ოლბორგის აეროპორტი, რომელიც კომერციული და სამხედრო ავიარეისებისთვის გამოიყენება, მის საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების გამო, დროებით დაიხურა. ეს მიმდინარე კვირაში დანიის საჰაერო სივრცეში დრონების გამოჩენის მეორე შემთხვევაა. სამშაბათს, დრონები კოპენჰაგენის აეროპორტის ტერიტორიაზეც დააფიქსირეს, რის გამოც, ფრენები ოთხი საათით შეჩერდა. დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ინციდენტს „ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ყველაზე სერიოზული თავდასხმა“ უწოდა და მომხდარში რუსეთის შესაძლო მონაწილეობა არ გამორიცხა. დანიის ხელისუფლებას არ აქვს მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, თუ ვინ დგას ინციდენტების უკან. ისინი გამოძიებას აგრძელებენ. პოულსენმა აღნიშნა, რომ „არსებობენ ქვეყნები ან აქტორები, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეთ ინტერესი უკრაინისადმი დანიის მხარდაჭერის შელახვის მიმართ.“ „მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ, რომ რუსეთმა დაგვაშინოს,“ აღნიშნა დანიის თავდაცვის მინისტრმა. დანია NATO-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედებას განიხილავს. გაეროში აშშ-ის ელჩი: აშშ და მოკავშირეები NATO-ს ყოველ სანტიმეტრს დაიცავენ - რუსეთმა სახიფათო ქმედებები სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოს
ყაველაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე: მზადყოფნას გამოვთქვამთ, დიალოგი ვაწარმოოთ გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე უკლებლივ ყველა ქვეყანასთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა. გაეროს ტრიბუნიდან მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ისაუბრა შუა დერეფანზე; ანაკლიის პორტის მშენებლობაზე; სამხრეთ კავკასიაზე, ძლიერ ეკონომიკებთან [აშშ, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა] ურთიერთობის განვითარებაზე; ახსენა ტრამპის ინიციატივა, ასევე, უკრაინა; 2008 წლის ომი და განაცხადა, რომ „საქართველო მტკიცედ დგას მშვიდობის სადარაჯოზე.“ „სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ლანდშაფტისა და უპრეცედენტო გლობალური გამოწვევების პირობებში, როგორიცაა, მიმდინარე კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება, იდეოლოგიური პოლარიზაცია, კულტურული გაუცხოება და ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისები, საქართველო მტკიცედ დგას დიალოგის, მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების სადარაჯოზე. ჩვენ გარშემო არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება, შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენს ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი. უკვე მეოთხე წელია, რაც უკრაინაში საშინელი, სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, რომელსაც კატასტროფული შედეგები და უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. 2008 წლის ომის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რომლის იარები დღემდე არ მოუშუშებია ქართველ ხალხს, ჩვენ ბევრზე უკეთ გვესმის ის ტკივილი, რასაც დღეს უკრაინელი ერი განიცდის. დღესაც, როგორც უწინ, საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. გაეროს სესიიდან მიესალმა ყაველაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ამასთან, აღნიშნა, რომ “საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანსფორმაციაში.“ „იქიდან გამომდინარე, რომ მშვიდობის მნიშვნელობას სიღრმისეულად ვაცნობიერებთ, საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანსფორმაციაში და ცდილობს, ის კონფლიქტების რეგიონის ნაცვლად, ცივილიზაციათა დიალოგისა და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცედ აქციოს. მივესალმებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ისევე როგორც მის ძალისხმევას, მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომი. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და აქტიურად იღვწოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, ისევე როგორც, მეზობლებს შორის ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად. საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციათა გზაჯვარედინსა და განსხვავებულ კულტურათა დიალოგის სივრცეს წარმოადგენდა. დღეს საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. შუა დერეფანი მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან არსებული შეთანხმებები და შუა დერეფანში საქართველოს საკვანძო პოზიცია, ქვეყნის როლს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. „სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობები, ევროკავშირთან არსებული შეთანხმებები და შუა დერეფანში საქართველოს საკვანძო პოზიცია, ჩვენი ქვეყნის როლს, როგორც რეგიონში, ასევე ევრაზიის კონტინენტზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. საქართველო, უმოკლესი დამაკავშირებელი გზა და ბუნებრივი ხიდია, ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობისა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წყალობით, საქართველო მრავალგანზომილებიან და მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად ყალიბდება, როგორც ვაჭრობის, ასევე, ენერგოტრანზიტის მიმართულებით. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შუა დერეფნის სტრატეგიული მარშრუტის განვითარებაში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე უსაფრთხო, სანდო და სტაბილურ დამაკავშირებელ მარშრუტად იქცეს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ინვესტორებთან, ვავითარებთ ინფრასტრუქტურას და ხელს ვუწყობთ ახალი ენერგო-სატრანზიტო გზების ჩამოყალიბებას, ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, აზიური და ევროპული ბაზრის დაკავშირებადობის ხარისხს ზრდის,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. გაეროს ტრიბუნიდან მიმართვისას ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. „შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში, საქართველომ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები წამოიწყო, რომლებიც სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტირების მოცულობისა და ინტენსივობის გაზრდას ემსახურება. მათ შორის, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტებზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნული პროექტები, ერთი მხრივ, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების დანარჩენ მსოფლიოსთან საზღვაო კავშირს უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს ენერგომარშრუტების დივერსიფიკაციას, რითაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონების ენერგოუსაფრთხოებას. შუა დერეფნის განვითარებისა და ორი უდიდესი ბაზრის, აზიისა და ევროპის დაკავშირებადობის გაუმჯობესების მიზნით, უკვე მერვე წელია, რაც საქართველო თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მასპინძლობს. ეს არის საერთაშორისო დიალოგისა და ახალი შესაძლებლობების პლატფორმა, რომელსაც 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 ათასამდე დელეგატი ესწრება,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. ძლიერი ეკონომიკები [აშშ, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა] და მათთან ურთიერთობის განვითარება „ჩვენი ამოცანაა, კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები განვავითაროთ ისეთ ძლიერ ეკონომიკებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა. ჩვენ, ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად, ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას. რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი,“ - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა. მან საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, „საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ აფხაზ და ოს ძმებსა და დებს“ მიმართა: „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ რჩება, ჩვენ დიდი ენერგიითა და შემართებით ვაგრძელებთ განვითარებასა და წინსვლას. ჩვენ გვაკისრია მისია, რომ ჩვენმა შვილებმა უფრო ძლიერ, ღირსეულ საქართველოში და მშვიდობიან მსოფლიოში იცხოვრონ. ახლა კი, მინდა მივმართო, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს... „ჩვენი კულტურული კოდი არ შეცვლილა. ჩვენთვის მრავალფეროვნება არა პრობლემა, არამედ, კვლავ არსებობის აუცილებელი ფორმულაა, ამიტომ, საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ თანამოძმეებს ყოველთვის ღია გულითა და გაშლილი ხელით შეგხვდებით. ჩვენი ვალია, რომ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, წარსული წყენები კი, როგორც გამორჩეულად სულგრძელმა ხალხმა, წარსულს მივაბაროთ. მე მწამს, რომ ერთ დღესაც ჩვენს შვილებთან ერთად, ერთიან, ბედნიერ და განვითარებულ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ჩვენს ჰარმონიულ თანაცხოვრებას ხელს ვერაფერი შეუშლის. აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.“ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს და ღიაა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი აწარმოოს გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე, უკლებლივ ყველა ქვეყანასთან. „საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, თანამედროვე ისტორიის საკვანძო მომენტს გადის. ჩვენ ვცხოვრობთ გარდამავალ ეპოქაში, სადაც ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუ როგორი იქნება მომავალი საერთაშორისო წესრიგი. გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ, უნდა უზრუნველყოს ჩვენი პლანეტის ტრანზიცია, მშვიდობიან, სტაბილურ და სამართლიან, მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე. საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიანი წევრი, მზადაა, ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, გახდეს ომის გარდაუვალი ალტერნატივა და მშვიდობის მთავარი გარანტორი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ და ღია ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი ვაწარმოოთ გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე უკლებლივ ყველა ქვეყანასთან. არსებული რეალობა ჩვენგან მოითხოვს, რომ რთულ საკითხებს თვალი გავუსწოროთ და დავიწყოთ ღია, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული დიალოგი. ვფიქრობ, მხოლოდ ასე შევძლებთ საერთო გლობალური გამოწვევების დაძლევას და ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ქვეყნების, ხალხებისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ,“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ტრამპმა ერდოღანს რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტისკენ მოუწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად, თეთრ სახლში მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ „საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ერდოღანს შეუძლია, არის რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვის შეწყვეტა.“ „ორივე მათგანი [ზელენსკი და პუტინი] დიდ პატივს სცემენ პრეზიდენტ ერდოღანს. ყველა სცემს პატივს ერდოღანს… მგონია, რომ მას დიდი გავლენა შეუძლია, ჰქონდეს, თუ მოინდომებს. ახლა ის ძალიან ნეიტრალურია, მოსწონს ნეიტრალურად ყოფნა. მეც, ასევე, მინდა, ნეიტრალური ვიყო. საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც მას [ერდოღანს] შეუძლია, არის რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვის შეწყვეტა. ამას თუ გააკეთებს, ეს სავარაუდოდ, საუკეთესო რამ იქნება. ის ისევე იცნობს პუტინს, როგორც მე…“ - განაცხადა ტრამპმა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია. „მეგონა, რომ ეს [ომი] ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მოსაგვარებელი იქნებოდა, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით. ის მძიმედ და დიდ ხანს იბრძვის, მათ მილიონი ჯარისკაცი დაკარგეს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მთელი მძიმე დაბომბვებით მათ თითქმის ვერანაირი ტერიტორიები ვერ მოიპოვეს. დაფიქრდით ამაზე. არასდროს არავის არ დავუძახებ “ქაღალდის ვეფხვს”, მაგრამ რუსეთმა მილიონობით და მილიონობით დოლარი დახარჯა ბომბებზე, რაკეტებზე, საბრძოლო მასალაზე და სიცოცხლეებზე, თავის სიცოცხლეებზე, და თითქმის ვერანაირი ტერიტორიები ვერ მოიპოვეს. მგონია, რომ გაჩერების დროა,” - განაცხადა ტრამპმა. მას ასევე ჰკითხეს, თუ როდის გააუქმებს აშშ თურქეთს სანქციებს, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ თუ დღეს კარგი შეხვედრა ექნებათ, ეს „თითქმის დაუყოვნებლივ“ მოხდება. ის ასევე ამბობს, რომ ისინი დღეს ტარიფებზე „ისაუბრებენ“. შეგახსენებთ, რომ აშშ-ში თურქული ექსპორტი ამჟამად ექვემდებარება 15%-იან საყოველთაო ტარიფს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ქვეყნების უმეტესობას დაუწესა. ტრამპი: უდიდესი პროგრესია, რომ რუსეთის ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია, იშლება
ზელენსკი: ომს თუ არ შეწყვეტენ, რუს მაღალჩინოსნებს თავშესაფრები დასჭირდებათ
„თუ კრემლის მაღალჩინოსნები ომს არ დაასრულებენ, მათ თავშესაფრები დასჭირდებათ,“ ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში გააკეთა. „ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას არ დავბომბავთ, რადგან ტერორისტები არ ვართ. კრემლის მაღალჩინოსნებმა უნდა იცოდნენ, სად არის თავშესაფრები. მათ ეს დასჭირდებათ. თუ ომს არ დაასრულებენ, მაშინ მათ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდებათ,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს იმას, რომ უკრაინამ ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმებს ანალოგიურად უპასუხოს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ უკრაინა აშშ-სგან დამატებით შორი რადიუსის შეიარაღებას მიიღებს, კიევი "მათ გამოიყენებს." ზელენსკიმ ჟურნალისტ ბარაკ რავიდს განუცხადა, რომ მან ტრამპს ერთი კონკრეტული რამ - ახალი შეიარაღების სისტემა სთხოვა, რაც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლას აიძულებს. ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-ის ლიდერმა მას უთხრა, რომ მისი ადმინისტრაცია "ამაზე იმუშავებს." ზელენსკისთან სრული ინტერვიუ პარასკევს გამოქვეყნდება. ტრამპი: უდიდესი პროგრესია, რომ რუსეთის ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია, იშლება
თურქეთმა და აშშ-მ ბირთვული ენერგიის სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შეთანხმება გააფორმეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა ბირთვული ენერგიის სფეროში სტრატეგიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. „პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თეთრ სახლში ვიზიტის ფარგლებში, ორმა ქვეყანამ დაიწყო პროცესი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის ღრმა და მრავალგანზომილებიან პარტნიორობას ბირთვული ენერგიის სფეროში. ვიმედოვნებ, რომ შეთანხმების ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაო ორმხრივ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას უახლოეს პერიოდში,“ დაწერა თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალპარსლან ბაირაქტარმა თურქულ სოციალურ მედია პლატფორმა NSosyal-ზე.
NATO-ს საჰაერო სარდლობა: უნგრულმა ავიაგამანადგურებლებმა ბალტიის ზღვაზე რუსულ თვითმფრინავებს გზა გადაუჭრეს
უნგრულმა ავიაგამანადგურებლებმა ბალტიის ზღვაზე რუსულ თვითმფრინავებს გზა გადაუჭრეს. განცხადებას NATO-ს საჰაერო სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს. კერძოდ, ხუთმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა (სუ-30, სუ-25 და სამი მიგ-31) ბალტიის ზღვას ლატვიის საჰაერო სივრცესთან ახლოს გადაუფრინეს. რუსეთის თვითმფრინავებისთვის გზის გადასაჭრელად ლიეტუვის ავიაბაზიდან უნგრული Gripen ავიაგამანადგურებლები აფრინდნენ. “უნგრეთი ბალტიის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ფლანგის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისადმი ალიანსის ერთგულების დემონსტრირებას ახდენს,” - ნათქვამია განცხადებაში.
წყალბურთის გუნდი “აპოლო” ევროლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ემზადება
წყალბურთის გუნდი „აპოლო“ ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშისთვის ემზადება. ისტორიაში პირველად, გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა, რითაც „აპოლომ“ მოპოვებულ ტიტულთან ერთად, ევროტურნირებზე თამაშის უფლებაც მოიპოვა. "აპოლო" ევროლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს - 3, 4 და 5 ოქტომბერს, ათენში ჩაატარებს. ტურნირზე წარმატების შემთხვევაში, მეორე ეტაპზე, გუნდი წრიული სისტემით ითამაშებს. ცნობისთვის, გუნდის სრული რებრენდინგის შემდეგ, შეიცვალა - ლოგო, სახელი - გუნდი „სპორტ მენეჯმენტის” ნაცვლად, „აპოლოს“ სახელით ითამაშებს. კლუბის გრანდიოზილი პრეზენტაცია 25 სექტემბერს გაიმართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ვეტერანი წყალბურთელები, ლეგენდები: უნგრეთი, 1976 წელს ოლიმპიური ჩემპიონი ატილა შუდარი; იუგოსლავია, ბოსკო ლოზიცა - 1980 წელს ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი; გეორგი ჰორკაი - უნგრეთი, 1976 წელს ოლიმპიური ჩემპიონი, 1980 ბრინჯაო; მილივოი ბებიჩი - ხორვატია, 1980 წელს ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი, 1984 წელს ოქრო; სერგეი კოტენკო - ყაზახეთი, 1980 წელს ოქროს მედლის მფლობელი (საბჭოთა კავშირის ნაკრებში), 1988 წელს ბრინჯაო; გიორგი მშვენიერაძე - საქართველო, 1980 წელს ოქროს მედლის მფლობელი (საბჭოთა კავშირის ნაკრები), 1988 წელს ბრინჯაო. პრეზენტაციას ასევე ასევე ესწრებოდა ანტონიო სილვა — ევროპის საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტი, რომელმაც, ბიზნესმენ და მეცენატ და თავად ვეტერან წყალბურთელს, ,,აპოლოს'' სულისჩამდგმელს, დიმიტრი აბდუშელიშვილს, ევროპის საწყლოსნო ფედერაციის სახელით გადასცა საპატიო ჯილდო, მის მიერ შეტანილი წვლილისთვის წყალბურთის განვითარების საქმეში. სპეციალისტების შეფასებით, „აპოლოს“ წარმატება სწორი მმართველობის და სწორად განხორციელებული ინვესტიციების შედეგია.
ტრამპის თქმით, რუსეთის ეკონომიკა ჯოჯოხეთისკენ მიდის
„რუსეთის ეკონომიკა ჯოჯოხეთისკენ მიდის, ისინი ყველაფერს საშინლად ბომბავენ და ძალიან ცოტა ტერიტორიას იკავებენ, თუ საერთოდ იკავებენ,“ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სინამდვილეში, რუსეთი კარგავს გარკვეულ ტერიტორიას, რაც ძალიან ცუდია მისი რეპუტაციისთვის. „ეს ომი უნდა დასრულებულიყო. ეს რომ ჩვენი ომი ყოფილიყო, ერთ კვირაში დავასრულებდით,“ – განაცხადა ტრამპმა. ტრამპი: უდიდესი პროგრესია, რომ რუსეთის ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია, იშლება
თურქეთმა ამერიკული გაზის შესყიდვის 20-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
თურქეთმა აშშ-სგან თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვაზე, სავაჭრო კომპანია Mercuria-სთან 20-წლიან შეთანხმებას მოაწერა ხელი. შესაბამისი განცხადება თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა გააკეთა იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპას რუსული ენერგორესურსების შესყიდვების შეჩერებისკენ მოუწოდებს. ტრამპმა ერდოღანს რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტისკენ მოუწოდა კერძოდ, სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია BOTAS-მა ნიუ-იორკში, ერდოღანის ვიზიტის დროს, ხელი მოაწერა უახლეს გარიგებას, რომლის მიხედვითაც, 2026 წლიდან თურქეთისთვის ყოველწლიურად, 4 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება იგეგმება, ხოლო მთლიანი მიწოდების მოცულობა დაახლოებით 70 მილიარდ კუბურ მეტრს ითვალისწინებს. „ეს შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აშშ-სთან 100 მილიარდი დოლარის სავაჭრო მოცულობის მიზნის მიღწევას,“ - განაცხადა ბაირაქტარმა და განმარტა, რომ შეთანხმების მიზანია მიწოდების უსაფრთხოების გაზრდა და თურქეთის ენერგორესურსების დივერსიფიკაცია. რუსეთი თურქეთისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელია, თუმცა ანკარამ ბოლო წლებში დივერსიფიკაცია მოახდინა. ახალი გარიგება ერთ-ერთია იმ რამდენიმეთაგან, რომელსაც ანკარამ სულ მცირე 16 მილიარდი კუბური მეტრის ღირებულების რუსული გაზის იმპორტზე გარიგებების ვადის ამოწურვამდე მიაღწია. რუსეთთან გაზის მიწოდების შესახებ გარიგებები წელს სრულდება. ახალი გარიგება ჯერ არ დადებულა. ენერგეტიკული შეთანხმებების მიღწევა თურქეთ-ვაშინგტონის ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ სწრაფვის ფონზე ხდება. ორშაბათს, ანკარამ განაცხადა, რომ გააუქმა საპასუხო ტარიფები, რომლებიც 2018 წელს აშშ-დან იმპორტირებული საქონლის ფართო სპექტრზე, მათ შორის, მსუბუქი ავტომობილებსა და ხილზე დაწესდა. გადაწყვეტილება ერდოღანისა და ტრამპის შეხვედრის წინ კეთილი ნების ჟესტად იყო აღქმული. თურქეთმა და აშშ-მ ბირთვული ენერგიის სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შეთანხმება გააფორმეს
ზელენსკი: ისრაელის Patriot-ის სარაკეტო სისტემა უკრაინაში უკვე მუშაობს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისრაელის Patriot-ის სარაკეტო სისტემა უკრაინაში უკვე ერთი თვეა, მუშაობს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისრაელმა დაპირებული Patriot-ის სარაკეტო სისტემა უკრაინას უკვე გადასცა და ის ქვეყნის თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად გამოიყენება. ზელენსკის თქმით, შემოდგომისთვის უკრაინა გერმანიიდან Patriot-ის ორ სისტემას მიიღებს.
თურქეთი ურალის ტიპის რუსული ნავთობის შესყიდვებს მინიმუმამდე ამცირებს - Reuters
რუსული ნავთობის იმპორტი თურქეთში, სექტემბერში, აპრილიდან მოყოლებული ყველაზე დაბალ დონეს აღწევს. თურქეთი ინდოეთის შემდეგ, ურალის ტიპის ნედლი ნავთობის სიდიდით მეორე იმპორტიორია. LSEG-ის მონაცემებით, თურქეთის მიერ ნავთობის იმპორტი სექტემბერში დაახლოებით 1.2 მილიონ ტონას შეადგენს, მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში თვეში დაახლოებით 1.6 მილიონ ტონასთან შედარებით. თურქეთის ორი მთავარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, Tupras და SOCAR-ის მიერ კონტროლირებადი STAR ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რუსული ნავთობის მყიდველები არიან. LSEG-ის პარასკევის მონაცემებით, სექტემბერში Tupras-მა დაახლოებით 700,000 ტონა ურალის ტიპის რუსული ნედლი ნავთობი შეიძინა, ხოლო STAR-მა მხოლოდ დაახლოებით 500,000 ტონა, რაც ივნისსა და ივლისში შეძენილი რაოდენობის თითქმის ნახევარია. მონაცემები შესაძლოა, თვის ბოლოს განახლდეს. Tupras-მა რუსული ნავთობის შესყიდვები წლის დასაწყისში ფასებზე ლიმიტის გამო ადრე შეამცირა, მაგრამ შემდეგ შესყიდვები განაახლა მას შემდეგ, რაც რუსული ნავთობის ფასები ბარელზე 60 დოლარზე დაბლა დაეცა. ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ ნავთობზე ფასების უფრო დაბალი ლიმიტი დააწესეს, რომელიც საბაზრო ფასზე დაახლოებით 15%-ით ნაკლებია - დაახლოებით, 47.6 აშშ დოლარი ბარელზე. თურქეთმა ამერიკული გაზის შესყიდვის 20-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
კასპიის საბადოების გამო, ნავთობისა და გაზის კონდენსატის წარმოება ყაზახეთში 3%-ით გაიზარდა
ყაზახეთმა ნავთობისა და გაზის კონდენსატის მოპოვება 2025 წლის აგვისტოში 8,885 მილიონ ტონამდე გაზარდა, ივლისში ეს მოცულობა 8,631 მილიონ ტონას შეადგენდა. საწვავის და ენერგიის კომპლექსის სიტუაციისა და ანალიზის ცენტრისა (SAC TEK RK) და Reuters გამოთვლებით, ხსენებული მონაცემების ზრდას კასპიის საბადოები განაპირობებს. წარმოების ძირითადი ზრდა აგვისტოში სამმა დიდმა კასპიურმა საბადომ უზრუნველყო: თენგიზი - 3%-ით 3,715 მლნ ტონამდე, ქაშაგანი - 6%-ით 1,540 მლნ ყარაჩაგანაკი გაიზარდა 7%-ით 1,042 მლნ ტონამდე. იმავდროულად, ცენტრალური აზიის ენერგეტიკისა და ენერგეტიკული ინდუსტრიის ცენტრის (CAC TEC) ცნობით, ქვეყნის წამყვანმა ნავთობის მწარმოებელმა, Tengizchevroil-მა (TCO), თენგიზ საბადოს ოპერატორმა, გასულ თვეში საკუთარი მარტის რეკორდი მოხსნა, რომელიც 3,7 მილიონ ტონას შეადგენდა. TCO-ს პრესსამსახურმა, Reuters-ის თხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად, ის არ აკეთებს კომენტარს კომერციულ საკითხებთან, ნავთობის ტრანსპორტირებასთან ან წარმოების დონესთან დაკავშირებულ კონკრეტულ დეტალებზე. ენერგეტიკისა და ენერგეტიკის ცენტრალური აზიის ცენტრის (CAC TEC) მონაცემებით, ყაზახეთში ნავთობისა და გაზის კონდენსატის წარმოებამ 2025 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში 67,389 მილიონი ტონა შეადგინა. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ყაზახმა მწარმოებლებმა 59,307 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი აწარმოეს. ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს 2023-2027 წლების განვითარების გეგმის თანახმად, ქვეყნის ნავთობის წარმოების ზრდა მომავალ წელსაც გაგრძელდება. KMG-მა 2025 წელს თენგიზში ნედლეულის წარმოების პროგნოზი 35,7 მილიონ ტონამდე გაზარდა. TCO-ს მთავარი აქციონერი ამერიკული კომპანია Chevron (50%), ExxonMobil (25%), KazMunayGas (20%) და Lukoil (5%) ასევე ფლობენ აქციებს. კასპიის ნავთობის ძირითადი საექსპორტო მარშრუტი, კასპიის მილსადენის კონსორციუმი (CPC), ამჟამად, ჭარბი სიმძლავრით მუშაობს. თუმცა CPC მილსადენი რუსეთზე გადის, რაც გეოპოლიტიკურ რისკებს ქმნის.