ძებნის რეზულტატი:

ტრამპი ირანს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

აშშ-ის პრეზიდენტი ირანს კიდევ ერთხელ აფრთხილებს. დონალდ ტრამპი თეირანს „სამართლიანი შეთანხმების“ გაფორმებისკენ მოუწოდებს. „ირანისკენ უზარმაზარი არმადა მიემართება. ის სწრაფად გადაადგილდება დიდი ძლიერებითა და ენთუზიაზმით. ეს ფლოტი, რომლის სათავეშიც ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ დგას, ვენესუელაში გაგზავნილ ფლოტზე უფრო დიდია. ვენესუელის შემთხვევის მსგავსად, ის მზადაა და შეუძლია, სწრაფად შეასრულოს თავისი მისია, საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით. ვიმედოვნებ, ირანი სწრაფად „მოვა მოლაპარაკების მაგიდასთან“, სამართლიან და თანასწორ შეთანხმებას გააფორმებს – ბირთვული იარაღის გარეშე – რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველა მხარისთვის,“- წერს ტრამპი Truth Social-ზე.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „ახლა დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.“ „როგორც ირანს ერთხელ უკვე ვუთხარი: გააფორმეთ შეთანხმება! მათ ეს არ გააკეთეს და შემდეგ იყო „ოპერაცია შუაღამის ჩაქუჩი“, რასაც ირანის მასშტაბური განადგურება მოჰყვა. შემდეგი თავდასხმა გაცილებით ძლიერი იქნება. არ დაუშვათ, რომ ეს ისევ მოხდეს,“ - აცხადებს დონალდ ტრამპი. ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი არმადა მიემართება  

ფაშინიანი: ომისთვის არ ვემზადებით, რადგან ომი არ იქნება, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობა დამყარდა და უსაფრთხოების უფრო საიმედო გარანტია, ვიდრე მშვიდობაა, არ არსებობს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთის არმიამ ფორმირების რთული პერიოდი გაიარა, ის გამოწვევებსა და სირთულეებს წააწყდა, მაგრამ დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის იცვლება და მისი თავდაცვისუნარიანობა ყოველდღიურად იზრდება. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთმა შეიძინა თანამედროვე იარაღი, რომლის მიწოდებაც ადრე შეუძლებელი იყო. ასეთი შესყიდვები 2018-დან 2022 წლამდე შეუძლებელი იყო, რადგან, ფაშინიანის თქმით, „პარტნიორები არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ მიწოდებული იარაღი არ განლაგდებოდა სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის გარეთ.“ ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობდა გარანტია, რომ ამ იარაღის საიდუმლო პარამეტრები არ გახდებოდა ხელმისაწვდომი CSTO-სთვის [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია], რომლის წევრობაც ასევე წარმოადგენდა დაბრკოლებას ასეთი გარიგებებისთვის. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2022 წლის სექტემბრამდე CSTO-ს პარტნიორები სომხეთის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ვალდებულებებსაც არ ასრულებდნენ და უარს ამბობდნენ უკვე შესყიდული იარაღის მიწოდებაზე, რაც ქვეყნისთვის „ეგზისტენციალურ საფრთხეს“ ქმნიდა. მისი განმარტებით, ეს საფრთხე დაძლეული იყო ორი გადამწყვეტი ნაბიჯის შედეგად: პირველი -2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე აღიარეს, მეორე კი- სომხეთის წევრობის „გაყინვით“ CSTO-ში. ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთის არმიას არ აქვს და არ ექნება სხვა ამოცანა, გარდა 29 743 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერიტორიის დაცვისა და საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისა. „ბოლო წლებში სომხეთის არმიამ შეიძინა თანამედროვე იარაღისა და სამხედრო ტექნიკის უზარმაზარი რაოდენობა - ისეთი ხარისხისა და სპეციფიკაციის, როგორიც აქამდე არასდროს ჰქონია, რაშიც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების ინვესტირება მოხდა. თუმცა, ასევე უნდა გაეცეს პასუხი ძალიან მნიშვნელოვან კითხვას: რატომ არ გაკეთდა იგივე 2018, 2019, 2020, 2021 და 2022 წლებში? ჩვენი თითქმის ყველა საერთაშორისო პარტნიორი, რომელსაც ჰქონდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გაყიდვის პოტენციალი, თავაზიანად უარს ამბობდა სომხეთის რესპუბლიკისთვის იარაღის მიყიდვაზე ორი ძირითადი მიზეზის დასახელებით: 1) ისინი არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ იარაღი სომხეთის რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის გარეთ არ განლაგდებოდა; 2) ისინი არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ ამ იარაღის საიდუმლო სპეციფიკაციები დაცული დარჩებოდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან, რომელშიც სომხეთის წევრობა ასევე წარმოადგენდა დაბრკოლებას ასეთი გარიგებების დადებისას. ამავდროულად, 2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით, პარტნიორები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან უარს ამბობდნენ სომხეთის რესპუბლიკის მიმართ ნაკისრი ხელშეკრულებითი ვალდებულებების შესრულებაზე, რათა უზრუნველყოფილიყო მისი უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა. ისინი ასევე უარს ამბობდნენ ასობით მილიონი დოლარის ღირებულების იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მოწოდებაზე, რისთვისაც სომხეთს უკვე გადახდილი ჰქონდა. ეს წარმოადგენდა ეგზისტენციალურ საფრთხეს სომხეთის რესპუბლიკისთვის და აშკარა გახდა, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმებისა და ჩვენი სუვერენიტეტის ნულამდე შემცირების შესახებ,“ - აღნიშნა ფაშინიანმა. ფაშინიანის შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ძლიერი, თავდაცვისუნარიანი არმიის ყოლა, რათა წინ აღუდგეს პოტენციურ მომავალ საფრთხეებს, იმ შემთხვევებში, როდესაც დიპლომატია შეიძლება, არ იყოს საკმარისი. ქვეყანა, რომელსაც ძლიერი არმია არ ჰყავს, მოწყვლადია და აგრესიის ცდუნებას ქმნის. სომხეთის რესპუბლიკა არასოდეს უნდა იყოს ასეთ მდგომარეობაში. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ტერიტორიული დავები აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ერთობლივი მუშაობით მოგვარდება. „ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ომისთვის არ ვემზადებით, რადგან ომი არ იქნება. სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობა დამყარდა და არ არსებობს უსაფრთხოების უფრო საიმედო გარანტია, ვიდრე მშვიდობაა. ჩვენ გავაძლიერებთ უსაფრთხოების ამ ყველაზე საიმედო გარანტიას,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. დიდება  და გაუმარჯოს სომხეთის რესპუბლიკას. შეგახსენებთ, 2025 წლის 8 აგვისტოს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს. ამერიკამ და სომხეთმა „ტრამპის მარშრუტის“ ახალი დეტალები გაასაჯაროვეს  

ფინეთი მოკავშირეებთან ერთად, საზღვაო მონიტორინგის ცენტრს ქმნის

ფინეთის საზღვრის დაცვის ცნობით, ფინეთი, ბალტიის რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად და ევროკომისიის მონაწილეობით, საზღვაო მონიტორინგის ცენტრის შექმნაზე მუშაობს. ახალი ცენტრის მთავარი ამოცანა ფინეთის ყურეში მნიშვნელოვანი წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვა იქნება. ბალტიის ზღვა ამჟამად გაძლიერებული უსაფრთხოების ქვეშაა, რაც გამოწვეულია ელექტროქსელების, სატელეკომუნიკაციო კაბელების და გაზსადენების დაზიანების სერიით, რაც 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დაფიქსირდა. 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების მთავრობები იღებდნენ გადაწყვეტილებებს ბალტიის ზღვაში ფლოტებისა და ყოფნის გაძლიერების შესახებ, რუსეთის მიერ კრიტიკულ წყალქვეშა ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ფონზე.  

ამერიკა რუმინეთში Abrams-ის ტანკებს განალაგებს

რუმინეთის თავდაცვის შტაბის უფროსის განცხადებით, ახალი დანაყოფები რუმინეთში აშშ-ის რუტინული ყოფნის ნაწილია, როტაციის პრინციპით არის განლაგებული და ქვეყანაში ჯარისკაცების რაოდენობის ზრდას არ ნიშნავს. გეორგიცა ვლადმა არ დააკონკრეტა, რამდენი ამერიკული ტანკი გადადის რუმინეთში, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნის შეიარაღებული ძალები ამჟამად იმავე ტიპის 54 ტანკს ყიდულობენ. მან ასევე განმარტა, რომ ევროპაში NATO-ს გაერთიანებული ძალების სარდლობის წარმომადგენლებთან განხილვისას დადგინდა, რომ ალიანსი შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას, უზრუნველყოს ძალები ქვეყნის თავდაცვისთვის, რეგიონული გეგმების შესაბამისად. „შეერთებული შტატები დათანხმდა, შეინარჩუნოს ძალების იგივე დონე და გააუმჯობესოს რუმინეთში განლაგებული ძალების ხარისხი. საუკეთესო მაგალითია ის, რაც SACEUR-მა [ევროპაში მოკავშირეთა უმაღლესი მთავარსარდალი] ასევე ახსენა რუმინეთში ვიზიტის დროს: უახლოეს პერიოდში რუმინეთში განლაგდება Abrams-ის ტანკებით აღჭურვილი ამერიკელი ჯარისკაცების რაზმი,“ - განაცხადა გენერალმა გეორგიცა ვლადმა. აშშ-ის ძალების გარდა, რუმინეთში მრავალი ევროპელი ჯარისკაცია განთავსებული. ვაშინგტონის მიერ მათი ყოფნის შემცირების გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში დარჩენილი ამერიკელი და ევროპელი ჯარისკაცების საერთო რაოდენობა დაახლოებით 3,500 ჯარისკაცია. ოქტომბერში შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ შეამცირებდა თავის სამხედრო ყოფნას რუმინეთში NATO-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად განკუთვნილი როტაციული ბრიგადიდან ბატალიონის გაყვანით, ქვეყანაში დაახლოებით ათასი ჯარისკაცის შენარჩუნებით.  

ყაზახეთის პრეზიდენტი: ფულის გათეთრება და მიწისქვეშა კრიპტოვალუტის ოპერაციების გზით კაპიტალის უკანონო გატანა სერიოზული პრობლემაა

ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის სქემების მეშვეობით, კაპიტალის საზღვარგარეთ გატანის მცდელობები გრძელდება და ეს უკანონობა საიმედოდ უნდა შეიზღუდოს. კასიმ ჟომართ-თოყაევის თქმით, ჩრდილოვანი ეკონომიკა ქვეყანას კოლოსალურ ზიანს აყენებს, ამიტომ მასთან ბრძოლა უკომპრომისო უნდა იყოს. მისი თქმით, გასულ წელს გამოაშკარავდა თითქმის 200 კომპანია, რომლებიც უკანონოდ ახორციელებდნენ თანხების განაღდებას 500 მილიარდ ტენგეზე ერთი [მილიარდი დოლარია] მეტი მთლიანი ბრუნვით. მისივე თქმით, ახალი ფისკალური პოლიტიკის თანახმად, არსებობს ცნობები ნაღდი ფულით გადახდების ზრდის შესახებ ფაქტობრივი ტრანზაქციების დასაფარად. საცალო მოვაჭრეები ღიად აცხადებენ საქონლის ორ ფასს: ერთს უნაღდო გადახდებისთვის და მეორეს ნაღდი ფულით გადახდებისთვის, გადასახადების გამოკლებით. თოყაევა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთი კრიპტოვალუტების გამოყენებით კაპიტალის უკანონო გატანის ლიდერებს შორისაა და ასტანა ებრძვის ასეთ დანაშაულებს. მან განაცხადა, რომ ქვეყანაში უკვე დაიხურა 130-ზე მეტი უკანონო კრიპტო ბირჟა, რომელთა ჯამური ბრუნვა 62 მილიარდ ტენგეს (დაახლოებით 124 მილიონი დოლარი) აღემატება. „ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია, რადგან ეს ძირს უთხრის მთავრობის ძალისხმევას საგადასახადო ადმინისტრირების გასაუმჯობესებლად. ფულის გათეთრება და კაპიტალის უკანონო გატანა მიწისქვეშა კრიპტოვალუტის ოპერაციების გზით, სერიოზულ პრობლემად იქცა. დღეისათვის, 130-ზე მეტი უკანონო კრიპტოვალუტის გადამცვლელი დაიხურა 62 მილიარდ ტენგეზე მეტი ბრუნვით. ამ შემთხვევებში ჩამოართვეს 2.6 მილიარდი ტენგეს ღირებულების ქონება. ამასობაში, სოციალურ მედიაში ნაღდი ფულის კრიპტოვალუტის ბირჟების აქტიური რეკლამირება გრძელდება. როგორც ჩანს, პრობლემა არ მოგვარებულა. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ლიდერია კაპიტალის გატანის მოცულობით. თუმცა პრაქტიკულად არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენები ასეთი დანაშაულებისთვის. კაპიტალის უკანონო გადინება ეკონომიკური უსაფრთხოების პირდაპირი საფრთხეა. სააგენტომ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები გამოვლენილ საკითხებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. მანამდე ყაზახეთის ფინანსური მონიტორინგის სააგენტომ განაცხადა RAKS Exchange-ის, „დსთ-ში კრიპტოვალუტების გათეთრების უდიდესი სერვისის“ ლიკვიდაციის შესახებ. სააგენტოს ცნობით, პლატფორმა, რომლის ბრუნვა 224 მილიონი დოლარი იყო, თანამშრომლობდა 20 მსხვილ ბნელი ქსელის ბაზართან, რომელთა ჯამური აუდიტორია 5 მილიონ მომხმარებელს აჭარბებდა. ცნობისთვის, რუსეთის მოქალაქეების მიერ ყაზახეთის ბანკებიდან ბარათების დისტანციურად მასობრივი გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ დაიწყო. ყაზახეთის ხელისუფლება თანდათანობით წყვეტს ამ სქემებს. ყაზახეთმა ჩინეთიდან რუსეთში მიმავალი სატვირთო მანქანების შემოწმება დაიწყო  

ყაზახეთის პრეზიდენტმა ოფიციალური პირები გააკრიტიკა Grok-ისა და ChatGPT-ის გადაჭარბებული გამოყენების გამო

ყაზახეთის პრეზიდენტის შეფასებით, ადამიანებმა თავიანთი გამოსვლების წერაც კი შეწყვიტეს და ეს საქმე Grok-სა და ChatGPT-ს გადააბარეს. ამის შესახენ ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ფინანსური მონიტორინგის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე შეფასებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ძირითად სფეროებს, როგორიცაა, განათლება და ჯანდაცვა, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია და გავლენას ახდენს ერის მომავალზე. „ამ სფეროებში დარღვევები უხვადაა. ფინანსური ტრანზაქციების მონიტორინგისას მნიშვნელოვანია თანამედროვე მიდგომების გამოყენება კონკრეტული შედეგების მისაღწევად. მთავარი მიზანი არა ყოვლისმომცველი აუდიტი, არამედ, ქვეყნის ეკონომიკისთვის საფრთხის შემცველი გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება. ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია მოქმედება გადაჭარბების გარეშე. ვიმეორებ: სააგენტოს თანამშრომლების მთავარი ამოცანა არ არის ფინანსური ინსტიტუტების ყოვლისმომცველი აუდიტი, არამედ, ქვეყნის ეკონომიკისთვის რისკების იდენტიფიცირება და მათი შემცირებისთვის დროული ზომების მიღება. და აქ, უფრო მეტად, ვიდრე სხვაგან, აუცილებელია ციფრული მეთოდები; სასარგებლო იქნებოდა არამხოლოდ ხელოვნური ინტელექტი, არამედ, მშობლიური ინტელექტიც. შევამჩნიე, რომ ხალხმა ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობა დაიწყო; მათ თავიანთი გამოსვლების წერაც კი შეწყვიტეს და ეს საქმე Grok-სა და ChatGPT-ს გადააბარეს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები სათანადოდ არ სწავლობენ; ისინი სათანადო განათლებას არ იღებენ, სამაგიეროდ, სწავლობენ, თუ როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა გზით. ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენაა. მე ველოდები, რომ ფინანსური დაზვერვის ოფიცრები ნამდვილ პატრიოტიზმს გამოავლენენ - პასუხისმგებლიანს და შემოქმედებითს - რაც შეუთავსებელია კორუფციასთან, სიხარბესთან და გაუნათლებლობასთან. გაუნათლებელი ადამიანი, განსაკუთრებით, ხარბი, კორუფციისკენ მიდრეკილი ადამიანი, ვერ იქნება პატრიოტი. რა თქმა უნდა, მათ შეიძლება, საკუთარ თავს პატრიოტები უწოდონ და გარკვეული ლოზუნგებიც გამოაცხადონ, მაგრამ სინამდვილეში ისინი პატრიოტები არ არიან და ეს ყველამ იცის. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ პატრიოტიზმი სწორად გავიგოთ. ამჟამად ახალი კონსტიტუციის ტექსტზე ვმუშაობთ და მჯერა, რომ შევძლებთ პატრიოტიზმის თეზისის ჩამოყალიბებას - პასუხისმგებლიანი და შემოქმედებითი პატრიოტიზმს. ნამდვილმა პატრიოტმა ყველა სფეროში კარგად უნდა იმუშაოს, იქნება ეს ფინანსური მონიტორინგის სააგენტო, სახელმწიფო საწარმო, კერძო საწარმო, უნივერსიტეტი თუ სკოლა. ყველამ კარგად უნდა იმუშაოს თავის სფეროში და შემდეგ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ისინი პატრიოტები არიან. საერთო ჯამში, ამ ზომებმა არ უნდა შეაფერხოს სახელმწიფოს ძალისხმევა სოციალური ვალდებულებების შესასრულებლად ან უარყოფითად იმოქმედოს ბიუჯეტის სახსრების დროულ განაწილებაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს ინფორმაციული და კომერციული უსაფრთხოება, ასევე პერსონალური მონაცემების დაცვა,“ აღნიშნა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.  

რუბიოს თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში აშშ-ის მონაწილეობას საკვანძო მნიშვნელობა აქვს

ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის აქტიური ჩართულობით უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში „მთავარ როლს“ შეასრულებს.  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა, რომ გარანტიებთან დაკავშირებით მიღწეულია „ზოგადი თანხმობა“, რაც გულისხმობს „ევროპული ჯარების მცირე კონტინგენტის, ძირითადად ფრანგულის და ბრიტანულის განლაგებას, ასევე, აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერას.“ სენატორების კითხვებზე პასუხის დროს რუბიომ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სამომავლო უსაფრთხოების გარანტიებს მხარს დაუჭერს შეერთებული შტატები, მაგრამ ადგილზე მხოლოდ ევროპული ჯარების ყოფნა შეიძლება. ამავდროულად, მან თქვა, რომ აშშ-ის ჩართულობა თავად წარმოადგენს რეალურ უსაფრთხოების გარანტიას, რადგან ვაშინგტონის მხარდაჭერის გარეშე ევროპული ძალების უკრაინაში განლაგება „არ იქნებოდა მიზანშეწონილი.“ მანვე განმარტა ის არ აკნინებდა იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მზადაა, ომის შემდეგ უკრაინაში ჯარები განათავსოს. „იმას ვამბობ, რომ ეს არარელევანტურია აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე,” - განაცხადა რუბიომ. მისი თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ევროპელები საკმარის ინვესტიციებს არ დებდნენ თავიანთ თავდაცვით შესაძლებლობებში. „ახლა, იმედია, ეს შეიცვლება,“ -  აღნიშნა რუბიომ. ამავდროულად, რუბიომ არ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობს აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიის მექანიზმი. ეერთებული შტატები უზრუნველყოფს ლოგისტიკურ და სადაზვერვო მხარდაჭერას და პირობას დებს, რომ უპასუხებს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჰიპოთეტურ დარღვევას.  

ერევანი და ბაქო აზერბაიჯანის გავლით სომხეთში თხევადი გაზისა და ბიტუმის ტრანსპორტირებაზე შეთანხმდნენ

სომხეთმა და აზერბაიჯანმა თხევადი გაზისა და ბიტუმის აზერბაიჯანის გავლით ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა Facebook-ზე დაწერა. „ჩვენს მეწარმეებს ახლა შეუძლიათ, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით,“ - დაწერა პაპოიანმა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ეს ტვირთები ძირითადად საქართველოზე გადიოდა. საუბარია რუსეთიდან (ან რუსეთის მიმართულებით) მომავალ სარკინიგზო გადაზიდვაზე და არა ზოგადად, ყველა საერთაშორისო გადაზიდვაზე. რადიო თავისუფლების კითხვას, მოსალოდნელია თუ არა ფასების ცვლილება აზერბაიჯანის გავლით იმპორტის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა: „მიზანი ყოველთვის არის საქონლის მაქსიმალური უწყვეტობის უზრუნველყოფა და, ბუნებრივია, ტრანსპორტირების ხარჯების შემცირება და, შესაბამისად, თვითღირებულების შემცირება.“ 2025 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა გააუქმა სომხეთში ტვირთების ტრანზიტის აკრძალვა. სომხეთმა ტვირთების (მარცვლეულის, ბენზინისა და დიზელის საწვავი) მიღება აზერბაიჯანის გავლით გასული წლის ბოლოს დაიწყო. მას შემდეგ ამ მიმართულებით ხორციელდება როგორც პირდაპირი, ისე სატრანზიტო სარკინიგზო გადაზიდვები. 2026 წლის 21 იანვარს დავოსის ეკონომიკური ფორუმის კულუარებში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში შევლილ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და ახალ სატრანზიტო დერეფნებზე. აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების პირველი პარტია სომხეთში 2025 წლის დეკემბერში ჩავიდა. ეს ტვირთი მოიცავდა 1 220 ტონა АИ-95 მარკის ბენზინს. 2026 წლის იანვარში აზერბაიჯანმა სომხეთში გაგზავნა ნავთობპროდუქტების მეორე პარტია, საერთო მოცულობით 2 698 ტონა (48 ცისტერნა-ვაგონი), მათ შორის, 1 742 ტონა АИ-95 ბენზინი და 956 ტონა დიზელის საწვავი. ტვირთი გაიგზავნა ბალაჯარის სადგურიდან ბიოუკ-კესიკის სადგურის მიმართულებით (საქართველოს საზღვარზე). რა თქვეს ბაქომ და ერევანმა სატრანსპორტო დერეფნებთან დაკავშირებით  

„ლუკოილის“ უცხოურ აქტივებს ამერიკული კომპანია შეიძენს

„ლუკოილი“ უცხოურ აქტივებს ამერიკულ კომპანიას მიჰყიდის. Reuters-ის ცნობით, რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილი“ ამერიკული კერძო საინვესტიციო კომპანია Carlyle Group-ისთვის თავისი უცხოური, 22 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების მიყიდვას დათანხმდა. აქტივების გაყიდვა რუსეთის სიდიდით მეორე ნავთობკომპანიას აშშ-ის სანქციების გამო მოუწია. 2025 წლის ოქტომბერში ამერიკამ რუსული ნავთობკომპანიების, „როსნეფტის“, „ლუკოილისა“ და მათი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. „ლუკოილის“ განცხადებით, Carlyle Group-ს მისი შვილობილი კომპანიის Lukoil International GmbH-ის მიყიდვის შესახებ შეუთანხმდა, რომელიც ნავთობკომპანიის უცხოურ აქტივებს აკონტროლებს. „ლუკოილის“ ინფორმაციით, შეთანხმება ყაზახეთში არსებული აქტივების გაყიდვას არ მოიცავს. „შეთანხმება გარკვეულ წინაპირობებს ექვემდებარება, მათ შორის საჭირო მარეგულირებელი ორგანოების თანხმობას, კერძოდ, აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ნებართვას,“ - ნათქვამია „ლუკოილის“ განცხადებაში. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ლუკოილს“ უცხოური აქტივების გაყიდვისთვის ვადა 28 თებერვლამდე მისცა. ყაზახეთი „ლუკოილის“ აქტივების შეძენას ცდილობს  

„მივიღეთ გადაწყვეტილება თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“ - განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან. მინისტრის თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს. „უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების კვლევით მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებით ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის თანახმად, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს,“ - განაცხადა მიქანაძემ. გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ ამით არ შემცირდება სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობა. მთავრობა გეგმავს საუნივერსიტეტო განათლების რეფორმას, რომელიც მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით: „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი.“ უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ პირველად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული წლის ოქტომბერში ისაუბრა.  

რა მოხდება, თუ აშშ ირანს დაარტყამს - შვიდი სცენარი

წყარო - BBC თუ თეირანთან ვერ მიაღწევენ შეთანხმებას და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის ძალებს შეტევის ბრძანებას მისცემს, მაშინ რა შედეგები შეიძლება, მივიღოთ? პირველი სცენარი გულისხმობს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო და საზღვაო ძალების მიერ შეზღუდულ, ზუსტ დარტყმებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა (IRGC) და მის დაქვემდებარებაში მყოფი ბასიჯის სამხედრო ბაზებზე, ბალისტიკური რაკეტების გაშვებისა და შენახვის ობიექტებზე, აგრეთვე, ბირთვულ პროგრამაზე. ამის შედეგად უკვე შესუსტებული რეჟიმი დაემხობა და ქვეყანა, საბოლოოდ, დემოკრატიულ მმართველობაზე გადადის, რაც ირანს საშუალებას მისცემს, მსოფლიო საზოგადოებას დაუბრუნდეს. თუმცა ეს უკიდურესად ოპტიმისტური სცენარია. დასავლეთის სამხედრო ჩარევამ ერაყსა და ლიბიაში დიქტატურები დაამხო, მაგრამ დემოკრატიისკენ მშვიდობიანი გარდაქმნა ვერ უზრუნველყო — ამას მოჰყვა ხანგრძლივი ქაოსი და ძალადობა. შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენა სირიამ, რომელმაც 2024 წელს, დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერის გარეშე, დაამხო ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი. მეორე სცენარი - რეჟიმი გადარჩა, თუმცა ის პოლიტიკას ცვლის.  ეს არის „ვენესუელის მსგავსი მოდელი”: სწრაფი, ძლიერი აშშ-ის ჩარევა ცვლის რეჟიმს, მაგრამ ახდენს მისი პოლიტიკის მოდერნიზებას. ირანის შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ისლამური რესპუბლიკა რჩება, რაც ბევრ ირანელს არ დააკმაყოფილებს, მაგრამ აიძულებს მას, შეწყვიტოს ძალადობის მხარდაჭერა ახლო აღმოსავლეთში, შეამციროს ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამები და შეამსუბუქოს საპროტესტო მოძრაობების წინააღმდეგობის პოლიტიკა. თუმცა ეს სცენარი ნაკლებ სავარაუდოა: რესპუბლიკის ხელმძღვანელობა უკვე 47 წელია, ცვლილებებს მტკიცედ ეწინააღმდეგება. მესამე სცენარი - რეჟიმი დანგრეულია, მის ადგილზე სამხედრო წესრიგი მყარდება. ბევრი ამას ყველაზე სავარაუდო სცენარად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი ბევრისთვის მიუღებელია და საპროტესტო ტალღები ყოველ წელს მას კიდევ უფრო ასუსტებს, ქვეყანაში მაინც არსებობს უზარმაზარი და ყოვლისმომცველი უსაფრთხოების მოქმედი სისტემა, რომლის წარმომადგენლებს არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება აწყობთ. საპროტესტო მოძრაობების მიერ რეჟიმის დამხობის წარუმატებელი მცდელობის მიზეზები იმაში მდგომარეობს, რომ საპროტესტო მოძრაობის მხარეს არ გადასულან რეჟიმის წარმომადგენლები და ხელისუფლებაში მყოფები მზად არიან, გამოიყენონ შეუზღუდავი ძალა და სისასტიკე, რათა დარჩნენ ხელისუფლებაში. აშშ-ის დარტყმების შედეგების ფონზე, ქაოსში, შეიძლება იმის წარმოდგენა, რომ ირანი გადავიდეს ძლიერ სამხედრო მმართველობაზე, რომელიც ძირითადად, IRGC-ს წევრებით იქნება დაკომპლექტებული. მეოთხე სცენარი - ირანი შურს იძიებს და აშშ-ის ძალებსა და მეზობლებს თავს დაესხმება. ირანმა პირობა დადო, რომ აშშ-ის ნებისმიერ თავდასხმას უპასუხებს და რომ „ჩახმახზე აქვს ხელი მიჭერილი.“  ცხადია, ის ვერ შეედრება აშშ-ის საზღვაო და საჰაერო ძალების ძალას, თუმცა მას მაინც შეუძლია, შეტევა განახორციელოს ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების არსენალით, რომელთა უმეტესობაც გამოქვაბულებში, მიწისქვეშეთში ან შორეულ მთის ფერდობებზეა გადამალული. აშშ-ის ბაზები და ობიექტები ყურის არაბულ მხარეს არის განლაგებული, ბაჰრეინსა და კატარში, მაგრამ ირანს აქვს არჩევანი - სარაკეტო თავდასხმები მიიტანოს ნებისმიერ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე ქვეყნებზე რომლებიც მისი აზრით, მონაწილეობდნენ აშშ-ის თავდასხმაში, მაგალითად - იორდანია. 2019 წელს Saudi Aramco-ს ნავთობქიმიურ ობიექტებზე გამანადგურებელი რაკეტებისა და დრონების თავდასხმამ, რომელიც ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ ძალებს მიეწერებოდა, საუდის არაბეთის ხელისუფლებას აჩვენა, რამდენად დაუცველები იყვნენ ისინი ირანული რაკეტების წინაშე. ყურის არაბი მეზობლები, რომლებიც აშშ-ის მოკავშირეებად მიიჩნევიან, ამჟამად უკიდურესად შეშფოთებულნი არიან, რომ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო მოქმედება საბოლოოდ, მათზე უარყოფით გავლენას მოახდენს. მეხუთე სცენარი - ირანი საპასუხოდ, სპარსეთის ყურეში ნაღმების დამონტაჟებას გეგმავს. ეს დიდი ხანია, განიხილებოდა, როგორც გლობალური გადაზიდვებისა და ნავთობის მომარაგების პოტენციური საფრთხე ირან-ერაყის 1980-88 წლების ომის შემდეგ, როდესაც ირანმა მართლაც დანაღმა საზღვაო მარშრუტები და სამეფო საზღვაო ძალების ნაღმმტყორცნებმა უზრუნველყვეს მათი გაწმენდა. ირანსა და ომანს შორის მდებარე ვიწრო ჰორმუზის სრუტე კრიტიკულ სასაზღვრო პუნქტს წარმოადგენს. ყოველწლიურად, ამ სრუტეში, მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტის დაახლოებით 20% და ნავთობისა და ნავთობის სუბპროდუქტების 20-25% გადის. ირანმა საზღვაო ნაღმების სწრაფი განლაგების წვრთნები ჩაატარა. თუ ის ამას გააკეთებს, ეს მსოფლიო ვაჭრობასა და ნავთობის ფასებზე გარდაუვლად იმოქმედებს. მეექვსე სცენარი - ირანმა საპასუხო რეაგირება მოახდინა და ამერიკული სამხედრო გემი ჩაძირა სპარსეთის ყურეში სამხედრო ხომალდზე მყოფმა აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანმა განგვიცხადა, რომ ირანიდან მომდინარე ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც მას ყველაზე მეტად აწუხებს, „ჯგუფური თავდასხმაა.“ მაგალითად, ირანი ერთ ან რამდენიმე სამიზნეზე უშვებს იმდენად ბევრ მაღალი დონის დენთიან დრონსა და სწრაფ „ტორპედოს“, რომ აშშ-ის საზღვაო ფლოტის ძლიერი ახლო დაცვის სისტემა ვერ ასწრებს მათ სრულ და დროულ განადგურებას. ირანის საზღვაო ეკიპაჟები თავისი მომზადების დროის დიდ ნაწილს უთმობენ არასტანდარტულ ან „ასიმეტრულ“ ომს; ეძებენ გზებს, როგორ დაძლიონ აშშ-ის ფლოტის ტექნიკური უპირატესობა, თუმცა ასეთი სცენარი ნაკლებად სავარაუდოა.  მეშვიდეო სცენარი - რეჟიმის კოლაფსი და ქაოსი ეს რეალური საფრთხეა და ერთ-ერთი მთავარი შეშფოთების საგანია ისეთ მეზობელ ქვეყნებში, როგორიცაა, კატარი და საუდის არაბეთი. სამოქალაქო ომის შესაძლებლობასთან ერთად, როგორიც სირიას, იემენსა და ლიბიას ჰქონდათ, არსებობს რისკი, რომ ქაოსისა და დაბნეულობის პირობებში, ეთნიკური დაპირისპირებები შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს, როცა ქურთები, ბალუჯები და სხვა უმცირესობები თავიანთი ხალხის დაცვის მიზნით იმოქმედებენ. ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანას სიხარულს მიანიჭებდა ისლამური რესპუბლიკის დასრულება, განსაკუთრებით, ისრაელს, რომელმაც რეგიონში ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს უკვე მძიმე დარტყმები მიაყენა და რომელსაც ირანის სავარაუდო ბირთვული პროგრამის გამო, ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება. თუმცა არავის სურს, რომ მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში [დაახლოებით 93 მილიონი ადამიანი] ქაოსში აღმოჩნდეს, რამაც შეიძლება, ჰუმანიტარული და ლტოლვილთა კრიზისი გამოიწვიოს.  

ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გაააქტიურა

დღეს, 29 იანვარს, ეუთოს წევრმა 24-მა სახელმწიფომ „მოსკოვის მექანიზმი“ გაააქტიურა, რათა შეიქმნას საექსპერტო მისია. დამოუკიდებელი მისია დაადგენს ფაქტებს და გააკეთებს შესაბამის რეკომენდაციებს. ინიციატორი ქვეყნები არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი. შესაბამის განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წლის დეკემბერში ეუთოს 38-მა ქვეყანამ საქართველოსთან მიმართებით “ვენის მექანიზმი” გაააქტიურა, რათა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთება გამოეხატათ, თუმცა 2024 წლის დეკემბერსა და 2025 წლის იანვარში დემონსტრანტების მიმართ პოლიციის სისასტიკეზე კითხვები უპასუხოდ დარჩა, ადამიანის უფლებების ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით კი, ქვეყნების შეშფოთება კიდევ უფრო გაიზარდა“. „ჩვენ ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში. როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ, საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები,“ – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში. ეუთოს წევრი 24 ქვეყანა ავრცელებს იმ საკითხების ჩამონათვალსაც, რომლებიც მათივე შეფასებით, შეშფოთებას იწვევს – „საკანონმდებლო რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვას; სამართლებრივი ქმედებები ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნით; არჩევნების სამართლიანობა; დეზინფორმაციის გავრცელება მმართველი პარტიის მიერ; კამპანიები დიპლომატიური წარმომადგენლების წინააღმდეგ; გამოხატვის და მედიის თავისუფლების შეზღუდვები; პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები და დევნა; სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება რეპრესიების სისტემის განსამტკიცებლად; ბრალდებები თავისუფლებააღკვეთილ პირთა არასათანადო მოპყრობაზე; არაპროპორციული ძალის გამოყენება და თვითნებური დაკავებები; ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და ჟურნალისტების დევნა, დაშინება. ამის საფუძველზე, ქვეყნები იყენებენ 1991 წლის მოსკოვის შეხვედრის დოკუმენტის მე-12 პარაგრაფს, რათა შეიქმნას ფაქტების დამდგენი მისია საქართველოს ეუთოს ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად.“ მისიას დაევალება: „მოახდინოს საქართველოში ადამიანის უფლებებთან და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი მოვლენების დოკუმენტირება; შეაფასოს ამ მოვლენების გავლენა სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა სტრუქტურულ კომპონენტებზე; მოამზადოს რეკომენდაციები შეშფოთების საკითხების გადაჭრის შესახებ.“ განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს, ითანამშრომლოს მისიასთან. „მოვუწოდებთ საქართველოს, ითანამშრომლოს მისიასთან და ხელი შეუწყოს მის მუშაობას, მოსკოვის დოკუმენტის მე-6 პუნქტის შესაბამისად. მოსკოვის დოკუმენტის მე-10 პუნქტის შესაბამისად, შეიძლება, მისიის ერთი წევრი საქართველომ აირჩიოს ორგანიზაციის ექსპერტთა სიიდან. გათვალისწინებულია რუსეთის მიმდინარე სამხედრო ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ამიტომ, მისია თავის ანგარიშში შემოიფარგლება საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილებით, რომლებიც თბილისის კონტროლის ქვეშ არის,“ – წერია განცხადებაში. „მექანიზმის მიზანია, საქართველოს მიერ ეუთოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასება, განსაკუთრებით, 2024 წლის გაზაფხულის შემდგომ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც ეუთომ უკანასკნელად 2025 წლის 24 ივლისს უკრაინასთან მიმართებით გამოიყენა, წევრ სახელმწიფოებს შესაძლებლობას აძლევს, ჩამოაყალიბონ და გაგზავნონ ექსპერტთა საგანგებო მისია ეუთოს ადამიანური განზომილების სფეროსთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხის ან პრობლემის მოგვარების ხელშესაწყობად.  საქართველოსთან მიმართებით მოსკოვის მექანიზმი პირველად ამოქმედდა. მანამდე, 2024 წლის დეკემბერში, ეუთოს წევრმა 38 სახელმწიფომ ვენის მექანიზმი აამოქმედა, რათა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოეხატათ და დამატებითი ინფორმაცია გამოეთხოვათ. საქართველოს მხრიდან წარმოდგენილი პასუხის მიუხედავად, შეშფოთება კიდევ უფრო გაძლიერდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსკოვის მექანიზმის ექსპერტთა მისიის ამოცანაა: „უკანასკნელ პერიოდში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დოკუმენტირება; აღნიშნული მოვლენების გავლენის შეფასება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა სტრუქტურულ კომპონენტებზე, რომლებიც ეუთოს უსაფრთხოების ყოვლისმომცველი განსაზღვრების საფუძველია; ასევე, მისია შეიმუშავებს კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომლებიც აუცილებელია შეშფოთების გამომწვევი მიზეზების მოსაგვარებლად,“ - ნათქვამია თავის მხრივ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის განცხადებაში. ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“, [რომელიც ვენის მექანიზმს ეყრდნობა], 1991 წელს ადამიანური განზომილების კონფერენციის მესამე ეტაპზე მიიღეს. ორივე მექანიზმი ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით არის შექმნილი. მექანიზმი 1990 წელს კოპენჰაგენის დეკლარაციაში განავითარეს.  1991 წელს მოსკოვში გამართულ შეხვედრას მოჰყვა მექანიზმის პირველად გამოყენება საბჭოთა სივრცეში, რის შედეგადაც, მას დაერქვა „მოსკოვის მექანიზმი.“  შექმნის დღიდან „მოსკოვის მექანიზმი“ 15-ჯერ გაააქტიურეს, მათ შორის: 1992 წელს: ევროპის თანამეგობრობის 12 სახელმწიფოსა და აშშ-ის მოთხოვნით, – ხორვატიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში სამოქალაქო პირებზე სისასტიკისა და თავდასხმების გამოსაძიებლად. ბელორუსის 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - 14 წევრი ქვეყნის მოთხოვნით; 1999 წელს „მოსკოვის მექანიზმი“ გაააქტიურა რუსეთის ფედერაციამ NATO-ს სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ ყოფილ იუგოსლავიაში; ასევე, 2018 წელს 16-მა ქვეყანამ მოითხოვა რუსეთში, კერძოდ კი, ჩეჩნეთში, ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ვითარების გამოსაძიებლად. მექანიზმი ამოქმედდა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც. ასევე, 2024 წელს: ეუთოს 45 სახელმწიფოს მოთხოვნით, – რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების თვითნებური აღკვეთის გამოსაძიებლად.  

ევროკავშირმა ირანს ახალი სანქციები დაუწესა და “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

თეირანის მიერ საპროტესტო აქციების სასტიკი მეთოდებით ჩახშობის შემდეგ, ევროკავშირის მინისტრებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე ახალი სანქციები მიიღეს იმ ირანელი პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ირანში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილეობდნენ და უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს მხარს უჭერენ. ევროკავშირის სანქციები ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო 21 ფიზიკური პირისა და რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო 10 ორგანიზაციის წინააღმდეგ ამოქმედდება. მათ შორის არიან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურები, ირანის შინაგან საქმეთა მინისტრი ესქანდარ მომენი და გენერალური პროკურორი მოჰამად მოვაჰედი აზადი.  ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ 29 იანვარს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანონ. “არ შეიძლება, რეპრესიები უპასუხოდ დარჩეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მტკიცე ნაბიჯი გადადგეს ირანის “რევოლუციის გუშაგების” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებით. ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც ათასობით თავის მოქალაქეს კლავს, თავისი დაღუპვისკენ მიდის,” - წერს კალასი.  გადაწყვეტილებას ასევე მიესალმა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი. “მივესალმები პოლიტიკურ შეთანხმებას ირანის მკვლელი რეჟიმის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე და “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებაზე. ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო. “ტერორისტი” ზუსტად ის არის, თუ როგორ უნდა დაუძახო რეჟიმს, რომელიც სისხლში ახრჩობს თავისი ხალხის პროტესტს. ევროპა გვერდში უდგას ირანელ ხალხს თავისუფლებისთვის მათ მამაც ბრძოლაში,” - წერს ფონ დერ ლაიენი. “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ არის სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ირანში 1979 წლის ირანული რევოლუციის შემდეგ შეიქმნა. სავარაუდოდ, მას დაახლოებით 190 000 აქტიური პერსონალი ჰყავს, რომლებსაც აქვთ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობები.  გადაწყვეტილების შემდეგ “გუშაგთა კორპუსი” მოხვდება იმავე კატეგორიის ორგანიზაციებს შორის, როგორებიცაა, „ისლამური სახელმწიფო“, ჰამასი და „ალ-ქაიდა".  აშშ-ში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ირანში ძალადობის შედეგად, ბოლო კვირების განმავლობაში, სულ მცირე, 6373 ადამიანი დაიღუპა და, სავარაუდოდ, ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდია. ამავე ცნობით, 42450-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ტრამპი ირანს კიდევ ერთხელ აფრთხილებს  

დიდმა ბრიტანეთმა და ჩინეთმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე ათი ხელშეკრულება გააფორმეს

დაუნინგ სტრიტის განცხადებით, ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში ვიზის გარეშე 30 დღემდე მოგზაურობის უფლება ექნება. განცხადება პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. სტარმერი რვა წლის განმავლობაში პირველი ბრიტანელი ლიდერი გახდა, რომელიც ჩინეთს ეწვია. მთავრობა ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით პეკინთან უფრო მჭიდრო სავაჭრო კავშირების დამყარებას ცდილობს. თუმცა კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ დიდ ბრიტანეთს ჩინეთთან უფრო ფრთხილი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ეროვნული უსაფრთხოებისა და ქვეყნის ადამიანის უფლებების დარღვევის რისკის გამო. სავიზო შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი უცნობია, თუმცა მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება. დაუნინგ სტრიტმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი ბრიტანული ვისკის იმპორტზე გადასახადების 10%-დან 5%-მდე შემცირებას დათანხმდა. ამავდროულად, ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca 2030 წლამდე ჩინეთში 15 მილიარდ დოლარის (10.9 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) ინვესტიციას ჩადებს, შექმნის ახალ საწარმოო ობიექტებს და გააფართოებს თავის სამუშაო ძალას ქვეყანაში. პეკინში, სი ძინპინისთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც დაახლოებით საათსა და 20 წუთს გაგრძელდა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ შეიძლება, ჩინეთში არსებული „უზარმაზარი შესაძლებლობები“ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობისთვის სასარგებლოდ გამოიყენონ. გარდა ამისა, მიაღწიეს „კარგ პროგრესს“ არალეგალური მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობაში. ეს შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილ 10 შეთანხმებას შორისაა, რომლებიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ექსპორტი, განათლება და სურსათის უვნებლობა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან ასევე წამოჭრა საკამათო საკითხები, მათ შორის, დემოკრატიის მომხრე აქტივისტის ჯიმი ლაის დაპატიმრება და სინძიაგში უიღურული უმცირესობის მიმართ მოპყრობა. თავის მხრივ, პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის ურთიერთობებში „გარკვეული გადახვევები და შემობრუნებები შეინიშნება, რაც ქვეყნების ინტერესებს არ ემსახურებოდა.“ მან განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის დიალოგი „აუცილებელია“ „მღელვარე და ცვალებად“ სამყაროში. შეხვედრის შემდეგ, კირ სტარმერმა პრეზიდენტ სი ძინპინს საჩუქრად გადასცა ფეხბურთის ბურთი, რომელიც გასულ შაბათ-კვირას მანჩესტერ იუნაიტედსა და არსენალს შორის პრემიერ ლიგის მატჩში გამოიყენეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი არსენალის გულშემატკივარია, ჩინეთის პრეზიდენტი კი, „მანჩესტერ იუნაიტედს“ უჭერს მხარს. თავის მხრივ, სი ძინპინმა ბრიტანელ კოლეგას ცხენის სპილენძის ქანდაკება უსახსოვრა. ეს ვიზიტი სავაჭრო დაძაბულობის გამწვავების პერიოდში, მას შემდეგ შედგა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადას ჩინეთთან „სტრატეგიულ პარტნიორობაზე“ ხელმოწერის გამო 100%-იანი ტარიფებით დაემუქრა. სტარმერის ვიზიტი ოპოზიციურმა პარტიებმა გააკრიტიკეს.  

სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანელ მაღალჩინოსნებს აშშ-ში ყოფნის პრივილეგია გაუუქმა

სახელმწიფო დეპარტამენტმა უპასუხა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის გაფრთხილებას, რომ სამხედროები ჩახმახზე თითების დადებით მზად არიან, რათა აგრესიაზე რეაგირება მოახდინონ.“ მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკამ ირანელ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ში გამგზავრების პრივილეგია გაუუქმა. „მას შემდეგ, რაც ირანის ხალხი აგრძელებს ბრძოლას თავისი ძირითადი უფლებებისთვის, [რუბიომ] ამ კვირაში მიიღო ზომები საიმისოდ, რომ ირანელი მაღალი თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის შეერთებულ შტატებში ყოფნის პრივილეგია გაეუქმებინა,“ - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი X-ზე განთავსებულ პოსტში. ვაშინგტონი განმარტავს, რომ მათ, ვინც ირანის რეჟიმის სასტიკი ჩაგვრით სარგებლობენ, არ აქვთ უფლება, საიმიგრაციო სისტემით ისარგებლონ. ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების (HRANA) ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმს 28 დეკემბრიდან 6200-ზე მეტი მომიტინგის მკვლელობაში ადანაშაულებენ, ხოლო ინტერნეტთან კომუნიკაციის შეწყვეტის ფონზე, დამატებით, თითქმის 17100 ადამიანი დააკავეს. კითხვას, ჰქონდა თუ არა საუბარი ირანთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და გეგმავს თუ არა ამას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „მქონდა და ვგეგმავ. ამჟამად ირანისკენ ბევრი ჩვენი ძალიან დიდი, ძალიან მძლავრი გემი მიცურავს და კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება.“ რა გზავნილი გაუზიარა ირანელებს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანულ მხარესთან საუბრისას ორი მოთხოვნა ჰქონდა: ბირთვული იარაღის აკრძალვა და მომიტინგეების მკვლელობის შეჩერება. „მე მათ ორი რამ ვუთხარი: პირველი, არანაირი ბირთვული იარაღი და მეორე, შეწყვიტეთ მომიტინგეების დახოცვა. ისინი ათასობით ადამიანს კლავენ. იცით, ორი კვირის წინ 837 ადამიანის ჩამოხრჩობა შევაჩერე. მაგრამ მათ რაღაც უნდა გააკეთონ. არავის უნახავს მსგავსი რამ,“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.  

ტრამპის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოსთვის ჩინეთთან საქმიანი ურთიერთობების დაწყება სახიფათოა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოს აფრთხილებს, რომ პეკინთან საქმიანი ურთიერთობების დაწყება სახიფათოა. „მათთვის ამის გაკეთება ძალიან სახიფათოა და, ვფიქრობ, ჩინეთთან ბიზნესში ჩართვა კიდევ უფრო სახიფათოა კანადისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა. მანამდე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან „ძალიან თბილი, ძალიან კარგი შეხვედრები“ ჰქონდა. „ჩვენ თბილად ვითანამშრომლეთ და რეალურად მივაღწიეთ გარკვეულ პროგრესს, რადგან დიდ ბრიტანეთს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პეკინში, გაერთიანებული სამეფო-ჩინეთის ბიზნეს ფორუმის შეხვედრაზე. ის უვიზო მიმოსვლისა და ვისკის ტარიფების შემცირების შესახებ შეთანხმებებს მიესალმა. „ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი წვდომა, სიმბოლური იმისა, თუ რას ვაკეთებთ ამ ურთიერთობით. ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ ვაშენებთ ურთიერთნდობას და პატივისცემას, რაც ასე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ღონისძიებაზე, რომელსაც ბრიტანელი და ჩინელი ბიზნესმენები ესწრებოდნენ. დიდმა ბრიტანეთმა და ჩინეთმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე ათი ხელშეკრულება გააფორმეს  

რუსულმა „ლუკოილმა“ კიშინიოვის აეროპორტში მდებარე ობიექტი მოლდოვის სახელმწიფოს დაუბრუნა

რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ნავთობკომპანია „ლუკოილმა“, რომელმაც ამერიკული სანქციების გამო უცხოური აქტივები დათმო, კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტის ბენზინგასამართი ობიექტი მოლდოვას, სახელმწიფო საკუთრებაში დაუბრუნა.  გარდა ამისა, მოლდოვას ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, კომპანია იძულებული გახდა, გადაეხადა მრავალათასიანი ჯარიმა. მოლდოვის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინვენტარიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ „ლუკოილ მოლდოვასთან” შესაბამისი დოკუმენტი 29 იანვარს გაფორმდა. მოლდოვის სპეციალურმა საბჭომ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციების საკითხებს განიხილავს, კიშინიოვის აეროპორტიდან „ლუკოილის“ გასვლისა და 2005 წელს განხორციელებულ პრივატიზაციამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება 2025 წლის დეკემბერში მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილებით, „ლუკოილს“ აეკრძალა საქმიანობა სფეროებში, რომლებიც მოლდოვის სტრატეგიულ ინტერესებსა და სახელმწიფო უსაფრთხოებას უკავშირდება. რუსულ ნავთობკომპანიას კიშინიოვის აეროპორტში მდებარე ობიექტი მოლდოვის სახელმწიფოსთვის უნდა დაებრუნებინა 2026 წლის 9 იანვრამდე, თუმცა ეს ვადა დაარღვია, რის გამოც, მოლდოვის მთავრობამ 5 მილიონი ლეით (დაახლოებით 117 ათასი აშშ დოლარი) დააჯარიმა. „ლუკოილის“ უცხოურ აქტივებს ამერიკული კომპანია შეიძენს  

საქართველოსა და აზერბაიჯანის ნავსადგურებს შორის სპეციალური ბლოკ-მატარებელი დაინიშნა

პირველი ბლოკ-მატარებლის ფოთის ტერმინალში შესვლასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზების ხელმძღვანელები დაესწრნენ. ორ ნავსადგურს შორის ბლოკ-მატარებელი რეგულარული გრაფიკით იმოძრავებს. „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, ხსენებული ინიციატივა ხელს შეუწყობს ,,შუა დერეფანში“ საკონტეინერო ტვირთების უსაფრთხო და ეფექტურ გადაზიდვებს, რაც მარშრუტს უფრო მიმზიდველსა და მოთხოვნადს გახდის. ამასთან, “საქართველო და აზერბაიჯანი ტვირთმფლობელებს გამარტივებულ სერვისს - ,,ტერმინალიდან კარამდე“ სთავაზობენ.“ ბლოკ-მატარებლის ზუსტი მარშრუტია: ბათუმი-ფოთი-თბილისი-აპშერონი-სუმგაიტი-ალიატი.   

ბაქოს პორტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან და TRIPP-თან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდაში - ADY

„აზერბაიჯანის რკინიგზის" [ADY] განცხადებით, შუა დერეფნის გავლით, საკოინტეინერო ბლოკ-მატარებლები ევროპული დანიშნულების ადგილებს 18-25 დღეში აღწევენ. „ეს უპირატესობა ტვირთების ზრდას უწყობს ხელს, აძლიერებს დერეფნის ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალს და ზრდის ინვესტიციების მიმზიდველობას.“ ADY-მ აღნიშნა, რომ შუა დერეფნის ამუშავებამდე, ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთების ნაკადები ძირითადად სუეცის არხისა და ხმელთაშუა ზღვის გავლით საზღვაო მარშრუტებზე იყო დამოკიდებული, ტრანზიტის დრო კი - 35-დან 45 დღეს მოიცავდა. ADY-ს შეფასებით, ბაქოს პორტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან და TRIPP-თან ერთად, გადამწყვეტ როლს ასრულებს შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდაში. 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე, ორმხრივ შეთანხმებებს. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).   ცნობისთვის, შუა დერეფანი [ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი] (TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს და წარმოადგენს ტრადიციული ჩრდილოეთის და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივას. მარშრუტი იწყება ჩინეთში, გადის ცენტრალური აზიის ქვეყნებში - ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, კვეთს კასპიის ზღვას აზერბაიჯანის გავლით და გრძელდება საქართველოსა და თურქეთის გავლით, ვიდრე ევროპას მიაღწევს. ეს სახმელეთო მარშრუტი გვერდს უვლის უფრო გრძელ საზღვაო მარშრუტებს და უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს აღმოსავლეთ აზიას, მათ შორის, ჩინეთს, და ევროპას შორის.  

როგორ მოქმედებს "ენერგეტიკული ზავი"

დონალ ტრამპმა პუტინს სთხოვა, შეეჩერებინა კიევსა და სხვა ქალაქებში ელექტროსადგურებზე დარტყმები, თუმცა კრემლის თქმით, დარტყმების შეჩერების ვადა კვირას, პირველ თებერვალს იწურება.  არც აშშ-ის ლიდერმა და არც მოსკოვმა არ დააკონკრეტეს, თუ როდის მიმართა ტრამპმა პუტინს თხოვნით.  უკრაინული მედიის ცნობით, დაბნეულობა წარმოიშვა როგორც დროის, ასევე, სავარაუდო წინადადების ფარგლების შესახებ.  Financial Times-ის ჟურნალისტმა კრისტოფერ მილერმა კიევში წყაროებზე დაყრდნობით თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ტრამპის მიერ პუტინისადმი თხოვნის შესახებ, მისი საჯარო გამოსვლიდან შეიტყო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონის გარდა, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მტრის მხრიდან დარტყმა არ ყოფილა. ეს განცხადება ზელენსკიმ ტრადიციული მიმართვისას, 30 იანვრის საღამოს გააკეთა. „ჩვენს ყველა რეგიონში, პარასკევის ღამიდან მოყოლებული, ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები ნამდვილად არ განხორციელებულა - თითქმის არ ყოფილა. გამონაკლისი იყო დონეცკის ოლქი, სადაც ავია ბომბებით ერთი დარტყმა განხორციელდა გაზის ინფრასტრუქტურაზე.“ უკრაიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა თავდასხმები ლოგისტიკისა და საკვანძო სარკინიგზი ჰაბებისკენ გადაიტანა.  კერძოდ, დნეპროპეტროვსკის რეგიონში დარტყმა განხორციელდა უკრაინის რკინიგზის კომპანიის ვაგონ-ელექტროსადგურზე.  ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინის ქალაქებზე მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ჩვეული თავდასხმები დრონებით, რაკეტებითა და საჰაერო ბომბებით. ხარკოვის რეგიონში ბალისტიკური დარტყმის შედეგად, ამერიკული კომპანია Philip Morris-ის საწყობები დაზიანდა, რამაც დიდი ხანძარი გამოიწვია. სხვა თავდასხმები დაფიქსირდა ნიკოპოლში, ხერსონის და ხარკოვის, სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში. „აშშ-ის მხარემ ისაუბრა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ერთი კვირის განმავლობაში თავშეკავების შესახებ - ათვლა ღამით დაიწყო. როგორ განვითარდება ეს ყველაფერი, დიდწილად, ჩვენს პარტნიორებზე - შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. უკრაინა მზადაა, თავი შეიკავოს და დღეს ჩვენ, რუსულ ენერგეტიკულ ობიექტებს თავს არ დავსხმივართ,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.  შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 30 იანვარს დაადასტურეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სთხოვა კიევზე დარტყმების დროებით შეწყვეტა. პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი დათანხმდა  ტრამპის თხოვნას, დარტყმებისგან პირველ თებერვლამდე შეიკავოს თავი, რათა შეიქმნას „ხელსაყრელი პირობები“ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. მან არ დააკონკრეტა, როდის სთხოვა ტრამპმა პუტინს დარტყმების შეჩერება. გაურკვეველი დარჩა, პესკოვი „კიევს“ მხოლოდ დედაქალაქთან მიმართებით იყენებდა, სადაც უკრაინაში რუსეთის დარტყმების შემდეგ ასობით ბინა გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, თუ მთელი ქვეყნის აღსანიშნავად. პესკოვმა არ ახსენა ცივი ამინდი და არც ის დააკონკრეტა, თავს შეიკავებდა თუ არა რუსეთი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვისგან. სამაგიეროდ, შეთანხმება აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მცდელობად წარმოაჩინა. „პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ პუტინს სთხოვა, თავი შეიკავოს კიევზე დარტყმებისგან ერთი კვირის განმავლობაში, 1-ელ თებერვლამდე, მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის პერიოდში. დიახ, პრეზიდენტ ტრამპის პირადი თხოვნა იყო,“ - განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: მხარს უჭერს თუ არა მოსკოვი ვაშინგტონის ინიციატივას. „ძლიერი სიცივის გამო, მე პირადად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა კიევი და სხვა ქალაქები. ეს უბრალოდ სიცივე არ არის; ეს არის რეკორდულად დაბალი ტემპერატურა.“ "ასეთი სიცივე მათ არასდროს განუცდიათ. და ამიტომ, პირადად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, ერთი კვირის განმავლობაში არ განახორციელოს დარტყმები კიევზე ან სხვა ქალაქებზე. ის ამაზე დათანხმდა და უნდა გითხრათ, რომ ეს ძალიან სასიამოვნო იყო,“ - განაცხადა 29 იანვარს ტრამპმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, თეთრ სახლში. აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, როდის იწურება „ენერგეტიკული ზავის“ პერიოდი. თავის მხრივ, ზელენსკიმ იმედს გამოთქვა, რომ რუსული მხარე შეთანხმებას შეასრულებდა, ტრამპს კი, მადლობა გადაუხადა. „დონალდ ტრამპის განცხადება კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობის შესახებ მნიშვნელოვანია ამ ექსტრემალური ზამთრის პერიოდში. ელექტროენერგიით მომარაგება სიცოცხლის საფუძველია. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების ძალისხმევას, დაგვეხმარონ სიცოცხლის დაცვაში. გმადლობთ, პრეზიდენტო ტრამპ! ჩვენმა გუნდებმა ეს საკითხი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განიხილეს. ჩვენ ველით, რომ შეთანხმებები ამოქმედდება. დეესკალაციის ნაბიჯები ხელს უწყობს ომის დასრულებისკენ მიმართულ რეალურ პროგრესს,“ – განაცხადა ზელენსკიმ 29 იანვრის საღამოს. 30 იანვარს ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის არ ყოფილა პირდაპირი დიალოგი და შეთანხმება ენერგოობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ. ზელენსკის თქმით, სხვადასხვა, „ყველაზე მგრძნობიარე“ საკითხი აბუ-დაბიში გამართულ შეხვედრაზე განიხილებოდა. უკრაინის პრეზიდენტმა 30 იანვარს დაწერა X-ზე, რომ „გუშინ ღამით, ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები არ განხორციელებულა“, თუმცა 29 იანვრის შუადღისას, რუსეთის ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას რამდენიმე ოლქში შეუტიეს.  ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა დარტყმები ლოგისტიკურ სამიზნეებზე გადაიტანა და „ქალაქებში ჩვეულებრივ საცხოვრებელ უბნებზე“ დრონებით თავდასხმები გრძელდება. მანვე განმარტა, რომ ხარკოვის ოლქზე ბალისტიკური დარტყმის შედეგად, სამოქალაქო საწარმოო ობიექტის საწყობები დაზიანდა. ეს ამერიკული კომპანიაა. ამავე დროს, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ღამით უკრაინის მიმართულებით ათობით დრონი და რაკეტა გაუშვა. „30 იანვრის ღამეს [06:00 საათიდან] მოწინააღმდეგემ, ვორონეჟის ოლქიდან „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 111 სადესანტო დრონი გაუშვა,“ - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.  თუმცა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხელისუფლების ცნობით, 30 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით რუსეთის საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 20 დაშავდა. ცნობისთვის, რუსეთმა ბოლოს რაკეტებითა და დრონებით მასობრივი დარტყმა უკრაინის დედაქალაქზე 24 იანვრის ღამით განახორციელა, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია კიევის 80%-ში, ზამთრის ტემპერატურის ვარდნის ფონზე. 27 იანვრის ღამით, რუსეთმა ოდესაში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ შენობებზე მასობრივი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.  რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ აგრძელებს ომს. მისი ჯარები დიდი ხანია, ინტენსიურად უტევენ უკრაინის ენერგოობიექტებს. ენერგოკრიზისის გამო კი, ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი მოქმედებს.  უკრაინამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გამართეს პირველი სამმხრივი მოლაპარაკება, რომელზეც ომის დასრულების პირობები განიხილებოდა. სამმხრივი მოლაპარაკება პირველ თებერვალსაც გაგრძელდება.