ძებნის რეზულტატი:
რუბიომ აზერბაიჯანი სომხეთისთვის საწვავის მიწოდების გამო შეაქო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 19 იანვარს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა რუბიომ შეაქო აზერბაიჯანის მთავრობის მიერ სომხეთში საწვავის მიწოდება - მნიშვნელოვანი ჟესტი, რომელიც აჩვენებს აზერბაიჯანის ერთგულებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიმართ, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში გამართულ სამიტზე გაასაჯაროვა. აზერბაიჯანიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, ნავთობპროდუქტების მორიგი პარტია გაიგზავნა უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით ნდობის აღდგენის სხვა ზომებზე და აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობების პოზიტიური განვითარება შეაქეს. ამერიკამ და სომხეთმა „ტრამპის მარშრუტის“ ახალი დეტალები გაასაჯაროვეს
აზერბაიჯანი „მშვიდობის საბჭოში“ ტრამპის მიწვევას დასთანხმდა
აზერბაიჯანის მთავრობის განაცხადებით, ქვეყანამ მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შეუერთდეს. „აზერბაიჯანი, როგორც ყოველთვის, მზადაა აქტიურად შეიტანოს წვლილი საერთაშორისო თანამშრომლობაში, მშვიდობასა და სტაბილურობაში,“ - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ღაზის „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევა ტრამპისგან ფაშინიანმაც მიიღო
აშშ-მ კარიბის ზღვაში მეშვიდე ნავთობტანკერი დააკავა
აშშ-მა კარიბის ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა. აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ დაკავებული ნავთობტანკერი Sagitta, რომელიც გაიანას დროშის ქვეშ ცურავს, რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის. „დღეს დილით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მხარდაჭერით, ინციდენტების გარეშე ხომალდი Sagitta დააკავეს. კიდევ ერთი ტანკერის დაკავება, რომელიც კარიბის ზღვაში პრეზიდენტ ტრამპის მიერ სანქცირებულ ხომალდებზე დაწესებულ კარანტინს არღვევდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ვენესუელას მხოლოდ ის ნავთობი დატოვებს, რომლის გასვლაც კანონით იქნება გათვალისწინებული,“ - ნათქვამია აშშ-ის სამხრეთის სარდლობის განცხადებაში. აშშ-ის მიერ ნავთობტანკერის დაკავებაში ბრიტანეთიც მონაწილეობდა სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ლიბერიის დროშით მცურავი ტანკერი Sagitta ჰონგ-კონგის ერთ-ერთი კომპანიის საკუთრებაა. ის, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ მოექცა. გამორთული იყო ტანკერის ტრანსპონდერი, რომელიც მის მდებარეობას გადასცემს. ბოლოს ის ორი თვის წინ ჩაირთო, როდესაც გემი ბალტიის ზღვას ტოვებდა. დაკავებული ტანკერები ან აშშ-ის სანქციების ქვეშ იყო, ან იყო ნაწილი ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის, რომლის ხომალდებიც თავიანთ წარმომავლობას ნიღბავენ, რათა ნავთობი გადაზიდონ სანქციების ქვეშ მყოფი სახელმწიფოებიდან - ირანიდან, რუსეთიდან, ვენესუელიდან. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ჩამორთმეული ნავთობის გაყიდვიდან მიღებულ თანხას ვენესუელის ნავთობის ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოიყენებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე მიიღო 50 მილიონი ბარელი ვენესუელური ნავთობი, რომელიც გლობალურ ბაზრებზე იყიდება და „ხელს უწყობს ნავთობის ფასების მნიშვნელოვან ვარდნას.“
კანადის პრემიერი: ძველი მსოფლიო წესრიგი არ დაბრუნდება
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ სამიტზე გამოსვლისას ისაუბრა საშუალო დონის სახელმწიფოებზე, და დიდი სახელმწიფოების მოქმედებებში არარსებულ შეზღუდვებზე. კარნი ამბობს, რომ ძველი მსოფლიო წესრიგი „არ დაბრუნდება.“ მან საშუალო ძალებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. „საშუალო ძალებმა ერთად უნდა იმოქმედონ, რადგან თუ მაგიდასთან არ ხარ, მენიუში ხარ. დიდ ძალებს შეუძლიათ მარტო მოქმედება — მათ აქვთ ბაზრის მასშტაბი, სამხედრო შესაძლებლობები და ბერკეტები პირობების კარნახისთვის. საშუალო ძალებს — არა...,“ ამბობს კარნი. მისი აზრით, ძლიერები ეკონომიკურ იძულებას იყენებენ იმის მისაღწევად, რაც სურთ. მან ასევე დაადასტურა კანადის მხარდაჭერა გრენლანდიის, დანიისა და NATO-ს ალიანსის მიმართ, რამაც დარბაზში აპლოდისმენტები გამოიწვია. როგორც BBC წერს, კარნიმ დონალდ ტრამპი არ ახსენა, მაგრამ მისი ზოგიერთი შენიშვნა, როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტისკენ იყო მიმართული, რომელიც ევროპელ მოკავშირეებსა და დიდ ბრიტანეთს ტარიფების დაწესებით ემუქრება, თუ გრენლანდია აშშ-ს არ გადაეცემა. ტრამპი საკუთარი სიტყვით გამოსვლას დღეს გეგმავს. „დიდი სახელმწიფოები“ ხშირად განისაზღვრება ქვეყნებად, რომლებსაც გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმიი ადგილები აქვთ - ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები - რაც მათ ეკონომიკურ და სამხედრო დომინირებაზე მიუთითებს მსოფლიოში. საშუალო სახელმწიფოები - კანადა, ავსტრალია, არგენტინა, სამხრეთ კორეა და ბრაზილია, ის ქვეყნებია, რომლებიც ჯერ კიდევ დიდ გავლენას ახდენენ გლობალურ პოლიტიკაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათი ეკონომიკა უფრო მცირეა“ - თავის გამოსვლაში კარნიმ განაცხადა, რომ მსოფლიო „გარდამავალი პერიოდის“ შუაგულშია. „დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი — ეს არის დიდი სახელმწიფოების გამწვავებული მეტოქეობის სისტემა, სადაც ყველაზე ძლიერები საკუთარ ინტერესებს ეკონომიკური ინტეგრაციის იძულების იარაღად გამოყენებით აღწევენ... დიდმა სახელმწიფოებმა დაიწყეს ეკონომიკური ინტეგრაციის იარაღად გამოყენება, ტარიფების ბერკეტად, ფინანსური ინფრასტრუქტურის — იძულების საშუალებად, ხოლო მიწოდების ჯაჭვების — მოწყვლად სუსტ წერტილებად გამოყენება,“ — აღნიშნა კარნიმ. მანვე აღნიშნა, რომ კანადა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოფხიზლების ზარი შეისმინა, რომ გეოგრაფია და ისტორიული ალიანსები აღარ იძლევა უსაფრთხოების ან კეთილდღეობის გარანტიას. კარნიმ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ გეოპოლიტიკის ცვლილებასთან ადაპტაციის მიზნით, კანადა ახლა სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობასა და „სხვადასხვა კოალიციის შექმნაზეა ორიენტირებული - საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებით.“ პრემიერ-მინისტრმა კანადა „სტაბილურ და საიმედო“ პარტნიორად მოიხსენია და აღნიშნა ჩინეთთან და კატართან ბოლო დროს მიღწეული სავაჭრო/საინვესტიციო შეთანხმებები, ასევე, თავდაცვის შესყიდვების პაქტი, რომელიც კანადამ გასულ წელს ევროკავშირთან გააფორმა. კარნი ამ კვირაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე რამდენიმე მსოფლიო ლიდერს შორისაა. „დღეს მე ვისაუბრებ მსოფლიო წესრიგის რღვევაზე, ლამაზი ისტორიის დასასრულსა და იმ სასტიკი რეალობის დასაწყისზე, სადაც დიდ სახელმწიფოებს შორის გეოპოლიტიკა არანაირ შეზღუდვას არ ექვემდებარება. თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, რომ სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით, ისეთი საშუალო დონის სახელმწიფოები, როგორიცაა, კანადა, უძლურები არ არიან. მათ აქვთ ახალი წესრიგის შექმნის უნარი, რომელიც განასახიერებს ჩვენს ღირებულებებს: ადამიანის უფლებების პატივისცემას, მდგრად განვითარებას, სოლიდარობას, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას. ნაკლებად ძლიერთა ძალაუფლება პატიოსნებით იწყება. ყოველდღე გვახსენებენ, რომ დიდი ძალების მეტოქეობის ეპოქაში ვცხოვრობთ; რომ წესებზე დაფუძნებული წესრიგი ქრება; რომ ძლიერები აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ, ხოლო სუსტები იტანჯებიან...ეს წარმოდგენილია როგორც თითქოს, ბუნებრივი და გარდაუვალი წესრიგი. და ამ ლოგიკის წინაშე ქვეყნებს ძლიერი მიდრეკილება აქვთ, „მიჰყვნენ დინებას“, რათა თანხმობაში იყვნენ სხვებთან; მოერგონ; თავი აარიდონ პრობლემებს; და იმედი ჰქონდეთ, რომ დამორჩილება მათ უსაფრთხოებას მოუტანს. ეს არ მოხდება,“ აღნიშნავს კარნი და სვამს შეკითხვას: რა ვარიანტები გვაქვს? კანადის პრემიერი იხსენებს ვაცლავ ჰაველის მაგალითს, როცა კომუნისტურ სისტემაში ადამიანები არ ეთანხმებოდნენ იდეოლოგიას, მაგრამ მაინც „თამაშობდნენ წესებით“, პრობლემების თავიდან ასარიდებლად. სწორედ ეს ჩუმი თანხმობა აძლიერებდა სისტემას. სისტემა ძალას იღებდა არა სიმართლიდან, არამედ, ადამიანების მზაობიდან, ეცხოვრათ ტყუილში. ხოლო როცა ერთი მაინც წყვეტს ამ თამაშს, სისტემა სუსტდება. „ჩვენ ვიცოდით, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესახებ ეს ნარატივი ნაწილობრივ მცდარი იყო; რომ ყველაზე ძლიერები საჭიროების შემთხვევაში თავად ათავისუფლებდნენ თავს წესებისგან; რომ სავაჭრო წესები ასიმეტრიულად აღსრულდებოდა; და რომ საერთაშორისო სამართალი სხვადასხვა სიმკაცრით გამოიყენებოდა — იმის მიხედვით, ვინ იყო ბრალდებული ან ვინ იყო მსხვერპლი. ეს ფიქცია სასარგებლო იყო და განსაკუთრებით ამერიკული ჰეგემონია ეხმარებოდა „საზოგადოებრივი სიკეთეების“ უზრუნველყოფას: ღია საზღვაო მარშრუტებს, სტაბილურ ფინანსურ სისტემას, კოლექტიურ უსაფრთხოებას და დავების მოგვარების ჩარჩოების მხარდაჭერას,“ - განაცხადა კანადის პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ “ჩვენ ვიმყოფებით გახლეჩის პროცესში და არა გარდამავალ ეტაპზე.“ კარნის შეფასებით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ფინანსურმა, ჯანდაცვის, ენერგეტიკულმა და გეოპოლიტიკურმა კრიზისებმა ნათლად აჩვენა გლობალური ინტეგრაციის რისკები. კანადის პრემიერის შეფასებით, შეუძლებელია „ტყუილში ცხოვრება“ ურთიერთსასარგებლო ინტეგრაციის იდეით მაშინ, როდესაც თავად ინტეგრაცია ხდება დაქვემდებარების წყარო. მისი განცხადებით, ბევრი ქვეყანა ერთსა და იმავე დასკვნამდე მიდის: მათ უნდა განავითარონ უფრო დიდი სტრატეგიული ავტონომია — ენერგეტიკაში, საკვებში, კრიტიკულ მინერალებში, ფინანსებში და მიწოდების ჯაჭვებში. „საშუალო ძალებისთვის, როგორიცაა კანადა, კითხვა აღარ არსებობს, უნდა მოერგოს თუ არა ამ ახალ რეალობას. უნდა მოერგოს. კითხვა ის არის — მოვერგებით თუ უბრალოდ უფრო მაღალ კედლებს ავაშენებთ, თუ შევძლებთ რაღაც უფრო ამბიციურს. ჩვენი ახალი მიდგომა ეფუძნება იმას, რასაც ალექსანდერ სტუბმა „ღირებულებებზე დაფუძნებული რეალიზმი“ უწოდა — ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვცდილობთ, ვიყოთ პრინციპულებიც და პრაგმატულებიც. პრინციპულები ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ ერთგულებაში: სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ძალის გამოყენების აკრძალვა გაეროს ქარტიის შესაბამისობის გარეშე; ადამიანის უფლებების პატივისცემა. პრაგმატულები იმის აღიარებაში, რომ პროგრესი ხშირად ეტაპობრივია, ინტერესები განსხვავდება და ყველა პარტნიორი არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს. ჩვენ ფართოდ და სტრატეგიულად ვერთვებით ურთიერთობებში — გახელილი თვალებით. ჩვენ ვმოქმედებთ სამყაროსთან ისეთი სახით, როგორიც ის არის, და არ ველოდებით ისეთ სამყაროს, როგორიც გვინდა, რომ იყოს.“ კანადის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის გულუბრყვილო მულტილატერალიზმი. და არც დასუსტებულ ინსტიტუტებზე დაყრდნობა. ეს არის მოქმედი კოალიციების შექმნა. „საშუალო ძალებმა ერთად უნდა იმოქმედონ, რადგან თუ მაგიდასთან არ ხარ, მენიუში ხარ. დიდ ძალებს შეუძლიათ მარტო მოქმედება — მათ აქვთ ბაზრის მასშტაბი, სამხედრო შესაძლებლობები და ბერკეტები პირობების კარნახისთვის. საშუალო ძალებს — არა... დიდ ძალებს შორის კონკურენციის სამყაროში შუაში მყოფ ქვეყნებს არჩევანი აქვთ: იბრძოლონ ერთმანეთთან კეთილგანწყობისთვის, თუ გაერთიანდნენ და შექმნან მესამე გზა — რეალური გავლენით. არ უნდა დავუშვათ, რომ მკაცრი ძალის აღზევებამ დაგვაბრმავოს იმ ფაქტის მიმართ, რომ ლეგიტიმაციის, მთლიანობისა და წესების ძალა კვლავ ძლიერი დარჩება — თუ ერთად გადავწყვეტთ მის გამოყენებას,“- აღნიშნა კანადის პრემიერმა.
დონალდ ტრამპის თვითმფრინავი, მცირე პრობლემის გამო, ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშაბათს ღამით უსაფრთხოდ დაეშვა Air Force One-ით ვაშინგტონის მახლობლად, ენდრიუსის ერთობლივ ბაზაზე, მას შემდეგ, რაც მექანიკური პრობლემის გამო, თვითმფრინავი ენდრიუსის ბაზაზე დაბრუნდა. Air Force One-ის ეკიპაჟმა აფრენის შემდეგ მცირე ელექტრო პრობლემა აღმოაჩინა, რის გამოც თვითმფრინავი უკან დაბრუნდა. აშშ-ის პრეზიდენტი დავოსში სხვა თვითმფრინავით გაემგზავრება.
რა თქვეს ბაქომ და ერევანმა სატრანსპორტო დერეფნებთან დაკავშირებით
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა სომხური მხარისგან მოთხოვნა მიიღო, რომ სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტი დაშვებულიყო და ბაქომ, ფაქტობრივად, ცალმხრივად გახსნა დერეფნები სომხეთისთვის. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე განაცხადა. ალიევის თქმით, ამჟამად [სომხური ტვირთის] ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, თუმცა არც ისე შორს არის დრო, როცა ტრანზიტი პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით იქნება უზრუნველყოფილი. „აზერბაიჯანმა ყაზახეთიდან და რუსეთიდან სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა. ახლა სომხური მხარისგან მივიღეთ მოთხოვნა, სომხეთიდან რუსეთში ტრანზიტის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ჩვენ, ფაქტობრივად, ცალმხრივად გავხსენით დერეფნები. დიახ, ამჟამად ტრანსპორტირება საქართველოს გავლით ხორციელდება, მაგრამ ერთ დღეს ის სომხეთზე გაივლის. ერთ დღეს ტრანზიტი უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირ სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით და ეს დღე არც ისე შორს არის,“ - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ალიევმა აღნიშნა, TRIPP-ისა და შეერთებული შტატების მიერ ამჟამად მიმდინარე დაკავშირებადობის პროექტის ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში ამოქმედდება ახალი სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც დაემატება უკვე არსებულ დერეფნებს, რომლებიც საქართველოს გავლით გადის. მან ისაუბრა სამომავლოდ ტვირთების პირდაპირ ბრუნვაზე თურქეთიდან აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სომხეთს, სომხეთსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის. „ჩვენ ძალიან მჭიდრო ალიანსი დავამყარეთ თურქეთთან, რომელიც მოძმე ქვეყანაა და ინვესტიციები თურქეთში 20 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ჩვენ ასევე ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში. TRIPP-ისა და შეერთებული შტატების მიერ დაკავშირებადობის პროექტის მეშვეობით, ჩვენ შევქმნით ახალ სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც აზიიდან კასპიის ზღვის გავლით, აზერბაიჯანის, სომხეთის, აზერბაიჯანის ნაწილის - ნახიჩევანის - თურქეთის გავლით და მეტიც, ევროპის მიმართულებით იქნება გადაჭიმული - საქართველოზე გამავალი დერეფნების დამატებით.“ რაც მეტია მარშრუტი, მით უკეთესია მომხმარებლებისთვის, მომწოდებლებისთვის, სატრანზიტო ქვეყნებისთვის,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ალიევის თქმით, აზერბაიჯანისთვის პრიორიტეტი არის რეგიონი და მისი უშუალო მეზობლები. „მოხარული ვარ, რომ დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ძალიან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობების დამყარება ყველა ჩვენს მეზობელთან, რა თქმა უნდა, სომხეთის გარდა - კარგად ცნობილი მიზეზების გამო. ფაქტობრივი მშვიდობის დამყარების შემდეგ, ჩვენ ასევე დავიწყეთ ეკონომიკური თანამშრომლობა და ექსპორტის ოპერაციები,“ - აღნიშნა ილჰამ ალიევმა. თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა იმავე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ცვალებად სამყაროში სამხრეთ კავკასიისა და შუა დერეფნის როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და რეგიონის მნიშვნელობა ევროკავშირის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიისთვის იზრდება. „ორი წლის წინ, თუნდაც ერთი წლის წინ, წარმოუდგენელი ჩანდა, რომ ეს შეიძლებოდა, მომხდარიყო ასეთ მოკლე დროში, როდესაც სომხეთს უკვე აქვს შესაძლებლობა, აზერბაიჯანიდან საქონელი პირდაპირ, საქართველოს გავლით მიიღოს. დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც ამ საქონელს უბრალოდ ჩვენი ტერიტორიების გავლით მივიღებთ, ანუ აზერბაიჯანი-სომხეთის და ნახიჩევანი-სომხეთის მარშრუტებით,“ - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა. საქართველოს მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტები 20 იანვარს, დავოსის პანელურ დისკუსიაში, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ერთად მონაწილეობდნენ. ცნობისთვის, ერევანი რუსეთიდან სომხეთში თხევადი ბუნებრივი აირის აზერბაიჯანის გავლით რკინიგზით ტრანსპორტირების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პრესმდივანმა ლილიტ შაბოიანმა 19 იანვარს განაცხადა. კითხვას, როდის იქნებოდა ეს შესაძლებელი, პრესმდივანმა უპასუხა: „მალე“, კონკრეტული თარიღის დაკონკრეტების გარეშე. „ვინაიდან ჩვენ გაზს ორი ძირითადი ქვეყნიდან – ირანიდან და რუსეთიდან – ვიღებთ, ირანში გარკვეული პრობლემები წარმოიშვა ცნობილი გარემოებების გამო და რუსეთთან დაკავშირებული პრობლემები ზემო ლარსს უკავშირდება. თუმცა ეს საკითხი ძალიან მალე მოგვარდება, რადგან სომხეთში თხევადი გაზის იმპორტი რკინიგზით დაიწყება და რუსული თხევადი გაზი სომხეთში ძალიან მალე აზერბაიჯანის გავლით შევა. განიხილება რუსეთიდან სომხეთში თხევადი გაზის რკინიგზით იმპორტის ვარიანტი,“ – განაცხადა სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა. News.am-ის ცნობით, სომხეთში თხევადი ბუნებრივი აირის ფასი ბოლო დღეებში თითქმის გაორმაგდა. სარკინიგზო ტრანზიტის აღდგენა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სომხეთში სატვირთო გადაზიდვებზე შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი შეთანხმება 2025 წლის ოქტომბერში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობების მონაწილეობით გაფორმდა. ასევე წაიკითხეთ: ამერიკამ და სომხეთმა „ტრამპის მარშრუტის“ ახალი დეტალები გაასაჯაროვეს აზერბაიჯანმა საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები მოხსნა რუბიომ აზერბაიჯანი სომხეთისთვის საწვავის მიწოდების გამო შეაქო აზერბაიჯანიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, ნავთობპროდუქტების მორიგი პარტია გაიგზავნა
ე.წ. პრეზიდენტმა გაგლოევმა ოკუპირებულ ცხინვალში "მთავრობა" დაითხოვა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა ბრძანებას "მთავრობის დათხოვნის" შესახებ. ინფორმაცია დღეს 21 იანვარს მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა. სააგენტო Рес-ი წერს, რომ გაგლოევმა "მთავრობის მეთაური" კონსტანტინ ჯუსოევი "მისი განცხადების საფუძველზე" გაათავისუფლა. ჯუსოევის მოვალეობას "ვიცე-პრემიერი" ძამბოლატ ტადტაევი შეასრულებს. "სამხრეთ ოსეთის მინისტრთა კაბინეტს დაევალა თავისი მოვალეობების შესრულება ახალი მთავრობის ფორმირებამდე,“ - ნათქვამია განცხადებაში. ოპოზიციურ ტელეგრამ-არხებზე გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ჯუსოევის გადადგომა დაკავშირებულია რუსული დაფინანსების არამიზნობრივ გამოყენებასთან და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ კითხვებთან. ირწმუნებიან, მოსკოვი დაინტერესდა „სად გაქრა 2,5 მილიარდი რუბლი... ალან გაგლოევი ყველაფერში კონსტანტინ ჯუსოევს დაადანაშაულებს,“ - წერს BONV[Ӕ]RNON-ი. ჯუსოევი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობას 2022 წლიდან, ალან გაგლოევის "საპრეზიდენტო არჩევნებში" გამარჯვების შემდეგ ხელმძღვანელობს. მანამდე ჯუსოევი სამშენებლო ბიზნესში იყო ჩართული. მისი კომპანიები ოკუპირებულ ცხინვალში რამდენიმე პროექტის მშენებლობაში მონაწილეობდა.
ტრამპი დავოსში: არ გამოვიყენებ ძალას, ერთადერთი, რასაც აშშ ითხოვს, არის გრენლანდია - ყინულის ნაჭერი გვინდა მსოფლიოს დასაცავად
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გრენლანდიის შესყიდვასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს ცდილობს. აშშ მხოლოდ გრენლანდიას ითხოვს. “არაფერი მოგვითხოვია და არასდროს არაფერი მიგვიღია. სავარაუდოდ, არაფერს არ მივიღებთ, თუ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას არ გადავწყვეტ, როდესაც, სიმართლე გითხრათ, შეუჩერებელი ვიქნებით. მაგრამ არ მინდა ამის გაკეთება. ახლა ყველა ამბობს: “ოჰ, კარგი”. ეს სავარაუდოდ ყველაზე დიდი განცხადებაა, რომელიც გამიკეთებია. ხალხს ეგონა, რომ ძალას გამოვიყენებდი. არ მჭირდება ძალის გამოყენება, არ მინდა ძალის გამოყენება, არ გამოვიყენებ ძალას. ერთადერთი რამ, რასაც აშშ ითხოვს, არის ადგილი სახელად “გრენლანდია”, რომელიც უკვე გვქონდა როგორც მეურვეს, მაგრამ პატივისცემით დანიას დავუბრუნეთ არც ისე დიდი ხნის წინ, მას შემდეგ, რაც გერმანელები, იაპონელები, იტალიელები და სხვები დავამარცხეთ მეორე მსოფლიო ომში. დავუბრუნეთ ის. ძლიერები ვიყავით მაშინ, მაგრამ ახლა გაცილებით უფრო ძლიერები ვართ,” - განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამერიკას გრენლანდია სურს მსოფლიოს დაცვისთვის. „ასე რომ, ყინულის ნაჭერი გვინდა მსოფლიოს დასაცავად. და ისინი არ გვაძლევენ. არასდროს სხვა არაფერი არ მოგვითხოვია და მიწის ეს ნაჭერი შეგვეძლო შეგვენარჩუნებინა და არ შევინარჩუნეთ. ასე რომ, მათ არჩევანი აქვთ, შეგიძლიათ თქვათ “კი” და ძალიან დავაფასებთ ამას, ან შეგიძლიათ თქვათ “არა” და ამას დავიმახსოვრებთ. ძლიერი და უსაფრთხო ამერიკა ძლიერ NATO-ს ნიშნავს,” - განაცხადა ტრამპმა. ტრამპის თქმით, ევროპა უკრაინის ომზე უნდა კონცენტრირდეს და არა გრენლანდიაზე
ევროპარლამენტი „მერკოსურთან“ გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებას სასამართლოში გაასაჩივრებს
ევროპარლამენტმა 334 ხმით 324-ის წინააღმდეგ სამხრეთ ამერიკის სავაჭრო ბლოკთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ევროკავშირის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ შეთანხმების იურიდიული სტატუსი უნდა შეამოწმოს, კერძოდ, შეესაბამება თუ არა შეთანხმება ევროკავშირის პოლიტიკას. გამოცემა წერს, რომ აღნიშნული პროცესის გამო, შესაძლოა, შეთანხმების ძალაში შესვლა ორი წლით გადაიდოს ან შესაძლოა, იგი საერთოდ ჩაიშალოს. ევროკომისიამ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას „სამწუხარო“ უწოდა. 25-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირმა და მერკოსურმა სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს
„შეიქმნა მომავალი შეთანხმების ჩარჩო“ - ტრამპი გრენლანდიის გამო ტარიფებს აღარ აწესებს
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გრენლანდიასთან და, ფაქტობრივად, მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო შეიქმნა, რის გამოც ის ევროპული ქვეყნებისთვის ტარიფებს აღარ აწესებს, რომელთა ამოქმედებაც პირველ თებერვალს იყო დაგეგმილი. „NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრის საფუძველზე, გრენლანდიასთან და, ფაქტობრივად, მთელ არქტიკულ რეგიონთან დაკავშირებით, მომავალი შეთანხმების ჩარჩო შევქმენით. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღწევა, ის შესანიშნავი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და NATO-ს ყველა ქვეყნისთვის. ამის საფუძველზე, მე არ დავაწესებ ტარიფებს, რომელთა ძალაში შესვლაც პირველი თებერვლიდან იყო დაგეგმილი. მიმდინარეობს დამატებითი მოლაპარაკებები „ოქროს გუმბათთან“ დაკავშირებით, გრენლანდიასთან დაკავშირებით. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება დისკუსიების პროგრესისთანავე. ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სხვა პირები, საჭიროების შემთხვევაში, პასუხისმგებელნი იქნებიან მოლაპარაკებებზე - ისინი პირდაპირ მე მომახსენებენ [ამის შესახებ],“ - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. ტრამპმა დღეს განაცხადა დავოსის ფორუმის ფარგლებში, რომ „აშშ არ გამოიყენებს ძალას, ერთადერთი, რასაც აშშ ითხოვს, არის გრენლანდია - ყინულის ნაჭერი გვინდა მსოფლიოს დასაცავად.“ „გრენლანდიასთან დაკავშირებით კულისებს მიღმა ვმუშაობ,“ - უფრო ადრე, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დავოსში განაცხადა. „შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ ამ საკითხზე კულისებს მიღმა ვმუშაობ, თუმცა ამაზე საუბარი საჯაროდ არ შემიძლია. ასე, რომ ბოდიში, მაგრამ გრენლანდიასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ - განაცხადა რუტემ. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მართალია და ნატო-მ გრენლანდიის დაცვის მიზნით მეტი უნდა გააკეთოს. რუტემ აღნიშნა, რომ გრენლანდიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიუხედავად, უკრაინა მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. „უკრაინას ევროპისა და აშშ-ის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს,“ - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების დამტკიცება შეაჩერა
ევროპარლამენტმა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების დამტკიცება შეაჩერა
გრენლანდიის გარშემო უთანხმოების ფონზე, ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, შეაჩეროს მუშაობა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმებაზე. ევროპარლამენტმა უკვე შეაჩერა ივლისში მიღწეული სავაჭრო შეთანხმების იმპლემენტაცია. დამტკიცების შეჩერების შესახებ განცხადება ოთხშაბათს, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლის დროს გაკეთდა. წინადადებებს ახლა ევროკავშირის მთავრობების მიერ დამტკიცება სჭირდება. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ტრამპმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ მან გრენლანდიის მომავალთან დაკავშირებით „ჩარჩო“ შეთანხმებას მიაღწია და არ შეასრულებს მუქარას NATO-ს რვა წევრისთვის ახალი ტარიფების დაწესების შესახებ. ხსენებულ ჩარჩოზე შეთანხმება პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის შოტლანდიაში, ტრამპის ტერნბერის გოლფის კლუბში, გასულიწლის ივლისში შედგა. მხარეები 15%-იან ტარიფზე შეთანხმდნენ ევროკავშირიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე - ეს ორჯერ ნაკლებია იმ 30%-იან გადასახადზე, რომლის შემოღებითაც ტრამპი აქამდე იმუქრებოდა. ევროკავშირი, თავის მხრივ, აშშ-ს ექსპორტზე რამდენიმე პროდუქტზე ტარიფებს ნულამდე შეამცირებდა. ფონ დერ ლაიენმა შეთანხმება „მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად“ შეაფასა, რომელიც სტაბილურობას მოუტანს ორმხრივ ურთიერთობას. ტრამპი ამბობდა, რომ ეს „საუკეთესო გარიგებაა ყველასთვის“ და აშშ-სა და ევროკავშირს „ერთმანეთთან დააახლოვებს.“
რომის პაპი ლეონ XIV ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვიეს
ვატიკანის უმაღლესმა დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინმა განაცხადა, რომ რომის პაპი ლეონ XIV აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ მიწვეულ მსოფლიო ლიდერებს შორისაა. პაპი ამ მიწვევას აფასებს. „პაპმა მიიღო მიწვევა და ჩვენ ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ. მჯერა, რომ პასუხის გაცემამდე განსახილველად გარკვეული დრო იქნება საჭირო,“ - განუცხადა პაროლინმა ჟურნალისტებს.
დავოსში ხელი მოეწერა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას ხელი მოაწერა. დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას ხელი თანადამფუძნებელი სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად მოაწერა. „საბჭოს პოტენციალი აქვს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო გახდეს,“ - განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი „მშვიდობის საბჭო“ ითანამშრომლებდა გაეროსთან. ტრამპის თქმით, საბჭოს კიდევ უფრო მეტი ქვეყნის ლიდერი შეუერთდება. „წერილები რამდენიმე დღის წინ გავაგზავნეთ. აქ მხოლოდ ის ქვეყნებია, რომლებიც შემთხვევით დავოსში იმყოფებიან,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, პაკისტანის, თურქეთის, ბულგარეთის, კოსოვოს, ინდონეზიის, საუდის არაბეთის, უნგრეთის და არგენტინის [ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრები], ასევე, სხვა ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც მანამდე მიიღეს ტრამპის მოწვევა "მშვიდობის საბჭოში" გასაწევრიანებლად. ღონისძიებას არ ესწრებოდა რამდენიმე ქვეყნის ის ლიდერი, რომელიც მიწვევვას დათანხმდა, მათ შორის, ალექსანდრე ლუკაშენკო. წესდებას ხელი სულ 19-მა სახელმწიფომ მოაწერა, საბჭოს თავმჯდომარე თავად დონალდ ტრამპი გახდა. ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის მიერ შეთავაზებულ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას დათანხმდა. ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, რატომ მიიწვია აღნიშნულ საბჭოში რუსეთი? როგორც ტრამპმა აღნიშნა, საბჭოში რამდენიმე სადავო ადამიანია, თუმცა ისინი არიან, ვინც საქმეს აკეთებენ. „ჩვენ გვინდა ყველა ქვეყანა. ყველა ქვეყანა, სადაც ხალხს აქვს ძალა. ამ გზით არასდროს შეგვექმნება პრობლემა. ეს არის ყველაზე დიდი საბჭო, რომელიც ოდესმე შეკრებილა. დიახ, რამდენიმე სადავო ადამიანი მყავს მასში, მაგრამ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საქმეს აკეთებენ. ასე რომ, ის მოწვეული იყო. მან ეს მიიღო,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა კითხვის საპასუხოდ. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მიღებული დოკუმენტის შესწავლისა და პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. მისივე თქმით, რუსეთს შეუძლია, აშშ-ში გაყინული რუსული აქტივებიდან ერთი მილიარდ დოლარი „მშვიდობის საბჭოს“ გადასცეს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ძალიან ძნელი“ იქნება რუსეთის გვერდით ყოფნა და საბჭოს წევრობა. ლონდონმაც გამოხატა შეშფოთება საბჭოში პუტინის მიწვევაზე. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სპიკერმა განაცხადა: „უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომში პუტინი არის აგრესორი და მან არაერთხელ აჩვენა, რომ სერიოზულად არ უდგება მშვიდობის დამყარებას.“ ჩინეთი სერიოზულ ეჭვებს გამოთქვამს ტრამპის მშვიდობის საბჭოს მიმართ. ჩინეთისთვის შემაშფოთებელია, რომ ტრამპს შეიძლება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩანაცვლება სურს. აშშ-ის პრეზიდენტს ამ კვირის დასაწყისში ჰკითხეს, შეეძლო თუ არა ამის გაკეთება და მან უპასუხა: შეიძლება.“ პეკინი გაეროს დამფუძნებელი წევრია. ის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, რაც ხელს უწყობს მისი, როგორც მსოფლიო ძალის სტატუსის განმტკიცებას. რომელი ქვეყნები შეუერთდნენ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“
რა მოცულობის რუსული ფინანსური აქტივებია გაყინული აშშ-ში
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს, 21 იანვარს, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, შეერთებულ შტატებში გაყინული სუვერენული აქტივებიდან ერთი მილიარდი აშშ დოლარი გადასცეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს.“ ასევე, აშშ-ში გაყინული რუსული აქტივებიდან დარჩენილი თანხები, რუსეთსა და უკრაინას შორის ჰიპოთეზური სამშვიდობო ხელშეკრულების შემდეგ, შეიძლება, „გამოიყენოს საბრძოლო მოქმედებების დროს დაზიანებული ტერიტორიების აღსადგენად.“ პუტინმა არ დააკონკრეტა, რომელ ტერიტორიებს გულისხმობდა - უკრაინის კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიებს თუ ომის დროს რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. გაურკვეველია, თანახმაა თუ არა ის "მშვიდობის საბჭოს" წევრობაზე. „აშშ-ში ჩვენი გაყინული აქტივებიდან დარჩენილი თანხები, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნას გამოყენებული,“ - განაცხადა პუტინმა. პუტინის თქმით, ხსენებულ საკითხს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან დაგეგმილ დღევანდელ შეხვედრაზე განიხილავს. ხუთშაბათს, პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასთან მოლაპარაკებების დროს, პუტინმა გაყინული რუსული აქტივებიდან ერთი მილიარდი დოლარის გამოყენების ინიციატივა გაახმოვანა. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ინიციატივისთვის თანხის შეწირვა „პალესტინელ ხალხთან განსაკუთრებული ურთიერთობის“ გამო. „რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას "მშვიდობის საბჭოში", რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა შეისწავლოს ჩვენ მიერ მიღებული დოკუმენტები, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები აწარმოოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ გავცეთ პასუხი ჩვენდამი გაგზავნილ მოწვევას,“- განაცხადა პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე. „მშვიდობის საბჭოს“ წესდებაში ნათქვამია, რომ მუდმივმა წევრებმა საბჭოსთვის 1 მილიარდი დოლარი უნდა გაიღონ. დავოსში ხელი მოეწერა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვი აშშ-ის ხელისუფლების მიერ აქტივების განბლოკვას მოითხოვს და რომ რუსეთი კვლავ უკანონოდ მიიჩნევს მისი აქტიგვების გაყინვას. გასული წლის დეკემბერში, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა სარჩელი შეიტანა და Euroclear-ისგან 230 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაცია მოითხოვა, ევროკავშირის მიერ აქტივების გაყინვის განუსაზღვრელი ვადით გამოცხადებისა და უკრაინის დასაფინანსებლად აქტივების კონფისკაციის წინადადებების საპასუხოდ. Reuters-ის წყაროებმა გასულ წელს განაცხადეს, რომ რუსეთი ღიაა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინის რეკონსტრუქციისთვის გაყინული სუვერენული აქტივების გამოყენების იდეისთვის, თუმცა დაჟინებით მოითხოვს, რომ თანხის ნაწილი მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაიხარჯოს. რა რაოდენობის რუსული ფულია გაყინული აშშ-ში? ცენტრალურმა ბანკმა 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული თავისი აქტივების შესახებ ბოლო ყოვლისმომცველ ანგარიშში განაცხადა, რომ მისი 613 მილიარდი დოლარის ოქროსა და ვალუტის რეზერვების დაახლოებით 11%, ანუ დაახლოებით 67 მილიარდი დოლარი, დოლარში დენომინირებულ აქტივებში იყო განთავსებული. დოლარში დენომინირებული აქტივების შენახვა მხოლოდ აშშ-ში განთავსებულ დეპოზიტარებშია შესაძლებელი. ცენტრალური ბანკის შეფასებით, რუსეთის სუვერენული ფონდებიდან დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი დასავლეთის ქვეყნების მიერ არის გაყინული. ამ აქტივების უმეტესობა ევროპაშია გაყინული და ბელგიის დეპოზიტარ Euroclear-ში ინახება. 2023 წელს „შვიდეულის ჯგუფის“, ევროკავშირისა და ავსტრალიის მიერ შექმნილმა „რუსეთის ელიტების, მარიონეტებისა და ოლიგარქების“ (REPO) სამუშაო ჯგუფმა გაყინული რუსული სუვერენული აქტივები 280 მილიარდ დოლარად შეაფასა. Axios-მა 2023 წლის სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამუშაო ჯგუფმა აშშ-ში გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივებიდან მხოლოდ 5 მილიარდი დოლარი გამოავლინა. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ გაყინული აქტივების გეოგრაფიულ განაწილებაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
ვენესუელური მხარის თხოვნით, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კარაკასის წარმომადგენელს შეხვდა - საგარეო
19 იანვარს, ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რევაზ ლომინაძემ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის კოორდინატორის რანგში, შეხვედრა გამართა ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენელთან, ელჩ ალექსანდერ იანეს დელეუსთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ინიციატორი ვენესუელის მხარე იყო. „ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ისაუბრა ვენესუელაში მიმდინარე პროცესებზე. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გამოთქვა იმედი, რომ მათი შემდგომი პროცესები ვენესუელის ხალხის ინტერესების გათვალისწინებით წარიმართება. ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენესუელის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას. ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ ვენესუელაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ხელს შეუწყობს აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილების გადახედვასა და გაუქმებას, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად,“ - წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის 10 სექტემბერს ვენესუალამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებლად აღიარა. შეგახსენებთ, 2026 წლის 3 იანვარს ამერიკამ ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოპერაცია ჩაატარა და ნიკოლას მადურო დააკავა.
ალიევმა და ტრამპმა დავოსში შეხვედრა გამართეს
22 იანვარს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის დროს ლიდერები მიესალმნენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროში. მხარეებმა „ხაზი გაუსვეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ისტორიულ როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლისკენ მიმართული შეთანხმებების ხელშეწყობაში, რომლებიც გასული წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში იქნა მიღწეული.“ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე; ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობა უკვე დამყარებულია და აღნიშნა, რომ ეს, სხვა საკითხებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაშიც აისახება; ამ მხრივ, მან ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების სომხეთში ექსპორტზე, ასევე იმპორტირებული მარცვლეულის ტრანზიტზე სომხეთში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით.“ მხარეებმა ხაზი გაუსვეს „ზანგეზურის დერეფნის, მათ შორის, პროექტ TRIPP-ის მნიშვნელობას რეგიონული კავშირებადობის გაძლიერების კუთხით“ [სომხეთი ტერმინ „ზანგეზურის დერეფნის“ გამოყენებას აპროტესტებს]. შეხვედრა შედგა მას შემდეგ, რაც ლიდერებმა, - კიდევ 16 ქვეყნის ლიდერთან ერთად, - ხელი მოაწერეს „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას. პირისპირი შეხვედრის დროს ამ საკითხზეც ისაუბრეს. „აზერბაიჯანის მიწვევა „მშვიდობის საბჭოში“ დამფუძნებელ სახელმწიფოდ, შეფასდა, როგორც აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამოხატულება და იმ როლის აღიარება, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო მასშტაბით მშვიდობის ხელშეწყობაში ასრულებს. პრეზიდენტებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზე და აღნიშნეს ორმხრივი ვიზიტებისა და სხვადასხვა დონეზე კონტაქტების როლი ამ კავშირების გაღრმავებაში,“ - წერს აზერბაიჯანული მედია. 13 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც, გამოაქვეყნეს „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო შეთანხმება.“ დაგეგმილია შეიქმნას „TRIPP-ის განვითარების კომპანია“ - TDC, რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს. რა თქვეს ბაქომ და ერევანმა სატრანსპორტო დერეფნებთან დაკავშირებით ამერიკამ და სომხეთმა „ტრამპის მარშრუტის“ ახალი დეტალები გაასაჯაროვეს ცნობისთვის, ალიევი 21 იანვარს დავოსში ასევე შეხვდა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსს. „შეხვედრაზე გაცვალეს მოსაზრებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისა და სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლის შესახებ. ამავდროულად, განიხილეს თანამშრომლობა ენერგეტიკის, რეგიონული სატრანსპორტო კავშირის, ჰუმანიტარული განაღმვისა და სხვა სფეროებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აზერბაიჯანის წვლილს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. მარტა კოსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანის ძალისხმევას ჰუმანიტარული განაღმვის სფეროში, ასევე, ნახიჩევანის რკინიგზის ხაზის აღდგენასთან დაკავშირებულ პროექტებში. საუბრისას ხაზი გაესვა, რომ აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის მრავალი მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების მნიშვნელოვანი პერსპექტივები არსებობს და ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს,“ წერს აზერბაიჯანული მედია. მარტა კოსის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. „ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის სავაჭრო კავშირების გაფართოების მიზნით მუშაობის გაძლიერებაზე შევთანხმდით“, - წერს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი X-ზე.
ზელენსკი ძლიერ ევროპას ითხოვს: „მოქმედება ქმნის „მსოფლიო წესრიგს“
უკრაინის პრეზიდენტმა 22 იანვარს, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ევროპა მკაცრად გააკრიტიკა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ „ევროპას უყვარს მომავლის განხილვა, მაგრამ დღესვე ქმედებებს ერიდება“, უკრაინის პრეზიდენტი აკრიტიკებს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივების არარსებობას. მანვე აღნიშნა, რომ „ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ევროპიდანაა, მაგრამ არა ევროპისთვის.“ „გასულ წელს, აქ, დავოსში, ჩემი სიტყვა დავასრულე ფრაზით: „ევროპამ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას საკუთარი თავი.“ გავიდა ერთი წელი და არაფერი შეცვლილა.“ უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ევროპას სჭირდება ერთიანი შეიარაღებული ძალები, რომლებიც რეალურად დაიცავენ კონტინენტს. „დღეს ევროპა ეყრდნობა მხოლოდ რწმენას, რომ საფრთხის შემთხვევაში NATO იმოქმედებს, მაგრამ რეალურად, NATO ჯერ არავის უნახავს [სრულმასშტაბიან] მოქმედებაში.“ უკრაინის პრეზიდენტი მიუთითებს, რომ ზოგიერთი ევროპელი „ნამდვილად ძლიერია“, ვიდრე იტყვის, რომ მათ „ყოველთვის სჭირდებათ ვინმე, ვინც ეტყვის, რამდენ ხანს უნდა იდგეს მტკიცედ.“ ზელენსკის შეფასებით, დიდი ძალები ასე არ მუშაობენ. ზელენსკიმ ევროპა და ამერიკა გააკრიტიკა იმის გამოც, რომ ისინი „კომპანიებს რუსეთში რაკეტების კომპონენტების გაყიდვას არ უკრძალავენ.“ „ევროპა არაფერს ამბობს, ამერიკა თითქმის არაფერს ამბობს და პუტინი რაკეტებს ამზადებს.“ „გვირჩევენ, რომ „ტომაჰავკები“ არ ვახსენოთ,“ - ზელენსკი აღწერს, როგორ ურჩიეს, რომ ამან შესაძლოა, „განწყობა გააფუჭოს“ აშშ-სთან მოლაპარაკებებში. ზელენსკის თქმით, „ამერიკა იცვლის თავის პოზიციას, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, როგორ. „საქმე უფრო სწრაფად მიდის, როგორ შეუძლია ევროპას ამის ატანა?“ ევროპა „ევროპული ცხოვრების წესის“ გამოწვევების წინაშე დგას.“ “ევროპას უყვარს მომავლის განხილვა, მაგრამ თავს არიდებს ქმედებებს დღეს, ქმედებებს, რომლებიც განსაზღვრავს, როგორი მომავალი გვექნება. რატომ შეუძლია პრეზიდენტ ტრამპს “ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერების გაჩერება და ნავთობის წართმევა, მაგრამ ევროპას არა? რუსული ნავთობის ტრანსპორტირება ევროპული სანაპიროების გასწვრივ ხდება. ეს ნავთობი უკრაინის წინააღმდეგ ომს აფინანსებს. ეს ნავთობი ევროპის დესტაბილიზაციას ეხმარება. ასე რომ, რუსული ნავთობი უნდა გაჩერდეს, მისი კონფისკაცია უნდა მოხდეს და ევროპის სასარგებლოდ უნდა გაიყიდოს. რატომ არა? თუ პუტინს ფული არ ექნება - ევროპისთვის ომი არ იქნება. თუ ევროპას ფული ექნება, მაშინ მას შეეძლება თავისი ხალხის დაცვა. ახლა ეს ტანკერები ფულს აკეთებენ პუტინისთვის და ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი აგრძელებს თავისი ავადმყოფური დღის წესრიგის წინ წაწევას,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, „მუდმივი შიდა კამათი“ ხელს უშლის გულწრფელ საუბარს გადაწყვეტილებების მოსაძებნად. „ნამდვილ გლობალურ ძალად გადაქცევის ნაცვლად, ევროპა რჩება მცირე და საშუალო ძალების ლამაზ, მაგრამ ფრაგმენტულ კალეიდოსკოპად,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. „მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვაში ლიდერობის აღების ნაცვლად, მით უმეტეს როდესაც ამერიკის ფოკუსი სხვაგან გადადის, ევროპა დაკარგული ჩანს და ცდილობს, ამერიკის პრეზიდენტი დაარწმუნოს, რომ შეიცვალოს. მაგრამ ის არ შეიცვლება. პრეზიდენტ ტრამპს უყვარს ვინც არის. და ის ამბობს, რომ უყვარს ევროპა, მაგრამ ის ასეთ ევროპას არ მოუსმენს. დღევანდელ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ, არის აზროვნება. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ევროპიდან არის, მაგრამ ყოველთვის ევროპის მხარეს არ არის,” - განაცხადა ზელენსკიმ. დონალდ ტრამპთან ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ დავოსში საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულებისკენ მიმართული დოკუმენტები „თითქმის მზადაა.“ მისი თქმით, უკრაინა „პატიოსნად და მონდომებით“ მუშაობს და „რუსეთი მზად უნდა იყოს „ამ აგრესიის დასასრულებლად.“ ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-ის წინა შეხვედრებმა უკრაინისთვის თავდაცვითი რაკეტების მიწოდება გამოიწვია და რომ ოფიციალურმა პირებმა ახლაც ისაუბრეს „ცის დაცვაზე.“ ის იმედოვნებს, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას და ძლიერი ევროპისკენ მოუწოდებს; რომ კონტინენტს სჭირდება დამოუკიდებელი უკრაინა, რომელიც ერთ დღეს სხვებს დაიცავს. „ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ ევროპის ნაწილი, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია,“ - ამბობს ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას კარგს და „ძალიან მნიშვნელოვანს“ უწოდებს - ის მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტს დროის გამონახვისთვის. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას მშვიდობის მისაღწევად „ძალიან ძლიერი“ აშშ დასჭირდება და რომ ევროპასაც იგივე გავლენის ქონა შეუძლია, მაგრამ „დრო სჭირდება.“ „ვფიქრობ, ეს ბოლო ნაბიჯია, რაც ძალიან რთულია,“ - აღნიშნავს ზელენსკი. ის ამბობს, რომ ნებისმიერ ლიდერთან დიალოგის დროს მას საკუთარი ქვეყნის დაცვა სჭირდება, რაც „მარტივი არ არის, მაგრამ დღეს ეს [დიალოგი] პოზიტიური იყო.“ დავოსში თავისი გამოსვლის დასასრულს, ზელენსკი ამბობს, რომ „ვერცერთი ინტელექტუალური დისკუსია ვერ შეაჩერებს ომებს. ჩვენ გვჭირდება მოქმედება. მოქმედება ქმნის მსოფლიო წესრიგს.“ „უბრალოდ, გვჭირდება გამბედაობა მოქმედებისთვის. ახლა მოქმედების გარეშე, ხვალინდელი დღე არ არსებობს,“ - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ირანის საკითხს რაც შეეხება, ზელენსკი გლობალურ ლიდერებს ადანაშაულებს იმაში, რომ არ სურთ ირანელების, „და მათთვის საჭირო დემოკრატიის“ მხარდაჭერა. „როდესაც უარს ამბობ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების დახმარებაზე, შედეგები ბრუნდება - და ისინი ყოველთვის უარყოფითია,“ - ამბობს უკრაინის ლიდერი. მაგალითად ბელორუსი მოჰყავს და ამბობს, რომ რუსეთმა შეძლო იქ რაკეტების განლაგება ამ ქვეყნის მმართველობის საშუალებით, არავინ დაეხმარა მათ ხალხს. „რაკეტები მხოლოდ დეკორაციისთვის არ არის,“ - ამბობს ზელენსკი. მისი შეფასებით, ევროპა ახლა იმავე სიტუაციაშია გრენლანდიასთან დაკავშირებით, რადგან სჯერა, რომ ვიღაც სხვა გააკეთებს რამეს პრობლემის გადასაჭრელად. ზელენსკი ამბობს, რომ ამასობაში რუსული საომარი მანქანა მუშაობას აგრძელებს. „ევროპამ საკუთარი თავი უნდა დაიცვას,“ - ამბობს ზელენსკი და აღნიშნავს, რომ ბევრმა ქვეყანამ არ შეასრულა თავდაცვის ვალდებულებები, ვიდრე ამერიკამ არ დააძალა ევროპას თავდაცვაზე მეტის დახარჯვა, ქვეყნების უმეტესობა არც კი ცდილობდა, მიეღწია მშპ-ს 5%-ისთვის. თუ თქვენ გაგზავნით 30 ან 40 ჯარისკაცს გრენლანდიაში, რისთვის არის ეს? რა გზავნილია ეს? რა გზავნილია ეს პუტინისთვის? ჩინეთისთვის? რაც მთავარია, რა გზავნილია ეს დანიისთვის — თქვენი ახლო მოკავშირისთვის? თქვენ ან აცხადებთ, რომ ევროპული ბაზები დაიცავს რეგიონს რუსეთისა და ჩინეთისგან და აარსებთ ამ ბაზებს, ან რისკავთ, რომ სერიოზულად არ აღგიქვამენ. რადგან 30 ან 40 ჯარისკაცი ვერაფერს დაიცავს.“ უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინას აქვს გრენლანდიის დასაცავი საშუალებები. უკრაინის ლიდერი ვარაუდობს, რომ ევროპას სჭირდება საკუთარი შეიარაღებული ძალები, NATO-ზე დაყრდნობის ნაცვლად, რადგან „არავის უნახავს ალიანსი მოქმედებაში.“ ზელენსკი მადლობას უხდის ევროპას რუსული აქტივების გაყინვისთვის, მაგრამ ამბობს, რომ „როდესაც დრო დადგა“ აქტივების უკრაინის დასაცავად გამოყენებისთვის, გადაწყვეტილება „დაიბლოკა.“ უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ტრიბუნალის შექმნის საკითხში „რეალური პროგრესი“ არ ყოფილა „მრავალი შეხვედრის“ მიუხედავად. ის კითხვას სვამს, არის თუ არა ეს „დროის თუ პოლიტიკური ნების“ საკითხი. ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მაგალითთან დაკავშირებით ამბობს, რომ ვიდრე მადურო ნიუ-იორკშია და სასამართლო პროცესს ელოდება, „პუტინი [სასამართლოზე] არ არის.“ ზელენსკიმ უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობისთვის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მადლობა გადაუხადა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ 23 და 24 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის სამუშაო ჯგუფებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. შეხვედრა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება. “ამერიკული გუნდი დღეს მოსკოვში წავა, ისინი პრეზიდენტ ტრამპთან ჩემს შეხვედრას ელოდებოდნენ, ახლა ისინი წავლენ და ჩემი გუნდი ამერიკულ გუნდს შეხვდება. ვფიქრობ, ეს პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება საამიროებში. ვფიქრობ, რომ ეს ხვალ და ზეგ იქნება. ეს იქნება შეხვედრა, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება საამიროებში,” - განაცხადა ზელენსკიმ.
საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რუსეთიდან მიმავალი ნავთობტანკერი დააკავა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის საზღვაო ძალებმა ხმელთაშუა ზღვაში, რუსეთიდან მომავალი ტანკერი დააკავა და უკან გააბრუნა. ფრანგული მედია წერს, რომ ტანკერი სავარაუდოდ, ნაწილია სანქცირებული რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის.“ ოპერაცია, რომელიც ესპანეთსა და მაროკოს შორის ჩატარდა, რამდენიმე მოკავშირის დახმარებით განხორციელდა. გემის დაკავებაში ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. „ჩვენ არ შევეგუებით არცერთ დარღვევას. დღეს დილით, საფრანგეთის საზღვაო ძალები რუსეთიდან მომავალ ტანკერზე გადასხდნენ, რომელიც საერთაშორისო სანქციებს ექვემდებარებოდა და ეჭვობდნენ, რომ ყალბი დროშით დაცურავდა. ოპერაცია ხმელთაშუა ზღვაში ჩატარდა, ჩვენი რამდენიმე მოკავშირის მხარდაჭერითა და გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის სრული დაცვით. სასამართლო გამოძიება დაიწყო. ხომალდი სხვა მიმართულებით გადაიყვანეს. ჩვენ მიზნად ვისახავთ საერთაშორისო სამართლის დაცვას და სანქციების ეფექტიანობის უზრუნველყოფას. “ჩრდილოვანი ფლოტის” საქმიანობა ხელს უწყობს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას,” - წერს მაკრონი. მას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკის თქმით, სწორედ ასეთი მტკიცე გადაწყვეტილებაა საჭირო იმისათვის, რომ რუსული ნავთობით აღარ ფინანსებოდეს რუსეთის მიერ წარმოებულ ომი. „ევროპის სანაპიროებთან ახლოს მოძრავი რუსული ტანკერები უნდა შეჩერდნენ. ჩრდილოვანი ფლოტის მთელი ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ სანქციები მკაცრი უნდა იყოს. გემები უნდა დააკავონ. და განა სამართლიანი არ იქნებოდა ამ ტანკერებით გადაზიდული ნავთობის კონფისკაცია და გაყიდვა?,“ წერს ზელენსკი X-ზე. აშშ-მ კარიბის ზღვაში მეშვიდე ნავთობტანკერი დააკავა
ტრამპი: ზელენსკისთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა - ომის დასრულება ყველას სურს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დავოსში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ორ ლიდერს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. „პრეზიდენტ ზელენსკისთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა“, - განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, „ომის დასრულება ყველას სურს.“ მისმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა ოპტიმიზმი გამოთქვა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევის თაობაზე. ვიტკოფი ხუთშაბათს, მოგვიანებით, კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ზელენსკი ამბობს, რომ აშშ-ის წინა შეხვედრებმა უკრაინისთვის თავდაცვითი რაკეტების მიწოდება გამოიწვია და რომ ოფიციალურმა პირებმა ახლაც ისაუბრეს „ცის დაცვაზე.“ ის იმედოვნებს, რომ აშშ უკრაინის გვერდით დგომას გააგრძელებს. უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრას პროდუქტიული უწოდა. „განვიხილეთ ჩვენი გუნდების მუშაობა. პრაქტიკულად, ყოველდღე იმართება შეხვედრები ან გვაქვს კომუნიკაცია. დოკუმენტები ახლა კიდევ უფრო უკეთ არის მომზადებული. დღეს ასევე ვისაუბრეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვაზე. პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენი წინა შეხვედრა ხელს უწყობდა ჩვენი ცის დაცვის გაძლიერებას და იმედი მაქვს, რომ ამჯერად მას კიდევ უფრო გავაძლიერებთ. მადლობა გადავუხადე მას საჰაერო თავდაცვის რაკეტების წინა პაკეტისთვის და დამატებითი პაკეტის მიღება ვთხოვე. [ჩვენი პრიორიტეტია] სიცოცხლის დაცვა, ჩვენი მდგრადობა და ჩვენი ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა,“ - წერს ზელენსკი X-ზე. ზელენსკი ძლიერ ევროპას ითხოვს: „აქედან მოდის „მსოფლიო წესრიგი“
ზელენსკის სიტყვა დავოსში - საერთაშორისო გამოხმაურება
უკრაინის პრეზიდენტმა 22 იანვარს, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ევროპა მკაცრად გააკრიტიკა. მოკლედ გთავაზობთ, როგორ გააშუქეს ზელენსკის სიტყვა ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემებმა. Sky News: ზელენსკიმ Groundhog Day-ის მაგალითით აღწერა ევროპის მრავალჯერადი დაპირებებისა და უმოქმედობის ციკლი; ინფორმაციისთვის, ფრაგმენტი ზელენსკის გამოსვლიდან: „ძვირფასო მეგობრებო, ყველას ახსოვს ბილ მიურეისა და ენდი მაკდაუელის მონაწილეობით შექმნილი შესანიშნავი ამერიკული ფილმი „ზაზუნას დღე“ [Groundhog Day]. არავის სურს ასე ცხოვრება — ერთი და იგივეს გამეორება კვირების, თვეების და, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში. და მაინც, ზუსტად ასე ვცხოვრობთ ახლა. ეს ჩვენი ცხოვრებაა. და ყველა ამ ტიპის ფორუმი ამას ადასტურებს. სულ რაღაც გასულ წელს, აქ, დავოსში, ჩემი გამოსვლა დავასრულე სიტყვებით: „ევროპამ უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი.“ ერთი წელი გავიდა - და არაფერი შეცვლილა. ჩვენ ჯერ კიდევ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ იგივე სიტყვები უნდა ვთქვა.“ „მოდით, დავასრულოთ ეს ‘ზაზუნას დღე’. დიახ, ეს შესაძლებელია. გმადლობთ. დიდება უკრაინას!“ Reuters: ზელენსკი ევროპას სთხოვს ერთიან და სწრაფ მოქმედებას უკრაინის მხარდასაჭერად; Time: ზელენსკი უკრაინის საკითხზე აშშ-სა და ევროპას შორის თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს; უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს აშშ-ის მხარდაჭერას და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას; Financial Times: უკრაინის პრეზიდენტი აფრთხილებს ევროპას, რომ ომის დროს ენერგიის უზრუნველსაყოფად უნდა იმოქმედოს; AP: ზელენსკი ევროპას აკრიტიკებს შენელებული, ფრაგმენტირებული რეაქციისთვის; ამერიკული მედია აქცენტს ასევე აკეთებს არამხოლოდ ზელენსკის კრიტიკაზე, არამედ, ამერიკასა და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებაზე.