ძებნის რეზულტატი:

ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკული „არმადა“ ირანისკენ მიემართება

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის „არმადა“ [არმადა საზღვაო ფლოტის ნაწილი] ირანისკენ მიემართება. აშშ-ის პრეზიდენტმა მედიას  განუცხადა, შესაძლოა, აშშ-ს ამ ძალის გამოყენება "არ დასჭირდეს." „ჩვენ ირანს ვაკვირდებით. როგორც იცით, ბევრი ხომალდი მიცურავს ამ მიმართულებით, ყოველი შემთხვევისთვის, დიდი ფლოტილია მიემართება და ვნახავთ, რა მოხდება. ირანისკენ დიდი ძალები გადაგვყავს. მირჩევნია, რომ არაფერი მოხდეს, მაგრამ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით," - განაცხადა ტრამპმა. Reuters-ის ცნობით, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებასაც განიხილავენ, რაც შესაძლოა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყოს რეგიონში აშშ-ის ბაზებზე ირანის მიერ განხორციელებული ნებისმიერი დარტყმისგან თავის დასაცავად. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა ირანის წინააღმდეგ შესაძლო ჩარევის შესახებ, ბოლო დროს იქ მომიტინგეების მკვლელობების გამო. ამერიკის ლიდერის თქმით, ირანმა მისი მუქარის შემდეგ თითქმის 840 ჩამოხრჩობა გააუქმა. ცნობისთვის, „არმადები“ ძირითადად გამოიყენება სამხედრო გემების ჯგუფის აღსაწერად, ხოლო ფლოტები ასევე შეიძლება, ეხებოდეს არასამხედრო გემებს. 16 იანვარს, Fox News-მა წყაროზე დაწერა, რომ აშშ-ის სულ მცირე ერთი ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთისკენ გადაადგილდებოდა. ამავე წაყროს ცნობით, უახლოეს დღეებსა და კვირებში, რეგიონში აშშ-ის მიერ, სხვადასხვა ტიპის სამხედრო რესურსების გადაადგილებაც იყო მოსალოდნელი, რათა ამერიკის პრეზიდენტს ჰქონდეს სამხედრო ვარიანტები იმ შემთხვევაში, თუ ის ირანის წინააღმდეგ დარტყმებს გადაწყვეტს. აშშ ირანში პროტესტის „სასტიკ ჩახშობაზე“ პასუხისმგებელ პირებს ასანქცირებს  

ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევა გააუქმა

ტრამპის განცხადებით, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისადმი გაგზავნილი მიწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შეუერთდეს უკან გაიწვია. Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტი კარნის მიმართავს, რომ საბჭო კანადისთვის გაგზავნილ მიწვევას აუქმებს. „მშვიდობის საბჭო“ უკან იწვევს თქვენთვის გამოგზავნილ მოწვევას ყველაზე პრესტიჟულ ლიდერთა საბჭოში კანადის გაწევრიანებასთან დაკავშირებით,“ - წერს ტრამპი. დავოსში ხელი მოეწერა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადა მხოლოდ აშშ-ის წყალობით ცხოვრობს. მისი თქმით, კანადა ამისთვის მადლობელი უნდა იყოს. ტრამპს უპასუხა მარკ კარნიმ და აღნიშნა, რომ კანადა არ ცხოვრობს შეერთებული შტატების წყალობით, კანადის ძალა მოდის მისი ხალხიდან და ინსტიტუტებიდან და არა რომელიმე ცალკეულ პარტნიორზე დამოკიდებულებიდან. უფრო ადრე, კანადამ განაცხადა, რომ „პრინციპში“ დათანხმდა საბჭოში გაწევრიანებას, მაგრამ დეტალები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.   

ტრამპი: თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ტრამპმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს „გასული წლის აგვისტოში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების დაცვისთვის.“ „ეს საშინელი ომი იყო, 8 ომიდან ერთ-ერთი, რომელიც მე დავასრულე, მაგრამ ახლა კეთილდღეობა და მშვიდობა გვაქვს,“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე. „თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ორივე ქვეყანას ეწვევა, რათა გააძლიეროს ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევა და წინ წასწიოს „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (პროექტი TRIPP-ი),“ - დაწერა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში. ამერიკამ და სომხეთმა „ტრამპის მარშრუტის“ ახალი დეტალები გაასაჯაროვეს აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ გააძლიერებს: „სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან; მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესანიშნავ შეთანხმებას სომხეთთან; ნახევარგამტარების დიდი მწარმოებლებისთვის ჩვენს შეთანხმებებს; აშშ-ში დამზადებული თავდაცვის აღჭურვილობის, - ჯავშანჟილეტების, ნავებისა და ა.შ. - აზერბაიჯანში გაყიდვას.“ ჯერჯერობით ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია. ვენსი 6 თებერვალს მილანში მიემგზავრება, 13 თებერვალს კი, მიუნხენში ჩავა. ცნობისთვის, გასულ კვირაში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები დათანხმდნენ დონალდ ტრამპის მიერ ღაზის სექტორის აღსადგენად ინიციირებული „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრებად მიწვევას. 22 იანვარს, დავოსში, ალიევმა და ტრამპმა დავოსში შეხვედრა გამართეს.  

ბელგია უარყოფს, რომ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ ხელი მოაწერა

თეთრმა სახლმა ხუთშაბათს გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ ინიციატივაში მონაწილე ქვეყნების სია, რომელშიც ბელგიაც შედიოდა. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ განაცხადა, რომ ამ სიაში ბელგია შეცდომით შეიყვანეს. სამთავრობო წყაროს ცნობით, აშშ-ს ბელგია ბელორუსში აერია. „ბელგიას ხელი არ მოუწერია „მშვიდობის საბჭოს“ ქარტიაზე. ეს განცხადება არასწორია. „ჩვენ გვსურს საერთო და კოორდინირებული ევროპული პასუხი. ბევრი ევროპული ქვეყნის მსგავსად, ჩვენც გვაქვს ეჭვები ამ წინადადებასთან დაკავშირებით,“ - დაწერა მინისტმა.  ამერიკულმა საინფორმაციო არხმა NBC-მ მოგვიანებით, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგიამ მართლაც მოაწერა ხელი შეთანხმებას, მაგრამ ბოლო წუთს უკან დაიხია. თუმცა ბელგიის მთავრობის წყაროებმა ოფიციალურად უარყვეს ეს ცნობა და განაცხადეს, რომ თეთრ სახლს ბელგია ბელორუსთან უბრალოდ აერია. თეთრ სახლს საჯაროდ არ განუმარტავს ოფიციალური განცხადებით, მართლაც დაფიქსირდა თუ არა შეცდომა. Washington Post-ის ცნობით, ხუთშაბათს, 22 იანვარს, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომლებმაც ხელი მოაწერეს საბჭოში მონაწილეობას, მათ შორის იყო ბელგიაც. ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევა გააუქმა დავოსში ხელი მოეწერა „მშვიდობის საბჭოს“ წესდებას  

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ახალ სტრატეგიაში რუსეთი მოხსენიებულია მუდმივ, მაგრამ "მართვად საფრთხედ"

პენტაგონმა აშშ-ის 2026 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის მთავარი პრიორიტეტი ეროვნული უსაფრთხოების დაცვა იქნება. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ოთხ მთავარ პრიორიტეტს ასახელებს: სამშობლოს დაცვა, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის შეკავება „ძალის მეშვეობით და არა კონფრონტაციით“, აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის აღებული პასუხისმგებლობის გადანაწილება, აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერება. „როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმთავრესი პრიორიტეტი სამშობლოს დაცვაა. ამიტომ, დეპარტამენტი სწორედ ამას მიანიჭებს პრიორიტეტს, მათ შორის ამერიკის ინტერესების დაცვას დასავლეთ ნახევარსფეროში. ჩვენ უზრუნველვყოფთ აშშ-ის სამხედრო და კომერციულ წვდომას განსაკუთრებული მნიშვნელობის ტერიტორიებზე, პანამის არხზე, ამერიკის ყურესა და გრენლანდიაზე. ჩვენს დროში მონროს დოქტრინის მხარდაჭერას უზრუნველვყოფთ,“ - ნათქვამია დოკუმენტში. აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, ევროპამ მის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ საკუთარ თავდაცვაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს. „დეპარტამენტი ხელს შეუწყობს NATO-ს მოკავშირეებს, რომ ევროპის თავდაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობა აიღონ, აშშ-ის მხრიდან კრიტიკული, მაგრამ შეზღუდული მხარდაჭერით. ეს გულისხმობს, უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობის აღებას. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს, პირველ რიგში, ევროპის პასუხისმგებლობაა. ასევე, დეპარტამენტი მჭიდროდ ითანამშრომლებს მოკავშირეებთან, რათა მათ თავდაცვის ხარჯების შესახებ აღებული ვალდებულება შეასრულონ. ასევე, დეპარტამენტი ტრანსატლანტიკური თავდაცვითი და ინდუსტრიული თანამშრომლობის გაფართოებასა და ბარიერების შემცირებაზე იმუშავებს, რათა თავდაცვითი მიზნების მისაღწევად კოლექტიური შესაძლებლობები მაქსიმალურად გავზარდოთ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა კვლავ მნიშვნელოვანია, მისი გლობალური ეკონომიკური სიძლიერის წილი მცირდება,“- აცხადებს თავდაცვის დეპარტამენტი. დოკუმენტში საუბარია რუსეთის შესახებაც, კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ „რუსეთი უახლოეს მომავალში NATO-ს აღმოსავლეთი ფლანგის ქვეყნებისთვის კვლავ მუდმივ, მაგრამ მართვად საფრთხედ დარჩება“. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სხვადასხვა დემოგრაფიულ და ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის, უკრაინაში მიმდინარე ომი აჩვენებს, რომ მას სამხედრო და სამრეწველო ღრმა რეზერვები კვლავ გააჩნია. ასევე, რუსეთმა აჩვენა, რომ მას ხანგრძლივი ომის გაგრძელებისთვის მტკიცე ეროვნული ნებისყოფა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული სამხედრო საფრთხე ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაზეა ორიენტირებული, რუსეთს მსოფლიოში უდიდესი ბირთვული არსენალი გააჩნია, რომლის გამოყენებაც მას აშშ-ის წინააღმდეგ შეუძლია,“ - წერია დოკუმენტში, რომლის თანახმად, აშშ NATO-ს შემადგენლობაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას გააგრძელებს. „მოსკოვი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ევროპის ჰეგემონიას წინააღმდეგობა გაუწიოს. ევროპული NATO რუსეთს ეკონომიკური შესაძლებლობით, მოსახლეობითა და სამხედრო ძალით მნიშვნელოვნად აღემატება. საბედნიეროდ, ჩვენი ნატო-ს მოკავშირეები რუსეთზე გაცილებით ძლიერები არიან,“ - აღნიშნულია აშშ-ის ეროვნულ თავდაცვის სტრატეგიაში. აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის მნიშვნელოვან პრიორიტეტს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი და ჩინეთის შეკავება წარმოადგენს. „პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთთან სტაბილური მშვიდობის, სამართლიანი ვაჭრობისა და ურთიერთობების უზრუნველყოფას ცდილობს და აჩვენა, რომ მზად არის ამ მიზნების მისაღწევად პრეზიდენტ სი ძინპინთან პირდაპირ ითანამშრომლოს. თუმცა, პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოლაპარაკება ძალის პოზიციიდან. დეპარტამენტი ჩინეთთან სტრატეგიულ სტაბილურობასა და დეესკალაციას დაუჭერს მხარს. მაგრამ, ჩვენ რეალისტურად ვუდგებით ჩინეთის ისტორიულ სამხედრო გაძლიერებას. ჩვენი მიზანი ჩინეთზე დომინირება არ არის. ჩვენი მიზანი მარტივია: არ დავუშვათ, რომ ვინმემ, მათ შორის ჩინეთმა, ჩვენზე ან ჩვენს მოკავშირეებზე დომინირება მოახერხოს,“ - ნათქვამია აშშ-ის 2026 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტში.  

ევროკავშირმა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვის გეგმა საბოლოოდ დაამტკიცა

ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო რეგულაცია, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში, როგორც მილსადენური გაზის, ასევე, თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის ეტაპობრივ გაუქმებას ითვალისწინებს. ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ახალი წესები, ასევე მოიცავს ზომებს ენერგომომარაგების ეფექტური მონიტორინგისა და დივერსიფიკაციისთვის. „აკრძალვა ამოქმედდება რეგულაციის ძალაში შესვლიდან ექვსი კვირის შემდეგ. არსებულ კონტრაქტებს გარდამავალი პერიოდი ექნება. ეს ეტაპობრივი მიდგომა შეზღუდავს ზემოქმედებას ფასებსა და ბაზრებზე. თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვა 2027 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება, ხოლო მილსადენური გაზის იმპორტის - 2027 წლის შემოდგომიდან,“ - წერია ინფორმაციაში. დოკუმენტის მიხედვით, ახალი წესების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს მაქსიმალური ჯარიმები, მინიმუმ 2.5 მილიონი ევრო ფიზიკური პირებისთვის და მინიმუმ 40 მილიონი ევრო კომპანიებისთვის, კომპანიის მსოფლიო წლიური ბრუნვის მინიმუმ 3.5% ან ტრანზაქციის სავარაუდო ბრუნვის 300%. 2026 წლის 1-ელ მარტამდე ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა მოამზადონ ეროვნული გეგმები გაზის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის და გამოავლინონ რუსული გაზის ჩანაცვლების პოტენციური სირთულეები. ამ მიზნით, კომპანიები ვალდებულები იქნებიან, აცნობონ ხელისუფლებას და კომისიას რუსული გაზთან დაკავშირებით დარჩენილი ნებისმიერი კონტრაქტის შესახებ. ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებიც კვლავ რუსული ნავთობის იმპორტს ახორციელებენ, ასევე მოუწევთ დივერსიფიკაციის გეგმების წარდგენა. ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა 2025 წლის დეკემბრის დასაწყისში მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას 2027 წლისთვის რუსული ბუნებრივი გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტის შესახებ. შესაბამისი წინადადებები ევროპარლამენტმა ოფიციალურად 2025 წლის 17 დეკემბერს დაამტკიცა.  

მოსკოვმა სირიაში, ქამიშლის აეროპორტიდან ჯარების გაყვანა დაიწყო, სადაც რუსული ძალები 2019 წლიდან იყვნენ - მედია

Reuters-ის ცნობით, რუსეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე აეროპორტიდან ძალებს გაიყვანს. ორი წყაროს ცნობით, რუსულმა ძალებმა გასულ კვირას კამიშლის აეროპორტიდან თანდათანობითი გასვლა დაიწყეს. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, მოსალოდნელი იყო, რომ ზოგიერთი ძალები დასავლეთ სირიაში, რუსეთის ჰმეიმის საჰაერო ბაზაზე გადავიდოდა, ზოგი კი, რუსეთში დაბრუნდებოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. რუსულმა გაზეთმა „კომერსანტმა“ გასულ კვირას, სირიულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიის მთავრობამ შესაძლოა, რუსულ ძალებს ბაზის დატოვება მოსთხოვოს ქურთების განდევნის შემდეგ, რადგან „მათ (რუსებს) იქ არაფერი ესაქმებათ.“ კიდევ ერთი სირიული უსაფრთხოების წყაროს ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, რუსული სამხედრო მანქანები და მძიმე შეიარაღება ქამიშლიდან ჰმეიმის სამხედრო აეროდრომზე გადაიტანეს. „რუსეთს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე აეროპორტიდან ძალებს გაჰყავს - მოსკოვი ქვეყნის ამ კუთხეში სამხედრო ყოფნას წყვეტს, სადაც დამასკოს მთავრობა ქურთული ძალებისთვის კონტროლის ჩამორთმევას ცდილობს. რუსეთს ჩრდილო-აღმოსავლეთში, კამიშლის აეროპორტში ძალები 2019 წლიდან ჰყავს განლაგებული, რაც შედარებით მცირე რაოდენობაა სირიის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე მის საჰაერო ბაზასთან და საზღვაო ობიექტთან შედარებით, რომელთა შენარჩუნებაც, სავარაუდოდ, მას შეუძლია,“ წერს Reuters-ი. სააგენტო ასევე წერს, რომ მიმდინარე თვეში საბრძოლო მოქმედებების შედეგად, სირიის სამთავრობო ძალებმა ქურთების მეთაურობით მოქმედი „სირიის დემოკრატიული ძალების“ (SDF) მიერ კონტროლირებადი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიები დაიკავეს. გასულ კვირას მხარეებმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. შაბათს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 15 დღით გახანგრძლივდა. სირიაში ასადის 50-წლიანი მმართველობა დასრულდა  

17-წლიანი პაუზის შემდეგ, თურქეთი და ლიბია ნავთობის სფეროში თანამშრომლობას აღადგენენ

თურქეთი და ლიბია ორი ქვეყნის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებს შორის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებასა და დივერსიფიცირებაზე შეთანხმდნენ. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალპარსლან ბაირაქტარმა სოციალურ მედია პლატფორმაზე დაწერა, რომ 17 წლის შემდეგ გამართული შეხვედრა ტრიპოლში, ლიბიის ტრანსპორტის მინისტრ მოჰამედ ალ-შუჰუბისთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა. ბაირაქტარის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობის სფეროში საჯარო კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაზრდაზე და ასევე, ორივე ქვეყანამ ლიბიის ხმელეთსა და ოფშორულ რაიონებში ერთობლივი მუშაობის სურვილი გამოხატა. „გარდა ამისა, ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს ორ ქვეყანას შორის განახლებადი ენერგიისა და სამთო მოპოვების სფეროებში თანამშრომლობის განვითარებაზე,“ - აღნიშნა ბაირაქტარმა. თურქეთი „ლიბიასთან ისტორიული კავშირების გარდაქმნას ისახავს მიზნად.“ „თურქეთი კვლავაც იქნება ლიბიის უდიდესი მხარდამჭერი, როგორც ეს წარსულში იყო,“ - აცხადებს ბაირაქტარი.  

ოქროს ფასი რეკორდულად მაღალია

ოქროს ფასმა რეკორდულად მოიმატა და უნციაზე 5,100 დოლარს გადააჭარბა. ფასზე ბოლო კვირის განმავლობაში რეკორდული პიკი დააფიქსირა და ოქროს ღირებულება წელს უკვე 18 პროცენტზე მეტით გაიზარდა. გლობალური დაძაბულობის ზრდის, ასევე, ცენტრალური ბანკისა და საცალო ვაჭრობის ძლიერი მოთხოვნის გამო, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ოქროს ფასი წელს კიდევ უფრო გაიზრდება 6000 დოლარამდე.  რაც შეეხება ვერცხლს, მისი ფასი 4.8 პროცენტით გაიზარდა, 107.903 აშშ დოლარამდე.  

ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა. ბროდოვიჩი უკრაინელი დიპლომატი და ეროვნული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია. ის 1996 წლიდან დიპლომატიურ სამსახურშია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. იყო უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული სტამბოლში; უკრაინის გენერალური კონსული კრაკოვში. 2015 წლიდან 2022 წლამდე ბროდოვიჩი იყო უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიაში.  ცნობისთვის, უკრაინის ელჩის თანამდებობა საქართველოში 2022 წლიდან ვაკანტურია. 2025 წლიდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობას საქართველოში რომან იაკოვენკო იკავებდა.  რომან იაკოვენკოს წინამორბედი მიხაილო ხარიშინი კი, 2024 წლის 8 სექტემბერს გაიწვია უკრაინის ახალდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ. უკრაინამ საქართველოდან თავისი ელჩი იჰორ დოლჰოვი 2022 წლის 2 მარტს გაიწვია და მას შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დაბალ დონეზეა.  

საქართველომ საერთაშორისო საზღვაო სწავლება Phoenix Express 2026-ში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აშშ-ის აფრიკული სარდლობის (U.S. AFRICOM) მიერ ორგანიზებულ და აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) კოორდინაციით განხორციელებულ საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express-ში მიიღეს მონაწილეობა. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საერთაშორისო საზღვაო სწავლება ტუნისის რესპუბლიკის ქალაქ ტუნისში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სწავლების პერიოდში სასწავლო მართვის ცენტრში ახორციელებდნენ მათზე დაკისრებულ ამოცანების შესრულებას. „Phoenix Express-ი – საერთაშორისო საზღვაო სწავლება მიზნად ისახავდა აშშ-ის, აფრიკელი პარტნიორების, მოკავშირეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საზღვაო და სამართალდამცავ ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას. სწავლების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო NATO-ს პროცედურების, ტერმინოლოგიისა და საზღვაო უსაფრთხოების სფეროში მართვის მოდელის ათვისებას. სწავლება ფოკუსირებული იყო საზღვაო აღკვეთ ოპერაციებზე, ინფორმაციის ეფექტიან გაზიარებასა და კოორდინირებულ პატრულირებაზე, რაც ხელს უწყობს რეგიონში საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას. საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში 12 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, ამერიკის საელჩოს ცნობით, საქართველო ერთ-ერთია იმ რვა პარტნიორი ქვეყნიდან, რომელიც პრესტიჟულ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა. „ეს წვრთნები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს კოლექტიურ მზადყოფნას ზღვაზე უკანონო საქმიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად. მშვიდობა უზრუნველყოფილია სიძლიერითა და მტკიცე პარტნიორობით,“ - წერს თავის მხრივ, აშშ-ის საზღვაო ძალები სოციალურ ქსელში.  

ინდოეთმა და ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ისტორიული შეთანხმება გააფორმეს

ინდოეთმა და ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება თითქმის ოცი წლის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ პაქტს „ისტორიული“ უწოდა. შეთანხმების შესახებ 27 იანვარს, ნიუ-დელიში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადეს. ევროკავშირის განცხადებით, ნიუ-დელი ხუთი წლის განმავლობაში ავტომობილებზე ტარიფებს 110%-დან 10%-მდე შეამცირებს, რაც სარგებელს მოუტანს ევროპელ ავტომწარმოებლებს - Volkswagen-ს, Renault, Mercedes-Benz-სა და BMW-ს. შეთანხმება უზრუნველყოფს საქონლით თავისუფალ ვაჭრობას 27 ევროპული სახელმწიფოს ბლოკსა და მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანას შორის, რომლებიც ერთად გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 25%-ს შეადგენენ. შეთანხმება ითვალისწინებს საქონლისა და მომსახურების ფართო სპექტრზე ტარიფების უზარმაზარ შემცირებას და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობას. „მთელი მსოფლიო ამას ყველა შეთანხმების დედას უწოდებს. ეს შეთანხმება ინდოეთის 1.4 მილიარდი მოსახლეობისა და ევროპის მილიონობით ადამიანისთვის დიდ შესაძლებლობებს შექმნის,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ლაიენის თქმით, ევროპა და ინდოეთი დღეს ისტორიას ქმნიან და ეს არის გზავნილი, რომელიც აჩვენებს, რომ თანამშრომლობა საუკეთესო პასუხია გლობალურ გამოწვევებზე.   „ჩვენ დავასრულეთ ყველა გარიგების დადება. შევქმენით თავისუფალი სავაჭრო ზონა ორი მილიარდი ადამიანისთვის, საიდანაც ორივე მხარე ისარგებლებს. ეს მხოლოდ დასაწყისია. კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობას,“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი ინდოეთსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას აფასებს - „ორი დიდი დემოკრატია ერთად როცა მოქმედებს, ჩვენ უფრო ძლიერ საერთო უსაფრთხოებას ვაშენებთ.“  

„ზღვის მცველი“ - საქართველო NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში მონაწილეობს

21 იანვრიდან 9 თებერვლამდე, თურქეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის წევრები, NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობენ. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ცნობით, ქართული ქვედანაყოფი NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში, ოპერაციული პარტნიორის სტატუსით უკვე მეოთხედ არის ჩართული. NATO-მ საქართველოს ალიანსის საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია ”ზღვის მცველის” ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა  

ვინ არიან მსოფლიოში უმდიდრესი ლიდერები

წყარო: Yahoo Finance პოლიტიკური ძალაუფლების გარდა, ბევრი მსოფლიო ლიდერი ასევე ძალიან მდიდარია. თუმცა ყველაზე მდიდარი ლიდერების სიაში მხოლოდ მდიდარი ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები არ არიან – მასში შედიან მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის ხელმძღვანელებიც. ბევრი ამ ძლიერი პირის ქონება ხშირად საიდუმლოა, ამიტომ, ზოგი მათგანი ამ სტატიაში არ არის მოცემული, თუმცა არსებობს შეფასებები მათი სიმდიდრის რეალური მასშტაბების შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპიდან დაწყებული რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინამდე — გაეცანით, ვინ არიან დღეს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ლიდერები, მათი შეფასებული ქონების მიხედვით: ვლადიმერ პუტინი - 200 მილიარდი დოლარი; ალექსანდრე ლუკაშენკო - 9 მილიარდი დოლარი; დონალდ ტრამპი - 7.2 მილიარდი დოლარი; კიმ ჩენ ინი - 5 მილიარდი დოლარი; სი ძინპინი - 1.5 მილიარდი დოლარი  ილჰამ ალიევი - 500 მილიონი დოლარი; რეჯეფ თაიფ ერდოღანი - 500 მილიონი დოლარი; ემანუელ მაკრონი - 31.5 მილიონი დოლარი; მარკ კარნი - 21.5 მილიონი დოლარი; ვოლოდიმირ ზელენსკი - 20 მილიონი დოლარი; ტრამპი არამხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მოქმედი ლიდერია, არამედ - აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პრეზიდენტიც. Forbes-ის ინფორმაციით, ტრამპის ქონება 2016 წელს 4.5 მილიარდ დოლარს (3.5 მილიარდი ფუნტი) შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ეს თანხა დაახლოებით 2.5 მილიარდ დოლარამდე (1.9 მილიარდი ფუნტი) დაეცა, მისი ქონება ბოლო თვეებში კვლავ სწრაფად გაიზარდა. Forbes-ის ბოლო შეფასებით, ტრამპის ქონება რეკორდული 7.2 მილიარდ დოლარია (5.3 მილიარდი ფუნტი), რაც დიდწილად გამოწვეულია World Liberty Financial-ის წარმატებით — კრიპტოვალუტის ბიზნესი, რომელიც მან თავის სამ ვაჟთან ერთად წამოიწყო. Yahoo Finance-ის სტატიის თანახმად, ყველას ყურადღება რუსეთზე იყო მიპყრობილი მას შემდეგ, რაც კრემლი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფინანსები საიდუმლოთი მოცული რჩება. Hermitage Capital Management-ის CEO ბილ ბროუერდის შეფასებით, ყოფილ KGB-ს ოფიცერთა ქონება წარმოუდგენელ - 200 მილიარდ დოლარს (148 მილიარდი ფუნტი) შეადგენდა. თუმცა 2018 წელს რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ პუტინის ოფიციალური შემოსავალი 2011-2016 წლებში მხოლოდ 673 000 დოლარს შეადგენდა (დღევანდელი გაცვლითი კურსით დაახლოებით 880 000 დოლარი / 652 000 ფუნტი). ასევე გამოაშკარავდა, რომ პუტინს აპარტამენტი ჰქონდა სანკტ-პეტერბურგში და აქციები Bank Saint Petersburg-ში. ვიდეო, რომელიც ყოფილმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ შექმნა [რომელიც 2024 წლის თებერვალში გარდაიცვალა და ფართოდ მიიჩნევა, რომ ის რუსეთის ხელისუფლებამ მოკლა], ასახავს მდიდრულ სასახლეს შავ ზღვაზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვის წევრმა მილიარდერებმა დააფინანსეს. ნავალნი ასევე აცხადებდა, რომ პუტინი ფულზე შეყვარებულია და გეგმავდა ქვეყნის ქონების მითვისებას. პუტინმა უარყო, რომ სასახლე მას ეკუთვნოდა, ხოლო ვიდეოს მონტაჟი უწოდა. მის წრის ფინანსური ოპერაციები Pandora Papers-მა ასევე დაუკავშირა მონაკოში არსებულ საიდუმლო ბიზნესებს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, მდიდარი რუსებისთვის გახდა პოპულარული ადგილი გადასახადების თავიდან აცილებისთვის — ერთგვარი „მოსკოვი ზღვაზე.“ რუსეთის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ Pandora Papers-ში ასახული მტკიცებები „არასაკმარისად დადასტურებულია,“ წერს Yahoo Finance. Yahoo Finance რეჯეფ თაიფ ერდოღანზე წერს, რომ ის 2014 წელს ქვეყნის პრეზიდენტად არჩევამდე სტამბოლის მერის და თურქეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში შესანარჩუნებლად საკმარისი მხარდაჭერა ჰქონდა, ბევრი მას კორუფციასა და ავტოკრატიულ ტენდენციებში ადანაშაულებს, ხოლო ეროვნული ვალუტის, ლირას ღირებულება ბოლო წლებში დაეცა, რის გამოც ბევრ ოჯახს ფინანსური პრობლემები შეექმნა. სტატიის მიხედვით, 2023 წლის ივლისში, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერდოღანმა თავისი ყოველთვიური ხელფასი 39%-ით გაზარდა 3,829 აშშ დოლარიდან (2.8 ათასი ფუნტი სტერლინგი) 5,360 აშშ დოლარამდე (4 ათასი ფუნტი სტერლინგი), რაც მის წლიურ ხელფასს 65,000 აშშ დოლარზე (48 ათასი ფუნტი სტერლინგი) ნაკლებს ხდის. თუმცა ერდოღანის წმინდა ქონება ინტენსიური შემოწმების საგანია. დღეს მისი ქონება დაახლოებით 500 მილიონ აშშ დოლარად (370 მილიონი ფუნტი სტერლინგი სტერლინგი) არის შეფასებული, თუმცა ზოგიერთი ცნობით, მისი ქონება მილიარდობით ფასდება. Yahoo Finance-ის სტატიაში ასევე განიხილება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქონება. ავტორი წერს, რომ ალიევსაც და მის მთავრობასაც წლების განმავლობაში კორუფციაში ადანაშაულებდნენ. მისი ქონება, სავარაუდოდ, დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარია (370 მილიონი აშშ დოლარი), თუმცა სხვა შეფასებით, ის 900 მილიონ აშშ დოლარსაც კი აღწევს (667 მილიონი აშშ დოლარი). ილჰამ ალიევმა 2010 წელს ოფიციალურად მიიღო წლიური ხელფასი 230 000 დოლარის ოდენობით, რაც 2025 წლის ფასებით დაახლოებით 330 000 დოლარს (245 000 ფუნტ სტერლინგს) უტოლდება. თუმცა, თავად ალიევსა და მის ოჯახს სხვა შემოსავლის წყაროებიც აქვთ, მათ შორის — საზღვარგარეთ არსებული მსხვილი უძრავი ქონება. 2010 წელს მისი მაშინ 12 წლის ვაჟი, ჰეიდარ ალიევი, გავრცელებული ინფორმაციით, დუბაიში სანაპიროზე მდებარე ცხრა ვილას დაეუფლა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 44 მილიონ დოლარს შეადგენდა (დღევანდელი შეფასებით — 63 მილიონი დოლარი / 49.7 მილიონი ფუნტი). ეს თანხა საშუალო აზერბაიჯანელ მოქალაქეს დაახლოებით 10 000 წლიანი შრომით დასჭირდებოდა დასაგროვებლად,“ - წერს Yahoo Finance. რაც შეეხება ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინ პინს, მისი ოფიციალური წლიური ხელფასი მხოლოდ 22 000 დოლარია (16.3 ათასი ფუნტი სტერლინგი). „თუმცა 2012 წელს გამოჩნდა, რომ ძინპინსა და მის ოჯახს ჰქონდათ ფარული ინვესტიციები მრავალ ჰოლდინგში, მათ შორის, $244 მილიონი ქონება უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიაში Shenzhen Yuanwei, რაც დღევანდელი გაცვლითი კურსით დაახლოებით $334 მილიონს (248 მილიონი ფუნტი) უტოლდება. მიიჩნეოდა, რომ სი ძინ პინის ქონება 1.5 მილიარდი დოლარი (1.1 მილიარდი ფუნტი) იყო. თუმცა, მისი რეალური სიმდიდრის სრული მოცულობა დღეს უცნობია.“ Yahoo Finance-ის სტატიის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, სავარაუდოდ, 2013 წლიდან 5 მილიარდი დოლარის (3.7 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) ქონება დააგროვა. დაახლოებით ამ პერიოდში აშშ-სა და სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა აღმოაჩინეს აქტივები და საბანკო ანგარიშები, რომლებსაც ის და მისი ოჯახი აკონტროლებდნენ. აღმოაჩნდა, რომ მისი სიმდიდრის დიდი ნაწილი 200-ზე მეტ საბანკო ანგარიშზე იყო დამალული, რომლებიც ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში იყო გახსნილი, მათ შორის, ავსტრიაში, ლუქსემბურგში, რუსეთსა და შვეიცარიაში. ალექსანდრ ლუკაშენკოს შესახებ კი, რამდენიმე წყარო აცხადებს, რომ მას აქვს ფრთხილად დამალული და უზარმაზარი ქონება. ლუკაშენკო კატეგორიულად უარყოფს ამ მტკიცებულებებს. თუმცა, WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, 2006 წელს ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე, სავარაუდოდ, ბელორუსის ყველაზე მდიდარი პირი იყო, მისი ქონება კი, 9 მილიარდ დოლარად (6.7 მილიარდი ფუნტი) შეფასდა. მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2019 წლის მაისში მოვიდა ხელისუფლებაში, მისი და მისი ოჯახის ქონება შეფასებული იყო დაახლოებით 1.5 მილიონ დოლარად, თუმცა უფრო ახლანდელმა ანგარიშებმა Forbes-ის მიხედვით აჩვენა, რომ მისი სიმდიდრე დღეს დაახლოებით 20 მილიონ დოლარს (14.8 მილიონი ფუნტი) შეადგენს. „უკრაინის მეექვსე პრეზიდენტის პოზიციაზე მოსვლამდე ზელენსკი ცნობილი იყო როგორც მსახიობი, კომიკოსი და პროდიუსერი. განსაკუთრებით პოპულარული გახდა სატირული სატელევიზიო სერიალის „Servant of the People“ მთავარ როლში, სადაც თამაშობდა ისტორიის მასწავლებელს, რომელიც შემთხვევით უკრაინის პრეზიდენტი ხდება. ზელენსკის ასევე აქვს დაახლოებით 25% წილი სატელევიზიო ჯგუფში „Kvartal“, რომელსაც თავად დააარსა,“ - წერს Yahoo Finance.

ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი არმადა მიემართება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისკენ კიდევ ერთი ამერიკული „არმადა“ მიემართება. ტრამპი იმედოვნებს, რომ თეირანი ვაშინგტონთან შეთანხმებას მიაღწევს. „ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა.“ „ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს. ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა. ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკული „არმადა“ ირანისკენ მიემართება  

ევროკავშირში, ელექტრომობილების გაყიდვებმა პირველად გადააჭარბა საწვავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვებს

Reuters-ის ცნობით, დეკემბერში, ევროკავშირში, ელექტრომობილების გაყიდვებმა პირველად გადააჭარბა საწვავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვებს.  დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა მათიას შმიდტმა აღნიშნა, რომ „დაახლოებით ნახევარი ათწლეული დასჭირდება, რომ ეკოლოგიურად სუფთა მანქანებმა საწვავზე მომუშავე მოდელებს სრულად გადაუსწრონ, მაგრამ ეს მაინც დასაწყისია.“ გასულ თვეში, ევროკავშირში ყველა რეგისტრაციის 22.6% წმინდა ელექტრომობილებმა შეადგინა, რაც ოდნავ აღემატება ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს, რომელთა რაოდენობაც 22.5%-ს შეადგენდნენ. ჰიბრიდები (მათ შორის, plug-in ჰიბრიდები, რომლებსაც მხოლოდ აკუმულატორის ენერგიით შეზღუდული მანძილის გავლა შეუძლიათ) ყველაზე დიდ ჯგუფად [44%] რჩება.  

სომხეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას უახლოეს მომავალში ელის

სომხეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას უახლოეს მომავალში ელის. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ასევე დავიწყეთ დიალოგი ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. და საბედნიეროდ - ხეზე დააკაკუნეთ - ეს პროცესი საკმაოდ შეუფერხებლად და ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ დიალოგი ახლახან დაიწყო, ჩვენ უკვე მივიღეთ სამოქმედო გეგმა და უკვე განვიხილავთ მას ჩვენს ევროკავშირელ კოლეგებთან. იმედი მაქვს, რომ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს თვეებში, შესაძლოა, მომავალ წელს,“ - აღნიშნა მირზოიანმა.  ფაშინიანი: სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან არის დაკავშირებული  

სომხეთმა ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციას ხელოვნური ინტელექტის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ მადლობა გადაუხადა სომხეთს კონვენციის ხელმოწერისა და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით ძალისხმევის გაერთიანებისთვის. სომხეთის გარდა, დღემდე, ჩარჩო კონვენციას ხელი მოაწერა 17 ქვეყანამ, მათ შორის, ევროპის საბჭოს წევრმა და დამკვირვებელმა სახელმწიფოებმა, ასევე ევროკავშირმა. მოცემული კონვენციის ხელმომწერი ქვეყნები ამ დრომდე არიან: ანდორა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონტენეგრო, ნორვეგია, მოლდოვა, სან მარინო, შვეიცარია, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო; ევროსაბჭოს დამკვირვებელი სახელმწიფოები: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და იაპონია; ევროსაბჭოს წევრი არარეალური სახელმწიფოები: ისრაელი და ურუგვაი. ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესახებ არის სამართლებრივად სავალდებულო პირველი საერთაშორისო ინსტრუმენტი ამ სფეროში. მისი მიზანია ხელოვნური ინტელექტის სისტემების სასიცოცხლო ციკლის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობასთან, ამავდროულად, ის ხელს უწყობს ტექნოლოგიურ პროგრესსა და ინოვაციას.  ჩარჩო კონვენცია ავსებს ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობასთან დაკავშირებულ უკვე არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს და ემსახურება იმ სამართლებრივი რეგულირების დეფიციტის აღმოფხვრას, რაც შესაძლოა, გააჩინოს ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ. იმისთვის, რომ კონვენციამ გაუძლოს დროის გამოცდას, ის არ არეგულირებს თავად ტექნოლოგიას და არსებითად ტექნოლოგიურად ნეიტრალურია. ჩარჩო კონვენციის ტექსტი შემუშავდა ევროპის საბჭოს 46 წევრი სახელმწიფოს მიერ. სამუშაო პროცესში აგრეთვე მონაწილეობდა ევროპის საბჭოს ყველა დამკვირვებელი ქვეყანა: კანადა, იაპონია, მექსიკა, წმინდა საყდარი და ამერიკის შეერთებული შტატები, აგრეთვე ევროკავშირი, და ევროპის საბჭოს არაწევრი სახელმწიფოების მნიშვნელოვანი რაოდენობა: ავსტრალია, არგენტინა,კოსტა რიკა, ისრაელი, პერუ და ურუგვაი.

მონტენეგრომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კიდევ ერთი თავი დახურა

მონტენეგრომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კიდევ ერთი თავი დახურა - თავი 32-ე, რომელიც ქვეყნის ფინანსურ კონტროლს ეხება. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ქვეყნის ბლოკში გაწევრიანებისკენ სწრაფვის გზაზე. ამის შესახებ ევროკავშირისა და მონტენეგროს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. „დღეს მონტენეგროს ევროპულ გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გადავლახეთ,“ — განაცხადა ევროკავშირის გაფართოების კომისარმა მარტა კოსმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ მილოიკო სპაიჩთან ერთად. „თქვენი მძიმე შრომა და ერთგულება დაფასდა,“ — მიმართა კოსმა სპაიჩსა და მონტენეგროს მოლაპარაკებების გუნდს. მისივე თქმით, „წელი კარგად დაიწყო და მონტენეგრო სწორ გზაზე დგას, რათა 2026 წელს მოლაპარაკების ყველა თავი დახუროს.“ პოდგორიცის მთავრობამ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი აჩვენებს ევროკავშირის ნდობას მონტენეგროს შესაძლებლობების მიმართ, დაიცვას როგორც ეროვნული, ისე ევროპული ფინანსური ინტერესები და საჯარო სახსრები პასუხისმგებლიანად და გამჭვირვალედ მართოს. თავი 32-ის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები გულისხმობს საჯარო სექტორში მკაფიო მმართველობითი ჩარჩოებისა და მექანიზმების ჩამოყალიბებას, მათ შორის — ეფექტიანი შიდა აუდიტისა და საბიუჯეტო ინსპექტირების სისტემების დანერგვას, რათა უზრუნველყოფილი იყოს საჯარო და დონორული სახსრების კანონიერი, ეფექტიანი და მიზნობრივი გამოყენება. ასევე სავალდებულოა დამოუკიდებელი გარე აუდიტი, რაც ანგარიშვალდებულებას გააძლიერებს და ინსტიტუციური მიზნების შესრულებას შეაფასებს. 32-ე თავი ასევე მოიცავს ზომებს ევროს გაყალბებისგან დაცვისთვის, რაც მოქალაქეთა ფინანსური ინტერესების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. „ამ თავის დახურვა მონტენეგროს მოქალაქეებს ევროკავშირის მოქალაქეებთან კიდევ უფრო აახლოებს,“ — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოვიცა ვუკოვიჩმა. მონტენეგრომ უკვე დახურა რამდენიმე მოლაპარაკების თავი და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევა. ანალიტიკოსებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების შეფასებით, მონტენეგრო რეალური კანდიდატია, გახდეს ევროკავშირის შემდეგი წევრი ქვეყანა. პოდგორიცა ამბიციურ მიზნად ისახავს, რომ დარჩენილი მოლაპარაკების თავების უმეტესობა მიმდინარე წელს დახუროს, რაც ქვეყანას ევროკავშირის წევრობის მოთხოვნების შესრულებას კიდევ უფრო დააახლოებს. მონტენეგრომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2012 წელს დაიწყო და ამ დროისთვის 13 თავი უკვე დროებით დახურული აქვს.  

ყაზახეთი „ლუკოილის“ აქტივების შეძენას ცდილობს

Reuters-ის ცნობით, ყაზახეთმა აშშ-ის ხელისუფლებას რუსული ნავთობმწარმოებლის „ლუკოილის“ (LKOH.MM) შესყიდვის ოფიციალური წინადადება წარუდგინა. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა იერლან აკენჟენოვმა განაცხადა. „ლუკოილი“ ყაზახეთის ყარაჩაგანაკის ნავთობის საბადოს ოპერატორში 13%-იან წილს ფლობს, რომლის მარაგებიც ამჟამად თითქმის 2 მილიარდ ბარელად არის შეფასებული. გარდა ამისა, რუსულ კომპანიას ყაზახეთის თენგიზის ნავთობის საბადოს ოპერატორში 5%-იანი წილი აქვს, რომლის მარაგებიც 10 მილიარდ ბარელს აღემატება. „ლუკოილი“ ასევე ფლობს წილს კასპიის მილსადენის კონსორციუმში, რომელიც ყაზახურ ნავთობს ნოვოროსიისკის პორტში ექსპორტისთვის გადააქვს. 2025 წლის ოქტომბერში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ორ რუსულ ნავთობგიგანტს, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს.“