ძებნის რეზულტატი:
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მოუწოდებს რუსეთს, სრული კონტროლი დაუბრუნოს უკრაინას ყირიმზე
ყირიმი უკრაინაა – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ყირიმი უკრაინაა. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, სრული კონტროლი დაუბრუნოს უკრაინას ყირიმზე“,- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.
CNBS - Moderna-ს ვაქცინამ თინეიჯერებში 96%-იანი ეფექტიანობა აჩვენა
CNBC-ის ინფორმაციით, ფარმაცევტული კომპანია Moderna აცხადებს, რომ ბოლო კლინიკური კვლევების წინასწარი მონაცემებით, მათმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ აჩვენა 12-იდან 17 წლამდე მოზარდებში 96%-იანი ეფექტიანობა. როგორც ცნობილია, კვლევაში მონაწილეობა 3 000-მდე მოზარდმა მიიღო და შედეგები დამაკმაყოფილებელია. კომპანია აღნიშნავს, რომ აცრილ მოზარდებს სერიოზული გვერდითი მოვლენები არ გამოუვლინდათ. CNBC წერს, რომ აშშ-ს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით Moderna-მ ქვეყანას 300 მილიონი დოზა ვაქცინა კიდევ უნდა მიაწოდოს, რაც დაახლოებით 150 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის საკმარისია.
ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან
საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ ერთიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული კომუნიკაციის გრძელვადიანი ხედვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს სჭირდება მეტად ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ამისათვის კარგი იქნება, თუკი საქართველო (შესაძლოა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად), შექმნის ერთგვარ ანალიტიკური ცენტრის/პლატფორმას, რომელიც ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, სამოქალაქო და ა.შ. წრეებთან თანამშრომლობით, ამ სამი ქვეყნის საგარეო მიზნებს მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ასევე მისასალმებელი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და ევროგაერთიანების მომავლის შესახებ ხედვას დააფიქსირებს. შიდა პოლიტიკურ კრიზისზე, ევროკავშირის ჩართულობაზე, რუსეთზე, და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე Europetime ანდრიუს კუბილიუსს ესაუბრა. _შიდაპოლიტიკური კრიზისი, ევროკავშირის დიდი ძალისხმევით და მედიაციით, ამ ეტაპისთვის ასე ვთქვათ დაიძლია, რა იქნება ის მომდევნო ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის სწრაფვას ევროატლანტიკური ალიანსისკენ უფრო დამაჯერებელს გახდის? ეს არის ზუსტად ის, რატომაც ძალიან ვწუხდით ამ პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა არამხოლოდ არჩევნების შემდეგ, არამედ მანამდეც. ამიტომაც, ჩავერთეთ და მეც პირადად ინტენსიურად ვიყავი ჩართული კრიზისის გადაჭრის ძალისხმევაში. ახლა ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ კრიზისი შეძლებისდაგვარად დასრულდა. ასევე ბედნიერი ვარ, რომ ევროკავშირმა და პირადად შარლ მიშელმა ამ კრიზისის გადასაჭრელად ლიდერობა იტვირთეს. ეს კარგი მაგალითია, თუ რამდენად შეუძლია ევროკავშირს, იყოს ეფექტიანი ასეთი სახით გამოწვევებთან და პრობლემებთან ბრძოლაში. ასეთი პრობლემები მხოლოდ საქართველოში არ არის, მაგალითად მოლდოვაში, ბელარუსში უამრავი პრობლემაა. შესაძლოა, ის გამოცდილება, რომელიც ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო, დაეხმაროს მას, სხვაგანაც იპოვოს გამოსავალი კრიზისის გადასაჭრის დროს. რატომ იყო ეს კრიზისი ცუდი საქართველოსთვის... ჩვენი გადმოსახედიდან, არამარტო შიდა საკითხები...საქართველო გარკვეულწილად საჭირო მომენტს უშვებდა ხელიდან ამ კრიზისის დროს, თუმცა ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ის ფაქტი, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ნამდვილად მოწინავე პოზიციაზეა ასოცირების შეთანხმებით ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის თვალსაზრისით და ჩვენ ვთხოვეთ ცნობილ think-thank-ს (CEPS) ბრიუსელში, რომ გარკვეულწილად, ანალიზი გაეკეთებინათ. მათ ჩაატარეს ძალიან საინტერესო კვლევა. შედეგად, დასავლეთ ბალკანეთის და ასევე, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან შედარების შემდეგ, საქართველო ორივე რეგიონში ლიდერი აღმოჩნდა. საქართველო ნამდვილად ლიდერებს შორისაა, რაც გვაძლევს იმის რწმენას, რომ ევროპარლამენტში, ევროპულ ინსტიტუტებში განვიხილოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის რეფორმის საკითხი, რომ ევროკავშირს ისეთივე პოლიტიკა ჰქონდეს, როგორიც აქვს მაგალითად დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისადმი და შესაძლებელია, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უფრო პრაქტიკული ინტეგრაციის გზა შევთავაზოთ. შესაძლებელია, ეს არის დასაწყისი იმის, რომ გარკვეულწილად წარმოვადგინოთ წინადადება შუალედური სტატუსის შესახებ, რომელიც პირველად გაჟღერდა (sharing everything with the Union but institutions) რომანო პროდის მიერ 2003 წელს. ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყნებს, როგორიც არიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ასევე შეუძლიათ, ჰქონდეთ წევრობის ბენეფიტები, რომელიც ასევე გულისხმობს საერთო ბაზრითა და სხვა სიკეთეებით სარგებლობას. ასე რომ, ვთვლით, ეს არის ის ნაბიჯები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ მომავალში გადაიდგას და იმედი მაქვს, საქართველო კრიზისის შემდეგ იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამ იდეის განხორციელებას და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. მთავრობა, მმართველი პარტია აპირებს, რომ ოფიციალური განაცხადი გააკეთოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე. ასე რომ, საქართველოს ინტეგრაციის ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ თავად ქვეყნისთვის, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნისთვის და შესაძლოა, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისთვის. იმედი მაქვს, ერთად შევძლებთ ამ გზის გავლას არამხოლოდ საქართველოსთან, არამედ ჩემს მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებთან ერთად, რომ ასეთ დიდ იდეებს გარკვეულწილად ბიძგი მივცეთ. მისასალმებელია Think-Thank-ის საზოგადოების შექმნის იდეა. საქართველოს სჭირდება მეტად ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამისათვის კარგი იქნება, თუკი საქართველო (შესაძლოა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად), შექმნის ერთგვარ ანალიტიკური ცენტრის/პლატფორმას ბრიუსელში, რომელიც ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, სამოქალაქო და ა.შ წრეებთან თანამშრომლობით, ამ სამი ქვეყნის საგარეო მიზნებს მხარს დაუჭერს, ასევე მისასალმებელი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და ევროგაერთიანების მომავლის შესახებ ხედვას დააფიქსირებს. ჩვენ, ჩვენი მხრივ ვცდილობთ, ვესაუბროთ დედაქალაქებს, ვცდილობთ, ორგანიზება გავუწიოთ გარკვეული სახის ქსელს - think-thank-თან, პოლიტიკურ საზოგადოებასთან, რომ ვისაუბროთ ახალ იდეებზე, რომ წინ წავიწიოთ და ამისთვის, უკრაინელებთან, ქართველებთან, მოლდოველებთან ერთად, ჩვენ გვჭირდება საერთო სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული კომუნიკაციის გრძელვადიანი ხედვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. _ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ჰიბრიდული ომის წარმოებისთვის სხვადასხვა ხერხს იყენებს ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ. არსებობს რიგი ექსპერტების მოსაზრებები, რომ ევროკავშირს უფრო კონსტრუქციული მიდგომა აქვს. როგორ უყურებთ ამ ურთიერთობებს რუსეთის მხრიდან მზარდი აგრესიის ფონზე? როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთთან ურთიერთობაზე, რას ვგულისხმობთ. ზოგიერთ დედაქალაქში ფიქრობენ, მოდით, ვესაუბროთ პუტინს. შევხედოთ, რუსეთი რისგან შედგება - კრემლისგან და ჩვეულებრივი ხალხისგან. მე უფრო მეტად მომხრე ვარ ხალხთან ურთიერთობის და ნაკლებად ასეთი ახალი მცდელობების პუტინთან. პუტინი არ შეიცვლება, მაგრამ რუს ხალხს რუსეთის შეცვლა შეუძლია. როგორ უნდა დავეხმაროთ რუს ხალხს რუსეთის ტრანსფორმაციაში, არსებობს რამდენიმე რამ - პირველი - დავეხმაროთ ადამიანის უფლებების, ხმის მიცემის უფლების დაცვაში, რომელსაც პუტინი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის. ევროკავშირი და დასავლეთი უნდა უნდა იყვნენ მტკიცენი პოზიციაში, სანქციებით და ასე შემდეგ. მეორე საკითხი, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, რომ დაეხმაროს რუს ხალხს მის მცდელობაში, მოახდინოს რუსეთის ტრანსფორმაცია - ევროკავშირი უნდა იყოს უფრო ძლიერი პოზიციაში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებით. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება საუკეთესო მაგალითია რუსი ხალხისთვის, რისი მიღწევა შეუძლიათ დემოკრატიული განვითარების გზით. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების წარმატება რუსეთის წინააღმდეგ ქმედებას არ ნიშნავს, ეს ასევე ნიშნავს რუსეთის დემოკრატიული განვითარებისთვის მხარდაჭერას. პუტინს არ სურს ამ ქვეყნების წარმატება, რადგან თუ რუსი ხალხი უკრაინის და საქართველოს მაგალითს მიჰყვება, პუტინის მსგავსი რეჟიმები ჩამოიშლება. _როგორ ხედავთ EPP-ს როლს კრიზისის გადაჭრის და საერთოდ, შიდა პოლიტიკურ საკითხებში მის ჩართულობას? როგორც იცით, ევროპის სახალხო პარტია ევროპარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფში შედის. მიუხედავად იმისა, ვინ არის მთავრობაში და ვინ ოპოზიციაში, საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ისევე როგორც უკრაინა და მოლდოვა. გვსურს, ზოგადად, ვიხილოთ EPP-ს ოჯახში შემავალი პოლიტიკური პარტიების წარმატება, თუმცა ზოგჯერ ჩვენ არ შეგვიძლია, ქართველ პოლიტიკოსებზე უკეთესი ქართველი პოლიტიკოსები ვიყოთ. ჩემი მოსაზრება იყო ძალიან მარტივი ოპოზიური პარტიების „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მიმართ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი არ მოიტანდა რაიმე სახის პოლიტიკურ დივიდენდებს. ჩემი რჩევა იყო, თავი დააღწიეთ კრიზისს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაივიწყოთ თქვენი მოთხოვნები. ნუ გააგრძელებთ კრიზისს მუდმივად, რადგან შეიძლება, დაიკარგოს ქართველი ხალხის და საერთაშორისო პარტნიორების ნდობა.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ განიხილავს უკრაინის თხოვნას დამატებით იარაღის მიწოდების შესახებ
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, შტატები განიხილავს უკრაინის თხოვნას "დამატებითი" სამხედრო დახმარების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს კრემლის აგრესიის შეჩერებას რუსული ძალების მასობრივი შეტევის შედეგად მათ საერთო საზღვართან. ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლების" უკრაინის ბიურო ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კიევმა მოითხოვა აშშ-ს საჰაერო თავდაცვის სისტემები და სნაიპერული საწინააღმდეგო ტექნოლოგია, უკრაინაში პატრიოტის რაკეტების შესაძლო განთავსებასთან ერთად. „რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ თხოვნას. ახლა ვფიქრობთ, რომელი დამატებითი დახმარება იქნება სასარგებლო უკრაინისთვის, გარდა იმ დახმარებისა, რასაც უკრაინას უკვე ვუწევთ. ეს საკითხი აქტიურად განიხილება“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა. გამოცემის ინფორმაციით, 2014 წლიდან, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და მხარი დაუჭირა სეპარატისტებს უკრაინის აღმოსავლეთ პროვინციებში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას თითქმის 5 მილიარდი დოლარის ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების სახით გამოუყო. აღსანიშნავია, რომ ენტონი ბლინკენი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის პირველი წარმომადგენელია, რომელიც კიევში ჩავიდა. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.
Pfizer-ის ვაქცინა სპერმაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს - ისრაელში ჩატარებული კვლევა
The Jerusalem Post-ს ცნობით, ისრაელში წარმოებული ახალი კვლევის წინასწარი მონაცემებით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა სპერმაზე უარყოფითად არ მოქმედებს. კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 43 მოხალისის ნიმუში გამოიკვლიეს. ნიმუშებში, რომლებიც აცრამდე ერთი თვით ადრე და აცრიდან ერთი თვის შემდეგ იყო აღებული, არც ერთი პარამეტრი – მოცულობა, კონცენტრაცია და მოძრაობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. „ეს წინასწარი შედეგები დამამშვიდებელი უნდა იყოს ახალგაზრდა კაცებისთვის, რომლებიც ვაქცინაციას გეგმავენ. წყვილებმა, რომლებსაც სურთ ბავშვის ყოლა, უნდა გაიკეთონ აცრა, რადგან ვაქცინა სპერმაზე არ მოქმედებს“, – აცხადებენ კვლევის ავტორები. მაშინ როცა, მათივე თქმით, კორონავირუსის შესახებ კვლევები მოწმობს, რომ სპერმაზე უარყოფითად სწორედ ვირუსი მოქმედებს. ასევე, კიდევ ერთი ახალი კვლევის წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ კორონავირუსი უარყოფითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ინფიცირებიდან 77 დღის შემდეგ გამოკვლეულ პაციენტთა ნაწილს ინფიცირების შემდეგ ძილის პრობლემები, გადაღლილობა, შფოთვა და პოსტრავმული სტრესი ჰქონდა.
„ასტრაზენეკას“ ვაქცინა გერმანიაში ყველა ზრდასრული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება
Deutche Welle-ს ინფორმაციით, გერმანიაში უახლოეს მომავალში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ყველა ზრდასრული ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი. როგორც ცნობილია, გერმანიის მთავრობამ ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვა მოხსნა. ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, ასევე შემცირდება პირველ და მეორე დოზას შორის დროის ხანგრძლივობა. თუ აქამდე პირველ და მეორე დოზის გაკეთებას შორის 12-კვირიანი შუალედი უნდა ყოფილიყო დაცული, ახლა მსურველებს მეორე დოზის გაკეთება ოთხ კვირაში შეეძლებათ. გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთება მხოლოდ 60 წელს ზემოთ ადამიანებისთვის იყო რეკომენდებული.
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი: არსებობს პოზიტიური განწყობა ოპოზიციასთან ერთად მუშაობისთვის
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი მიგელ ბერგერი საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. „კარგი აზრთა გაცვლა გვქონდა ირაკლი კობახიძესთან და „ქართული ოცნების“ დელეგაციასთან საქართველოში საშინაო კონფლიქტის დაძლევასა და სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების შესახებ. არსებობს ძალიან პოზიტიური განწყობა ოპოზიციასთან ერთად და გადაუდებელ რეფორმებზე (საარჩევნო კანონი, მართლმსაჯულების სისტემა) მუშაობისთვის“,- წერს მიგელ ბერგერი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა უკრაინაში ვიზიტი დაასრულა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ვიზიტი დაასრულა. მისივე თქმით, უკრაინაში ვიზიტი ნაყოფიერი იყო. „ნაყოფიერი დრო გავატარე პრეზიდენტ ზელენსკისთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვისაც შევხვდი. შეერთებული შტატების მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინაშე უკრაინის მიმართ ურყევია. ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინას რეფორმების პროცესში, რომელიც გარდაუვალია სუვერენული, დემოკრატიული და აყვავებული უკრაინის მომავლისთვის“, – წერს ენტონი ბლინკენი Tweeter-ზე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ევროპული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა. ენტონი ბლინკენი უკრაინის პრეზიდენტს და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა.
საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტებზე 5 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მასშტაბით გამოავლინა ხუთი აფთიაქი, საიდანაც უნებართვოდ და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახური ინფორმაციას ავრცელებს. „5 მაისს, შესაბამისი განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნა ხუთივე აფთიაქის ხელმძღვანელი პირი, რომელთაც ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხსენებული აფთიაქებიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ალექსანდრ ვერშბოუ: იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების თემას მუდმივად აღარ გადავდებთ
,,იმედი მაქვს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხის გააქტიურების კუთხით რეალური ცვლილებები იქნება და ამ თემას მუდმივად აღარ გადავდებთ", - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ და რუსეთში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა. მისივე თქმით, დასავლეთის მიერ რუსეთის მუქარაზე პასუხის გაცემის საუკეთესო გზა წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემა და საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების რეალური სამზადისის დაწყება იქნებოდა. ,,საუკეთესო გზა წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემა და საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების რეალური სამზადისის დაწყება იქნებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს დღეს შეუძლებელია, რადგან ნატო-ში ამ საკითხზე ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობაა. ალიანსის წევრები შიშობენ, რომ საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მცდელობას რუსეთის ხისტი პოზიცია მოჰყვება. ნატო-ს წევრები არ არიან მზად, ომში ჩაებან საქართველოსა და უკრაინის გამო. ასეთია სამწუხარო რეალობა. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ალტერნატიულ გზაზე, რაც NATO-ს მხრიდან უკრაინისა და საქართველოს სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის საგრძნობლად გაზრდას გულისხმობს. იმედი მაქვს, აშშ-ს ალიანსის სხვა წევრებიც შეუერთდებიან, რათა ერთობლივად გავაძლიეროთ საქართველოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მზადყოფნა, შესაძლებლობები არა ახალი საბრძოლო მოქმედებების ხელშეწყობისთვის, არამედ რუსეთის შესაკავებლად, რათა კრემლმა აღარ სცადოს იმის გამეორება, რაც 2008 წელს საქართველოში გააკეთა და, რასაც რუსები დღემდე აკეთებენ დონბასში. ნატო-ში ინტეგრაცია თანდათანობით მოხდება. ჩემი აზრით, აშშ-ის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ აფასებს, როგორ უნდა მოხდეს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში სამომავლო გაწევრიანება. იმედი მაქვს, რომ უკრაინის ბოლოდროინდელი კრიზისის მაგალითზე აშშ-ი გააცნობიერებს, რომ ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების პროცესის გაჭიანურება მხოლოდ გაათამამებს რუსებს, უფრო აგრესიულად მოიქცნენ და დაბლოკონ თბილისისა და კიევის გზა NATO-სკენ. არ ვფიქრობ, რომ ნატო-ს სამიტზე, რომელიც ივნისში უნდა გაიმართოს, რაიმე დრამატული ცვლილება მოხდება. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის გააქტიურების კუთხით რეალური ცვლილებები იქნება და ამ თემას მუდმივად აღარ გადავდებთ", - განაცხადა ვერშბოუმ ,,პირველი არხთან" ინტერვიუში.
ალექსანდრ ვერშბოუ: უნდა ვიფიქროთ როგორ შეიძლება რუსეთზე უფრო მეტი ზეწოლა, რათა სიტუაციის განმუხტვა გრძელვადიან პერიოდში მოხერხდეს
ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილისა და რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩის ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებით, იმის თქმა, რომ რუსეთმა უკრაინაში ვითარების დეესკალაცია დაიწყო, ჯერ ნაადრევია. როგორც ვერშბოუმ ,,პირველი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რუსეთის მხრიდან იარაღის ჟღარუნი უფრო მეტად პოლიტიკური გზავნილების გაკეთებას ისახავდა მიზნად, ვიდრე სამხედრო მოქმედებების დაწყებას. მისივე თქმით, რუსეთის მიზანს უკრაინაზე ზეწოლა, ევროპელი მოკავშირეების შეშინება და ნატო-ში განხეთქილების გამოწვევა წარმოადგენდა. ,,დასკვნის გამოტანა ან ყურადღების მოდუნება ჯერ ნაადრევია. რუსები ყოველთვის სიმართლეს არ ამბობენ. უნდა დავრწმუნდეთ და ვნახოთ ადგილზე, რომ სამხედროები ნამდვილად გადიან და ვითარება განიმუხტა. მეტიც, ჩვენ არა მხოლოდ სახმელეთო ძალებს უნდა მივადევნოთ თვალყური, არამედ შავ ზღვასაც, სადაც რუსეთმა აზოვის ზღვაში შესვლაზე ბლოკადის მსგავსი შეზღუდვა დააწესა. ასევე, ზღუდავს ნაოსნობას თავად შავ ზღვაშიც. ამიტომ, ჩემი აზრით, იმის თქმა, რომ რუსეთმა ვითარების დეესკალაცია დაიწყო, ჯერ ნაადრევია. როგორც ჩანს, რუსეთის მხრიდან იარაღის ჟღარუნი უფრო მეტად პოლიტიკური გზავნილების გაკეთებას ისახავდა მიზნად, ვიდრე სამხედრო მოქმედებების დაწყებას. მთავარი ამოცანა იყო უკრაინის დაშინება და კიევზე ზეწოლა, რათა უკრაინა ე.წ. მინსკის შეთანხმების მოლაპარაკების პროცესში დათმობაზე წავიდეს, რასაც ზელენსკი ამ დრომდე არ აკეთებდა. რუსეთის კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენდა ევროპელი მოკავშირეების შეშინება და ნატო-ში განხეთქილების გამოწვევა. ამ ქმედებებით კრემლი ცდილობდა, ეჩვენებინა, რომ რუსეთს შეუძლია ინიციატივის ხელში აღება და ნებისმიერ დროს ვითარების სამხედრო ესკალაცია. ასეთივე გახლდათ ვლადიმერ პუტინის გზავნილი ფედერაციის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას, როდესაც რუსეთის წითელი ხაზები ახსენა. როგორც ჩანს, მოსკოვი კვლავ ცდილობს, დაარწმუნოს დასავლეთი, რომ უკრაინასთან პარტნიორობა რთული საქმეა და დასავლეთმა უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ რუსეთს აქვს გავლენის სფეროები, კრემლი დომინირებს ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ სივრცეში. ეს საფრთხე კვლავ აქტიურია, მიუხედავად იმისა, რომ არსებული კრიზისი უკრაინაში შესაძლოა, განმუხტვისკენ მიდიოდეს. ჩვენ სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ და ვიფიქროთ სხვა გზებზე, თუ როგორ შეიძლება რუსეთზე უფრო მეტი ზეწოლა, რათა სიტუაციის განმუხტვა გრძელვადიან პერიოდში მოხერხდეს. რაც მთავარია, დეესკალაციის დადასტურება შესაძლებელი უნდა იყოს, რადგან რაც რუსეთმა ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინაში გააკეთა, შესაძლოა, განმეორდეს თუნდაც ზაფხულში. სამხედრო აგრესიის საფრთხე არ მოხსნილა", - განაცხადა ვერშბოუმ. მისივე თქმით, 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების მსგავსი მსოფლიომ 2014 წელს უკრაინაშიც იხილა. ,,2008 წლის მსგავსი სიტუაცია ჩვენ უკრაინაში უკვე ვიხილეთ 2014 წელს, როდესაც რუსეთმა დაიკავა ყირიმი და წამოიწყო ომი უკრაინის აღმოსავლეთში, რასაც კრემლში სამოქალაქო ომად ასაღებენ, სინამდვილეში კი, ეს რუსეთის აგრესიაა. ასე რომ, დიახ, მოსალოდნელია, მსგავსი მოვლენები ისევ განმეორდეს უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ახლა რუსი სამხედროები დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებოდნენ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინის საზღვრებთან და ყირიმში ჩატანილი აღჭურვილობის დიდი ნაწილი ადგილზე რჩება. ასე რომ, რუსეთს აქვს შესაძლებლობა, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაზარდოს სამხედრო ზეწოლა. ზოგადად, რუსეთი შეეცდება, ისარგებლოს ნებისმიერი უთანხმოებით დასავლეთში. ასეთი დიდი განხეთქილება გვახსოვს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე, როდესაც ნატო-ს მოკავშირეები საქართველოსა და უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ. ამასთან, რუსეთი მზად იყო, დაებლოკა ნებისმიერი ასეთი მცდელობა და ეს გააკეთა კიდეც ჯერ საქართველოს და შემდეგ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის კონსოლიდაციით. ახლა კრემლში მიაჩნიათ, რომ მუდმივად შეუძლიათ, დაბლოკონ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პროცესი. დასავლეთისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, რუსეთს დაუმტკიცოს, რომ მოსკოვი ცდება, რომ კრემლს ამ პროცესში ვეტო არ აქვს. პარალელურად კი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია სამხედრო აგრესიის გაგრძელების შეკავებისთვის", - განაცხადა ვერშბოუმ.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 547 ადამიანს დაუდასტურდა, 1 131 გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 131 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 541 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 212, პისიარტესტით – 11 329. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,06 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,66 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 6,76 პროცენტი. ქვეყანაში სულ აცრილია – 54 687 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 089. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 319 266 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 298 807 გამოჯანმრთელდა, 4 245 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 354 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 759 პირი. ამასთან, 6 მაისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 144 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პრემიერ-მინისტრმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი წარადგინა
მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ევროპის საინვესტიციო ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, სლოვაკეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ვაზილ ჰუდაკი წარადგინა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ვაზილ ჰუდაკი კარგად იცნობს საქართველოს ეკონომიკურ გუნდს. ამასთან, აღნიშნა, რომ გუშინ ის წარადგინეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად. „მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი სპეციალური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ვითარებაში ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ, ამ გეგმაში საქართველოს სამომავალო განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ექნება წამყვანი როლი. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მოხდება, მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევარჩიეთ ვაზილ ჰუდაკი, რომელიც არის საქართველოს დიდი მეგობარი. მისი წარმატებული კარიერის განმავლობაში მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად, ფინანსთა მინისტრად, მანამდე მუშაობდა კერძო ბანკებში. ასევე, მინდა გითხრათ, რომ როდესაც ის იყო ევროპის საინვეტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ხშირად სტუმრობდა საქართველოს. ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. იგი კარგად იცნობს ჩვენს ეკონომიკურ გუნდს. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ ის წარადგინეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად. ვაზილ ჰუდაკმა უკვე გამართა შეხვედრები ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან. მისი ამოცანა არის ჩვენი ახალი, ეკონომიკური სტრატეგიისთვის უცხოური, საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. იგი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე. მას ურთიერთობა ექნება როგორც ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ასევე, საერთაშორისო სამეწარმეო ეკონომიკურ სუბიეტებთან, საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან. ჩვენი დღევანდელი სტრატეგიის გათვალისწინებით, საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების სფეროში ევროპის პოლიტიკას ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ეს პოლიტიკა სწორედ ვაზილ ჰუდაკის ხედვითა და პროფესიული რჩევებით განხორციელდება. მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო შეთავაზების მიღებისთვის და დარწმუნებული ვარ, ერთობლივად მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც ახლა სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
იუსტიციის მინისტრი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მინისტრის მოადგილე აკაკი საღინაშვილთან და სამინისტროს სისტემის თანამშრომლებთან ერთად, „სინოფარმის“ ვაქცინიით აიცრა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაციის შესაძლებლობა სამინისტროს იმ სამსახურების თანამშრომლებს მიეცათ, რომელთა საქმიანობა სერვისების მიწოდებას უკავშირდება და რომელთაც სამუშაოს ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღიურად ასეულობით მოქალაქესთან აქვთ კონტაქტი. მათ რიცხვში არიან იუსტიციის სახლის, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც „სინოფარმით“ აცრის სურვილი თვითონ გამოთქვეს. ვაქცინა, ერთი მხრივ, იუსტიციის სახლისა და აღსრულების ბიუროს თანამშრომლებს დაიცავს „კოვიდ-19“-ისაგან, მეორე მხრივ კი, ამ უწყებების სერვისებს მოქალაქეებისათვის კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის – იუსტიციის სახლსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში მისულ მომხმარებლებს მომსახურებას ვაქცინირებული თანამშრომლები გაუწევენ და ვირუსით დაინფიცირების საფრთხე მინიმუმამდე შემცირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.ვაქცინაცია ჩაუტარდათ სპეციალური პენიტენციური სამსახურის როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს რეგიონში მომსახურე თანამშრომლებს. როგორც იუსტიციის სამინისტროში აღნიშნავენ, სისტემა, წელიწადზე მეტია, ეფექტურად ებრძვის კორონავირუსის გავრცელებას მსჯავრდებულებში. სწორედ ამის შედეგია ის ფაქტი, რომ ბოლოს ჩატარებული ინტენსიური „პისიარ“ ტესტირების ფარგლებში საქართველოს ციხეებში ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა და ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ვაზილ ჰუდაკი: კოვიდის გამო რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა, მაგრამ ეს არის შესაძლებლობების დროც
ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ვიმუშავებ ქვეყნის განვითარებისთვის, მთავრობისა და საზოგადოების ხელშეწყობისთვის, – ამის შესახებ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა, ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის გამო, ეკონომიკის აღდგენისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ქვეყნებს რთულ პერიოდში უწევთ მუშაობა, თუმცა ეს ახალი შესაძლებლობების პერიოდიც არის. როგორც ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა, მისი მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სხვადასხვა რესურსის მობილიზაციაში. ამასთან, მან კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში კვლავ დავბრუნდი. საქართველო ძალიან ახლოს არის ჩემს გულთან. როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ სხვადასხვა რანგში. ყველაზე ახლო პერიოდში ვიყავი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. ეს არის საქართველოში და მის ეკონომიკაში უმსხვილესი ინვესტორი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ვიმუშავებ ქვეყნის განვითარებისთვის, მთავრობის ხელშეწყობისა და საზოგადოების განვითარებისთვის. ჩვენ რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა კოვიდის გამო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს რთული დრო არის შესაძლებლობების პერიოდიც. შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავიზარდოთ, განვვითარდეთ სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სფეროს საუკეთესო ხარისხი შევქმნათ, აშშ-დან, ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ დახმარება. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვახდინოთ ეკონომიკური სიტუაციის აღდგენა ინვესტიციების გზით, მეტი ეკონომიკური განვითარების გზით. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მომავალიც ევროკავშირში. ევროკომისიის და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ვარ მცირე და საშუალო საწარმოების მიმართულებით, ეს არის გამძლეობის მატებისთვის შექმნილი სპეციალური ინსტიტუტი. 50 მილიარდი ევრო გამოიყო ამ პროგრამისთვის. ორი ძირითადი ასპექტი აქვს ამ პროგრამას, ერთი – გაციფროვნება და მეორე – გარემოსდაცვითი მიმართულება. ეს არის საქართველოს მიმართულებებიც – გახდეს უფრო ციფრული, უფრო თანამედროვე და უფრო მწვანე. მიმაჩნია, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას და ეს არის საქართველოს მთავრობის ძირითადი მისწრაფებაც. სხვადასხვა გამოწვევა და საჭიროება შევისწავლე. სახელმწიფო რესურსები არ არის საკმარისი ყველა ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორიც ჩაერთოს ამ პროცესში. სწორედ ამაში ვხედავ ჩემს როლს, რომ დავეხმარო საქართველოს მთავრობას იმ გზების გამოძებნაში, რომლითაც მოხდება სხვა რესურსების მობილიზაცია საერთაშორისო დახმარების გზით, რაც საქართველოს მთავრობას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. დიდი პატივია, ვიმსახურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად, ვემსახურო საქართველოს და ქართველ ხალხს. ეს არის საქართველოს და ევროკავშირის კავშირების გაძლიერების შესაძლებლობა და ამ მისიას ძალიან სერიოზულად ვუდგები“, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დღეს წარადგინა.
ესტონეთმა რუსეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა
Deutche Welle-ს ინფორმაციით, ესტონეთმა რუსეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა როგორც ცნობილია, ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა თვითმფრინავმა Ил-96-მა 5 მაისს დილით დაარღვია ქვეყნის საჰაერო საზღვარი ფინეთის ყურეში, კუნძულ ვაინდლოოს მახლობლად. თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო სივრცეში ერთი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავის ტრანსპონდერი ჩართული იყო, თვითმფრინავს არ ჰქონდა ფრენის გეგმა და საჰაერო სივრცის დარღვევის დროს არ იყო დამყარებული ორმხრივი რადიოკავშირი ესტონურ მხარესთან. მომხდართან დაკავშირებით 6 მაისს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა და მას საპროტესტო ნოტა გადასცა. უწყების ცნობით, ეს უკვე მეორე ასეთი შემთხვევაა 2021 წელს.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ავღანეთიდან ყველა სამხედრო კონტრაქტორის გაყვანა მიმდინარეობს
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ჯეიმ ოსტინის განცხადებით, პენტაგონმა მეტი მძიმე ბობმდამშენი და გამანადგურებელი თვითმფრინავები განათავსა ავღანეთში, ამ ქვეყნიდან აშშ-ისა და კოლაციის სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანის პროცესის მხარდასაჭერად. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისივე თქმით, აპრილის მონაცემებით, პენტაგონის თითქმის 17 000 კონტრაქტორი იყო, მათ შორის 6 150 ამერიკელი, 4 300 ავღანელი და 6 400 სხვა ქვეყნიდან. აშშ-ის არმის შტაბის უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ აღნიშნა, რომ ავღანეთში კოალიციური ძალების გაყვანის პროცესის უსაფრთხოების მხარდასაჭრელად გაიგზავნა ექვსი ერთეული B-52-ი სტრატეგიული ბომბდამშენი და 12 ერთეული F-18-ის კლასის მოიერიშე თვითმფრინავი. ცნობისთვის, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, 11 სექტემბრამდე ავღანეთიდან ჯარების გაყვანის პროცესი დასრულდება.
საქართველოში კოვიდვაქცინის პირველი დოზით აცრის შემდეგ 300-მდე ადამიანი დაინფიცირდა
საქართველოში კოვიდვაქცინის პირველი დოზით აცრის შემდეგ 300-მდე ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ შემთხვევებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტები სწავლობენ, თუმცა, გამყრელიძის განცხადებით, თითქმის ყველასთან ეს ინფექცია წავიდა საკმაოდ მსუბუქად და ხშირ შემთხვევაში საერთოდ უსიმპტომოდ. ცნობისთვის, გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეებს, რომლებიც კოვიდინფექციით ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ დაინფიცირდნენ, ვაქცინის მეორე დოზა ვირუსის დადასტურებიდან 120 დღის გასვლის შემდეგ გაუკეთდებათ. მისივე თქმით, მიმდინარეობს აღნიშნული რეგულაციის შემსუბუქებისა და ვადის შემცირების საკითხის განხილვა.
ამირან გამყრელიძე: ბავშვების აცრის გარეშე პანდემიას კაცობრიობა ვერ დაამარცხებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოში სამომავლოდ 18 წლამდელთა ვაქცინაციას არ გამორიცხავს. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებთან გამართულ ვებინარზე განაცხადა, ბავშვების ვაქცინაციის გარეშე კაცობრიობა პამდემიას ვერ დაამარცხებს. „ალბათ, შემოდგომამდე, სანამ (კვლევებს) არ განიხილავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის წამლის სააგენტო და ა.შ., ამაზე საუბარი ჩვენთან არ არის. თუმცა ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვების აცრის გარეშე პანდემიას კაცობრიობა ვერ დაამარცხებს. ბავშვებში მარტივად მიდის დაავადება, მაგრამ ისინი არიან გამავრცელებლები", - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციის შემდეგ, დალევა საკმაოდ დიდი პერიოდი მიზანშეწონილი არ არის
დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის შემდეგომ ალკოჰოლური სასმლის მიღება რეკომენდირებული არ არის. „ეს არის საქართველოში ყველაზე აქტუალური საკითხი... როდის დავლევ? - ამაზე პირდაპირ გიპასუსებთ, ის რაც ქართველებს გვიყვარს დიდი დალევა, არ არის მიზანშეწონილი ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი. მეც ექიმი ვარ და ვინც მეკითხება ვეუბნები, ძალიან გთხოვ, ჩვენ რომ გვიყვარს ერთი და ორი ბოთლის დალევა ნუ დალევთ, მაგრამ 1 ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ როცა გნებავთ, არა აქვს მნიშვენლობა. ზომიერების ფარგლებში, ისევე როგორც ზომიერების ფარგლებში ალკოჰოლი წამალია, ხშირად. თუ მას მივიღებთ დიდი რაოდენობით, მოგეხსენენთ პრობლემები შეიძლება გაჩნდე",- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.