ძებნის რეზულტატი:

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ დააფუძნა და პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ დააფუძნა და პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. „თბილისი მარიოტში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მიიღო. ვასაძემ აღნიშნა, რომ აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას - „ერთობა, რაობა, იმედი“, აბრევიატურით - ერი. ვასაძის თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა მომავალში, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის კრიზისი, რომელიც შექმნილია ქვეყანაში. „მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას, გადავდგა ნაბიჯი,შემოვიდე და მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების ძირითად მიზეზად მოგვევლინა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური, ისე კულტურული, სოციალური, იდეოლოგიური თვალსაზრისით“, - აცხადებს ლევან ვასაძე.

საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 8 მსჯავრდებულიდან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს (მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს) დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა. საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 6 მაისს გამოსცა.

კულტურის სამინისტრო ოსტატების რეესტრის შექმნას იწყებს

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრატორ-კონსერვატორ ოსტატთა რეესტრის შექმნას იწყებს, ხოლო 2022 წლიდან მათი სერტიფიცირების სისტემის ამუშავება იგეგმება. ამის შესახებ თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრო მიიღებს შემდეგი პროფესიის ოსტატების განაცხადებს: - ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი); - ხითხურო; ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი. - კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი); - სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები; მეთუნუქე ოსტატები) - მჭედელ-ზეინკალი; - მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი. დღეიდან 15 ივნისამდე, რეესტრში მოსახვედრად პრაქტიკოს ოსტატებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კულტურის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალური გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის info@culture.gov.ge ან ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 2-022-229. გასაუბრებაზე მოსაწვევად, პირმა უნდა წარმოადგინოს თავისი ბიოგრაფია და ჩამოთვალოს წარსულში განხორციელებული სამუშაოები. "გასაუბრების შედეგად ეს ადამიანები დასაქმდებიან ჩვენს სისტემაში, ღირსეული ანაზღაურებით და ჩვენ დღეიდა, აქცენტს გავაკეთებთ არა რაოდენობაზე, თუ რამდენი ძეგლი რესტავრირდა, არამედ ხარისხზე", - განაცხადა წულუკიანმა.

ენტონი ბლინკენი: საფრთხეები რჩება, რუსეთმა უკრაინის საზღვრიდან ჯარის მხოლოდ ნაწილი გაიყვანა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი უკრაინისთვის სამხედრო საფრთხეს კვლავ წარმოადგენს. ამის შესახებ მან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს განაცხადა. სახელმწიფო მდივანმა ასევ აღნიშნა, რომ შტატები მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება. „საფრთხეები რჩება. რუსეთმა ჯარის მხოლოდ ნაწილი გაიყვანა, საგრძნობლად მნიშვნელოვანი ნაწილი კი უკრაინის საზღვართან რჩება. რუსეთს თუ ამას გადაწყვეტს, უმოკლეს დროში შეუძლია აგრესიულად მოქცევა. ჩვენ სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით“, – განაცხადა ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანმა ასევე დაადასტურა, რომ ამერიკა უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს. „ჩვენ ასევე განვიხილეთ დიპლომატიის საკითხები, მინსკის პროცესი და ვცდილობთ დარეგულირების კუთხით შესაძლებლობების ძიებას. რუსეთი შემხვედრი ნაბიჯების გადადგმაზე უარს ამბობს. ეს ეხება ყირიმს და დონბასს. მნიშვნელოვანია საზღვრებზე კონტროლის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტიტის აღდგენა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ევროკავშირის საბჭომ ისრაელი კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ევროკავშირის საბჭომ ისრაელი კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. შესაბამისად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ეტაპობრივად გააუქმონ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები. „ევროკავშირის საბჭომ განაახლა იმ ქვეყნების სია, რომლებსაც მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები არ ეხებათ. ამ სიაში ისრაელია დამატებული. აღნიშნული სია ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება და საჭიროების შემთხვევაში, განახლდება“, - ნათქვამია განცხადებაში. ამ მომენტისთვის, კორონავირუსის გავრცელების მხრივ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შემდეგი ქვეყნები შედიან: ავსტრალია, ისრაელი, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (ნაცვალგების პრინციპის დადასტურების შემთხვევაში).

ერევანში რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა

ერევანში რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, სერგეი ლავროვისა და არა აივაზიანის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი და რეგიონული თანაშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „საუბარი შეეხო ასევე აზერბაიჯანის მიერ ყველა სამხედრო პატიმრისა და ძალადობრივი გზით დაპატიმრებულების გათვისუფლების აუცილებლობას“. „უკიდურესად მნიშვნელოვანია, ყარაბაღში აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადასულ ტერიტორიაზე მდებარე სომხეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“, - განაცხადა არა აივაზიანმა. ამასთან, ერევანში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბიოსუსაფრთხოების შესახებ მთავრობათაშორის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. სომეხ კოლეგასთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მემორანდუმის მიზანია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ სენსიტიურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაში, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება და ხელს შეუწყობს ბიოუსაფრთხოების საერთო სივრცის განმტკიცებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგს ლავროვი 10-11 მაისს აზერბაიჯანს ეწვევა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია. როგორც ზელენსკიმ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის უცნობია რა ფორმატში გაიმართება შეხვედრა, თუმცა აღნიშნავს, რომ ბაიდენმა მიწვევა მიიღო. „არ ვიცი, რა ფორმატში შეიძლება ეს შეხვედრა გაიმართოს. აშშ-ის პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო. მჯერა, რომ ეს შეხვედრა შედგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ პანდემიის გამო, ჯო ბაიდენი საერთაშორისო ვიზიტებს არ ახორციელებს, თუმცა როგორც კი შეძლებს, უკრაინას ეწვევა. „როგორც კი დავბრუნდები, პრეზიდენტ ბაიდენს ამ მოწვევას გადავცემთ. გამოვნახავთ დროს უკრაინაში ჩამოსასვლელად“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ჩინეთი ავსტრალიასთან ეკონომიკურ დიალოგს წყვეტს

ჩინეთმა ავსტრალიასთან ძირითადი ეკონომიკური დიალოგი "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჩინეთის სამთავრობო კომისიის განცხადებით, ავსტრალიის ზოგიერთმა სამთავრობო პირმა ჩინეთსა და ავსტრალიას შორის ნორმალური თანამშრომლობის გაწყვეტისთვის რიგი ღონისძიებები გაატარეს, რაც ცივი ომის დროინდელი აზროვნება და იდეოლოგიურ დისკრიმინაციაა. ”ცოტა ხნის წინ ავსტრალიის მთავრობის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა დაიწყო მთელი რიგი ზომების გატარება ჩინეთსა და ავსტრალიას შორის ნორმალური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ხელის შეშლის მიზნით,“- აღნიშნულია ჩინეთის ეროვნული განვითარების და რეფორმების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თუმცა, კომისია არ განმარტავს, რა კონკრეტულმა ქმედებებმა უბიძგა მას აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისკენ. როგორც ცნობილია, ავსტრალიის ვაჭრობის მინისტრმა, ჩინეთის გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ავსტრალია ღიაა დიალოგისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთმა უკვე შეწყვიტა ორ ქვეყანას შორის კომუნიკაცია მინისტრთა დონეზე. დიპლომატიური დაძაბულობის გამო, ჩინური ინვესტიციების რაოდენობა ავსტარალიაში უკვე 61 პროცენტით შემცირდა. ქვეყნებს შორის ურთიერთობა 2018 წლის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ავსტრალიამ Huawei-ს 5G ქსელის მშენებლობა აკრძალა. ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა ავსტრალიის მხრიდან კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნის შემდეგ. საპასუხოდ ჩინეთმა რიგ ავსტრალიურ პროდუქციაზე სანქციები დააწესა.

ჟან-ივ ლე დრიანი: თუ G7-ის ქვეყნები ვაქცინის წარმოებას არ გაზრდიან, პანდემია მსოფლიოს 2024 წლამდე გააწვალებს

თუ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ვაქცინის წარმოებას არ გაზრდიან, კორონავირუსის პანდემია მსოფლიოს 2024 წლამდე გააწვალებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა. მისივე თქმით, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვაქცინები უღარიბესი ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. „თუ ამ ტემპით გავაგრძელებთ, მაშინ გლობალურ იმუნიტეტს 2024 წლამდე ვერ მივაღწევთ. კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი არ იქნება ვიდრე, გლობალური იმუნიტეტი არ იქნება. შეგვიძლია სიხარული გამოვხატოთ თითოეულ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპებით, მაგრამ ეს მხოლოდ ნაბიჯია გლობალური იმუნიტეტისკენ და ვირუსი თავისი ვარიანტებით ისევ აქ იქნება, ვიდრე გლობალურ იმუნიტეტს არ მივაღწევთ“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ილია მეორე: იმედი, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, დახმარება უნდა გავუწიოთ ერთმანეთს

"იმედით ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა. პატრიარქმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და დალოცა. "დღეს არის დიდი დღესასწაული. სრულიად საქართველოს ვულოცავ გიორგობას. წმინდა გიორგი არის გაჭირვებული ადამიანების დამხმარე. შეგეწიოთ წმინდა გიორგი თქვენ და ყოველ გაჭირვებულს. იმედით ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ, სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, დახმარება გავუწიოთ ერთმანეთს. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა", - განაცხადა პატრიარქმა.

ეკატერინე ტიკარაძე: მედიას მოგცემთ ფართო შესაძლებლობას ვაქცინის შერჩევისას

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მედიის წარმომადგენლების ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამინისტროს კონკრეტული გეგმა აქვს, რომელსაც უწყება მომდევნო კვირას წარადგენს. როგორც მინისტრმა დააანონსა, ვაქცინის შერჩევისას მედიის წარმომადგენლებს ფართო შესაძლებლობა ექნებათ. მისივე თქმით, ორგანიზებულად მოხდება მედიასაშუალებების წარმომადგენლების აცრა. ,,მედიასთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმა, შემდეგ კვირას ჯანდაცვის სამინისტროდან დავაანონსებთ... ჩვენ მოგცემთ ფართო შესაძლებლობას ვაქცინის შერჩევისას და, ასევე, განსაკუთრებულ პირობებსაც, რომ მედიას არ ჰქონდეს შეფერხება, დავუშვათ, განსაკუთრებულ რიგში დაყოვნების კომპონენტში, ვამუშავებთ კონკრეტულ პროექტს და მეტი დეტალის დადგენის შემდეგ გავაცნობთ მედიის წარმომადგენლებს, ასევე მოვმართავთ ოფიციალური წერილით, რის შემდეგაც მივიღებთ დაზუსტებულ სიებს, რის შემდეგაც ორგანიზებულად მოხდება მედიასაშუალებების აცრა", - განაცხადა ტიკარაძემ.

მაისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები 5 ქვეყნის 9 მიმართულებით შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპასა და ახლა უკვე ცენტრალურ აზიაშიც მოხვედრა პირდაპირი რეგულარული ავიარეისებით არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, მაისის თვეში ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით აახლებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს, პანდემიამდე არსებული მიმართულებების განახლების შესახებ, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე აწარმოებს და ეტაპობრივად ფრენები აღდგება. ცნობისთვის, 18 აპრილიდან Wizz AIR ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლება დაიწყო. თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით სრულდებოდა, თუმცა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ავიაკომპანიამ უკვე გაზარდა სიხშირე ვარშავის მიმართულებით და 13 მაისიდან ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქში და პირიქით, მოხვედრა უკვე კვირაში ორჯერ იქნება შესაძლებელი. „14 მაისიდან ავიაკომპანია Wizz AIR ქუთაისიდან რეგულარულ ფრენებს რიგის მიმართულებით განაახლებს, ხოლო 21 მაისიდან დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს რეგულარული პირდაპირი ავიარეისების შესრულებას. უკვე თვის ბოლოს კი ქუთაისიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, კიდევ 2 ქალაქში იქნება პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა შესაძლებელი - 29 მაისიდან კატოვიცე და 30 მაისიდან გდანსკი. როგორც იცით, რომ ჩვენს აეროპორტში 2 მაისიდან ოპერირება ახალმა ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა დაიწყო, რომელიც პირდაპირ ფრენებს კვირაში ორჯერ სამი მიმართულებით ახორციელებს. ამ ეტაპზე, მაისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისებით მგზავრობა 5 ქვეყნის 9 მიმართულებებითაა შესაძლებელი. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან, რომ ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების პარალელურად, მათ არსებული სიხშირეები გაზარდონ და ახალი მიმართულებები დაამატონ“,- განაცხადა აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ. ცნობისთვის, საჰაერო გზით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, ან საზღვარზე კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლიათ.

„ევროპის დღის“ აღსანიშნავი კვირეული გაიხსნა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და კონრად ადენაუერის ფონდის თანამშრომლობით „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილი ევროპის კვირეული გაიხსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და კონრად ადენაუერის ფონდის დირექტორის მოადგილე ჯონათან ნოვაკმა. კვირეულის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის გაფართოების სიმულაციურ მოლაპარაკებებში. დასკვნითი ღონისძიება 15 მაისს, საქართველოს პარლამენტში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ევროპარლამენტის მოდელირებულ დებატებში მიიღებენ მონაწილეობას. ევროპული კვირეულის 8 გამარჯვებული სტუდენტი, კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუტებში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება. „ევროპის დღის აღნიშვნა მხოლოდ ლამაზი ტრადიცია არ არის, ეს იმ ფასეულობების ერთგულებისა და მიღწევების დაფასების გამოხატვის კარგი შესაძლებლობაა, რომელსაც დღევანდელი ევროკავშირი ეფუძნება. ერთობა და მშვიდობა, რაც ევროკავშირის ყველაზე დიდი მიღწევაა ყოველდღიურ შრომას და დაცვას საჭიროებს. ევროპული ოჯახის წევრობა, რაც ჩვენ საერთო ფასეულობებს ეფუძნება, საქართველოს სტრატეგიული მიზანია. 2024 წელს ჩვენ ამ გზაზე მნიშვენლოვანი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების სახით. ვისურვებ, რომ თქვენ იყოთ ის ახალგაზრდები, ვინც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებებში რეალურად იქნებით ჩართული და დღეს მიღებულ ცოდნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მოახმართ“- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ,,ევროპული კვირეულის“ გახსნით ღონისძიებაზე. „ევროპის კვირეული“, Covid-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, ჰიბრიდულ რეჟიმში იმართება.

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო „სინოფარმის“ კიდევ 600 000 დოზას მიიღებს

საქართველოსთვის Covid 19-ის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ დამატებით 600 000 დოზა გახდება ხელმისაწვდომი - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ვაქცინის მოცულობები ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა. "სინოფარმის დამატებითი დოზები იქნება. ჩვენ უკვე გვაქვს დამატებით 100 000 დოზაზე ხელმისაწვდომობა, ივნისში დამატებით 250 000 დოზას ველით, თუმცა მოლაპარაკება კიდევ დამატებით 250 000 დოზაზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, იმ რაოდენობის გარდა, რომელიც დღეს სრულიად დაჯავშნილია, ჩვენ კიდევ ხელმისაწვდომი 600 000 დოზა გვექნება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოში 100 ათასი დოზა სინოფარმის ვაქცინა შემოვიდა, 4 მაისიდან კი ჩინური ვაქცინით აცრა დაიწყო.

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ შევძელით ანტივაქსერული კამპანიის გადატეხვა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ შეძლო და ქვეყანაში ანტივაქსერული კამპანია გადატეხა. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ამას ყოველდღიურად ვაქცინირებული მოქალაქეების რაოდენობის მატებაც მოწმობს. "არაერთხელ გაკრიტიკებული კომუნიკაციის მიუხედავად, ჩვენ შევძელით და გადავტეხეთ ის ანტივაქსერული კამპანია რომელიც იყო. გუშინ აცრილების რეკორდული მაჩვენებლი გვქონდა და 3 600-ზე მეტი მოქალაქე აიცრა, ასევე ძალიან დიდი აქტივობა შეიმჩნევა დღესაც. იმ რეესტრში, სადაც ვაქცინასთან მიმართებით მოქალაქეების აქტიურობას ვაკვირდებით, მოთხოვნა გაზრდილია და მოთხოვნის ზრდის პარალელურად მიწოდებასაც ვზრდით, რაც იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ვთქვათ - საქართველოში ვაქცინის სარგებელთან დაკავშრებით დადებითი დინამიკაა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. .

ბუნდესტაგმა სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას მხარი დაუჭირა

Deutshe Welle-ს ინფორმაციით, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. სრულად ვაქცინირებულ ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებს კომენდანტის საათისა და სოციალური კონტაქტების შეზღუდვები არ შეეხებათ. გარდა ამისა, მათ არ შეეხებათ კომენდანტის საათი და მაღაზიებსა და სხვა დაწესებულებებში ვიზიტისას კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. გერმანიის მოსახლეობის დაახლოებით 8%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო, ხოლო 28%-ზე მეტმა - ერთი დოზა. ბუნდესტაგის დამტკიცების შემდეგ აღნიშნული ინიციატივა ბუნდესრატმა უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც იგი ძალაში შევა.

სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა ,,გირჩის“, ,,მოქალაქეების“, ,,სტრატეგია აღმაშენებლის", ,,ლელო - საქართველოსათვის“, "რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებთან: იაგო ხვიჩიასთან, ლევან იოსელიანთან, გიორგი ვაშაძესთან, დავით უსუფაშვილთან, კახა კოჟორიძესთან, ხათუნა სამნიძესთან და დეპუტატ სალომე სამადაშვილთან.

მამა გიორგი ჩაჩავა AstraZeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრა

წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის წინამძღვარი, მამა გიორგი ჩაჩავა AstraZeneca-ს ვაქცინით საჯაროდ აიცრა. ის პირველი სასულიერო პირია, რომელმაც აცრა საჯაროდ გაიკეთა. მამა გიორგი ჩაჩავა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აიცრა და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. მამა გიორგი აცხადებს, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. მისივე თქმით, თავისი ქმედებით მან ერთგვარი მაგალითი მისცა სხვა სასულიერო პირებსა და მრევლს.

იენს სტოლტენბერგი: რუსეთმა უკრაინასთან საზღვარზე ათობით ათასი სამხედრო დატოვა, NATO ფხიზლად უნდა დარჩეს და დააკვირდეს სიტუაციას

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჯარების ნაწილის გაყვანის შემდეგ რუსეთმა უკრაინასთან საზღვარზე ათობით ათასი სამხედრო დატოვა და ალიანსმა უნდა გააკონტროლოს სიტუაცია და ყურადღებით დააკვირდეს მოვლენებს. „რუსული ჯარების გარკვეული შემცირება ვიხილეთ, მაგრამ ათობით ათასი ჯარისკაცი რჩება და ასევე ვხედავთ, რომ რუსეთმა ადგილზე უამრავი შეიარაღება და ტექნიკა დატოვა და შავ ზღვაში შეზღუდვები დააწესა. შესაბამისად, ნატომ უნდა გააკონტროლოს სიტუაცია და ყურადღებით დააკვირდეს მოვლენებს. საერთო ჯამში, რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო წარმომადგენლობა რჩება და ახლა ბევრად მეტი რუსული ჯარია უკრაინასა და მის გარშემო, ვიდრე ბოლო დროინდელ დაძაბულობამდე იყო“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. აღსანიშნავია, რომ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გადაადგილების კონტროლს განაგრძობს.

ევროკავშირი მზადაა, კოვიდვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმების საკითხი განიხილოს

ევროკავშირი მზად არის, კოვიდვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „ევროკავშირი მზად არის, განიხილოს ნებისმიერი წინადადება, რომელიც კრიზისის ეფექტურად და პრაგმატულად მოგვარებას ეხება. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ, თუ როგორ შეიძლება ამ მიზნის მიღწევა აშშ-ის მიერ შემოთავაზებული წინადადებით, რომელიც ვაქცინებთან დაკავშირებით ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ გამონაკლისის დაშვებას ეხება“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კოვიდვაქცინებთან დაკავშირებით ინტელექტუალურ საკუთრებაზე განსაკუთრებული წესების შემოღებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული გამონაკლისი განვითარებად ქვეყნებს ვაქცინების პატენტებსა და ტექნოლოგიებზე წვდომის საშუალებას მისცემს, რაც მედიკამენტების წარმოების ზრდის საშუალებას იძლევა.