ძებნის რეზულტატი:
ისრაელის ელჩი: საერთაშორისო საზოგადოებამ ზეწოლა უნდა განახორციელოს „ჰამასზე“, რათა ძალადობა შეწყვიტოს
საქართველოში ისრაელის ელჩის რან გიდორის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ ზეწოლა უნდა განახორციელოს „ჰამასზე“, რათა შეწყვიტოს ძალადობა, როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში ამოღება ომის დანაშაულია. „გუშინდელი დღიდან მოყოლებული, „ჰამასის“ ტერორისტულმა ორგანიზაციამ 850-ზე მეტი რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით, ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ცენტრებში. ჩვენმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემა შეძლო რაკეტების 90 პროცენტის ჩამოგდება. მიუხედავად ამისა, ქალაქებში ბევრი რაკეტა ჩამოვარდა და ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, 200 ისრაელელი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან. საერთაშორისო საზოგადოებამ ზეწოლა უნდა განახორციელოს პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასზე“, რათა მან ძალადობა შეწყვიტოს. მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში ამოღება არის ომის დანაშაული, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი დანაშაულებები წარსულშიც ვნახეთ და დასკვნაა, რომ ამით ზარალდება ორივე მხარე, თუმცა განსაკუთრებით პალესტინელი მოქალაქეები. იმედი გვაქვს, „ჰამასი“ გააცნობიერებს, რომ მათი ქმედებებით პალესტინელი ხალხი იტანჯება ყველაზე მეტად. ისრაელი არასდროს იტყვის უარს თავდაცვის უფლებაზე, რომელიც გვაქვს საერთაშორისო კანონმდებლობით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოქალაქეები დავიცვათ“, – აცხადებს რან გიდორი. ისრაელის ელჩი ურჩევს მოქალაქეებს, იყვნენ თავშესაფრებთან ახლოს, რათა განგაშის სიგნალის ჩართვისთანავე, დროულად მოხვდნენ უსაფრთხო ადგილზე. სამი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა სარაკეტო დარტყმებით, არის ის ქალაქები, სადაც ქართველები და ებრაელი ქართველები ცხოვრობენ. ესენია აშოდი, აშქელონი და ლოდი. ყველა ქართველმა, ვინც ერთხელ მაინც არის ნამყოფი ისრაელში, იცის რომ ამ სამ ქალაქში ცხოვრობენ მათი ახლობლები და ნათესავები და ვინც საქართველოდან ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. ჩემი რეკომენდაცია ისეთივეა, როგორც ყველა ისრაელელისთვის – შეეცადეთ, იყოთ ახლოს დაბომბვის თავშესაფრებთან, რათა, როდესაც განგაშის სიგნალი ჩაირთვება, რამდენიმე წუთში მოხვდეთ თავშესაფარში. იმედია, ეს სიტუაცია გადაწყდება უახლოეს დღეებში“, – აცხადებს რან გიდორი. შეგახსენებთ, ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. არსებული ინფორმაციით, მინიმუმ ექვსი რაკეტა გაუშვეს იერუსალიმის მიმართულებით.
შს მინისტრმა ამერიკის საელჩოს მრჩეველი დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში - მაიკლ ტერნერი სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ - დააჯილდოვა. უწყების ცნობით, დაჯილდოების ცერემონიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი - კელი დეგნანი, აშშ-ის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს დირექტორი - რებეკა ჰანტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სამინისტროს განცხადებით, მაიკლ ტერნერს, რომელიც საქართველოში 2009 წლიდან არის მოვლენილი, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საპატრულო პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და კინოლოგიური სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში, ასევე, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. მაიკლ ტერნერმა ვახტანგ გომელაურს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL) მრავალი წელია თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პროექტებს ახორციელებს ოჯახში ძალადობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, აგრეთვე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, ტრეფიკინგის და სხვა მიმართულებებით.
ქართველი პიანისტი პორტუგალიაში კონცერტს გამართავს
ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი პორტუგალიაში, ალგარვიში კონცერტს გამართავს. პორტუგალიური მედია წერს, რომ ბახის, ბეთჰოვენის, შოპენის, ლისტის, პროკოფიევისა და შუმანის ნამუშევრების გადმოცემის უნარმა, რომელსაც ქართველი პიანისტი ფლობს, მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. „გასაოცრად ვირტუოზული და ძლიერი“, - ეს კრიტიკოს ჰარის გოლდსმიტის სიტყვებია ქართველ პიანისტზე. გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტის სადებიუტო დისკი ბავარიის რადიომ ჩაწერა. გასულ წელს, მისი დებიუტი ბერლინის ფილარმონიაში შედგა. პიანისტმა რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი პირველად მიუნჰენში შეასრულა. 2007 წლის ნოემბერში, ქართველმა პიანისტმა კონცერტი ნიუ-იორკის Carnegie Hall-ში ჩაატარა. დუდანა მაზმანიშვილი თბილისის საფორტეპიანო ფესტივალის დამფუძნებელია. „დუდანა მაზმანიშვილი თბილისში, 1980 წელს დაიბადა. ფორტეპიანოს პირველი გაკვეთილი მან დედისგან მოისმინა, როდესაც მხოლოდ სამი წლის იყო. სამი წლის შემდეგ დუდანა თბილისის ბავშვთა ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში მიიღეს, შემდეგ სწავლა მიუნხენსა და ნიუ-იორკში განაგრძო“, - წერს პორტუგალიური მედია.
კვლევის შედეგებით, კოვიდგადატანილებისთვის Pfizer-ის ან Moderna-ს ერთი დოზით აცრა საკმარისია
კოვიდგადატანილებისთვის Pfizer-ის ან Moderna-ს ერთი დოზით აცრა საკმარისია. კვლევაში, რომელშიც 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ლოს-ანჯელესის სამედიცინო ცენტრმა Cedars-Sinai ჩაატარა. კვლევის ავტორების განცხადებით, ვაქცინის ერთი დოზა კოვიდგადატანილებისთვის სრულიად საკმარისია, მათ შორის ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკულ შტამების მიმართ.
საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები Sinopharm-ის ვაქცინით აიცრნენ
საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinopharm-ის ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრნენ. მათ აცრა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ჩაიტარეს. „სინოფარმის“ ვაქცინით ამ დროისთვის უმრავლესობიდან აიცრნენ: შალვა პაპუაშვილი, ნინო ლაცაბიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ამილახვარი, ოპოზიციიდან კი, თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, ავთანდილ ენუქიძე. „მოვუწოდებ ყველას, აიცრას. ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს პანდემია, ქვეყანა კვლავ გაიხსნას, გაიხსნას ეკონომიკა, გადარჩეს მოსახლეობის სიცოცხლე. ყველას მოვუწოდებ, რომ ჩაერთოს ამ პროცესში და გაიკეთოს ვაქცინა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან იყო შესაძლებელი. „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი კი 4 აპრილიდან დაიწყო. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების ჩართვას, ამასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო.
დავით ზალკალიანი: სომხეთში პრემიერის ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა, რომ მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება განიხილონ
სომხეთში პრემიერის ვიზიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ მხარეებმა განიხილონ ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. „პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტია სომხეთში და ვფიქრობ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, გამომდინარე ახალი გეოპოლიტიკური გარემოებიდან. იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ როგორც ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე ახალ გეოპოლიტიკურ ჭრილში საქართვლოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობაზე, მნიშვნელოვან სატრანსპორტო პროექტებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება ჰუმანიტარული მიმართულებით თანამშრომლობაზე. კულტურა, ეკონომიკა, ხალხთა შორის თანამშრომლობა და ვისაუბრებთ მრავალმხრივ ფორმატებში ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს დღეს ეწვევა.
ირაკლი ღარიბაშვილი: განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა ჩვენს სულიერ და ეროვნულ ფასეულობებს უნდა დაეფუძნოს
„გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს! განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა დემოკრატიის პოლიტიკურ და სამართლებრივ პრინციპებთან ერთად, ჩვენს სულიერ და ეროვნულ ფასეულობებს უნდა დაეფუძნოს“, - ამის შესახებ პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული. „ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენა ორი ათასწლეულია საფუძვლად უდევს ამ ფასეულობებს, აყალიბებს ქართველთა თვითმყოფადობას, განსაზღვრავს ჩვენს ისტორიას და კულტურას. 2018 წელს ჩვენმა ხელისუფლებამ სიხარულით გაიზიარა კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივა და 12 მაისი - წმინდა ანდრია მოციქულის, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დამაარსებლის ხსენების დღე, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა. მჯერა, რომ სულიერ და ეროვნულ ფასეულობებთან დაბრუნების ეს სიმბოლური გადაწყვეტილება უდიდესი მნიშვნელობისაა ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიასა და გიგი უგულავას სარჩელებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
იუსტიციის სამინისტრო, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, რომელთა ფარგლებშიც მიხეილ სააკაშვილი, ნიკანორ მელია და გიგი უგულავა საქართველოს უჩივიან, პროცედურებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამივე საქმე განხილვის საწყის ეტაპზეა და ახლა იწყება მხარეების მიერ პოზიციებისა და მტკიცებულებების წარდგენა. ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. ,,საქართველოს მთავრობას სამივე საქმეზე აქვს მყარი არგუმენტები, რომლებსაც ევროპულ სასამართლოში წარადგენს. სამივე მომჩივნის საქმეს - სააკაშვილი, მელია და უგულავა საქართველოს წინააღმდეგ - სტრასბურგის სასამართლო სტანდარტული პროცედურით განიხილავს, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო მომჩივნებისგან და საქართველოს მთავრობისგან მიიღებს 2-2 წერილობით პოზიციას მტკიცებულებებთან ერთად და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებას გამოიტანს. მხარეების მიერ პოზიციების გაცვლას და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას, სულ მცირე, 2 წელი დასჭირდება. მიხეილ სააკაშვილი დავობს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების გამო მის მიმართ დამდგარი განაჩენი ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება. ევროპული სასამართლო საკუთარ კორესპონდენციაში უთითებს, რომ ეს სწორედ ის საქმეა, რომელზეც თავად სტრასბურგის სასამართლომ დაუდგინა საქართველოს დარღვევა 2011 წლის 26 აპრილს საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“. სააკაშვილი აგრეთვე მიიჩნევს, რომ ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოა საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც დადასტურდა, რომ 2005 წლის 14 ივლისს პარლამენტის წევრის, ვალერი გელაშვილის, სასტიკი ცემა მიხელ სააკაშვილის პირადი დავალებით განხორციელდა, რის გამოც მას მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნიკანორ მელიას მტკიცებით, 2021 წლის 23 თებერვალს მისი დაკავება არ შეესაბამება ევროპული კონვენციის მოთხოვნებს. სასამართლო საქართველოსთვის გამოგზავნილ კორესპონდენციაში აღწერს, რომ მელიას დაკავებას წინ უძღოდა 2020 წლის 1 ნოემბერს მის მიერ სამაჯურის მოხსნა და შემდეგ გირაოს გადახდაზე უარის თქმა, რის შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გიგი უგულავა საჩივარში დავობდა საქართველოში მის მიმართ დასრულებულ და მიმდინარე ყველა სისხლის სამართლის საქმეზე: 1) ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის ეპიზოდი, რომლის ფარგლებში უგულავა მსჯავრდებულია სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით მითვისება-გაფლანგვისთვის; 2) ე.წ. რიყის ეპიზოდი; 3) ე.წ. თბილსერვისჯგუფის ეპიზოდი, რომლის ფარგლებშიც უგულავა მსჯავრდებულია უფლებამოსილების გადამეტებისთვის; 4) 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, რომლის ფარგლებშიც უგულავა ბრალდებულია ძალადობის გამო. 2021 წლის მდგომარეობით სტრასბურგის სასამართლო განიხილავს 64 850 საქმეს. ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა საქართველოს მიმართ შესული საჩივრების რაოდენობა. კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმოებაში იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3045 საქმე, ხოლო 2020 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, ევროპული სასამართლო საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ 532 საქმეს განიხილავს", - აღნიშნულია განცხადებაში.
შარლ მიშელი: პრიორიტეტი უნდა იყოს უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობის თავიდან აცილება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ისრაელში დე-ესკალაციის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, პრიორიტეტი უნდა იყოს უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობის თავიდან აცილება. „ახლახან ვესაუბრე ისრაელის პრეზიდენტს. ძალიან სამწუხაროა ბოლოდროინდელი ძალადობის ზრდა და ობიექტების სამიზნედ ქცევა. პრიორიტეტი უნდა იყოს დე-ესკალაცია და ორივე მხრიდან უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობის თავიდან აცილება“, - წერს შარლ მიშელი. ცნობისათვის, ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.
ცნობილია, შესრულდება თუ არა თბილისიდან ისრაელში დაგეგმილი ავიარეისები
ისრაელში მიმდინარე პროცესების მიუხედავად, ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტმა რეისების მიღება განაახლა და დღეს, თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით 19:00 საათზე დანიშნული "Georgian Airways" რეისი შესრულდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ისრაელში და რეისი დაგეგმილად შესრულდება. "დღეის მდგომარეობით, ბენ გურიონის აეროპორტი არის გახსნილი და ჩვენ, "Georgian Airways" შევასრულებთ ჩვენს რეისს თბილისი-თელავივი-თბილისი. 19:10 საათზე მიფრინავს ჩვენი თვითმფრინავი. აქედან მიჰყავს 19 მოქალაქე, იქიდან კი 166 მოქალაქე ჩამოფრინდება," - აცხადებს "Georgian Airways" -ის" გენერალური დირექტორი რომან ბოკერია. ამასთანავე, დღესვე, "ISRAIR AIRLINES"-ი თელ-ავივი ბათუმის მიმართულებითაც შეასრულებს რეისს. როგორც აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განგრიგშია აღნიშნული, ფრენა სავარაუდოდ 19:00 საათზე შესრულდება, თუმცა შესაძლოა შეიცვალოს. ცნობისთვის, გუშინ, ისრაელში სარაკეტო დარტყმების გამო, დავიდ ბენ გურიონის აეროპორტმა ფრენები შეაჩერა.
რას მიაგნო მიხეილ თარხნიშვილმა ვატიკანის დახურულ არქივში? - უნიკალური არქივის საქართველოში დაბრუნების ემოციური ისტორია
რამდენიმე დღის წინ, ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა შემდეგი სიტყვებით: „ დღეს ჩემთვის, როგორც ქართველი მეცნიერისათვის ერთ-ერთი უბედნიერესი მომენტია, დღეს უნიკალური საგანძური უკვე ჩვენს მუზეუმშია. მიხეილ თარხნიშვილის არქივი ნაპოვნია, მიხეილ თარხნიშვილის არქივი საქართველოშია!“. საბჭოთა რეჟიმის დროს მიხეილ თარხნიშვილის სახელის ხსენება ტაბუირებული იყო, ამიტომ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა, პირველად, კალანდიასგან შეიტყო მეცნიერის შესახებ. მიუხედავად ამისა, მისი უნიკალური არქივის აღმოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუ რატომ არის ასეთი უნიკალური ევროპაში მოღვაწე ქართველი მეცნიერის, მიხეილ თარხნიშვილის არქივი და ვატიკანის დაცულ არქივებში, რა სახის ისტორიული წყაროებისათვის შეიძლებოდა მიეგნო მას, რომელზეც მანამდე არცერთ ქართველს წვდომა არ ჰქონია, ამის შესახებ, Europetime-ს გიორგი კალანდია ესაუბრა. - გიორგი, რითია გამორჩეული მიხეილ თარხნიშვილის ღვაწლი და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მისი არქივის აღმოჩენა? -პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და საეკლესიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარი, მიხეილ თარხნიშვილი, არის იშვიათი მეცნიერი. ის არის ევროპელი მეცნიერი, ამ სიტყვის სრული დატვირთვით, ქართული წარმოშობის ევროპელი მეცნიერი, რომელმაც თავისი ცხოვრება საქართველოს ეკლესიის და ზოგადად საქართველოს ისტორიის შესწავლას დაუთმო. მიუხედავად იმისა, რომ მისი შრომების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოქვეყნებულია, მისი არქივი დაკარგულად ითვლებოდა. ამ არქივს ეძებდა, თავის დროზე გურამ შარაძე, რეზო თაბუკაშვილი, მაგრამ ვერ მიაკვლიეს. მიხეილ თარხნიშვილი იტალიაში მოღვაწეობდა და ხელი მიუწვდებოდა ევროპულ პირველ წყაროებზე, რაც მაშინ ქართველებისთვის და საერთოდ ქართული სამეცნიერო წრისთვის ბევრი მიზეზის გამო მიუწვდენელი იყო, მას კი შესაძლებლობა ჰქონდა ქართული ეკლესიის რეალური ისტორია შეესწავლა. გარდა ამისა, ის მუშაობდა ვატიკანის ბიბლიოთეკაში, რაც ქართველი მეცნიერისთვის არა თუ მაშინ, დღესაც არის დიდი პატივი. მიხეილ თარხნიშვილს წვდომა ჰქონდა ვატიკანის საიდუმლო არქივზეც. ის ამავე დროს იყო სასულიერო მოღვაწეც და როგორც სასულიერო მოღვაწეს, უნიკალური საცავები ჰქონდა გახსნილი. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს. ქართული ეკლესიის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი უნიკალური დოკუმენტი მან გახადა საჯარო და ხელმისაწვდომი, რომელიც პირველწყაროდან მოიპოვა. გარდა ამისა, მიხეილ თარხნიშვილის სახელს უკავშირდება აღმოსავლეთში ქართული ეკლესიის საგანმანათლებლო და სასულიერო ცენტრების საქმიანობის შესწავლა. მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, სოციალური ქსელებში, შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ მის ერთ ფოტოს მიაგნოთ, მისი ფოტოც კი არ გვქონდა. მხოლოდ ერთი ფოტო მოიპოვებოდა, რომელიც დაიბეჭდა „ბედი ქართლისა“-ში. - თქვენ ახსენეთ, რომ ბევრი საზღვარგარეთ ეძებდა და ბოლოს საქართველოში აღმოჩნდა. როგორ მიაკვლიეთ მის არქივს? -რაც შეეხება იმ ისტორიას, თუ როგორ აღმოჩნდა ეს არქივი საქართველოში. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა პროფესორ ჯუანშერ ვათეიშვილის წვლილს, რომელიც, მიხეილ თარხნიშვილივით კიდევ ერთი გამორჩეული და დაუფასებელი ქართველი მეცნიერია. ბოლო წლებში, გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე გამოსცა მრავალტომეული - „საქართველო და ევროპა“. ეს არის უზარმაზარი შრომა, რომელიც ჯუანშერ ვაჩეიშვილმა გასწია. ის სწავლობდა ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიას ევროპაში. შვედეთთან საქართველოს სამეფო ოჯახის წარმომადგენლის ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონის ურთიერთობას და მის მიმოწერას იკვლევდა. ასევე პეტრე პირველისა და ალექსანდრე ბატონიშვილის ურთიერთობას. ვატიკანში საქართველოს წარმომადგენლების, მათ შორის რობაქიძე, ჩოლოყაშვილის ურთიერთობას, ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს და ა.შ. ამ კაცის ღვაწლი არის ძალიან დიდი. აშკარაა, ჯუანშერ ვათეიშვილმა ძალიან კარგად იცოდა მიხეილ თარხნიშვილის წვლილის ფასი, მისი როლი საქართველოს ისტორიაში. როგორც ჩანს თარხნიშვილის არქივი ევროპაში მოგზაურობის დროს, იტალიაში ნახა და საქართველოში წამოიღო. თუ რატომ არ გაახმაურა ამაზე რამდენიმე ვერსია არსებობს. საბჭოთა რეჟიმის დროს მიხეილ თარხნიშვილის, როგორც ვატიკანში მოღვაწე ქართველის სახელი ტაბუირებული იყო. შესაძლოა ჯუანშერ ვათეიშვილმა ჩათვალა რომ ამის გახმაურებით, არქივს საფრთხეს შეუქმნიდა. მან კი, არქივი დაიცვა და მომავალ თაობებს შემოუნახა. პირველი ვერსია ეს არის. მეორე ვერსია, რომ თავად აპირებდა ამ არქივზე მუშაობას. ძალიან ბევრი ევროპული არქივი ჰქონდა შესწავლილი. ალბათ, უნდოდა ესეც შეესწავლა და შემდგომ გამოეცა. როგორც ჩანს ვერ მოასწრო. რაც ყველაზე მთავარია ჩვენ, მომავალი თაობები ჯუანშერ ვათეიშვილის მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ მან ეს ასე შეინახა, ასე შეფუთული, საგანგებო წარწერით - „მიხეილ თარხნიშვილის არქივი“. მისი ანდერძი იყო, მთელი არქივი გადასცემოდა საქართველოს ერთ-ერთ სამუზეუმო სამეცნიერო ცენტრს. როგორც ჩანს გაცნობიერებული ჰქონდა რომ მომავალ თაობებს უნდა შეესწავლათ. ჩვენ ეს არქივი, ვათეიშვილის ოჯახისგან, დაახლოებით ერთი კვირის წინ წამოვიღეთ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მის დას და მის შვილს. არქივი ახლა ხელოვნების სასახლეშია. დაწყებული მისი პირველადი დამუშავება, შეტანილია სპეციალურ ბოქსებში, ბუნკერებში, სადაც მათი დეზინფექცირება მიმდინარეობს და რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. შემდეგ უკვე დაიწყება არქივის სრულფასოვანი დამუშავება. - არქივის შინაარსობრივი დამუშავება როდის გახდება შესაძლებელი? -როდესაც არქივი ხვდება სამუზეუმო სივრცეში, სავალდებულო დეზინფექცია უნდა გაიაროს, სამუზეუმო პირობები შეიქმნას და გადამუშავების ოთახში გადატანა შესაძლებელი გახდეს. გადამუშავების ოთახში გადატანის შემდეგ, მისი სამეცნიერო დამუშავება დაიწყება. ჩვენ ამაზე ვფიქრობთ , რომ შეიძლება შევქმნათ პირველი პრაქტიკა და ახალგაზრდებისთვის კონკურსი გამოვაცხადოთ. გვსურს, ახალგაზრდებს საშუალება მივცეთ, თავიანთ მენტორებთან ერთად დაამუშაონ ეს არქივი. მუზეუმიდან მივუჩენთ თითო მენტორს. ძალიან გვინდა, ახალგაზრდა მეცნიერებსაც ჰქონდეთ წვდომა. ამიტომ ვფიქრობ ეს პირველი შემთხვევა იქნება. საერთოდ საქართველოში არქივის დამუშავებაზე კონკურის გამოცხადების პრაქტიკა არ ყოფილა. პრემიის დაწესებასაც ვგეგმავთ. ვინც ამ არქივს დაამუშავებს, წახალისების მიზნით პრემია გადაეცემა. და ახალგაზრდები „ძველგაზრდებთან“ ერთად, ამ არქივს დაამუშავებენ. ეს "ძველგაზრდა" შეიძლება მე ვიყო, ან მუზეუმის სხვა, რომელიმე თანამშრომელი, რომელიც მენტორობას გაუწევს მათ. ჩვენ ახლა დავიწყეთ საუბარი, იტალიაში, ლა საპიენსას უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველ ახალგაზრდა მეცნიერთან ნენო გაბელიასთან, რომ იტალიურენოვან მასალაზე დახმარება გაგვიწიოს. ყოველ შემთხვევაში იდეა არის, რომ ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფმა, ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობით, ეს არქივი დაამუშაოს და შემდეგ ის განთავსდეს ხელოვნების სასახლის ვებ-გვერდზე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება არქივზე წვდომა. მე ვფიქრობ, ამით ძალიან ბედნიერი და გახარებული იქნებოდა მიხეილ თარხნიშვილი და მეორეს მხრივ ჯუანშერ ვათეიშვილი. -საქართველოს შესახებ, რა წყაროები შეიძლებოდა ყოფილიყო დაცული ვატიკანის დახურულ არქივში? წინასწარი ვერსიები თუ არსებობს, რა ცნობები შეიძლება აღმოჩნდეს? - ჩვენ არ გვქონდა არანაირი საარქივო დოკუმენტაცია მიხეილ თარხნიშვილის შესახებ. პირველ რიგში მის შესახებ ცნობებს გაამდიდრებს. აქ არის მისი მიმოწერა ვატიკანთან, წმინდა საყდართან, ჩვენ აქ ვხედავთ ასევე ორიენტალისტურ მასალებს, ეს არის ძირითადად ჩანაწერები. ასევ რაც საინტერესოა აქ არის წმინდა ვატიკანის მიერ გაცემული დოკუმენტები, მათ შორის დიპლომები. აქვე არის, რაც ძალიან ღირებულია ჩვენთვის, მისი პასპორტი, რომელიც 1919 წელს დემოკრატიული საქართველოს მთავრობის მიერ არის გაცემული და დამოწმებულია შემდეგ, როგორც საქართველოს დემოკრატიული მთავრობის ბეჭდებით, ასევე ბათუმში არსებული ინგლისის საკონსულოს ბეჭდით. არქივში დაცულია ვატიკანთან ურთიერთობის ძალიან დიდი მასალა. თუმცა არ მგონია საქართველოს ევროპასთან და ვატიკანთან ურთიერთობის შესახებ რამე ახალი მოგვცეს, იმიტომ რომ იგივე ჯუანშერ ვათეიშვილმა ძალიან ბევრი მასალა გამოაქვეყნა, ვატიკანის არქივში დაცული მასალების შესახებ, რომელიც საქართველოს უკავშირდება. მათ შორის ქართველი მეფეების, გიორგი-ლაშას, რუსუდანის, გიორგი ბრწყინვალეს მიმოწერა. ეს მასალები უკვე მოძიებული და გამოქვეყნებულია, იგივე მიხეილ თარხნიშვილის, იგივე ჯუანშერ ვათეიშვილის, იგივე მიხეილ თამარაშვილის მიერ, მაგრამ ამ არქივს აქვს უნიკალური მნიშვნელობა და ამიტომაც მოჰყვა საზოგადოებაში ამხელა გამოხმაურება, რომ ჩვენ, ჩვენი ევროპული მასშტაბის ქართველი მეცნიერის შესახებ შევიტანეთ ის საარქივო მასალა, რომელიც არ გვქონდა. მის შესახებ ბევრი რამ არ ვიცოდით, რას აკეთებდა რას მოღვაწეობდა, რას ეძებდა ვატიკანში. ამას უკვე ამ არქივის საშუალებით ვნახავთ, რაც კიდევ ერთხელ გააძლიერებს ჩვენს პოზიციონირებას, როგორც ევროპული სამეცნიერო წრის წარმომადგენლის. როდესაც ქვეყანას ჰყავს თამარაშვილი, თარხნიშვილი ეს არის დასტური იმისა, რომ მიუხედავად საბჭოთა რეჟიმის მძიმე პირობებისა, ჩვენ ევროპულ სამეცნიერო წრეებში ჩართული ვიყავით და აი ამის დასტურია მიხეილ თარხნიშვილის არქივი.
რუსეთი აშშ-ის საელჩოს პრესმდივანს ქვეყნიდან აძევებს
რუსეთი აშშ-ს საელჩოს პრესმდივანს, რებეკა როსს ქვეყნიდან აძევებს. ამის შესახებ თავად როსმა რუსულ სამთავრობო მედიას დაუდასტურა. როგორც რებეკა როსმა განაცხადა, ის არის იმ 10 ამერიკელი დიპლომატის სიაში, რომლებიც რუსეთში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული. "როსმა დადებითად უპასუხა შესაბამის კითხვას", - ნათქვამია ინფორმაციაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, რებეკა როსის შემთხვევაში, საუბარია სარკისებურ რეაგირებაზე შეერთებული შტატების ქმედებებზე. მისი თქმით, ექვს თვეზე მეტია აშშ-მ არ მისცა რუსეთს უფლება ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს პრესმდივნი დანიშნოს. "არ უშვებენ ვაშინგტონში ადამიანს, რომელიც ჩვენი დიპლომატიური მისიის პრესმდივნის პოსტზე დავნიშნეთ, ამასთან ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე. საუბარია დიპლომატზე, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, ის იკავებდა ანალოგიურ თანამდებობას რუსეთის ფედერაციის სხვა ორ საელჩოში. აშშ-მ კი უბრალოდ დააბრუნა ამ ადამიანის მიერ ვიზის განაცხადზე შეტანილი დოკუმენტები და უარის მიზეზზე კომენტარიც კი არ გაუკეთებია. ასე რომ ეს არ არის რუსული ინიციატივა." - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესახებ. კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა გააძევა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოში მომუშავე 10 დიპლომატი, რომელთა შორის, ამერიკული მხარის განცხადებით, არიან "რუსეთის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები". ამის საპასუხოდ მოსკოვმა რუსეთში აშშ-ის საელჩოს 10 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მათ უნდა დატოვონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორია 21 მაისის დღის ბოლოს.
რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში
12 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 71 570 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი განცხადებით, სრულად ვაქცინირებულია 12 375 ადამიანი. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვაქცინა 4 434-მა ადამიანმა გაიკეთა.
სომხეთში ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
უმუშევრობის შემცირებისა და ეკონომიკის აღდგენის მიზნით USAID ახალ პროგრამას იწყებს
USAID/საქართველო პროგრამა „კერძო სექტორი პროფესიული განათლებისათვის იწყებს. ამის შესახებ Europe Time-ს USAID-დან აცნობეს. მისივე ცნობით, 5-წლიანი პროგრამა ხელს შეუწყობს უმუშევრობის შემცირებას და ეკონომიკის მდგრად ზრდას მაღალანაზღაურებადი დასაქმებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარების გზით. პროგრამა, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი (IESC) ახორციელებს, ითანამშრომლებს კერძო საწარმოებთან და მხარს დაუჭერს სტუდენტებს, სამუშაოს მაძიებლებს და პროფესიონალებს, მიიღონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის მოთხოვნადი ცოდნა და უნარ-ჩვევები. „კერძო სექტორზე დაფუძნებული განვითარებადი ეკონომიკა მოითხოვს მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალას, რომელსაც გააჩნია თანამედროვე ეკონომიკისათვის საჭირო ინსტრუმენტები. საქართველოს სტუდენტებს და პროფესიონალებს დიდი პოტენციალი აქვთ და შეგვიძლია მათ ამპოტენციალის რეალიზებაში დავეხმაროთ“,- განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა. „ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობას ხელს შევუწყობთ არამარტო დასაქმდნენ, არამედ წვლილი შეიტანონ ეკონომიკის განვითარებაში. ამავდროულად, ჩვენ ბიზნესთან დასამრეწველო ჯგუფებთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. დამსაქმებლებთან თანამშრომლობით შევქმნით ისეთ პროგრამებს, რომლებიც საქართველოს სამუშაოს მაძიებლებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან, ხოლო საქართველოს ბიზნესს უზრუნველყოფს ისეთი უნარ-ჩვევების მქონე სამუშაო ძალით, რომელიც მათ სჭირდებათ. პროგრამა ორიენტირებული იქნება ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომელთაც ზრდის მაღალი პოტენციალი აქვს. კერძო სექტორის ჩართულობა სამუშაო ძალის მომზადება-გადამზადებაში ხელს შეუწყობს უმუშევრობის შემცირებას და ამავდროულად, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა მოწყვლად კატეგორიების, მათ შორის სოფლის მოსახლეობის, ქალების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების გადამზადების პროგრამებში ჩართვას და მათ დასაქმებას“, - აღნიშნა პიტერ ვებლერმა.
ერდოღანი პუტინს: საერთაშორისო საზოგადოებამ ისრაელს ძლიერი და შემაკავებელი გაკვეთილი უნდა ჩაუტაროს
"საერთაშორისო საზოგადოებამ ისრაელს ძლიერი და შემაკავებელი გაკვეთილი უნდა ჩაუტაროს", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა. როგორც ცნობილია, ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს პალესტინაში განვითარებული მოვლენები და Sputnik V-ის ვაქცინის თურქეთში გადაზიდვის საკითხი. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, უნდა დამუშავდეს საერთაშორისო ძალების იდეა, რომელიც პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ისრაელის აგრესიისგან დაიცავს. ერდორანი მიესალმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გაერო-ს პარამეტრების შესახებ და პალესტინაში ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას. მისი თქმით, ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან გზავნილს იმის საჩვენებლად, რომ ანკარა და მოსკოვი იზიარებენ იერუსალიმში განვითარებულ მოვლენებს. თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, ჩაერთონ ამ საკითხში და მკაფიო მესიჯი მისცენ ისრაელს, შეწყვიტოს შეტევა პალესტინელებზე, კრიზისის უფრო მეტად გაღრმავებამდე. ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი და რუსეთი გაერო-ში აღნიშნულ საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობას აჩვენებენ.
ფაშინიანი ყარაბაღის კონფლიქტზე - ერთმანეთისთვის მგრძნობიარე საკითხებზე მნიშვნელოვანია დაბალანსებული და კონსტრუქციული პოზიციები
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, მათ შორის რეგიონის სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მნიშვნელობა. მისივე თქმით, შეხვედრაზე ქართველ კოლეგასთან ერთად ყარაბაღის კონფლიქტის საკითხსაც შეეხნენ. როგორც ფაშინიანი განმარტავს მას აქვს რწმენა რომ ყოველ კონფლიქტს თავისებურებები ახასიათებს და მსგავს მგრძნობიარე საკითხებზე დიდი მნიშვნელობა აქვს დაბალანსებულ და კონსტრუქციულ პოზიციებს. ,,ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივია საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრა და მეგობრულ ატმოსფეროში თანამშრომლობის დღის წესრიგის განხილვა. საქართველოსთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას, საკვანძო ადგილი უჭირავს სომხეთის საგარეო პოლიტიკაში. ჩვენი ხალხები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულები. საქართველოს სომხური სათვისტომო, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს ხიდია, რომელიც აკავშირებს ორ ქვეყანას. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის განვითარების ფართო დინამიური დღის წესრიგი. დღეს ბატონ ღარიბაშვილთან გვქონდა შესაძლებლობა გაგვეგრძელებინა განმტკიცებული კონსტრუქციული დიალოგი. ჩვენ შევეხეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და სხვა მნიშნელოვან საკითხებში თანამშრომლობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებს. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ურთიერთობებში მეტი ყურადღება გავამახვილოთ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კავშირებზე. ჩვენ მიერ განსაკუთრებულად ხაზი გაესვა რეგიონული სატრანსპორტო, საკომუნიკაციო გზების მეტად ეფექტურად და სატრანსპორტო პოტენციალის მეტად გამოყენების მნიშვნელობას. ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები ჩვენს ქვეყნებში ეპიდმდგომარეობის შესახებ , შევეხეთ უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენთვის ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა ჩვენს რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. რეგიონულ პრობლემებთან დაკავშირებით გამოვთქვი ღრმა რწმენა, რომ კონფლიქტი საბოლოოდ უნდა მოგვარდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ეგიდით და მათ მიერ შემოთავაზებული პრინციპების საფუძველზე. მე ასევე გამოვთქვი რწმენა, რომ ყოველ კონფლიქტს აქვს თავისი თავისებურება და ერთმანეთისთვის მგრძნობიარე საკითხებზე დაბალანსებულ და კონსტრუქციულ პოზიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა ფაშინიანმა.
ისრაელში საქართველოს ელჩი მოქალაქეებს აფრთხილებს
„ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს დაბეჯითებით გთხოვთ, გაითვალიწინეთ - დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს სერიოზული პრობლემის აღმოფხვრას. სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება. აშკელონი, აშდოთი და შდეროთი ახლაც იბომბება. დაანონსებულია სარაკეტო იერიში ღაზას სექტორიდან ისრაელის ცენტრის მიმართულებით“, - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია ავრცელებს ინფორმაციას. „ქალაქები თელ-ავივი, ხულონი, რამლე, ბათ იამი, ლოდი, ჰერცელია, რიშონ ლეციონი, გივატაიმი, ბნეი ბრაკი, რამათ განი და მათი შემოგარენი დასახლებები რეალური საფრთხის ქვეშ იქნებიან დღეს, ბევრი გავიდა სამუშაოდ. გთხოვთ, თავი შეიკავეთ ისეთ მანძილზე გადაადგილებისგან, სადაც თავშესაფარი მიუღწევადია (ძირითადად ტრასებზე).1 7:30-მდე დავრუნდით საცხოვრებელ სახლებში, თუ ვერ მოახერხებთ, დარჩით ახლანდელ ლოკაციაზე. თვალყური ადევნეთ ინფორმაციას. არ შეიქმნათ ილუზია, რომ თქვენს გარშემო ახლა სიმშვიდეა და ასე შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენს ახლობლებს საქართველოში და მსოფლიოში დიდი მადლობა თანადგომისთვის და გთხოვთ, საკუთარი ოჯახის წევრებთან დაკავშირებისას არ იკითხოთ „როგორ არიან“ კითხეთ: „სად არიან“ და მოუწოდეთ საცხოვრებლებში დავრუნებისკენ. არ გაითვალისწინოთ სოციალური ქსელით კერძო პირების დამაბნეველი მოწოდება, რომ სიწყნარეა და ყველაფერი კარგადაა. დაიცავით უსაფრთხოების წესები ღმერთი შეგვეწევა თუ ფრთხილად ვიქნებით და არ გამოვცდით. მშვიდობა ისრაელს და მშვიდობა ჩვენ!“, - წერს ელჩი. ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.
ირაკლი ღარიბაშვილი: სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის
სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ერევანში ოფიციალური ვიზიტისას, მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება. „ჩემთვის სასიხარულოა მორიგი სტუმრობა სომხეთის რესპუბლიკაში. ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი ისტორიულ-მეგობრული ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლო თანამშრომლობაც სწორედ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. საქართველო და სომხეთი გამორჩეულია დიდი ისტორიით, თვითმყოფადი კულტურით და საინტერესო ტრადიციებით. სწორედ ამ ფასეულობებზე უნდა აშენდეს ჩვენი ქვეყნების მომავალიც, რომელსაც ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, დემოკრატია, ღია და გამჭირვალე მმართველობა, ეკონომიკური პროგრესი და ინოვაციები განამტკიცებს. ვთანხმდებით, რომ ეს ყველაფერი მიიღწევა მხოლოდ მშვიდობის და რეგიონული სტაბილურობის პირობებში. ერთის მხრივ, კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ და მეორეს მხრივ, ომმა ყარაბაღში, მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დააყენა მთელი რეგიონი. ვფიქრობთ, რომ მშვიდობას, მოლაპარაკებებს, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობისა და თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ვართ მზად, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონული დიალოგის წარმართვას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა, სხვა ჰუმანიტარული საკითხები. სწორედ სტაბილურობის, მშვიდობის, დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების მიზნით აირჩია ქართველმა ხალხმა ევროპული და ევროატლანტიკური გზა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. „ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება. ხაზი გავუსვით ჩვენს მისწრაფებას, გვქონდეს ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი. შევეხეთ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, ახალ პროექტებს. ასევე, ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და უკვე არსებული ინტენსიური ურთიერთობების მიუხედავად, ჯერ კიდევ არის დიდი პოტენციალი არაერთი მიმართულებით. სომხეთის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩვენები ღიად და გამჭირვალედ ჩატარდება და სომეხი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას. ჩვენ ასევე გამოვხატეთ მზადყოფნა რეგულარული შეხვედრების გაგრძელებაზე, მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნებაზე და ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხადოთ მასპინძლობისათვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. მისივე თქმით, ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, მათ შორის რეგიონის სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების მნიშვნელობა. ,,ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივია საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრა და მეგობრულ ატმოსფეროში თანამშრომლობის დღის წესრიგის განხილვა. საქართველოსთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას, საკვანძო ადგილი უჭირავს სომხეთის საგარეო პოლიტიკაში. ჩვენი ხალხები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულები. საქართველოს სომხური სათვისტომო, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს ხიდია, რომელიც აკავშირებს ორ ქვეყანას. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის განვითარების ფართო დინამიური დღის წესრიგი. დღეს ბატონ ღარიბაშვილთან გვქონდა შესაძლებლობა გაგვეგრძელებინა განმტკიცებული კონსტრუქციული დიალოგი. ჩვენ შევეხეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და სხვა მნიშნელოვან საკითხებში თანამშრომლობის ამჟამინდელ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებს. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ურთიერთობებში მეტი ყურადღება გავამახვილოთ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების კავშირებზე. ჩვენ მიერ განსაკუთრებულად ხაზი გაესვა რეგიონული სატრანსპორტო, საკომუნიკაციო გზების მეტად ეფექტურად და სატრანსპორტო პოტენციალის მეტად გამოყენების მნიშვნელობას. ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები ჩვენს ქვეყნებში ეპიდმდგომარეობის შესახებ , შევეხეთ უსაფრთხოების საკითხებს. ჩვენთვის ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა ჩვენს რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. რეგიონულ პრობლემებთან დაკავშირებით გამოვთქვი ღრმა რწმენა, რომ კონფლიქტი საბოლოოდ უნდა მოგვარდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ეგიდით და მათ მიერ შემოთავაზებული პრინციპების საფუძველზე. მე ასევე გამოვთქვი რწმენა, რომ ყოველ კონფლიქტს აქვს თავისი თავისებურება და ერთმანეთისთვის მგრძნობიარე საკითხებზე დაბალანსებულ და კონსტრუქციულ პოზიციებს დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა ფაშინიანმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება.