ძებნის რეზულტატი:

რომელი ვაქცინის რა მარაგებია საქართველოში

"ჯანმოს ექსპერტთა დასკვნის მიხედვით, „სინოვაკის“ ვაქცინის შეფასება „სინოფარმის“ შეფასებას რამდენიმე კომპონენტში აღემატება“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას Sinovac-ისთვის ავტორიზაცია ჯერ არ მიუნიჭებია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მიუხედავად ამისა, ვაქცინაციის საბჭო საქართველოს მთავრობას „სინოვაკით"ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმართავს. "ჯანმო-ს ექსპერტების საბჭოს შუალედური დასკვნის თანახმად, "Sinovac-ის უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემები არის საკმაოდ კეთილსაიმედო. გამომდინარე აქედან, ჩვენ ყოველთვის უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს, როდესაც ვაქცინა არის ავტორიზებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, თუმცა ეპიდემიური რისკების გათვალისწინებით, ისე როგორც ეს მოხდა Sinopharm-ის შემთხვევაში, ჩვენ რამდენიმე დღით დავასწარით ვაქცინაციის დაწყება ჯანმო-ს მიერ ავტორიზაციას”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, Sinovac-ი უკვე 30 ქვეყანაშია ავტორიზებული და 100 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი. დღევანდელი მონაცემებით, რომელი ვაქცინის რა მარაგები აქვს ქვეყანას Sinofarm ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით "სინოფარმის" ვაქცინის დიდი ნაწილი, 40 ათასამდე დოზა, ან უკვე გამოყენებულია, ან ჯავშანია გაკეთებული. 10 ათასი დოზა დარეზერვებულია სტრატეგიულ ჯგუფებზე, პოლიცია და პენიტენციური სისტემა. მისივე თქმით, ვაქცინაცია ასევე დაიწყება მედიისთვის და ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის. მარაგის უდიდესი ნაწილი კი პოლიციას და პენიტენციურ დაწესებულებებს დაეთმობა. აპრილში საქართველომ „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა შეიძინა. სრული იმუნიზაციისთვის ვაქცინის ორი დოზის გაკეთებაა საჭირო, ამიტომ 100 ათასი დოზა, 50 ათას ადამიანზე გადანაწილდა. 18 წელს გადაცილებულთათვის Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილს დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი კი 4 მაისიდან Sinovac აპრილში ჩინეთის საელჩომ საქართველოს 100 ათასი დოზა „სინოვაკი“ საჩუქრად გადასცა. რადგან სინოვაკით აცრა ჯერ არ დაწყებული მარაგში კვლავ 100 ათასი დოზაა. Astra Zeneca რაც შეეხება "ასტრაზენეკას" მარაგს, თამარ გაბუნიას ცნობით, ამ ეტაპზე მარაგში 43 ათასი დოზაა. მისი თქმით აქედან 8-10 თავისუფალი დოზა არსებობს და მისი გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელიც Astra Zeneca-თი აცრის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ამ ვაქცინაზე, ასაკობრივმა ზღვარმა 45 წლამდე დაიწია. „გვაქვს მოლოდინი, რომ კოვაქსის პლატფორმიდან "ასტრაზენეკას" დოზები მალევე დაემატება", - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე. საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია, 43 200 დოზა 13 მარტს ჩამოვიდა. ქვეყანამ ვაქცინაცია Oxford/Astrazeneca-ს პრეპარატით, 15 მარტს დაიწყო. რამდენიმე დღის წინ თბილისში კიდევ 43 ათასი დოზა „ასტრა ზენეკას“ ვაქცინა ჩამოვიდა. Pfizer რაც შეეხება "ფაიზერის" ვაქცინას, თამარ გაბუნიას თქმით, მაისის ბოლოსკენ იქნება სრული ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში და როდიდან. შეგახსენებთ, საქართველომ კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის 29 500 დოზა 25 მარტს მიიღო. მარაგი სრულად ამოწურულია. Pfizer-ით სამედიცინო პერსონალი და 65 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები აიცრნენ, რომლებმაც პირველებმა შეძლეს რეგისტრაცია. როგორ დავრეგისტრირდეთ ვაქცინაციაზე აცრისთვის ჯავშანი booking.moh.gov.ge-ზე კეთდება, ხოლო ვისაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვს, შეუძლია დარეკოს ნომერზე - 1522. 11 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 67 136 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 11 504 ადამიანი. საქართველო მოლაპარაკებას Novavax-თან, Moderna-სთან და Johnson & Johnson-თანაც აწარმოებს. სამინისტროს ცნობით, „ნოვოვაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას საქართველო „კოვაქს“ პლატფორმიდან სავარაუდოდ ივლისში მიიღებს. დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინაზე მოთხოვნა იმაზე მეტია, ვიდრე მიწოდება. მისი თქმით, დღეს არსებული მარაგი შესაძლებლობას იძლევა მინიმუმ 3-4 კვირის განმავლობაში, დაელოდონ ვაქცინების ახალ დოზებს. "არსებულ მდგომარეობაზე არ ვთვლი, რომ კრიტიკულია, თუმცა არსებული პერსპექტივიდან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ ივნის-ივლისში კიდევ უფრო მეტი ვაქცინა შემოვა. ეს არ გულისხმობს, საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას, თუმცა ის, რომ ჩვენ არ გვექნება წყვეტა, ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა ივანე ჩხაიძემ. ​

ირაკლი კობახიძე: თუ ნიკა მელია ოპოზიციის მერობის კანდიდატი იქნება, 65%-ით მოვიგებთ არჩევნებს

პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი იქნება, ,,ქართული ოცნება" სულ მცირე 65%-ით გაიმარჯვებს არჩევნებში. კობახიძის თქმით, სხვა შემთხვევებშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. „ოპოზიციის მხრიდან დედაქალაქის მერობის ერთადერთი კანდიდატი თუ ნიკა მელია იქნება, ამ შემთხვევაში, დაახლოებით პროპორციას ვგულისხმობ, მინიმუმ 2/1-ზე მოვიგებთ ამ არჩევნებს. შემიძლია, ეს თამამად გითხრათ. 2/1-ზე დაახლოებით 65 პროცენტს ნიშნავს, შეგვიძლია, ეს თამამი განცხადება გავაკეთოთ. რაც შეეხება სხვა გადაწყვეტას, რაც შეიძლება, ოპოზიციას ჰქონდეს, იქ შეიძლება, სხვანაირი პროცენტები დალაგდეს. გარწმუნებთ, ასეც და ისეც, ჩვენი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი: ქართული სტარტაპი Pulsar AI-ი ამერიკულმა კომპანიამ SpinCar-მა შეისყიდა

ქართული სტარტაპი Pulsar AI-ი ამერიკულმა კომპანიამ SpinCar-მა შეისყიდა. როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალური ლიდერის მიერ ქართული სპარტაპის შესყიდვა ნიშნავს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების შექმნის. „ქართულმა სტარტაპმა Pulsar AI საზღვრები გაარღვია, ოკეანე გადაკვეთა და ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა!2014 წელს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შექმნით, ჩვენ ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკური ხედვის განხორციელება დავიწყეთ. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დროის ამ მოკლე პერიოდში ეკო-სისტემა სწრაფად განვითარდა. Pulsar AI-ის მთელ გუნდს ვულოცავ ამ გამარჯვებას! ეს არის თვალსაჩინო დადასტურება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების შექმნისა და ხელშეწყობის მიმართულებით“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია, ასე მუშაობს დემოკრატია ევროპაში

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ქვეყანას ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია სჭირდება. "ჩემო ძვირფასო მეგობრებო ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, მოგიწოდებთ, რომ მოაწეროთ ხელი შეთანხმების დოკუმენტს და შეხვიდეთ პარლამენტში. საქართველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია, რათა ეფექტური იყოს მთავრობის კონტროლი. ასე მუშაობს დემოკრატია ევროპაში და იმედი მაქვს იმავეს ვნახავ საქართველოში", - წერს კუბილიუსი Tweeter-ზე.

თენგიზ ცერცვაძემ კომენდანტის საათის გაუქმების სავარაუდო დრო დაასახელა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა სავარაუდოდ მაისის ბოლოს მოიხსნება. „როცა პიკში ახლა შევედით, ამ ეტაპზე, ისედაც შედარებით რბილი შეზღუდვების კიდევ უფრო შერბილება, ალბათ, არ იქნება მიზანშეწონილი, სანამ ყველას ერთიანი ძალისხმევითა და სოლიდარობით კოვიდი უკან არ დაიხევს, სანამ არ დაიწყება ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემთხვევების შემცირება. ჯერ სტაბილიზაციას უნდა მივაღწიოთ და შემდეგ უკვე გვექნება რეალური საფუძველი იმის, რომ მთავრობამ შეზღუდვები მოხსნას. ის ამისთვის მზადაა. მთავარი შეზღუდვა არის „კომენდანტის საათი“, სხვა შეზღუდვები არის დროებითი და ის სერიოზულ გავლენას არ მგონია რომ ახდენდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულში „კომენდანტის საათი“ არ იქნება. მაისის ბოლოსთვის მდგომარეობაც გაუმჯობესდება და „კომენდანტის საათიც“ მოიხსნება, ეს ჩემი აზრია“, - განმარტა ცერცვაძემ. დღესვე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა შესაძლოა მაისის ბოლოს შემსუბუქდეს.

თელ-ავივის აეროპორტში ფრენები შეჩერდა

ისრაელში სარაკეტო დარტყმების გამო, დავიდ ბენ გურიონის აეროპორტმა ფრენები შეაჩერა. ინფორმაციას AFP agency ავრცელებს. ცნობისთვის, ღაზის სექტორში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა თელ ავივზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ქალაქში ჩაირთო სირენები და ამოქმედდა ანტისარაკეტო სისტემა. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ გუშინ ღამიდან მოყოლებული ანკლავიდან 300-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ერთ-ერთი მათგანი ქალაქ აშკელონში ჩამოვარდა, შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. რაკეტები ისროლეს აშოდის მიმართულებითაც. ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ საპასუხო იერიშების შედეგად, „ჰამასის“ 130 ობიექტი გაანადგურეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი , ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ არმიის მიერ სიტუაციის შეფასების შემდეგ იერიშების სიძლიერე და რაოდენობა გაიზრდება. „ჰამასის“ წევრები აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან ბავშვებიც. ათობით ადამიანი კი დაშავებულია. ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. არსებული ინფორმაციით, მინიმუმ ექვსი რაკეტა გაუშვეს იერუსალიმის მიმართულებით.

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში განვითარებული მოვლენებისა და სარაკეტო იერიშის გამო, საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც საგანგებო განცხადებაში არის აღნიშნული, საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს არ დატოვონ საცხოვრებელი სახლი. ,,განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია. გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი ! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს - კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში.შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან! დაბეჯითებით გაფრთხილებთ ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები შეგახსენებთ საელჩოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს: 0526919092 დავით ჩაჩავა 0528888513 მიხეილ ბაბლუანი 0548620270 ნინო ჩანტლაძე ხაზის დაზიანების შემთხვევაში, გამოიყენეთ ვოთსაფ ან ვაიბერ აპლიკაციები.შეგიძლიათ მოიწეროთ საელჩოს ფეისბუქ მესენჯერშიც.მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელის სახელმწიფოს და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

,,ჰამასის" სარაკეტო თავდასხმებს თეთრი სახლი გმობს

თეთრი სახლი მოძრაობა „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გმობს. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ ფსაკის განცხადებით, ისრაელს ლეგიტიმური უფლება აქვს, თავი დაიცვას. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. „იერუსალიმი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მორწმუნე ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ქალაქია. ის უნდა იყოს თანაცხოვრების ადგილი“, – განაცხადა ჯეინ ფსაკიმ. ​რამდენიმე წუთის წინ მოძრაობა „ჰამასმა“ თელ ავივისა და ცენტრალური ისრაელის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით სარაკეტო იერიში განახორციელა. ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

დღეიდან Sinopharm-ის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება

Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს 20:00 საათიდან შეეძლებათ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა. სამედიცინო დაწესებულების არჩევა ხდება სურვილისამებრ. ცენტრის ცნობითვე, 12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გეგმავენ Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით აცრის ვიზიტის დაჯავშნას პირველი აცრიდან 21-ე დღეს. ამასთან, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ, ვაქცინის მეორე დოზით აცრის თარიღი დაჯავშნონ პირველი დოზით აცრიდან 22-ე – 28-ე დღის ინტერვალში, ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება 20 მაისის 20:00 საათიდან. აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია პლატფორმა booking.moh.gov.ge-ის ან ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე – 15 22.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთს ეწვევა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რომლის შემდეგ გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ერევანში მიემგზავრება ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

ისრაელის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მოკლულია ,,ჰამასის" ორი ლიდერი

ისრაელის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის მთავარი ფიგურების ლიკვიდაცია შეძლეს. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ განხორციელუბული იერიშების შედეგად მოკლულია „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი ჰასან ხაოგი, ასევე მისი მოადგილე ვაილ ისსაა. სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ისრაელის მიერ ღაზის განხოციელებულ იერიშს 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისრაელზე მოძრაობა „ჰამასის“ სარაკეტო იერიშს კი, ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მედიის ინფორმაციითვე, ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიში დღეს დილით განახორციელა, მას შემდეგ, რაც მოძრაობა „ჰამასმა“ თელავ ივისა და ცენტრალური ისრაელის ქალაქების მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა. Reuters-ის ცნობით, ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, ღაზაში ცხრასართულიანი შენობა დაინგრა. ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, შენობაში ჰამასის დაზვერვის ცენტრი იყო განთავსებული. თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის ორი ლიდერის ლიკვიდაცია შეძლეს. შეგახსენებთ, ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. არსებული ინფორმაციით, მინიმუმ ექვსი რაკეტა გაუშვეს იერუსალიმის მიმართულებით.

Astrazeneca-ს ვაქცინით აცრისთვის 45 წელს გადაცილებულების რეგისტრაცია დღეს იწყება

Astrazeneca-თი ვაქცინაციისთვის 45 წელს გადაცილებულები რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ. უწყების ცნობით, მოქალაქეები რეგისტრაციის გავლას დღეს, 20:00 საათიდან შეძლებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლის ასაკამდე დაიწია. COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს. დღემდე საქართველოში Astrazeneca-ს ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულებში იყო შესაძლებელი. აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია პლატფორმა booking.moh.gov.ge-ის ან ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე – 15 22.

როგორია დღევანდელი კოვიდსტატისტიკა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 409 ადამიანს დაუდასტურდა, 1 256 გამოჯანმრთელდა, ხოლო 27 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის სესახებ ინფორმაციას მთავრობის ადამინისტრაცია ავრცელებს. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 409 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 325 665-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.82%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.48%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 256 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 304 935-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 363 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 744 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 149, ქვემო ქართლი - 83, შიდა ქართლი - 54, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 149, კახეთი - 59, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 341, საიდანაც: 4 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 383, აჭარაში - 470, იმერეთში - 508. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 872 პირი, მათ შორის, თბილისში - 448, აჭარაში - 89, იმერეთში -132. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 192 პირი, მათგან თბილისში - 140, აჭარაში - 5, იმერეთში - 15. 772 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 411 - თბილისში, 339 - აჭარაში. 11 338 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 70, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 11 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 634 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 864 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 21 544 პირი, აჭარაში - 1 778, იმერეთში - 1 269.

მსოფლიო ბანკმა საქართველოს მხარდასაჭერად €85 მილიონიანი პროგრამა დაამტკიცა

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებზეც გავლენა იქონია COVID-19 -ის პანდემიამ, 85 მლნ. ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერით სარგებელს მიიღებენ, - ეს გადაწყვეტილება, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა. მსოფლიო ბანკის ცნობით, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარების ახალი პროექტი მიზნად ისახავს საწარმოების ხელშეწყობას და სამუშაო ადგილების შექმნას. „დახმარების ამ უახლესი პაკეტის საშუალებით მსოფლიო ბანკი ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ფირმების განვითარებას, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის საყრდენს და ძირითად ელემენტს წარმოადგენენ მდგრადი აღდგენის მიმართულებით“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა. „აღნიშნული გულისხმობს ფირმების დახმარებას დაფინანსებასთან წვდომის გამარტივებაში და საფინანსო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებაში, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების დანერგვას და ციფრული საფინანსო სერვისების გამოყენებას.“ ინფორმციის თანახმად, პროექტი ქვეყნის მასშტაბით დახმარებას გაუწევს დაახლოებით 6,000 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს და ბიზნესის გადარჩენის შანსებს გაზრდის, ასევე აამაღლებს პროდუქტიული აქტივების შენარჩუნების შესაძლებლობებს და ფირმებს დაეხმარება ეკონომიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ახალ გამოწვევებთან ადაპტირებაში. „გლობალურმა პანდემიამ მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს კერძო სექტორს, განსაკუთრებით მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, ასე რომ მათი მხარდაჭერა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ისევე როგორც ახალი საწარმოების შექმნის სტიმულირება, რაც შესაძლებელს გახდის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის პანდემიასთან ბრძოლაში, ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“,- აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა. „პროექტის მიზანია ფირმების წინაშე არსებული ფინანსური შეზღუდვების შემსუბუქება და მათი დახმარება საქმიანობის პოსტ - COVID-19-ის სცენართან ადაპტაციაში. პროექტის ერთი კომპონენტი გააძლიერებს და გააფართოებს „აწარმოე საქართველოში“ (EG) სააგენტოს მიერ განხორციელებულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროგრამებს. მიკრო და მცირე ფირმების პირდაპირი დახმარება „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით შეთავაზებული გრანტებით გამოიხატება. მეორეს მხრივ, მცირე და საშუალო საწარმოები (SMEs) შეძლებენ „აწარმოე საქართველოში“-ის დახმარების მიღებას მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებით, რაც შეამცირებს სესხთან დაკავშირებულ ხარჯებს და გავლენას იქონიებს ლიკვიდურობის უშუალო შეზღუდვებზე. ისინი ასევე მიიღებენ სარგებელს საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით ნაწილობრივ საკრედიტო გარანტიებთან წვდომით, რომლებიც შექმნილია გირავნობის მაღალ მოთხოვნებზე და საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილ რისკის თავიდან აცილების მოთხოვნებზე რეაგირებისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. „მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რადგან ეს წარმოადგენს კერძო სექტორის ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყანაში სამეწარმეო კულტურის გაძლიერების წინაპირობას. ამ თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა და 85 მლნ. ევროს განაწილება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად პოსტპანდემიურ პირობებში, ფასდაუდებელია“,- განაცხადა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ამასთან, პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნის საფინანსო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და ციფრული საფინანსო სერვისების გამოყენების ზრდას. ეს მოიცავს საგადახდო სისტემების ინფრასტრუქტურის განახლების მხარდაჭერას სწრაფი გადახდების (IPS) ახალი სისტემის დანერგვით, „იცნობდეთ თქვენს კლიენტს“ (KYC) ციფრული რეესტრის ფართო გამოყენებითა და უზრუნველყოფილი ტრანზაქციების ჩარჩოს გაძლიერებით, რომლის მიზანია დაფინანსებასთან წვდომის გაფართოება მოძრავი გირაოს, მაგ. ავტომობილების, ტექნიკური აღჭურვილობის და ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების ამაღლებით. „მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში დანერგილი მყისიერი გადახდების სისტემა ხელს შეუწყობს ბენეფიციარებისთვის, მათ შორის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფულად სახსრებზე მყისიერ ხელმისაწვდომობას, რაც შესაძლებელს გახდის ფულადი რესურსების უკეთეს განკარგვას და საწარმოებს ყოველდღიური ლიკვიდობის მართვაში დაეხმარება. ასევე, საფინანსო ინსტიტუტები და Fintech კომპანიები შეძლებენ გადახდების ინიცირების სხვადასხვა არხების დანერგვას და საბოლოო მომხმარებლებისთვის მათ ხარჯთეფექტიან შეთავაზებას“,- აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. ფირმებზე პანდემიის გავლენის გათვალისწინებით პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ტექნიკური დახმარების შემუშავებას და მიწოდებას ფირმებისთვის ახალ რეალობასთან ადაპტირების მიზნით, შესაბამისი მმართველობითი, ციფრული და სხვა COVID -საწინააღმდეგო პრაქტიკის დანერგვით. „აქცენტი გაკეთდება ძირითადი უნარების იდენტიფიკაციაზე, რომლებიც საჭიროა დიგიტალიზაციის და COVID -19-ის მიმართ მდგრადობის ამაღლების ღონისძიებების ხელშესაწყობად ეკონომიკის ძირითად დარგებში, განსაკუთრებული აქცენტით ქალი მეწარმეების საჭიროებებზე, კლიმატის ცვლილებაზე და „მწვანე“ ეკონომიკაზე. ეს პროექტი ქართველი ხალხის დასახმარებლად მსოფლიო ბანკის ფართო მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია და მესამე საკრედიტო ოპერაციაა, რომელიც მიმართულია პანდემიის სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების შერბილებისკენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ისრაელის საელჩო: მადლობას ვუხდით ყველა მეგობარს საქართველოში გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის

ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ყველა ჩვენს მეგობარს საქართველოში მათი გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ისრაელის საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში. „ამჟამად ისრაელის მილიონობით მოქალაქე იმყოფება თავშესაფარში და ნერვიულობს ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ძალადობა მალე დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს“, – აღნიშნულია ისრაელის საელჩოს მიერ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. არსებული ინფორმაციით, მინიმუმ ექვსი რაკეტა გაუშვეს იერუსალიმის მიმართულებით.

სენატორი ჯიმ რიში: ველოდები, რომ ყველა პარტია პარლამენტში თავის ადგილს დაიკავებს

„რესპუბლიკელი“ სენატორი ჯიმ რიში ნიკა მელიას გათავისუფლებას ეხმაურება. „გამიხარდა იმის დანახვა, რომ ნიკა მელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ციხიდან გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლება 2021 წლის აპრილის ხელშეკრულებაში მოცემული ერთ-ერთი მთავარი დაპირების შესრულებაა, რომლის მიზანიც ქვეყნის 18-თვიანი პოლიტიკური ჩიხის დასრულებაა. ახლა, როდესაც ნიკა მელია გაათავისუფლეს, ველოდები, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ჯერ ხელი არ მოუწერიათ შეთანხმებაზე, დანაპირებს შეასრულებენ, ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ, საქართველოს პარლამენტში თავიანთ ადგილებს დაიკავებენ და სხვა ხელმომწერებთან ერთად იმუშავებენ, რათა საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ეს უსიამოვნო თავი დახურონ“, - განაცხადა სხენატორმა ჯიმ რიშმა. სასამართლოს გადაწყვეტილებით. ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელზე თავდასხმები “ჰამასსა” და “ისლამურ ჯიჰადს ” ძვირი დაუჯდებათ

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, რადიკალურ დაჯგუფებებს ,,ჰამასსა" და,,ისლამურ ჯიჰადს" ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო იერიშები ,,ძვირად დაუჯდებათ". როგორც პრემიერმა ნეთანიაჰუმ განაცხადა, ებრაელმა სამხედროებმა ღაზას სექტორში ასობით სამიზნეზე მიიტანეს საპასუხო იერიში და ანკლავში რეიდებს განაგრძობენ. ,,დაღუპულთა სისხლი ამ ტერორისტული დაჯგუფებების ხელმძღვანელთა ხელებზეა. ჩვენ მათ მწარედ ვაზღვევინებთ" - აღნიშნა მან. პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხელისუფლების მიერ დაწესებული ყველა ინსტრუქცია ზედმიწევნით დაიცვან.

ლევან დავითაშვილი Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან ერთად, აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „ვაქცინაცია ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევაჩეროთ პანდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. იმედი მაქვს, ჩვენი მოსახლეობა, მათ შორის, ჩვენი უწყების თანამშრომლები, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან, რითაც პანდემიის დამარცხებას შევძლებთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, მასობრივი ვაქცინაციის კვირეულის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მასობრივი ვაქცინაცია ხორციელდება.

დავით ზალკალიანი: საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმას

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ისრალეში განვითარებულ მოვლენებზე Twitter გვერდზე წერს. „საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალყურს ისრაელსა და ღაზის სექტორში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს“, - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი. ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

Facebook-ი ბავშვებისთვის ახალი პლატფორმის შექმნას გეგმავს

Facebook-ი Instagram-ის მსგავსი პლატფორმის შექმნას 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აპირებს. ამასთან დაკავშირებით 44-მდე ადვოკატმა სპეციალური წერილით მიმართა სოციალური ქსელის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს, რომ პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით გეგმები შეცვალოს წერილში ვკითხულობთ, რომ საბავშვო სოციალურმა პლატფორმამ შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს ბავშვების მენტალურ მდგომარეობაზე და არასასიკეთოდ აისახოს მათ განვითარებაზე. Facebook-ი განმარტავს, რომ პლატფორმის განვითარებას ექსპერტებთან თანამშრომლობით. „გადაწყვეტილებებს მათი რეკომენდაციების საფუძველზე მივიღებთ. ასევე ვაპირებთ ვითანამშრომლოთ მარეგულირებელ ორგანოებთან და კანონმდებლებთან“, - აცხადებს კომპანია.